მან სიყვარული მოიპარა (I ნაწილი )
ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე თენდებოდა, აღმოსავლეთი უკვე გავარდისფრებულიყო და სადაცაა მზეც ამოიწვერებოდა უკიდეგანო ცის კამარაზე. მზის სხივები სახლის ფანჯარაში შეაღწევდა და ბინდით მოცულ ოთახებს გაანათებდა. ცოტაც და ყველა თავისი ოთახიდან გამოვიდოდა და საკუთარ საქმეს დაადგებოდა. მამა სამსახურში წავიდოდა, დედა და ბებია სამზარეულოში ფუსფუსს დაიწყებდნენ, მთელს სახლში ათასგვარი სუნელებისა და ბოსტნეულის საოცარი არომატი დადგებოდა. ბაბუა კი ჯერ თავის ბაღს მიაშურებდა, შემდეგ კი სახელოსნოში თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდებოდა. ბავშვებს, რა თქმა უნდა, ძალით გააღვიძებდნენ, რომ სკოლაში დროულად მისულიყვნენ. სწორედ ასეთი იყო კარვერების ოჯახის ერთი ჩვეულებრივი დღე. და აი, როგორც იქნა, მზემ თავისი თბილი ხელები მოხვია დედამიწას. ქალაქში სიცოცხლე იღვრებოდა... - ტომ... ტომ... გაგვიანდება... !!! სადღაც შორიდან მოესმა ტომს დედის ხმა, ჩათვალა მომეჩვენაო და ისევ უკან, სიზმარეული ქვეყნებისკენ გაუშვა გონება. - ტომმ... !!! შეწუხებული ხმით მიმართა დედამ თავის უფროს ვაჟს, რომელიც არად დაგიდევდათ ამ ძახილს. - იცოდე თუ ამოვედი ვერ გადამირჩები, ძილისგუდა. ტომმა ძლივს გასაგონად ამოიგმინა, ხმაზე ეტყობოდა თუ როგორი არაქათგამოცლილი იყო გუშინდელი დღის შემდეგ, რომლის გახსენებაზეც ტანში ჟრუანტელი უვლიდა. იცოდა, რომ ეს ამბავი მასა და მის ძმას - დევიდს, არავისთვის უნდა მოეყოლათ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც. - მო.. ვდი..ვარ... ტომიმ დაამთქნარა და ძლივს ამოთქვა ეს ერთადერთი სიტყვა, რადგან ლაპარაკის არც თავი და მითუმეტეს არც სურვილი ჰქონდა. ჯერ კიდევ ღრმა ფიქრებში იყო წასული, ინერციით მოქმედებდა, თითქოს მთვარეული ყოფილიყოს. - დროით ტომ, დაუძახა დედამ, - სადაცაა ავტობუსი მოგაკითხავთ და იცოდე ისევ საუზმის გარეშე დარჩები. - ხო ტომ, დედა მართალია, - გამოეპასუხა ტომს დევიდი, თავისი პატარა ცხრა წლის ძმა. - არ მინდა შენს გამო კიდევ ერთხელ დავაგვიანო მისის ვოტსონის გაკვეთილზე, იმედია გახსოვს წინა კვირას საყვედური რომ მივიღე. ელენს ბევრ სხვა პრობლემებთან ერთად, ტომის დაუდევრობაც აწუხებდა და გადაწყვეტილი ჰქონდა მამამისთან ერთად ამ თემაზე სერიოზულად დალაპარაკებოდა. ტომი ცამეტი წლის იყო და კარვერების ოჯახშიც უკვე ცამეტი წელი არსებობდა ბევრ სხვა „ტრადიციათაგან“ ერთ-ერთი - ტომის გაღვიძება. მამამისი, მისტერ სმიტი ამას „ოპერაცია ტომის გაღვიძება“-ს ეძახდა. - ჩამოვდივარ დევიდ.. კმაყოფილი ხარ? ცივად გამოეპასუხა ტომი თავის უმცროს ძმას ოთახიდან. - დიახაც... მკვახედ მოუჭრა დევიდმა. ტომის საძინებელი ოთახიდან ორ-სამ ნაბიჯში ქვემოთა სართულზე დამაკავშირებელი კიბე იწყებოდა. დაბლა ჩასვლისას ტომს საკუთარი „ტრადიცია“ ჰქონდა, აუცილებლად მოაჯირით უნდა ჩასრიალებულიყო. არც ამჯერად დაურღვევია ტრადიცია და პირდაპირ დედამისის ფეხებთან მოუწია დაშვება. ელენს ხელები ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ჰქონდა, თან მარჯვენა ფეხს, რომელიც ოდნავ წინ ჰქონდა წაწეული, რიტმულად ურტყამდა პარკეტზე. - ტომ, რამდენჯერ გითხარი მეორედ ასეთი რამ არ გააკეთო-მეთქი? ელენს სიბრაზისგან სახეზე ალმური ასდიოდა. - ერთხელაც კისერს მოიტეხ და მერე მიხვდები, რომ ასე მეორედ აღარ უნდა მოიქცე. დევიდი, რომელიც მადიანად შეექცეოდა სენდვიჩს, დედის უკან ჩუმად იცინოდა და ტომს ენას უყოფდა. სახეზე ერთდროულად ირონიული და უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა, აქაოდა როგორ ბედავ დედიკოს გაბრაზებასო. ცხრა საათი სრულდებოდა, ავტობუსის მოსვლის დრო ახლოვდებოდა, ამიტომ ტომს თავისი აბეზარა ძმისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაშინვე გავარდა სამზარეულოში, იქ სადაც სენდვიჩი და ფორთოხლის ცივი წვენი ეგულებოდა. მერედა როგორ უყვარდა ტომს სამზარეულოში ძრომიალი, ღამით ორ-სამ საათზეც კი ჩასულა სამზარეულოში მაცივრის „გასაქურდად“. დედა ყოველთვის აფრთხილებდა მასაც და დევიდსაც, რომ ღამით ჭამა საზიანო იყო მათი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ტომი ამას, ისევე როგორც სხვა უამრავ დარიგებას, ყურადღებას არ აქცევდა. ტომი უკვე მოკალათებულიყო მაგიდასთან, გემრიელად შეექცეოდა საუზმეს, თან გასცქეროდა სამზარეულოს ფანჯარას, რომლის მიღმაც ელენის ულამაზესი „კიდული ბაღები“ იყო გაშენებული. ელენი მამის მსგავსად პროფესიით ბოტანიკოსი გახლდათ. მისი გატაცება და სიყვარული ყვავილებისადმი განსაკუთრებული იყო, ამიტომაც იყო, რომ მის ბაღში უამრავი სახეობის ულამაზეს ყვავილს დაედო ბინა. ცოტა ხანში მისაღები ოთახიდან, იქ სადაც ცოტა ხნის წინ დედამ ტომი დატუქსა ჩვეული ცელქობის გამო, დევიდი შემოვიდა და ძმის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა. ელენს სამზარეულოს ფანჯარა ღია დაეტოვებინა და ამიტომ ოთახში უამრავი ეგზოტიკური ყვავილის სურნელი იღვრებოდა. ტომმა თვალები დახუჭა და ერთი წამით, სულ ერთი წამით თავი ყვავილებით მოფენილ ტრიალ მინდორზე წარმოიდგინა. ნათლად ჩაესმოდა ჩიტების საამური ჭიკჭიკი, ფუტკრების გამბული, ყურისწამღები ზუზუნი, რომლებიც ხალასად სწოვდნენ სხვადასხვა ყვავილს ტკბილ წვენს. გრძნობდა თუ როგორ ელამუნებოდა სახეზე ზაფხულის ნაშუადღევის სითბო, ფეხებქვეშ კი აბრეშუმივით ფაფუკ ბალახს გრძნობდა. არემარე უკიდეგანო იყო. შორს, ძალიან შორს ხედავდა, რომ თითქოს მწვანე გარსით დაფარული მიწა ცას უერთდებოდა და ერთ მთლიანობას ქმნიდა. პეპლები საამურად დაფარფატებდნენ ირგვლივ. სადღაც შორიდან ტომს ნაკადულის ხმაც მოესმა. ტომს გაქცევა მოუნდა. შორს.. ძალიან შორს... უსასრულოდ შორს ამ სამყაროდან... აღარ უნდოდა უკან დაბრუნება.. უკან მოუხედავად გარბოდა... ისე მირბოდა, ეგონა მიწას არ ვეხებიო, თითქოს უხილავ ძალებს მისთვის ფრენის უნარი შთაებერათ. თითქოს ვიღაც ეძახდა.. არა, ნამდვილად ესმოდა ვიღაცის თუ რაღაცის ხმა... ხმა ბუნდოვანი იყო, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, რომ ტომის ყურს მისწვდენოდა. ცოტაც... სულ ცოტაც ტომ... თითქმის მიხვედი... ვერ გრძნობ..? ნუთუ არ გესმის..? ტომს ნათლად ჩაესმოდა ეს ხმები ყურში. უნდოდა ეთქვა - „ კი როგორ არა ვგრძნობ და მესმის კიდეცო“ - მაგრამ ამ დროს დედამ გამოარკვია. ტომი შემკრთალი თვალებით უყურებდა დედას. როგორ ეწყინა, რომ ნეტარების, ბედნიერებისა და აღტაცების თუნდაც ის რამდენიმე წამი წაართვეს. არ უნდოდა რეალობას დაბრუნებოდა. აღარ უნდოდა ამ ერთფეროვან სამყაროში დაბრუნება. ელენმა შვილს ავტობუსის მოსვლის შესახებ აუწყა და ტომიც ისე, რომ თავისი საუზმე ბოლომდე არ დაესრულებინა, უღიმღამოდ მოკიდა ჩანთას ხელი და კარისკენ გაეშურა, იქ სადაც თავისი უმცროსი ძმა, დევიდი ელოდა. * * * ელი კარვერი კარის ზღურბლთან იდგა და თავის ორ ვაჟს გასცქეროდა, რომლებიც ის-ის იყო ავტობუსში ადიოდნენ. ტომი უხალისოდ მიდიოდა, მისი გონება ისევ ულამაზეს, ათასნაირი ყვავილებით მოფენილ ტრიალ მინდორში იყო, ერთიანად მონუსხული იყო ტომ კარვერი ნანახით. მართალია ეს სულ რამდენიმე წამი გრძელდებოდა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ტომი გონებით გასცდენოდა რეალობას და უსაზღვრო სამყაროში ემოგზაურა. სადღაც შორს, ძალიან შორს იყო მისი გონება. - ტომ, კარგად ხარ? ჰკითხა შეშფოთებულმა დევიდმა, რომელსაც აქამდე ასეთი ტომი არ ენახა. - „ვერ გრძნობ“? ჩასჩურჩულა იდუმალმა ხმამ ტომს. - „ვგრძნობ“... გაიფიქრა ტომმა, მაგრამ თქმით კი არაფერი უთქვამს. - ხოო დეივი, კარგად ვარ, ნუ ღელავ. ბიჭებმა მწვანე გაზონი გადაჭრეს, შემდეგ ტროტუარი და ავტობუსში ავიდნენ. ტომი თავდახრილი მიდიოდა, სახეზე კი ღრმა ფიქრები აღბეჭდვოდა. ავტობუსში მძღოლს რადიო ჰქონდა ჩართული, რომელშიც ამერიკული ჯგუფი “Cold Play ”-ი მღეროდა. - გამარჯობათ მისტერ პიტერ! მიესალმა დევიდი. - გაგიმარჯოს დეივი.. !!! ჩახლეჩილი ხმით უპასუხა ავტობუსის მძღოლმა. - ჰეი ბიჭებო! მგონი რაღაც გავიწყდებათ. - ოჰ, დიახ! უთხრა ტომმა, რომელიც ნელ-ნელა უბრუნდებოდა რეალობას. მისტერ პიტმა მანქანის მოწყობილობების ფარიდან ქაღალდის პარკი აიღო და ძმებ კარვერებს ტკბილეული გაუწოდა. პიტი გრძნობდა, რომ რაღაც განსაკუთრებული იყო ამ ბიჭებში, რაღაც იდუმალი, მაგრამ ვერაფრით გაეგო რა. არა, ნამდვილად იყო რაღაც განსაკუთრებული, უჩვეულო მათში. მისტერ პიტს ძალიან უყვარდა ბავშვები, მეტიც, გიჟდებოდა მათზე. მას თავისი „ტრადიცია“ ჰქონდა, ავტობუსში ამოსულ ყოველ ბავშვს ტკბილეულით უმასპინძლდებოდა და ბედნიერ დღეს უსურვებდა ხოლმე. არც ეს დღე იყო გამონაკლისი, ტომმა და დეივმა მისტერ პიტს ტკბილეული გამოართვეს და ავტობუსის უკანა ნაწილისკენ, თავიანთი ჩვეული ადგილისკენ გაემართნენ. - გაუმარჯოს დეივ, უთხრა მისმა თანაკლასელმა, წაბლისფერი თმისა და თაფლისფერი თვალების მქონე ბიჭმა - მაიკმა. ბიჭს „მაიამი ჰიტის“ მაისური ეცვა და დეივის უღიმოდა. - დღეს ხომ გახსოვს გაკვეთილების შემდეგ პიკნიკზე რომ ვაპირებთ წასვლას? - ხოო მაიკ, მახსოვს, მაგას რა დამავიწყებს. ერთი სული მაქვს გაკვეთილები როდის დამთავრდება. ო, ღმერთო! მისის ვოტსონის გაკვეთილი რომ მახსენდება ცუდად ვხდები. - არც დღეს გაქვს დავალება არა? ჰკითხა მაიკმა. - არა, არ მაქვს და არ ვიცი რა მოვიმიზეზო, მგონი ამოვწურე მიზეზები. დეივმა ნაძალადევად გაუღიმა მეგობარს. - შენთვის ისეთი კარგი ამბავი მაქვს, რომ გუნება გამოგიკეთდება. - მართლა?! რა ამბავი? დეივს მოუთმენლობა დაეტყო. ღმერთმანი, ცხოვრებაშიც რომ ასეთი მოუთმენელი იყო.. - რა და, დაიწყო მაიკმა- პიკნიკზე ჯეინიც მოდის. თავიდან არ აპირებდა წამოსვლას, მაგრამ მოულოდნელად გადაიფიქრა. - ჯე..იი..ნიი? ძლივს გასაგონად ამოთქვა დეივმა და სახე ბროწეულისფერი გაუხდა. - მართლა?!... ჯე..ეე..ინი?! დეივი ერთდროულად აღტაცებული და დაბნეული იყო. არ იცოდა რას ბუტბუტებდა, მხოლოდ ჯეინზე ფიქრობდა და მისთვის ეს საკმარისი იყო. - ჰოო დეივ, ჯეინი.. აკი გითხარი წამოსვლა გადაწყვიტა-მეთქი. ტომიმ ეს დიალოგი გაიგონა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია ბიჭების ლაპარაკისთვის. იცოდა მის ძმას ჯეინი რომ უყვარდა, მაგრამ ამ თემაზე მასთან ლაპარაკი არ უცდია ( ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც). მაგრამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, როგორც უფრო ძმას, მოუწევდა ამაზე დალაპარაკება და შესაძლოა რჩევაც კი მიეცა მისთვის. ამ საკითხზე ფიქრობდა ტომი, როდესაც მოულოდნელად მისი მზერა მის წინმდებარე სკამზე შეჩერდა, სადაც გოგონა დაინახა, რომელიც აქამდე ნანახი არ ჰყავდა. თუმცა, ერთხელ ჯორჯმა - მისმა ყველაზე უახლოესმა მეგობარმა უთხრა, რომ ჩვენს კლასში ახალი მოსწავლე გადმოდისო. კი, ნამდვილად ის იყო... ნამდვილად... - ღმერთო რა ლამაზია!!! თავისთვის გაიფიქრა ტომმა, რომელიც თვალს არ აშორებდა მას. პირველივე შეხედვაზე თვალში მოგხვდებოდათ გოგონას ლამაზი, ქერა თმა, რომელიც მხრებზე ჩამოშლილი ჰქონდა. „ ღმერთო, ის ანგელოზია“... „ ნამდვილი ანგელოზი“... გოგონა ფანჯარასთან იჯდა, ნეტარებით აღვსილი სახე ფანჯრისკენ ჰქონდა მიშვერილი, შემომავალი ზაფხულის სიო კი სახეზე ელამუნებოდა. გასცქეროდა მორბენალ ხეებს, ხალხს, რომლებიც სულ რამდენიმე წუთით ჩნდებოდნენ და კვლავ უჩინარდებოდნენ, კრიალა ცას, რომელიც თაღივით გადაჰკვროდა დედამიწას, ხელში კი მისტერ პიტის მიერ მიცემული „ორეოს“ ტკბილეული ეკავა. ამ საოცარი სურათის ფონზე, ტომს ის უფრო მეტად ლამაზი, მაგრამ ამავდროულად მოწყენილი ეჩვენა. უყურებდა ტომი გოგონას, გული გამალებით უცემდა და ერთი წამით, სულ ერთი წამით წარმოიდგინა, თუ როგორ დატკბებოდა მასთან ერთად იმ მომაჯადოებელი სილამაზით, სამზარეულოში რომ წარმოიდგინა. როგორ ირბენდნენ ყვავილებით მოფენილ მინდორზე, როგორ მიაყურადებდნენ ჩიტების ჟყურტულს, ნაკადულის საამო რაკრაკს. იმ წუთას თავი სამოთხეში ეგონა. ტომის ბევრჯერ უკითხავს მამისთვის, თუ რა იყო სიყვარული, ბედნიერება. მაგრამ ახლა უკვე თავად ჰქონდა თავის კითხვებზე პასუხი. განა სიყვარული არ იყო რასაც ამ წუთას ტომი გრძნობდა გოგონას მიმართ? განა ბედნიერად არ გრძნობდა თავს, როცა მისი გონების უშორესი ნაწილიდან ამოუტივტივდებოდა ხოლმე ის საამური ადგილი? იცოდა....იცოდა...იცოდა... გული საოცარი სიყვარულით აღევსო გოგონას მიმართ. მთელი გულით უნდოდა მასთან მისულიყო, გამოლაპარაკებოდა, მაგრამ ვერ გაბედა. რაღაც ძალა თითქოს უკან ექაჩებოდა, არ უშვებდა. ამ ფიქრებში იყო წასული ტომასი, როცა ავტობუსი სკოლის წინ, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილას გაჩერდა. ბავშვები ჩოჩქოლით დაიძრნენ ადგილიდან, მხოლოდ ტომი იჯდა გაუნძრევლად. - ტომ, მოდიხარ? ჰკითხა დეივმა. - კი დეივ, კი.. მოვდივარ... უპასუხა ტომმა ისე, რომ ძმისთვის არც კი შეუხედავს. თვალს ვერ წყვეტდა იმ ადგილს, სადაც უცნობი გოგონა იჯდა. ბავშვები მისტერ პიტს დაემშვიდობნენ და ავტობუსიდან ჩავიდნენ. ყველაზე ბოლოს ტომი ჩავიდა, მის წინ კი უცნობი გოგონა. მწვანე გაზონს შორის ბილიკი იყო გაჭრილი, რომელიც სკოლისკენ მიდიოდა. ის-ის იყო ტომს ფეხი უნდა გადაედგა, რომ მოულოდნელად დაინახა თუ როგორ დაუვარდა გოგონას სამაჯური ბილიკზე, მაგრამ ტომს იმ მომენტში არ უცდია შეეჩერებინა ის და სამაჯური მიეწოდებინა. ტომი დაიხარა, გოგონას სამაჯური აიღო, ჯიბეში ჩაიდო და გზა ისე განაგრძო, ვითომც არაფერიო. სკოლის შენობისკენ მიმავალი თავის თავს ეკითხებოდა რატომ მოვიქეცი ასეო, მაგრამ პასუხი არ იცოდა. თუმცა, თანდათან ხვდებოდა, რომ შესაძლოა მისი ქმედება არ ყოფილიყო გამართლებული, მაგრამ ეს მშვენიერი შანსი იყო მასთან შესახვედრად. იმედი ჰქონდა, რომ მალე შეხვდებოდა, თუმცა არ იცოდა რა უნდა ეთქვა მისთვის. ფიქრებში წასული ვერც კი მიხვდა, თუ როგორ აღმოჩნდა სკოლის შესასვლელთან. ტომიმ თავდაჯერებულმა შეაბიჯა სკოლის შენობაში. * * * გაკვეთილები ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, დერეფანი ფლუორესცენციული ნათურებით იყო განათებული, ბავშვები ჟრიამულით დარბოდნენ კლასიდან კლასში, ზოგი საკლასო ოთახთან ატუზულიყო და წიგნებს ჩაჰკირკიტებდა. სკოლაში ყურისწამღები ხმაური იყო. ტომს სხვა ბავშვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაშინვე გაემართა თავისი საკლასო ოთახისკენ, გონებაში კი მტკიცედ ჩაჰბეჭდვოდა თუ როგორ დარბოდა ჟრიამულით უცნობ და ამავდროულად ულამაზეს გოგონასთან ერთად ტრიალ მინდორზე, რომელიც ყაყაჩოების სისხლში ჩაფლულიყო. - ჰეი ტომ ! დაუძახა ვიღაცამ, მაგრამ ტომი იმდენად იყო ფიქრებით გართული, რომ ვერაფერი გაიგონა. მეტიც, ამ დროს საერთოდ ვერაფერს გრძნობდა, თითქოს ტრანსში ყოფილიყოს. - ტომ, არ გესმის? კვლავ გაისმა ხმა, რომელიც ამჯერად უფრო ახლოდან მოისმოდა. ვიღაცის ხელი ტომის მკლავს შეეხო და თავისკენ შემოაბრუნა. - ჯორჯ..! გაოგნებულმა შესძახა ტომიმ. ეს მისი თანაკლასელი ჯორჯი იყო. - ჰოო ბიჭო მე ვარ, რა დაგემართა? გეძახდი და ხმას არ მცემდი, თითქ.... - მაპატიე ჯორჯ, ამ აურზაურში ვერაფერი გავიგონე. - კარგი არაუშავს. რა ქენი გააკეთე ის დავალება მისტერ მაიკმა რომ მოგვცა? - თითქმის ჯორჯი, თითქმის. მხოლოდ პატარა დეტალები დამრჩა. შენ დაამთავრე? - ჰოო დავამთავრე, გუშინ ღამემდე ვმუშაობდი. შეხედე ჩემს თვალებს ტომი, ერთიანად წითელია. - ჰოო.... ჯორჯ, რაღაც მინდა გკითხო. - გისმენ ტომ. - გახსოვს, იმ გოგოზე რომ მეუბნებოდი ჩვენს კლასში გადმოდისო? - კი მახსოვს. რატომ მეკითხები? - არა ისე, უბრალოდ მაინტერესებს ვინაა, საიდან ჩამოვიდა, ან სულაც რა ჰქვია. - არაფერი არ ვიცი ტომ. იცი რაა, მოდი შევიდეთ გაკვეთილზე და იქ ყველაფერს გავარკვევთ. - ჰოო, იმედია. საკლასო ოთახი ნათელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. კედელზე ამერიკის დროშა გაეკრათ, მის მოპირდაპირე მხარეს კი ამშვენებდა ჯონ კენედის სურათი თეთრი სახლის ფონზე. სურათის ქვემოთ კი იკითხებოდა წარწერა: „ამერიკას ყოველთვის ემახსოვრები ბატონო პრეზიდენტო!“ პრეზიდენტ კენედის სურათს ყველა ოთახში შეხვდებოდით, რადგან ტომისა და დეივის სკოლა სწორედ ჯონ კენედის სახელს ატარებდა. ჯორჯსა და ტომს მისტერ მაიკი უკვე კლასში დახვდა, რომელსაც ხელები ერთმანეთზე გადაეჯვარიდებინა და ფანჯარაში იყურებოდა. - გამარჯობათ, მისტერ მაიკ! მიესალმნენ ბავშვები. - გაგიმარჯოთ ბიჭებო. უპასუხა მასწავლებელმა, ისე რომ უკან არც კი შემოუხედავს. ჯორჯმა და ტომმა ერთმანეთს გადახედეს, მხრები აიჩეჩეს და თავიანთი ადგილებისკენ გაეშურნენ. ვინაიდან ბიჭები ფანჯარასთან ახლოს ისხდნენ, კარგად დაინახეს მისტერ მაიკის სახე, რომელიც დადარდიანებული ეჩვენათ. ტომმა შენიშნა, რომ ის გოგოც კლასში იყო, თავის ადგილას იჯდა აუღელვებლად, საეხეზე არანაირი გამომეტყველება არ ემჩნეოდა და მოვლენების განვითარებას უცდიდა. ტომიმ ფრთხილად ჩაიყო ჯიბეში ხელი და გოგონას სამაჯური მოსინჯა. საბედნიეროდ ისევ იქ დახვდა. დაახლოებით ხუთი წუთი იდგა მისტერ მაიკი გაუნძრევლად, ბოლოს შემოტრიალდა და თავისი მაგიდისკენ გაეშურა. - მაშ ასე მეგობრებო, დაიწყო მაიკმა ფრთხილი, დამშვიდებული ხმით, - სანამ გაკვეთილს დავიწყებდეთ, მინდა ერთი სასიამოვნო ამბავი გამცნოთ. ჩვენს კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა - სოფია, მოდით ყველა ერთად მივესალმოთ მას. - „სოფია, ესე იგი სოფია ჰქვია“, თავისთვის გაიფიქრა ტომმა. კლასი ტაშის გუგუნმა მოიცვა, ეს მათი ჩვეულება იყო. ყველა ღიმილიანი სახით ესალმებოდა სოფიას. ეს უკანასკნელი კი წამოწითლებულიყო და თავის ულამაზეს თაფლისფერ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს ვერაფერი გაეგოს, თუ რა ხდებოდა მის თავს. - სოფია, განაგრძო მისტერ მაიკმა, - ჩვენთან მენის შტატიდან ჩამოვიდა. სოფია ძალიან გვიხარია სწავლას ჩვენთან რომ აგრძელებ. - მეც მიხარია, მისტერ მაიკ! მიუგო სოფიამ. კარგი, ბავშვებო დროა გაკვეთილს დავუბრუნდეთ. მისტერ მაიკი, რომელიც ხუთიოდე წუთის წინ ჩაფიქრებული, დადარდიანებული გასცქეროდა ფანჯრიდან უკიდეგანო ცას, ახლა ერთიანად გამოცოცხლებულიყო და ჩვეული ჰიპერაქტიულობით მიჰყავდა საგაკვეთილო პროცესი. სოფიასაც თანდათან გამოუკეთდა გუნება, მეტიც აქტიურადაც კი ჩაერთო დისკუსიაში, რომელიც ფრანგული ფეოდალიზმის არსს შეეხებოდა. ზარის დარეკვისთანავე ბავშვები აქოთქოთდნენ, წამოიშალნენ და ელვის უსწრაფესად გავარდნენ გარეთ. ტომი წამოდგა, რათა ახალ მოსწავლესთან მისულიყო სამაჯურის დასაბრუნებლად, მაგრამ იქ არ დახვდა. თავზარდაცემული მაშინვე დერეფანში გავარდა, ფეხის წვერებზე დგებოდა, რათა ამდენ ბავშვებში როგორმე დაენახა სოფია. ტომი თვალებს ხან მარჯვნივ, ხანაც მარცხნივ აცეცებდა. ბოლოს დაინახა ვისაც ეძებდა, გოგონა სასადილოსკენ მიდიოდა და ტომიც საჩქაროდ მისკენ გაემართა. ტომის ცალი დამუშტული ხელით სამაჯური ეჭირა და ისე მიიკვლევდა გზას ბავშვებით გადაჭედილ დერეფანში. ბოლოს როგორც იყო წამოეწია გოგონას, ბავშვების ჟრიამულში ვერაფერი რომ გააგონა, მხარზე დაადო ხელი. გოგონა ერთიანად შეხტა და რომ არ ეკივლა პირზე ხელი აიფარა. - მაპატიე შენი შეშინება არ მინდოდა, მე.... - მაგრამ შემაშინე. გოგონას ერთიანად გაფითრებული სახე ჰქონდა. - მაპატიე არ მინდოდა. სოფია ხომ? - კიი, სოფია მქვია. - მისმინე სოფია, მართლა ვწუხვარ. უბრალოდ შენი სამაჯურის დაბრუნება მინდოდა, რო.... - ღმერთო, რამდენს ვეძებდი, სიტყვა არ დაამთავრებინა გოგონამ. - კი მაგრამ შენ საიდან გაქვს? გაოცებული სახით ჰკითხა გოგონამ. - ავტობუსიდან რომ ჩამოდიოდი, მაშინ დაგივარდა და საბედნიეროდ მე ვიპოვე. - მართლა? მე კი რამდენს ვეძებდი, ძალიან ძვირფასია ეს სამაჯური ჩემთვის... - მიხარია, რომ ისევ შენთან იქნება... ღიმილით უთხრა ტომმა. - არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო..... უკაცრავად შენი სახელი არ ვიცი... - ტომი... ტომი მქვია. - ტომ ძალიან დიდი მადლობა. - არაფერია, მიუგო ტომმა, ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. გოგონას სახეზე ღიმილმა გადაჰკრა. - მე ვიცი, განაგრძო ტომმა. - რა იცი? დაინტერესებულმა შეხედა გოგონამ. - ვიცი მადლობა როგორ უნდა გადამიხადო და ისიც ვიცი მე როგორ გამოვასწორო ჩემი დანაშაული. - რა დანაშაული? ისევ ვერაფერი გაეგო გოგონას. - წეღან რომ შეგაშინე. მართლა უხერხულად გამომივიდა და ჩემი დანაშაულის გამოსასწორებლად მინდა, რომ პიცაზე დაგპატიჟო. ერთი კარგი ადგილი ვიცი, სადაც უგემრიელეს პიცებს აცხობენ, მაგაზე გემრიელს მთელს იტალიაშიც კი ვერ გასინჯავ. სოფიას, რომელიც თავის სამაჯურს ხელზე იკეთებდა, გაეცინა. - რა, არ გჯერა? ჰკითხა ტომმა. - როგორ არ მჯერა ტომ, მაგრამ დღეს არ მცალია. აქ ახლახანს გადმოვედი და მამას უნდა მივეხმარო სახლის დალაგებაში. ხომ გესმის, ყველაფერი არეული გვაქვს. - კი, კი მესმის... არაუშავს... - არ გეწყინოს, კარგი? - არა, რას ამბობ?! არ მეწყინება. - შეიძლება ხვალ მოვახერხო. - მართლა?! ტომმა აღტაცებისგან შეჰყვირა. - ძალიან კარგი იქნება. - კარგი ტომ, ახლა უნდა წავიდე, ალბათ მამა უკვე მელოდება. ხვალამდე და კიდევ ერთხელ გმადლობ სამაჯურისთვის. - არაფრის სოფია... გოგონა გამოემშვიდობა და გასასვლელისკენ გაემართა. ტომი კიდევ დიდხანს იდგა გაშეშებული და მიმავალ სოფიას მონუსხულივით უცქერდა. ბოლოს როგორც იყო გამოერკვა და დეივის მოსაძებნად გაემართა, უკვე სახლში წასვლის დრო იყო. მიმავალი ტომი კვლავ სოფიაზე ფიქრობდა. „ღმერთო, რა ლამაზია! ნამდვილი ანგელოზია!“ ამ ფიქრებში იყო, როდესაც დეივიდს მოჰკრა თვალი. - ჰეი, დეივი! დაუძახა ტომმა, - აღარ მოდიხარ? დეივი, რომელიც თავის მეგობრებთან საკალათბურთო სიახლეებს არჩევდა, ტომისკენ შემოტრიალდა, ხელი დაუქნია და დაუძახა: - მოვდივარ ტომ, მოვდივარ. დეივი მეგობრებს დაემშვიდობა და საჩქაროდ ტომისკენ გამოიქცა. მან მართალია შეატყო თავის უფროს ძმას აღელვება, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. კარვერები სკოლის შენობიდან გამოვიდნენ, ტომმა ძმას ხელი გადახვია და ჩქარი ნაბიჯით გაემართნენ ავტობუსისკენ. იმავე საღამოს ტომმა გადაწყვიტა, რომ მამამისს დალაპარაკებოდა მეტად მნიშვნელოვან საკითხზე. მისტერ სმიტი როგორც ყოველთვის თავის კაბინეტში იყო და ჩვეულ საქმეს აკეთებდა. - მამა გცალია? - კი ტომ, შემოდი. მოხდა რამე? ჰკითხა მისტერ სმიტმა შვილს. - მინდა რაღაც თემაზე დაგელაპარაკო. მისტერ მაიკმა სათვალე გვერდით გადადო და ღიმილით მიმართა შვილს, - ვიცი რაზეც უნდა მელაპარაკო, შენი ასაკის მეც ვიყავი, ტომ. - მამა, იცი, მგონი შეყვარებული ვარ. - ასეც ვიცოდი, კვლავ ღიმილიანი სახით უთხრა მამამ ტომს. - მამა, რა არის სიყვარული? - დანამდვილებით ეს არავინ იცის, ტომ. არც მე არ ვიცი ზუსტად რა არის ის. ბედნიერება? სიხარული? არა, ის ამ სიტყვებზე მეტია. სიყვარულს სიტყვებით ვერ გადმოსცემ, ის უნდა განიცადო, რათა მიხვდე, თუ რა ტკბილია ცხოვრება. ტომი მონუსხული უსმენდა მამას. - როგორც გითხარი, განაგრძო მისტერ მაიკმა, - ამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც დანამდვილებით და გადაჭრით გეტყვის, თუ რას წარმოადგენს ის. თუმცა, მე შემიძლია ერთი რამ გითხრა, სიყვარული ესაა უდიდესი და უზენაესი გრძნობა, რომელიც ღმერთმა გვარგუნა ჩვენ, კაცობრიობას და უბედურია ის, ვინც ამ დიადი გრძნობის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან. - მამა, გააწყვეტინა ტომმა, - როგორ მოდის სიყვარული? - ეს არავინ იცის ტომ, თუმცა რაღაც ნიშნები არსებობს, მაგალითად გულისცემა. მის დანახვაზე გული საგულეში აღარ გეტევა, სულ მასთან ყოფნა გინდება, მთელი სამყარო ის ხდება და მის გარდა სხვა არავინ და არაფერი გაინტერესებს. არავინ იცის ბედისწერა, იღბალი თუ შემთხვევითობა, მაგრამ გული მხოლოდ ერთს ირჩევს. როცა დედაშენი პირველად დავინახე, ჩემთვის ვთქვი, რომ ამ ქალს ცოლად მოვიყვანდი. ზოგჯერ თავიდანვე ხვდები რომ ეს ადამიანი შენი ბედისწერაა, ზოგჯერ მთელი ცხოვრება ეძებ და ვერ პოულობ... - ჰოო? - ჰო, ტომ. სამწუხაროდ ყველას არ აქვს უფლება ამ დიად გრძნობას ეზიაროს. მე სიყვარული მაინც დაავადება მგონია, ტომ. ის ქრონიკულია, ხოლო ქრონიკული ნიშნავს იმას, რომ ის არ იკურნება... მისტერ მაიკმა შვილს ტავზე ხელი გადაუსვა, შუბლზე აკოცა და უთხრა დროა დასაძინებლად წახვიდეო. ტომი აღარ შეეწინააღმდეგა, წამოდგა და კარისკენ გაემართა. ტომი კაბინეტიდან უნდა გასულიყო, მაგრამ უცბად შემოტრიალდა და მამას დაბალი და მადლიერი ხმით უთხრა: - მადლობა მამა... და გავიდა. მისტერ მაიკს არაფერი უპასუხია, მხოლოდ ისევ ის ღიმილი ეფინა სახეზე და შვილთან საუბრის შესახებ ფიქრობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.