შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანის დღიურები. ეპიზოდი 4. ძროხა და ჩაშლილი სპაგეტი


15-02-2018, 04:54
ავტორი anushka 5
ნანახია 1 636

ჩემს ცხოვრებაში აი, უკვე მერამდენედ, დრო პირად მტრად გამოვაცხადე. საათის ისრები წინ მიიწევდა, ხოლო მე ისტერიკულად ვალაგებდი, უფრო სწორად, ერთი ადგილიდან მეორეზე გადამქონდა ზედმეტი ნივთები და ყველაფერს სადღაც ვმალავდი. ასე აღმოჩნდა სამზრეულოს კარადაში ჩემი კოლგოტი და მაისური. ჟურნალები სავარძლის სკამზე ზემოდან გადასაფარებლით დავმალე. გასაწმენდი ფანჯრის შუშა ცალკე „ყვიროდა“. ახლაღა მომხვდა თვალში მეზობლის არგაწურული სარეცხის წვეთები. აშკარად ბევრად უფრო ნათელი დღეები და ბნელი ღამეებია თბილისში, ვიდრე მე ვხედავ ფანჯრის მინებიდან, მაგრამ რადგან ღამე იყო, მინების გაწმენდა კვლავ ოდესმე გასაკეთებლის სიაში გადავდე. მოკლედ, სულ რაღაც ათ წუთში ყველაფერი დალაგებული იყო, ყოველ შემთხვევაში, არაფერი ჩანდა მიყრილ-მოყრილი. არადა, ამ ოთახის და სამზარეულოს საგულდაგულოდ დალაგებას ხვალ ვაპირებდი, რადგან ჩემი ოთახი დღეს დავალაგე. კიდევ კარგი, სახლი წეღან დავგავე. ახლა კი დრო იყო, ვახშამზე მეზრუნა.
დავადგი წყალი და ტელეფონმაც დარეკა, უკვე ვიცოდი, რომ ექვსი ნომერი იყო. ვუპასუხე. მატყობინებდა, რომ მოვიდა და აზუსტებდა, თუ რომელ სართულზე ვცხოვრობდი.
- მეთორმეტე სართული, ბინა 70, ლურჯი კარი, - ავუხსენი და გავუთიშე, ისე გადავყევი დალაგებას, საკუთარ თავზე არც მიფიქრია, თმა „კიკინად“ შევიკარი და შემოსასვლელში დიდ სარკეში ჩავიხედე.დალახვროს ეშმაკმა! - წამოვიყვირე. სახლის „შორტები“ მეცვა, გაფლაშული, ნაცრისფერი და დალაქავებული. კიდევ რამდენიმე წუთი მქონდა, სანამ ფეხით ამოაღწევდა, თუმცა, ალბათ, ჩემგან განსხვავებით, მეხუთე სართულზე არ მოკვდება, ხველას, ქოშინს, სულისმოთქმას არ მოჰყვება, არ ექნება იმისი აუცილებლობა, ათი წუთი მაინც კიბის მოაჯირზე დაყრდნობილმა, ინფარქტამდე მიყვანილი გული დაასვენოს. არამედ მსუბუქად ამოირბენს. ის ხომ სპორტსმენია, არ გაუჭირდება.
სად ჯანდაბაში მქონდა ტანისამოსი? ყველაფერი სარეცხ მანქანაში ყრია. შევვარდი აბაზანაში, გადმოვყარე ტანისამოსი, ზოგი დავათვალიერე, ზოგი დავსუნე. მართლა გასარეცხია ყველაფერი, ვერაფერს ჩავიცვამ. არადა, ხომ შეიძლება რამე გარეცხილი შემეყოლებინა, ვთქვათ იმიტომ, რომ დაკეცვა დამეზარა. რა თქმა უნდა, არა. იქვე, თვალში უნიტაზის გვერდით დახვავებული წიგნები მომხვდა. რას იფიქრებს ახლა ეს? რომ განათლებას ტუალეტში ვიღებ? ან მსოფლიო კლასიკოსთა დიდ ლიტერატურას იქ ვეცნობი? - სირცხვილი! ვინღა აკეთებს ამას, ახლა ყველას ტელეფონი შეაქვს.

მოვკიდე წიგნებს ხელი და სარეცხის მანქანაში შევყარე. მე კი კვლავ საძინებელში გავვარდი. გარდერობი გავაღე. არჩევანი მხოლოდ ორ რამეს შორის უნდა გამეკეთებინა: ან ჩამეცვა ნაცრისფერი, ძუძუებგადმოყრილი მოკლე კაბა და ქუსლებზე მეპაკუნა სახლში ქაჯივით, ან კიდევ ... არ ვიცი, დასაწყევლია თუ არა ის დღე, ის გადაწყვეტილება, როცა ვიყიდე ეს კომბინეზონი, ან რატომ ვიყიდე? ღვთის გულისათვის, რატომ ვიყიდე! ახლა ვერ ვიხსენებ. გარდერობში ჰკიდია ჩემი გამოსავალი. კოპლებიანი, რქიანი კომბინეზონი. პეკინზე მეორადებში ვნახე და მომეწონა. ჯერ ვიცინე, რა დებილობა რამეა-მეთქი და რომ მოვისინჯე, ან როგორ არ დამეზარა, არ ვიცი, მომერგო და ვიყიდე. თეთრი შავი კოპლებით, ვარდისფერ, დიდცურებიანი კომბინეზონია, კაპიუშონზე ძროხის რქებით. კარზე კაკუნია, მე კიდევ შიშველი ვარ. ვერც იმას ვასწრებ, რომ გავაღო, შევუძღვე მისაღებში და თავად მშვიდად ჩავიცვა.
- „ამაზე უარესებიც მიქნია“ - გავიფიქრე და გავყავი ფეხი კომბინეზონში.
- ახლავე! თან დავუძახე, რომ არ ეფიქრა, კარი შეეშალა და შემთხვევით იზოლდასთან არ დაეკაკუნებინა. მერე ნახე შენ ჭორაობა და დედაჩემთან კოლომეტრიანი, აქედან ნაფრენი ფელეტონები.
კარი გავაღე. ჩემ წინ იდგა. მაღალი და სრულყოფილი. მისმა სასიამოვნო სუნამომ კინაღამ იქვე ჩამკეცა. ღრმად ჩავისუთქე სუნი და გავუღიმე. ხელში ცელოფნის პარკი და ლამაზი ყვავილების თაიგული ეკავა. კინაღამ გული წამივიდა სიხარულისგან, ჩემი პირველი ყვავილების თაიგული! არა, როგორ მოვედი აქამდე, რომ არასდროს უჩუქებია ჯერ, დაბადების დღეს და სარვამარტოდ მაგიდაზე „ვინუჟდენად“ დადებულ იის კონას არ ვთვლი, ყველას რომ გვხვდება სამსახურში და ხშირ შემთხვევაში ისიც გოგო თანამშრომლის ნაყიდი და მოძღვნილია. ნეტავ ვის ვხვდებოდი ასეთებს? არ ვიცი, არა... ახლა ამის დრო არ იყო, ამაზე მეფიქრა. დამინახა თუ არა, გულიანად გაიცინა. - სასაცილო კი ნამდვილად იყო, კარი ვარდისფერცურიანმა და კოპლებიანმა ძროხამ გაუღო. შემოვიპატიჟე და პირდაპირ სამზარეულოში გავუძეხი. მერე გამახსენდა, რომ კარი არ ჩამიკეტავს და გავბრუნდი.
შევედი ოთახში, მამა-პაპისგან ოდესღაც ,,ლოჯად“ წოდებულში. უკვე სავარძელზე იჯდა, აი, იმაზე, რომლის ქვეშაც ჟურნალები ამოვდე და მერე გადავაფარე. მაგიდაზე კი მისი მოტანილი პროდუქტი ეწყო ამოლაგებული: ავოკადო, ბანანი, კიდევ რაღაც ხილი და წვენი.

ჰო, ნამცხვრები კიდევ. გულზე მომეშვა თუ მეწყინა, ღვინო რომ ვერ დავლანდე, არ ვიცი... ყვავილები უწყლო ლარნაკში ჩავაგდე და მეც იქვე სკამზე ჩამოვჯექი. მიყურებდა და ეცინებოდა. მეც მეცინებოდა ჩემს თავზე. დეკეულს ვგავდი, ერთი მუუს დაძახებაღა მაკლდა. უცებ წამოდგა, მოვიდა და ჩამეხუტა. - სესილი, უზომოდ საყვარელი ხარ, აი უზომოდ, არასდროს შემხვედრია შენნაირი ადამიანი. - მერე კი, როცა ჩემ ჩახუტებას მორჩა, ინტერესით მკითხა, სად იყო ვახშამი.
ახლა გამახსენდა დადგმული წყალი. სამზარეულოში შევედი და ქვაბში ჩავიხედე. წყალი თითქმის დამშრალი იყო. თავიდან ავავსე და დრო რომ არ დამეკარგა, სპაგეტიც ჩავყარე.
- მალე იქნება! - მინდოდა ცხელი დამეხვედრებინა და შენ მოსვლამდე გადავდე. ამასობაში კი ჭიქები გადმოვიღე და წვენი დავასხი. ერთი მისკენ მივწიე.

- ძალიან გიხდება ესეც, ამით არ დადიხარ ქუჩაში? - კვლავ ჩემს ძროხა კომბინეზონზე ჩამოაგდო ლაპარაკი. მხრები ავიჩეჩე და გადავწყვიტე, გამომეკითხა მისი ამბები, როგორ ივარჯიშა. თან გამეგო, ხვალინდელი შეხვედრა ძალაში იყო თუ ეს ბოლო და უკანასკნელი ნახვა იყო. გეგმას მივყევი და ვკითხე, თუ როგორ ჩაიარა დღემ. გაჭრა ამ ფანდმა და მოყოლა დაიწყო, მაგრამ ვაღიარებ, არ ვუსმენდი, რადგან ჩემი ფიქრები რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ამბის ირგვლივ ტრიალებდა. თავი რომ დავანებო იმ ფაქტს, რომ კვლავ ვგრძნობდი მისი კანის სურნელს, რაც ჩახუტების მერე დამიტოვა, მისი მკლავების შემოხვევის სითბოს ჩემს მხრებზე, მისი გულმკერდის სიმკვრივეს და მზად ვიყავი, იქვე დავნებებულიყავი, რომ ეკოცნა. ვნებიანი კოცნით მაინც. მან კიდევ რა მითხრა? - ძალიან საყვარელი ადამიანი ვიყავი, ანუ გოგოც აღარ ვარ საყვარელი, ჩამოვქვეითდი ადამიანად. უსქესო არსებად. არა, სხვას რას უნდა ველოდო მაშინ, როცა სახლში გადგება ტესტოსტერონის და აპოლონის ნაჯვარი ღმერთბიჭა? შენ კიდევ ძროხის ვარდისფერცურიანი კომბინეზონით ხვდები. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე ქალადაც აღარ აღმიქვამს. ჰოდა, მეტკინა გულთან რაღაც, წყენის ბურთი გამეჩხირა. ყველა შანსს, რაც შეიძლება მასთან მქონდეს, ჩემი მოუხერხებლობის გამო ვაფუჭებ.
ფიქრებიდან სუნმა გამომაფხიზლა. გამახსენდა ჩემი ქვაბში ჩაყრილი სპაგეტი და წამოვხტი, მივვარდი ქვაბს. გადავრჩი, დამწვარი არ იყო, მაგრამ რად გინდა? მოხარშული ცომის გუნდა თუხთუხებდა ქვაბში. მორევა დამავიწყდა და ყველაფერი შეეწება ერთმანეთს. წყალი მოვუშვი და „დრუშლაგში“ გადავაგდე ეს რაღაც დაგორგლილი მასა. იქვე დაჭრილ სოსისს გავხედე, რომელიც წესით, მერე უნდა დამემატებინა და რამდენიმე ქამა სოკოს. ახლა კი, მე ხომ დავრჩი მშიერი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საერთოდ არ მშიოდა, თან სამუდამოდაც შევრცხვი. რა მალაპარაკებდა, რომ კარგი მზარეული ვარ? არადა, ვარ! უბრალოდ, ახლა საშვილიშვილოდ ,,გავფუჭდი“, ყველაზე ელემენტარული ,,სპაგეტი“ ვერ მოვხარშე. იქვე ჩავტოვე ეს მასა და სამზარეულოდან აწითლებული გამოვედი და თავდახრილი დავდექი.

- რა მოხდა, სესილია? - მკითხა ინტერესით.
- სპაგეტი ვერ მოვხარშე - თითქმის ატირებულმა წამოვიკნავლე. ექვსი ნომერი ფეხზე წამოდგა და სამზრეულოში შემომყვა. დიდხანს უყურა აცომებულ სპაგეტს.
- მისმინე, გინდა პიცა გამოვიძახოთ? - შემომთავაზა.
- არა, რამეს მოვიფიქრებ, - არ დავნებდი სიტუაციას და ხახვი მოვძებნე.
- სპაგეტი არ გვექნება, მაგრამ საჭმელი გვექნება! - ვუთხარი იმედიანად. ოღონდ მომეხმარე.
- სიამოვნებით, რითიც შემიძლია. - გამოთქვა დახმარების სურვილი ექვსმა ნომერმა.
- მაცივარში კვერცხია. თუ არ შეწუხდები, გამომიტანე!
დავავალე და თავად ხახვის წვრილად დაჭრა გავაგრძელე. მივიდა, მაცივრის კარი გამოაღო და ცოტა ხანში შეცბუნებული მეძახის: - სესილი, მისმინე, აქ კვერცხის გარდა კიდევაა რაღაც და დავტოვო?
- რა არის? - ვეკითხები ინტერესესით.
- მაგალითად, შენი ლიფი. კომბოსტოს გვერდით, - ტანში გამცრა, აი, თურმე სად დამიდია. არადა, ვეძებდი, მაგრამ არ შევიმჩნიე და მშვიდად გავძახე:
-არა, იყოს. ბებიაჩემმა მასწავლა, თუ კომბოსტოს ლიფში ჩადებ და ისე შეინახავ მაცივარში, უფრო დიდხანს შეგენახება. მარტო კვერცხი წამომიღე! - ნერვულად გავაგრძელე ხახვის დაჭრა. აზრზე არ ვიყავი რას ვაკეთებდი. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- იცი, სესილი, რას აკეთებ? - მოვიდა ექვსი ნომერი და ახლა თავზე დამადგა.
- აქამდე ვიცოდი, რომ სპაგეტის. ახლა არა. რაც მაქვს საჭმელი, იმით მოვიგონებ. - ავიღე ხახვი და ტაფაზე დავყარე, მერე კი გამახსენდა, რომ ცხიმის ნასახი არ მქონდა, არც ზეთი, არც კარაქი, მხოლოდ სალის ნაჭერი ეგდო მაცივარში, ისიც ისეთი სიძველის, რომ თავისუფლად შეგეძლო, დინოზავრის სალად გაგესაღებინა.
გამოვიღე და ისიც წვრილად დავჭერი, ცხელ ტაფაში დავყარე ხახვთან ერთად და ცოტა ხანში ოთახში ისეთი სუნი დადგა, ფანჯრები რომ არ გამეღო და იქაურობა არ გამენიავებინა, მოვიწამლებოდით. მერე კი საცოდავ C2-ით (გაზით) მოწამვლას დააბრალებდნენ ჟურნალისტები ჩვენ გაგუდვას. არა, დღეს ჭამა-სმის ღმერთს არ სურდა ჩემი კულინარიული ნიჭის დემონსტრირება მომეხდინა. გადავწყვიტე, არ დავმორჩილებოდი ბედის ბორბლის უკუღმა ტრიალს და გაზზე რამდენიმე კვერცხი დავადგი მოსახარშად. მეორე ქვაბში სოსისი ჩავყარე. მერე რა, რომ დაჭრილია. ზეთსაც ვეძებდი, იქნებ სადმე მაინც მქონოდა. წინდების უკან სამი შეკვრა „ანაკომი“ დავლანდე. ისიც გამოვიღე და მდუღარე წყალი დავასხი. მოკლედ, ათ წუთში სუფრაზე იდო მოხარშული კვერცხი და სოსისი, "ანაკომის" ლაფშა, რომელსაც ზემოდან ქამა სოკო მოვათალე და იქვე, მაიონეზი დავასკუპე. მისი მოტანილი ხილი გავრეცხე, მანგოც დავჭერი წვრილად და ვარდისფერი ჰიმალაის მარილი მოვაყარე. ამ ყველაფრის ფონზე ეს მარილი იგივე იყო სუფრაზე, რაც ლუი ვიტონის საკოლექციო ჩემოდანი სოფლის „მარშუტკის“ საბარგულში. ექვსი ნომერი სუფრასთან მოვიპატიჟე.

- პური ? - მკითხა ინტერესით.
- არ ვჭამ, უფრო სწორად, ყიდვა დამავიწყდა. - ვუთხარი გულწრფელად.
- კარგი, რა გაეწყობა, - მოიფშვნიტა ხელები და კვერცხი გადაიღო, მერე რამდენიმე წუთში კი მაღლა აწეული ცერა თითი მაჩვენა. - უგემრიელესია, იშვიათად, რომ ასეთი გემრიელი კვერცხი გამესინჯოსო.
- ჰო, მე დავდე-მეთქი, - ვუპასუხე, ვითომც არაფერი. ისეთი სიცილი აუტყდა, ლუკმა გადასცდა. მერე ხველება აუტყდა. მე კი წამოვხტი და მის დაკუნთულ ბეჭებზე ხელების ბარტყუნი მომიწია, რომელიც დარტყმას კი არა, მოფერებას უფრო ჰგავდა. უდიდესი ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ მის კანზე შეხების მერე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემსა და მის კანს შორის წყეული „ნაიკის“ მაისური იყო, ხელი როგორმე ამეღო, ნამდვილი მაგნიტი იყო, მისი კანი ჩემი კანისთვის. როგორც იქნა, დაიბრუნა ადამიანური ფერი, მერე კი ცოტა შეისვენა და "ანაკომის" დახვავებულ გროვას გადასწვდა, ჩანგალზე დაახვია და თავის თეფშზე გადაიღო.
- ამას პირველად ვჭამ.
- არაფერი მოგივა, ძალიან გემრიელია, გამოცდილია საკუთარ თავზე. - დავამშვიდე და მეც გადავიღე. რა თქმა უნდა, ისიც მოეწონა. როდესაც ვაი-ვახშამი დავასრულეთ, მაგიდის ალაგება დავიწყე. რაც დარჩა, გადავყარე. სანამ მე მაგიდას ვალაგებდი, ექვსმა ნომერმა თეფშების გარეცხვა დაიწყო. ამაზე საერთოდ გადავირიე. აი, ონკანთან თითქმის ორმეტრიან იდეალურ მამაკაცს კი არ ვხედავდი, რომელიც გულმოდგინედ რეცხავდა ჭურჭელს, აარაა, არამედ საყვარელ ფისოკატობას.
მივალაგეთ მაგიდა და ყავის დალევა შევთავაზე. ეგ ისაა, რაც არ მესმევა და თან საუკეთესო მაქვს, მაგრამ რად გინდა, მითხრა, რომ არ სვამდა. - მაშინ ჩემთვის მოვიდუღებ. ჩაი არ მაქვს, ამიტომ ან წვენი, ან წყალი. - შევთავაზე და როდესაც აღმოჩნდა, რომ წვენიც აღარ იყო, წყალი დავუდგი, მე კი ყავის მოდუღება დავიწყე.

ექვსი ნომერი საერთოდ არ ჩქარობდა, ეს კიდევ ძალიან მაკვირვებდა. დავფიქრდი, მე რომ ვინმე ბიჭმა ასეთი ვახშამი მომიწყოს, რა განწყობა მექნებოდა და ზუსტად ვიცი, ავიმრიზებოდი და მეორედ მისი ნახვა აღარ მომინდებოდა. რა თქმა უნდა, მერე ქვეყანას მოვდებდი, რომ „ანაკომის“ მაკარონი მაჭამა და მოხარშული კვერცხი. ჰოდა, უცებ ყველა ის ბიჭი შემეცოდა, გარემოებების გამო გაფუჭებული ვახშმის გამო რომ გოგო დაშორდა. კიდევ ერთი ახალი კანონი ჩავწერე ჩემი კანონების და ჭკუის სწავლების ტვინის ფაილში, - არასდროს დავცინო დ ავითვალწუნო ადამიანი, მივცე მას რამდენიმე შანსი, თუ პირველი, მეორე და მესამე, ის კი არა და მეოთხეც... თუ მონდომებულია, მაგრამ არ გამოუვიდა. თუმცა არა ყველას, არამედ მათ, ვინც ძალიან მომწონს. ექვსი ნომერი მშობლებზე მეკითხებოდა, როდიდან ვცხოვრობ მარტო ან რატომ. მეც ყველაფერი მოვუყევი. ოთხი წლის ვიყავი, დედ-მამა რომ გაშორდნენ და მას მერე დედასთნ ვიყავი. რომ მერე დედაჩემი საზღვარგარეთ წავიდა და მე მარტო დავრჩი, რომ მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და მარტო შაბათ-კვირის მამა არ ყოფილა. რომ ხუთი წელია ასევე მარტო ვარ და მომწონს. კიდევ ბავშვობაზე მოვუყევი. თავიდან მეგონა, რომ ზრდილობის გამო მისმენდა, მერე კი, როცა კითხვების დასმა დაიწყო, მივხვდი, რომ მართლა აინტერესებდა.

მერე ჩემი ჯერი იყო, მისი ამბები გამეგო, მაგრამ საათს დახედა და მამცნო, რომ მისი წასვლის დრო იყო. მეც დავხედე საათს - ორის ნახევარი იყო. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ასე სწრაფად როდის გავარდა დრო, ვერც მივხვდი. წასვლისას დამემშვიდობა. ნაზად მაკოცა ლოყაზე და ფეხით ჩაირბინა კიბეები. ძალიან მინდოდა, ფანჯრიდან გადამეხედა და მზერით იქაც გამეცილებინა, თუმცაღა, ზედმეტობად ჩავთვალე, არ მინდოდა, ამოეხედა და მიმხვდარიყო, რომ ძალიან, ძალიან მენატრებოდა უკვე, ან უარესი, საერთოდ არ ამოეხედა და ისეთი განცდა დამრჩენოდა, რომ ერთი სული ჰქონდა წასვლის და გავარდა. ყავის ჭიქა გავრეცხე, ჩემი ღამის მაისური გადავიცვი, ძროხის კომბინეზონი იქვე მივაგდე და მის მოტანილ ყვავილების თაიგულს წყალი ჩავუსხი. ყველა ყვავილს სათითაოდ მოვეფერე, მერე ლოგინთან დავიდგი, რათა დილას, გაღვიძებისთანავე დამენახა.

პარასკევი
გავახილე თვალი თუ არა, ტელეფონს დავუწყე ძებნა. მერე გამახსენდა, რომ სამზარეულოში დამრჩა. გავტანტალდი ფეხშიშველი და ავიღე, მერე კვლავ თბილ ლოგინში შევწექი. ვერაფრით ჩავრთე, სულ დამჯდარი იყო და არც დამტენზე რეაგირებდა, არ იტენებოდა. ღმერთო, რამე რომ ჰქონდეს მოწერილი?! დღესაც ხომ უნდა შევხვედროდით. იდეაში გუშინ ხომ უბრალოდ გაუთვალისწინებელი შეხვედრა იყო. ვინ იცის, მირეკავს, მწერს და მე არ ვპასუხობ. ლიპტოპი ჩავრთე და საათი ისე გავიგე. ათი ხდებოდა. სასწრაფოდ ჩავიცვი, გაფუჭებული ტელეფონი ჩანთაში ჩავიგდე და ქალაქში დავეშვი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეკეთებინა ხელოსანს.

დაელოდეთ გაგრძელებას

სესილის პაემანის დღიურები



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

კარგა ხანია ასეთი სტილის მოთხრობა არ წამიკითხავს. ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ველოდები ახალი თავის დადებას :))))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent