დიალოგი ატმის ხის ქვეშ
''დიალოგი ატმის ხის ქვეშ'' მაისი ანუ მაი'სი ''ანცად იღიმება დილის ნამი, ნაზი ქრიზანთემა და იები განა საოცარი რამ არ არის ატმის ვარდისფერი ყვავილები?!'' მაისი გამაბრუებელი სურნელით დაქროდა ბაღში. ატმის ხეებს ვარდისფერი კულულები ტოტებზე ჩამოკიდებოდათ. ამ სეზონისთვის გასაოცრად ციოდა. გრილი სიო არხევდა მიწაზე გართხმულ, შეცივნულ ბალახს. ღრუბლები ცის თაღზე ერთმანეთს მიკვროდნენ, თითქოს ასე ცდილობდნენ დილის სუსხისგან თავის დაცვას და გათბობას. ცეცხლოვანი ბურთი კი მათ უკან მორცხვად დამალულიყო. ღრუბლებს მიღმა მისი წითლად აღაჟღაჟებული ლოყებიც კი მოჩანდა. ვინ იცის, იქნებ მისი სიწითლის მიზეზი სიბრაზეც იყო თვალიმომჭრელად აფეთქებული ატმების გამო. ალბათ, დანაშაული იყო, ამ უმშვენიერესი სანახაობის ხილვა მხოლოდ თეთრად შეღებილი ბეტონის კედლიდან რომ შემეძლო. დანაშაული იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც ქვის ეს ხროვა აღემართა აქ. ვერ გავუძლებდი, არაფერი რომ არ შემეცვალა. მით უმეტეს, რომ ბაღში არავინ ჩანდა და არც ღობე იყო ძალიან მაღალი. რთული არ იქნებოდა ამ საშინელი გამყოფი ზღუდის უკან მოტოვება, თუ საკმარისად მოვინდომებდი. თავი რომ სანუკვარ ადგილას ამოვყავი, გარკვეული ხნით ეიფორია დამეუფლა. გაშტერებული ვიდექი და შევყურებდი ვარდისფრად შემოსილ, კეკლუცად მოცინარ ხეებს, სიცივე რომ არ აშინებდათ და მხრები თამამად რომ გამოეჩინათ. ''აქაურობას ისე ვერ დავტოვებ, რამე რომ არ გავიყოლო.''-უფრო მაღლა ავიქნიე ფრთები და თვალში ყვავილებით დახუნძლული ტოტი ამოვიღე. გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე. ჩემი სპონტანურობა უფრო სისუსტედ აღიქმებოდა, ვიდრე ძლიერ მხარედ, მაგრამ ჩავთვალე, საკმარისად ჭკვიანი ვიყავი იმის მისახვედრად, რომ ერთი ტოტის მოტეხვა ამ მშვენიერ ხეს ვერაფერს დააკლებდა, ფეხის წვერებზე ავიწიე და ის-ის იყო ტოტს შევწვდი კიდეც, რომ ამ სიტუაციისთვის მეტისმეტად შეუფერებელმა ხმამ და სიტყვებმა გამომარკვია: -მაგის მოტეხვა არ შეიძლება! უტეხმა, გადაჭრით ნათქვამმა სიტყვებმა ტოტისთვის ხელი ცივად შემაშვებინა. ვიცოდი, იმაში, რაც მელოდებოდა, დამნაშავე მხოლოდ მე ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე აღარაფრის გამოსწორება შემეძლო. ვერც კი შევამჩნიე, როგორ ამესვეტა გვერდით ჩემზე სულ ოდნავ მაღალი, ცისფერსვიტრიანი ბიჭი შავი, მოხდენილად შეჭრილი შავი თმითა და დალაგებული წვერით. ისეთი ფართო ჯინსები ეცვა, შემეშინდა, არ ჩაძვრეს_მეთქი. გამხდარი იყო და იმიტომ. ეჭვით ჩემს თავს ჩამოვხედე. ჰო, მგონი სწორედ ჩემს ტანზე იყო. ცხვირი კი ავიბზუე, მაგრამ სინამდვილეში მომეწონა. უცებ სასწაულად გამიხარდა, ბაღში რომ შემოვიპარე. გონება უაზრო, არაფრისმომცემი ფიქრებისგან სწრაფად გამოვირეცხე და მოთმინებით დავუცადე ჩვენი ურთიერთობის ერთი არა, მაგრამ მეორე შეხედვით საინტერესო დასაწყისის განვითარებას. -დამჯერი გოგო ყოფილხარ.-თავი გვერდით გადახარა მან და ცალი თვალით ატმის ხის კენწეროს მიაშტერდა. -უფროსებისთვის_არა.-გავუპროტესტე მრავლისმთქმელი გამომეტყველებით და შეუმჩნევლად წინ ნაბიჯი გადავდგი. -მაშ, თანატოლებისთვის?-კენწეროს თვალი მოაშორა და ცალყბად ჩაიცინა. -სტუმართმოყვარე მასპინძლებისთვის.-გავუნათე გონება და იქვე დავურთე.-სტუმართმოყვარე, გულუხვი მასპინძლებისთვის... -რომლებსაც ატმის ტოტები დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის არ ენანებათ, არა?-გადაიხარხარა ბიჭმა და შემდეგ დანანებით აღნიშნა.-როგორ ვერ მივხვდი... -ჰო, სამწუხაროა.-კბილებში გამოვცარი ცოტა არ იყოს განაწყენებულმა. სიჩუმე ჩამოვარდა, თან არასასიამოვნო. ვიფიქრე, შევბრუნდები და წავალ_მეთქი და ასეც მოვიქცეოდი, კვლავ რომ არ ალაპარაკებულიყო. -შეცდი, რომ დამიჯერე.-თქვა მან.-მე არც გულუხვი ვარ და არც სტუმრები მიყვარს, მით უმეტეს ანგარებიანი სტუმრები. -ანგარებიანი?-შევუბღვირე. ვგრძნობდი, მის სიტყვებთან ერთად მისივე ხიბლი ჰაერში ატმის ყვავილების სურნელთან ერთად როგორ იფანტებოდა. ბიჭმა მხრები აიჩეჩა და ხელი ამიქნია. წადიო, მიმანიშნა. თავი ასე შეურაცხყოფილად მანამდე არასდროს მეგრძნო. წამოსასვლელად ისევ კედელს მივვარდი. გადაძრომას ვაპირებდი, ფეხი რომ დამიცურდა და უხეშ ზედაპირზე ჩამომეფხაჭნა. უნდა ავტირებულიყავი, წელზე ცხელი, დამთუთქავი ხელები რომ ვიგრძენი. ხელები, რომლებიც შემომეშველნენ და მეორე მხარეს გადამიყვანეს. -ისე, ცნობისთვის, კარები იქ არის და ის ყოველთვის ღიაა.-გავიგე მისი სიტყვები, როგორც კი ტერფები მიწას შევახე. არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ მისი სიტყვები ერთგვარ გამოწვევად ჩავთვალე. კედელს გავუყევი და კარს მივადექი. სახელურს თითებით ჩავეჭიდე და ვიკითხე: -იქნებ კარიდან შემოსული სტუმრის ბედი მეცადა? -როგორც გინდა.-მივიღე პასუხად და გული ახლა უფრო მეტად მომებჯინა ყელში. თავს გულნატკენად და გაბრაზებულად ვგრძნობდი იმ მზესავით, ატმის ყვავილობისას რომ იჩაგრებოდა. თითქოს აღარც მე მსურდა იმ ვარდისფერი ყვავილების დანახვა, ვარსკვლავებივით რომ ციმციმებდნენ გამწვანებულ სივრცეში. გულში ბოღმა მედო, მაგრამ ფეხები წასასვლელად არ მემორჩილებოდნენ. მე თუ მკითხავდით, შთაბეჭდილება სწორედ ის იყო, გქონოდა წადილი სხვა საგანზე ფიქრის, გონებას კი მაინც იმ მოუშორებელ, ჭირივით შემოჩვეულ აზრთან ეღალატა. უეცრად ვიგრძენი, რომ მზემ თავი გამიცხელა. ზემოთ ავიხედე. ღრუბლებს შორის თავი გამოეყო და ალისფერ სხივებს მაღვრიდა. თავს მახსენებდა, ჩემს გამოცეკვებას ლამობდა, მე კი მოჯადოებულივით კვლავ იმ სურნელისკენ მივისწრაფვოდი, ატმის ხეებსავით მათ პატრონსაც რომ ასდიოდა. -თითქოს პირველად გხედავ...-ზურგი შემაქცია ბიჭმა, როგორც კი ბაღში შევაბიჯე. ავილეწე. ატმის ყვავილებზე წითელი ვიყავი. მზეზე წითელი. -შენთან არა, ატმებთან მოვედი.-ვუპასუხე, რაც შეიძლებოდა მშვიდად. -გიყვარს ატამი?-მიწაზე კომფორტულად წამოწვა ის. -არა. მე თუ მკითხავ, ყვავილები ჯობია.-ჩავიფრუტუნე და გაუთვიცნობიერებლად ბალახზე მეც წამოვწექი. ისე ვიწექი, რომ მას ვერ ვხედავდი, მაგრამ ასე კარგად მის არსებობას, ვფიქრობ, ვერც ვიგრძნობდი, რომ დამენახა. ბეტონის კედლებმა ისევ ხელი შემიშალა. ისინი რომ არა, თავს თავისუფლად ვიგრძნობდი, ახლა კი იმის ნაცვლად, რომ ჰორიზონტის ყურებით დავმტკბარიყავი, მათი ცქერა მიწევდა და თავს ოქროს გალიაში გამოკეტილი ჩიტივით ვგრძნობდი. -ერთ დღეს ეს კედლები აუცილებლად უნდა დაანგრიო!-ამოვილაპარაკე ჩემდაუნებურად. -რატომ?-ისეთი ტონით მკითხა მან, რომ მივხვდი, იმავეს თვითონაც ფიქრობდა, უბრალოდ ჩემებური ახსნა აინტერესებდა. -მე თუ მკითხავ, ღობე საერთოდ არ გჭირდება! ცუდია, ამ სილამაზეს მარტო შენთვის რომ იტოვებ. თუ ასე მოიქცევი, ყველა გამვლელს შეეძლება მათით ტკბობა და იმისთვის, რომ მუდამ კედელზე გადაძვრომა არ მოუწიოს, ტოტის მოტეხვას არ მოინდომებს. გირჩევ დაფიქრდე, თუმცა შენი გადასაწყვეტია.-დავაბოლოვე მაინც, თავდაჯერებულ ყბედად რომ არ ჩავეთვალე. -მართალი ხარ.-მომიგო წუთიერი დუმილის შემდეგ. გაოცებული იდაყვებს დავებჯინე და წამოვიწიე. მართალი ვიყავი? არც კი იცით, მისგან ეს სიტყვები როგორ მესიამოვნა. ალბათ, იმ წუთას ვერაფერი მომიტანდა ამგვარ ბედნიერებას. გამეღიმა, მაგრამ ღიმილი მალევე მოვიშორე სახიდან და თავი კვლავ მიწაზე დავდე. არ მინდოდა შეემჩნია, როგორ მოქმედებდა ჩემზე. ან ის, ან მაისი, ან ატმები, ან მზე, ან... ან. მოულოდნელად საიდანღაც ლამაზი, ჭრელი ფრინველი გამოჩნდა. ხიდან ხეზე დაფრინავდა და თან საამურ ხმას გამოსცემდა. წამოვჯექი, რომ თვალი უკეთესად მიმედევნებინა. ვიგრძენი, როგორ გაიმეორეს ჩემი მოქმედება გვერდით, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, იმდენად ვიყავი გართული ამ უცნაური, მომხიბვლელი თითქოსდა ზმანებით. -ნახე, ახლა იმ ხეზე გადაფრინდება!-ჩემს ყურთან ახლოს ჩაიჩურჩულა ბიჭმა და თითით ერთ-ერთი ხისკენ მიმანიშნა. -იქ?-თითი მეც იმ მხარეს გავიშვირე დასაზუსტებლად. -ჰო, იქ.-თავი დამიქნია მან. განვცვიფრდი, როცა ფრინველი მართლაც იმ ხეზე გადაფრინდა და მის ყვავილებში ჩაიმალა. სიცილი ვერ შევიკავე. გული რომ ვიჯერე, გვერდით მჯდომს მივუბრუნდი, სახე რომ გაბადვროდა და კვლავ იმ ადგილს რომ არ აშორებდა თვალს, სადაც ჩიტი გაუჩინარდა. -შენ რა, უნარები გაქვს?-შევაპარე ღიმილით. მერე გამახსენდა, რა გრძნობაც მიჭამდა გულს, როგორ მაღელვებდა მისი გამოხედვა და დავეჭვდი: ნუთუ მართლაც შეიძლებოდა ასეთი რამ ნორმალური ყოფილიყო? -რაღაც მსგავსი.-საოცრად ბუნებრივად, გულწრფელად გაეცინა ბიჭს. -აბა... ჩემი სახელი გამოიცანი!-მომაგონდა უეცრად. ეს შესანიშნავი გზა იყო ძლივს გაფანტული დაძაბულობის თავიდან ასაშორებლად და დაბნეულ მეში გასარკვევად. -მაგას რა უნდა!-უდარდელად შესძახა საკუთარ თავში დარწმუნებულმა. -ვითომ მართლა? მიდი, აბა, თუ ასეთი მაგარი ხარ!-ფარ-ხმალი არ დამიყრია მე. ერთხანს ჩაფიქრდა. მერე კი სახე გაუბრწყინდა და წამოიძახა: -მაია! სახეზე ღიმილი შემაცივდა. შევკრთი. ალბათ, თვალებიც ბაყაყივით გადმოვყარე წინ. გონება განგაშის ზარებს რეკდა. მან იცოდა! იცოდა, მაგრამ საიდან? იმდენად ბავშვიც აღარ ვიყავი, რომ ზებუნებრივი ძალების მერწმუნა, თუმცა არაერთხელ მინატრია ისინი. განა ცუდია იფრინო იქამდე, სანამ არ დაიღლები? ამოიცნო სხვა ადამიანის ფიქრები (ადამიანის, თუმცა ყველას ფიქრების მოსმენა რომ შემძლებოდა, ალბათ, სიცოცხლეს შაკიკით ან რამე მსგავსი დაავადებით დავასრულებდი)? ანდაც შეძლო სხვისი მოქმედებების კონტროლი? იმდენად შორს გავიჭერი, რომ დამავიწყდა, სად ვიყავი და პირი რა მიზეზით დამეფჩინა თავზარდაცემული ფაშატი ცხენივით. ჩემს რეაქციაზე თანამოსაუბრემ დაასკვნა, რომ მართლაც მაია მერქვა და მის თვალებშიც აშკარა იმედგაცრუებამ დაისადგურა. -შენ რა... მართლა მაია გქვია?-ისეთი გაოცებული ჩანდა, თითქოს ეს ფაქტი წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო. ვითომ რატომ არ მოელოდა, რომ გოგოს შესაძლოა მაია რქმეოდა? ეს ხომ ჯემალი არ ყოფილა, ანდაც გარსევანი. პასუხი რომ არ გავეცი, თავის ნააზრევში დარწმუნდა და ყურისწამღები, გამაღიზიანებელი სიცილი ატეხა. იმდენი იცინა, საბოლოოდ უკვე მუცელზე ტკივილისგან ხელებს იჭერდა. მე კი მკერდზე მკლავებგადაჯვარედინებული ველოდი, როდის დახურავდა მოღებულ პირს და როდის დამრთავდა იმის ნებას, რომ გამეგო, რა იყო ჩემს სახელში ასეთი გასართობი. -თუ გაინტერესებს, მაის მეძახიან.-დავუმატე გარკვეული ხნის შემდეგ და მის პომიდვრისფერ სახეს ამრეზით შევხედე. -მაპატიე... მაპატიე, გთხოვ.-ამოიბურტყუნა ძლივსძლივობით და თვალები გამისწორა.-უბრალოდ ვიხუმრე და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მაია გერქმეოდა. დღეს იმდენად იშვიათად მხვდებიან ადამიანები ამ სახელით, მაგრამ შენ გაგიმართლა... გაგიმართლა! -რაში?-ვკითხე დაინტერესებულმა. მისმა სიტყვებმა ჩემში ცნობისმოყვარე მაია გამოაცოცხლა. თანაც მიხაროდა, ჩემ გამო თავს დამნაშავედ რომ გრძნობდა და შეცდომის გამოსწორებას ასე დარცხვენილი რომ ცდილობდა. საყვარელი იყო. პირველად იყო საყვარელი, რაც მე ვხედავდი. -მაისი მხოლოდ მაისია.-თვალი ჩამიკრა მან. -როგორ?-ვერაფერი გავიგე მე. -შენ ხომ მაის გეძახიან? ვისია ეს თვე? ვისია ეს ვარდისფერი ყვავილები? ვისია ეს მზე? ეს მშვენიერი ფრინველი? მაი'სი.-განმიმარტა და მისმა კრიალა, თეთრმა კბილებმა კიდევ ერთხელ მომჭრა თვალები. ''და ეს სახე, რომელსაც ვერაფრით ვაშორებ მზერას...''-ურცხვად გავიფიქრე და თითქოს ამას ელოდაო, ჩემს გულში თაიგულივით ამოიფურჩქნა რაღაც, გადაიხსნა და სხივებად დაიფანტა. თავი შესანიშნავად ვიგრძენი და ამის დამალვა აღარ მიცდია. -იქნებ მეც შევძლო შენი ტელეპატიური უნარით სარგებლობა? მოდი, დავფიქრდები, რა შეიძლება გერქვას შენ...-ვიცოდი, რომ ამ სიტყვებით თავს პოტენციურად ვიგდებდი უხერხულ სიტუაციაში, ვინაიდან იმედი არ მქონდა, რომ მეც მასსავით გამიმართლებდა, მაგრამ უკან მაინც არ დამიხევია. მის ნაკვთებს დავაკვირდი, მის მოვარდისფრო-მოთეთრო, ფერმკრთალ კანს, გრძელ თითებსა და თვალებს, რომელთა ფერის ამოცნობაც მანამდე არ მეცადა. რა უნდა რქმეოდა მას? ვთქვათ, ჩემი პრივილეგია იყო მისი სახელია არჩევა. რას დავარქმევდი? რა სახელით მივმართავდი? -გაბრიელ. პირზე ხელი ავიფარე. ვერც კი მივხვდი, როგორ წამომცდა. თქმას არ ვაპირებდი. მინდოდა კიდევ ცოტა მეფიქრა და გადაწყვეტილება ისე მიმეღო, მაგრამ არც კი ვიცი, როგორ მოხდა, რომ სახელი, რომელმაც პირველად გამიელვა თავში, მას დავუძახე. -ჰო.-მომესმა პასუხად. შემაჟრჟოლა. მკლავებზე კანი ამეშალა. იდაყვებამდე აკეცილი სვიტრის სახელოები დაბლა ჩამოვიწიე. თვალებით მიწას ჩავაშტერდი. რომ შემეხედა... რომ შემეხედა, არ ვიცოდი, რას გავაკეთებდი. სულ ცოტაც და მისი ტუჩები ვიგრძენი ჩემს ტუჩებთან ძალიან ახლოს, ოდნავ ქვემოთ, ნიკაპთან. ძვალზე. მომეჩვენა, რომ დენმა დამარტყა, მაგრამ არ გავნძრეულვარ. გაბრიელი კვლავ უკან გადაიხარა. ამოვიხვნეშე და ავხედე. შიშმა გამიარა. თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი. თვალს არ მაცილებდა. საფეთქელთან ძარღვი უთამაშებდა, წარბებს შორის კი ღარი ჰქონდა გაჩენილი. ღარი, რომელიც იქამდე არ შემიმჩნევია. ალბათ, არც იყო. ან იყო და ვერ შევნიშნე. ამის განსჯა მაინც არ მინდოდა. არც არაფერში მჭირდებოდა... მგონი. ესეც არ ვიცოდი ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ისეთი რამ, რაც წესით უნდა მცოდნოდა. ან უბრალოდ მეცოდინებოდა, მის წინ რომ არ ვმჯდარიყავი. -კედლის დანგრევაში დამეხმარები?-მკითხა და ჩემ მიღმა გაიხედა. მივხვდი, კედელს უყურებდა. -რა ვიცი... ვითომ მარტო ვერ შეძლებ?-თვალები მოვჭუტე. წინასწარ ვგრძნობდი, რასაც მიპასუხებდა, მაგრამ მაინც ვკითხე. -ვერა. -კარგი.-მივუგე მხრების აწურვით. -მგონი მართლა უკეთესი იქნება... -მგონი! ღიმილით დავეთანხმე. -ვფიქრობდი, რომ ეს ყვავილები მაშინაც ძალიან ლამაზი იყო, როცა მე მარტო ვიჯექი და ისე ვუყურებდი მათ... -ახლა?-შევეცადე ჩემი ხმისთვის იმედის ნაპერწკლები მომეშორებინა. -თითქოს დღეს სხვა სურნელი აქვთ... -და სხვა ელფერი...-დავსძინე მე. -არ ვიცი, რატომ. -არც მე, გაბრიელ. მისი სახელის წარმოთქმა კიდევ უფრო მომეწონა. მინდოდა ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ ბოლო ხმაზე მეყვირა ეს სახელი, სანამ არ დავიღლებოდი და ყელი არ გამომიშრებოდა, მაგრამ ასე არ მოვქცეულვარ. ბნელდებოდა. იმედგადაწურული მზე უკანასკნელ ცრემლებს ღვრიდა. -წასვლის დროა.-ფეხზე წამოვდექი მე. -ასე ფიქრობ?-ისე უცებ წამოვარდა ისიც, რომ ოდნავ უკან გავხტი. გაბრიელმა შეცბუნება შემატყო და ხელი მოკუმა. ნერვიულობდა. ვატყობდი. მეც ვღელავდი. შეიძლებოდა იმაზე მეტადაც, ვიდრე ის. -შეგიძლია დამელოდო?-მკითხა და ხელი გაუბედავად წამოიღო ჩემკენ. თითებზე შემეხო, ძალიან ნაზად. თითქოს არც არსებობდა. თითქოს მოჩვენება იყო. გამჭვირვალე და ჰაერს შერწყმული. უარი ვერ ვუთხარი. მეშინოდა, რომ გაქრებოდა. ტკბილი სიზმარივით წამერთმეოდა ხელიდან. შებრუნდა და ხეებს შორის ჩამდგარი სახლისკენ გაიქცა. ვუცდიდი და თან თითებს მეორე ხელით ვიფარავდი, მისგან დატოვებული სითბო რომ არსად გამქცეოდა. მალე გამოჩნდა. მორბოდა. რომ მომიახლოვდა, დავინახე, ხელში რაღაც ეჭირა. ნერგი. ეს რაღაც ნერგი იყო. ხელი უსიტყვოდ გამაშლევინა და გამომიწოდა. გულთან მივიკარი. არ მინდოდა ამტირებოდა. სუნთქვა მეკვროდა. კედელს მივუახლოვდი და ნერგი უფრო მეტი სიფრთხილით დავიჭირე. -მაი!-მომესმა უცებ. არ შევბრუნებულვარ, მაგრამ გავჩერდი. ყველა კიდური შემომეყინა ერთად. ნერწყვის ძლივს გადავყლაპე, შემდეგ კი კედელზე გაჭირვებით გადავფოფხდი. ვიცოდი, კარები სულ ახლოს იყო, მაგრამ ვერ შევძელი. ვინმეს რომ ეკითხა, ვერ ვუპასუხებდი, ასე რატომ ვიქცეოდი. ალბათ, საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცებას ვცდილობდი, რომ აქ აღარ დავბრუნდებოდი ან უბრალოდ ასე მერჩივნა. მივდიოდი და თან მიმქონდა ატმის ნერგი. ნერგი, რომელსაც ამოვუთხრიდი ღრმა ორმოს, ჩავრგავდი მიწაში და ყოველ დილით დავუსხამდი წყალს... რომელიც გაიზრდებოდა და მომილოცავდა ჩემს თვეს, ჩემს ვარდისფერ ყვავილებს, ჩემს მზეს, ჩემს ფრინველებს და სახეს, რომელიც ზუსტად ვიცოდი, რომ არასოდეს დამავიწყდებოდა... დ ა ს ა ს რ უ ლ ი ! ### ყველაზე სურნელოვანია, რაც კი დამიწერია. აბა, ვნახოთ, ვის როგორ მოგენატრეთ ;დდ მე კი მომენატრეთ... ძალიან! უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.