შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოლეანდრა (9)


13-03-2018, 23:13
ავტორი MariamG
ნანახია 1 852

“ძლიერ ადამიანზე უბედური ქვეყნად არაფერია. უფიქროდ ყოფნის მწამს, უსიზმროდ ყოფნის.“
*-*-*
კლდის ნაპირას მუხლებზე დაემხო, ჩამქრალი მზერა გააყოლა გემს, რომელიც ოკეანის სიღრმეში მიცურავდა, ტოვებდა მოზამბიკის სრუტეს და სიცოცხლისფერ მაიოტას.
*-*-*

შუაღამე იყო, როცა თავადის სახლი შემზარავმა კივილმა მოიცვა. მსახურებს ვერ გაებედათ თავადთან ასვლა, თუმცა შეშინებულები და დაბნეულები შიშისაგან ერთიანად კანკალებდნენ.
ქალი სასოწარკვეთით, ტკივილიანად კიოდა. თითქოს დარდსა და ფიქრს ამოაყოლებდა და გათავისუფლდებოდა. მხოლოდ ერთხელ გაისმა მსხვრევის ხმა, ერთადერთი „მარგარეტ!“ - ის ღამე წყვდიადმა და სიჩუმემ მოიცვა.

ანტუანი ფრთხილად აკაკუნებდა სებასტიანის კარზე, გასული ღამის გამო, უხერხულობას გრძნობდა, თუმცა არც შემჩნევა ღირდა და მით უმეტეს, არც გარკვევა.
-მანდ რას დაყუდებულხარ, ყმაწვილო?! -ზურგსუკან გაისმა მისტერ კლოდის ხმა, ანტუანი წამში მისკენ შებრუნდა, თავი მისალმების ნიშნად დაუხარა და გზა დაუთმო. მისტერ კლოდმა რაღაც ჩუმად ჩაილაპარაკა, თავადის კარზე ორჯერ დააკაკუნა და გაიჯგიმა. წუთი მიიწურა, კარს კი არავინ აღებდა.
-მისტერ კლოდ, როგორ ფიქრობთ, თავადი გაუფრთხილებლად ხომ არ გავიდოდა? -მორიდებით იკითხა ანტუანმა. მისტერ კლოდმა მობეზრებული მზერა ესროლა, კიდევ რამდენჯერმე დააკაკუნა, თუმცა მოუსვენრობა მეტად დაეტყო. ანტუანმა გაიფიქრა, შესაძლოა, მეტად სასწრაფო საქმე აქვსო და კიდევ უფრო დაიძაბა. სწორედ იმ დროს, როცა კლოდი უკან გაბრუნებას აპირებდა, მომღიმარი სახით გამოიხურა საძინებლის კარი ვივიენმა და თავადის კართან ინტერესით შეჩერდა.
-დილამშვიდობის, ბატონებო! იღბალს გისურვებთ, მისტერ კლოდ!
-მშვიდობამ ჩაიარა, mademoiselle! თქვენს გამოჩენამდე. -თავი სარკასტულად დააქნია მისტერ კლოდმა და კვლავ მუხის უზარმაზარ კარს მიუბრუნდა.
-დროს კარგავთ, მისტერ კლოდ! თავადი სებასტიანი და ქალბატონი, მზის ამოსვლისთანავე სადღაც უკვალოდ გაქრნენ! -შესძახა ვივიენმა. მისტერ კლოდი ნელა მიბრუნდა მისკენ, ჯერ ანტუანს გადახედა, რომელიც ჩვეულებისამებრ, თავდახრილი, ჩუმად იდგა. ვივიენი აათვალიერა და ჩაახველა.
-ნუთუ სატანამ უკვე ისაუზმა?! -ვიდრე ვივიენი რაიმეს იტყოდა, კლოდმა ანტუანს ხელი აუქნია და მასთან ერთად კიბეზე დაეშვა, შემდეგ ერთ-ერთ დარბაზში შევიდა და ქალმა საკეტის ხმამაღალი ტკაცუნი საკმაოდ მკაფიოდ გაიგო.
თუმცა ვივიენი არაჩვეულებრივ გუნებაზე იყო, მარგარეტიც კი ვერ შეძლებდა ხასიათის გაფუჭებას! ვერც თავადის ბრძნული, მწარე და ირონიული დარიგებები, ვერც მისტერ კლოდის უკბილო, შეუფერებელი ხუმრობები და მით უფრო, ვერც მაიოტას წვიმიანი, ქარიანი და ნაცრისფერი დღე!

*-*-*
-სად უნდა გამქრალიყვნენ? -სასოწარკვეთით დაეშვა მისტერ კლოდი ერთ-ერთ სავარძელში. უშედეგოდ დაელოდა ანტუანის პასუხს, აღიზიანებდა კიდეც ეს ყმაწვილი. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს აფასებდა და მის ერთგულებას პატივს სცემდა, ანტუანის დანახვა მაინც ახსენებდა საკუთარ თავს, როცა ახალგაზრდა, სებასტიანის ნაცვლად, მისი განსვენებული მამის, ჟაკ გრეის მარჯვენა ხელი იყო.
მისტერ კლოდი ყოველთვის პატივსაცემი კაცი არ ყოფილა. თექვსმეტი წლის ყმაწვილი იყო, როცა ათი წლით უფროსმა ჟაკ გრეიმ თავისთან დაიბარა, ჩინი მიანიჭა და მას შემდეგ მისივე „ტახტის“ გვერდით, პაწაწინა სავარძელზე დასვა. საწუწუნო კლოდს არაფერი ჰქონდა, მაიოტას ახალგაზრდა თავადი ენდობოდა, უზიარებდა ცხოვრების მნიშვნელოვან და უმნიშვნელო დეტალებს, აფასებდა მის ერთგულებასა და სიყვარულს, სწავლის უფლება მისცა, კლოდის ყველა ახალგაზრდულ ახირებას ღიმილითა და ხელგაშლილობით ხვდებოდა. ჟაკ გრეის დამსახურება გახლდათ, კლოდი რომ პატივსაცემი და მაღალი წრის კაცი გახდა, თუმცა წლების შემდეგ, მისტერ კლოდის ცხოვრებაში, თითქოს ორმაგი როლი გაჩნდა - აღარ იცოდა თავადის მარჯვენა ხელი ყოფილიყო, თუ ოჯახსა და საკუთარ პატარა, თუმცა შემოსავლიან ცხოვრებას მიბრუნებოდა. აქ გახდა მისტერ კლოდის ერთადერთი მეგობარი -კარჩაკეტილობა. ვერაფრით უღალატებდა თავადს, რომლის გარეშეც, ქუჩის უბრალო მაწანწალა იქნებოდა. მეორე მხრივ, გული სწყდებოდა, რომ არც შვილების ყოლის ფუფუნება ექნებოდა, არც საყვარელი ქალის ცოლად შერთვის. ჟაკ გრეის გვერდით ყოფნა, მართლაც მის გვერდით ყოფნას გულისხმობდა, დღე იქნებოდა თუ ღამე. მიუხედავად იმისა, რომ მისტერ კლოდის ერთადერთი ოცნება საკუთარი სახლი, პატარა, თბილი ოჯახი იყო, თავადის ერთგულებამ და პატივისცემამ აიძულა, ოცნებებზე უარი ეთქვა და ცხოვრება თავადების ოჯახისათვის დაეკავშირებინა. აფასებდა ოციოდე წლის ანტუანის თავდადებას, თუმცა მასში იმ წარსულს ხედავდა, რომელიც მთლიანად შეეწირა თავადების კეთილდღეობას.
-ანტუან, ჩამოჯექი. -ხმა შეცვლოდა მისტერ კლოდს. წარსულის მტკივნეულ მოგონებას მაინც ჰქონდა შერჩენილი საკუთარი ძალა. ანტუანი მის ნებას დაჰყვა. დაბნეულმა ახედა შევერცხლილ მამაკაცს, რომელსაც პირველად, შესაძლოა, სრულიად შეუმჩნევლადაც, ანტუანის მიმართ ტონი დაუთბა და მზრუნველი მშობელივით შეჰყურებდა ერთგულ თვალებში.
-შეყვარებული ხომ არა ხარ? -ეჭვით გახედა კლოდმა.
-არა, ბატონო!
-ასეც ვიცოდი, სად გაქვს დრო, რომ ქალებს უყურო? -გაეცინა კლოდს. -ასე ნუ მიყურებ, ყმაწვილო! მეც მომეხსენება, რომ უცნაურად გამოვიყურები!
-ვერ ვხვდები მისტერ კლოდ, რის თქმას ცდილობთ? -გაეღიმა ანტუანს.
-ძალიანაც კარგია, რომ ერთგული ხარ. შენს თავდადებას და მონდომებას ვაფასებ, მაგრამ შორს გაიხედე, ახალგაზრდავ! სამყარო ძალიან დიდია და ის თავადის გარშემო არ ბრუნავს. ერთი დღე იქნება და ეს შენი თავადი ბედნიერი გაიღვიძებს, აღარც ეშმაკის მოციქულების ჩამოსვლას ახარებ, იმასაც მიხვდები, რომ აქ დადგმული სპექტაკლი დასრულდა, ამ თეატრს ვადა გაუვიდა და მოძველდა. მაყურებლები აღარ გეყოლება, შენ კი ერთადერთი დარჩები, ვისაც უამრავი სურვილი ექნება, მაგრამ გასაკეთებელი - აღარაფერი. სადმე ხომ უნდა გქონდეს მისასვლელი, რომ დაღლილი ჩამოჯდე, შენს ნებაზე დაიწუნო ეს ცხოვრება და მხარზე თბილი ხელი იგრძნო?! -შეჩერდა კლოდი. მეტისმეტად უცნაურად, უფრო სწორად, მისთვის შეუფერებლად საუბრობდა, თუმცა ამას ვინ იკითხავდა, როცა ახლახანს იგრძნო, რომ ამ ყმაწვილის ბედი აღელვებდა? -იმას ვამბობ, რომ... იფიქრე ოჯახსა და შვილებზე. ნუ დაელოდები,რომ თავადს შეურაცხადი ცოლი, ან ქალის ფორმაში გადაცმული სატანა შვილებს გაუჩენს, რომ შენ მერე მათ ემსახურო! -ხელი აიქნია კლოდმა. ანტუანს გულწრფელად გაეღიმა. მაშინღა იგრძნო, მართლაც დიდი დრო გასულიყო, რაც საკუთარ თავზე აღარ ეფიქრა. რა თქმა უნდა, სებასტიანი არასდროს დაუშლიდა თუკი მოისურვებდა ერთი, ან ორი დღე საკუთარი თავისთვის დაეთმო. პირიქით, გაუხარდებოდა კიდეც თავადს, რომ ანტუანი ახალგაზრდობის ტკბილ წლებს ტყუილად არ კარგავდა, მაგრამ ანტუანი სხვა გაგების იყო. მისთვის თავისუფლება მეგობრობაში იყო. ის კი თავს ქვეშევრდომად არასდროს გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ასე ჩანდა, ანტუანს გულწრფელად სწამდა, რომ იგი თავადის მეგობარი იყო და ამ მეგობრობაში ხედავდა ყველაზე მოუბეზრებელსა და ნამდვილს - გულწრფელობას. ასეც იყო. სებასტიანის გულთან ყველაზე ახლოს, ანტუანი იდგა და თავადის თვალში, მცირეწლოვანი ყმაწვილი ყველაზე უფრო მაღლა იდგა.
-მადლობელი ვარ, ბატონო! ამ სიტყვებსა და მზრუნველობას არ დაგივიწყებთ! -სიხარულით შესძახა ანტუანმა და თვალები იმედიანად გაუბრწყინდა. მისტერ კლოდი თითქოს ძველ ტყავს დაუბრუნდაო, წამში გასწორდა, ანტუანს უკმაყოფილოდ გადახედა
-სულაც არა ვზრუნავ შენზე, ყმაწვილო! -ტუჩი აიბზუა მან. ვეღარ მოატყუებდა ანტუანს, ახალგაზრდას მაინც გამოეჭირა მოღალატე, გულწრფელი მზერა, რომელმაც კლოდი გაყიდა.
-საერთოდაც, ამ საკითხზე არ მსურდა დროის კარგვა! -კბილი გამოჰკრა მისტერ კლოდმა. -მე სულ სხვა, მნიშვნელოვან იდეებზე მაქვს სალაპარაკო თავადთან, მაგრამ ჯერ შენი დახმარება მჭირდება! ვხედავ, შენი სიტყვა მეტად საყურადღებოა მისთვის, მეც შენი გზით ჩემს მიზნამდე მივაღწევ! -ვითომ არაფერიო, ისე დაასრულა მონოლოგი კლოდმა და ჩანაწერებს მიუბრუნდა, რომელიც მანამდე მაგიდაზე შემოედო და დავიწყებოდა კიდეც.
-რას გულისხმობთ, მისტერ კლოდ? -დაიბნა ანტუანი.
-ენას კბილი დააჭირე, ღმერთო, რამდენი ლაპარაკი სცოდნია?! -გაცხარდა კლოდი და საქაღალდე იქვე დაახეთქა. -მომისმინე და არაფერი თქვა! წელიწადი სრულდება, რაც მოვლენილი სასჯელი თავზე დაგვტრიალებს -თავს ზემოთ წრიულად მოხაზა სივრცე კლოდმა, საგულისხმო იყო, რომ ვივიენზე საუბრობდა. -უცნაურად არ გეჩვენება, რომ არც ძვირფასი მამა ეძებს, არც თვითონ ჩქარობს?! რა თქმა უნდა, გეჩვენება! -დასძინა მან.
-მისტერ კლოდ, მომიტევეთ, მაგრამ არ გეთანხმებით. -აღნიშნა ანტუანმა.
-ღმერთმანი!
-ქალბატონს რომ ცუდი განზრახვა ჰქონოდა, წელიწადს არ დაელოდებოდა! მერწმუნეთ, ბოროტებას ათჯერ უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე სიკეთეს!
-თავგზას ნუ მიბნევ, ანტუან! -ნირი წაუხდა მისტერ კლოდს. -მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ თავადის კარს უბედურება უახლოვდება! ეს ეშმაკის ნაშიერი აქედან თუ არ წავა, უსათუოდ დავიღუპებით! ამას მარგარეტიც ემატება. კაცს ცოლი გარდაცვლილი ეგონა, ერთ დღეს კი გემით ისე უგზავნიან, თითქოს საშობაო საჩუქარი იყოს! ნუთუ არ გაგჩენია კითხვა, რატომ ან ვინ გაამგზავრა მარგარეტი? რატომ დაგვაჯერეს, რომ გარდაიცვალა? ვინ აწამებდა ისე, რომ ქალს ფსიქიკა ერთიანად დაუნგრიეს? ხომ ხედავ, წამით აღარ ასვენებს თავადს! -ანტუანს ხასიათი გაუფუჭდა. არ მოსწონდა თავადზე მის ზურგსუკან საუბარი. იცოდა, რომ სებასტიანი მისტერ კლოდის ფიქრებს უსიტყვოდ ხვდებოდა, თუმცა არ სურდა, თავადაც სცოდნოდა. რაც ნაკლები იცოდა, ტვირთიც მეტად მსუბუქდებოდა მის მხრებზე.
კარზე კაკუნით შეატყობინეს, რომ თავადი დაბრუნდა.

*-*-*
ვივიენი სავახშმოდ მიდიოდა, როცა წინ მარგარეტი გადაუდგა. ქალს სახეზე ფერი არ ედო, ტუჩები გასთეთრებოდა და თვალის უპეები ამოსიებოდა. რამდენიმე დღე იყო, რაც ვივიენს ქალი არ ენახა, თუმცა საგრძნობლად დაეკლო წონაში და აღარც მისი არისტოკრატული გარეგნობა სჭრიდა თვალს.
-უნდა ვისაუბროთ! -ხმამაღლა დასძინა ქალმა. ვივიენს გაუკვირდა, მიმოიხედა, მხოლოდ ერთი მოსამსახურე დასტრიალებდა საგანგებოდ გაშლილ მაგიდას. არ იყო მასთან საუბრის ხასიათზე, თუმცა უარს ვერაფრით ეტყოდა. აშკარა ხომ იყო, გასულ ღამეს შემზარავად სწორედ მარგარეტი ყვიროდა, ამაზე მისი გარეგნობაც და ხმის ტემბრიც მიუთითებდა.
-როგორც გენებოთ. -ერთმა წუთმა მშვიდად ჩაიარა, შემდეგ კი ვივიენს თვალი ვერცხლის მბზინვარებამ მოსჭრა. მარგარეტს ადამიანური სახე დაეკარგა, მის ხელში დანა ბზინავდა და ბასრი პირი ვივიენისაკენ დაეხარა. ქალი უკან გადაიწია, თუმცა მარგარეტი არც ამას შეუჩერებია, კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა მას.
-მითხარი, რატომ მართმევ მას? -ყვიროდა ქალი. ვიდრე ვივიენი გამოერკვეოდა, ტკივილი იგრძნო. ვივიენის ლოყა ალისფრად შეიფერა, ქალს მისთვის სილა გაეწნა. წამოენთო ვივიენი, მის თაფლისფერ სფეროებში ცეცხლი აგიზგიზდა, სული გაევსო ზიზღითა და დამცირებით. წარსული ტკენა გაუღვიძა მარგარეტის დაუფიქრებელმა, თავხედურმა ქცევამ.
-მაშ ასე, არა? ჩემთან თამაში გადაგიწყვიტავთ, თავადის ერთგულო მეუღლევ! -მისკენ დაიძრა ვივიენი. მარგარეტს თითქოს ბრძოლის ჟინი სადღაც დაეკარგა, შეშინებული იდგა გაბოროტებული, გამწარებული ქალის წინაშე.
-და მაინც, მარგარეტ, თავს რის უფლებას აძლევთ? ნუთუ გარდაცვლილის ყველა დაკარგული ღირსება აღიდგინეთ? თავი ყოვლისშემძლე ხომ არ გგონიათ? ეს თქვენ გამოჰგლიჯეთ საკუთარი ქმარი თქვენს თავს, ეს თქვენ მოკვდით მაშინ, როცა სებასტიანს ცოცხალი უნდოდით! ეს თქვენ დასამარდით მაშინ, როცა მისთვის თქვენი სიყვარული ცეცხლივით მწველი უნდა ყოფილიყო.
-კმარა!
-ასეა, არა? როცა მოისურვებთ, სილას გამაწნავთ, როცა მოისურვებთ, გამაჩუმებთ კიდეც?! არა, ძვირფასო მარგარეტ, მე თქვენთვის არავინ და არაფერი წამირთმევია. მეტიც, ენერგიაც კი არ დამიხარჯავს იმის მისაკუთრებაზე, რასაც პატრონიც კი არა ჰყავს! -კონტროლი დაეკარგა ვივიენს, მის გარშემო მხოლოდ ცეცხლი იყო, რომელშიც მარგარეტს წვავდა. საბოლოო შანსი იყო, რომ მის შიგნით მცხოვრებ არსებას ფრთები გაეშალა და მწვერვალზე ასულიყო.
-გაჩუმდი! -კიოდა მარგარეტი.
-ცივი მიწა მიაყარა ახალგაზრდა თავადმა ცოლს, რომელმაც მემკვიდრის დატოვებაც კი ვერ მოასწრო, სადღაც უკვალოდ გაქრა, გარდაიცვალა! მისი ცხოვრება ქვრივის ჩრდილში მოაქციეთ, და მაინც, ბედავთ და უღირსი, მკვდარი, ვერგაცოცხლებული, ფეხებში მივარდებით და მემუდარებით! -ვივიენმა მარგარეტის სუსტ მაჯას ძლიერად გაჰკრა ხელი, ვერცხლის დანა წკრიალით დავარდა. სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა დარბაზში. მხოლოდ გაათმაგებული სუნთქვა ისმოდა.
იმედგაცრუებული შეჰყურებდა სებასტიანი ვივიენის ფეხქვეშ დაცემულ მარგარეტს. მხოლოდ ვივიენს მოეღერა ყელი, თავი აეწია. შემზარავი იყო მისი სულის ჩაცინება, რომელმაც ყველაფერი ფერფლად აქცია.

ვივიენი ჩუმად იჯდა საკუთარ საძინებელში და მომხდარზე ფიქრობდა. არაფერი ახსოვდა, საკუთარი თავისა არაფერი გაეგებოდა. სარკეში ჩახედვისაც ერიდებოდა, ეშინოდა, რომ ქალს კი არა, ეშმაკს დაინახავდა. იჯდა გამართული, თუმცა შინაგანად კანკალებდა. გული თითქოს თავისივე ხელებით გამოეწურა და ხელისგულებზე შემხმარ სისხლს ვერაფრით იშორებდა. კარის ხმით მიხვდა, რომ მასთან თავადი შევიდა. სებასტიანი სავარძელში ჩაესვენა, ღრმად ამოისუნთქა და ვივიენს გახედა. დიდ ხანს აკვირდებოდა ქალს, რომელიც მისთვის სამყაროს ორ უკიდურესობასთან ასოცირდებოდა. უყურებდა და ვერ ხვდებოდა, რატომ იმეტებდა ღმერთი სილამაზეს ყველაზე მახინჯი სულებისათვის. უყურებდა და ნატრობდა, ერთხელ მაინც დაბრუნებულიყო პატარა ვივიენი, რომელსაც სამყაროს ბოროტებაზე წარმოდგენაც კი არასდროს ჰქონია.
წუთები გავიდა ასე, უსიტყვოდ. საათამდეც კი გაიწელა. სიჩუმე მხოლოდ ერთადერთმა, დამანგრეველმა ფრაზამ დაარღვია :
-მინდა, რომ გაემგზავროთ. -ვივიენს სიცივემ დაუარა სხეულში. თავადს ახედა, რომელიც მშვიდად უმზერდა მას.
-რაც თქვენს ცოლს ვუთხარი, ცუდად გამოვთქვი, თუმცა მართალი იყო. ამის გამო თუ მაგდებთ, ნება თქვენია!
-ამის გამო არა, ვივიენ! -მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. დაბნეულობითა და გაოცებით სავსე.
-მაშ, რა მიზეზია?
-მარგარეტის სიტყვებში არის ჭეშმარიტება, რომელსაც მხოლოდ სულელი ვერ ხედავს.
-მე რომ თქვენი მისაკუთრება მსურდეს, ამას გავაკეთებდი კიდეც! -გამოსცრა ვივიენმა. თავადს გაეღიმა.
-ძვირფასო, ეს იმაზე მეტად რთულია, ვიდრე თქვენი ლაბირინთული გონება წარმოიდგენს! ზრდასრული ბრძანდებით, ქალურიც, გონებაც გიჭრით. მითხარით, რატომ აირჩიეთ ეს გზა? რატომ მოისურვეთ, რომ უსარგებლო ნივთივით მოესროლეთ ადამიანებს?
-ჩემი განცდილი ტკივილის მეორედ განცდა აღარ მსურს, თავადო! ვიცი, მეტჯერ ვეღარ ვიქნები კარგად.
-მაშ, სიცარიელე გდომებიათ!
-ჩემი სულგრძელობა ჩემს სიტყვებში არაა, ნუ ეძებთ მას!
-არც სულმოკლეობაა სადმე. -გაეღიმა თავადს. -ვივიენ, თუ ეს ჩვენი გულწრფელობის კიდევ ერთი გამოვლინებაა, მაშინ მოურიდებლად გეტყვით, თქვენს შესახებ აღარაფერი მადარდებს! მადარდებდა, მაგრამ ფასი დაეკარგა. აღარ ვკითხულობ რამდენად სულმოკლე ხართ თქვენსავე ტყავში, რადგან აღარც მზე გადგებათ ჩემგან, რომ ჩრდილი შეიქმნათ. არაფრად ვარგისი სიტყვებია ისიც, რაც ჯერ არ გითქვამთ და ენაზე გადგებათ. მერწმუნეთ, ძვირფასო ვივიენ, თქვენგან აღარაფერია საჭირო. დასასრული წინასწარ ვიცით. -წამოდგა თავადი, ვივიენს მიუახლოვდა, დამშვიდობების ნიშნად, ხელზე ხელი მოჰკიდა, მისი ოკეანისებრი სფეროები ვივიენის მოგიზგიზე ცეცხლს წამში აქრობდა, ნაპერწკალსაც კი აღარ უტოვებდა. ღელავდა მათ შორის ოკეანე, და ცეცხლის ენები იჭრებოდნენ ჰაერში. თითქოს კვამლად ქცეულიყო სივრცე და სუნთქვა მხოლოდ ერთში იგრძნობოდა - მასში.
იმ წვიმიან, ქარიან ღამეს, ბედად გაისმა ჭექა-ქუხილის დამანგრეველი ხმა, როცა ვივიენის წითელ ბაგეს ფრთხილად შეეხო თავადი. სადღაც მეხი გავარდნილიყო, ორს შორის კი მოციქული მხოლოდ კოცნა რჩებოდა.
-მძულხარ, ვივიენ. ყველაფერზე უფრო ძლიერად!

*-*-*
გულწრფელობას არასოდეს გაუმარტივებია ცხოვრება. პირიქით - ადამიანები ძლიერ ეჩვევიან ყალბ ადამიანებს, გულწრფელობა კი ხიდის გამაგრებას ნიშნავს, რომ არ ჩატყდეს, ეს კი მეტად ერთულებათ და აღარაფრად არგიათ ადამიანებს.
აღარც მონატრებაა ძველებური : რომ უნდოდათ მუდამ ახლოს ყოლოდათ, სულს ხომ სულის მაშინ ესმის, როცა სხეული სხეულს სითბოს უნაწილებს. სხვაგვარი გახდა მონატრება - იმიტომაც გენატრება, რომ დასასრულს გრძნობ და ამ დასასრულში არის ჭეშმარიტი, აუტანელი ტკივილი დამშვიდობების, გარდაუვალობის, ვერშეგუების. იმიტომაც მოგენატრება ადამიანი, რომ აღარასდროს ნახო, მისი სუნი აღარ იგრძნო, შენს სხეულსაც მოაშორო მისი კვალი და ყველას ნაბიჯი მისი ნაბიჯებით არ ზომო, სახლამდე მისასვლელი მანძილი არაფრით დაიგრძელო, მის ლოდინში დრო მეტად აღარ გაწელო.
მონატრებაა, როცა გინდა, რომ წასვლის დრომდე უფრო ადრე წავიდეს. ასე ხომ თავს დაიმშვიდებ? იფიქრებ, მისთვის დავმთავრდი, მოვრჩი და წავიდაო. აპატიებ, ან თავსაც შიგნიდან ამოიჭამ, დარდად იქცევი და სულს შეიხუთავ.

დაუმშვიდობებლად შეკრა ბარგი ვივიენმა. მისი გემი ოკეანის შუაგულში მიცურავდა. თავადი კლდის ნაპირას იდგა, ოკეანისებრი სფეროებით მისჩერებოდა გემს. რაღაც იხრწნებოდა მასში, რაღაც ძალიან ღრმად დამალული, დაფარული და ხელშეუხებელი. ძლიერი ქალი იყო ვივიენი, ასე დაინახა თავადმა, როცა ქალი უსიტყვოდ წავიდა.
გემი ჰორიზონტს უახლოვდებოდა.
სამუდამოდ დაანგრია სებასტიანმა ვივიენ რიჩარდსი და ამით გამარჯვების სიამოვნებას ვერაფრით გრძნობდა.
ხომ დაჰპირდა, ბოლო დარტყმა ჩემზე იქნებაო?! ასეც მოხდა. ქალს იმაზე მეტად ვერ ატკენ, კოცნით რომ შეძლებ.
გემი ჰორიზონს გასცდა. მზეც ჩავიდა. მაიოტაში იმ საღამოს სამუდამოდ ჩაესვენა მზე. თავადი მუხლებზე დაემხო.

*-*-*
-საცოდაობაა, ადამიანი წარსულს მისტიროდეს, მაგრამ ხომ იყო მასში რაღაც ძალიან ლამაზი, ძალიან სუფთა?! ვივიენ რიჩარდსი ის იშვიათი ქალი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც საკუთარი თავი გატეხა. მას არასდროს ჰქონია სიცილის ბედნიერება, არც სიყვარულის და არც მეგობრობის. ის ტანჯვის შვილი იყო. უნდა აერჩია, ან მე მოვეკალი, ან საკუთარი თავი.
-სებასტიან, ნუთუ ყველაფერი იცოდი? -შეკრთა მისტერ კლოდი.
-რა თქმა უნდა, მისტერ კლოდ. ვივიენ რიჩარდსი აქ პირობით ჩამოვიდა, თუკი შეძლებდა და მომკლავდა, თავისუფლებას მიიღებდა. -ღვინის ბოკალი ბოლომდე დაცალა სებასტიანმა და კიდევ ერთხელ შეივსო. -გულის სიღრმეში იცოდა, რომ ხელცარიელი მამას არაფერში სჭირდებოდა. წარმოდგენა არა მაქვს ცოცხალია, თუ მკვდარი! ამას ვეღარც შევიტყობთ, მისტერ კლოდ.
-ამაში ხომ...
-დადებითიცაა? რა თქმა უნდა! იცით, რატომ? მე ის მძულს! ჩემი მტერი დამნებდა, ამაზე მეტად რა უნდა მახარებდეს?
-შვილო -გაეღიმა მისტერ კლოდს. სებასტიანის ამღვრეული, სევდანარევი მზერა მოღალატედ იჯდა თბილ დარბაზში. -ნუთუ ასე განიცდი?
-ჯერ უნდა შემძულდეს, რომ შევიყვარო, კლოდ!



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Ramdeni xania velodebiii. Rom icodet amdenxans argamacamebditt. Saocari rameaaa. Esaa damaluli grznobebis faruli chidili, samefo intrigebis preludia. Da grNobebis gadmocemis saocari unariii. Zalian gtxov nu daagvianebbbbbb

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

Qeti qimucadze
Ramdeni xania velodebiii. Rom icodet amdenxans argamacamebditt. Saocari rameaaa. Esaa damaluli grznobebis faruli chidili, samefo intrigebis preludia. Da grNobebis gadmocemis saocari unariii. Zalian gtxov nu daagvianebbbbbb

დიდ ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის. ვიცი, რომ ასე ელოდებით და ძალიან მრცხვენია.. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის <3 ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ.

 


№3  offline წევრი Niin))

ისტორიის კითხვა არ დამიწყია, ველოდები როდის დაასრულებ.
ეჭვიც არ მეპარება რომ საუკეთესოა :))))
ისეთი გოგო ხარ, სხვანაირად არც გეკადრება <333

შენი ერთგული მკითხველი, N
<3

 


№4  offline ახალბედა მწერალი MariamG

Niin))
ისტორიის კითხვა არ დამიწყია, ველოდები როდის დაასრულებ.
ეჭვიც არ მეპარება რომ საუკეთესოა :))))
ისეთი გოგო ხარ, სხვანაირად არც გეკადრება <333

შენი ერთგული მკითხველი, N
<3

ჩემო ერთგულო მკითხველო, უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ ასე მელოდები. კიდევ უფრო დიდი მადლობა, რომ ჩემში ეჭვი არ გეპარება.
უდიდესი ბედნიერებაა <3

 


№5 სტუმარი 111

აღარ აგრძელებ?

 


№6 სტუმარი teoo

rodis gaagrdzeleb ??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent