ოლეანდრა (6)
„ჩრდილქვეშ მოექცა ეშმაკის ცალი ფრთა. ასხივებდა მხოლოდ ნათელი, ღვთიური სისპეტაკე“ *-*-* მარმარილოზე სისხლივით დაიღვარა კაბის კალთები. ყელმოღერებული, თავაწეული მობრძანდებოდა ქალი. მისი თვალებით ადევნებდა სხეულში ჩასვენებული ეშმაკი გარემოს თვალყურს. წითური თმა მაღლა აეწია ქალს, პაწაწინა დალალები ეცემოდა მისი ლავიწების სწორხაზოვნებას. სრულყოფილი იყო ვივიენ რიჩარდსი, სრულყოფილი და ღვთიურად ლამაზი. დარბაზში თითქოს ჰაერი ერთ მუჭად შეგროვდა, შეიკრა და დაიცალა. შიშით, კრძალვითა და სიამაყით აღვსილი მზერა დაეცა ქალის თოვლივით თეთრსა და ნაზ სახეს. კიბის ბოლოს შეჩერდა ქალბატონი, მწველი მზერა მოაშორა სივრცეს და კედელში გამოყვანილი, ჩუქურთმიანი სარკისაკენ იბრუნა პირი. შეცხადების სიმძიმემ ოხვრად გადაუარა დარბაზში შეკრებილებს. ზოგმა გულზე იტაცა ხელი, ზოგს მხოლოდ იმის ძალა ეყო, ადგილზე აკანკალებულიყო და ქალის ზურგისათვის ეცქირა. ზურგშექცევით იდგა ვივიენი, გამართული, ამაყი და ჩამოშლილ დალალებს თმაში ახვევდა. მხოლოდ ერთის მზერა სწვავდა იარებს და ის ერთადერთი დარბაზის ბოლოში იჯდა, საყვარელ ღვინოს შეექცეოდა და საერთოდაც არ უყურებდა ქალს. ვივიენმა ღრმად ჩაისუნთქა, ღიმილით შებრუნდა სტუმრებისაკენ და დარბაზის შუაგულისკენ დაიძრა. არცერთ მათგანს არ შეეძლო ხმის ამოღება, არც მისალმების საპასუხო რეაქცია ჰქონიათ. იდგნენ, უყურებდნენ და უკვირდათ. თითქოს უხილავი ძაფები ხილული გახდაო, ათეულობით მზერა ვივიენიდან სებასტიანს დაეცა და მათ შორის გაიყინა. მაიოტას თავადი შორიდან, კრძალვითა და დაუფარავი სიამოვნებით ათვალიერებდა ქალს. -საღამომშვიდობისა, ძვირფასო. შესანიშნავი ხარ! -წამოდგა თავადი. ხელი გაუწოდა ვივიენს და მისი ნატიფი თითები თავისაში მოიქცია. მხოლოდ წამით შეხვდნენ მათი თვალები ერთმანეთს. მხოლოდ წამით ჩააქრო სებასტიანის ოკეანეებმა ვივიენის ცეცხლის ენები. შემდეგ თავადმა საოცარი დახვეწილობით დაუკრა თავი იქ მყოფთ და ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. -ვიდრე საღამოს ყოველი წამით ტკბობას მივეცემოდეთ, მინდა სიამაყითა და პატივისცემით გავაცნო ჩემს საზოგადოებას ორი ადამიანი, რომელმაც მაიოტას მშვენიერებას კიდევ უფრო მეტი შესძინეს. -სებასტიანის ირონიული მზერა დაეცა ანდრე მორელს, რომელიც ვივიენის გამოჩენის წამიდან კუთხეში მიმწყვდეული, დამცირებული და გაკვირვებული იდგა. მის თვალებში იკითხებოდა ბრაზი, გაოცება და ცუდი წინათგრძნობა. წინათგრძნობა, რომ გასული ღამის შემდეგ, თავადი აღარაფერს შეარჩენდა. არადა სურდა, ხალხმრავლობაში გაპარულიყო, ნივთები წამოეკრიფა და მაიოტა დაეტოვებინა. -მესიე ანდრე და mademoiselle ვივიენ, გთხოვთ, წინ გამოხვიდეთ. -ვივიენი თითქოს ჩანაფიქრს მიუხვდაო, თამაშში აჰყვა თავადს. ერთი ნაბიჯით მოშორდა სებასტიანს, გვერდით გადაიწია და მორელს დაუთმო სივრცე. ანდრე ყალბი ღიმილით დაიძრა მათკენ, პატივით ტკბობის წამებს მიეცა. მაინც სურდა თითოეული კრძალვით გაღებული მზერა მიესაკუთრებინა და მათ წინაშე ღირსეული წარმდგარიყო. მიახლოებისას, ჯერ თავადს გაუსწორა მზერა, შეცბუნებულმა და დამცირებისათვის განწირულმა, შემდეგ კი ვივიენს გადახედა მუქარით სავსე მზერით. შიში არ დასტყობია ქალის სახეს. მის ნაზ, საოცარ ნაკვთებს არც კი შეჰხებიათ ზიზღის ტალღა. მხოლოდ იდგა, საპასუხოდ უყურებდა და კიდევ უფრო მზაკვრულად ეღიმებოდა. -მესიე ანდრე! -შესძახა თავადმა. -ჩვენი პატივსაცემი ბატონი შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებულა, ვიდრე მონატრებულ მხარეებს მიაშურებდა, მოზამბიკის სრუტის ჰაერი ღრმად ჩაუსუნთქავს და პირველიც მე გავხსენებიხარ. -მხრები აიჩეჩა სებასტიანმა. მორელს გულწრფელი გაკვირვება დაეტყო, სტუმრებს გადახედა და მათ მხიარულ სიცილზე აიწურა, ოფლი მოუვიდა. მის გვერდით მდგომი ქალბატონიც იცინოდა, თუმცა წარმოდგენა არავის ჰქონდა - რატომ. -რა საქმიანობას ეწევით, მესიე? -გაისმა დარბაზში კითხვა. აქეთ-იქით გადაიწიეს სტუმრებმა და შუაგულში, ღვინის ბოკალით ხელდამშვენებული მისტერ კლოდი გამოჩნდა. მორელმა თვალები გადაატრიალა, ხელები ჩამოყარა და გულმოსულმა ზიზღით გადახედა შევერცხლილ მამაკაცს. -ასე ვთქვათ... -დაიბნა იგი. როგორ იტყოდა, სხვადასხვა მხარის თავადებს ვძარცვავო?! პროფესია არც კი ჰქონია. არასდროს. ზოგიერთი ქუჩის მაწანწალად იცნობდა, ზოგს უკეთესი სახელიც ჰქონდა მოფიქრებული - თაღლითი. ადამიანების გარკვეული ნაწილი ანდრე მორელს მოხეტიალე ილუზიონისტსაც კი უწოდებდა. მას შეეძლო გაექრო ნივთები, მოვლენები და საკუთარი თავი ისე ოსტატურად, რომ თვალის დახამხამებაში მისი არსებობა დავიწყებას მისცემოდა. -მესიე ანდრე კოლექციონერია. -ჩაერია თავადი და ნასიამოვნები სტუმრების წყვილ-წყვილი მზერაც მორელს დაეცა. საზოგადოება წამში აღფრთოვანდა მისით. -მას ისეთი იშვიათი ნივთები აქვს... თუმცა არასდროს გვიყვება როგორ მოიპოვა ისინი. -წყენით აიწურა მხრები თავადმა. -განა საოცარი არ არის, რომ ეს ორი პატივსაცემი სტუმარი ერთ დროს ესტუმრა მაიოტას, თანაც საერთო წარსულით? -გააჟღერა მისტერ კლოდმა. ვივიენს წამით სუნთქვა შეეკვრა, ბრაზი დაუგროვდა მკერდში და ძლიერად მოაქცია მარწუხებში. თუმცა თავადს ენდობოდა, იცოდა, რომ ეს საღამო მისი დამცირებისთვის არ გამართულა. ხვდებოდა, რომ სებასტიანს მორელის მიწასთან გასწორება ჰქონდა მიზნად. ისეც რომ ყოფილიყო, თავადს ერთი გასროლით ორი კურდღლის გამოჭერა მოენდომებინა, ვივიენი საკუთარ თავსაც გასწირავდა, ოღონდ იმ საღამოს მორელის ხსენება სამუდამოდ ჩაბარებოდა წარსულს. მისტერ კლოდის წინადადებამ მითქმა-მოთქმა იმ წამსვე გამოიწვია, აჩოჩქოლდნენ, ერთმანეთში გაუთავებელ ჩურჩულს მოჰყვნენ და ქაოსი შექმნეს. თავადმა სიჩუმის ნიშნად ხელი ასწია, თუმცა უცნაურად უცინოდა ბაგე. -დიახ, ანდრე მორელსა და ვივიენ რიჩარდს საერთო წარსული აქვთ. წარმოიდგინეთ ჩემი და ქალბატონის გაოცება, როდესაც კარში საერთო ნაცნობი გამოჩნდა. იმ საღამოს მე და mademoiselle რიჩარდსი ოკეანის ნაპირებთან ვსეირნობდით. შინ დაბრუნებულებს კი ეს საოცარი ადამიანი მოგვყვა. მესიე ანდრე, ქალბატონის მამის მარჯვენა ხელი გახლდათ. გსმენიათ ალბათ ძველი ამბავი, როგორ გაძარცვეს მესიე რიჩარდსი, როგორ გაანაწყენეს მისი ერთადერთი ქალიშვილი. იმ დროს რიჩარდსებმა ძვირფასი ნივთი დაკარგეს. დღემდე არავის ეცნობოდა მესიე ანდრე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფერი არასწორად გავიგეთ და ანდრე მორელი მხოლოდ უსიამოვნებაში გახვეული მსხვერპლია. -დასძინა თავადმა. ეს კი სრულიად საკმარისი იყო, რომ სტუმრები აღელვებულიყვნენ. წარმოუდგენელი იყო, მათ შორის სიწყნარე ჩამოწვა. ყველას გაახსენდა გახმაურებული ძარცვები, არა მხოლოდ რიჩარდსების, არამედ სხვა თავადებისაც. თუმცა დასამალი რა იყო, ერთ-ერთმა, ჩასუქებულმა და თმაგადატკეპნილმა კაცმა კვირეების წინ მომხდარი გაიხსენა, წამოიყვირა, ჩვენი თავადის სახლიდანაც ხომ დაიკარგა ძვირფასი ნივთიო. ეს კი სრულიად აღმაშფოთებელი იყო. თუმცა საქმე მხოლოდ სახალხოდ დამცირებას კი არა, მხილებასაც ეხებოდა. თავადის თამაში მეტად მარტივი იყო : მორელი ყურადღების ცენტრში მოაქცია, მასზე დიდი პატივისცემით ისაუბრა და შეფუთული სიტყვებით ამხილა. ვივიენს გაეღიმა. -ბატონებო, დაკარგული ნივთი, საბედნიეროდ, ნაპოვნია. -ხმა აიმაღლა მისტერ კლოდმა და დარბაზში გამოჩნდა ანტუანი, რომელსაც ხელში პორტრეტი ეჭირა. თავადმა ღრმად ამოისუნთქა, ანტუანს თავი დაუკრა. ბიჭს ხელში ეჭირა ქალის პორტრეტი, რომელიც ოქროს ჩარჩოს გარდა, ოქროს ორნამენტებით მორთულ კაბაში შემოსილიყო. მორელს თვალები გაუფართოვდა, ეტყობოდა, რომ რასაც ჩამოსვლის დღიდან ეძებდა, ის უკვე მის წინ იყო. წარმოიდგინა რამდენად მდიდარი, რამდენად პატივცემული იქნებოდა, როცა პორტრეტს ხელებში ჩაუსვენებდა ჟან ნიკოლა რიჩარდს. გამოისყიდიდა წარსულის ცოდვებს და კვლავ გამდიდრდებოდა. -ეს ელისაბედ გრეი გახლავთ, მაიოტას ულამაზესი ქალბატონი,თავადის დედა. -მათკენ დაიძრა მისტერ კლოდი და ნახატს ფრთხილად შეეხო. გაოცების შეყვირება აღმოხდათ სტუმრებს. -ელისაბედის ხსოვნა მანამ იქნება მაიოტას ფესვებში, სანამ ეს პორტრეტი იარსებებს. სამწუხაროდ, ქურდს მისი აქედან წაღება და ჩვენთვის ყველასათვის ნაცნობი, ჟან ნიკოლას კარზე მიტანა სურდა. -ყალბად ამოიხვნეშა კლოდმა. -თუმცა მადლობა ღმერთს, იგი ხელშეუხებელი დარჩა. რაც მას შემდეგ დარბაზში მოხდა, ბევრად მარტივად შეიძლება აიხსნას: სტუმრებს მამაკაცები გამოეყვნენ, მორელი შუაში მოიქციეს და ყვედრებას მოჰყვნენ. მანამ არ ამოასუნთქეს, სანამ დარბაზში არ გამოჩნდნენ ფორმიანი კაცები. ხელი მოჰკიდეს მორელს. იმავე საღამოს დამტკიცდა მორელის ბრალეულობა ვივიენის დაზარალებაში. რა თქმა უნდა, ზურგზე გაჩენილი იარების დაბრალება აზრად არავის მოსვლია, თუმცა გარკვეულწილად, თავადის სიტყვა ფაქტებზე მეტად დაფასებული აღმოჩნდა. ის საღამო ისე დასრულდა, სტუმრები სახლებში დაბრუნდნენ, თავადი და ვივიენი კი დარბაზში დარჩნენ. შუაში მშვენიერი ქალბატონის პორტრეტი აღმართულიყო და სევდიანად დასცქეროდა სებასტიანს. -მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ ამოუხსნელია, მარტივი და გასაგები თამაში წამოიწყეთ, თავადო. -დაიწყო ვივიენმა. -დახვეწილ მანერებს არც ახლა უღალატეთ, როგორც ყოველთვის. -საჭირო არ იყო მეთქვა, რომ ყველაფერში მორელი იყო დამნაშავე. ამას ისედაც ყველა მიხვდა. ამდენად სულელები არ არიან. -ვხედავ როგორ უყურებთ დედათქვენის პორტრეტს. ალბათ, ცოცხლად უფრო მეტად მშვენიერი იქნებოდა. -არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა სებასტიანმა და ღვინო მოსვა. -ის არასდროს მინახავს. ჩემზე მშობიარობისას მძიმე სენით იყო დაავადებული, მე რომ დავიბადე, დიდხანს არც მას უცოცხლია. რამდენიმე დღე, მხოლოდ. -სიჩუმე ჩამოწვა. თავი დამნაშავედ იგრძნო ვივიენმა, თუმცა თვითონაც არ იცოდა - რატომ. -ყველაფერი გასაგებია, თუმცა ის ვერ გამიგია, საიდან მიხვდით, რომ ანდრეს ამ პორტრეტის მოპარვა სურდა და მითუმეტეს, მამაჩემისათვის ხელში ჩაგდება? -სებასტიანმა ვივიენს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა, მსუბუქად ჩაიცინა და თავი გააქნია. -ამ სახლში ბევრი ძვირფასი ნივთია, თუმცა არცერთი არ არის კავშირში თქვენს გვართან ისე, როგორც დედაჩემის პორტრეტი. ვიცოდი, რომ მორელი ჩემთან ამისთვის ჩამოვიდა. დედაჩემი გლეხის ქალიშვილი იყო. არ ვიცი გსმენიათ თუ არა, მაგრამ ჩვენი გვარები ერთმანეთთან მეგობრობდნენ. მამათქვენი და მამაჩემი ერთი სული და ხორცი იყვნენ.-ჩაეცინა თავადს. - მათ ორივეს ელისაბედი უყვარდათ, თუმცა დედაჩემმა მამაჩემი აირჩია და მასთან საკმაოდ ბედნიერადაც იცხოვრა. მამაჩემი მხატვარი იყო, ეს პორტრეტი მისი შექმნილია. მისი სამოსი მოოქროვილია, მისი სამკაულები - მარგალიტებია. საღებავის ერთი ფენა კი, მორელს მთელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად საკმარის ფულს მისცემდა. რა თქმა უნდა, მამათქვენი მოატყუა. ამ პორტრეტს, ხელოვნებისა და სიმდიდრის ნიმუშს ასე უბრალოდ, პატიებისთვის არ მისცემდა. შემდეგ გამახსენდა, რომ ძარცვის ამბავი მოვიგონე თქვენთვის. ეს ძალიან, ძალიან უხდებოდა მორელს. იმ ღამეს, როცა რაღაც ეძებდა ჩემს დარბაზში, იპოვნა კიდეც, ხელით შეეხო პორტრეტს. მაშინ გამოჩნდით და აღება არ დასცალდა. სამაგიეროდ, მისი შეხება დარჩა ჩარჩოებს. -სუნთქვაშეკრული უსმენდა ვივიენი თავადის ზღაპრულ ჟღერადობას. მუსიკასავით ესმოდა სებასტიანის მარტივი მონოლოგი, სასიამოვნო ახსნა და ლამაზი ამბავი. -შემდეგ ისიც გავიგე, რომ მხოლოდ პატიების მოთხოვნა კი არა, თქვენი ხელის თხოვნაც სურდა, კიდევ ერთხელ. -დაღლილი მზერით გადახედა თავადმა ქალს. ვივიენი შეცბა, საზურგეს მიეყრდნო და თვალები აემღვრა. სიცივე იგრძნო ხელ-ფეხში. სმენად იქცა. -მე თქვენ გითხარით, ვიდრე მაიოტას სტუმარი გქვიათ, უფლებას არავის მივცემ გავნოთ. მის მსგავს ადამიანებს სიყვარული რომ შეეძლოთ, ალბათ არც კი გავრისკავდი თქვენი დაცვით. ვიფიქრებდი, რომ ბოროტმოქმედის ერთადერთი სიყვარული ბრძანდებით. მე ვნახე თქვენი იარები და მივხვდი, რომ იმ ოთახში, სადაც ბევრი სარკეა და სადაც ყოველთვის ცივა, თქვენ თქვენი მიზეზით არ იტანჯებოდით. -თავადი წამოდგა, ღვინო ბოლომდე დაცალა და კარისკენ დაიძრა. ვივიენი ჩუმად უსმენდა თავადს და ქალის პორტრეტს თვალს არ სწყვეტდა. შემდეგ თვალები დახუჭა, მსუბუქად ჩაახველა და გასწორდა. -მაშ, თუკი ყველაფერი ასეთი მარტივი იყო, თუ ასე გქონდათ გათვლილი ყველა დეტალი, რატომ მთხოვეთ ამ კაბის ჩაცმა? რატომ გსურდათ საბოლოოდ აშკარა გაგეხადათ ჩემი იარები? -ოჰ, ძვირფასო, თქვენ წარმოდგენაც კი არა გაქვთ, რამდენ რამეს გავაფუჭებთ, ახლა რომ გიპასუხოთ. -თავადმა უკანმოუხედავად დატოვა დარბაზი. მხოლოდ ვივიენი დარჩა, სანთლის შუქი და პორტრეტი, რომელიც თითქოს საყვედურით სავსე მზერით უყურებდა ვივიენს და ეუბნებოდა - „შეწყვიტე მანამ, სანამ დაიწყებ.“ *-*-* -სებასტიან, თუ ღმერთი გწამთ, შეაჩერეთ. რას სჩადის? -შეწუხდა მისტერ კლოდი და მზერა გააპარა ვივიენისაკენ, რომელიც ქალაქში დასეირნობდა, გზადაგზა ჩერდებოდა და ქალებს ესაუბრებოდა. მათ უღიმოდა, რაღაცის ნიშნად ნაზად უსვამდა მხრებზე ხელს. ახლა კი სადღაც იჯდა, პატარა გოგონებთან ერთად აკეთებდა გვირგვინებს და გულიანად იცინოდა. -მისტერ კლოდ, რაც არ უნდა გააკეთოს, ყოველთვის ასე უყურებთ. -იმიტომ რომ ეშმაკია! -რატომ? ის ხომ პატარა გოგონებთან ზის? -ღმერთო, დიდებულო! -შეჰყვირა კლოდმა და გულზე დაიკრიფა ხელები. -თავადო, ნუ მაფიქრებინებთ, რომ ეშმაკს სული მიჰყიდეთ და თვალებში ფერადი გამოფენა გაქვთ. ფრთხილად, ჩემო ბატონო, ძალიან ფრთხილად! მის თავზე შარავანდედს ნუ შენიშნავთ, ნუ დაგვღუპავთ! -მისტერ კლოდ, ის კარგი ადამიანია, უბრალოდ, გარემოებების მსხვერპლია. -სიტყვა განაგრძნო ანტუანმა. თავადმა სიამაყით გადახედა მის გვერდით მდგომს და მხრებზე მზრუნველად დაჰკრა ხელი. მისტერ კლოდს ნირი წაუხდა. -ენა ჩაიგდე, ბიჭო! -შესძახა კლოდმა. -სებასტიანის ნეკნისგან ხომ არა ხარ გამოძერწილი, ლაწირაკო? უსმინეთ ერთი, როგორ საუბრობს. „ის კარგი ადამიანია, უბრალოდ გარემოებების მსხვერპლია“ -გააჯავრა ანტუანს. -ვაშლი ხომ არ გნებავთ? უყურეთ, ხეს როგორ ეხვევა გველი! -ხელი გაიშვირა კლოდმა ვივიენისაკენ, რომელიც ყველას გასაკვირად, ნაჭრებს აბამდა ხის ტოტებზე. თავადს გაეღიმა, ხელი ჩაიქნია და მისტერ კლოდთან ერთად ქალაქის საბჭოს შენობისაკენ გადაუხვია. მხოლოდ ანტუანი დარჩა იქ, ძელსკამზე ჩამოჯდა და თვალი მოავლო იქაურობას. შენიშნა თუ არა ვივიენმა, მისკენ წამოვიდა, გვერდით მიუჯდა. -მშვენიერი დღეა, ანტუან, არა? -დიახ, ქალბატონო. -ანტუან, რაღაც მინდა გკითხო, ოღონდ ნუ გამყიდი თავადთან, კარგი? -ანტუანმა გადახედა, ხმის ამოუღებლად. ვივიენმა თავი გააქნია. -კარგი, ვიცი რომ გამყიდი. უბრალოდ, თვე იწურება, რაც აღარც კი გასულა კლდის ნაპირას. გემს აღარ ელოდება? ნუთუ, უკვე ჩამოვიდა? -ვერ გეტყვით. -თავი გააქნია ანტუანმა. -ვერ? ეს სიტყვა ხომ არ არსებობს? -შეიცხადა ქალიშვილმა. –„ვერ“ კი არა, „არ“, ანტუან! არ მეტყვი, არა? -მართალი ბრძანდებით. -შორს, ჰორიზონტს გახედა ანტუანმა და თვალი გაუშტერა. -ნუთუ ამდენად ერთგული ხარ? მას ყველა სიტყვას სიზუსტით გადასცემ, ხოლო მის არცერთ ქმედებაზე არ საუბრობ, თუნდაც ეს მხოლოდ დროის საკითხი იყოს და ბოლოს ყველა იგებდეს. -ყველაფერი მხოლოდ დროის საკითხია, ქალბატონო. თუ გნებავთ, ჩვენი საუბარიც დროს მივანდოთ, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც გაგყიდით. თავადზე მხოლოდ იმიტომ არ დაგელაპარაკებით, რომ მე ასე მსურს. მომიტევეთ, მაგრამ იმას ვაკეთებ, რასაც სინდისი მკარნახობს. -მათ შორის აღარაფერი თქმულა. ენაჩავარდნილი იჯდა ვივენი, თითქოს ლაქიასთანაც კი ერიდებოდა საუბარი. საერთოდ, საკუთარი თავიც აღარ ეცნობოდა. რა ხანია აღარ უფიქრია იმ ნამდვილ მიზეზებზე, რისთვისაც ჩამოვიდა.მისი მთელი არსება მხოლოდ იმას მოეცვა, რომ სიმშვიდეში ეცხოვრა. აღარც თავადი იყო მის მიმართ ძველებურად პირქუში. პირიქით, ვივიენს ხშირად ესაუბრებოდა. მხოლოდ მისტერ კლოდს ედებოდა თვალებში ეკლად, თუმცა აღარც ეს კაცი იყო ვივიენისათვის პრობლემა. ადრე, როცა მისი საუბრის მანერა, მისი სახეც კი აღიზიანებდა, ახლა მის ყოველ სიტყვაზე გულიანად ეცინებოდა და მის ისრებივით ბასრ სიტყვებს თავიდან იცილებდა. დრო შეცვლილიყო. შესაძლოა, დროს მართლაც ყველაფრის არევ-დარევა შეეძლო, ან იმდენად დიდ ხანს შემორჩა მაიოტას, რომ გადაავიწყდა კიდეც ნამდვილი მიზეზები. „ფრთხილად იყავი, საყვარელო ვივიენ, ძალიან ფრთხილად! იმ ქალაქს წესად აქვს, მიგიღებს, დაგაპურებს, თავს შეგაყვარებს, მაგრამ არ შეგიყვარებს. თუ მისი მიწიდან არ ამოიზრდები და მისსავე მიწაში არ დაიმარხები, თავისად არა გცნობს. მაიოტას ჰაერით არ ისუნთქო, მისით აივსე.“ -გაახსენდა ვივიენს და უსიამოვნოდ გასწიწკნა გულში რაღაცამ. ნეტავ, მართალი იყო სიტყვების ავტორი? ნუთუ ყველა მომღიმარი სახე ფარსი იყო? იქნებ, მართლაც არასდროს მიიღებდა მაიოტა და ეს შეჩვევა, შეყვარების მსგავსი უკვე თავით დაშვებას ჰგავდა ამოთხრილ ორმოში? ხასიათი გაუფუჭდა ქალიშვილს. თითქოს რაღაც იგრძნოო, ისე დაიძაბა. მისკენ წამოსულ თავადს ხედავდა, რომელსაც ხელში ჩაის ფინჯნები ეჭირა. ანტუანს გადაულაპარაკა, ისიც საბჭოსაკენ უკანმოუხედავად გაიქცა. თვითონ კი ქალის გვერდით ჩამოჯდა, სასიამოვნო სურნელის მქონე ჩაი ვივიენს გადააწოდა და ჰორიზოტს გახედა. -არაჩვეულებრივი დღეა. არ თოვს, არ წვიმს. ცივა, მაგრამ მზე ანათებს. იცით, რამდენ თვეში ერთხელ ხდება ეს მაიოტაში? -გამხიარულებული ჩანდა თავადი. ვივიენმა თავი გააქნია, უხერხულად იგრძნო თავი. -ამ ზღაპრულ მხარეში ყოველთვის ცივა. ზაფხულშიც კი წვიმს და აქაურობა ატალახებულია. თუ გსურთ, მაიოტას ხასიათიაო, ასე უწოდეთ. არადა, მზიანი ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა ყოველთვის ავდარია. მაიოტაში მანამ გაიყინები, სანამ ადამიანებით გათბობას არ ისწავლი. თქვენ კი, ვივიენ, გეტყობათ, სულაც არა გცივათ. -აქაურობა ძალიან ლამაზია. პატარა ქვეყანა,სადაც ქალაქები სიყვარულის ხიდებითაა გადაბმული. უნაპირო ოკეანე, მოზამბიკის საოცარი სრუტე. მომღიმარი ადამიანები, ერთმანეთის ცუდითა და კარგით დაინტერესებული, გულითადი საუბრები. ალბათ მართალია, როცა ამბობენ, მაიოტა არ უნდა შეიყვაროო. აქედან რომ წავალ, ალბათ მონატრებასაც ვისწავლი. -გაეცინა ვივიენს. თავადმა თითქოს ვერც კი შენიშნა ნათქვამის ქვეტექსტიო, უდარდელად მოსვა ჩაი და გაიღიმა. -იცით, ვივიენ, ადრე, როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით, ბევრი რამ გითხარით. უჩვეულოდ ენაწყლიანი ვიყავი, თითქოს მაიოტას პირობებსა და კანონებს მუქარის ენით გაცნობდით. სულაც არ მომსვლია ბრაზით, ანდა წყენით. მე დღესაც იგივეს გაგიმეორებდით, რადგან თქვენი ჩამოსვლის მიზანი ჯერაც ვერ გამიგია. სიმართლე გითხრათ, ალბათ ამოხსნა არ მიცდია. თუმცა მინდა გაგახსენოთ თქვენი თხოვნა, მტრებად დავრჩეთო. იცით, ეს სულაც არა ჰგავს მტრობას, რადგან მე ადგილიდან არ დავძრულვარ, თქვენ კი ყოველ დღე თითო ნაბიჯით შორდებით იმ ეშმაკს, რომელსაც თქვენში სძინავს. არ ბრძანდებით ემოციური ქალი, რომელსაც რაიმე გრძნობა დაიმონებს. იდეალურად შერჩეული მტერი ხართ, რომელსაც გულწრფელად დავაფასებდი, რომ არა თქვენი აშკარა მარტოსულობა. ადამიანებს გული არ უნდა უჩვენოთ, თორემ იარაღს იპოვნიან და ამოგჭრიან. მათ მხოლოდ ის უნდა იცოდნენ, თუ რა მოდის გულიდან. მარტოსული ხართ, ვივიენ. თქვენს მხარეს ამდენი ხნით მოშორდით და ჯერაც არ გაგიგზავნიათ წერილი მამათქვენთან, ჯერაც არავის უკითხავს როგორ ხართ, რაიმე ხომ არ გიჭირთ. და იცით, ეს ძალიან ჰგავს იმ დასასრულს, რომელიც რაღაც დროით გადასწიეთ. ეს კი იმით მოახერხეთ, რომ საკუთარი არსებობა ამოირეცხეთ და დაივიწყეთ. უფესვებო მოხვედით და ახლა გეშინიათ, რომ თქვენი ნაწილი უკვე აქ დაიმარხა. გეშინოდეთ, რადგან ასეცაა. არავინ და არაფერი გიყვარდებათ მანამ, სანამ სიძულვილის მიზეზს არ უპოვნით. ვივიენ, ნუთუ შეგძულებიათ მაიოტა? -ხანგრძლივი მონოლოგის შემდეგ შეხედა თავადმა ვივიენს, რომელიც ნაწყენი მზერით უცქერდა ოკეანეში მოძრავ გემებს. დაპატარავდა ქალი. თითქოს გააშიშვლესო, ისეთი მტკივნეული გრძნობა დაეუფლა. გააშიშვლეს და მის შიშველ ნაწილებს ეხებოდნენ. შეატყო თავადმა, რომ არაფრის თქმა არ სურდა ქალს და გასწორდა. ჩაი გიცივდებათო, გაახსენა და გაჩუმდა. *-*-* -გემი ჩამოვიდა! -იქუხა თავადის სახლში ხმამ. ეს ხმა ყველამ გაიგო, განსაკუთრებით კი ვივიენმა, რომელიც აივანზე იდგა და პირდაპირ უყურებდა ნელ-ნელა მოახლოებულ გემს. სწრაფად გავიდა ოთახიდან, თავადის ნახვა სურდა, თუმცა უთხრეს, ახლახანს წავიდაო და ისიც იმედგაცრუებული შებრუნდა უკან. სხვანაირი გრძნობა დაუგროვდა მკერდში, თითქოს ავისმომტანი ყოფილიყოს იმ გემის ჩამოსვლა. ყველა ელოდა გახარებული თავადის დაბრუნებას, რომელიც საბოლოოდ მოისვენებდა, დარდს გაიქარწყ.ებდა. მისი გემი ხომ წლები იყო ოკეანეში გასული?! თუმცა გემების სადგურზე, მხოლოდ ერთმა წინადადებამ გაიჟღერა დამანგრევლად - „ეს არ არის ჩემი გემი.“ შემდეგ დაიწყო გაკვირვების, იმედგაცრუების, ტკივილის მომენტები. თავადის ცუდი წინათგრძნობის ახდენა. ეს ის გემი არ იყო, რომელსაც თავადი ელოდა, თუმცა ამ გემზე არსებული სებასტიან გრეის სახელზე ჩამოსულიყო. უყურებდა თავადი და ვერ იჯერებდა, როგორ შეეძლოთ წარსულის იარებს ასე სწრაფად გახსნა. მარილი მოაყარეს სებასტიანს, ისე აეწვა გულზე არსებული ღრმა ჭრილობა. სისხლი სდიოდა თავადს, თუმცა არა და არ კვდებოდა, არ ეცემოდა. იდგა, მისი ოკეანეები კი სამუდამოდ იყინებოდნენ, ტკივილითა და უნდობლობით, სევდითა და ბრაზით. უხმოდ მოხდა ყველაფერი. ულაპარაკოდ. თავადი იმ საღამოს მარტო წავიდა სახლში. ხიდზე მიდიოდა და გრძნობდა, რომ ყველა მას უყურებდა, თუმცა არავინ საუბრობდა, სუნთქვაც კი ერიდებოდათ. საოცრად მოკლე იყო წყეული გზა მაშინ, როცა სურდა, რომ უსასრულოდ გაგრძელებულიყო. სახლის ჭიშკართან იდგა, შუაში აღმართულ ქანდაკებას უცქერდა და ხედავდა, რომ მას ფრთები მოაჭრეს. დაკორტნილი იყო ქალის სახე, აღარაფრად ვარგისი. *-*-* თავადი საძინებელში იჯდა, არავის მიღება არ სურდა, არავისთან საუბარი. უყურებდა სხეულს, რომელიც მოგრეხილი იწვა და გაუცხოებას გრძნობდა. შორიდან მოსულს, არსაით წასულს, გამეფებულს. -მითხარი, როგორ? -აღმოხდა სებასტიანს. ბზარი გასჩენოდა მის ხმას, თუმცა თავი მაინც ძლიერად ეჭირა, შეუპოვრად. სხეული არ მოძრაობდა, სუსტად გრძნობდა თავს, მხოლოდ მამაკაცს აშტერდებოდა თვალებში და ცრემლები სდიოდა. დაუჯერებლობის ცრემლები. -მითხარი, როგორ? რატომ? -დაიღრიალა სებასტიანმა და წამოდგა, სხეულის გარშემო შეკრული მუშტები დასცა საწოლს. -მიპასუხე! -არ მოვმკვდარვარ. -სუსტი ხმა ამოუვიდა სხეულს, ძალა არ ჰყოფნიდა, მაგრამ თვალებს არ ხუჭავდა, სურდა დიდხანს ეცქირა მონატრებული, ზღვისფერი თვალებისთვის. სიმწრით ყბა მოეღრიცა თავადს, დაღლილ სახეზე ჩამოისვა ხელები. -ნუთუ? -იკითხა მშვიდად. -რატომ? რატომ არ მოკვდი? -სებასტიან, შენ არ ხარ... -მე ის ვარ, რაც ყოველთვის ვიყავი! -დაიგრგვინა სებასტიანმა. -შენი სიკვდილის სახსოვარი უნდა მოსულიყო ჩემთან და არა შენ. როგორ არ მოკვდი, მარგარეტ? -მე. მე იმაზე მეტად ვიტანჯები, ვიდრე ამას სიკვდილი შესძლებდა. წარმოდგენაც კი არა მქონდა, შენთან თუ მოვდიოდი. მხოლოდ ზღვას ვგრძნობდი, იქ ძალიან ბნელოდა, მე კი... მე რაღაც მემართებოდა, ვგრძნობდი ფრჩხილებქვეშ ჩემს კანს, ჩემს ვენებს და... -გაჩუმდი, მარგარეტ! თუ ღმერთი გწამს, სიტყვას ნუ მეტყვი. მხოლოდ ის მინდა ვიცოდე, რატომ ხარ ცოცხალი. რატომ ხარ აქ, რატომ წევხარ ჩემს საწოლში, რატომ ჩამოხვედი იმ გემით, რომლითაც დამტოვე. ვისი ამანათი ხარ, მარგარეტ? ვინ ცდილობს ჩემს დასჯას შენი სიცოცხლით? -სებასტიანმა ქალს სუსტ მაჯებში ხელი მოჰკიდა და ძლიერი ბიძგი მისცა. ამოიკვნესა ქალმა, დასუსტებული სხეული ვერ დაიმორჩილა და საწოლზე დაეცა, დაახველა. დაინახა როგორ ამოხეთქა ქალის პირიდან სისხლის რამდენიმე წვეთმა და მეტად შეიძრა მისი სხეული, შიგნეულობა ამოუტრიალდა თავადს. მხრებში სტაცა ხელი ქალს, მის ცისფერ თვალებს ჩააშტერდა. ხელით მოსწმინდა ბაგეზე დაღვრილი სისხლი. ქალი ხელს იშვერდა, მასთან ჩახუტება სურდა, თუმცა თავადს აღარ უნდოდა. ან არ შეეძლო, ან ვერ უძლებდა, ან უბრალოდ, ქვრივები საყვარელ ადამიანებს მეორედ ვეღარ იყვარებენ. სითბომ, საკვებმა და წამლებმა თავისი გავლენა იქონიეს. თავადი ბუხართან იჯდა, ქალი საწოლში წამომჯდარიყო, უღონოდ შესცქეროდა მონატრებული კაცის ზურგს და მის მონოტორულ სუნთქვას ითვლიდა. ცრემლები უფარავდა მთელს სახეს, რომელსაც ტანჯვის შემდეგაც არ დაეკარგა ძველებური სილამაზე. კარზე დააკაკუნეს, თავი შემოჰყო ანტუანმა, რომელსაც სახეზე ეწერა, რომ შეძრწუნებული იყო და თავადს აცნობა, ქალბატონი დარბაზში გელოდებათო. მაშინ წამოდგა ქალი, სახეზე გულწრფელი გაოცება გამოხატვოდა. -ქალბატონი? -აღმოხდა მას. -ნუთუ, ქალბატონიც გყავს? -დაწექი და დაიძინე, მარგარეტ. როცა საუბარს შეძლებ, ყველაფერს მომიყვები. უსარგებლოდ საუბარს მოეშვი. -ცივად მიუგო თავადმა და ოთახიდან გავიდა. საკეტის ხმამ მიახვედრა ქალი, რომ გარედან ჩაკეტეს. ამოიოხრა, მძიმედ დაეცა საწოლზე და თვალები დახუჭა. ვივიენი მოუსვენრად ტრიალებდა აქეთ-იქით დარბაზში. თავადის შესვლისას გაჩერდა. სხვანაირი მოეჩვენა მამაკაცი. ჩაფიქრებული, დარდიანი და ბრაზიანი. -მომიტევეთ, არ მინდოდა ასეთ დროს თქვენი შეწუხება, თუმცა... -ახსნა საჭირო არ არის, ვივიენ. ერთადერთი, ვისაც შეძრწუნების ნაცვლად, ინტერესით სავსე მზერა აქვს ამ სახლში, შენ ხარ. -ვივიენი მის წინ გვერდით ჩამოჯდა, გაუაზრებლად ჩამოადო ხელი თავადს მხარზე. -ეს ქალი... -მარგარეტი. -გაეცინა თავადს. -მეგონა, რომ გარდაიცვალა. ასეც იყო. ასე მითხრეს. მისი საფლავი არ არსებობს, რადგან ჩემი ხელით გავფანტე ოკეანეში მისი ფერფლი. მე მას წლების წინ გამოვემშვიდობე, ვიგლოვე და დავმარხე. -როგორ? -ესღა აღმოხდა ვივიენს. -ერთ დღეს ცუდად გახდა, მითხრეს, რომ გემით მიჰყავდათ სანატორიუმში. მითხრეს, მძიმე სენით დაავადდა და უკეთესი იქნება, თუ აღარაფერი გეცოდინებათ მასზეო. ხუთი თვის შემდეგ მისი ფერფლი მომიტანეს მისივე თხოვნით, რომ ოკეანეში გამეფანტა. ვიგლოვე, დავმარხე და დავემშვიდობე. -დაასრულა თავადმა და წამოდგა. -პატივისცემის მიუხედავად, ნუღარ შემოხვალთ, ვივიენ. ვფიქრობ, საუბარი არ ღირს. -თავადო, ის თქვენი..? -ის ჩემი ცოლია. -თქვა და კარში გაუჩინარდა. რაღაც გადატყდა ვივიენის შიგნით, რაღაც მანამდე ძალიან, ძალიან მყარი. შებრუნდა და ცეცხლს გაუშტერა თვალი. მისი სხეულიდან გამოძვრა ეშმაკი, თვალი გაუსწორა ვივიენს, იმედგაცრუებით მოუჭირა ქალის გულს ხელი, გამოწურა ისე, როგორც შეეძლო და ცეცხლში შეხტა. იმ ღამეს ისეთი უბრალო, ქალური სენტიმენტებით სავსე, საშინაო კაბით იყო შემოსილი, სებასტიანის აზრით რომ უხდებოდა. ძლიერად გაეცინება ხოლმე ადამიანს, თითქოს დაქვეითებისმაგვარია, შენ რომ კარს მოგიჯახუნებენ და ცეცხლს გასათბობად სხვა ოთახში დაანთებენ. ვივიენის საძინებელში, ოლეანდრების გაშლილ თაიგულს ერთი ფურცელი მოსძვრა. მონაბერ ქარს გაჰყვა და შორს გადაიკარგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.