შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანის დღიურები. ეპიზოდი 7. ის, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი...


15-03-2018, 11:02
ავტორი anushka 5
ნანახია 1 857

ერთი კვირაა ავად ვარ, ლოგინიდან ძლივს ვდგები, საშინელება ყოფილა ავადობა. სიცხეს, ჩახლეჩილ ხმას და მუდმივად გაჭედილ ცხვირს კიდევ აიტანდა კაცი, უმადობასაც და პრესის ექვსკუბიკდამყენებელ ხველასაც, მაგრამ იმას როგორ გადავიტან, რასაც ჩემში დაგროვილი სულიერი თუ შინაგანი ტკივილი ჰქვია, არ ვიცი.
ჩემი სხეული საერთოდ ტკივილითაა სავსე და ეს ფიზიკური ტკივილი, ცუდად ყოფნა - ცინგლის და ხველის სახით კაი, გადმოვა და აი, იმ სხვა ტკივილს რა ვუყო? რომელსაც სულიერი ტკივილი ჰქვია, ვერ ვხვდები. ვერ ვაიძულე ჩემი თავი, გადამეხედა წინა ამბებისთვის, რადგან იქ ბედნიერი
ვიყავი, რადგან მოლოდინებით და იმედით სავსე ვიყავი. ახლა კიდევ რა დამრჩენია, არ ვიცი... მინდა, რომ გადავყვე ამ ფილტვების ანთებას! მაგრამ ქეთენო ამის საშუალებას არ მაძლევს, თავიდან არ მშორდება. ეგ კი არა და, ჩემთან გადმოცხოვრდა და მივლის, ნემსსაც მიკეთებს და წამალსაც დროულად მასმევს და მელოდება, როდის ვეტყვი, რა მტკივა, გარდა იმისა, რომ ავად ვარ.

მომიწევს, ალბათ, ყველაფერი მოვყვე, იქიდან მაინც, სადაც გავჩერდი და ის ზღაპრული განწყობა, რაც მაშინ ჩემში იყო, ახლა ძალიან მძიმედ გავიხსენო. ყოველ შემთხვევაში, უცრემლოდ მაინც, და ამ გახსენებაში კიდევ ერთხელ დავაკვირდე, მე დავუშვი სადმე შეცდომა თუ ექვსმა ნომერმა, თუ ორივემ...
მაშ ასე, და იყო ნათელი, ბედნიერი დღე, როცა მე და ექვსი ნომერი წავედით გუდაურში. იყო მთებში ჩაკარგული ჩვენი პირველი კოცნა და რაღაც საოცრებების მოლოდინი, მოლოდინი ზღაპრული ღამის... გული უცნაურად მიცემდა და რომ შემძლებოდა, ბედნიერებისგან ვიფრენდი კიდეც. ან ავმაღლდებოდი. დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ამ ამაღლება-აფრენაში მანქანის შეკრული ღვედი მიშლიდა ხელს, ხოლო როცა სასტუმროში შევედით, ზურგჩანთა. ორივეს გვერდიგვერდ გვქონდა ნომრები. სანამ ჩვენ-ჩვენს ნომრებში შევიდოდით, კართან კიდევ ერთხელ მაკოცა, გემრიელად. ხელში კინაღამ ჩავაკვდი. ცოტა ნერვები მომეშალა, რომ ჩემს ნომერში არ შემომყვა, ან მის ნომერში არ შევედით. გავაღე კარი. ხედი - მთები. ამეებზე არ დავწერ, რადგან ხომ ვთქვი, ყველაფრის გახსენება ახლა ტკივილს მაყენებს. პირველი, რაც გავაკეთე, აბაზანაში შევედი, ვიბანავე და მოვწესრიგდი. სამწუხაროდ, იგივე ტანსაცმელი ჩავიცვი, რადგან არ ვიცოდი, რომ ღამე სხვაგან ვრჩებოდით. პრინციპში, რომც მცოდნოდა, რა, ორი კაბა მქონდა და აქედან ერთი სუპერვულგარული.

როგორც კი გამოვჯანმრთელდები, უნდა დავჭრა, დავხიო და გადავაგდო!! რა დამიშავა, არ ვიცი, მაგრამ ცოტა ნორმალური რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა წამომეღო. არა, რა სისულელეა, კაბას რას ვერჩი... არ წამოვიღებდი, მეპატიება, ყველაფერს ვერჩი! ახლა იმ დღესაც კი ვერ ვიტან, როცა მე გავჩნდი, თუნდაც იმიტომ, რომ მერე ეს გულისდამსხვრევი ჯოჯოხეთი გამევლო.

აბაზანიდან გამოვედი, ფენი ჩავრთე, ოდნავ შევიშრე თმა და ქუდი ჩამოვიფხატე, მერე კი ცოტა ხანი ვიბორიალე ჩემს ცარიელ ნომერში. ველოდებოდი, როდის მომიკაკუნებდა ექვსი ნომერი, ის კიდევ არ ჩქარობდა. საათს დავხედე, შვიდი იყო. გული მიცემდა სასიამოვნო მოლოდინებით და განუცდელის განსაცდელით. ვეღარ მოვითმინე და კიდევ 15 წუთი რომ არ გამოჩნდა, თავად მივუკაკუნე. კარი გამიღო პირსახოცშემოხვეულმა. - ღმერთებო! ჩემ წინაშე თვით აპოლონი იდგა. მზერა ავარიდე და სადღაც მის მიღმა დავიწყე ყურება, მაგრამ რად გინდა?! მისი სილუეტი სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში და აწი არ ვიცი, რა შემთხვევამ უნდა გადაფაროს?!

- მოიცა, სესი, ჩავიცვამ.
- არა, იყოს, მეგონა, უკვე მზად იყავი. მე ისევ ის მაცვია, რაც მეცვა. არ ვიცოდი, რომ ღამე ვრჩებოდით და არაფერი წამომიღია სხვა. - ვიმართლე თავი და სხაპასხუპით მივაყარე.

- არ მოიწყინო, რა, ჩემი ბრალია. ალბათ, უნდა მეთქვა. - მერე კი აბაზანაში შევიდა და ლოგინზე ლამაზად გადაფენილი, ჩასაცმელად მომზადებული ტანისამოსი თან შეიტანა. მის ლოგინზე ჩამოვჯექი, მერე კი გულაღმა გადავწექი. არა, ორი აზრი არ არსებობს, ამაღამ აქ მოგვიწევდა გათენება. მე მზად ვიყავი. ის კოცნაც ამისი შესავალი იყო. აი, ახლა რომ ყველანაირი ეტიკეტი დავივიწყო და რომ გამოვა ჩაცმული, ვეცე, რა მოხდება ვითომ?
რატომ ველოდებით მათ სურვილებს? რატომ ვთამაშობთ რაღაც გაწელილ თამაშებს, როცა ორივემ ვიცით, სად და როგორ მივექანებით. რატომ დავკარგო ახლა ის დრო, რაზეც მერე გული უნდა დამწყდეს?! იქნებ უნდა გამებედა და არ გავსულიყავით ერთად იმ დაწყევლილ რესტორანში. მაშინ შეიძლება არც არაფერი მომხდარიყო. მე კიდევ უბრალოდ ვიწექი მის ლოგინზე გულაღმა ოცნებებსა და მომავლის სიამოვნებაში მოლივლივე, ველოდებოდი ექვს ნომერს და მუცელში, მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა, მოლოდინების...

რესტორანში ბევრი ხალხი ირეოდა. მაგიდასთან ორნი ვისხედით. როგორც ჩანს, დაჯავშნაზეც წინასწარ ეზრუნა, თორემ შემოდიოდნენ სხვები, კითხულობდნენ რაღაცას და უკან გადიოდნენ. არადა, იყო რამდენიმე ცარიელი მაგიდა, ალბათ, ვიღაცის დაჯავშნილი.
დიდი პრანჭიაობა და თავის დაფასება არ დამიწყია. მთას მოშიება სცოდნია და რაც თვალში მომივიდა და გემრიელი მომეჩვენა, ის შევუკვეთე. თან არ ვიცი, სადღაც ნერვები მეშლებოდა, რომ ეს ყველაფერი არ ხდებოდა ექსპრომტად, არამედ კარგად დალაგებული, შეიძლება ითქვას, დეტალურად გათვლილი გეგმის მიხედვით. ვახშამი, სასმელი, მერე ალბათ წავიცეკვებთ, რადგან მალე ვიღაც ბენდი დაუკრავს სასიამოვნო მუსიკას, მერე კი დასასრული - ექვსი ნომრის საძინებელი. იქნებ შთაბეჭდილების მოსახდენად აიღო ჩემი ნომერი? აი, არაა ღირსი, ამ ვახშმის მერე, კართან რომ მომაცილებს, თავი დავუკრა: - მადლობაა, აბა, ტკბილი ძილიი! - ვუთხრა და შევიდე, დავწვე?! მაგრამ ვაი, რომ ეგ ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ახი იყო, მართლა გამეკეთებინა, ჩემს ძალებს აღემატებოდა.

ჩემდა გასაკვირად, მაგიდაზე სასმელი არ ჩანდა. წყალი და წვენი, მეტი არაფერი. ცოტა შევცბი, მაგრამ ექვსმა ნომერმა დამამშვიდა, ვახშმის მერე სჯობდა, ბარში გადავსულიყავით და ვისკი დაგველია. მაგდენი არ მიფიქრია მე, აი, მას კი ნაფიქრი ჰქონდა. ისე, რა კარგია, ასეთი ვინმე რომ გყავს, ყველაფრის ორგანიზებას რომ ახერხებს. ეგაა, ვერ ვხვდები, რატომ არ მახარებდა. თავი უბრალოდ სამართავი სათამაშო მეგონა, მის სურვილებს რომ ასრულებს. მაგრამ მერე ჩემში აბობოქრებული პროტესტანტი სესილი ჩავაცხრე, მას მერე, რაც დავაჯერე, რომ ეს იყო სიურპრიზი, რომელსაც ის მიკეთებდა და ძალიანაც ნორმალური იყო ეს ყველაფერი. დაე, თავად გადაეწყვიტა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო ეს საღამო.

ის-ის იყო, დავასრულეთ ვახშამი და ექვსი ნომრის დესერტს დავუწყეთ ლოდინი, მე კი, როგორც იქნა, გავუმხილე, რომ არ მიყვარდა ტკბილი, ამ დროს დარბაზში ხმაურით შემოვიდნენ ნაცნობი სახეები, ექვსი ნომრის ის მეგობარ-ნაცნობები, რომლებიც ჯერ დილას ვნახე ბულაჩაურში, მერე კი გუდაურში დავტოვეთ ხინკლებთან და ლუდებთან. ეგაა, მათი რიცხვი კიდევ ერთი გოგოთი გაზრდილიყო, რომელმაც ისე შემომხედა, იქვე მიმასრისა მზერით. გულმა რეჩხი მიყო. კიდევ არ ჩავაგდებდი აინუნში ამ ამბავს, რადგან ზოგადად, სადაც მე და ექვსი ნომერი გავჩნდებოდით, იქ "ქალთა შურიანი სახეები სესილის ირგვლივ"-ზე სერიოზული თემა დაიწერებოდა. მაგრამ აი, როცა ექვსმა ნომერმაც შეამჩნია ის, აღელდა, ჩემი მშვიდი, თავდაჯერებული და გაწონასწორებული ექვსი ნომერი ისე აწრიალდა, რომ ჯერ წვენი დააქცია, მერე ჩანგალი გაუვარდა, რომელიც ხმაურით დაეცა იატაკზე. ახლა ჩემი ჯერი იყო მისი დამშვიდების. ვიგრძენი, რომ რაღაც ვერ იყო კარგად. ახლა მე გავწიე ხელი და დავადე მას, რომ დამშვიდებულიყო. მან კი რა გააკეთა?! ხელი უკან გასწია და ასე ხელმშრალი დამტოვა.
დავიძაბე. ექვსი ნომრის მხიარული მეგობრები ყაყანით დასხდნენ ჩემ ზურგსუკან. ექვსი ნომერი ჩემ მიღმა იყურებოდა. იქ მათ უყურებდა, ვიგრძენი! მთელი სიცხადით ვიგრძენი, რომ ის ახალი გოგო ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის. როგორც ჩანს, ამცნეს კიდეც, რომ მე ვიყავი მის გვერდით ან გამოიძახეს მისმა დაქალებმა, საუკეთესო ვარიანტში კი იქ შევხვდათ. არ ვიცი... თუმცა, ასეთი მაკიაჟით და ვარცხნილობით არავინ დადის გუდაურში. ალბათ, დაქალებმა გამოიძახეს. როგორ შემომხედა!! ახლაც ცუდად ვხდები, უფრო ცუდადაც კი, ვიდრე ვარ. თან, თუ გავიხსენებთ იმ გოგოების სახეებს, როგორ გვიყურებდნენ, მიყურებდნენ, დიდი შანსია, მოახსენეს, რომ ერთად ვიყავით. მაგრამ ვინ იყო, რა წარსული ჰქონდათ ასეთი, რომ ექვსმა ნომერმა, მუდმივად მშვიდმა და გაწონასწორებულმა კაცმა სახე დაკარგა, მადაც წაუხდა. შოკოლადის მუსს, რომელსაც მოუთმენლად ელოდა, პირი არ დააკარა. გახალისება ვცადე და თავად შევეცადე, მისთვის ჩემი ხელით მეჭმია, რაზეც ცივად გამაწევინა მისი პირისკენ მიმართული ნამცხვრიანი კოვზი. ვნანობ! აი, მაშინ უნდა დამეხეთქებინა ის კოვზი და დემონსტრაციულად დამეტოვა მაგიდა, დარბაზი. მე კიდევ გავაგრძელე ცხვრის თამაში, დებილი სესილის თამაში და კიდეც მივიღე ცხვირში მუშტი - რა თქმა უნდა, ალეგორიულად, თუმცა ახლა დამშვიდებული და ბედვერშეგუებული ვნატრობ, ნეტავ ასე არ მომხდარიყო ყველაფერი და დაე, მომხვედროდა მაშინ მუშტი. ფიზიკური ტკივილი რაა, გაგივლის. აი, სულიერი თავმოყვარეობა, გათელილი საქციელი კი ძალიან სერიოზულ ჭრილობად გრჩება, რომლის შეხორცებასა და ამოვსებას ხშირად წლები სჭირდება.

მერე ბართან გადავინაცვლეთ. ვისკი შეუკვეთა და მაშინვე გადაჰკრა. ოფიცინატს კიდევ სთხოვა. ეგაა, ახლა იმათ არ ხედავდა და უფრო დამშვიდდა. მაგრამ მალიმალ ტელეფონს დაჰყურებდა და მე, სესილი, რომლის გამოც მოაწყო და გააკეთა ყველაფერი, საერთოდ არ ვარსებობდი მისთვის. ხან რაზე დავიწყე ლაპარაკი, ხან რაზე, მაგრამ ამაოდ. არც ეღიმებოდა, არც ამყვა. ვგრძნობდი მთელი სიცხადით, რომ ვაღიზიანებდი. ერთი პირობა ისიც კი გადავწყვიტე, მოდი, თავის ტკივილს მოვიმიზეზებ და ნომერში ავალ-მეთქი, მაგრამ რაღაც არ მიშვებდა და მეც უაზროდ ვსვამდი. თუმცა, ექვსი ნომრისგან განსხვავებით, ყლუპებით, რაღაც სასიამოვნო და მგონი, ძალიან ძვირფას ვისკის. ცოტა ხანში ნაცნობი კაკანი მომესმა და ისინი ბართან გადმოვიდნენ. ხმაურის გაგონებაზე ექვსი ნომერი დაიძაბა, ვერ მოითმინა და მათკენ შეტრიალდა. მერე შემობრუნდა და კვლავ დაცალა ნახევრად სავსე ჭიქა. ბიჭები არ ჩანდნენ, მხოლოდ სამი გოგო იყო. იმ ერთმა ახლოს ჩაგვიარა და ექვს ნომერს მიესალმა. ექვსი ნომერი წამოდგა, მაგრამ გოგონამ ისე დაიჭირა თავი, რომ არ გადააკოცნინა. უბრალოდ მოიკითხა და კვლავ მე შემომხედა, დამცინავად.

ბართან მივიდნენ. გული ჩამეთუთქა. იმ გოგოს ჩემი თავი არ წარუდგინა. გოგონებმა კოქტეილები შეუკვეთეს, მერე კი კვლავ ერთად გალაგდნენ ბარიდან. ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ეს ჯგუფური შემოსვლა? ტუალეტი ხომ არ იყო?
ჩემი გაურკვევლობის ჯოჯოხეთი გრძელდებოდა. ო, როგორ მინდოდა, მეკითხა ექვსი ნომრისთვის, რა ხდებოდა, ვინ იყო ის ახალი გოგო. მე კიდევ მეშინოდა, სიმამაცე ვერ მოვიკრიბე, ლაჩარი სესილი!!! არადა, ახლა როგორ მაინტერესებს, რომ მეკითხა, რას მეტყოდა, როგორ მომიყვებოდა?! ექვსი ნომერი უკვე მესამე ჭიქას ცლიდა. მე კიდევ მეორე მომიტანა ოფიციანტმა. გადავწყვიტე, რომ როგორც კი ამას დავცლიდი, მართლა ავსულიყავი ნომერში. ექვს ნომერს უკვე მზერა ჰქონდა ამღვრეული და აშკარად კარგადაც იყო შემთვრალი. მე მოწევა მინდოდა, აქ არ ეწეოდნენ. უცებ მისი ტელეფონი განათდა. მსწრაფლ, ელვის სისწრაფით დაავლო ხელი და წაიკითხა. ფერი ეცვალა. მერე ტელეფონი დადო, ცოტა ხანი იჯდა, ცმუკავდა, ბოლოს კი მშვიდად მითხრა:

- სესი, ტუალეტში გავალ და მალე მოვალ, კაი? - მხრები ავიჩეჩე. რომ მეთქვა, არაო, რა? მოითმენდა? ამიტომ თავი დავუქნიე. ტელეფონი მაგიდაზე დატოვა და გავიდა. მე კიდევ ჩემი ტელეფონი ამოვიღე, ბარმენს ვაი-ფაის პაროლი ვთხოვე და ფბ ჩავრთე. ჩემი ტელეფონის ნომერი კვლავ არ იყო გააქტიურებული და ვერავინ მირეკავდა. დედაჩემს ჰქონდა მოწერილი. დავამშვიდე, ვუთხარი, რომ მეგობრებთან ერთად გუდურში ვიყავი და ვთხოვე, რომ მამასთვისაც დაერეკა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია დაშორდნენ, მაინც ჰქონდათ ურთიერთობა და ფეისბუქზეც ჰყავდათ ერთმანეთი მეგობრებში. ყოველ შემთხვევაში, მამაჩემსაც მივწერე, სად ვიყავი, დასამშვიდებლად შუადღისას გუდაურში გადაღებული რამდენიმე ფოტოც გადავუგზავნე, რომელიც ინსტრუქტორმა გადამიღო. ქეთენოს მოწერილიც დამხვდა. არ ვუპასუხე, არც გავხსენი, რომ დამესინა და დამეიგნორებინა მისი მონაწერი, ეწყინებოდა, რაღაც ახალი შიშის სინდრომი ჩამოუყალიბდა ბოლო წლებია, დასინვის შიშის სინდრომი. ჰოდა, ახლა მეზარებოდა მიწერა, ახსნა, თუ რა მინდოდა გუდაურში, მან ხომ არც ექვსი ნომრის შესახებ იცოდა არაფერი? ამიტომ სჯობდა, რომ ჩავიდოდი, მერე მომეყოლა ყველაფერი. ვიცი, ეწყინებოდა, რომ ამდენი რამ დავუმალე, მაგრამ როგორც საუკეთესო დაქალი და მეგობარი, მაპატიებდა. აკი თავად მითხრა ადრე - სესი, რომ იცოდე, როგორ მინდა, რომ ბედნიერი იყო!! რამეს როცა მიყვები, ისე, ისე მინდა, ყველაფერი კარგად დასრულდეს, მეშინია ზედმეტი მონდომების გამო თვალი არ გცე. ჰოდა, მოდი, ასე რომ არ მოხდეს, ხომ იცი, დედის თვალიც კი სცემს შვილს, როცა საჭიროდ ჩათვლი, მაშინ მომიყევიო. - ჰოდა, თუ ძალიან ეწყინებოდა ჩემი დუმილი და არმოყოლა თავიდანვე ამ ისტორიის, მაშინ ამას გავახსენებდი. მერე რა, რომ სასაცილოდ არ მყოფნიდა და არ მჯეროდა თვალის ცემის და მჩხიბავკუდიანების.

კარგად შევყევი ფეისბუქს. საათს რომ დავხედე, ნახევარი საათი მაინც იყო გასული ექვსი ნომერი. ტელეფონი მოვიმარჯვე, რომ დამერეკა, მაგრამ გამახსენდა, რომ პირველი: - ბარათი მქონდა დამწვარი და ვერ დავურეკავდი, მეორე: - ეგრეც რომ არ ყოფილიყო, ტელეფონი აქ ჰქონდა დატოვებული. რა მექნა? ავწრიალდი, ტუალეტში მეც მომინდა, მისი ტელეფონი რომ თან წამეღო, მხოლოდ იმიტომ, რომ სანამ გასული ვიქნებოდი, არავის აეწაპნა და ვაი და, იმ დროს მოსულიყო? არ იფიქრებდა, რომ სხვა მიზნისთვის ავიღე? არადა, ტუალეტი მეძახის...

ვერ ვისვენებდი. ბოლოს მისი ტელეფონი ჩემს ზურგჩანთაში ჩავდე, თავად კი ტუალეტში გავედი, რომელიც ჩემდა გასაკვირად, აქვე იყო და სულ არ საჭიროებდა ბარიდან, ანუ ამ ტერიტორიიდან გასვლას. გულმა რეჩხი მიყო, თუმცა სადღაც, რომელიღაც ჩემი არაცნობიერი კარგადაც აცნობიერებდა, რომ ექვსი ნომერი არანაირ ტუალეტში არ გასულა, მაგრამ ოხ, ეს იმედი!! მაინც ვებღაუჭებოდი ამ ვერსიას. როდესაც ტუალეტი მოვიმთავრე, დავადე თავი და კაცების ტუალეტშიც შევედი. საბედნიეროდ, არავინ დამხვდა. კაბინებიც კარგად დავათვალიერე, შიგ არავინ იჯდა. კარები რომ გავაღე გამოსასვლელად, ვიღაც ტიპი შემეფეთა და მე რომ დამინახა, მომიბოდიშა და ქალების ტუალეტისკენ დაადო თავი. სწრაფად გამოვიძურწე.

ჩვენი ადგილი ბარში ცარიელი იყო. ექვსი ნომრის ტელეფონი ამოვიღე და კვლავ ისე დავდე, როგორც დატოვა. ძალიან, ძალიან მინდოდა გამეგო, ვინ მისწერა რა... ფაქტია, რომ მისი გასვლის მიზეზი ზუსტადაც რომ ეს-ემ-ესი იყო, მაგრამ ხომ ვიცი, ბლოკი ექნებოდა და ტეხავდა. რა მერე ამით, მაქსიმუმ, გამეგო, ვინ იყო ის გოგო, რა ერქვა. მერე? თავი დავიმშვიდე, რომ მოვიდოდა, ვკითხავდი, მაგრამ გახდა ათი საათი, ექვსი ნომერი კიდევ არ ჩანდა. წამოვდექი და გასასვლელად მოვემზადე. ოფიციანტმა დამინახა და ანგარიში შემახსენა.
გული გადამიცივდა. ორასი ლარი მქონდა ბარათზე, მეტი არა. სანამ მოიტანდა, ავუხსენი, რომ მეც სტუმარი ვიყავი. ვუთხარი ექვსი ნომრის ოთახის ნომერი, სახელი, გვარი და ის კი არადა, მისი ახალი აიფონ რვის დატოვებაც შევთავაზე ,,ზალოგში“. ოფიციანტმა ეჭვით შემომხედა, მთხოვა, რომ მომეცადა. მერე გადარეკა, გადმორეკა და ბოლოს მოვიდა და მომიბოდიშა შეყოვნებისთვის. ტელეფონი მაინც მას დავუტოვე და გამოვედი. რესტორანში ხალხი კანტიკუნტად იჯდა. ექვსი ნომრის მეგობრებიდან არავინ დამხვდა. ის მაგიდა ახლა ცარიელი იყო. გულზე მომეშვა. ზუსტად ვიცი, მოვკვდებოდი, ყველა იქ რომ დამხვედროდა, იმ ახალდამატებული გოგოს გარდა. ნომერში ავედი, მაგრამ სანამ შევიდოდი, ექვსი ნომრის კარს ვუგდე ყური. სიჩუმე იყო. მერე დავაკაკუნე რამდენჯერმე, მაგრამ არავინ გამომხმაურებია. ახლა კი ჩემს ნომერში შევედი, ზურგჩანთა ლოგინზე დავაგდე და იქაურობა ისე მოვათვალიერე, თითქოს ჩემს ოთახში იჯდა.


სიგარეტი ავიღე და გამოვედი. თან ყურადღებით ვათვალიერებდი აქაურობას, ეგებ, სადმე შემხვედროდა, მაგრამ ამაოდ. მცხელოდა. ვისკიმ თავისი ქნა, ამიტომ გარეთ, ვერანდაზე გავედი და იქ მოვწიე. სიცივე მესიამოვნა კიდეც. ახლა მივხვდი, რომ სულ ცხელი ვიყავი. ალბათ, მზეც მომეკიდა პლუს ამას. გარეთ სიჩუმე იყო. კარგად მოვათვალიერე იქაურობა. მაინტერესებდა, კიდევ ვინმე ხომ არ ეწეოდა. ნაცნობი სილუეტი დავინახე, უფრო სწორად, ნაცნობი დუტის ქურთუკის ფერი და გამიხარდა. იქით გავემართე და ადგილზე გავშეშდი, ექვს ნომერს კალთაში ეჯდა ის გოგო და გამწარებული, გაცხოველებული, გონდაკარგული ვნებიანად კოცნიდა. მე, რა თქმა უნდა, ვერ მხედავდნენ. ცოტა ხანი გახევებული ვუყურებდი. ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მექნა. მერე კი მოვწყდი ადგილს და შეშინებული გავიქეცი. სად გავრბოდი, არ ვიცი. მახსოვს, რომ შენობიდან ისევ ეზოში გავედი და იქვე თოვლში ჩავიკეცე და ბოლო ხმაზე ავღრიალდი.

აქ ვერ გავჩერდებოდი, ეგ ვიცოდი. მძულდა ეს ადგილიც და ყველაფერი, რაც ამიერიდან მის თავს გამახსენებდა. გული მერეოდა, მაგრამ ეს ის გულისრევა არ იყო, რაღაც სხვა იყო, უსუსურობის განცდა მახრჩობდა და კიდევ რაღაცის. დღემდე არ მაქვს პასუხი, რას ვგრძნობდი, მაგრამ მახსოვს, რა განვიცადე, თითქოს დამამსხვრიეს და ნაწილებად დავიშალე. როგორ შევლასლასდი ნომერში, არ ვიცი. სისულელე იყო ახლა უკან, თბილისში წასვლა ან ვინ ნორმალური წავიდოდა ღამის თორმეტ საათზე? ტაქსი რომ გამომეძახა? არ ვიცი, ვერ ვაზროვნებდი. გაუხდელად, ფეხსაცმელებიანად მივწექი ლოგინზე და ვეცადე, დამეძინა... ვერ... ვერაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ, ლოგინზე გაქვავებული ვიდე. რასაც ვგრძნობდი, ეს იყო, რომ ხან ძალიან მციოდა, ხან კიდევ მცხელოდა. ვერ ვინძრეოდი. მართლა მინდოდა სიკვდილი. ვეღარც ვტიროდი და მაინც გათენებამდე ველოდი!!! მე საცოდავი სესილი ველოდი ექვს ნომერს, რომ ან ახლა დამიკაკუნებდა კარზე, ან ახლა და მომიბოდიშებდა. ყველაფერს ვაპატიებდი!! მართლა, მაგრამ... ეგ კი არა, არც მისი ნომრის კარი გაღებულა და კიდევ კარგი, რადგან ზუსტად ვიცი, რომ გული გამისკდებოდა ტკივილისაგან! გარეთ კი უკვე თენდებოდა.



№1 სტუმარი nuca

გთხოვ დღეს ღამე დადე მერვე თავი.ან ხვალ მაინც.ვეღარ ვითმენ ძალიან მომეწონა

 


№2  offline წევრი anushka 5

nuca
გთხოვ დღეს ღამე დადე მერვე თავი.ან ხვალ მაინც.ვეღარ ვითმენ ძალიან მომეწონა


კი დღეს საღამოს აუცილებლად დავდებ )))

 


№3 სტუმარი Araaaa

Aubrs ra iko ramdeni malodine ici rogor veli shen istorias??? Gtxov dade ra dges gagrdzeleba mainteresebs ra donis naglia eg 6 nomeri

 


№4  offline წევრი anushka 5

Araaaa
Aubrs ra iko ramdeni malodine ici rogor veli shen istorias??? Gtxov dade ra dges gagrdzeleba mainteresebs ra donis naglia eg 6 nomeri



შემდეგი თავი დღეს იქნება აუცილებლად )))

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ ველოდი ამ ისტორიას, გული დამეწვა. რა ცუდ დღეში აღმოჩნდა ეს გოგო. ექვსი ნომერი გააქრე, ეგ არამზადა :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent