მარიონეტი (ოცდამესამე თავი)
ასე მირბოდნენ ერთმანეთის მხარდამხარ და ერთმანეთის იმედად დარჩენილნი, ცხოვრება გამოცდას უწყობდათ, მორიგ პაექრობას ბედისწერასთან. მირბოდნენ და არსებობდა მხოლოდ გაქცევის მიზეზი, მიზანი. არ ფიქრობდნენ, არ ეშინოდათ. თვითგადარჩენის ინსტიქტით შეუძლებელსაც კი ახერხებდნენ. ზურგს კომენდანტი და ხარებავა უმაგრებდნენ. ტყვიების ზუზუნში მხოლოდ გვერდით მდგომის გამალებულ გულისცემას უსმენდნენ და უხაროდათ, რომ ჯერ კიდევ არსებობდა იმედი ხვალინდელი დღის. ფეხქვეშ ღრიჭინებდა ადამიანად ქცეული ქართული მიწა. ცხარე ცრემლებით კვნესოდა მისი შვილების სისხლით გაჟღენთილი. ტყვიების წვიმაში როგორც იქნა პირველ სამიზნემდე მიაღწიეს. სარდაფის კარი რათქმა უნდა ამოქოლილი დახვდათ, დიდხანს ყოყმანი არ დაუწყიათ, იარაღის ლულა მიაბჯინეს და სასხლეტს ხელი გამოკრეს. ანჯამები სამაგრებიდან მოწყდა, თუმცა კარი მაინც არ გაიხსნა. ჟანგით დაფარულ მეტალს გამეტებით დაუშინეს წიხლები, როგორც იქნა შეირყა და მოწყვეტით გადავარდა. ბრაგა-ბრუგით გადაუარეს და შიგნით შევარდნენ. სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ სიბნელისთვის თვალის შესაჩვევად. წამიერად დაისადგურა სიჩუმემ. ცხოვრებაში პირველად ესიამოვნათ ნეშომპალისა და ნესტის სუნით გაჟღენთილი გარემო. სულ ერთი წამიც კი საკმარისი აღმოჩნდა მხნეობის მოსაკრებად. მთელი ძალით გარბოდნენ ალყაში მყოფი თანამებრძოლების გადასარჩენად. - თხრილისკენ გადავინაცვლოთ, ბიჭებს გამოსვლისას დახმარება დაჭირდებათ! - ბრძანება გასცა კომენდანტმა და ფორთხვით გადაინაცვლა სკოლის მიმართულებით. დაზიანებულ შენობას ალაგ-ალაგ ცეცხლი ეკიდა, თუმცა მოიერიშეები ამით არ კმაყოფილდებოდნენ. დააგელვებდნენ მუხლუხებიან ტანკებს, ჯავშან-ტრანსპორტიორის ლუქიდან სანახევროდ ჩანდა ქერა კულულებიანი ჯარისკაცი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სკოლის შენობა იწვოდა, ჭურვებს მაინც ესროდა. შენობიდან საპასუხოდ ისმოდა ავტომატების სუსტი ჯერი. სკოლა სავსე იყო დაჭრილებითა და გარდაცვლილებით. - ოხ. მე ამათი.... - გინებ-გინებითა და სროლა-სროლით მიიწევდნენ ზედა სართულებისკენ ჩვენი გმირებიც. როგორც იქნა ავიდნენ, თუმცა მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდნენ. ნანახმა იმდენად შეზარა, რომ მეტყველების უნარი დაკარგეს. ამდენ ხალხში მხოლოდ ერთი მსროლელი იყო დარჩენილი, ამდენ დაჭრილსა და გარდაცვლილში ერთად-ერთი ცოცხლად დარჩენილი ჯარისკაცი გამგელებული, სისხლითა დაფარული ფანჯრიდან-ფანჯარასთან ინაცვლებდა და სხვადასხვა მიმართლებით ისტერიულად ისროდა. თავისუფალ ფანჯრებთან მოკალათდნენ დამხმარეებიც, ახლა ერთის ნაცვლად სამი ისროდა. მათმა მისვლამ აშკარად მეტი სტიმული მისცა მამაკაცს. ვეღარც ტკივილს გრძნობდა, ვეღარც დაღლას, ბოლო ხმაზე ღრიალებდა ისევ ისროდა. სანგარში მსხდომებს მიუახლოვდა ჯავშან-ტრანსპორტიორი. სულ რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა მსროლელმა, თუმცა ხარებავასთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა. - ამას მოვუტ... - წელზე დამაგრებული ხელყუმბარა მყისვე ისროლა. ყოჩაღი იყო გიორგი, მერედა როგორი ყოჩაღი, გამაყრუებელმა გრუხუნმა გადაფარა სროლის ხმა. ცეცხლი ეკიდა მუხლუხას. - აი, ეს მესმის! - კმაყოფილებისგან ყიჟინა ვეღარ შეიკავა კომენდანტმა. - მარცხნიდანაც გვიტევენ! - თავზე ხელებაფარებული ერთი ნახტომით ისევ სანგარში აღმოჩნდა ხარებავა. - ახლა რა ვქნათ?! - სადაც ყველა, იქ ჩვენ! - მათი მიმართულებით დაძრულ ხროვასავით მომავალ ჯარისკაცებს სანგრიდან მიყოლებით ესროდნენ „პულიმიოტის“ ტყვიებს. ცარიელი გილზების ოდენობა მატულობდა და მატულობდა, სამწუხაროდ ტყვიებიც შესაშური სისწრაფით ელეოდათ.უკანასკნელი მარაგიც ჩასვა პისტოლეტის ბარაბანში. სკოლის ფანჯრებთან მდგომნი ხედავდნენ მოალყეებ, როგორ მიიწევდნენ სანგარში მჯდომებისკენ. უსაფრთხოების ნორმები საბოლოოდ დაავიწყდათ, ფანჯრებში აშკარად გადმოკიდებულნი ცდილობდნენ რუსების ყურადღების მიპყრობას, თუმცა ახლა მათთვის არ ეცალათ. - ტყვედ ჩავარდნას... - ფრაზა არ დაუსრულებია, ერთი ტყვია გამოარჩია და საგულდაგულოდ შეინახა ჯიბეში ხარებავამ. - ეგ ტყვია არ დაგჭირდება! - თვალით ანიშნა კომენდანტმა იქვე გაჩერებულ ტანკზე. თითქოს მიუხვდა ჩანაფიქრს, თვალებით გაზომა სანგარსა და ტანკს შორის მანძილი ხარებავამ. უკანასკნელ ხელყუმბარას თავი მოხსნა და თავდამსხმელების მიმათულებით გაისროლა. - ჟორიკ, არც კი გაბედო! - გვერდით მდგომს მიუბრუნდა კომენდანტი, თუმცა გიორგი იქ აღარ დახვდა. აფეთქებისგან გამოწვეული ბურუსით ისარგებლა ხარებავამ. ძუნძულით, ბეჭებში მოხრილი, ავაზას მოგაგონებდათ, იქნებ ასეც იყო?! ზურგს უმაგრებდა სანგარში მჯდომი კომენდანტიც. ბოლო ხმაზე ღრიალებდა მამაკაცი და ისროდა. ზემოდან ისევ ისროდა სკოლის ფანჯრებთან მდგომი სამეულიც. ზედმეტად ახლოს იყვნენ რუსები. სულ, ცოტაც და ეს ყველაფერიც დასრულდებოდა. სხეულში მოწოლილი ადრენალინისგან თვალები გაფართოვებოდა, დაძაბულობისგან ტკიოდა კუნთები. - ერთს კიდევ დაიგრუხუნებს და დასრულდება! ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რა მოჰყვებოდა მის მიერ აფეთქებულ ხელყუმბარას, თუმცა მაინც არ აფეთქდებდა, აღარც ისროდა. -შეუძლებელია, გამოუვიდა?! - ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ენახა. რეალობაში დასარწმუნებლად სანახევროდ წამოიწია. ჭიასავით დასრიალებდა ჯავშან-ტრანსპორტიორზე ხარებავა. მოახერხა, კომენდანტისკენ დაძრული ჯარისკაცების ყურებაში გართული კულულებიანი ჯარისკაცი ერთი ხელის მოსმით მოისროლა. ლუქიდან კაბინაში შეძვრა და სულ რამდენიმე წამში აახრიგინა კიდეც. ბუნებით მოძალადე არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით სიამოვნებდა მუხლუხებში მოყოლილი ჯარისკაცების სასოწარკვეთილი ღრიალი. ვისღა ახსოვდა სანგარში მჯდომი კომენდანტი. ისტერიკაში მყოფ რუსებს ორი ქართველი ჯარისკაცი ბატალიონად ეჩვენებოდა, შეშინებულნი ერთმანეთს ახტებოდნენ. - გიჟია ეს ჩემისა! - პატარა ბიჭივით სიხარულისგან ადილზე ხტუნაობდა კომენდანტი. სკოლის შენობაში მყოფნი აშკარად ვერ მიხვდნენ მტრის მოულოდნელ უკანდახევის მიზეზს. თუმცა, როგორც კი ტანკის ლუქიდან ამომძვრალი ხარებავა შენიშნეს, ბედნიერების შეძახილებიც აღმოხდათ. სულ ერთად-ერთი ტანკი საკმარისი აღმოჩნდა გადასარჩენად. თვალებს არ უჯერებდნენ, ბედნიერნი, შლეგიანებივით ხტუნაობდნენ სკოლის შენობაში მყოფნი. გახარებულებს რეალობის გრძნობა არ დაუკარგავთ, კარგად ხვდებოდნენ, რომ პანიკაში მყოფი რუსები ადრე თუ გვიან მიხვდებოდნენ საკუთარ შეცდომას და უკანაც მალევე მობრუნდეოდნენ. - აბა, სწრაფად ვიმოქმედოთ, დაჭრილები გავიყვანოთ და დროზე მოვშორდეთ ამ ადგილს. - ბრძალება გასცა კომენდანტმა. - გარდაცვლილები? - ტკივილით გახედა დაღუპულ სამხედროებს ზურამ. - სხვა გზა არ გვაქვს. ერედვამდე მისასვლელად ისევ რუსული ტექნიკა გამოვიყენოთ. შებინდდება თუ არა ქართულ სოფლებშიც გადავალთ. იქ კი ჩვენებიც დაგვეხმარებიან. - არის უფროსო, თუ რამე, ქართულად არ ილაპარაკოთ, „ნაიომნიკები“ ვართ! - თავზე დაფარებული ქუდი მოიძრო წვერამ და კმაყოფილი გაეკრიჭა მეგობრებს. - აფხაზეთს და ცხინვალს ურევ ერთმანეთში! - სიცილი ვერ შეიკავა ხარებავამ. - დამიჯერე, აქ ჩეჩენს უფრო აქვს გადარჩენის შანსი ვიდრე ქართველს. - პოზიციას არ თმობდა წვერა. - სულ ცოტა გიჟი რომ ხარ იცი? - ვიცი! - ისევ იცინოდა წვერა. აი, ასე რუსული ტექნიკით, რუსული ტანკის ლუქში დამალულნი ტოვებდნენ ქართველები ცხინვალს. ქართული სამხედრო ძალების უკანასკნელი ბატალიონი ტოვებდა სამაჩაბლოს. გულში დაგუბებული ტკივილითა და თვალზე მომდგარი ცრემლებით ემშვიდობებოდნენ სკოლის შენობაში დარჩენილ ქართველ მებრძოლებს. რადიოში ისევ ისმოდა ლოზუნგები, მოწოდებები, ვიღაც გიტარას არ აჩერებდა და ვინ იცის მერამდენედ ისევ სიმღერით ცდილობდა ირონიისა და გულში დაგუბებული ზიზღის დამალვას. ფაქტი კი ფაქტად რჩებოდა, სამაჩაბლოში მყოფი ქართული ჯარიდან მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ბიჭები დარჩენილყვნენ. იქიდანაც კაცმა არ იცოდა რამდენი ჩააღწევდა თბილისამდე ცოცხალი, ან ჩააღწევდნენ კი?! ძაძით შემოსილიყო ქართლის მინდვრები. და ისევ მღეროდნენ ცოცხლად დარჩენილნი: „სევდა ჩუმად ათოვს დღეებს, გველოდება ისევ ბრძოლა და ქარს მიაქვს ჩვენი ხმები შორს. თუ რამ გინდათ დღეს მითხარი, ხვალ იქნება ალბათ გვიან არ დაგვრჩება მოგონების დრო“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.