შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანის დღიურები. ეპიზოდი 9. დაუგეგმავი სექსი


21-03-2018, 13:47
ავტორი anushka 5
ნანახია 3 880

ბევრი არ უვლია შუშას და უძებნია, სად დაგველია ჩაი. მალე მივედით საჩაიეში. იქაურობა ვინტაჟურად იყო გაფორმებული, როგორც თბილისის კაფეების უმრავლესობა. კაფეში რამდენიმე წყვილი და რამდენიმე გოგონა იჯდა. ერთ-ერთ ლამაზ მაგიდასთან მოვკალათდით და ჩაი შევუკვეთეთ. შუშამ სალათის არჩევა შემომთავაზა, თუმცა, როცა გავიგე, რომ ჩემ გამო აკეთებდა ამას, თავად კი არ შეჭამდა, ავუხსენი, რომ ვერ ვიტანდი ფოთლებს და ბალახებს. გაოცებულმა შემომხედა.

- პირველად ვხედავ გოგოს, რომლიც ვერ იტანს სალათას. აბა, რა გიყვარს?
- ხორცი. ხორციანი. არა, სალათის მიმართ არ მაქვს აგრესიული ვერატანობის
დამოკიდებულება, ვჭამ ხოლმე, მაგრამ არასდროს ვუკვეთავ.
- კარგი, მეცოდინება. სესილი, კიდევ რა არ უნდა არასდროს? მომწონხარ, მგონი, ჰოდა, არ მინდა, რომ რამე ისე გამომივიდეს, შემეშალოს. ამიტომ რაც უფრო მეტი მეცოდინება შენზე, უკეთესია.
- მე, მაგალითად, დღეს გადავწყვიტე, რომ ამიერიდან, ყველაფერი ვკითხო იმ ადამიანს, ვისთანაც ვმეგობრობ. რაც მაინტერესებს - გავაგრძელე თემიდან აცდენით დიალოგი.
- მე მზად ვარ! რა გაინტერესებს, მითხარი და სიამოვნებით მოგიყვები.
- ყველაფერს? - ვკითხე ინტერესით.

- ჰო, რავი... კი. - მიპასუხა შუშამ წამიერი დაფიქრების მერე.
- მაშინ მითხარი, რა ჰქვია შენს კარის მეზობელს. - შუშამ გაოცებულმა შემომხედა. - ნაილი... - ის-ის იყო გაგრძელებას აპირებდა, რომ სიცილი ვეღარ შევიკავე. მერე თავადაც ამყვა.

ჩაი გემრიელი იყო, განსხვავებული, ხილის. მერე ლისის ტბაზე ავედით, მაგრამ ისეთი ქარი იყო, უკან დავბრუნდით მანქანაში და სხვა დღისთვის გადავდეთ აქ ამოსვლა. შუშასთან ურთიერთობა ადვილი იყო. მე ვიყავი მშვიდი, თავდაჯერებული, ჩვეულებრივი და არა ისეთი სესილი, როგორიც ექვს ნომერთან. როცა ეს შედარება გავაცნობიერე და ექვსი ნომრის სახელი ამომიტივტივდა, კვლავ მოვიწყინე და როგორც ჩანს, სახეც შემეცვალა, რადგან მაშინვე შუშას კითხვამ გამომაფხიზლა.

- სესილი, რა დაგემართა, სახე შეგეცვალა და ყურები ჩამოყარე. - თავი გავაქნიე, თითქოს ასე ვცდილობდი ექვსი ნომრის გაგდებას ჩემი ფიქრებიდან და თავიდან, და გავუღიმე ყალბად. - არაფერი საერთოდ.

- მე კიდევ მგონია, რომ კიდევ რაღაც გაგახსენდა, ან მე გაგახსენე და ამიტომ მოიწყინე. რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავითვალისწინებდი ყველა შენს შენიშვნას და წესს, მაგრამ იცი? ასე ხომ ვერ იცხოვრებ შიშში და ვაიმე იქ არ მოვხვდეთ, იქ არ გავიაროთ, „გ“ ასო არ ვახსენოთ... არა, იმას არ გეუბნები, რომ არ მომწონს, შუშას რომ მეძახი, მაგრამ ხანდახან შიშების დავიწყება და გადალახვა ზუსტადაც იმ შიშის პირისპირ ყოფნით ხდება და არა თავის არიდებით. - დაასრულა საუბარი შუშამ და მანქანა ჩემს სახლთან გააჩერა.


- მოვედით, სესილი. - მერე საათს დახედა. - უიჰ, რა გვიანია, ალბათ გელოდებიან სახლში.
მეც დავხედე საათს, თორმეტი ხდებოდა. არ დამიწყია ახსნა, რომ არავინ მელოდებოდა, უხმოდ დავუქნიე თავი და მანქანიდან გადასვლა დავაპირე, თუმცა სანამ კარს გავაღებდი, ტელეფონის ნომერი მთხოვა შუშამ და მერე ფეისბუქზე დამატება. ორივე თხოვნა ხალისიანად შევასრულე.

სახლში რომ ავედი, კართან მობილურის ზარმაც დარეკა. დავხედე და გული გადამიცივდა. რიცხვების ნაცნობი კომბინაცია იყო. ცოტა ხანი ვადროვე, სუნთქვა და გულისცემა დავირეგულირე და ვუპასუხე. ჰოი, საოცრებავ, შუშა იყო. მოვუბოდიშე და კიდევ დავხედე მის ნომერს. რიცხვების კომბინაცია საოცრად ჰგავდა ექვსი ნომრის ტელეფონს, უბრალოდ, 6-იანსა და 9-ს შორის იყო გადაადგილება. ბედიც ამას ჰქვია!! გამეცინა. გაიცნო ადამიანი, რომელსაც თითქმის იგივენაირი ტელეფონის ნომერი აქვს, როგორიც ექვს ნომერს. ჰო, რაც შეეხება შუშას, აინტერესებდა, როგორ მივედი სახლში, პრობლემა ხომ არ შემხვდა დაგვიანების გამო. არც ამჯერად მითქვამს, რომ არავინ მკითხულობდა და მაკონტროლებდა.

სახლში რომ შევედი, სწრაფად ვიბანავე. მერე კი ლოგინზე წამოვწექი და რამდენიმე საათის წინ ნაყიდი სასუსნავები ამოვალაგე. ახლა ვინანე, რომ არ ვჭამე არაფერი და მარტო ჩაითი შემოვიფარგლე. მიწის თხილი გავხსენი და პარალელურად, ფეისბუქზე შუშას მეგობრობის თხოვნას დასტური მივეცი. მერე კი მისი ვირტუალური ცხოვრების შესწავლას შევუდექი.

დიდად აქტიური არ იყო, ძირითადად, სპორტი, რამე ზოგადსაკაცობრიო მოვლენაზე გაზიარებული ლინკები და აზრი, გუდაურის ფოტოები, სადაც რატომღაც მეც კი ვჩანდი შემთხვევით კადრში. ეს უკვე მეორე საოცარი დამთხვევა და არანაირი სტატუსი - „in a relationship“, ან ქმრობაში, მარტოც არც ერთ ქალთან არ ჰქონდა ფოტო, ძირითადად ჯგუფური წყობილების. სამუშაო ადგილი მითითებული არ ჰქონდა. ჰოროსკოპით კი ვერძი იყო. მოკლედ, დიდი ვერაფერი გავარკვიე შუშაზე და ის იყო, ფბ-ს ჩაკეცვას ვაპირებდი, რათა ჩემი სერიალის ყურება გამეგრძელებინა, რომ მომწერა კიდეც. არ დავწვრილმანდები, რაზე, როგორ ვისაუბრეთ, მაგრამ ღამის სამ საათამდე რომ ჩათი არ შეგვიწყვეტია, ეგ ვიცი. მერე უბრალოდ თავს ვერ ვერეოდი და მეძინებოდა. ტკბილი ძილი ვუსურვეთ ერთმანეთს და დავიძინე.

დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. რომელიღაც კომპანიიდან მირეკავდნენ და გასაუბრებაზე მთხოვდნენ მისვლას. თან დღესვე და ორ საათზე.
ახალგაღვიძებული აზრმოუსვლელი ვიყავი. ამიტომ ვთხოვე, რომ მესიჯად გამოეგზავნათ მისამართი და დრო, რადგან ასე ვერ დავიმახსოვრებდი, რაზეც დამრეკავმა გოგონამ მიპასუხა, რომ ასეთ ელემენტარულს კი უნდა ვიმახსოვრებდე. ძალიან გავბრაზდი. არც მე დავაკელი და ვუთხარი, რომ ასეთ ელემენტარულს, როცა ტელეფონის ზარი მაღვიძებს, ვერ დავიმახსოვრებ. ამის მერე - ჰო, კაიოო... და რამდენიმე წუთში მისამართიანი მესიჯიც მოვიდა. მერე ყავა, აბაზანა... მომზადებამ გარკვეული დრო წაიღო, ბოლოს კი ერთი საათით ადრე გამოვედი სახლიდან და გასაუბრებაზე წავედი.

გასაუბრებამ უინტერესოდ ჩაიარა. დამისვეს ბევრი გაცვეთილი კითხვა და ბოლოს ის საფირმოც: - იიი, ხუთი წლის მერე სად ხედავთ თქვენ თავს? - იც მოაყოლეს. ალმაცერად შევათვალიერე გადატყლარჭული ეიჩარი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, იმაზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე, ვიდრე საერთოდ იყო და მშვიდად მივუგე: - ერთი წლის მერე ჩემს თავს ვხედავ თქვენს ადგილას, ხოლო ხუთი წლის მერე ამ კომპანიის გენერალურ დირექტორად!
არა, თავხედი არ ვარ, სამსახურიც მინდა, რა თქმა უნდა, უბრალოდ, იმდენად აბსურდული კითხვები დამისვა, პლუს ამას, ისეთ სახეს იღებდა, როცა ვპასუხობდი, უკვე ვიცოდი, რომ მე აქ არასდროს ამიყვანდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, ასეთი რამ მეთქვა. - გოგო გაშეშდა, მერე გაეცინა და დამემშვიდობა ასიათასჯერ ნაცვეთი და ალბათ არასდროს შესრულებული ფრაზით: - მოვიფიქრებთ და დაგიკავშირდებით. თავი დავუქნიე და გამოვედი.

გზად ქეთენოს დავურეკე და მოვუყევი, რომ უკვე დამირეკეს და მადლობა გადავუხადე. მერე კი, რადგან შესვენების დროც უწევდა, დავთქვით, რომ მისი სამსახურის გვერდით, პატარა კაფეში შევხვდებოდით და წინასწარვე გავიგე, რის ჭამას აპირებდა, სანამ ის მოვიდოდა, რომ შემეკვეთა, რათა დრო არ დაგვეკარგა შეკვეთის ლოდინში.

ქეთენოს შუშაზე მოვუყევი. დავასრულე წუხანდელი შეხვედრის ისტორია და მერე მოლოდინით მივაშტერდი მის მშვიდ, დაფიქრებულ სახეს. ძალიან მაინტერესებდა მისი აზრი.

- სესილი, ხომ არ ჩქარობ? - მხოლოდ ეს შეკითხვა დამისვა.
- რაზე ვჩქარობ? - ვკითხე გაოცებულმა.

- ამ ბიჭთან. ორი-სამი კვირის წინ დაშორდი ექვს ნომერს და უკვე ახალ ბიჭს ხვდები. დარწმუნებული ხარ, რომ დაგავიწყდა ის? - ამ კითხვას არ ველოდი, რაღაცნაირად ავიჭერი. უფრო ველოდი, რომ მხარს დამიჭერდა და მეტყოდა, რომ ძალიან კარგია ეს, რაც ხდება, რომ ბოლოს და ბოლოს გამოვალ იმ დეპრესიიდან, რომელზეც კი არ ვსაუბრობ, მაგრამ აშკარად მჭირს, ცოტა თვითშეფასებას ავიმაღლებ, რადგან სერიოზულად გამაცამტვერა, თავი არარაობად მაგრძნობინა ექვსმა ნომერმა. განა იმით, რომ ის სხვა აარჩია, არა, იმით, რომ მას მერე სამი კვირა გავიდა მგონი და არც კი გავხსენებივარ. არ დაინტერესებულა ჩემით, ბოდიშის მოსახდელად ამოსვლის ვაჟკაცობაც არ ჰყოფნიდა და ისე მომისროლა, როგორც გამოყენებული ხელსახოცი.

ხოდა, იგივე გავუმეორე ქეთენოს. სადღაც თავიც ვიმართლე, რომ არავის ვეკიდებოდი და ახალი ადამიანი ჩემთვის ახლა მისწრებაა. სანამ მე უამრავ აზრიან თუ უაზრო თავის მართლების სიტყვებს და ლოგიკურ აზრებს ვაფრქვევდი, ჩვენი პიცაც მოიტანეს და ორივემ ჭამის პაუზა ავიღეთ.

- როგორც გინდა, სესილი, მაგრამ მერე მორიგი იმედგაცრუება არ დაგემართოს და არ დაიწყო ქვითინი. - დაასრულა თავისი აზრი და ჭამა ქეთენომ. თავი დავუქნიე. ქეთენოს უკვე უმთავრდებოდა შესვენება, მომიბოდიშა, მითხრა, რომ საღამოს ამომივლიდა და გავარდა. მე კიდევ დავრჩი და დესერტიც შევუკვეთე. სიგარეტს მოვუკიდე. რაღაცნაირად გამოვტყდები და ვინანე, რომ ქეთენო საქმის კურსში ჩავაყენე. ნამდვილად ექსპერტი ეგონა თავისი თავი. თავად რომ ჯერ ერთთან არ ჰქონდა დასრულებული და მეორეს ეძებდა, იმაზე ხმა არ ამოვიღე. ან რა იყო ცუდი იმაში, ვერ ვხვდები, რომ მე შუშას ვხვდებოდი. სულაც არ მინდოდა მისი ასეთი ემოცია, მე ახლა მჭირდება გვერდში დგომა და გამხნევება.

ტელეფონმა გაიწკარუნა და დავხედე. შუშა იყო. უხალისოდ ვუპასუხე. მომიკითხა. აინტერესებდა, საღამოს რა გეგმები მქონდა. ის-ის იყო, უნდა მეპასუხა, რომ არაფერი, გამახსენდა, ქეთენო რომ აპირებდა ამოსვლას და გავჩერდი. მერე კი მივწერე:

- მისმინე, შუშა, დღეს დილემის წინაშე ვარ. საღამოს ჩემი საუკეთესო მეგობარი მოდის ჩემთან. თან შენი ნახვაც მინდა. ეგაა, მას უკვე შევპირდი, რომ ვნახავდი. ხოდა, არ ვიცი, რა ვქნა. არც მისი წყენინება მინდა, არც ის, რომ შენ არ გნახო.
- თუ რამე სერიოზული სალაპარაკო ან გეგმა არ გაქვს, მოდი, მეც გავიცნობ შენს მეგობარს და თან არც შენ აღმოჩნდები დილემის წინაშე, რომელი აარჩიო. - შუშას გადაწყვეტილება მართლა მომეწონა, მაგრამ არ ვიცი, აცნობენ კი ბიჭს მეორე ნახვაზე დაქალებს? თან ახლა ქეთენოს ექსპერტობის ნერვი არ მქონდა. იდეაში, არც უფლება ჰქონდა, ჩემთვის რამე აეკრძალა ან ეთქვა, არ შევხვედროდი შუშას. ერთია, რას ფიქრობს ის, მეორე - რა გადაწყვეტილებას მივიღებ მე. შუშას მივწერე, რომ ვკითხავდი მეგობარს და ახლა ქეთენოს მივწერე. ქეთენომ დამირეკა და კმაყოფილმა მომახსენა, რომ ძალიან კარგი აზრი იყო ეს და თან მერე მეტყოდა თავის აზრს, როგორი შთაბეჭდილება დატოვა მასზე შუშამ.

- ქეთენო, ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ, მაგრამ ერთი სათხოვარი მექნება შენთან. არ მაინტერესებს შუშას შემფასებლობითი დასკვნა, მე მასთან არც დიდ სიყვარულს ვგეგმავ და არც საქმრო-შეყვარებულის სტატუსის ქვეშ მოვიაზრებ. ასე რომ, არ მითხრა და არ შეხედო ისე, როგორც ჩემს მომავალ პარტნიორ კაცს. ის დღეს, ახლა არის ადამიანი, ვისთანაც უბრალოდ გამყავს დრო, ახალი ადამიანი, რომელიც არის ამხანაგი, - ყურმილის მეორე მხარეს ცოტა ხანი სიჩუმე იყო, მერე კი უხალისოდ მიპასუხა: - კაი. - და სანამ რამეს ვეტყოდი, გამითიშა. გაკვირვებულმა ავიჩეჩე მხრები. მართლა ვერ ვხვდებოდი, რა უნდოდა ქეთენოს, რადგან ერთი შეცდომა დავუშვი და თავიდანვე არ ჩავაბარე რეპორტი ექვს ნომერზე, ახლა ჩემს მფარველად და ექსპერტად სულაც არ მინდოდა მოვლინებულიყო. ან რა ეგონა? თუ მას არ მოეწონებოდა შუშა, მე უნდა შემეწყვიტა შეხვედრები? - გავბრაზდი!

საათს დავხედე. ხუთი ხდებოდა. სახლში ასვლა და მერე პლატოდან ისევ ქალაქში დაშვება მეზარებოდა. ამიტომ ახლომახლო ვიხეტიალე, მერე ლამაზ ბუტიკში შევიარე. ბუტიკი ხმამაღალი ნათქვამია, თურქეთიდან ჩამოტანილი ტანსაცმელების მაღაზია იყო, დიდრონი და საინტერესო კაბებით. ერთი მომეწონა და ფასიც ისეთი ჰქონდა, რომ არ დამენანებოდა ფულის გადახდა. ვიყიდე, მერე კი წვრილქუსლიან ფეხსაცმელზე შევაჩერე არჩევანი, რატომღაც ისიც ჩავიცვი და თავიდან კი ახალშობილი ხბოსავით გავიარე, მაგრამ თუ გავაგრძელებდი მეცადინეობას, მალე შევძლებდი გამართულად სიარულს. კი მქონდა ერთი წყვილი, მაგრამ ის მეგოიმებოდა და ეს მომწონდა. მერე სალონში შევიარე და თმა ოდნავ შევიჭერი, მოგრძო კარედ, ბოლოს კი საათს რომ დავხედე, შვიდი ხდებოდა. ჯერ ქეთენოს დავურეკე, რომ მეთქვა, სად მოსულიყო, მერე უკვე შუშას დავუნიშნავდი ადგილს, სადაც დაველოდებოდით.

ქეთენომ რამდენიმე ზარის მერე აიღო და რომ ვუთხარი, სადაც მოსულიყო, მიპასუხა, რომ არ ეცალა, საქმეები გამოუჩნდა. გული მომეწურა, მივხვდი, რომ მოგონილი იყო ახლა მისი საქმეების გამოჩენა და მეწყინა. ვიცი, რომ მასაც ეწყინა ჩემი პირდაპირი პასუხი. არ დამიწყია ხვეწნა-მუდარა, კარგი-მეთქი და გავუთიშე, მერე კი შუშას მივწერე და დავთქვით შეხვედრის ადგილიც. ოც წუთში გამოჩნდა შუშა. სოლიდურად გამოიყურებოდა. მიხვდა, რომ გამიკვირდა და მომიბოდიშა, სამსახურიდან მოვდივარო. თან დააყოლა, რომ საკმაოდ მშიერი იყო და თუ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, მეც მასთან ერთად მევახშმა.

დღეს კარგი ამინდი იყო და ვფიქრობდი, რომ სადმე ძველ თბილისში ფეხით გაგვესეირნა, სულ ჭამა-შეხვედრები რაღაცნაირად მედებილებოდა, მაგრამ რადგან სამსახურიდან მოდიოდა და თან მშიერი იყო, რა მექნა, ყველაფერი ხომ არაა ჩემზე მორგებული, მაგრამ გეზის აღება ძველი თბილისისკენ შევთავაზე. წავედით. ვახშამმა საინტერესოდ ჩაიარა, ბევრი ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, გავიხსენეთ ჩვენი პირველი სკოლის ექსკურსიები, რომელიც რა თქმა უნდა, ძველ თბილისში იყო. ერთ საერთო თემაზე ორივენი ჩვენ-ჩვენს ისტორიებს ვყვებოდით. იუმორიც არაჩვეულებრივი ჰქონდა და ძალიან ბევრს მაცინებდა. ვახშმის მერე ძველ თბილისში მაინც ვისეირნეთ. თან ვითომ ტურისტები ვიყავით და ფოტოებსაც შესაბამისს ვიღებდით, რამე საინტერესო ადგილებში, პოზების მიღებით. ეგ კი არა და, ვიღაც ქართველი გავაჩერეთ, ინგლისურად ვთხოვეთ, რომ ფოტო გადაეღო, რაზეც რა თქმა უნდა, სიამოვნებით დაგვთანხმდა. შუშამ არც აცია, არც აცხელა, ხელში ამიყვანა და ასეთი საინტერესო ფოტოც აღმოგვაჩნდა ლეღვთახევში, ჩანჩქერთან. ბევრი, ძალინ ბევრი ვიცინეთ, მერე კი სადღაც თერთმეტისკენ სახლში მომაცილა და დამემშვიდობა.


სახლში მოსულმა საყიდლები იქვე მივყარე და მერესთვის გადავდე მათი გარდერობში შენახვა. ტელეფონი დასატენად შევაერთე და აბაზანაში გავეშურე. სანამ შევიდოდი, ქეთენომ დამირეკა და მომიბოდიშა, ყველაფერი პ მ-ს დააბრალა. შემპირდა, რომ მალე ამოვიდოდა ჩემთან და დარჩებოდა. გულზე თითქოს ლოდი მომეხსნა, გამიხარდა, რომ ქეთენო მიხვდა თავის ზედმეტურ შემოჭრას და გააცნობიერა. ახლა თამამად შემეძლო მეფიქრა, რომ ძალიან კარგი და ნაყოფიერი დღე მქონდა. აბაზანაშიც ღიღინით შევედი...

აბაზანიდან პირსახოცშემოკრული და სველი თმით გამოვედი. კარზე ზარი იყო. არც გამიხედია, რადგან ქეთენოს ამოსვლას ველოდებოდი. ამიტომ არც ის მიკითხავს, ვინ იყო. გაღიმებულმა კარები ფართოდ გამოვაღე და ადგილზე გავიყინე, ტანზე შემოხვეული პირსახოცი კი, რომელიც ერთი ხელით მეკავა, იქვე, ჩემს ფეხებთან დავარდა. ჩემ წინ ექვსი ნომერი იდგა. ვერაფერი ვთქვი, უბრალოდ ვიდექით ასე, პირისპირ, გაშეშებულები. სადარბაზოს მექანიკური შუქიც კი ჩაქრა, მერე კი ექვსმა ნომერმა დიდი ნაბიჯი გადმოდგა ზღურბლზე, არაფერი უკითხავს, უთქვამს, მომიახლოვდა, ჩამეხუტა და მაკოცა. მეც კოცნით ვუპასუხე და თითქოს ჩვენ შორის რაღაც დიდი აფეთქება მოხდა, ისეთი აფეთქება, რომელიც ტვინს გითიშავს და აზროვნებას გიმრუდებს, მერე კი ხელში ამიყვანა და საძინებლისკენ აიღო მიმართულება. გზად კი ერთმანეთს გიჟებივით ვკოცნიდით, ვეხვეოდით, თმებს ვუწეწავდით და არ ვიცი კიდევ, ვერ ვიხსენებ, სანამ ლოგინზე დამაგდებდა, რას ვაკეთებდით. მერე თავადაც გაიხადა მაისური. ღმერთო, რა ძლიერი იყო! რა კარგი. სადღა იყო წყენა, სიბრაზე, შეურაცხყოფის განცდა, ყველაფერი ეს მომენტალურად გაქრა, როგორც კი მის მკლავებში აღმოვჩნდი.

- სესილი, ვერ გავძლებ უშენოდ. მიყვარხარ, ძალიან მჭირდები, უნდა მაპატიო. - ჩურჩულებდა ექვსი ნომერი და მე მას ძლიერად ვიხუტებდი. ხოლო მისი სიტყვები, როგორც საოცარი ჯადოსნური წამალი, ისე მეღვრებოდა მთელ სხეულში, გულსა და სულში და მისი სიტყვები იმ იარებს, რომლებიც მეგონა, რომ არასდროს მომიშუშდებოდა, ვგრძნობდი, როგორ შველოდა.

გაგრძელება იქნება ოთხშაბათს



№1 სტუმარი Araaaa

Au es ra keni shushas rogor auare gverdii es debili isev atkens guls viciiiii... au rato keni es da momkali saertod rom erti kvira ar gvagirseb tavs kai raaa ise velodebit xolme raa:)((((((

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აი ამას ჰქვია, ქალს ჭკუა არა აქვსო. ეგრეა, ქალები მალე ვივიწყებთ ყველაზე დიდ წყენას, რა თქმა უნდა ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა მაინც

 


№3 სტუმარი ტილდა

ავტორი რომ თეა ინასარიძეა რატომ არ გაქვს მითითებული?

 


№4  offline წევრი anushka 5

ტილდა
ავტორი რომ თეა ინასარიძეა რატომ არ გაქვს მითითებული?


არ ვიცოდი ზუსტას ავტორის ვინაობა და იმიტომ .. შემდეგი თავიდან მივაწერ ))

 


№5 სტუმარი ტილდა

ანუ თეა ინასარიძე აქვეყნებს მარაოზე ,მაგრამ ავტორი თვითონ არაა, უბრალოდ მას აქვს უფლება მხოლოდ გამოქვეყნების.

 


№6  offline წევრი anano-nia

როდის დადებ მომდევნოს?

 


№7  offline წევრი anushka 5

anano-nia
როდის დადებ მომდევნოს?



ოთხშაბათს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent