შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ვენები. II ნაწილი. XIII დღე. შუადღე.


24-03-2018, 18:35
ავტორი ლურჯი ანა
ნანახია 1 582

ანონიმურ ნარკომანთა შეხვედრებიდან
დღე I
- მიყვარს, როდესაც... - ნერწყვს ხმაურიანად ყლაპავს და დიდი ხნის შეუღებავ თმას უხვად ასხმული, დიდ ბეჭდებიანი თითებით შუბლიდან იშორებს. ბეჭდები... ჩინელების მაღაზიაში ნაყიდი ლარიანი ნაგავი. ასეთ ქალს სამკაულები უყვარს. არაერთი ძვირფასი თვალი ამშვენებდა მის წვრილს მაჯებს თუ ჩამოქნილ თითებს, ახლა რომ ალქაჯის დაგრეხილ კლანჭებს მიუგავს. არაერთს უბრმავებდა თვალს მის მკერდზე მოვარაყებული ოქრო თუ სპილოს ძვლისფერ ყელზე შემოტმასნილი ალმასთა როკვა, მაგრამ ეს ადრე. მანამდე, სანამ ქარს არ გაატანდა სიმდიდრეს მტვრის სანაცვლოდ. ერთი სიტყვით, სამუდამო ლომბარდი ძვირფასეულობას. მერე რაა, ზოგი ვერც კი არჩევს პატიოსან ქვას შეღებელი რკინისგან, არა? რაც უნდათ ის იფიქრონ. ეკუნა კი ასე ინუგეშებს თავს და სულ ცალ ფეხზე ჰკიდია სხვისი აზრი. ან იქნებ არც ჰკიდია? რას გაიგებ... - ყოველთვის ერთი და იგივე დროს მირეკავს. ღამის 11 საათზე. არა, სხვა დროსაც მირეკავს, ბლინ, მაგრამ 11 საათზე თუ დამირეკა, ზნაჩიტ ფაქტი დაითრია, ცოლს უთხრა რომ სამსახურიდან ორი დღით უშვებენ ფოთში და მეც ეგრევე ვუიასნებ ოჯახს. რაც შეიძლება მალე უნდა გავიჩითო ვაჟაზე, სადაც ცოლისგან მალულად ბაითი აქვს ნაქირავები ჩვენი შეხვედრებისთვის. სახლიდან მაგარი გაზმანული გავდივარ, ერთი-ორი გამოსაცვლელიც მიმაქვს და რა თქმა უნდა, არც ცუდი გოგონების სათამაშო მავიწყდება.
- ეკუნა, საყვარელო, წინააღმდეგი თუ არ იქნები, იქნებ აგვიხსნა რას ნიშნავს ცუდი გოგონების სათამაშო? - ნაზად ეკითხება ჩვენი ფაშფაშა დედილო ერთ-ერთ გზასაცდენილ შვილიკოს და კაცს ანდომებს სახეში შემოულაწუნოს ფარისევლობისთვის. როგორ ვერ უნდა მიხვდეს რომ ცუდი გოგონების სათამაშოს ვიბრატორს ეძახის ანცი შვილობილი.
- მოწევა შეიძლება? - კითხვას კითხვითვე უბრუნებს და გახუნებული ტყავის ჩანთიდან პალ-მალის კოლოფი ამოაქვს. ისე არტყამს ნაპასს, როგორც ბუხრის წინ სავარძელში ჩასვენებული მოხუცებული უფილტრო სიგარეტს. მადიანად და ძლიერად. სულ არ ანაღვლებს შეიძლება თუ არა მოწევა. მან უკვე მოუკიდა და არაფრის დიდებით არ დასთმობს. რომ ჩაიწვება, მაშინვე მოიშველიებს მეორესაც. თითქმის სავსე კოლოფი აქვს და ერთი საათი გამიქაჩავსო, ფიქრობს. ღმერთმა არ ქნას და თუ ღერები ისე შემოემღერა რომ გულის გადაშლის მსურველთა ნაკადი არ შეწყდა, აქტიურ ფაზაში დარჩა ცრემლების ღვარ-ღვარი ჰაერში აფრიალებულ, გაწვდილ-გამოწვდილი ერთჯერადი ცხვირსახოცებითურთ, თავში მობინადრე ცხოველი განგაშის სიგნალს მისცემს და ისიც მოკრძალებით მოსთხოვს სულიერ დებს ან დედიკოს, „მომაწევინეთ, ჯიგრებო“. შეიძლება ისე შორსაც წავიდეს რომ გახუნებული ტყავის ჩანთიდან, კიდევ უფრო გახუნებული საფულე ამოიღოს და ვისაც თვალს დაადგამს... არა, ვინც თვალში არ მოუვა, ჯიქურ მიმართოს „სიგარეტზე ხომ ვერ გამეგზავნებოდი, საყვარელო?“ ნაცრისფერი თვალებით მსხვერპლს მონუსხავს ხუთ ლარიანსაც მიაწვდის და დიდსულოვნად დაამატებს რომ შეუძლია ხურდა დაიტოვოს. - რა ვერ გაიგე, დედილო. ვიბრატორი. ხელოვნური რა. დავიჯერო, ამ დამთხვეულ სასტავში ისეთი წყალწაღებულიც გვყავს, რომელიც ათასში ერთხელ მაინც არ მასტურბირებს. რა გჭირთ ხალხო, მასტურბა.იაც ფასიანი ხომ არაა? თუ მოვლენებს ჩამოვრჩი და ფეხებ შორის ამოცუნცულებული ორგანოს მოფერებაც კანონით ისჯება, ამაზეც სროკი ხომ არაა? ნუ მოგერიდებათ, პირდაპირ მითხარით. ¬- თვალებს იმ სვავივით აცეცებს სულიერი დების სახეებზე, რომელიც გულმოდგინებით ეძებს ნაავადმყოფარ სხეულებზე ლპობაშეპარულ ხორცს რომ დააცხრეს და მშიერი აგრესია გამოკვებოს.
- ეკუნა, ძვირფასო, ეს-ესაა ჩვენი მეორე მცნება დაარღვიე. - ტაქტიანად მიმართავს დედილო და მიუხედავად ჭარბი წონისა, მოქნილად, ცელქი ბავშვივით იჭრება ფეხზე. წუთის შემდეგ, უმრავლესობას გაოცებას გვრის მისი საქციელი. ნიკოტინის შემცვლელი აბების მაგივრად (თვითონ ასე უწოდებს) პარლამენტის კოლოფს ხსნის და ეკუნასთან მიდის ცეცხლის სათხოვნელად.
- რა საოცარი არსებები ხართ ეს ფსიქოლოგები. ვფიქრობ, ყველაზე ახლოს თქვენი მოდგმაა იმ ეშხიან გველთან, რომელმაც კაცობრიობა დაღუპა. - წამით თვალებში შეხედავენ ერთმანეთს და ლიზა, რომელიც პირველად არის ანონიმუმ შეხვედრაზე, მოუთმენელი სიამოვნებით ელოდება ფსიქოლოგის აღშფოთებას. ხვდება რომ ეკუნას არსებობა გადაატანინებს იმ სასჯელს, რომელიც ოჯახმა გამოუწერა გამოსაჯანმრთელებლად. მოლოდინი არ მართლდება, ფსიქოლოგი უდრეკი კლდეა, ეშმაკსაც კი არ ძალუძს მისი მწყობრიდან გამოყვანა.
- მადლობა კომპლიმენტისთვის. გველი ხომ სხვა არაფერია, თუ არა სიბრძნე.
- აბა, რაა. თქვენნაირებისთვის ხომ ჭიქა მუდამ ნახევრად სავსეა.
- მეც მაგას გეუბნებით, ძვირფასო. მინდა რომ ჩვენ, ყველა ასე ვხედავდეთ. საკმარისია, თავდაჯერებულად შეეხო, რწმენით აღვსილი შეეხო ბროლის ჭიქაში ნახევრად სავსე წყალს, რომ ის პირთამდე აივსება და ჩანჩქერივით გადმოვა ბედნიერების ელექსირად ქცეული.
- ბრავო! თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ რეალურად, ეგ ფინჯანი, თქვენ ასე ხატოვნად რომ აღწერეთ, იმ უკბილო დედაბრის ყურიანი კრუშკაა, რომლითაც ახალგაზრდებიც მიირთმევენ წყალს და მხოლოდ წყურვილის მოკვლის შემდეგ იგებენ რომ მაცოცხლებელ სითხეს, ბებრის ნახველიც გადააყოლეს. - კარზე კაკუნი და ახალგაზრდა მდივნის შემოცქრიალებული ყავა იხსნის ლიზას უხერხულობისგან. მშვენივრად ერთობა. როგორ იფიქრა რომ შეკრებებზე მოიწყენდა? თხუტმეტი წუთიც არაა, რაც ფეხი შემოდგა და უკვე პირზე აქვს ხელი აფარებული ხარხარის უკან ჩასაბრუნებლად. ცქრიალა მდივანი უსაშველოდ გრძელი წამწამებიდან გაოცებით აკვირდება მწეველ საზოგადოებას და ფანჯრებს აღებს მყუდრო, მართლაც რომ მყუდრო ოთახის გასანიავებლად. ფსიქოლოგი ისე ეპარება ცხელ ყავას, როგორც ჭკვიანი თაგვი ხაფანგში გაჭედილ ქონის ნაგლეჯს და მომლოდინე მზერას აპყრობს ეკუნას. - და აი, როგორც იქნა, მივაღწიე სადარბაზოს. ეს გზა ყოველთვის იმაზე უფრო გრძელია, ვიდრე... - სიგარეტს უხეშად აჭყ.ეტს საფერფლეს და აკანკალებული თითებით იღებს მეორე ღერს. ლიზას, რომელსაც კარგი მხედველობა აქვს, შეუმჩნეველი არ რჩება საფერფლეში მიჭ.ლეტილი, დაღეჭილი ბიჩოკი. დიახ, დაღეჭილი. ასეთს მილიონიდან გამოარჩევს. იყო მის ცხოვრებაში ერთი კარგი ადამიანი, რომელსაც „მიწამ“ ცუდი ჩვევა დაუტოვა. „მიწა“ ეს ის ნარკოტიკია, რომელიც ჰადესსაც კი არ ჩამოუვარდება მიტაცებული სულების რაოდენობით. ფხვნილი, რომელიც ათას ომში გამოწრთობილ ჯარისკაცებს აყრევინებს ფარხმალს და ბრძოლაში წაგებულებს ენას უგლეჯს მუცლიდან. ის, ვინც ერთხელ გადაურჩება, მეორედ უფრო მგზნებარედ მიიწევს მის დასამონებლად და მანდ მწარედ ცდება. ეს ხომ სხვა ნარკოტიკებს არ გავს, რომლებიც დოზის გაზრდას გთხოვენ. დოზას ზრდი, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვეღარ იღებ და ბოლოს, სიამოვნების მიუღებლად ეთხოვება საწყალი სული ხორცს. მიწასთან ყველაფერი სხვაგვარადაა. მასთან ურთიერთობა არა ცეცხლთან, არამედ ვულკანთან თამაშს გავს. ახალშობილის წამოზრდილ ფრჩხილზე მოთავსებული მტვერიც საკმარისია იმისთვის რომ პარალელური სამყაროს კარი გახსნა. ვაი მას, ვინც ნაყროვანებაში გადავარდება და ხარბად დაიმატებს ერთ მწკივს. სიკვდილი არ დააყოვნებს. შავ, ლაპლაპა ფრთებს დიდებულად გაატყლაშუნებს მოღრუბლული ცის ფონზე და ზღაპარიც მთავრდება. შეიძლება, ეკუნას უცნაურ ჩვევასთან ბრალი არ მიუძღვის მიწას, მაგრამ ის „კარგი ადამიანი“, სწორად მას ემდურება. როგორც ამბობს, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეთამაშებოდა და რომ არ წაეგო, ენას კბილებით, ხან თითებით იჭერდა. ეს ბრძოლა იმდენად სულის შემძვრელი იყო რომ ბიჭს სიფხიზლეშიც გამოჰყვა და მას შემდეგ უკვე მეათე წელია, რაც მისი სავიზიტო ბარათი გახდა. საუბრის დროს, დუმილის დროს, ძილშიც კი... მისი მეგობრები დაბეჯითებით ამტკიცებენ რომ უნახავთ მძინარე ძმაკაცი, რომლის კბილებიც ისე ებღაუჭება მსუქან ენას, როგორც შეყვარებული ყმაწვილი ჭაობში ჩავარდნილ სატრფოს მკლავს. კი, რა თქმა უნდა, ცდა არ დაუკლია ამ უჩვეულო ჩვევის მოსაცილებლად და სიგარეტი დაიხმარა. ცდილობს უდანაშაულო ფილტრზე იყაროს ჯავრი და წაწვეტებული კბილებით ღეჭავს. ვინც მას არ იცნობს და საფერფლეში ასეთ შედევრს დაინახავს, ღიმილით გაახსენდება ყველასთვის საყვარელი მულტფილმის, „აბა, დამაცადეს“ გმირი. მგელი, რომელიც ეშმაკის მხრჩოლავ ჩხირებს (ბებიაჩემი ასე უწოდებს) სასაცილოდ ღეჭავს. - ვიდრე... საბურთალოდან ვაჟაზე გასვლა უფრო იწელება, ვიდრე თბილისიდან სარფში მიმავალი გზა. - დედილო ინტერესით უშვებს ბოლს და მისი თვალები განმარტებას მოითხოვს.
- რატომ? - კითხულობენ სულიერი დები აქეთ-იქიდან. „თბილისიდან სარფში დასასვენებლად მიდის, ან საზღვარგაღეთ მიემგზავრება. ამ შემთხვევაში, სულ ერთია, შვიდი საათი იმგზავრებს თუ ორი დღე. რომც დააგვიანდეს, ბილეთს გამოცვლის, თუ არ გამოუცვლიან არც ეგ იქნება ტრაგედია, ახალს იყიდის. საბურთალოდან კი თუნდაც ერთი კილომეტრი ჰქონდეს გასავლელი დანიშნულების ადგილამდე, გზა საშინლად იწელება, დრო კი უსწრაფესად გადის. ყოველი დაწყევლილი მეტრის გავლისას იმაზე უფრო მხეცურად უძგერს გული, ვიდრე წინაზე. რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს... ცუნამი წამოვიდეს, ქარბორბალა დატრიალდეს და კორპუსებს ჭერი ახადოს. მიწისძვრამ გზები აყაროს, ავარია მოხდეს და ქალი საცობში გაიჭედოს. მანქანას საბურავი გასძვრეს და სხვა ტაქსის გაჩერება მოუწიოს. შეიძლება იმდენ ხანს მოუხდეს შეყოვნება რომ მისთვის აღთქმულ მიწაზე ფეხის დაბიჯებისას, მუდამ თანმდევი კოშმარი ცხადად იქცეს და აღმოჩნდეს რომ დაიგვიანა... ის, რის გამოც ორფევსივით ჩავიდოდა ჯოჯოხეთში და ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, უსულო სატრფოს ჩაიკრავდა გულში, გათავებული დახვდა“. სულიერ დებს გულში პასუხობს ლიზა. ხმამაღლა რა ათქმევინებს, მას ხომ არ უნდა რომ ფსიქოლოგის დავთარში ცუდი ნიშანი ჩაიწეროს, საშემოდგომო გამოჰყვეს და ძლივს დამშვიდებული ოჯახი გაანერვიულოს. ეს ლიზას ისტორია არაა, თუმცა ეკუნას პასუხი მისი ფიქრების ანარეკლია და შეუმჩნევლად ეღიმება.
- თქვენ ნაღდად ნარკომანები ხართ, თუ მე მეღადავებით? - ინტერესით კითხულობს ეკუნა და მისი სიტყვები ჰაერს ჭრის - იმიტომ რომ იმ დედმო..ნულ ვაჟაზე დედამო..ნული გერაინი მელოდება, ბლინ. და მანამდე, სანამ აი ამ ბინძური თითებით არ შევეხები მსოფლიოში არსებულ სიბინძურეს შორის ყველაზე ბინძურს, ვერც ერთი ღმერთი თუ ვერც ერთი ეშმაკი ვერ მაიძულებს ჩემი საყვარელი ქალაქის ცქერით დავტკბე. ნეტა კი შეძლებდნენ... - უკანასკნელ სიტყვებს თავისთვის ამბობს და ქურდობაზე წასწრებულივით, სისუსტე რომ გაეპარა სახალხოდ, გააფთრებული კვნეტს ანთებული სიგარეტის ფილტრს. მზერას არც მაშინ აცილებს საფერფლეში მოსროლილ, გაყვითლებულ ფილტრს, რომელშიც საკუთარი გულის ანარეკლს ცნობს, როდესაც დედილო გამამხნევებელ ტაშს უკრავს და დანარჩენებს უბიძგებს მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვონ მწარე სიმართლის აღიარებისთვის.
- მე დღეს საშინლად გამაბედნიერა შენმა სიტყვებმა! - მართლაც აღტაცებით მიმართავს ფსიქოლოგი ეკუნას და უცებ იმ მქადაგებელს ემსგავსება, ფილმებში რომ ჩნდებიან. მეტი რომ არ შეიძლება ისეთი არტისტული მღვდელი თუ წინამძღვარი რომ გამოდის ღვთიური ბედნიერებით გაბრუებული სექტის წინაშე და მიკროფონში ცეკვა-სიმღერით ჩასძახის, „იესო მაგარია, იესოს ვუყვარვართ და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ არ შეიყვარო იგი?!“ არ ვმკრეხელობ, მე სექტის წინამძღვარზე ვსაუბრობ. აი, მაგალითად, ვისაც სერიალი „ნამდვილი დეტექტივი“ უნახავს, გამიგებს. - შენ შეძელი და მსოფლიოში ყველაზე ბინძური ნაგავი უწოდე იმას, რომელიც მთელი არსებით გიყვარს...
- თუ ძმა ხარ! - უხეშად აწყვეტინებს ეკუნა - ვერ ვიტან პირფერობას. ერთი მოაზროვნე ნარკომანი მომიყვანე, ნუ, მე ხისთავიანზე არ ვსაუბრობ, შტერი რომ იქნება ადამიანი, ეს ნარკოტიკის ბრალია არაა, მაგაზე ბუნებამ აგოს პასუხი. მაჩვენე ერთი მოაზროვნე კაცი, რომელიც იტყვის, ნარკოტიკი კარგიაო და მერე დავიჯერებ რომ მართლა შექების ღირსი ვარ. - ფსიქოლოგი უხერხულად იღიმება. ეკუნა, ახალი წევრი და კიდევ ერთი გოგონა, ყველაზე რთულად მოსარჯულებლები ჩანან.
- რაც არ უნდა ვთქვა, მაინც არ ეტყვით დედაჩემს? - კითხულობს 18 წლის ლუსი, რომელსაც მწვანედ შეუღებავს თმა და ბავშვური სახე რკინის რგოლებით აქვს გადახუნძლული. წარბებზე, ცხვირზე, ტუჩებზე, ყურებზე... ყველფერი გახვრეტილი აქვს და ლიზას სულ მისკენ ეპარება თვალი. ეს გოგო დანახვისთანავე შეუყვარდა. ლუსიც ღიმილით უყურებს ლიზას და ერთი სული აქვს როდის გამოელაპარაკება.
- არა, ძვირფასო, მე არც დედაშენი ვარ, არც ჩვენი არასწორი კანონებისგან გადაგვარებული პოლიციელი, რომელსაც ვერ გაურკვევია ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი სად უნდა წაიყვანოს, საავადმყოფოში თუ ციხეში. როდესაც ამ შენობაში შემოვდივართ, ისეთივე შიშვლები უნდა ვიყოთ, როგორც ახალშობილი, რომელსაც ეს-ესაა ჭიპლარი გადაუჭრეს. გულახდილობა ერთადერთი გზაა გამოსაჯანმრთელებლად.
- კი, მაგრამ, ქალბატონო ქეთევან... - ყოყმანობს ლუსი და ენაში გარჭობილ პირსინგს კბილებით ეთამაშება - თქვენი ქმარი მენტი არაა? - ფსიქოლოგს გულიანად ეცინება და თავს უქნევს.
- საყვარელო, ცუდი წარმოდგენა გაქვს პოლიციელებზე. დამიჯერე, მათ გარეშე ქვეყანა საქათმეს დაემსგავსებოდა. ისინი რომ არა, სრული განუკითხაობა იქნებოდა. ისინი რომ არა, ტკბილი ძილი არ გვეღირსებოდა. წარმოდგენა მაინც გაქვს, რა მძიმე მოვალეობა აკისრიათ და რა ხშირად იგდებენ თავს საფრთხეში ჩვენი უსაფრთხოების გამო?
- პოლიციელზე უარესია ჩამშვები დაქალი. - დუმილს თავისებურად ავსებს ეკუნა და ღვარძლიანად აგრძელებს. - ძაღლის საშოდან გამოვარდნილი ადამიანი, რომელიც რკინის ნებისყოფით ელოდება თუ როდის დაუცდება ფარას ჩამორჩენილ კრავს ავადმყოფი ჩლიქი. როგორცვე დაინახავს ხელოვნურ უფსკრულში გაჭედილ მეგობარს, მაშინვე ორფეხა ძაღლებთან მირბის ჩასაშვებად და... თითქოს, ამ ქმედებით სათანადო თაყვანი ვერ სცესო იუდას, გაუმჯობესების მიზნით, ძაღლების კანტორიდან გამოტანილ იმხელა ფუთას აგკიდებენ, ჯიბეშიც არ გეტევა. ფუთაში, იცოცხლე, ისეთი ფაქტია, წვრილფეხობა ბარიგას შეშურდება. შენ ხო, საერთოდ, გააფრენ, მეღადავებიან ეს ჩემისებიო, გაიფიქრებ. - გაცხარებული ეკუნა ნახევრამდე ჩამწვარ სიგარეტს ისეთი ძალით აჭ....ტს საფერფლეს რომ თითებიც კი უთეთრდება - შეიძლება, ჩვენი დედილო ფარისეველია, სხვისი ტკივილით, სხვისი დაშვებული შეცდომების მოსმენით იკვებება, და ამით საკუთარ ეგოს აძლიერებს, მაგრამ ჩამშვები არაა. ღმერთია მოწამე, ჩამშვები არაა. - სიტყვის სათქმელად მომზადებულ ფსიქოლოგს ყურადღებას არ აქცევს და უფრო მეტი გაშმაგებით აგრძელებს - მართალია, კინო ვარსკვლავივით მთელი დღე მხოლოდ მე ვსაუბრობ, მაგრამ ეს რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. შე ლეშო! მეცოდები, რადგან სხვისი უბედურების ხარჯზე ბედნიერდები. მეცოდება შენი გაუმაძღარი ღორივით დამშეული თვალები. რატომ? იმიტომ რომ ბოროტება ხარ. სხვისი ტკივილით გაკაჟებული აგურით აშენებ სახლს და გგონია, იქ სამუდამოდ იბოგინებ. ბრმა ხარ და ვერ ხედავ, აგურისფერ ქაღალდში გახვეულ ყინულს. ბოროტებას გული არ აქვს და სწორად ამიტომ ვერ გრძნობს შენი გაწაფული ხელი სიცივეს აგურისფერ ყინულზე შეხებისას. შენ გგონია რომ სხვისი ტანჯვით ნაყიდი მყარი, გამძლე მასალით აშენებ სახლს, მაგრამ ცდები. გავიწყდება რომ მზე ოდესმე, აუცილებლად ამოვა და მისი სხივები შენს ნაქურდალ, მოპარულ ბედნიერებასაც მოაკითხავს. აი მაშინ კი, როდესაც სიყვარულით გამთბარი სხივები მიტაცებულ სასახლეს დაეცემა, რომლის კედლებიც შენი ჩაწიხლული ადამიანების გაყინული ცრემლებითაა აშენებული... საწყალი, მხდალი ბოროტება ლაჩრულად გაიქცევი. მაგრამ იცოდე, ყველას ჩვენ-ჩვენი მოგვეკითხება და შენ... სიყვარულისგან გამღვალ, გათავისუფლებულ, გადმომსკდარ ცრემლებში ჩაიხრჩობი. დიაზეპამი არავის გაქვთ, დებო? ცოტა ავღელდი.
- ამინ, დაო, ამინ. შენც გაგამწარეს? - ჩიფჩიფით ეკითხება კბილებჩამტვრეული, დანაოჭებულსახიანი, უგემოვნოდ... არა, უფრო, გაჭირვებული შეესაბამება მის ჩაცმულობას, ათას ჭირ-ვარამ გამომვლილი, შუახნის ნასტია. ერთი თვალის შევლებაც საკმარისია იმისთვის რომ ცივი, სუსხიანი დემენტორების მოახლოება იგრძნო. თვალები ცარიელ გალიებს მიუგავს და თუ დააკვირდები, თუ ღრმად ჩაიხედავ მის თვალებში, სამუდამოდ დატყვევებულ, ყველასგან მიტოვებულ, შერცხვენილ აზკაბანის ტყვეს ამოიცნობ. ნასტია მოკრძალებით აწვდის აბს და ამოსუნთქვას სულის პატარა ნატეხს აყოლებს.
- დედამიწის ზურგზე ვერც ერთი ძაღლი ვერ შეძლებდა გავეფაქტე, გაქნილ მელასაც კი შეშურდებოდა ჩემი სიფრთხილე. თუმცა, არც იმას ვუარყოფ, თავზე ხელაღებული ვიყავი და ბარიგებს პირადად ვხვდებოდი. ახალგაზრდა ვიყავი და მიქროდა. ვიცოდი ათასხელგამოვლილი ფაქტი რაც იქნებოდა, ჩემი ფეხები. ჩემამდე ერთი ჯიგრული გაკეთებაც კი არ მოვიდოდა, ამიტომ ხელიდან ხელში ვიღებდი. ვიცი, ვინც გამიბ.ზდა. ახლა კუკიაზე წევს და ეშმაკის ქვაბში იხარშება. ჩაშვება, გაუტანლობა... ნარკომანის ცხოვრებაში ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც სადილის მომზადება და მაღაზიაში სიგარეტზე შესვლა. სახლი რომ დავკარგე ციხიდან თავის გამოსაღწევად, არც მაგაზე მიდარდია, ისე როგორც... არასოდეს შემლახია თავმოყვარეობა, ისე როგორც მაშინ. მღუპავ-მღუპავ, თვალებში რაღატო მაყრი ნაცარს. სწორად გამიგეთ, პოლიციას არ შევურაწყოფ, ჩვენი დაჭერა მათი მოვალეობაა, მე მხოლოდ ჩამშვებზე მაქვს საუბარი. ჩემი ჩამშვები დაქალის საფლავს ვაფურთხებ. პოლიციას რაც შეეხება... უნდა ჩაედოთ, სხვნაირად ვერ დამიჭერდნენ.
- რას ამბობ, ძვირფასო? - სინანულით უცქერს ქეთევანი და ხმა უმკაცრდება - ეგ ხომ, რბილად რომ ვთქვათ, კანონების მასხრად აგდებაა. სამართლის აბუჩად აგდება და უპატიებელი ცოდვა. ის, ვინც შენ ასე სასტიკად მოგექცა, ღმერთი მოსთხოვს პასუხს, მერწმუნე.
- სახლი რომ დაკარგა და მაგხელა სტრესი გადაიტანა, მაშინ სად იყო ღმერთი? - ხმა უკანკალებს ცალთვალა ანჟელას, რომელიც ულამაზეს მეკობრეს გავს - ღმერთმა მაშინ უნდა დაგიფაროს, როდესაც ცხოვრების ხალისი გაქვს და ჯერ კიდევ შეგიძლია ნათელი მომავლის იმედი გქონდეს. მაშინ სად იყო ღმერთი, როდესაც სკამზე მიბმულს მაწამებდნენ? - ღვარძლიანად კითხულობს და ერთადერთი თვალიდან ცრემლი მოსდის. ლიზა შეშინებული აკვირდება მის სახეს და ფაიფურის თოჯინა ახსენდება, საზღვარგარეთიდან რომ ჩამოუტანეს. ანჟელა თავის საზარელ ისტორიას რომ მოყვება და დროებით ჩამოიხსნის ტვირთს მხრებიდან, ქეთევანი ნაღვლიანად უღიმის მსმენელებს და ტაშს უკრავს.
- მგონი, ღირსია აპლოდისმენტებით გავამხნევოთ ანჟელა. ამდენი იტანჯა, ამდენი რამ გადაიტანა და ბოლოს, მაინც იპოვა გზა, რომელიც...
- ვითომ? - უხეშად აწყვეტინებს ეკუნა და ისე ეღიმება, როგორც ცბიერ ტურას, რომელმაც ტყეში დაკარგული ბავშვი დაინახა. - მას ხომ ჯერ არ უთქვამს, რისთვის აწამეს.
- როგორ არ თქვა, იმიტომ რომ ბარიგობდა. - ეწინააღმდეგება ეკუნას უადგილო ღიმილზე აღშფოთებული 37 წლის მარინა და ანჟელაც გულამოსკვნით ქვითინებს. თითქოს ისევ იმ დროში დაბრუნდა, როდესაც სკამზე მიაბეს და ცემიდან საზარელ წამებაზე გადავიდნენ. ლიზა უყურებს ანჟელას და ცნობისმოყვარეობა კლავს. ნეტავ, რას ყიდიდაო, ფიქრობს.
- ანჟელა, კანონის წინაშე უკვე აგე პასუხი, ღმერთიც გაპატიებს თუ მოინანიებ. მაგრამ იმისთვის რომ ახლა მაინც მოიპოვო სულიერი სიმშვიდე, უნდა შეძლო და საკუთარ თავს აპატიო. ასე არაა დებო? - გამამხნევებელი ხმები მშვენიერ მეკობრეს სიმართლის თქმისკენ უბიძგებს.
- ის... ის დიდს გავდა, გესმით? დიდს გავდა... მეც მყავს შვილები. მე... მესმის, ვპატიობ იმ კაცს, იმ გაჯალათებულ მამას. - ცალი თვალიდან ნიაღვარივით ჩამოსულ ცრემლს მაჯით იმშრალებს და მისი სიტყვები ჭინჭარივით სუსხავს მსმენელს - ის 14 წლის იყო, და მე მაინც მივყიდე.
დღე II
- 16 წლის ვიყავი როდესაც გავთხოვდი. ერთი კვირის გაცნობილ ბიჭს გავყევი ცოლად. - დედილო და სულიერი დები ისეთ მომლოდინე მზერას აპყრობენ 21 წლის ლოყებჩაცვენილ, უპეებჩაშავებულ გოგონას, თითქოს ზღაპარი უნდა მოისმინონო ძილის წინ. მოთმინებით ელოდებიან, როდის შეწყვეტს ტირილს, როდის იქნება მზად ტკივილის გულიდან ამოსაღებად. - არავინ მყავრებია ისე, როგორც ის. ჩემი თაყვანისმცემლებიდან საუკეთესო კანდიდატი იყო. სიმპატიური, ნასწავლი, შეძლებული და ჩემმა ოჯახმა სიხარულით მიიღო. ჩემი ბედნიერება ქორწილის ღამეს დამთავრდა. მრცხვენია... - ჩურჩულებს დაბალი, გამხდარი თამუნა და სახეზე იფარებს ხელებს.
- დაგვიკიდე. - სთავაზობს ლუსი, რომელიც ლიზას გვერდით ზის და კბილებით ისევ ენაში გარჭობილ რკინას ეთამაშება - ვინც გაგაკრიტიკოს, ის იყოს კუ. - ლიზა თავს ხრის რომ ღიმილი დამალოს, მხიარული ლუსი კი თავისას აგრძელებს - კაი რაა, ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს. - ნასამართლევ ნასტიას გულიანად ეცინება შვილიშვილისხელა გოგოს სიტყვებზე და რამდენიმე კბილის დასაფარად პირზე ხელს იფარებს.
- ეჰ, შვილო, ვისი გრცხვენია? ანგელოზები რომ ვიყოთ, აქ კი არ ვისხდებოდით.
- მაგრამ თქვენ აქ ხართ და ეს უკვე დიდი მიღწევაა. - სიამაყით შენიშნავს ქეთევანი და თამუნა ენის ბორძიკით აგრძელებს.
- ხუთას კაციანი ქორწილი გადაგვიხადეს. მახსოვს, ჩემი კლასელი გოგოების სახეები... ღიმილს ამოფარებული შური. ვიცი, რასაც იტყოდნენ, როგორ დაითრია ასეთი ბიჭი, ალბათ აჭამაო რამე. არადა, რომ გაეგოთ, ვინ იყო სინამდვილეში ჩემი მეუღლე... ნახევარი თბილისისთვის სასურველი, სანატრელი სასიძო. ორი თვის განმავლობაში, ყოველ ღამე გულგახეთქილი ვიძინებდი. ცრემლებით დასველებულ ბალიშზე ვდებდი თავს და ისიც არ შემეძლო, გავქცეულიყავი. როგორ მეთქვა, რა მეთქვა ხახლისთვის, რატომ წამოვედი? ახლა ვხვდები რომ წამოსვლაც არ მინდოდა. ჩემს რაღაც ნაწილს ჯერ კიდევ უყვარდა.
- ძალადობდა? - ფრთხილად ეკითხება დაინტრიგებული ლუსი და პუფში ისე სწორდება რომ კარგად უყუროს მოსაუბრეს. თამუნას მწარე ღიმილი ეფინება სახეზე. პირს ხმელეთზე გამორიყული თევზივით ხსნის. სათანადო სიტყვების ძიებაში დაბნეული აცეცებს თვალებს და ჩაბნელებულ გვირაბში იკარგება.
- მხოლოდ მეათე დღეს მოვუნდი და მაშინაც ვერ შეძლო. ელეზდე და ბიო უკეთეს ცოლობას უწევდა ალბათ, არ ვიცი. თუ კაიფში იყო, კარგად მექცეოდა. ეგეც იმაზე იყო დამოკიდებული, რა ჰქონდა მიღებული. ერთი კვირის მიყვანილი ცოლი, რომელიც თავისი თქმით, სიგიჟემდე უყვარდა, კინაღამ დამახრჩო. მაისის ცხელი დღეები ყელიან მაისურში გახვითქულმა გავატარე რომ ნათითურები არ შეემჩნიათ.
- ფაქტი გადაუყარე? - ნაღვლიანი ღიმილით ეკითხება ეკუნა და დადებითი პასუხის მოლოდინში სიგარეტთან მიტანილი სანთებელა ხელში უშეშდება.
- რას ამბობთ? ეგ რომ გამეკეთებინა, აქ კი არ გამიცნობდით, ინტერნეტში ნახავდით ჩემი მოკვეთილი თავის ვიდეოს. არ ვიცი, ელეზდეს ბრალი იყო, თუ სხვა რამეც ჰქონდა დამატებული, მაგრამ ფაქტია რომ ჭკუიდან გადავიდა. დასაძინებლად ვწვებოდი, როდესაც საძინებელში ისე შემოვარდა, თითქოს ვიღაც მოსდევდა. დამინახა თუ არა... ღმერთო ჩემო... ვინ ხარო, მკითხა. მეგონა, მეხუმრებოდა და მეც ხუმრობით ვუპასუხე, შენი ღამეული კოშმარი-მეთქი... - თამუნა თხრობას წყვეტს და ყველა იქით იხედება, საიდანაც თავშეკავებული სიცილი ისმის. ლიზა დაბნეულ, გაბრაზებულ საზოგადოებას დარცხვენილი უღიმის.
- მაპატიეთ, დიდი ბოდიში.
- ვინ არის ეს უზნეო? - კბილებს ილესავს ანჟელა და გაავებული უყურებს თავისზე გაცილებით უმცროს გოგონას.
- უზნეობაზე რომ ბარიგა ლაპარაკობს, ცოტა უხერხულია. - გაწითლებული ლიზა, რომელიც ძალიან ნანობს თავშეუკავებლობას, ლუსის ანიშნებს რომ გაჩუმდეს. ჯერ კიდევ არ იცის რომ ყველაზე ძნელად მოსარჯულებლებში ლუსი მესამე ადგილს იკავებს. - ხო მართლა, რას ყიდიდი? - ქეთევანი რომ ჩაერევა წაკამათებული დების შესარიგებლად, ლიზა კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს.
- ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. დაცინვა აზრად არ გამივლია. თამუნა... ძალიან გთხოვ, არ იფიქრო რომ...
- მესმის. - უღიმის გულკეთილი თამუნა - შენც გქონია ასეთი შემთხვევა?
- სიმართლე გითხრა, შენი ქმრის ადგილზე წარმოვიდგინე თავი და გულწრფელად შემეცოდა.
- შეცდომით გავიგე, თუ... ქმარი შეგეცოდა? - კითხულობს მარინა და ინტერესით ათვალიერებს ახალ წევრს. ლიზას არ უნდა ცუდად გაეცნოს სულიერ დებს და სიტყვებს ძალიან ფრთხილად არჩევს.
- ვიცი ნორმალური ადამიანი რა პასუხსაც გაგცემდათ ამ კითხვაზე და გადასარევად მესმის, თუ რა გადაიტანა თამუნამ იმ წუთებში. აქ მოსმენილი ისტორიებიდან, ჩემთვის ყველაზე ნაცნობი მისი ამბავია. მეც არა ერთხელ ვყოფილვარ მსგავს მდგომარეობაში. ვიცი რას ნიშნავს, როდესაც ვერ გცნობენ, მაგრამ ის უკეთესად ვიცი, რა შეგრძნებაა, როდესაც ვერ ცნობ. როგორც მივხვდი, ზუსტად მაგ ერთი შეხედვით, უწყინარი ხუმრობის შემდეგ მოგვარდა დასახრჩობად, არა? - თამუნა მძიმედ უქნევს თავს და მზერა ლუსიზე გადააქვს.
- მასე ჩემი მეზობელი დაიბრიდა. ოღონდ ის „გრიბჩიკებს“ გაუღრდა, ამბობენ ელეზდეც ჰქონდაო მიღებული, ეგ ზუსტად არ ვიცი. მაგიდის ქვეშ იჯდა რამდენიმე საათი და ვერ გამოჰყავდათ, კუდიანი ეშმაკი დადის სახლშიო. ეტყობა, დედამისს მოთმინების ფიალა აევსო, ხელი ჩაავლო გამოსათრევად. არ ვიცი, რა უთხრა ისეთი, მაგრამ 19 წლის ბიჭს გულმა დაარტყა და დედის ხელებში დალია სული.
- რაღაც არ მჯერა. - იჭვნეულად ამბობს მარინა და დანარჩენების რეაქციას აკვირდება.
- ვინც ჰალუცინატორებს არ იცნობს, მისთვის რთული დასაჯერებელი იქნება. - პასუხობს ლიზა ღიმილით და გული სწყდება მონათესავე ნარკომანი რომ არ ზის სულიერ დებში. როგორ შეიძლება თორმეტიდან მხოლოდ თვითონ იყოს ამფეტამინის მომხმარებელი?
- შენც ელეზდეზე იჯექი? - ეკითხება თამუნა და ყველა ინტერესით აკვირდება ლიზას. ყველას აინტერესებს ახალი წევრის გემოვნება.
- არა. მხოლოდ ის ვიცი მაგის შესახებ რომ ძლიერი ჰალუცინატორია და დეენემს ცვლის. ამის გაგება საკმარისი იყო იმისთვის რომ არ გავმიჯნურებულიყავი.
- მადლობა ღმერთს! - ხანძრიდან უსაფრთხოდ გამოღწეული, იღბლიანი ადამიანივით ამოისუნთქავს ქეთევანი და თამუნაც აგრძელებს ნაღვლიან ისტორიას.
- ვეფიცებოდი, ვუმტკიცებდი რომ მე თამუნა ვიყავი, მისი ცოლი, რომელსაც ძალიან უყვარდა... მაგრამ ის არ მისმენდა. თავისას გაიძახოდა, რომ მე მისი ცოლის სხეულში ჩასახლებული ეშმაკი ვიყავი და მემუქრებოდა, თუ არ დავტოვებდი სხეულს, თავს მომაჭრიდა. უეჭველ დახრჩობას მისმა ძმაკაცმა გადამარჩინა, რომელიც სასტუმრო ოთახში იჯდა და კედელზე მოციმციმე შუქს იმ უნახავი ბავშვის გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებდა, რომელმაც პირველად იხილა დისნეილენდის ატრაქციონები. შემდეგ... ის შემპირდა რომ შეიცვლებოდა, რადგან ვუყვარდი და უნდოდა, ბედნიერები ვყოფილიყავით ერთად. მუხლებზე მდგარი მემუდარებოდა მეპატიებინა და მეფიცებოდა, არასოდეს გავეკარებიო ნარკოტიკს. დავუჯერე... მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ნარკომანის ფიცი... - თამუნას მხიარულად ეცინება და წამის შემდეგ მზერა უშეშდება - აღარასოდეს გავეკარები წამალს... ამის მთქმელი იმ მგელს გავს, რომელსაც სახარება წაუკითხეს და ტაძრიდან გამოძუნძულებული მეცხვარეს არწმუნებს შევიცვალეო. „წამალი გადავაგდე ღმერთს-გეფიცებით“-ის დაჯერება იგივეა, რაც ცხვრის ფარას ტაძრიდან გამოსული მშიერი მგელი დაუყენო მცველად. ისინი მაშინაც კი წამალზე ფიქრობენ, როდესაც ღვთისმშობლის ხატს უყურებენ თვალებში და დახმარებას სთხოვენ. მაშინაც, როდესაც ექიმი მძიმე დიაგნოზს აცნობთ. მაშინაც, როდესაც ჩაშლილი ღვიძლის სურათი უჭირავთ ხელში და ექიმის დანიშნულებას თუ გაფრთხილებებს გულსგარეთ ისმენენ...
- ვაპროტესტებ! - ამბობს გაღიზიანებული ლეაკო, რომელსაც მცდელობა არ დაუკლია მუწუკების დასაფარად და სახეზე რამდენიმე ტონა ტონალური ადევს.
- რას აპროტესტებ, შეჩ.მა, სასამართლოში კი არ ხარ. - ცივად შენიშნავს ეკუნა და 30 წლის ლეაკოს ამრეზით ათვალიერებს. ლეაკო, რომელიც სახიფათოდ მიიჩნევს ეკუნას, შეკამათებას ვერ უბედავს და ისევ თამუნას აცხრება.
- ყველას ერთ ქვაბში ნუ გვხარშავ და სხვის მაგივრადაც შენ ნუ აკეთებ დასკვნებს. მე მაშინ გადავაგდე წამალი, როდესაც ცე ჰეპატიტი აღმომაჩნდა. - თამუნას დასაცავად ხმას არავინ იღებს. სიმართლის მოსმენა არც თუ ისეთი სასიამოვნოა და ჩაფიქრებულები ერთმანეთს არიდებენ თვალს. ახსენდებადთ ტყუილზე დაფიცებული შვილები, მშობლები და ღმერთი, რომელმაც დასწყევლათ.
- მინდოდ კარგი ცოლი ვყოფილიყავი. მინდოდა რომ ის დრო, რომელსაც სხვებს უთმობდა ჩემთან ერთად გაეტარებინა და მე... და... მივაღწიე მიზანს. იმ დღიდან, როდესაც მასთან ერთად წავედი მარნეულში, ის ისეთივე მოსიყვარულე გახდა, როგორიც გაცნობის დღეებში. საჭესთან ძმაკაცი დასვა, თვითონ კი ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი და მთელი გზა ხვევნა-კოცნაში გავატარეთ. მინდოდა დრო გაჩერებულიყო და სამუდამოდ ასე ვყოფილიყავით. მისი თვალებიდან გადმოფრქვეული უზარმაზარი სიყვარული, რომელიც მეგონა, მე მეკუთვნოდა, ნარკოტიკის აღებით იყო გამოწვეული და არა ცოლის სიყვარულით. მე კი ბრმა ვიყავი, ყრუ ვიყავი და დებილივით მიხაროდა. მას შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. გაგიკვირდებათ და ის ჩემ გარეშე ერთი წუთითაც ვეღარ ძლებდა. არც ერთი წუთით აღარ მტოვებდა. ყველა ახირებას უყოყმანოდ ასრულებდა და ხელის გულზე მატარებდა. გარშემომყოფების თვალში საუკეთესო ქმრის ტიტული მოიპოვა. მეგობრები კეთილი შურით სკდებოდნენ და ხუმრობით მეკითხებოდნენ, როგორი სექსი გვქონდა... ხელუვნურ ბედნიერებას ისე ვიღებდი, როგორც ეშმაკის საჩუქარს და თვალის გახელის მეშინოდა. საკუთარ თავს ხომ ვერ მოვატყუებდი რომ მე მისთვის არა ცოლი, არამედ „პაძელნიცა“ ვიყავი და ასეთი სახის ურთიერთობა, ასეთი სარისკო თავგადასავლები არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდებოდა. უბრალოდ იღბლისა და დროის თემა იყო და ერთ მშვენიერ დღესაც კრახით დასრულდებოდა. ის ზუსტად მაშინ დაიჭირეს, როდესაც მეც ისეთივე ნარკოდამოკიდებული ვიყავი, როგორც თვითონ. და... - თვალებს ხუჭავს, თავს ხელებში რგავს და მოგუდული ხმით აგრძელებს - 45 ათასი დოლარი იმისთვის რომ მხოლოდ 6 თვით გამოემწყვდიათ. „პერედაჩები“, სირცხვილი, ტკივილი, საზარელი მონატრება და ამ ყველაფერზე უფრო სასტიკი ლომკა. ფული რომ გამითავდა, მის ძმაკაცს ვთხოვე... და რომ გამოვფხიზლდი... იმ ადამიანის ს.ერმით მქონდა პირი სავსე, რომელსაც ჩემი ქმრის მეჯვარე ერქვა. - ისეთი სამარისებური სიჩუმეა რომ ნაპასის დარტყმის ხმაც კი ისმის და თამუნას ცალყბად ეღიმება. - საკუთარი თავი შემძულდა... რა უბრალოდ ჟღერს, არა? - ეკითხება სიცილით სულიერ დებს, რომლებსაც თავი ჩაუქინდრავთ და აგრძელებს - გამოცდაზე ჩაჭრილი სტუდენტიც ასევე იტყვის უნივერსიტეტის ეზოში, „როგორ ჩავიჭერი?! ამის დედაც, საკუთარი თავი შემძულდა!“ სულელური, შეუსაბამო წინადადებაა, იმიტომ რომ არ არსებობს ის სიტყვა, რომელიც ზუსტად შეეფერება ჩემს მაშინდელ გრძნობას, როდესაც უნიტაზთან ჩამუხლულს საკუთარი გულისრევა მახრჩობდა და მეგონა რომ სისხლშიც კი ვიღაცის სპერ.ა მიდუღდა. არ ვიცი, თვითონ თუ მიხვდა თავის დანაშაულს. ალბათ, მიხვდა, რადგან იმ დღიდან სათოფეზე არ გამკარებია და წამალს სხვისი ხელით მიგზავნიდა. დრო გადიოდა, ცხოვრება გრძელდებოდა და ერთადერთ ნათელ წერტილს ჩემს გაუბედურებულ ცხოვრებაში, კედელზე ჩამოკიდებული კალენდარი წარმოადგენდა. მავალდებულებდა ლოგინიდან წამოვმდგარიყავი რომ ბაზარში ნაყიდი ქალთა კალენდრიდან კიდევ ერთი ფურცელი ჩამომეხია. ორი მარტი ისეთი სიამოვნებით დავჭმუჭნე, თითქოს ციხის კარებს ვაღებდი დატყვევებული სატრფოს გულში ჩასაკრავად და სამმა მარტმა ადგილზე გამაქვავა.
- დედების დღე... - აღმოხდება ქეთევანის შემდეგ ერთადერთ არანარკოდამოკიდებულ დარეჯანს კვნესით და ტირილისგან სახე ეღრიჯება.
- სამი სხვადასხვა ორსულობის ტესტი. სამივე გაწითლებული. პირველად ცხოვრებაში, არსებობას აზრი მიეცა. მაშინ შევამჩნიე რომ არა მხოლოდ უარის თქმა შემეძლო ნარკოტიკზე, გაფიქრებაზეც კი გული მერეოდა. - ქეთევანის აპლოდისმენტებს მხურვალედ ყვება 11 წყვილი ხელი და რამდენიმე მათგანი სიხარულის ცრემლს იწმენდს სახიდან. - გამიგია, შურისძიება ყველაზე დიდი ცოდვააო და ამაზე მწარედ მეცინება. ამ დროს, თვითონ ღმერთი ხომ ყველაზე დიდი შურისმაძიებელია... ის მხოლოდ მაშინ გვპატიობს შეცდომებს, როდესაც ჩვენსას მოგვიზღავს. ბედნიერებამ, რომელმაც ფრთები გამომასხა... რძის პროდუქტების ყიდვა, სიგარეტის გადაგდება, მჟავე კიტრის მომარაგება და ბავშვის ოთახის მოწყობა მაიძულა. ბეჯითი სტუდენტივით დილიდან საღამომდე ვკითხულობდი წიგნებს „ორსულთათვის“ და მაღაზიებში დავბოდიალობდი, სადაც პაწაწუნებისთვის ტანსაცმელი იყიდებოდა. სიხარულისგან აკივლებულმა დედამთილმა ექიმთან ჩამწერა და მხოლოდ იმიტომ ვერ გამომყვა რომ მეზობლის დაუდევრობის გამო ძვირადღირებული, ახალი გარემონტებული საძინებელი დაეტბორა. ღმერთი არც ისეთი სასტიკი ყოფილა... ეს მაშინ ვიფიქრე, როდესაც ნემსი ვენიდან გამოვიძრე და ჰეროინის სიდიადე ყოველი წერტილით ვიგრძენი. ყოველთვის, როდესაც თვალებს ვხუჭავ, მახსენდება... როგორ მეხება მუცელზე რაღაც ცივი და ექიმის სიტყვები ცხადად ჩამესმის, „გილოცავთ, თქვენ მალე დედა გახდებით“. ბედნიერებისგან წამოსულ ცრემლებს ხელს არ ვახლებ. დაე, წმინდა ცრემლებმა გაწმინდონ ცოდვილი სული. შემდეგ ის ხელსაწყო, რომელიც მუცელზე სრიალებს, ჭრელ გველად ტრასფორმირდება და სისინით ამბობს, „კმარა! ეყო ბედნიერება, სიმართლის დროა...“ ექიმი, რომელსაც ხელში ცოცხალი ქვეწარმავალი უჭირავს და მუცელზე ისე ათამაშებს, თითქოს უკეთესი ადგილის პოვნაში ეხმარებაო შხამის გადმოსანთხევად, ეკრანს თვალს არ აშორებს და საზეიმოდ მამცნობს რომ ჩემი პატარა... ჩემი შვილი 6 კვირისა და 6 დღისაა. 6 კვირა, 6 დღე, 6 თვე... ჩემი უბედურების 666. ნარკოტიკი ცუდია, არა? - კითხულობს ყალბი ენთუზიაზმით და ოთახში მყოფებს გამომწვევად აკვირდება - ნარკოტიკმა შვილი წაგართვათ... - მიმართავს დარეჯანს და ათრთოლებულ ტუჩებს კბილებით იკვნეტს - თქვენ თვალი, თქვენ 15 წელი, თქვენ სახლ-კარი, თქვენ ჯანმრთელობა...
- მე ქმარი... - პასუხობს 39 წლის ნინა და თამუნას შეშლილ მზერას თვალს არიდებს.
- ადამიანობა, ნამუსი...
- ოჯახი, მეგობრები, ნათესავები...
- ყველა და ყველაფერი... - ქეთევანი გაფაციცებით ადევნებს თვალყურს დირიჟორის გარეშე დარჩენილ მუსიკოსებს, რომლებიც უნაკლოდ ასრულებელ მოცარტის რექვიემს და გული სიამაყით ევსება. ოფლის ღვრას ფუჭად არ ჩაუვლია და მან რაღაც შეძლო ამ ჯგუფთან. მხოლოდ მეთორმეტე დუმს და სანამ ქეთევანი ჩაახველებს რომ დელიკატურად მიმართოს ლიზას, თამუნა სწორი გზით მიმავალ მატარებელს რელსებს უცვლის და ძლივს მოპოვებული სიმდიდრე წამებში ფეთქდება.
- მტკივნეულია არა დანაკარგი? რთულია არა საკუთარი თავის სარკეში ყურება? - შეშლილი თამუნა ხმას სახიფათოდ უწევს - საშინელებაა არა ლომკა? და ეს ყველაფერი ნარკოტიკის ბრალია, არა? დავგმოთ არა ჰეროინი? გვეყოფა! გამოფხიზლდით ხალხო! სიმართლეს თვალებში ჩახედეთ, გვეყო სირაქლემას პოზაში ყოფნა. თავს კი ვრგავთ მიწაში, მაგრამ ტანი ჰაერში გვრჩება და ყველა ხედავს ჩვენს ჩასვრილ ტრაკს. გვეყო საკუთარი შეცდომები ნარკოტიკს გადავაბრალოთ. გვეყო ჩვენი უზნეობა, უნებისყოფობა ფხვნილს დავაბრალოთ. სიმართლე გინდათ? - ქეთევანის მიწვდილ წყალს ზედაც არ უყურებს და აკანკალებული ხმის დამორჩილებას ცდილობს - სიმართლე ისაა რომ ნარკოტიკი ერთადერთი მეგობარი იყო ამ დაწყევლილ ცხოვრებაში. ლომკა, ლომკა, ლომკა... თუ ღმერთი გწამთ, ნუ შეჭამეთ ტვინი ამ სიტყვით. თქვენ არც კი იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა. თუ ლომკას ჯოჯოხეთური ცეცხლი ჰქვია, იმას რაღას ეძახიან, როდესაც ყოველ დღე უყურებ წამოზრდილ მუცელს, ხელებით ეფერები ემბრიონს, მისი პაწაწინა გულის ფეთქვას გრძნობ, ეჩურჩულები რომ ყველაზე მეტად გიყვარს და ის უცოდველი, პწატარა არსება ხვდება რომ მალე დედის ხელით მოკვდება...
- დამშვიდდი, საყვარელო. ჩვენ აქ იმისთვის ვართ რომ დაგეხმაროთ...
- ის მუჭისხელა არსება, რომლის ერთადერთი დანაშაულიც ისაა რომ მცდარ დროს ჩაისახა, მხოლოდ იმიტომ უნდა მოკლა რომ მამამისი არ გიყვარს. როგორ გინდა აუხსნა, მამაშენი ნათლია უნდა ყოფილიყოო? ეფერები... ზღაპრებს უკითხავ, არწმუნებ რომ გიყვარს, მაგრამ მეტი გზა არ გაქვს და ეს უნდა გააკეთო... პატიებას თხოვ... პატიებას თხოვ იმისთვის რომ მალე უნდა მოკლა. გაყიდული სხეულები, გაყიდული სულები, გაყიდული მეგობრები, ოჯახი, სახლი, ცხოვრება, ლომკა... ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმ ტკივილთან, იმ სირცხვილთან და იმ ცოდვასთან, რასაც საკუთარი შვილი მკვლელობა ჰქვია. დაგეგმილი, გააზრებული, შეკვეთილი მკვლელობა ჰქვია. დიახ, შეკვეთილი მკვლელობა, ჩვენ ხომ, სულ რაღაც 240 ლარს ვიხდით აბორტისთვის...
III შეხვედრა.
- მე არ ვარ ავადმყოფი! - გადაჭრით ამბობს ლუსი და ქეთევანს უტიფრად უსწორებს მზერას - ათასში ერთხელ თუ კლუბში შევალ მეგობრებთან ერთად და რამეს მივიღებ, დიდი ამბავი. ჩემი მშობლები ძველმოდური ხალხია და ამას ვერ გაიგებენ.
- თუ ჩვენი დახმარება არ გჭირდება, მაშინ იქნებ აგვიხსნა, აქ რისთვის ხარ, საყვარელო? - ღიმილით ეკითხება დედილო და სიგარეტის ბოლი თვალებს უწვავს.
- ჩემი გენიოსი მშობლების ახირების გამო. მე აქ იმათ მომათრიეს. სამკურნალო არაფერი მჭირს. მე არც ვჩხერაობ და არც ფაქტზე ვჩალიჩობ. მთელი მსოფლიო კაიფობს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მთავარია, კონტროლი შეძლო და ლომკა არ აიკიდო. - ამ სიტყვების მოსმენაზე, დედილო ლიზას გადახედავს და გულში ეღიმება, „მოუსწრიათ დამეგობრება“ - რა არის იმაში ცუდი თუ მხიარულების მიზნით, ათასში ერთხელ ბალახს მოწევ ან ექსტაზით ჩაიკოკლოზინებ ყელს. ვის რას ვუშავებთ?
- საქმეც მაგაშია, შვილო. - ნაღვლიანად უყურებს შვილმკვდარი დედა ლუსის და იმ სიტყვებს ეუბნება, რასაც საკუთარ შვილს უმეორებდა. შვილი, რომელიც არ უსმენდა... 28 წლის ასაკში სადარბაზოში დაასრულა სიცოცხლე. - როდესაც გასამხიარულებლად, გასაბედნიერებლად, სამყაროს სილამაზის აღსაქმელად ნარკოტიკი გჭირდება, ეს იმას ნიშნავს რომ სამკურნალო ხარ.
- აუ... რა სისულელეა! - წამოჭარხლებულ სახეზე მძვინვარება ესახება და ჯიქურ მიმართავს ბებიისხელა ქალს - კაი, ბაზარი არაა, მაშინ ამაზე მიპასუხე, რატომ სვამთ ალკოჰოლურ სასმელ წვეულებებზე? ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს რომ იძახით და მუცლების ჩახეთქვამდე ცლით ყანწებს, მაშინ რატომ არ ფიქრობთ რომ ფხიზლებმა მიიღოთ სიამოვნება, ჰა? ჭიქას-ჭიქაზე რომ უჭახუნებთ, მაშინ სად ქრება თქვენი ფრთიანი ლოგიკა რომ სამყაროს სილამაზის აღსაქმელად, სულაც არაა საჭირო გაბრუება...
- ალკოჰოლი სხვაა, ნარკოტიკი სხვა...
- მეღადავები? - ლამის უყვირის ლუსი და სკამზე ვეღარ ჩერდება - რატო ღმერთო, რატო? მე მაგალითად, უამრავი ადამიანი ვიცი, რომელსაც ღვიძლი დაეშალა ალკოჰოლის გამო.
- ნარკომანი ღვიძლის დაშლამდეც კი ვერ მიდის, მანამდე გკლავს ეგ ჯოჯოხეთის ნაცარი.
- იცით რა? დავიღალე ამ არალოგიკური ბოდვების მოსმენით. დავიღალე ამ ჩვენი წმინდა წინაპრების მიერ სისხლით და ოფლით მოვლილი ვაზის წვენის გაფეტიშებით. - ქეთევანს ეღიმება და ისევ ლიზას უყურებს, რომელიც უდანაშაულო კრავივით აკვირდება ორთა ბრძოლას - რა გავაკეთოთ ჩვენ, ვისაც ჭაჭის არაყი გულს გვირევს? რა დავაშავეთ ჩვენ, ვისაც 100 ლიტრ კახურ ღვინოს ერთი ტაბლეტი ემი გვირჩევნია და 100 ლიტრ ჭაჭას ერთი ტარიანი, რა დავაშავეთ?
- ჯერ მაგით დაიწყებ, მერე უფრო ძლიერზე გადახვალ. - მშვიდად ეპასუხება საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული დარეჯანი, რომლისთვისაც ცოცხალი მაგალითია ახალგაზრდა შვილის საფლავი.
- აი, აი, ხედავთ, რას გვიშვება სიბნელე და გაუნათლებლობა...
- იმდენი ზრდილობაც არ გაქვს რომ ბებიისხელა ქალს შეურაწყოფა არ მიაყენო.
- მე თქვენ შეურაწყოფას არ გაყენებთ, ფაქტს ავღნიშნავ. - აღელვებული ლუსი დაუკითხავად იღებს ქეთევანის კოლოფიდან სიგარეტს და უფრო მშვიდად აგრძელებს - მაპატიეთ, ქალბატონო დაჯი, ბოდიში თუ უხეშად გამომივიდა, მე უბრალოდ... მესმის, არა, არ მესმის თქვენი მწუხარება, რადგან გამიგია, შვილმკვდარ დედას სამძიმარს არ ეუბნებიანო. დაახლოებით მესმის თქვენი ტკივილი, მაგრამ ჩვენიც გაიგეთ, რომ ერის პრობლემაა სიბნელე და გაუნათლებლობა...
- ვხედავ. - ცივად შენიშნავს დარეჯანი, მაგრამ ლუსი მის სიტყვებში ჩადებულ მინიშნებას ყურადღებას არ აქცევს.
- ლუსი, ჩემო პატარა, მე ვხვდები შენ რისი თქმაც გინდა, მაგრამ თუ ასეთი ტონით გააგრძელებ საუბარს, ვფიქრობ... - უღიმის ეკუნა და ანიშნებს რომ დაჯდეს.
- ბოდიში. ვიცი რომ ნარკოტიკი ცუდია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ნურც ის დაგვავიწყდება რომ სიგარეტი და ალკოჰოლიც ცუდია ჯანმრთელობისთვის. მანქანის გამონაბოლქვი და გაყინული პროდუქტიც საზიანოა. მხოლოდ იმიტომ რომ გლეხი ვაზს უვლის და ამით ფულს შოულობს, თვალს ვხუჭავთ ალკოჰოლის მავნეობაზე. გლეხს ღმერთმა ხელი მოუმართოს, ნეტავ კი გაყიდიდეს, მე იმ ბიზნესმენებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ალკოჰოლს ყიდიან. რადგან ეტლებით აღარავინ მოძრაობს და ტრასპორტი გვჭირდება, თვალს ვხუჭავთ გამონაბოლქვზე, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობას ანგრევს და ეკოსისტემასაც დედას უკლავს. კომპიუტერებმა, ტელეფონებმა ერთი სიტყვით, ტექნიკამ რომ გადაგვაგვარა, ეგეც არაფერი. სიგარეტი რომ კიბოს აჩენს ამაზეც მხოლოდ წუხილით შემოვიფარგლებით და განტევების ვაცად ნარკოტიკი გამოგვყავს. დამოკიდებულება, დამონება მიუღებელია, მაგრამ ათასში ერთხელ მოხმარება, აუცილებელიცაა საკუთარი თავის უკეთესად შესაცნობად.
- იმისთვის რომ თავი უკეთესად შეიცნო, ნარკოტიკი აუცილებელია, მომესმა თუ მართლა ასე თქვი? - ეკითხება ქეთევანი და იმედი აქვს რომ გოგონა უკან დაიხევს. „ოჰ ლიზა, ლიზა, რა ღრმად შეგიტოპავს!“
- არა, აუცილებელი არაა. - აღიარებს ლუსი და ფსიქოლოგს დამნაშავე ბავშვივით უღიმის - დედაჩემს არაფერს ეტყვით ისეთს, არა?
- ცუდს არაფერს. - გულიანად გადახარხარების შემდეგ პასუხობს ქეთევანი და ლიზას მიმართავს - შენ რა აზრის ხარ ამ ყველაფერზე, ჩემო მშვენიერო, საყვარელო ქალბატონო? - თორმეტი წყვილი თვალი ლიზას ეცემა. ისეთი შეგრძნება ეუფლება თითქოს სცენაზე დგას და მილიონობით ადამიანი აკვირდება. მისთვისაც მოიცალა ეშმაკმა. ის ღრმად ჩაისუნთქავს და სანამ თავში მოთავსებულ პანდორას ყუთს თავსაფარს ახდის, მუდამ მხიარულ განწყობაზე მყოფი მდივანი აღებს კარს.
- პაციენტი ნომერი 13 ადგილზეა, შემოვუშვა? - ქეთევანი შვებანარევი ღიმილით, მონდომებით უქნევს თავს და ისიც გაუბედავი ნაბიჯებით შემოდის...
- ვინ ის? - ვეკითხები ლიზას და ანონიმურ ნარკომანთა ოთახიდან ისევ კორახაშვილების საძინებელში ვბრუნდებით.
- პაციენტი ნომერი 13. - ღვარძლიანად მპასუხობს ლიზა და სიძულვილისგან თვალებს ხუჭავს.
- ვინ არის პაციენტი ნომერი 13? - ვეკითხები ყალბი სიმშვიდით და პასუხის მოლოდინში ხელის გულები მიოფლიანდება.
- ის, ვისაც წიგნებიც უყვარს.



№1 სტუმარი სტუმარი timea25

ნომერი 13 ანია?
რა დროს შეწყვიტე.... ანის უყვარს წიგნები.
რა საშინელი ისტორიებიაქვთ ამ ანონიმურ კლუბის წევრებს. ტრაგედიები_ოჯახური თუ პირადი...
გადმოცემა გაქვს სასწაული, სულ მინდა ვიკითხო.

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Vaimeee ramagariaaaa, momdevno tavi rodis iqnebaaa, diskusiebi, kamati, iseti chamoyalibebuli da gamartuliaaa ginda sul ikitxo, darejanis da lusis kamati momeconaaa, aq chans rogori sisustit cdiloben tavis gamartlebas narkodamokidebuli adamianebi, camali da alkoholi ertia? Me arasodes minaxavs mtvrals iseti shegrzneba hqondes, rogorc moceuls, chemi uaxloesi megobari xshirma dabolebam ise gamoatayvana, ver mcnobda, zlivs gausuftaves tvini, zedmeti araferi varga, tvit shaqaric ki, romelic ase tkbiliaa, tumca rtulia sxva gansajooo, mevisurvebdi minimumamde davides camalze damokidebuleba, da gaizardos siyvarulken ltolva

 


№3  offline წევრი Timea25

მგონია რომ თავის გამართლებას ყველა ვცდილობთ.
ნებისმიერი გეტყვის რომ ცხოვრებამ მოიტანა,ასევე ნარკომანი და ალკოჰოლიკი.
მე ლიზის წამლისადმი დამოკიდებულება მაგიჟებს-უყვარს წამალი გოგოს! უყვარს და ვსიო.მისი განცდები- სანამ მოწევს და სანამ გაიკეთებს????
სხვას თუ ლომკა აქვს,ლიზის შემთხვევაში შთაბეჭდილება მრჩება შეყვარებულს ხვდება თითქოს.
პ.ს.
არადა რა გოგოა;შხვართი,ლამაზი,სექსუსლური,განათლებული და ნარკომანკა-ნწ,ნწ,ნწ
სულ წავიდა თაობა ხელიდან...
პ.ს.პ.ს.
კიდე ლიზი მომწონს იმიგომ რომ არ მალავს არავისთან თავის წამლისადმი დამოკიდებულებას და სიყვარულს.

 


№4  offline წევრი moodchanger

are you normal?? იმდენად კარგია ,იმდენად დახვეწილი,ინდენად ბევრის მთქმელი ეს ყოველივე ,
ერთი თავი და უამარვი ისტორია ,ერთ თავში მოახერხე და გაგვაცანი უამრავი პერსონაჟი ,თან ისე გაგვაცანი თითოეული მათგანი თითქოს ძალიან დიდი ხანი ვიცნობ და ვიაზრებ მათ ტკივილს , საოცრება ხარ , მართლა არაჩვეულებრივი და მიხარია რო მაქ შესაძლებლობა და ვკითხულობ შენ ნაწარმოებს , ანა ვაფშე ვიღას ახსოვს ლიზა ჩემი ფავორიტია (ჯერ-ჯერობით) მიუხედავად იმისა რო წამალზე გიჟდება ,მერე რა გიჟდება უყვაარს და უყვარდეს , მისია ცხოვრება და არ ვიქნები მეც მისთვის რიგითი დეიდა და არ დავუწყებ აგიტაციებს რო წამალი კლავს ,მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცი რო კლავს , მაგრამ ის ხომ მის გარეშე მაინც კვდება , დიდი ხანი შეიძლება დამჭირდეს დასაწარად რეალირად რას ვფიქრობ ამიტომ უბრალოდ გავჩუმდები , ლევანი???13 ნომერი პაციენტი?? ცხედარი? ..?..?..?..?ღმერთო ჩემო რამდენი კითხვის ნიშანი დამგროვე ლურჯო ანაა <3
--------------------
mood

 


№5  offline წევრი An_Gel

პაციენტი ნომერი 13!!!!!!
ყველაფერი გასაგებია!
უფროსწორად, ყველაფერი ბოდიში :დდდ საიდან იცნობენ, გასაგებია.
ეს თავი იყო გენიალური, ანა! არ მერიდება ამ სიტყვის და გენიალური!
შენ ამ პრობლემაში ისე ხარ ჩახედული, არვიცი... უსიტყვო ვარ.
ამ თავის ყველა დიალოგი ისეთი ბუნებრივობის, სიმძიმის, რეალობისა და უდიდესი სათქმელის მატარებელი იყო, კიდევ ერთხელ ვიგრძენი თავი ბედნიერად, რომ ამას ვკითხულობ.
ოღონდ ინტერესი არ მომკლავდეს და სხვა არაფერი მინდა :დდ <3

 


№6  offline წევრი ლურჯი ანა

ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო :) შიშით ველოდი რეაქციებს... ვფიქრობდი რომ ზედმეტად მძიმე იყო... მაგრამ რომ არ მეთქვა, ისიც არ გამოდიოდა. თან როდესაც წიგნის ბოლოსკენ გამოდიან ახალი პერსონაჟები, ცოტა დამაბნეველია. ელოდები ნაცნობ პერსონაჟებს და უცებ ბრახ! ესენი ვინ ჯანდაბები არიან :) რეალურად, არც ერთი არაა ჯანდაბა და მათ კიდევ იხილავთ. პაციენტი ნომერი 13... :) რა თქმა უნდა. წარსულს ვერსად გაექცევი, არა? :) მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმითაც ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს :) ლიზას ხომ არც თუ ისეთი ცუდი იუმორის გრძნობა აქვს :)
ანა <3 ქეთი <3 მუდჩეინჯ <3 25 <3 არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი სასწაული სიტყვებისთვის. ხანდახან მგონია, ჩემი ნაცნობები ხომ არ არიან, რომლებმაც "გამშიფრეს" და მამხნევებენ-მეთქი. ძალიან მიყვარხართ <3
პ.ს. დღეს დავდებ ახალ თავს და წინასწარ გიხდით ბოდიშს უწმაწურ სიტყვებზე და მკრეხელობაზე. იმ თავში ლიზას უკეთესად გაიცნობთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent