"მათრობელა თაფლი" - თავი პირველი (1)
„ცრემლები დაკარგულებსა და გაუჩინარებულებს არ აბრუნებენ და არც სასწაულებს ახდენენ.“ - ღასან ქანაფანი „კაცები მზეში“ თავი 1 შემოდგომას თან მოჰყვა ეკლიანი ამინდები. ჯერ უნდა ნელ-ნელა ეკლო სითბოს და მერე თანდათან შეციებოდა, თუმცა წუხელ, თორმეტს როგორც გადასცდა წვიმამ დასცხო და უკანასკნელად აბრიალდა ჰაერში ზაფხულის სუნი. თორნიკე ხარბად ისუნთქავდა მის სურნელებას და უთქვამდა დედაბუნებას სურვილს, არასოდეს მომაკლო ის, რასაც ამ დროს განვიცდიო: მღელვარებას, შფოთვას, სიხარულს, ყიჟინას და გულსავსეობას. ამ დროს, გული გასახლეჩად მზად არის და ფილტვებს არცერთი ამოსუნთქვა ამ სუნის შესასუნთქად საკმარისი არაა. მალე მიინავალა წვიმა. თვითონ, აივანზე იდგა და საღამოს ნელი სიო უწეწავდა შესაჭრელ თმებს. ხელები მჭიდროდ დაეწყო ცივ მოაჯირზე, რომელსაც თავისი მტევნები ათბობდა და შორს, იმ ადგილისკენ იხედებოდა, მდელო რომ უნდა ყოფილიყო. შემდეგ, შარდის ბუშტმა შეახსენა თავი, რომელიც წვიმის ხმაზე უფრო გაძლიერებულიყო და ორსართულიანი ხის სახლის კიბეებს დაბლა ჩაუყვა. სიბნელეს მალე შეაჩვია თვალი. მიეყუდა და მოშარდვა დაიწყო, რა დროსაც ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს უკნიდან გაურბინეს. მიიხედა, მაგრამ არავინ იყო. ამის დაზუსტებით თქმაც არ შეიძლებოდა. ისე ბნელლდა, თითს თვალთან მეორე ცდაზე თუ მიიტანდი. წვიმისგან დანამულმა ბალახებმა შლოპანცებში გაყოფილი შიშველი ფეხები ისე დაუსველა, წამდაუწუმ უსრიალდებოდა ფეხი. ბოლოს მოაფიქრდა, დავტოვებ აქო, ამოყო ფეხები და სახლისკენ გაიქცა. სანამ შევიდოდა ოთახში ბოთლიდან წყალი ფეხებზე გადაივლო და საწოლზე წამოგორდა. *** ვერ დააბრუნებ წარსულს. ვერ შეცვლი მომავალს. თითქოს ისე „დაგწერეს“ შენ ხვალინდელ დღეზე გაუჩერებლად კისკისებენ სხვები. დგები, მაგრამ საწოლის გასწორების ხასიეთზე რომ არ ხარ, მათ უკვე იციან. დიდი ხანია გაკვირდებიან, გკითხულობენ და იმიტომ. თუმცა თავს არასოდეს იკლავდი. არც აქამდე გეხალისებოდა ლოგინის ალაგება. სახლში მხოლოდ შენ და მამა ცხოვრობთ. ის ამ საქციელზე პრეტენზიას არ გამოთქვამს. დედა რომ იყოს, გიყვირებდა ალბათ ბევრს, ან ადგებოდა და თვითონ გაასწორებდა მაგ დაწყევლილ ლოგინს ბოლოს და ბოლოს. შემოდგომა დადგა და ის დროა, მოსწავლეებს უკვე რომ გულ-მუცელი ეწურებათ სკოლის გახსენების დროს, მაგრამ შენ არ განიცდი. სკოლაში არ გივლია, არ გიყიდია ახალი ტანსაცმელი პირველი დღისთვის, არ გინერვიულია ნიშნების გამო, რადგან რასაც შენ აკეთებ, ქულებით შეფასება არ სჭირდება. მარჯვე ხელები უნდა და ეგეც მამისგან გაქვს. ანუ, რაღაც მაინც გაქვს, რაც შესაძლოა შენთვის სასიკეთოდ გამოიყენო. არ ოცნებობ კაბინეტზე, ლამაზ ჩასაცმელზე. რაღაც სმოკინგისმაგვარ, ძვირყლინჯიან მაქმანებზე. წარმოდგენაც არ გაქვს რომ არსებობს ეგენი. მხოლოდ იმით ცოცხლობ რაც გაქვს და გგონია, რომ მხოლოდ ეს არის ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ შენ გარშემო კი არ ბრუნავს სამყარო, მხოლოდ შენ არ დაგნათის ვარსკვლავები ციდან, შენთვის კი არ მოჩუხჩუხებს ანკარა წყარო გზის პირას. შენთვის არ სუნთქავენ ირგვლივ მყოფები. მათ მხოლოდ თავის გადარჩენა სურთ. თავების, რომელიც არც კი იციან რატომ აბიათ. წუხანდელი ამბავი რომ მოაგონდა, ოთახიდან გავარდა, მამას არ ენახა იქ დაყრილი ჩემი შლოპანცებიო და იმ მიმართულებით წავიდა, სადაც ისინი ეგულებოდა, თუმცა იქ რომ ვეღარ ნახა, გული მოეწურა. თავიდან შეეშინდა, რამე ხომ არ მეშლებაო, თუმცა სარეცხის სამაგრ გაყრილი შლოპანცები დაინახა აივნის თოკზე. მამამისს არაფერი უკითხავს. მშვიდად შეექცეოდა თავის საუზმეს. - დალევ რძეს? - ჰკითხა მან. - ჯერ არაფერი არ მინდა, - უპასუხა და მის წინ, სკამზე მოიკალათა, - რატომ ხდება ისე, რომ ამბობენ, ბედნიერებისთვის წვრილმანებია საჭიროო და ამ დროს, ეს წვრილმანებიც მარტივად საერთოდაც არ გვაქვს? - თორნიკე, ადამიანი იმით უნდა იყოს ბედნიერი რომ ცხოვრობს, ჯანმრთელია და მშიერი არ იძინებს. სხვა დანარჩენი მატერიალური, გინდ წვრილმანი, გინდ სხვილმანი, უმნიშვნელოა. - რატომ არავინ გვყავს? - ცრემლი ადგება ბიჭს თვალზე. - მიგვატოვეს, ბიჭო, მიგვატოვეს! - ამბობს მამა ოხვრით და მაგიდიდან გასარეცხი ჭურჭლით დგება. თორნიკეს აგონდება, როგორ უნდოდა ჰყოლოდა ბებია, რომელიც აიძულებდა ბევრი საჭმლის ჭამას, აჩუქებდა დიდ სითბოს. დილას, სანამ გაიღვიძებდა, ბებიამისს მთელი დაბა შემოვლილი ჰქონოდა და დამჭკნარი ხელებით მიეტანა მისთვის ცხელი შოთი, სახლში მოდღვებილ კარაქთან ერთად რომ ეჭამა და თან ნაღებმოგდებული რძე დაეყოლებინა. აკლდა, ყველაფერი აკლდა და ამას მხოლოდ მაშინ ხვდებოდა, რაც დრო გადიოდა ხოლმე. შემდეგ, დედის გაუგონარი იავნანა ჩაესმის. გვერდით მდგომს წარმოიდგენს, გულში რომ იკრავს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, როგორ უცბად აიყარა მისმა ჭაბუკმა ტანი და ქვემოდან შეხედავს ვაჟს. აკლია მეგობრები, ისინი აკლია სწორად, ვინც მას მხოლოდ იმიტომ გაურბის რომ შრომობს. სინამდვილეში, მათ სურთ, რომ მას ჰგავდნენ და ამიტომაც გაურბიან, რომ არ არიან ისინი, ვინც სურთ რომ იყვნენ. ადამიანი ყალბი სწორად მაშინ ხდება, როცა ცდილობს სამყარო მოირგოს. არიან ისინი, და არის ის მხოლოდ. ადამიანი, რომელიც უყურებს მათ, როგორ ერთობიან ერთმანეთთან ყოფნით. ერთგულები ხშირად რჩებიან მარტო. მათ ქმედებას არასოდეს არავინ აფასებს. არადა, თორნიკემაც შეჩვევა იცის. მიეჩვევა ადამიანებს, რომლებიც თავს აგრძნობინებენ საუკეთესოდ და მერე რომ მიდიან, გულგატეხილი რჩება და ნანობს, რომ ისეთი არ არის, როგორიც სხვები. თუმცა სხვებისნაირი რომ არაა, რჩეული სწორედ იმიტომაც არის. რჩეულებს კი ბედი მარტივად არ სწყალობთ. *** ფუტკრები წმინდა მწერებს გვანან. პირნათლად ასრულებენ თავიანთ საქმეს და ოჯახიც აქვთ - სხვათა შორის, არ არიან მარტო. ალბათ მათი ყოფა სწორად იმიტომაც აინტერესებს. მიჰყვება მამამისს უკან, რომელიც გავლისას ხეეების ტოტებს ფართოდ სწევს რომ ორივემ შეძლონ დაუბრკოლებლად გავლა და ძველისძველ ქართულ სიმღერას უსმენოდ ღიღინებს. დილას კარგი ენერგია მოაქვს. გმუხტავს. მთავარია სწორად დახვდე და მთელი დღე ისეთივედ დარჩები. ფორმა რომელიც აცვიათ, შინაგანად ორივეს ხუთავს, თუმცა მაინც არ არის სიცხე. მიუხედავად ფუტკრებზე შეხედულებისა, თორნიკეს მაინც ეშინია მათი და მთელი სხეული დაფარული აქვს რომ არ დაკბინონ. განსხვავებით მამამისისგან, რომელსაც მხოლოდ თავზე აქვს დამცავი ჩამოფხატებული. ეზოს ბოლოში, ბოსტანისა და ხეხილის უკან, სამი სკა დგას ერთმანეთის მიყოლებით. სამივეს ერთნაირად სჭირდება დამუშავება, მოვლა, თუმცა ბიჭი ინიციატივას არ იჩენს. ურჩევნია იჯდეს ბალახზე და მათ ფუსფუსს უყუროს სანამ არ მობეზრდება. მამამისი რომ ამთავრებს საქმეს, მხოლოდ მაშინღა ფხიზლდება და ძლივძლივობით დგება ფეხზე. წელზე იჭერს ხელს ამდენ ხანს ჯდომისგან დაღლილი და ნელ-ნელა სწორდება. დილის შემდეგ მთელი დღე მარტოა თავის ოთახში და ამდენი ხნის მანძილზე პირველად, გადაწყვეტს რომ საწოლი მიალაგოს. ბალიშებს დაბლა ისვრის, ზეწარს ასწორებს, თხელ პლედს ზემოდან აფენს, ბალიშებს ხელებით ათამაშებს რომ დატკეპნილი არ იყოს, დებს და ზემოდან გადასაფარებელს აფარებს. საკუთარი ქმედებით კმაყოფილია. მოსწონს იმას რომ აკეთებს, რაც ყოველთვის რთულად მისაღწევია მისთვის. შემდეგ ოთახს გვის, მტვრებს იღებს. ასე არასოდეს დაუღლია მარტოობას. ცოცხის გასატანად აივანზე რომ გადის, კვლავ ის უჩვეულო შეგრძნება ეუფლება. თითქოს ისევ ვიღაც უთვალთვალებს. ცოცხს მაგრად ბღუჯავს და მზერას ძაბავს იმის მოლოდინში რომ შესაძლებელია უცბად ვინმე დალანდოს, თუმცა იმდენად სწრაფია ეს მოვლენა, მეორედ აღარც მეორდება და სიჩუმე ისადგურებს. - ვინ არის? - კითხულობს, თუმცა პასუხი რომ არ ისმის, იმეორებს მეორედ, მესამედ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.