განთიადი პლაჟზე /1/
-მირა, არ ფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა უთხრა? -მეგობრის დამშვიდებას ცდილობდა ნია, რადგან ხედავდა, უკვე ძალიან ცუდად იყო მირანდა. სულ მთლად შეიცვალა. -მეშინია... ვიცი, რომ დავკარგავ... -ამოიწუწუნა მირანდამ, სავარძელზე უფრო მოიკუნტა და შუბლი მუხლებს დააყრდნო. -აბა, ასე როდემდე უნდა იყო? გაურკვევლობაში, სულ ცუდ ხასიათზე, საერთოდ დაკარგე ფერი, საჭმელსაც არ ეკარები, ძალიან შეიცვალე. -სხვა უყვარს, ნიაკო, ვერ გაიგონე, რა თქვა? ახლა როგორ გავბედო, როგორ ვუთხრა... ვიცი, რომ შევიცვლებით და მომენატრება. არ ვიცი, როგორ გავუძლებ. -მერე რა, უფლება აქვს იცოდეს, რომ შენც გიყვარს. რა მოხდება მერე, დრო გვიჩვენებს. იქნებ, რომ იტყვი შენს სათქმელს, გრძნობებიც შეგეცვალოს, ვინმე სხვა გამოჩნდება...ირაკლი ჩემი მეგობარიცაა, ძალიან მიყვარს, შენ ეს იცი, მაგრამ არ მინდა, რომ დაგტანჯოს. -ნუთუ საერთოდ ვერ შემამჩნია, შენ ხომ მიხვდი, შენით ხომ მიხვდი, უთქმელად, რომ მიყვარდა... -აცრემლებული თვალებით ახედა ნიაკოს, ყელში რაღაც ბურთულა მწარედ აწვებოდა, სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, ცხვირის ნესტოები ეწვოდა, ენას ძლივს იბრუნებდა პირში. -დღეს რას აპირებ? წამოხვალ? ყველა ვიკრიბებით და შენ რომ არ მოხვიდე... -არ ვიცი, ფიქრიც კი არ მინდა იმაზე, რომ ის გოგოც იქ იქნება, ის კი მას შეხედავს, მასზე იფიქრებს, მას გაუღიმებს... ჩემზე არც კი ემახსოვრება რაიმე, ყველაფერი დაავიწყდება... -უკვე ცრემლების შეკავებას ვეღარც ახერხებდა მირანდა, ტიროდა, ცრემლებიც უსველებდნენ ლოყებს, თან ცდილობდა ელაპარაკა, რადგან ამდენი სიჩუმე ახრჩობდა უკვე. -კარგი, როგორც გინდა, მაგრამ ბავშვები რომ გიკითხავენ, რა ვუთხრა? გახსოვს, სიცხიანი რომ მოხვედი ნიკას დაბადების დღეზე და მეორე დღეს საავადმყოფოში რომ დაგაწვინეს? ახლა რა მოვიფიქრო ისეთი... რაც გაამართლებს შენს იქ არყოფნას. ირაკლი კი უეჭველად შეამჩნევს, თუკი არ იქნები. მისი დაბადების დღეა, მირა, შენს არყოფნას როგორ ვერ შეამჩნევს... -ჰო, კარგი... მაგრამ მალევე წამოვალ, რა... * * * მათ კაფეში ისხდნენ, როგორც ყოველთვის კუთხეში, ყველა თავ-თავის ადგილას, ხან ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ხან ტელეფონში იცქირებოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ნიაკოს და მირანდას მოსვლამდე. როცა ყველანი შეიკრიბებოდნენ, ტელეფონში ყურება მკაცრად იყო აკრძალული და შესაბამის სანქციებსაც მოიცავდა, თუკი ვინმე ამ წესის დარღვევას გაბედავდა. არ იცოდა, საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება რას უქადდა მეგობრებთან ურთიერთობას, მაგრამ უკვე იმასაც ხვდებოდა, რომ სამი წელი არ იყო ცოტა დრო ყველაფრის დასამალად. -აი, თქვენ გელოდით ზუსტად... -შესძახა ნიკამ, -იუბილარიც მალე მოვა, თავისი მიჯნური მოჰყავს... -მოიცა, ერთად არიან უკვე? -მირანდას დაძაბულობა რომ იგრძნო ნიაკომ, მაშინვე იკითხა გაკვირვებულმა. -არა ჯერ, ხო იცით, ირაკლი არ ჩქარობს... ვა, მირო, რა ლამაზად ხარ დღეს... პაემანზე ხო არ უნდა გაგვეპარო? -თვალი ჩაუკრა მეგობარს ნიკამ. მირანდას მაკიაჟი შეუმჩნევლად არავის დარჩენია, თვალის უპეები სულ ჩაშავებული ჰქონდა, ტუჩებიც გაფითრებული... უმაკიაჟოდ რომ მისულიყო, ნამდვილად ჩაშლიდა დღესასწაულს. -არა, რა პაემანზე... -ამოიბუტბუტა საწყლად მირანდამ, გაღიმება სცადა, თუმცა რამდენად გამოუვიდა, ღმერთმა უწყის... კაფეში შემოსული წყვილი რომ დაინახა ბედნიერი სახეებით, გულში რაღაც მწარედ ჩაწყდა. სინდისის ქენჯნამაც შეაწუხა, საყვარელი ადამიანის ბედნიერებამ მასში უარყოფითი გრძნობები რომ გამოიწვია, თუმცა თავს ვერ ერეოდა... და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკუთარი თავის დამარცხებას ვერ ახერხებს. -გილოცავ! -ყველა მხიარულად გადაეხვია ირაკლის, ყველამ გადაკოცნა, საჩუქრებიც გადასცეს. ცდილობდა მირანდა მეგობრებისთვის მიებაძა. ეჭვისთვალით შეათვალიერა ირაკლიმ უჩვეულოდ გამოპრანჭული მეგობარი, თუმცა ამ თემაზე საუბარი აღარ დაუწყია. -ეს თეკლაა, ჩემი შეყვარებული.... -არ ეგონა მირანდას, მუცელში დანთებული ცეცხლი თუ არ დაწვავდა და ჩამოფერფლავდა შინაგანად. მაქსიმალურად სცადა მეგობრების ჟრიამულს აჰყოლოდა, თუმცა უკვე სუნთქვის ძალაც აღარ შერჩენოდა. საყვარელი გოგო იყო თეკლა, ბევრჯერ სცადა მასში ისეთი მიზეზის პოვნა, რაც გააღიზიანებდა , თუმცა იმდენად უშუალო იყო, ამას რამდენად მოახერხებდა, ვინ იცის. მაისურის ბოლოს მთელი ძალით ეჭიდებოდა, გულში დატრიალებული და აბოგინებული ქარიშხალი როგორმე რომ ჩაეხშო. -რა გჭირს შენ? -ყურში უჩურჩულა ირაკლიმ, მთელს ტანზე ტაომ დააყარა და თან საშინელი, მძაღე გემო გაუჩნდა პირში საკუთარი თავის მიმართ, სხეული ასე რომ რეაგირებდა მის სიახლოვეზე. -არაფერი... რაღაც შეუძლოდ ვარ... -გაღიმება სცადა, თუმცა იმდენად ცუდად იყო, ესეც ვერ მოახერხა. -მოხდა რამე? -წარბები შეკრა ირაკლიმ, მთელს სახეზე დაჩერებოდა. -არა... არაფერი, -ცხვირში მოაწვა სიმწარე, რაღაც ძალიან ეტკინა ყელში, ენას იმდენად დააჭირა კბილი, რომ სისხლის გემო იგრძნო პირში. -მერე დაგელაპარაკები.. -მიხვდა, რომ ატყუებდა. ფეხზე წამოდგა მირანდა. სული ეხუთებოდა უკვე. საპირფარეშოსკენ უბოდიშოდ გავარდა და შიგნით შესულმა სწრაფად მიისხა სახეზე წყალი. არც გაფუჭებულ მაკიაჟს დარდობდა, არც იმას, რომ სუფთა სახის გამოჩენისას ყველაფერს ნათელს მოჰფენდა, თუ რამდენად ცუდად იყო, რამდენად ეჭვიანობდა, მაგრამ უნდა დაეძლია... ამ ყველაფერს დაძლევდა, აუცილებლად დაივიწყებდა და სხვასთან იქნებოდა ბედნიერი. არა, უფლებას არ მისცემდა საკუთარ თავს, რომ ირაკლისთვის რამე ეთქვა. ოდნავ ამოისუნთქა. ეს პირველი საღი აზრი იყო, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში გაუჩნდა. დაივიწყებდა, რომ უყვარდა, რადგან იცოდა, ვერაფერს შეცვლიდა მისი გრძნობები გარდა მათ შორის არსებული ნამდვილი მეგობრობისა. ამ ურთიერთობის გარეშე კი არ შეეძლო მირანდას. ვერ გაძლებდა, თუკი ეცოდინებოდა, რომ ირაკლი მისი მეგობარი აღარ იქნებოდა. მისი გრძნობები რომ ეთქვა, ყველაფერს გააფუჭებდა, ძველებურად აღარაფერი იქნებოდა. ცვლილებებს ვერ გადაიტანდა. * * * ძლივძლივობით შეითითხნა თავიდან მაკიაჟი სახეზე. ოდნავ უკეთესად იყო, ფიქრმა დაამშვიდა. თითქოს შემსუბუქდა კიდეც, მაგრამ მაინც ვერ ეგუებოდა, რომ ირაკლის სხვა გოგო ჰყავდა. ვინმე უყვარდა, მართლა უყვარდა თეკლა... ამას ხედავდა, მის თვალებში ამჩნევდა და ვერსად გაექცეოდა... საპორფარეშოდან გამოსული პატარა ჩანთაში პომადას აბრუნებდა, ვიღაცას რომ შეასკდა თავით. სახეზე არც შეუხედავს, ბოდიში მოუხადა და ისე გააგრძელა გზა. შუბლზე ჩამოყრილი თმა ხელით გვერდზე გადაისროლა და მაგიდას დაუბრუნდა. თავს მაინც შებოჭილად გრძნობდა, ვერ იყო ბოლომდე გახსნილი, თუმცა ოდნავ გაძლიერდა. ნიკამ ბარში წასვლა აიტეხა. ირაკლის ოცდაექვსი წლის იუბილე და ახალი ურთიერთობის დასაწყისი უფრო ენერგიულად უნდა აღვნიშნოთო. წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა. ნახევარ საათში ბარის დახლთან იდგნენ და ახლადშეკვეთილ ალკოჰოლურ სასმელებს წრუპავდნენ. -ბევრი არ დალიო, რამე სისულელე არ ჩაიდინო, იცოდე... -ყურში უჩურჩულა ნიაკომ მირანდას, რომელმაც მეორე მოჰიტო შეუკვეთა უკვე. -ნუ ღელავ, ხომ იცი, იშვიათად ვსვამ... -იშვიათად რომ სვამ და მაშინაც ჭკუას კარგავ, მაგიტომ გაფრთხილებ, მესამე მოჰიტო იატაკზე დაგაწვენს, ან სისულელეებს გაგაკეთებინებს. -ნუ ღელავ, -მშვიდად გაუმეორა მირანდამ და მშვიდად მოსვა სასმელი. მწველი სითხე მთელს სხეულში ჩაეღვარა, რამაც ენით აუწერელი სიამოვნება მიანიჭა. იმდენად ცუდად იყო შინაგანად, ფიზიკური ტკივილიც კი აბედნიერებდა. ხმამაღლა აყვირებული მუსიკა საკუთარი არსებობის ხმას ავიწყებდა, ბგერები ისე უვლიდა სხეულში, ეგონა, საერთოდ გაქრა და ჰაერის ბუშტი იყო. საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა. ვერც გააცნობიერა, ისე ჩაყლაპა აცეკვებული ხალხის ბრბომ, გამოსახულებას ნაწყვეტ-ნაწყვეტ ხედავდა, ფერადი შუქი უცნობ სახეებს ეცემოდა. გაუჩერებელმა მოძრაობამ კუნთები ატკინა, თავი საშინლად უბუგბუგებდა, იმდენი ადამიანის სხეულს ეხებოდა ერთდროულად, ასე ქაოსურად და მშვიდად თავი ერთდროულად არასოდეს უგრძვნია. მშვიდი მუსიკის დაწყებამ უკმაყოფილება მოგვარა და კარებისკენ გასწია, რომელიც სავარაუდოდ ტერასაზე გადიოდა. არც შემცდარა, დახუთული, სიგარეტით გაჟღენთილი გარემოდან სუფთა ჰაერზე გასვლამ ოდნავ შვებაც კი მოჰგვარა ორგანიზმს. ალბათ, რა საშინელი დასანახი იქნებოდა, სახეზე მთლიანად წითელი... დაღლილი, ნახევრად დახუჭული თვალები, ჩამოთხვრილი თვალის ფანქარი, გაცრეცილი ტუჩსაცხით, ხერხემალზე მიწებებული კაბით. მოაჯირს ხელებით დაეყრდნო. იქვე ვიღაცას სავსე, პირდაუკარებელი ჭიქა დაეტოვებინა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა სასმელი იყო, მაგრამ ისე მოუნდა ის სასიამოვნო წვა ეგრძნო ყელსა და მუცელში, რომ სულმოუთქმელად გამოცალა. თვალებიდან კინაღამ ნაპერწკლები გამოყარა. ამხელა ეფექტს არ ელოდა. მთელი სხეულის გახურებას წამიც არ დასჭირვებია. სიამოვნებისგან ლამის თვალები მიელულა, ვიღაც რომ ამოუდგა გვერდით და ზემოდან ღიმილიანი სახით დახედა. არც იცოდა, ვინმე თუ იყო მასთან ერთად ტერასაზე. -წეღან ჩემი სასმელი დალიე, -მშვიდად უთხრა კაცმა და მთელს სახეზე მოავლო თვალი, -თან საკმაოდ მამაცურად გამოგივიდა... -რა იყო? -ხმა ჩახრეწილი ჰქონდა, იმდენად აუწვა სასმელმა ყელი, რამდენჯერმე ჩაახველა კიდეც, ნორმალურად რომ ელაპარაკა, -მწველი იყო... -სექსი პლაჟზე. -მშვიდად უპასუხა კაცმა და სახეზე დახედა, შემდეგ მთელს სხეულს თვალი მოავლო. -ოუ, -გაუკვირდა, პირველად ესმოდა. ბარებში არც თუ ისე ხშირად დადიოდა მირანდა, დალევაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. -მგონი მომეკიდა უკვე... -ისე სწრაფად დალიე, გემოს ვერც იგრძნობდი... -კვლავ ეშმაკურად ათვალიერებდა კაცი, -პლაჟზე თუ გქონია სექსი? სუნთქვა შეუკრა ამ კითხვამ, კინაღამ თვალები გადმოსცვივდა გაკვირვებისგან, ფხიზელ მირანდას ნამდვილად ასე დაემართებოდა, მაგრამ მთვრალს უენერგიოდ ჩაეღიმა. -არა... შენ? -არც მე. განსაკუთრებული შემთხვევისთვის ვინახავ მაგ ადგილს, -ეშმაკურად ეცინებოდა კაცს, აშკარად ხალისობდა მირანდას ერთდროულად დაბნეულ და მშვიდ მანერებზე. -განსაკუთრებული... ცოლისთვის? -მეტი არაფერი მოაფიქრდა გოგოს, ქვემოდან ახედა, სახეზე კარგად რომ დაკვირვებოდა თანამოსაუბრეს. სქელ, ღია ფერის ტუჩებს ირგვლივ წვერი ჰქონდა შეფენილი, სწორ წარბებს ქვემოდან თაფლისფერი, ნუშის ფორმის თვალებით იყურებოდა, ცალყბად, დინჯად იღიმოდა. თმა თხელი, სწორი და საშუალო სიგრძის ჰქონდა, უკან გადაყრილი, შავი, ყელიანი სვიტერი განიერ გულ-მკერდზე გადაჭიმვოდა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და სულ არ იმჩნევდა ზამთრის სუსხს და უალკოჰოლო ორგანიზმს. -არა, ცოლის მოყვანა არ მინდა... -ო, ყველა ეგრე ამბობს, -ხელი აიქნია მირანდამ და თანამოსაუბრისკენ მიტრიალდა, მოაჯირს ამჯერად თეძო მიაყრდნო. -ყველა? -ჩაეძია კაცი, თან სახეზე აკვირდებოდა და ტუჩებიდან ღიმილს ვერ იშორებდა. -ჰო, ჰო ყველა... ქალებიც, კაცებიც... მაგრამ მთელი ცხოვრება მარტო ხო არ იქნები, -კითხვაც იყო და პასუხიც მირანდას სიტყვებში, -მე არ მინდა მარტო ყოფნა. -მარტო რატომ იქნები? მეგობრები, მშობლები, სხვა ოჯახის წევრები ხომ გეყოლება... -ო, მე მაგას არ ვამბობ. ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს მარტო ცხოვრება. ყველას თავისი ოჯახი გაუჩნდება. შენ ვერც ერთი მათგანის ნაწილად ვერ იგრძნობ თავს, როგორაც არ უნდა უყვარდე და გიყვარდეს.... ღამე რომ გაგეღვიძება.... გვერდით შეიძლება უცხო ქალი გეწვეს, მეორე დილას ისიც გაქრება... რომ გაგეღვიძება, ინატრებ, ნეტავ, ამის ადგილზე ახლა ის ქალი იწვეს, ვისაც ვეყვარები,, ვინც მეყვარებაო... რომ ადგე და იმ შენს ერთი ღამის დროებით ქალს შუბლზე აკოცო, საკუთარი სიყალბე შეგაწუხებს.... საყვარელი ადამიანი რომ გიწევს გვერდით მშვიდად ხარ, რომ გაიღვიძებ იმაზე ფიქრი აღარ მოგიწევს, ვის გაათბობინო ლოგინი საღამოს... ვინ გკითხავს შინ დაბრუნებულს როგორ გაატარე დღე... აი, სიცხე რო გქონდეს.... ვინმემ ხო უნდა იზრუნოს შენზე... რო გაცივდები... -რა მეოცნებე ხარ, -თავი გააქნია კაცმა და სიცილით დააშტერდა სახეზე მირანდას, რომელიც გაჩუმებას არ აპირებდა. -არა, მეოცნებე შეიძლება ვარ, მაგრამ ამ ოცნებებში არაფერია აუხდენელი.... თუ არ გინდა რომ მარტო იყო, მარტივია მაგის მოგვარება... -არასწორი ადამიანი რომ შეარჩიო,მაგაზე არ გიფიქრია? რომ გიღალატოს? -არ მჯერა მე არასწორი ადამიანების.... -სწრაფად უარყო მირანდამ, -მე სწრაფად გადადგმული ნაბიჯების შედეგის მჯერა მხოლოდ.... -ახლა მე რომ ცოლობა გთხოვო და შენ დამთანხმდე... -თუ არ აღმოვჩნდებით ერთმანეთისთვის ის ადამიანები.... მეორე ნახევრები.... არასწორად მიღებული გადაწყვეტილება დაგვტანჯავს... მაშინ არ გამიჭირდება ღალატი... არც შენ.... თუ არ გვიყვარს... თუ გიყვარს... ღალატიც არ არსებობს... -სისულელეა... -გიყვარდა და გიღალატეს... -ამოიბურტყუნა მირანდამ, კაცმა წარბები შეჭმუხნა, უფრო ღრმად ჩააშტერდა ქალს თვალებში, -რა არის მაგაში გასაკვირი... არ უყვარდი... ახლა მაგიტომ გაქვს გული აცრუებული... გგონია ყველა ურთიერთობა მთავრდება , არა? -ურთიერთობა არა, ყველა სიყვარული მთავრდება და შენ მეოცნებე ხარ, უიმედო, იმდენჯერ გეტკინება გული, ვინ მმოთვლის, -ცოტა უხეშად გამოუვიდა კაცს, თუმცა ეს არ უგრძვნია მირანდას. თავადაც იცოდა, რომ მართალი იყო და არ ცდებოდა. -ო, ეგ ისედაც ვიცი, -მობეზრებულად ჩაიქნია ხელი მირანდამ, -მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ნამდვილი სიყვარული არ მთავრდება..... -ნამდვილი სიყვარული არ არსებობს, -მკაცრად უარყოფდა კაცი. -კი, მე მჯერა, რომ არსებობს.... შეიძლება, მე არასოდეს მეწვიოს.... გული ძალიან დამწყდება.... მაგრამ ვიცი, რომ არსებობს... მაშინ ანგელოზებს რად უნდათ ფრთები.... -ანგელოზები რა შუაშია? ძალიან მთვრალი ხარ.. -ხო, სექსმა იმოქმედა... პლაჟზე... სასმელმა, -თვალებს ძლივს ახელდა მირანდა, ენას ძლივს იბრუნებდა პირში, -ისე , რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადე? -არ მითხრა, რომ მაგ სისულელის გჯერა... -მითხარი... -ხმა გაიმკაცრა მირანდამ, რამდენადაც შესაძლებელი იყო ეს. -სასწორი. -გაეღიმა კაცს, როცა მირანდას დაღლილ სახეს ფიქრის კვალი შეატყო. -ჰო, ახლა აღარ მიკვირს, რატომ მეკამათები ყველაფერზე... და ასეთი ლამაზი რატომ ხარ... თუ სიმპათიური.... -ბლუკუნებდა და თან სასაცილოდ უღიმოდა. -წარმოუდგენელი ადამიანი ხარ, -ხმამაღლა გაეცინა კაცს და მირანდას აბზეკილი წარბები რომ დაინახა, თავი უკან გადააგდო, კიდევ უფრო ხმამაღლა გადაიხარხარა. -რა გქვია? -ჰკითხა,სული რომ მოითქვა. -მე... მირანდა... შენ? მოიცა, გამოვიცნობ.... -სანამ რამის სათქმელად პირს გააღებდა კაცი, მანამდე შეჰყვირა მირანდამ, თუმცა ვერანდაზე გაფითრებული ნიაკო გამოჩნდა, მეგობარი რომ დაინახა, შვება გამოესახა სახეზე და უცხო მამაკაცი უჩვეულოდ კმაყოფილი სახით არ შეიმჩნია. -ამდენი ხანია გეძებ... ნიკა გადარეულია, ირაკლიც ცეცხლს აფრქვევს, ხვალ ლექციების მოსმენა მოგიწევს... რა დალიე ამდენი... -მაგან მის თეკლას მიხედოს. მე მოვუვლი ჩემს თავს... -ბურტყუნებდა მირანდა და ფეხს ძლივს ადგამდა. -იცი, რა მაგარი ვიღაც გავიცანი? -ის კაცი? გაიცანი, აბა, სად გქონდა ერთი მაგის თავი.... მეორედ ჩემთან ერთად აღარ დალევ, იცოდე! -აუ, სახელის კითხვა დამავიწყდა, გამიშვი... უნდა ვკითხო... -ოდნავ შეფართხალდა მირანდა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა. -მირანდა, ნუ სულელობ! შეგრცხვება, რომ გამოფხიზლდები და შენი წუწუნის მოსმენას არ ვაპირებ,იცოდე! -სექსი მინდა... პლაჟზე... -ამოიბურტყუნა მირანდამ. -ჰა? -წამიერად შეჩერდა ნიაკო, სახტაად დარჩენილი დიდხანს უყურებდა მეგობრის მთვრალ სახეს. -მაგარი სასმელია, კიდევ მინდა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.