პაემანის დღიურები. ეპიზოდი 11. მოულოდნელი შეხვედრა
პაემანის დღიურები. ეპიზოდი 11. მოულოდნელი შეხვედრა სადღაც ოთხი საათი ხდებოდა, როცა ჩემს ოთახში შევედი. სანამ ექვსი ნომერი იყო ჩემთან, ვგრძნობდი, როგორი დაღლილი ვიყავი. მამთქნარებდა და მეძინებოდა, მაგრამ როდესაც წავიდა, ვერაფრით მოვისვენე და ძილის გასაგდებად მორიგი ჭიქა ყავა მოვიდუღე. ფანჯარასთან ვიდექი, აქა-იქ განათებულ ქალაქს გავყურებდი და მორიგი სიგარეტის ღერის მკვლელობის პარალელურად, ექვსი ნომრის ბედზე ვფიქრობდი. თან მეცოდებოდა, თან არ ვიცი... მოკლედ, რა განცდა მაწუხებდა მის მიმართ, რადგან შანსი არაა, ექვსმა ნომერმა ეს წაიკითხოს და თან, მის ბედში ქვეყნად ასობით ბიჭი და კაცი ვარდება. ვერც ექსკლუზივის წართ მევას დამაბრალებს, მე კიდევ უნდა მოგიყვეთ, თუ რა მომიყვა მან. და გავაგრძელებ მაშინ იქიდან, სადაც გავჩერდი. ოთახში ვისხედით ორნი: მე და ექვსი ნომერი. თავიდან ეცადა, ჩამხუტებოდა და წუხანდელი ღამის პრეცედენტი შეექმნა, მაგრამ უხეშად მოვიშორე და ირონიულად შევახსენე, რომ მისი გადაწყვეტილების თანახმად, ის, რაც მოხდა 48 საათის წინ, აღარ მოხდებოდა და ეს გადამიწყვიტა ისე, რომ ჩემი აზრი არც აინტერესებდა. - მისმინე, იდეაში, როცა რამის გაკეთება გინდა, სადაც ორნი არიან, მეორის აზრიც მნიშვნელოვანია. დილას გადამიწყვიტე, რომ მეორედ ეს არ განმეორდებოდა და თუ კარგად მახსოვს, ჩვენს სექსს შეცდომა უწოდე, მერე კი წაბრძანდი ისე, რომ საერთოდ არ გაინტერესებდა ჩემი აზრი ან მდგომარეობა. - სესი, შენ ხომ გიყვარვარ? - მკითხა ექვსმა ნომერმა გაოცებული სახით. - მოიცა, - გამეცინა გულიანად. - საიდან მოიტანე? რადგან ძალიან მომწონდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიყვარხარ. შეიძლება გქონდა შანსი, რომ შემყვარებოდი და ახლოსაც იყო ყველაფერი, მაგრამ დღეს, ახლა შემიძლია გითხრა, რომ არ მიყვარხარ! - ვუთხარი მშვიდად, მაგრამ არადარწმუნებულმა. - აბა, რაც იყო, ეგ რა იყო? - წამოდგა გაოცებული და ეცადა, ჩემს სავარძელზე ჩამომჯდარიყო, თუმცა მეც რომ ავდექი, შედგა. - ვნების აფეთქება! - ვუთხარი და სიგარეტს მოვუკიდე. - მე მეგონა, გიყვარდი. - ჩაილაპარაკა სევდიანად, მე კიდევ ვაცნობიერებდი, რომ ძალიან ვბრაზდებოდი. - ვაიმე, მისმინე! ადამიანი, რომელსაც ჰპირდებიან სიურპრიზს და საოცარ ღამეს, არ ტოვებენ მერე სადღაც წყეულ სასტუმროში და არ მიდიან სხვა ქალთან, რომელიც მისი ყოფილი იყო და თუ ასე აკეთებენ, მაშინ მერე ან ურეკავენ ტელეფონზე, ელემენტარულ ბოდიშს უხდიან!!! - ვუწევდი ხმას და ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, როგორი გაბრაზებული ვიყავი. - ხომ გთხოვე პატიება? - შემეწინააღმდეგა ექვსი ნომერი. - როგორ მთხოვე? მოხვედი და სექსი გვქონდა, - ეგრე?- ეგაა შენი პატიება?დამდე პატივი გამოჩენის? მე ცოტა სხვა რამე მგონია პატიება... - იცი, მეგონა, რომ მაპატიე. - იმეორებდა დაბნეული. ვერ მოვითმინე და მივუახლოვდი. - რა გინდა, შეგიძლია მითხრა? ჩემგან რა გინდა, რას ელოდები, ასე უნდა დამადგე, როცა აგიდგება? და არ დაგიშვია გონებაში, რომ მე შეიძლება არ ვიყო მარტო? თუ შენ წარმოდგენაში ისეთი უმწეო და უცნაური ვარ, ან სულაც მახინჯი, რომ წარმოუდგენელია სხვა ადამიანი გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში? გიკრძალავ, გესმის? გიკრძალავ, ასე მოხვიდე ჩემთან, როცა გაგიხარდება და სადარბაზოში დამხვდე! - სესი! - გაშალა ხელები, მაგრამ შევაჩერე. - არავითარი სესი. ან მეუბნები, რა ხდება შენს თავს, ან ბრუნდები და გადიხარ ამ სახლიდან ამ მისამართისა და ჩემი სახელის სამუდამო დავიწყების პერსპექტივით! - დავასრულე წინადადება და მივხვდი, რომ მე გავიმარჯვე. არ ვიცი, რაზე, ვისზე, მაგრამ ასეთი თამამი და კატეგორიული არასდროს ვყოფილვარ. აი, რა კარგია, როცა გეგმა „ბე“ არსებობს შუშას სახით. საინტერესოა, მეყოფოდა კი სიმამაცე და გამბედაობა, მეთქვა იგივე მისთვის, რომ არ არსებობდეს შუშა? თუ ბედნიერი ჩავიკრავდი გულში და ვიბრძოლებდი ექვსი ნომრისთვის, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება გოგოების თავს? ამაზე ნამდვილად არ მქონდა პასუხი. - კარგი, მოგიყვები, რა მოხდა. - დაიწყო ექვსმა ნომერმა. - გელოდები, მაინტერესებს. - გოგოს, რომელიც მაშინ ნახე, მგონი, გაგაცანი კიდეც, დიდი ხანი ვხვდებოდი. ორ წელიწადზე მეტი და ყველაფერი სერიოზულად იყო, მის ცოლად მოყვანას ვაპირებდი, მერე კი არ ვიცი, ანუ ვიცი, მაგრამ გრძელი და სულელური ამბავია. ამის გამო ვიკამათეთ, არც ერთმა არ დავთმეთ და დავშორდით. ისეთი გაბრაზებული ვიყავი, ისეთი, რომ მისი დანახვა არ მინდოდა, თუმცა სადღაც ვაცნობიერებდი, რომ მართალი იყო ის, მაგრამ არ მინდოდა აღიარება. მერე შემთხვევით გაგიცანი შენ. მაშინ ორი ან ცოტა მეტი კვირის დაშორებული ვიყავი და არ ვიცი, ვერ გეტყვი, რომ დაგინახე თუ არა, გადავირიე და შემიყვარდი. უბრალოდ, გავაცნობიერე, რომ ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მშვიდად, საკაიფოდ. ძალიან ორიგინალური იყავი და ამავე დროს, ჩვეულებრივიც. დაძაბულობა მომეხსნა, შენთან ის მქონდა, რაც მასთან არა. არ იყავი ეჭვიანი, არ ჭედავდი არაფერზე. მოკლედ, ჩვეულებრივად ძალიან კარგი და არაჩვეულებრივი გოგო იყავი, რომელიც არაფრით ჰგავდა ყოფილს. მეგონა, რომ ის დავივიწყე. ალბათ, მაშინვე უნდა მომეყოლა შენთვის, რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ იცოდი, რადგან ზუსტად ვიცი, გოგოები გაიკითხავთ ხოლმე ასეთ ამბებს... - ცდები! აზრად არ მომსვლია, მექექა შენს წარსულში. - შევაწყვეტინე თხრობა, რადგან ვგრძნობდი, რომ ისევ მე მტენიდა თავის შეცდომას. თურმე, მე უნდა გამეგო წინასწარ მასზე ყველაფერი! - ხო, მეგონა. ხომ გითხარი, ამაშიც კი სხვებისგან განსხვავებული ხარ და ძალიან თავდაჯერებული. არ ვიცი, ვერ გეტყვი, სპეციალურად იყო თუ ისე, როცა ერთად ვიყავით, სულ ისე ხდებოდა, რომ ელეს მეგობრები გვხედავდნენ ერთად. როგორც ჩანს, მიჰქონდათ მასთან ამბები. მაშინაც, გუდაურში ახარეს ჩვენი ერთად ყოფნა და ელეც ჩამოვიდა. მაშინ ავიჭერი, რომ დავინახე. ერთი მხრივ შენ, გოგონა, რომელთანაც საკიფოდ ვარ, მეორე მხრივ ელე, რომელთანაც ბევრი რამ გავიარე და თან მართლა აღარ მწყინდა არაფერი მისგან და თან იმ დღეს მითხრა, რომ ორსულად იყო ჩემგან. გესმის, სესი? მალე მამა გავხდები და მინდა თუ არ მინდა, მე ელესთან უნდა ვიყო. ძალიან გამიხარდა ეგ ამბავი. ისე დავთვერი, მეორე დღესაც დავრჩი გუდაურში, მერე კი გამახსენდი შენ და არსად არ იყავი... - აჰ, დაჟე მეორე დღეს გაგახსენდი? - წამოვდექი ფეხზე და თავი მდაბლად დავუკარი ექვს ნომერს, მერე კი თეატრალურად შემოვცხე ტაში. - დიდი პატივია, რომ თურმე გაგახსენდი! კარგია, მერე, მერე? - აღელვებულმა, პირველი ღერი არ მქონდა ჩამწვარი, მეორეს მოვუკიდე. - მერე ყველაფერი დალაგდა და დავინიშნეთ, მაგრამ შიგნიდან სიცარიელე მკლავდა. თან აუტანელი გახდა ელე. აი, ვერაფერს ვგრძნობ მის მიმართ, გარდა იმისა, რომ ვალდებულება მაკავშირებს და სული, გული, გონება შენკენ მექაჩება. - მისმინე! - შევაწყვეტინე ექვს ნომერს. ანუ შენ არც ელესთან აპირებ დაასრულო, რადგან შენგან შვილს ელოდება, მაგრამ გინდა, რომ მეც გყავდე? - დავაზუსტე ყოველი შემთხვევისთვის. - არა, სესი, შენ არ იმსახურებ ასე ყოფნას. ეგეთი მონსტრიც არ ვარ. უბრალოდ, ვერ ვაკონტროლებ თავს, გესმის? მჭირდები. შენ კიდევ ხელს მკრავ! - წამოდგა ექვსი ნომერი და ჩამეხუტა, მაგრამ მოვიშორე. - ეგოისტო! ჩემზე სულ არ ფიქრობ, ხოო? მე როგორ ვარ, რას განვიცდი! როგორ მტკივა ეგ ყველაფერი. ნორმალური არ გგონივარ თუ საწყალი ბეკეკა ვარ შენთვის? მოხვალ და მეც მიგიღებ? დავიკიდებ ჩემს თავმოყვარეობას? რას ელოდები? - უკვე ვყვიროდი. - წავალ მე! - წამოდგა ექვსი ნომერი. - ძალიან ცუდად გამომდის. ვერ ხვდები, რასაც ვგრძნობ. ახლა მართლა მონსტრი გგონივარ და ეგოისტი, რომელსაც ძალიან უნდა თავისი გაისწოროს და შენ ფეხებზე ჰკიდიხარ. არაა ასე. - ეცადა თავის მართლებას ექვსი ნომერი. -ასეა და კარგს იზამ, თუ წახვალ! - ვუთხარი და კარის გასაღებად გავემართე. წავიდა. ისეთი გაბრაზებული ვიყავი, ახლა ჩემს თავზეც მეშლებოდა ნერვები, რომ მასთან სექსი მქონდა. ანუ გამოდის, რომ პრეცედენტი შევქმენი, რომ მას ჰგონებოდა, რომ ორივესთან იქნებოდა. მეტირებოდა, მაგრამ არ ვიტირე. მთელი ღამე გავათენე. დილის თერთმეტ საათზე კი არც ყავა მქონდა, არც სიგარეტი. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ნაბახუსევზე ვიყავი. ორშაბათი თენდებოდა. მერე გათენდა კიდეც. ის-ის იყო, ჩამთვლიმა, რომ უცხო ნომერმა დარეკა და ორ საათში დამიბარა სამსახურში. ძალიან არ მინდოდა წასვლა გასაუბრებაზე, მაგრამ ახალი ცხოვრების დასაწყებად სამსახური მჭირდებოდა. აბაზანაში შევედი და სახე დავილაგე. მერე კი მისამართს დავხედე და მაშინ გავაცნობიერე, რომ იქიდან მირეკავდნენ, სადაც უკვე ვიყავი. მომილოცეთ, დღეიდან ვმუშაობ, მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწე ვარ. რომ გითხრათ, ძალიან მიხარია-მეთქი, მოვიტყუები. მაგრამ რა გაეწყობა, მთელი დღე მთვარეულივით დავდიოდი და ყველაფერზე თავს ვაქნევდი. შუადღისას შუშამ დამირეკა და საღამოსკენ შეხვედრაზე შევთანხმდით. რაღაცნირად გამიხარდა, მშვიდად ვიყავი. ჯერ სახლში მოვედი და მერე ახალი ნაყიდი კაბა ჩავიცვი. თმა გავიშალე და ფენით გავისწორე. მერე კი მაკიაჟიც გავიკეთე, სარკიდან ახლა ძალიან სასურველი და სექსუალური ქალი მიყურებდა. ბოლო აკორდად ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და სკამზე ჩამოვჯექი. დავუწყე შუშას ზარს ლოდინი. დიდხანს არ მალოდინა და მალევე ჩავედი ქვემოთ. მანქანაში რომ ჩავჯექი, ერთი ათი წუთი გაოცებული ხმას ვერ იღებდა და გაშტერებული მიყურებდა, მერე კი ღრმად ამოისუნთქა და მანქანა დაძრა, ხოლო, როცა რესტორანში შევედით და პალტოც გავიხადე, ხმამაღლა დაუსტვინა. - სესი!! ღვთაება ხარ. - მერე სკამი გამომიწია. მე კომპლიმენტი შევიფერე. მესამე ჭიქის მერე გადავწყვიტე, შუშასთვის მომეყოლა ჩემი ამბავი. მინდოდა, რომ სუფთა ფურცლიდან დამეწყო და არანაირი წარსულის ტყუილები და სიმძიმე არ გამყოლოდა. ეგაა, ქეთენოს მცნება გამახსენდა, რომ არაა აუცილებელი, ყველაფერი მოუყვე კაცს, ვისთანაც ურთიერთობა გინდა, რომ მერე წინ არ დაგხვდეს. ამიტომ თავი დავიზღვიე და ექვს ნომერზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მოვყევი, ჩვენი ორი დღის წინანდელი სექსის ამბავი გამოვტოვე. შუშა გაოცებული მისმენდა, მერე კი ადგა, მოვიდა და ჩამეხუტა. - სესი, გპირდები, მე შენ არასდროს გატკენ გულს! - და ლოყაზე მაკოცა, მერე კი ტუჩებში. სულ ფეხებზე მეკიდა, რომ ხალხი გვიყურებდა. ნახევრად თავისუფალი ვიყავი და უცნაურია, სინდისი არ მქენჯნიდა, რომ ბოლომდე არ ვიყავი გულწრფელი. - სესი, მისმინე. - დახედა საათს. - მინდა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობართან ავიდეთ და გაგაცნო და ძმა არ მყავს, მაგრამ ჩათვალე, რომ ისაა ჩემი ყველაფერი. თუ არ გაგვიანდება სახლში და წინააღმდეგი არ ხარ, წავიდეთ, კარგი? თავი დავუქნიე და წასასვლელად მოვემზადეთ. ეგაა, მანამდე მაგარი ყავა დავლიე, რომ სამი ჭიქა ღვინო ცოტა განმკიდებოდა. ვაკეში მანქანის გასაჩერებელი ძლივს ვნახეთ. როგორც იქნა, გავაჩერეთ, მერე კი მარკეტში ნაყიდი რაფაელოთი და ღვინით ხელდამშვენებულები ავედით შუშას მეგობრებთან. კარი გოგონამ გაგვიღო და ძალიან თბილად გადამკოცნა. როგორც ჩანს, უკვე გაფრთხილებული იყო, რომ მივიდოდით, მერე კი მისაღებ ოთახში შეგვიძღვა. იქ დარბაზს მოვავლე თვალი და ადგილზე გავხევდი. ექვსი ნომერი და მისი საცოლე ელე ისხდნენ გვერდიგვერდ და, თვალთ დამიბნელდაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ფეხი რომ წამიბორძიკდა და კინაღამ გავიშხლართე, მახსოვს. შუშამ შემაშველა ხელი და ლასლასით მივედი სავარძლამდე და დავჯექი. სახეზე ალმური ამდიოდა და იქითა მხარეს ვერ ვბედავდი გახედვას. ელემ, როგორც ჩანს, ვერ მიცნო. გუდაურში ქუდი მეხურა და ვგონებ, დიდად არც დავამახსოვრდებოდი. დიდი ამბით გამაცნო შუშამ ელე, როგორც მისი საუკეთესო მეგობარი და მერე ექვსი ნომერი, მისი საყვარელი საქმრო. კიდევ კარგი, სახელით და გვარით არ მოვყევი, ვინ იყო ის ტიპი, ვისაც რამდენიმე საათის წინ, როცა ჩემი ამბის მოყოლა დავასრულე, კარგები და კეთილები ამოუტრიალა და უკანასკნელი ნაძირალა ეძახა. ახლა ზუსტადაც რომ ამ უკანასკნელ ნაძირალას ელაპარაკებოდა. არც ექვსი ნომერი იყო კარგ დღეში. იდგა და მალიმალ იყურებოდა ჩემკენ. რა თქმა უნდა, იმდენი ჭკუა მეყო, რომ არ შემემჩნია, რომ ვიცნობდი და 10 საათის წინ ლამის სახლიდან გავაგდე. ეგაა, რამდენად ვინარჩუნებდი გარეგნულ სიმშვიდეს, არ ვიცი. გულ-ღვიძლი რომ ამოტრიალებული მქონდა ფორიაქისგან, წყალი არ გაუვიდოდა. ნახევარ საათში ექვსმა ნომერმა მოგვიბოდიშა და დაგვტოვა. შვებით ამოვისუნთქე. უღიმღამოდ ვერთვებოდი ლაპარაკში და ნაძალადევად ვმხიარულობდი. ხო, მართლა, შუშამ, როგორც მისი მეგობარი გოგონა, ისე წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას ჩემი თავი და ახლა, როცა ვწერ, ნელ-ნელა მახსენდება დეტალები, თორემ მაშინ პირველად ვინატრე, ნეტა მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს-მეთქი. სადღაც თორმეტი ხდებოდა, როცა ელეს დავემშვიდობეთ, რომელიც სხვათა შორის, ძალიან კარგი გოგო იყო. არადა, მის მიმართ გაუცნობლად ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ იყო სწერვობის თაიგული და დეგენერატკა, სადღაც ექვსი ნომერიც რომ მეცოდებოდა, - საწყალი, რა დღეშია ალბათ, რომ არა ბავშვი, არც შეურიგდებოდა-მეთქი, გავიფიქრე კიდეც რაღაც მომენტში, მაგრამ ახლა იმდენად კარგი გოგოს შთაბეჭდილება დატოვა... კარგი მეგობრებივით დავემშვიდობეთ ერთმანეთს და შუშამ სახლამდე მომაცილა. მანქანაში ვიკოცნავეთ და მერე დამემშვიდობა. ლიფტი, საბედნიეროდ, მუშაობდა. სექსი ჯერ არ მინდოდა შუშასთან, არც თავად იქაჩებოდა, მალე შევეთრიე ლოგინში. სანამ ლიფტი ჩამოვიდოდა, გადავწყვიტე, ამ დღეებში ქეთენო მენახა და ყველაფერი მომეყოლა, მაგრამ რადგან ვმუშაობდით ორივენი, შაბათამდე შანსი არ მქონდა. ან პარასკევ საღამომდე. კარი გავაღე და ზურგს უკან ხმაური გავიგე. უფრო სწორად, ტაშის კვრის ხმა. მივიხედე და ზედა კიბეებიდან ექვსი ნომერი ჩამოდიოდა. - ყოჩაღ, სესი!! შენც ისეთი ნაძირალა ყოფილხარ, როგორიც მე. ხვდები გუგას და წევხარ ჩემთან. - დაასრულა წინადადება და მომიახლოვდა. თავი დავხარე და გასაღები გადავატრიალე. შევედი. ისიც შემომყვა. ხომ შეიძლებოდა, რომ შემრგებოდა ეს დღე? და ახლა ამისთვის არ დამჭირვებოდა ყველაფრის ახსნა? რა უნდა, რას მერჩის? - ვფიქრობდი ჩემთვის,სანამ ექვსი ნომერი ფეხი-ფეხზე გადადებული სავარძელზე მშვიდად მჯდომი მელოდა. ერთი ის გავიფიქრე, იქნებ გავიქცე ამ სახლიდან, დავტოვო ეს მარტო, მე კიდევ ქეთენოსთან გავათენო ღამე? მაგრამ როდემდე გავიქცეოდი? თან ტელეფონი რეკავდა. დავხედე, შუშა იყო... გაგრძელება იქნება ოთხშაბათს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.