შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანის დღიურები. ეპიზოდი 13. სწორი გადაწყვეტილება


18-04-2018, 19:32
ავტორი anushka 5
ნანახია 2 467

ტელეფონი მირეკავდა და გავთიშე. ახლა არც შუშასთან ლაპარაკის სურვილი მაქვს და არც ექვსი ნომრის გახსენების. ექვსი ნომერი მწერდა. ბოლოს, რომ აღარ შეწყდა ზარები და მესიჯები, საერთოდ გამოვრთე ტელეფონი. უცნურად ვარ, ბურანულ კომფორტში. ყველაფერი ასე იყო: მე და გიორგი ვისხედით ძველ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფეში და გადმოვყურებდით განათებულ ქალაქს, ვსვამდით ღვინოს და ღიმილით ვიხსენებდით რამდენიმე საათის წინანდელ შემთხვევას, როცა მისი დანახვისას ელდა მეცა და ამჯერად წყალი დავაქციე. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერაფერს მიხვდა. შეხვედრა-თათბირმა კარგად ჩაიარა. ცოტა პადხალიმობა, ცოტა საყვედურები, შეფუცხუნება,
შექება და მომავლის დიადი გეგმები, რომლებიც მაგალითად მე, ჯერ სულ არ მეხებოდა. თათბირი ერთ საათში მორჩა. გენერალური უფროსები მალევე წავიდნენ. რა თქმა უნდა, არც ჩემი წყლის დაღვრა გამხდარა საყვედურის მიზეზი, ვის ეცალა სესილი მოუქნელისთვის.

როგორც კი თათბირი დასრულდა, შუშას შევუთახმდი, რომ ნახევარ საათში შევხვდებოდი და სამსახურიდან გამოვედი. გარეთ ბნელოდა. რამდენიმე მეტრი მქონდა გავლილი, როდესაც ჩემ წინ გაჩერებული მანქანის კარი გაიღო და გიორგი გადმოვიდა.

- იმედია, არ გეწყინა, რომ არ შევიმჩნიე ჩვენი ნაცნობობა. - პირდაპირ მკითხა.
- არა, პირიქით, გონივრული იყო. - ვუპასუხე ის, რასაც ვფიქრობდი.
- რამეს დალევ? - მკითხა მოულოდნელად.
- რატომაც არა... - არც მე მიფიქრია ბევრი, მაშინვე დავთანხმდი.

აი, ასე აღმოვჩნდი მასთან ერთად ამ ლამაზ, აქამდე არგაგებულ უცხო გარემოში. შუშას მივწერე, რომ გეგმები შემეცვალა და მერე მოვუყვებოდი მიზეზს, ხოლო ექვსი ნომრის მესიჯს, - არა, ეგ საერთოდ ვინ იყო, რომ რამე მეთქვა? როგორც ჩანს, გიორგის შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი ზარები და მესიჟები. ისიც, როგორ გამოვრთე ტელეფონი და ჩანთაში ჩავაგდე ამრეზილი სახით.

- ხომ მშვიდობა გაქვს, სესილიჩკა? - მომმართა ძალიან ფამილარულად. ცოტა არ მესიამოვნა. მისი კომპანიის თანამშრომელი რომ არ ვყოფილიყავი, კიდევ გასაგებია, მაგრამ ახლა მგონია, რომ რაღაც სუბორდინაცია უნდა დაეცვა, ან არც ვიცი, შეიძლება მოძველებული შეხედულება მაქვს.
- არა, არაფერი, მეგობრებთან რაღაც შეხვედრები გადავდე და.... - დავასრულე ისე, რომ მეტი არაფერი ეკითხა.

- ანუ გეგმები აგირიე? - ჩაიღიმა გიორგიმ და კიდევ შემივსო თეთრი ღვინით ჭიქა. არ გამიპროტესტებია, მომწონდა ეს ღვინო. ერთი გაფიქრება ვიფიქრე, მენახა ეტიკეტი, რომ მეც მეყიდა სახლისთვის, მაგრამ უკვე სპეცჩასადებში იყო ჩადებული, ყინულებში და მეგოიმა ახლა ამის დაზუსტება.

- არა, ჩემს გეგმებს ვერავინ არევს, თუ მე არ მინდა. - ვუპასუხე დამაჯერებლად. გამიღიმა და ხელი ჩემს ხელს დაადო. შევცბი და უკან გავწიე. უსიამოვნო აზრმა დამკრა თავში. ამას ხომ არ ჰგონია, მე მასთან რამე მექნება, სექსის მსგავსი, რადგან ვხვდები? ისე კი, რატომ ხდება ასე? ხომ შეიძლება მამაკაცი მოგწონდეს, გსიამოვნებდეს მასთან ურთიერთობა, ლაპარაკი, შეხვედრები, მისი ისტორიები, მოგწონდეს ის, რომ გიზიარებს და უზიარებ შენს ამბებს და ამ ყველაფრის უკან არ იდგეს არანაირი სექსუალური ინტერესი და ლტოლვა? დავიჯერო, ამხელა კაცთანაც ამისი ახსნა მომიწევდა? იქნებ კიდეც უნდა ავუხსნა, რომ ეს ის არაა, რაც მას ჰგონია? და რომ ეწყინოს? რომ აღარ ვნახო, მერე? აი, აქ კიდევ უცნაურად მომეკუმშა გული, რაღაც აუხსნელი მიზიდავდა ამ კაცში. შეიძლება მისი მსგავსება კევინ სფეისთან ან მისი სუნამო, ან მისი მანერები და ხმის ტემბრი, ან ყველაფერი, მაგრამ თავს დავდებ და ულვაშები რომ მქონდეს, ულვაშს დავიფიცებდი, რომ მეტი არაფერი! ერთი წუთი არ დამიშვია, რომ მასთან სხვა რამეც შეიძლებოდა მქონოდა. მოსატყუებელი რა მაქვს, იქ, სადაც ორ ტიპს ვხვდები და აქედან ყველაზე კარგს უსინდისოდ ვატყუებ, ამის გახსენებაზე მძიმედ ამოვიხვნეშე.

- რა გჭირს, სესილი? რაღაც მოიწყინე?! - მკითხა გიორგიმ.
თავი გავაქნიე უარის ნიშნად და გენიალურმა აზრმა გამიელვა თავში, ახლა ამას რომ მოვუყვე ჩემი აბლაბუდა ისტორიის შესახებ, მიხვდება, რომ მისი ადგილი არაა, თუ რა თქმა უნდა, გეგმაში აქვს, რომ ჩემს ცხოვრებაში გარკვეული დროით რამე ადგილი დაიკავოს და თან გამოცდილია, ჩემზე 15 წლით დიდია და ცხოვრებაში რაღაც აქვს ნანახი, გაგონილი, იქნებ რამე მირჩიოს. არ ვიცი, ღვინის ბრალი იყო ეს თუ სასოწარკვეთის, მაგრამ ახლა ეს ყველაზე მაგარი გადაწყვეტილება გამოსავლად მომეჩვენა. თან ქეთენოსაც ვერაფერს ვუყვები იმის შიშით, რომ არ გამიწყრეს და არ დავკარგო. ჰოდა, ბევრი არ მიფიქრია, ბოლო ნახევარი საათი ჩემი არეული ისტორიის მოყოლაში გავატარე, თუ როგორ გავიცანი ექვსი ნომერი, როგორ მიმატოვა გუდაურში, მერე როგორ შემოიჭრა თუთა, კი არა და, შუშა ჩემს ცხოვრებაში და იმის მაგივრად, რომ მისი მადლიერი ვყოფილიყავი და ბედნიერი, არ ვიცოდი, რა მჭირდა.... მერე კი, როცა დავასრულე ისტორია, მისი დასკვნის მოსასმენად მოვემზადე და პარალელურად სიგარეტს მოვუკიდე.


Related image


გიორგი ცოტა ხანი ჩუმად იჯდა. ეს სიჩუმე კიდევ უფრო მაღიზიანებდა. აქამდე ასობით ვერსიამ გაიელვა ჩემს თავში, რას მეტყოდა. აქედან ყველაზე საშინელი იყო: "დაანებე ამ კაცებს თავი და ჩემთან წამოდი"; ყველაზე ნაკლებად საშინელი: "სესილი, შენ ნამდვილი ძუკნა ხარ, მე არ მინდა შენთან მეგობრობა". - ნერვიულობისა და მოლოდინისგან პირი გამიშრა და ის სიგარეტიც ერთ წუთში ჩაიწვა. გიორგი კიდევ დუმდა, თითქოს რაღაცას იაზრებდა და აქ ყველაზე საშინელმა ვერსიამ დამკრა თავში - ახლა რომ აღმოჩნდეს, რომ ან შუშა, ან ექვსი ნომერი მისი შვილია, თუმცა ეს გიორგის ასაკის გამო გამორიცხული იყო, თუ 15 წლის ასაკში არ გააკეთა შვილი.

- სესილი, აბა, რაზე ნერვიულობ? შენ გგონია, პირველი ხარ ამ ქალაქში და ამ სამყაროში, ვისაც ასეთი რამ შეემთხვა? არა, შემიძლია დაგამშვიდო და გითხრა, რომ მემილიონე თუ ვერა, მემილიარდე მაინც იქნები. ვიცი, ეს არ დაგამშვიდებს, სავარაუდოდ, რაღაცას ელოდები უფროსი მეგობრისაგან. - მეგობარს და უფროსს ხაზი გაუსვა, ეს კიდევ არ ვიცი, კარგი ნიშანი იყო თუ ცუდი, იქნებ და მიამიტი პატარა გოგო ვგონივარ, რომლის მოხიბვლა სურდა და ახლა გადაიფიქრა, რადგან ასეთია. ან პირიქით, თუ აქამდე ნაზი გრძნობები ამოძრავებდა, ჩემი ისტორიის მერე სხვა თვალით შემომხედა. ნეტავ ასე არ იყოს!! - გავიფიქრე სასოწარკვეთილმა.

- ვიცი, რომ არც პირველი ვარ არც უკანასკნელი, მაგრამ ეს არ მამშვიდებს. არ ვიცი, რა ვქნა.
- გული რას გეუბნება?
- დატოვე ყველა და წადი მონასტერშიო.- ვუპასუხე ის, რაც პირველი მომადგა თავში.
- ოო, რა იცით ამ ახალგაზრდებმა, თქვენი პრობლემების ღმერთისთვის შეტენა და გაქცევა. ვერავინ ვერ მოგიგვარებს, ჩამოხვალ მონასტრიდან და ეს ყველაფერი დაგხვდება. ასე რომ, გაქცევა და დამალვა არ არის კარგი აზრი. - ისეთი დარიგებები დაიწყო გიორგიმ, მგონი, დაიჯერა, რაც ვუთხარი.
- შენ როგორ მოიქცეოდი? - არ მომერიდა და ვკითხე.

- ოო, ჩემო პატარ მეგობარო, - აშკარად ჩემი ისტორიის მერე მიდგომა შეეცვალა. - მე იმდენი სისულელე ჩამიდენია შენი ამბის მსგავსი, ყველაზე ლაითია. ადრე, მაგალითად, დავიმალებოდი, რომელიმეს უპასუხისმგებლოდ მოვექცეოდი და როგორ ეძახით თქვენ, ახალგაზრდები? - გადავაგდებდი, დავიკიდებდი, აი, ისე, როგორც ექვსი ნომერი მოგექცა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან აუცილებლად დავუჯდებოდი და ყველაფერს მოვუყვებოდი გულწრფელად. აქეთ ვთხოვდი დახმარებას, რომ გვერდში დამდგომოდა და დამხმარებოდა და თუ მას მართლა ძალიან, ძალიან მოსწონხარ, უღირს შენთან, გაპატიებდა ყველანაირ სისულელეს.
- მოიცა, თქვენ, შენ ფიქრობ, რომ მე შუშას უნდა მოვუყვე ყველაფერი?
- აუცილებლად. თუ შენს თავს ხედავ მის გვერდით, მოგწონს, თან, რაც მომიყევი მასზე, რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, არ იმსახურებს ასეთ ტყუილს. ხოლო დანარჩენი კი მერე გამოჩნდება, როცა ყველაფერი ეცოდინება. თუმცა, სანამ შუშასთან იქნები გულწრფელი, გახსოვდეს, რომ ექვსი ნომერი უნდა მოიშორო. რამდენიმე ვარიანტია ამ ისტორიის და შენ ყველაზე ცუდისთვისაც უნდა იყო მზად.
- აბა, რა ვარიანტები? - ვერ მივხვდი.

- პირველი: შუშას უყვები, ის ბრაზდება და მიდის შენი ცხოვრებიდან. შენ რჩები მარტო და თუ სუსტი ქალი ხარ, რომელსაც ვერ წარმოუდგენია ცხოვრება კაცის გარეშე, გარბიხარ ექვს ნომერთან და უთავმოყვარეოდ აგრძელებ მისი პირობების მიღებას, გახდე საყვარელი, დაიტანჯო თავი, რადგან კარგად იცი, უბრალოდ, შენს თავს არ უტყდები, რომ ექვსი ნომერი - ეს დროებითია. მისი სათამაშო ხარ და არასდროს შეიცვლება თქვენი სიტუაცია. მისთვის შენ იქნები ქალი შეთავსებით. რამდენჯერაც ცოლთან უსიამოვნება ექნება, იმდენჯერ გამოიქცევა შენთან, მერე კი, როგორც კი რამე პრეტენზიას წამოაყენებ, სხვასთან წავა... ეჰ, სესილი, რამდენჯერ მოვქცეულვარ ექვსი ნომრის მსგავსად, ნეტავ იცოდე და დღეს მრცხვენია ჩემი სისუსტის და არაკაცობის. მცხვენია ჩემს ცოლთან და იმ გოგოებთან რა, ქალებთან, ვისთანაც საკუთარ უსუსურობას ვმალავდი. ისინიც გავაუბედურე, დავუნგრიე მომავალი, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ოდესმე მათ ავირჩევდი, ჩემს ცოლს კი მოვაკელი სითბო და ყურადღება, ის, რასაც იმსახურებდა. მე მას არასდროს გავშორებულვარ. ბოლოს ისევ თვითონ დამტოვა პირველმა და მას მერე ყოველდღე ავდივარ მის საფლავზე და ბოდიშს ვუხდი. თავში მილიონობით ვერსია მომდის, თუ როგორ შემეძლო მეცხოვრა მის გვერდით, როგორ შემეძლო ის სიყვარული, ვნება და ყურადღება, რასაც სხვებთან ვფლანგავდი, მისთვის გამეზიარებინა. ახლა სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებ დროს, მაგრამ როგორც ვხვდები, შემიძლია შენ გადაგარჩინო. საერთოდ, ცხოვრება, მიუხედავად ყველაფრისა, საინტერესოა. სულ ვფიქრობდი, მე რატომ გადავრჩი, რატომ დამტოვა ღმერთმა აქ, რატომ არ გავყევი ლილის, ჩვენ ხომ გვერდიგვერდ ვისხედით იმ მანქანაში. მე გადავრჩი, ის კიდევ ვერ.... გაჩუმდა და თავი ჩაქინდრა გიორგიმ. გული მომიკვდა. არც კი ვიცოდი, რომ ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა და ამხელა ტკივილს ატარებდა. მე კიდევ აქ ჩემი უაზრო, სასაცილო პრობლემებით მივახტი. ახლა მე გავწიე ხელი, მოვძებნე მისი თითები და მოვუჭირე.

- გიორგი, ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიცი, რას ამბობენ ასეთ დროს, ვწუხვარ, ვიზიარებ, მართლა არ ვიცი, მაგრამ გულწრფელად გეუბნები, შენ გვერდით მიგულე. შეიძლება ის წვნიანი ტყუილად არ გადამისხია და ასეც უნდა მომხდარიყო. - ვეცადე, ცოტა გამემხიარულებინა. გიორგიმ ამომხედა და გამიღიმა.
- კი, ვნახოთ, რა მოხდება. შენი საღამო უნდა ყოფილიყო სასიამოვნო, სახალისო; შენი პრობლემები უნდა გაგვერჩია და ჩემი ჩავაკვეხე. - იმართლა თავი, მე კიდევ მოსმენილით შეძრული კვლავ ვერ ვახერხებდი სხვა რამეზე ფიქრს და მხოლოდ გავუღიმე, და ახალი ღერი სიგარეტის მსხვერპლად შეწირვა გადავწყვიტე ამ ამბის გასანეიტრალებლად და ჩამოწოლილი უხერხულობის გასაფანტად.
- ჰეი, სესილი, აბა, ახლა გაიღიმე. - მითხრა გიორგიმ. ნუ მოიწყენ, კარგი? არც ვიცი, რატომ მომინდა, შენთან გულახდილი ვყოფილიყავი მოიცა, როგორ ამბობთ ახალგაზრდები? ,,დამეგრუზე" ჩემი ამბებით.

კიდევ ნახევარი საათი ვილაპარაკეთ უფრო მხიარულ თემებზე, მერე კი სახლში გაცილება შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. გამორიცხული არ იყო, შუშა ან ექვსი ნომერი, ან სულაც ორივე ახლა ჩემს სახლთან ყოფილიყვნენ. ამიტომ ნარიყალაზე ფეხით ჩამოვისეირნეთ და სანამ ტაქსის გააჩერებდა ჩემთვის, საბოლოო დარიგებები მომცა და ხაზი გაუსვა ჩემს სამომავლო გადაწყვეტილებებს, რაც უნდა გამეკეთებინა.
- სესილი, გახსოვდეს, ჯერ შორდები ექვს ნომერს, მერე უყვები ყველაფერს შუშას, მერე... თავადვე გაეცინა ამაზე, - მისმინე, ნორმალური სახელები არა აქვთ შენს ბიჭებს?
- კი, აქვთ, მაგრამ ასე მივეჩვიე მათ დაძახებას. შუშამ იცის, რომ შუშა ჰქვია. აი, ექვსმა ნომერმა კიდევ არ იცის... - ვუხსნი.
- მოკლედ, მომწერე, როგორ ჩაივლის დღე ან ხვალ მომიყევი. ვხვდებით, როგორც ყოველთვის, ჩვენს კაფეში.
- და ვეცდები, აღარ გადაგაქციო საჭმელი, - ვუპასუხე ღიმილით.

- სხვათა შორის, მაგ ამბის მერე მანქანაში კიდევ ერთი შარვალი მიგდია, რა იცი, რა ხდებას ეგიდით.
გიორგი ჩამეხუტა თბილად, მეგობრულად, მერე მხარზე ხელი მომითათუნა და ტაქსის კარი მიხურა, გზა დამილოცა.
პირველის ათი წუთი იყო, სახლთან რომ მივედი. მანამდე ყურადღებით შევათვალიერე და არც შუშას, არც ექვსი ნომრის მანქანა არ იდგა ახლომახლო. ლიფტი მუშაობდა, თავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობდი. მიხაროდა გიორგის მეგობრობა, ახალი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რაღაცნაირად მშვიდად ვიყავი და დაცულად.

დილას ადრე გამეღვიძა. ახლა გამახსენდა, რომ ტელეფონი როგორც გამოვრთე, ისევე მეგდო ჩანთაში. დილის რვა საათი იყო. სამსახურში ათზე უნდა ვიყო, ყავა მოვიდუღე და ტელეფონი ჩავრთე. ათი მისთქოლი იყო შუშასგან და წერილი ფეისბუქში, ხოლო ექვსი ნომრისგან ერთი მესიჯი. ჯერ შუშას წერილს გავეცანი. მსაყვედურობდა, რომ უპასუხისმგებლოდ ვექცევი, რაშიც მართალი იყო, რომ ვენატრები და ჩემი მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მისთვის უცხო იყო. თუ რამის თქმა მინდოდა, სჯობდა, პირდაპირ მეთქვა, მე კიდევ ძალინ კარგ ხასიათზე ვიყავი. თან მზეც ისე ნათებდა, ამიტომ პირდაპირ მივწერე, რომ ძალიან, ძალიან მიხაროდა, რომ ის იყო ჩემ გვერდით და დღეს ვნახავდი, რომ სირთულეები მქონდა და დავალაგე და ახლა მზად ვიყავი მომეყოლა მისთვის ყველაფერი, თუ რა თქმა უნდა, სურვილი ექნებოდა, რომ მოესმინა და კვლავ ვენახე. რა თქმა უნდა, ორივეს სურვილი ექნებოდა, მაგრამ თავი შევაცოდე, მაინც. მერე კი კოცნები და გულები გავუგზავნე და მოვუბოდიშე გუშინდელი საქციელისთვის.

შუშასთან რომ მოვრჩი ვანილიან წერილებს, ახლა ექვსი ნომრის მესიჯი გავხსენი. თვალებს არ დავუჯერე, რაც წავიკითხე. გული ამიჩქარდა და თვალები ამიჭრელდა. ანერვიულებულმა დავდე ტელეფონი და სასწრაფოდ სიგარეტს მოვუკიდე. ნერვები მეშლებოდა. გუშინ რა ადვილი მომეჩვენა ყველაფრის დალაგება და ლამაზად, ბედნიერად ცხოვრება, მაგრამ გამოდის, რომ მეორე ადამიანები სხვანაირად ფიქრობენ და წყვეტენ შენგან პარალელურად და არ გაძლევენ საშუალებას, შენთვის სწორი და მისაღები გადაწყვეტილება მიიღო.

ჰო, რას მწერდა ექვსი ნომერი? მწერდა, რომ ელენას დაშორდა, რადგან მიხვდა, რომ ის კი არა, მე ვუყვარვარ. და რა? ამით საერთოდ არ გამხარებია, პირიქით, საოცარი სიმძიმე და უჰაერობა ვიგრძენი. გავაცნობიერე, მე ექვსი ნომრის მიმართ არაფერს ვგრძნობდი და ახლა ეს ტიპი ისე მეკიდებოდა თავისი დაშორების გადაწყვეტილებით, როგორც ვალდებულება, ისევე, როგორც მას აეკიდა ელენა თავის დროზე თავისი ორსულობით და ჩემსა და ექვს ნომერს შორის დაწყებულ ლამაზ ურთიერთობაში ჩახტა. ახლა იმავეს მიკეთებდა ექვსი ნომერი, ჩემსა და შუშას ურთიერთობას აფუჭებდა და ამას არ დავუშვებდი. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა გეგმა. ხელები ამექავა, ისე მომინდა გიორგისთვის მიმეწერა, მაგრამ გამახსენდა, რომ მისი ტელეფონი არ მქონდა. ამიტომ შუადღის ლანჩს უნდა დავლოდებოდი. მანამდე კიდევ ერთი, რაც მოვიფიქრე, ის იყო, ექვს ნომერს არაფერი ვუპასუხე, ხოლო შუშას, გადავწყვიტე, რომ დღეს მოვუყვებოდი ყველაფერს. ეგებ გაეგო ჩემთვის? ეგებ მიეღო ჩემი შეცდომები და მერე, თუ ეს ასე გამოვა, ორივენი ვიზრუნებდით იმაზე, რომ ექვსი ნომერი და ელენა შეგვერიგებინა. მოკლედ, საღამოს ყველაფერი დალაგდება და გადაწყდება! - ამ ფიქრებით შეგულიანებულმა ჩემი უშაქრო ყავა დავლიე, გასარეცხი ჭიქა იქვე დავდე და სამსახურში გავიქეცი.

***
ღამის ოთხი საათია. ჩემს ოთახში ყველაფერი თავდაყირაა, დამსხვრული თეფშები. ნაცემი ექვსი ნომერი, რომელიც იქვე კუთხეში ზის და ღრმად სუნთქავს და შუშა, რომელსაც გახეთქილი ტუჩიდან სისხლი მოსდის. მე კიდევ ერთი სურვილი მაქვს, გავიქცე აქედან, დავურეკო გიორგის და მას გადავაბარო ჩემი პრობლემები, რომელიც მეგონა, რომ ძალიან მარტივად მოგვარდებოდა და არა ასე, ორი საუკეთესო მეგობარი ერთმანეთს გაძუყნიდა. ბევრი არ მიფიქრია, ასეც ვიქცევი. შუადღისას, როცა გიორგი ვნახე, ტელეფონიც მომცა. ვეძებ ჩანთაში მის სავიზიტო ბარათს, ვპოულობ, გიორგის ვწერ, რომ ეგებ მოვიდეს, მერე კი ვაჭერ გაგზავნას და ვცდილობ, როგორმე ორ ველურ მუშტიქნევია კაცს გავაგებინო, რომ ორივე ვირია!. ჰო, მართლა, როგორ მივიდა ყველაფერი აქამდე? ეს ისტორია ალბათ შემდეგ ოთხშაბათს უნდა მოვყვე.

გაგრძელება იქნება ოთხშაბათს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent