შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (ოცდამეათე თავი)


7-05-2018, 16:58
ავტორი murachashvili
ნანახია 2 912

- ტრასაზე მოძრავ ავტობუსს რუსები ხედავდნენ? - ინტერესით ჩაეკითხა ნინო.
- იცი, წლების განმავლობაში ვფიქრობდი და ვცდილობდი ახსნის მოძებნას. მაგრამ ვერ შევძელი. მხოლოდ დილეტანტი წამოვიდოდა გაგრაში ცენტრალური ტრასით. სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებს მსგავსი შეცდომა არ ეპატიებოდათ. თუმცა ვისთვის გინდოდა პასუხი მოგეთხოვა?! უფროს-უმცროსიანად, ერთ დღეს დაღუპული ბიჭები, უფროსწორად მათი ფერფლადქცეული ნარჩენები რკინის საკაცეებში მოვათავსეთ და პირველივე სატვირთო ავტომობილით სოხუმში გავაგზავნეთ, იმის იმედით, რომ ვერტმფრენით თბილისში გადააფრენდნენ. ამავე ავტომობილს გავაყოლეთ ფეხმძიმე ტატიანიაც.
- ტატიანიას დაებედა მიცვალებულებთან ერთად მგზავრობა!
- ესეც ბედის ირონიაა ალბათ. ერთად-ერთი ჭირისუფალი, ერთად-ერთი ადამიანი ვინც გულწრფელად დასტიროდა თითოეულს რუსის ქალი იყო.
- ალექსანდრე?
- დარჩა. პირობა შეასრულა, ბოლო ამოსუნთქვამდე სამშობლოს იცავდა. ჩვენ? ჩვენ ისევ აღვშფოთდით. ისევ ვიყვირეთ, ისევ ვიგინეთ, ვინ იცის მერამდენედ დავემუქრეთ, შემდეგ ჩვენივე თავი შეგვეცოდა, ვიკვნესეთ, დავლიეთ, გავბრუვდით და შევეგუეთ.
გესმის?! მართალია რთული იყო, მაგრამ მაინც ვისწავლეთ ომში ცხოვრება. სამხედრო მუნდირით ძილი, თუმცა ჩვენი ჩაცმულობისთვის მუნდირის წოდება ნამდვილად რთული იყო. ვხედავდი როგორ იღუპებოდნენ გვერდით მდგომნი და ერთი წამითაც არ ვუშვებდით იმის შესაძლებლობას, რომ იგივე მეც მელოდა. ვისწავლე ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი, საკუთარ გამოუცდელობაზე ქირქილი და ირონიული, ტკივილის ჩახშობამდე სიცილი.
- პირველად მესმის მსგავსი გამოთქმა, ტკივილის ჩახშობამდე სიცილიც არსებობს?!
- დიახ. გინახავს ყველაზე მძიმე წუთებში ისტერიულად ახარხარებული ჭირისუფალი? ასე ვიყავით ჩვენ. რაც უფრო მეტად გვტკიოდა, უფრო მეტად გვეცინებოდა, გვეღიმებოდა და გვემღერებოდა. ვიღაცას იქნებ ავადმყოფებად ჩავეთვალეთ, მაგრამ გონება უარს ამბობდა სრული სიცხადით აღექვა თავს დატეხილი უბედურება. გაგრასთან არსებული ქართული სამხედრო ბაზა მიწასთან იყო გასწორებული. ათეულებად დაშლილი გარნიზონის წევრები, ტყეს აფარებდნენ თავს და პარტიზანული ომებით უშედეგოდ ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ერთობა არც ჩვენთან იყო. წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია არ გვქონდა, ხშირად გადაწყვეტილებებს სპონტანურად, სიტუაციიდან გამომდინარე ვიღებდით, მაგრამ მაინც ფაქტი იყო, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი. რაც იმას ნიშნავდა, რომ ისევ მიცემდა გული, ისევ მიყვარდა და ისევ ვოცნებობდი უკან დაბრუნებაზე.
- გიყვარდა?! - ტკივილით დაუარა სხეულში - წლებია ეს სიტყვა არ გიხსენებია.
- უნდა მეხსენებინა?! - ინტერესით ჩაეკითხა მეუღლეს, თუმცა მყისვე აარიდა მზერა - ალბათ, მართალი ხარ. მაგრამ ამასაც გამბედაობა სჭირდება. რთული ყოფილა საკუთარ ტკივილზე საუბარი. ორმაგად რთული იმ ადამიანთან საუბარი, რომელსაც ისევ შენვე სტკენდი და აწამებდი. მხდალი გამოვდექი. მაგრამ ხომ შეიძლება ახლა მაინც გითხრა? მიყვარდი და მიუხედავად ყველაფრისა ისევ მიყვარხარ.
- მაგრამ აზრადაც არ მოგსვლია ერთი წერილი მაინც გამოგეგზავნა, ერთხელ მაინც დაგერეკა.
- სამწუხაროდ არ ვიყავი ისეთი რომანტიული შენ რომ გინდოდა.
- ანუ, საყვარელი ქალისთვის იმის შეტყობინება, რომ ცოცხალი ხარ რომანტიზმად ითვლება?
- ერთხელ ვცადე წერილის მოწერა. - გაეღიმა გიგას - გიკვირს? კალამი ავიღე და ქაღალდის პატარა ნაგლეჯზე ბარათის წერა დავიწყე. თუმცა ვერ დავასრულე. რთული ყოფილა საკუთარი ემოციების ნახევარ გვერდში მოთავსება. წარმოვიდგინე შენი სახე, როცა ჩემს ნაჯღაბნს წაიკითხავდი. ისე ძლიერ მომენატრე. ისე უსაშველოდ მომინდა შენი ჩახუტება, რომ...
- რომ?!
- გავბრაზდი და ჯავრი ქაღალდის ფურცელზე ვიყარე. ნაკუწებად ვაქციე წერილი. აი, ასე დასრულდა ჩემი წერის მცდელობა. ამის შემდეგ ახლოსაც აღარ გავკარებივარ კალამს.
- არ თვლი, რომ ეგოისტი იყავი?
- სულაც არა. ქვის არ ვიყავი, რა თქმა უნდა მენატრებოდი. უბრალოდ გრძნობების გამოვლენას სისუსტედ ვთვლიდი, ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემდი.
- მე კი ჩვევად მექცა სახლში ტაშკენტის ქუჩის გავლით სიარული. შენი სახლის ფანჯრებს ავხედავდი, იმის იმედით რომ მარიკას მაინც დავინახავდი და შენს ამბავს გავიგებდი, ზოგჯერ მიმართლებდა, ზოგჯერ - არა. დედაშენს შორიდან ვიცნობდი. მერე რა, რომ არ იცოდა ვინ ვიყავი, მე მაინც მიხაროდა მისი დანახვა. ბედნიერი ვიყავი მისი ჭრელა-ჭრულა, ყვავილებიანი კაბების დანახვაზე.
- არ გადამრიო, პირველად გავიგე ნათელას ჩაცმის სტილი ვინმეს მოსწონებოდა?! მამა მთელი ცხოვრება ციგნის ქალს ეძახდა. - სიცილი ვერ შეიკავა დედის ფართე, გაშლილი კაბების გახსენებაზე გიგამ.
- ძლიერი ქალია დედაშენი. საკუთარი პრინციპებით. იქნებ ოთხმოცდაათიანების ჩაშავებულ თბილისის კონტექსტში ვერ ჯდებოდა, თუმცა ეს არ მაღელვებდა. მისი ჭრელი, მკეთრი ფერის სამოსი ჩემთვის სულ სხვა რამესთან ასოცირდებოდა. საკმაოდ მარტივი თეორია მქონდა შემუშავებული, მისი ხალასი ფერები ჩემთვის სიცოცხლეს, შენს სიცოცხლეს ნიშნავდა. ნებისმიერ ადამიანს შევეგუებოდი შავი სამოსით, ოღონდ დედაშენს ვერა. ამის წარმოდგენაც არ მსურდა. ამის გონებაში დაშვებაც კი. თუმცა... - ხმა გაებზარა ნინოს.
- დედას გეფიცები, შენს თავს ვფიცავარ, რომ შემძლებოდა აუცილებლად დავრეკავდი, აუცილებლად გაგაგებინებდით. მაგრამ ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდა, არც ტყვედ ჩავარდნა დამიგეგმავს და არც გარდაცვლილად გამოცხადება.
ტყე-ტყე გასულები ერთ ბატალიონად გავერთიანდით, მართალია დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნიდით, მაგრამ ერთ რამეზე ცალსახად შევთანხმდით, ხელმძღვანელად რისკიანი, გამბედავი, უზადოდ პატიოსანი და გამოცდილი ადამიანი გვჭირდებოდა, ასეთი კი მხოლოდ პაპუნა ხარებავა გვეგულებოდა. სამხედრო ფორმაზე მოშორებული გვქონდა ქართული წარწერები. ჩეჩნების მსგავსად თავები გადავიპარსეთ და წვერიც მოვუშვით. რუსული ენა მეტ-ნაკლებად ყველამ ვიცოდით და საჭიროების შემთხვევაში ჩეჩნებად თავის გასაღებასაც ვახერხებდით.
- ვერ მივხვდი, ჩეჩნები ხომ ჩვენი მტრები იყვნენ. ეს რაში გეხმარებოდათ?
- მინდა გითხრა, რომ რამდენიმეჯერ ჩვენი ასეთი ვიზუალის წყალობით, რუსებთან ტყვედ ჩავარდნას გადავურჩით.
- ანუ?!
- ჩეჩნებად ჩაგვთვალეს და ტყვედ არ აგვიყვანეს. - ირონიულად იცინოდა გიგა.
- ეგ როგორ?! - ინტერესით ჩაეკითხა ნინო.
- მოდი რომ არ დაიბნე, ყველაფერს გიამბობ და დასკვნებიც შენით გამოიტანე. სოხუმში ჩასულები პოზიციებზე გავიშალეთ, ჩავდექით, მაგრამ რა ხდებოდა? ძალიან დიდი არეულობა იყო, რამოდენიმე დაჯგუფებიდან არც ერთს არ ქონდა ერთიანი მართვა. შტაბს ხელმძღვანელობდა ხარებავა, თუმცა ისეთი სიტუაცია იყო ძალიან ბევრი არ ემორჩილებოდა, თავისით დარბოდნენ აღმა-დაღმა. პაპუნა ბრაზისგან ცოფებს ყრიდა, მაგრამ რად გინდა? რეაქცია მაინც ნოლი. გგონია რამეს აშავებდნენ? არა. უბრალოდ რასაც აკეთებდნენ ისევ თავისივე სიყეყეჩით ემართებოდათ. შენ წარმოიდგინე ერთხელ ტანკი შეიყვანეს ზღვაში გასარეცხად.
- რად უნდოდა ტანკს გარეცხვა?! - თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან ნინოს.
- ხედავ ამას შენც კი ხვდები, არადა ამაყად გამოგვიცხადეს, ტალახიანია და სირცხვილია ასეთი ტექნიკით სიარულიო. ჩარჩა ეს ტანკი ზღვაში და ორი ტანკი დაჭირდათ ნაპირზე ამოსაყვანად. ასეთ სისულელეებს აკეთებდნენ და შემდეგ უკვირდათ, ხარებავა გაოტბახტში რომ უშვებდათ.
- გამოდის კარგად ერთობოდით? - სიცილს ვეღარ იკავებდა ნინო.
- არ ვიცი ამას გართობა რამდენად ერქვა. ვიღაც ერთობოდა, ვიღაც კი ტექნიკის არ ქონის გამო იღუპებოდა. ორი კვირა მიმდინარეობდა პოზიციური ბრძოლები. ავადჰარას ხეობა, კოლხიდა - აი, ეს პოზიციები გვეკავა ჩვენ. ვებრძოდით კაზაკებს, რუსებსა და ჩეჩნებს. ვიცოდით მტერი ჩასაფრებული გვითვალთვალებდა და ხელსაყრელ დროს ელოდა საბოლოო დარტყმის მოსაყენებლად. დისლოკაციის ადგილს წარა-მარა ვიცვლიდით. უშუალოდ ჩვენი ბატალიონი შეება შამილ ბასაევის დაჯგუფებას, მათ მოგვაქციეს ალყაში, თუმცა პირდაპირ შეტევეზე გადმოსვლას რატომღაც ერიდებოდნენ. ეტყობა შესაბამის ბრძანებას ელოდნენ.
- ჩვენსდა გასახარად, სწორედ ამ დროს შემოგვემატნენ სამაჩაბლოს ომის მონაწილე მებრძოლებიც, რომელთაც ჩვენთან შედარებით აშკარად დიდი გამოცდილება ჰქონდათ.
- ანუ, მამაჩემს გაგრაში შეხვდი?
- კი, იქ შევხვდით. წარმოგიდგენია ჩვენი სიხარული?! მასვე ახლდა გიორგი ხარებავაც. ძმები ხარებავები ყველას განსაკუთრებით რომ უყვარდა ისედაც ხომ ვიცოდი, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, დედას გეფიცები, მართლა არ მეგონა, მამაშენს ასე თუ სცემდნენ პატივს. ვერ გეტყვი ზუსტ მიზეზს, რა ძალა ჰქონდათ ამ შუბშეკრულ, მუდამ დაბღვერილ ტყუპსა და მათთან მესამე ცალად გაიგივებულ ზურას, მაგრამ ფაქტი იყო, ამ სამეულზე ყველა გიჟდებოდა.
- ზურაზე ისე საუბრობ, თითქოს დიდი გმირობა ჩაიდინა აფხაზეთში წამოსვლით, არადა უბრალოდ ტკივილს გამოექცა. - ირონიულად გაეცინა ნინოს.
- ახლა ისევ ეჭვიანობა და ეგოიზმი გალაპარაკებს. მესმის ალბათ, შვილისთვის ძნელი გასაგებია მისი საქციელი, მაგრამ როგორც მამაკაცს მისი მესმის და მაშინაც მესმოდა.
- გესმოდა, 16 წლის გოგონას ბედის ამარა მიტოვება გესმოდა?
- იქნებ ცუდად გამომდის, მაგრამ მაინც უნდა გითხრა. შენ მხოლოდ შენი გრძნობები გაინტერესებდა, არადა ის გავიწყდებოდა, რომ აფხაზეთში ძალიან ბევრი თითქმის შენი ასაკის ბიჭი სწორედ იმიტომ იღუპებოდა, რომ გვერდით მამაშენის მსგავსი გამოცდილი ხელმძღვანელი არ ყავდა.
- კარგი რა, ერთი ზურა მოიგებდა ამ ომს?!
- ზურა არა, მაგრამ რამდენიმე მასეთი ნამდვილად მოიგებდა.
- არადა, მე მეუბნები იდეალისტი ხარო.. - ირონიულად გაეცინა ნინოს - არ მეგონა ასე თუ გიყვარდა ზურა.
- შენგან განსხვავებით, მამაშენს გული ჰქონდა. - აშკარად გაღიზიანდა გიგა - თითოეულ ჯარისკაცზე ისე ზრუნავდა, თითოეულის ტკივილს ისე განიცდიდა, თითქოს პირადად მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა მათ უსაფრთხოებაზე. ამას იცი რამხელა მნიშვნელობა ქონდა? იცი რამხელა სტიმულია, როცა გრძნობ, რომ ვიღაცა შენზე ზრუნავს, დარდობს, როცა ვიღაცისთვის ძვირფასი ხარ. მამაშენი კი ზუსტად რომ ასეთი იყო. თავად დახმარებას არასოდეს ითხოვდა, თუმცა სხვას ყოველთვის ეხმარებოდა. მამაშენი ჩემთვის სამაგალითო იყო.
- ანუ, ახლა ასეთი მზრუნველი რომ ხარ, მას უნდა ვუმადლოდე?!
- გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ ზურა მართლა გამორჩეულად უყვარდათ. მეც განსაკუთრებით მეამაყებოდა მასთან ყოფნა. თუმცა ახლა ამის მტკიცებას არ ვაპირებ. ისევ აფხაზეთის მოვლენებს მივუბრუნდები, - ქალის ხმაში გაპარული გესლი არ შეიჩნია, ისევ თხრობა გააგრძელა გიგამ და თხრობა გააგრძელა - ყველაზე მეტად 1 ოქტომბერს დაიძაბა სიტუაცია, ამას წინ დაგომისის ხელშეკრულება უსწრებდა. გაგრაში მოხდა მებრძოლთა შემცირება, დავრჩით ჩვენ - ადგილობრივი, გაგრის ბატალიონი, მხედრიონი - 60 კაციანი ჯგუფით, ძირითადად კომენდატურა იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბადრი ფიცხელიანი, ასევე -„ავაზა“ და „თეთრი არწივი“. გაიხსნა სკოლები, დაიწყეს მოძრაობა ავტობუსებმა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დავიჯერეთ, რომ რუსეთი ხელშეკრულების პირობებს ასრულებდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ არაფერი უნდა მომხდარიყო.
არადა, იმ საღამოსვე დაგვარტყეს, 2-ში უკვე 7 საათისთვის შეტევა დაიწყო. ძალიან დიდი ძალა წამოვიდა. „ავაზა“ და „თეთრი არწივი“ შეაწყდა მტერს, თითქმის განადგურდნენ. დანარჩენები ზოგი გაიყვანეს. პირადად ჩვენი ბატალიონს რომ შემოუტიეს, პირველი ჩვენი მსხვერპლი იყო - მუდამ მოწუწუნე, 18 წლის კახა. ჩვენი ბატალიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ეს იყო 1 ოქტომბერს საღამოს, კოლხიდაში, ვერ გავუძელით შემოტევას და გაგრისკენ დავიხიეთ.
2 ოქტომბერს მთელი ძალით შემოგვიტიეს, ერთმა ტანკმა გადაწყვიტა ამ ბრძოლის ბედი. - ტკივილით გაეღიმა გიგას.
- ერთმა?
- დიახ, გრუხუნითა და ხრიგინით მოდიოდა ერთადერთი ტანკი ტ72, ფაქტიურად ამ ერთმა ტანკმა მოახდინა გაგრის დაცემა! დიახ, ერთმა ტანკმა! ყუმბარმტყორცნებს ვესროდით, მაგრამ ვერ ვაფეთქებდით, თითქოს უხილავი ძალა მფარველობდა, შელოცილს ტყვია არ ეკარებოდა.
- არც კი გაბედო! - ხელყუმბარით ის-ის იყო ტანკისკენ აპირებდა გაქცევას სანგრიდან სანახევროდ ამომძვრალი გიორგი ხარებავა, როცა ზურამ შეაჩერა.
- ჯავშანი აქვს! - სასიკვდილო განაჩენივით ჟღერდა პაპუნას ხმა.
პრინციპში ასეც იყო, უმოწყალოდ მოიწევდა წინ სიკვდილის მატარებელი მუხლუხო. ჩვენ ასეთი ტანკი პირველად მაშინ ვნახეთ, არ იყო ჩვენს შეიარაღებაში.
- წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. უკან ვიხევთ! - ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა პაპუნასთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არავის გაუჩნდა.
ფრთხილი მოძრაობით, სროლა-სროლით მივიწევდით სასტუმროს შენობისკენ, მაგრამ იმხელა შემოტევა იყო, უკვე ვერ ვუძლებდით. ტყვია-წამალი შემოგველია და მაშველიც არ გამოჩნდა.
სადღაც 10-11 საათისთვის ჩვენი ვერტმფრენები მოფრინდა, იმედი მოგვეცა, რომ ნადირებივით შენობაში მომწყვდეულებს, გასვლაში დაგვეხმარებოდნენ, თუმცა სულ ტყუილად. ერთი საპატიო წრე შემოხაზეს, ცარიელ ადგილებზე მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოყარეს ბომბები და გაფრინდნენ, ჩვენამდე არავინ მოსულა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ტკივილი, ტკივილი და ბევრი ტკივილი.საშინელებაა წაკითხულის გააზრება და იმაში კიდევ ერთხელ დარწმუნება რომ ეს ყველაფერი ჩვენ შეგვემთხვა
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი kati

Gmerto chemo.vin icis ramdeni aseti da uaresi epizodi iyo kidev...

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ტკივილი, ტკივილი და ბევრი ტკივილი.საშინელებაა წაკითხულის გააზრება და იმაში კიდევ ერთხელ დარწმუნება რომ ეს ყველაფერი ჩვენ შეგვემთხვა

იმდენად მძიმეა საწერადაც ერთი სული მაქვს როდის დავასრულებ ამ ეპიზოდს. სულ ირიოდე თავი და მივალთ ყველაზე საინტერესო ფინალურ ნაწილზეც.

kati
Gmerto chemo.vin icis ramdeni aseti da uaresi epizodi iyo kidev...

ჩვენსდა სამწუხაროდ ძალიან ბევრი sob sob sob

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მე უბრალოდ არ ვიცი რა გითხრათ....
გამაოგნებელია....

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
მე უბრალოდ არ ვიცი რა გითხრათ....
გამაოგნებელია....

გამაოგნებელი თქვენი სიტყვებია, დიდი მადლობა kissing_heart

 


№6 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან მძიმე წასაკითხია.რამდენიმე ნაწარმოები მაქვს აფხაზეთის ომზე წაკითხული. ყოჩაღ,ანა,კითხვისას მძაფრად განვიცდიდი გმირების განცდებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent