მარიონეტი (ოცდამეცხრე თავი)
როგორც მეთაურისგან გავიგეთ, ჩვენი მთავარი მიზანი ქალაქის განაპირას მდებარე ეკლესიამდე მისვლა იყო. იქ მამაოს უნდა შევხვედროდით, რომელთანაც ქართული ჯარებისთვის გამოგზავნილი იარაღი და სურსათი ინახებოდა. ჩვენ ეკლესიის ეზოში მოწყობილი გადამალული იარაღის საცავის დაცლა და ჩვენებისთვის, ქალაქის განაპირას არსებულ სამხედრო ბაზაზე მიწოდება უნდა მოგვეხერხებინა. პირობის შესრულების დრო დადგა. ახლა გამოჩნდებოდა რისი გამკეთებელი ვიყავი. რათქმა უნდა თითოეული ბილიკი ზეპირად მახსოვდა. ფრთხილი მოძრაობით ქურდულად ნელ-ნელა გამოვედით სტადიონიდან და ქალაქში ლანდებივით გავიშალეთ. საბრალო სანახავი იყო გადამწვარი, აოხრებული ნათება შეპარული გაგრა. დენთის სუნით გაჟღენთილი ჰაერით. უპატრონოდ მიტოვებული, მუხლუხო დაზიანებული ჯავშან-ტრანსპორტიორებით. ეულად მორბენალი, გაძვალტყავებული, მაწანწალა, გაურკვეველი ჯიშის ძაღლებით საკვების მოპოვების მიზნით ხროვა-ხროვა რომ მოსდებოდნენ ქალაქს. ცნობისმოყვარედ მომზირალი ღობეზე შემომხტარი აჯაგრული ქეციანი კატით. თვალი გამექცა ერთ დროს ქალაქის ცენტრში მდგომი საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლის, დიდი ბელადის ძეგლისკენ, წარსულის დიდებულ გადმონაშთს მარჯვენა ხელი მრავალნიშვნელოვნად აღემართა, თითქოს სიტყვით მიმართავდა მსმენელი საზოგადოების გარეშე დარჩენილ გაგრას. მიხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ქუჩები გაუკაცრიელებული და დაცლილი ჩანდა, კაცმა არ იცოდა მტერი საიდან გვიმზერდა. ვერც იმაში იქნებოდი დარწმუნებული, რომ ჩვენი ქალაქში შემოსვლა ვერ შენიშვნეს, შეძლებისდაგვარად ვცდილობდით ისე გვემოძრავა, რომ თვალში ზედმეტად არავის მოვხვედროდით. ვაღიარებ არც გვიჭირდა, ან იქნებ ჩვენ გვეჩვენებოდა ასე? არ ვიცი, თუმცა ფაქტი იყო, რომ მოსახლეობისგან დაცლილი ეზოებით მოკლე-მოკლე გზებით ყოველგვარი შეყოვნების გარეშე გადავდიოდით ქალაქის ბოლოსკენ. სულ ერთი ქუჩაღა მაშორებდა ჩემს სახლს. მართალია არ მინდოდა, მაგრამ თვალები მაინც გამირბოდა ნაცნობი ქუჩისკენ. ხომ ვიცოდი რომ ომი იყო? თითქოს წინასწარ შევემზადე, მაგრამ ნანახმა ბევრად გადააჭარბა წარმოდგენილს. დაზაფრული, კრიჭა შეკრული ვუმზერდი ესოდენ საყვარელ ადგილებს. ერთ დროს ქართველებით დასახლებული ქუჩა ახლა მიწასთან გაესწორებინათ. ეზოებში არსებული შავად მხრჩოლავი ორმოები აშკარად იმაზე მიუთითებდა, რომ სულ რამდენიმე საათის წინ ეს ადგილები უმოწყალოდ იბომბებოდა. მშვიდობიანი მოსახლეობა, გესმის?! უდანაშაულო ქალები და ბავშვები ისე ამოხოცეს, გაქცევის საშუალებაც კი არ მისცეს. - ნაბიჭვრები! - ვცახცახებდი. - თუ არ ვიჩქარებთ, დიდი ალბათობით ჩვენც მათ ბედს გავიზიარებთ! - აზრზე მომიყვანა ხარებავას სიტყვებმა. - ბავშვები, ტო... ბავშვები!... - უშედეგოდ ცდილობდა მუდამ მოწუწუნე ვაჟი ათიოდე წლის გარდაცვლილი გოგონას ნანგრევებიდან გამოყვანას. - ახლა ამის დრო არაა. ეკლესიამდე უნდა მივიდეთ! - ჩვენ შორის საღ აზრს ისევ პაპუნა ინარჩუნებდა. ახალბედა ჟურნალისტი სხვადასხვა რაკურსით მონდომებით იღებდა ფოტოებს. გაშტერებული ვუმზერდი მშობლიურ ქუჩას და უშედეგოდ ვცდილობდი სიცოცხლის ნიშან-წყლის დანახვას. არაფერი, გესმის?! არაფერი. მხოლოდ ნანგრევები და ალაგ-ალაგ დასახიჩრებული სხეულები. - ნაბოზვრები... - იმდენად ძლიერად ვაჭერდი ერთმანეთს ყბებს, რომ სისხლის გემოც კი ვიგრძენი პირში. გზას ვაგრძელებდით, თუმცა ფიქრებით ისევ რამდენიმე წუთის წინ ნანახს ვუტრიალებდი. - ასე ყურადღებით რას აკვირდები? - ინტერესით ჩავეკითხე თვალებ მოჭუტულ ვაჟს, რომელსაც როგორც იქნა წუწუნი დავიწყებოდა და კარგად დაგეშილი ნაგაზივით აქეთ-იქით იყურებოდა. - ასეთი სანახაობის შემდეგ, საეჭვოდ არ გეჩვენება სუჩუმე? - მუდამ მოწუწუნე ვაჟმა კარგი მეგობარივით გამიზიარა საკუთარი ფიქრები. - ჩვენი დახოცვა რომ სდომოდათ, აქამდე იმოქმედებდნენ. - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გვითვალთვალებენ. - ისევ თვალებს აცეცებდა. - არაა გამორიცხული, იქნებ გვითვალთვალებენ კიდეც. - მისი გაფითრებული სახის დანახვაზე ღიმილი გამეპარა ხმაში. - ხუმრობ ხომ? - რა თქმა უნდა. - უდარდელად ავიქნიე ხელი და წინ წასულ ხარებავას ავედევნე. რას წარმოვიდგენდი ჩემი ხუმრობა რეალობად თუ გვექცეოდა. იმდენად უსაფრთხოდ და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მივედით ეკლესიამდე, რომ გულწრფელად დავიჯერე, რომ გაგრაში ჩვენი ჩასვლა მტერს არ შეუნიშნავს. ეზოში შევედით თუ არა, საშუალო სიმაღლის, გამხდარი მამაო მკვირცხლი მოძრაობით შემოგვეგება. ხელზე სამთხვევად დახრილ პაპუნას თბილად, ჩაეხუტა და მცირე ზომის ტაძრისკენ მკვირცხლი ნაბიჯით გაგვიძღვრა. მონუსხულები ადგილზე გავშეშდით ტაძრის შესასვლელში დასვენებული სუდარა გადაფარებული რკინის საკაცეების დანახვაზე. - ქართველები არიან? - ცრემლებმა გაუბზარა ხმა მოწუწუნე ვაჟს. - სიკვდილი ეროვნებას არ არჩევს. - ახლაღა შევნიშნეთ კუთხეში ღვთისმშობლის ხატთან მუხლებზე მდგომი წყვილი - საქართველო ქართველებზე ნაკლებად არც აფხაზებს გვიყვარს!... - ფეხზე წამოდგა დაჩოქილი წვეროსანი. - საშინკა, არ გინდა! - დამტვრეული ქართულით მუდარით ახედა მუხლებზე მდგომმა ქალმა. მისი რუსული აქცენტი ყურს იმდენად უხეშად მოხვდა, რომ ზუზუნითა და მუქარით წინ წავიწიეთ. - არც კი გაბედოთ! - მყისვე აიჯაგრა მამაკაცი და ხელი სალტეში გაჩრილი პისტოლეტისკენ წაიღო. - საშკა! არ გინდა, გთხოვ! - ცრემლებით სავსე თვალებით ახედა წინ ფარად აფარებულ მამაკაცს. ძნელი იყო არ შეგენიშნა რამდენად ლამაზი იყო მლოცველი ქალი. მრგვალი პირისახე, მეტყველი ცისფერი თვალები. თავსაბურავიდან მოუჩანდა ოქროსფერი გრძელი თმა. ჩემი თანამებრძოლნი მონუსხულნი მის მოზრდილი მუცელს აკვირდებოდნენ. დიახ, ორსულად გახლდა. ქალი, რომლის ეროვნებაც უკვე მტერთან ასოცირდებოდა მუცლით პატარას ატარებდა, ბრაზი მოწიწებამ შეცვალა, განა შეიძლებოდა ღვითისმშობლის წინ მომლოცველი ორსულისთვის სხვაგვარად მზერა?! თუმცა, ჩემი თანამებრძოლებისგან განსხვავებით მე მუქარით მომზირალ მამაკაცს ვაკვირდებოდი და სულელივით მეღიმებოდა. წინ არც მეტი არ ნაკლები, ალექსანდრე აშბა მედგა. მისი ცნობა ნამდვილად არ გამჭირვებია. - ცხოველები არ ვართ, ორსულ ქალს რომ ვავნოთ!... - ირონიულად უმზერდა აჯაგრულ მამაკაცს პაპუნა. - სამტროდ არ მოვსულვართ! - გამართული აფხაზურით მივმართე ამაყად მომზირალს და მოფარებულში მდგომი გვერდით დავუდექი მეთაურს. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორი რეაქცია გვექნებოდა ერთმანეთის ნახვისას, წამიერად დაგვავიწყდა კიდევაც ჩვენი ადგილსამყოფელი. ორიოდე სიტყვით გამოვკითხე იქ ყოფნის მიზეზი, როგორც ალექსანდრესგან გავიგე, საქართველოს სამხედრო ძალებში მებრძოლი აფხაზი რუსებმა მტრად და მოღალატედ გამოაცხადეს. კვირაზე მეტია, რაც ტაძარში მეუღლეს მალავდა და ხელსაყრელ დროს ელოდა მოლოგინების პირას მყოფი ქალი პირველივე რეისით უკვე თბილისში მყოფ ოჯახის წევრებთან რომ გაეშვა. - შენ? - ჩემი ადგილი აქაა. ჩემს სამშობლოში. - იმდენად ამაყად მიპასუხა, რომ საკუთარი კითხვის შემრცხვა. - ეს ერთი კვირა უსაქმოდ არ ვყოფილვართ. მესაფლავეობაც ვიტვირთეთ. ქრისტიან ადამიანებს ისე ხომ არ დავტოვებდი? - საუბარში ჩაგვერია მამაოც. - მადლიანი საქმე კი წამოგიწყიათ, მაგრამ აქ ქელეხში საჯდომად არ მოვსულვარ. - სულსწრაფი ხარ პაპუნა, შილას საჭმელად არც ჩვენ გეპატიჟებით. - თვალები დაუბრიალა მამაომ - თუ დამეხმარებით კარგი იქნება. ალექსანდრე დაიხარა, ძირს დაგდებული მტვრიანი ფარდაგი ერთი ხელისმოსმით გადააგდო და სარდაფში ჩამსვლელი მასიური ხის კარიც გამოჩნდა. მრგვალი ფორმის სახელური მისკენ მოქაჩა, თუმცა გახსნა გაუჭირდა. - მძიმეა ეს ოხერი! - რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად ერთდროულად მოვქაჩეთ და როგორც იქნა ღრჭიალით დავძარით ადგილიდან. სარდაფში ჩასულებმა სიხარულის ყიჟინა ვეღარ შევიკავეთ იარაღითა და ვაზნებით სავსე მოზრდილი ყუთების დანახვაზე, სხვადასხვა ფორმის ავტომატებსა და პისტოლეტებს საგულდაგულოდ ვათვალიერებდით. - კიდევ კარგი, მართლა ამ ჟანგიანი კალაშნიკოვის ამარა არ დაგვტოვეს. - კმაყოფილებას ვერ მალავდა მოწუწუნე ვაჟი, რომელსაც როგორც შევიტყვე კახა ერქვა. - ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იარაღი როგორ წავიღოთ? - მხოლოდ ახლაღა დავფიქრდით, რომ ხელით ამხელა ყუთებს შეუმჩნევლად ვერ გავიტანდით. - მესაფლავეობას ზოგჯერ სარგებელიც მოაქვს, სასაფლაო ქალაქის განაპირასაა. რუსებმაც იციან, კვირაში ერთხელ მიცვალებულების დასაფლავებისა და სასაფლაომდე მისასვლელად ავტომობილით სარგებლობის უფლებასაც მაძლევენ. გარეთ რომ პაზიკი დგას, „კატაფალკის“ მოვალეობას ასრულებს. არამგონია ეჭვი შეიტანონ და ჩხრეკა ჩაატარონ. სასაფლაოზე ჩვენებიც დაგვხვდებიან. მამაოს მიერ შემუშავებული გეგმა მოგვეწონა, ნახევარ საათზე ცოტა მეტი დაგვჭირდა ავტომობილის იარაღით დასატვირთად. ყუთებს მუქი ფერის სუდარა ისე გადავაფარეთ, რომ ტვირთი არ გამოჩენილიყო. ყოველი შემთხვევისთვის, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის საკაცეები წინ დავუდგით. უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, მოძღვარს ანაფორით შემოსილი ხარებავა გაჰყვებოდა. მათთანვე ჩავსვით ტატიანაც. ჩვენ კი ორ ჯგუფად გაყოფილნი, შემოვლითი გზებით ბილიკ-ბილიკ გავიდოდით ტრასამდე, ტყე-ტყე ქალაქს წრეს დავარტყამდით და ავტობუსებით მომავალ დანარჩენ ბიჭებსაც შევუერთდებოდით. საკონტროლო პუნქტზე გავლისას, პირტიტველა ჯარისკაცმა ხელი დაუქანია ავტომობილს გაჩერდიო, როგორც კი საბარგულში მოთავსებული საკაცეები დაინახა, ირონიულად ჩაეკითხა კაბინაში მსხდომ სამეულს: - Опять вонючие мертвые? - Опять! - კბილებში გამოსცრა პაპუნამ. - Русская?- ამჯერად ტატიანას მიმართა ვაჟმა. - Да, Русская. საბედნიეროდ სამხედროს ჩხრეკის სურვილი აღარ გამოუთქვამს. მამაოს კარგი ნაცნობივით აუწია ხელი, დაშვებული „შლაგბაუმი“ ასწია და შეფერხების გარეშე გაატარა. მოკლე გზებით სასაფლაომდე მისვლა ჩვენ ბევრად ადრე მოვახერხეთ, შემაღლებული ფერდობიდან ხელისგულივით მოჩანდა ათიოდე წუთის სავალზე ზღვისპირას მოწყობილი ქართული სამხედრო ბაზა. შორიდანვე ვიცანით ვერტმფრენი, რომლითაც დილით ჩვენ ჩამოვფრინდით, იქვე იდგა ქართული თავდაცვის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი და ტანკი. ბიჭები ტყისპირას დგამდნენ სამხედროები კარვებს. ვიღაცას კოცონიც დაენთო და ზედ მოზრდილი რკინის ქვაბიც შემოედგა. შორიდანვე ჩანდა მოწითალო ფერის იკარუსი, რომლითაც დიდი ალბათობით ქართველი სადაზვერვო სამსახურის ბიჭების ბოლო ნაკადი მოდიოდა. - აუფ, აუფ. ცხელ-ცხელი წვნიანი რას დაგვხატავს! - ხელების ფშვნეტით დაეშვა დაღმართზე კმაყოფილი კახა. ის-ის იყო წინ წასულს უნდა დავდევნებოდით, რომ მოულოდნელად ყუმბარმტყორცნის გასროლის ხმაც გაისმა, რასაც ავტომატების გაბმული ჯერიც მოყვა. სულ რამდენიმე წუთის წინ ტრასაზე მოძრავი ავტობუსი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ტყვიების წვიმაში მოქცეულებმა ტყეს შევაფარეთ თავი, საპასუხო ცეცხლი ჩვენც გავხსენით. ვისროდით ისტერიულად, უმისამართოდ. ყველა მიმართულებით, თუმცა ავტობუსში მსხდომთ ვერაფრით ვეხმარებოდით. ერთი ხელის გაწვდენაზე, სულ რაღაც ერთი გასროლით შუა ტრასაზე ცოცხლად იწვოდნენ ქართველი ბიჭები. - გიგას თვალები დაეხუჭა, ყურებზე აეფარებინა ხელები, თითქოს ასე ცდილობდა არ შემჩნეოდა, თუმცა მიუხედავად განვლილი წლებისა, ისევ პირვალნდელივით სტკიოდა, ისევ ისე ცხადად ჩაესმოდა მომაკვდავი თანამებრძოლების კვნესა და გოდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.