შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავშესაფარი - იდუმალი უცნობის გამოჩენა (თავი 1)


10-06-2018, 13:56
ავტორი anushka 5
ნანახია 1 555

გოგონა, მგონი რაღაც დაგივარდათ. - უკან მახედებს ვიღაცის სიგარეტის მოწევით დაბოხებული, ჩახრინწული ხმა.
აპარატთან დაცვა დგას. იქვე ჩემი ყოფილი სამსახურის ბარათი გდია, რომელზეც ჩვეულებისამებრ, თანამშრომლის სახელი და გვარი არის აღნიშნული. სახე უსიამოვნოდ მეჭმუჭნება და კაცსაც, ჩემი არ არის-მეთქი, ვპასუხობ.

საერთოდ, ტყუილი ჩემი ჰობი არ არის, თუმცა, როცა საქმე უსიამოვნო მოგონებების დავიწყებას ეხება, ყველა ხერხი მისაღებია. აი, ბიბლიოთეკაში სიარულზე კი რა გითხრათ, ნამდვილად გატაცებული ვარ. ბავშვობიდან ავუტალახე ამ შენობას შესასვლელი. დედას სახლში შესანიშნავი ბიბლიოთეკა ჰქონდა მოწყობილი, მაგრამ ამ გარემოს მაინც
სხვა ეშხი ახლდა. ადრე კედლები მწვანედ იყო შეღებილი, ახლა კი რამდენიმე წლის წინ ვარდისფრად გადაღებეს. არ მიყვარს ვარდისფერი. ჩემს აუხდენელ ოცნებებს და დამსხვრეულ იდეალებს მახსენებს. ამით რომ ვიხელმძღვანელოთ, სტაჟიანი ექიმი უნდა ვიყო, თეთრი ხალათი მეცვას და სახლში ქმარი და ორი შვილი მელოდებოდნენ. სად არის ან ერთი, ან მეორე, ან თუნდაც მესამე? არც ერთია, არც მეორე და არც მესამე!

დიდ, წიგნებით სავსე დარბაზში ყოველთვის თბილა და თან სასიამოვნო სიჩუმეა. წიგნების თაროზე ნაცნობ წარწერას ვხედავ და მაშინვე მასზე ვაჩერებ არჩევანს. რემარკის ''ტრიუმფალური თაღის'' წაკითხვა ყოველთვის მინდოდა და სულ რაღაც მიშლიდა ხელს. მაღაზიაში რომ მივედი, ტირაჟი ამოწურული იყო, ბიბლიოთეკაში მუდამ გატანილი მხვდებოდა და აი, დადგა დღეც, როცა ის ჩემს ხელშია. ვგიჟდები რემარკისეულ თხრობის სტილზე... სევდიანზე, მელანქოლიურზე, მოულოდნელსა და შორეულზე... ადრე ვფიქრობდი, ერიხი რომ ცოცხალი იყოს, აუცილებლად შემიყვარდებოდა-მეთქი... ალბათ, სასიამოვნოა, გიყვარდეს კაცი, რომელსაც შეუძლია შუა ფრონტზეც კი რომანტიკული საღამო მოგიწყოს, თანაც ისე, რომ არაფერს შეგპირდეს.

პუფში ვჯდები და წიგნს ვშლი. სწორედ ამ დროს ჰოლიდან ჩოჩქოლის ხმა მესმის. დიდად არ ვინტერესდები, თუ რა ხდება იქ და ხაოიან, თხელ ფურცლებზე თითებს დავასრიალებ. მესამე გვერდზე გადავდივარ და კითხვას ვიწყებ:

- საით მიბრძანდებით?
- გამიშვით!
- სად მიდიხართ ამ ღამეში?

უცებ ვხვდები, რომ მარტო აღარ ვარ. თავს ვწევ და ჩემგან ზურგით მდგარ მაღალ მამაკაცს ვხედავ, რომელიც თაროდან მორიგეობით იღებს წიგნებს და აშკარაა, რაღაც კონკრეტულს ეძებს. თავს ისევ წიგნში ვრგავ, მაგრამ ყურადღება ამ უცერემონიოდ შემოჭრილ მამაკაცზე მაქვს გადატანილი. ვერც კი ვიაზრებ, ისე ვთავაზობ დახმარებას.

- უკაცრავად, რას ეძებთ? - ბაჭიასებრი სიფრთხილით ვეკითხები და მზერას მის წამიერად გაშეშებულ, გაყინულ მხრებზე ვაჩერებ.
- რა შენი საქმეა, რას... - უხეშად, ბურდღუნით იწყებს ის და ჩემკენ ტრიალდება. ზუსტად ამ მომენტში ვგრძნობ იმას, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. თითქოს მთელი ცხოვრება ამ წამს ველოდი და მხოლოდ ამისთვის დავიბადე. ლამისაა იმაზე დავიწყო ხარხარი, რომ საერთოდ გავიფიქრე ეს, მაგრამ ამის უნარსაც კი ვკარგავ. გამოშტერებული მივჩერებივარ მამაკაცს ცისფერ, მოგრძო ფორმის თვალებში, რომლებიც გაკვირვებას გამოხატავენ.

ჯერ ჩემს თავს მომხდარი ვერ გამიანალიზებია, რომ მამაკაცი მწვანდება, ყავისფერდება, შავდება. სახეზე ისე ეჭიმება ძარღვები, რომ მეშინია, არ დაუსკდეს. ნანახით შეძრწუნებული ვდგები. წიგნი ჩემი კალთიდან ვარდება და დაბლა რომ ენარცხება, იხურება.
ვფიქრობ, რომ შეიძლება სახეზე მუწუკი გამომივიდა, ანდაც თმა ვერ დავივარცხნე დილით კარგად... სულაც შეიძლება მაისური მაქვს შარვლიდან ამოჩაჩული, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, თუ რატომ დაინტერესდა უცნობი ჩემით ასე. მოულოდნელად ის ჩემს ფეხებთან ჩნდება, იკუზება და იატაკზე დავარდნილ წიგნს იღებს. მერე მის ფურცლებში იქექება, იქ კი რაღაც ბარათს პოულობს და წამის მეასედებში ჯიბეში ინახავს.

- ეს როგორ? არა, შეუძლებელია! ეს უკვე ზედმეტია! შენ... ვინ ხარ? - უაზროდ ისვრის სიტყვებს და ვერ ვხვდები, რა დავარქვა იმას, რაც სახეზე აქვს გამოხატული.
- თავად ვინ ხართ? რა მოგდით? - შეტევაზე გადავდივარ და კითხვაზე კითხვით ვპასუხობ.
- ამას მნიშვნელობა არ აქვს... შენ აქ ვერ იქნები! - ისეთი წმინდა და მშრალი ხმა აქვს, თითქოს სადღაც ცხრა მთას იქით იყოს და ისე მელაპარაკებოდეს.
- ვინმეში ხომ არ გეშლებით? - შემცბარი ვიდებ გულზე ხელს და უკვე ეჭვი მეპარება, რომ ეს მე ვარ.
- მგონი, კი... მგონი კი, არა, დარწმუნებული ვარ, რომ მეშლები! - მოკლედ მიჭრის მამაკაცი და აჩქარებული ნაბიჯებით გადის ოთახიდან.
- ღმერთო, რამდენი გადარეულია ამქვეყნად! - ვბუტბუტებ, პუფზე მიგდებულ წიგნს ვიღებ და სასწრაფოდ ვტოვებ ბიბლიოთეკას.


სახლში მისული დამძიმებული ვესვენები სავარძელში. მაინც ვერ ამომიგდია თვალიდან ის ფრაგმენტები, თუ როგორი მზერით მიყურებდა უცნობი და რა სისულელეებს ბოდავდა. ჩემთვის ახლა ეს უფრო წინ დგას, ვიდრე ის, თუ მე თვითონ რა დამემართა მისი დანახვისას. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ადრეც მენახა, ის წუთიერი შეხვედრა კი გონებაში დაილექა და მთელი ეს დრო გაუაზრებლად ველოდი მას. სად? კი, მაგრამ სად შეიძლებოდა შევხვედროდი მას? ჩემს ყოველდღიურობაში შემოჭრილი გმირი ზედმეტად მაინტრიგებს და თან ობობას ქსელებივით მომდებია მასზე ფიქრები. ახლა იმ სახლს ვგავარ, რომლის ზღურბლზეც დიდი ხანია არავის გადმოუბიჯებია. ველი დალაგებას, ყველა ნივთის თავის ადგილას მიჩენას და რატომღაც იგვიანებს ის ვიღაც, რომელიც ამას საკუთარ თავზე აიღებს.


ჩემ გვერდით ტუმბოზე დადებული ტელეფონი რომ იწყებს რეკვას, ადგილზე ვხტები და იმდენად უკუღმართად ვიღებ ყურმილს, რომ კინაღამ ხელიდან მივარდება.

- ელენიკა, მობილური რატომ გაქვს გამორთული? - მკაცრი, მაგრამ უცნაურად დაწვრილებული ხმა აქვს ჩემს დეიდაშვილს.
- რა ვიცი, გვანცა... დამიჯდა ალბათ. - უხალისოდ ვპასუხობ და ფეხებს ვიკეცავ.
- რა დაგიჯდა? რა დაგიჯდა? - წიკვინებს მეორე მხრიდან. - შენს სადარბაზოსთან ვარ.
- მერე? ამოდი.
- საქმე იმაშია, რომ აქ ვიღაც დგას და თან ძალიან ცუდად მიყურებს. სადარბაზოში რომ შემოვედი, მანქანიდან გადმოვიდა და ახლაც აქვე ხესთან დგას. - დაბალ ხმაზე ჩურჩულებს გვანცა.
ნუ ქმნი პანიკებს! გეჩვენება ალბათ რაღაც. - გულგრილად ვპასუხობ, რადგან ვიცი, როგორი ემოციურიცაა. - დარწმუნებული ვარ, სულ სხვა რაღაცაზეა ის ვიღაც მანდ. ამოდი შენ.
- ელენიკა, გული მიგრძნობს, რაღაც ისე არაა...
- შენს გრძნობებს რომ აღარავინ ვენდობით, ეგ ხომ იცი? - ჩემს მშვიდ ტონს არ ვღალატობ, მაგრამ უკვე მეც ვშფოთდები.
- ხო, კარგი, ამოვალ, ოღონდ გამომხედე! - პირობას მიყენებს ის და ტელეფონში უკვე ნაბიჯების ხმაც მესმის.

ყურმილს ვკიდებ და შემოსასვლელში გავდივარ. კარებს რომ ვაღებ, ვხვდები, რომ ერთი ადამიანის ნაბიჯები მეორისას ერწყმის და უკვე აღარ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ გვანცას ეჭვები უსაფუძვლო იყო.

- ელენ, აქ ხარ? - ქვემოთა სართულიდან მეძახის გვანცა.
- ხო, აქ ვარ. - ვამხნევებ ჩემი პასუხით.
ისიც ფეხს უჩქარებს და მალე მის დანახვას კიბეებზე ვახერხებ. წიხლისკვრით მაგდებს სახლში, თვითონაც ფაციფუცით შემოდის და ურდულს ატრიალებს. მერე ჯაჭვსაც კიდებს, მისაღებიდან სკამი გამოაქვს და კარებს ადგამს.
- როგორ გგონია, შემოანგრევს? - ამ ყველაფრის შემდეგ ისე მეკითხება, თითქოს ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მონაწილეები ვიყოთ და იარაღიანი კაცები მოგვდევდნენ.
- ვისზე მელაპარაკები, გვანცა? დღეს ყველა როგორ აფრენს? - ვიოცებ და ხელებს ზეცისკენ ვმართავ.
- გაიხედე! გაიხედე და ნახავ! - ხელს მკრავს ის და მეც ძალაუნებურად ვდგები სკამზე.
ჭუჭრუტანიდან არაფერი მოჩანს. მხოლოდ მოპირდაპირე სახლის კარები შემომცქერის უემოციოდ. ის-ის არის, დაბლა უნდა ჩამოვიდე, რომ წამიერად მინის იქით მხოლოდ სიბნელეღა ჩანს და ამის შემდეგ სადარბაზოს იატაკზე ჩრდილი ეცემა. ვიღაც ნამდვილად არის, თუმცა ამაში შესაშინებელი არაფერია. სადარბაზოში ვიღაც იქნება, რა გასაკვირია, მაგრამ მამაკაცი სანამ კიბეებზე დაეშვებოდეს, ჩემი კარებისკენ იხედება და მე მას ვხედავ... მის სახეს... მის გამომეტყველებას... ისაა. რა თქმა უნდა, როგორ ვერ ვიფიქრე...
მაშინვე ვხვდები, რომ საკუთარ თავს ვატყუებ. ვიფიქრე. თავიდანვე ვიფიქრე, მაგრამ განგებ უარვყავი ეს აზრი, თანაც საჩქაროდ. უბრალოდ, არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ასეთი სიმპათიური მამაკაცი უკან უმიზეზოდ გამომყვა და თან მხოლოდ ერთი შეხვედრის შემდეგ. ერთი ნახვით რომ არ შევუყვარდი და ჩემს დატკეპნილ უკანალს რომ არ დაადგა თვალი, ეს ნათელია, მაგრამ განა სხვა რის გამო უნდა გამოჰყვეს კაცი უცნობ ქალს სახლში?

- ვინ არის? იცნობ? - ჩემს გამოსულელებულ გამომეტყველებას რომ ხედავს გვანცა, სკამიდან მაგდებს და მისაღებისკენ მიმათრევს. - წავიდა უკვე. ტყუილად გაქვს თვალები იქით.

სკამზე რომ ვჯდები და თავს დაფიქრებული ვრგავ ხელებში, გვანცა ჩემს თითებს ეჭიდება და ერთადერთ საყრდენს მაცლის.
- ვინ არის? რა უნდა? სად ნახე? - მაყრის კითხვებს და უმწეო კნუტის თვალებით შემომცქერის.
- ნეტავ, ვიცოდე, ვინ არის და ხომ ამწყობია ცხოვრება! - ვოხრავ და რადგან ვიცი, რომ
არ მომასვენებს, რაც შეიძლება მოკლედ ვუყვები მას ჩვენი შეხვედრის შესახებ, თუმცა იმას კი ვუმალავ, თუ რა ვიგრძენი მისი დანახვისას.
- ისე, სიმპათიური კი იყო... - დაფიქრებით ამბობს ჩემი დეიდაშვილი, როცა თხრობას ვრჩები. - უბრალოდ ვერ ვხვდები, შენნაირმა თავმოუვლელმა და მოსაწყენმა ადამიანმა რით მიიზიდა.
ცალ წარბს მაღლა ვზიდავ გაბრაზების ნიშნად, თუმცა ვაღიარებ, ამან მეც საფიქრალი გამიჩინა.
- დარწმუნებული ვარ, სულ სხვა რაღაცაშია საქმე. იქ ჩემი მოწონებისა არაფერი ეტყობოდა. ისე მიყურებდა, თითქოს მის წინაშე სასწაული მოვახდინე. სახეზე საშინელი შეძრწუნება და ტკივილი ეხატა. - ვუხსნი გვანცას და თან თვალწინ მიდგება უცნობის სახე. - ცისფერი თვალები ჰქონდა, სწორი, ბოლოში ოდნავ მოღუნული ცხვირი, მოშვებული წვერი, ოღონდ მოდაზე არა და მოთეთრო ფერის სქელი ტუჩები... რომ დავაკვირდი, ქვედა ოდნავ მედიდა... ნიკაპზე პატარა ნაიარევი ჰქონდა, შუბლზე კი ყავისფერი ხალი... თმა სველი და სლიპინა მომეჩვენა... კარგად დაკვირვება ვერ მოვახერხე, მაგრამ...

- კარგად დაკვირვება ვერ მოახერხე? აბა, ეს რა იყო? - განცვიფრებული მაწყვეტინებს გვანცა.
- ეს... უბრალოდ მოკლედ აღგიწერე. შენ ხომ კარგად მისი შეთვალიერება ვერ მოასწარი. -მხრებს ვიჩეჩ და ფეხზე ვდგები. - ნოემბერია. უკვე დღე ძალიან დაპატარავდა.
ამის თქმაა და შუქს ვანთებ. ყველა ოთახში დაბალი სინათლის ნათურები მიყენია. მახსოვს, როცა მამიდასთან ვრჩებოდი ხოლმე, მისაღებში მაწვენდნენ, შუქს კი გვიანობამდე არ აქრობდნენ. ჩუმად ლაპარაკობდნენ, მამიდა ყოველ წუთას იძახდა, ჩუმად, ელენიკა არ გააღვიძოთო, მაგრამ მე ლაპარაკი კი არა, შუქი მიშლიდა ხელს.

ზუსტად თვალებში მიჭყიტინებდა და დაძინების საშუალებას არ მაძლევდა. ერთხელ სწორედ ამის გამო მოვისმინე მამიდისა და ირაკლი ძიას ჩხუბი. საშინელება იყო. სამზარეულოში გავიდნენ, თუმცა ხმა მაინც მესმოდა. ნინა მამიდა ტიროდა, მე კი არ შემეძლო ავმდგარიყავი და დამემშვიდებინა. მეორე დღეს არაფერი შევიმჩნიე. დედა რომ მოვიდა, უთქმელად გავყევი. სადღაც ერთ კვირაში გავიგე, რომ მამიდა და
ირაკლი ძია შორდებოდნენ. მას შემდეგ, როცა დედას მორიგეობა უწევდა, მამიდასთან აღარ ვრჩებოდი. დედა ამას ჩემს აკვიატებად თვლიდა, მაგრამ ფეხის იქ მიდგმაც კი დიდ სირთულედ მეჩვენებოდა. მაშინ მივხვდი, რომ დედა და მამაც ასე დაშორდებოდნენ. იჩხუბებდნენ და მერე მამა წავიდოდა. არც მე შევეცოდებოდი და არც დედა.

იმ დღის მერე მკვეთრ შუქს ვეღარ ვიტანდი. ეს ჩვეულება დღემდე გამომყვა. თუ სადმე მივალ და შემაწუხებლად მაჭყიტებს სინათლე, ყოველთვის ის საშინელი ღამე მახსენდება. მაშინ გავიგე, რომ არაფერი იყო მუდმივი. არც ოჯახი, არც მეგობრობა და არც სიყვარული. მაშინ რაღაც დაინგრა ჩემში, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თერთმეტი წლის ვიყავი. დრო გავიდა, ახალ ადამიანებს შევხვდი, მამიდა საზღვარგარეთ წავიდა, თუმცა მოგონებები არ გაქრა. ის მოგონებები, რომლებიც მაწვნის სუპის ჭამის ანალოგიურია. გეზიზღება, მაგრამ ჭამ იმიტომ, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ამთავრებ, თეფშს ნიჟარაში დებ, გემო კი ისევ შენს პირში ტრიალებს. ვერ იშორებ, ვერაფრით, ხუთჯერაც რომ გაიხეხო კბილები და პირში წყალი გამოივლო.

ყავის მოდუღების ხასიათზე არ ვარ, ამიტომ სამზარეულოში გვანცა გადის. მანამდე ტელევიზორს ვრთავ და არხიდან არხზე გადავდივარ. არაფერი საინტერესო. ერთი და იგივე სახის გადაცემები და სულელური ფილმები, რომელთა დასასრულზეც მხოლოდ გულჩვილები ტირიან.

- ელენ, იცი, გუშინ რა მაგარ ფილმს ვუყურე? - ტელევიზორის ხმა რომ ესმის, ახსენდება გვანცას.
- რა ფილმს? - ისე ვეკითხები, თითქოს ძალიან მაინტერესებდეს.
- აუ, არ ვიცი. დაწყებულზე ჩავრთე. - ყავის ფინჯნებით ხელში საუბრით შემოდის გვანცა ოთახში. - სიყვარულზე იყო. ისე, რა უაზრობაა სიყვარული, არა? გიყვარს და ბოლოს მაინც ვიღაც მიდის... ან ერთი, ან მეორე.
- უაზრობა ის კი არ არის, რომ მიდიან! რომ არ უნდათ და მაინც რომ მიდიან!
- კაი, რა... სიხარულით ვინ ტოვებს საყვარელ ადამიანს? - მედავება ის.
- თუ მართლა გიყვარს, შენი წასვლაც კი ღირსეული უნდა იყოს. - დარწმუნებით ვამბობ და ჩემს ყავის ფინჯანს ჩემკენ ვაჩოჩებ. - ზოგჯერ აუცილებელია წასვლა... თუ დარჩები, დაიფერფლები.
- უკვე თავი ამტკივდა... რას არ მოიგონებ ხოლმე, რა... - ხელს იქნევს უკმაყოფილოდ გვანცა და ამ თემას მეტჯერ აღარ ვუბრუნდებით.

ავტორი :სოფიკო კობლიშვილი



№1 სტუმარი Shorena kiladze

Chemi sopikis istoriaa vgijdebi oriveze .umsgresia

 


№2  offline წევრი lena lena

ძალიან კარგი დასაწყისია
წარმატებები

 


№3  offline წევრი ეირინ

სოფიკოს ისტორიაა და ძალიან კარგი????

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

ეს წაკითხული მაქვს. განმეორებით დებ თუ მე მეშლება რამე?

 


№5  offline მოდერი sopiko

ნამდვილად სოფიკოს ანუ ჩემი რომანია და ამ საიტზე ერთხელ უკვე იდო, თანაც სრულად.
როგორც ჩანს, ანუშკამ (მაპატიე, თუ არასწორად მოგმართავ, ნიკის მიხედვით ვიმსჯელე ასე) არ იცის, რომ ავტორის უნებართვოდ მისი შემოქმედების სადმე განთავსება დანაშაულია, თუმცა ვითვალისწინებ ამ ინფორმაციის ნაკლებობას (თუ, რა თქმა უნდა, ასეა) და მხოლოდ და მხოლოდ მოვითხოვ იმას, რომ ეს ორი თავი წაიშალოს.
რაც შეეხება, რომანის გაგრძელებას, ვისაც არ წაგიკითხავთ და ვისაც გაინტერესებთ, მომძებნეთ სოციალურ ქსელში სახელით სოფიკო კობლიშვილი და ყველა კითხვაზე პასუხს იქ გაგცემთ.
პატივისცემით...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent