შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდუმარე სასტუმრო - სალივანის დღიური (თავი 20)


14-06-2018, 00:39
ავტორი anushka 5
ნანახია 1 132

ელიმ დროის შეგრძნება დაკარგა. მოეჩვენა, რომ მთელი საუკუნე გავიდა, რაც მუხლებით იდგა და იმ დაწყევლილ შავ კარებს უბრახუნებდა. ფარნის სინათლემ იკლო, ციმციმი დაიწყო. ელემენტები ჯდებოდა. ჯონი არ ჩანდა. ელი სიცივემ აიტანა და ფეხზე წამოდგა.
- "მალე ყველაფერი დამთავრდება და ძალიან ბედნიერი იქნები!"
ელი ანას სიტყვებზე ფიქრობდა. ნეტა რა იგულისხმა? რა უნდა დამთავრდეს? მისი სიცოცხლე ხომ არა? იქნებ, იმ ნახატი მსგავსად, მასაც გააკრავენ საშინელ ბორბალზე და…
საკუთარმა ფიქრებმა შეაშინა. უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და მკრთალი სინათლეების მიმართულებით გაემართა.
გვირაბი ალაგ-ალაგ იყო განათებული. ელი ფარანს ზოგავდა და მხოლოდ ბნელ მონაკვეთებში ანთებდა. გვირაბი ძალიან გრძელი იყო. ცალ მხარეს, ყოველ ათ მეტრში თითო პატარა საკანი იყო. საკნებს რკინის გისოსებიანი კარები ჰქონდა. შიგნით ყველა იდენტური იყო: ქვის ძველებური საწოლი, ქვის პატარა მრგვალი მაგიდა იდგა. ერთ-ერთ კუთხეში კი მრგვლად ამოჭრილი ღრმული იყო, როგორც ჩანს, ტუალეტად გამოიყენებოდა.
ელი საკნებთან ჩერდებოდა და ფარნით ანათებდა შიგნით.
- "რაში სჭირდებოდათ ეს საკნები?.. ნუთუ აქ ადრე ციხე იყო?.."
ფიქრობდა ელი და წინ ფრთხილად მიიწევდა. სულ თორმეტი საკანი დათვალა. მეთიუ არც ერთ მათგანში არ იყო. მალე გვირაბი ოთხ ნაწილად გაიყო. ერთ-ერთი გზა, სავარაუდოდ, აკლდამისაკენ მიდიოდა. ელიმ მარცხენა გვირაბი ამოირჩია და გზა განაგრძო. ამ გვირაბს არც საკნები ჰქონდა და არც ოთახები. უბრალოდ, ძალიან მიხვეულ-მოხვეული იყო. ელი შეუჩერებლივ მიდიოდა, მაგრამ გვირაბს ბოლო არ უჩანდა.
თითქოს თავის მდგომარეობას მიეჩვია და იმდენად აღარ ეშინოდა. როგორც იქნა, გვირაბის ბოლომდე გავიდა და მრგვალ, უცნაურ დარბაზში მოხვდა, რომელიც მთლიანობაში ძალიან ჰგავდა მზის საათს. შუაში ქვის, ძველებური მზის კალენდარი იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც იმ ჩანაწერებში და აცტეკების წიგნში ნახა. ბორბლის ირგვლივ ექვსი ქვის საფლავი იყო სიმეტრიულად განლაგებული.
- მეეთ… მეთ, აქ ხარ?
ელის ხმა ექომ რამდენჯერმე გაიმეორა. აკლდამაში არავინ იყო. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე სუფევდა. ელიმ ექვსივე საფლავი დაათვალიერა. საფლავებს ზემოდან რაღაც წარწერები ჰქონდა ამოტვიფრული, მაგრამ მათი გარჩევა შეუძლებელი იყო, რადგან დროს თითქმის მთლიანად წაეშალა ისინი.
ერთ-ერთი საფლავის სახურავი ოდნავ ღია იყო. ელი მას მთელი სხეულით მიაწვა. სახურავი ადვილად გაცურდა და ტკაცუნი გაისმა. მოულოდნელად ცენტრალური ბორბალი ამოძრავდა.
მისი შუა ნაწილი საათის ისრის მიმართულებით დატრიალდა, გარეთა ნაწილი კი საპირისპირო მიმართულებით. რამდენიმე წამის განმავლობაში იტრიალა და ბოლოს გაჩერდა. ბორბალზე ისეთივე ნახაზი გაკეთდა, როგორიც იმ ნახატზე იყო.
- ღმერთო ჩემო! – ის ნახატი რეალობას ასახავდა… რა საშინელებაა!
აღმოხდა ელის და შიშის ტალღამ თავიდან გადაუარა. კარგა ხანს იდგა და ბორბალთან მიახლოებას ვერ ბედავდა. ბოლოს ბორბალს ფრთხილად მიუახლოვდა. ცენტრში ნახვრეტი იყო, საიდანაც რკინის ბასრი წვეტი მოჩანდა.
ელის ნახატზე გამოსახული თეთრკაბიანი გოგონა გაახსენდა და გააჟრიალა. როგორც ჩანს, ეს სწორედ ის შუბი იყო, რომელიც მსხვერპლს მკერდში ჰქონდა შერჭობილი
ელი ბორბალს სწრაფადვე მოშორდა და ისევ გახსნილ საფლავს დაუბრუნდა. ფარანი ჩაანათა. საფლავში შავი ლაქასავით მოჩანდა რაღაც.
ელიმ ფარნიანი ხელი ბოლომდე ჩაყო. შავი ლაქა ძველი წიგნი აღმოჩნდა. ელიმ წიგნი ამოიღო, საფლავს ზემოდან დაადო და გადაშალა.
წიგნს სქელი ტყავის ყდა ჰქონდა. ელიმ წიგნს სული ძლიერად შეუბერა. მტვერი გაიფანტა და ტყავზე ამოტვიფრული ნაწერი გამოიკვეთა: – "სალივანის დღიური."
წიგნი ხელნაწერი აღმოჩნდა, მაგრამ ნახევარზე მეტი ფურცლები ნესტს გაეფუჭებინა. სისველისაგან მელანი ბევრ ადგილზე წაშლილი იყო. ელიმ დღიური შედარებით განათებულ ადგილას მიიტანა და გაჭირვებით ამოიკითხა:
" ორშაბათს ბრიჯიტმა მე და ფრედი ჩუმად წაგვიყვანა "მკვდარ ტბაზე" და გვაჩვენა, როგორ თევზაობდა იქ ტომასი. მე და ფრედის ოცნებად გვქონდა "მკვდარი ტბის" ნახვა, მაგრამ მშობლები გვიკრძალავდნენ.
ტომასს ძალიან შეეშინდა ჩვენი დანახვა და ბრიჯიტს უსაყვედურა. როგორც ჩანს, სწორედ მან შეატყობინა მამას ეს ამბავი, რადგან ორშაბათ საღამოს მერე ბრიჯიტი არავის უნახავს. ვფიქრობ, რომ ისიც იმ ადგილას წაიყვანეს, საიდანაც ღამღამობით ოხვრა და ტირილი ისმის (1913 წ. შაბათი)."
ელი გადარჩენილ გვერდებს კითხულობდა.
" ჩემმა ძმამ მითხრა, რომ მგონი, მამა მსახურების დასასჯელად იმ შავ ოთახებს იყენებს, რომლებიც ამ სახლის ყიდვისას დაგვხვდა. ბრიჯიტი სულ მეუბნებოდა, ამ სახლს ცუდი აურა აქვსო… ნეტავ რას ნიშნავს აურა? ან როგორია იგი?
დილით შევამოწმე სამივე შავი ოთახი, მაგრამ ბრიჯიტი იქ არ იყო. მეორე შავ ოთახში მხოლოდ მებაღე შეეყვანათ და ზურგზე შოლტებს ურტყამდნენ. რა მისი ბრალია, რომ სტრელიციები გახმა? აქ ხომ მზე შუადღესაც ვერ აღწევს (1913 წ. ორშაბათი)..."
ელი მიხვდა, რომ სახლის ძველი მფლობელის ერთ-ერთი შვილის დღიურს კითხულობდა. მას ნახატზე გამოსახული წვერებიანი კაცი და ორი ბიჭი გაახსენდა. ალბათ, ისინი იყვნენ სალივანი და ფრედი.
ელიმ შემდეგი გადარჩენილი ფრაგმენტი ამოიკითხა:
"როგორც იქნა, მეოთხე შავი ოთახის კარი ვიპოვე. ის მამას კაბინეტში, იმ საშინელი ნახატის უკანაა. ახლა უკვე ვიცი, საიდან ისმის ხოლმე ტირილის ხმები… ბრიჯიტი კიდევ ფიქრობდა, რომ ეს სახლი დაწყევლილია და კედლებმა წარსულის ხმები შემოინახა. აი, თურმე რატომ იცვლებიან ჩვენს სახლში ასე ხშირად მსახურები…
მე და ფრედი ერთად შევედით შავ კარებში და გვირაბში აღმოვჩნდით. იქ, ციხის მსგავსად, საკნებია გაკეთებული. ცამეტივე საკანი დავათვალიერეთ. არ გვეშინოდა, რადგან მამა სანადიროდ იყო წასული და საღამომდე არ დაბრუნდებოდა შინ.
საკნებში დაკარგული მსახურები იყვნენ გამომწყვდეულნი. დაგვინახეს თუ არა, მუდარა დაგვიწყეს, რომ გამოგვეშვა, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა გასაღები."
- ცამეტი საკანი? აქ რომ მხოლოდ თორმეტია?
ჩაილაპარაკა ელიმ. ის მიხვდა, რომ კითხვებზე პასუხებს სწორედ ამ დღიურიდან შეიტყობდა და კითხვა განაგრძო:
"ბრიჯიტის ძებნა გავაგრძელეთ. მე და ფრედი გავნაწილდით და სხვადასხვა გასასვლელისაკენ წავედით.
მე გვირაბს ბოლომდე გავუყევი და ზევით ასასვლელი კიბე დავინახე, რომელიც თურმე მკვდარ ტბასთან ამოდის. სახურავზე ისეთივე სიმბოლოებია, როგორიც იმ ნახატზე, მაგრამ გაღება არ მიცდია. ამის დრო არ იყო. მაშინვე უკან გამოვბრუნდი.
ფრედი მეძებდა. ის თურმე გვირაბმა მეტყევის ქოხში მიიყვანა. კიდევ ორი გვირაბი დაგვრჩა სანახავი. ამიტომ ისევ გავნაწილდით. მე შუა გვირაბში შევედი და აკლდამა ვიპოვე. ოღონდ ის არ იყო ისეთი, როგორიც ეზოს შესასვლელიდან. თუ სწორად მივხვდი, მე მის ქვედა სართულზე მოვხვდი.
დარბაზი მრგვალია. შუაში ისეთივე ქვის ბორბალია, როგორიც იმ ნახატზე. მის გარშემო კი ძველი სამარხებია გამწკრივებული. საფლავები ქვისაა.
ფრედის დაველოდე და ერთად გადავწიეთ პირველი საფლავის ქვა. საბედნიეროდ, ბრიჯიტი იქ არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ის ბორბალი ამოძრავდა. ორივეს ძალიან შეგვეშინდა…"
დანარჩენი ფურცლები წაშლილი იყო. ბოლოსაკენ იყო გადარჩენილი კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი:
- "ბრიჯიტი მე და ფრედის ყოველთვის ძალიან თბილად გვექცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეშინოდა მამაჩვენის რისხვის, მაინც გვაკეთებინებდა ისეთ რაღაცებს, რასაც მამა გვიკრძალავდა. დედასაც ძალიან ეშინოდა მამასი. როდესაც ბრიჯიტის შესახებ მას ვკითხე, ანერვიულებულმა მიპასუხა, რომ ბრიჯიტი აქედან მოულოდნელად გაემგზავრა. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ბრიჯიტი დაუმშვიდობებლად არ წავიდოდა.
დედას ისევე სჯერა იმ წყევლის, როგორც მამას! როდესაც მამას ეს სახლი მემკვიდრეობით ერგო, მან ძველი ჩანაწერები იპოვა, რომლებიც რაღაც კალენდრის მიხედვით გაშიფრა. იქ ეწერა, რომ ამ სახლის ადგილას ერთი ჯადოქრის ქოხი იდგა, რომელიც ამ სასახლის მშენებლობას შეეწირა. ალქაჯი თავისი ნებით არ ტოვებდა სახლს. ამიტომ ქოხს ცეცხლი მაშინ წაუკიდეს, როცა თვითონ ტყეში იყო წასული, ბალახების შესაგროვებლად.
ქოხში თურმე მის პატარა ბიჭუნას ეძინა. გამწარებულმა ალქაჯმა სახლის მფლობელი დაწყევლა. მისი გვარი ვერ გამრავლდებოდა, რადგან ვაჟიშვილის შეძენის შემთხვევაში, ბავშვი 14 წლის ასაკში მოკვდებოდა, როგორც მისი შვილი.
სახლის მფლობელმა დახმარება ერთ ინდიელ შამანს სთხოვა, მან კი წყევლის გასანეიტრალებელი გზა ასწავლა. ის ვერ გაანეიტრალებდა ალქაჯის წყევლას, მაგრამ შეეძლო, ერთი სიცოცხლე მეორეთი ჩაენაცვლებინა. ქალიშვილის სიცოცხლე - ვაჟის სიცოცხლის სანაცვლოდ.
რამდენი ვაჟიც შეეძინებოდა, იმდენჯერ უნდა შეეწირა მსხვერპლად ახალგაზრდა ქალი. მხოლოდ ასე თუ გადაარჩენდა თავის შვილებს.
მამას სჯერა ამ საშინელი ლეგენდის და შეპყრობილია ამ იდეით. მთელ დღეებს თავის კაბინეტში ატარებს. ალბათ ფიქრობს, რომ რადგან ჩვენ ამ გვარის გამგრძელებლები ვართ, მე და ფრედისაც შეგვეხება ეს ამბავი. მე ხომ ერთ კვირაში მისრულდება 14 წელი... ფრედის კი ორ წელიწადში. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ მე და ფრედი, რომ ბრიჯიტი ჩვენს ნაცვლად უნდა გაწირონ.
ის მსახურები კი ალბათ იმიტომ გამოამწყვდია, რომ მათ გაიგეს ეს ამბავი…"
ელიზე ამ ნაწერებმა ძალიან იმოქმედა, მაგრამ ვერ სწყდებოდა მათ. ძალიან უცნაური შეგრძნება ჰქონდა. თითქოს ისიც იმ დროში მოხვდა და ეგონა, რომ სალივანი სადღაც იქვე იმალებოდა…
- "იქნებ ის საწყალი ბრიჯიტი ამ ბორბალზე გააკრეს და ეს შუბი მას გულში შეერჭო… ნეტა რამდენი უბედური გოგონა მოკლეს ამ საშინელ ადგილას?"
ელის მთელი სხეული უკანკალებდა. აკლდამაში გამეფებული სამარისებური სიჩუმეც კი აშინებდა. როგორც დღიურში ეწერა, ელიც იმავე დარბაზში მოხვდა, სადაც სალივანი… თუ ეს აკლდამის ქვედა სართული იყო, სადღაც უნდა ყოფილიყო ასასვლელი ზედა სართულზე. თუ ელი ზემოთ მოხვდებოდა, მის ყვირილს ეზოში მყოფნი გაიგებდნენ…
ელიმ აკლდამა კარგად დაათვალიერა, მაგრამ ვერც კიბე ნახა სადმე და ვერც სხვა გასასვლელი.
- ისევ იმ ადგილზე უნდა დავბრუნდე და სხვა გვირაბით წავიდე. ან ქოხში ამოვალ, ან ტბასთან… თუმცა ტბის შესახებ არაფერი მსმენია! არავის უხსენებია სახლის სიახლოვეს ტბა…
ელიმ უკანასკნელი გადარჩენილი ფრაგმენტიც წაიკითხა დღიურიდან:
" ყველაფერი იმ ტბის გამო მოხდა! როგორც ჩანს, მარტო ეს სახლი არ არის დაწყევლილი… ტყუილად არ ეშინია სოფლის მოსახლეობას იმ ტბისა. მოხუცები ყვებიან, რომ ტბამ ძალიან ბევრი ადამიანის სული წაიყვანა. მის ფსკერზე ასობით დამხრჩვალი ადამიანის სხეული განისვენებს, რომლებიც სამუდამოდ რჩებიან სიღრმეებში და ზედაპირზე არასოდეს ამოდიან.
ლეგენდის მიხედვით, თურმე ყველას, ვინც ტყეში იკარგება, ახალგაზრდა ლამაზი ქალი ხვდება და ცრუ გზას აჩვენებს მათ. ის გზა მკვდარ ტბასთან მიდის. ვფიქრობ, ის ქალი იგივე ალქაჯია, რომელმაც ჩვენი მოდგმა დაწყევლა.
კიდევ, იმასაც ყვებიან, რომ მამაკაცები, ტბასთან გავლისას ახალგაზრდა ლამაზ ქალს ხედავენ, რომელიც წყალში იხრჩობა და შველას ითხოვს. ვინც მის საშველად შედის, უკან აღარ გამოდის.
ამბობენ, ერთ მოხუცს უნახავს ის ქალი, მაგრამ სასწრაფოდ მოშორებია ტბას და გორაკზე ასულა. ზემოდან რომ გადმოუხედავს ტბისთვის, ქალი ვეღარ დაუნახავს, სამაგიეროდ, წყალში მოჩანდა ადამიანების თვალები, რომლებიც ქვემოდან ზევით იყურებოდნენ…
ტბის გარშემო ტყეც ძალიან სხვანაირია. ბრიჯიტს რომ მივყავდით, ტყის ხმაური ნელ-ნელა კლებულობდა, ხოლო, როდესაც ტბას მივუახლოვდით, სამარისებურ სიჩუმეში გადავიდა. ტბის გარშემო ხეებიც და მცენარეებიც უსიცოცხლო იყო.
ტომასმა გვითხრა, რომ ტბის ნაპირას წყალი თბილია, მაგრამ ოდნავ თუ გაცურავ, ყინულივით ცივი მოგეჩვენება. თითქოს რაღაც დინება გიზიდავს ტბის ცენტრისაკენ. ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ წყალში მარტო არა ხარ. თითქოს იქ, შენ გარდა, კიდევ ვიღაც არის და გითვალთვალებს…"
ელიმ დღიური ქამარში, მუცელთან ჩაიდო, ზემოდან მაისური გადმოიფარა და იმ ადგილზე დაბრუნდა, სადაც გვირაბი ოთხ ნაწილად იყოფოდა.
ამჯერად სხვა გასასვლელი აირჩია და გზა განაგრძო. ეს გვირაბი ისეთი ვიწრო იყო, რომ ერთი ადამიანიც გაჭირვებით გაივლიდა. ელის მოეჩვენა, რომ თითქოს გვირაბი ნელ-ნელა ზემოთ ადიოდა. უცებ ფეხი რაღაც სველში ჩადგა. ელიმ ფარანი აანთო და ნახა, რომ წყალში იდგა. რაც უფრო წინ მიიწევდა, წყალი სულ უფრო მატულობდა. მუხლამდე რომ შევიდა, ელიმ ფარანი პირდაპირ მიანათა. გვირაბს დასასრული არ უჩანდა.
- "ალბათ, ეს გვირაბია, რომელიც იმ ტბასთან ამოდის… დღიურში არ ეწერა, რომ იმ ბავშვმა წყალში გაცურა… ალბათ მოგვიანებით დაიტბორა. აჯობებს, უკან დავბრუნდე…"
გაიფიქრა ელიმ და უკან გამობრუნდა. ყველაზე მეტად ის უნდოდა, რომ უცებ გაღვიძებოდა და თავის ოთახში აღმოჩენილიყო… მანსარდაში… მეგისთან ერთად.
თავისი ოთახი წარმოიდგინა და გულში სითბო ჩაეღვარა. თვალწინ ის სურათი წარმოუდგა, როდესაც პირველად დაინახა მეთი სოფიას სახლის ეზოში, შეშას რომ ჩეხდა, წელზევით შიშველი…
ელი გვირაბში მიდიოდა და საკუთარი თავისადმი სიბრალულისა და დაუცველობის გამო ცრემლები მოსდიოდა. უეცრად შორიდან რაღაც ხმაური მოესმა. ელი შეჩერდა და მიაყურადა. საკუთარი გულისცემა ყველაზე მკაფიოდ ესმოდა.
ისევ მოესმა უცნაური ხმა, რომელიც ექომ გაიმეორა. ელის შიშისაგან ყველაფერი დაავიწყდა. გვირაბის კედელს ზურგით აეკრა და გაშეშდა.

გაგრძელება იქნება
ავტორი თეა ინასარიძე



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესო ისტორიაა.იმედია მომდევნო თავი მალე დაიდება.ძალიან დამაინტერესა ამ ისტორიამ.საინტერესოა მეთი სად ყავთ?ან ელი რატომ წამოიყვანა ანამ.
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent