შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lacrimosa [3]


22-06-2018, 23:26
ავტორი Kalina
ნანახია 4 483

კონცერტის დაწყებას სულმოუთქმელად ელოდა სანდრო. თითებს იმტვრევდა და გაკვირვებული ოჯახის წევრების მზერას არად აგდებდა. მხოლოდ ერთი რამის დანახვა სურდა ახლა და გულით უნდოდა, ეს გრაციოზული ფარდა ერთი ხელის მოძრაობით ჩამოეგლიჯა და მისი სახე დაენახა.
ფარდა თითქოსდა მის ჯინაზე, ზანტად იწეოდა.
რამდენიმე წამიც და მის სახეს დაინახავდა.
ჩაბნელებული სცენა უცებ განათდა და რამპის მკვეთრი სინათლე ზუსტად როიალსა და მევიოლინეებს დაეცათ.
პირველ რიგში მჯდარ სანდროს ხელები მთელი ძალით ჩაეჭიდებინა ორივე სახელურზე და ღრმად სუნთქავდა.
ღვთაებრივად გამოიყურებოდა კასანდრა.
შავ, ხავერდის კაბაში გამოწყობილს თმები გაეშალა და ტალღებად ეფინებოდა მოშიშვლებულ ზურგზე. გრძელი მკლავები ხელისგულებამდე სწვდებოდა.
მისი კაბა... ეს უბრალოდ ზღაპარი იყო.
გაშლილი კაბა კოჭებამდე სწვდებოდა. მაგრამ მის ქალურ ნაკვთებს ხაზი მაინც ესმეოდა. მიუხედავად მისი გარდერობისადმი ხალხის დიდი კრიტიკისა, კასანდრა მუდამ თავად არჩევდა, თუ რა ჩაეცვა ამა თუ იმ კონცერტზე.
სანდრო მონუსხული მისჩერებოდა გოგონას. ძალიან ნერვიულობდა. ძალიან სურდა, კასანდრას ყველაფერი კარგად გამოსვლოდა და ამ ყველაფერს კარგად ჩაევლო.
კასანდრას მთელი ამ ხნის მანძილზე თვალები ერთხელაც არ გაუხელია.
“გაახილე... გთხოვ გაახილე. შემომხედე. “
ბექა კი თავით გადავარდნილიყო მუსიკაში. ოდნავ ეღიმებოდა და წარბებს სასაცილოდ კრავდა მისი პარტიის დროს.
ცნობილი მუსიკის კრიტიკოსების მგვერდით მჯდომმა სანდრომ მათ საუბარს მოჰკრა ყური ისე, რომ კასანდრასთვის მზერა არ მოუცილებია.
-ძალიან ნიჭიერი გოგონაა, თუმცა... ამჩნევ? იმ ექვსი თვის მერე... მარცხენა ხელს... ისე ოსტატურად ვეღარ ხმარობს.
-მართალი ხარ, მართალი. დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ გოგონას ისტორიამ.
სანდრო გაკვირვებული მისჩერებოდა გოგონას.
,,რა გააკეთე? რატომ ვერ ვხვდები ვერაფერს... მომიშვი ახლოს.”
კასანდრა არ იყო ის, ვინც გულს გადაგიშლიდა, ვერ ეგუებოდა ახალ გარემოებებსა და პიროვნებებს.
თუმცა მუსიკაში ის თავის ყველა გრძნობას აშიშვლებდა. ყველა გრძნობას ნოტებში აქსოვდა. უბრალოდ, არავინ იყო ისეთი, ვინც ამ წამებს დაიჭერდა.
კასანდრა ბევრჯერ გამტყდარა სცენაზეც და ისეც. თუმცა სცენის გარდა ეს ბზარი არსად გამოუვლენია. დროის უმეტეს ნაწილში თავი ძლიერად მოჰქონდა, სცენაზე კი მისი ყველა გასაჭირი აშკარავდებოდა. მაგრამ ეს ხალხის ყურს თუ თვალს მუდმივად უყურადღებოდ რჩებოდა.
ახლა კი სანდრო ცდილობდა მასთან ახლოს მისვლას. იცოდა, შორიახლოს დგომით ვერაფერს მოუტანდა ვერც მას და ვერც საკუთარ თავს.
ყველა ფასად სურდა კასანდრასთან ახლოს მისვლა.
ყველა ფასად.
სურდა მისი ტკივილის გაზიარება. ეს მისი ერთ-ერთი უცნაური თვისება გახლდათ.
აპლოდისმენტების ხმამ გამოაფხიზლა.
კასანდრა ადგილიდან არ იძვროდა. ისევ ისე დახრილიყო როიალთან.
რამდენიმე წამის შემდეგ მისი თვალების ხილვის ღირსად ჩააგდო აუდიენცია და არაფრისმთქმელი მზერა მიაპყრო დარბაზს. ფეხზე წამოდგა და მსმენელს თავი დაუკრა. ოდნავაც არ გაუღიმია.
წითელი ტუჩსაცხი ესვა. იმდენად მუქი წითელი, რომ შორიდან შავი ეგონა.
სანდრო თითქოს ტრანსში ჩავარდნილიყო, გაოცებული, თვალებით ბურღავდა გოგონას.
,,მომიშვი, ახლოს მომიშვი, კასანდრა... ჩემით ვერ ვხვდები, სულელი ვარ. მაჩვენე, კიდევ რა გტკივა...”
კასანდრამ ჰაეროვნად გადაჭრა სცენა და კულისებში გაუჩინარდა.
სანდრო გაშეშებული იჯდა სკამზე და ორივე ხელი სახელურისთვის ჩაებღაუჭებინა.
გვერდით მჯდომმა ბექას შეყვარებულმა კესომ ყოყმანით ჰკითხა:
-სანდრო, გინდა გარეთ გახვიდე? საშინელი ფერი გადევს. სიბნელეშიც ვხედავ.
სანდრომ თავი დაუქნია.
ნელა წამოდგა სკამიდან და გასასვლელისკენ გაბარბაცდა.
გაუკვირდა, როცა გარეთ ბევრი ხალხი დაინახა.
,,აქ მხოლოდ მის სანახავად არიან.”
თავი დანანებით გააქნია და სკამზე ჩამოჯდა.
სახე ხელებში ჩარგო.
თვალებდახუჭული ცდილობდა ფიქრს. თავგზა ჰქონდა არეული.
მასთან ლაპარაკი სურდა. ან უბრალოდ მის გვერდით ჯდომა. სულერთია. მთავარია, მისი არსებობა ეგრძნო.
თავის თავს ვერ უგებდა.
ასე არასოდეს ყოფილა. არავის გამო.
იჯდა სკამზე და ცდილობდა თავბრუსხვევის გრძნობა შეეკავებინა.
,,რა გამიკეთე, რა დამმართე...”

***
აპლოდისმენტთა ქუხილი რომ გაიგონა, მიხვდა, რომ სასწრაფოდ დარბაზში დაბრუნების დრო იყო.
მიხვდა, ჩასძინებოდა.
უკვე მოსაღამოვებულიყო.
გული შიშისაგან გაეპარა იმ ფიქრში, რომ ,,მთვარის სონატას” ვერ მიუსწრო.
დარბაზში მეხდაცემულივით შევარდა.
დედ-მამისა და კესოს გაკვირვებულ სახეებს ისევ არ იმჩნევდა.
მიუსწრო.
ბეწვზე მიუსწრო.
მის უკან გაჟღერებულმა უკმაყოფილების შეძახილებმა აიძულა სკამზე დამჯდარიყო.
რამპის შუქი მხოლოდ კასანდრას ეცემოდა.
სანდრო მთელი ტანით გადახრილიყო წინ.
იწყებოდა. კასანდრას გამოსვლა იწყებოდა.
გოგონას ღრმა ჩასუნთქვის ხმა ფოტოაპარატების ჩხაკუნის ხმაშიც კი გაარჩია.
და დაიწყო...
ერთი... ორი... სამი...
სანდრომ თვალები დახუჭა და სცადა, ბოლომდე გაჰყოლოდა ბგერებს...
,,დამელოდე, აქ არ დამტოვო, დამელოდე...”
კასანდრა საეჭვოდ ირხეოდა სკამზე. ასეთი რამ არასოდეს დამართნია. დახუჭული თვალების კუთხეებიდან მდინარესავით მოედინებოდა ცრემლთა ნაკადი.
სანდრო სკამზე ვერ ჩერდებოდა. უნდოდა ფეხზე წამოვარდნილიყო, ყველაფრის დამტვრევა უნდოდა...
გოგონა ნელა გადაიხარა როიალისკენ და თავი როიალის თავს დაადო.
სანდროს შეშფოთების ტალღამ გადაუარა სახეზე.
,,იტირე, ოდნავ ახლოს მომიშვი... სულ ოდნავ.”
ვერაფერს ამჩნევდა მის გარდა. ბგერებსაც ვერ არჩევდა წესიერად.
კასანდრა ტიროდა. ქვითინებდა.
აუდიტორია შეშფოთებას მოეცვა:
-რა სჭირს?
-მგონი, კარგად არ არის.
-ცუდადაა...
-რატომ არ ჩერდება?
-შეხედე, როგორ ტირის...
უძირო თვალები ნელა გაახილა გოგონამ და როიალიდან თავის წამოუწევლად მიაჩერდა დარბაზის ერთ-ერთ კუთხეს.
მწვანე თვალები ერთიანად ჩასწითლებოდა.
სანდრო შეშფოთებული მისჩერებოდა იმავე ადგილს და ვერაფერს ხედავდა.
,,თავის ძმას ეძებს...”
ამოუტივტივდა გონებაში და თითქოს მძიმე ლოდი მოეხსნა გულიდან, ღრმად ამოისუნთქა.
მზერით გაბურღა გოგონა და მანაც მიანათა მწვანე თვალები.
ცარიელი მზერით უყურებდა კასანდრა სანდროს და ბიჭი მის მზერაში რაიმეს წაკითხვას ცდილობდა.
,,ვერ ვხედავ, კასანდრა, გთხოვ, ნუ მეფარები! მომიშვი შენთან! ახლოს მინდა შენთან!”
კასანდრას თვალები გაუფართოვდა. ცრემლით ამოვსებული თვალები ისევ დახუჭა და საბოლოო აკორდებს დაუთმო გზა.
სანდრომ თავი ჩახარა.
კასანდრას არ სურდა კლავიშებთან განშორება, როიალთან განშორება...
მაგრამ, რატომ?
ეს იყო სანდროს კითხვა.
თუ მას ეს ასეთ ტკივილს აყენებდა, რის ფასად უკრავდა?
მთელი დარბაზი ფეხზე იდგა.
ზოგს უკვე ხელები სტკიოდა ტაშის კვრისგან, ზოგს ფეხები სტკიოდა ამდენ ხანს დგომისგან. ოვაციები კი არ წყდებოდა.
კასანდრა კი ისევ გაშეშებული იჯდა როიალთან და მასზე მისვენებულიყო.
ყველასთვის მოულოდნელად გამოჩნდა ბექა სცენაზე და სცენის გადაჭრით კასანდრას მიუახლოვდა. ოდნავი შეხება საკმარისი იყო იმისთვის, რომ კასანდრა გონს მოსულიყო.
ბექას მადლიერებით სავსე ღიმილი აჩუქა და მის გამოწვდილ ხელს საკუთარი ათრთოლებული მტევანი შეაგება.
ფეხზე ნელა წამოდგა და გრაციოზული კაბა ხელის ერთი მოძრაობით გაისწორა.
ბექამ საკუთარი ხელით მოაშორა ცრემლები თვალებიდან გოგონას, გამამხნევებლად გაუღიმა და ხელით სცენის წინა ნაწილისკენ ანიშნა.
ოპერის დარბაზის ჭაღი ლამის ჩამოინგრა აპლოდისმენტების სიძლიერისგან.
კასანდრამ გრაციოზულად გაშალა ხელი და ორკესტრს სცენაზე გამოსვლისკენ ანიშნა.
ორკესტრის წევრები თანმიმდევრობით გამოვიდნენ კულისებიდან და მსმენელს თავი დაუკრეს.
კასანდრა მთელი კონცერტის მანძილზე პირველად იღიმოდა და იმავე კუთხეს თვალს არ აშორებდა.
სანდროს თითქოს ყურები დაეხშო. არაფერი ესმოდა.
გახევებული იდგა ფეხზე, გოგონას მისჩერებოდა და ძალაგამოცლილს ტაშის დაკვრის თავიც არ ჰქონდა.
ნელი, ცარიელი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ.

ოპერის დარბაზი დაიცალა მაყურებლებისგან. აღარავინ დარჩა.
ბექა შენობიდან გამოვიდა და ოჯახის წევრებს გადაეხვია.
სანდრომ უყურა, უყურა და მთელი ძალით მოეხვია ბექას.
კესომ მხურვალე კოცნით დააჯილდოვა შეყვარებული.
ამ დროს გამოვიდა კარებიდან დაქანცული კასანდრაც.
ბექამ შორიდან დაუქნია ხელი და ანიშნა, მოსულიყო.
იქვე მდგარ ჟურნალისტებს მეტი არ უნდოდათ, კამერებითა და მიკროფონებით თავს დაესხნენ გოგონას.
სანდრო გაცოფდა ამ სანახაობის შემყურე, სწრაფად დაფარა მანძილი მასსა და კასანდრას შორის და ჟურნალისტების ბრბო გაარღვია.
-დაიშალეთ, მოსაყოლი არაფერი აქვს! თუ რამე გაიმტერესებდათ, კონცერტზე შემოსულიყავით!
ლამისი უგონო მდგომარეობაში მყოფი კასანდრა ზურგს უკან დაიყენა, თითქოს მტრისგან იცავდა და ორივე ხელით ჟურნალისტების გაფანტვას შეეცადა.
კასანდრამ მუდარით სავსე თვალებით სთხოვა ჟურნალისტებს, წასულიყვნენ.
მისი სახის შემყურე ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, დაესვენებინათ ახალგაზრდა პიანისტი და მარტო დაეტოვებინათ.
სანდრო ოდნავ შეეხო თითებზე გოგონას და თავისი ოჯახისკენ ანიშნა.
-არა... მეუხერხულება... მერე იყოს...
სანდრომ თავი გააქნია.
-არა, არა... რამდენიმე წუთი... და მერე სასტუმროში მე წაგიყვან. გთხოვ.
კასანდრამ დანანებით გააქნია თავი.
-არ არის საჭირო... საფიამ იცის...
-უთხარი, რომ მე წაგიყვან.
კასანდრამ დანებების ნიშნად ღრმად ამოისუნთქა და ტელეფონი მოიმარჯვა.
-ალიო... საფია, არ დამელოდო, პირდაპირ სასტუმროში წადი. მე მეგობარს მოვყვები.
სანდრო ღიმილით აკვირდებოდა გოგონას.
კასანდრამ ტელეფონი გათიშა და სანდროს მიაჩერდა.
ბიჭმა დარწმუნებით თქვა:
-მალე იწვიმებს.
გოგონას წინ გაუძღვა და სანდროსა და ბექას ოჯახის წევრებთან მივიდნენ.
ქალბატონმა ლიამ და გიორგიმ გოგონას ხელი ჩამოართვეს. კესომ გაუღიმა და ბექას უფრო მეტად აეკრა.
-ძალიან კარგი და ნიჭიერი შვილი გყავთ.
რუსულად უთხრა გოგონამ ბიჭების მშობლებს და ბექას გამამხნევებლად გაუღიმა.
ლიამ და გიორგიმ ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს.
-დიდი მადლობა. ბექა ბევრს გვიყვებოდა თქვენზე. ისე უხაროდა თქვენთან დამეგობრება...
-მეც მიხარია, რომ ბექასნაირი მეგობარი მყავს. ძალიან კარგი შვილები გყავთ. ახლა, თუ არ გეწყინებათ წავალ. ძალიან დავიღალე.
-წავიდეთ. ლია, გვიან მოვალ მე.
ლიას ჩაეღიმა და გიორგის გახედა. თავი დაუქნია და მოწონების ნიშნად ცერა თითი აუწია.
სანდროს გაეცინა და კასანდრას მანქანის კარი გამოუღო.
სანდრო არ შემცდარა.
მანქანაში ჩასხდომისთანავე დასცხო წვიმამ.
-ლამაზი მშობლები გყავს.
სანდროს გაეღიმა.
-მადლობა.
ჩუმად ისხდნენ მანქანაში და წვიმის ხმას უსმენდნენ.
არც ერთი არღვევდა სიწყნარეს და არც მეორე.
სიჩუმეში მკაფიოდ გაისმა მისი ხმა:
-იპოვე?
კასანდრამ გაოგნებული სახე შეაგება სანდროს კეთილ ღიმილს.
-შენ... საიდან...
-იქ იდგა. კუთხეში, ხომ?
კასანდრას გული აუჩქარდა.
-მოეწონა?
გოგონამ თავი უღონოდ დაუქნია.
-ტაშს მიკრავდა.
სანდროს გაეღიმა.
-ისეთი გახარებული ჩანდი...
-ერთ წელს ვეძებე, სანდრო. ერთი წელი გავლიე მის ძებნაში. ყველგან ვეძებდი, ყველაფერში, ყველაში მას ვეძებდი - მოცარტში, ჩაიკოვსკიში, წარმოიდგინე - პატარა ბიჭს ვეძებდი ბახშიც კი. ის კი, მთვარის უკან მემალებოდა, თურმე.
ორივეჯერ მთვარეს ამოეფარა. პირველად დამემალა. მთვარის შუქში დამემალა. მეორედ ვეღარ. ვიპოვე, სანდრო. ახლა აღარ გავუშვებ.
სანდროს სახე გაებადრა.
ოდნავ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა კასანდრას. მისი ნაზი კანის შეგრძნებაზე მთელ ტანში გააკანკალა.
კასანდრას ლოყები შეეფაკლა.
მორიდებით გადაიწია თმა ყურს უკან და დღეს უკვე მეორედ გაეღიმა თვალებით.
-ახლა დედაც კარგად იქნება. ვგრძნობ.
ტელეფონი ამოიღო და ჟერარდს დაურეკა.
-ალიო, მამა.
-კასანდრა, როგორ ხარ?
-რა დროს ჩემი ამბებია, დედა როგორ არის?
-კონცერტი დამთავრდა?
-კი! მამა, მეტყვი რამეს?
-დედა გონს მოვიდა.
კასანდრას ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან.
ღრმად ამოისუნთქა.
-მართლა?
ჟერარდს ჩაეცინა.
-ახლა ვიცი, რომ ტირი! მართლა კასანდრა.
-შეიძლება, დაველაპარაკო?
ჟერარდმა არაფერი უპასუხა.
-კასანდრა?
დედამისის ღონემიხდილ ხმაზე კასანდრა სავარძელში შეხტა.
-დედა... დედა! ქართულად ეძახდა კასანდრა მშობელს, გულით იცინოდა სიხარულისგან და ცრემლებს ერთმანეთის მიყოლებით იშორებდა სახიდან.
-ხო, ჩემო თვალისჩინო... როგორ ჩაიარა კონცერტმა... გადარიე სუყველა?
კასანდრას გაეცინა.
-ჰო... დედა, ძალიან მიყვარხარ. არასდროს არ დამტოვო.
-მეც ძალიან მიყვარხარ, კას. ახლა, გაგითიშავ. შენც დაღლილი ხარ და მეც. რომ ჩამოხვალ, მერე მელაპარაკე რამდენ ხანსაც გინდა.
-კარგი, კარგი დედა. დაისვენე. მიყვარხარ.
ბოლოს ქართულად დაიჩურჩულა ტელეფონში და სანდროს გაეღიმა.
-რა ლამაზად ლაპარაკობ ქართულად.
-დედა კარგადაა.
მწვანე თვალები ერთიანად უბრწყინავდა გოგონას.
გული საგულეში არ ეტეოდა. სიხარულისგან მზად იყო, სამსაათიანი კონცერტი მარტოს ჩაეტარებინა.
სანდრომ გაუღიმა და მანქანა დაქოქა.
-ღმერთო, ასეთი გახარებული არასოდეს ვყოფილვარ.
სანდროს გაეცინა და ხელი გამამხნევებლად მოუჭირა კასანდრას ხელს.
გავიდა ათი, ოცი, ოცდაათი წამი და სანდროს ხელი ადგილზე რჩებოდა...
ცერა თითით ნაზად ეფერებოდა გოგონას ნაზ კანს და ხელს თითქოსდა უფრო მაგრად უჭერდა.
კასანდრა ბედნიერებას ასხივებდა.
მოულოდნელად გადმოატრიალა მისი ხელი და გრძელ იარაზე თითი გადაატარა.
კასანდრამ მომენტალურად გამოგლიჯა ხელი ბიჭს.
სანდრომ სერიოზული სახით ჰკითხა:
-საერთოდ არ შეგეშინდა? ან არ დაგენანა შენი თავი?
კასანდრა გაოგნებული მისჩერებოდა:
-როგორ...
სანდრომ თავი გააქნია.
-რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია - მივხვდი.
კასანდრა გაოცებული იყო:
-ბოლომდე ამომხსენი.
სანდროს ყურებამდე გაეღიმა.
-ბექა?
-ყველაზე ახლოს მოდიოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მუსიკას ეძებდა. ჩემში მუსიკას ეძებდა.
-იმიტომ, რომ მუსიკა ხარ თავიდან ფეხებამდე.
კასანდრას გაეღიმა.
-ბექა ხვდებოდა ყველაფერს, მაგრამ თავს იტყუებდა, თითქოს ეს მისი წარმოსახვის ნაწილი იყო. არ სურდა, ნეგატიური ფიქრების ჩემზე მოხვევა. ეგონა, არასწორი იქნებოდა. შენ ამის არ შეგეშინდა.
სანდრო სიამაყით გაიჯგიმა:
-ჰო, მე გამბედავი ბიჭი ვარ.
კასანდრას გაეღიმა.
-იმ ღამით... კოშმარმა გამაღვიძა... თითქოს ის მძღოლი მე ვიყავი. არასდროს მოვუწონებდი სხვას იმას, რისი გაკეთებაც მე თვითონ ვცადე. მაგრამ, ეს თითქოს მე არ ვიყავი. დღემდე ბოლომდე ვერ აღვიდგინე ძალა მკლავში.
ყველა ამჩნევს მგონი.
სანდრომ სიბრალულით სავსე თვალებით გახედა გოგონას და გაუღიმა.
-მთავარია, მხოლოდ მე ვიცი.
კასანდრამ ღრმად ამოისუნთქა.
სანდრომ მოულოდნელად გააჩერა მანქანა.
-სანდრო?
-ძალიან მინდა, რომ ეს ვქნა.
-რა...
სწრაფად გადაიხარა გოგონასკენ და ლოყაზე მიაკრო ტუჩები. სამჯერ აკოცა და მერე შუბლზე შეეხო ნაზად.
კასანდრას გაეცინა და სულ აუღაჟღაჟდა სახე.
ის იყო, სანდრო გაწევას აპირებდა, რომ თვითონ გაუკავა სახე ორივე ხელით და მანაც დაუტოვა თბილი ტუჩების კვალი ლოყაზე.
სანდროს გაეღიმა.
კასანდრასაც.
წვიმა კასანდრასთვის უცნობ სიმფონიას ასრულებდა მანქანის მინებზე. თუმცა, ამას მათი იდილია არ დაურღვევია.
ერთმანეთს უღიმოდნენ და შიგადაშიგ გოგონა ხელის ზურგზე ბიჭის თბილი ტუჩების შეხებასაც იღებდა საჩუქრად.


იმედია, მოგეწონებათ.
:)
თქვენი მარიკუნა.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ეხლა წავიკითხე სამივე მაწილი.
ღმერთოო სიტყვები არ მყოფნის საოცრებაა. ბევრი ისტორია მომწონებია თუმცა ისეთი შეგრძნებები როგორც ამან არცერთს არ დაუტოვებია.ძალიან მაგარია და ძალიან მაგარიხარ <3 მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

 


№2  offline წევრი Kalina

სტუმარი ანა
ეხლა წავიკითხე სამივე მაწილი.
ღმერთოო სიტყვები არ მყოფნის საოცრებაა. ბევრი ისტორია მომწონებია თუმცა ისეთი შეგრძნებები როგორც ამან არცერთს არ დაუტოვებია.ძალიან მაგარია და ძალიან მაგარიხარ <3 მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

დიდი მადლობა!♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent