შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მი (სრულად)


23-07-2018, 20:33
ავტორი once upon
ნანახია 7 030

დაკვრა რომ დავიწყე, ექვსის ვიყავი.

წარმოდგენა არ მქონდა სხვა რა უნდა მეკეთებინა. მე რომ უნდა დამეკრა ისეთივე ნათელი რამ იყო, როგორც დილით მზის ამოსვლა და საღამოს-მისი ჩასვლა. რომ მე გავხდებოდი პიანისტი, ოდნავ უცნაურ რამეს ჰგავდა, ნავარაუდევს, მაგრამ დაურწმუნებელსაც. რეალობასთან ახლოს მყოფს. მაგრამ არ გამხდარს. რაღაც, რაც ალბათ მოხდებოდა.

მოხდა და ვიცოდი, რომ ეს ის იყო, რაც მინდოდა. ეს ის იყო, რაც მჭირდებოდა. ის, რაც მე ავირჩიე, ის, რაც რომ არ ამერჩია, აუცილებლად დავეცემოდი სადღაც, ქუჩაში უსიცოცხლოდ.

მე მიპოვა მუსიკამ.

თუმცა, პიანინო ვიპოვე მე.

პასუხისმგებლობას ვერასდროს ვიტანდი. სხვებში ჩემს მიმართ გაჩენილი იმედის პანიკურად მეშინოდა, რადგან სულ მეგონა რომ გავაცრუებდი. არ მინდოდა ვიღაცისგან დავალებული ვყოფილიყავი, მძულდა დამოკიდებულება, მძულდა უაზრო იმედები და მძულდა, საშინლად მძულდა სამყაროს სრულფასოვნებაზე ფიქრი, რომელშიც მეც სრულფასოვანი უნდა ვყოფილიყავი.

არ ვიყავი სრულფასოვანი, არ მქონდა სრულფასოვანი გარეგნობა, არ ვუკრავდი სრულფასოვნად. ჩემში სრული სახე არაფერს ჰქონდა და მაინც, პასუხისმგებლობა და იმედები ჩნებოდა და ჩნდებოდა, მე კი არ ვაჩენდი, თავისით ჩნდებოდნენ, მხრებზე მაწვებოდნენ, ძირს მაწვენდნენ და მთანგავდნენ.

შუაღამისას იმის გამო კი არ ვტიროდი, რომ ვიღაცამ გული მატკინა. იმის გამო, ვიღაცისთვის რომ არ მეტკინა გული. დედაჩემში, მამაჩემში, ჩემს უზარმაზარ ოჯახში, ჩემს მიმართ გაჩენილი პატივისცემა, სიამაყე რომ არ დამეგრია. იმიტომ ვტიროდი, რომ ცოცხლად დამარხვა არ მინდოდა.

და დავანგრიე.

სხვების თვალით დანახული სრულფასოვანი ვაჟის სრულფასოვანი ცხოვრება, სრულფასოვნებით გაჯერებული იმედებითა და სრულფასოვნებით სავსე სახეებით, წამში აორთქლდა.

რადგან ვერ დავუკარი.

რადგან არ გამომივიდა.

თავის მაქსიმუმი ვაჩვენე და არ აღმოჩნდა საკმარისი.

თუმცა სხვებისთვის საკმარისი იყო, რომ წაეშალათ გონებიდან „საამაყო ვაჟიშვილი“ და უბრალო „ჭირვეული ბიჭუნა“ დაეტოვებინათ.

გავქრი.

მე გავქრი.

ჩემი სამყარო გაქრა და მადლიერიც ვიყავი, რადგან აღარ მინდოდა.

პიანინომ უკან, ძალიან უკან გადაინაცვლა.

ისე უკან რომ ძლივს ვხედავდი და დავრჩი მე, პირველი გიმნაზიის ოროსანი სტუდენტი.

***

მეორე ნოტი

-რე-

ცამეტის ვიყავი.

იმ წყეულ კონკურსზე რომ გავედი, ცამეტის ვიყავი.

საწინასწარმეტყველოც იყო რომ საბოლოო პარტიამდე მხოლოდ მე და კიდევ ერთი, გამორჩეული მონაწილე მივაღწევდით. ჰო და მივედით, მივედით და თერთმეტი წლის გოგომ დამანგრია.

თანაც სად?

პარიზში.

და ვინ?

ქართველმა.

ერთ კონკურსზე ორი ქართველი მოვხვდით. ორად ორი ქართველი და ჩემზე პატარამ, პატარა, სიფრიფანა, გამხდარმა გოგონამ ჩემზე ასი თავით კარგად დაუკრა.

სხვების მარაზმული რეაქციისგან განსხვავებით, მე ვთვლიდი რომ ის გოგო, იმსახურებდა ყველაფერს, რაც ამ სამყაროს გააჩნდა. იმსახურებდა რომ ყველაფერი მისთვის მიეცათ, რადგან ის იყო სრულყოფილი.

ისეთი სრულყოფილი, როგორიც ყველას ეგონა რომ მე ვიყავი და ძალიანაც ცდებოდნენ.

ბოდიშიო, ჩუმად მითხრა გამარჯვებულის წოდება რომ მიიღო და უხერხულად გამიღიმა. გეგონება გრძნობდა, ცხოვრებას რომ მინგრევდა.

მისი სახე ჩამებეჭდა გონებაში.

თერთმეტი წლის დიდი, ცისფერი თვალები, რომლებშიც ნათლად ჩანდა ჩემდამი მწუხარება, გამარჯვებულის მწუხარება და ოქროსფერი, კეფაზე შეკრული კულულები.

*

ჩემს უბანში საკმაოდ ბევრი ბავშვი რომ იყო, ზუსტად მაშინ გავიგე, თბილისში რომ დაბრუნდით და მე სახლში შესვლაც აღარ მინდოდა.

შემდეგ უცებ ავიყარე ტანი გონებრივად და პიანინოს იქითაც რომ გავიხედე, სამყარო დავინახე, წამიერად გავიზარდე.

სინდისი მქეჯნიდა,

მაგრამ აღარ ჰქონდა აზრი.

სახლში მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი და ხანდახან მაშინაც არა.

აღმოჩნდა რომ მშობლებს მე კი არ გავუცრუე იმედი,

თვითონ გამიცრუეს.

ის იმედი, რომელიც არც კი ვიცოდი, რომ მქონდა.

*

მუსიკა გაქვს ახლაო, დამიძახებდა დედაჩემი და რომ ვეტყოდი, კარი მიხურე-მეთქი, ფეთქდებოდა.

მუსიკაზე არ ხარო? მეკითხებოდა მამაჩემი და რომ ვამბობდი, არა, არ ვარ-მეთქი, ფეთქდებოდა ისიც.

მუსიკა, ნოტები სად არიანო? მეკითხებოდნენ სხვებიც და რომ ვამბობდი, რომ გაქრნენ, ფეთქებოდნენ ისინიც.

ფეთქებოდა ყველა.

და მტკიოდა მხოლოდ მე.



მესამე ნოტი

-მი-

-

მას მი ერქვა.

ვიცოდი მისი სახელი მაგრამ მაინც მი ერქვა.

ხუთი წლის მანძილზე მასზე არაფერი გამეგო,

ამიტომ გონებაში მი იყო.

და მი იყო ყველგან.

*

სხვა თუ არაფერი, პიანინოსთან ჩამოშორებამ და გარეთ გასვლამ, სამეგობრო წრე შემძინა.

ძალიან კარგი სიტუაციები იყო, ვიკრიბებოდით, ვეწეოდით და ან ვლაპარაკობდით, ან-არა. ხან ვისთან ვიყავით, ხან ვისთან და ხან რას ვაკეთებდით, ხან-რას, მაგრამ ფაქტი იყო, ძალიან მომწონდნენ. მათთან მშვიდად ვიყავი, დამალვა არ მჭირდებოდა.

მათთვის აზრი აქ ჰქონდა იმას, რომ შეძლებული ოჯახი მყავდა და არც ის იყო ტრაგედია, რომ მომავალი პიანისტის ბრწყინვალე კარიერა ცამეტი წლისამ დავასამარე.

ერთ-ერთ ასეთ შეკრებაზე, სახელად გაზვიადებული „წვეულება“ რომ ერქვა, უცხო ხალხიც იყო.

ჩემთვის ვიყავი, არც კი შემითვალიერებია უცხო გოგონები, ტელეფონში ვთამაშობდი და ვეწეოდი. შემდეგ ვიღაცამ ოთახში მდგომ როიალზე უთხრა ვიღაცას, დაუკარიო და თავი არ ამიწევია, მაგრამ სმენა დავიწმინდე, რომ გამეგო რას აპირებდა.

მთელი სხეული დამეჭიმა, ოთახში შემოსვლისთანავე ავითვალწუნე როიალი და ახლა, ვიღაც მასზე ჯადოქრობას რომ აპირებდა, საშინლად არ მომწონდა.

კარგით რა, რა აუცილებელიაო, დაიწყო გოგონას ხმამ. შემდეგ დიდი თხოვნის შემდეგ დაჯდა, კლავიშს შეახო ხელი და დენი დამარტყა.

ზუსტად ისეთივე სიზუსტით, ისეთივე სინაზით, თითქმის უგრძნობი შეხებით შეეხო ინსტუმენტს და მე თავი წამოვწიე.

მი იქ იჯდა, როიალს ეფერებოდა, გაზრდილი ქერა თმა წინ ჩამოშლოდა და იღიმოდა.

ასე მეგონა გული გამიჩერდა. წინ ის მეჯდა, რომელმაც ცხოვრება შემიცვალა. ისევე ჯადოქრობდა, როგორც მაშინ. ისევე აყენებდა საოცრებების ქარბუქს და ისევე მითრევდა, როგორც მაშინ.

და საბოლოოდ, მე რომ წავაგე კონკურსი ცამეტი წლისამ, იყო არა იმიტომ, რომ კარგად არ დავუკარი, არამედ იმიტომ, რომ ზედმეტად ვიყავი მოჯადოებული მისი დაკვრისგან.

ბიჭებმა გადმომხედეს, ალბათ მზერით უნდოდათ ეთქვათ, შენც ხომ უკავდი, შენ ხომ იცი რას აკეთებსო. წარმოდგენა მაინც რომ ჰქონოდათ... წარმოდგენა მაინც რომ ჰქონოდათ...

ენაჩავარდნილი მაშინ მოვედი აზრზე, როცა მივხვდი რომ დაკვრა დაასრულა და ჩემს გარდა ყველამ დაუკრა ტაში.

დარცხვენილმა მექანიკურად დავუკარი ტაში და მისი ოდნავ გაღიზიანებული მზერაც მივიღე.

ძალიან უცნაური იყო, იმ ადამიანს ვხედავდი, რომელზეც ხუთუ წლის მანძილზე ყოველ დღე ვფიქრობდი. არასდროს მომიძებნია ინტერნეტში ან არ წავმწყდარვარ ქუჩაში და მაინც სულ მასზე ვფიქრობდი. ჩემს გონებას არ ტოვებდა მისი ცისფერი თვალები. უიმედოდ, უაზროდ მყავდა ამოჩემებული ჩემი გამანადგურებელი და მის გარდა უარს ვამბობდი ყველაზე.

რადგან სხვები არ იყვნენ სრულყოფილნი,

ისეთი სრუყოფილნი, როგორიც მე ყველას მე ვეგონე,

სინამდვილეში კი ის იყო.

სანამ რომელიმე მომაძახებდა, მიდი, შენც დაუკარიო, ოთახი დავტოვე. გარეთ გამოსული, კიბეებზე ჩამოვჯექი.

ჩემს უკან ნაბიჯების ხმა გავიგონე, თვალის კუთხიდან დავინახე კართან მდგარი მის სილუეტი, მაგრამ არ შევბრუნდი.

სიგარეტს მოვუკიდე და სანამ მე მთელი კოლოფი არ მოვწიე და წამოვდექი, ისიც არ წასულა...

მეოთხე ნოტი

-ფა-

-

რა მაგრად დაუკრა, ტო, დაანგრია რასაც ქვიაო, ერთ ამბებში იყვნენ ბიჭები მეორე დღეს. მეც მითხრეს, ბევრ კოკურსში გაუმარჯვია, მაგარი გოგოა, ხომ არ იცნობო? მე საიდან-მეთქი, ამოვთქვი სიმწრით და თავი ჩავხარე.

იმის შემდეგ ცხოვრება კიდევ ერთხელ შემეცვალა,

თითქოს მიძინებულმა, გავიღვიძე.

გავცოცხლდი.

შაბათს ისევ იქ ვართ, ხომ წამოხვალ, პიანისტიც იქნებაო ბიჭებმა.

შაბათამდე ცოცხალს მისვლა, ძალიან გამიჭირდა.

შაბათამდე, რამდენიმე დღე ვხსნიდი ინსტრუმენტს, ვერ ვაკადრებდი შეხებას და ისევ ვხურავდი.

მი იქ იყო, გოგონებთან იდგა და იცინოდა.

მის სიცილი ისეთივე ჯადოსნური იყო, როგორც მისი დაკრული მუსიკა.

მის სიცილი პიანინოს გავდა.

მის სიცილი ნოტები იყო.

მის გამცინებელი კი პიანისტი.

მან დაანგრია ჩემი ურთიერთობა ოჯახთან, მან წამართვა მომავალი, მან გაბერილი ბუშტი ჩამიფუშა, მე კი მისი დაკვრისას ვინაბებოდი და წამიერად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვხდებოდი.

მე ისევ დამავიწყდა ტაშის დაკვრა, მან ისევ შემომხედა წყენით. მე ისევ გავედი გარეთ მოსაწევად და ის ისევ გაუნძრევლად იდგა კართან...

ვფიქრობდი, რომ ვერ მიცნობდა, რადგან ჩემნაირს, ალბათ ასიათასს მოუგო, მაგრამ ის იქ იდგა, მე-ვიჯექი და ფიქრის შეწყვეტაზეც მინდოდა, მეოცნება.

-არ უნდა შეგეწყვიტა დაკვრა.

ამოთქვა და სანამ რეაგირებას მოვასწრებდი, ხალხს შეერია.

არ უნდა შემეწყვიტა დაკვრა?

არ უნდა შემეწყვიტა დაკვრა?

არ უნდა შემეწყვიტა დაკვრა...

უნდა შემეწყვიტა, რადგან უსამართლობა იყო, სამყაროში მის გარდა ვინმეს დაეკრა.

უბრალო უსამართლობა იყო.

სახლში შესულმა მშობლების კიდევ ერთ ლექციას გავუძელი ზოგადსაკაცობრიო, საჭირბოროტო საკითხებზე და ყველაფრისგან დაღლილს, ისიც არ დამამახსოვდა რა ვუყვირე. სხვენში ავედი, კარი ჩავკეტე, პიანინოს წინ დავდექი, ფრთხილად გავხსენი და ისევ არაფერი გამომივიდა.

არ უნდა დამეკრა,

მე არ უნდა გამეკეთბინა დაკვრის იმიტაცია,

რადგან მე ვთამაშობდი,

მი კი უკრავდა.

მის უნდა დაეკრა,

მე კი უნდა მომესმინა.

***

მეხუთე ნოტი

-სოლ-

ძალიან დიდი ოჯახი მყავს, ოთხი უფროსი ძმა და ორი უმცროსი და. რეალური ოჯახის სახე მხოლოდ დღესასწაულებზე გვქონდა, ისიც-ძლივს. ძმები გაქცევის პირას იყვნენ, დები თამაშობდნენ და სულ არ აინტერესებდათ ვინ და რას აკეთებდა. მშობლები ხვდებოდნენ რომ ასე ყოფნით დიდხანს ვერავინ გავძლებდით და უზარმაზარი, უაზრო ლექციების კითხვა დაიწყეს იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო შეკრულ ოჯახად ყოფნა, მიუხედავად იმისა რომ უფროსმა შვილმა დააშავა რაღაც, რაღაცას აშავებდა უმცროსი და შუათანამ, პიანისტის კარიერა დაასამარა. ყველანი მუსიკოსები ხართ, რად გინდოდათ პიანისტი-მეთქი ამოვთქვი ჩუმად, კიდევ კარგი ვერ გაიგეს, თორემ ამასაც მოუძებნიდნენ შესანიშნავ და გრძელ, დარიგებებით სავსე პასუხს.

მისთან ბოლო შეხვედრიდან ორი კვირა იყო გასული, მამაჩემი ოთახში რომ შემოვიდა და სერიოზულად მკითხა, რას აპირებ ცხოვრებაშიო. მხართეძოზე წოლას და შენი ფულების ფლანგვას-მეთქი, ძალიან მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვიცოდი რომ რეალური პასუხი არ იყო და მხრები ავიჩეჩე. დავამთავრებ სკოლას და მერე ვნახოთ-მეთქი. მგონი ცამეტი წლის შემდეგ, ასე წყნარად მისთვის არაფერი მითქვამს. ვნახოთ მე და შენო, მითხრა და გავიდა.

ოდნავ დამნაშავედ ვიგრძენი თავი, ასე საშინლად რომ ვექცეოდი, თავი ბალიშში ჩავრგე და ჩემი დებილური ცხოვრების ძვირფასი სიტყვებით შემკობა გავაგრძელე.

*

ბიჭებო, მოსაწევი არ გაქვთო? გვკითხეს მიმ და კიდევ ერთმა გოგონამ, ერთ-ერთ წვეულებაზე. აი, ამას აქვსო, ჩემზე ანიშნეს და მი მომიახლოვდა. არაფერი მითქვამს, ისე გავუწოდე რამდენიმე ღერი. ოდნავ გამიღიმა და გაბრუნდა.

ვგრძნობდი რომ ვეღარ ვძლებდი მასთან ერთ სიტუაციში ყოფნასა და არ ყოფნას ერთდროულად და უკან გავყევი. კიბეებზე იჯდა, მარტო. კარის ჩარჩოს ავეყუდე და ვკითხე:

-ეწევი?

არც შემობრუნდა, პასუხიც არ მაკადრა. კიდევ ერთი კითხვა დავსვი.

-მაშინ არ ეწეოდი, არა?

ოდნავ შეირხა, თმა ყურს უკან გადაიწია და მომიბრუნდა.

ზუსტად იმ გოგოს თვალებით შემომხედა, თერთმეტი წლის რომ იყო, უმნიშვნელოვანესი კონკურსი რომ მოიგო და ჩემ გამო წუხდა. ზუსტად ისეთივე, ამღვრეული, თანაგრძნობით სავსე თვალები ჰქონდა. ოღონდ რას მითანაგრძნობდა, არ ვიცოდი.

-ვიცვლებით.

-ვიცვლებით.

დავუდასტურე და თავად მოვუკიდე სიგარეტს.

ვიცვლებით.

ერთად წამოვდექით, სხვადასხვა გზებით წავედით და დავიკარგეთ.

***

მეექვსე ნოტი

-ლა-

შემდეგი შეხვედრისას, მან ისევ დაუკრა პიანინოზე და მე ისევ გავშეშდი.

გამიგია, დუეტში უკავენ პიანინოზეო, წამოიძახა ვიღაცამ. სხვამ არავინ იცითო? დაამატა.

ბიჭებმა, აი, აგერ, ამან იცის ძალიან კარგადო, ჩემზე თქვეს და ძალიან მინდოდა ყველა მათგანის მოკვლა.

მიმ გამომხედა, მე კი სასწრაფოდ გავაპროტესტე.

არც მახსოვს, რა სისულელეა, პატარა რომ ვიყავი რაღაცას ვწვალობდი, მაგრამ შეუძლებელია ახლა დავუკრა-მეთქი, გავიძახოდი.

-დიდი ხანია არ დაგიკვრია? - მკითხა მიმ.

-ძალიან.

-რატომ? - როგორ კარგად იცოდა და როგორ კარგად ნიღბავდა...

-არ გამოვიდა.

აუ, დაუკარი, მერე რაო, დაიწყეს სხვებმა.

-ვინც უკრავს, ის იმდენად საოცარია, რომ ჩემით გაფუჭება არ ღირს. - ვთქვი ღიმილით, როიალს მივეყრდენი და სანამ დაკვრა არ დაამთავრა, არ გავნძრეულვარ.

კიბეზე რომ დავჯექი, გვერდით მომიჯდა.

-ხუთი წელია არ უკრავ. - თქვა ისე, რომ არც შემოუხედავს.

არაფერი ვუპასუხე.

-მას შემდეგ არ უკრავ.

არც ამჯერად.

-მიზეზს ხედავ ამ ყველაფერში? - ამჯერად მზერა გამისწორა.

სახეზე ჩამოყრილი თმის გადაწევა ისე მინდოდა, ხელები ამეწვა.

-ჩემ გამო არ უკრავ!

ჯანდაბას-მეთქი, შევუძახე ჩემს თავს და თმა ყურს უკან ნაზად გადავუწიე.

მე მეღიმებოდა, ის საუბარს აგრძელებდა.

-დიდ მიზეზს ვხედავ. - ამოვთქვი ცოტა ხნის შემდეგ.

-მე ვერ ვხედავ! - ხმას აუწია.

-შენ ისე უკრავ, მაგის დანახვა არ მოგეთხოვება. - გამეღიმა მე.

-და შენ რას აკეთებ?

-მიზეზს ვხედავ ჩემს რეალობაში!

-მითხარი, რა მიზეზი უნდა დაინახო ხუთი წლის წინ მომხდარ ამბავში!

-შენ უკრავ, მე ვწვალობდი და შევეშვი. აი ყველაზე დიდი მიზეზი. მეტს ნუ მთხოვ, მაინც არაფერს გეტყვი.

არაფერი უთქვამს კარგა ხანს, მე მის თმებს დავუწყე თამაში. ვწნიდი და ვშლიდი, შემდეგ თავიდან, კიდევ თავიდან...

ხალხი გადიოდა იმ სახლიდან,

ყველა გადიოდა და ჩვენ მაინც ვრჩებოდით.

-მე რომ ხუთი წლის წინ ის კონკურსი არ მომეგო, შენ ისევ დაუკრავდი.

-შენ რომ ის კონკურსი არ მოგეგო, დედამიწა დღეს ღერძზე არ იტრიალებდა! - ვთქვი გადაჭრით.

-რატომ ვითომ? - წარბები შეკრა მან.

-ყველაზე დიდი უსამართლობა დატრიალდებოდა სამყაროში.

-და შენ დაუკრავდი.

-არ დავუკრავდი, არ იარსებებდა დედამიწა.

-რატომ?

-შენ უნდა მოგეგო, იმიტომ რომ საუკეთესო იყავი და არასდროს, არასდროს არ მიფიქრია, რომ შენს ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი. მე იმ კონკურსზეც არ უნდა ვყოფილიყავი, მე და შენ ერთად არ უნდა მოვიაზრებოდეთ, რადგან შენ ქმნი... - როცა მივხვდი რომ ზედმეტს ვამბობდი, გავჩუმდი. - არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი.

-მით უმეტეს უნდა უკრავდე. მახსოვს... შესანიშნავი იყავი.

-მე რატომ გახსოვარ? - გამეცინა.

-რომ გავიმარჯვე თავი დამნაშავედ ვიგრძენი, მასე ხშირად არ ვარ, როგორ უნდა დამვიწყებოდი. აი, მე კი ვიცი რატომ გახსოვარ.

-რატომ, აბა?

-შენი კარიერა დავმარხე. - თავი ჩახარა.

-არანაირად! - გამეღიმა. - ჩემი კარიერა... პიანინო... არ დამარხე, უბრალოდ სწორ გზაზე გაიყვანე. იქ შეაჩერე სადაც საჭირო იყო. შენ... შენ უკრავ. გესმის? გრძნობ, რომ უკრავ. გრძნობ ყველას ნოტს. მე ვგრძნობ იმ ყველა ნოტს, რომელსაც შენ უკრავ. ყველა გრძნობს. მე... მე არ მაქვს უფლება ვუკრავდე, როცა შენც უკრავ. რადგან მხოლოდ, მხოლოდ შენ უნდა გერქვას პიანისტი, მხოლოდ შენ უნდა შეგეძლოს სიყვარულის შექმნა ყველას თვალწინ. მხოლოდ შენ უნდა იყო ასეთი.

-ღმერთო, რას მეუბნები! - სახეზე ხელები აიფარა მიმ. მე წელში გავიმართე და გავუღიმე.

-სიმართლეს.

-მუსიკოსების ოჯახი გყავს და შენ არ იქნები პიანისტი, ჩემს გამო, უსამართლობაა.

-სულაც არა, ეგრე უფრო მაგარია. განსხვავებული ვიქნები! - გავიღრიჭე. - ლოთი ან მენაგვე. - მისი სახე რომ ვნახე, სიცილით გავაქნიე თავი: -ან რამე უკეთესი.

კარგა ხნის შემდეგ მითხრა:

-თუ რამეს ვინანებ სამყაროში, მხოლოდ იმას რომ იმ კონკურსზე გამოვედი. შენ საოცარი ხარ და იმსახურებდი საოცრებების ფრქვევას. და თუ დაუკრავ, შექმნი საოცრებას. რომელიც არ იქნება სრულფასოვანი, რეალური იქნება.

სიტყვა-სიტყვაზე დასვა. ისევე როგორც ნოტს სვამდა-ნოტზე. ისეთივე სიზუსტით დადო ერთმანეთზე, შეკრა და გადმომცა.

ისე, თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა.

მეშვიდე ნოტი

-სი-

-

სახლში დაბრუნებული კლავიშს შევეხე.

ვიგრძენი ცივი ფიგურა და იმდენად მესიამოვნა, რამის დავაჭირე.

მის ნახვა და მასთან საუბარი მინდოდა.

ძალიან მინდოდა, მაგრამ კარგა ხანს არ გამომივიდა.

მე კი ვხსნიდი პიანინოს და ვეხებოდი კლავიშებს.

მახსენდებოდა შეგრძნებები დაკვირისას და გაგიჟების პირას ვიყავი.

მის გამოჩენამ ჩემი ცხოვრება კიდევ ერთხელ დააყენა თავდაყირა.

***

აღმოჩნდა რომ ტყუპებს პიანინო მოსწონთ.

გაგიჟდნენ მშობლები, ჩემი პიანინოსთვის თითიც არ უხლიათ, ახალი, ძვირფასი პიანინო იყიდეს და მისაღებში დადგეს.

ყოველი გახედვისას ვგრძნობდი ყრუ ტკივილს გულის არეში. მინდოდა ჩემი დების ყოველი შეცდომისას წამომეყვირა, რომ ეს სხვანაირად იყო. ვიცოდი, მალე გავსკდებოდი.

და ერთხლაც, გავსკდი.

არა, შემდეგ მოდის „მი“ და არა „ლა“ მერამდენედ გეშლება-მეთქი, დავიყვირე და ყველამ მე შემომხედა.

გაგიჟების პირას იყვნენ მშობლები და ვერაფერს მეუბნებოდნენ, არც იყო საჭირო, ისედაც ვხვდებოდი რისი თქმა უნდოდათ.

უკვირდათ რომ მახსოვდა, გეგონება შეიძლება დაგავიწყდეს...

რამდენიმე დღეში, ტყუპებმა გადაწყვიტეს რომ პიანინო არ მოსწონდათ. ძვირფასი საკრავი, მისაღებში დამარტოსულდა.

*

მი ჩემზე ორი წლით პატარა იყო, მაგრამ ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, სკოლაში არ ივლიდა.

კონსერვატორიასთან დილიდან ვიცდიდი და შუადღე სრულდებოდა, რომ დავინახე.

იმედი მქონდა გადაწურული და მისკენ გიჟივით გავიქეცი.

-რა გინდა აქ? - გაჩერებაც არ დამაცადა, ისე მომაძახა.

-ჩემი მომავალი სასწავლებელი იყო, წამართვი, გახსოვს? - ვთქვი ქოშინით და მისი სახე რომ დავინახე, სიცილით ვთქვი, ვიხუმრე-მეთქი.

-რა გინდა აქ? - გამიმეორა.

-ლაპარაკი მინდა!

-მივხვდი მაგას. რაზე გინდა ლაპარაკი. - მობეზრებული მელაპარაკებოდა.

-გაბრაზებული ხარ?

-არა, ნაწყენი.

-რაზე?

-ამხელა ვალი ამკიდე ისე, რომ არც გიკითხავს.

-რომელ ვალს გულისხმობ?

-შენ რომ არ უკრავ, უნდა ვათრიო ჩემს დაკვრასთან ერთად! - ამოილუღლუღა და თავი ჩახარა.

-ხომ გითხარი...

-შენი ბრალი არააო? მითხარი კი, ბევრჯერ. აბა მკითხე, მჯერა? და რომც მჯეროდეს, გამართლებული იქნება? დებილი ხარ. ყველაზე დებილი ადამიანი ხარ, რომელსაც ოდესმე შევხედრივარ. ერთხელ, ერთმა გოგომ მოგიგო და იმის მერე აღარ უკრავ, რადგან ის გოგო „საოცარია“ ის გოგო „სრულყოფილია“ შენ კი უბრალო მოკვდავი ხარ, რომელსაც დაკვრა გამოსდის. ალოგიკური ადამიანი ხარ. ა-ლო-გი-კუ-რი! - ყვირილი დამიწყო. გავშრი. - გავიმარჯვე და თავი ცუდად მე ვიგრძენი! იცი მე რამდენ ვიღაცას მოვუგე? ყველას რომ შეეწყვიტა დაკვრა, გგონია ბევრი დარჩებოდა დედამიწაზე პიანისტი?

იცი, ახლა ვხვდები და ალბათ მე უბრალო აკვიატება ვარ.

მიზეზი ყველაფრის გასამართლებლად, შენს ცხოვრებას დედა რომ უტირე, მე შემომაწერე, არადა შენი ბრალია.

შენ რომ პიანისტი ყოფილიყავი, დაჯდებოდი და მაინც დაუკრავდი, რადგან სხვანაირად არ შეგეძლებოდა. შენ რომ პიანისტი იყო, ისტრუმენტის ყოველ დანახვაზე გაგაკანკალებს. შენ რომ პიანისტი იყო, კლავიშის შეხების დროს ჟრუანტელი დაგივლის. შენ რომ პიანისტი იყო დაუკრავდი, მაგრამ არ უკრავ!
სანამ არ დარწმუნდები რომ ასე ხარ, ნურც იმას იტყვი, რომ მას შემდეგ შეწყვიტე ყველაფერი, რაც ხუთი წლის წინ მოხდა.

იქამდე კი შემეშვი და მეორედ აქ არ დამენახო!

*

ჩემს პიროვნებაში მოხდა გარდატეხა.

ჯანდაბაში წავუძახე ყველაფერს და იმის გამო, რომ მასთან საუბარი კიდევ ერთხელ შემძლებოდა, კლავიშს შევეხე.

ვულკანმა ამოხეთქა.

ერთ ნოტს მოყვა მოერე, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე...

ნოტები დაცურავდნენ ჰაერში,

ნოტებს ვაჟღერებდი მე და მე იმ წამს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყავი.

მიძინებული ვერსია.

დაკვრის შეწყვეტა არაფრის დიდებით არ მინდოდა, ვგრძნობდი რომ თუ შევწყვეტდი, ძალიან გამირთულდებოდა ყველაფრის თავიდან დაწყება. აღარ შემეძლო...

ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა ცრემლები და ძალიან, ძალიან დიდხანს ვუკრავდი.

სხვენიდან ხმამ დაბლაც ჩააღწია და დარწმუნებული ვიყავი, კართან მთელი ჩემი ოჯახი იყო ატუზული.

იმ წამს იმედგაცრუება ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა.

ისევ ვუკრავდი.

და რომ მცოდნოდა, ამხელა ძალისხმევა დასჭირდებოდა კლავიშზე თითის დაჭერას,

ალბათ არასდროს გავუშვებდი.

ბოლო/პირველი ნოტი

-დო-

-

მიმ მიპოვა.

მაშინ მიპოვა, როცა თავად ვუკრავდი.

მიპოვა და ტაშის დაკვრა დაავიწყდა.

გამიღიმა და კიბეებზე დაჯდა.

მე ისევ კართან ავიტუზე და ძლივს ვთქვი:

-ბოდიში.

ზუსტად ისე, როგორც წლების წინ მითხრა მან.

მი შემობრუნდა და ჩამეხუტა.

პირველი შანსის დამარხვასთან ერთად,

მეორე გამიჩინა და მეორემ გამიმართლა.

-მილანის კონსერვატორიაში მივფრინავ, ხვალ.

ვთქვი მის თმაში თავჩარგულმა.

მას კისკისი აუტყდა და მივხვდი,

მიხვდა.

-ვიცვლებით, არა? - მკითხა.

-არა, არ ვიცვლებით, მი.

*

დო,

რე,

მი,

ფა,

სოლ,

ლა,

სი,

და თავიდან,

დო ...



№1 სტუმარი sharkypedia

სიტყვები არ მყოფნის scream
არაჩვეულებრივი იყო heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი lika

საოცრება...

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან ლამაზი ისტორია იყო❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი once upon

დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ბარბარე

შეუდარებელი იყო... სიტყვები არ მყოფნის... განსაკუთრებით იმიტომ რომ ძალიან ვგავარ მთავარ გმირს... განსხვავებულად, შესანიშნავად და მშვენიალურად წერ. არ შწყვიტო <3

 


№6 სტუმარი ეკა

არვიცი რა გითხრა. ძალიან განსხვავებული იყო და იმდენად კარგად წერ მთავარი გმირის ყვრლა ემოციას ვგრძნობდი

 


№7  offline წევრი .M.A.R.I.

არ არსებობს შსაბეჭდილება არ მოახდინოს
ადამიანზე❤️!!!
ძალიან მაგარია❤️
ძალიან მომეწონა:))❤️
და დამაფიქრა რადგან
მსგავსი რამ მეც გადამხდა
ვფიქრობ, კიდევ ვცადო?
მაგრამ ისევ რომ არ გამომივიდეს?
ისევ რომ გული ვატკინო ყველა სხვას
ისევ რომ ჩემი თავი "მეთითონ" დავმარხო
ამ ისტორიამ ბევრი რამ დამანახა
დაბევრ რამეზე დამაფიქრა
:((((❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი once upon

.M.A.R.I.
არ არსებობს შსაბეჭდილება არ მოახდინოს
ადამიანზე❤️!!!
ძალიან მაგარია❤️
ძალიან მომეწონა:))❤️
და დამაფიქრა რადგან
მსგავსი რამ მეც გადამხდა
ვფიქრობ, კიდევ ვცადო?
მაგრამ ისევ რომ არ გამომივიდეს?
ისევ რომ გული ვატკინო ყველა სხვას
ისევ რომ ჩემი თავი "მეთითონ" დავმარხო
ამ ისტორიამ ბევრი რამ დამანახა
დაბევრ რამეზე დამაფიქრა
:((((❤️


აუცილებლად უნდა სცადო, იქნებ გამოგივიდეს. ❤️ დიდი მადლობა.

 


№9  offline წევრი Lineta

Ra iyo es?
Sityvebs ver vpoulob
Es aris shrdevri
Bravo ❤

 


№10  offline წევრი izabella

ულამაზესი,ძალიან თბილი, ტკბილი და უსაზღვრო ემოციების მატარებელი ისტორიაა. heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent