შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი მეათე)


7-08-2018, 20:41
ავტორი sofikela
ნანახია 2 885

კვირას საღამოს დავბრუნდით თბილისში. წასვლისას სულ იმ 200 კილომეტრის სევდაზე ვფიქრობ ხოლმე, სახლს რომ მაშორებს. მთელი საღამო ცუდ ხასიათზე ვიყავი, ყოველთვის ასე მემართება დაბრუნებისას.
სახლში ავედი, ბარგი ამოვალაგე, წყალი გადავივლე, ყავა დავისხი და მომდევნო დღის სალექციო მასალას გადავხედე. უკვე დაწოლას ვაპირებდი, შეტყობინების ხმა რომ მომესმა, გულმა მიგრძნო, მხოლოდ სანდრო შეიძლება გავხსენებოდი ამ დროს :
- „იმედი მაქვს, მშვიდობით დაბრუნდით“
- „ კი, რამდენიმე საათია სახლში ვარ, ხვალინდელ სალექციო მასალასაც გადავხედე“ გავაგზავნე დაუფიქრებლად და მალევე ვინანე, იქნებ არც აინტერესებდა, რას ვაკეთებდი მთელი საღამო.
- „ყველაფერთან ერთად ძალიან ყოჩაღიც ყოფილხარ“ - გამეღიმა მის ნათქვამზე.
- „ასეთები ვართ რეალის გულშემატკივრები“ - გავიმეორე მისივე ფრაზა.
- „კარგი მახსოვრობაც გქონია „ - არ დააგვიანა პასუხმაც „დაპირებული ყურძენი ჩამომიტანე?“ - პასუხი აკრებილი არ მქონდა, მეორე შერტყობინებაც იმწამსვე მოვიდა.
- „ კი, აბა, ტყუილად ხომ არ დაგპირდებოდი?“ - ვუპასუხე და მოსალოდნელი შეხვედრის შემოთავაზებამდე გულმა გამალებით დამიწყო ცემა.
- „ ხოდა, ხვალ საღამოს შევხვდეთ, შეძლებ?“
- „ ყურძნის გამო რეალი-იუვენტუსის თამაშს გამოტოვებ?“ - ვწერდი და თან მეცინებოდა.
- „გაგიკვირდება და ზუსტად ამ პასუხს ველოდი. მოდი, არ ვიყოთ ბანალურები და პირველივე შეხვედრაზე საფეხბურთო მატჩს ვუყუროთ „ - ცოტა დავიძაბე, ველოდი, შეხვედრას რომ შემომთავაზებდა, ისიც ვიცოდი, ეს მხოლოდ ყურძნის სურვილის გამო არ ხდებოდა და სხვა მიზეზიც არსებობდა, თუმცა მაინც გამიკვირდა.
- „კარგი, არ ვარ წინააღმდეგი, ვნახო, ერთი, როგორი გულშემატკივარი ხარ“
- „ყველაფერი , ყველაფერი და გულშემატკივარი ნამდვილად კარგი ვარ „ - წარმოვიდგინე როგორი სახითა და ინტონაციით შეიძლებოდა ეთქვა ეს და ხმამაღლა გამეცინა“.
- „ეჭვიც არ მეპარება“ - მივწერე დაუფიქრებლად.
-„ კარგია, ჩემში ეჭვი რომ არ გეპარება, ეს ბევრ რამეში დაგვეხმარება“ - უცნაურად ჟღერდა მისი წინადადება, თითქოს ჩვენს სამომავლო ურთიერთობას უსვამდა ხაზს, იმის გამო, რომ აღარ ვიცოდი ამაზე რა მეპასუხა, დამშვიდობება გადავწყვიტე :
- „ კარგი, სანდრო, გვიანია ახლა, ხვალინდელი ლექციებისთვის ენერგია მჭირდება, დაგემშვიდობები „ - გულით არ მინდოდა დამესრულებინა მიმოწერა, გონებამ კი შემაჩერა, საკუთარი ხმა ჩამესმოდა - სოფო ! დროა შეჩერდე !
- „ ტკბილ ძილს გისურვებ, წაბლისფერთვალება ლექტორო. დარწმუნებული ვარ, ხვალ წარმატებული დღე გექნება. რეალიც მოიგებს და ჩვენი შეხვედრაც სასიამოვნოდ ჩაივლის“ - წარმოვიდგინე, როგორ მეუბნებოდა ამ სიტყვებს და ჟრუანტელმა დამიარა.
-„ ხვალამდე, სანდრო, შენც ტკბილ ძილს გისურვებ“ - ახლა ნამდვილად ვიცოდი, რომ ტკბილად დამეძინებოდა, დავწექი, დავხუჭე თვალები და ისევ ნაცნობი სახის სიზმრადმოსვლას დაველოდე.
დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა, კიდევ ერთი საათით ძილი ვინატრე და მეორე გვერდზე გადავბრუნდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ დრო გამეპარა და კისრისტეხვით წამოვვარდი. აღარც ყავის დალევა გამხსენებია, აღარც წინა დღით მოფიქრებული ტანსაცმლის მოძებნა, რაც ხელში მომხვდა, ის ჩავიცვი, სწრაფად ჩავირბინე კიბეები და პირველივე ტაქსი გავაჩერე. სანამ სამსახურამდე მივიდოდი, იმ დღეზე ვფიქრობდი, სანდრო რომ გავიცანი. დღეზე, რომელმაც ჩემი კარიერული ცხოვრება ნამდვილად შეცვალა, აი, პირად ცხოვრებაზე როგორ გავლენას იქონიებდა, ეგ ჯერ კიდევ არ ვიცოდი.
- სალ, დამელოდე - დავინახე მეგობარი და მანძილი, რომელიც მას მაშორებდა, სწრაფი ნაბიჯებით დავფარე.
- სულ ორი დღით ვიყავით ქალაქიდან გასული და უკვე ძალიან მეზარება რუტინულ რეჟიმთან დაბრუნება - შეწუხებული სახით მითხრა.
- აბა, მე მკითხე?! ყველაფერი მეზარება - არანაკლები სინანულით ვუპასუხე.
- ამ სახით არ გვნახოს ქეთევანმა ლექციებზე - მითხრა სიცილით.
- ნუ გეშინია, ლექციებზე მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით - გავამხნევე სალომე და დაცვის ბიჭს მივესალმეთ.
- სალომე, მეჩვენება თუ ეს ბიჭი თვალებს გიჟუჟუნებს?
- რას მოიგონებ ხოლმე, რა, რა თვალებს მიჟუჟუნებს - არც მოუქცევია ყურადღება, ისე გამცა პასუხი.
- ხო , რა ვიცი, ალბათ მომეჩვენა - ავიჩეჩე მხრები.
- ისე, რა მაგარი „სასტავი“ ვიქნებით, წარმოიდგინე - დაცვის ბიჭი, ტაქსისტი და ჩვენ-გავმხიარულდი უცებ.
- ჩემი და დაცვის ბიჭის ამბავში ვერაფრით დაგეხმარები, აი, შენ კი დღითიდღე გაგიჭირდება მაგ ისტორიიდან გამოსვლა, მგონი, ცხოვრებაში პირველად ვეთანხმები ანას - გადმომხედა უცნაური სახით.
- რაღაცას გეტყვი, ოღონდ არ თქვა, რა - გავაფრთხილე მეგობარი.
- უნდა შეხვდე? - მიმიხვდა და სათქმელი გამიმარტივა.
- ჰო, ამ საღამოს, თან ისეთ სიტუაციაში ვხვდები, ვერც კი წარმოვიდგენდი.
- ნუ მაშინებ, რა ხდება ? - გამიცინა , მაგრამ ნერვიულობა დაეტყო სახეზე.
- კარგი, რა, საშიში რა უნდა იყოს, რეალი-იუვეს თამაშია საღამოს და ერთად ვუყუროთო შემომთავაზა.
- მაინცდამაინც რომანტიკული ვერ უნდა იყოს, მგონი, ხო?
- რომანტიკის არ ვიცი, მაგრამ ორიგინალური ნამდვილად არის, თან ტაქსისტების შემოსავალი ხომ იცი, პირიქით, უხერხულად ვიგრძნობდი თავს, ძვირადღირებულ რესტორანში რომ დავეპატიჟე.
- რაღაც არ მომწონს ამ ამბავში, ისეთ „ვიდზეა“ , ისე გამოიყურება, ისე ლაპარაკობს, მაგის ტაქსისტობის ამბავი არ მჯერა და მომკალი.
- მეც ვიფიქრე მაგაზე, მაგრამ, რა ვიცი, სალ, რაში უნდა დასჭირვებოდა ჩემი მოტყუება?
- ხო, არც ეგეთი ბიჭი ჩანს, გულწრფელი თვალები აქვს - ისე შემომხედა, თითქოს ჩემს თვალებში რაიმე უნდა ამოეკითხა.
- ისედაც ჩემი გამჭირვებია, ნუღარ მიმატებ - გამეცინა, მაგრამ ამ სიცილის უკან ნერვიულობაც იმალებოდა.
ლექციის დრო მოახლოვდა, ისევ ისე ვღელავდი, როგორც მაშინ , პირველად რომ შევაღე აუდიტორიის კარი და სტუდენტების მომლოდინე სახეებში ჩავიკარგე. ყოველ დღე ვგრძნობდი, რომ ზუსტად იმ ადგილას აღმოვჩნდი, სადაც ყველაზე მეტად მომწონდა ყოფნა. სტუდენტები მაგრძნობინებდნენ, რომ აინტერესებდათ და სჭირდებოდათ ის, რასაც მათ გადავცემდი, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს? ჩემი თავი და სტუდენტობის პერიოდი გამახსენდა, ჩემს ლექტორებზეც ვფიქრობდი და სწორედ ამიტომ, ვცდილობდი ზუსტად ისეთი ვყოფილიყავი, როგორი ლექტორებიც ჩვენ გვინდოდა რომ გვყოლოდა - საინტერესო, თანამედროვე. 21-ე საუკუნეში თუ საინტერესო და დროისამყოლი არ ხარ, არ გაგიმართლებს, ვერ დააინტერესებ აუდიტორიას, სწორედ ამიტომ, წინა დღით განსაკუთრებით ვემზადებოდი, უამრავ დამატებით მასალას ვნახულობდი ასახსნელი თემის ირგვლივ და ვფიქრობ, მომზადებული შევდიოდი სტუდენტებთან. სამი ლექცია ჩავატარე ზედიზედ და დრო ისე გავიდა, ვერც მივხვდი. ლექციების მერეც პარასკევს დატოვებული საქმეებიც მოვილიე და საათს რომ დავხედე, წასვლის დრო ახლოვდებოდა უკვე. გამახსენდა, სანდრო დღეს არ შემხმიანებია. გულიც, გონებაც და თითებიც შეტყობინების გაგზავნისკენ მიბიძგებდნენ, მაგრამ შევძელი თავის შეკავება და მისგან დაველოდე ნიშანს. მის მიმართ მეც რომ ვგრძნობდი ინტერესს, ეს მისთვისაც ცხადი უნდა ყოფილიყო, ვფიქრობდი, თუმცა ზედმეტად არ მინდოდა ინიციატივა გამომეჩინა, შემეწუხებინა, ამიტომაც დროს მივანდე ყველაფერი.
ცა იქუფრებოდა, უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი, აუცილებლად იწვიმებსთქო, გულში ვთქვი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს წვიმა - დიახ, წვიმა ჩემი ამინდია !
მიდით, შეაფარეთ თავი შენობებს, გაიქეცით უკანმოუხედავად, მე კი ნელა ვივლი, გინდ ქოლგით და გინდ - ისე, იმიტომ რომ, წვიმა ჩემი ამინდია ! საერთოდ არ მესმის ადამიანების, წვიმა რომ ხასიათს უფუჭებთ.
სახლში მივედი, მსუბუქად ვივახშმე, Yiruma-ს kiss the rain ჩავრთე, საოცრად უხდება წვიმის ხმას, არ გიცდიათ? აი, რომ გაწვიმდება, გადასწიეთ ფარდები, გამოაღეთ ფანჯრები, ჩართეთ ეს მელოდია და იგრძნობთ, როგორ იპოვნის სული სიმშვიდეს.
შეტყობინების ხმა გავიგონე, კართან დადებულ ჩანთასთან მივირბინე და მოლოდინი გამართლდა, ეკრანზე სანდროს ნომერი დაეწერა :
- „წვიმამ ხომ არ შეგაშინა, ლექტორო? „
- „ არა, წვიმა ჩემი ამინდია!“ - ვუპასუხე.
- „კიდევ ერთი დამთხვევა, თუმცა უკვე აღარ მიკვირს, პირიქით რომ მპასუხობდე, ის უფრო გამიკვირდება, ალბათ „ - მომწერა და ჩამეღიმა.
- „ მიხარია“ - მივწერე ერთი სიტყვა, მაგრამ ამ ერთ სიტყვაში იმდენი ემოცია ჩავატიე, წარმოდგენაც კი გაუჭირდებოდა.
- „ 9-ზე გამოგივლი, თამაში 10-ზეა.“
- „ კარგი, შევთანხმდით“ - მივწერე და გამიხარდა, მატჩის სანახავად რომ მივდიოდით, არ მომიწევდა განსაკუთრებული ფიქრი იმაზე, თუ რა ჩამეცვა. ჯინსსა და რეალის თეთრ ფორმაზე შევაჩერე არჩევანი - 7 ნომრის თავზე ჩემი გვარი ეწერა - იაშვილი. მეგობრებმა მაჩუქეს და ამაზე მეტად სხვა რამ ბევრჯერ გამხარებია-მეთქი, რომ ვთვა, მოვიტყუები.
9ის ნახევარზე უკვე მზად ვიყავი. დროის გასაყვანად, რამდენიმე დღის წინ დაწყებული „სიყვარულის ორმოცი წესი“ გადმოვიღე და ჩანიშნულ ადგილს მივუბრუნდი :
„სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი, რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ შინაგან და გარეგან ფერისცვალებას.“ - წერდა ავტორი. შევჩერდი, ჟრუანტელმა დამიარა, მენიშნა ეს სიტყვები, რატომ, რატომ ახლა და რატომ მაინცდამაინც ეს წინადადება ? თითები გადავაჯვარედინე, აი, ისე, ოცნების ჩაფიქრების დროს რომ აკეთებენ ბავშვები და ვინატრე, ამ გზას იმედგაცრუებამდე არ მივეყვანე. დავმშვიდდი, ვიგრძენი, თითქოს ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.
ტელეფონის გაბმულმა ზარმა დამაბრუნა რეალობაში. ეკრანზე სანდროს ნომერი დაეწერა და ავღელდი, რამდენიმე დღე იყო, მისი ხმა არ გამეგონა:
- გისმენ - ვუთხარი და ვიგრძენი, როგორ დამიწყო გულმა გამალებით ცემა.
- შენს კორპუსთან ვარ, მაგრამ არ გაჩქარებ, თუ დრო გჭირდება, რამდენიც საჭიროა, იმდენ ხანს დაგელოდები - მითხრა და გულში სითბო ჩამეღვარა, საოცრად მესიამოვნა მისგან ეს ჟესტი.
- მზად ვარ , სანდრო, ახლავე ჩამოვალ - არ ვაპირებდი გამოგონილი თავისდაფასების ჩვენებას, თითქოს განგებ ვაგვიანებდი. მზად ვიყავი და სწრაფად ჩავირბინე კიბეები.
მანქანას იყო მიყრდნობილი, მიყურებდა და მიღიმოდა - ყველაფერი მომწონდა მასში, საუბარის მანერა, ჩაცმის სტილი, წაბლისფერი თმა, ცისფერი თვალები და ხალი მარცხენა ლოყაზე. ჩემკენ წამოვიდა, გადამკოცნა, თმაზე სუნამოს სურნელი დამიტოვა. მის მზერაში სხვანაირი, სითბონარევი სხივი ვიგრძენი, ვგრძნობდი, მართლა ვგრძნობდი რომ მასაც მოვწონდი, თუმცა, გარდა ამისა, ზრუნვასაც ვგრძნობდი მისგან, თითქოს არ სურდა რამე მწყენოდა, არასწორად მოქცეულიყო. უცებ შევკრთი, ავწითლდი, პირზე ხელი ავიფარე და დარცხვენილმა ვუთხარი :
- ყურძენი დამავიწყდა, სანდრო, ახლავე ავირბენ და ჩამოგიტან - აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი უხერხულობისგან.
- მოიცა, კიდევ ერთი შეხვედრის მიზეზიც გვექნება - გამიღიმა, ყურთან თმა გამისწორა, ხელი ჩამკიდა და მანქანის კარი გამიღო. - სხვას რეალის ფორმა ასე უხდებოდეს, მეორე არ ვიცი - მითხრა და მანქანაში ჩავჯექი, ათასი ფიქრი მქონდა თავში, ვერაფერზე ვახერხებდი კონცენტრირებას და ისევ მისმა სიტყვებმა დამაბრუნა რეალობაში :
- ახლა კი ნამდვილად გვაქვს რეალის ჰიმნის მოსმენის მიზეზი, განწყობა შევიქმნათ - თქვა და ხელის მარტივი მოძრაობით ნაცნობი ჰიმნი ააჟღერა მანქანაში,
- ტექსტი ვიცი - ამაყად ვუთხარი.
- მეც, მაგრამ ისეთი სმენა მაქვს, არამგონია მოსმენად ღირდეს - გაიცინა და გადმომხედა. მაბნევდა, საოცრად მაბნევდა მისი ღრმა და მეტყველი თვალები.
- სად მივდივართ? - ვკითხე და გამახსენდა, რომ არც კი ვიცოდი, სად უნდა გვენახა მატჩი.
- აქამდე არ უნდა დაინტერესებულიყავი ? იქნებ სად მიმყავხარ? - მითხრა და ისე შემომხედა, პასუხის გაცემა ვეღარ მოვახერხე- კარგი, ჰო, ნუ დაიბენი, აქედან არც ისე შორს, ლისზე ავდივართ. ბევრმა არც იცის, მაგრამ ნამდვილი გულშემატკივრები ზუსტად იქ იკრიბებიან.
- ჰო, ეს კი ნამდვილად არ ვიცოდი - გავუღიმე მეც, თუმცა რომც მცოდნოდა, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, მაინც ვერ მოვახერხებდი ვერაფრის გახსენებას.
საოცარი სიმშვიდე იყო ლისზე, ქალაქის ცენტრიდან ასე ახლოს, ასეთი სიმშვიდე ვერ წარმომედგინა. მივაბიჯებდი ჯერ კიდევ სიმწვანეშემორჩენილ ბალახზე და ვგრძნობდი, როგორ მიმაგრებდა ზურგს მისი სიძლიერე. საოცრად მინდოდა მასზე ბევრი რამის გაგება. მაინტერესებდა რა უყვარდა, როგორ ატარებდა თავისუფალ დროს, მერიდებოდა, ვერ ვბედავდი მეკითხა, სად სწავლობდა, როგორ მივიდა ამ მდგომარეობამდე. ისე მოხდენილად დადიოდა, ისეთი სტილი ჰქონდა შერჩეული, ისე საუბრობდა, იმდენი რამ იცოდა, ვერაფრით წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი უბრალო ტაქსისტი და არა წარმატებული, მიზანდასახული ბიჭი. თუმცა ახლა ესეც მნიშვნელობას კარგავდა. საოცარ კავშირს ვგრძნობდი ჩვენ შორის და სწორედ ეს იყო მთავარი. ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე და წამომცდა :
- სანდრო, რომელ სკოლაში სწავლობდი ?
- 21-ეში - მიპასუხა დაუფიქრებლად.
- მართლა? ძალიან ბევრს ვიცნობ მანდ, ჩემი ყოფილი ლექტორია მაგათი ახლანდელი დირექტორი, ძალიან მაგარი სკოლაა, გაგიმართლა - ვუთხარი და თითქოს ნერვიულობა დაეტყო.
- ჰო-ო ,მხოლოდ ამის თქმა მოახერხა.
- იმდენად ახლოს ვიცნობ მანდ ვიღაცებს, ძალიან მარტივად გავიგებ, როგორი მოსწავლე იყავი - ფერები გადაუვიდა სახეზე.
- არც ისე კარგი მოსწავლე ვიყავი, ვის ვემახსოვრები? - ისეთი სახით მითხრა, თითქოს რაიმეს დამალვას ცდილობდა.
- შენ იმ კატეგორიას მიეკუთვნები, ნიჭიერები მაგრამ ზარმაცები რომ არიან ? - სიტუაციის განმუხტვა ვცადე.
- კარგი, აღარ გვინდა, რა , ამ სწავლა- განათლებაზე ლაპარაკი - მითხრა უცნაურად.
- კარგი როგორც გინდა - უხერხულად ვიგრძენი თავი.
- საჭესთან რომ არ ვიყო, ლუდს დავლევი - თქვა სინანულით.
- მეც შემოგიერთდებოდი, თუმცა მარტო დალევა ნამდვილად არ მინდა ახლა.
- ლუდი გიყვარს, ფეხბურთიც, რეალს გულშემატკივრობ 14 წელია, თან ჭკვიანი ხარ, ლამაზი, საოცარი იუმორის გრძნობა გაქვს და ნამდვილად ამ დედამიწიდან ხარ თუ რომელიმე სხვა პლანეტიდან ჩამოვარდი შემთხვევით? - იცინოდა და ისე მეუბნებოდა.
- კარგი, სანდრო, რა, მთლად ასეთი ცითმოვლენილიც არ ვარ - ამიწითლდა სახე.
- ნუ ცდილობ მდგომარეობის შემსუბუქებას, ზუსტად ისეა, როგორც ვამბობ - დაუსერიოზულდა ტონი.
- ალბათ, დიდი ეკრანისკენ უნდა წავიდეთ, სადაცაა დაიწყება თამაში - საუბრის თემის შეცვლას ვეცადე მე.
- ჰო, წავიდეთ და დავიკავოთ ადგილები.
- რაც ზიდანი წავიდა, გული ამიცრუვდა - ვუთხარი და იმ საკითხზე დავიწყე საუბარი, რაც უხერხულობას არ აგრძნობინებდა.
- ჰო, ცუდი ფაქტია, ნამდვილად, მაგრამ რას ვიზამთ, ისეთების წასვლა გვაქვს გადატანილი, მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად - მითხრა და ხელი გადამხვია, გამიკვირდა, ცოტა შემრცხვა კიდეც, თუმცა განგაშიც ატეხვას და „ეს როგორ მაკადრეს“ ძახილს არ ვაპირებდი. უნდა ვაღიარო, მესიამოვნა კიდეც.
- აი, აქ ჩამოვსხდეთ - დავჯექი სწრაფად და გავხედე ჰორიზონტს.
- გამეხარდა ყურძენი რომ სახლში დატოვე - მითხრა სიცილით.
- დავტოვე არა, სანდრო, დამრჩა - კიდევ უფრო დავიმორცხვე მე.
- კიდევ კარგი, ცოტა დაბნელდა, შენი აწითლებული ლოყების დანახვაზე სიცილს ვერ შევიკავებდი - გამიღიმა დამაბნევლად.
- იწყება - აღარ ვიცოდი რაზე დამეწყო საუბარი. ვისხედით გვერდიგვერდ, ის წყალს სვამდა, მე - წვენს, გამოვხატავდით ემოციებს მატჩის ირგვლივ, ერთად გვიხაროდა და ერთად გვწყინდა რაღაც მომენტები. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს უკვე ძალიან დიდხანს ვიცნობდი მას. თითქოს ყველაფერი ვიცოდი მის შესახებ, თითქოს არანაირი გაურკვევლობა და საიდუმლო არ არსებობდა ჩვენ შორის, მაგრამ ახლა ესეც მაკმაყოფილებდა. ჩემი თავის მიკვირდა, თუმცა პირველად ჩემს ცხოვრებაში, არ მადარდებდა, რას მოიტანდა ხვალინდელი დღე, რას მამცნობდა ამ ერთი შეხედვით გულწრფელი, თუმცა საიდუმლოებით მოცული ბიჭისგან. ბიჭისგან, რომლის ყველა ქმედება მომწონდა და არც ერთი დეტალი მაღიზიანებდა მასში. ორი საათი ისე გავიდა, მასზე უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე მატჩზე, რომელსაც თითქოსდა თვალისმოუშორებლად ვუყურებდი. რეალმა ის შეხვედრა მოიგო და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც სასიკეთოდ შეცვლიდა ჩვენს მომავალს, მჯეროდა.
- კარგი დღე იყო, ხომ? - გადმომხედა.
- კი, ძალიან - ვუპასუხე და მანქანის კარი გამიღო.
- ერთი შემოთავაზება მაქვს, თუ ცუდად არ მიიღებ, მოდი, ეს საღამო ჯერ არ დავასრულოთ და კიდევ ერთ ადგილას წაგიყვან.
- გვიანია სანდრო, სხვა დროისთვის იყოს - ვუპასუხე, მიუხედავად იმისა, რომ არც მე მინდოდა მასთან განშორება.
- სახლში მშვიდობით მიგიყვან, გპირდები. გამომყევი, რა - შემომხედა მუდარანარევი თვალებით.
- კარგი, წავიდეთ- დავთანხმდი მეც.
დიდხანს მივდიოდით, სხვადასხვა თემას განვიხილავდით, თუმცა ერთმანეთის შესახებ კითხვებს არ ვსვამდით. Leonard Cohen-ის Dance me to the end of love ჩაირთო და ფანჯარა ბოლომდე ჩამოვწიე :
- რაზე ფიქრობ? - მკითხა ინტერესით.
- არაფერზე, უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს სიმღერა - ვიცრუე მეც.
- კარგი, დღეს აღარ ჩაგეკითხები, თუმცა მაგის დროც დადგება, იმას რომ აღარ დავმალავთ, რაზე ვფიქრობთ.
- სად მივდივართ, სანდრო?
- მთაწმინდაზე.
- აბა, ახლოსო? - გავუცინე.
- უი, შორსაა? კი არ შემიმჩნევია - მიპასუხა სიცილითვე.
- ჰო, აი, სულ ორი ფეხის ნაბიჯზეა - ავყევი მეც ხუმრობაში.
ხელისგულივით ჩანდა თბილისი, სახლებში მოციმციმე შუქი, დიდ სითბოს ასხივებდა და თითქოს, ორივეს გულში იღვრებოდა.
- ეშმაკის ბორბალზე დავსხდეთ, რა - მთხოვა ბავშვივით - იმედი მაქვს, სიმაღლის არ გეშინია.
- ყველაზე ექსტრემალური გოგო ვარ, ვისაც შეიძლება იცნობდე, ისეთ ატრაქციონებზე დაგსვამ, შეგეშინდება - ვიპასუხე ნიშნისმოგებით და დავუქნიე თითი.
- არა, რა , ნადმვილად არ ხარ ამ პლანეტიდან - აიჩეჩა მხრები.
- ჰო, გაუმართლა ამ სამყაროს ჩემში - გამეცინა მეც.
- სამყაროს არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად ძალიან გამიმართლა - მითხრა, ხელში ამიყვანა, დამატრიალა და თან მთელი ძალით მიხუტებდა. ხმის ამოღება ვერ შევძელი. იმდენ ემოციას მოეყარა ჩემში თავი, მეც ვერ ვიგებდი, რას ვგრძნობდი კონკრეტულად. ერთი ვიცოდი, მას კი არა, ეს მე გამიმართლა, სანდრო რომ ვიპოვნე ! ძალიან მინდოდა ეს მეთქვა მისთვის, მაგრამ ვერ გავბედე და გაჩუმება ვამჯობინე. ვიცოდი, რომ ეს სიჩუმე, ბევრი სიტყვისგან განსხვავებით, მისთვისაც მრავლისმთქმელი იქნებოდა.



№1 სტუმარი Ani

საყვარლობა იყო. მაგრამ ნუღარ უმალავს რა ტაქსისტი რომ არ არის ჯობია ყველაფერი უთხრას ახლავე ჯერ სანამ იწყებენ.. მალე დადე შემდეგი

 


№2  offline წევრი თამო1712

Kidev mindaaaaa????????????

 


№3  offline წევრი დარინა

აუ როგორ მომქონს ესენიიიი, მაგიჟებენ თავისი უბრალოებით და სიტკბოთიიი, ერთი სული მაქვს როდის ეტყვის სანდროს სიმართლეს არ არის საჭიროო ტყუილი და ნუღარ ატყუებს, ისე ვგულშემატკივრობ ამათ რომ დაშორდენ გავგიჟდებიიიი, იმედია მალე ეტყვის.

 


№4 სტუმარი ლიკ ლიკ

უთხრას რა უკვეეე :-)

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან მომწონს. აი ისეთია დაუსრულებლად რომ გინდა იკითხო.. მალე დადეთ რა.. ვკვდები ინტერესით...

 


№6 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ვაიიი ეხლა წავიკითხე პირველი თავი და შენ ვერწარმოიდგენ როგორ გამიხარდა 10თავი რომაა უკვე დადებული :დდ <3

 


№7  offline მოდერი Queenofmoon

დღეს გადავიკითხე ყველა თავი,როგორც ჩანს პირველი ისტორიაა და მინდა გითხრა რომ პირველი ისტორია და ასეთი გამართული და კარგად დაწერილი,ჯერ არ წამიკითხავს.
ძალიან მომწონს,საინტერესოა,ასე გააგრძელე.
ველი შემდეგ თავს:)

 


№8 სტუმარი Qeti qimucadze

Ise moutmenlad velodi, madlobaaa, zalian kargad cerr, imedia ardaagvianebbbb, carmatebebii

 


№9 სტუმარი სტუმარი მაკო

იცი ძლიან კარგად წერ მსუბუქად და ლამაზად გადმოსცემ აზრებს. მაგრამ ერთი წლის წინ დაწყებული მოთხრობა მეათე თავს რომ ვერ გასცდა მიკვირს. თავიდან ვკითხულობდი მერე დამავიწყდა დღეს შემთხვევით წავაწყდი და თავიდან გადავიკითხე იმიტომ რომ არ მახსოვდა. კარგია ოღონდ გთხოვ ნუ აგვიზნებ რააა.

 


№10  offline წევრი sofikela

Queenofmoon
დღეს გადავიკითხე ყველა თავი,როგორც ჩანს პირველი ისტორიაა და მინდა გითხრა რომ პირველი ისტორია და ასეთი გამართული და კარგად დაწერილი,ჯერ არ წამიკითხავს.
ძალიან მომწონს,საინტერესოა,ასე გააგრძელე.
ველი შემდეგ თავს:)

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ვეცდები, იმედი არ გაგიცრუოთ <3

სტუმარი მაკო
იცი ძლიან კარგად წერ მსუბუქად და ლამაზად გადმოსცემ აზრებს. მაგრამ ერთი წლის წინ დაწყებული მოთხრობა მეათე თავს რომ ვერ გასცდა მიკვირს. თავიდან ვკითხულობდი მერე დამავიწყდა დღეს შემთხვევით წავაწყდი და თავიდან გადავიკითხე იმიტომ რომ არ მახსოვდა. კარგია ოღონდ გთხოვ ნუ აგვიზნებ რააა.

ვიღებ შენიშვნას ნამდვილად და გპირედებით, არ დავაგვიანებ.
ძალიან დიდხნიანი თაიმ აუთი მქონდა და გამოვასწორებ <3

სტუმარი ბარბარე
ვაიიი ეხლა წავიკითხე პირველი თავი და შენ ვერწარმოიდგენ როგორ გამიხარდა 10თავი რომაა უკვე დადებული :დდ <3

უდიდესი მადლობა <3

სტუმარი ანა
ძალიან მომწონს. აი ისეთია დაუსრულებლად რომ გინდა იკითხო.. მალე დადეთ რა.. ვკვდები ინტერესით...

ძალიან დიდი მადლობა,ასეთი შეფასებისთვის <3

დარინა
აუ როგორ მომქონს ესენიიიი, მაგიჟებენ თავისი უბრალოებით და სიტკბოთიიი, ერთი სული მაქვს როდის ეტყვის სანდროს სიმართლეს არ არის საჭიროო ტყუილი და ნუღარ ატყუებს, ისე ვგულშემატკივრობ ამათ რომ დაშორდენ გავგიჟდებიიიი, იმედია მალე ეტყვის.

გპირდებით, მარტივი და ბანალური ინტრიგები არ შეგხვდებათ <3

 


№11 სტუმარი სტუმარი ბარბარე

წავიკითხეე ყველაა <3 მთელი ისტორიის კითხვის განსაკუთრებით კი ბოლო თავის კითხვისას ღიმილი არ მომშორებია... ახლაც დაკრეჭილი ვარ და ტუჩემს ვერ ვუყრი თავს :დ :დ ველოდები შემდეგ თავს, სულმოუთქმელი<3 წარმატებები.. მშვენიალურად წერ <3

 


№12  offline წევრი sofikela

სტუმარი ბარბარე
წავიკითხეე ყველაა <3 მთელი ისტორიის კითხვის განსაკუთრებით კი ბოლო თავის კითხვისას ღიმილი არ მომშორებია... ახლაც დაკრეჭილი ვარ და ტუჩემს ვერ ვუყრი თავს :დ :დ ველოდები შემდეგ თავს, სულმოუთქმელი<3 წარმატებები.. მშვენიალურად წერ <3

ძალიან დიდი მადლობა ! ასეთი შეფასება მოტივაციას მიმაღლებს <3

 


№13  offline წევრი თამო1712

დღეს არ დადებ?

 


№14  offline წევრი sofikela

თამო1712
დღეს არ დადებ?

კი, დავდებ ცოტა ხანში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent