მარიონეტი (თავი ორმოცდაორი - დასასრული)
ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ოდესმე საყვარელი ქალის თვალებში ამხელა სინანულს დაინახავდა. ერთმაბაშად შეიცვალა ნინო. მისი მშვიდი ხასიათიდან აღარაფერი დარჩენილიყო, ფეთქებადი და იმპულსური სიტყვას აღარ არჩენდა აღარც მეუღლეს და აღარც დედამთილს. ყველაფრისადმი ინერტულად განწყობილს საერთოდ აღარ ადარდებდა ივლიდა თუ არა გიგა ექიმებთან, ჩაიტარებდა თუ არა მორიგ ფიზიოთერაპიის კურსს. საზღვარგარეთ ოპერაციის გაკეთებას ხომ აღარც ახსენებდა. თუმცა ზურასთან შეთანხმებით ვეძისში მათი სახლი მაინც გაყიდა, თანხის ნაწილი მამას მისცა, დანარჩენი კი უკლებლივ გიგას ჩაუთვალა. - ეს რა თანხაა? - საფრანგეთში წასასვლელად რაც გჭირდებოდა. - ისეთი სახით დახედა მეუღლეს, თითქოს გაუკვირდა კიდეც მისი კითხვა. - მე ხომ გითხარი, ოპერაციის გაკეთებას არ ვაპირებ, მით უმეტეს შენი ფულით! - ღრენა გაერია ხმაში ვაჟს. - როგორც გინდა, არც გაძალებ და არც გავალდებულებ. თუმცა მაინც დაფიქრდი. - ირონიულად უღიმიდა ნინო. - მძულს ასე რომ იქცევი! - იფეთქა გიგამ. - არა უშავს, ბარი-ბარში ვართ! - უტიფრად შესცინა ქალმა. - ნინო! - ხმას აუწია გიგამ - ჩემი შვილიც იყო! წამიერად გაფითრდა ნინო, თვალებში ჩაგუბებული რისხვა ტკივილმა დაფარა, თუმცა მოწოლილი ცრემლების შეკავება მაინც შეძლო. - ჩათვალე რომ გასესხე. ეს თანხა წესით მგზავრობაზეც უნდა გეყოს და სასტუმროზეც. - ფულით სავსე კონვერტი მაგიდაზე დააგდო და ისე გავიდა აღრენილი მეუღლისთვის ერთხელად არ შეუხედავს. ეტკინა გიგას, რატომღაც ეგონა მეუღლე სიტყვებში თხოვნას მაინც გაურევდა. კონვერტს ზიზღით გახედა და გამწარებულმა მოუქნია მუშტი ეტლს. ვეღარც სალაპარაკო თემას პოულობდნენ, ან საერთოდ ჩუმად იყვნენ ან არადა ისევ კამათობდნენ. საბოლოოდ კი იმდენად გაუცხოვდნენ, რომ გიგას ბოლოს ქალთან ჩხუბი და კამათიც კი სანატრელი გაუხდა. თუმცა ნინო თითქოს განზრახ არ იმჩნევდა. თქვენ წარმოიდგინეთ რეაქცია აღარც იმაზე ქონდა, თუ გვიან ძმაკაცები წაიყვანდნენ და ისედაც მოწყვეტილ მეუღლეს შინ გალეშილ მთვრალს მიუყვანდნენ. ვფიქრობ რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს რაოდენ დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა ქალს ასეთ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის ეტლიდან გადმოყვანასა და ლოგინამდე მიყვანაში, დააწვენდა მეუღლეს და საძინებლიდან ცივად გამოვიდოდა. ზოგჯერ განზრახაც კი აგვიანებდა გიგა, თავს იმაზე მეტად ნაბახუსევად აჩვენებდა ვიდრე რეალურად იყო, იმის იმედით რომ მის ლოდინში გადაღლილი, ღამენათევი ქალი ბოლოსდაბოლოს იფეთქებდა, მაგრამ უშედეგოდ. ხომ თითქოს ყველაფერს უკეთებდა ნინო, მაგრამ მის მოქმედებაში სიყვარული აშკარად ვალდებულებამ ჩაანაცვლა. ისეთი უტყვი მორჩილებით მოქმედებდა, რომ ისევ გიგა რჩებოდა გაღიზიანებული და ნერვებ აშლილი. მათ შორის არსებული გრძნობა საპნის ბურთივით სკდებოდა. რთული აღმოჩნდა ასეთ რადიკალურ ცვლილებასთან შეგუება, მერედა როგორი რთული. ნელ-ნელა ერთმანეთს შორდებოდნენ და ქალის ცხოვრებაში მისი ადგილი უბრალოდ აღარ რჩებოდა. ერთი რომ დაიჟინა, არასოდეს გყვარებივარ და არც ოჯახი გჭირდებოდაო, ვერა და ვერ გადააფიქრებინა. რაც უფრო ეძაბებოდათ ურთიერთობა, მით მეტად ერთვებოდა ქალი სწავლასა და კარიერის აწყობაზე. უნივერსიტეტიდან დაბრუნებული შეიკეტებოდა საძინებელში და წიგნებს ჩაჰკირკიტებდა. ერთად-ერთი იდეაფიქსი ახლა მისი ბავშვობის ოცნების ახდენა გახლდათ, მეგობრებთან ერთად სასურველი კომპანიის გახსნა და კარიერის აწყობა. მეუღლის ამბიციებს რათქმა უნდა წინააღმდეგობას არ უწევდა. მათი წამოწყება არც ახალი ყოფილა და არც მოულოდნელი, ჯერ კიდევ ტატოს სიცოცხლის დროს ვინ იცის რამდენჯერ ჰქონდა მოსმენილი მათი გეგმების შესახებ. გულწრფელად უხაროდა კიდეც ასე მიზანმიმართულად რომ ცდილობდა ოცნების ასრულებას. რა თქმა უნდა ნინოს გვერდით ედგნენ დათუნა და ლაშაც, თუმცა სადღაც გულის სიღრმეში მაინც სწყინდა გიგას, რომ მეუღლეს ერთხელაც არ სთხოვა დახმარება. გიგა აივანზე იჯდა და ჩაფიქრებული გაჰყურებდა გზას, სადაც წესით მისი მეუღლე უნდა გამოჩენილიყო. მობეზრებული ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს. თუმცა ქალი ჩვეულებისამებრ არ ჩანდა, რა თქმა უნდა არც დარეკვა ახსენდებოდა და არც მისი გაფრთხილება. გგონიათ ეჭვიანობდა გიგა? არა, რა ჰქონდა საეჭვიანო? იცოდა საოფისე ფართს არჩევდნენ. მისი მეუღლე სასურველი შენობის ძებნაში მეგობრებთან ერთად მისამართიდან მისამართზე დადიოდა. თუმცა, მაინც არსებობდა ყველაზე ცუდი სიტყვა მაგრამ... - ასე თუ გააგრძელებ, მართლა დაკარგავ! - ნამწვით სავსე საფერფლე ააცალა მანანამ. - თუ უკვე არ დავკარგე. - დედისთვის არც აუხედავს ისე უპასუხა - თუმცა, შენც ხომ ეს გინდოდა? - ირონია გაერია ხმაში. - შენ ჩემი შვილი ხარ, ჩემი ერთად-ერთი ვაჟი, ჩემი ეგოისტური სიყვარული. - წინ დაუჯდა ვაჟს მანანა - ნუ მსაყვედურობ ეჭვიანობის გამო. - მაგრამ ეჭვიანობასაც აქვს ზღვარი. - გაეცინა გიგას. - მართალი ხარ. აქვს. მე თუ რამეში შევცდი, ვაღიარებ კიდეც. მაგრამ შენ? - რა, მე? - აშკარად გაღიზიანდა ვაჟი. - დროულად თუ არ გამოფხიზლდები... - შემომხედე, მანანა. ყურადღებით შემომხედე. თვალს ნუ მარიდებ! ხეიბარი ვარ, გესმის? როგორ გგონია მისი გაქანების ადამიანი ჩემთან გაჩერდება? - მაგ გოგოს უყვარდი. გულწრფელად, მთელი გულით. - არც ისე ძლიერი ყოფილა მისი სიყვარული, როგორც მეგონა. - ტკივილით გაეღიმა ვაჟს. - ცდები. - არა, არ ვცდები! - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია გიგამ - მაშინ მიხვდებოდა, აუცილებლად გამიგებდა, რატომ დავთმე ის ბავშვი. ჩაიხვია მე და ბავშვი შენთვის ზედმეტი ტვირთი ვიყავით და მოიცილეო. გესმის, დედა? ჩემი შვილი, ჩემი არდაბადებული შვილი როგორ იქნებოდა ტვირთი? ერთი წუთითაც არ დაუშვა ის, რომ ასე მის გამო მოვიქეცი. ერთი წამითაც არ უფიქრია, რომ ამ დედანატირებ ცხოვრებაში ყოფნას მის გარეშე აზრი არ ექნებოდა. შენ კი მიმტკიცებ უყვარდიო. სიყვარული რომ შესძლებოდა, ამასაც ხომ მიხვდებოდა? - მომისმინე გიგა. ჯერ კიდევ არაა ყველაფერი დაკარგული, ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფრის მობრუნება. - ვერ დააბრუნებ დედა, ის რაც ერთხელ დაინგრევა აღარ დაბრუნდება. შეიძლება შეაწებო, აღადგინო, მაგრამ ეს ხომ ის არაა? - ასე ჩაიქნევ ხელს და მისცემ უფლებას წავიდეს? - ვერ გავიგე, მანანა რა გინდა, რომელ ცოლ-ქმრობაზე მელაპარაკები, როცა ერთმანეთთან სექსიც კი აღარ გვაქვს? - ვერ გავიგე, აღარ შეგიძ... - სისულელეს ნუ ბოდავ. პრობლემაც ეგაა, უბრალოდ აღარ ვიზიდავ. აღარ უნდა. გიკვირს? - ზიზღით დახედა ეტლს. - არამგონია ეგ ყველაფერი ეტლის ბრალი იყოს. თვითგვემა და საკუთარი თავის შეცოდება იმდენად მოგეწონა, რომ რეალობას მოსწყდი. - ბრაზი გაერია მანანას - ქმარი მხოლოდ ლოგინისთვის არ ჭირდებათ. ხეიბარი ხარ თუ რაც ხარ, დროა კაცურად მოიქცე. მიუხედავად იმისა, რომ ეტლს მიეჯაჭვე, მაინც შეგიძლია გვერდში დაუდგე, დაეხმარო. აჩვენე, უთხარი რასაც ფიქრობ, უთხარი რომ გიყვარს, მამაკაცი ხარ და შენ გადადგი პირველი ნაბიჯი. - გინდა, რომ ჩემთან შეცოდების გამო იყოს? - შეცდომას უშვებ. მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი, ამ ფირმის გახსნაშიც დავეხმარებოდი, ფართსაც მოვაძებნინებდი, იმ წყეულ ოპერაციასაც გავიკეთებდი, ფეხზეც დავდგებოდი... - საკმარისია ილუზიებით ცხოვრება. დროა შეეგუო, რომ შენი ერთად-ერთი სიამაყე, ერთი ნარკომანი და ხეიბარი ტიპია, მალე ალბათ აღარც წამლის ფული ექნება და ქუჩაში მდგომ ბომჟებს შეუერთდება, თუმცა ამაში მაინც მქობია ბედი. ხეიბრის როლის თამაში არ დამჭირდება! - ირონიულად ხარხარებდა გიგა. - შევეგუო? მე იქნებ შევეგუო კიდეც, მაგრამ შენ? შენ გინდა ასეთად დარჩენა? - ცრემლებმა გაუბზარა ხმა მანანას. - მინდა თუ არ მინდა, ეგაა ჩემი მომავალი. გარდაუვალი და უცილობელი! აღარაფერი უთქვამს მანანას, ნამწვით სავსე საფერფლე აიღო და სახლში შებრუნდა. მისაღებ ოთახში სკამზე მჯდომი რძალი რომ შენიშნა მოულოდნელობისგან ერთი კი შეხტა, თუმცა არაფერი უთქვამს. ნინოს თავი ხელებში ჩაერგო და აცახცახებული უხმოდ ტიროდა. ესმოდა? ალბათ. ამ საკითხზე ხმამაღლა არ უსაუბრიათ, თუმცა ფაქტია იმ დღემ მათ ურთიერთობაში საკმაოდ დადებითი გარდატეხა მოახდინა. მიუხედავად წიანღმდეგობისა, დედის დარიგება გაითვალისწინა გიგამ. მეგობრებთან ერთად ნინოსგან მალულად თავადაც დაიწყო მეუღლისთვის სასურველი საოფისე ფართის ძებნა და რამდენიმე დღეში იპოვა კიდეც. დათუნას და ლაშას დაუკავშირდა და ფართი აჩვენა. ბიჭებს მოეწონათ და მხოლოდ ამის შემდეგ აჩვენეს ნინოს. ისევ ძველი საახლობლოს დახმარებით იმდენიც მოახერხა, რომ ფართის მესაკუთრეს იჯარის ღირებულებაც დააკლებინა და თითქმის მიზერულ, სიმბოლურ ფასად საკმაოდ გრძელვადიანი იჯარით შევიდნენ. კარგად ახსოვდა ახალბედა, დამწყებ ადვოკატებს რამხელა სიხარული მიანიჭა მათთვის მისაღებ ფასად საიჯარო ფართის შოვნამ. მაშინ არაფერი აშინებდათ, არც ჩამონგრეული კედლები, არც დამსხვრეული მინები და კედლებისგან დარჩენილი გაძვალტყავებული კარკასები. ბიჭები საკუთარი ხელით არემონტებდნენ საოფისე ოთახებს. ხელოსნებთან ერთად ფინთხავდნენ და ლესავდნენ კედლებს. ვინ იცის მერადენედ ამეორებინებდნენ ნინოს, რომ მათი ნამუშევარი ბევრად სჯობდა ხელოსნების შეფინთხულსა და შელესილს. გოგონაც არ იღლებოდა, მათ საამებლად უტიფრად ცრუობდა და ხოტბას ასხამდა. ამდენი ხნის შემდეგ ისევ ბედნიერი იღიმოდა ბოჭორიშვილი და გიგაც ამაყი იყო. პირველი საოფისე ავეჯიც ხარებავამ უფასოდ დაუმზადა. უნდა აღვნიშნო, რომ დღემდე საპატიო ადგილას ედგა ნინოს მისი პირველი სამუშაო მაგიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალის ფინანსური მდგომარეობა ახლა უკვე ფინანსურადაც გამართული იყო და ბევრად უკეთესი შენობის არამხოლოდ იჯარით აღების, არამედ შეძენის საშუალებაც ჰქონდა, ამ ადგილიდან წასვლა აზრადაც არ მოსვლია. არ ემეტებოდა, არ ეთმობოდა. ეგ კი არადა, ვინაიდან ფართს წლების განმავლობაში ფლობდა, იმედოვნებდა, რომ ადრე თუ გვიან მესაკუთრისგან შედარებით შეღავათიან ფასად გამოსყიდვასაც მოახერხებდა. თუმცა, როცა საქმე გასხვისებაზე დადგა, მესაკუთრეს საერთოდ დაავიწყდა, რომ ფართი იჯარის გაფორმების მომენტში ლამის დანგრევამდე მისული კარკასები გახლდათ. ისიც დაივიწყა, რომ შენობის აღდგენაში ლომის წილი სწორედ მათ მიუძღოდა და შენობა რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ძვირად მიჰყიდა. ალბათ, არანორმალურებად მოგეჩვენებათ, მაგრამ მიუხედავად შეუსაბამოდ დიდი ღირებულებისა, მაინც ბედნიერები იყავნენ. შემდეგ ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს განაცხადითაც კი მიმართეს. შენობის მიმდებარედ არსებული მიტოვებული სკვერიც შეიძინეს. ბაღი მოასუფთავეს და ავტომობილებისთვის ავტოსადგომიც მოვაწყვეთ. შენობა კაპიტალურად გაარემონტეს. კომფორთული, თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკითაც აღჭურვეს და ძველ ადმინისტრაციულ შენობისგან აღარაფერი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის გასაკეთებლად საჭირო თანხა უკვე ქონდა, საფრანგეთში წასვლას არ ჩქარობდა, აღნიშნული თანხა საქმეში დააბანდა, ნინოსთვის საოფისე ფართის ძებნამ და სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელობამ იმდენად გაართო, რომ შეიძინა ანალოგიურად ამორტიზირებული, გასარემონტებელი შენობა და შესაბამისი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ლამის ორმაგ ფასად გაყიდა. ამას მოჰყვა მორიგი ობიექტი, შემდეგ კიდევ ახალი და ასე აეწყო საკმაოდ მომგებიანი საქმეც. როგორც უკვე აღვნიშნე, იურიდიულ კომპანიაში თავიდან პარტნიორები სამნი იყვნენ: ნინო, დათუნა და ლაშა. თუმცა შემდეგ დაიშალნენ. ახლა მხოლოდ ნინო და დათუნა იყვნენ დარჩენილნი, დათუნაც მხოლოდ მეწილედ ითვლებოდა. მეგობრებსა და პარტნიორებში განხეთქილება პირველად ლაშამ შეიტანა, როცა მოულოდნელად გამოეთიშათ, მისი წილი ორივემ პროპორციულად გადაინაწილა. ლაშამ ადვოკატად მუშაობას თავი დაანება, იურისტობაც კი დაივიწყა და ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი სამშენებლო კომპანია გახსნა და როგორც იგებდნენ დიდ წარმატებასაც მიაღწია. რამდენჯერ კითხეს, რამდენჯერ ჩაეძიენ, მაგრამ დღემდე ვერ გაიგეს რამ უბიძგა ვაჟს მსგავსი ნაბიჯისკენ. შემდეგი დათუნა გახლდათ. მან ადვოკატობა ძალოვან სისტემაში გამომძიებლად მუშაობაში, სისხლის სამართლის ადვოკატის მანდატი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაიორის ვარსკვლავებზე გაცვალა. ვერ იტყოდა ნინო, რომ გაუკვირდა. დათუნა ისედაც მისი მოუსვენარი ხასიათით გამოირჩეოდა. ადვოკატად მუშაობაც უფრო მეგობრების ხათრით გადაწყვიტა, მათთან ერთად მუშაობის სურვილით და არა ამ საქმის სიყვარულით, არ შეწინააღმდეგებია, თუმცა მისი წასვლა ნინისთვის მაინც იმედგაცრუებასთან ასოცირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისევ ძველებურად უყვარდა და ენატრებოდათ ერთმანეთი ორივენი იმდენად დაკავებულნი იყვნენ, რომ ერთმანეთს მხოლოდ ოფიციალურ დღესასწაულებზე ან დაბადების დღეებზე თუ ეკონტაქტებოდნენ. ალბათ, ვერასოდეს იფიქრებდნენ, მათი მეგობრობა ასეთ სახეს თუ მიიღებდა, მაგრამ თურმე ასეც ხდება. ფაქტიურად მარტო დარჩა. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ახერხებდა საქმის გაძღოლას. სწორედ ასეთი თავდაუზოგავი შრომის შედეგი გახლდათ, რომ არც კლიენტების ნაკლებობას განიცდიდა და არც შემოსავლის ნაკლებობას. შემდეგ როგორც იქნა გადაწყვიტა გარისკვა გიგინეიშვილმა. ევროპის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკას მიმართა და ოპერაციაც გაიკეთა, ოპარაციამ წარმატებით ჩაიარა, მართალია ხელჯოხით სარგებლობდა, მაგრამ ეტლი აღარ ჭირდებოდა. საკუთარი თავისადმი დაკარგული რწმენაც დაიბრუნა, მეუღლესთანაც თითქოს ყველაფერი დაალაგა, კიდევ ეცადნენ უკვე დანგრეული ურთიერთობის აღდგენას, თუმცა გაუჩნდათ ახალი პრობლემა, ნინო ბავშვის გაჩენისგან თავს იკავებდა, არ ვიცი ამას სახელი რა ერქვა. იქნებ მორიგი იმედგაცრუების შიში? ხან თბილად მიუდგა, ხან მუქარით, მაგრამ არაფერმა გაჭრა. კამათობდნენ, ჩხუბობდნენ. მორიგი კინკლაობისას ისევ ბრუნდებოდნენ ძველი მეგობრები, ისევ მოჰყვნენ ახალგაზრდა მანდილოსნები. ვერ ვიტყვი, რომ ნინოს ღალატობდა. თუმცა მსგავს საზოგადოებასთან ერთად საქეიფო მიზეზი ნამდვილად არ ელეოდა. ახალი წლის წინა პერიოდში სახლი საგულდაგულოდ დაალაგა ქალმა. პომპეზურად არასოდეს ხვდებოდნენ დღესასწაულს, თუმცა ოჯახისწევრებისა და მეგობრების მისვლის იმედი ნამდვილად ჰქონდა. ნაძვისხის აწყობა ბავშვობიდან უყვარდა. სპორტულებში გამოწყობილს თმები შუაზე გაეყო და ისე ჩაეწნა. მიუხედავად ასაკისა, ისევ ძველებურად უხტოდა ჭინკები თვალებში, ბედნიერი არჩევდა ნაირ-ნაირ ბურთულებს. გიგას წლების წინანდელი ნინო დაუდგა თვალწინ, გრძელი კიკინებითა და კეპით თავზე. - ახალი წელი ბავშვების დღესასწაულია! - ხმა დაუთბა მამაკაცს. ის-ის იყო მეუღლეს უნდა მოჰხვეოდა, რომ გაკაპასებული სახით მოუტრიალდა ნინო. - ხომ შეიძლება დღეს მაინც არ ილაპარაკო ბავშვზე? - გაგიჟდი?! შენ გგულისხმობდი. - აპილპილებული მეუღლის შემხედვარეს წამში მოეშხამა განწყობა. - ადამიანს არაფერს არ შეარგებ! - გაავებულმა იქვე მიყარა სათამაშოებიც, მტვრის ტილოც და აბაზანაში შევარდა. ისევ გიგამ დაასრულა ნაძვის აწყობა. ისევ მან მიალაგა მისაღები. - სადმე მიდიხარ? - აკადემიურად ჩაცმულ ქალს გაოცებულმა ახედა. - სამსახურში! - იქვე დადებულ საბუთების ჩანთას ხელი სტაცა და სახლიდან ისე გავიდა მეუღლისთვის აღარც შეუხედავს. დიდხანს არ უფიქრია გიგას. ნინოზე გაბრაზებულმა მაშინვე მეგობრებთან დარეკა, უარს ვინ ეტყოდა მისვლაზე?! სულ რამდენიმე საათში გახურებული ქეიფი მიდიოდა. თითქოს ერთობოდა, თითქოს დარდი არ აწუხებდა, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა. წარა-მარა თვალი მობილურის ეკრანისკენ გაურბოდა და ელოდა მეუღლის ზარს. ნინო კი თითქოს ჯიბრით არადა არ რეკავდა. სწორედ მაშინ უმტყუნა ნერვებმა, სწორედ მაშინ დაურეკა მეუღლეს და გამოუცხადა: ღამის გასათევად სხვა ადგილი ეძებნა. გაღიზიანებულს წამითაც არ უფიქრია თუ ქალი მის ნათქვამს ასე მძაფრად აღიქვამდა. შემდეგ გულმა აღარ მოუთმინა, ისევ თავად შეეხმიანა, დაურეკა და ისევ მასვე ეტკინა მეუღლის ხმაში გაპარული იმედგაცრუება. იმის წარმოდგენაზეც კი რამდენად ეწყინა ქალს მისი ნამოქმედარი ვეღარ მოითმინა, ასე უსიტყვოდ მიატოვა მისივე სახლში მოქეიფე მეგობრები და აღმოჩნდა კიდეც ყაზბეგში. ნინო ძილში ისე საყვარლად იღიმოდა ვერ მოითმინა ფრთხილად შეეხო ტუჩებზე. - კიდევ ერთხელ გილოცავ ახალ წელს! - საჩუქრის მოცემა რომ დამავიწყდა იცი? -ღიმილი გაეპარა ხმაში ნინოს. - საჩუქარიც გქონდა? - ახლადგაღვიძებულ, ლოყებშეფაკლულ ქალს აციმციმებულ თვალებში უმზერდა. - მერედა, როგორი!... - უკანა სავარძელზე მოთავსებული საბუთების ჩანთა მძიმედ გადმოიღო. საქმიანი, დაძაბული სახით ეძებდა თაბახის ფურცლებში სასურველ დოკუმენტს. გიგამ ერთი კი ჩაიჭყიტა, მაგრამ ჩანთაში სარჩელებისა და საჩივრების მეტი ვერაფერი დაინახა. როგორც იქნა იპოვა სასურველი დოკუმენტი. ზედმეტად კმაყოფილმა, ბედნიერი სახით მიაწოდა ცნობისმოყვარეობისგან თვალებდაწვრილებულ მეუღლეს. წვრილი შრიფტით ამობეჭდილ ფურცელზე ასობგერები ერთმანეთში აერია. ერთად - ერთი რაც გარკვევით დაინახა ექოსკოპიის აპარატზე გადაღებული ნაყოფის ფოტო გახლდათ. ზედ მითითებული თარიღით: 31,12,20---წ. იგრძნო როგორ მოეშვა, როგორ მოდუნდა და ეტკინა განვლილი ცხოვრება. მღელვარებისგან ხელები უცახცახებდა, ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი უნდა ყოფილიყო, ხმამაღლა უნდა ეყვირა, ის კი ამდენი წლების შემდეგ პატარა ბიჭივით ტიროდა. დიახ, არ უნდოდა, მაგრამ ბედნიერებისგან დამუნჯებული უბრალოდ ემოციებისგან იცლებოდა. - მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო, საახალწლო საჩუქარი. გუშინ ბავშვი რომ ახსენე შემეშინდა არ წამომცდებოდა და... - ღიმილს ვეღარ იკავებდა ნინო. - მე კი... რა არ გითხარი, რა არ ვიფიქრე. გიჟი ხარ, დედას გეფიცები გიჟი! - ბედნიერი გიგა სახეს უკოცნიდა მეუღლეს. და, მაინც ვუმზერდი ასე აჟიტირებულსა და გაბრწყინებულ წყვილს და ისევ ვფიქრობდი სად არის სიყვარულის განსაზღვრება, ან არსებობს კი? წლების წინ რომ გეკითხათ, ნინოც და გიგაც გეტყოდნენ, რომ სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის, ჭეშმარიტი გრძნობით მხოლოდ ერთხელ გიყვარდება და თუ ეს ასე არაა, გამოდის შემცდარხარ, გამოდის ის, რაც შენ სიყვარული გეგონა უბრალოდ ილუზია ყოფილა. არც უარსებია და არც გქონია. მე რომ შემძლებოდა დავუსვამდი ერთი შეხედვით ყველაზე მარტივ კითხვას: - იყო კი მათ შორის არსებული გრძნობა სიყვარული? ალბათ ორივე ჩაფიქრდებოდა და თორმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ზუსტ პასუხს მაინც ვერ გეტყოდნენ. - ალბათ, იყო. რომ არ ყოფილიყო ამდენს ხომ არ მოვითმენდით?! - აქეთ შემომიბრუნებდნენ კითხვას. შემდეგ თავს დახრიდნენ, თვალები ცრემლებით აევსებოდათ და სადღაც შორს სივრცეში დაიწყებდნენ დაკარგული ბედნიერების ძებნას. მაგრამ წინადადებაში გარეული „ალბათ“ ყველაფერს გააფუჭებდა, რა თქმა უნდა გააფუჭებდა. ეს ვიცოდი მე და იცოდნენ მათაც. ისევ მორიგი კითხვით მივუბრუნდებოდი ნინოს: - თუ გიყვარდათ, რატომ გაცივდით, ასე რამ შეგცვალათ ერთმანეთის მიმართ, რატომ სტკენდით, რატომ ებრძოდით? ორივეს ტკივილით გაეღიმებოდა, ერთმანეთს გადახედავდნენ და ერთხმად მიპასუხებდნენ: - ამ ცხოვრებაში ვოცნებობდით, გვიყვარდა და ვცხოვრობდით სცენარით, რომელიც ჩვენთვის დაწერეს. რომელიც ცხოვრებამ ჩვენი თანხმობის გარეშე შემოგვაჩეჩა, ჩვენ, ამ ცხოვრების მარიონეტები, საქართველოში გაჩხერილი ოთხმოცდაათიანელები ვიბრძოდით და არეულ ლაბირინთებში ერთმანეთს ვეძებდით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.