მარიონეტი (თავი ორმოცდაერთი)
გონს ზურა მოვიდა. დალილავებულმა და დასისხლიანებულმა დახმარების სათხოვნელად უახლოეს სახლამდე ძლივს მოახერხა მისვლა, მასპინძელს დიდად არ გაჰხარებია გვიანი, დაუპატიჟებელი სტუმრის გამოჩენა, მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში, თუმცა დახმარებაზე უარი არ უთქვამს. თითქოს ყველაფერი მეორდებოდა, რესპუბლიკურის მიმღებში გვერდი-გვერდ ისხდნენ მამა შვილი. ელოდნენ, ირეოდა ხალხი, გრგვინავდა უბანი. ისევ დაძაბულნი ელოდნენ საოპრაციოდან ექიმის გამოსვლას. გაკაპასებული, გაანჩხლებული მანანა ამჯერად ზურას უტევდა: - რა გინდოდა, რატომ წაიყვანე? შენ რომ არა.... - ისედაც გაგიჟებულს ქალის დაუსრულებელი სიტყვები ორმაგად უწიწკნიდა სულს. - რას ბოდავს, მე ამის დედაც... - ზიზღით შეიგინა ხარებავამ - ამ ქალს ტორმუზები უჭერს? - ამას რა ენაღვლება, მე შენ გეტყვი და დიდხანს არ იდარდოს, უცებ ჩაანაცვლებს… - ამჯერად რძალსა და მის მეგობრებს გადასწვდა მანანა. - აქ გაჩერება შეუძლებელია! - პასუხი რომ არ დაებრუნებინათ, ეზოში გამოერიდნენ დათუნა და ლაშა. გაკაპასებული, გაგიჟებული დედა კი გაჩუმებას არც ფიქრობდა, რაც ენაზე მოადგებოდა ყველაფერს ამბობდა, თითქოს ასე ცდილობდა დაგროვილი ბოღმისგან დაცლას. - საკმარისია, ასეთი უგულო როგორ ხარ?! - სულ რამდენიმე წამით ფრაგმენტულად მისწვდა მარიკას სიტყვები, ერთი კი გახედა ნინომ ქალიშვილს, ბიცოლამისს თვალებდაქაჩული რომ უმზერდა, თუმცა ხმა არ ამოუღია. ემოციებისგან გამოფიტული, უშედეგოდ მიშტერებოდა საოპრაციო ოთახის კარს. დავიფიცებ, რომ დედამთილის ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ გაუგია. ისიც საკითხავია, რამდენად რეალურად აღიქვამდა შექმნილ სიტუაციას. გონება მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა, დროზე გამოსულიყო ლია. საოპერაციოში კი გიგას სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ. დიახ, პროცედურებს რომელსაც ახლა ვაჟს უტარებდნენ ოპერაციას ნამდვილად ვერ უწოდებდით. ეს იყო ბრძოლა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. იმ მრავლობითი ჭრილობებიდან, რომელიც ვაჟს ჰქონდა მიყენებული თითოეული სიცოცხლისთვის საშიშ კატეგორიაში გადიოდა: დაზიანებული გულ-მკერდი, დამტვრეული ნეკნები, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ჩარჩენილი ტყვიები. თუმცა მიუხედავად შიდა სისხლდენისა, ეტაპ-ეტაპ ამარცხებდნენ თითოეულ პრობლემას. ქირურგის მითითებისამებრ ლიამ დოლბანდის ტამპონებით ხერხემლის მალასთან სისხლის შედედებული მასა სკალპელით შეაშრო და ყურადღებით დააკვირდა ძვლებს შორის მოქცეულ ტყვიის გირზას. - ამას რა ვუყოთ? - ქირურგი დაძაბული მიაჩერდა თავთით მდგომ ნევროლოგს. - სახიფათოა. ხერხემალს ვერ შევეხებით. შესაბამისი აპარატურა არ გვაქვს. - სხეულში დავუტოვოთ? - მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. სისხლდენა შევაჩერეთ. ისედაც სუსტადაა. ეხლა მაგ ტყვიასთან შეხება არ ივარგებს. - კი, მაგრამ ხერხემალი... - ყოყმანობდა ლია. - მადლობა გვაქვს სათქმელი საერთოდ რომ გადარჩა. - რთული უბანია, ხერხემლის მალებს შორისაა გაჭედილი, სახიფათო არაა? - დიდი ალბათობით, სიარულს ვეღარ მოახერხებს. - გულგრილად ჟღერდა ქირურგის ხმა. - მესმის რომ ნერვიულობ, მაგრამ ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. - ქალის მღელვარება არ გამორჩა ნერვოლოგს. - გასაგებია. - აცახცახებული ხელებით აწვდიდა სასურველ იარაღებს ქირურგს. დასრულდა ოპერაცია. აპარატზე მიერთებული პაციენტი რეანიმაციაში გადაიყვანეს და ტრადიციისამებრ ისევ მორიგე ექიმსა და ექთნებს გადააბარეს. ასეთი რთული დღის ბოლოს მთავარი ექიმი ღირსეულად ცდილობდა პაციენტის გაღიზიანებული ოჯახისწევრების მოგერიებას. - ვერ გავიგე, ქალბატონო მანანა, ისე მიყურებთ, ასე მგონია უკმაყოფილო ხართ. - გულწრფელად შეწუხდა ნევროპათოლოგი - კარგად იცი, რაც ჩვენ დღეს მოვახერხეთ, უკვე დიდი წარმატებაა. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. - ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, განა თქვენვე არ მითხარით, რომ ფილტვებში ინფექციის განვითარების საფრთხე არსებობს? - გითხარით, მაგრამ აქ მედიცინა უძლურია. ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული, მის ბრძოლისუნარიანობაზე. - ექიმები კი არა მკითხავები ხართ. უსინდისო აფერისტები! - გაცოფებულმა მანანამ ერთი კი დაუბრიალა თვალები ყველას და კაბინეტიდან გამოვარდა. - ღმერთო, რა შეგცოდე?! - პათეტიკურად წარმოსთქვა ექიმმა - რამდენი წლის ხარ? - ინტერესით ჩაეკითხა წინ მჯდომ მობუზულ ნინოს დააკვირდა. - ცხრამეტის! - მძიმე განსაცდელი კი დაგდგომია! - ყრუდ ჩაილაპარაკა მამაკაცმა. - ინვალიდი დარჩება?! - როგორც იქნა გაბედა საბედისწერო კითხვის დასმა ზურამ. - ინვალიდი რა სიტყვაა, შრომისუუნარო. - მაშინვე შეუსწორა მამაკაცმა. - არამგონია დიდი მნიშვნელობა ქონდეს რომელ სიტყვას გამოვიყენებ, კითხვაზე მიპასუხეთ, ექიმო! - კბილებს ერთმანეთზე აჭერდა ემოციები რომ დაემალა ზურა. - ვერ მოგატყუებთ, როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს, სიმართლე უნდა იცოდეთ. ამ ეტაპზე ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ საერთოდ ცოცხალია. გავლას ნამდვილად ვერ მოახერხებს. - ექიმის სიტყვების გაგონებაზე ცრემლები ვეღარ შეიკავა ნინომ - თუმცა მედიცინა ყოველდღე ვითარდება, თქვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული. წინ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გველის. მარტივი ნამდვილად არ იქნება, თუმცა არაფერი არაა გამორიცხული, იქნებ ოდესმე. - კარგად იქნები, უფლება არ გაქვს დამტოვო, კარგად იქნები! - ყურებზე ხელებ აფარებული, ისტერიის ზღვარზე მყოფი ადგილზე ირწეოდა. - ნინ, გავიდეთ... - ფრთხილად შეეხო მხარზე. შეშლილი, შეშინებული თვალებით ახედა თავზე წამომდგარ მამას. სულ რამდენიმე წამით ჩააშტერდა სახეზე. თითქოს ახლაღა გაიაზრა ვინ ედგა წინ. - უმადურებად არ ჩაგვთვალოთ, - მძიმედ წამოდგა გოგონა - ვიცი, თქვენზე რაც იყო დამოკიდებული ყველაფერი გააკეთეთ. - ეტიკეტი მაინც არ დაავიწყდა ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა თეთრხალათიანს - დიდი მადლობა. იქნებ, ოდესმე... - ტკივილით გაიმეორა მისი სიტყვები და კაბინეტიდან გავიდა. თოვლის ფიფქებში გამოჩნდა აბრა, წარწერით „სტეფანწმინდა“, როგორც იქნა ჩავიდნენ დანიშნულების ადგილამდე, თეთრად გადაპენტილ დაბაში ალაგ-ალაგ ჩანდა სახლების საკვამურებიდან ამომავალი კვამლი. ავტომობილი ერთ-ერთ ეზოსთან გააჩერა, გაუკვალავი ბილიკლებით რთული მისახვედრი არ იყო, რომ მასპინძელი შინ არ გახლდათ. - ამის დედაც, ამხელა გზა ტყუილად გამოვიარეთ? - კბილებში ცივად გამოცრა მამაკაცმა - იმედია გამოჩნდებიან. რატომღაც არ ჩქარობდა გიგა მძინარე მეუღლის გაღვიძებას. ძრავის გამორთვა არ უფიქრია, სალონიდან გადმოვიდა, ხანგრძლივი ჯდომისგან ფეხი დაბუჟებოდა. ესიამოვნა ახლად ნაოპერაციები ტერფის გამოძრავება. ალაყაფის კარებთან დახვავებული თოვლი ხელჯოხით გადაბერტყა, მავთულებით გადახლართული ხელნაკეთი კარი გახსნა და ავტომობილით ეზოში შევიდა. სალონიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, მორიგ ღერს მოუკიდა და სუფთა ჰაერთან ერთად თამბაქოს ღრმა ნაპასით აივსო ფილტვები. ორიოდე მოქაჩვა საკმარისი აღმოჩნდა, რატომღაც არ ესიამოვნა, ზიზღით მოისროლა სიგარეტი და ისევ სალონს დაუბრუნდა. აშკარად ციოდა მძინარე ნინოს. სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ყურადღებით დააკვირდა ემბრიონის პოზაში მოკუნტულს. რთული დღეების კვალი ისევ ეწერა დაღლილ სახეზე. ძილში ისე კრთოდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა. გაღვიძების ნაცვლად, საკუთარი სავარძელიც უკან გადაწია, მეუღლისკენ მიიწია, ფრთხილად შეეხო, მკერდზე მიიწყვინა გათოშილი ქალი და მისივე ქურთუკი მოაფარა. არ გასჭრა მისმა სიფრთხილემ. ძილშივე იგრძნო ქალმა შეხება. სულ რამდენიმე წამით გაირინდა, თითქოს სუნთქვაც კი შეეკრა, აშკარად გადაჩვეულიყო მამაკაცის სითბოს, დაძაბული ელოდა შემდგომ მოქმედებას. ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა გიგას, მისი რეაქცია არ შეიმჩნია, შუბლზე მიაკრა ტუჩები და კიდევ უფრო ძლიერად ჩაიხუტა, თითქოს მისი დაკარგვის ეშინოდა. ვერ მოითმინა ნინომ, გაოცებულმა ახედა უჩვეულოდ დამთბარ მეუღლეს. - ჩშშშ... - თითქმის ყურთან ჩაესმა მამაკაცის ხინწიანი ხმა - ნუ შფოთავ, ზურა სახლში არაა, მასთან ძილს მაინც არავინ დაგაცდის, ბარემ გამოიძინე. წინააღმდეგობის გაწევის სურვილი აშკარად არ ჰქონია. გაუბედავად ჩაებღაუჭა მამაკაცს პერანგზე, მეუღლის მკერდზე კომფორტულად მოკალათდა და ძილი გააგრძელა. მკერდზე მიწოლილ ქალს ზემოდან დაჰყურებდა გიგა, თავად ძილი აზრადაც არ მოსვლია, სიფრიფანა მარჯვენა არათითზე წამოცმულ ქორწინების ერთად-ერთ სიმბოლოს, ოქროს რგოლს აკვირდებოდა, საკუთარ მარჯვენაზე წამოცმულ ბეჭედს შეადარა. ალაგ-ალაგ დაკარწულ ბეჭედს ოვალის ფორმა მიეღო, თუმცა ვაჟს გასასწორებლად ოქრომჭედელთან მიტანა აზრადაც არ მოსვლია. თითებიდან თვალები საკუთარი მაჯებისკენ გაექცა. მსხვილმა ნაიარევმა ისევ შეახსენა წლების წინ ჩადენილი სუიციდის მცდელობა. მაშინ ისე სჯეროდა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორის. ისეთი დარწმუნებული იყო, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ახლაც ყურებში ჩაესმოდა ნინოს განწირული კივილი, მისი მუდარა არ მიეტოვებინა. სძულდა, დიახ სძულდა გოგონა, რომელიც ასე ჯიუტად ცდილობდა მისი ცხოვრებისკენ მობრუნებას. სძულდა თითოეული უშედეგოდ ჩატარებული ფოზიოთერაპიის კურსი, ეტლი, რომელიც ერთად-ერთ გადაადგილების საშუალებად ქცეულიყო, მისი მუდამ დასაზეთი საბურავების რეზინის წრიპინის ხმა. სძულდა ყველა და ყველაფერი, რაც სიტყვა ინვალიდსა და შრომისუუნაროსთან ასოცირდებოდა. ჯიბრით არადა არ ეშვებოდა ნინო. ან საიდან იგებდა მკურნალობის ახალ-ახალი მეთოდების შესახებ? დადიოდნენ ექიმიდან ექიმთან, კონსულტაციიდან -კონსულტაციაზე. საკუთარი ორსულობა აღარ ახსოვდა ქალიშვილს. ერთად-ერთ საზრუნავად მისი ფეხზე წამოდგომა გახდომოდა. - ვიმშობიარებ თუ არა საზღვარგარეთ წავალთ, საფრანგეთში აკეთებენ ოპერაციას. ლიამ სურათები და ანალიზები უკვე გადააგზავნა. თითქმის 100 %-იან გარანტიას იძლევიან, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში ფეხზე წამოდგომას შეძლებს! - აღტაცებული, გახარებული უყვებოდა ბოლო პერიოდში უჩვეულოდ დამთბარ დედამთილს ნინო. - მე არ მეკითხები, მინდა თუ არა წამოსვლა?! - ირონიულად გაეცინა გიგას. - კი, მაგრამ... - მაგრამ? ზედმეტად ხომ არ გაგიტკბათ რძალ-დედამთილობანას თამაში? არანაირი ოპერაციის გაკეთებას არ ვაპირებ. - იმდენად სწრაფად შემოაბრუნა ეტლი, რომ წონასწორობა ვეღარ შეიკავა, იქვე დადგმულ სავარძელს ბორბლის კუთხით გამოედო და გადაბრუნდა. - გიგა! - კივილი ვეღარ შეიკავა მანანამ. ძირს დავარდნილი მეუღლის წამოსაყენებლად დაიხატა გოგონა, თუმცა მუცელმა ხელი შეუშალა. - გაეთრიე, გესმის?! წაეთრიე! - უხეშად მოიშორა ქალიშვილი, ორივე ხელს დაეყრდნო, სავარძლის ყურს ჩეეჭიდა და წამოდგომა საკუთარი ძალითვე სცადა. თუმცა უშედეგოდ, წონასწორობის შეკავება მაინც ვერ მოახერხა, ისევ იატაკზე ჩაცურდა. - დამიჯერე, ჩემთან ყოფნა კარგს არაფერს მოგიტანს. შენც კარგად იცი, საზღვარგარეთ წასასვლელად დიდი თანხაა საჭირო. ამხელა ფულს ჩვენ ვერ ვიშოვით. - მისკენ დახრილ მეუღლეს ედუდუნებოდა, თან მხარზე ეყრდნობოდა და ცალი ხელით წონის შესამსუბუქებლად ისევ სავარძელს ეჭიდებოდა. - ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი დალაგდება! - ვერ გაიგებდით ამ სიტყვებით გიგას ამშვიდებდა თუ საკუთარ თავს. - არავის უთხოვია ჩემი მოვლა, არც ჩემთან ყოფნა დამივალდებულებია! - ისევ იღრინებოდა მამაკაცი. - რა შუაშია ვალდებულება, ანუ იგივე მდგომარეობაში მე რომ აღმოვჩენილიყავი, მიმატოვებდი? - სიბრალულით სავსე თვალებში ისევ ცრემლები მოეძალა ნინოს. - საკმარისია, ეს დედა ნატირები, საკმარისი! - გაღიზიანებულმა მოისროლა იქვე მდგომი ჭიქა. ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ამას ვერ იტანდა გიგა, შეცოდებას. ხომ ასე უარყოფდა, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ არა ნინო, კარგახნის დასრულებული ექნებოდა ეს ჯოჯოხეთური არსებობა. რაც უფრო ხშირად უმეორებდა გაეთრიეს, მით მეტად ეგოისტურად სურდა ქალის გვერდით ყოფნა. რაც უფრო უარყოფდა მისი დახმარების საჭიროებას, მით მეტად სჭირდებოდა მისი ზრუნვა. კარგად ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან მისი უხასიათობა მობეზრდებოდა ნინოს, თავადაც ხომ სწორედ ამას ცდილობდა. ერთ დღესაც შეიძლება მართლა გადაეწყვიტა მისი მიტოვება. რას იზამდა ასეთ შემთხვევაში? ცალსახად იცოდა, რომ დარჩენას არ სთხოვდა, არაფრის დიდებით, თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ ბოჭორიშვილის წასვლით დაკარგავდა ამ ცხოვრებისკენ მობრუნების უკანასკნელ იმედსაც. თითქოს ეს სურდა. თითქოს ამისკენ მიისწრაფოდა. რაც უფრო მეტად ცდილობდა გოგონა მის ამ ცხოვრებისკენ მობრუნებას, მით მეტად ებრძოდა ვაჟი. ჩვეულებად ექცა შინ მეგობრების შეკრება, მათთან ერთად საეჭვო რეპუტაციის ქალების სტუმრობა. გვიანობამდე ღრეობა, ნარკოტიკების მიღების გასასამართლებელი ახალი მიზეზიც გამოუჩნდა, ამ ასაკში ამხელა ტრამვის გადატანა მარტივი ხომ არ იყო? უცნაური იცით რა იყო? შეეძლო საკუთარი პრობლემების ნაწილი მაინც მოეგვარებინა თავად, თუნდაც ექიმებთან კონკულტაციებზე ევლო ნინოს გარეშე. მაგრამ განგებ ცდილობდა მისთვის ცხოვრების გართულებას და ვაღიარებ საკმაოდ წარმატებით ახერხებდა კიდეც. წესით ალბათ სინდისის ქენჯნა მაინც უნდა ეგრძნო ბოლო თქვეებში მყოფი ორსული მეუღლის შემხედვარეს, თუმცა არაფერი ამდაგვარი. აღიზიანდებდა ყველა და ყველაფერი, მათ შორის ნინოც და ამის დამალვას არც ცდილობდა. მხოლოდ ერთხელ იგრძნო შეცოდება, შეეშინდა და გულწრფელად დასწყდა გული, როცა სამშობიაროს ბლოკიდან მეუღლის გულისწამღები კივილის ხმა ესმოდა. როცა მოლოგინე ქალის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმებმა ყველაზე რული არჩევანის წინაშე დააყენეს: დედა თუ შვილი? რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო. მანანამაც კი გადაწყვეტილება რძლის სასარგებლოდ მიიღო. - ბავშვს დედა სჭირდება. შენ კი მეუღლე. ახალგაზრდები ხართ, შვილი კიდევ გეყოლებათ! - განაჩენივით ჟღერდა დედის სიტყვები. გაფირებული ზურასთვის აზრი არც უკითხავს, ან რა იყო საკითხავი? დაეფიცება წამითაც არ დაუშვია ნინოს გარეშე არსებობა. რა იქნებოდა სამყარო მის გარეშე? არც უნანია მიღებული გადაწყვეტილება, ვიდრე გააფთრებული, გამწარებული მეუღლისგან არ მოისმინა ყველაზე საშინელი ბრალდება: - ასე როგორ გაიმეტე, ასე როგორ გამწირე? შეგიძლია იამაყო, საკუთარი შვილის მკვლელი ხარ, გესმის, საკუთარი შვილის! მძულხარ, ვერგიტან! რა იქნებოდა ყველაფრის უკან დაბრუნება რომ შეძლებოდა, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა, შეცვლიდა რამეს? ურყევად სჯეროდა, რამდენად ძლიერადაც არ უნდა შესძულებოდა ქალს, ნებისმიერი დროს მას აირჩევდა. და მაინც, იჯდა და ოცნებობდა, რა იქნებოდა მისი ცხოვრებიდან სულ მცირედის, ერთი დღის, ან თუნდაც ორის გაქრობა რომ შეძლებოდა, ეყოფოდა კი?... ალბათ, ეყოფოდა. რა იქნებოდა, რომ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.