იღბლიანი შეცდომა (თავი მეთოთხმეტე)
თბილისამდე ხმა არ ამომიღია. განსხვავებული კადრები ცვლიდნენ ერთმანეთს. თათიასთან გატარებულმა სამმა წელმა და მასთან დაშორების შემდეგ განვლილმა დრომ თვალწინ ჩამიარა. თითქოს, მისი გადაწყვეტილებით მოყენებული ჭრილობა თავიდან გამეხსნა.. მაშინ, როცა ტკივილი მიყუჩდა და ყველაფრის თავიდან დაწყებას ვაპირებდი, ისევ გამოჩნდა და ფიქრები ამირია. სიტუაციის განსამუხტად თორნიკემ რამდენჯერმე სცადა საუბრის წამოწყება, თუმცა ყველანი ვხვდებოდით, რომ ამ ძალით გამოგონილ დიალოგებს განვითარება არ ეწერა. „თორნიკეს და ლიკას დავტოვებ სახლში და უნდა ვილაპარაკოთ“ - ნაჩქარევად დავწერე შეტყობინება და გვერდით მჯდომ სოფოს გავუგზავნე. უემოციოდ წაიკითხა ჩემი მინაწერი და თავი ფანჯარას მიადო. ერთ წერტილს უყურებდა კარგა ხანს და ყველა დარჩენილი კილომეტრი ტკივილს მიმატებდა, წაბლისფერთმიანი რომ ამ გაურკვევლობაში იყო. ისტორია, რომელიც ძლივს წარსულს ჩავაბარე, ახლა მისთვის უნდა მომეყოლა. უბრალოდ, იმსახურებდა, ყველაფერი სცოდნოდა. - „სანდრო, მშვიდად ატარე მანქანა“ - მომწერა გეგამ. თორნიკე და ლიკა სადარბაზოსთან დავტოვე და ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული საუბრისთვის მოვემზადე. მინდოდა, სოფოს ყველაფერი სცოდნოდა გასულ წლებზე, იმაზე, თუ რა გამოვიარე და როგორ მოვედი ამ მდგომარეობამდე. - სადმე მშვიდი ადგილი ვნახოთ - ვუთხარი და გადავხედე, ისევ ფანჯრიდან გაჰყურებდა ჰორიზონტს. - ჰო, სადაც გინდა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა - მითხრა ისე, თავი არც მოუბრუნებია. დიდხანს ვიარე გაურკვევლად, ფიქრებთან ერთად, გზებიც მერეოდა უკვე. რომ გამოვფხიზლდი, ძველი თბილისისკენ მიმავალ გზაზე ვიყავით და ლეღვთახევში ავიდეთთქო, ვუთხარი. საკმაოდ გვიანი იყო, აქა-იქ მოკიაფე შუქები გვანათებდა გზადაგზა თავზე. მივუყვებოდი გზას, რომელსაც, ალბათ, ასობით შეყვარებული წყვილი გადის ყოველ დღე და მეშინოდა, ეს გზა ჩვენი განშორებისკენ მიმავალი გზა არ აღმოჩენილიყო. - აქ დავსხდეთ - მივუთითე სკამზე, რომელიც ჩანჩქერს გასცქეროდა პირდაპირ. - მგონი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მითხრა - გადმომხედა ნაღვლიანი თვალებით. - ჰო, მნიშვნელოვანია, ნამდვილად, მაგრამ უკვე წარსულია, დამიჯერე. არ მინდა, ამ ნაამბობმა ჩვენს აწმყოსა და მომავალზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს. ისტორია, რომელიც თავს გადამხდა, კარგა ხანია დავასრულე. მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ახალი ფურცელი გადავშალე და ყველაფერი ძველი წარსულში დავტოვე.. - სანდრო, მოდი, თავიდან დავიწყოთ - შემაწყვეტინა საუბარი. - ჰო, ასე აჯობებს - ვუთხარი და ღრმად ამოვისუნთქე, მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და დავიწყე.. - იმდენად დიდი ხნის წინ დაიწყო ეს ყველაფერი, არც კი მახსოვს. გოგონა, რომელიც დღეს შეგვხვდა, საერთო მეგობრის წყალობით გავიცანი.. - თათია, ხო? - გადმომხედა ინტერესით. - კი, თათია.. გაცნობიდან მალევე დავახლოვდით, ბევრი საერთო გვქონდა, გვეგონა მიზნებიც მსგავსი გვქონდა, არა, ვცდები, ეს მე მეგონა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამი წელი ვიყავით ერთად და როცა გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება სამუდამოდ დამეკავშირებინა მისთვის, სრულიად მოულოდნელად დამშორდა. ხელის თხოვნას ვაპირებდი, რესტორანი დაჯავშნილი მქონდა, ჯიბეში ბეჭედიც მეგულებოდა და ბედნიერი მივდიოდი მასთან, რომ სავახშმოდ წამეყვანა. სადარბაზოსთან ველოდი, მოუწესრიგებელი ჩამოვიდა, არეული ნაბიჯებით მოდიოდა ჩემკენ. მაშინვე მივხვდი, რაღაც ვერ იყო რიგზე, თუმცა ერთი წამითაც არ მიფიქრია, თუ დამშორდებოდა. რა არ გავიფიქრე, სანამ ჩემამდე მოვიდოდა. მეგონა მას ან მის მშობლებს შეემთხვათ რაღაც, მოკლედ, ყველაფერი ვიფიქრე, იმის გარდა, რაც რეალურად მოხდა. გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჰქონია საბუთები გაგზავნილი, ბევრჯერ უცდია და იმ ჯერზე გაუმართლა. უნდა დავშორდეთო მითხრა, დიდი ხანია იმაზე ვოცნებობ, რაც წინ მელისო. ისიც წამოცდა, ახლა ასე იყოს და მომავალში - ვნახოთო. აღარანაირი სამომავლო გეგმების დაწყობა აღარ მსურდა მასთან ერთად. ძლივს ვიპოვნე ძალა, მისგან რომ წამოვსულიყავი. ძალიან მტკიოდა, მაგრამ გულში მადლობასაც ვამბობდი, იმ გოგოს რომ არ დავუკავშირე ჩემი სამომავლო ცხოვრება, ვინც ასე ერთი ხელის მოსმით გადამხაზა, არც კი მკითხა აზრი, არ გამითვალისწინა. ბევრი ტკივილიანი დღე გამოვიარე მას შემდეგ. თავი მხოლოდ სამსახურს მივუძღვენი. საქმის ბოლომდე გაკეთებაში ვხედავდი ერთადერთ შვებას. ჩემი პირადი ცხოვრება მხოლოდ მეგობრებთან ერთად დროის გატარებით შემოიფარგლებოდა კარგა ხანს, იმ დღემდე, სანამ შენ გამოჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში - ნელ-ნელა ვესაუბრებოდი, გარკვევით, მინდოდა, ყველა სიტყვა კარგად ჩაბეჭდვოდა გონებაში და დარწმუნებულიყო, რომ ახლა მხოლოდ ის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ხელი გაეოფლა, უკანკალებდა, მეგონა, ისიც ჩემსავით განიცდიდა განვლილს. - ერთ წელზე მეტია მასზე აღარაფერი გამიგია, იმ საერთო მეგობართანაც კი აღარ მაქვს ურთიერთობა, რომლის წყალობითაც თათია გავიცანი. ჩვენმა შეხვედრამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, ახალი კარი გამიხსნა და მომავლის იმედი დამიბრუნა. იმ დღეს, როცა ჩემს თავს შევუთანხმდი, რომ ჩემი ცხოვრების ახალი თანამგზავრი მინდოდა შენ ყოფილიყავი, ჩემი და თათიას საერთო მეგობარს დავურეკე. ვუთხარი, სამუდამოდ განვთავისუფლდი მისგან და უთხარითქო. მივხვდი, რომ აღარანაირი გრძნობა აღარ მქონდა უკვე მის მიმართ - შეკრთა, თითქოს არ ელოდა, ამას რომ ვეტყოდი. - სანდრო ... - ცდილობდა რაღაც ეთქვა ჩემთვის, მაგრამ გავაწყვეტინე - დამამთავრებინე, გთხოვ, წარმოდგენაც არ გაქვს, რა რთულია ყველაფერ ამის გახსენება და მოყოლა ჩემთვის, უბრალოდ, მგონია, სრული უფლება გაქვს, ყველაფერი იცოდე, იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდე, ეს ისტორიაც ბოლომდე უნდა იცოდე - კარგიო, თავი დამიქნია, გაჩუმდა და მხარზე თავი ჩამომადო, იმედი მომეცა, ვიფიქრე, ყველაფერი სწორად გაიგო-მეთქი. - ბეჭედი, რომელიც მისთვის ვიყიდე, სულ რამდენიმე დღის წინ გადავაგდე, მანამდე ვერ ვბედავდი, საგულდაგულოდ მქონდა დამალული და მოძებნის სურვილიც არ გამჩენია. ის ყუთი, რომელშიც ყველა მის ნაჩუქარ ნივთს ვინახავდი, დედაჩემს მივეცი და ვთხოვე, შესაბამისი დანიშნულება მოეძებნა მათთვის. არ მინდა, სოფო, აღარაფერი მინდა მქონდეს წარსულთან საერთო, ჰო, თათია ჩემი წარსულია, ბევრი კარგი და ბევრიც ტკივილიანი დღე მაკავშირებს მასთან, ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერაფერს ამოვშლი ჩემი ცხოვრებიდან, სანამ მეხსიერება მაქვს, მანამ მემახსოვრება ყველა განვლილი დღე. უბრალოდ, იმას გპირდები, აღარასდროს დავუბრუნდები წარსულს. აღარანაირი სურვილი არ მაქვს, მასთან რაიმე სახის ურთიერთობა მქონდეს ოდესმე. მინდა, გჯეროდეს ჩემი. ჩვენი გჯეროდეს - თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე - რამე მითხარი - ვთხოვე. - რა იგრძენი, როცა დაინახე? - არც სიყვარული, არც მონატრება, არც სიძულვილი, არაფერი, სრულიად არაფერი, გჯერა? - მჯერა, სანდრო, შენი ყველა სიტყვის მჯერა, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ ნახო, რომ გთხოვოს, შევრიგდეთ, ყველაფერი თავის ადგილს დავუბრუნოთო, ისევ ამ აზრზე იქნები? - მე თათიას გარკვევით ვუთხარი, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანთქო, გახსოვს? რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, ისევ ამ აზრზე ვიქნები, მენდე. მომეცი საშუალება მოქმედებით დაგიმტკიცო ყველაფერი და არა მხოლოდ სიტყვებით, ისე განვაგრძოთ ცხოვრება, როგორც აქამდე იყო. ისე მოვიქცეთ, თითქოს თათიას გამოჩენით არაფერი შეცვლილა ჩვენს ცხოვრებაში - სათქმელი დასრულებული არ მქონდა, რომ ჩამეხუტა. მძიმედ სუნთქავდა, მისი გულისცემა მესმოდა. ვხვდებოდი, როგორ განიცდიდა ყველაფერს ჩემთან ერთად, მაგრამ ვიცოდი, ჩვენს ურთიერთობას ამ უაზრობის გამო არ დაასრულებდა. - დრო გვიჩვენებს, სანდრო, იყოს ყველაფერი ისე, როგორც არის და ვნახოთ, რა მოხდება - მითხრა და თვალები ცრემლებით აევსო. - არ იტირო, რა, ამის გამო არ იტირო, გთხოვ - ნიკაპზე ხელი მოვკიდე, სახე ავაწევინე და თვალებში ჩავხედე - გპირდები, არასდროს მოგცემ ტირილის მიზეზს - ვუთხარი და ჯერ ერთ თვალზე ვაკოცე, მერე - მეორეზე. ძალიან მინდოდა, ჩვენი ურთიერთობისთვის სახელი დაგვერქმია, ის სიტყვები მეთქვა, რომლის უთქმელადაც ყველაფერი ისედაც ცხადი იყო, მაგრამ თავი შევიკავე. არ მინდოდა ეფიქრა, თითქოს, თათიას გამოჩენის გამო ვიჩქარე ასე. ჩავეხუტე და ყველაფრის სათქმელად შესაფერის დროს დაველოდე. საკმაოდ გვიანი იყო, სახლამდე რომ მივაცილე : - ხვალ გნახავ? - ვკითხე და მის პასუხს დაველოდე. - ალბათ, კი - გამიღიმა მშვიდად. - ისე მოვიქცეთ, თითქოს, არაფერი მომხდარა და ნუ შევცვლით, რა, სამომავლო გეგმებს - ვუთხარი და მოვეფერე სახეზე. - კარგი, სანდრო, იყოს, როგორც არის და ყველაფერს დრო გვიჩვენებს - ლოყაზე მაკოცა და მანქანის კარი გააღო - ხვალამდე. ვუყურებდი, როგორ შევიდა სადარბაზოში და მხოლოდ მას შემდეგ დავქოქე მანქანა. საათი სამის ათ წუთს უჩვენებდა, მაგრამ მაინც ავკრიფე გეგას ნომერი, ვიცოდი, არ ეძინებოდა ამ დროს, ალბათ, ჩემს ზარსაც ელოდა : - ვიცოდი, რომ დამირეკავდი - მითხრა მაშინვე - ყველა გზა ხომ ჩემთან მოდის ბოლოს - სცადა გამხუმრებოდა. - გამოგივლი და ჩამო, რა, დღეს, როგორც არასდროს, მინდა ყველაფერი დავივიწყო. - მიდი, მიდი, ჩემთან ამო, ყველაფერს დაგავიწყებ. - შენ ნამდვილი მეგობარი ხარ, გეგუშ, მოვდივარ - ვუთხარი და ადგილიდან მოვწყდი. დიდხანს ვსვამდით და უფრო დიდხანს ვლაპარაკობდით : - ახლა რას აპირებ, სანდრო? - მკითხა გეგამ. - რას უნდა ვაპირებდე? - გადავხედე მეგობარს. - იცი, რასაც ვგულისხმობ - მითხრა და კიდევ ერთი ჭიქა შემივსო. - ყველა გეგმას სოფოს ვუკავშირებ, გეგა, თათიას გამოჩენას არაფერი შეუცვლია ჩემში, რომ დავინახე, ვერაფერი ვიგრძენი, ერთადერთი, რაც მინდოდა ის იყო, რომ ამ შეხვედრას ჩემი და სოფოს ურთიერთობისთვის არ შეეშალა ხელი. ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ერთ მდინარეში ორჯერ არ შევალ, რაც იყო, იყო, ყველაფერი დამთავრდა, აღარ მინდა, თათიასთან რამე საერთო მქონდეს - ვთქვი და უცებ გამოვცალე სავსე ჭიქა. - ანუ, გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება? - მკითხა სიცილით. - ეგრეა ნამდვილად - ვთქვი და წამოვდექი. - მოიცა, სად მიდიხარ ამ დროს და ამ მდგომარეობაში - ტონი გაუმკაცრდა გეგას. - სახლში, გეგუშ, ხომ იცი, ჩემს ბალიშთან ჩახუტებას არაფერი მირჩევნია - გავუცინე მეგობარს. - შანსი არ გაქვს, ჩემო ძმაო, ბალიში კი არა, ცოლი რომ გელოდებოდეს სახლში, ახლა მაინც არსად გაგიშვებ - წინ გადამიდგა გეგა. - კარგი, რა, ხვალ ამ ფორმაში ვერ წავალ სამსახურში, ხომ იცი? - სინანულით დავიხედე მაისურსა და შარვალზე. - გათხოვებ რამეს, არ იდარდო - მხარზე ხელი დამარტყა მეგობარმა. - ზურას დავურეკავ და მომაკითხავს, ჩემი მანქანით არ წავალ - ჩემსას არ ვიშლიდი მაინც. - ამ დროს რომ ზურას დაურეკო, გულიც გაუსკდება, სანამ გიპასუხებს - მითხრა და მაინც დამითანხმა. არ ღირდა ამ დროს მათი განერვიულება. - კარგი, ჯანდაბას შენი თავი, გადავივლებ და დავიძინებ. - დაწექი და დამელოდე - არ წყვეტდა ხუმრობას გეგა. - სანამ კარგ ხასიათზე ვარ, თავი დამანებე - გავაფრთხილე მეგობარი. მეგონა, რამდენიმე წუთის ჩაძინებული ვიყავი, როცა შევნიშნე, რომ ვიღაც მანჯღრევდა ; - რა ხდება, მიწისძვრაა თუ ომი დაიწყო ? - ძლივს გავახილე თვალები. - ადე, თორემ სამსახურში დაგაგვიანდება - თავზე დამყურებდა გეგა. - რა დროს სამსახურია, ახლა არ დავიძინე? - რა ახლა, გათენდა და როგორც შენ ამბობ ხოლმე, აშენდა ქვეყანა. - მიდი, შენ რამე მომიძებნე, რომ ჩავიცვა, ოღონდ ნორმალური და მე რომ შემეფერება ისეთი. - არანორმალური და შეუფერებელი რა დამინახე? ხომ ხარ ღირსი, შიშველი გაგიშვა საერთოდ ?! მოვემზადე და გასვლისას სოფოს დავურეკე : - გამოგივლი და წაგიყვან სამსახურში, თუ ჯერ არ წასულხარ - შევთავაზე წაბლისფერთმიანს. - გაჩერებაზე ვდგავარ და ტრანსპორტს ველოდები, ნუ გაიგრძელებ გზას ჩემ გამო. - დამელოდე და მაქსიმუმ 10 წუთში მანდ ვიქნები - გავთიშე ტელეფონი და მოვუმატე სიჩქარეს, საოცრად მინდოდა ჩემი წაბლისფერთმიანის ნახვა. უკვე საკმაოდ ციოდა, ნელ-ნელა წვიმიანი ამინდი შეეპარა ბუნებას და ყვითელი ფოთლების სურნელი დატრიალდა ქალაქში. გაჩერებაზე იდგა, უფრო დამშვიდებული მომეჩვენა, გამვლელ მანქანებს ინტერესით ათვალიერებდა, თითქოს მასაც მოუთმენლად სურდა ჩემთან შეხვედრა : - ტაქსს თქვენ ელოდებით? - ფანჯარა ჩავწიე და ვუთხარი სიცილით. - დიახ, მაგრამ ცოტა უნდა გააუმჯობესოთ მომსახურება, დიდი ხანია გელოდებით - ამყვა ხუმრობაში და მანქანაში ჩაჯდა. - დილამშვიდობის, სანდრო - მითხრა და ლოყაზე მაკოცა. - ნამდვილად მშვიდობიანი და კარგი დილა მაქვს - საპასუხო კოცნა დავუბრუნე მეც. - გამოუძინებელი სახე გაქვს, რა ხდება, არ გიძინია? - მკითხა ეჭვით. - ჰო, გეგასთან ვიყავი წუხელ და კარგად ვერ გამოვიძინე. - გასაგებია - მითხრა და ფანჯარა ჩამოწია. მუსიკის ჰანგები ტელეფონის ზარმა გაწყვიტა. როდესაც საჭესთან ვარ, ხმამაღალ რეჟიმზე მაქვს დაყენებული ზარი და დაუფიქრებლად ვუპასუხე უცხო ნომერს : - გისმენთ. - დილამშვიდობის, სანდრო, როგორ ხარ? იმედი მაქვს, მიცანი - მაშინვე ვიცანი თათიას ხმა. - გამარჯობა, თათია - ვუთხარი და მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი, ჩემ გვერდით მჯდომ სოფოს გადავხედე, ისევ ფანჯარაში იხედებოდა, გაურკვეველი მიმართულებით, ვიგრძენი, როგორ დაიძაბა. - სანდრო, ამ საღამოს მინდა შეგხვდე და დაგელაპარაკო, მგონი, ჯერ კიდევ გვაქვს რაღაცები გასარკვევი - მორიდებით მეუბნებოდა გოგონა. - არ მცალია, თათია - ვუთხარი და უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. - სანდრო, მხოლოდ ლაპარაკი მინდა, სხვა არაფერი, იქნებ, გამონახო ცოტა დრო ჩემთვის, უცხო ხომ არ ვარ? - არ ნებდებოდა თათია. - არ ვიცი, თათია, არ მცალია, დღეს სხვა გეგმები მაქვს - გამიმკაცრდა ტონი და აღარ მსურდა მასთან საუბრის გაგრძელება. - კარგი, სანდრო, დღეს თუ არა, იქნებ, ხვალ მაინც მოვახერხოთ. - კარგად, თათია - დავასრულე საუბარი და სოფოს გადავხედე. - ნახე, სანდრო, იქნებ, რა აქვს სათქმელი - უემოციოდ მითხრა წაბლისფერთმიანმა. - გუშინ გითხარი და დღესაც გიმეორებ, მასთან დაკავშირებული ყველა ისტორია დავასრულე და არაფერზე საუბარს არ ვაპირებ - ვთქვი მკაცრი ტონით. - მოვედით, სადაც მოახერხებ, გამიჩერე - აშკარად აღარ სურდა ამ თემაზე საუბარი ლექტორს. - კარგი, საღამომდე. ისე გადავიდა, აღარაფერი უთქვამს, მივხვდი, რომ ამ ზარმა უხერხულობა შეუქმნა. გაბრაზებულმა ხელი დავარტყი საჭეს და სამსახურისკენ წავედი. *** ცოტაც და ავტირდებოდი. ჩქარი ნაბიჯით წავედი სამსახურისკენ. არ მინდოდა, სანდროს მანქანისკენ მიმეხედა. კიდევ უფრო გამიფუჭდა ხასიათი. მინდოდა განმარტოებით ვმჯდარიყავი და არაფერზე მეფიქრა, მაგრამ რუტინულ სამუშაო დღეს ვერსად გავექცეოდი. ოთახში შევედი თუ არა, სალომემ მაშინვე შენიშნა, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს : - რამე მოხდა, რა გჭირს? - ამ ერთ დღეში იმდენი რამ მოხდა, საიდან დავიწყო მოყოლა, აღარ ვიცი - გადავხედე მოწყენილმა მეგობარს. - თავიდან დაიწყე - გამიღიმა და მომიახლოვდა. - სანდროსთან და მის მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ რომ ვიყავი გუშინ, ხომ იცი - დავიწყე მოყოლა. - ხო, მერე? - უკვე წამოსვლას ვაპირებდით, ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა და უცნაურად დაუწყო სანდროს ლაპარაკი.. - ვთქვი და გამიწყდა სიტყვა. - ძველი სიყვარული ? - გამოიცნო სალომემ და გამიადვილა სათქმელი. - ჰო, სამი წელი ყოფილან ერთად, უკვე ხელის თხოვნას ვაპირებდი, როცა დამშორდაო, სანდრომ მითხრა. - და ასე მოულოდნელად გამოჩნდა ისევ? - ჰო, დაბრუნდა, ალბათ, გერმანიაში წასულა სასწავლებლად და მაგის გამო დამშორდა, არაფერი ამიხსნა და იმ დღის შემდეგ კონტაქტი გავწყვიტეო, მარწმუნებს. - თუ ეგრე ამბობს, ესე იგი ეგრეა, რატომ მოგატყუებს? - მკითხა სალომემ. - დღეს დილით გამომიარა, სამსახურამდე მომიყვანა და გზაში დაურეკა ისევ იმ გოგომ, მნახე, საქმე მაქვს, შენთან ლაპარაკი მინდაო, სთხოვა, მაგრამ სანდრომ უარი უთხრა, არ მცალიაო - ამოვილაპარაკე დაღვრემილმა. - ესე იგი, მართლა არ უნდა მისი ნახვა და რა გაქვს სანერვიულო? - სანდროს გამართლებას ცდილობდა ჩემი მეგობარი. - ჰო, აბა, მეც მესმოდა მათი საუბარი და სხვას რას ეტყოდა? - ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი და აქამდე ვერ გამებედა გამჟღავნება. - ანუ, გგონია, რომ გატყუებს და მის მიმართ ისევ გრძნობს რამეს? - მკითხა სალომემ ის, რასაც ჩემს თავსაც ვერ ვუტყდებოდი. - არ ვიცი, სალ, აღარ ვიცი, თვითონ კი დარწმუნებით მელაპარაკა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, აღარ მინდა, მასთან რამე საერთო მქონდესო და სხვა ათასი რამ მითხრა, მაგრამ რომ ნახავს, შეხვდება, დაელაპარაკება, იქნებ თათიამ პატიებაც სთხოვოს და შერიგება მოინდომოს, მერე არ ვიცი რა მოხდება, როგორი რეაქცია ექნება, იმდენად უყვარდა, ბეჭედი უყიდა და ხელის თხოვნას აპირებდა, ასე უცებ უკვალოდ ხომ არ გაქრებოდა ეს გრძნობა? - ვამბობდი და თანდათან ცრემლებით მევსებოდა თვალები. - კარგი, დამშვიდდი, წინასწარ რატომ იქმნი ეგეთ განწყობას? იქნებ არაფერია სანერვიულო? - ჰო, იქნებ.. მაგრამ, ხომ იცი, როგორ რთულად ვიღებ მსგავს გადაწყვეტილებებს, ჯერ ჩემს თავს ძლივს გამოვუტყდი, რომ სანდრო ძალიან მომწონდა, ახლა ყველაფერი რომ უკუღმა დატრიალდეს, ვერ გადავიტან, არ შემიძლია - გული ამოვაყოლე სიტყვებს და ტირილი დავიწყე. - კარგი, გთხოვ, რა , არ იტირო - მომიახლოვდა სალომე და თმაზე დამიწყო მოფერება. - ჰო, იქნებ , ტყუილად ვღელავ, იქნებ არც მაქვს ამის მიზეზი, მაგრამ მეშინია..სულ ცოტა დროა, რაც შეხვედრები დავიწყეთ და ხომ ხვდები .. ჩამიწყდა ხმა და ვეღარ მოვახერხე სათქმელის დასრულება. დაბნეული შევედი ლექციაზე, მიჭირდა სათქმელისთვის თავი მომეყარა, სტუდენტების შეკითხვებზეც ვერ ვახერხებდი პასუხის გაცემას, მხოლოდ სანდროს სახე მედგა თვალწინ და ხანდახან ქერათმიანის სილუეტი ცვლიდა მის გამოსახულებას. „საღამოსთვის არაფერი დაგეგმო, ერთ ადგილზე უნდა წავიდეთ“ - მომწერა სანდრომ და გამიხარდა, ქერათმიანის შემოთავაზების მიუხედავად, მაინც ჩვენს შეხვედრაზე რომ ფიქრობდა : -„ კარგი, არაფერი მქონდა ისედაც დაგეგმილი“ - დავუბრუნე პასუხი. -„8ის ნახევრისთვის სამსახურთან დაგელოდები“. -„ დროებით“. რამდენჯერმე დავხედე საათს იმ იმედით, რომ დათქმული დრო სწრაფად მოვიდოდა, მაგრამ როგორც არასდროს, ისე ნელა გადიოდა წუთები: „5 წუთში შენს სამსახურთან ვიქნები, როცა მორჩები, მაშინ გამოდი, დაგელოდები“ - მივიღე მისი შეტყობინება 7 საათზე. უკვე მზად ვიყავი, ერთი სული მქონდა ამ შენობისთვის თავი დამეღწია და სანდროს სურნელი შემესუნთქა ხარბად. სწრაფი ნაბიჯით შევამცირე მანძილი ჩვენ შორის და მანქანაში ჩავჯექი : „ აბა, საით?“ - ვკითხე და ვეცადე დილიდან შექმნილი დაძაბულობა გამექრო ჩვენ შორის. - არის ერთი კარგი ადგილი და იქ უნდა მივიდეთ, ცოტა მოშორებითაა ქალაქისგან და კითხვები არ დამისვა გზაში, რომ მივალთ, ყველაფერს იქ ნახავ - გამაფრთხილა სანდრომ. - ოო, მაგას ვერ შეგპირდები, მითხარი, რა , სად მივდივართ? - შევხედე მოწყენილი სახით. - არა, არ შეიძლება - მომიჭრა და სასიამოვნო მელოდია გააჟღერა მანქანაში. დიდხანს მივდიოდით, ყველა თემაზე ვსაუბრობდით იმის გარდა, რაც ორივეს გვაწუხებდა. გარეთ უკვე ჩამობნელებული იყო, დანიშნულების ადგილზე რომ მივედით. ირგვლივ სიბნელე იყო, მხოლოდ რამდენიმე ლამპიონი ანათებდა აქა-იქ: - რა ხდება სანდრო, სად ვართ? - ვკითხე და ირგვლივ მიმოვიხედე. - წამო და ყველაფერს მიხვდები - მითხრა და ხელი ჩამკიდა. მაღალგალავნიანი სახლის შესასვლელ კარს გასაღები მოარგო და ეზოში შემიყვანა, იქაც ბნელოდა. - დახუჭე თვალები - მთხოვა და სახეზე ხელი ამაფარა. - რა საჭიროა, სანდრო, ისედაც ბნელა და ვერაფერს ვხედავ - ვუთხარი სიცილით. - მზად ხარ? - მკითხა თბილად. - უკვე ვეღარც ვითმენ , რა ხდება? -ინტერესს ვეღარ ვმალავდი მეც. უცებ თვალებიდან ხელი მომაშორა და ყველაფერი განათდა, თავი ზღაპარში მეგონა, ირგვლივ უამრავი ყვავილი და ბუშტი იყო მიმობნეული, კედლებს ფერადი ნათურები ანათებდა, ეზოს შუა გულში მაგიდა იდგა, სუფრა ორ ადამიანზე იყო გაშლილი, მაგიდამდე მისასვლელ გზაზე სანთლები იყო ჩამწკრივებული, ნამდვილი საოცრება იყო, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა : - სანდრო, რა სილამაზეა - ვერ დავფარე აღფრთოვანება. - წამო - ხელი მომკიდა და მაგიდისკენ წამიყვანა - დღევანდელი ვახშამი განსაკუთრებული იქნება ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ, რომ ახალ ეტაპს ვიწყებთ - მითხრა და თვალებში ჩამხედა - სოფო, მიყვარხარ ! - ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა, აღარაფერი მესმოდა, მხოლოდ სანდროს ნათქვამი „მიყვარხარ“ ჩამესმოდა ყურში, გაოცებისა თუ ბედნიერებისაგან აღარ ვიცოდი, რა მექნა.. - სანდრო.. - სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. - ოღონდ ცუდი არაფერი მითხრა, თორემ ვერ გადავიტან - მითხრა და ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი.. - სანდრო, მე .. ვეცადე საჭირო ფრაზები მომეძებნა, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი, იმ ერთი სიტყვის გარდა - სანდრო, მიყვარხარ - ვუთხარი მეც ჩუმად და ვერ გავბედე თვალებში შემეხედა. უცებ ჩემკენ წამოვიდა, სახეზე ერთდროულად ბევრი განსხვავებული ემოცია გამოეხატა: - რა? რა მითხარი? გაიმეორე ! - მთხოვა დაჟინებით. - მეც მიყვარხარ, სანდრო გიორგაძე ! - გავუმეორე ხმამაღლა. მომიახლოვდა, ხელში ამიყვანა და დიდხანს მატრიალებდა, მის თვალებში ბედნიერებასა და კმაყოფილებას ვხედავდი, სიყვარულთან ერთად : - დაიმახსოვრე ეს დღე, ლექტორო, კარგად დაიმახსოვრე, ჩვენი ისტორია ახლა იწყება ! - მითხრა ხმამაღლა და მაკოცა. კარგა ხანს დავფრინავდი ღრუბლებში, განუმეორებელი იყო მისი ტუჩების გემო. ახლა ნამდვილად ვიცოდი, რომ ხვალინდელი დღე კარგის მეტს არაფერს მოიტანდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.