შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული იამაიკურად (სრულად)


21-08-2018, 04:33
ავტორი K. I.
ნანახია 13 260

სიყვარული იამაიკურად

სამუშაო დღე დასასრულს უახლოვდებოდა. ბანკის თანამშრომლები ნელ-ნელა შენობის დატოვებას იწყებდნენ. წაშლილი სახეებით მიუყვებოდნენ გასასვლელს და ზოგი მანქანის გასაღებს იჩხრეკდა ჯიბეებში, ზოგიც ოჯახის წევრებს მოსაკითხად უკავშირდებოდა.
ტატო მთელი დღის განმავლობაში არ მოშორებია კომპიუტერის ეკრანს და ახლაც რაღაცას ჩაჰკირკიტებდა. მაგიდაზე ქაოტურად გაშლილი საბუთები, შეკვეთები, ბიზნეს პარტნიორებთან მიწერილი წერილები... დღე ისე გავიდა, საათები თვალსა და ხელს შუა შემოელია და საქმეებს ჯერ კიდევ ბოლო არ უჩანდა.
-ვაჰ, შენ ისევ აქ ხარ? არ დაიღალე, ტო? მერამდენე ღამეა, გვიანობამდე რჩები და მუშაობ?- ირაკლი გაოგნებული უყურებდა მეგობარს..
-მოვრჩები ყველაფერს და შვებულება უნდა ავიღო, მეც ვატყობ, რომ გადავიწვი, -გათანგული თვალებით ახედა ტატომ კვაჭაძეს.
-მაშ მე და შენ სადმე კარგ პონტში გავიჩითებით? -ირაკლის ხმაში სიხარული შეეპარა.
-აი, შენ ვინღა გეპატიჟება, გახსენე სადმე?-ტატოს სახე ღიმილმა დაუფარა.
-აბა, ჩემს „მოტეხვას“ აპირებდი? წარმოუდგენელია,-ბიჭმა წარბი აწია და ქვედა ტუჩი ისე მოღრიცა, სიხარულიძემ სიცილი ვეღარ შეიკავა.
-კარგი ჰო, შენს გარეშე როგორ იქნება? -ხელი ჩაიქნია ტატომ. წამით დაფიქრდა, მერე გონებაში მოსულმა იდეამ ისე გაამხიარულა, ჩაფიქრებული სახე ეშმაკურად აციმციმებულმა თვალებმა და ღიმილმა შეუცვალეს. -იცი რა მინდა? რამე ეგზოტიკური და განსხვავებული, უკვე დავიღალე ევროპული ქალაქებით, მუზეუმებით, უძველესი ისტორიული და არქიტექტურული შენობების გაცნობით...
-კიდეც დაიღალა ბიჭი. -ნიკაპი თითებით მოისრისა და მოჩვენებით, სერიოზული სახე მიიღო ირაკლიმ.
-კარგი, ნუ მაცინებ, შენ და ეგეთი სახე ნაღდად არ უხდებით ერთმანეთს. -ახარხარდა ტატო.
-ჰო, არა? უკვე აღარც გახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი სერიოზული. -ჩაეცინა ირაკლის.
-გუშინ, თათბირზე.
-ეგ არ ითვლება, სამსახურს არ ვგულისხმობ. მოკლედ, რამე მოიფიქრე და ყველგან მოგყვები, ხომ იცი, როგორი უპრეტენზიო, ცხვარივით ჩუმი ბიჭი ვარ? მოგზაურობების დაგეგმვაში კი ვერავინ შეგედრება, გენდობი.
-კარგი. -კმაყოფილი სახით შეხედა ტატომ მეგობარს.
-აბა, ხვალამდე. იცოდე, დიდ ხანს არ დარჩე! რას გავხარ, ტო? წადი ბიძია თავსაც მიხედე.- ბურდღუნებდა ირაკლი.
-ტვინს ნუ მიჭამ!
-ოკ, ბოს, მივდივარ. -ხელები მაღლა ასწია, თვალები დაჭყიტა და ნელ-ნელა, უკუღმა დაიწყო სვლა კარებისკენ.
-რა გეშველება? -აღმოხდა ტატოს და თავი გაიქნია.
ცოტა ხნის შემდეგ მეგობარი წასული რომ დაიგულა, ინტერნეტში შევიდა და სამოგზაურო პაკეტებს გადახედა.


***
დილით ადრე, მეგობრები ჩემოდნებით ხელში მიადგნენ აეროპორტის სარეგისტრაციო განყოფილებას და პასპორტ კონტროლის გასავლელად რიგი დაიკავეს.
-იმედი მაქვს, პასპორტი არ დაგვიწყებია. -ტატომ მეგობარს გადახედა და ზურგჩანთაში თავისას დაუწყო ძებნა.
-ჰეჰ, მეხუმრები? -ცალყბად ჩაიცინა ირაკლიმ.
-შენი თავის ამბავი რომ ვიცი... -წარსული ცოდვები გაუხსენა ძმაკაცს.
ირაკლიმ პასპორტი ჯიბიდან ამოიღო და ტატოს თვალწინ ააფარა: -არის თუ არა ეს პასპორტი? -წარბები აათამაშა.
-კარგი, გვჯერავს.
-ჰო და დამიწყნარდი და ნერვებს ნუ მიშლი, უფროსო.-მაიმუნობას არ ეშვებოდა კვაჭაძე.


***
ორდღიანი ფრენის შემდეგ მეგობრები იამაიკის კუნძულზე, კერძოდ მონტეგო ბეის მხარეში, ერთ პატარა სოფელში აღმოჩნდნენ. ირგვლივ ეგზოტიკურ მცენარეებში ჩაფლული, ჩვეულებრივი, დიდი ჭიშკრებით და ღობეებით გარშემორტყმული უბრალოდ ნაშენი სახლები იყო. ეზოებიდან ადგილობრივების მხიარული ხმები გამოდიოდა.
-Welcome to Real Jamaica.-ტატო ბედნიერი სახით მიუბრუნდა მეგობარს.
-სად ჩამომიყვანე, ტო? -გაოცებული იყურებოდა ირაკლი.
-რა, არ მოგწონს?
-რა უცნაური ტიპი ხარ, ამ სოფელში რა უნდა გავაკეთოთ?-გაკვირვებისგან ხელები გაშალა ირაკლიმ.
-ოჰ, მომინდომა მდიდრული ვილები, აპარტამენტები და ზღვის ხედები ბიჭმა.
-არა, მართლა, დაგეჯავშნა რამე წესიერი საცხოვრებელი. -დასერიოზულდა ირაკლი.
-კვაჭაძე, ნამდვილი იამაიკა და კუნძული რომ შეიცნო, მკვიდრ მოსახლეობასთან უნდა დაიჭირო საქმე, ასე უფრო საინტერესოა, დამიჯერე. -არწმუნებდა ტატო მეგობარს.
-კარგი ერთი. -უნდობლობა დაეტყო ირაკლის.
-მოდი ახლა პრეტენზიებს მორჩი და ბექფორდების სახლი ვიპოვოთ. მამა-შვილი ცხოვრობენ, საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვთ.
იმედგაცრუებულმა ირაკლიმ ზანტად გააგორა ჩემოდანი.
-რა უკმაყოფილო სახე გაქვს? -გაეცინა ტატოს. -აქედან მანქანით თხუთმეტი წუთის სავალზეა ოკეანის სანაპირო. გპირდები, ყოველ დღე ვივლით.
-მერე რითი აპირებ იქამდე მისვლას?
-ყურები ნუ ჩამოყარე, ყველაფერი მოგვარებული მაქვს,- შეუბღვირა მეგობარს.
-ჰო? -ნელ-ნელა დაძაბულობა მოეხსნა ირაკლის.
-როგორ მიყურებ?
-OK. -ჩვეულ ხალისს დაუბრუნდა კვაჭაძე.


***
ბექფორდების საოჯახო სასტუმროში სასიამოვნო ატმოსფერო დახვდათ. ყველაფერი უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით იყო მოწყობილი, არც სისუფთავე დაიწუნებოდა. ოთახში ორი საწოლი, ტუმბოები, მაგიდა, სკამები და სააბაზანოც იყო. ეზოში პალმები, ბანანის ხეები და უამრავი სახეობის ყვავილები ხარობდნენ.
-მშვენიერია. -კმაყოფილება დაეტყო აივანზე გადმომდგარ ირაკლის.
-აბა, რა გეგონა? - ღიმილით გადახედა ტატომ მეგობარს და სიგარეტს მოუკიდა.
-საღამოს რას ვაპირებთ?
-ოჰ, საიდუმლოა.
-მაინც?
-დაელოდე, საღამოც მოვა და გაიგებ.
-მითხარი, რას ბავშვობ? -არ ეშვებოდა ირაკლი.
-ოკეანის სანაპიროზე მივდივართ, ბარში.
-ოჰო, აი, ეს მომწონს.


***
საღამო ხანი იყო, როცა სასტუმროს მეპატრონემ, ტონი ბექფორდმა მეგობრებს ოთახის კარზე დაუკაკუნა:
-ბიჭებო, ბარში წასვლა რომ გინდოდათ, ჩემი გოგო უკვე გარეთ არის, მანქანაში გელოდებათ, ის წაგიყვანთ.
-ძალიან კარგი. ახლავე მოვდივართ. -მიუგო ტატომ და ირაკლის ანიშნა, დაუჩქარეო.


***
სტუმრების დანახვაზე, ალვიტა მანქანიდან გადმოვიდა, ღიმილით მიესალმა და გაეცნო: -მე ალვიტა მქვია.
-მე ტატო, ეს კი ირაკლი.-მოკლედ მოუჭრა ტატომ.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა თა-თო და ირა-ქლი -გოგონას თავადვე გაეცინა არასწორად წარმოთქმულ სახელებზე.- ბედნიერი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს კუნძულზე.-სტუმართმოყვარეობას ამჟღავნებდა ალვიტა. -მზად ხართ, წავიდეთ?
-რა თქმა უნდა. -დაუდასტურა ირაკლიმ.
რამდენიმე წუთში, ალვიტას მანქანა იამაიკური რეგის ჰანგების ფონზე სოფლის გზებს მიუყვებოდა. მუსიკამ სტუმრები უფრო მეტად გაახალისა.
-რა ჰქვია ბარს? -გაშინაურება დაიწყო ირაკლიმ.
-“Pier One”- მუსიკის ხმა რომ გადაეფარა, ხმამაღლა უპასუხა გოგონამ.
-მამაშენმა გვითხრა, რომ შენც იქ მუშაობ. -საუბარში ჩაერთო ტატო.
-იქ კვირაში მხოლოდ სამი საღამო ვმუშაობ, დღის განმავლობაში კი ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში, ტურისტებს სპა მასაჟით ვემსახურები.
-გასაგებია, აუცილებლად მოვალ მასაჟზე, თუ რა თქმა უნდა, თანხაში არ გამწეწავთ- ბოლო სიტყვები უკვე ქართულად ჩაილაპარაკა და სიცილი მოაყოლა ტატომ. - როგორი მომსახურება გაქვთ?
-გააჩნია, თქვენ რა გინდათ და რამდენი ხნით. არსებობს კლასიკური, კოსმეტიკური, სარელაქსაციო და ა.შ. ტურისტები ძირითადად სარელაქსაციოს ირჩევენ, აქაური მცენარეების ეთერზეთებით.
-ბარში მუშაობა რომელი საათიდან იწყება?
-ხალხი უფრო საღამოს ათ საათზე იწყებს მოსვლას და დილის ოთხ საათამდე რჩებიან. აი, უკვე მოვედით კიდეც. -გოგონამ სტუმრებს გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა.
ტატო და ირაკლი ალვიტას დროებით დაემშვიდობნენ, შეპირდნენ, რომ ზღვის სანაპიროზე ცოტა ხნით გაისეირნებდნენ, შემდეგ ბარში შეუვლიდნენ და დილის პირას, ისევ მასთან ერთად დაბრუნდებოდნენ სოფელში.
უჩვეულოდ მოვლილი და ლამაზი იყო იქაურობა. თეთრი ქვიშა, ტალღების ხმა და წყლიდან წამოსული ნიავი სასიამოვნო შეგრძნებებს ბადებდა. მეგობრები მონტეგო ბეის სანაპირო ზოლს დაუყვნენ და შორიდან, ირგვლივ მდებარე შენობებს ეცნობოდნენ. ირაკლი წარა-მარა აპარებდა თვალს ლამაზი გოგონებისკენ.
რამდენიმეხნიანი ხეტიალის შემდეგ “Pier One”-ს მიადგნენ. მეგობრებმა ხალხით სავსე ბარს გადახედეს და თვალებით ალვიტას ეძებდნენ. ტურისტები უკვე ბლომად შეკრებილიყვნენ. არეულობაში, თვალი ძლივს მოკრეს გოგონას, რომელიც ბართან იდგა და ერთ-ერთ უცხოელს ტეკილას უსხამდა. ისინიც მისკენ გაემართნენ და მოსადუნებლად „ბურბონი“ შეუკვეთეს.
-ზღვის პროდუქტებს არ გასინჯავ? -თვალი ჩაუკრა ტატომ ირაკლის.
-ვითომ არ იცის, რომ არ მიყვარს. - ჩაეცინა ირაკლის.
-რამე შევუკვეთოთ, მარტო სასმელი რა პონტია, ტო?
-მე რომელიმე ბურგერს ავიღებ და შენ რაც გინდა, ის მიირთვი, უფროსო.
ტატომ იამაიკურად მომზადებული მიდიები, ხოლო ირაკლიმ სალათასთან ერთად „ჩიზბურგერი“ შეუკვეთა. ამასობაში ოდნავ შეზარხოშებული ტურისტები კიდევ უფრო თავისუფლები და მხიარულები გახდნენ. DJ-იმ სტუმრების განწყობა დროულად შენიშნა და მუსიკაში ჩქარი რიტმის სიმღერების რაოდენობას უმატა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ეძალებოდა ყველას ცეკვის სურვილი და დაუღალავად განაგრძობდნენ მუსიკისთვის სხეულის აყოლებას.
დილის სამი საათი იქნებოდა, როცა ტურისტები უკვე კარგად დაღლილიყვნენ და ბარიდან წასვლაზე ფიქრობდნენ. სწორედ მაშინ გაისმა პიტერ ანდრეს “Mysterious girl”. ყიჟინა არ ცხრებოდა, გამხიარულებული სტუმრები უცბად მოვიდნენ ხალისზე და ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერას სიტყვებს აყოლებდნენ:
“I stop and stare at you, walking on the shore,
I try to concentrate, my mind wants to explore,
The tropical scent of you, takes me up above,
Girl when I look at you, oh, I fall in love.
Oh, no doubt you look so fine
Oh, girl I want to make you mine,
Oh, I want to be with a woman just like you.
Oh, no doubt I’m the only man
Oh, who can love you like I can
Oh, so just let me be with the woman that I love.
Oh, mysterious girl,
I want to get close to you,
Oh, mysterious girl,
Move your body close to mine…”

ბარის სამუშაო საათები იწურებოდა. კარგად ნასვამი ტატო და ირაკლი ახლად გაცნობილ გოგონებთან ჯერ კიდევ დაუღალავად ცეკვავდნენ, როცა უკნიდან ალვიტა მიადგათ და გააფრთხილა, რომ რამდენიმე წუთში ბარი იკეტებოდა და სახლში წასვლას აპირებდა.


***
მეორე დღეს, ტატო ალვიტას ღმამაღალმა კისკისმა გამოაღვიძა. ტკივილისგან გაბრუებული თავი საწოლიდან ძლივს წამოსწია და ცალი თვალით ფანჯრიდან გაიხედა. ალვიტა ეზოში იდგა, მამამისს ბაღის მოვლაში ეხმარებოდა და თან რაღაცას უყვებოდა. ისე გულიანად კისკისებდა, ტატოსაც გადაედო გოგონას ხალისი. დიდ ხანს უყურებდა შორიდან მამა-შვილს და მათ ხასიათს და გარეგნობას აკვირდებოდა. ტონი მაღალი და გამხდარი ტანის კაცი იყო, ოდნავ შეჭაღარავებული გრძელი წვერით და ხვეული თმით. ტანთ ხასხასა მწვანე მაისური და თეთრი შორტები ეცვა, ეზოში ფეხშიშველი იდგა და ულამაზეს ტროპიკულ მცენარეებს სიცხისგან გამხმარი ფოთლებისგან ათავისუფლებდა. დროდადრო შეხედავდა ხოლმე ყვავილების მორწყვით და ტიკტიკით გართულ ალვიტას და თავადაც გულიანად იცინოდა შვილის მოყოლილ ამბებზე. ალვიტას ღია შოკოლადისფერ თხელ ტანზე მოკლე ყვითელი სარაფანი მოერგო, აფრიკულ ნაწნავებში ჰიბისკუსის წითელი ყვავილი დაებნია და მაჯები ფერადი, ხელნაკეთი სამაჯურებით მოერთო.
ტატოს თავის ტკივილმა უმატა, შეეცადა, ძილი შეექცია, მაგრამ ოთახში ჯერ კიდევ აღწევდა ალვიტას ლაღი, ბავშვური და თავისუფლების შეგრძნებით გაჯერებული ხმა, რომელიც თანდათან კიდევ უფრო აფხიზლებდა. საწოლში წრიალმა დაღალა და აივანზე გავიდა. როგორც კი თბილ სხეულს დილის სიგრილემ დაჰკრა, კანზე ეკალმა დააყარა. ოთახში აღარ შებრუნებულა, მამა-შვილს ეძებდა, მაგრამ თვალი ვერსად მოჰკრა, თითქოს სადღაც გამქრალიყვნენ. უცბად, ბაღიდან მომავალი ტონი გამოჩნდა, თავისთვის, რომელიღაც სიმღერას ღიღინებდა და აივანზე მყოფი სტუმარი რომ შენიშნა, ხელი აუწია, გაუცინა და იამაიკურად მიესალმა:
-Gud mawnin. Waa gwaan?
ტატომაც ხელი აუწია და ღიმილით მოიკითხა. ამასობაში ოთახის კარზე კაკუნის ხმა მოესმა. ოთახში შებრუნდა, სასწრაფოდ ტანსაცმელი გადაიცვა და კარი გააღო.
-Gud mavnin -ღიმილით მიესალმა ალვიტა და დიდი ყავისფერი თვალები შეანათა.
-Gud mavnin -ტატო შეეცადა, პატივისცემის ნიშნად, თავადაც მათ აქცენტზე მისალმებოდა მასპინძელს.
გოგონამ სტუმრები მოიკითხა, წინა დღეს შეპირებული რასტაფარის სოფლის რუქა და ინგლისურად დაწერილი ყველა საჭირო ინფორმაცია ხელში გადასცა, კარგი დღე უსურვა და სწრაფად გაეცალა ტურისტების კარებს.
ოთახში შებრუნებული ტატო რამდენიმე წუთის განმავლობაში ეცნობოდა ლურჯ მთებს და მასში ჩაკარგულ პატარა სოფლის რუქას და თავისთვის, გონებაში დღის გეგმებს აწყობდა.
-ბორჯომი მინდა. -წამოიკნავლა საწოლიდან სახედამანჭულმა ირაკლიმ.
-კარგი ერთი, კიდევ რას ინებებთ ბატონო ირაკლი? -ტატო წამოდგა, სწრაფად თეთრი მაისური მკლავზე გადაიკიდა და ცდილობდა, ხუმრობით მიმტანის როლი შეეთავსებინა.
-გადი, გადაშენდი, რა. -მკრთალად ჩაეცინა ირაკლის, ნელ-ნელა საწოლიდან წამოდგომა დაიწყო და ტანი გაჭიმა, შეეცადა, მოდუნებული კუნთები გაეცოცხლებინა.
-ბატონო ირაკლი, მოემზადე, დღეს დიდი დღე გვაქვს.
-რაო? -მთქნარებით იკითხა ირაკლიმ.
-ერთ პატარა სოფელში მიმყავხარ.
-აუ, ეს და თავის სოფლები. -ხელი ჩაიქნია ირაკლიმ. -ბიჭო, რა ტვინი წაიღე, სოფელ-სოფელ ხეტიალი რომ მდომოდა, რად მინდოდა ეს კუნძული? წავიდოდი ბებიაჩემთან ლანჩხუთში, ვახრამუნებდი თხილს და იქაც კარგად დავისვენებდი.
-ნწ, შენ რა იცი, კვაჭაძე? პლიაჟზე გასვლასაც მოასწრებ, ეს სანახაობა კი დიდხანს გაგყვება მოსაგონრად. -ეშმაკურად ეღიმებოდა ტატოს.
-უფ... -ნერვიულობა დაეტყო ირაკლის. -ეს ალვინამ რომ გირჩია ის სოფელია, არა?
-გახლავს. -თავი დაუკრა ტატომ მეგობარს და წარმოთქმული სახელი შეუსწორა:-სხვათაშორის, იმ გოგოს ალვიტა ჰქვია.
-ჰო, ალვიტა. -სიტყვა გაასწორა ირაკლიმ, ტატოს გოგონას მიერ მიცემული რუქა წაართვა, უცბად გადახედა, ვერაფერი გაუგო და უკან მიუგდო.
ცოტა ხანში, მეგობრები მეზობლისგან ნაქირავები ველოსიპედებით მიუყვებოდნენ გზებს ტურისტული სააგენტოსკენ.


***
შეგგის მხიარული სიმღერების ფონზე ტურისტებით სავსე თეთრი მინი ვენი ლურჯ მთებს უახლოვდებოდა. ჰაერს ნელ-ნელა ცვლილება დაეტყო, საამო სიგრილე თავისას შვებოდა და ფილტვებმაც უფრო თავისუფლად დაიწყეს სუნთქვა. რასტაფარის სოფლამდე მანქანის მისვლა შეუძლებელი იყო, ამიტომ გარკვეული მანძილი ფეხით უნდა გაევლოთ. მონტეგო ბეის მდინარეს რომ მიადგნენ, გიდმა ყველა გააჩერა და მიმართა:
-წყალი ჩქარი და ცივია, მაგრამ ღრმა არ არის. როგორც თავიდანვე გაგაფრთხილეთ, მეორე ნაპირზე რეზინის ბოტებით ან სხვა სახის, თქვენთვის მოსახერხებელი ფეხსაცმლით თუ გადახვალთ, სხვანაირად გაგიჭირდებათ. ფრთხილად იყავით და მომყევით. -სიტყვის თქმა როგორც კი დაასრულა, პატარა მდინარე სწრაფად გადაკვეთა და ნელ-ნელა სოფლისკენ მიმავალ პატარა ბილიკებს აუყვა. ყველა დაიძრა და დაუვიწყარი თავგადასავლების მოლოდინით, უკან მოუთმენლად მიყვებოდნენ ექსკურსიამძღოლს. მოულოდნელად ბილიკებზე მიმავალი ტურისტები ირაკლის განწირულმა ხმამ შეაცბუნა და ყველამ ერთად უკან მიიხედა. მდინარის გადაკვეთისას ერთ-ერთ სიპ ქვაზე ფეხი ცუდად დასცდენოდა და კოჭი გადაუბრუნდა. ტკივილისგან სახეს სასაცილოდ მანჭავდა და ფეხს იზელდა. ტატოს სიცილი წასკდა.
-რა გაცინებს, ტო? სულ შენი ბრალია, ვგდებულიყავი პლიაჟზე, მეც დაგიჯერე რა. -წუწუნებდა ირაკლი.
-კარგი, ჰო. ნელა წავიდეთ, დაგეხმარები. -ხელი შეაშველა მეგობარს ტატომ.


***
რასტაფარიანელები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი აღმოჩნდნენ. თითქმის ყველას, იამაიკის დროშის ფერებში, ყაისნაღით მოქსოვილი თხელი ქუდები ეფარათ, რომლებიც ბუნებრივად აბურდულ, გრძელ, ხვეულ თმას უფარავდათ. გარეგნობით ყველა თხელი და მაღალი აღნაგობის იყვნენ, გულწრფელი ღიმილით და თბილი გამომეტყველებით.
ტური ადგილობრივების სკოლით, საცხოვრებელი სახლებით და ეზოების დათვალიერებით დაიწყო. ბამბუკისგან ნაშენებ და ისლით გადახურულ ქოხებში ძალიან უბრალო, ასევე ბამბუკისგან გაკეთებული საწოლები, მაგიდები და სკამები ჰქონდათ. ყველა სახლს გარშემო ეზოები ერტყა, სადაც სამკურნალო ბალახებს, ბოსტნეულს და ხილს ახარებდნენ. იქაურები ყველა მცენარის სასიკეთო თვისებების შესახებ ფლობდნენ ინფორმაციას და მთელი მონდომებით აცნობდნენ სტუმრებსაც. სხვათაშორის, ყველა ვეგეტარიანელი იყო, მხოლოდ მცენარეებს მიირთმევდნენ და თვლიდნენ, რომ ჯანსაღი კვება არა მხოლოდ მათ ჯანმრთელობას მოუტანდა სიკეთეს, არამედ სულიერადაც აამაღლებდათ.
-ტატო, შეამჩნიე ეზოებში რამდენი „მოსაწევი“ იზრდებოდა? -ეშმაკური ღიმილით ჰკითხა კოჭლობით მოსიარულე ირაკლიმ მეგობარს.
-მაგის მეტი ვერაფერი შეამჩნიე? ესენი იმ მცენარეს მედიტაციისთვის, რელიგიური დატვირთვით იყენებენ.
-არც ისე იკლებენ. -ჩაეცინა კვაჭაძეს.
-იკლებენ თუ არა, ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ძირითადად რელიგიური დატვირთვა აქვს-მეთქი. რატომ არ გესმის? ასევეა ტამტამებიც, აქაურების რწმენით, მათზე აჟღერებული მუსიკა მათ სულიერ ცნობიერებას უწყობს ხელს. -შეუღრინა ტატომ.
-კარგი, ჭკუისკოლოფო, დაგიჯერე. -ჩუმად ქირქილებდა ირაკლი.
ტურისტები მთავარ მოედანზე შეკრებილიყვნენ და რასტაფარიანელების ლიდერს ელოდებოდნენ შესახვედრად. ცოტა ხანში, ჭაღარათმიანი მოხუცი გამოჩნდა და მათ წინ, ხის დაბალ სკამზე ჩამოჯდა. ლიდერს სიძველისგან გაცრეცილი წითელი პერანგი და ლურჯი შარვალი ეცვა. თმა და წვერი ადათ-წესების მიხედვით ისევე როგორც ყველას, მასაც ძალიან გრძელი, ზევით შეკრული და ნაქსოვი ქუდით ჰქონდა დაფარული.
ლიდერმა იქაურების ისტორია უამბო, როგორ გადმოასახლეს ეთიოპიიდან იამაიკაზე, როგორი ცხოვრების წესები ჰქონდათ, რომელ რელიგიას მისდევდნენ, რას ჭამდნენ, როგორ გაჰქონდათ თავი მთის ფერდობზე და ა.შ. ყველაზე სახალისო ტამტამების კეთების პროცესი და მათზე დაკვრა აღმოჩნდა, თუმცა ქალბატონები საპნის დამზადების პროცესითაც ძალიან მოიხიბლნენ. ოთხსაათიანი ტურის ბოლოს ადგილობრივების საკვებსაც გაუსინჯეს გემო და ემოციებით და ახალი გამოცდილებით დატვირთულებმა მთებში გაშენებული ყავის პლანტაციებისკენ გადაუხვიეს, სადაც ახლად დაკრეფილი და მოხალული მარცვლებისგან მომზადებული უგემრიელესი ყავაც მიირთვეს. დღის ბოლოს ყველა ბედნიერად მოდიოდა ლურჯი მთებიდან და გზაში ფოტო კამერებით, მთელი დღის განმავლობაში აღბეჭდილი კადრებით ირთობდა თავს. მხოლოდ ირაკლი იყო უკმაყოფილო, რომელსაც ნატკენი ფეხი დროდადრო თავს ახსენებდა.


***
შუაღამისას ირაკლის ფეხზე ტკივილმა უმატა.
-მიშველე რამე, ვიღუპები. -საცოდავი თვალებით უყურებდა მეგობარს და მაინც არ ეშვებოდა ხუმრობას.
-ფეხის ტკენით დაღუპული ირაკლი. -ხმამაღლა აცხადებდა აბაზანიდან გამოსული, ტანზე პირსახოცშემოკრული ტატო და თან ეღიმებოდა.
-არ გჯერა, არა?
-შენ წარმოიდგინე, არა. -მხიარულობის ხასიათზე იყო ტატო.
-აუ, ძმურად რა, ალვინას დაუძახე, იქნებ რამე წამალი ჰქონდეს ან აფთიაქში გაყიდინოს, ასე ძაღლივით ხომ არ ვიღმუვლებ მთელი ღამე, ტო?
-ჯერ ერთი, იმ გოგოს ალვიტა ჰქვია, მეორეც, ამ შუაღამეს ვერ გავაღვიძებ, „ტეხავს“.
-შეიძლება ეღვიძოს, ნახე რა, გთხოვ.
-აუფ, რას გადამეკიდე?!
-მიდი, არ დაიზარო, თორემ ამაღამ შენც ხომ გინდა ძილი? თავზეც იფიქრე.
ტატოს ირაკლის სიტყვებზე ჩაეცინა, ტანსაცმელი გადაიცვა და ეზოში ჩავიდა. სიკვდილივით ეზარებოდა, ასეთ დროს მასპინძელი შეეწუხებინა, მაგრამ ირაკლის ზმუილის ხმა რომ ახსენდებოდა, ებრალებოდა. როგორც იქნა, გაბედა და კარზე დააკაკუნა.
-რამე მოხდა? -ალვიტამ გაკვირვებული სახით გაუღო ტატოს კარები.
ბიჭმა ყველაფერი აუხსნა და რამდენიმე წუთში გოგონა სამკურნალო მცენარეებით და მალამოებით ხელში უკვე სტუმრების ოთახში იყო და ირაკლის ფეხზე ნატკენს უმუშავებდა.
-არაფერია, ხვალ თავისუფლად გაივლი. -ამშვიდებდა ალვიტა ირაკლის და სახვევს მჭიდროდ უხვევდა.
გოგონა ტურისტებს დაემშვიდობა და ოთახი დატოვა. ტატომ გააცილა, მადლობა გადაუხადა და მშვიდობიანი ღამე უსურვა. ოთახში რომ დაბრუნდა, ირაკლის სახის დანახვისას გაეღიმა.
-რას მიღიმი? -დაღრეჯილი სახით ეკითხებოდა ირაკლი და ტკივილისგან შეწუხებული კიდევ უფრო მანჭავდა სახეს.
-არაფერი. როგორი მომსახურება გაქვს, შენ უნდა თქვა, იამაიკელების პრინცი ვარო. -დასცინოდა ტატო.
-რა შემატყვე პრინცობის? -ძლივს აწია ბალიში ირაკლიმ და ზურგით მიეყუდა.
-მთელი კუნძულის მცენარეები ზედ გადევს, ასეთი ლამაზი გოგონას ყურადღებაც დაიმსახურე... -ქირქილებდა ტატო.
-შენ იცინე და ამ ფოთლებმა თუ მართლა რამე მიშველეს, ხვალ ნატალის გასაცნობად მივდივარ. -ირაკლის ეშმაკები აუთამაშდნენ თვალებში.
-ვის გასაცნობად?
-ჰო, რა იყო? დღეს ფეხმონგრეული ვერ დავენახებოდი, სირცხვილი იყო.
-ვაჰ, რა დავაშავე ეს „ბაბნიკი“ რომ ავიკიდე. რომელ ნატალიზე მელაპარაკები?
-დღეს გავიცანი, ჩვენთან ერთად რასტაფარში ბრძანდებოდა.
-ა, ის ლამაზმანი? როგორ ვერ მივხვდი. -თავი გაიქნია ტატომ. -საიდან არის?
-ნა-ტა-ლი... - გააგრძელა სიტყვა, -აბა, დაფიქრდი, -გამხიარულდა ირაკლი.
-ფრანგია?
-გახლავს.
-ოჰო, ფრანგი აკლდა შენი ქალების სიას და აჰა, აგიხდა. კარგი, დავიძინოთ. შევხედოთ ხვალ შენს ფეხს და ისე დავგეგმოთ, რა ვქნათ. თავგზას ამირევ ხოლმე რა.-საყვედურობდა ტატო.
- რა ვქნა, ტო, ძალით ხომ არ მინდოდა? -შეუბღვირა ირაკლიმ მეგობარს.
ტატოს პასუხი აღარ გაუცია, სუსტად მბჟუტავი სანათი ჩააქრო და გვერდზე გადაბრუნდა. აღარც ირაკლის უცდია რაიმეს თქმა, მთელი დღის დაღლილს მალე ჩაეძინა.
ტატოს თვალს ძილი არ ეკარებოდა. ბევრი წრიალის შემდეგ ვეღარ მოისვენა და ეზოში ჩავიდა, გრძელ საქანელაზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა. ღამის სიჩუმეს მოსახლეობის ეზოებიდან გადმოსული ძაღლების ყეფა არღვევდა. ეზოში ტროპიკული მცენარეების სუნი ტრიალებდა. ნელა არწევდა საქანელას რაღაცაზე ჩაფიქრებული ტურისტი. მოულოდნელად, თავზე ალვიტა წამოადგა:
-როგორ არის თქვენი მეგობარი?-მორიდებით ჰკითხა გოგონამ.
ღამის სიწყნარეში ტატო არავის გამოჩენას ელოდებოდა და ხმა რომ გაიგონა, ოდნავ შეცბა:
-აჰ, თქვენ ხართ? არაუშავს , ჩაეძინა. -ღიმილით უპასუხა მასპინძელს.
-თქვენ რატომ არ გძინავთ?-ერთხმად დაუსვეს კითხვები ერთმანეთს და თავადვე გაეცინათ.
-მე იმიტომ არ მძინავს, რომ ძილი გადამივიდა.
-მეც ასე ვარ, როცა ღამით მეღვიძება, არ არსებობს, რომ ძილი შევიბრუნო. -უპასუხა გოგონამ.
-ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ჩემი ბრალია, მე გაგაღვიძეთ.
-არაუშავს, -გაუღიმა ალვიტამ. -ხვალ რა გეგმები გაქვთ?
-სიმართლე გითხრა, არ ვიცი. შევხედავ, ირაკლი როგორ იქნება და იმის მიხედვით ავაწყობ დღეს.
-არ იდარდო, ხვალ უკვე კარგად იქნება.
-მინდოდა მეკითხა და ვეღარ გკითხე, რომელი მცენარეები და მალამოები გამოიყენე?
-ეს იამაიკური საიდუმლოა. -გაეცინა გოგონას და ეზოდან გასვლა დააპირა.
-სად მიდიხარ? -გაოცებული უყურებდა ტატო.
-ჩემს ადგილას მივდივარ.
-შენს ადგილას?
-ჰო, ერთი ადგილი მაქვს ამოჩემებული და ხშირად მივდივარ ხოლმე.
-მე არ წამიყვან? მაინტერესებს აქაურები როგორ ცხოვრობთ, რას როგორ გრძნობთ, რითი ერთობით.
-მართლა გაინტერესებს? -ეჭვით შეხედა ალვიტამ ტურისტს.
-მართლა. -მტკიცედ დაუკრა თავი ტატომ.
-რადგან ასეა, წამოდი.


***
ალვიტამ ტატო სანაპიროზე მოწყობილ ადგილას მიიყვანა.
-აქ ალბათ, ვერც მოვხვდებოდი. -ტატო ინტერესით ათვალიერებდა მოუვლელ პლიაჟს, რომელიც საკმაოდ შორს იყო ტურისტული ზონიდან.
-ეს ადგილი ძალიან მიყვარს, ძირითადად ღამე ვაკითხავ ხოლმე. კლდეები, მთვარე, ზღვის ტალღების ხმა, ჰამაკი და ჩემი ხელით აგებული ბამბუკის თავშესაფარი -ეს ყველაფერი განტვირთვის კარგი საშუალებაა.
-საკუთარ თავთან განმარტოვება გიყვარს?
-ბუნებასთან კონტაქტი მიყვარს, თორემ საკუთარ თავთან სხვაგანაც შეიძლება განმარტოვება. -გაუღიმა გოგონამ და თმაში დამაგრებული ვარდისფერი ჰიბისკუსის ყვავილი მოიხსნა. ღრმად შეიგრძნო მისი სურნელი და მამაკაცს მიმართა: -ამ ყვავილის და ზღვის სურნელი, ტალღების ხმა, მზისგან გამთბარი ეს თეთრი ქვიშა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს დღის განმავლობაში მიღებულ სითბოს, -ეს სიცოცხლეა, სამყაროს შემოქმედისგან გამოგზავნილი საჩუქარი.
-სამყაროს შენებური და საინტერესო აღქმები გქონია. -ტატომ ჰიბისკუსი გამოართვა და თავადაც ღრმად შეიგრძნო მისი სურნელი.
-აქ რატომ ჩამოხვედი?
-ბატონო? -კითხვას ვერ მიუხვდა ტატო.
-რატომ მაინცდამაინც იამაიკა? კიდევ ბევრი ტროპიკული კუნძული არსებობს. -კითხვა განუმარტა ალვიტამ.
-მეც არ ვიცი რატომ. ალბათ, ყველაზე საინტერესო კუნძულად მივიჩნიე.
-არის კიდეც. ამ კუნძულის დასახლების ისტორია რასტაფარში არ გაგაცნეს?
-დიახ. -თავი დაუქნია ტატომ. თავდაპირველად სხვა ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც ინფექციით დაავადდნენ და დიდი რაოდენობით იღუპებოდნენ. ესპანელებმა, რომლებიც ამ კუნძულს 1655 წლამდე ფლობდნენ საკუთრებაში, ეთიოპიიდან შავკანიანები გადმოასახლეს.
-და მონებად ამუშავებდნენ... -მოიწყინა ალვიტამ.
-დიდი ბრიტანეთის მმართველობის დროსაც იგივე ხდებოდა, არა?
-დიახ, ისინიც მონებად ამუშავებდნენ ჩვენს წინაპრებს შაქრის ლერწმის, ყავის და კაკაოს პლანტაციებში.
-კარგია, რომ თავისუფლება მოიპოვეთ.
-ამისთვის ბევრი ბრძოლაც დაგვჭირდა. -გაეღიმა გოგონას.
-იცი რას გატყობთ აქაურებს? ხანდახან, ძველი სულიერი ტკივილი მაინც არ გავიწყებთ თავს, ამიტომ კარგად იცით თავისუფლების ფასი და ყველანაირად ცდილობთ, რომ ბოლომდე შეიგრძნოთ, ახლანდელ მდგომარეობას ძალიან აფასებთ.
-სწორედ ასეა. თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში. -დაეთანხმა ალვიტა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა.
-აქ რომ მოდიხარ, რაზე ფიქრობ ხოლმე? -ტატო გოგონას მიუახლოვდა და ცდილობდა ზღვიდან მომდინარე სურნელისგან ალვიტას სურნელი გამოერჩია.
-ჩემთან დაჯექი, ჰამაკში შენთვისაც არის ადგილი. -გოგონამ თამამად გაუნთავისუფლა ბიჭს ადგილი.
ტატოც გათამამდა და ალვიტას გვერდით მიუჯდა.
-რას მეკითხებოდი? რაზე ვფიქრობ ხოლმე? -ჩაფიქრდა გოგონა.
-ჰო, თუ საიდუმლო არ არის.
-ყველაფერზე. -მოკლედ მოუჭრა გოგონამ.
-მაინც?
-შენ ასე ეკირკიტები ყველას? -ხუმრობით აუწია წარბი გოგონამ.
-კარგი, თუ არ გინდა, რომ მითხრა, მაშინ გავჩუმდები.
დიდხანს ისხდნენ ჰამაკში და ორივე საკუთარ ფიქრს მოეცვა. ზღვის ტალღები თითქოს, ბევრ ისტორიას უყვებოდნენ ორივეს და სამყაროს საოცრებებს აზიარებდნენ. დაღლილი სხეულები ზღვის მიერ მოყოლილ ამბებს ისე გაერთო, ძილი მოერიათ და ჩასძინებოდათ.
ტატო დილის სიგრილემ გამოაღვიძა და გვერდით რომ ალვიტა ვერ ნახა, წუთით შიშმა შეიპყრო და ირგვლივ თვალიერებას მოჰყვა.
-Gud mawnin -გოგონა კეკლუცად მიესალმა და ქოქოსის ნაყოფი მიაწოდა.
-Good morning -მიესალმა ტატოც და დილის საუზმე გამოართვა.
-როგორ გეძინა? -ალვიტა გემრიელად მიირთმევდა ახლად დამტვრეულ ქოქოსს და ტურისტს უღიმოდა.
-აქ როგორ ჩაგვეძინა, არ მესმის?
-ეს ჯადოსნური ადგილია, ამიტომ მიყვარს. -გაეცინა ალვიტას.
-მართლა ჯადოსნური ადგილი ყოფილა. -დაეთანხმა ტატო.
-აუფ, სამსახურში მაგვიანდება, მალე უნდა წავიდეთ. -საათს დახედა გოგონამ და აღელვება დაეტყო.
-კი, ბატონო, წავიდეთ.-არ შეეწინააღმდეგა ტატოც. -იცოდე, დღეს მასაჟზე შენთან მოვდივარ. -გააფრთხილა ალვიტა.
-არ არის პრობლემა, როგორც გინდა. -თბილად გაუღიმა გოგონამ.
ეზოში შესულებს ირაკლი შეეგებათ:
-ოჰო, სად ბრძანდებოდი ღამე, სიხარულიძე? -თვალები დააწვრილა და ეჭვიანი მზერით შეხედა მეგობარს.
-ეს ის არ არის, რაც შენ გგონია. -გაეცინა ტატოს.
-მზრუნველმა მამამ დააძინა ბავშვი და თავად იცუღლუტა, არა? -ირაკლიმ სასაცილოდ დაპრუწა ტუჩები.
-არაფერი არ მომხდარა, ნუ ხარ ეჭვიანი. შენ ის მითხარი, ფეხი როგორ გაქვს?
-არამიშავს, ისე აღარ მტკივა. საუბარი სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს, სად იყავი, აღარ იტყვი?
-შემეშვი რა, ირაკლი, შენი ნერვები არ მაქვს.-აჯაჯღანდა ტატო.
ვიდრე მეგობრები კინკლაობდნენ, ალვიტა უკვე სამსახურისთვის გამზადებულიყო და ეზოდან გარბოდა.
ტატომ თეთრ სარაფანში და ზღვის ნიჟარებით აწყობილ მძივებში გამოწყობილ ალვიტას თვალი სხვანაირად გააყოლა.
ირაკლის თვალს არ გამორჩენია მეგობრის სხვანაირი მზერა და მრავლისმეტყველად გადახედა და თავი გააქნია.
-თავი დამანებე რა. -გააგრძელა ტატომ.
-ახლა მაინც ხომ არაფერი მითქვამს, არა? რა გეტაკა, რომ მიბღვირი? რაო, ალვინა მოგვწონსო, აჰ? -კვაჭაძემ გრძნობებზე თამაში დაუწყო მეგობარს.
-ალვიტა, მეგობარო, ალ-ვი-ტა. რა გჭირს, რით ვეღარ დაიმახსოვრე?! -გაბრაზებული უსწორებდა სიტყვას.
-ჰო, ბოდიში, ალვიტა. -ეშმაკურად აგრძელებდა ღიმილს ბიჭი.


***
შუადღე ახლოვდებოდა, როდესაც მეგობრები ველოსიპედებით მიადგნენ მონტეგო ბეის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს სპა სალონს.
-შემოხვალ? -ტატომ სერიოზული სახით ჰკითხა ირაკლის, რომ ისევ ხუმრობა არ დაეწყო.
-არა, მე ნატალის უნდა შევხვდე, აქვე, პლიაჟზე ვიქნები, თუ რამე, დამირეკე.
-მოკლედ, მასაჟს მოვრჩები და დაგირეკავ.
-შევთანხმდით, ბევრი არ იცუღლუტო, იცოდე! -წასვლის წინ, ირაკლიმ მაინც ვერ მოითმინა და ტატოს მიაძახა.
-არც შენ. -გაეცინა ტატოს და სპა მასაჟის ოთახის ძებნა დაიწყო.
ცოტა ხანში, ტატო და ალვიტა სპა მასაჟისთვის განკუთვნილ ღია აივანზე იყვნენ, საიდანაც ზღვის ხედი იშლებოდა. იქიდან წამოსულ სიგრილეს, მის სხეულზე ნაზად მოძრავ თითებს და ქოქოსის ეთერზეთების სუნს ბიჭი ისე გაებრუებინა, ხმა წაერთვა და ნეტარების ბურუსში გახვეულიყო. ორმოცდახუთწუთიანი პროცედურის შემდეგ ჯერ კიდევ მოდუნებული და გაკაჟებული სხეული მასაჟის საწოლიდან ძლივს წამოსწია და ალვიტას მადლიერი თვალებით შეხედა:
-ყოჩაღ! არაჩვეულებრივად გამოგდის, გავითიშე.
-მადლობა. -გაუცინა გოგონამ.
-დღეს რომელ საათზე დაამთავრებ სამუშაოს?
-ოთხ საათზე.
-ბარშიც უნდა წახვიდე?
-არა, დღეს არ მიწევს ბარში მუშაობა.
-მაშინ ერთად ხომ არ წავსულიყავით სადმე?
გოგონა დაფიქრდა და სახეზე შეეტყო, რომ უარის თქმას აპირებდა, როცა ტატომ მორიგი სიტყვა ჩააგდო: -შენ უკეთესად იცნობ აქაურობას, ირაკლიც წავიყვანოთ და სადმე საინტერესო ადგილას, ტურით წავიდეთ.
-ნიანგებით სავსე მდინარეში გასეირნების ტურზე რას იტყვი?
-მეხუმრები? -ტატომ გაოცებით შეხედა ალვიტას.
-არა, მართალს ვამბობ. აქვე, ჯუნგლებში გამავალ შავ მდინარეშია, მანქანით შემიძლია, წაგიყვანოთ.
-რა ჰქვია მდინარეს? -ინტერნეტში გადამოწმება მოუნდა ტატოს.
-შავი მდინარე.
ბიჭმა გუგლის საძიებო სისტემაში შავი მდინარის ტური მოძებნა:
-ეს მართლაც საინტერესოა. -აღფრთოვანებას ვერ მალავდა სიხარულიძე.
-წავიდეთ?- გადახედა ალვიტამ.
-აბა, რა უნდა ვქნათ? ახლა ჩემ ფეხნატკენ ძმაკაცს მოვძებნი და პლიაჟზე დაგელოდებით,-თვალი ჩაუკრა ტატომ.
-დაგირეკავთ.-ხელით ანიშნა გოგონამ და დაემშვიდობა.


***
დიდხანს ეძება ტატომ ირაკლი, მაგრამ არც ტელეფონის ზარს პასუხობდა და არც პლიაჟზე იმყოფებოდა. იცოდა, მეგობრის ხანმოკლე გადაკარგვების ამბავი და დიდად არ უნერვიულია, დროებით მის ძებნას შეეშვა და კარიბის ზღვის კამკამა ტალღებში საცურაოდ შევარდა. უცნაურად ლამაზი წყალი იყო, ნაპირზე თეთრ ქვიშებს მისთვის ოდნავ ღია, მომწვანო ფერი მიეცა, ხოლო რაც უფრო ღრმად შედიოდი, მით უფრო მუქ ფერებში გადადიოდა.
საათნახევარში ირაკლის მობილურიდან ტატოს ტელეფონზე ტექსტური შეტყობინება შევიდა: -სად ხარ?
-პლიაჟზე ვარ, შენ სად აორთქლდი?
-მოვდივარ.-მხოლოდ ეს უპასუხა და ძალიან მალე, ბედნიერი სახით პლიაჟზე გამოჩნდა, მეგობარს გვერდით მიუწვა და თაკარა მზის სხივებს რუჯის მისაღებად სხეული მიუშვირა.
-სად ეგდე? -ცალყბად მოიკითხა ტატომ მეგობარი.
-ვითომ არ იცი ახლა.
-ნატალისთან?
-ჰო.
ტატოს ჩუმად ჩაეცინა და აღარ ჩასძიებია, ისე გადაუტანა საუბარი სხვა თემაზე:
-შავი მდინარის ტურზე ალვიტასთან ერთად ხომ წამოხვალ?
-რა სანახაობა გველის?
-ტროპიკულ ტყეში გამავალი მდინარე, ნიანგები, მცენარეები, ფრინველები და ა.შ.
-ნიანგებიო? ვა, ეს უკვე საინტერესოა, წამოვალ. -თვალები გაუნათდა ირაკლის.


***
პატარა ბორანზე თავგადასავლების მოყვარულ ტურისტებთან ერთად ალვიტაც იჯდა და ამაღელვებელი ტურისთვის ემზადებოდა. ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ნიანგებით სავსე მდინარეში მოუწევდათ შესვლა და თითოეული მათგანი ცდილობდა, გულებთან ნელა მოპარული შიში ინტერესით უფრო გადაეფარათ. უსაფრთხოების ზომების ყველა წესის დაცვის შემდეგ, გიდი დარწმუნდა, რომ ბორანი შავი მდინარის დასალაშქრად მზად იყო და როგორც იქნა, დაიძრა.
-მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ბორანზე. მე გახლავართ „კაპიტანი ნემო“ და მოხარული ვარ, რომ დღეს, ამ ტურს ვუძღვები. ახლა იმყოფებით ამ კუნძულის ყველაზე გრძელ მდინარეში, რომელიც სანახაობრივად ძალიან მრავალფეროვანია და იმედი მაქვს, რომ რასაც აქ ნახავთ, დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ მოსაგონებლად. მაშ, ასე, დავიწყოთ.
-ტიპმა რა სახელი დაირქვა. -ქირქილებდა ირაკლი.
-პატივში ხარ, რა გინდა? თვით კაპიტანი ნემო გვემსახურება. -ხუმრობდა ტატოც.
-ამ მდინარის გარშემო არსებულ ტროპიკულ ბუნებაში ორმოცდაათ სახეობაზე მეტი ფრინველი ბინადრობს. აღსანიშნავია, რომ აქ რასაც ხედავთ, ისინი ასი პროცენტიდან ნიანგების კბილებს გადარჩენილთა მხოლოდ ხუთი პროცენტია. -აგრძელებდა კაპიტანი.
-ბიჭო, ნახე რა მშვიდად ცურავს ეს მახინჯი. -ბორანთან ახლოს მყოფ ნიანგზე მიუთითებდა ირაკლი მეგობარს.
ტურისტებმა ფოტო კამერები მოიმარჯვეს. ბორანი თანდათან უფრო ღრმად შედიოდა შავ მდინარეში და ზოგ ადგილას ლიანებით დაფარულ ვიწრო გზებს იკვალავდა.
-ეს რა ჩიტია, გამაყრუებლად რომ ჟღურტულებს? -კითხვით მიუბრუნდა ალვიტას ტატო.
-კოლიბრს უწოდებენ. ძალიან პატარა ფრინველია, გრძელკუდიანი, გარდამავალი ფერებით, აქ უამრავს შეხვდები.
-პატარა და ასეთი ხმით? -გაოცებული ეკითხებოდა ტატო.
-მერე გაჩვენებ კიდეც, ძნელი შესამჩნევია, მაგრამ მე ყოველთვის ვხედავ ხოლმე. -გაუღიმა ალვიტამ და კუნძულის ბუნების მშვენიერებით ტკბობას განაგრძობდა.
ტატო თვალს არ აშორებდა გოგონას და თავადაც ვერ გაეგო ასე რატომ იზიდავდა მისთვის უცხო და ეგზოტიკური გარეგნობის ქალი თავის თავისუფალი, ცოტა ველური და ცოტაც ნაზი სულით.
„კაპიტანი ნემო“ ისევ აგრძელებდა მდინარის გარშემო გავრცელებულ იშვიათი ჯიშის ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს თავისებურებებზე საუბარს. მოულოდნელად წყ,ლის დგაფუნის ხმა გაისმა, ვიღაც სურათების გადაღებამ ისე გაიტაცა, ერთ-ერთი კადრის გადაღებისას თავი ვეღარ შეიკავა და მდინარეში ჩავარდა. ბორანზე ჩოჩქოლი ატყდა. ტატოც გამოერკვა ფიქრებიდან და ირაკლის განწირული ხმა მოესმა: -მიშველეთ! - შეშინებული აცეცებდა საბრალო თვალებს, წყალში ფართხალებდა და აქეთ-იქით იყურებოდა, რომ ნიანგს არ შეეჭამა. -მიშველეთ! -არ ცხრებოდა ტურისტი. ბორანი გაჩერდა და კაპიტანთან მყოფმა დამხმარე პერსონალმა სასწრაფოდ თოკი გადააგდო, რომ მამაკაცი მას მოსჭიდებოდა და ბორანისკენ მოექაჩათ. ნიანგმა შორიდანვე დაინახა თავის საკბილო და წყნარად, ძალიან აუღელვებლად დაიწყო შეშინებული მამაკაცისკენ ცურვა. გაფითრებულ ირაკლის სასიცოცხლო ნიშანწყალი დაჰკარგვოდა.
-რა გჭირს ირაკლი, დადამბლავდი? დროზე მოკიდე ხელი მაგ თოკს, ამის დედაც... -შეჰყვირა ტატომ. ნიანგი ისევ არ ჩქარობდა, ბოროტი თვალებით, აუღელვებლად მიიწევდა მომავალი მსხვერპლისკენ. ბორანზე პანიკამ იმატა.
-ირაქ-ლი, თოკს მოეჭიდე, თოკს! -შეშინებული უყვიროდა ალვიტაც და ცდილობდა, როგორმე დახმარებოდა.
როგორც იქნა, ირაკლიმ თოკი იპოვა და მოეჭიდა.
-ძალა მოიკრიბე და ხელი არ გაუშვა. -ღრიალებდა ტატო და სხვებთან ერთად თოკს ექაჩებოდა.
ამასობაში მეორე ნიანგიც გამოჩნდა. თვალებდაჭყეტილი იყურებოდა დამფრთხალი კვაჭაძე და ბოლომდე იბრძოდა სიცოცხლისთვის. როგორც იქნა, ბორანამდე მოქაჩეს, ამოიყვანეს და დამძიმებული სხეული სკამებზე გადააწვინეს. ბორანთან მოახლოვებულმა ნიანგებმა უკან სვლა იწყეს. აკანკალებულ ირაკლის პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
-“What an experience! F.ck!“; “-Oh, my god!”; “Is he OK?” -ისმოდა უცხოელების შეძახილები.
რამდენიმე წუთში ირაკლის გულის ცემა დაურეგულირდა და სახეზე ცოტა ფერიც მოუვიდა.
-ირაკლი, კარგად ხარ? რამე მითხარი, რას გაყურსულხარ? -ხმამაღლა ელაპარაკებოდა ტატო.
ირაკლიმ თვალები კარგა ხანს აცეცა, ბოლოს მეგობარს შეხედა და ამოილუღლუღა: -ტონს დაუწიე, შე ჩემა და მეორედ ასეთი გიჟი ტურები აღარ მიხსენო!
-შენ სურათის გადაღება არ იცოდე, რა ჩემი ბრალია? -ტატომ ხუმრობით უსაყვედურა გადარჩენილ მეგობარს და შვებით ამოისუნთქა.
იმ საღამოს, ალვიტა ტურისტების ოთახს არ მოშორებია. ირაკლი მცენარეული ნაყენებით გაჭყიპა-დაგამშვიდებსო. როგორც იქნა, ის ღამე გადააგორეს.


***
მეორე დილით, ტატო დიდხანს ელოდებოდა ძილისგუდა მეგობრის გაღვიძებას. ბოლოს, გულმა ვეღარ მოუთმინა:
-ჰა, რა გინდა. -ძლივს ამოილუღლუღა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა.
-როგორ ხარ?
-თუ თავს დამანებებ, კარგად ვიქნები.
-გაიღვიძე რა, კარგი გეგმები მაქვს.
-რა გეგმები? -კვაჭაძემ ერთი თვალი ძლივს გაახილა და მეგობარს შეხედა.
-წმინდა ანას (Nine Mile) სოფელში მივდივართ.
-ოღონდ შემეშვი რა, ნერვები არ მომიშალო.
-რატომ?
-დღეს მაინც დამანებე თავი, შემარგე დასვენება.
-კარგი რა, წამოდი. -არ ეშვებოდა ტატო.
-შანსი არ არის, ნატალის უნდა შევხვდე.
-აუფ, ეს და თავის ნატალი. წამოდი, მერეც მოასწრებ იმ გოგოსთან შეხვედრას.
-არა-მეთქი, მოკიდე ალვიტას ხელი და წაიყვანე, რას გადამეკიდე, ტო?
-ალვიტას დღეს არ სცალია, სასტუმროს შემდეგ ბარში უნდა იმუშავოს.
-მერე მე რა ვქნა?
-რომ გაიგო, სად მივდივართ... -აინტრიგებდა ტატო მეგობარს და ოთახში სტვენა დაიწყო.
-ჰო, ვიცი, რა თქმა უნდა, სადღაც სოფელში.
-უბრალო სოფელი არ გეგონოს.
-ეს ვინ არის, ტო, რას დამათრევ ჩემოდანივით? მომასვენე რა!
-ბობ მარლის სოფელში მივდივართ.
-სად? -უცებ გამოფხიზლდა ირაკლი.
-აბა, ცუდ ადგილზე ხომ არ წაგიყვან? მენდე ხოლმე.-თვალი ჩაუკრა ტატომ.
-ვა, ეს მესმის. -გაეღიმა ირაკლის.
-მიდი ჩაიცვი, მალე მანქანა მოგვაკითხავს.
-OK. -სიხარულით წამოხტა საწოლიდან და ჩემოდანში სუფთა ტანსაცმელს დაუწყო ძებნა.
შუადღეზე ტურისტებს მძღოლმა მოაკითხა. ორი საათში უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ. სახლს უზარმაზარი ჭიშკარი ჰქონდა, რომელზეც ბობ მარლის სურათები იყო გამოსახული. თანამედროვე სტილში აგებულ სახლს ულამაზესი ეზო ჰქონდა, რომელიც ათასგვარი სახეობის მცენარეებით იყო გალამაზებული, იქიდან კი კიბეებით ზედა სართულებზე ადიოდი, რომელთაც კიდევ უფრო დიდ ეზოში გაჰყავდი, სადაც პატარა ბარი და სუვენირების მაღაზია იყო. ბარიდან ბობ მარლის „Buffalo Soldier” ისმოდა. ტერასიდან მწვანეში ჩაფლული პატარა სოფლის შთამბეჭდავი ხედი იშლებოდა.
-ნახე, რაზე ამბობდი უარს. -ტატომ აღტაცებულ ირაკლის გადაულაპარაკა.
-არ ვიცოდი, თუ რეგის მეფე ამ პატარა სოფლიდან იყო. -აღფრთოვანებას ვერ მალავდა მეგობარი.
-აქეთ მობრძანდით, -თავი შეახსენა გიდმა ტურისტებს და ოთახებისკენ წაიყვანა.
ოთახებში ბობ მარლის ნივთები, ავეჯი, ტექნიკა და სურათები ინახებოდა. გიდი გულმოდგინებით უხსნიდა ტურისტებს თითოეულ განსაკუთრებულ ისტორიას. ერთ დაფაზე მომღერლის მიერ სიცოცხლეში წარმოთქმული რამდენიმე ბრძნული გამონათქვამიც იყო:
“One good thing about music, when it hits you, you feel no pain.” (ერთი კარგი რაღაც აქვს მუსიკას, როცა გარტყამს, ტკივილს არ გრძნობ.)
“Money is numbers and number never end. If it takes money to be happy, your search for happiness will never end.” (ფული რიცხვებია და რიცხვები არასოდეს მთავრდება. თუ შენი ბედნიერება ფულზე იქნება დამოკიდებული, ვერასოდეს დაამთავრებ მის ძებნას.)
„Some people feel rain. Others just get wet.” (ზოგი გრძნობს წვიმას, სხვები კი მხოლოდ სველდებიან.)
“You never know how strong you are, until being strong is the only choice you have.” (იქამდე ვერ ხვდები რამდენად ძლიერი ხარ, სანამ ძლიერად ყოფნა ერთადერთი გამოსავალია, რომელიც გაქვს.)
სტუმრებისთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი ბობ მარლის საფლავი იყო, რომელიც მომღერლის სახლშივე მოეწყოთ და იქაურობას მავზოლეუმის ფუნქციას სძენდა.
-რეგის ლეგენდად წოდებული რობერტ ნესტა მარლი სწორედ აქ, ამ მონუმენტურ სამარხში გახლავთ დაკრძალული. ანდერძის მიხედვით ხუთი მნიშვნელოვანი რამ ჩაატანეს: თავის გიტარა, ეთიოპიის პრინცის Asfa Wossen-ის მიერ ნაჩუქარი ბეჭედი, ბიბლია, ფეხბურთის ბურთი და . -აგრძელებდა თეთწვერა გიდი.
-ოჰო, უყურე შენ. -ჩაეცინა ირაკლის. -იქაც თან გაუყოლებია „მოსაწევი“.
ტატო ყურადღებას არ აქცევდა კვაჭაძის მაიმუნობას.
-ოფიციალურად თერთმეტი შვილი ჰყავდა: შერონი, სიდელა, დეივიდ აკა ზიგი, სტეფანი, რობერტი, როჰენი, ქერენი, სტეფანი, ჯულიენი, ქი მენი და დემიენ აკა ჯუნიორ გონგი. ამ ფოტოზე კი მისი ცხრამეტი წლის ძმაა გამოსახული, რომელიც მაიამის ქუჩაში, ერთ-ერთი შემთხვევის დროს, პოლიციის ოფიცრებმა თავში გასროლით მოკლეს.
-ეს ფაქტი ნამდვილად არ ვიცოდი. -ჩუმად გადაულაპარაკა ტატომ მეგობარს.
-მომღერლის ბოლო კონცერტი იტალიაში, კერძოდ მილანში ჩატარდა. დაიღუპა ოცდათექვსმეტი წლის ასაკში. -დაასრულა გიდმა.
-მოდი, სუვენირების მაღაზიაში შევიდეთ, რამეს ვიყიდი. -მოისურვა ირაკლიმ.
-მეც ვიყიდი რამეს. -უკან გაჰყვა ტატოც.
მომღერლის გამოსახულებით რამდენიმე მაისურის და ნივთების შეძენის შემდეგ მეგობრები ბარში დასხდნენ და იქაური სამზარეულოს ეგზოტიკურ საჭმელებს უშინჯავდნენ გემოს.
-ესენი და ამათი შემწვარი ბანანი რა. -იცინოდა ირაკლი.
-რას ვიზავთ, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მცენარეები, ცხოვრების სტილი -ყველაფერი განსაზღვრავს საჭმელების გემოს.
-ეგ ჰო, თავისთავად. -ეთანხმებოდა ირაკლი მეგობარს.
საღამო ხანი იყო, როცა გვარიანად დაღლილები ჩავიდნენ ქართველი ტურისტები საცხოვრებელ სახლში. ირაკლიმ როგორც კი ბალიშზე თავი დადო, მაშინვე ჩაეძინა. ტატო კი გონებაში მეორე დღის გეგმებს აწყობდა და ირაკლის ახალ თავგადასავალს უმზადებდა.


***
დილით ტატო ალვიტას ხმამაღალმა საუბარმა გამოაღვიძა. ეზოში გადაიხედა და ერთ-ერთ მაღალ ხეზე ნახა შემოსკუპებული.
-მანდ რა გინდა?
- ოჰ, დილა მშვიდობისა. -მიესალმა გოგონა. -მამამ მთხოვა, რომ სანამ სამსახურში წავიდოდი, მისთვის მანგო დამეკრიფა.
-მერე რა გაცინებს?
- ჩაიხედე, ხის ძირში დგას და მელოდება. ვთხოვ, რომ გაიწიოს, ის კი მიუხედავად იმისა, რომ იცის, ხეზე ცოცვაში ბადალი არ მყავს, მაინც ნერვიულობს, რომ ფეხი არსად დამიცდეს. მეშინია, მანგო არ მოწყდეს და თავში არ დაეცეს, ზოგი ისეთი მწიფეა, ოდნავ ხელის შეხებაც კი კმარა, რომ დაბლა ჩავარდეს.
ტატომ დაბლა ჩაიხედა და ჯიუტად მდგომი მისტერ ბექფორდი რომ დაინახა, გაეცინა:
-დღეს ჯუნგლებში მინდა გავისეირნო. -გოგონასთან საუბარს აგრძელებდა სიხარულიძე.
-მარტო გინდა თუ ტურით?
-შენ რას მირჩევ?
-წყლის სპორტი გიყვარს?
-გააჩნია, რომელი.
-თუ ჯომარდობა გიყვარს, თეთრ მდინარეზე შეგიძლია, წახვიდეთ, აქედან მე გაგიყოლებთ.
-კარგი, აბა, ირაკლის ვკითხავ და გეტყვი პასუხს.
ოთახში ასული ტატო სარკესთან მდგარ საგულდაგულოდ გამოწყობილ ირაკლის შეეჩეხა, რომელიც Maitre Gims-ის სიმღერა “Bella”-ს მისამღერს ღიღინებდა.
-ოჰო, რა დღეში ხარ, საით თქვენი მგზავრობა?
-ნატალის უნდა შევხვდე.
-და ეგ სიმღერა უნდა უმღერო? ცოტა ფრთხილად, შენი „მუსიკალური ნიჭით“ არ დააფრთხო.
-მაგას რატომ მეუბნები, ცუდად ვმღერი? -ალმაცერად გახედა ირაკლიმ ტატოს.
-თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ცდილობ, შეიძლება დაგინდოს და სიმღერის დროს აღარ გაგექცეს.
-კარგი, გავითვალისწინებ.
-ირაკლი,-ჩაახველა ტატომ.
-რა გინდა, უფროსო?
-ჯუნგლებში მინდოდა, წამეყვანე.
-აბა, ახლა შენი ხმა არ გავიგო! -თვალები დაუქაჩა მეგობარს ბიჭმა.
-კარგი, რა. მარტო რა უნდა ვაკეთო, ტო?
-შენ ისეთი ოხერი ხარ, მოძებნი რამეს.
დიდი ხნის ჯაჯღანის შემდეგ ირაკლიმ უარით გამოუშვა მეგობარი. ტატო ყურებჩამოყრილი გავიდა აივანზე და ალვიტა რომ ხეზე ვეღარ დაინახა, ეზოში ჩავიდა. უცებ, წითელ სარაფანში თავმომწონე გოგონაც გამოჩნდა. მაცდური და თაბრუდამხვევი მოძრაობებით წამოვიდა ტატოსკენ, ახლოს რომ მიადგა, თბილად გაუღიმა და ლამაზი თვალები შეანათა:
-რაო, ირაკლიმ, არ მინდაო?
-შენ საიდან იცი?
-მისი ჯუჯღუნი მესმოდა. -ჩაიკისკისა და თმები შეისწორა.
-გინდა, ჩვენ წავიდეთ? -თვალებით ჭამდა მხიარულ ფერებში გამოწყობილ გოგონას ტატო.
-ჯუნგლებში? -გაუკვირდა გოგონას.
-ჰო, რა იყო? შენ ხომ უკეთესად იცი აქაურობა.
-ბევრი რამ მართლაც ვიცი, მაგრამ ჯუნგლები იმხელაა, იქაური ბილიკები კარგად უნდა იცოდე. -დაფიქრდა ალვიტა.
-მოკლედ, მოიფიქრე და პასუხი მითხარი. მე და ირაკლი პლიაჟზე ვიქნებით.
-კარგი, მაგრამ ვერ დაგპირდები. -ეშმაკური ღიმილით შეხედა ბიჭს და დაემშვიდობა.
-გადამრევს ეს ქალი. -თავისთვის, ჩუმად ჩაილაპარაკა ტატომ და მისი სილამაზისგან დასიცხული, სულისმოსათქმელად კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში ავიდა.


***
დაახლოებით ოთხი საათი იქნებოდა, როცა ტატო ზღვის მახლობლად, ერთ-ერთ ღია კაფეში იჯდა, კარიბის ზღვის ხედით ტკბებოდა და ფორთოხლის ცივ წვენს წრუპავდა. უცებ, უკნიდან ნაცნობი ხმა მოესმა:
-აბა, მზად ხარ თავგადასავლებისთვის?
ტატოს ჟრუანტელმა დაუარა. -არ ელოდებოდა, რომ ქალი, რომელთანაც ახლა ფიქრებში იყო, ასე ახლოს ჰყავდა.
-გამაოცე. -ტატომ უკან მდგომს შეხედა, ღრმად თვალებში ჩახედა და მხოლოდ ამ სიტყვის თქმა მოახერხა.
-იქნებ კიდევ ერთხელ შესთავაზო ირაკლის, რა იცი, იქნებ გადაიფიქრა?
-არა მგონია, მაგრამ მაინც ვცდი. -გაუღიმა გოგონას და მობილურით გადაურეკა.
ირაკლიმ რა თქმა უნდა, ნატალისთან დარჩენა ამჯობინა. მათ კი შეუთანხმდა, რომ ღამე მიეკითხათ და სახლში წაეყვანათ.


***
ალვიტამ მანქანაში მუსიკა ხმამაღლა ჩართო და მანქანა დაქოქა. თავდაპირველად ორივე ჩუმად იყო. ტატო ფანჯრიდან გასცქეროდა კუნძულის ბუნებას.
-რამდენი წლის ხარ, ალვიტა?
-ოცდასამის. რატომ მეკითხები?
- არა, ისე. -მხრები აიჩეჩა ტატომ.
-შენ რამდენი წლის ხარ? -კითხვა შეუბრუნა გოგონამ და მუსიკას ოდნავ დაუწია.
-28 წლის.
-შეყვარებული გყავს?
-არა. შენ?
-არც მე. ევროპიდან ხარ, არა?
-კი, საქართველოდან.
-მომიყევი, როგორი ქვეყანაა საქართველო?
-როგორ გითხრა, დიდი ისტორიით, მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი არქიტექტურული ძეგლებით, უგემრიელესი სამზარეულოთი, -ერთი სიტყვით, უნდა ნახო, ისე ვერ აღვწერ.
-აქაურობა მოგწონს?
-რაც უცხოა, ყოველთვის საინტერესოა.-გაეღიმა მამაკაცს და თბილი მზერით გახედა.
-ხალხზე რას იტყვი?
-რა უნდა ვთქვა? ვისაც შევხვდი, ჯერ ყველა ნორმალურად იქცევა. -ისევ გაუღიმა გოგონას.
-ჰო, არ მინდა, შეგაშინო, მაგრამ საშიში ხალხიც არსებობს, ყველას ვერ ენდობი.
-რას გულისხმობ?
-აქ ხალხს არც ისეთი დალხენილი ცხოვრება აქვს, როგორც მაგალითად, საკურორტო ზონებში ჩანს, შესაბამისად, ყველა ტურისტმა უნდა იფრთხილოს, კრიმინალებიც ბევრია. ვიცი, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ...
-მაგრამ, რა?..
-შენთან ახლოს ვარ.
-მეგონა, მხოლოდ მე ვფიქრობდი ასე, რომ ჩემთან ახლოს იყავი. -მრავლისმეტყველი მზერით შეხედა ალვიტას ტატომ.
გოგონამ თვალი აარიდა, მუსიკას ხმა აუწია და ჯუნგლებამდე გზისთვის თვალი არ მოუცილებია. ბიჭს მოსწონდა ალვიტას ფარული სიმორცხვე, მაგრამ გრძნობდა, რომ მასში, ცხელი ლავასავით გროვდებოდა გრძნობები და ერთ მშვენიერ დღეს, თავს ვერ შეიკავებდა და აუცილებლად ვულკანივით გადმოსჩქეფდა.
-აი მოვედით. აქედან ფეხით მოგვიწევს წასვლა, მხოლოდ საცალფეხო ბილიკებია.-გოგონამ ტატოს გადახედა და ძრავი გამორთო.
-ძალიან კარგი, მზად ვარ.
-ჯუნგლებში რატომ მოინდომე წამოსვლა, არ გეშინია?
-რის უნდა მეშინოდეს, რამე სერიოზული საფრთხეა?
-ნუ, თუ რამდენიმე შხამიან გველს და მორიელს არ ჩავთვლით... -ეშმაკური მზერა გააპარა ბიჭისკენ.
-კარგი, რა. მეხუმრები, არა? -ცოტა შიში შეეპარა ტატოს.
-სხვათაშორის არ გეხუმრები, მაგრამ თუ რამეა, პირველად დახმარებას აუცილებლად გაგიწევ, ამ ზურგჩანთაში ყველაფერი მაქვს- ცერა თითით ანიშნა უკან მოკიდებულ ჩანთაზე.
ჯუნგლებში ქოქოსის პალმები, ბანანის და მანგოს ხეები, გვიმრები და უამრავი ჯიშის მცენარე ერთმანეთში აბურდულიყო. ხის ტოტებზე შემომსხდარი თუთიყუშები ნერვიულად გადი-გამოდიოდნენ და გამაყრუებლად ჭიჭყინებდნენ, თითქოს ტყეში ახლად შესულ სტუმრებს ეჩხუბებოდნენ: - მყუდროება დაგვირღვიეთო.
ტატომ ფოტოკამერა მოამზადა და უცხო ბუნებით მოხიბლული წარამარა აჩხაკუნებდა. უცბად, დიდი ხვლიკისმაგვარი რეპტილია შენიშნა და რომ ვერ მიხვდა, რა იყო, ალვიტას გადახედა.
-ეს იგუანაა, ადამიანებს არ ერჩის, შეგიძლია, მშვიდად იყო. -აუხსნა გოგონამ.
ტატომ ლამაზი კადრი დაიჭირა და ერთი სურათი ხის ტოტზე გაწოლილ მომწვანო ფერის იგუანასაც გადაუღო.
-თა-თო, გინდა ულამაზესი ადგილი გაჩვენო?
-როგორ არ მინდა. -გათამამდა ტატო.
-იქით უნდა წავიდეთ. -გოგონამ ხელით ანიშნა ზევით მიმავალი ბილიკისკენ, რომელიც ისე იყო ხეებისგან, ბუჩქებისგან და მაღალი გვიმრებისგან გადაკეტილი, ხელით უნდა გაგეწია ტოტები, რომ გასულიყავი.
მოულოდნელად, წინ მიმავალ ალვიტას ფეხი დაუცდა და ახლად ნაწვიმარი და დანამული მიწიდან ისეთი სრიალით წამოვიდა, მის უკან ტატო რომ არ ყოფილიყო, გვარიანად დაეხეთქებოდა სადმე.
-ფრთხილად!-ხელი მიაშველა ტატომ გოგონას და მისი შეცბუნებული სახე რომ დაინახა, თბილად გაუღიმა.
-ბოდიში, არ ველოდებოდი, კინაღამ შენც დაგაგორე. -უხერხულობისგან შეიშმუშნა.
-ხომ არ შეშინდი?
- ნაწვიმარი ბილიკების ბრალია. -თავი იმართლა ალვიტამ.
-კიდევ დიდი ხნის სავალი დაგვრჩა?-ტატომ სხვა თემაზე გადაუტანა საუბარი.
-ნახევარ საათში მივალთ.
-კარგი, გავაგრძელოთ მაშინ.
ნახევარი საათი არც დასჭირდათ, ისე სწრაფად იკვლევდნენ ტატო და ალვიტა გზებს ჯუნგლებში. ულამაზეს ჩანჩქერს მიადგნენ, რომელიც კლდის ფერდობებიდან ისე ლამაზად გადმოედინებოდა, აუზებად გროვდებოდა ფენა-ფენა, სართულებად გაკეთებულ კლდის ქანებში და მის ნახვას არაფერი სჯობდა. ალვიტამ ცდუნებას ვეღარ გაუძლო, მაშინვე ლიანის ხის ტოტს დაეკიდა, მთელი ძალით გაქანდა და როგორც კი წყ,ლის შუა ნაწილს სხეული გაუსწორა, ტოტს ხელი გაუშვა და წყალში მოადინა ზღართანი. ცოტა ხანში, გაწუწულმა თავი ამოყო და ტატოს გასძახა:
-არ გინდა, იგივე სცადო?
-მერე, რთული არ არის?
-მარტივია, ამოდი, გასწავლი. -იცინოდა და ხელით ანიშნებდა, შემომიერთდიო.
რამდენიმე წუთში, ტატომაც „დაამუღამა“ და ლიანებს მოჭიდებული და გაქანებული ისე სწრაფად უშვებდა ხელს ხის ტოტებს, თავად ალვიტაც გაოცებული უყურებდა.
-ყოჩაღ! ყოჩაღ! ნამდვილი მაუგლი ხარ! -კისკისებდა გოგონა და ტაშს უკრავდა, თითქოს ბიჭს აგულიანებდა, რომ კიდევ უფრო დაეხვეწა.
ასე თამაშობდნენ პატარა ბავშვებივით და არაფერი ანაღვლებდათ, ვიდრე შიმშილის გრძნობამ არ შეაწუხა ორივე.
-არ მოგშივდა? -სველ თმებს იწურავდა წყ,ლიდან ახლად ამოსული ალვიტა.
-ცოტა კი.
-სენდვიჩები და ყავა მაქვს წამოღებული.
-That’s my girl. -აღფრთოვანება ვერ დამალა მოშიებულმა ტატომ.
შიმშილის გრძნობა რომ დაიკმაყოფილეს, ცოტა ხნით დასვენება გადაწყვიტეს და ხის ძირში ჩამოსხდნენ:
-საქართველოში რას საქმიანობ? -საუბარი ალვიტამ დაიწყო.
-ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობ, ფილიალის მენეჯერი ვარ.
-ირაკლიც?
-ირაკლიც ჩემთან ერთად მუშაობს, თანამშრომლები ვართ. რამ გაგახსენა?
-არა, იმდენად ახლოს ხართ ერთმანეთთან, სულ ერთად ხართ, ერთ ოთახში გძინავთ...
-რამეში ეჭვი ხომ არ შეგეპარა? ცუდი არაფერი იფიქრო, ჩემი ბავშვობის მეგობარია.
-თავიდან ასეც იყო, ეჭვი შემეპარა თქვენს სექსუალურ ორიენტაციაში. -გადაიკისკისა ალვიტამ.
-რა შეგვატყვე? ირაკლიმ არ გაგიგოს, თორემ გადაირევა. -ცალყბად გაეცინა ტატოს.
-მომიყევი, როგორი ცხოვრების სტილი გაქვთ ევროპელებს?
-ევროპაში არასოდეს ყოფილხარ?
-არა, მხოლოდ ამერიკის კონტინენტებზე ვარ ნამყოფი.
-დედაქალაქში მშობლებთან და პატარა დასთან ერთად ვცხოვრობ. დილით საცურაო აუზზე მივდივარ, მერე სამსახურში, საუზმეც იქ მაქვს, სახლში ვერასოდეს ვასწრებ. მთელი დღე ვმუშაობ, თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება და თუ მაქვს, მეგობრებთან ერთად ვატარებ.
-მეგობარი გოგონა არ გყავს?
-ხანგრძლივი დროით ჯერ არავინ მყოლია, ვერავინ დამიბნელა თვალები. -ბიჭმა თავის ნათქვამზე თავი ვერ შეიკავა და გაეცინა.-რა მითხარი, მხოლოდ ამერიკის კონტინენტებზე ვარ ნამყოფიო?
-აშშ-ში, ნევადას შტატში, დედასთან, მამინაცვალთან და ნახევარდასთან ერთად ვცხოვრობ, თავისთავად ამერიკის რამდენიმე შტატიც მოვლილი მაქვს, კიდევ კანადაში, მექსიკაში და ბრაზილიაში ვარ ნამყოფი.
-მოიცადე, ვერაფერი გავიგე, აქაური არ ხარ?
-როგორ არა, მამა აქაურია. ზაფხულობით და შემოდგომით ხშირად ჩამოვდივარ და ვეხმარები ხოლმე, თან ვმუშაობ და ფულსაც ვაგროვებ. მოკლედ, ორმოცდაათი პროცენტით იამაიკელი ვარ.
-აქ ტურისტული სეზონი როდის იწყება? ვიცი, რომ ზამთარში და გაზაფხულზე უფრო მეტი ხალხი სტუმრობს ამ კუნძულს.
-უცხოელები არასოდეს აკლია იამაიკას, თუმცა ტურისტული სეზონი ადრეული დეკემბრიდან იწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება ხოლმე. სამწუხაროდ, მაშინ ვერ ვახერხებ ჩამოსვლას და მამასაც მარტო უწევს ტურისტული ნაკადების მიღება-გასტუმრება.
-აშშ-ში რას აკეთებ?
-ჰიპ-ჰოპს ვცეკვავ. სტუდია მაქვს გახსნილი და ბავშვებს ვამეცადინებ.
-მართლა? ესე იგი ყველაფერთან ერთად, მოცეკვავეც ყოფილხარ.
-გახლავარ. -გაეცინა ალვიტას.
-სად ვნახო, როგორ ცეკვავ?
-მერე გაჩვენებ ჩემს ვიდეოებს, ახლა დრო არ გვრჩება.
-რატომ?
-ნახე, როგორი შავი ღრუბელი გამოჩნდა, სადმე თავი უნდა შევაფაროთ, თორემ წვიმა დაიწყება და დავსველდებით. წამოდი, კიდევ ერთ საინტერესო რაღაცას გაჩვენებ.
-რას?
-მღვიმეში მიმყავხარ, ძალიან ლამაზია, დაბლა წყალი გადის.
-საშიში არ არის?
-ჰეჰ, როგორ მიცნობ? ადექი არ დაგვაღამდეს.
-მაშინ წავიდეთ. შენც ჩემნაირი მოხეტიალე ყოფილხარ -მეორე წინადადება ქართულად ჩაილაპარაკა ტატომ, რომ გოგონას ვერ გაეგო და წამოდგა.
მღვიმის ძებნაში მოულოდნელად დიდ და მაღალ, პატარა, ნარინჯისფერი ნაყოფით დახუნძლულ ხეს მიადგნენ, რომელსაც იმდენად საინტერესო შესახედაობა ჰქონდა, შეუძლებელი იყო, ყურადღება არ მიგექცია.
-ეს რის ხეა, ალვიტა?-ინტერესით აკვირდებოდა ტატო.
-ამ ხეს მხოლოდ აქ, კარიბის ზღვის ქვეყნებში და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში შეხვდები, Lignum Vitae-ს უწოდებენ, მეორენაირად სიცოცხლის ხეც ჰქვია.
-სიცოცხლის ხე რატომ ჰქვია?
-თითქმის მისი ყველა ნაწილი რაღაცას კურნავს. აი, მაგალითად, ზუსტად ვიცი, რომ ფოთლები ჭრილობების და მწერის ნაკბენებისთვის გამოიყენება, ფისი კი ხველას, ართრიტს და სიფილისს კურნავს.
-განსაკუთრებული ხე ყოფილა.
-ყვავილიც ლამაზი აქვს, აპრილში ყვავის და მთელი ხე პატარა, ლურჯი ყვავილებით არის გადაპენტილი ხოლმე.
-კარგი, წავიდეთ, თორემ მღვიმის ნახვას ვეღარ მოვასწრებთ. -დააჩქარა გოგონა ტატომ.
ნელა-ნელა, წვალებით მიუყვებოდნენ მღვიმისკენ სავალ ბილიკებს და როგორც იქნა, ოცწუთიანი დამღლელი სიარულის შემდეგ მასაც მიადგნენ. ამასობაში წვიმაც დაიწყო. მღვიმეს შესასვლელი ძალიან ვიწრო ჰქონდა, მხოლოდ დახრილ მდგომარეობაში თუ შევიდოდა ვინმე. ალვიტა მაშინვე ფრთხილი ნაბიჯებით ჩაუყვა მღვიმეში შესასვლელს და როგორც კი წყალში ფეხი ჩადგა, უცებ იკივლა. ღამურების მთელი „არმია“ გამოფრინდა იქიდან.
-ფუ, შენი, საიდან „გაიჩითნენ“? -ხელებით იგერიებდა ზევით მდგომი ტატო.
-არაუშავს, ღამურები ასეთ მიტოვებულ და ბნელ ადგილებში ბუდობენ. უჰ, ძალიან ცივი წყალია. -ფეხებს აჭყაპუნებდა ალვიტა.
-გული კი გამიხეთქეს. -შვებით ამოისუნთქა ტატომ, როდესაც უკვე შორს გაფრენილი ღამურები დაინახა.
-არ ჩამოდიხარ? ფანარი მაქვს, აქ რომ ჩამოხვალ, დახრილს აღარ მოგიწევს სიარული, მერე უკვე ფართო დერეფნებია. -თავი გამოყო ალვიტამ.
ტატო ნელი ნაბიჯებით ჩავიდა მღვიმემდე და ცოტა ხანში, გოგონასთან ერთად ქანებით ნაშენებ დერეფნებს მიუყვებოდა.
-უფ, მართლა როგორი ცივი წყალია. -არ ესიამოვნა ტატოს.
-ლამაზია, არა? -ფანარით ანათებდა მღვიმის კედლებზე ალვიტა.
-ლამაზია, მაგრამ მოუვლელი.-აღნიშნა ტატომ.
-მოვლილი მღვიმეებიც გვაქვს, აქედან ცოტა შორს არის და ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ. იცი, ადრე ამ მღვიმეებს პლანტატორებს გამოქცეული მონები აფარებდნენ თავს, ერთგავარი სამალავებივით ჰქონდათ.
-მართლა? ძალიან საინტერესოა.
-სტალაგმიტები და სტალაგტიტები. -აღფრთოვანებული შესცქეროდა გოგონა ბუნებისგან შექმნილ საოცრებებს და ტატოს სთხოვდა, რომ სურათები გადაეღო.
-იცი, ალვიტა, არც ჩვენია მღვიმეებია ნაკლები სილამაზის. ჩვენთან რომ ჩამოხვალ, აუცილებლად წაგიყვან და გაჩვენებ.
-იქაც გაქვთ ბუნების ასეთი საოცრებები?
-კი და თანაც, რომ ვერც წარმოიდგენ, ისეთი.
-იქნებ ერთ დღეს გესტუმრო კიდეც, თუ რა თქმა უნდა, ჩემი გიდი იქნები.
-სიამოვნებით. -თბილად გაუღიმა ტატომ გოგონას და წელზე მოჰხვია ხელი.
გოგონას თითქოს არ ეხამუშა, შეკრთა და განგებ წინ წაიწია, რომ ბიჭის ხელი მოეცილებინა. ტატოც მიუხვდა და იგივე აღარ გაუმეორებია.
-ტატო, შეხედე ეს როგორი დიდი სტალაგმიტია. მოდი რა, სურათი გადამიღე. -გოგონა მორიგი კადრისთვის მოემზადა.
მღვიმის თვალიერებაში ისე გაერთნენ, დროის კონტროლი გადაავიწყდათ და როდესაც საათს დახედეს, უკვე საღამოს თერთმეტი საათი ხდებოდა. ნელი ნაბიჯებით უკან დაბრუნება დაიწყეს. როგორც იქნა, ვიწრო გასასვლელს მიუახლოვდნენ და გააღწიეს. გარეთ უკვე უკუნეთი სიბნელე იდგა. მხოლოდ ჭრიჭინების ხმა და აქა-იქ ბუს კივილი ისმოდა.
-ფუ, შენი, ახლა მოუნდა.-სიბრაზისგან კბილებში გამოსცრა ტატომ.
-რა მოხდა? -შეშინებულმა შეხედა ალვიტამ.
-ფანარს ბატარეა უჯდება.
-არაუშავს, მობილური ტელეფონები ხომ გვაქვს?-შეახსენა გოგონამ.
ორივემ ერთდროულად დაუწყეს მობილურებს ძებნა და აღმოჩნდა, რომ ალვიტას ჩანჩქერთან დარჩა, ხოლო ტატოსი დატენვას საჭიროებდა.
-ალვიტა, როგორმე სწრაფად უნდა გავაღწიოთ აქედან, ტელეფონიც დამიჯდა. -ბიჭს ხმაში აღელვება დაეტყო.
-თუ დავინახე რამე... -აღელდა გოგონაც, მერე ტატოს ხელი მოკიდა და თვალის მეხსიერებით ბილიკებს გაუყვა.
ამასობაში ფანარიც ჩაუქრათ და ღამის წყვდიადში თავადაც არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ.
-გზა აგვერია, არასწორ გზას ვადგავართ. -ანერვიულდა ალვიტა.
-მოდი ყური დავუგდოთ, იქნებ ჩანჩქერის ხმა მაინც გავიგონოთ. -ტატო ცდილობდა, რომ გოგონას დახმარებოდა.
რაც უფრო ცდილობდნენ, რომ სწორ ბილიკებს დადგომოდნენ, მით უფრო დიდ ლაბირინთში ეხვეოდნენ და გზას იგრძელებდნენ.
-არ უნდა დაგვეღამებინა, ფანარიც არ გვაქვს.
-მოდი დავწყნარდეთ და ვიფიქროთ. სიცოცხლის ხეს უკვე კარგა ხანია, გავცდით. იქიდან, სადღაც ნახევარი საათის სავალზე იყო ჩანჩქერი, იმ ადგილიდანაც თითქმის იგივე დრო გვჭირდება მთავარ გზაზე გასასვლელად, ასე არ არის?
გოგონა დასტურის ნიშნად თავს უქნევდა ბიჭს, მაგრამ უკუნეთ სიბნელეში გზებს ვეღარ არჩევდა და ეს იყო პრობლემა. ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ როგორც იქნა, ჩანჩქერთან გააღწიეს და იმედი მიეცათ, რომ სამშვიდობოს მალე გავიდოდნენ.
-ხომ არ გეშინია? - ჰკითხა დაბნეულმა ტატომ ალვიტას.
-ვის, მე? -ჩაეცინა გოგონას. -არა, უბრალოდ ჩემს თავზე მეშლება ნერვები. -მღელვარებას ვერ მალავდა გოგონა.
-ალვიტა, აქედან თუ ვერ გავაღწიეთ...
-Shush…-გოგონამ ტუჩზე თითი მიადო ტატოს და სიტყვა გააწყვეტინა.
-მოიცადე, დამამთავრებინე, იქნებ რას გეუბნები?
-ვიცი, რაც უნდა მითხრა. ნუ მაიმუნობ, ყველაფერი კარგად დამთავრდება, აქედან აუცილებლად ცოცხლები და უვნებლები გავალთ, უბრალოდ მენდე, კარგად ვიცნობ აქაურობას.
-ამის დედაც მოვ..ან! რა დღეში ჩავიგდე თავი, დამეჯერებინა ირაკლისთვის. -ბურტყუნებდა ტატო და თავს მწარედ დასცინოდა.
-გზა რომ ვერც გავიგნოთ, ნადირი აქ ვერაფერს დაგვაკლებს. უკვე გითხარი რა საშიშროება შეიძლება გველოდებოდეს. ბოლო-ბოლო ხეზე ავალთ და იქ გავათენებთ, დილით კი იოლად გავიკვლევთ გზას.
-ხეზე ასვლას თავი დაანებე, ნადირი დაგგლიჯავს თუ მორიელი მოგკლავს, რა მნიშვნელობა აქვს? ორივე შემთხვევაში მკვდარი ხარ.
-ჯერ ერთი, ნადირი ამ ჯუნგლებში არ არის და ვერ დაგგლიჯავს, მეორეც, მისგან დაგლეჯილიც და მორიელისგან დაკბენილიც შეიძლება, რომ გადარჩე.
-როგორ დამამშვიდა.-ახარხარდა ტატო.
-ტატო, ვიცი რომ არ გეშინია, ნუ მასხარაობ.-იცინოდა ალვიტა.
-კარგი, ჰო, გავჩუმდები. -უკან გაჰყვა გოგონას.
-აი, მგონი მთავარ გზას მივუახლოვდით.-ხმაში სიხარული დაეტყო გოგონას.
-გვეშველა. -ამოისუნთქა ტატომაც.
მანქანა რომ ვერსად ნახეს, ალვიტას მერე გაახსენდა, რომ სხვა გასასვლელთან ჰქონდა დატოვებული და მთავარ გზას სხვა მხრიდან მოუარეს. უკვე ღამის ორი საათი ახლოვდებოდა, როცა ავტომობილს მიადგნენ, როგორც კი ჩასხდნენ, ალვიტას ისტერიული სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს? -დაღლილი სახით შეხედა ტატომ.
-გეფიცები, ამდენი ხანია, აქაურობას ვიცნობ და ასეთი სიგიჟე არასოდეს დამმართვია.
-რა სიგიჟე, ვერ ვხვდები, რაზე ამბობ?
-გზების დავიწყებას ვგულისხმობ.
-წლები გემატება და მეხსიერება გღალატობს.-გაეხუმრა ტატო.
ალვიტას ბიჭის ხუმრობა არ მოეწონა, სასაცილოდ გაბუსხა ტუჩები და სარკესთან დამაგრებული მანქანის აქსესუარი ესროლა.
-კარგი, ჰო, ხმას აღარ ამოვიღებ, ბოდიშს გიხდი. -თბილად გაუღიმა გოგონას და თმიდან ჰიბისკუსის თეთრი ყვავილი ამოაცალა.
-დამიბრუნე.
-არა.
-დამიბრუნე-მეთქი.
-არა!-ჯიუტობდა ტატო.
გოგონამ საბოლოოდ თავი დაანება და მანქანა დაქოქა. ორივე ემოციურად და ფიზიკურად იმდენად დაქანცულიყვნენ, ირაკლი მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, როდესაც თითქმის სახლთან იყვნენ მისულები. როცა ტატომ ალვიტას მანქანის უკან დაბრუნება სთხოვა, საჭეს სიმწრისგან დაარტყა ხელი: -ახლა ვიტირებ.
-გინდა, მე დავჯდები საჭესთან?-შესთავაზა ტატომ.
-მოდი, ჯერ სახლში მივიდეთ და ვნახოთ, იქნებ თავისით დაბრუნდა. უკვე ოთხი საათი დაიწყო, აქამდე პლიაჟზე ხომ არ დარჩებოდა?
-ვიცი მაგის ამბავი, რაც ფული ჰქონდა, ნატალისთან დახარჯავდა და როგორც ყოველთვის, მერე ჩემს იმედად დარჩებოდა. ალვიტა, ტაქსის ფული ნამდვილად არ ექნებოდა, კარგად ვიცნობ ჩემს ძმაკაცს.
-კარგი, მაშინ შენ დაჯექი საჭესთან. -გოგონა მანქანიდან გადავიდა და ბიჭს ადგილი გაუცვალა.
დიდი ხნის ძებნის შემდეგ ირაკლი პლიაჟზე იპოვეს. მარტო, საწყლად მიწოლილიყო პალმის ხის ძირში და ეძინა.
-სად დაბოდიალობ, შე ჩემა? -თვალების ფშვნეტით და ქვიშის ფერთხვით წამოდგა ირაკლი.
-ახლა არა რა, მეგობარო, ხვალ ვილაპარაკოთ. უბრალოდ კითხვების გარეშე გამომყევი.-ტატომ უხალისოდ გასცა პასუხი ბიჭს.
უკვე დილის ექვსი საათი ახლოვდებოდა, როდესაც სამივე სახლის კარს მიადგა. მეორე დღეს, ყველა უენერგიოდ, არაფრის ხალისზე იყო.


***
ერთ საღამოს, როდესაც ზღვიდან ახლად დაბრუნებული ირაკლი უკვე საღათას ძილით სთვლემდა, ტატომ თვალი ვერ მოხუჭა. თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ, მაგრამ გრძნობდა, რომ მის ცხოვრებაში, პირველად განიცდიდა ისეთ სულიერ ფორიაქს, რომელიც გულს და გონებას ღრმად სწვდებოდა და სიყვარულის ცეცხლის ჯადოსნურ ალში ჰხვევდა. ალბათ, ჯერ ვერ აცნობიერებდა, ასეთი ლტოლვა რატომ აკავშირებდა მისთვის შეუცნობელი კარიბიელი გოგონას მიმართ, მაგრამ თავადაც მოსწონდა, როდესაც მასთან ახლოს ყოფნით ბედნიერების და სიხარულის წუთებს იხანგრძლივებდა. სურდა, რომ მუდამ გვერდით ჰყოლოდა, მისი სიცილი გაეგონა, თვალებში ჩაეხედა, ნიჟარებისგან აწყობილი სამკაულების ჟღარუნისთვის ესმინა, ტროპიკული სურნელი ეგრძნო, რომელიც თავისი დედოფლის ღია ყავისფერი კანიდან იფრქვეოდა, მისი ისტორიებისთვის ესმინა და ერთად მორიგი თავგადასავლები გადახდენოდათ.
თვალებდახუჭული ტატო ოცნებებში ღრმად წასულიყო, როდესაც ოთახში არომატული ყავის სურნელმა შეაღწია და იქაურობა იამაიკური ყავის მარცვლების სუნმა დაიპყრო. მიხვდა, რაშიც იყო საქმე, სასწრაფოდ წამოდგა და სიგარეტის მოსაწევად ეზოში ჩავიდა. ალვიტას სამზარეულოდან შუქი გამოდიოდა. გოგონა გაზქურასთან ფეხშიშველი, ღია მწვანე სარაფნით იდგა, მოხალული ყავის მარცვლები გასაგრილებლად მაგიდაზე გაფენილ თხელ ტილოზე მიმოებნია და პარალელურად საფქვავით ფქვავდა.
-ყავაზე არ დამპატიჟებ? -ტატომ ფანჯრიდან თავი შეყო და გოგონას გაუღიმა.
-შემოდი, როგორ არ დაგპატიჟებ. -გაუცინა ალვიტამ. -აი, ამასაც მოვრჩები და მოვადუღებ. -მუჭში დაგროვილ ჯერ კიდევ თბილ, ახლად მოხალულ ყავის მარცვლებს აჩვენებდა.
-მისტერ ბექფორდი სახლში არ არის?
-არა, რამდენიმე დღით, მეგობრებთან ერთად ზღვაში გავიდა.
-რამდენიმე დღით?
-ჰო, მეთევზეა, შენთვის არ უთქვამს?
-არა. -თავი გაიქნია ტატომ და სამზარეულოში ფანჯრიდან გადახტა. -არ მეგონა, თუ ამ კუნძულზეც ასე გიჟდებოდნენ ამ სითხეზე. -მაგიდასთან სკამზე ჩამოჯდა და საუბარი განაგრძო.
-არ დაგავიწყდეს, ყავის სამშობლოდ ეთიოპია ითვლება, აქაური ხალხი კი აკი გითხარი, ეთიოპიელების შთამომავლები ვართ-მეთქი. ასე, რომ საკვირველი ის უფრო იქნებოდა, ყავა არ გვიყვარდეს.
-მე ყავის სამშობლო კოლუმბია მეგონა.-ტატო ალვიტას გაბრაზებას შეეცადა.
-კოლუმბია? -ახარხარდა გოგონა.
-ჰო, რას იცინი? ასე ვიცი, რომ კოლუმბიელებს მსოფლიოში საუკეთესო ყავა აქვთ.
-არა!
-რატომ?
-შეიძლება, აღიარებული ასეა, მაგრამ ეთიოპიურ ყავას მაინც არაფერი შეედრება.
-ვითომ? -ეღიმებოდა ტატოს, მოსწონდა, რომ ნერვებს უშლიდა მასპინძელს.
-დიახ, დიახ! -დარწმუნებით უკრავდა თავს ალვიტა.
-კარგი, აბა შენი ხელით გაკეთებული ყავა გამასინჯე, იქნებ მსოფლიოს ყველა ყავას სჯობდეს. -ბიჭმა თბილი მზერით შეხედა გოგონას.
-უკვე ვადუღებ.
-მართლა? როდის დაიწყე? ვერ შევამჩნიე, ბოდიში.
-მაშინ დავიწყე, ვიდრე შენ მსოფლიოში საუკეთესო ყავის ძებნაში ტვინს იჭ....ტდი.
-სულაც არ ვიჭ....ტდი ტვინს, ისედაც ვიცოდი. -ჩაეცინა ტატოს.
-ჰო? ინებეთ, მზად არის. -გოგონამ მაგიდაზე ყავის ჭიქა დაუდგა, თავადაც გვერდით მიუჯდა და თვალებში ჩახედა.
-მადლობა როგორ გადაგიხადო? იამაიკურად როგორ იქნება?-თვალი გაუსწორა ბიჭმა.
-Thenk yuh!
-როგორ, როგორ? -ყურები დაძაბა ტატომ.
-Thenk yuh!
ტატომაც გაიმეორა და ყავის ყლუპი მოსვა.
-კიდევ რას მასწავლი?
-რა გინდა, რომ გასწავლო?
-მაგალითად, „ძალიან კარგია!“ -როცა გინდა, რომ ვიღაცას ნახელავი შეუქო.
-Dis is cool mon.
-Dis is cool mon. -ღიმილით იმეორებდა ტატო და ცდილობდა, იამაიკური აქცენტისთვის მიემსგავსებინა.
-კიდევ რა გინდა, რომ ისწავლო? -ალვიტა წამოდგა და ყავის ჭიქით ხელში მისაღებ ოთახში გავიდა. ტატოც უკან გაჰყვა.
-კიდევ მინდა, რომ სიტყვა „მენატრები“ მასწავლო.
-და ვინ გენატრება? -თვალები დაავიწროვა და ეშმაკური ღიმილით შეხედა ბიჭს.
-ეგ მე ვიცი.-ტატო დაუპატიჟებლად, მორიდების გარეშე მიუჯდა ტახტზე ალვიტას.
-Mi miss yuh.
-Mi miss yuh. -იმეორებდა ბიჭიც.
-კიდევ?
-რა კიდევ? - ყავის ჭიქიდან ბოლო ყლუპი გამოცალა და ნაზად თმები გვერდზე გადაუწია ტატომ.
გოგონა არ შეეწინააღმდეგა. უბრალოდ თვალები დახუჭა და საუბარი შეანელა.
-კიდევ რა გინდა, რომ გასწავლო?-გაუმეორა ალვიტამ.
-სიტყვა „მიყვარხარ!“
-Mi luv yuh.
-Mi luv yuh. -გაიმეორა ტატომ და გრძნობდა, მის გვერდით მყოფი ქალის სიახლოვე გონებას როგორ უბინდავდა და კანის სურნელი ვნებებს როგორ უშლიდა. თავი ვერ შეიკავა და ყელზე აკოცა.
ალვიტას კოცნაზე გააჟრჟოლა და იგრძნო, თავს ისე კარგავდა, როგორც მისი პარტნიორი. მხოლოდ ამის თქმა მოასწრო:-Wah yuh ah duh? (რას აკეთებ?) და მთრთოლავ ტუჩებზე მამაკაცის ცხელი ბაგეების მოახლოვება იგრძნო. მისი გახშირებული სუნთქვა მთელს სახეზე ეფრქვეოდა გოგონას და გულისცემას თანდათან უჩქარებდა. იმ საღამოს, ტატოსთან ერთად ნაზი, ვნებიანი, გიჟური, ქარიშხალივით ძლიერი და ხანგრძლივი სიყვარულის ცეცხლში შთაინთქა.
დილით ტატო ჩიტების ჭიკჭიკმა გამოაღვიძა. გვერდით ალვიტა მიერ დაწერილი წერილი ედო: -საუკეთესო ხარ, მადლობა დაუვიწყარი ღამისთვის! -ტატოს თბილად გაეღიმა და მზერა ჯერ გოგონას ნივთებს, შემდეგ ოთახის ფანჯარას გააყოლა. უეცრად ბუჩქების ტოტები შეირხა და ირაკლიმ გამოყო თავი, ეზოს უაზროდ ათვალიერებდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მეგობარს ეძებდა. ტატოს ელდა ეცა: -ამან თუ ახლა აქ დამინახა, რაღა გააჩერებს? -გაიფიქრა, საწოლიდან სწრაფად ისკუპა და ქვეშ დაიმალა. დიდხანს იბორიალა ირაკლიმ და რომ დარწმუნდა, რომ მეგობარი ეზოში არ იყო, თავის ოთახში ავიდა. როგორც კი ნაბიჯების ხმა შეწყდა, ტატო სამალავიდან გამოძვრა, ტანსაცმელი გადაიცვა და მეგობართან ავიდა.
-სად ეგდე? -თვალები მოჭუტა ირაკლიმ და დაკვირვებული მზერა ესროლა ტატოს.
-გარეთ ვიყავი, გეძინა და ცოტა ხნით გავედი.-იცრუა ბიჭმა.
-ამდენი ხნით გარეთ რა გინდოდა?
-რამდენი ხნით?
-დიდი ხნით, უკვე კარგა ხანია, მღვიძავს.
-რომელი საათია?- კედლის საათს გახედა ტატომ.
-თავიდან ვიფიქრე, ალვიტასთან ერთად იყავი, მაგრამ... -ტუჩები მოპრუწა ირაკლიმ, ღიმილს იკავებდა.
-მაგრამ?.. -ჩაეძია ტატო.
-სამსახურში მიმავალ ალვიტას რომ მოვკარი თვალი, ვკითხე, მეგობარი დავკარგე და ხომ არ იცი სად არის-თქო?
-მერე, რა გითხრა?
-არ ვიციო, -გამიღიმა და მანქანაში ჩახტა.
ტატო არაფერს იმჩნევდა, ირაკლი აგრძელებდა:
-სად არის შენი მობილური, მეგობარო?
-არ ვიცი, ოთახში უნდა იყოს.
-გააჩნია, რომელ ოთახში.-თავს არ ანებებდა ირაკლი.
-ირაკლი, პირდაპირ მითხარი, რა გინდა?-ნერვები აღარ ეყო ტატოს.
ვისი მობილური წკარუნობდა დილით ალვიტას სამზარეულოშიო, ვისიო? -გაეცინა ირაკლის.
-ოხ, შენი. -კბილებში გამოსცრა ტატოს. -გუშინ ყავაზე დამპატიჟა და იქ დამრჩა.
-გემრიელი ყავა იყო? -მრავლისმეტყველი მზერით შეხედა ირაკლიმ.
-გადი ახლა აქედან, ნერვები არ მომიშალო. - ბალიში ესროლა მეგობარს, რომ გაეჩუმებინა და შხაპის გადასავლებად აბაზანაში შევიდა.
-ტატო, მოიცადე, რაღაც უნდა გითხრა.
-რა გინდა, აქ მაინც მომასვენე.-ბიჭმა უღიმღამოდ გამოსძახა აბაზანიდან მეგობარს.
-სულ შენ რომ გეგმავ ტურებს ხოლმე, დღეს ჩემი დროა, მოემზადე, ერთ კარგ ადგილას მიმყავხარ.
-სად?
-საიდუმლოა, უბრალოდ მენდე. -უყვიროდა კარების მეორე მხრიდან ირაკლი.
-გამოვალ და მერე ვილაპარაკოთ.
ამასობაში ტატოს მობილურზე სამსახურიდან ბატონი ლადოს ტელეფონის ნომერი გამოისახა. ირაკლიმ ეკრანს დახედა, ნომერი იცნო და ღიმილით წარმოთქვა:
-ეჰ, ლადო, ლადო, შეყვარებული სიხარულიძე გასულია მომსახურების ზონიდან!
ირაკლიმ რამდენიმესაათიანი წუწუნის შემდეგ ძლივს დაიყოლია მეგობარი, რომ იდუმალ ადგილას წაჰყოლოდა. გასაიდუმლოებული ადგილი კი როუზ ჰოლის სახელით ცნობილ, თეთრი ჯადოქრის სასახლეს წარმოადგენდა. სასახლე 1770 წელს აშენდა და ჯონ პალმერს ეკუთვნოდა. ზღვასთან ახლოს, ულამაზესი ხედის სახლი მართლაც არნახული სილამაზის იყო. ხელით მოჩუქურთმებული წითელი ხის კიბეები, მაჰაგონის იატაკი, ბარხატის შპალერები, ძვირფასი ევროპული ავეჯი და ანტიკვარული ნივთები კიდევ უფრო მეტ დახვეწილობას სძენდა იქაურობას. ჯონის გარდაცვალების შემდეგ იგი მემკვიდრეობით შაქრის ლერწმის პლანტაციებთან ერთად უფროსი ბიძაშვილის ჯონ როუზ პალმერის საკუთრებად იქცა, რომელიც მოგვიანებით ჰაიტიდან იამაიკაზე გადასახლებულ, წარმოშობით ინგლისელ ანა პალმერს შეხვდა და იქორწინა. როუზ ჰოლის სასახლეში იმ დღიდან დაიწყო სისასტიკის, ვუდუს და მკვლელობების ხანა.
ახალგაზრდა ტურისტებს თეთრი ჯადოქრის სახლში კუნძულის მკვიდრი ქალბატონი, სახელად ქრისტინა დახვდათ. ტატოსთან და ირაკლისთან ერთად კიდევ რამდენიმე უცხოელი მოგროვილიყო და მოუთმენლად ელოდებოდნენ ორმოცდახუთწუთიანი ტურის დაწყებას.
-სად მომიყვანე, ირაკლი?-ინტერესით ეკითხებოდა ტატო, როდესაც უზარმაზარი თეთრი სასახლე და ულამაზესი ბაღი დაინახა.
-მოთმინება იქონიე, მეგობარო. ყველაფერს გაიგებ.
-ჰე, მითხარი რა, ხომ უნდა ვიცოდე, სად მოვედი?
-ამ სახლში ანა პალმერის მოჩვენება დადის და პარანორმალური მოვლენები ხდება.
-აჰაჰაჰ... -ახარხარდა ტატო.
-რა გაცინებს? ცოტა ჩუმად, სირცხვილია, ბიჭო.-ჩურჩულით უსაყვედურა ირაკლიმ.
ტატო დასერიოზულდა.
-აბა, მზად ხარ ანა პალმერის მოჩვენებასთან ერთად იარო ამ სახლში? -ინტერესით შეხედა ირაკლიმ ტატოს.
-მზად ვარ, რომ გიმკურნალო და ამისთვის ყველა ხარჯი გავწიო, მაგრამ ვფიქრობ, ვისთან მიგიყვანო და ვერ გადამიწყვეტია.
-ეჰ, კარგი რა, მეგონა მოგეწონებოდა.
-ირაკლი... -რაღაცის თქმა დააპირა ტატომ და გადაიფიქრა, რადგან ქალბატონი ქრისტინა უკვე მზად იყო, რომ სტუმრები მიეღო და ტურის დასაწყებად მოემზადა.
-თქვენ იმყოფებით თეთრი კუდიანის სასახლეში, რომელსაც მეორენაირად „სახლკალენდარსაც“ უწოდებენ, რადგან სამას სამოცდახუთი ფანჯარა, ორმოცდათორმეტი კარი და თორმეტი საძინებელი აქვს.
-ვაჰ, ეს უკვე მისტიკაა, არა, ირაკლი? -ჩაიქირქილა ტატომ.
ირაკლის ყურადღება არ მიუქცევია მეგობრისთვის, ქალბატონი ქრისტინას სიტყვებს დაძაბული, ყურადღებით უსმენდა.
-ამ სახლში მეტად საშიში ჯადოქარი ანა პალმერი ცხოვრობდა. დღეს სწორედ მასზე ვისაუბრებთ, რომლის ირგვლივ უამრავი ჭორი თუ ლეგენდა დადის და ამ ყველაფერს თეთრი კუდიანის შავბნელი საქმეები უდევს სარჩულად. ქალბატონი ანა ორიათას მონას შაქრის ლერწმის პლანტაციაში ამუშავებდა და ვინც არ მოეწონებოდა, სასტიკად უსწორდებოდა. ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ჯადოქარს მსახურისთვის თავი მოუჭრია და ბამბუკის სარზე ჩამოუცვავს, შემდეგ გარეთ გავიდა და ყველას დაანახა, ვინც მის ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, ყველას იგივე ბედი ელოდა. -ქრისტინამ ის სარი აჩვენა სტუმრებს, რომელზეც ანა დახოცილი მსახურების თავებს აცვავდა ხოლმე.
ტატო დროდადრო ირაკლის გადახედავდა და მის სერიოზულ და ცნობისმოყვარე სახის გამომეტყველებაზე ეცინებოდა.
-ანა არც მონების გამათრახებას ერიდებოდა, უფრო მეტიც, მოსწონდა, როცა ადამიანების ტანჯვას უყურებდა. ამისთვის შავი მაგია, ვუდუ შეისწავლა და ადამიანის მსხვერპლშეწირვასაც არ ერიდებოდა.-განაგრძობდა მუზეუმის თანამშრომელი.
-რა ავი ქალი ყოფილა ეს ანა, აჰ? -ირაკლიმ დაბალი ხმით მეგობარს გადაულაპარაკა.
-აბა, შენ ეგ თქვი. -დაეთანხმა ტატო.
-აქეთ წამობრძანდით. -ხელით ანიშნებდა გიდი ტურისტებს. -ეს ის ჭურჭელია, სადაც ანა საწამლავს ხარშავდა ხოლმე, ხოლო შემდეგ ამ კოლბებსა და ბოთლებში ინახავდა, რომ მომავალი მსხვერპლი მოეკლა. ჯონ როუზ პალმერის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ჯადოქარი კიდევ ორჯერ გათხოვდა, ჭორების მიხედვით, წინამორბედივით ის ქმრებიც თავადვე დახოცა და შემდეგ სასიყვარულო კავშირები საკუთარ მონებთან გააბა. აღსანიშნავია, რომ ვისაც თვალს დაადგავდა, საწოლში იტყუებდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ როცა მოიბეზრებდა, კლავდა. ანას პარპაში მაშინ დამთავრდა, როდესაც ერთერთ მონას შეყვარებული მოუკლა, რადგან მსახურმა სიყვარულზე იგივე გრძნობით არ უპასუხა. ამის მერე გარდაცვლილის ბებიამ, რომელიც შავ მაგიას ფლობდა, გადაწყვიტა, რომ შური ეძია და ვუდუს რიტუალის ყველა წესის დაცვით კუდიანს სასიკვდილო ჯადო გაუკეთა. ამ შემთხვევიდან ანა პალმერი ძალიან მალე გარდაიცვალა, მისი სხეული აკლდამაში დაასვენეს და რიტუალის ჩატარება დაიწყეს, რომელიც კუდიანის სულის განდევნას ემსახურებოდა და სამწუხაროდ, რაღაც მიზეზის გამო ვერ დასრულებულა. ჯადოქრის სული კი ამ სახლის კედლებში დარჩა, მას შემდეგ გამუდმებით აქ დახეტიალობს და მოსვენებას არ იძლევა.
-რას აკეთებს ხოლმე? -იკითხა ირაკლიმ.
-მოგახსენებთ. ანას სიკვდილის შემდეგ, სახლი მრავალი წლის განმავლობაში მიტოვებული იყო, ხოლო 1960 წელს, შეისყიდეს და მუზეუმად გადააკეთეს. რემონტის პერიოდში, მუშები ხშირად კარგავდნენ ხელსაწყოებს, შემდეგ ისევ იმ ადგილზე ნახულობდნენ, სადაც დატოვეს. ბევრს ღამით ანას მოჩვენებაც დაუნახავს, აქედან გასული ხმებიც გაუგონია და სასახლის იატაკზე სისხლის ლაქებიც ხშირად შეუმჩნევია, რომლებიც მალე ქრებოდა.
-საინტერესოა. -ჩაფიქრდა ირაკლი და კედელზე დაკიდებულ ანა პალმერის პორტრეტს დააკვირდა, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მდიდარი ქალბატონის შთაბეჭდილებას სტოვებდა.
-ირაკლი, არ მოგბეზრდა ამ ზღაპრების მოსმენა?-მონოტონური ხმით ჰკითხა ტატომ მეგობარს.
-რა უჟმური კაცი ხარ, ტო? მადლობა მითხარი, რომ ღამის ტურზე არ წამოგიყვანე. ახლა დღეა და ამიტომ არ შეგეშინდა. აი, ღამე კი ოთახები სანთლის შუქებით არის განათებული და სახლი კი გარედან სულ წითელია.
ტატო სიცილს ძლივს იკავებდა.
თეთრი ჯადოქრის სასახლის დათვალიერების შემდეგ მეგობრები პლიაჟისკენ წავიდნენ, ორივე მოუთმენლად ელოდებოდა საღამოს მოახლოვებას, რომ ტატო ალვიტას, ირაკლი კი ნატალის შეხვედროდა.


***
კარიბის ზღვა ისევ წყნარი და აუღელვებელი იყო. ტალღები თავისებური ხმაურით, დროდადრო თავს ახსენებდნენ ჰამაკში მყოფ ტატოს და ალვიტას, რომლებიც ათასგვარ სისულელეებზე საუბრობდნენ და ერთად ყოფნის გარდა, არაფერი უნდოდათ.
- აქ რამდენად ხშირად მოდიხარ ხოლმე?-ეკითხებოდა ფიქრებში გართულ გოგონას ტატო.
-ყოველთვის, როცა ყველასგან შორს, ჩემს თავთან, მარტო დარჩენა მინდა.
-ბოლო-ბოლო არ მეტყვი, რაზე ფიქრობ ხოლმე?
-ჩემზე, სხვებზე, სამყაროზე, ვარსკვლავებზე, მთვარეზე და ზღვაზე. ღამე ზღვა განსაკუთრებულია, ბევრ რაღაცას გიყვება.
-რას გიყვება?
-ისიც ცოცხალია და ბევრი ამბების და ისტორიის მომსწრეა.
-მაინც რაზე ელაპარაკები ხოლმე? მითხარი, გთხოვ.
-ზღვის ფსკერი უამრავ ძველ ამბავს ინახავს, ერთმა მკვლევარმა თქვა, წყალი მეგამუზეუმია, რომელიც დედამიწაზე არსებულ ერთად აღებულ ყველა მუზეუმზე მეტ ინფორმაციას ინახავსო. მასში მცხოვრები ცოცხალი არსებები, ჩაძირული გემები, მათთან ერთად ჩაყოლილი ხალხი, ნივთები -უამრავი რამ არის, რაზეც საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს.
-დავიჯერო, აქ რომ მოდიხარ, ჩაძირულ გემებზე ფიქრობ ხოლმე?
-მათზეც და სხვა რაღაცებზეც, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. წარმოსახვებში ხან თევზად გადავიქცევი და წყლის ბინადართ ვეცნობი და ვესაუბრები, ხან ვარსკვლავი ვარ და ციდან დავყურებ დედამიწას, ხან კი ჩემს თავს ვესაუბრები...
-მოდი ჩვენზე ვისაუბროთ.
-ჩვენზე?-ეშმაკურად გაუღიმა ალვიტამ.
-არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე. -ეჩურჩულებოდა გულზე მიკრულ გოგონას ტატო.
- მეც იგივეს განვიცდი შენთან, ნამდვილი სიყვარულის გემოს და სიმშვიდეს ვგრძნობ. შეიძლება, მითხრა, როდის მოგხიბლე?
-ალბათ, დანახვისთანავე, აქაურებისგან რაღაცით გამოირჩევი, რაც განსაკუთრებულობას გმატებს ან მე ვხედავ ასე.
-მაინც რა არის ეს განსაკუთრებული?
-იდუმალება, მრავალფეროვნება, სილაღე და ბავშვური სიცელქე, რომელიც ყოველგვარი სიყალბისგან შორს არის.
-ხოდა, ახლა ერთად ვიცელქოთ, არ გინდა? -მაცდური ღიმილით გახედა ალვიტამ.
- რამე იდეა გაქვს? -ბიჭმა მკერდიდან თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა გოგონას.
-ზღვაში უნდა შევიდე და შენც შემომყევი.
-მერე საცურაო კოსტუმები?
-აჰაჰაჰ... ნუ მაცინებ, აქ არავინ დაგვინახავს, მიტოვებული პლიაჟია. -ალვიტამ ტანსაცმელი გაიხადა და სრულიად შიშველი ზღვისკენ გაიქცა.
-That’s my girl, crazy and awesome! -აღფრთოვანებით წამოიძახა ტატომ, გოგონას მიბაძა და ტალღებში შეცურა. -დედიშობილა პირველად ვცურავ, მინდა ვაღიარო, კარგი ყოფილა.
-აჰაჰაჰ... -იცინოდა ალვიტა. -აქეთ წამოდი, შორს გავცუროთ, ღრმა არ არის.
წყალი არც ისე ცივი იყო, დღის განმავლობაში მზის სხივებს იმდენად გაეთბო, სხეულს სასიამოვნოდ ხვდებოდა. შემდეგ იყო ნაზი კოცნა, ზღვის მარილით გაჯერებული სხეულების ერთმანეთთან მიკვრა, მთავარის შუქით განათებულ ქვიშაზე ბევრი ალერსი და სიყვარულისგან მოძალებული ვნებების ქაოსი.
***
მეორე დღეს, მეგობრები პლიაჟზე ნებივრობდნენ, როდესაც მობილურ ტელეფონებზე, მესიჯის სახით გამაფრთხილებელი სიგნალი მიიღეს -ორ დღეში, კუნძულზე წვიმა და ქარიშხალი იყო მოსალოდნელი.
-ვაი, რა უნდა ვქნათ?-თვალები გაუფართოვდა ირაკლის.
-რა და აქედან სასწრაფოდ უნდა გავასწროთ.- აუღელვებლად უპასუხა მეგობარს ტატომ და ბოლოს რომ ვეღარ მოითმინა, ახარხარდა.
-როგორ, თვითმფრინავის ბილეთებს ასე უცებ სად ვიშოვით?
-კარგი, რა, თუ ღმერთი გწამს. ძლიერი ქარი იქნება და წვიმა. მერე რა მოხდა?
-ჰო, არაფერი. ქარბორბალა რომ აგიტაცებს და მოგისვრის ატლანტის ოკეანეში, მგონი ზვიგენების გარდა ვეღარავინ გვიპოვოს.
-აჰაჰაჰ... რა გიჟი ხარ! -მშიერი ზვიგენები რომ მოგიახლოვდებიან... - უცნაური ხმა მიიღო ტატომ და ირაკლის აშინებდა.
-იცინე ჰო, მე კი მაქვს მსგავსი გამოცდილება უკვე მიღებული და მიცურავია ნიანგებთან ერთად, მაგრამ შენთვის ახალი გამოცდილება იქნება.
-გიცურავია თუ გიფართხალია? -ხუმრობას არ იშლიდა ტატო.
-აუ, რა საზიზღარი არსება ხარ, ტრაბახს არ შეარჩენ კაცს.-ცოფებს ყრიდა ირაკლი.
-ოჰ, ნუ იცი ხოლმე რა პანიკაში ჩავარდნა, არაფერი მოხდება, ერთი დიდი ქარიშხალი გადაივლის და მერე გზას გააგრძელებს თავისთვის.
-რა „ამჩემფეხება“ კაცი ხარ, -ბურტყუნებდა ირაკლი. -აგერ, ნატალი და თავის დებიც წავიდნენ უკვე. -გაბრაზებულმა მოიქნია მობილური, როცა გოგონასგან მოსული მესიჯი წაიკითხა.
-ნწ, ნწ, ნწ... მოიწყენს ახლა ირაკლი. აღარც სატრფო, თან ეს შტორმიც... სად წავიდეს, რა გზას დაადგეს?...
-ოჰ, აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს.
-აბა, რა გინდა, ვაი დედა ვიძახო და ცრემლები ვღვარო? ვერაფერს შევცვლით, რაც არის არის, რამდენიმე დღეში ჩვენც მივდივართ. -ამშვიდებდა ტატო მეგობარს.
უკვე საღამო იყო, როდესაც პლიაჟიდან ახლად დაბრუნებული მეგობრები სახლში მივიდნენ და ოთახში ავიდნენ. ეზოში არავინ იყო, არც ალვიტას ოთახიდან გამოდიოდა შუქი. ირაკლიმ ცოტა ხანს კიდევ იჯუჯღუნა, აშკარა იყო, რომ ნატალის წასვლა და მარტო დარჩენა არ მოეწონა, შემდეგ გადაუარა და წიგნის კითხვა დაიწყო. ცოტა ხანში, ძილი მოერია და ჩაეძინა. მხოლოდ ტატოს თვალს არ მიეკარა ძილი, საყვარელ ქალზე ფიქრობდა. თორმეტი საათი იყო, მამაკაცმა ვეღარ მოითმინა და „Pier One”-ისკენ წავიდა. ბარში როგორც ყოველთვის უამრავი ტურისტი ირეოდა, მუსიკას უსმენდა, ცეკვავდა და თავს ალკოჰოლით იბრუებდა. როდესაც საყვარელი ქალი დაინახა, გული დაიმშვიდა, ბარის წინ ჩამოჯდა, თბილად გაუღიმა და მიმართა:
-მე არ მომემსახურები?
-რას ინებებთ?-სახეზე ღიმილი მოადგა ალვიტას.
-რა თქმა უნდა, ბურბონი. ორმაგი დაასხი.
-ირაკლი სად არის?-თვალებით ეძებდა გოგონა.
-სად იქნება? სძინავს ძილისგუდას.
-მარტო ჩამოხვედი?
-ტაქსი გამოვიძახე.
ამასობაში სხვა კლიენტებიც მოადგნენ ბარს. ტატო დროებით სოციალურ ქსელში შევიდა და ვიდრე ალვიტა დაკავებული იყო, თვალს მეგობრების მიერ დაწერილ პოსტებს და სურათებს ავლებდა. მოულოდნელად, ვიღაც ნიღბიანი შემოვარდა და იარაღის მუქარით ყველა იქ მყოფი ადგილზე გააშეშა:
-არავინ გაინძრეს! -ღრიალებდა მამაკაცი და პირდაპირ ბარისკენ, სადაც ალვიტა იდგა, იქით დაიძრა. -სალარო გახსენი და თანხა მომეცი! -უბრძანა გოგონას.
ალვიტას მთელი სხეული უკანკალებდა, თვალებში შიში ჩაუდგა.
-დროულად, გაინძერი!-იარაღი სასმელებს ორჯერ ესროლა და ნამსხვრევები აქეთ-იქით გაიშალა ჰაერში.
ალვიტამ შიშისგან იკივლა. იქაურობა პანიკამ მოიცვა. ზოგი მაგიდის ქვეშ აფარებდა თავს, ზოგი სკამის უკან, ზოგი უბრალოდ ძირს დაწვა, რომ კრიმინალის ტყვიები აეცილებინა. ტატო სწრაფად წამოდგა ადგილიდან და ალვიტასთან მიახლოვება სცადა:
-უკან დაიხიე, თორემ შუბლს გაგიხვრეტ! -იარაღით დაემუქრა მამაკაცს და ღრიალს უმატა. მერე ისევ სალაროსთან მდგარ გოგონას მიუახლოვდა, თავისკენ მიითრია, საფეთქელთან პისტოლეტი მიაბჯინა და სალაროსთან ძალით მიათრია: -სალარო გახსენი და ფული მომეცი-მეთქი!
ტატო სიმწრისგან კბილს კბილზე აჭერდა. საყვარელ ქალს რომ ამ დღეში ხედავდა, გონებას აღარ მიჰყვებოდა, გულით მოქმედებდა და კიდევ ერთხელ გადადგა ბოროტმოქმედისკენ ორი ნაბიჯი. ნიღბიანს მისი მოძრაობა არ გამორჩენია:
-შენ რა, სიცოცხლე მოგბეზრდა თუ გამბედაობას იჩენ? -შეჰყვირა და კიდევ ერთხელ გაისროლა, რომ მამაკაცი შეეშინებინა.
ტატომ აკანკალებულ ალვიტას თვალებით ანიშნა, რომ ნიღბიანის ბრძანებას დამორჩილებოდა. გოგონამ სალარო გახსნა და რაც იქ იდო, მთლიანად მისცა. თავდამსხმელმა სალაროში ჩაიხედა და რომ დარწმუნდა, რომ ცარიელი იყო, იქ მყოფებს უშვერი სიტყვების ძახილით და იარაღის მუქარით ნელ-ნელა გაეცალა. ალვიტამ პოლიციის გამოსაძახებლად განგაშის ღილაკს თითი მიაჭირა და ჩაიმუხლა. ტატო მაშინვე მასთან მიიჭრა და გულში ჩაიკრა:
-მორჩა, ყველაფერი დამთავრდა, აღარ ინერვიულო.
-შენ არ იცი, როგორ იოლად გადავრჩით. ადვილად შეიძლებოდა, რომ ვინმე მოეკლა.-ძლივს თქვა და გაქვავებული სახე მამაკაცს მხარზე მიადო.
-არ ინერვიულო, მთავარია, ცუდი არაფერი მომხდარა.
ბარში ისევ პანიკა იყო, ხალხი ჩქარა ეცლებოდა იქაურობას.
-თა-თო, შენსკენ რომ ისროლა, მაშინ...
-ჩუმად, არ გინდა. -თავი გააქნია ბიჭმა და გოგონას სიტყვა გააწყვეტინა. -მოდი წყალი დალიე.- ბიჭმა სასმელების მაცივრიდან ერთი ბოთლი გამოიღო და ატირებულ ალვიტას გაუწოდა.
ამასობაში პოლიციაც მოვიდა. რამდენიმესაათიანი დაკითხვების შემდეგ ტატო და ალვიტა დილის ოთხი საათისთვის სახლში მივიდნენ. ბიჭი ოთახში ავიდა, პატარა პარკს ხელი დაავლო და ალვიტასთან, პირველ სართულზე ჩავიდა. გოგონა თავის ოთახში შესულიყო და სისხლისგან დათხვრილ ტანსაცმელს იცვლიდა.
-ალვიტა, მკლავი მაჩვენე.-აღელვებული იყო ტატო.
-არაფერია, ღრმა არ არის, შენც ხომ ნახე. სულ პატარა ნამსხვრევები მომხვდა.
-მშვიდად! მხოლოდ პლასტირი საკმარისი არაა, უნდა დავამუშავოთ.
-მართლა არ არის საჭირო, ისეთი არაფერია, რომ ამხელა ყურადღებად ღირდეს.-გაუღიმა გოგონამ.
-ბოლო-ბოლო დედა ექიმი მყავს და რაღაც გამეგება! -მკაცრად უთხრა ტატომ, რომ ჯიუტი გოგონა დაემორჩილებინა. მერე დედამისისგან პარკში ჩადებულ წამლებში სპირტი და იოდი მოძებნა მათში გაღჟენთილი ბამბით ჭრილობა მოუწმინდა და სახვევი გაუკეთა.
-ახლა დამშვიდდი?-გაეღიმა ალვიტას.
-კი.-მოკლედ უპასუხა ტატომ.
-მოდი დავიძინოთ, უკვე გვიანია.
-შენ დაიძინე, მე აქ ვიქნები, შენს საწოლზე და გიყურებ როგორ გძინავს.
-ცოტა თვალის მოხუჭვა არც შენ გაწყენს.
-შენს გვერდზე ვიწვები და ვიფხიზლებ!-არ იშლიდა ტატო.
-კარგი, როგორც გინდა.-მხრები აიჩეჩა ალვიტამ.
-ხვალ აღარ წახვიდე სამსახურში!
-რატომ?
-კიდეც მეკითხები?
-მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, ბარი ისედაც იკეთება და სასტუმროში მხოლოდ ნახევარი დღე მომიწევს ყოფნა, საშიში არაფერია.
-მერე მაგ მკლავით, შეძლებ მუშაობას?
-მეხუმრები? ბავშვი ხომ არ ვარ, რომ პატარა ჭრილობას ასე ვაბუქებდე. მე იამაიკელი ვარ!-სიამაყით წარმოთქვა გოგონამ და გაეცინა.
მის სიტყვებზე, ტატოსაც ღიმილი მოადგა სახეზე: -კარგი, დაღლილი იქნები, დაიძინე,- ტუჩებზე ნაზი კოცნა დაუტოვა და სანათი ჩაუქრო.


***
მისტერ ბექბორდი დილის ათი საათისთვის თევზაობიდან სახლში დაბრუნებულიყო. იმ დროისთვის, ტატო უკვე თავის ოთახში ასულიყო. ბიჭებმა რომ გაიღვიძეს, მოიკითხა და ჩვეული ღიმილით საკუთარი რეცეპტით მომზადებულ თევზზე დაპატიჟა. ვიდრე ალვიტა სამსახურიდან დაბრუნდებოდა, ტატო და ირაკლი ტონისთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსებდნენ:
-ოჰ, რა მადის აღმძვრელი სუნია. -როგორც კი სახლში შევიდა, ჩანთა შესასვლელში დატოვა და სამზარეულოში აესვეტა მამაკაცებს.
-აბა, რა, საუკეთესო მეთევზე ამზადებს საჭმელს.-გაყოყოჩდა მისტერ ბექბორდი.
-საუკეთესო დამხმარეებთან ერთად -დაამატა ირაკლიმ.
ყველას გაეცინა.
-როგორ მომშივდა. წავალ, ხელებს დავიბან და მეც მოგეხმარებით. -სააბაზანო ოთახისკენ გაემართა ალვიტა.
რამდენიმე წუთში, ოთხივე მათგანი მაგიდის გარშემო იჯდა, მისტერ ბექბორდის საზღვაო ისტორიებს ისმენდა და გულიანად იცინოდა. მთელი დღე ერთად გაატარეს.
ღამით, ვიდრე ბიჭები დაიძინებდნენ, ძლიერი ქარი ამოვარდა. ტატომ ოთახის ფანჯრების დახურვა დაიწყო. უცბად, გრძელ საქანელაზე მჯდომი ალვიტა შენიშნა. ასეთი მოწყენილი პირველად ნახა, გაუკვირდა და ეზოში ჩავიდა:
-ალვიტა, ამ ქარში რას აკეთებ?
-საქანელაზე ვზივარ.
-ამას მეც ვხედავ. რამე მოხდა, ასეთი მოწყენილი რატომ ხარ?
გოგონამ ხმა არ გასცა.
-ჩემზე ხომ არ ხარ გაბრაზებული?
-არა.
-აბა, მაშინ რა მოხდა?
-არაფერი ან ალბათ, ყველაფერი. -თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა.
-რა გამოცანებით მელაპარაკები? -მამაკაცი გოგონას გვერდით მიუჯდა და თვალებში ჩახედა.
ალვიტამ არაფერი უპასუხა, საქანელიდან წამოდგა და ეზოდან გაიქცა. ტატო დაედევნა და მკლავზე ხელი წაავლო:
-სად მირბიხარ?
-არც კი იფიქრო, არ გამომყვე!-მკაცრად უთხრა ბიჭს და ხელი გააშვებინა.
ტატო არ ეშვებოდა, მაგრამ გოგონამ იმარჯვა, მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. ოთახში ასულმა შეამჩნია, რომ ირაკლის უკვე დასძინებოდა და საუბრითაც ვერავისთან გადააყოლებდა გულს. შეშინებული თვალები ჰქონდა მამაკაცს, გონებაში რაზე აღარ იფიქრა, ათასი ვარიანტი უტრიალებდა, მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა, ასე მოულოდნელად, რატომ შეიცვალა ალვიტა მის მიმართ. უკვე ორი საათი გავიდა, ქარიშხალმა უმატა და გოგონა არსად ჩანდა. მამაკაცი ოთახის კედლებს ნერვიულობისგან უაზროდ აწყდებოდა, ერთი სული ჰქონდა, სახლში დაბრუნებული ალვიტა დაენახა. უკვე რამდენჯერმე მობილურითაც სცადა დაკავშირებოდა, მაგრამ ზარებს არ პასუხობდა. ქარიშხალს წვიმაც დაერთო და გულის გამაწვრილებლად ატეხა სახურავზე წკაპა-წკუპი.
-ეს უკვე არ მომწონს, რაღაც უნდა ვიღონო. -ხმამაღლა გაიფიქრა ტატომ, ბოლო ღერი სიგარეტიც ჩაწვა საფერფლეში და გარეთ გავარდა.
მისტერ ბექბორდს შუქი უკვე გამოერთო და ეტყობოდა, რომ უკვე კარგა ხნის დაძინებული იყო. ტატო ველოსიპედით მიუყვებოდა სოფლის გზას, წვალებით გავიდა ზღვის ნაპირამდე და ალვიტას საყვარელი ადგილისკენ ფეხით გაუყვა გზას, ველოსიპედით მოძრაობა უკვე შეუძლებელი იყო. წვიმა, პლიაჟიდან ატაცებული ქვიშა და ქარიშხალი ყველანაირად ხელს უშლიდნენ სიარულში მამაკაცს, ხილვადობაც კი გაჭირდა, სახეში სველი ქვიშა ეყრებოდა. როგორც იქნა, გოგონას თეთრი მანქანა გამოჩნდა, მაგრამ ალვიტა შიგნით არ იყო. ბამბუკისგან აშენებული თავშესაფარიც დაშლილიყო და შტორმი მთელი ძალით ატრიალებდა ჰამაკს. ამასობაში ზღვა კიდევ უფრო გაბოროტებულიყო, მოღრიალე ტალღები რომ დაინახა, თავზე ხელები შემოიკრა და გული შეეკუმშა:
-ალვიტა!-მთელი ძალით ყვიროდა მამაკაცი და ცდილობდა, გოგონასთვის სადმე მოეკრა თვალი.
აქეთ-იქით იყურებოდა, თან, სახიდან მოტეხილი პალმების და ქარისგან მოტანილი სხვა მცენარეების ტოტებს იშორებდა.
-ალვიტა! -არ ჩერდებოდა მამაკაცი.
უკნიდან ვიღაც მიადგა, მხარზე ხელი ჩაავლო და მისკენ შეაბრუნა:
-ხომ გთხოვე, არ გამომყოლოდი? -ისევ ტიროდა გოგონა.
-ცა ჩამოიქცა, შტორმია, ლამის სახლში ჯდომაც კი საშიშია და აქ მარტო რას აკეთებ, გაგიჟდი?!
-მომწონს ეს ჩამოქცეულ-ჩამონგრეული ცა, ეს ამინდიც, ჩემს ახლანდელ შინაგან მდგომარეობას არაჩვეულებრივად პასუხობს. -გულამოსკვნილი ტიროდა და სიტყვებს ძლივს უყრიდა სათქმელს ალვიტა.
-ასე რატომ მექცევი, რამე არასწორად გავაკეთე?! მითხარი, არ მაქვს უფლება, რომ ვიცოდე?!-სიბრაზეს ვერ იკავებდა აყვირებული მამაკაცი.
-გინდა, სიმართლე გაიგო? -ხმამაღლა ყვიროდა გოგონაც.
-მინდა!
-მაშინ კარგად მომისმინე!
-გისმენ!
ქარიშხალი არ ცხრებოდა, ძლივს ისმოდა მათი ხმები, ბგერებს ჰაერში იტაცებდა და შორს კარგავდა.
-წამოდი, მანქანაში ჩავჯდეთ.-შესთავაზა გოგონამ და ყურებზე ხელებს იფარებდა, რომ აწიოკებულ ქარიშხალს მისთვის ყურის ბარაბნები არ დაეხეთქა. კარი ძლივს გააღეს და დიდი ბრძოლის შემდეგ როგორც იქნა, ჩასხდნენ.
-ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, მკვიდრი მოსახლეობისგან განსხვავებით, ღია ფერის კანი რატომ მაქვს, დედაჩემი თეთრკანიანი ამერიკელია. ცხრამეტი წლის იყო, როდესაც უნივერსიტეტიდან კურსელებთან ერთად რაღაც პროგრამით, ერთი კვირით იამაიკის კუნძულზე ჩამოვიდა. ერთ ღამეს, ზედამხედველს რამდენიმე გოგო გამოეპარა და თავგადასავლების საძიებლად, სხვა ტურისტებთან ერთად გემით ზღვაში გავიდნენ. გემზე მამაჩემი გაიცნო, რომელიც მებადურობასთან ერთად, წყლის ტურების გიდობასაც ითავსებდა ხოლმე. ერთმანეთი მოეწონათ და ხანმოკლე რომანის შემდეგ მე გავჩნდი. რა თქმა უნდა, დედაჩემი თავის ქვეყანაში დაბრუნდა და მამაჩემს მხოლოდ ტელეფონით ან წერილებით ეკონტაქტებოდა. ტონიმ მშობლები და კუნძული ვერ მიატოვა, დღემდე ძალიან უყვარს აქაურობა, მაგრამ დედაჩემის შემდეგ ისეთი გულით ვერავინ შეიყვარა, რომ მისთვის ცოლობა შეეთავაზებინა. მე რვა წლამდე მამას არ ვიცნობდი, დედასთან და მის მშობლებთან ერთად ვიზრდებოდი. დედამ სხვა კაცი გაიცნო და ცოლად გაჰყვა, მე კი ცოტა ხნით, მამასთან გამომიშვა. ასე გავიცანი იგი, ეს კუნძული, აქაურებიც და ტროპიკულ სამყაროს ვეზიარე. მას შემდეგ ყოველ ზაფხულს და შემოდგომას აქ ჩამოვდივარ და ექვსი თვით მამასთან ვცხოვრობ. მან შემაყვარა იამაიკა, აქაური კულტურა და ბუნება, რომელიც მრავალფეროვანია თავის საოცრებებით. ზამთარში და გაზაფხულზე კი როგორც უკვე გითხარი, აშშ-ში ჩავდივარ და ჩემს ნახევარ დასთან ერთად საკუთარ ცეკვის სტუდიაში ბავშვებს ვამეცადინებ. როდესაც მამაჩემის წარსული სიყვარულისგან მიყენებული ტკივილის შესახებ ამ ისტორიას ვისმენ, გული სიბრარულით მეწურება და არ მინდა, მეც მისი ბედი გავიზიარო. არ მინდა, ვიღაცამ ჩემი გრძნობებით ითამაშოს და ისე მომექცეს, როგორც თავის დროზე დედაჩემი მოექცა ტონის, გესმის?
-მერე ვინ გითხრა, რომ შენი გრძნობებით თამაშს ვაპირებ? -სერიოზული სახით ჰკითხა ტატომ გოგონას.
ალვიტამ ცრემლები მოიწმინდა და განაგრძო:
-მეშინია, შენც დედაჩემივით არ დაიწყო, რომ შეცდი, სხვა რაღაც გეგონა ან მე მეგონა სხვაგვარად და ასე შემდეგ...
-მე დედაშენი არ ვარ და არაფერი მგონია სხვაგვარად!-მტკიცე ხმით უთხრა ტატომ და მანქანის კარს დაუწყო გაღება.
-რას აკეთებ? კარი დახურე, თორემ ქარი მოგლიჯავს და გაიტაცებს.
ტატო აღარ უსმენდა გოგონას. სანაპიროზე დაგდებულ პალმის ტოტს დიდხანს სდია, როგორც იქნა, დაიჭირა და მანქანას დაუბრუნდა.
-პალმის ტოტი რად გინდა?-გაკვირვებული უყურებდა აღელვებული გოგონა ბიჭს და ვერ ხვდებოდა, რატომ აცლიდა ბიჭი ფოთლებს და მერე გრეხდა.
როდესაც ტატომ პალმის ფოთოლს პატარა რგოლის ფორმა მისცა, ხელის გულზე დაიდო, ალვიტას თბილად გაუღიმა და ჰკითხა: -კარიბის დედოფალო, გამომყვები ცოლად საქართველოში?
ალვიტა საყვარელ მამაკაცს უყურებდა და რაც იქ ხდებოდა, დაჯერება უჭირდა. ბოლოს როგორც იქნა, ამოილუღლუღა:
- იცი, როცა ასეთ ამინდში გარეთ გამოვედი, ვიცოდი, რომ ეს დიდი სიგიჟე იყო, მაგრამ...
-მაგრამ?..
-მაგრამ, როცა დაგინახე, შენს გრძნობებში ეჭვი აღარ შემპარვია. -თბილად გაუღიმა.
-ჩემს წინადადებაზე პასუხი ვერ მოვისმინე, კიდევ ერთხელ გიმეორებ: -კარიბის დედოფალო, გამომყვები ცოლად საქართველოში?
-დიახ! -ახლა უკვე ბედნიერების ცრემლებით ტიროდა ალვიტა და საყვარელ მამაკაცს გულზე ეხუტებოდა.
ქარიშხალი ისევ არ ცხრებოდა. წყვილი ძლივს მივიდა სახლამდე. გარეთ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ყველა სახლებში შეკეტილიყვნენ და ტროპიკული ციკლონის გადავლას ელოდებოდნენ. იმ ღამეს ქარიშხალი მხოლოდ ტატოს და ალვიტას აბედნიერებდა, მხოლოდ მათ უსახავდა საინტერესო წუთებით სავსე მომავალს. კიდევ ახლადგამოღვიძებულ, ძილისგუდა ირაკლის აბედნიერებდა და მისტერ ბექფორდსაც, რომელიც თავის გოგონასავით, სიხარულის ცრემლებით ტიროდა.


***
-ახლა არ მითხრა, რომ მთელი ღამე აქ იყავი და სამსახურში გაათენე, ტო!-ირაკლი თვალებგაფართოებული უყურებდა ტატოს, როდესაც სამუშაო მაგიდაზე თავჩარგული დაინახა.
ტატო კვაჭაძის ხმამ გამოაფხიზლა და თვალების ფშვნეტით გაუღიმა.
-ნამდვილი „ვორქაჰოლიკი“ ხარ შე, ჩემა. საკუთარ თავს პატივს აღარ სცემ? -საყვედურობდა მეგობარს ბიჭი.
-კარგი, ახლა, ნუ დაიწყე, სამაგიეროდ ვიცი სადაც უნდა გავატაროთ ზაფხულის შვებულება.
-ჰო?-ჩაფიქრდა ირაკლი. -სად? -ინტერესით შეხედა სიხარულიძეს.
-იამაიკაზე, ტროპიკულ კუნძულზე, კარიბის ზღვაში.-აღტაცებით ამბობდა ტატო.
-ვაჰ, შენ აღარ ხუმრობ.-სახე გაუბრწყინდა ირაკლის.
-სახუმარო რა მაქვს, ამდენს ვმუშაობთ და არ გვეკუთვნის?
-როგორ არ გვეკუთვნის, უბრალოდ დაჯერება მიჭირს, ტო.
-დაიჯერე, დაიჯერე! შემდეგი გაჩერება -მონტეგო ბეი.
-აე, თუთიყუშებიანი და ანანასებიანი პერანგები, თეთრი ქვიშები, „ნაშები“ და რამე? -თეძოების და ხელების ქნევით, ოთახში ცეკვა ატეხა ირაკლიმ, თავი უკვე იამაიკის კუნძულზე ეგონა.
ტატომ შუბლზე ხელი შემოირტყა: -ამას უკვე აღარაფერი გამოასწორებს, დაგვიანებულია!
„Could you be loved and be loved?
Could you be loved and be loved?
Don’t let them fool ya,
Or even try to School ya!
Oh, no!
We’ve got a mind of our own,
So go to hell if what you’re thinking is not right!
Love would never leave us alone,
a-yin the darkness there must come out to light.
Could you be loved and be loved?
Could you be loved, wo now! and be loved?..- მღეროდა ირაკლი.
-კარგი, გაჩერდი ირაკლი, სირცხვილია, ვინმემ არ დაგინახოს, გავიგე, რომ ბობ მარლის სიმღერა იცი, მორჩი! -კბილებიდან გამოსცრა ტატომ და ცდილობდა, ამღერებული და გამხიარებული მეგობარი როგორმე გაეჩერებინა.



№1  offline მოდერი naattii

რა სასიამოვნოდ იკითხება ❤

 


№2  offline წევრი ჟიზელი

ამ ისტორიას კიდევ ბობ მარლის "ავანა ლავ იუ,ევრიიი დეიიი ენდ ევრიიიი ნაით" მოუხდებოდა ^^ სიზმარი აღმოჩნდა, როგორც მივხვდი,მაგრამ ტატო იპოვის ალვიტას.^^

 


№3  offline ახალბედა მწერალი K. I.

naattii
რა სასიამოვნოდ იკითხება ❤

მადლობა, რომ წაიკითხე და შეფასებაც დამიტოვე heart_eyes

ჟიზელი
ამ ისტორიას კიდევ ბობ მარლის "ავანა ლავ იუ,ევრიიი დეიიი ენდ ევრიიიი ნაით" მოუხდებოდა ^^ სიზმარი აღმოჩნდა, როგორც მივხვდი,მაგრამ ტატო იპოვის ალვიტას.^^

კი, ბატონო, სიზმარია heart_eyes ალბათ, იპოვის კიდეც, ამიტომ მიდის იქ გადარეულ კვაჭაძესთან ერთად laughing
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№4 სტუმარი სტუმარი დეა

ვაიმე რამდენი ვიცინე. გამაცანით ირაკლი ????

 


№5  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი დეა
ვაიმე რამდენი ვიცინე. გამაცანით ირაკლი ????

მიხარია, რომ მოგეწონათ blush
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№6 სტუმარი სტუმარი თამო

ვაიი რა სიამოვნებით ვიმოგზაურე იამაიკაზე,საოცრად კარგი წასაკითხია ????????????

[quote=სტუმარი თამო]ვაიი რა სიამოვნებით ვიმოგზაურე იამაიკაზე,საოცრად კარგი წასაკითხია :)

 


№7  offline ახალბედა მწერალი K. I.

[quote=სტუმარი თამო]ვაიი რა სიამოვნებით ვიმოგზაურე იამაიკაზე,საოცრად კარგი წასაკითხია ????????????

[quote=სტუმარი თამო]ვაიი რა სიამოვნებით ვიმოგზაურე იამაიკაზე,საოცრად კარგი წასაკითხია :)[/quote]
მადლობა, თამო ასეთი შეფასებისთვის. სწორედ ეგ მინდოდა მეც, რომ ყველას იამაიკაზე გვემოგზაურა heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სიამოვნებით წავიკითხე.
ძალიან მომეწონა.წარმატებები ქეთი <3

 


№9  offline ახალბედა მწერალი K. I.

ტერიკო74
სიამოვნებით წავიკითხე.
ძალიან მომეწონა.წარმატებები ქეთი <3

ძალიან დიდი მადლობა. გამიხარდა, რომ მოგეწონა heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№10 სტუმარი Qeti qimucadze

Rasayvarloba iyoo, shesanishnavii, mivxvdi rom sizmari iyoo, magran ipovis alvitassss, madlobaaaaaaa

 


№11  offline ახალბედა მწერალი K. I.

Qeti qimucadze
Rasayvarloba iyoo, shesanishnavii, mivxvdi rom sizmari iyoo, magran ipovis alvitassss, madlobaaaaaaa

დიდი მადლობა, ქეთი, რომ წაიკითხე. ჰო, შევეცადე, რაღაც მსუბუქი, საზაფხულო და თან საინტერესო მოთხრობა შემექმნა და მიხარია,რომ მკითხველსაც მოეწონა. აბა, რას იზამს, აუცილებლად იპოვის ალვიტას heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№12 სტუმარი Cisi

Rogor gansxvavdeba ertmanetisgan sheni natarmoebebi

 


№13  offline ახალბედა მწერალი K. I.

Cisi
Rogor gansxvavdeba ertmanetisgan sheni natarmoebebi

ჰო, ვცდილობ, რომ ერთფეროვანი არ ვიყო, "მრავალ ფ ე რ ო ვ ნ ე ბ ა" მიყვარს blush
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№14  offline ახალბედა მწერალი K. I.

სალანდერი
ეჰ, გეგმა ადრე დაძინების შესახებ ჩამეფუშა, ისე შემითრია ამ ყველაფერმა smile
ასეთი სიმსუბუქის, ინფორმაციული დატვირთულობის და ემოციური კმაყოფილების, დოზირებულად შერწყმა ძალიან იშვიათად მინახავს.
მიუხედავად იმისა რომ უამრავი ახალი რამ გავიგე, წამით არ მოვწყვეტივარ იმ მხიარულ და სასიამოვნო ისტორიას რომლის კითხვაც დავიწყე.
ძალიან მომეწონა რომ არცერთხელ ხაზგასმული არ ყოფილა "აკრძალული" სიყვარული რომ იყო, არც ტრადციები, არც კანის ფერი არც, არც, არც არაფერი "პრობლემად" რომ არ დახატე.
შენებური იყო ძალიან, ფერადი, უჩარჩოო, არასტანდარტული. ამავდროულად ძველი ისტორიებისგან განსხვავებული.
ჩემთვის ეს არის "ამბოხი"
მადლობა სიამოვნებისთვის და ველოდები ახალ, ძალიან მაგარ ნამუშევარს heart_eyes

პ.ს. "სიყვარული, იამაიკა და მარლი" შესანიშნავი ტრიოა

სწორად წაიკითხე და შენგან არც მიკვირს. ჰო, სიყვარულის წინაშე ჩარჩოები არ არსებობს, მას ისევ ჩვენ, ადამიანები ვიგონებთ და ზოგჯერ ვერც ვაცნობიერებთ, მოგონილი კლიშეებით რამდენად ვღუპავთ და ვაწვალებთ სულს. რაც შეეხება შინაარს, კი, შევეცადე, რომ ინფორმატიული და საინტერესო ყოფილიყო. მე რამდენად მეამბოხე ვარ, არ ვიცი, ალბათ, ისევ მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, იმას ყოველთვის ვიტყვი, რაც მაწუხებს. შენც ასეთი ხარ და ამიტომ მომწონხარ. ბობ მარლის გარეშე ეს ნაწარმოები როგორ იქნებოდა? laughing თავადაც მეამბოხე სულის მომღერალი იყო და მის შემოქმედებასაც აშკარად ეტყობა. მადლობა ვრცელი და საინტერესო შეფასებისთვის heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№15 სტუმარი Tomas gunter

ძალიან მომეწონა .სასიამოვნოდ იკითხება თვალწინ მედგა ყველა მომენტი .ერთადერთი რაც არ მომეწონა ამ ნაწარმოების კითხვისას ისაა რომ 2 ჯერ გავცდი მეტროს გაჩერებას.????წარმატებები ქეთი იმერლიშვილი

 


№16  offline ახალბედა მწერალი K. I.

Tomas gunter
ძალიან მომეწონა .სასიამოვნოდ იკითხება თვალწინ მედგა ყველა მომენტი .ერთადერთი რაც არ მომეწონა ამ ნაწარმოების კითხვისას ისაა რომ 2 ჯერ გავცდი მეტროს გაჩერებას.????წარმატებები ქეთი იმერლიშვილი


როგორ გამაცინე laughing laughing რით გიშველო? laughing აღარ წაიკითხო ჩემი ნაწარმოებები მეტროში.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№17  offline მოდერი Moonlight17

დაწყებისთანავე ვიფიქრე, რომ სიზმარი იქნებოდა.:დდ არვიცი რატომ, მაგრამ ასეა.
რაც შეეხება ისტორიას, ისეთი ლაღია და ისე მზესუმზირასავით შემომეკითხა... მომეწონა ❤️

 


№18  offline ახალბედა მწერალი K. I.

Moonlight17
დაწყებისთანავე ვიფიქრე, რომ სიზმარი იქნებოდა.:დდ არვიცი რატომ, მაგრამ ასეა.
რაც შეეხება ისტორიას, ისეთი ლაღია და ისე მზესუმზირასავით შემომეკითხა... მომეწონა ❤️

მადლობა, რომ შთაბეჭდილებები გამიზიარე ❤️
მიხარია, რომ "მზესუმზირასავით" შემოგეკითხა :D
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№19 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორ ვისიამოვნე,როგორი მხიარული დადებითი და მსუნუქი,სახალისო ისტორია იყო..თა თო მომეწონა ძალიან ირაკლიც კაი ტიპია მაგრამ თა თო უფრო სუპერ ბიჭია :) თან ბერვი რამ გავიგე იამაიკაზე, ისე ლამაზად გაქ აღწერილი ქეთო.

 


№20  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ნინო
როგორ ვისიამოვნე,როგორი მხიარული დადებითი და მსუნუქი,სახალისო ისტორია იყო..თა თო მომეწონა ძალიან ირაკლიც კაი ტიპია მაგრამ თა თო უფრო სუპერ ბიჭია :) თან ბერვი რამ გავიგე იამაიკაზე, ისე ლამაზად გაქ აღწერილი ქეთო.

მადლობა, ნინო ❤️❤️❤️
ჰო, მაგიტომ შეიქმნა ეს ნაწარმოები, რომ ცოტა გვეხალისა და დადებით ენერგიასთან ერთად ცოტა რამ საინტერესო ამბებიც გაგვეგო ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№21 სტუმარი Darejan Memanishvili

არაჩვეულებრივი ხართ, მსიამოვნებს რომ ვკითხულობ, გაიხარეთ შვილო დაწარმატებული იყავი. როგორც წესი კომენტარებს არ ვდებ მაგრამ თქვენს ნაწერებზე გულმა არ მომოთმინა

 


№22  offline ახალბედა მწერალი K. I.

Darejan Memanishvili
არაჩვეულებრივი ხართ, მსიამოვნებს რომ ვკითხულობ, გაიხარეთ შვილო დაწარმატებული იყავი. როგორც წესი კომენტარებს არ ვდებ მაგრამ თქვენს ნაწერებზე გულმა არ მომოთმინა

უღრმესი მადლობა, ქალბატონო დარეჯან heart_eyes
თქვენც წარმატებები!
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№23  offline მოდერი აირ ისი

ისე გაქვს აღწერილი,მართლა გულით მომანდომე ამ კუნძულის მონახულება ❤ ისტორიას რაც შეეხება, ძალიან სახალისო იყო :*

 


№24  offline ახალბედა მწერალი K. I.

აირ ისი
ისე გაქვს აღწერილი,მართლა გულით მომანდომე ამ კუნძულის მონახულება ❤ ისტორიას რაც შეეხება, ძალიან სახალისო იყო :*


თუ გულით მოინდომებ, შენს ოცნებას აიხდენ კიდეც ❤️
მადლობა, რომ შენი შთაბეჭდილება გამიზიარე ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent