შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჭორბიურო"(სრულად)


13-09-2018, 18:35
ავტორი ტერიკო74
ნანახია 9 027

-გაიგე ფოთოლა,თორდიას ტელეფონი ,რომ დაუდგამს?-ჩრჩილისგან გამოჭმულ ფარდაგის ბერტყვა შეწყვიტა ნაზიკომ და კარში გამოსულ მეზობელს წარბაწევით გახედა.
-რატომ არ დაიდგამდა რა, დაყვლეპილთვალება პალიკოს „ცეკაში“ დაუწყია მუშაობა,-მჟავენაჭამი ნახე მიიღო.
-არ გადამრიო! იმიტომ დაზიზინებს ახალი მანქანით,ის ბოტკინიანი?
-ბოტკინიც აქვს ქალო?!
-ისეა გაყვითლებული,კი ექნება!-გადაჭრით თქვა ნაზიკომ და ფარდაგს შემოსცხო.
-ბედი უნდა ყველაფერს!-ფოთოლამ თავი გადააქნია და იქვე ,ხის მორყეულ სკამზე ჩამოდო გავა.
-ის ტყავის ჩემოდანი,რომ უჭირავს ფოსტალიონივით,თურმე სულ წითელი თუმნიანებით ჰქონია სავსე!-ნაზიკომ ხმას დაუწია და დერეფანს ცბიერი მზერა მოატარა.
-რას მეუბნები?!-ფოთოლა სკამზე აწრიალდა.
-რაც გეყურება! ცოლად კიდევ რაიკომის პირველი მდივნის გოგო მოჰყავს!-ნაზიკო აზარტში შესულივით ვერ ჩერდებოდა.
-რაიკომის პირველ მდივანს ბიჭები არ ჰყავს, ქალო?-დაეჭვდა.
-გოგოც ჰყავს,მეორე ცოლთან!
-პირველს როდის გაშორდა?-ეს როგორ გამომეპარა თვალებით გამოჭამა ნაზიკო.
-ეს მეორე ჩუმად ჰყავს,ქალო,არავინ იცის!-თვალების პაჭუნს და ტუჩებიც ცმაცუნს მოჰყვა.
-რაღა არავინ იცის,კი გცოდნია აგერ!-აფხუკუნდა ფოთოლა.
-საიდუმლოდ გეუბნები,მარტო მე,შენ და მკითხავმა სვეტამ ვიცით!-საჩვენებელი თითი პირზე მიიდო.
პალიკო,კი არც „ცეკაში“ მუშაობდა,არც ფულებით სავსე ჩემოდანი ჰქონდა და არც რაიკომის მდივნის სასიძო არ გახლდათ.ერთი უბრალო არქეოლოგი იყო,რომელიც პატარა ტყავის ჩემოდნით სამუშაო ხელსაწყოებს დაათრევდა,წითელ თუმნიანების მაგიერ.სამჯერ გადაღებილი მანქანაც ხელფასების დანაზოგით იყიდა.
თორდიას მიერ ქალაქის ტელეფონის დადგმამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.ორსართულიან სადარბაზოს მაცხოვრებლები ჯერ შეფარული შურით და ერთმანეთთან ჭორაობით იფარგლებოდნენ,შემდეგ ღიადაც არ ერიდებოდნენ პალიკოს კბენას იქამდე,სანამ პალიკომ მეზობლების კრება არ მოიწვია და სათითაოდ არ შესთავაზა ტელეფონით ნებისმიერ დროს მომსახურეობა.მაშინ იცოცხლე,უცებ გადაატრიალეს „პლასტინკა“ და პალიკოზე განათლებული და გულკეთილი ადამიანი არ დაიარებოდა დედამიწაზე.თვალებიც აღარ ჰქონდა დაყვლეპილი და ყვითელი ფერიც გადასვლოდა.ტყავის ჩემოდანშიც ფულის მაგივრად,ქვეყნის აღმშენებლობის გეგმაც გაჩნდა.რაიკომის მდივნის ქალიშვილის ამბავი კი ძალაში დატოვეს.

-დედა,რა ბიჭია ჩვენი პალიკო,რა თვალები აქვს!-ქებას არ იშურებდა ფოთოლა.
-აბა,გოგო.. რა ჯანმრთელი ფერი ადევს სახეზეც!-კვერს უკრავდა ნაზიკოც.
იმ კრების დღიდან დაიწყო პალიკო თორდიას თავის ტკივილიც.დილის შვიდი საათიდან,რომ ატყდებოდა ტელეფონის ზარი,არ წყდებოდა ღამის ორ საათამდე.სამსახურიდან დაბრუნებულს მეზობლების გარემოცვაში უწევდა ჩაცმა,გახდა,ჭამა,ბანაობა და მუშაობა.გაუთავებელი რიგი იდგა ტელეფონთან.იმდენჯერ ინანა ტელეფონი,კრება და საერთოდ თავისი არსებობაც,ლამის ბინის გაყიდვა გადაწყვიტა,რომ არა ახალი მოსახლის,გურანდას შემომატება სამეზობლოში. ქალის ერთი შემოხედვით დატყვევდა პალიკო და ადგილზე დარჩა დალურსმნულივით.
დიდი,ნახშირივით შავი თვალები ჰქონდა გურანდას,გადაშოლტილი წარბები და მაღალი შუბლი.გრძელი შავი თმა მთელ ზურგს უფარავდა.აშოტილ ტანზე ისეთი მომდგარი კაბა ეცვა,სხეულის ყველა ნაწილს რომ კვეთდა.კიბეზე შემთხვევით შეეჩეხა პალიკოს და გაეცნო.კაცი ისე დაიბნა,ძლივს ამოღერღა თავისი სახელი.იმ დღის შემდეგ,როგორც მწყურვალი წყალს,ისე ელოდებოდა,როდის დასჭირდებოდა ქალს ტელეფონი. გურანდა კი ,თითქოს ჯიუტად ახლოს არ ეკარებოდა პალიკოს კარს.მეზობლებთანაც არ ჰქონდა მიმოსვლა,კარჩაკეტილი ცხოვრობდა.ცნობისმოყვარეობით გამსკდარი ნაზიკო და ფოთოლა,ახალ-ახალ ჭორებს იგონებდნენ და ყველას აჯერებდნენ.
-თურმე,ჯადოქარი ყოფილა გოგო,სვეტამ მითხრა,-ნაზიკომ ისეთი ხმით უჩურჩულა ფოთოლას და ნანას,ქალებს ტანში გააცია.
-რა იცის,სვეტამ?-დაეჭვდა ნანა.
-სვეტა ნათელმხილველია,მაგან თუ არა იცის,აბა მე ვიცი?!
-იმიტომ აქვს დღე და ღამ ჩამოფარებული ფარდები?-პირგამშრალმა და თვალებდაკარკლულმა ძლივს ამოთქვა ფოთოლამ.
-ზუსტადაც! შავი მაგიის რიტუალებს ატარებს,ღამე ხმებიც კი მესმის,ხრიალის,-უარესად დაძაბა ნაზიკომ.
-ნუ გამაგიჟე ქალო,ეშმაკები გვაკლდა მეზობლად?!-ფოთოლამ ცივი წყალი მოისვა სახეზე.
-ჭიაკოკონობას,ცეცხლი უნდა დავანთოთ და განვდევნოთ,თურმე ზუსტად მაგ დღეს ვერ იტანენ და ცეცხლის ალზე იწვებიან,ერთ კვირაში მოვიშორებთ თავიდან!-დაიქადნა ნაზიკომ და თითებზე დღეები გადათვალა.
-კარგი მოიფიქრე ეგ,ხომ იცი?!-კმაყოფილმა ფოთოლამ ტაში შემოჰკრა და გურანდას ფანჯრები დაზვერა.
ნაზიკო და ფოთოლა შინაბერები გახლდნენ,წუნია-წუნიაობაში ისე გაექცათ წლები,უკან მოხედვაც ვერ მოასწრეს.ყველა ახალგაზრდა,ლამაზი ქალის დანახვაზე ცხვირს იბზუებდნენ და ცდილობდნენ რაიმე ხინჯი მაინც მოეძებნათ მისთვის.საკბილოც ჩაუვარდათ გურანდას სახით.
ახალმა ამბებმა პალიკოს ყურამდეც მიაღწიეს,რამაც ისე გაამხიარულა კაცი,სულ დაავიწყდა ტელეფონთან დამდგარი რიგი,ორად მოკეცილი ,მუცელზე ხელებწაჭერილი ჩაბჟირებული იცინოდა.
-ამას სასაცილოდ ეჩვენება,რომ დაადგება ღამე და გაგუდავს,კი არ იცის!-ეწყინა ნაზიკოს და გამწარებულმა ხელმეორედ აკრიბა ნომერი.
-ახლანდელ ახალგაზრდებს არაფერი სჯერათ,-ნანამ კუდი აუწია მეზობელს.
-მაშ,ჩვენი გურანდა ჯადოქარია?-წელში გასწორდა პალიკო.
-სანდო ადამიანმა მითხრა,ხომ იცი,როგორ გვიყვარხარ,არ ენდო,ტელეფონთან არ მოუშვა,ჯადოს გაგვიკეთებს იცოდე,-ნაზიკომ ყურმილს ხელი დააფარა.ფოთოლა ახლოს მიიწია თორდიასთან და ჭიაკოკონას გეგმაც გააცნო.ამაზე სულ გადაირია კაცი,ისევ ორად მოიკეცა.სული ,რომ მოითქვა და გასწორდა,ქალების ავად მობრიალე თვალებს წააწყდა.
-მე დაგეხმარებით!-სერიოზული სახით,მტკიცედ თქვა.
-როგორ დაგვეხმარები?-ეჭვი შეეპარა ფოთოლას პალიკოს ნათქვამში.
-როგორ და ეშმაკი ბუნაგიდან უნდა გამოვიყვანოთ,შეშა ჩემზე იყოს!-სიცილს ძლივს იკავებდა.
-კაცო,შეშა იმდენი მიყრია სარდაფში,მთელ საეშმაკეთს ეყოფა,შენ ის თქვი,როგორ გამოვიტყუოთ გარეთ?-ნაზიკოს გადაავიწყდა ტელეფონი,საიდანაც ყრუდ ისმოდა ვიღაცის ხმა.
-ეგ საქმე მე მომანდეთ,გამოვიყვან კიდეც და ცეცხლზეც გადავატარებ!-წყალი,რომ არ გაუვა,ისე თქვა.
-ა,კაცი! ჩემს გურგენას, რომ ვუთხარი,შენზე დიდი კუდიანი არსად მეგულებაო,ასე მითხრა!-უკმაყოფილოდ ამრიზა ტუჩები ნანამ.
პალიკო შეკავებულმა სიცილმა,ისე გააწითლა სახეზე, ფოთოლამ გაოცებულმა შეხედა.
-აი,ეშმაკებზე ლაპარაკი კარგს არაფერს მოგვიტანს,მგონი სიცხეს აძლევს კაცს!-პალიკოს შუბლისკენ წაიღო ხელი.
-არა,არა,რაც ის გოგო მოვიდა,უკუღმა მიდის ყველაფერი.გუშინ ბადრიჯანი დავწვი,მაგის ფანჯრების ყურებაში,ფარდის უკან იდგა და ჩუმად მიყურებდა,მერე ლამის წავიქეცი,სკამს ფეხი მოტყდა,რომელი ერთი ჩამოვთვალო?-ფოთოლამ დოინჯი შემოირტყა.
-სამი დღე დარჩა,იცოდეთ,ხმა-კრინტი არავისთან!-შეთქმულივით ჩაილაპარაკა ნაზიკომ და თვალები დააკვესა.პალიკო ჩესტაღებული გაიჯგიმა.ქალებმაც კმაყოფილი სახეებით დატოვეს მისი სახლი.
სამუშაო მაგიდას კარგად ანათებდა ზედ მდგარი ლამპის შუქი.ქაღალდების გროვაში თავჩარგული იჯდა გურანდა და გამალებით წერდა.კარზე იმდენად ფრთხილი კაკუნი გაისმა,ჯერ ეგონა მომეჩვენაო და განაგრძო მუშაობა.კაკუნი კიდევ,რომ განმეორდა,კარისკენ წავიდა.
-საღამო მშვიდობის, გურანდა,-უხერხულად ატუზულმა პალიკომ კბილები გამოაჩინა.
-აჰ,თქვენ? მობრძანდით,-გაუღიმა და კარი ფართოდ გამოაღო.
პალიკო ასე უცებ მიპატიჟებას არ ელოდა,აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და ოთახში შეხტა.
-ცოტა გვიან კი გაწუხებთ,-მოიბოდიშა დაბნეულმა.
-არაუშავს,შემოდით,ჯერ არ მძინავს,-პირზე ღიმილი არ სცილდებოდა ქალს.-რამ შეგაწუხათ?
-თავი ტკივილის ხომ არაფერი გაქვთ?-მიზეზი სახელდახელოდ მოიფიქრა სუნთქვაშეკრულმა.
-წესით უნდა მქონდეს,აქეთ წამოდით,-ოთახისკენ შეუძღვა.
პალიკომ გზა და გზა მოასწრო თვალის შევლება ყველა კუთხეზე.მთელს ოთახში მუყაოს დიდი ყუთები იყო გაშლილი,საიდანაც წიგნის ყდები იმზირებოდნენ.ქალს არ გამორჩენია კაცის ცნობისმოყვარე თვალები.
-კარადები ჯერ არ გადმომიტანია,დალაგებას ვერ ვასწრებ,-თქვა და კაცს ხელში ორი აბი მიაწოდა.-ერთმა თუ არ გიშველათ,მეორეც მიიღეთ.
-ოო,დიდი მადლობა,-თვალი ვერ გაუსწორა,ისე გამოართვა.-ჩათვალეთ,რომ გადამარჩინეთ,ხვალ გრძელი სამუშაო დღე მელოდება.თავის ტკივილი კი ვერ გავიჩერე.
-სად მუშაობთ?
-არქეოლოგი ვარ.
-რა საინტერესო პროფესია გქონიათ,-ცოტა არ იყოს,გაკვირვებულმა აათვალიერა პალიკო.
-თქვენ რას საქმიანობთ?-კინაღამ წამოსცდა მეზობლების მიერ დადებული დასკვნა და გაეღიმა.
-მე მწერალი ვარ,ახალ წიგნზე ვმუშაობ..დაბრძანდით,-მაგიდასთან მდგარ სავარძელზე ანიშნა.
-ვგრძნობდი რატომღაც,რომ მწერალი იქნებოდით,-გაშინაურდა პალიკო და მითითებულ ადგილზე დაეშვა.
-მართლა?პირველი ხართ,ვინც მწერალი იფიქრა და არა მსახიობი, მომღერალი,ან რა ვიცი ,ათასი სხვა,მწერლის გარდა,-მსუბუქად ჩაიკისკისა.
-პატარა დაკვირვება ვაწარმოე თქვენი ცხოვრების სტილზე,-არ დაუმალავს,უთხრა და ძლივს გაუსწორა თვალი.
-არც ისე საინტერესო ცხოვრება მაქვს,რომ დიდი დაკვირვება და გამოცნობა დასჭირდეს ადამიანს,-ლამაზად გადაიდო ფეხი ფეხზე და მუხლის თავებზე კაბამ ერთი მტკაველით უკან გადაიწია.პალიკოს ყელში სპაზმებმა წაუჭირეს,სახეზე მოწოლილ სიმხურვალისგან,ლამის ცეცხლი წაეკიდა.
-სიმყუდროვე გიყვართ,-სახლში დავარცხნილი აზრები ,უმისამართოდ აჩეჩვოდა.
-კი მიყვარს,ღამე ჩემი სისუსტეა,დილამდე ვწერ,დღისით მძინავს,-ფეხზე ინსტიქტურად დაისვა ხელი გურანდამ,რაზეც პალიკოს თვალებში დაუღამდა.
-იმიტომ არ ჩანხართ ხშირად,-გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა.
-დავამთავრებ რომანს და გპირდებით,რომ ახლოს გაგიცნობთ ყველას,-ისე შესცინა,კაცი უკან გადაქანდა.
“არა,მართლა ჯადოქარია“-გაიფიქრა და ფეხზე წამოდგა.-დიდი მადლობა წამლისთვის,დაგემშვიდობებით..ჰო,მართლა,თუ ტელეფონი დაგჭირდეთ,შეგიძლიათ ჩემთან ისარგებლოთ,-წამიერად გაუსწორა მზერა და კარისკენ წავიდა.
-ღამე მშვიდობისა.
დილით ხმაურმა გააღვიძა პალიკო,ნაზიკო და ფოთოლა ხმამაღლა ქოთქოთებდნენ დერეფანში.
-არა,ჩვენ რომ არ ვიყოთ,ობობის ქსელებში გაიხლართებოდით!-ცოცხს ბრაზიანად იქნევდა ნაზიკო.
-ამათ ჰგონიათ,დამლაგებლად დავიბადე,-აჰყოლოდა ფოთოლა და სველი ჩვრით გულმოდგინედ აპრიალებდა სამეზობლო მაგიდას,სადაც ყოველ დილით ყავას მიირთმევდნენ.
-გურგენ,სად არის შენი ქალბატონი?-ნაზიკომ თვალი შეასწრო ფანჯარაში გადმოყუდებულ გურგენას,რომელსაც პაპიროსი მოექცია კბილებს შორის და ღეჭავდა.
-ნანა!-ჩახლეჩილი ხმით გასძახა ცოლს.-გამოდი,შაბათობა გაქვთ!-დაღეჭილი ნამწვი ორი თითით გაისროლა ეზოში.
-საფერფლე არ გაქვთ,სად ისვრი კაცო?-გაწიწმატებული ეცა ფოთოლა კაცს.
-ღმერთო,ერთი ის დილა გათენდებოდეს,ეს ორი ყვავი არ დამანახვა,-ჩაიბურტყუნა და ოთახში შეტრიალდა.
-უსინდისო!-გურგენაზე გაბრაზებული ფოთოლა,გურანდას კარს მიადგა და ძლიერად დააკაკუნა.
ნამძინარები სახე მალევე გამოჩნდა,თვალებმოჭუტული დააკვირდა აფოფრილ ქალს.
-დილა მშვიდობისა მეზობელო კარისაო,-უკმეხად მიესალმა ფოთოლა.
-დილა მშვიდობის,-გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა.
-ყოველი შაბათი დღე განკუთვნილი გვაქვს დასუფთავებისთვის,მეზობლები ვინაწილებთ საქმეს,რომ ჩვენი ეზო,სადარბაზო,დერეფანი მუდამ წესრიგში იყოს! ვინაიდან და რადგანაც ჩვენს სამეზობლო სიაში ჩაეწერეთ,ნება იბოძეთ და შემოგვიერთდით!-სველი ჩვარი ხელში მიაჩეჩა გაგულისებულმა.
-ბატონო?-თვალები ჭყიტა გურანდამ.
-თქვენი წილი დასასუფთავებელი გაასუფთავეთ მეთქი,-მოკლედ მოუჭრა ფოთოლამ და პირმოკუმულ-წარბაწეული გაეცალა სახტად დარჩენილ ქალს.ნაზიკო შორიდან ზვრევდა ცინიკური სახით.
გურანდამ ჩვარი იქვე მოაჯირზე გადაკიდა და კარი მიიხურა.ამის დანახვაზე ფოთოლამ ნაპერწკლები გაყარა თვალებიდან.
-ხედავ ქალო,რა ქნა?
-არ ეკადრება,ქალბატონს!-ცოცხი ონკანს შეუშვირა ნაზიკომ და ისე დაფერთხა,მთელი კედელი გაწუწა.
-წუხელ პალიკო იყო შესული მაგასთან,-ნანა სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მეზობლებს.
-რას ლაპარაკობ,გოგო?-ერთდროულად დაიძახეს და პალიკოს ბინისკენ გაქანდნენ.
ისე გამეტებით ატეხეს ბრახუნი,პალიკოს ეგონა ქვეყანა დაინგრა,შეშლილივით გამოხსნა კარი,მაგრამ ვინ აცადა რამის თქმა,ფოთოლამ და ნაზიკომ დასჯილი ბავშვივით შეათრიეს უკან.
-სად დაძვრები ღამ-ღამობით,ჰა?-ისე დააელვა თვალები ფოთოლამ,კაცს ტანში გასცრა.
-რა ხდება,უთენია,რომ მინგრევთ კარს?-გაოცებულმა გაშალა ხელები.
-რა გინდოდა იმ კუდიანთან?-ნაზიკომ პირი გვერდზე მოიქცია.
პალიკომ ერთი პირობა,კი დააპირა ორივესთვის უცებ მიეჩინა ადგილი,მაგრამ გადაიფიქრა და ქალებს ეშმაკურად გადახედა.
-რა გაყვირებთ?-ხმადაბლა,დაძაბული ხმით უთხრა და ორივეც იმ წუთში გაისუსა.-ჭიაკოკონობისთვის ნიადაგის შემზადება მინდოდა!-ამის თქმა იყო და ორივე ადგილზე შეხტა.
-მერე?-თვალები მოჭუტეს.
-რა მერე,ნეტა არ შევსულიყავი,რაც იქ ვნახე,არ დაიჯერებთ!
-თქვი შე კაცო,დაგველია სული!-გაბრაზდა ნაზიკო.
-რქები!-ხმადახშულმა თქვა, თუ არა,ორივე კედელს აეკრა.
-რა რქები?-პირზე ხელი აიფარა ფოთოლამ და თვალები გადმოკარკლა.
-რა და თავზე ჰქონდა რქები,შევედი თუ არა,ხელი სწრაფად გადაისვა და გაქრა!-ერთი გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა.
-აი,ხომ ვამბობდი,სვეტას არაფერი გამოეპარება!- სკამზე ჩამოჯდა ნაზიკო და ხელები მუხლებზე დაიტყაპუნა.
-ღმერთო,შენ გვიშველე,-ფოთოლამ მაღლა აღაპყრო მკლავები და პირჯვარი ელვისებური სისწრაფით სამჯერ გადაიწერა.
-ვიღუპებით,ხალხნო!- განწირული ხმით დაიძახა ნაზიკომ,პალიკომ ყმუილისმაგვარი ხმები ამოუშვა.
-მღვდელი უნდა მოვიყვანოთ!-გადაჭრით თქვა ფოთოლამ.
-ჯერ ჭიაკოკონა ვცადოთ!-პალიკო მიხვდა, თამაში უფრო შორს მიდიოდა.
-სვეტასაც მოვიყვან,ამ საქმის გადადება არ შეიძლება!-ნაზიკო ფეხზე წამოხტა.
-არა,არა,ეს ჩუმად უნდა გავაკეთოთ,რომ ვერ მიხვდეს,თორემ ვერ მოვერევით,ნიორი გაქვთ?-პალიკოს ახალ-ახალი იდეები მოსდიოდა გონებაში.
-ერთი-ორი კბილი კი მექნება,რად გინდა?-ფოთოლამ ყურები დაცქვიტა.
-ცოტაა,მთლიანი გალა გვინდა,მაგის სუნსაც ვერ იტანენ ჭინკები,-ხმადაზაფრულმა უარესად შეაშინა ქალები.
-ბაზარში ვიყიდით,დღესვე!-ნაზიკომ ხელი ჩაავლო ფოთოლას და გასასვლელისკენ გაიტაცა.
მარტოდ დარჩენილმა პალიკომ ცრემლებამდე იცინა.სტვენა-სტვენიტ გაიპარსა პირი და სამსახურში წასასვლელად მოემზადა.კარი გამოაღო და მის წინ ასვეტილ გურანდას დანახვაზე ისე შეხტა,თითქოს მართლაც ჭინკა დაენახოს.
-დილა მშვიდობის,პალიკო,შეიძლება შემოვიდე?-ისეთი წკრიალა ხმით უთხრა,პალიკოს მელოდიასავით ჩაესმა ყურში.
-მობრძანდით,-რობოტივით გადადგა ნაბიჯი გვერდზე.
-თავად,რომ არ შემოგეთავაზებინათ,ვერც გავბედავდი თქვენს შეწუხებას,ტელეფონი მჭირდება,-მომნუსხველი ღიმილით შევიდა.
-დიახ,დიახ,როდესაც გენებოთ,აქეთ შემობრძანდით,-ბრინჯივით დაიბნა პალიკო.
კისერმოღერებულ გედივით გაურა გვერდით კაცს,ისეთი სურნელი ჩაატარა,პალიკოს ფეხები მოეცელა.ლამაზად ჩამოჯდა გურანდა სავარძელზე და ისევ ისე გადაიდო ფეხი-ფეხზე,როგორც წინა ღამეს,რაც პალიკოსთვის საკონტროლო გასროლას ნიშნავდა.საერთოდ არ გაუგია სად დარეკა ქალმა,ვის ესაუბრა,სარგადაყლაპულივით იდგა და გურანდას მიშტერებოდა.
-დიდი მადლობა,-ფეხზე წამოდგა გურანდა და პალიკოც მაშინ გამოერკვა.
-არაფერს,-ისევ დაბნეულმა უპასუხა.
-დღეს მეზობლებს ვაწყენინე,-გულდაწყვეტილმა თქვა.
-რატომ,რა მოხდა?-უეჭველი ფოთოლა და ნაზიკო იქნებოდნენო,ეგრევე გაიფიქრა.
-შაბათი დღე დასუფთავების ყოფილა,მე კი არ ვიცოდი,დილით დავწექი,მთელი ღამე ვიმუშავე,ვერ შევძელი გასვლა.
-ოო,ვერ მოგსვლიათ კარგი ამბავი,უნდა შემოირიგოთ,-მთელი სერიოზულობით უთხრა.
-რა გავაკეთო,რა ესიამოვნებათ?-სმენად იქცა გურანდა.
-ზეგ ჭიაკოკონობაა და ყველა შეიკრიბება,ხოდა მაგ დროს შეგიძლიათ შემოუერთდეთ სამეზობლოს,მეც დაგეხმარებით ჩატეხილ ხიდის აღდგენაში,-გულში იზეიმა პალიკომ.
-ჭიაკოკონა? კიდევ გჯერათ ცრურწმენების?-გადაიკისკისა ქალმა.
-მასე ნუ განეწყობით,თორემ უფრო გაანაწყენებთ მეზობლებს,თუ გინდათ,რომ სამუდამოდ არ გადაიკიდოთ ჩვენი ეზოს „უსტაბაშები“,მაშინ უნდა დამთანხმდეთ,-პალიკოსაც ეცინებოდა.
-ნუ,რა გაეწყობა,მოვალ,-ისევ ისე ლამაზად ჩაუარა გვერდით და სურნელმაც ისევ შეუღიტინა კაცს.
***
საღამოს,სახლში დაბრუნებულ პალიკოს,მთელ დერეფანში ნივრის გალები დახვდა ბროლის ჭაღებივით ჩამოკიდული.
-რომ არ გასჭრას ამან,იცოდე ვერ გადამირჩები,მთელი პენსია ამაში გადავიხადე!-ნაზიკო თავს დააცხრა.
-გამისკდა გული!-მკერდზე იტაცა ხელი პალიკომ.
-გულის ხეთქვა მერე ნახე,თუ ტყუილად ვიყიდე,-ყურში ჩაუსისინა.
-ღმერთო,შენ მიშველე,-საცოდავად აიხედა მაღლა პალიკომ და საკეტს გასაღები მოარგო.ის იყო ფეხი უნდა შეედგა ოთახში,რომ დერეფანში გურანდა გამოვიდა.
-ვაიმე,საშინელი სუნია,ალერგია მაქვს ნიორზე,ვინ დაკიდა ამდენი?-თქმა და ცხვირის დაცემინება ერთი იყო.
პალიკომ თვალი ნაზიკოსკენ გააპარა,რომელიც გაბრწყინებული სახით იყურებოდა.
-დაიწყო მოქმედება,შენ გაიხარე პალიკო!-სიხარულისგან გააკანკალა და უკანმოუხედავად გაიქცა ფოთოლას ბინისკენ.
-მართლა მოკლავენ ამ გოგოს,-ჩუმად ჩაილაპარაკა და გურანდასკენ წავიდა.
-სასწრაფოში დარეკეთ რა,ალერგიული ვარ ნიორზე,-პალიკოს დანახვაზე ხმამაღლა დაიძახა ქალმა და ხველა აუტყდა.
-ეს მართლა კუდიანები!-გიჟივით შევარდა სახლში ,ტელეფონს ეცა და სიჩქარისგან საჩვენებელი თითი ხან ერთიანში გაუყარა,ხან ორიანში,ძლივს აკრიბა ნოლ-სამი.მერე ისევ გამოვარდა გარეთ და ნივრის გალებს დაერია.ნაზიკო,ფოთოლასთან და ნანასთან ერთად გაოგნებულები უყურებდნენ სიბრაზისგან გადარეულ კაცს.
-პენსია არა?! ეშმაკები და ქაჯები ხომ?!-გაცოფებული იღრინებოდა და შეშლილივით ისროდა ნიორს აქეთ-იქით.მეზობლები ერთიმეორის მიყოლებით გაუჩინარდნენ.
სასწრაფო დახმარებაც დროულად მოვიდა და პალიკოც შეშინებული შეჰყვა ექიმს.
გურანდას თვალებიდან ცრემლები სდიოდა,ცხვირი ერთიანად გასწითლებოდა და გასიებოდა.მის შემხედვარე პალიკომ სინდისის ქენჯნა იგრძნო,ხუმრობა ლამის ტრაგედიად იქცა.
გურანდას ნემსები გაუკეთეს და დამშვიდებული დატოვეს პალიკოს ხელში.
ექიმი,რომ გაისტუმრა,გურანდას მიუტრიალდა.თვალები ეხუჭებოდა ქალს,დამამშვიდებელი მოქმედებას იწყებდა.საწოლთან ახლოს ჩამოუჯდა,ღრმად ჩაისუნთქა და საუბრის დასაწყებად ძალა მოიკრიბა.
-გურანდა,ყველაფერი ჩემი ბრალია,მაპატიე,-შენობითზე გადავიდა.
-თქვენ რა შუაში ხართ,პალიკო?-გაბუჟებულ ტუჩებს კბილები დააჭირა.
-თავში ვარ,-დამნაშავეს ხმა ჰქონდა.
გურანდა ვერ მიხვდა რატომ იდანაშაულებდა კაცი თავს,გაკვირვებულმა გადახედა.
-დაისვენე,მოგვიანებით გინახულებ,-ფეხზე წამოდგა პალიკო და უკანმოუხედავად გაეცალა ქალს.
სახლში შესული ადგილს ვერ პოულობდა,სიბრაზისგან თვალები უელავდა.ქურდივით შეაღო კარი ფოთოლამ და გაავებულ კაცს წინ აესვეტა.
-პალიკო,რა დაგემართა?
-მოასუფთავეთ დერეფანი,ერთი კბილი ნიორიც არ დარჩეს,სასწრაფოდ!-კბილებში გამოსცრა და ქალს ავად დაუბრიალა თვალები.
-ვაიმე,-ლოყაზე იტკიცა ქალმა ხელი.-ვიცოდი,ვიცოდი,რომ შენც ჯადოს გაგიკეთებდა,დავიღუპეთ!-შეშინებულმა უკან-უკან დაიხია და შურდულივით გავარდა.
-თქვენ,რომ კაცი აგყვებათ..“დურაკი“ვარ!-დანანებით გაიქნია თავი და ფეხსაცმელები ერთი გაქნევით გაიძრო.

გაკაპასებული ასუფთავებდნენ დერეფანს ნაზიკო,ნანა და ფოთოლა,რამდენჯერაც ცოცხი გამოუსვა ნაზიკომ,იმდენჯერ ამოიტირა „ეშმაკის წამალში“ გადახდილი პენსია.
-სახაშე ვიყიდო? ნიორი კი გვაქვს თავზესაყრელად,-გურგენას ფანჯარაში გადმოყუდებულს ,ისევ პაპიროსი მოექცია კბილებს შორის.
-დაგძვრეს ეგ კბილები!-მიაწყევლა ნაზიკომ და ნაგავს პირი მოუკრა.
-უხ,თქვე ბებერო კუდიანებო,ეს ჩემი ცოლიც,რომ გააგიჟეთ! ნანა,შემოდი სახლში!-ნამწვი ისევ ეზოში გაისროლა გაგულისებულმა.
-გაგიხმეს ხელები!-ფოთოლამ დაუმატა.
-კარგით ახლა,პალიკოზე გაბრაზებული ნუ გადამირევთ ამ კაცს,-ნანამ სცადა ქმრისთვის ქალების რისხვა აერიდებინა.
-მაგასაც რომ მოგიჯადოვებს,მერე ნახე შენ!-ფოთოლამ ცხვირი მაღლა ასწია.
-სვეტასთან უნდა წავიდე,ხვალვე!-ნაზიკოს ნათქვამმა ორივეს სახე გაუბრწყინა.
-ისევ ეგ თუ გვიშველის,თორემ ხომ ხედავთ,პალიკოც გვეცლება ხელიდან,-ჩაილაპარაკა გულმოკლულმა ფოთოლამ.
ასე ვიშ-ვიშით მოაპრიალეს იქაურობა და სახლებში შეიყუჟნენ.
პალიკოს მოსვენება დაეკარგა,წარა-მარა გურანდას ჩაბნელებულ ფანჯრებს გაჰყურებდა.ჩუმად გამოაღო კარი და დერეფანი დაზვერა.სიწყნარე დახვდა.ფრთხილი ნაბიჯით მეზობლის კარს მიაშურა.
-როგორ ხარ?-ქალის დანახვაზე გული შეუხტა.
-უკეთესად,შემოდი,-სახეზე ეტყობოდა,ახალი გაღვიძებული იყო.
-რამე ხომ არ გჭირდება?-ნაცნობ სავარძელზე ჩამოჯდა.
-არა,მადლობა,კიდევ კარგი დროულად დამეხმარე,-გაუღიმა.
-გურანდა,-ყელგამშრალმა დაიწყო.-ვერ მოვისვენებ ,რომ არ გითხრა.
-რა მოხდა?-წინ დაუჯდა და ბრიალა თვალები მიანათა.პალიკო წამიერად გაიყინა ადგილზე.
-ექიმმა გითხრა რამე?-ქალის შეშფოთებულმა ხმამ გამოაფხიზლა.
-არა,არა..ნიორის ამბავი ჩემი ბრალია,-უცებ მიაყარა სათქმელი და შვებით ამოისუნთქა.
-ვერ გავიგე?
-გეტყვი,-თავის საქციელზე ჩაეცინა პალიკოს და ყველაფერი მოუყვა,თუ როგორ ებრძოდნენ კუდიანი მეზობლები,კუდიან გურანდას.
-ნაზიკო! ნაზიკო!-ხმაგაპარული ეძახდა ფოთოლა და კარს ეჯაჯგურებოდა.
-რა მოხდა,ქალო?-ღამის პერანგში გამოწყობილი გამოვარდა.
-უსმინე!-გურანდას ბინისკენ თითი გაიშვირა და ყურებთან ერთად თვალებიც გააფართოვა.
სიცილ-ხარხარის ხმა გამოდიოდა „ჯადოქრის“ სახლიდან.
გურანდა ისე გაამხიარულა ამ ამბავმა,სულ დაავიწყდა ცუდად ყოფნა.
-ესე იგი კოცონზე მიპირებენ დაწვას?-კისკისებდა.
-კი,ხვალ და მგონი შენთან ერთად მომიწევს მეც,-იცინოდა პალიკო.
-რაღაც უნდა მოვიფიქროთ,-გურანდამ ეშმაკურად აათამაშა ტუჩები.
-რა?
-უნდა ავყვეთ თამაშში!-გადაჭრით თქვა ქალმა და ჩურჩულით გააცნო უცებ მოფიქრებული გეგმა.
***
-ნახე,რა დღეში არიან?-ფოთოლა კისერწაგრძელებული ატრიალებდა თავს.
-მაგათ ვუჩვენებ სეირს!-დაიქადნა ნაზიკომ.
გურანდას ფარდა ოდნავ გაეწია და მეზობლებს უჭვრიტინებდა.
-დროა!-დაიძახა ჩუმად და კაცისკენ წავიდა.
კარის გაღებისთანავე ფოთოლაც და ნაზიკოც კედელს აეკვრნენ და მბჟუტავ სინათლეზე მომავალ პალიკოს გაფაციცებით დააკვირდნენ.კაცს თავზე რქები ედგა და გრძელ კუდს ხელში ათამაშებდა.ამის დანახვაზე ერთხმად ამოიკივლეს და ძირს გულწასულები გაიშოტნენ.
აქ კი დასცხა პალიკოს და გურანდასაც.მიმაგრებული თოკი და თავზე ჩამოცმული რქები სისწრაფით მოიძრო და ქალებს დაფეთებული ეცა.გიჟივით უტყაპუნებდა სახეში,ხან ერთს,ხან მეორეს.გურანდა შიშისგან ადგილზე გაშეშებულიყო.
ნაზიკომ ძლივს გაახილა თვალი და თავს წამომდგარი პალიკო,რომ დაინახა,ისევ გადაატრიალა თვალები.
-გურანდა,სასწრაფოში დარეკე!-კაცის ხმაზე ,თითქოს ღილაკს დააჭირეს ხელიო,ისე შეხტა პალიკოს სახლში.
ხმაურზე მეზობლებიც გამოშალნენ.ვინ ქვემოდან ამორბოდა და ვინ გვერდიდან გამოვარდა,ყველა ერთმანეთში აირია.ნანა თავს დააცხრა კაცს და მუჯლუგუნით გასწია გვერდზე.გურგენა არხეინად გადმოდგა ფანჯარაში.
-ხაშლამის სუნი ტრიალებს,-ხმამაღლა დაიძახა და პაპიროსს ასანთი მისცა.
კივილით მოვარდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა.მეზობლების დახმარებით შეასვენეს ნაზიკოს სახლში ორივე და ჭირისუფლებივით ჩამწკრივდნენ კედელთან.
-ღმერთო,ეს ცოდვა არ დამადო გულზე,-ხელები გაშალა პალიკომ.
-ბიჭო,მაღარიჩი უნდა გიკისრო,რა დამართე მაგათ?-გურგენას სიცილი აუტყდა.
პალიკომ ხელი ჩაიქნია და ცრემლმორეულ გურანდას პირისპირ დადგა.
-კარგი,ნუ ნერვიულობ,არაფერი მოუვათ,-ოდნავ შეეხო მხარზე.
-მგონი,გადავამეტეთ,არ მოკვდნენ,- ცრემლები წამოყარა.
-მაგათ რა მოკლავთ,ეშმაკზე ადრე არიან დაბადებულები,-ქალის გამხიარულება სცადა.
-ნუ დარდობ,მეზობელო,სანამ ყველას არ გაგვისტუმრებენ,არსად წავლენ,-ჩაიროხროხა გურგენამ.
ნიშადურით მოსულიერებული „კუდიანზე მონადირე კუდიანები“ გაყვითლებული სახეებით იწვნენ და სამეზობლოს, ნახევრადმოჭუტული თვალებით ათვალიერებდნენ.
-ჩვენი შესვლა არ ივარგებს,უარესად გადაირევიან,-მათი გადარჩენის ამბის გაგების შემდეგ უთხრა გურანდას.
-ჰო,ხვალამდე მოვიცადოთ,-დაეთანხმა ქალიც.
-შემოდი,გაგიმასპინძლდები,ცოტა დავმშვიდდებით.
-კარგი,მაინც არ დამეძინება ჯერ,-ღია კარში შეჰყვა კაცს.
- მთის ქონდარის ჩაის მოგიმზადებ,-ჩაიდანი შემოდგა ქურაზე.
-ქონდარი?-ზიზღი შეეპარა ტუჩებზე.
-ეს სადილში,რომ გამოიყენება,ის არ არის,ეს სხვაა,მენდე,-დაფაცურდა.
-საინტერესოაა,გავსინჯავ,-ხათრი ვეღარ გაუტეხა,თორემ სულაც არ მოიხიბლა სახელით.
-შენს რომანებს როდის წამაკითხებ?-მოუტრიალდა.
-როცა გინდა,ოთხი წიგნი მაქვს გამოცემული,მეხუთეზე ვმუშაობ ახლა.
-გილოცავ,-გაუღიმა.
-მადლობა,-თქვა და მის წინ დადგმულ ჭიქას ცხვირწაწეულმა დასუნა.-ოო,რაღაც კარგი ჩანს.
-დამატებას მოითხოვ,-ამაყად მიუჯდა მაგიდას.
-მშობლები გყავს?-შაქრის ნატეხი ჩაუძახა ჩაიში.
-კი,სოფელში ცხოვრობენ,ხშირად ვერ ვახერხებ ჩასვლას,მაგრამ იმ კვირაში წავალ,აღდგომაა,-თავადაც ჩაიგდო შაქრის რომბი.-შენ?
-დედა დამეღუპა,მამა კი ცოცხალია,-მოკლედ მოუჭრა.
-სად არის?-ვრცლად უნდოდა გაგება.
-აქ ცხოვრობს,სხვა ოჯახი ჰყავს..
-კონტაქტი გაქვს?
-იშვიათად,ორი ძმა მყავს,მამის მხრიდან.
-კარგია..მე დედისერთა ვარ,ძალიან მინდოდა დედმამიშვილი მყოლოდა,-ამოიოხრა პალიკომ.
-ოჯახი?-თქვა და ჩაის არომატი შეიგრძნო.-საოცრებაა,-სიამოვნებისგან თვალები მილულა.
-ასეც ვიცოდი,რომ მოგეწონებოდა,-კმაყოფილებამ გადაურბინა სახეზე.-ოჯახი არა,როგორც ხედავ მარტო ვცხოვრობ.
-გავალ,გვიანია უკვე,-წამოდგომა დააპირა ქალმა.
-დარჩი,-დახშული ხმით წამოსცდა პალიკოს.
გურანდამ თვალი გაუსწორა კაცს,ცოტა ხანს უყურა,მომაჯადოვებლად გაუღიმა.
-მადლობა ჩაისთვის,ღამე მშვიდობისა,-ფეხზე წამოდგა.
-ღამე მშვიდობისა,-კართან მთვრალივით მივიდა კაცი.

დილამდე ბორგავდა საწოლში პალიკო,ფიქრებით გურანდას დაესხა თავს.ქალის თვალებს მის გულში დაედოთ ბინა.
თავწაკრული ფოთოლა ლასლასით გამოვიდა ნაზიკოს სახლიდან და დერეფანი ავი სახით მოათვალიერა.
-ჯოჯოხეთმაც არ მიგიღოთ, მეზობლებო?-გურგენა ჩვეულ ფორმაში იდგა.
-დაგიმიწდეს პირი!-შეუღრინა და კიბისკენ წავიდა.
-ვერ ეღირსები ჩემი კუბოს აწევას!-ნაზიკო გამოენთო გარეთ და გურგენას შეუბღვირა.
-აქ უნდა დაგიდგათ,აქ,-სიცილით დაიტყაპუნა მხარზე ხელი და ისედაც გაკაპასებული ქალი,უარესად აანთო.
-ყველას ერთად მოგივლით,დამაცადეთ!-დაიმუქრა და ფოთოლას გზას მიჰყვა.
პალიკოს მთელი ღამის თეთრად გათენებულს,ღრმად ჩასძინებოდა.მაღვიძარამაც ტყუილად ატეხა განგაში და სამსახურში წასვლის დროც,კარგა ხნის გადასული იყო.დამწვრის სუნმა ცხვირი,რომ აუწვა,მაშინ ინება თვალების გახელა.დარეტიანებული წამოვარდა ფეხზე,ჯერ საათს დახედა,საღამოს ექვსი საათი სრულდებოდა,საკმაოდ დაბნელებულიყო.გემრიელად შეიკურთხა და დაკვამლულ დერეფანში გაიჭრა.
ეზოში ჩოჩქოლი აეტეხათ,ცეცხლი დაენთოთ ნაზიკოს და ფოთოლას.მეზობლები უკმაყოფილო სახეებით რაზავდნენ ფანჯრებს.
-ქსი,ქსი..ქსი ქსი..-ხმამაღლა იძახდნენ და კოცონს გარს უვლიდნენ ალქაჯებივით.გრძელი ჯოხები ეჭირათ ხელში და ცეცხლის ალს მონაცვლეობით „ურჭობდნენ“.
-ერიჰაა,-დაუსტვინა გურგენამ და ისეთი სიცილი ატეხა,მთელ სამეზობლოს მოედო.ეზოს ბავშვები ჟრიამულით გამოიშალნენ და კოცონზე ხტომაში შეჯიბრი გამართეს.
-წადით,აქედან!-უკიოდა ფოთოლა რიტუალში ხელისშემშლელებს.მაგრამ,ვინ უსმენდა,ყიჟინით დარბოდნენ ცელქები.
-ამათ აღარაფერი ეშველებათ,-ხელი ჩაიქნია პალიკომ და გურანდას კარს მიადგა.დაკაკუნება არც დასჭირვებია,ისე გამოვარდა ქალი გარეთ.
-რა ხდება,ვიწვით?-დაფეთებული იყურებოდა აქეთ-იქით.
-სანამ მართლა წაგვიკიდეს ცეცხლი,ჩაიცვი,წავედით,-ეცინებოდა.
-ჩაცმული ვარ,-ტანზე დაიხედა გურანდამ.-ვაიმე,დღეს ჭიაკოკონობაა,-გაახსენდა და ფრიად საჭირბოროტო საქმეს შეჭიდებულ წუხანდელ მომაკვდავებს სიცილით გადახედა.
-აჰაა,აგეწვათ კუდები?!-ნაზიკომ სირბილთან ერთად ხმასაც უმატა.
ამაზე სულ გადაბჟირდა გურგენა,იქამდე იცინა,სანამ ყელში არ წაუჭირა კვამლმა.
ფხუკუნ-ფხუკუნით ჩაირბინეს კიბე პალიკომ და გურანდამ,გარეთ გასულები ერთმანეთს მიაწყდნენ.
-მორჩა,სამუდამოდ გადავიკიდეთ,-პალიკომ ავტომობილის წინა კარი გამოუღო ქალს.
-ჩემს გამო,შენც დაზარალდი,-სავარძელზე მოთავსდა.
-მიღირდა,-დამთბარი ხმით უთხრა და ისეთი სახით შეხედა,ქალს ცოტა არ იყოს და სხეულში უცნაურად დაუარა.
-სად მივდივართ?-თემა შეცვალა გურანდამ.
-ნარიყალაზე ავიდეთ,სუფთა ჰაერი მოგვიხდება,-სასწრაფოდ დაქოქა და იქაურობას გაეცალა.
---
-ნახეთ ხალხო,ხომ დაინახეთ თქვენი თვალებით,როგორ გაიქცნენ შეშინებულები?!-გამარჯვებული სახით ზეიმობდა ფოთოლა.
-ერთმანეთს ასწრებდნენ მოწამლული თაგვებივით,-ნაზიკო სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.
- გამოთქმა,ჯოჯოხეთის მაშხალები თქვენზეა ზედგამოჭრილი,-გურგენამ საჩვენებელი თითი ჰაერში აღმართა და ხელში მუგუზალით მდგარ ქალებს თავის ქნევით დახედა.
-შენ იმათზე უარესი ხარ,შენთვისაც მოვიცლით!-ფოთოლამ ცეცხლმოკიდებული შეშა გურგენასკენ გაიშვირა.
-კიდევ კარგი,ვერ იპოვნეთ თქვენი სანეკნე,ბეწვზე გადარჩენილან,-სიცილი დააყარა ზემოდან და ოთახში შებრუნდა.
მტკივან ადგილზე მოხვდათ ორივეს კაცის ნასროლი სიტყვები,ისეთი ქოთქოთი ატეხეს,მოყიჟინე ბავშვებიც კი მიმოიფანტნენ აქეთ-იქით.
ეზოში შესულ უცხო მამაკაცების დანახვაზე,“მონადირეები“ შედგნენ და ინტერესით დააკვირდნენ.ბრგე,ჭაღარა მამაკაცი თავის ოდნავ დაკვრით მიესალმა ქალებს და თანმხლებ პირთან ერთად კიბეს აუყვა.გურანდას კართან შეჩერებული,რომ დაინახა ნაზიკომ,ხელი სტაცა ფოთოლას.
-ღმერთო,მომკალი,იცანი გოგო?-ისეთი ხმა ჰქონდა,თითქოს მოჩვენება დაენახოს.
-არ მჯერა!-ხელები გაასავსავა ფოთოლამ და მამაკაცს უკეთესად დააკვირდა,თვალი ხომ არ მატყუებსო.
-დედაა,რა უნდა იმ კუდიანთან ნეტავ?-კაცზე თვალისმოუცილებლად აუყვა საფეხურებს ნაზიკო,უკან ტუნტულით მიჰყვა ფოთოლა.
-არ არის გურანდა სახლში,-ცბიერი ღიმილით მიუახლოვდნენ.
-მითხრა,სახლში ვიქნებიო,-ჭაღარა თანმხლებს მიუტრიალდა.
-პალიკოსთან ერთად წავიდა,-ჩაუჭიკჭიკეს ერთხმად.
-პალიკო ვინ არის?-წარბი შეჰყარა კაცმა.
-ჩვენი მეზობელია,ბატონო ჯანო,აი,იქ ცხოვრობს,-ხელის გაშვერით მიუთითა.-თქვენ კი გიცანით,მაგრამ გურანდასი ვინ ხართ?-ისე ნოზის ხმით საუბრობდა ფოთოლა,თვით ნაზიკომაც გაოცებულმა შეხედა.
-მამა ვარ,-დაიბუხუნა კაცმა და მეორეს ანიშნა გავედითო.
-მამა?-„კუდიანებმა“ერთხმად დაიძახეს და რაიკომის პირველ მდივანს ყბადაღებულებმა გააყოლეს თვალი.
ნარიყალაზე,გრილ სიოს სასიამოვნოდ მოჰქონდა ბოტანიკურ ბაღიდან ყვავილთა სურნელი.პალიკო და გურანდა დაბალ გალავანს გადმომდგრები,ბედნიერი ღიმილით დაჰყურებდნენ თბილისს.
-ხომ არ გცივა?-მზრუნველი ტონით ახლოს მიიწია ქალთან.
-ცოტა,-უხერხულად გაეღიმა.
სწრაფად გაიძრო მოსაცმელი პალიკომ და ქალს მხრებზე მოახურა.
-რა ლამაზია,არა?-გურანდას თვალები უბრწყინავდა ლამპიონებით განათებულ ქალაქზე.
-სასწაულია!-დაეთანხმა და ქალის ხელი ხელში მოიმწყვდია.
-სულ დამავიწყდა,დღეს მამაჩემი უნდა მოსულიყო,-ხელი ფრთხილად გამოაცალა.
-გინდა,წავიდეთ?-წყენა შეეტყო.
-არა,წასული იქნება მაინც,ბევრი დრო არ აქვს.
-სად მუშაობს?-უხალისოდ ჰკითხა.
-რა მნიშვნელობა აქვს?
-მაინც?-არ მოეშვა კაცი.
-ჯანო დარსალიას შვილი ვარ.
-რა?-ინსტიქტურად დაიხია ორი ნაბიჯით უკან პალიკომ.
-ჰო,რაიკომის პირველი მდივნის,-კაცის რეაქციაზე გაეცინა.
-ხუმრობ?-ცალი წარბი აზიდა.
-არა,მართლა მამაჩემია,დედასთან ქორწინებაში არ ყოფილა,-სევდიანად გაიღიმა.
-ახლა რაღაც,რომ გითხრა,შეიძლება გადაირიო,-პალიკოს მეზობლების მოჩმახული ჭორები გაახსენდა.
-მითხარი.
-„ჭორბიურომ“,არ ვიცი ,საიდან მოიტანეს,ან მოიგონეს,რომ მე ვითომ, რაიკომის პირველი მდივნის სასიძო ვარ,-თავის ნათქვამზე გულიანად გაეცინა.
-ცელქობ ახლა,-გურანდაც აჰყვა სიცილში.
-გეფიცები!
-და..რომ არ ხარ?-ეშმაკურად შეკრა ტუჩები.
-მართალია არ ვარ,მაგრამ შანსიც არ მაქვს?-მიუახლოვდა.
-პალიკო!-მოჩვენებითი სიბრაზე გაურია ხმაში.
-რა ვთქვი ისეთი?-უფრო ახლოს მიიწია.
-წავიდეთ,-შეტრიალდა.
პალიკომ თავი გააქნია და მკლავში ჩაავლო ხელი,ისე სწრაფად მოატრიალა და გულზე აიკრა,ქალმა გააზრება ვერ მოასწრო.
-მაპატიე,-უკან დაიხია და თავჩახრილი გაუყვა გზას.

წვიმიანი დილა გაუთენდა თბილისს.წუხანდელი ჭიაკოკონას ნაკვალევი საგულდაგულოდ გადაერეცხა.დერეფანში,მაგიდას მიმსხდარი ჭორბიურო ყავის სმით იყო გართულიჭორ-მართალს ერთმანეთს უზიარებდნენ.
-ხედავ შენ,ვინ ყოფილა ეს ქალბატონი?-ტუჩები დაპრუწა ნანამ.
-აბა,გოგო,გადავირიე ის კაცი რომ დავინახე,-ფოთოლამ მეზობლის ფანჯრები დაზვერა.
-ხედავ შენ?სვეტამ იცოდა, ვინც იყო ეს და არ მითხრა!-ნაზიკომ უკმაყოფილოდ დააქნია თითი.
-კი უნდა ეთქვა ეგ,ახლა რაიკომის მდივნის გადაკიდება გვინდა,გოგო?-ნანა შემცბარი ჩანდა.
-ეშმაკი და ქაჯიაო,ჯადოებს აკეთებს და სხვის ქონებას ითვისებსო,ესენი კი მითხრა,-ცოტა არ იყოს ჩაფიქრდა ნაზიკო.
-რაღაცაშია საქმე,თორემ რა ჯანდაბად უნდა სხვისი ქონება,მამამისის პატრონს?-საღ აზრთან მიჩოჩდა ფოთოლა.
---
„ნათელმხილველი“სვეტა კი თავგადაკლული არწმუნებდა მის წინ მჯდომ დარსალიას მეუღლეს,რომ ყველაფერი რიგზე იყო და სულ მალე მოუშორებდა ქონების გამყოფს.
-ქალბატონო,ცისანა,საფლავზეც დავარჩე „გვოზდები“ და კვდარსაც გავატანე მისი სურათი,-წინ დადებულ წმინდანის ხატს შეხედა და პირჯვარი გადაიწერა.
-გასჭრის,მერე?-დაეჭვებულმა შეხედა.
-ძალიან მალე,-ცბიერად ჩაიცინა და ფულის დასტა თავისკენ გააცურა.
---
დერეფანში,იღლიაში ამოჩრილ საქაღალდეთი, უბნის ინსპექტორის გამოჩენამ სამივე დაადუმა.ფორმიანმა სალამი თქვა და პალიკოს კარზე გასაღებით დააკაკუნა.
პალიკო მოულოდნელ სტუმარს გაკვირვებული მიაჩერდა და დაბნეულმა დაუთმო გზა.
კარი მოიხურეს თუ არა,ჭორბიურო წამოიშალა და პალიკოს ფანჯარასთან დივერსანტებივით განლაგდნენ.
ისე ხმადაბლა საუბრობდნენ შიგნით მყოფნი,რომ გარეთ ატუზულმა მეზობლემა ვერაფერი გაიგეს.სათითაოდ დაიჭამეს ნერვიულობისგან,თითები და ტუჩები.საკეტის გაჩხაკუნებისთანავე,შესაშური სისწრაფით დაუბრუნდნენ ლოკაციის ადგილს.ინსპექტორი გამოვიდა და უკან მოჰყვა პალიკოც,გათეთრებული სახით.
-ხომ მშვიდობაა?-ვერ მოითმინა ფოთოლამ.
უხმოდ ჩაიარეს მამაკაცებმა.
იმ ღამეს პალიკო სახლში არ მოსულა,არც მეორე დღეს გამოჩენილა.გურანდამ რამდენჯერმე მიაკითხა მეზობელს და ამაოდ აკაკუნებდა მის კარზე.
-არ არის სახლში,გუშინ უბნის ინსპექტორმა წაიყვანა,იმის მერე არ გამოჩენილა,-შეფიქრიანებული ჩანდა ნაზიკო,დამთბარიც.
-რატომ?-შეშფოთდა.
-აბა,რა ვიცი,-ხელები გადაატრიალა წინ და უკან.
-ტელეფონი მჭირდება!-აწრიალდა გურანდა.
-ტელეფონი,მარტო პალიკოს აქვს,-ფოთოლამაც გამოანათა.
-კარგით,-აჩქარდა გურანდა და ბინისკენ სირბილით წავიდა.
***
მოქუფრული სახით იჯდა ჯანო დარსალია და ქალიშვილს თვალებით ბურღავდა.
-როდემდე უნდა ერეოდე ჩემს ცხოვრებაში?-ატირებას ცოტაღა აკლდა.
-იქამდე,სანამ გონებას არ მოუხმობ!-მკაცრად გამოსცრა ჯანომ.
-რატომ უნდა გააუბედურო ადამიანი,რის გამო?-ნიკაპი უკანკალებდა.
-გითხარი,გიყიდი სახლს,ნორმალურ უბანში და გადადი მაქედან!
-მშვენივრად ვგრძნობ თავს ,იქ სადაც ვარ,ბატონო მამა,შენი არაფერი მჭირდება!-დამცინავად შეხედა.
-დედაშენივით ჯიუტი ხარ!
-დედაჩემს ნუ ახსენებ!-ხელი დაჰკრა მაგიდას.
-ისტერიკას ნუ მიმართავ!-ხმას აუწია ჯანომ.
-მეტსაც ვიზამ, დღესვე,თუ არ გამოაშვებინებ იმ უდანაშაულო ადამიანს!
-რა იცი,რომ უდანაშაულოა? საიუველირო მაღაზიის მეპატრონე,მას ადებს ხელს და შენ რა გინდა,კანონგარეშე ვიმოქმედო?!-ისე ურცხვად მოიტყუა,ოდნავაც არ შეწითლებულა.
-სირცხვილია! რასაც შენ აკეთებ,უდიდესი სირცხვილია და გინდა სიმართლე გაიგო?-ფეხზე წამოხტა.
-რა სიმართლე?
-გუშინწინ ღამე,როდესაც მოხდა ძარცვა,მე პალიკო თორდიასთან მეძინა!ჩვენებას მივცემ და ქვეყანა გაიგებს,არ მგონია გაწყობდეს!
-სტყუი!-გაავებულმა ისე დაარტყა მუშტი მაგიდას,ზედ მდგარი ნივთები გადმოცვივდა.
-სიმართლეა და ახლავეს წავალ განყოფილებაში!-ცინიკური ღიმილით დაიქნია თავი.
-ნუ მაიძულებ,საერთოდ გამოგკეტო!-სიბრაზისგან გაიბერა ჯანო.
-მეტი რა გეხერხება,ესეც შენი ნამდვილი სახე! ჯერ დედაჩემი გყავდა გამოკეტილი და ყველასგან გადამალული,ახლა ჩემი ჯერია,-მწარედ ჩაიცინა და ჩანთას დაავლო ხელი.
-გურანდა!-დაიგრგვინა კაცის ხმამ.
-მეზიზღები!-კარიდან მიაძახა ქალმა და აცრემლებული გავარდა.
***
მილიციის განყოფილებიდან აცახცახებული გამოვიდა გურანდა.თავის მოთოკვა უჭირდა,სიბრაზისგან ლამის დაიმტვრია თითები.ჩვენება პალიკოს სასარგებლოდ მისცა,მაგრამ არასაკმარისიაო,გამოუცხადეს.სახლამდე მთელი გზა ფიქრებით გალია,როგორმე უნდა დაეთანხმებინა სამეზობლო,რომ სასურველი ჩვენება მიეცათ.
ეზოს „უსტაბაშები“ გაცხარებულნი ბჭობდნენ პალიკოს გაუჩინარებაზე.გურანდას დანახვაზე ფეხზე წამოიშალნენ და აღელვებულ ქალს გარს შემოერტყნენ.
-გაარკვიე რამე?
-გავარკვიე,-დაღლილმა ჩაილაპარაკა.
-თქვი მერე,დაგველია სული!
გურანდამ სამივეს გადახედა,ამ ორ დღეში ისე შეცვლილიყვნენ ეს „ქოფაკები“,რომ თვალებს არ დაუჯერა.
-დაიჭირეს პალიკო,-ძლივს ამოღერღა.
-რას ამბობ გოგო,ჩვენი პალიკო დაიჭირეს?!-ნაზიკომ შუბლზე იტკიცა ხელი.
-რაზე დაიჭირეს,რა დააშავა კი მაგრამ?-ნანა მკლავში ეცა.
-საიუველირო მაღაზიის ქურდობაზეო,ასე მითხრეს.
-ხომ არ გაუფრენიათ მაგათ?!-წარბი შეჰყარა ფოთოლამ.-პალიკო და ქურდობა?
-აბრალებენ და უნდა დამეხმაროთ,თქვენი იმედი მაქვს.
-როგორ?-სმენად იქცნენ.
-ყველამ უნდა მისცეთ ჩვენება,რომ მე პალიკოს საცოლე ვარ და იმ ღამეს,ჭიაკოკონობა ,რომ იყო,ყველამ ერთად ვიქეიფეთ და დილისკენ დავიშალეთ,მე კი დამინახეთ,რომ პალიკოსთან მეძინა,-თქვა და გაწითლდა.
-პალიკოსთან გეძინა,გოგო?-ახლა ლოყაზე იტკიცა ხელი ნაზიკომ.
-ვითომ-მეთქი,-უარესად გაწითლდა.
-ტყუილზე დაგვიჭერენ,-ნანამ უკან დაიხია.
-ვერავინ დაგვიჭერს!-ამაყად თქვა ფოთოლამ და კისერი მოიღერა.
-მართალია,პალიკოს ციხეში ვერ გავუშვებთ,კი გამამწარა,მაგრამ არ მემეტება ეგ საძაგელი,-ნაზიკოს ცრემლიც კი მოერია.
დიდხანს ითათბირეს და სულ სხაპა-სხუპით დაიზეპირეს რაც უნდა დაეწერათ მილიციაში.
დილით,შეთქმულები დროზე ადრე გამოცხადდნენ გურანდას კართან.გურგენაც კი ჩაერთოთ საქმეში,საქმიანი იერით ისწორებდა ჰალსტუხს.
-პალიკოს რა ვუთხარი,თორემ ჩემი ფეხით უნდა მივდიოდე თქვენთან ერთად დასაჭერად?-კოსტიუმის ღილიც შეიკრა და წაუღიღინა-„აბა ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო,გალიაში ბულბულები ზიან“.
-კარგი ახლა,-იდაყვი წაჰკრა ნანამ.
-ციხე არა და საკუბოვედ კი გამოწყობილხარ,-წაუსისინა ფოთოლამ.
-ყვაა,-არ დააკლო გურგენამ.
ამ კინკლაობაში გურანდაც გამოვიდა და მზადყოფნაში მდგომი რაზმიც დაიძრა.
განყოფილებაში ისეთი ხმაურით შევიდნენ,წინასწარ დაკავების საკანში მჯდომმა პალიკომ მაშინვე იცნო ხმებზე მეზობლები.
-არ არსებობს!-განწირულმა წამოიძახა და გისოსებს მიაწყდა.
ვერაფრით გააჩუმა და დააწყნარა გამომძიებელმა აფოფრილი ქალები.ერთმანეთს ასწრებდნენ ლაპარაკში.ბრალდებულ მეზობელს ისეთ ხოტბას ასხამდნენ,საკანში მოსიარულე პალიკომ ზურგის ფხანვა დაიწყო.
დაზეპირებული ჩვენებაც მაღალ-მხატვრული გაფორმებით მისცეს და გულდამშვიდებულნი გაემართნენ შინისკენ.
-დღეს,თუ არა,ხვალ გამოუშვებენ!-დარწმუნებით თქვა ნაზიკომ და ნაღვლიან გურანდას გადახედა.
-პალიკოს დაენახა თქვენი თავი იქ და ბაწარში გაუყრიდა კისერს,-სახლში შესვლისას მაინც მოასწრო მეზობლების კბენა გურგენამ და სანამ რამე მწარეს დააწევდნენ,კარი მოიხურა.
-ამ შხამიანს როგორ გაყევი ცოლად?-ნანას მიუბრუნდა ფოთოლა.
-ხომ იცი,გული კეთილი აქვს,-ქმრის გამართლება სცადა.
-გურგენა და გული,ქალო?-ნაზიკომაც არ დააკლო.
-მე დაგტოვებთ,დიდი მადლობა ყველას,იმედია შევძელით დახმარება,-მეზობლებს გაუღიმა გურანდამ.

-ამას მგონი, მართლა მოსწონს ჩვენი პალიკო,-ეშმაკურად გააყოლა თვალი ფოთოლამ გურანდას.
-მართალა საეჭვოდ განიცდის,-კვერი დაუკრა ნანამ.
-ეჰ,კარგი იყო ახალგაზრდობა,-ამოიხორა ნაზიკომ.
იმ დღემ მოწყენილად ჩაიარა.ისე დაღამდა,ჭორბიურო აღარ გამოჩენილა,პალიკოს დაპატიმრებამ ყველა დაასევდიანა,დაადუმა და დაამუნჯა.
დილით უხასიათოდ გამოიშალნენ დერეფანში,უხმოდ მოიდუღეს ყავა მუდამ მოქოთქოთე ნაზიკომ და ფოთოლამ და ასევე უხმოდ დაცალეს ჭიქებიც.უხალისოდ მიალაგეს ყველაფერი და სახლებში შეიყუჟნენ.თვალი კი გარეთ ეჭირათ,საფეხურზე ხმის გაგონებისთანავე,კარში გამორბოდნენ იმ იმედით,რომ პალიკოს დაინახავდნენ,შემდეგ დამდუღრულებივით ისევ უჩინარდებოდნენ.აღარც გურგენა ისროდა ნამწვებს ეზოში,დიდი საფერფლე მოედგა და ჩაფიქრებული ქაჩავდა პაპიროსს.
გურანდაც მოწყენილი დაჰყურებდა მიმოფანტულ ფურცლებს,გული ვერ დაედო წერისთვის. აღარ იცოდა,რა ეღონა,როგორ დაეხსნა უდანაშაულო მეზობელი მამამისის კაპრიზებისგან.
***
-თორდია!-ისეთი ხმით დასჭექა ბადრაგმა,ლამის ნარიდან გადმოვარდა პალიკო.
-გამოდი,თავისუფალი ხარ!
გაოცება,გაკვირვება,სიხარული ერთმანეთში აერია პალიკოს.განწირული ეგონა თავი.ინსპექტორი,რომ დაადგა იმ დილით და გურანდაზე გაკვრით,რომ დაუწყო საუბარი,მაშინ მიხვდა ვისი ოინებიც იყო ყველაფერი.ფიქრობდა,თავს ვერასდროს დააღწევდა,სამართლის პოვნაზე ზედმეტი იყო ფიქრი.ახლა,კი?
-არ გეთმობა?!-დასცინა ბადრაგმა,როდესაც შეყოვნებულ კაცს შეხედა.
***
შუადღე იყო,თბილი და სასიამოვნო.ფოთოლას ჯამით კარტოფილი მოედგა და თლიდა.ნაზიკოც იქვე ჩამომჯდარი,თვალწასულ წინდას აკერებდა.ნანას ქვეშაგები გამოეტანა მზის გულზე.პალიკოს სახლიდან ტელეფონი გაბმულად რეკავდა.
-გასაღები მაინც გვქონდეს,გუშინს აქეთ არ გაჩერებულა,-კარტოფილს ჭიანი ადგილი გამეტებით ამოაჭრა.
-დედამისი რეკავს ალბათ,რა იცის,რა დღეშია მისი შვილი,-ნაზიკომ კბილებით მოწყვიტა ძაფი.
გურანდას დასიებული თვალები არ გამოჰპარვიათ ქალებს,როდესაც მათ მიუახლოვდა.
-განყოფილებაში მივდივარ,-სანამ ჰკითხავდნენ,დაასწრო.
-გინდა გამოგყვეთ?-უცებ ანება თავი ჯამს ფოთოლამ.
-არა,მარტო წავალ,-ნაძალადევად გაიღიმა და კიბისკენ გაემართა.
გარეთ გასული მოკირწყლულ ტროტუარს თავჩახრილი გაუყვა.ათასი ფიქრით დამძიმებული ნელა მიუყვებოდა გზას.წინ შემხვედრ ადამიანს გვერდი ისე აუქცია,ზედ არ შეუხედავს.როცა მკლავში წაავლო ხელი ვიღაცამ და მისკენ მიატრიალა,მაშინ ასწია თავი და მოულოდნელობისგან ხმა ჩაუწყდა.
-გურანდა,-თბილად გაუღიმა პალიკომ.
ქალს ნელ-ნელა გაუნათდა სახე და მამაკაცს სიხარულისგან ისე ძლიერად ჩაეხუტა,რომ პალიკოს სუნთქვა შეეკრა.
-მაპატიე,ყველაფერი ჩემს გამო მოხდა,ყველაფერი ჩემი ბრალია,მე რომ არა,არაფერი იქნებოდა,-აღელვებისგან ცრემლები წამოუვიდა.
-გურანდა,დაწყნარდი,შენ რა შუაში ხარ?-ყურთან უჩურჩულა და ძლიერად მოხვია მკლავი.
-მამაჩემი..
-ჩუმად,დამშვიდდი,ყველაფერი ვიცი,-არ დაამთავრებინა სათქმელი,ძლიერად მოუჭირა ხელები.
-მერე,რას აპირებ?-უკან დაიწია გურანდამ პასუხის მოლოდინში.
-იცი?შენი ჩვენება,რომ წავიკითხე,ჩემზე ბედნიერი არავინ იყო იმ წუთში,მივხვდი ამხელა მსხვერპლზე არ წავა ადამიანი ვიღაცისთვის.არ დაგენანა თავი,იმ მითქმა-მოთქმისთვის,რაც ატყდებოდა და ჩრდილს მიაყენებდა შენს სახელს,ამის შემდეგ მეკითხები რას ვაპირებ?-ქალს თვალებში სიყვარულით ჩახედა.-შენ რას აპირებ,შანსი მაქვს?
გურანდამ ღიმილით დაუქნია თავი.
-ბედნიერი ვარ,- დაიჩურჩულა პალიკომ და ქალის ბაგეს დასწვდა.
***
აპრილმა მაისს გადაულოცა სიმწვანე.დერეფანში ჭორბიუროს მაგიდის გარშემო მოეყარა თავი.ცალხაზიანი რვეული დაედოთ წინ და წითელმელნიანი კალმით ბუღალტრებივით აღრიცხვას ატარებდნენ.
-ბაიდაშვილები მოვლენ,მითხრეს,-ნაზიკომ სათვალის ზემოდან ჩახედა რვეულს.
-მოწონელიძეებსაც დაუსვი პლიუსი,-ფოთოლამ გვარის გასწვრივ დაადო თითი.
-ხვედელიძეებს არ ეძახით? ეწყინებათ,-ნანა ჩაერთო.
-დედა,როგორ გამომრჩა ის კუდაბზიკა,-ნაზიკომ წვრილი ასოებით მიაწერა.
-მგონი ყველა ჩამოვწერეთ,-კიდევ ერთხელ გადაავლეს თვალი სიას და პალიკოს ბინის კარზე ატეხეს ბრახუნი.
-დედა,შვილო,ადექით,მოიხარშებით,თქვენ გაქვთ ქორწილი,თუ მე?-გამეტებით დაეჯაჯგურა სახელურს ფოთოლა.
თმააჩეჩილი თავი გამოყო პალიკომ და ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი თვალები მოატარა მეზობლებს.უკან მოჰყვა გურანდაც.
-აი,აქ ოთხმოცი კაცის სიაა,თქვენებიც მიამატეთ და ისევ უკან მომეცი მერე,მჭირდება,-ნაზიკომ ხელი მიაჩეჩა მწვანეყდიანი რვეული.
-ვისი სიაა,რა სიაა?-ვერ გამოერკვა პალიკო.გურანდას ფხუკუნი აუტყდა.
-თქვენი ქორწილის,რამ გამოგაშტერა კაცო!-გაბრაზდა ფოთოლა.
-გამოართვი,გამოართვი,მაინც დაგიპატიჟებენ ესენი ხალხს და მერე ეგ სია გადამაწერინეთ,ამათ ქელეხისთვის გამომადგება,-როხროხებდა ფანჯრიდან გადმოყუდებული გურგენა.
-შხამიანო!-ერთხმად დაუძახეს ქალებმა.
-ყვაა!-დაიჩხავლა გურგენამ და ნამწვი ეზოში გაისროლა.


დასასრული



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Terikoo, ra sayvareli da saocreba vinme xarr, imdeni vicineeee, es iyo iumorit gajerebuli mcare realobaaa, gamixardiiii

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Qeti qimucadze
Terikoo, ra sayvareli da saocreba vinme xarr, imdeni vicineeee, es iyo iumorit gajerebuli mcare realobaaa, gamixardiiii


ქეთი <3 მადლობა ჩემო კარგო)) ნაცნობი სიატუაციაა ყველასთვის))))

 


№3 სტუმარი სოტამა

თბილისი <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სოტამა
თბილისი <3


<3 <3 <3

 


№5  offline წევრი goddess

ღმერთო რამდენი ვიცინე laughing laughing როგორ ზუსტად გქონდა აღწერილი ყველაფერი და ბოლოს დასასრულიც laughing სულ მიყვარს შენი ისტორიების კითხვა განსაკუთრებულია და დახვეწილი

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

goddess
ღმერთო რამდენი ვიცინე laughing laughing როგორ ზუსტად გქონდა აღწერილი ყველაფერი და ბოლოს დასასრულიც laughing სულ მიყვარს შენი ისტორიების კითხვა განსაკუთრებულია და დახვეწილი


დიდი მადლობააა <3 მიხარია,რომ გამხიარულდით))))

 


№7 ახალბედა მწერალი tasusuna

ნინა, როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა ❤️❤️❤️❤️❤️
უკვე ვიცი,რომ თბილი ტკბილი და მხიარული საღამო მელის ❤️❤️❤️❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

tasusuna
ნინა, როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა ❤️❤️❤️❤️❤️
უკვე ვიცი,რომ თბილი ტკბილი და მხიარული საღამო მელის ❤️❤️❤️❤️

მადლობა ჩემო საყვარელო <3 იმედია გაგახალისებს <3

 


№9 სტუმარი Mako

Vaime ramdeni vicinee

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Mako
Vaime ramdeni vicinee

მადლობაა)))

 


№11  offline წევრი ნორმი

ამდენი არცერთ ისტოარიაზე არმიცინია,ძალიან ძალიან კარგი იყო.საუკეთესო ხარ
--------------------
მორფეოსი

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Farvana
ამდენი არცერთ ისტოარიაზე არმიცინია,ძალიან ძალიან კარგი იყო.საუკეთესო ხარ

დიდი მადლობაა <3 სასიამივნოა,რომ გახალისდით))

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინო

ნინა რა მაგარია ????ძალიან მომწონს შენი ისტორიები და მოუთმენლად ველოდები ხოლმე . მოლოდინს გადააჭარბა, სუპერ ♥♥♥

 


№14  offline წევრი Ma No

ვაიმეე გურგენა???????????????????? მიტვარს შენი ისტორიები, გამართული, ზომიერად გრძნობიერი, მხიარული და ყოფითი ამბებით სავსე❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნინო
ნინა რა მაგარია ????ძალიან მომწონს შენი ისტორიები და მოუთმენლად ველოდები ხოლმე . მოლოდინს გადააჭარბა, სუპერ ♥♥♥

ნონო <3 მადლობა საყვარელო <3 მიხარია,რომ მოგწონთ <3

Ma No
ვაიმეე გურგენა???????????????????? მიტვარს შენი ისტორიები, გამართული, ზომიერად გრძნობიერი, მხიარული და ყოფითი ამბებით სავსე❤


ყველასთვის ნაცნობი ტიპაჟები მყავს აღწერილი)) ყველა ეზოს და უბანს ამშვენებს გურგენაც და ჭორბიუროც))
დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

 


№16  offline წევრი ჟიზელი

ქალღმერთო ❤
რაღა გითხრა ,აღარ ვიცი ❤❤❤
სიყვარული რომ ხარ,მაგას რაღა თქმა ჭირდება ❤
როგორც ყოველთვის, სითბო და სიტკბო ჩამიღვარე გულში შენ მე და დიდი მადლობა ამისთვის ❤
ისე, ეს პალიკო სადაური სახელია? პირველად მესმის.

 


№17  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ჟიზელი
ქალღმერთო ❤
რაღა გითხრა ,აღარ ვიცი ❤❤❤
სიყვარული რომ ხარ,მაგას რაღა თქმა ჭირდება ❤
როგორც ყოველთვის, სითბო და სიტკბო ჩამიღვარე გულში შენ მე და დიდი მადლობა ამისთვის ❤
ისე, ეს პალიკო სადაური სახელია? პირველად მესმის.

ჟიზელ,ჩემო თბილო <3 მადლობაა <3
პალიკო ქართული სახელია,დაგუგლე და ნახავ,რამდენ ნაცნობ სახეს ამოაგდებს ამ სახელით :D

 


№18 სტუმარი Swed

მაგარიაააა

 


№19 სტუმარი ია

დები ღლონტები გამახსენდააა))))

 


№20  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Swed
მაგარიაააა

მადლობაა <3

ია
დები ღლონტები გამახსენდააა))))

:))))))

 


№21 სტუმარი ნენსი

რამდენი ხანია ასეთი კარგი არაფერი წამიკიხავს აქ. საოცარი პერსონაჟები, სიმსუბუქე და იუმორი. მთელს ისტორიას მთის ქონდარის სურნელი გასდევდა და ღმერთო როგორ მომენატრა ( ძალიან კარგი გოგო ხარ შენ ^^

 


№22  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ნენსი
რამდენი ხანია ასეთი კარგი არაფერი წამიკიხავს აქ. საოცარი პერსონაჟები, სიმსუბუქე და იუმორი. მთელს ისტორიას მთის ქონდარის სურნელი გასდევდა და ღმერთო როგორ მომენატრა ( ძალიან კარგი გოგო ხარ შენ ^^

ნენსი,დიდი მადლობა ჩემო კარგო <3 მთის ქონდარს მართლაც საოცარი სურნელი აქვს <3

 


№23 სტუმარი Nana

Martla saintereso da daxvewili namushevaria.am kalbatonebma Sesilia Tayaishvili gamaxsenes dzaan visiamovne..am saitze momewona bevri nawaroebi tumca komentars pirvelad vdeb

 


№24  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Nana
Martla saintereso da daxvewili namushevaria.am kalbatonebma Sesilia Tayaishvili gamaxsenes dzaan visiamovne..am saitze momewona bevri nawaroebi tumca komentars pirvelad vdeb

ნანა <3 უღრმესი მადლობა <3

 


№25 სტუმარი makukuna

როგორ მომწონს შენი გემრიელი ისტორიები heart_eyes heart_eyes

ეს ცოტა განსხვავებული იყო, იუმორით სავსე და მსუბუქი... და რაც მთავარია, ძალიან მაგარი smile

მაგარი გოგო ხარ, შენ heart_eyes

 


№26  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

makukuna
როგორ მომწონს შენი გემრიელი ისტორიები heart_eyes heart_eyes

ეს ცოტა განსხვავებული იყო, იუმორით სავსე და მსუბუქი... და რაც მთავარია, ძალიან მაგარი smile

მაგარი გოგო ხარ, შენ heart_eyes

მაკუკუნა <3 მადლობა ჩემო ტკბილო <3 დიდი ფიქრი,რომ არ დამჭირვებია,ისე შემომეწერა უცებ,მუზა მყავდა ცელქი)

 


№27  offline წევრი Timea25

ძალიან ვისიამოვნე. მადლობა❤️

 


№28  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Timea25
ძალიან ვისიამოვნე. მადლობა❤️

გაიხარეე <3

 


№29 სტუმარი სტუმარი ნანა

ნინ :))) ნუ კარგად გამამხიარულე ღამის ორ საათზე ) სულ სხვა ხარ რაა... ხო იცი რომ ჩამოყალიბებული, გამართული, საინტერესო და მრავალფეროვანი მწერალი ხარ სიხარულო!? იცი კიდევ რა მინდა გითხრა? შენს მოთხრბებს რომ ვკითხულობ, არასდროს არ მიწევს ზედმეტად ფიქრი იმაზე რომ რაღაც ისე არ არის... მიმიხვდები ალბათ რასაც ვგულისხმობ.... შენ იმ ქართველ მწერალებს გავხარ, მეხსიერებაში რომ მყავს დალექილი... დიდ პატივს გცემ ამ ნიჭისთვის ( ბევრი სახვა თვისებებისთვისაც) წერე და გამოუშვი წიგნები ❤️❤️❤️

 


№30 სტუმარი Nana

სულ უნდა წეროთ ♥️მადლობა სასიამოვნო წუთებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent