შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ვენები. დასაწყისი.


15-09-2018, 12:13
ავტორი ლურჯი ანა
ნანახია 1 838

იზაბელი. დღეს.
დაიკიდე და შედი, ეგ ოთახი ხომ შენიცაა. ვეუბნები საკუთარ თავს და შედედებულსისხლისფერ ტუჩის საცხს ყოყმანით ვაგდებ ხელჩანთაში. ვითომ, დამჭირდება? რაღაც არა მგონია, მაინც და მაინც დღეს გადავეყარო შავ მუსტანგზე ამხედრებულ პრინცს, რომელსაც გონებას ავუმღვრევ და ვაიძულებ გასაღვიძებლად დამეწაფოს. თუმცა, ეშმაკს არ სძინავს. არც ეშმაკს და არც იმ დამთხვეულ ქუჩას, სადაც მეგობარი მელოდება. არა, ისე არ გამიგო, თითქოს კრიმინალურ უბნებში სეირნობა მაშინებდეს. აქ სულ ორი ადგილია ასეთი და ორივეს ისევე ვიცნობ, როგორც საკუთარ ხელისგულებს. გადავამეტე. ორიცაა და მეტიც, მაგრამ მე მხოლოდ იმ ორი ქუჩის ხშირი სტუმარი ვარ. ვინიცობაა რომელიმე შეშლილმა დაუცველ, სექსუალურ ტურისტად აღმიქვას და ჩაბინძურებულ ჩიხშივე დამიპიროს დაუფლება, (რაც აქ ასე ხშირია) არ მინდა მანამდე მომაშოროს ტუჩებიდან ფერი, სანამ ელექტროშოკით ავუთქვიფავ აყროლებულ კვერცხებს და სასწრაფოდ მოვშორდები. ცხოვრებისეული მორალი ჩვენგან ჰუმანურობას მოითხოვს, მაგრამ ხანდახან სისასტიკისკენაც გვიბიძგებს. ამასწინათ, ფრენკმა საზარელი ვიდეო ჩამირთო. მეგონა, პორნო იყო და გამიკვირდა. თავიდან... დიდი არაფერი, ჰეტეროების სექსი იყო და სწორად ამან გამაოცა. რომ არ მცოდნოდა, ფრენკის ორიენტაცია, ვიფიქრებდი რომ მეფლირტავებოდა და გულდაწყვეტილი ვკითხავდი, შენც ბრუტუს?! კარგი რა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?! ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა, მოყვარულების გადაღებული ჩვეულებრივი სექსით და კითხვის გამომხატველი თვალები მივანათე.
- უყურე, ბეიბი. საინტერესოა. - მტკიცედ მითხრა მან და მრავლისმეტყველად დამიქნია თავი. თურმე, არ ცდებოდა. მალევე, კადრი შეიცვალა. იგივე ბიჭი მუხლებზე დგას, ტირის და პატიებას ითხოვს. მის უკან კი ბრგე კაცი დააბიჯებს, რომელსაც ყელიანი ჩექმები აცვია და ავტომატი აქვს მხარზე გადაკიდული. სულ რამდენიმე წამი გრძელდება ოციოდე წლის ბიჭის აღსარება, შემდეგ კი ბრგე კაცი ავტომატს იშვერს მისკენ და მთელ მჭიდს თვალის დაუხამხამებლად აცლის. სანამ გაოფლიანებული, ათრთოლებული თითებით ტელეფონს დავუბრუნებდი, ფრენკმა განმიმარტა. - ხო, საშინელებაა, მაგრამ ჩემი აზრით, დამსახურებულად მიიღო. სანამ „ფეისბუქში“ დადებდა ამ „საამაყო“ ვიდეოს, მანამდე უნდა ეფიქრა მაგ სულელს, რა რეაქცია ექნებოდა იმ საწყალ გოგოს და მითუმეტეს მის პოლიციელ მამიკოს. რომელ მამიკოს მოეწონება ის ფაქტი რომ მილიონობით ადამიანი მისი არასრულწლოვანი შვილის ვიდეოზე მასტურბირებს...
- კი, მაგრამ ეს სისასტიკე ზედმეტია, ფრენკ... თანაც, გარკვევით ჩანს რომ ვიდეოს თვითონ გოგო იღებს...
- რისი თქმა გინდა? - გაცხარდა ჩემი საყვარელი მეგობარი - რადგან ძალადობა არ ჩანს და ოპერატორიც გოგოა, ეს იმას ნიშნავს რომ მის პარტნიორს უფლება აქვს დაუკითხავად განათავსოს სოციალურ ქსელში?
- არა, მაგრამ...
- იცი რამდენჯერ გადამიღია აქტის დროს ვიდეო? მე თუ მკითხავ, ეს აუცილებელიცაა. თუ გინდა სექსი სრულყოფილი გახადო, უნდა იმუშაო კიდეც. ამას ყველა აკეთებს, ბეიბი და ახლა წარმოიდგინე, რა საშინელება იქნებოდა, ყველას ამ იდიოტისნაირი პარტნიორი გვყავდეს და ჩვენს ორგაზმს ინსტაგრამზე „პოსტავდეს“... – „ნეტავ, იგივე რეაქცია ექნებოდა მამას, ვიდეო შვილს რომ დაედო?“ ტვინს მიღრღნიდა ეს კითხვა, ფრენკი კი თავისას აგრძელდებდა - თვითონ არ მითხარი, ყველა დიდი საქმე მსხვერპლს მოითხოვსო? ხოდა ამ ბიჭის სისხლი იმად ღირს რომ სექსისტი კაცთა მოდგმა აზრზე მოვიდეს. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ნახავს ამ მართლაც რომ უხამსობას და სანამ რამეს ატვირთავს, ეს ვიდეო გაახსენდება. - დაამთავრა ფრენკმა და კმაყოფილი გამომეტყველებით დააჭირა თითი „გაზიარებას“.
აღარ შევახსენე რომ ძალადობას ისევ და ისევ ძალადობა მოჰყვება. და ასე შემდეგ. ცოტა ხნით ვიყავი მის სანახავად გასული და არ მინდოდა დრო სხვების ტრაგედიაზე საუბარში გაგვეყვანა.
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც სიტყვა „პირადულს“ მნიშვნელობა დაეკარგა. სადაც მეგობრებს მესენჯერი უბიძგებს გულისგადასაშლელად და შეხვედრები უფრო და უფრო ნაკლებად იგეგმება. სადაც გვეზარება მუზეუმში შესვლა და პიკასოს ნახატების დათვალიერება, თუ აიფონი დაგვიჯდა და არც ფოტო აპარატი გვაქვს ხელთ. სადაც მხოლოდ იმიტომ შევდივართ ძვირადღირებულ რესტორანში რომ „დავჩექინდეთ“. მეორე პლანზე გადაინაცვლა ამავე რესტორნის საუკეთესო შეფ-მზარეულის მომზადებულმა სპაგეტმა ზღვის პროდუქტებით, რადგან ანდროიდიც დამჯდარა და თუ სოციალური ქსელის მეგობრებს ვერ ვაჩვენებთ რას მივირთმევთ, მაშ რაღა აზრი აქვს ჰოთ-დოგს გავუსინჯავთ გემოს თუ ბრიოშს. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც დრო ელვისსისწრაფით გადის და ბავშვები ვბერდებით. ჩვენ ვარსებობთ დედამიწაზე, რომელსაც სოციალური ქსელის ფორმა მიუღია და დაბადება, ბედნიერება, უბედურება თუ სიკვდილი... მოკლედ, ყოველი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მოვლენა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება, საჯაროდ გამოგვაქვს და თუ ასე არ ვიქცევით, მაშინ უბრალოდ დაკარგულებად ვითვლებით.
და აი ასეთ დაპროგრამებულ სამყაროში მე კიდევ უფრო გარობოტებული მონა ვარ და ჩემი ცოდვებისთვის ვისჯები. ტყუილებისთვის ვისჯები. რა აზრი აქვს იმის მტკიცებას რომ საზოგადოება გიბიძგებს ნიღბებით სავსე ჩემოდნის ზურგზე წამოკიდებას და მანამდე ცვლას, სანამ სახეზე კანი არ გადაგძვრება. მე... მე... ამ სამყარომ მაიძულა ბურატინოდ ვქცეულიყავი. იმდენი ტყუილი მათქმევინა, სანამ ცხვირითვე არ გავთხარე უხილავი სამარე და ნახევრად დავიმარხე. ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როდესაც მიწის გემო ვიგრძენი. იმ მიწის, რომელიც თავზე მეყრებოდა და კოჭებში ჩაევლო კლანჭები. მე იზაბელი ვარ და ბურატინოს სინდრომით ვიტანჯები... ეს დაავადება უკავშირდება დაბალ თვითშეფასებას, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილს, ძალიან მძაფრ სურვილს რომ იმაზე სასურველ სიტუაციებში წარმოიდგინო თავი, ვიდრე ხარ... სისულელეა. ყველაზე ნაკლებად მე მინდოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. მხოლოდ იმიტომ მქვია დაავადებული რომ ცუდ დროს აღმოვჩნდი ცუდ ადგილზე.
ზარის ხმას მტანჯველი ფიქრებიდან გამოვყავარ, ეკრანზე თვალისშეუვლებლად ვხვდები რომ ფრენკი მირეკავს და სინდისი მქენჯნის. ჯერ კიდევ მაშინ მივწერე გამოვდივარ-მეთქი, სანამ გრძელი თმის გამშრალება-დასწორებას შევუდგებოდი.
- ვის გავხარ ასეთი არაპუნქტუალური? - რამდენჯერ უკითხავს შეშფოთებულ ბებიას დილაობით.
- წინაპრებს. - ვპასუხობდი ღიმილით და მის გამომცხვარ ბლინებს მადიანად შევექცეოდი.
- ჩვენი წინაპრები ასეთები რომ ყოფილიყვნენ, ამერიკა არ იარსებებდა. - მიმეორებდა ყოველ დილით გაჯავრებული, თუმცა მაინც მზრუნველად მისხამდა შეციებულ ბლინებზე ჟოლოს ჯემს. იყო დღეები, როდესაც სხვადასხვა უგემური ბოსტნეულისგან დაწურულ, კიდევ უფრო უგემურ ფრეშს მჩრიდა ხელში და მანამდე მიყურებდა გამომცდელად, სანამ დამჟავებული სახით გამოვცლიდი ბოლო წვეთამდე. ოჰ, როგორ მძულდა ის საზარელი თხევადი მასა, ახლა ასე რომ მაკლია და ცრემლებისგან, მონატრებისგან, ტკივილისგან ვიხრჩობი. ფრენკის ზარს, ერთადერთი მეგობრის ზარს ამ უცხო მიწაზე, უპასუხოდ ვტოვებ მორიგი ტყუილის თავიდან ასაცილებლად და უხალისოდ მივათრევ ფეხებს სასტუმრო ოთახისკენ. ისევე მესიკვდილება იქ შესვლა და მისი დანახვა, როგორც გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეს მშობლებთან შეხვედრა, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს. ჩაფხუტის გარეშე ბაიკს ვერ მივუჯდები, ის კი სასტუმრო ოთახში გდია და გაოცებული ელოდება გაფეთხუმებულ პატრონს, ეს ხომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ასე დაუდევრად მივაგდე საყვარელი, ძვირადღირებული ყვითელი ჩაფხუტი. კარებთან ვჩერდები და ღრმად ვსუნთქავ. ვცდილობ უდარდელი, ცივი გამომეტყველება მივიღო და კიდევ ერთხელ ვეუბნები საკუთარ თავს, შენ აქედან გამოძვრები! ეს სიტყვები შვების მაგივრად უფრო დიდ ტკივილს მაყენებს და გრილ კედელს ვაბჯენ გახურებულ შუბლს. „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“, ამ კედლების დევიზია და რა თქმა უნდა, ისევე მომთხოვენ პასუხს, როგორც მას, იმ თავზეხელაღებულს, რომელაც გუშინ ყველაფერს მიაფურთხა და ეშმაკმა უწყის, რა განაჩენი გველის.

ლუიზა. გუშინ.
სიზმარში ვნახე... გუშინაც, გუშინწინაც, იმისწინაც, კიდევ იმისწინაც... ვიცი, დღესაც იგივე დამესიზმრება, ხვალაც, ზეგაც და ასე უსასრულოდ გაგრძელდება მანამდე, სანამ სულს არ ამომხდის. თითქოს უხილავი ძალა მებრძვის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ჭკუიდან გადამიყვანოს. იზაბელი მარწმუნებს რომ ძლიერი ვარ და ყველაფერს გავუძლებ, „იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადაიტანე, სავსებით ნორმალურია შენი მენტალური მდგომარეობა“. მეუბნება ის და გრამატიკის წიგნზე მოუთმენლად აკაკუნებს თითებს. სამი თვე ხდება რაც ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ და ისეთივე ახლობელი გამხდარა ჩემთვის, როგორც ოჯახის წევრი. ერთი თვალის შევლებით ვხვდები როდის არის კარგ ხასიათზე და როდის არ უნდა გავეკარო. როდის შეიძლება კარტის თამაში ვთხოვო და როდის დავტოვო მარტო. ახლა ის ფიქრებით მოახლოებულ გამოცდას დასტრიალებს და ერთი სული აქვს როდის გავჩუმდები რომ მეცადინეობა გააგრძელოს. იმის მიუხედავად რომ ძალიან ცდილობს თავი მომაჩვენოს, თითქოს თანაგრძნობით მისმენს (რაც სხვებთან ჩინებულად გამოსდის, მაგრამ არა ჩემთან) ვიცი რომ გუნებაში შეუბრალებლად მაქილიკებს და ერთი აზრი არ ასვენებს, როგორ შემიძლია გამოცდის წინ სხვა რამეზე ვიფიქრო?!
- მისმინე ლუიზა, მსოფლიოში უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელმაც გაცილებით უარესი გადაიტანა ვიდრე შენ, მაგრამ ისინი ცხოვრებას აგრძელებენ და ზოგიერთი მათგანი ბედნიერიცაა. ეცადე წარსული დაივიწყო და მხოლოდ მომავალზე იფიქრე, კარგი? - თავს ვუქნევ და ვცდილობ ელვისსისწრაფით დავტოვო სასტუმრო ოთახი. სულ რამდენიმე წამიღა დამრჩა სანამ მოთმინების ფიალა პირთამდე გპადამევსება და ვუღრიალებ, „საკმარისია ეს ფრთიანი, გაბღენძილი წინადადებები! შენს შეშლილ პაციენტებში ხომ არ გეშლები, უგულო ნაბ.ჭვარო?! წარმოდგენა არ გაქვს რა გადავიტანე და რისი გადატანა მიწევს ყოველ დღე!“ აბანოს კარს უხმაუროდ ვკეტავ, უკვე აღარ გამირბის ხელი გასაღებისკენ და ეს აღმოჩენა უარესად მაგიჟებს... მათ შეძლეს და დაპროგრამებულ მონებად გვაქციეს, სწორედ იმ უწყინარი წესებით, რაც ამ სახლში მძვინვარებს და რომელსაც „გამოსასწორებელს“ უწოდებენ. იმის გაფიქრებაც კი მზარავს რომ შეიძლება აქაც იყოს ვიდეო თვალი დამონტაჟებული და ბანაობისას შეშლილების გუნდი თვალს არ გვაშორებს... ჯანდაბა, თუ ასეა, გამოდის რომ ისინი მაშინაც გვიყურებენ როდესაც უნიტაზზე ვსხედვართ და ვიჭინთებით. ამის წარმოდგენაზე გული მერევა და დაუძლეველ სურვილს ვგრძნობ ჩარჩოში ჩასმული სარკე, ბოროტი დედინაცვლის საკუთრებას რომ ჰგავს, გააფთრებულმა ჩამოვხსნა და კედელს მივახეთქო. რა მოხდება თუ ამ გაქათქათებულ აბანოს თბილი წყლით გავავსებ, კარებს გადავკეტავ და უკანასკნელად ვიბანავებ დენში შეერთებულ ფენთან ერთად? ოპერაცია ჩავარდება. წარმოვიდგენ მათ იმედგაცრუებულ სახეებს და სიამოვნებისგან სხეულში მამტვრევს.
მე ლუიზა ვარ და „მეა კულპას“ სახლში ცოდვებისთვის ვიტანჯები.

იზაბელი.
როგორც იქნა, გავბედე და შევედი. ტყუილად ვითრევდი ფეხს, სასტუმრო ოთახში მარტო ვარ და შვებით ვსუნთქავ. ძნელია იმ ადამიანთან პირისპირ დგომა, რომელმაც უპატიებელი შეცდომა დაუშვა და თითქმის სამშვიდობოს გაყვანილი ეკიპაჟი, კვლავ მორევში დააბრუნა. რთულია თავის მოკატუნება, თითქოს ყველაფერი ვაპატიე და არც ის სიტყვები მახსოვს გუშინ ჩხუბის დროს ერთმანეთს რომ ვაძახეთ... არადა, ჩემზე უკეთესად ვინ იცის, რომ მას სწორედ ახლა სჭირდება გვერდში დგომა და სიყვარული. ვისაც გამოუცდია, რა გრძნობაა, როდესაც ვიღაც გიყვარს და ამავდროულად სხეულის ყოველი წერტილით გძულს, ის გამიგებს თუ რატომ ვეჭიდავები გიჟურ სურვილს, ფეხით შევანგრიო მისი საძინებლის კარი, მუშტებით დავაცხრე მძინარე მეგობარს და როდესაც ცემით გულს ვიჯერებ, ბღუჯა-ბღუჯა სისხლიან თმებს ზიზღით რომ მოვისვრი იატაკზე და სისხლიან სახეს ცრემლებით დავუკოცნი, მხოლოდ მაშინ ჩავეხუტო და ტკბილად დავიძინოთ. მახსენდება არც ისეთ შორეულ წარსულში წაკითხული „პიანისტი ქალი“, და ვხვდები რომ არაფრით განვსხვავდები ერიკასგან, რომელმაც ეს გიჟური სურვილი დედამისთან განახორციელა. არ არსებობს ცალკე ადამიანი და ცალკე სულიერად დაავადებული. ჩვენ ყველანი მეტნაკლებად შეშლილები ვართ, რომლებიც ყველაზე დიდმა ფსიქოპათმა შეგვქმნა, ღმერთს რომ ვეძახით. „შენ რომ მარტო არ დაგეტოვებინე...“ ტვინს მიბურღავს მისი სიტყვები და სიმწრისგან ლამისაა ენა მოვიკვნიტო. სწორედ ეს წინადადება იყო, რომელმაც ჭკუიდან გადამიყვანა და ისეთი გავულაწუნე, ლამის მაჯა გადამტყდა. დიახ, ვუთხარი რომ ამ იაფასიანი ხერხებით, მანიპულიაცია მოახდინოს ჩემზე, არ გაუვა, მაგრამ მან მაინც მიაღწია იმას, რაც უნდოდა. ეჭვის მარცვალი ჩამითესა გონებაში, რომელსაც ფესვები გაუდგამს და ნელ-ნელა მწამლავს. ჩემი გრძნობათა ორთაბრძოლა იქით იყოს, თმის ღერები ყალყზე მიდგება, როდესაც კედელზე ჩამოკიდებულ უზარმაზარ ეკრანს ვხედავ. ეშმაკსაც კი გაუჭირდება იმის გამოცნობა, რა გველის თუ ლუიზას ცოდვა გაცხადდება... ბოლოს, მესამე წესი რომ დაარღვია (8 წუთი და 36 წამი გადააცდინა ღამის 11 საათს) ერთი საათი ვაკეთებდით აჭიმვებს და ვიღაც არანორმალურის მითითებებს ვისმენდით ეკრანიდან ყვავივით რომ დაგვჩხაოდა. გაუჩერებლად ლაქლაქებდა, ხან ზრდილობიანად, ხან უშვერი სიტყვებით გვიხსნიდა თუ რა იქნებოდა სამყარო ჩვენნაირები რომ მომრავლებულიყვნენ და ჰიტლერის გაცოცხლებას ნატრობდა.
ის კანონები, რომლებიც „მეა კულპას“ სახლში მოქმედებს, როგორღაც შევეჩვიე. (რამდენადაც შესაძლებელია ქრონიკულ შიშს შეეჩვიო) იმასაც რომ ძილის დროსაც არ მაცილებენ თვალს, იმასაც რომ მარიონეტად ვიქეცი და გამუდმებით სხვისი დაწერილი სცენარით მიწევს ცხოვრება. მაგრამ ამ თამაშსაც ხომ აქვს საზღვარი... რატომ უნდა ვაგებდე სხვის შეცდომებზე პასუხს?! რატომ უნდა დავისაჯო იმისთვის, რაც მე არ ჩამიდენია? „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“, მიმიფურთხებია ამ აბსურდული წინადადებისთვის, თუნდაც იმ „ყველაზე“ გული შემტკიოდეს და მიყვარდეს. კანიდან ვძრები რომ არაფერი შემეშალოს და მალე დავაღწიოთ თავი ამ საგიჟეთს, ის კი... ჯანდაბა! რაზე ფიქრობდა გუშინ, როდესაც ყველაზე მძიმე კანონს არღვევდა?! მნიშვნელობა არ აქვს რომელი არ შევასრულებთ წესებს, ორივე ვისჯებით. და თუ უარი ვთქვით რომელიმე ბრძანებაზე, ვერდიქტი მძიმდება... ერთხელ მაიძულეს ლუიზასთვის სახეში მერტყა მანამდე, სანამ ტუჩი არ გაუსკდა და სისხლი თქრიალით წამოუვიდა. მეორედ, წყეული ეკრანიდან აძლევდნენ მითითებას, რომ ერთი წუთი ვყოლოდი წყლით სავსე აბანოში ჩაყუდებული... და მას შემდეგ, ორივე თვინიერ ცხვრებად ვიქეცით... მე დღემდე, ის გუშინდლამდე.
„მეა კულპას“ გამოსასწორებელი სკოლას ერთადერთი დადებითი მხარე აქვს, ისინი ჩვენს განათლებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. შვიდ საათზე ვიღვიძებთ, რიგ-რიგობით შევდივართ შხაპის მისაღებად, ყავას ვსვამთ, ერთი საათი ვვარჯიშობთ, (სასტუმრო ოთახში ორი სარბენი ბილიკი გვაქვს) 15 წუთი ვისვენებთ, შემდეგ ვსაუზმობთ და 9 საათიდან 11 საათამდე უცხო ენას ვეუფლებით. 12 საათზე ონლაინ გაკვეთილი გვაქვს, რომელიც ერთ საათში მთავრდება და ლანჩისთვის ვემზადებით. 2 საათზე წიგნის კითხვის დრო მოდის, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, მათი შერჩეული ლიტერატურიდან ვკითხულობთ. ზოგჯერ საინტერესოა, ზოგჯერ უინტერესო, მაგრამ ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, სიამოვნებისთვის არ ვკითხულობთ... ბოლო გვერდს 13 კითხვა მოსდევს, რომელსაც 9 სწორი პასუხი მაინც უნდა გავცეთ, თუ არ გვინდა მეოთხე წესის დარღვევისთვის გავსამართლდეთ. მეოთხე წესი უყურადღებობას და განათლების მიმართ გულგრილობას გულისხმობს, რის გამოც წიგნის კითხვის დროს მუდამ რვეულები გვაქვს გადაშლილი და ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან ფრაზებს თუ მოვლენებს ვინიშნავთ. მუსიკის ერთი საათი: ჯაზი, რეპი, ოპერა, როკი, პოპი... ჟანრული მრავალფეროვნება. 6 საათზე ისევ წყეული 13 კითხვა, რამდენი გრემი აქვს ჯასტინ ტიმბერლეიკს, ან ჩამოთვალეთ ჯუზეპე ვერდის ათი ოპერა. (კითხვები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოგვასმენინეს ან წაგვაკითხეს იმ დღეს. წახემსება. 7 საათზე ფილმის დრო დგება... ჩვეულებრივი ადამიანები პოპ-კორნს ახრამუნებენ და კოკა-კოლას აყოლებენ, ჩვენ კი ეკრანებს მიშტერებულნი, კალამსა და რვეულს ჩავფრენილვართ, აქაოდა, მნიშვნელოვანი არაფერი გამოგვრჩესო... შემდეგ ისევ 13 კითხვა. ვახშამი. ვახშმის შემდეგ ერთადერთი ნათელი წერტილი დღის განმავლობაში... სახლიდან გასვლის 2 საათი. თავისუფლების 2 საათი, რომელიც იმაზეა დამოკიდებული 39დან 27-ს, ან 26დან 18ს მაინც თუ დავაგროვებთ... შაბათ-კვირა განსხვავებულია.
თავს ვიმშვიდებ რომ ანალიზებისთვის ორშაბათს მოუწევს სისხლის ჩაბარება, მანამდე კი... ორი დღე აქვს გასასუფთავებლად. ფრენკი ისევ მირეკავს და წასასვლელად ვემზადები. თავს ისე ვგრძნობ, როგორც პატიმარი, რომელსაც კარცერიდან პირდაპირ ციხის ეზოში უშვებენ მზის სხივებით დასატკბობად.

ლუიზა. გუშინ.
- „წარჩინებულ დღეს გილოცავ ლუიზა. მეა კულპას ორგანიზაცია ძალზე ამაყობს შენი შედეგებით“. - იზაბელი ხმამაღლა კითხულობს მესამე თვის შემაჯამებელ დასკვნას და შვებით სუნთქავს. სახუმარო როდია, ერთმანეთის ცემა-ტყეპა რომ არ გვიწევს, ან ოპერის, ანდაც დაბალი ხარისხის ბოევიკის ყურება. მის სიხარულს ეკრანიც იზიარებს, ფერად-ფერადი ბუშტები ხმაურით სკდება და აქეთ-იქით იფრქვევა ჭრელა-ჭრულა ქაღალდებად ქცეული. ის-ის არის სამზარეულოში გავდივარ ადრიანი ვახშმის მოსამზადებლად რომ იზაბელის ხმა უკან მაბრუნებს, რომელიც მონუსხულივით გაჩერებულა ოთახის შუაში და ეკრანს თვალს ვერ წყვეტს. „გოგონებო ჭეშმარიტი სიხარულით მინდა გამცნოთ რომ თქვენ გადახვედით ახალ ეტაპზე, რომელსაც დამოუკიდებელი 5 საათი ეწოდება. გილოცავთ, მეა კულპას ყოველი წევრი თქვენი წარმატებით ამაყობს“.
- ეს რას ნიშნავს? - ვეკითხები ხმაგაბზარული, თუმცა უკვე ვიცი პასუხი. მე ხომ ასჯერ მაინც მაქვს „გამოსწორების სტადიები და მისი საჩუქრები“ წაკითხული.
- ეს იმას ნიშნავს რომ საღამოს შვიდი საათიდან ღამის 12 საათამდე სრული თავისუფლება გვაქვს. - გაოგნებული მპასუხობს იზაბელი, რომელმაც ჩემზე უკეთ იცის მათი წესები და სახე ებადრება - შეგვიძლია იქ წავიდეთ, სადაც გვინდა და რაც გვინდა ის გავაკეთოთ, გესმის? ჩვენ ეს შევძელით! ამის დედაც, ჩვენ ეს შევძელით! - ამ ხნის განმავლობაში, რაც ვიცნობ პირველად ვხედავ მის სახეზე ამხელა ბედნიერებას და ვეხუტები. მინდა სიხარულში ავყვე, მაგრამ თავში ტორნადოსავით მიტრიალებს „თავისუფლების 5 საათი“ და ისე მაუძლურებს, როგორც ერთ ღამეში მიღებული მეცხრე ორგაზმი. მკვდრეთით აღმდგარ, დამღუპველ ფიქრებთან ბრძოლის ძალა ნულს უტოლდება და ადრენალინი ხორცსაკეპში მატარებს, ჩემს ბიწიერ, ცოდვილ სხეულს აქუცმაცებს. არც მაშინ მტოვებს მაცდური აზრები, როდესაც ერთადერთ მეგობარს (ამ უცხო მიწიდან) საძინებელში შევყავარ და გულუხვად მთავაზობს სათანადო ქცევით მოპოვებული ფულით ნაყიდ კაბებს. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ის მე არ მგავს, ის ჩემზე უკეთესია და რომ მე ვერასოდეს გავიმეტებდი ფულს ტანსაცმელში... ვუყურებ იზაბელს, როგორი მონდომებით მირჩევს თავისი საყვარელი კაბებიდან საუკეთესოს და სამყარო თბება... თურმე, ჯერ კიდევ არსებობენ ამ დედააფეთქებულ სამყაროში კარგი ადამიანები და ბედმა ერთ-ერთს შემახვედრა. ვრწმუნდები რომ ჩემს ჯოჯოხეთში, ჩემს მეა კულპაში მარტო აღარ ვარ და სულ რამდენიმე წამით ვამარცხებ ცდუნებას. შემდეგი სიტყვები, რომელიც ჩემდაუნებურად მომწყდება და მის მშვენიერ სახეს ჩრდილი გადაუფრენს, ორივეს მიგვახვედრებს რომ სიხარული წუთიერია, გამარჯვება კი ისეთივე შორეული, როგორც თაფლიან-კარაქიანი პურის გემო, ბავშვობაში დედის მზრუნველი ხელიდან მიღებული.

იზაბელი.
უკვე ლიფტთან ვდგავარ, როდესაც მისი კითხვა მახსენდება და ძლივს მოპოვებულ სიმშვიდეს ვკარგად.
- აქ როგორ მოხვდი? განა რა გიპოვეს ისეთი რომ მეა კულპაში მოხვდი? - შავი ატლასის კაბას გაუაზრებლად ვხსნი საკიდიდან. ვერ მომიფიქრებია ისევ უკან დავაბრუნო თუ მივაწოდო და ღიმილით ვუთხრა, გაისინჯოს. ჯანდაბა! რატომ არ შეუძლია უბრალოდ მოკეტოს და დატკბეს ამ დიდი წარმატებით?! რატომ არ შეუძლია ენა დაიმოკლოს და ჭრილობაზე დადებული ნაკერები არ შემიხსნას თავისი გრძელი, ბინძური თითებით?! რატომ არის ასეთი ცნობისმოყვარე და რატომ მიფორიაქებს სულს? ნუთუ ჰგონია რომ თუ იმ საზარელ დღეზე ავჭიკჭიკდები, რომელმაც ბაზარში გასაყიდად გაყვანილ საქონელს დამამსგავსა, შვებით ამოვისუნთქავ? გამეხებული ვგდავარ, არც კი მახსოვს როდის შევბრუნდი გარდერობისკენ და მტანჯველი ფიქრების მოგერიებას ვცდილობ.
- ამაზე რას იტყვი? - საკუთარ ხმას ძლივს ვცნობ. ერთი ხელით წითელ კაბას ვაწვდი, მეორით კი ლურჯს ვეტანები. ასე მხოლოდ იმიტომ ვიქცევი რომ არ მინდა ჩემი ოფლით დაცვარული სახე დაინახოს. ახლა უკვე სულერთია რას ჩაიცვამს ის, ან მე, მოახერხა და ჩამიშხამა 90 დღიანი შრომით მოპოვებული ხუთ საათიანი თავისუფლება. მძულს და არ ვიცი, როგორ ვიკავებ თავს ამას პირდაპირ რომ არ მივახლი.
- ისევ არ მენდობი. - ამბობს უზომოდ ნაღვლიანი ხმით და იმის მაგივრად ახლა მაინც გაეთრიოს ოთახიდან, ადგილიდან ფეხს არ იცვლის. ხმა უნდა ამოვიღო, რამე უნდა ვთქვა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ენა სასას შეეზარდა და უმწოდ ვჭმუჭნი ლურჯ კაბას. - ან იქნებ არც არაფერი დაგიშავებია და აქ ჩემს გამო ხარ?
- რა?! - მეტყველების უნარი მიბრუნდება და მკვეთრად ვტრიალდები მისკენ. ეს უკვე მეტისმეტია, დაუძლეველი სურვილს, ყელში ვწვდე და კატასავით მივახრჩო, ვერაფერს ვუხერხებ.
- შენ იცი ჩემი სტატუსი, მე კი წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ. სამი თვეა ვცდილობ გავიგო რისთვის მოხვდი ამ ჯოჯოხეთში. მეგონა, დრო გვჭირდებოდა ნდობის მოსაპოვებლად, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო იკეტები საკუთარ თავში...
- არ მესმის, რა გინდა ლუიზა, რითი ხარ უკმაყოფილო?
- შენ ჩემი ერთადერთი ახლობელი ხარ ამ უცხო ქვეყანაში და მინდა ვიცოდე, რა სტატუსით ხარ აქ. - სულ რამდენიმე წამით, როდესაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ, ორივე ვხვდებით რომ საშინელმა ისტორიებმა გადაკვეთა ჩვენი გზები. მინდა რომ იზაბელა-პანდორას ყუთს თავსაფარი ავხადო და ჩემი ცოდვები სხვას გადავუნაწილო, მაგრამ იმ კრიტიკულ მომენტშიც კი, უკან მექაჩება ძალა, რომელსაც სიფრთხილე ჰქვია და დროის მოსაგებად ვპასუხობ.
- მეა კულპას წესების მიხედვით, სამი კითხვის დასმის უფლება გაქვს. ოღონდ, იცოდე, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, ერთ სიტყვასაც აღარ ახსენებ წარსულზე. - ის მონდომებით მიქნევს თავს და პირველი კითხვისთვის ემზადება.
- ჩემნაირი ხარ?
- ეგ კითხვა როგორ გავიგო? - არად ვაგდებ მის გაბზარულ ხმას და გულგრილად ვატრიალებს ხელში საღამოსთვის გადაწყვეტილ შავ კაბას. ერთი სული მაქვს როდის დავამთავრებთ ამ ტრაგიკომედიას რომ თავქუდმოგლეჯილი გავიქცე. ვხვდები რასაც გულისხმობს და ისიც კარგად მესმის, თუ რატომ უჭირს იმ წყეული სიტყვის წარმოთქმა. თუმცა, მისი ტანჯვა სიამოვნებას მანიჭებს, მან ხომ თვითონვე წამოიწყო ეს დიალოგი და შედეგებზეც თვითონვე იზრუნოს.
- ალკოჰოლიკი? - ქარიშხალივით მოვარდნილ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებ და სიცილის შესაკავებლად ტუჩების კვნეტას ვიწყებ. პასუხი ცხადია და მეორე რაუნდისთვის ვემზადები. - ყოფილი ნარკომანი? - ნეტავ, თუ ამჩნევს, როგორ მიკრთება შუბლზე ამოჭრილი ძარღვი, არადა სულ რამდენიმე წამი მჭირდება კითხვის გასაანალიზებლად და შვებით ვაქნევ უარყოფის ნიშნად თავს. გულწრფელად მეცოდება, ეს გოგო ან სულელია, ან ბავშვი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა სანტა-კლაუსის არსებობის. უკანასკნელი კითხვა, რომელიც ძარღვებში სისხლს მიყინავს და არც თუ ისეთი შორეული წარსულის სურათებს მახსენებს, როდის-როდის გადამივლის და შემდეგ უკვე ქუჩაში მყოფი გაოცებულ-ნასიამოვნები ვასკვნი, ყველა კითხვას სიმართლე მივაგებე.

ლუიზა. გუშინ.
- მკვლელი არა, მკვლელობის თანამონაწილე.
თავში ათასი აზრი მიტრიალებს, მაგრამ ვიცი რომ ჩვენი დიალოგი დასასრულს მიუახლოვდა და იზაბელმა ისევ მძიმე ბოქლომი ჩამოჰკიდა წარსულის კარებს. წესით, ახლა ჩემი ჯერია, ახლა მე უნდა ვიყო რესპოდენტის ამპლუაში, მაგრამ ის არათუ ინტერესდება ჩემი ტკივილით, თითქოს აღარც კი ახსოვს რაზე ვსაუბრობდით და საქონლის გასაღების მსურველი გამყიდველივით მთავაზობს წითელი, წელში გამოყვანილი კაბის მოსინჯვას. ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც ჩაცმულ-დახურულები ველოდებით ლიფტს და საგუნდაოდ მიმავალი ბავშვებივით ავღგზნებულვართ, მას ტელეფონზე დაურეკავენ და აღტკინება საპნის ბუშტივით სკდება.
- მაპატიე ძვირფასო, ახლა ძალიან ვჭირდები ფრენკს...
ყურებს ვერ ვუჯერებ, როგორ ვერ ხვდება რომ მე უფრო მჭირდება და წასვლით სასტიკ განაჩენს აწერს ხელს? მინდა რომ თავმოყვარეობას ამჯერადაც გადავაბიჯო, კისერზე ჩამოვეკიდო და ვთხოვო რომ არ წავიდეს. რადგან თავისუფლების ხუთი საათი ჩემთვის ჯოჯოხეთურ წამებას უდრის და მის გარეშე, იზაბელის გარეშე ვეღარ შევებრძოლები საკუთარ დემონებს. მინდა ვუთხრა რომ თუ მარტო დამტოვებს... თუ მარტო დამტოვებს, ჩვენ, ორივე საბედისწერო შეცდომას დავუშვებთ. ყელში გაჩხერილ ბურთს წყენასთან ერთად ვყლაპავ და იმდენსაც კი ვახერხებ რომ თავი მხნედ მოვაჩვენო. თავისუფლების საათები სატრფოს ხმით მიხმობს და ნეტარების საბურველში მახვევს. ერთი... ორი... სამი...
- ლუიზა, რას იტყვი მოგვიანებით რომ შევხვდეთ და სახლში ერთად წამოვიდეთ?
...ოთხი... ხუთი... ექვსი...
- შესანიშნავი იდეაა...
ლიფტის კარები ხმაურით იღება, რომელიც სასამართლოს ჩაქუჩის ხმას მაგონებს და ჟრუანტელს მგვრის. ფარ-ხმალი მხდალი მებრძოლივით დამიყრია ბრძოლის ველზე და სადარბაზოს მხიარული დემონებით გარშემორტყმული ვტოვებ. ახლაც, როდესაც წყლით გავსებულ აბანოში ვწევარ და საპარსის ბასრ პირს უცვლელი გადაწყვეტილებით დავყურებ, ვხვდები რომ იმ დღეს რაღაც მომატყუა იზაბელმა, მაგრამ რა? რა გამომრჩა? რა ვერ შევამჩნიე ერთი შეხედვით ნათელ ბილიკზე, სადაც სიმართლის მარცვლები დამიყარა, მე კი მშიერი ქათამივით ავკენკე?

იზაბელი გუშინ.
ფრენკი ყოველთვის ერთი და იგივე ადგილს ირჩევს შესახვედრად. იმის მიუხედავად რომ მობნელებულზე ბალარო საშიშია, მაინც არ იშლის თავისას. როგორც არ უნდა ეცადოს გრძნობების შენიღბვას, მაინც ვერ გამომაპარებს რომ ერთ-ერთი ბალაროელი მოსწონს. ბიჭი, რომელიც 18 საათი ატარებს ქუჩაში (თუ უფრო მეტი არა) და თავისი ქვეყნის კანონებს არ წყალობს. მისნაირებისთვის ხომ კანონი მხოლოდ იმისთვისაა რომ ფრთხილად, ჭკვიანურად დაარღვიო. თუმცა, არც ჭკვა აქვს და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოახერხა ფრენკის გულის დაპყრობა. ალბათ, იღბალი სწყალობს. კი, ასეა. სხვა შემთხვევაში, იქ იქნებოდა, სადაც მისი ადგილია, გისოსებს მიღმა.
ასეა თუ ისე, მე არავინ მეკითხება ვინ როგორ იცხოვრებს, მაგრამ ფრენკმა იცის რომ ბალაროელები დიდიად არ მეხატებიან გულზე და ამიტომაც მიმალავს. დათქმულ ბარამდე სანამ მივაღწევდი თორმეტმა მამრმა მითხრა რომ ძალიან ლამაზი ვარ. სამმა გაცნობა მოისურვა, ხუთმა კი ჩვეული, ვითომ სასხვათაშორისო ხმით მკითხა, რამეს ხომ არ ვეძებდი. „რამეში“ რაღა თქმა უნდა, ბალახს, ჰაშიშს, დაბალი ხარისხის კრეკს და კიდევ უფრო დაბალი ხარისხის კოკაინს გულისხმობდნენ. არ არსებობს იმაზე უფრო დიდი სიამოვნება, ვიდრე შენკენ მოპყრობილი აღტაცებული კაცების მზერა. იმის მიუხედავად, ახალგაზრდები არიან თუ მოხუცები, სიმპათიურები თუ ორანგუტანის მსგავსნი. ქალს ეს ჰაერივით სჭირდება. მითუმეტეს თუ ამ ქალის ცხოვრებაში ისე მოვიდა 27 წელი რომ ჯერ კიდევ არაფერს წარმოადგენს. ამ ასაკში მყოფი ჯერ კიდევ ხშირად იხედება სარკეში... იხსენებს, როგორი წამოედინა მომავალი, 6, 5, თუნდაც 4 წლის წინ და როდესაც არაფერი აქვს საერთო წარსულის გეგმებსა და აწმყოს მდგომარეობას, იზაფრება. მას უკვე იმაშიც ეპარება ეჭვი, რასაც ხშირად უმეორებენ, „უმშვენიერესი ხარო“. (ვითომ?..) გაფაციცებით აკვირდება ზედმეტად ნაცნობ გამოსახულებას სარკეში და ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტია, ნამდვილად ლამაზი ფეხები აქვს თუ ეჩვენება. ბრჭყვიალა თვალები (ნამდვილად?), ვნებიანი ტუჩები (ზედმეტად დიდი ხომ არაა?), წვრილი წელი (ქონი მომედო), დიდი თეძოები (უსტანდარტო ძროხას დავემსგავსე, თუ მეჩვენება?) არადა, უყურებს და მოსწონს, მაგრამ ხომ შეიძლება რომ ის სილამაზე, ახლა ასე ხარბად რომ უმზერს, მის ორეულს ეკუთვნოდეს და არა მას... ხომ არსებობს მოსაზრება რომ სარკეში ჩვენს ორეულებს ვხედავთ და არა საკუთარ თავებს. ხო, საშინელებაა ამ აზრებით ცხოვრება. ნეტავ, ჩემს შემშთხვევაში, რამ მოიტანა ეს ეჭვები, სიბერის მოახლოებამ თუ ოცნებებისა და რეალობის სხვადასხვაობამ? როგორი წარმომიდგენია ეჭვი, მისი დაბადება... არა, ერთბაშად არ ხდება. უხილავი ხელი თხევად მარცვალს გიწვეთებს ქვეცნობიერში, რომელსაც ფესვები გაქმოაქვს. შემდეგ ღერები, ღერებს ტოტები მოჰყვება, კვირტები და ბოლოს ნაყოფი, რომელიც მხოლოდ დამწიფებისას ხდება ხილული. და მე მას უკვე ვხედავ.
მოკლედ, იმის თქმა მინდოდა რომ როდესაც ბარიდან ყინულებიანი კოლა გამოვიტანე და მაგიდას მივუჯექი, საგრძნობლად გამომსწორებოდა ხასიათი, რასაც აღგზნებულ კაცებს უნდა ვუმადლოდე. ფრენკი საქმეზე გასულიყო და მოპირდაპირე სკამზე ჩანთა დავდე, მის მოსვლამდე დაუპატიჟებელი სტუმრის თავიდან ასაცილებლად. ის-ის იყო თამბაქოს შეკეთებას შევუდექი რომ მაგიდის ზედაპირს ჩრდილი დაეცა და ცუდი იტალიურით წარმოთქმული „ჩაოც“ გავიგონე. მისი სიმაღლე 1.90დან ორმეტრამდე მერყეობდა. ძლიერი, ზომიერად დაკუნთული მკლავები მოწითალო ოქროსფრად უბზინავდა და როგორც ღია თეთრკანიანების უმრავლესობას, მასაც დამწვრობაში გადასდიოდა რუჯი. “Deutsche”, გამიელვა მაშინვე. ჩემზე სულ რამდენიმე წლით უფროსი იქნებოდა. ქერა კულულები უკან ჰქონდა გადავარცხნილი და სიცხისგან სველი შუბლი ულაპლაპებდა. უკვე ვიცოდი, თუ რა საშინლად მომეწონებოდა მისი ცხვირი პროფილში, მაგრამ არა ისე, როგორც გაყინულ ტბაზე არეკლილი ცა, ყინვამდე მისული ცივი თვალები. რაღაც ცივი ესხა, (მოგვიანებით შევეკითხები და „არმანი“ აღმოჩნდება) რომლის სუნიც ჯერ კიდევ მანამდე ვიგრძენი, სანამ მომესალმებოდა და ზომიერად, თითქმის ცივად მიღიმოდა. დამცხა. ამდენი სიცივე მოდიოდა მისგან და მე მაინც ისევე ჩამომცხა, როგორც შუადღის მზის გულზე მწოლარეს. თვალები რომ დამეხუჭა, თუმცა, ისედაც ვხედავდი, გრძელ პიჯაკში გამოწყობილს, მკლავებს ნაცისტური ნიშანი „სვასტიკა“ რომ უმშვენებს... ერთ რიგად ჩამწკრივებული ებრაელების წინ ამაყად დააბიჯებს და ფიქრობს, რომელი გადაარჩინოს. (თუ რომელი მიაცხრილოს?) მე ყველაზე ბოლო ვდგავარ და პულსაჩქარებული ველოდები რიგს...
- წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ცოტა ხნით რომ ჩამოვჯდე? - მეორე მსოფლიო ომიდან ისევ ამას-თუ-მშვიდობა-ჰქვიაში დავბრუნდი და თავი დავუქნიე. არ შემეძლო წიანაღმდეგი ვყოფილიყავი. მინდოდა თავისუფლების საათები მაქსიმალურად გამომეყენებინა და ცოტა წამეთამაშა. - რას დალევ? - მკითხრა მან. სკამიდან ჩანთა ავიღე, დაველოდე როდის მოთავსდებოდა და ადგილს დავუბრუნდი.
- Astemia(1იხილეთ ქვემოთ, ტექსტის დასასრულს). -ვუასუხე იტალიურად და ფართოდ გავუღიმე.
- ოჰ. - შეიცხადა მან და დაეჭვებულმა შემათვალიერა. - ლუდი? ლუდი ხომ ნაკლებად ალკოჰოლურია...
- ეს იმას გავს, ვეგეტარიანელს ჩიტის ხორცი შესთავაზო და დააყოლო, მას ხომ სულ რამდენიმე გრამი მჭლე ხორცი აქვს ღორთან შედარებითო. - მსუყე ბარიტონი ჰქონდა, ამ წინადადების შემდეგ კი ბანივით გადაიხარხარა და უკან გაიხედა, მიმტანს ეძებდა. აშკარად პირველად იყო არა მარტო ამ ღია ბარში, საერთოდ ამ ქუჩაზე, სხვა შემთხვევაში, ეცოდინებოდა რომ თვითმომსახურება იყო. ტურისტი იყო, მაგრამ ტურისტსაც არ გავდა. არც აპარატი ეკიდა კისერზე, არც ზურგჩათა, არც ზედმეტად ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა და რაც კიდევ უფრო საოცრად მომეჩვენა, ის მარტო ესტუმრა კრიმიალებით დახუნძლულ ქუჩას, რომელსაც ბალარო ერქვა. სხვა დროს და სხვა შემთხვევაში, თავს შორს დავიჭერდი მისგან, მაგრამ იმ წუთეში როდესაც ჩემთვის უალკოჰოლო მოჰიტო, თავისთვის კი რაღა თქმა უნდა, ჩაციეული ლუდის ბოთლი დადგა მაგიდაზე და წყლისფერი თვალებით ამომხედა, მივხვდი რომ სულერთი იყო ჩემთვის რას ეძედა, მაინც ძალიან მომწონდა.
- ხო მართლა, მე ოლი მქვია. - როგორც იქნა, გაახსედა თავის წარდგენა და მარჯვენა გამომიწოდა. რაღა ხელი და რაღა ოკეანე. ალბათ, აკვალანგისტია, გავიფიქრე. აბა, რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი წყლის ბინადრები დაიხატო მხრიდან მაჯამდე, მართალი არ ვარ?
- იზაბელი. გერმანელი ხარ, არა? - მომეჩვენა თუ ამაყად დამიქნია თავი? შეიძლება, უბრალოდ გაუხარდა რომ მივხვდი, არ ვიცი. მე კი თამაშის ხასიათზე დავდექი. მისი ღიმილი გამომწვევად ჩავთვალე და მეც გამეღიმა.
- - შენ შვეიცარიიდან ხარ, არა? ვიცნობ რამდენიმეს, თქვენ ყველას ასეთი ტკბილი, თეთრი თმა გაქვთ. მიყვარს თეთრი თმა...
- არა. - შევაწყვეტინე ღიმილით და სიამოვნებით დავაკვირდი მის რეაქციას - მე ებრაელი ვარ.
- ოჰ. - ინტერესით ჩაილაარაკა. გამომეტყველება არ შესცვლია, მოზრდილი ყლუპით მოსვა ლუდი და ისევ გამიღიმა. - ბრემენში ვცხოვრობ. სწავლა ეს-ესაა დავამთავრე, შენ რას საქმიანობ, აქ ცხოვრობ?
- არა, ვისვენებ. ჯორჯიაში ვცხოვრობ...
- ამერიკელი ხარ? - აღმოხდა აღტაცებულს და სწრაფად დაამატა - წინა ზაფხულს ვისვენებდი მაიამში. საოცრებაა. მიყვარს ამერიკა. მამაჩემი ყოველთვის მეუბნება... - საიდუმლოდ დარჩა რას ეუბნებოდა მამამისი, რადგან მისი ყურადღება სტუმარმა მიიპყრო, რომელმაც უსიტყვოდ მოაჩოჩა სკამი და მოწყვეტით დაჯდა.
- შარში ვარ. - მომახალა ფრენკმა და თავი ხელებში ჩარგო. გაეტანოს დაშორდა, გამიელვა მაშინვე და თანაგრძნობით აღსავსე სახე მივიღე. აბა სხვა რა შემეძლო?
- რა მოხდა, ბეიბი? - დავეკითხე ფრენკს და დაბნეულ ოლის მივმართე - ოლი, ეს ჩემი მეგობარია...
- ფრენკი. - დამასწრო გამოცოცხლებულმა მეგობარმა, თითქოს, ეს-ესაა ოლი შეამჩნიაო და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. - გერმანელი? - თვალები გაუფართოვდა და ზუსტად ის წამოროშა, რისაც ყველაზე მეტად მეშინოდა. - ალბათ, უკვე გეტყოდა, ჰიტლერთან სექსზე რომ ოცნებობს... არ უნდა მეთქვა? თუ აღარ ოცნებობ... - დაამატა ჩემს გაქვავებულ სახეს რომ მოჰკრა თვალი და ისევ დაბნეულ-გაოცებულ ოლის გახედა. პირი თევზივით გავაღე და ისევ დავკეტე. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მეთქვა. იმის მიუხედავად რომ საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო, მაინც არ გავცეცხლებულვარ, შეუძლებელია ფრენკზე გაბრაზდე. მითუმეტეს, როდესაც კარგად იცნობ.
- ოჰ! - აღმოხდა ისევ ოლის და უხერხული დუმილის დასარღვევად, ვითომც აქ არაფერიო, ჩვეული მშვიდი ღიმილით მიმართა - რას დალევ? ჩემთვის კიდევ ერთი ლუდი უნდა ავიღო.
- მეც ლუდს, თუ არ შეწუხდები. - გაინაზა ფრენკი და მზერა ტატუირებულ მკლავისკენ გაექცა. „ჯანდაბა, ფრენკ, ჰეტეროა. ამას ჩემზე ადრე შენ უნდა მიხვედრილიყავი“, გავეპასუხე თვალებით და ძლივს შევიკავე თავი გახმოვანებისგან.
- შეიშალე? - ვეცი როგორცვე ოლი მოგვშორდა - რამ გათქმევინა ის სისულელე?
- სად იპოვე? ხუთი წუთი დაგტოვე მარტო და უკვე გერმანელ ცურგუმელასთან ერთად დამხვდი. - მის ხმაში დაუფარავი შური ჟღერდა და მოუთმენლად ელოდა პასუხს. საყვედური უბრალოდ დააიგნორა, როგორც სჩვეოდა.
- თვითონ მიპოვა. ფრენკ, ყველაფერი გააფუჭე შენი დაუფიქრებელი სიტყვებით...
- ესეიგი, ხელს გიშლი, წავალ. - ბავშვივით გაიბუტა და წამოდგომა დააპირა.
- ნუ სულელობ! არსადაც არ წახვალ. - დავტუქსე შერბილებული ხმით და შესარიგებლად ჩემი უალკოჰოლო მოჰიტო მივუჩოჩე, რომელსაც ხარბად უმზერდა. - უბრალოდ, აღარაფერი წამოგცდეს ჰიტლერზე
- რატომ? - გაოცებისგან წარბები აწკიპა და ერთ მოწრუპვაზე ნახევარი ჭიქა ჩაცალა.
- იმიტომ რომ ვუთხარი, ებრაელი ვარ-მეთქი. - ოლი რომ გამოჩნდა, ფრენკი ისევ ახველებდა გადაცდენილ მოჰიტოს და ლოყებიდან ცრემლებს იმშრალებდა.
- მე ვინ ვარ? კომუნისტი თუ გენოციდს გადარჩენილი სომეხი?
- მოკეტე! მოდის.
- ნწ, რომელი ვიყო-მეთქი? იტალიაში გადმოსახლებული ებრაელი თუ სადისტი ფაშისტებისგან უოჯახოდ დარჩენილი პოლონელი?
- ფრენკ, გეყო!
- კარგი, მრავალფეროვნებისთვის, უბრალოდ კომუნისტი ვიქნები, რაკი შენ ებრაელობა დამასწარი. - ჩაილაპარაკა ჩურჩულით და ისევ სიცილი აუტყდა. ფრენკს ლუდის დალევაც არ დასცალდა, სატელეფონო ზარმა ერთაშად მოუსხიპა სახიდან ღიმილი და სასწრაფოდ დაგვტოვა. - მალე დავბრუნდები, ბეიბი. - მომაძახა გზიდან და გაუჩინარდა. რაღაც ვერ იყო მის თავს და გულმა ცუდი მიგრძნო. ნეტავ, მაშინვე დამეჟინა რომ ეთქვა, სად მიდიოდა...
- მხიარული ტიპია. - თვალი გააყოლა ოლიმ და თამბაქოს შეკეთებას შეუდგა - გესმის იტალიური? - ღიმილით დავუქნიე თავი და შესავლების გარეშე ვკითხე.
- რას ეძებ? ვეჭვობ აქ იპოვო.
- იღბალიც ამას ჰქვია! შეხვდე ლამაზმანს, რომელსაც აზრების წაკითხვა შეუძლია. - იქნებ ქირომანტად გამესაღებინა თავი და მის გაშლილ ხელისგულზე მემკითხავა, მაგრამ... არა იმ დროს. იმ წუთებში ოლის მხოლოდ ერთი რამ უნდოდა და მანამდე სანამ არ მიიღებდა, არც ფლირტის ხასიათზე იქნებოდა და არც თამაშის.
- ვეცდები ოლი, მაგრამ არა მგონია შენი დახმარება შევძლო. აქ არ იშოვება, რასაც ეძებ. თუმცა, ვცადოთ, არ მეზარება.
- რა იცი, რას ვეძებ? - მკითხა მან იჭვნეულად და ჩემკენ მოიწია. ინტერესით მაკვირდებოდა წყლისფერი თვალებით, ცდილობდა გამოეცნო სიმართლეს ვეუბნებოდი თუ თავს ვარიდებდი სახიფათო გზაზე გაყოლას.
- MDMA-ს. - ამის მიხვედრას შერლოკობა არ სჭირდებოდა, როგორც თვითონ ეგონა და დიდსულოვნად დავამკმაყოფილე მისი ცნობისმოყვარეობა. - ბალარო ყველასთვის ცნობილი ქუჩაა. იმის მიუხედავად რომ საშიში ადგილია, მაინც ტურისტებითაა გადაჭედილი, რადგან აკრძალული ხილი იყიდება. ვისთვისაც არ უნდა გეკითხა, ყველა ამ ადგილს მოგასწავლიდა, მაგრამ შენ არასწორად დასვი კითხვა. სხვა შემთხვევაში, გეტყოდნენ ძენს, საიდანაც გაქურდულ-ნაცემს გამოგისტუმრებდნენ, უარეს შემთხვევაში კი იქიდან ცოცხალი ვერ გამოაღწევდი, რადგან ძენს არც ტურისტები უყვარს, არც უცხოები. მათ მაღალი ხარისხის პროდუქტი აქვთ, მაგრამ ფრთხილი და ზედმეტად დაუნდობელი ხალხია.
- ჯანდაბა! საიდან იცი ამდენი? დიდი ხანია რაც აქ ხარ? - მკითხა მან და სიგარეტს გაუკიდა.
- დიდი დრო არ სჭირდება ამ ყველაფრის გაგებას.
- მაინც არ მითხარი, როგორ მიხვდი MDMA-ზე?
- მარტივად. სანამ აქამდე მოაღწევდი, ბევრად ადრე დაგესეოდნენ ჯერ შავკანიანები, შემდეგ კი თეთრები, რადგან ადვილი შესამჩნევია რომ ტურისტი ხარ და აუცილებლად შემოგთავაზებდნენ ბალახს, ჰაშიშს, კრეკს და კოკაინს. - გაეცინა, მართალი ვიყავი - და რადგან მე მომადექი, ყველაფერი ნათელია, შენ „ემს“ ეძებ.
- მაინც არ მესმის. - ჩაილაპარაკა მან და გამომცდელად ამომხედა - იქნებ სოკოების ყიდვა მინდოდა?
- სოკოები რომ გინდოდეს, ამსტერდამში წახვიდოდი დასასვენებლად. ელეზდეს ტიპი შენ არ ხარ. ჰეროინი გამოირიცხა. - მესიამოვნა თუ როგორ ზიზღით აუხტა ზედა ტუჩი მაღლა და გავაგრძელე. - ჰეროინი, ეს ის ნარკოტიკია, რომლის მომხმარებლებიც (თუ როკ ან პოპ ვარსკვლავი არ ხარ) დასასვენებლად არ, ან უფრო ვერ მიდიან, მაგრამ თუ მაინც გამოჩნდა ვინმე ასეთი იღბლიანი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია ძალა და ჯანმრთელობა რომ თავის ქვეყანას გასცდეს, ის იზაბელს არ მიადგება, ხომ არ იცი სად ვიშოვოო, რადგან მას უკვე ეცოდინება სად იყიდოს. რაღა დარჩა, მეთი? ჰა, ჰა, ჰა... სასაცილოა, ჰიტლერის სამშობლოდან წამოსული, სხვა მიწაზე ეძებდეს ამფეტამინს ან მეთამფეტამინს. თუმცა, დრო შეიცვალა, არა? რას ვიზამთ, დრო ოხერი რამაა, ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ვინ წარმოიდგენდა, 70, 80 წლის წინ რომ ებრაელი და გერმანელი ერთ მაგიდასთან აღმოჩნდებოდნენ და მშვენიერ საღამოს გაატარებდნენ ერთად. ჰმ, დროს, იგივე ღმერთს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, მაგრად გვეღადავება. მოკლედ, მეთი გამოირიცხა. ექსტაზს ქუჩა-ქუჩა არ დაუწყებ ძებნას, პირდაპირ კლუბში წახვალ და ადვილად ააგდებ. - ფილტრი საფერფლეს მივასრისე და თვალი მოილურისკენ გამექცა, ჯერ დრო მქონდა.
- ქალური ლოგიკაც ამას ჰქვია... მომწონს, უფრო სწორედ, აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ გერმანელი ვარ და მეთი მიყვარს, რა გავაკეთო, დასასვენებლად აღარ წავიდე?
- ვისაც მეთი უყვარს, ჩეხეთში მიდის და არა იტალიაში. ვისაც ეს კონკრეტული შხამი უყვარს, მან ისიც იცის რომ ჩეხეთის ნარკომომხმარებელთა 70% მეთს მოიხმარს. რა თქმა უნდა, ბალახი არ ითვლება, ბალახი ყველა ქვეყანაში პირველ ადგილზე დგას. მეთის მოყვარულებმა ისიც იციან რომ ჩეხეთის ერთ-ერთი პატარა სოფლიდან ვრცელდება ევროპის ქვეყნებში სენი და იმ პატარა სოფელში ათჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე სხვაგან.
- და თუ მაინცდამაინც იტალიის ნახვა უნდა?
- მაშინ, ალბათ არც ის შეეშლება, იტალიის რომელ ქალაქში მოძებნოს ჩინელების დასახლება და “riso”(2) იკითხოს. მოკლედ, ოლი, რადგან ემს ეძებ, გირჩევ კრეკი იყიდო. ხარისხით კოკაინზე უკეთესია. ყოველი შემთხვევისთვის, ცუდ ემზე, ან ცუდ ექსტაზზე ბევრად კარგი იქნება. - წამიერი ყოყმანის შემდეგ, მტკიცედ მიქნევს თავს და სიცილი უტყდება.
- ამხელა ინფორმაციის მცოდნე ალკოჰოლს არ ეკარები, თუ რამე მეშლება?
- არ გეშლება. არც ალკოჰოლს და არც არავითარ ნარკოტიკს, მხოლოდ სიგარეტს ვეწევი.
- ვინ ხარ? - მეკითხება უცნაური ღიმილით და თითებზე მისი ნესტიანი თითების შეხებას ვგრძნობ, რომელიც მსუბუქად მახვევს თავბრუს და ვცდილობ გავიხსენო, როდის ვიყავი ბოლოს ასეთი აღგზნებული. ოლის თვალების ბრალია ეს მოზღვავებული ვნებები, თუ გულის სიღრმეში, იმედი მაქვს რომ მის შიშველ სხეულზე ამოქარგულ სვასტიკას ვიპოვი და ისევ შევახებ გავარვარებულ ენის წვერს?
- მე... უბრალოდ, იზაბელი ვარ. ის, ვინც ბარიგებს ვერ იტანს და ბარიგებზე მეტად თავმოყვარეობადაკარგულ, ნარკოდამოკიდებულ ხალხს ვერ იტანს.

ლუიზა.
ცრემლებს ფრთხილად ვიწმენდ, ტუში რომ არ გავითხაპნო და სასოწარკვეთილ დედაკაცს დავემსგავსო. შემდეგ კი თავისუფლების ჰაერს ღრმად ვყლაპავ და მაღაზიის ვიტრინაში საკუთარ ანარეკლს ვაკვირდები: იზაბელის წითელი კაბა, იზაბელის დასწორებული თმა, იზაბელის გაკეთებული მაკიაჟი, იზაბელის შავი, მარალქუსლიანი ფეხსაცმელები, იზაბელის ხელჩანთა... ის მე ვარ და მე ის არის. თითქოს, სხეული მოვპარე და ამის გაფიქრებაზე ისევ სევდა მაწვება. ვიცი, რომელ გზასაც უნდა დავადგე ბედნიერების საყიდლად და ადრენალინი - ჩემი ძველი მეგობარი, ჩემი ქმარი, ჩემი მბრძანებელი ისევ ჩემში დათარეშობს. მიხვეულ-მოხვეულ გზებს სწრაფად ვიტოვებ უკან და აღთქმულ მიწაზე ფეხის დაბიჯებისას, გული ლამის საგულედან ამომიხტეს. ღია კაფე-ბარები ბედნიერი ხალხითაა გადაჭედილი. ტურისტები გზააბნეული ცხვრებივით დაყიალობენ და იდიოტური გამომეტყველებით ათვალიერებენ წმინდა ქანდაკებებს. ძველი ტაძრის კარებთან, ყველას რომ დავიწყებია მისი დანიშნულება, შავკანიანები დგანან და რაღაცას მთავაზობენ. ზედაც არ ვუყურებ, ვიცი სადაც უნდა მივიდე და რაც უნდა ვიკითხო. საგულდაგულოდ მოგროვებულ ფულს კიდევ ერთხელ ვითვლი და გეზს პირდაპირ ბანდისკენ ვიღებ.
- Che cosa vuoi bella?(3) - მეკითხება ყველაზე თამამი, მარცხენა წარბის მაღლა ჯვარი რომ დაუხატავს და უტიფრად მათვალიერებს.
- Red Mephedrone (4). - ვახმიანებ სახელს ჩემი კოშმარებიდან და ამ ერთ სიტყვას სულის ნატეხებს ვაყოლებ.

1. Astemia – იტალირად. ადამიანი რომელიც ალკოჰოლს არ სვამს.
2. Riso – იტ. ბრიჯი.
3. Che cosa vuoi bella - იტ. რა გინდა ლამაზო.
4. Red Mephedrone - წითელი მეფედრონი. ერთ-ერთი საშიში სტიმულატორ-ფსიქოტროპული ნარკოტიკი.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Rogor gamixardi rom icode, aseti saocari ramis mitoveba sheizleboda anaa? Sad agara vezebw gagrzelwbaaaa, ise vjavrobdiii, madloba rom dagvibruldiiiii

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ღმერთო, ნუთუ ეს შენ ხარ ანა. რამხელა გულისწყვეტა დამიტოვეე რომ იცოდე შენი დაკარგვით. ცოტა გაბრაზებულიც კი ვიყავი შენზე. მაგრამ ამ წუთში ყველაფერმა გამიარა. უზომოდ გამახარე შენი გამოჩენით. ძალიან ნიჭიერი ხარ, ნამდვილი ბრილიანტი და არ მინდა ისევ გამიქრე. აქ იყავი რაა❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკა

ღმერთი სიყვარულია, ეს ჩვენ ვართ შეშლილები და ზოგიერთი ფსიქოპატიც. ნებისყოფა, მორჩილება აი რა აკლია ადამიანს ვინც წუპეში ვარდება, მერე ამბობს საზოგადოებამ უბიძგა!? არა ტყუილია! ჩვენ ჩვენივე სურვილები გვქმნიან.

 


№4  offline მოდერი ბელუ შეროზია

დასაწყისი ?

 


№5  offline წევრი აზზაზელო

როგორც ყოველთვის, სულის შეკვრამდე საინტერესო და უკან რომ არ გიშვებს ეგეთი))) აღარ დაიკარგო რაა(((

 


№6  offline წევრი Timea25

ანააა,როგორ მომენატრე... რამდენჯერ წავიკითხე წინა თავები.
რაღათქმაუნდა ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე ეს თავიც.
ძალიან ბედნიერივარ რომ დაბრუნდი ????
პ.ს.
სულმოუთქმელად გელოდები კიდევ და კიდევ.
რაღაცეებს კი ვფიქრობ ამ თავზე,კარგად გადავიკითხავ კიდევ და დავაკომენტარებ❤

 


№7  offline წევრი ლურჯი ანა

სტუმარი მარიკა
ღმერთი სიყვარულია, ეს ჩვენ ვართ შეშლილები და ზოგიერთი ფსიქოპატიც. ნებისყოფა, მორჩილება აი რა აკლია ადამიანს ვინც წუპეში ვარდება, მერე ამბობს საზოგადოებამ უბიძგა!? არა ტყუილია! ჩვენ ჩვენივე სურვილები გვქმნიან.

დიახ ძვირფასო, გეთანხმები.
თაიმ <3 ვიცი, ვიცი რაც იფიქრე <3 :დ მეც მომენატრე <3
აზზაზელო, ჩიკო, ქეთი: დიდი მადლობა საყვარლებო <3 აღარ დავიკარგები <3 მალე დავდებ ახალ თავს <3
ბელუ, დიახ ასე ვფიქრობ რომ ეს ნაწილი უნდა იყოს დასაწყისი...
დიდი მადლობა ჩემო ერთგულო მკითხველებო <3 მიყვარხართ <3

 


№8  offline წევრი Tushma19

ღმერთო ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდი,რომ დავინახე ახალი თავი ბედნიერებისგან გავიბერე.საოცარი ადამიანი,რომ ხარ იცი და მეტი რაგითხრა სიტყვები არ მყოფნის❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent