შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი მეთვრამეტე)


18-09-2018, 18:23
ავტორი sofikela
ნანახია 2 994

სანდროსა და ჩემი ოჯახის წევრების შეხვედრის შემდეგ, მეგონა, ღელვა დასრულდებოდა და ჩვეული ტემპით გაგრძელდებოდა ყველაფერი, თუმცა ქორწილის მოახლოებულმა თარიღმა ყველა გეგმა თავდაყირა დამიყენა და ნერვიულობა გამიასმაგა. იმდენჯერ, რამდენჯერაც გავიაზრებდი, რომ სულ ცოტა რჩებოდა მანამ, სანამ სანდრო გიორგაძის ცოლი გავხდებოდი, ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა და არაამქვეყნიური გრძნობა მიპყრობდა. ნიშნობის მეორე დღესვე გადავწყვიტე თბილისში დაბრუნება, ორი კვირა არც ისე ბევრი დრო იყო იმისთვის, რომ საოცნებო ქორწილი დაგვეგეგმა მე და სანდროს. ბედობა დღეს მისმა ზარმა გამაღვიძა :
- მინდა დამებედო, დღეიდან და მთელი ცხოვრება - მითხრა თბილი ხმით.
- დაბედებული ვარ და ეგაა, სულ რაღაც ორი კვირა გრჩება, თავისუფალი კაცის სტატუსის სატარებლად - ვუპასუხე სიცილით.
- როგორც არასდროს, ისე მინდა მაგ სტატუსის მოშორება - ამყვა სიცილში გიორგაძეც.
- რომელი საათია? მგონია, რომ ძალიან დიდხანს მეძინა - წამოვჯექი ლოგინში.
- 11 ხდება, არ მინდოდა, გამეღვიძებინე, მაგრამ ვეღარ მოვითმინე - თქვა დასჯილი ბავშვივით.
- კარგი ქენი, რომ გამაღვიძე, დღეს ისედაც ვაპირებდი წამოსვლას, იმდენი საქმე მაქვს, ფიქრიც მეზარება .
- ჰოდა, მაგიტომაც დაგირეკე. გამოვიდე უკვე? თუ საღამოს ჩამოვიდე, როგორ გირჩევნია? - ხმა დაუსერიოზულდა სანდროს.
- სანდრო, კარგი, რა, ისედაც გუშინ მოიარე ამხელა გზა და დღეს კიდევ აპირებ ჩამოსვლას? ჩემით წამოვალ და შენ დამხვდი დიღომში - შევთავაზე გიორგაძეს.
- ეგ არც განიხილება, ხომ იცი?! იმდღევანდელივით თავიდან დავიწყოთ მაგაზე საუბარი? - თითქოს მიწყინა.
- ჰო, უნდა დავიწყოთ, რამე მომივა, ჩემით რომ წამოვიდე?
- რატომ უნდა წამოხვიდე შენით, როცა შემიძლია ჩამოგაკითხო და წამოგიყვანო?
- აქამდეც ეგრე დავდიოდი, სანდრო და არაფერი მომსვლია.
- აქამდე მე არ ვიყავი შენს ცხოვრებაში - ხმა გაუმკაცრდა გიორგაძეს.
- მე უბრალოდ ის არ მინდა, რომ ტყუილად გამოიარო ამხელა გზა - ვუთხარი მშვიდად.
- სისულელეზე ვკამათობთ ახლა, ხვდები ? - მკითხა ნაწყენი ხმით.
- არაა სისულელე, ხანდახან მეც დამიჯერე, არ შეიძლება? - არ ვთმობდი ჩემსას.
- მოდი, ახლა გაგითიშავ და რომ დამშვიდდები, მერე ვილაპარაკოთ, კარგად დაფიქრდი, რის გამო მეკამათები და ღირს თუ არა, ეს ამად. იმაზეც კარგად დაფიქრდი, რატომ გთავაზობ მე ასე მოქცევას და მიხვდები, რომ შენზე ზრუნვის მეტს არაფერს ვაკეთებ, მიყვარხარ - თქვა სწრაფად და ისე გამითიშა, ჩემს პასუხსაც არ დალოდებია. საშინლად გავბრაზდი, ვიცოდი, რომ მხოლოდ ჩემზე ზრუნვის გამო იქცეოდა ასე, თუმცა მეც ვერ მივხვდი, რატომ ველაპარაკე ასე. მეგონა, თვითონვე დამირეკავდა მალევე, წუთები საუკუნეებად მეჩვენებოდა და ტელეფონს თვალის დახამხამების გარეშე დავყურებდი. უცებ წამოვდექი, ჩანთაში ჩავყარე ტანსაცმელი და შევეცადე, მშვიდი სახით მეთქვა მშობლებისთვის, რომ ბევრი საქმის გამო სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში. გაუაზრებლად გავთიშე ტელეფონი და ცივ ფანჯარას მივეყუდე სახით. ვიცოდი, რომ არ ვიყავი სწორი სანდროსთან ამ საქციელით, თუმცა ჯიუტი ბავშვივით არ ვთმობდი პოზიციას და არ ვაპირებდი უკან დახევას.
უკვე 4 საათი ხდებოდა, თბილისში რომ შევედით. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. ვიგრძენი, როგორ მეყინებოდა ხელები თანდათან. ასე მაშინ ხდებოდა ხოლმე, როცა რაღაცას განსაკუთრებით განვიცდიდი. კარგად მესმოდა, ჩემს ამ საქციელს კარგი არაფერი მოჰყვებოდა, თუმცა უკან დახევა უკვე ძალიან გვიანი იყო. ტელეფონი ჩავრთე, მინდოდა დედასთვის შეტყობინება მიმეწერა, რომ უკვე თბილისში ვიყავი, თუმცა ტექსტის აკრეფა ვერ მოვახერხე, შეტყობინება შეტყობინებაზე მოდიოდა სანდროსგან.
57 გამოტოვებული ზარი და 23 შეტყობინება დამხვდა :
„როგორც ჩანს, შენ არ აპირებ დარეკვას, რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?“
„სოფო, რატომ იქცევი პატარა ბავშვივით?“
„რამე გაწყენინე?“
„ტელეფონის გათიშვით უარესს რომ აკეთებ, ვერ ხვდები?“
„სოფო, როგორც კი ტელეფონს ჩართავ, დამირეკე, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ.“
მსგავსი შინაარსის ბევრი შეტყობინება მოეწერა სანდროს, ვგრძნობდი, როგორ ვხურდებოდი სახეზე ნელნელა, ახლა მასთან დარეკვას ნამდვილად ვერ გავბედავდი. ტაქსი ჩემს კორპუსს რომ მიუახლოვდა, ნაცნობი მანქანა შევნიშნე სახლთან. გული შემიქანდა, არ ველოდი , გიორგაძე აქ თუ დამხვდებოდა. გაუბედავად ჩამოვწიე სახელური, არ მინდოდა გადასვლა, ფეხები უკან მრჩებოდა. მანაც შემნიშნა, უემოციოდ მოგვიახლოვდა, ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადა და უხმოდ გამომართვა ბარგით სავსე ჩანთა. მისი ცხელი ხელი ჩემს გაყინულ ხელს შეეხო და წამით შეშფოთება გაუკრთა თვალებში, მიხვდა, რომ ძალიან ვღელავდი, უკვე სანდრომაც კარგად იცოდა, რა შემთხვევაში მეყინებოდა ხელები. შეუვალი იყო, მის მკაცრ გამომეტყველებაზეც იოლი შესამჩნევი იყო, რომ საშინლად იყო ჩემზე გაბრაზებული. მანქანის კარი გამიღო, ჩაჯექიო, ცივი ხმით მითხრა და სწრაფად დამიხურა კარი. უხმოდ ჩავჯექი, სიტყვის თქმასაც ვერ ვბედავდი, ასეთ სანდროს პირველად ვხედავდი, იმასაც კარგად ვხვდებოდი, მისი ეს მდგომარეობა ჩემი საქციელით რომ იყო გამოწვეული. სწრაფად დაქოქა მანქანა და გაურკვეველი მიმართულებით გაქროლდა. შემეშინდა, სახელურს მაგრად ჩავჭიდე ხელი. კარგა ხანს ვიარეთ ხმის ამოუღებლად, მერე რომელიღაც ვიწრო ქუჩაზე გააჩერა მანქანა, ისიც არ ვიცოდი, სად ვიყავით :
- როგორ ფიქრობ, სწორად მოიქეცი? - თქვა ისე, ჩემკენ არც გამოუხედავს.
- სანდრო - დავიწყე საუბარი, მაგრამ ისიც არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა მისთვის.
- პატარა ბავშვივით გაიბუტე და თან რის გამო? ამ სიცივეში მარტოს რომ არ მინდოდა გემგზავრა? მერე ტელეფონი გათიშე და ისე წამოხვედი, არც გამაგებინე, ზრდასრული ადამიანის ქცევას ჰგავს ახლა ეს? - მკაცრი და შეუვალი ხმა ჰქონდა.
- მე არასწორად მოვიქეცი, მაგრამ არც შენ იყავი ბოლომდე მართალი, ხომ შეიძლება, ერთხელ მეც დამიჯერო ? - ვსაუბრობდი და თან ვხდებოდი, როგორ მიკანკალებდა ხმა, ახლა ყველაზე მეტად არ მინდოდა, მეტირა, ნაწყენი თვალებით გამომხედა.
- ისევ ვერ იგებ, მე რას გიხსნი - საჭეს ხელი დაარტყა.
- ვიგებ და მესმის, მაგრამ..
- რა მაგრამ, სოფო, რა მაგრამ ?! მართლა ვერ ვხვდები, ასე რატომ მოიქეცი, ან რა გავაკეთე ისეთი, წყენის მიზეზი რომ მომეცა, ახლაც გიხსნი, მაგრამ შენ ისევ შენსას ამბობ, ტელეფონი რატომ გათიშე? - ამომხედა იმედგაცრუებულმა.
- გაბრაზებული ვიყავი და იმიტომ - დაცვარულ ფანჯარაზე თითები ავუსვი ნერვიულად.
- მოდი, ახლა სახლში წაგიყვან და კარგად დაფიქრდი, რისთვის გიღირს ეს ყველაფერი, თუ ჩემთან ჩხუბის მიზეზს ეძებ, ნურც მაგას დამიმალავ - თქვა და მანქანა დაქოქა, საშინლად მეწყინა მისი ეს სიტყვები, შეუმჩნევლად მოვიწმინდე ჩამოგორებული ცრემლი და ხმა არ ამომიღია, ვიცოდი, ჩემს ქცევას გამართლება არ ჰქონდა, მინდოდა, ბოდიში მომეხადა სანდროსთვის და მეთქვა, რომ არ ვიყავი მართალი, თუმცა თავმოყვარეობა ამის საშუალებას არ მაძლევდა. ისე გააჩერა კორპუსთან მანქანა, ჩემსკენ არ გამოუხედავს, მეც უსიტყვოდ გავაღე კარი და სწრაფი ნაბიჯით წავედი კიბეებისკენ. უკვე ცრემლების დამალვასაც ვეღარ ვახერხებდი, ხელის კანკალით მოვარგე გასაღები საკეტს და ბნელსა და ცივ სახლში შევაბიჯე, კიდევ უფრო დავითრგუნე, ხასიათი უფრო მეტად გამიფუჭდა და სულ მარტო ვიგრძენი თავი. აივანზე გავედი, გათბობას ავუწიე, მერე ცხელი შხაპი მივიღე, ყველა ნათურა ჩავაქრე და სრულ წყვდიადში შევიმალე საბნის ქვეშ. ტელეფონიც საიმედოს ვერაფერს მამცნობდა, ან კი რას ველოდი? ახლა ნამდვილად მე უნდა გადამედგა სანდროსკენ ნაბიჯი, ჩემს უაზრო პრინციპებს გადავაყოლე მისი ქცევა, არ არსებობდა არაფერი, რაც მე გამამართლებდა და ამის გამო ვერ ვბედავდი მასთან დარეკვას, ასე უსუსურად პირველად ვიგრძენი თავი. არ მახსოვს, რომელ საათზე ჩამეძინა, დილით თავის საშინელმა ტკივილმა და სიმძიმემ გამაღვიძა, ხელით მოვისინჯე შუბლი და მივხვდი, რომ საკმაოდ მაღალი ტემპერატურა მქონდა, ვკანკალებდი. წამოდგომა გამიჭირდა, ყველა ძვალი მტკიოდა და სიარული მიჭირდა, მეგონა, სათითაოდ დაეტეხათ ყველა ნეკნი. გაჭირვებით მივუახლოვდი წიგნების თაროს და ხელის ცეცებით დავიწყე თერმომეტრის ძებნა, როგორც შემეძლო, ისე სწრაფად დავუბრუნდი თბილ საბანს. ციფერბლატმა 40.3 გრადუსი მიჩვენა, მე კი სახლში მხოლოდ მალინის მურაბა მქონდა სიცხესთან საბრძოლველად. ასეთ მდგომარეობაში აფთიაქამდე ჩასვლასაც ვერ მოვახერხებდი, 3 იანვარს კი, ამ დასვენების დღეს, ვერავის შევაწუხებდი ჩემი ცუდად ყოფნით. ტელეფონს დავხედე, ინტერნეტი არ ჩამირთავს, სანდროსგან არც ზარი და არც შეტყობინება არ დამხვდა, ოხვრით გადავბრუნდი კედლისკენ და იმ იმედით დავიძინე, რომ ცოტა უკეთ გავხდებოდი. არ ვიცი, რამდენი ხანი მეძინა, ტელეფონის ზარი რომ გავიგე, იატაკზე დადებული მობილურის ძებნა დავიწყე, თვალების გახელაც კი ძალიან მეზარებოდა, დარწმუნებული ვიყავი, სანდრო მირეკავდა, მაგრამ მოლოდინი არ გამიმართლდა, გეგას ნომერი რომ ამოვიკითხე ეკრანზე:
- გისმენ, გეგა - თავს ძალა დავატანე და ჩახლეჩილი ხმით ვუპასუხე გეგას.
- რა გჭირს? - მიხვდა ჩემს გასაჭირს ბიჭი.
- სიცხე მაქვს, ყელი მტკივა, მგონია, რომ ყველა ძვალი ერთად გადამიტეხეს და ლაპარაკიც მიჭირს - ვუთხარი საწყალი ხმით.
- მარტო ხარ? - არ იყო ხუმრობის ხასიათზე გეგა.
- კი.
- წამლები დალიე?
- არა, მალინიანი მურაბის მეტი არაფერი აღმომაჩნდა სიცხესთან საბრძოლველად და ჩაის გასაკეთებლადაც ვერ ავდექი.
- სანდროსთანაც არ დაგირეკავს, ხომ ? - ისეთი ხმით მითხრა, აშკარად ყველაფერი იცოდა უკვე.
- არა, მაგას როგორ გავბედავდი - შევეცადე მეხუმრა.
- იმაზე ჯიუტი აღმოჩნდი, ვიდრე მეგონა.
- ჰო, არ მოვიქეცი სწორად, რაო, რა გითხრა, ძალიან გაბრაზებულია? - ვკითხე ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა და მაწუხებდა.
- კი, ძალიან, ქორწილი უნდა გავაუქმოო, მითხრა, ეს გოგო ვინ ყოფილა, მაგის დანახვაც აღარ მინდაო - მიპასუხა სიცილით.
- გეგა, კარგი, რა, მართლა მაინტერესებს - საწყალი ხმით ვთქვი.
- კი, მართლა ძალიან გაბრაზებული იყო, სანამ შენს განწირულ და სიცხიან ხმას გაიგონებდა, დაახლოებით 53 წამია, რაც სახლიდან გავარდა და წუთ-ნახევარში შენს კართან იქნება, ალბათ - გამხიარულდა ბიჭი.
- ჩემთან წამოვიდა? - განგაშის ზარი შემოვკარი გონებაში.
- ჰო, ასე ვვარაუდობ და ვნახოთ, გამართლდება თუ არა ჩემი ვარაუდი - ისევ არ წყვეტდა ხუმრობას.
- ისეთ მდგომარეობაში ვარ, მართლა გააუქმებს ქორწილს, რომ მნახავს - ავყევი სიცილში მეც.
- გოგრად ხომ არ იქეცი?
- არა, გოგრა ეტლად იქცევა ხოლმე, მე მოჯადოებული ბაყაყი ვარ - გამომიკეთდა ხასიათი მეც.
- კარგი, უნდა გაგითოშო ახლა, სად მცალია საჭორაოდ, ერთი ბიჭის მეჯვარე ვარ ორ კვირაში და უამრავი საქმე მაქვს - მითხრა ნიშნისმოგებით.
- აჰ, ეს თქვენ ბრძანდებით?
- სხვას ელოდი? ქორწილს ჩავშლიდი, გამკეთებელი ვარ, ხომ იცი?
- ეჭვიც არ მეპარება, კარგი , გეგა, წავედი ახლა - დავემშვიდობე ბიჭს და გაჭირვებით წამოვდექი, კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის ძებნა დავიწყე, დინოზავრიანი საღამურებით ვერ დავხვდებოდი სანდროს. ყელიანი, ღუნღულა ჯემპრი გადავიცვი, მუხლს ოდნავ ზემოთ იყო მისი სიგრძე და ფეხზეც თბილი წინდები ამოვიცვი. სარკეში ჩახედვას ვაპირებდი, კარზე ხმაურიანი კაკუნი რომ ატყდა, მივხვდი, გიორგაძე იყო. უიმედოდ შევავლე ჩემს ანარეკლს სარკეში თვალი და კარის გასაღებად გავეშურე. გამოხედვა გუშინდელივით მკაცრი აღარ ჰქონდა, ხელში წამლებით სავსე პარკი ეჭირა და ხარბად აათვალიერა ჩემი სილუეტი. მზერა აემღვრა, სწრაფად შემოვიდა, წამლებით სავსე პარკს ხელი უშვა, თავისთან მიმიზიდა, ვნებიანად მაკოცა და ჩემზე ჩახუტებულმა ზურგით დამაკეტინა კარი. მერე მისი ცხელი ხელი ვიგრძენი ჯემპრის ქვეშ, მანაც იგრძნო, როგორ დამეხორკლა კანი სიამოვნებისგან და ამან უფრო მეტად გაახელა. გონებას განგაშის სიგნალი ჰქონდა უკვე ჩართული, მაგრამ იმდენად ვიყავით ვნებას აყოლილნი, ვეღარაფერზე ვფიქრობდით. თვითონვე შეჩერდა მალე, ძალიან მაგრად ჩამეხუტა, ჩემი კანის სურნელი ხარბად შეისუნთქა, მერე წამლები აკრიფა, ხელი ჩამკიდა და მისაღებისკენ წამიყვანა:
- მაღალი სიცხე გაქვს? - გამომხედა წარბაწეულმა.
- 40.3 მქონდა დილით, მერე ჩამეძინა და ახლა, არ ვიცი, რამდენი მაქვს, აღარ გამისინჯავს - ვუპასუხე ჩახლეჩილი ხმით.
- გუშინვე რატომ არ დამირეკე, ასე ცუდად თუ იყავი? - დაუბრუნდა ძველი მრისხანება გიორგაძეს.
- სანდრო, დამნაშავე ვარ შენთან, არასწორად მოვიქეცი, შენ ჩემზე ზრუნავდი, მე კი უაზროდ გამოგეკიდე სიტყვებზე და ალბათ, ძალიან გატკინე გული, არ მჩვევია ასე მოქცევა, მაგრამ, არ ვიცი, რა დამემართა, თავი ვეღარ გავაკონტროლე, ამის მერე როგორ გავბედავდი შენთან დარეკვას,მოდი, მომიარე-მეთქი? ისედაც არ ვიცოდი, ბოდიში როგორ მომეხადა - ჩავხარე თავი და ცრემლების დამალვას ვცდილობდი.
- აწიე სახე და შემომხედე - მითხრა თბილად და თვალებში ჩამხედა - მე უბრალოდ მინდოდა, შენ თვითონ მიმხვდარიყავი, რომ არასწორად მიიღე ჩემი სიტყვები, ბოდიშის მოხდას არც ველოდი და არც მინდოდა, კარგად ვხვდები, რომ სტრესული დღეები გამოიარე, ქორწილის გამოც ძალიან ღელავ და ეს გახდა შენი ქცევის მიზეზი, მეც ვიცი, ასეთი რომ არ ხარ, ნერვებს აყევი - ლაპარაკობდა და ცრემლებს მწმენდდა - ასე ცუდად რომ იყავი, რატომ არ დამირეკე? ან სახლში რატომ იყო ყველაფერი ჩაბნელებული? არც საჭმელი გიჭამია?
- არა - ვუპასუხე დასჯილი ბავშვივით.
- კარგი, მოდი, არ დაწექი - მიმითითა დივანზე, ოთახიდან ბალიში და საბანი გამომიტანა, წამომაწვინა, ბალიში გამისწორა, საბანი ფრთხილად დამაფარა და შუბლზე მაკოცა - ახლა რამეს მოგიმზადებ, მშიერზე ვერ დაგალევინებ წამლებს, კუჭი არ გაგიღიზიანოს - თქვა და მაცივრისკენ წავიდა, საჭირო პროდუქტები გამოალაგა და საჭმლის მომზადებას შეუდგა. ვუყურებდი როგორ ზრუნავდა ჩემზე და გული სიყვარულით მევსებოდა, ახლა უფრო მეტად ვბრაზობდი საკუთარ თავზე, არ მესმოდა, როგორ მოვიქეცი ასე დაუდევრად. ცოტა ხანში თეფშით ხელში დაბრუნდა, საჭმლის დანახვაზე სახე შემეცვალა, ყელი ისე მტკიოდა, ვერაფრის გადაყლაპვას ვერ შევძლებდი, ალბათ :
- ტყუილად იჭყანები, ნებით თუ ძალით, ამას ბოლომდე შეჭამ - მიმითითა თეფშზე.
- სანდრო, ძალიან მტკივა ყელი, ლაპარაკიც მიჭირს, მაგას ვერ ჩავყლაპავ - შევაცოდე თავი გიორგაძეს.
- აი, ჯერ ცხელი ჩაი დალიე, ცოტას გაგიყუჩებს ყელს და მერე ვჭამოთ - მომიტანა პირთან ცხელი სითხე, არ შევეწინააღმდეგე, რამდენიმე ყლუპი მოვსვი და ცოტა შვება ვიგრძენი. პატარა ბავშვივით თავისი ხელით მაჭმევდა, ყოველი ლუკმის შემდეგ მაქებდა და კოცნით მაჯილდოებდა.
- ასე თუ მაჭმევდი, არ ვიცოდი, თორემ არც თავიდან დავიჭყანებოდი - ვუთხარი სიცილით.
- აბა, შენ რა გეგონა? მეზობლის ბავშვივით მარტოს დაგსვამდი სუფრასთან? - ამყვა სიცილში და ცხვირზე მაკოცა.
- ჰო, დაახლოებით ეგრე, ისეთი მრისხანე სახე გქონდა, შენს კოცნასაც თუ დავიმსახურებდი, არ მიფიქრია - ავხედე საწყალი თვალებით.
- ჰო, ცოტა ხანს კიდევ ვაპირებდი შენს წვალებას, მაგრამ შენი ჩახლეჩილი ხმა რომ გავიგონე, ყველაფერი დამავიწყდა, ვიღას ახსოვს წყენა - მითხრა და კალთაში თავი ჩამიდო. მის თმაში ხელი შევაცურე და მოფერება დავუწყე.
- ახლა დამეძინება, სოფო და მერე შენ მოგიწევს ჩემზე ზრუნვა - ამომხედა ქვემოდან - მოდი, დღეს ჩემთან წამოდი, რა, გპირდები, ღამით შენს ოთახში არ შემოვალ - შემომთავაზა მაცდურად - მაიკოც რომ გაიგებს, როგორი გაციებული ხარ, ცივ ნიავს არ მოგაკარებს, ეგ კი არა, შეიძლება ჩემთანაც არ დაგტოვოს და თავისთან წაგიყვანოს.
- არა, სანდრო, რა მინდა შენთან ? - ავნერვიულდი მე.
- ორ კვირაში ისედაც ჩემი ცოლი უნდა გახდე და ერთი ღამით რომ წამოხვიდე, რა მოხდება? თან შეუხებლობის ფიცს გთავაზობ - გამიცინა ისევ.
- არა, სანდრო, სირცხვილია - ვუთხარი მოკლედ.
- ახლა ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ? - შეეცვალა ხმა სწრაფად.
- შენ დარჩი აქ და დივანზე დაწექი - ვუთხარი ინსტინქტურად.
- არც ეგ არის ცუდი აზრი, მთავარია, მარტო არ იყო, საჭირო დროს ჭამო და დალიო წამლები - მოკალათდა გემრიელად და დამაფარე მეცო, მანიშნა.
- სანდრო, ეს დივანი ორი ადამიანისთვის ზედმეტად პატარაა, მე ავდგები - უკვე გონებას მირევდა მასთან ასე ახლოს ყოფნა.
- ნაძვის ხე არ გაქვს? - გაახსენდა უცებ.
- კი, როგორ არა.
- მერე, არ უნდა იყოს მორთული?
- თერჯოლაში ვიყავი, სანდრო, გუშინ კიდევ მაგის თავი მექნებოდა, შენი აზრით? როდის მომერთო? - ვთქვი და წამოვდექი.
- ხოდა, ახლა მოვრთოთ, მითხარი, სად გაქვს და ავაწყობ.
აივნიდან შემოიტანა ნაძვის ხე გიორგაძემ და აწყობა დაიწყო, შენ მანამდე სათამაშოები მოამზადეო, გამაფრთხილა. განწყობის შესაქმნელად საახალწლო სიმღერები ჩავრთე და ცხელი შოკოლადის მომზადება დავიწყე, ნამდვილი დღესასწაული იყო ირგვლივ :
- მომავალი წლიდან ახალ სახლში ერთად შევხვდებით ახალ წელს - მითხრა ღიმილით.
- მოვიწყენ ამ სახლის გარეშე - სევდიანად მიმოვიხედე ირგვლივ.
- ო, კარგი, რა, ახლა ამაზეც არ იტირო, როცა მოგინდება, მაშინ მოვალთ აქ და დავრჩებით კიდეც, მაგრამ იმ სახლში, სადაც ცხოვრებას გავაგრძელებთ, ყველაფერი ჩვენი გემოვნებით იქნება შექმნილი, იმედი მაქვს, მომავალ წელს, უკვე სამნი შევხვდებით - მომეფერა ლოყაზე და თვალი ჩამიკრა.
- სანდრო, ქორწილამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და რამე მოვიფიქრეთ ჯერ ? - შევცვალე თემა სასწრაფოდ.
- რესტორანი ხომ შევარჩიეთ უკვე, სტუმრების ნაწილი მშობლებს მივანდოთ, გული რომ არ დაწყდეთ, მეჯვარე აარჩიე უკვე? - გადმომხედა ინტერესით.
- ეგ ყველაზე დიდი თავის ტკივილია, ერთი ვერ ამოვარჩიე, არ გინდა, ორ-ორი მეჯვარე გვყავდეს? - შევაპარე სათქმელი ბიჭს.
- ვიცოდი, ეს ამბავი ასე მშვიდად რომ არ მოგვარდებოდა - ამომხედა სიცილით.
- თანახმა ხარ? - გამიბრწყინდა თვალები.
- აბა, რა გეგონა, მაგაზე უარს გეტყოდი?
- აუ, ძალიან მიყვარხარ სანდრო - მოვეხვიე კისერზე და მაგრად ვაკოცე.
- თუ გინდა, სამი გვყავდეს და უფრო მეტად ჩამეხუტე - დაიწყო სიცილი.
- ცხელი შოკოლადი არ გინდა? - შევთავაზე ტკბილი სითხე.
- შენი ხელიდან შხამსაც დავლევ - არ წყვეტდა სიცილს ბიჭი.
- შხამს არა, მაგრამ ძილის წამალს ჩაგიყრი ქორწილის ღამეს - ჩავუკარი თვალი საპასუხოდ.
- მარილიც რომ ჩამაყარო ყურში, მაინც არაფერი გამოგივა, თუ გინდა, ახლავე დაგიმტკიცებ - მითხრა გამომწვევად და ნელი ნაბიჯით ჩემკენ დაიწყო სვლა.
- ცხელი მიჭირავს სანდრო, არ მომეკარო - ვიყვირე თავდაცვის მიზნით.
- დადგი მანდ, შენთვისვე უკეთესია, გაფრთხილებ - მიახლოვდებოდა თანდათან.
- ხელშეუხებლობის ფიცი დაგავიწყდა? - ავუწიე საჩვენებელი თითი და უკან დავიწყე სვლა.
- ეგ ჩემს სახლში შემოგთავაზე მე, აქ არაფერზე შევთანხმებულვარ - მაჯობა სიტყვით სანდრომ.
- აქაც ვრცელდებოდა ავტომატურად, ამ სახლში ჩემი წესები მოქმედებს, ჩემს ტერიტორიაზე ვართ - ნერვიული სიცილი დამთამაშებდა სახეზე.
- ტყუილად მიხსნი, გამომიწვიე და ახლა ვეღარ გამაჩერებ, სად გამექცევი, მაინც დაგიჭერ.
- მოდი, რამე საახალწლო ფილმს ვუყუროთ - შევთავაზე მხიარულად.
- საუბრის გადატანა სხვა თემაზე ძალიან კარგად გამოგდის, მაგრამ ახლა არ გამოდგება ეგ ხერხი - სულ რამდენიმე ნაბიჯი იყო დარჩენილი ჩვენ შორის, გაქცევას აზრი არ ჰქონდა.
- სანდრო, გთხოვ - შევჩერდი და მუდარით სავსე თვალებით ავხედე.
- რა სულელი ხარ, პატარა, სულელი ბავშვი - გაიცინა თვალისმომჭრელად და ჩამეხუტა - მართლა იფიქრე, რომ რამეს შენი სურვილის წინააღმდეგ გავაკეთებდი?
- ისეთი სახე გქონდა, ეჭვიც არ შემპარვია - ვუთხარი დამშვიდებულმა.
- აბა, რაო, რას ვუყუროთო? - მომკიდა ხელი, და კომფორტულად მომათავსა თავის კალთაში.
- ასე ვერაფერსაც ვერ ვუყურებ, სანდრო, გადამსვი - ვუთხარი აჩქარებული გულისცემით.
- კარგი, ეს ორი კვირაც ავიტან შენს კაპრიზებს, როგორღაც, მერე ვეღარსად გამექცევი.
- „ბედისწერა“ ნანახი გაქვს? - გამახსენდა საყვარელი ფილმი.
- სათაურით ვერ ვხვდები, შინაარსი მითხარი - ჩაფიქრდა გიორგაძე.
- მაღაზიაში ერთ ხელთათმანს რომ მოკიდებენ ხელს საყიდლად. მერე ეს ბიჭი ქაღალდის ფულზე დაუწერს თავის ნომერს, გოგო კი წიგნზე მიაწერს მისამართს და შეთანხმდებიან, რომ თუ ეს ფული და წიგნი ისევ მოხვდება მათ ხელში, ერთმანეთის ბედისწერა აღმოჩნდებიან - მოვყევი სწრაფად.
- და ბოლოს, რა თქმა უნდა, ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, რა ბანალურია - ჩაიქნია ხელი სანდრომ.
- აბა, შენ შემომთავაზე უკეთესი - გამოვუყავი ენა პატარა ბავშვივით.
- უკეთესს გთავაზობდი და არაო - აიჩეჩა მხრები ბიჭმა.
- სანდრო, გეყოფა, ახლა, გაციებული ვარ და ნუ მანერვიულებ - მოვიგონე მიზეზი მე.
- მოდი, გაისინჯე სიცხე.
- არ მინდა, რა, ახლა კარგად ვარ - პატარა ბავშვივით დავიწყე წუწუნი.
- მაშინ მალინიანი ჩაი დალიე ერთი ჭიქა კიდევ და დაგანებებ თავს.
- სანდრო, ექვსი ჭიქა დავლიე უკვე, კარგი, რა, ამდენი ჩაი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მექნება ერთად დანალევი.
- ექვსი არა, ხუთი დალიე და მოდი, ეს იქნება ახლა მეექვსე - მითხრა და ჩაიდანი ქურაზე შემოდგა.
- რანაირად ახერხებ, რომ ყველაფერზე დამითანხმო ? ვინმეს რომ ეთქვა, ბიჭის გამო ჩაის დალევაზეც კი არ იტყვი უარსო, ძალიან დავცინებდი და ახლა რას ვაკეთებ? - გამეცინა მეც.
- ჯერ ერთი, მე რიგითი ბიჭი არ ვარ და მერე მეორეც, ჩემ გამო კი არა, საკუთარი ჯანმრთელობის გამო სვამ, ქორწილში ხომ ძალიან ლამაზი უნდა იყო - გადამიწია თმა ყურზე და კისერში მაკოცა.
- ხვალ კაბის ასარჩევად უნდა წავიდე, იმედი მაქვს, დასვენების დღე არ ექნებათ და ღია დამხვდება - ავნერვიულდი ისევ.
- წაყვანას არ შემოგთავაზებ, უთქმელადაც ვიცი, რომ კაბის ქორწილამდე ნახვა არ შეიძლება.
- სწორია, შენ მოიგე უთო - ვაჩვენე ცერა თითი.
- არ მინდა უთო, კოცნა მირჩევნია - წამოიწია საკოცნელად და ამ დროს კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
- ვინმეს ელოდები ? - მკითხა სანდრომ.
- არა, არავის, ისიც არ მითქვამს არავისთვის, რომ ჩამოვედი, მარტო გეგამ იცის, აქ რომ ვარ - გადავხედე გიორგაძეს.
- ხოდა, ფიქრიც აღარ უნდა, ვინ დგას ახლა კართან, წამო, თორემ ჩამოგიხნის კარს - გაიცინა ბიჭმა. სანდრო მართალი აღმოჩნდა, კართან გეგა და ჩემი მეგობრები იდგნენ.
- რა წესია ეს? მარტო ყოფნა მერეც გეყოფათ, ჩვენთვის არ არის ახალი წელი? - შემოვიდა გეგა წუწუნით - თან ცხელი შოკოლადიც გაუკეთებიათ, ამათ უყურე, რა, „ბედისწერასაც“ ხომ არ უყურებთ, შემთხვევით - გადმოგვხედა გეგამ და მე სანდროს სიცილი აგვიტყდა.
- რომ დაბრუნდი და არავის გვითხარი, ამაზე პასუხს ცალკე მოგთხოვ - მითხრა ანამ და ისე მწარედ მიჩქმიტა, ძლივს ამოვისუნთქე.
- შენს მომავალ ნათლულსაც თუ ასეთი მწარე ჩქმეტა უნდა დაანათლო, აღარ გთხოვ მეჯვარეობას - ენა გამოვუყავი ანას და სანდროს ზურგს უკან დავიმალე.
- მოიცა, რა თქვი? მომესმა? - თვალები ცრემლით აევსო ანას.
- უფრო მშვიდად მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ დამაცადე - გავუღიმე გოგონას.
- ვაიმე, სოფ, რა ბედნიერი ვარ - უკვე ვეღარ მალავდა ცრემლებს და ჩემკენ მოდიოდა-მოდი, ჩაგეხუტო.
- კარგი, რა , არ იტირო - გადავეხვიე ანას - და კიდევ მაქვს ერთი ამბავი, მეორე მეჯვარეც მეყოლება - გამოვუცხადე გოგონებს.
- მე ვიცი, ვინც იქნება - ნიშნისმოგებით მითხრა მარიამმა.
- შენ რომ არ იქნები, ჩვენც ვხვდებით მაგას - გაუცინა სალომემ გოგონას.
- ჰო, იქედან გამომდინარე, რომ მარიამის დამოკიდებულება ქორწილებისა და მეჯვარეების მიმართ ცნობილია და ნინაც სვანეთშია, ამ ზამთარში ისიც არ იცის ჯერ, როდის და როგორ ჩამოვა, კიდევ ამ საზრუნავს აღარ დავუმატებ და სალ, იქნები ჩემი მეჯვარე? - შევთავაზე ჩემს მეგობარსა და უკვე თანამშრომელს.
- დიდი სიამოვნებით, ძალიან მიხარია - ჩამეხუტა სალომე.
- ხოლო სიძის მეჯვარე მთელი თავისი დიდებულებით თქვენ წინაშე დგას - მოგვესალმა გეგა.
- და მეორე მეჯვარე? - გააპროტესტა ანამ.
- ჰოო, რაც შეეხება მეორე მეჯვარეს, მეც დღეს გავიგე, რომ ერთი კი არა, ორი უნდა მყავდეს, ერთი ვარიანტი მაქვს, მაგრამ საიდუმლოდ შევინახავ - თვალი ჩაუკრა სანდრომ გოგონებს და ღიმილით გადმომხედა.
- გეგა, შენთან რა ხდება? პირად ამბებს ვგულისხმობ - ვკითხე გეგას, რომელიც სამზარეულოში გასულიყო და ცხელ შოკოლადს ისხამდა თავისთვის.
- მგონი, ყველაფერი კარგადაა, დღითიდღე წინ მივიწევთ, ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია, ყოველთვის ვცდილობდი ურთიერთობების დასრულებას, ახლა კი პირიქით ვარ, მინდა, რაც შეიძლება მალე გავაოფიციალურო ყველაფერი, მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს შენს ნამდვილ მეგობართან - მარიამზე საუბრისას ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა გეგას.
- როგორ მიხარია, შენ არ იცი - ვუპასუხე მეც გახარებულმა.
- აქ რა შეთქმულებაა? ჩვენც გვინდა ცხელი შოკოლადი - სამზარეულოში თავი შემოყო ანამ.
- მოვდივარ, ყველას მოგიმზადებთ გემრიალობებს - წამოდგა მარიამი და სამზარეულოში არნახული სურნელი დაატრიალა ცოტა ხანში.
- ან დავლიოთ, ან რამე ვითამაშოთ, რანაირი ხალხი ხართ - ბუზღუნებდა გეგა.
- დავლიოთ, ყველანაირი სასმელი შემიძლია შემოგთავაზოთ : არაყი, კონიაკი, ღვინო, შამპანური, რომელი გინდათ? - გადავხედე შეკრებილებს.
- ეგრე, რა, შენ ხარ ნამდვილი რძალი - გამხიარულდა გეგა.
- დავლიოთ, მე ისედაც აქ ვრჩები დღეს და თქვენ იკითხეთ - ნიშნისმოგებით გადახედა სანდრომ ყველას და მათ რეაქციას დაელოდა.
- მოიცა, მოიცა, რამე ხდება და არ ვიცით? - ეჭვის თვალით გადმომხედა ანამ.
- არა, ჩემო ლამაზო, ძალიან გაციებული ვარ, დილითაც მაღალი სიცხე მქონდა და სანდრო, როგორც „მომვლელი“, თავზე მადგას - განვუმარტე გოგონას.
- აჰ, ამას ახლა მოვლას ეძახიან? - თქვა გეგამ და ვიგრძენი, როგორ ავწითლდი სახეზე.
- გავშალოთ, აბა, სუფრა, ვინ მომეხმარება? - გადავხედე გოგონებს.
ძალიან მალე ყველაფერი მზად იყო, ერთად შემოვუსხედით სუფრას, ვამბობდით სადღეგრძელოებს, ვგეგმავდით ქორწილის დეტალებს და ჩვენზე ბედნიერი ირგვლივ არავინ გვეგონა. საკმაოდ გვიანი იყო, ერთმანეთს რომ გამოვუტყდით, მეტის დალევა აღარ შეგვეძლო, არავის უფიქრია სახლში წასვლა, ყველასთვის გამოიძებნა ადგილი. სანამ ყველაფერი ჩემს ჭკუაზე არ დავალაგე, სანდროც იჯდა და მიყურებდა. მის მზერაშიც ვგრძნობდი, როგორ ზრუნავდა ჩემზე. ბოლოს ადგა, ხელი მომკიდა, ამ დივანზე ორივე კარგად დავეტევითო მითხრა, თავის კალთაში თავი ჩამადებინა, საბანი ფრთხილად შემომიკეცა და ჩემს თმაზე დაიწყო თამაში, არ მახსოვს, როდის გავითიშე, თუმცა შეგრძნება მქონდა, რომ ასე ტკბილად არასდროს მიძინია.



№1  offline წევრი დარინა

ვგიჟდები რა ამ ორზეეე ისეთი თბილები და კარგები აიან სულ მინდა რომ ვიკითხოოო, რა არ უნდა დიდი თავი იყოს არასდროს არ მყოფნის გაუმაძღარი ვარ ამათთან მიმართებაშიიი, ჩხუბიც რომ მოუხდათ, მოკლედ ყველაფერი უხდებათ, არ მინდოდა რომ დასრულებულიყოოო რა მოითმებს შემდეგ თავამდეეწ, ვგიჟდები შენზე ასეთი თბილი ისტორია რომ შეგვიქმენიიი.

 


№2  offline წევრი sofikela

დარინა
ვგიჟდები რა ამ ორზეეე ისეთი თბილები და კარგები აიან სულ მინდა რომ ვიკითხოოო, რა არ უნდა დიდი თავი იყოს არასდროს არ მყოფნის გაუმაძღარი ვარ ამათთან მიმართებაშიიი, ჩხუბიც რომ მოუხდათ, მოკლედ ყველაფერი უხდებათ, არ მინდოდა რომ დასრულებულიყოოო რა მოითმებს შემდეგ თავამდეეწ, ვგიჟდები შენზე ასეთი თბილი ისტორია რომ შეგვიქმენიიი.

ძალიან , ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ყოველთვის მანებივრებთ ასეთი თბილი და დადებითი კომენტარებით <3

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian ishviatad camikitxavs aseti dadebiti muxtit savse istoriaaa, roca vkitxulob cxovreba ufro lamazi mgoniaa, vivsebi bednierebit da mindeba arasodes damtavrdes sofosa da sandros siyvarulis istooriis cakitxvaa, madloba sofio amistviss

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

mikvars zaalianes motxroba.dausruleblad minda vikitxo.

ufro swrafad dade tu sheizleba.

sauketeso gogo xar❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

dakaeguli gamochndaaa dzalian gamaxare rom dabrundi ukve vnerviulobdi rogir miyvars chveni "taxsistis" istiria tbilebi da tkbilebi. da chemi usayvarlesi kinoc gamochndaaaa vgijdebi "bedisweraze" ????

 


№6  offline წევრი sofikela

Qeti qimucadze
Zalian ishviatad camikitxavs aseti dadebiti muxtit savse istoriaaa, roca vkitxulob cxovreba ufro lamazi mgoniaa, vivsebi bednierebit da mindeba arasodes damtavrdes sofosa da sandros siyvarulis istooriis cakitxvaa, madloba sofio amistviss

ძალიან დიდი მადლობა, ასეთი შეფასებისთვის <3
ჩემი მიზანიც ეგაა, უამრავი პრობლემით სავსე ყოველდღიურობაში ამ ამბავმა მზასავით გამოანათოს <3

სტუმარი lia
mikvars zaalianes motxroba.dausruleblad minda vikitxo.

ufro swrafad dade tu sheizleba.

sauketeso gogo xar❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა <3
ჰო, დიდი შუალედი გამომივიდა, მაგრამ ვეცდები, აღარ გალოდინოთ <3

სტუმარი ნათია
dakaeguli gamochndaaa dzalian gamaxare rom dabrundi ukve vnerviulobdi rogir miyvars chveni "taxsistis" istiria tbilebi da tkbilebi. da chemi usayvarlesi kinoc gamochndaaaa vgijdebi "bedisweraze" ????

დიდი მადლობა შეფასებისთვი <3
ჩემი ფავორიტი საახალწლო ფილმია <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ტამარა

დასრულდა თუ დაველოდო შემდეგს?????

 


№8  offline წევრი sofikela

სტუმარი ტამარა
დასრულდა თუ დაველოდო შემდეგს?????

ჯერ არ დასრულებულა .

 


ველოდები, სულმოუთქმელად <3

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინია

შენი ისტორია ძალიან მიყვარს გამორჩეულია და ნამდვილ სიყვარულზეა❤️უბრალოდ ძალიან იშვიათად დებ ახალ თავებს და კარგი იქნწბოდა თუ უფრო ხშირად დადებდი????

 


№11 სტუმარი ნათია.

იმედებს მიცრუვებ მალე დადე რა

 


№12  offline წევრი sofikela

ძალიან დიდი მადლობა , მეგობრებო, ინტერესისა და შეფასებისათვის.
რაც შეეხება ახალ თავს, ვეცდები, ხვალ საღამოს დავდო <3
ვზივარ, ვწერ, ვწერ და თითქოს, მუზა სადღაც გამეპარა, ამიტომაც, არ მინდა, იმედები გაგიცრუოთ.
არც მე მსიამოვნებს, რომ ვაგვიანებ <3
ბოდიშს გიხდით ამის გამო ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent