ჭუჭყიანი სიცივე [1]
“When you turn off the lights, I get stars in my eyes. Is this love? Maybe someday…” ამბობენ, რომ ადამიანი იცვლება. ყოველდღე, ყოველწამს მისი თვალების ციმციმი იკარგება. ჩვევები, რომლებიც აქამდე გიყვარდა, არსებობას წყვეტენ. ხელის თბილი შეხება სიუხეშით იცვლება და ის ღიმილი... ის წყეული ღიმილი, თავს რომ გამორჩეულად გაგრძნობინებდა, ცინიკურ ტუჩების აწევად გვარდებიან. ამბობენ, რომ ადამიანი იცვლება... მე კი არ მახსოვს, საიდან დავoწყე ამ ფრაზის დაჯერება, თავში მილიონჯერ გავლება და ბნელ, სასმელით აყროლებულ ოთახში შესვლისას კითხვა: „როგორ მოვედი აქამდე?“. უფრო სწორად, „მოვედით“ , როგორ მოვედით აქამდე? არ მინდოდა თინეიჯერებით სავსე უცხო სახლში შევსულიყავი; მთვრალი, უსიამოვნო ტიპების თხოვნა რომ ჩემთვის გზა დაეთმოთ და იმ კიბეებზე ასვლა, სადაც ვიცოდი ჩემს უდიდეს კოშმარს შევხვდებოდი. თუმცა, როგორ უნდა მიმეტოვებინა ის არსება, რომელიც ძალიან მიყვარდა? მეორე სართულზე ასვლისას ოთახის კარებზე დავაკაკუნე და დაველოდე. ველოდებოდი თვალებდახუჭული, სუნთქვაშეკრული და მომუშტული ხელებით. იმ იმედით ვიყავი რომ ის მარტო იქნებოდა, გამიღებდა კარებს და თავისი ღიმილით შემომხედავდა. ამის მაგიერ, ჩემ წინ შაუგრემანი გოგონა აიტუზა. გრძელი თმები აბურდული ჰქონდა. სახეზე ოფლი ჩამოსდიოდა. მხოლოდ საცვლებში იყო და კაბა ხელში ეჭირა. -ოჰ?- გაკვირვებულმა წამოიძახა. ვერ მიცნო და გაფართოებული თვალებით შემათვალიერა. - შემიძლია რამით დაგეხმაროთ? ახლა რომ ვუყურებდი, სიბრაზის გარდა არაფერს ვგრძნობდი. მინდოდა მივვარდნილიყავი და სულ თმებით მეთრია მასთან ყოფნის გამო. მასთან იწვა, ხმოლოდ ერთი ღამისთვის და ახლა ანგელოზისებრი თვალებით შემომცქეროდა, თითქოს არაფერი დაეშავებინა. მართლაც, ნეტავ ისეთი რა დააშავა. მან უბრალოდ ის გააკეთა, რასაც ყველა ქალი გააკეთებდა სასურველ მამაკაცთან. სასურველ და თავისუფალ მამაკაცთან. -მის... - ენა დამება, ლუხუმის სახელიც ვერ წარმოვთქვი და ქალს ფარხმალდაყრილმა ავხედე. - თუ ყველაფერი დაამთავრეთ. ლუხუმის წასაყვანად მოვედი. გოგონამ უფრო მეტად გაკვირვებული სახე მიიღო. წარბებაზიდულმა ოთახში შეიხედა და მერე მე მომაპყრო ყურადღება. -ლუხუმი...- გაიმეორა, - ჰო , ლუხუმი. -ჯანდაბა, მისი სახელიც კი... - მინდოდა გამეგრძელებინა, მისი სახელიც არ იცი -მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. ჩემი ადგილი უნდა მცოდნოდა. ჩემი ადგილი, რომელსაც ეს მომხდარი არ უნდა შეხებოდა საერთოდ. -უბრალოდ, - გვერძე მივატრიალე თავი და მძიმედ გავაგრძელე საუბარი. - შეგიძლიათ უკვე წახვიდეთ. -კი, რა თქმა უნდა. - კაბა ზევიდან გადაიცვა და ტუმბოზე დადებულ ჩანთას დასწვდა. - უთხარით რომ სასიამოვნო იყო მასთან დროის „გატარება“. ძალიან სასიამოვნო! - თვალი ჩამიკრა ღიმილით, გეგონება ვიცოდე იმ გრძნობის შესახებ, რაც მან გამოსცადა. - შემდეგში თუ მოვიწყენ, ლუხუმი კარგი გასართობი იქნება. მის სიტყვებზე ტირილი მომინდა. არა იმიტომ რომ თავს დამცირებულად ვგრძნობდი, ვეჭვიანობდი ან თავს არარაობად ვგრძნობდი. ქალმა ლუხუმის ადამიანობა მიწასთან გაასწორა, მას სათამაშო უწოდა და ახლა როგორც იაფ ფასიანი ძუკნა ოთახში მიატოვა. არც კი გამიკირდებოდა თუ სადმე ფულის ჯგროსაც ვიპოვნიდი. თავი მაშინათვე ხელში ავიყვანე. გრძელი ქერა თმა უკან გადავიყარე და კარები შევაღე. ოთახი ჩაბნელებული იყო. სასმელის, ოფლის, სიგარეტის სუნი საშინელ ნარევს ქმნიდა და აქედან გაქცევას განდომინებდა. ჩვეულებრივ მოტელში გეგონებოდა თავი, რომ არ გცოდნოდა, საწყალი სტუდენტის, საკუთარ სახლში გამართულ წვეულაბაზე იყავი. -არ შემოხვიდე...-ხრინწიანი ხმა გაისმა კედელთან მიბჯენილი საწოლიდან. მეც მაშინათვე ერთ ადგილას გავშეშდი. მისი ძლიერი ხმით შემკრთალი სულაც არ ვიყავი, რადგან ვიცოდი მის გულში ახლა რა ხდებოდა, როგორ უთრთოდა მთელი ტანი და რამდენად სძულდა თავი. -არ შემომხედო, მეგ...- დაღლილი მაფრთხილებდა. მატრასიდან არ იძვროდა და ალბათ თვალებსაც არ ახელდა. - არ მინდა ასეთს მხედავდე. ასეთი გახსოვდე... ასეთი უკვე ნანახი მყავდა, ამაზე უარესიც გამომიცდია და მასზე მეტი ვიცოდი თავისი არა ნორმალური გულის ინსტინქტებზე. არ დამინახოო... ნეტა იცოდეს, რამდენჯერ მყავს ასეთი ნანახი, თავის ნარწყევში ამოსვრილი, თვალებ ამღვრეული და მომტირალი. ნეტავ, იცოდეს...ახსოვდეს... ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო. ამიტომ, შეიძლება ამით გავამართლო ჩემი სიმტკიცე, ცრემლების შეკავება და გრძნობების გამორთვა ამ მომენტში. -გციოდა?- აუღელვებელი ხმით ვკითხე, მისკენ ნელი ნაბიჯები გადავდგი. - დღეს ალბათ ძალიან შეგცივდა. -ძალიან. - ჩაიბუტბუტა საპასუხოდ. - არ შემეძლო... ვერ ავიტანე... მეგონა გავიყინებოდი. თითებს ვეღარ ვგრძნობდი, სიარული ფეხებს მტკენდა, სუნთქვა მიჭირდა... უნდა გავმთბარიყავი. - საწყალი თვალებით შემომხედა, ხელით სახე დაიფარა და გადატრიალება სცადა. -მერე, გათბი? თავს უკეთ გრძნობ? - მის გვერდით ჩამოვჯექი, თმებში ხელი შევუცურე და მის დაწყნარებას ვეცადე. -ახლა, აქ რომ ხარ... დათბა. -მაშინ აქ ვიქნები... შენ დაიძინე და იფიქრე სითბოზე. ვითომ, სადღაც ცხელ პლაჟზე ხარ. თბილ ქვიშაზე წევხარ და მზეს ეფიცხები. ყველაფერი გაქვს რაც გინდა, რაზეც კი ოდესმე გიოცნებია... - ამბობენ, ადამიანი, რომელსაც სიყვარული მშობლებისგან არ მიუღია, სხვაგან იწყებს მის ძებნასო. ჩემთვის კი არავის უთქვამს რომ ზოგიერთი მათგანი სიყვარულს იძულებს, მათ დაავადებასავით გაურბის და ზიზღით უყურებს ყველას, ვინც ამ გრძნობას ამჟღავნებს. ნეტავ ისიც ვინმეს ეთქვა, სამი წლის წინ იმ წვეულებიდან რომ გამოვქცეულიყავი. არ მიმექცია უცნობის ყინულივით ცისფერი თვალებისთვის ყურადღება. მის ირონულ, ავის მომასწავებელ ღიმილზე ინტერესის მაგივრად შიში გამღვიძებოდა და მის მკლავებში არ ამომეყო თავი. მის ტყუილებში არ გავხვეულიყავი და მასთან ერთად სიცრუე მეც არ დამეწყო. ნეტავ ვინმეს ეთქვა, ის დაგღუპავს. - წესით, სკოლა ორი დღეში იწყებოდა, ამიტომ ჩვეულებისამებრ სახლში დროის უქმად გაწელვა და ძილი მქონდა დაგეგმილი. დავიწყება იმისა რომ კლასში არავინ მემეგობრებოდა, მასწავლებლების მიმართ უფრო კარგი დამოკიდებულება მქონდა და ამით ჩემი გარიყულობის შემსუბუქებას ვცდილობდი. ყველაფერი ზუსტად ასე „ჭამა,კითხვა, ძილი“ უნდა წასულიყო, მაგრამ გეგმებმა ცვლილება მაშინ დაიწყო, როდესაც კარები მამამ შემოაღო და უკან მომღიმარი ნინო შემოჰყვა. -საყვარელო, შენთან კლასელია მოსული. ნებართვა მთხოვა შენს წვეულებაზე წასაყვანად.- მამამ თბილად მითხრა. ალბათ იმით გახარებულმა, ჩემი კლასელი პირველად რომ გვესტუმრა. ნინოს თვალებგაფართოებულმა შევხედე. საწოლიდან ვერც მოვიფიქრე წამოდგომა და გაშეშებული მას მივაშტერდი. როგორც ვთქვი კლასელებთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა. ახლო კი არა, ურთიერთობა საერთოდ არ მქონდა. ახლად გადმოსული კლასელის ათვალწუნებას რა უნდოდა, ამიტომ ახლა, მისი აქ გამოჩენა ჩემთვის დიდი შოკი იყო. მეგონა ნინოს ყველაზე მეტად ვძულდი კლასში, მაგრამ იქნებ უბრალოდ მეგონა? -მეგი! - წამოიძახა ნინომ, საწოლზე ჩამომისკუპდა და ხელები შემომხვია. მისი სითბო იმ დროს საოცრებად მივიღე. გულმა ბაგაბუგი დამიწყო სიხარულით და გონებაში მაშინათვე გავივლე: „ ჩემი მეგობარი“. ალბათ, როდესაც მარტოობით ირთობ თავს, გგონია სხვა არ გჭირდება და თვალს სხვა ბედნიერ ხალხს არიდებ, გულში დიდი სურვილი, დამაბრმავებელი გრძნობა გიჩნდება, რომელიც თავს მხოლოდ მაშინ იჩენს, როდესაც პოტენციური მეგობარი პატარა სითბოს გამოხატავს შენს მიმართ. თავიდან ეს ყველაფერი საოცრება გგონია, შემდეგ კი აანალიზებ რომ უბრალოდ, ბრმა საცოდაობა იყავი, რომელმაც სულელური შეცდომა დაუშვა. -ნინო...- ენა დამება უკვე თვალებგაბრწყინებულს. წინანდელი ეჭვები თავიდან გამიქრა და იმედებით აღვივსე. - მიხარია რომ აქ მოხვედი...ჩემთან მოხვედი. -უშენოდ მე არსად არ ვარ წამსვლელი! - მისმა განცხადებამ უფრო გამათამამა, თხელი გადასაფარებლიდან წამოვდექი და მამას გავხედე. -მამიკო, მაგიდის გაშლაში მოგეხმარები. -არა! არ გინდათ. ხომ არ გადავიწყდა, რომ აქ შენს წასაყვანად მოვედი.- წამოიყვირა ნინო და მამა გააჩერა. -მაგრამ...- დაბნეულმა საათს შევხედე. - ღამის ათი საათია. -სულელო, წვეულებები სწორედ ასეთ დროს იწყება. - სიცილით ტანსაცმელის კარადა გამოაღო და თვალიერება დაიწყო. - მომზადებაში დაგეხმარები. მამას შეშინებული თვალებით გავხედე. არ ვიცოდი რა წვეულება იყო, საერთოდ ასე გვიან მზად თუ ვიყავი ხალხთან შესახვედრად, რომლებიც მაშინებდა. და საერთოდ მამა გამიშვებდა? ნეტავ არ გავეშვი... - ჩემთვის უცნობი სიმღერების ხმა განათებული სახლიდან მოდიოდა. იმხელა ხმა ჰქონდა რომ გზის მეორე მხარეს მესმოდა და ჩემს ნერვული, მოკლე ქვედაბოლოს ყოველ წამიერ ჩამოწევას უფრო უარესს ხდიდა. ჯერ შესულიც არ ვიყავით და სახლში მინდოდა, რადგან მეშინოდა. ძალიან მეშინოდა. თავს დაუცველად ვგრძნობდი ნინოს გვერდით, რომელმაც ძალით საკმაოდ გამომწვევად გამომაწყო, კომპლიმენტებით ამავსო და ჩემთვის უცხო, მაკიაჟი, გამიკეთა. -წამოდი! უკვე ყველა აქ იქნება. მაგრა გავერთობით!- ნინომ ხელი ჩამკიდა და სახლისკენ წამათრია. -ეს ვინ მოსულა, ეე!- შემოგვეგება დათო, კლასის მასხარა.- ანა ამ არდადეგებზე სულ შეცვლილხარ! ეს ზაგარია? მის სულელურ ნათქვამზე ტუჩზე ვიკბინე. დავმალე რომ მეწყინა ჩემი სახელის დავიწყება. -მეგი...- ნაძალადევი ღიმილით ვუთხარი.- ხო, ზღვაზე ვიყავი... -ზღვა მაგარია! შემდეგში მეც წამიყოლე, არ გინდა? მაინც მარტო შენ და მამაშენი ხართ ერთად. დედობას ზღვისთვის მე გაგიწევ!- ხარხარი დაიწყო და მასთან ახლოს მდგარ კლასელებს თვალი შემოავლო, ხომ ამყვნენ სიცილშიო. მე თავი დავხარე, ვინანე ჩემი უაზრო სითამამე, აქ მოსვლა და იმედის ქონა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა... არ შეიცვალა. მხოლოდ ღიმილიღა დამრჩენოდა, რომელიც ჩვენს ორ შორის ნეიტრალიტეტს იჭერდა და დამარცხებას აღიარებდა. -კაი, მოკეტე ახლა. - ნინომ ხელი აუქნია დათოს. ზურგი აქცია და მოცეკვავე ხალხისკენ წამიყვანა. „იქნებ ნინო სულ სხვაა“- გულში გავიფიქრე. მცირე დახმარებაც დიდ რამეს ნიშნავდა იმ დროს ჩემთვის. მისი ახლოს ყოფნა, ამდაგვარი დაცვის მცდელობა, სითამამეს ნელ-ნელა მიბრუნებდა და მის მიერ გამოწყობილ ტანსაცმელში უფრო თავდაჯერებულად მამყოფებდა. -აჰა, დალიე! მოგეწონება. - ნინომ ჭიქა მომაწოდა და იქ მყოფებს თვალი მოავლო. სასმელი ოდნავ მოვსვი, მისი მწარე გემო რომ ვიგრძენი, დავიჭყანე. ალკოჰოლი კვლავ მაგიდაზე დავაბრუნე და ნინოს გაშვერილ ხელს გავხედე. -მგონი, ვიღაცას მოეწონე, -ნინომ სიცილით მითხრა. - შემოსვლის თანავე სულ გაკვირდება. ამ ინფორმაციით დიდად აღელვებული დავრჩი. ჩემთვის ბიჭის მოწონება უცხო და წარმოუდგენელი იყო. მუდამ სახლში დამალულს, საპირისპირო სქესის ხსენება უარეს შიშს მიჩენდა. ინტერესი კი მაინც თავისას იჩენდა. დამფრთხალი კურდღელივით თვალები გავაცეცე და მის პოვნას შევეცადე. გავიხედე იმ მხარეს, სადაც უცნობის მწვავე მზერას ვგრძნობდი, სადაც მისი არაფრის მთქმელი, გამოყვანილი სახე გულს მიჩქარებდა და შიშს მიქრობდა. სასაცილოა. შიშს მიქრობდა ყველაზე მოშორებით, ფანჯარასთან მჯდომი არსება, რომლის ცხვირს რგოლის საყურე ამშვენებდა. ფერდაკარგულ ტუჩის ბოლოს, სინათლეზე გამხმარი სისხლი ეტყობოდა და მისი უკვე დამცინავი მზერა, სანდო ადამიანს საერთოდ არ ამგვანებდა. მისი მზერა თითქოს მეუბნებოდა, რომ იცოდა თავში რაც მიტრიალებდა; უკვე დანახული ჰქონდა, როგორ დავდე სასმელი პატარა ბავშვივით; შეამჩნია, კაბაში თავს უხერხულად რომ ვგრძნობდი და მეშინოდა. ამიტომ მეკითხებოდა: „აქ რა გინდაო?“. აქ რა მინდა? მე ხომ აქ ჩემს მეგობართან ვიყავი? ხო, ასე იყო... მე, ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი. -სად იყურები? აი, აქეთ დგას.- მუჯლუგუნი მკრა ნინომ და დაბნეული სხვაგან გამახედა. ჩემი თვალები პირსინგიან უცნობს მოშორდა და შიშიც მაშინათვე დამიბრუნდა. შავთვალება ბიჭი ეშმაკური ღიმილით მიყურებდა, თან უსირცხვილოდ აყოლებდა მზერას ჩემს ფეხებს. მისი ყურადღებით შევწუხდი, გულისრევის შეგრძნება დამეუფლა და მის თვალის ჩაკვრას ზურგი ვაქციე. ეგ უცნობი კარგს არაფერს მომიტანდა. პირსინგიანი ბიჭის გახსენებისას წამით დალევაც კი მომინდა. ის თავის განკუთვნილ ადგილას აღარ იდგა. ჩემი მისდამი ინტერესიც თან წაიყოლა და იმედგაცრუებული დამტოვა. ნეტავ, საერთოდ რატომ ვიფიქრე, რომ იმ სიმპათიურ ბიჭს შეიძლება მოვწონებოდი? მაშინათვე რატომ მოვიხიბლე მისი ცისფერი თვალებით და კვლავ ოცნებების აგება დავიწყე? -რა მოხდა არ მოგეწონა?- ნინომ წარბები აზიდა ჩემს სიჩუმეზე. -რაღაცნაირად მიყურებს...თითქოს რამის დაშავება უნდა.- მხრები საწყლად ავიჩეჩე იმ საშინელი თვალების გახსენებისას და განცდები არ დავმალე. -რას ლაპარაკობ! არ გრცხვენია?- შეიცხადა მან და ნაწყენის გამომეტყველება მიიღო.- ჩემი ახლო მეგობარია, კარგად ვიცნობ. უბრალოდ მოეწონე, შენ კი რეებს აბრალებ? თავი მაშინათვე დამნაშავედ ვიგრძენი. მივხვდი ჩემი მწარე სიტყვებით ნინოს რომ ვაწყენინე. მომინდა იქვე მუხლებზე დავმხობილიყავი და პატიება მეთხოვა. არ მინდოდა ერთადერთი მეგობარი დამეკარგა. მეგობარი რომელიც სულ რაღაც ორი საათია შევიძინე. თუ მის შენარჩუნებას ახლა ვერ შევძლებდი, კიდევ როდის მექნებოდა მეგობრის ყოლის საშუალება? ეს მარტოობი შიში გახდა შემდეგი შეცდომის მიზეზი, რადგან ჭკვიანი რომ ვყოფილიყავი ან უბრალოდ გადამეტებული მიამიტობა არ მქონოდა, მივხვდებოდი, ყველაფერი მათი დადგმული რომ იყო. მის სიტყვებს არ დავიჯერებდი, თავს ტყუილად არ გავიმხნევებდი და ბიჭის ეშმაკურ ღიმილს, ჩემი ღიმილით არ ვუპასუხებდი, მაგრამ ახლა რას ვიზამთ? მის გამოწვდილ ხელს ჩავეჭიდე და უკან გავყევი. -მე ნიკა მქვია.-ბიჭმა წარმოთქვა იმის შემდეგ რაც სამზარეულოში, ყველასგან მოშორებით გამიყვანა სალაპარაკოდ. - ძალიან საყვარელი ხარ. რომ შემოგხედე, მაშინათვე მივხვდი რომ განსხვავებული ხარ. -დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის, მე მეგი. - დავიმორცხვე და მისი გაცვეთილი სიტყვები ვერ შევამჩნიე. თავში ნინოს სიტყვები მიტრიალებდა და მჯეროდა რომ ნიკა არ მომატყუებდა. -ძალიან მოწყენილი ვიყავი, მაგრამ შენ რომ მოხვედი, ოთახი გაანათე.- ნიკა ღიმილით მიახლოვდებოდა, ნაზი სიტყვებით ჩემს უარესად დარცხვენას სცდილობდა და მეც უკან დახევას ვერ ვახერხებდი. პირველად იჩენდა ბიჭი ასეთ ინიციატივას და გაქცევით არ მინდოდა უზრდელი გამოვჩენილიყავი. ცუდია, როცა გინდა ვინმეს მოსწონდე? -მე...- თვალებში გაუბედავად შევხედე.- არასდროს ვყოფილვარ ასეთ წვეულებებზე, ამიტომ არც კი ვიცი აქ რითი ერთობიან. -რითი ერთობიან?- ბიჭმა გაიცინა, ჩაფიქრებული სახე მიიღო და ხელი წელზე მომხვია, ისე მაგრად მიმიხუტა რომ ვგრძნობდი, ისედაც მოკლე კაბა, კიდევ ზევით როგორ იწეოდა. ის ჩემ ცქმუტვას არ იმჩნევდა, მეორე ხელსაც მხვევდა და ყურში მიჩურჩულებდა. -აქ ცეკვავენ. აი, ასე...- ჩემი სხეული გაარხია, თავი მხარზე ჩამომადო და ტუჩები კისერთან მომიტანა.- ნაზად ცეკვავენ. მისი აღგზნებული, გამომწვევი ხმა პეპლების გაჩენის მაგივრად კანკალს მანდობინებდა. ცხელი სუნთქვა გულს მირევდა, მაგარი ხელები მტკენდა. აქამდე არსებული ყველა დამამშვიდებელი სიტყვები გონებიდან გამიფრინდა, თვით გადარჩენის ინსტინქტი წამებში ჩამერთო და პანიკამ ამიტანა. როგორ უნდა გავქცეოდი ადამიანს, რომელსაც ასე ძლიერ ვეჭირე და შიშისგან ხმის ამოღების საშუალებასაც არ მაძლევდა? ალბათ კიდევ ბევრს გაბედავდა ნიკა, მისი ხელები გზას იპოვნიდნენ კაბის ქვეშ, ენა და ტუჩები ჩემს ტანს. მე კი ჩუმი ტირილი თუ შემეძლო შეწინააღმდეგების ნიშნად, მაგრამ არ დასცალდა. სამზარეულოს კარები ბრახუნით გაიღო. პირსინგიანი უცნობი გაღიზიანებული სახით შემოდიოდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. -ლუდი სად არის? გამითავდა. - უხეში ბოხი ხმით იკითხა და ნიკას გახედა. ჩემთვის არ შემოუხედავს. ისე იდგა ვითომ მე არც ვარსებობდი. ნიკა უკმაყოფილო სახით მიტრიალდა მისკენ, ცალი ხელი მომაშორა და მე ესეც მეყო გაქცევისთვის. გონზე მოვეგე, ხელი უსუსურად ვკარი. გაღებულ კარისკენ გავიქეცი. მაშინათვე აცრემლებული თვალებით, ნინოს ძებნა დავიწყე. მინდოდა მეთხოვა წავეყვანე სახლში, გამეფრთხილებინა ამ ნაძირალას ნამდვილი სახის შესახებ... -რა უცებ შეჰყვა გასახდელად.- დათომ დაუსტვინა და თვალები გადაატრიალა. -მეგონა ცოტა თავს შეიკავებდა, წამების ნანახ ბიჭს ფეხებს არ გაუშლიდა. -რა გიკვირთ, რაც დედაა ისაა შვილი. - ჩემთან ზურგით მდგომმა ნინომ დამცინავად მხრები აიჩეჩა. კლასელებთან კიდევ გააგრძელა ჩემი ლანძღვა და მათი გაშტერებული მზერა რომ შეამჩნია, უკან მოტრიალდა. არანაირი სინანული, მორიდება, სირცხვილი... მისი თვალები ცარიელი იყო. -ასე მალე მორჩით?- ირონიული ღიმილით მკითხა და შემათვალიერა. საცოდაობა იყო ჩემი თავის დახრა, იქ დარცხვენილი დგომა... მაშინ შევიცოდე პირველად ჩემი თავი, რომელსაც უბრალოდ მეგობრის ყოლა უნდოდა. ამის შემდეგ უბრალოდ ფიქრი შევწყვიტე. ღრმად დავიწყე სუნთქვა, მტკიცე ნაბიჯების გადადგმა გასასვლელისკენ და შვების ძებნა. ვიცოდი გამოტირება და ძილი მიშველიდა. ამ სირცხვილსაც გადავიტანდი. ისევ ძველებურ თავს დავუბრუნდებოდი. ყველაფერი თავის ნელ, ძალიან ნელ კალაპოტში ჩადგებოდა. ახლა კი გამოძახებული ტაქსის ლოდინიღა დამრჩენოდა შემაწუხებელი სიმღერის ფონზე, ყველაზე ცხელ ზაფხულის ღამეს, მარტო ჯდომა ხის, ნახევრად დალეწილ სკამზე. -გცივა?- ჯერ უცნობის ბოხი ხმა გავიგონე, შემდეგ მისი დიდი სხეული შევამჩნიე. პირსინგიანი ბიჭი ჩემს გვერძე ჩამომჯდარიყო და ხელში სიგარეტის ღერს ატრიალებდა. მციოდა? ამ სიცხეში მციოდა?- გაკვირვებული, ჯერ კიდევ წყალჩამდგარი თვალებით გავხედე. მას კი ჩემთვის არც ახლა შემოუხედავს, ცარიელ გზას გაჰყურებდა და პირში გარჭობილ, ჯერ კიდევ მოუკიდებელ მეორე სიგარეტს ამოძრავებდა. -მგონი, ახლა სიგარეტი გჭირდება.- სიჩუმის შემდეგ გამომიცხადა, ხელში დაჭერილი სიგარეტი გამომიწოდა და ჩემს რეაქციას დაელოდა. დიდხანს ვუყურე თეთრი ფერის სიგარეტს. ჩემი მზერა ბიჭის გრძელ თითებსაც ეპყრო, რომელიც სიუხეშის განსახიერება იყო და გოგონამ, რომელმაც სასმელის პატარა ყლუპიც არ დალია, სიგარეტი გამოართვა. თურმე რა კარგია, როცა არ ფიქრობ. ბიჭმა ჯიბიდან სანთებელა ამოიღო, თვალებით მანიშნა სიგარეტი პირში ჩამედო და მეც დამჯერი ბავშვივით თხოვნა შევუსრულე. სანთებელას ალზე, მის ჩემკენ მოახლოებულ სახეს ვხედავდი. ცეცხლის წითელ ფერზე, მისი ჩემსავით ცისფერი თვალები ბრწყინავდა, ცხვირზე პირსინგი კი სინათლეს ირეკლავდა. ორ გაუხეშებულ ტუჩებს შორის მოქცეული სიგარეტი მის თეთრ კბილებსაც მაჩვენებდა. შუბლზე ჩამოყრილი თმა კუთხეში გრძელ შრამს ფარავდა და რაღაც მეუბნებოდა გულში, რომ ეს მისი ერთადერთი შრამი არ იქნებოდა. -შეისუნთქე.- ბიჭმა მითხრა, თავის სიგარეტსაც მოუკიდა და თავი ვარსკვლავებიან ცას აღაპყრო. -ნასვამი არ ხარ...- ჩემი უხერხული ხველების შორის ვთქვი და მას შევხედე. ბიჭმა ჩემს სიტყვებზე უცნაურად გამომხედა, თვალები წამით მიაპყრო ანთებულ სიგარეტს და ისევ ზევით აიხედა. -იმიტომ, რომ არ დამილევია.- ხმადაბლა მიპასუხა და ფერფლი გვერდით დაყარა. მოვიტყუებოდი თუ არ ვაღიარებ რომ გამიხარდა. სულელური ოცნებების მეორე წრეზე წავედი და სითამამე დამიბრუნდა. სიგარეტის მოწევა უფრო დიდი მონდომებით დავიწყე... მას არ დაულევია. სხვა არაფერი გვითქვამს. ჩუმად ვისხედით მე და ის მიყრუებული საცეკვაო სიმღერების წინ, მოციმციმე ვარსკვლავების ქვეშ, ანთებული სიგარეტებით და მშვიდი სუნთქვით. ტაქსის მოსვლისას კიდევ ერთხელ მკითხა თუ მციოდა, მეც ძალა მეყო სიცილისთვის და თავის გაქნევისთვის უარის ნიშნად. ავტომობილში მჯდარი კი მის ბოლო სიტყვებზე ვფიქრობდი, რომელიც იმ დროს ხუმრობა მეგონა. -მე კი ძალიან მცივა...- მითხრა მან ბოლოს. - ამბობენ, ურთიერთსაპირისპირო ნიშნები ერთმანეთს იზიდავენო. ხოდა, ეს ისტორიაც სწორედ იმ გოგონაზეა, რომელიც ყველაფერს ტირილით აგვარებს, თან თავის ოცნებებში ცხოვრობს და ბიჭზე, რომელსაც უკვე არაფრის სჯერა გარდა ძალადობისა... ისტორია დაიწყებს განვითარებას როგორც „დღევანდელი“ დროის ამბებით, ასევე წარსულისა, სადაც მოთხრობილია მათი დაახლოვების და სახე ცვლილების მონაკვეთები. ასე რომ იმედია არ დაიბნევით წაკითხვისას... ახლა კი დროა მგონი გამარჯობა მაინც ვთქვა^^ წინა ისტორიის შემდეგ ახლის დაწყება ჯერ არ მინდოდა, მაგრამ რაღაც იდეები მომაწვა და ვერ გავძელი ისე. ცოტა სხვანაირი მინდა ეს ისტორია გამოვიდეს და წინას საერთოდ არ ჰგავდეს. მგონია, რაც მინდა იმის გადმოცემა გამიჭირდება, მაგრამ ცდად მაინც ღირს... მოხარული ვიქნები თუ მომახსენებთ თქვენს აზრს და გაგრძელებას თუ მოისურვებთ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.