თუ ეს ჩემი უკანასკნელი დღეა, მე... (სრულად)
,, არ დაველოდები იმას,რაც ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს. ეს სიცოცხლის დაზღვევას ჰგავს, უფრო ნაკლებად ფიქრობ რა მოგივა, მაინც გარანტირებულად უკეთ იქნები. ისინი სიკვდილის მოახლოებას, მხოლოდ უბედურების ჩრდილში აქცევენ. მე რომ დღეს უკანასკნელად ვცხოვრობდე, რომ ვიცოდე რომ არ მომიწევს სამყაროს წესებთან შეთანხმება, ვიფიქრებდი-უფრო მეტი უკანასკნელი დღე, უფრო მეტი ცრემლიანი საათი“. - რა რაოდენობის თანხის გატანა გსურთ და მაინტერესებს გაქვთ თუ არა სტაბილური შემოსავალი... ,, ბანკები ჩახუთულობას გასცემენ და არა თანხას, გაჭირვებას გასცემენ და არა სტაბილურობას, პრობლემას გასცემენ და არა პრობლემის მოგვარების გზებს, ისინი გასცემენ იმას რაც მავნებელია და რაც მავნებელია ხალხს ყოველთვის აინტერესებს...“ - ანუ თქვენი ყოველთვიური ანაზღაურება ექვსას ლარს შეადგენს? ,, ფული არ არის ტრაგედია და მგონია რომ ყველაფერი ცუდი რასაც მასში განუწყვეტლივ ხედავენ, უბრალოდ დამცირებაა და მეტი არაფერი. არ მესმის, ვინ უფრო ცუდია, ფასიანი ქაღალდი თუ ადამიანი რომელიც მას იმიტომ ელის,რომ დახარჯოს. ეს ხმარებაა უბრალოდ, ყველაფერი ამისკენაა მოქცეული. ხმარებისკენ.“ - ყველაფერი შევსებულია,საჭიროა თქვენი ხელმოწერა... ,, ჩემი განწყობა, ამინდის იდენტური გახდა... ფულს ავიღებ და წავალ“. ბანკიდან გამოსული მე, ცოტა ნელა მიდის ვიდრე აქამდე მიდიოდა და ეს ცოტა უცნაურია,რადგან წესით ახლა უნდა მირბოდე, რამდენიმე საათი დარჩა, შენი ნელი ნაბიჯები დროს უფრო უმნიშვნელოს ხდის, აი მე რომ მივრბოდე, შეწუხებული რომ მივრბოდე ეს საათები დაფასდებოდა?! კიბეებზე ფეხი მიცდება და თავს უკანასკნელ საფეხურს ვარტყავ. ასე თუ გავაგრძელე, ეს საათებიც აღარ იქნება. ცოტა შესიებული მაქვს,სახლში შევდივარ, დედაჩემს გვერდს ვუვლი და ყინულს ვიდებ თავთან. არაფერს მეკითხება, იცის ჩემი ამბავი. ეს კიდევ მსუბუქი ჭრილობაა, მთავარია რამე არ მოვიტეხე. აი რომ მომეტეხა, ეს რამდენიმე საათი რაზე უნდა მეფიქრა, მოტეხილობაზე? ტკივილზე ფიქრის დრო არ არის. მალევე ვიღებ პალტოს, დედას ხელს ვუსვამ მხარზე და ჩქარა გავდივარ სახლიდან. ხელები მიკანკალებს, ვხვდები რომ ისევ ყინული მიჭირავს. რატო გამოვიყოლე,არ მესმის. ხელში მიჭირავს სანამ ჩამადნება, თან ვცახცახებ. ცხრასართულიანი სახლის ბინძურ დერეფანში შევდივარ და პირველივე სართულზე ზარს ვრეკ. - შენ გარეკე?- უხმოდ ვუვარდები მეგობარს სახლში, ხელი გამათბობლისკენ მიმაქვს და სიამოვნებისგან სახე მემანჭება. აი სიამოვნება ან დისკომფორტი, ან ტკივილი,ან განწყობა რომ არ არსებობდეს, სულ ლამაზი ვიქნებოდი. - გოგო რა გჭირს? ამ დილაადრიან რას მომივარდი. - ვკვდები მე დღეს. ეცინება და ეხეთქება საწოლს, სულწასული ბეგემოტივით. - რა გაცინებს, ვკვდები მეთქი. თორმეტი საათი მაქვს. - დროც სცოდნია. საბანს თავზე იფარებს და ახლა უფრო გამთბარ პინგვინს ვამსგავსებ. - რაღაც უფრო თბილს ველოდი. - აი ძალიან დაღლილი ვარ ნიტა, მთელი დღეა სტატიებს ვწერ და მართლა არ მცალია შენი უცაბედი სიკვდილისთვის. საწყენად არ ვამბობ, უბრალოდ მართლა არ მცალია. სამი საათი უნდა გამოვიძინო,რომ აზრზე მოვიდე. - სამ საათში მოვალ. საათს ვუყურებ, ტაქსიში ვჯდები და თეატრისკენ მივდივარ. ახლა ბავშვებს არჩევენ. მსუქნებს,მაღლებს,ნიჭიერებს, ლამაზებს, ნაკლებად ლამაზებს... აი მახინჯებს არავინ არ არჩევს. ნიჭიერება გარეგნობის ეკვივალენტია. შევდივარ დარბაზში, შემოსასვლელთან ფეხი მიცურდება და საჯდომი მარმარილოს იატაკზე მისრიალებს. ვდგები, ტანსაცმელს ვისწორებ და აუდიტორიაში შევდივარ. აი სკამიც... ისე უნდა მივიდე სკამამდე რომ რამეს არ დავეჯახო. იატაკი ხისაა, დაბლები მაცვია, მგონი მშვიდობით მივაღწევ. რადენიმე დაბიჯი და სავარძელში ვზივარ, ჩემი მოხერხებულობით კმაყოფილი. - თქვენ ისევ მოხვედით?.. სახე ემანჭებათ, ისევ მოვედი, აბა ეს რა არის. სკამამდე მანძილი ტყუილად ხომ არ გამომივლია. - მინდა ისევ ვცადო. - უკვე მესამედ ცდილობთ და მემგონი გარკვევით გითხრეს ჩემმა კოლეგებმა რომ თქვენში არ არის ნიჭი. თუ ეს არ არის, შესრულებული როლის ხარისხიც არ არის. - კარებს აწერია რომ ყველასთვის დასაშვებია შემოსვლა... იქ არ წამიკითხავს, ამ შემოსვლების რაოდენობაზე. - მემგონი ეს უფრო თქვენი თავმოყვარეობის არქონაა. - არა, ეს შეურაცხყოფაა. თქვენ კარებზე არ არის აკრძალვა. გამოდის რომ, მანამდე შემიძლია მოსვლა, სანამ ჩემს სურვილს არ აკრძალავთ. - ჩვენ ვიცით თქვენი შესაძლებლობა და ამაში არაფერია საინტერესო. გვითხარით, რატომ უნდა მოგცეთ როლი? - ეს ჩემი უკანასკნელი დღეა და იმიტომ. ერთმანეთს შეხედავენ და იცინიან. რა არის სასაცილო,არ მესმის. - ორიგინალური ხართ. თქვენგან მხოლოდ უშედეგო ცდები გვახსოვს. კიდევ გაქვთ მიზეზი, თქვენი მოსალოდნელი გარდაცვალების გარდა,რომ ეს როლი მიიღოთ? ჩემს თითებს ვაკვირდები და ვლუღლუღებ - მაქვს. თუნდაც იმიტომ უნდა დამამტკიცოთ როლზე,რომ მის შესრულებას ვერ შევძლებ. - დიახ, ვერ შეძლებთ. სპექტაკლი შაბათსაა,თქვენ კი დღეს კვდებით. - მივიღებ როლს? ხელშეკრულების ფურცელს ჩემკენ აჩოჩებენ და მეც ხელს ვაწერ. - თქვენი უმოქმედო როლი დამტკიცებულია. კიდევ შეგვიძლია დაგეხმაროთ? უხმოდ ვდგები და უკან გამოვდივარ. უკვე საკმარისად დამეხმარეთ,როლი ჩემია. << - დღეს რაღაც არარეალური ხარ. სამი საათი გავიდა, ისევ მასთან ვარ, ის კი ისევ წევს. უკვე დაკლაკნილი პითონი მახსენდება. იმის ახსნას ვცდილობ რომ სადღაც უნდა გამომყვეს. ვეუბნები- უნდა გადავხტე. ვერ მივახვედრე რომ ეს მართლა უნდა გავაკეთო,ახსნის დროც არ მრჩება,რატომ ვაკეთებ. ძალიან დამღლელია,ახსნის გარეშე არაფერი არ უნდათ. წუწუნით იცვამს შარვალს, ჩექმასაც წუწუნით ეძებს და საერთოდ რატომაა ჩემი მეგობარი, თუ წუწუნის გარდა არაფრის გაკეთება შეუძლია? უმიზნოდ მომყვება, წაშლილია, რაღაცებს ბუტბუტებს. ხიდს ვუახლოვდებით, იქ რამდენიმე ადამიანი დგას გვერდიგვერდ და თავის რიგს ელოდება. მე ცდის დრო არ მაქვს,მაგრამ დისციპლინა მოითხოვს რომ დაველოდო. ჩემი თანმხლები გაოცებული მექაჩება მაისურზე. - რეებს აკეთებ, სიმაღლის ისე გეშინოდა, მაღალ ადამიანებს გაურბოდი. ნიტა, ეს თუ ხუმრობაა,ძალიან მომწყინდა. მე ვხტები. ეს არ არის ხუმრობა, ხუმრობისთვის დრო აღარ მრჩება. ხუთი საათი უკვე დავხარჯე, შვიდ საათს იმის ახსნას ვერ დავუთმობ,რა რატომ კეთდება. მე ამ შვიდ საათს ისე გამოვიყენებ,როგორც საჭიროდ ჩავთვლი და არანაირად არ ვგრძნობ ვალდებულებას თუნდაც წამის მეასედი დავხარჯო ახსნაში. ისედაც მთელი ცხოვრება იმის ახსნაში გავატარე,რატომ არ ვასწორებ ჩემ ლოგინს. ეს იმიტომ ხდება,რომ ის მაინც აირევა საღამოს. ჰაერი სხეულში შედის, მგონია სივრცეში გავჭერი და შიშს თავი მოვკვეთე. სიმძიმის ვალდებულებისგან ვთავისუფლდები, სიჩქარე გადის,იჭრება, როგორც თეთრი რძე. ვსუნთქავ ღრმად,შინაარსობრივად. ქამარს მხსნიან, თითებს თვალებზე ვისვამ და ბრწყინვალებისგან ვთრთი. ის კი მაშტერდება და ეძებს ინფორმაციის ფურცელს,ძველ გაზეთში. უკან უხმოდ ვბრუნდებით, მე ისევ არაფრისკენ მივიწევ, ის კი მაინც ვერ ითმენს და ათას კითხვას მისვამს. ამის გაძლება აღარ შემიძლია. სახლში მივდივარ. აღფრთოვანებული მივდივარ სახლში. << მანამდე ტექნიკის მაღაზიის ვიტრინებში დავსეირნობ და ყველაზე დიდ ტელევიზორს ვეძებ. ყველაზე დიდს, ფართოხედიანს, მაშტაბურს,ხმაურიანს, შეუდრეკს. შარშან გავაკეთე ისეთი რამე,რაც ახლა აქ მამყოფებს. დედაჩემის აბსტრაქტული რჩევებით გაბრაზებულმა, საჭმლის თეფში მივახეთქე. იმის მერე პატარა ტელევიზორი გვედგა და იქ კარგად არ ჩანდა. არა, საერთოდ არაფერი არ ჩანდა. სწორ ადგილას ვარ. შავ ტელევიზორს ვყიდულობ, ძველზე დიდს და ახლანდელზე გამოსადეგს. ვიცი რომ ეს იმ განწყობას ვერ გააქრობს რაც მისმა გაბზარვამ გამოიწვია, ვიცი რომ დედაჩემი მაინც გამიბრაზდება ამის გამო და შემახსენებს როგორ ჩანაცვლდა ამხელა ტექნიკა, ასეთი მცირე მასით. გამახსენებს ნერვიულ, აფექტურ ნიტას მაგრამ არ მანაღვლებს. მე ხომ სულ მალე... უცებ ცივი ოფლი მასხავს, მძღოლს ვთხოვ ტექნიკა სახლამდე ამატანინოს. დედაჩემი მაგიდას ეყრდნობა და ცალყბად იცინის. ვერ გაუგია რა მინდა. ტელევიზორი ვუყიდე, მეტი რა უნდა მინდოდეს? იმ ფაქტის მერე საჭმელს სამზარეულოში აღარ ვჭამ. რატომ არ ესმის, რომ მტკივნეული იყო ჩემთვის. ეს ფაქტი.იმის შეგრძნება მქონდა,რომ მისი საბოლოო გადაწყვეტილება ჩემი დაბადების შესახებ, შეიცვალა. სულ არ გამაჩენდა რომ სცდონოდა,ერთ დღეს ტელევიზორს დავუმტვრევდი. მოსწონს რაც მოვუტანე. კედელზე კიდებენ, მე იატაკზე ვჯდები და დარჩენილ ოთხ საათზე ვფიქრობ. << ეს იგავია სულების ერთიანობაზე, სიყვარულსა და სიბრიყვით სავსე სოციუმზე, ფერდაკარგულ,მიზანმიმართულ შეცდომებზე და რაც მთავარია ჩემს უკანასკნელ ოთხ საათზე. << რამდენიმე წუთი დავკარგე. ფეხზე ვდგები, სახე მეღუშება, ვეღარ დავიბრუნებ. საათს ვუყურებ, პალტოს მოცმა მავიწყდება და თხელი ჯემპრით გავდივარ გარეთ, საფეხურებს ისე ჩავდივარ რომ არ ვეცემი. საკმარისად მაქვს გააზრებული რომ ახლა ამის დრო არ არის. რამდენიმე წელი გავიდა, ვიტყოდი საკმაოდ ბევრი წელიც, უბრალოდ ,,რამდენიმე“-ს რომ ვამბობ ვმშვიდდები, ფეხს აღარ ვითრევ, მივდივარ და ქვების სიცივეს ჩექმის დასაწყისში ვგრძნობ. ქვაფენილი დაღმართისკენ მიიწევს, ჩავრბივარ, თმააწეწილი, ანთებული და უსიტყვო. ვებრძოდი რამდენიმე ვარიანტს და რამდენიმე ვარიანტიც მებრძოდა მე, არ ვიცოდი რომლისთვის უფრო მეტად ვიყავი ტრაგედია, რაღაც ძველი მინანქრის,თითქმის გამოუსადეგარი მოგონებისთვის თუ ბავშვობაში ჩადენილი იმ გამოუსწორებელი სირცხვილისთვის რომლის გახსენებაზეც თითქმის ბუნებრივად ვთვლიდი თავს სიკვდილის ღირსად. ტაქსს დელისამდე მივყვები, სიცივეა და ტუჩებს ერთმანეთს ვერ ვაშორებ. ხალხს ფეხებში ვუვარდები,რომ გამატარონ. მეტროდან ამომავალი თვალებს ვაცეცებ, ვსუნთქავ ისე თითქოს ბოლოჯერ ვსუნთქავდე ზამთრის ჩვეულებრივ სუსხს,რომელსაც ალბათ სულ არ მივაქცევდი ყურადღებას,ჩვეულებისამებრ. ათი წუთი დავდივარ წინ და უკან, ყველა გამვლელსა და იქვე მჯდომიარეს ვამოწმებ, სისხლძარღვები მეჭიმება,სიგიჟის ზღვარზე ვარ, ყველაზე გამოუსადეგარ რომანის გმირს ვგავარ,რომელიც მხოლოდ იმიტომაა მოთხრობაში რომ გვერდები დაიმატოს. ჩემს გამოუსადეგარ ძიებას ვერ ვეგუები, ქვაფენილზე ვჯდები და ცრემლი მდის. ვერ ვიპოვე. ღირსეულად დაკარგულია ეს ერთი საათი, როგორი შერცხვენილი ვარ საკუთარ თავთან. რას ვფიქრობდი არ მესმის, ვიყინები. ვინმე შემომეხვიოს წამიერად, მეტი არაფერი არ მინდა. ქვაფენილი ცივია, ცრემლი მხოლოდ ლოყებს მითბობს. ხმები არ მესმის, არც ხმებს ესმით ჩემი და საერთოდ ახლა თავს აჩრდილად ვგრძნობ, მითიური გმირი ვარ, სულს ვღაფავ სადღაც, ვიღაცის ძიებაში თავჩაქინდული. ეს უბრალოდ სისუსტეების ერთიანობაა, ისინი გაჩნდნენ და დამიმონეს, ახლა მე უკვე გემბანზე ვარ და მყიდველს ველოდები. არაფერს აღარ აქვს აზრი. ვერ ვიპოვე. უკნიდან ხმა მესმის, ვიღაც ლიმონს ყიდის, ვიღაც ხურდას ითვლის ჯიბეში. ვიხედები და სიხარულისგან ბინდი მეკვრება. ,,ისაა“- ვეუბნები ჩემ ამღვრეულ თავს და მისკენ მივიწევ. შეტორტმანება დანაშაულია, ყველაფერი რიგზეა, დასავარდნი ადგილიც არ არის. მივდივარ მისკენ. თავშალი აქვს შემოკრული, ცრემლიანი თვალები აქვს, ისევე როგორც მაშინ. თმა უფრო გათეთრებია. საოცრებაა, ამდენი წელი გავიდა, მე გავიზარდე, თმა გამეზარდა, ნაკვთები შემეცვალა, ის კი ისევ ისეთია. მისი თვალებიდან ღიმილის შადრევანი მიახლოვდება, ვჩერდები, ის ძაფზე ასხმულ ჩურჩხელას მთავაზობს და მეუბნება რომ ძალიან ლამაზი ვარ. ჯიბიდან უკანასკნელ ფულს ვიღებ და დახლზე ვუყრი. არ ვიცი რამდენია მაგრამ ცოტა არ არის. მიყურებს, ჩემს სევდიან თვალებს უყურებს, ხელები თვალებთან მიაქვს და გაოცებით წამოსულ ცრემლს იშორებს. ვერ გაუგია რა მინდა, დღეს ჩემი არავის ესმის. - რატომ შვილო? მხოლოდ ეს მესმის, მე ვიცი რატომ, არაა საჭირო თქვენც იცოდეთ. ეს ვერ გამოისყიდის იმას რაც ჩავიდინე,სამაგიეროდ რამდენიმე დღე მაინც შეგიქმნით სიმშვიდეს. მე არავინ არ მელოდება სახლში დედაჩემის გარდა, არავინ არსებობს სხვა ვისაც საჭმელს გაუმზადებს, მე ერთადერთი ვარ ვისზეც ბევრი ადამიანი ცდილობდა ეზრუნა, არ ჰქონდა მნიშვნელობა ვიმსახურებდი თუ არა ამას, მე ერთადერთი ვიყავი, ყველას აქვს მოთხოვნილება ვინმეს მფარველი იყოს, ყველამ გადაწყვიტა რომ ეს მე ვარ, რომ მე ეს დამსახურებულად უნდა მივიღო. ეს არ იყო ჩემთვის კომფორტი, ეს იყო განაჩენი რომელიც დაბადებიდან გამომიტანეს. იგი ისევ ტირის, პარკში ჩურჩხელებს მიტენის მე კი ვუხსნი რომ საჭირო არ არის რადგან არ მიყვარს,უფრო მეტიც დასანახავადაც კი მძაგს ეს კაკლის ასხმა. ცოტა ნაწყენია ჩემი პასუხით მაგრამ ჩემი ხელები ტუჩებთან მიაქვს. ცივად ვიბრუნებ უკან, ვეუბნები რომ არ არის საჭირო, საკმარისად მდიდარი ვარ და შემიძლია სხვებს დავეხმარო. რომ ჩემი მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჩავუყარო ფული დახლთან. გამოსვლისას კი ვფიქრობ სად ვიშოვო ტაქსის ფული, მასთან მისაღწევად. << განაჩენი გამოტანილია. უნდა მივიდე. ერთი საათი მრჩება... ყველაზე ტკბილი ბოლოსთვის შემოვინახე, ეს იყო ერთადერთი რამ რისი გაკეთებაც თავიდანვე დაგეგმილი იყო და მე ვიტყოდი ის გარდაუვალი, ის შეუცვლელი და ის სიგიჟის ჰორიზონტზე მყოფი განცდა. სიტყვების აკრეფა გზიდან არ დამიწყია, მას რომ პირისპირ შევეჩეხე, გაკვირვებულს და მოულოდნელად აღტკინებულს, მაშინ დავიწყე. ვფიქრობ ყველა იმ განცდაზე,რომელიც უნდა გადმოვცე და რომლის გადმოსაცემადაც მხოლოდ რამდენიმე წუთი მრჩება. ვფიქრობ გრძნობების შეურაცხადობაზე, მის სირთულეზე, ეს არის ბინდი ყველა იმ ამომავალი ბგერის რომელიც ჩემს ელენთაშია გაჭედილი და მზის შუქზე ვერ გამოდის ( ანდაც სიბნელის,რა მნიშვნელობა აქვს) მთავარია რომ ჩემი თითები, ჩემი ხმის იოგები და ჩემი ემოციები მიყინულია, მის წინ ვდგავარ თავჩაგრული, მომტირალი და ვეძებ იმას,რისი სახელიც არ ვიცი, ის რასაც უბრალოდ ვერ გადმოვცემ ბანალური წინასიტყვაობით. პირველი სიტყვა. პირველი სიტყვა. მერე მარტივი იქნება- ვიმეორებ, ის დგას, მე ვიმეორებ, პირველი სიტყვა შემდეგ კი ყველა მომდევნო სიტყვა მას გამოეკიდება,მერე უბრალოდ აღარ გავჩერდები,აღარც სხეული გაჩერდება და შემდეგ ყველაფერს იგრძნობს. ჩემ ყოველ განცდას იგრძნობს და მიმიღებს. - მიყვარხარ. ხმა მითრთის, ის ვერ ხვდება ამას რატომ ვამბობ. შეშინებულია. - მიყვარხარ მეთქი, ვერ გაიგე? თითებს სახეზე ვიფარებ, ცრემლებს ვიწმენდ და ვცდილობ პირველი ნათქვამის გამოსწორებას. ასე არ უნდა დამეწყო. ეს უბრალოდ გრძნობის შეყრას გავს სახეში და მერე ელოდები უკანაც მოგაყარონ რამე, თუნდაც მორჩენილი ნამცხვრის ნამცეცი,უბრალოდ მიიღო იოდისოდენა პასუხი საიმისოდ რომ გული არ წაგივიდეს. ფეხებს ვეღარ ვგრძნობ, საკუთარ თავს ვეკიდები და ვცდილობ არ დავეცე. სახლში შევყავარ, პალტოს მხდის, ქიმიური ინერციით მაბრუნებს მისკენ და მეხუტება. შემდეგ მე ვკოცნი. ეს პასუხია? - მიყვარხარ. ვეუბნები გამოკვეთილად, ახლა უფრო თავდაჯერებით.ნერვიულობისგან თავი მტკივდება, დივანზე ვეხეთქები,ცრემლები უნებურად მიდიან სადღაც უსასრულო სასრულში. მე პასუხს არ ველოდები, არც პასუხი არ მელოდება. ისიც მკოცნის. - მე შენ მიყვარხარ. ჩემი ხმა ისეთივეა როგორიც შემოსვლისას, ჩემი სხეული ისეთივეა როგორიც აქ მოსვლამდე, ჩემი განცდები არ შეცვლილა, ჩემი ხმის ტემბრი არ შეცვლილა, ჩემი განაჩენი არ შეცვლილა, ყველაფერი უდრეკად დგას, ყველაფერი ისევ ისეთია. მე აღარ ვარ ისევ ისეთი. მე აღარ ვარ ისევ ისეთი,როგორიც ვიყავი. ჩემ გვერდით ჯდება, ხელში ყავის ჭიქა უჭირავს და ჩუმადაა. - მე ვიცი... ვიცი... - ვამბობ თანაგრძნობით- შენ იგივეს არ გრძნობ... - მაგრამ ისიც საკმარისია რაც მე მაქვს. ყავას ვსვამ, ის ისევ უძრავად ზის, გაფითრებული და დაბნეული. ასე მგონია ის მოვიდა ჩემთან და არა მე მასთან. რა რთულია ადამიანს ის უთხრა რაც ორი წელია არავისთვის გითქვამს და რა ცუდია რომ ეს ადამიანი აქამდე იმდენად აჩრდილი იყო რომ ახლა მისი მკაფიო შუქი თვალს გჭრის, ცრემლს გდენს და რაც მთავარია იმ განცდას ტუმბავს შენს სისხლძარღვებში რაც ნებისმიერ პიროვნებას, ყველა ფასეულ ღირებულებას დააკარგვინებს. რა ცუდია როცა იცი რომ ეს ახლა თქვი, მაშინ როცა რამდენიმე წუთია დარჩენილი და არა მაშინ როცა მთელი სიცოცხლე გედო ხელისგულზე. მეკითხება დღევანდელ დღეზე, მეც უდიერად ვუყვები ყოველ დეტალს, იმას ვაკეთბ რაც სხვებთან მომწყინდებოდა, თუმცა ვერ მესმის ჩემი ხმა, ვერ მესმის ჩემი არამდგრადი ფსიქიური მდგომარეობა, ვერ მესმის ის რომ მალე მოვკვდები, მხოლოდ ვხედავ, მხოლოდ მას ვხედავ. - იმ მოხუც ქალს რატომ დაეხმარე?- - თუ სიცოცხლის განმავლობაში ათას საზიზღრობას გამოვცდიდი, გავიჩხერდი, ყველასთან დავწვებოდი, ვინმეს ფიზიკურ და სულიერ ღირსებებს შევურაცხყოფდი, ვიქურდებდი, დედაჩემს ვუყვირებდი... არ აქვს მნიშვნელობა, ყველა იმ ამოლარულ საქციელს ჩავიდენდი რასაც ყველა ისედაც ჩავდივართ... ისეთ ადამიანთან რომ გამღვიძებოდა ვისაც სულ არ ვიცნობ და მას ეთქვა ჩემთვის- თავს დამნაშავედ გრძნობ? - მე გამეცინებოდა რადგან ყველაფერს ავიტანდი ჩემი თავისგან, რადგან ადამიანები ლმობიერები ვართ, თვითკმაყოფილები ვართ, უდრეკები ვართ... ჩემი პასუხი იქნებოდა - არა. არ ვგრძნობ თავს არასწორ პიროვნებად, არ ვთვლი რომ მე ცუდი ვარ მას შემდეგ რაც უკან მოვიტოვე, ეს არაფერი არ არის. ის მოხუცი ქალი, ის საბრალო ქალი რომელსაც მთელი დანაზოგი მოვპარე, ის წყეული ღამე როცა გართობა მომინდა და არ მითქვამს მისთვის- იცით, თქვენ გვერდით ფულის გროვაა,რომელიც სავარუდოდ თქვენ გეკუთვნით. არა, მე ვთქვი... თქვენ გვერდით ფულია,რომელიც ჩემ ჯიბეში აღმოჩნდება. განა იმიტომ რომ არ მეცოდებით და იქნებ ეს უკანასკნელი კაპიკები იყოს თქვენი მრავალშვილიანი ოჯახისთვის.იქნებ ეს საკვების ყიდვის უკანასკნელი გამოსავალია მაგრამ არა! ეს ფული,რომელიც თქვენ გვერდით ყრია, უნდა აღმოჩნდეს ჩემ ჯიბეში,რადგან მე ასე მსურს და რადგან ცხოვრება უსამართლოა. ისევ შემზარავად ავქვითინდი, ის გვერდით მომიჯდა და ხელები შემომხვია. - არ მინდა რომ მოვკვდე.- ვთქვი ცრემლებით გაგუდულმა და მივეხუტე, ისე რომ ჩემი ცხვირი, მისი ოდნავ მოშვებული წვერის სუნს გრძნობდა - არ მინდა მაშინ მოვკვდე, როცა სხვა ყველაფერი ცოცხალია და არ მინდოდა მაშინ მეცოცხლა როცა სხვა დანარჩენი, მკვდარი იყო. - საიდან? საიდან ეს განაჩენი?- მეკითხება ღიმილნარევი ხმით - განაჩენი ? რა განაჩენი? ფეხზე წამოვდექი, ტანსაცმელი გავისწორე. - მე აქამდე უძრავი ქონება ვიყავი,რომელიც უბრალოდ იდო ერთ ადგილას, ჩამტვრეული მინებით, ბინძური სააბაზანოთი, აქოთებული საძინებლით,რომელიც გასაღებას ელის კაპიკებად. შენი აზრით ეს სიცოცხლეა? არა მე არ ვთვლი რომ ეს ცოცხალი მდგომარეობაა, ეს სუნთქვამისჯილი არსებობაა, ეს არის განაჩენი. აი ეს არის ზუსტად და არა ის რომ მე ათ წუთში მოვკვდები, არა ის რომ ეს ფიზიკურად მოხდება, არა ის რომ მე გული წამივა და ზეცად აღმავლენენ, არა ის რომ ჩემი დაკრძალვის ხარჯები უკვე დავფარე... მე ჩემ უსიცოცხლო ნაწილს ვკლავ, მე ჩემ არარსებულ არსებობას ვკლავ დღევანდელი სიცოცხლით. არ შემიძლია ამის ახსნა, ამის გადმოცემა და იმის დეტალური განსაზღვრა თუ რატომ დღეს და რატომ არა გუშინ, რატომ არა ერთი წლის წინ,ორი წლის წინ, ანდაც რატომ არა მაზეგ, ეს შეუძლებელია. ეიფორია მაშინ მოდის როცა იმ ზღვარს აღწევ რაც აღარ განგასხვავებს შენი არსებობის უსხეულო მდგომარეობასთან. როცა უკვე მართლა სულერთია შენი სიკვდილის დრო, შენი მდგომარეობის დრო. აი მაშინ ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ ნამდვილად არ ფიქრობ რამდენი საათი დარჩა. იმაზე სასიამოვნო არაფერი ყოფილა,როგორც უკანასკნელი თვალის დახამხამების დაგეგმვა. ეს გააზრება რომ შენი უკანასკნელი არსებობა, შენი ისედაც მკვდარი ნაწილის, სულ მალე რეალურად მკვდარი იქნება, რადგან არაა საჭირო მე სუნთქვა შევწყვიტო საიმისოდ რომ ჩემი ფილტვების ფუნქციონირება გამართლდეს. მისმენს და ფიქრობს. - იმიტომ რომ ადამიანები ეგოისტები ვართ. გვინდა გვქონდეს უნარი,მივიღოთ ჩვენი უფუნქციურობა, აუტანლობა, სიბოროტე. მივიღოთ და დავამუშავოთ. ქვეცნობიერად ეს რჩება, ეს ნალექი. შიში იმისა რომ მე თუ ხვალ სხვა ვიქნები და დღეს სხვა ვარ, ეს იქნება დანაკარგი. სიცხადე უსასტიკესი ანტიდეპრესანტია. ჩვენ ვიღებთ, ვიღებთ, ვიყრით პირში მის ტაბლეტებს, გვინდა ბოლო მოუღოს, გაანადგუროს- მაგრამ რას ვკლავთ, ამას ვერ ვიაზრებთ. მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმაზე ბედნიერი ვიდრე გუშინ ვიყავი და უკვე ერთი წუთია ჩემი პიროვნება აღარ არსებობს თუმცა ეს უცვლელი რჩება. ჩემი ბედნიერი მდგომარეობა. მე აღფრთოვანებული ვარ, კმაყოფილი ვარ,შეყვარებული ვარ. ეს ახლა ხდება, ეს ამ წამებში ხდება. სწორედ ახლა კვდება ის, ვინც ჩემ მანკიერ მხარეებს ებრძვის. სწორედ ამ წამს კვდება და სწორედ დღეს ცოცხლობდა მხოლოდ ის ადამიანი,როგორიც სულ მინდოდა რომ ვყოფილიყავი. ხვალ ყველაფერი თავიდან დაიწყება. რადგან სიცოცხლე სასტიკია. და რადგან ადამიანები ვერასოდეს დავემსგავსებით თოლიებს. ვერ ვიფრენთ და ვერ ვირწმუნებთ რომ გადავრჩებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.