შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lacrimosa [8]


22-10-2018, 21:42
ავტორი Kalina
ნანახია 4 726

კიდევ რამენიმე დღით დარჩა დედასთან და წინასწარ შეემზადა ცრემლისღვრისთვის.
იქ ყოფნის პერიოდში თამარსა და ჟერარდს სანდროზეც ესაუბრა.
-რა კარგია!
სიხარულისგან შეჰკივლა თამარმა. უხაროდა, რომ შვილი ქართველ ბიჭს ასე დაუახლოვდა. თამარი ხმამაღლა არასოდეს აღიარებდა იმას, თუ როგორ სურდა კასანდრას ქართველი შეჰყვარებოდა.
-გაუფრთხილდი, კასა. ხომ იცი, ქართველებმა სხვანაირი სიყვარული ვიცით.
ჟერარდმა უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა:
-მე რა შემატყვე ნაკლები სიყვარულის...
თამარს გაეცინა და მეუღლეს ხელზე აკოცა.
-შენ... ჩემი სიყვარული ხარ.
ჟერარდიც იმწამსვე გაიბადრა.
-კასა, ძალიან კარგია, ახალი მეგობრები რომ გყავს. მაგრამ, აბა გაწყენინონ... მერე გაიგებენ ქართველი ქალის ქმრის მუშტი როგორია.

***
სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით აფრენილ თვითმფრინავში მყოფ კასანდრას საფიას ხელი ისე ჩაებღუჯა, თითქოს პირველად იმყოფებოდა თვითმფრინავზე და აფრენის ეშინიდა.
კასანდრამ ხმამაღალი შეძახილი გაიგონა შუა ფრენის დროს:
-კასანდრა ფაბრონ?
ბგერის წყაროსკენ შეშფოთებულმა გაიხედა და უკვე ნაცნობი ლურჯი თვალების დანახვაზე გაეღიმა.
-ეს... შენ... ელა, ხომ?
სახეგაბრწყინებულმა გოგონამ ენერგიულად დაუქნია თავი. ხელი ასწია და მის გვერდით ცარიელ ადგილზე ანიშნა:
-მოდი.
კასანდრას გაეღიმა და გოგონას გვერდით გადაჯდა. საფია გაკვირვებული მისჩერებოდა მეგობარს.
ელას სახიდან დაღლილობა წაეშალა.
კასანდრას აღტაცებით უღიმოდა და სახეზე გაფაციცებით აკვირდებოდა, თითქოს არ სჯეროდა, რომ ნამდვილად მას უყურებდა.
-ეს... არ მჯერა... თითქოს, სიზმარში ვარ.
კასანდრა თავს უქნევდა:
-მეც, ზუსტად.
ელა თავს აქნევდა.
-იცით, რამდენი ხანია, გისმენთ? აი, ჩემი ,,ფლეილისთი”- მოუთმენლად ამოიღო ტელეფონი და ალბომს ჩამოყვა. კლასიკურ ნაწარმოებებში ხშირად მოჰკრავდით თვალს სათაურს - ,,Cassandra Fabron”. კასანდრას გულწრფელად გაეცინა მოულოდნელობისგან და მერე შერცხვა კიდეც, რომ თვითონ მხოლოდ კონცერტის წინა დღეებში გაიგო მის შესახებ.
-მეც... ვუსმენ შენს ნამღერს ელა... და ელა, შენი ,,ავე მარიას” არანჟირებისთვის თავს მოვიკლავდი.
ელამ ჰაეროვნად გადაიკისკისა და ხელი აიქნია:
-კარგი, რა!
კასანდრამ და ელამ გრძელი დიალოგი გააბეს მუსიკასა და ნაწარმოებებზე. შეთანხმდნენ, რომ ელა აუცილებლად იმღერებდა ,,ავე მარიას” კასანდრას თანხლებით.
შუაღამით დაეშვა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში.
აეროპორტი გადაჭედილიყო ჟურნალისტებითა და რეპორტიორებით. გოგონები კისკისით გამოვიდნენ აეროპორტიდან და ერთმანეთს დასამშვიდობებლად გადაეხვივნენ.
საფიამ ჩუმად უთხრა კასანდრას:
-ჩემი მძღოლის მანქანა იქაა, შენი მეორე მხარესაა. აბა შენ იცი, სასტუმროში გნახავ. ჯერ დარბაზში უნდა შევიარო, შენი საბუთები უნდა მივიტანო. შენ ის თქვი, იქ თუ არ დამხვდნენ! კარგი, წავედი.
კასანდრა საფიას დაემშვიდობა და ელასთან ერთად გაემართა მანქანებისკენ.
რეპორტიორებს მეტი რა უნდოდათ! მაშინვე ფოტოაპარატების ჩხაკუნის ხმით გააყრუეს იქაურობა.
ორივეს ჟურნალისტების არმია მოაწყდათ.
-მის ფაბრონ, მის ფოლიერო, მართალია, რომ ფესტივალზე იმ ნაწარმოებს შეასრულებთ, რომელიც თქვენის ძმის გარდაცვალების შემდეგ დაუკარით? რას ფიქრობთ ამაზე? ეს ხომ თქვენთვის განსაკუთრებულად რთული იქნება.
კასანდრას თითქოს თვალთ დაუბნელდა: ელოდა ამ შეკითხვას, თუმცა ახლა, როცა უშუალოდ ფაქტის წინაშე დადგა, ვერაფერს პასუხობდა მათ. თუმცა მის მაგივრად, ელა წამითაც არ დაბნეულა:
-ლამაზო, კონცერტზე მოდი. თუ ვერ გაიგებ, ამაზე რას ვფიქრობთ, მაშინ ბილეთის ფულს დაგიბრუნებთ.
თვალი გამამხნევებლად ჩაუკრა ჟურნალისტს და კასანდრას ხელი ჩასჭიდა. მანქანამდე საკუთარი ხელით მიაცილა და დაემშვიდობა:
-ნახვამდის, კასა!
-ნახვამდის, ელა...
მანქანაში ჩაჯდა და ფანჯრიდან გააყოლა თვალი თავისი მანქანისკენ ამაყად მიმავალ ელას, რომელსაც ჟურნალისტების ზღვა უხერხულობას სულ არ უქმნიდა.
კასანდრამ თვალები დახუჭა და ჩურჩული გაიგონა გვერდიდან:
-bonsoir, mademoiselle.(საღამო
მშვიდობის, ქალბატონო)
მოულოდნელობისგან გოგო შეხტა. გვერდით შეშინებულმა გაიხედა და თბილად მომღიმარ სანდროს თვალებს გადაეყარა.
-სანდრო!
მასკენ სასწრაფოდ მიიწია და მთელი ძალით მოეხვია.
-კას...
ჩუმად ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა.
-მომენატრე. ძალიან მომენატრე.
კასანდრა არაფრით შორდებოდა ბიჭს. სანდრომ თმაში შეუცურა ხელი და ოდნავ მოეფერა.
გოგონას გაეღიმა და მკერდზე მიადო თავი ბიჭს.
მშვიდად სუნთქავდნენ.
ბიჭმა ჩუმად ჰკითხა გოგოს:
-ძალიან დაიღალე?
კასანდრამ თავი დაუქნია.
-სულ დაღლილი ხარ... ისეთი საყვარელი ხარ, მოთენთილი.
კასანდრას გაეცინა და ბიჭის სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-შეგცივდა?
სანდრო თითების გოგონას სახეს შეეხო.
-ისე რა.
ნაზად ეფერებოდა კასანდრას სახეს.
გოგონა თავისი გაყინული ხელით ხელზე მიეფერა და ტუჩები მიაკრო ბიჭის რბილ კანს.
სანდრომ ნერწყვი ძლივს გადააგორა ყელში. შეუმჩნევლად გააკანკალა გოგონას შეხებაზე და ნაზი სხეული უფრო ახლოს მისწია თავისკენ.
სიჩუმეში დიდხანს ისხდნენ.
მერე იდილია მძღოლმა დაურღვიათ, რომელიც საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა.
სანდრომ ნაზად შეუცურა ხელი გოგონას წელზე და სცადა მისი უფრო ახლოს მოზიდვა.
კასანდრამ ზუსტად მის ყურთან დაიჩურჩულა:
-მიყვარს ასე.
სანდროს გაეღიმა.
-მეც მიყვარს.
სასტუმრომდე ხმა აღარ ამოუღიათ.
მძღოლმა მანქანა გააჩერა და მანქანიდან გადავიდა.
კასანდრას გადასვლა არ უნდოდა.
სანდრომ ფრთხილად გადაუწია თმა სახიდან.
-კას... მოვედით.
კასანდრამ ჩუმად ამოიბურტყუნა.
-ვიცი... წამოდი რა ჩემთან.
სანდროს ჩაეცინა:
-ვერა, ლამაზო. დღეს ვერა. მაკოცე და წადი.
კასანდრამ ნელა ამოწია თავი ბიჭის მკერდიდან.
-რომ შემცივდეს?
ბიჭმა გაუღიმა.
კასანდრა თვალებში მიშტერებოდა სანდროს.
-რომ მომენატრო?
სანდრომ ნელა დაუსვა ლოყაზე ხელი.
-შენთან ლაპარაკი რომ მომინდეს?
ბიჭმა ნელა მიიზიდა თავისკენ და თვალები დახუჭა.
-შენი კოცნა რომ მომინდეს?
ნელა, ნაზად შეახო ტუჩები გოგონას ტუჩის კუთხეს. სამჯერ აკოცა და ყბის ძვალს მიჰყვა. ცხვირის წვერი ლოყაზე გაუსვა და ყურს უკან მიაკრო ტუჩები. მისი ცხელი სუნთქვა კისერზე ელამუნებოდა გოგონას და გონებას უბინდავდა.
-არ წახვიდე...
ნელა მოშორდა ბიჭი კასანდრას. ძალიან ნელა.
-ხვალ გნახავ, პატარავ. ძალიან მინდა, მოგენატრო.
კასანდრა სასწრაფოდ გადახტა მანქანიდან, იქვე და იმწამსვე რომ არ ატირებულიყო ემოციებისგან.
სწრაფად შევარდა სასტუმროში, ნომრის გასაღებს დასტაცა ხელი, ემოციამოზღვავებული საწოლზე დაემხო და ხმამაღლა ამოისუნთქა.
საფიასა და თამარს ესაუბრა და დასაძინებლად მოემზადა.
ელოდა სანდროსგან შეტყობინებას, ზარს ან თუნდაც სპონტანურ, მოულოდნელ შეხვედრას როგორც წინათ. მაგრამ არც სანდრო ჩანდა და არც შეტყობინება.
მისი ნომერი მოძებნა და არ უფიქრია, ისე მისწერა:
,,ღამე მშვიდობის. მცივა, მენატრები და შენი კოცნა მინდა. მაგრამ დავიძინებ.”
შეტყობინება არ მოსვლია.
საფიამ შემოუარა და დახედა, ხომ არაფერს აშავებდა.
კასანდრას ეცინებოდა საფიას ამ საქციელზე. თითქოს, პატარა ბავშვი იყო, ისე ადევნებდა მეგობარი თვალყურს მის თითოეულ ქმედებას.
წამლები დალია და დაძინება სცადა.
საძილე საშუალებებს ნოას გარდაცვალებიდან ხმარობდა. სხვა დროს ფიქრების მოკრება უჭირდა და ძილს ვერასოდეს ახერხებდა. ამდენი ხნის შემდეგაც კი, მის მოხმარებას ვერ გადაეჩვია. მხოლოდ რამდენიმე ღამე გამოტოვა. პირველი — ,,ლა სკალას” კონცერტის შემდეგ იყო, როცა თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი კასანდრა ჟერარდმა სახლში ბარიდან მოიყვანა. პირველად დალია ამდენი. ამის შემდეგ ორი დღის საავადმყოფოში გატარება მოუხდა ალკოჰოლური მოწამვლის გამო. საშინლად რცხვენოდა იმ ღამის. თამარის ჩამქვრალ თვალებს რომ შეხედა, მიხვდა ეს აღარასოდეს უნდა გაებედა. ჟერარდმა თავზე აკოცა ქალიშვილს და ჩუმად უთხრა:
-შენ ამაზე ძლიერი ხარ, კასა. ამაზე ბევრად ძლიერი ხარ.
ამ სიტყვებმა თითქოს ძალა შეჰმატა გოგონას.
მეორედ სასტუმროში ყოფნის დღეს, როცა სანდროს ალერსისგან გაბრუებული სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა და მასზე ფიქრში ჩაეძინა.
ახლა კი სანდროზე ნაწყენი იყო. მასთან ყველაზე მცირე, საუბარი სურდა. თუმცა მიხვდა, საუბრის დრო ხვალაც ექნებოდათ.
ნელ-ნელა ძილი მოერია და თვალების დახუჭვას აპირებდა, შეტყობინება რომ მოუვიდა.
ძალაგამოცლილი ძლივს დასწვდა ტელეფონს და ნაცნობი ნომერი რომ ამოიკითხა, სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა:
,,ნუ მიბრაზდები, თორემ ისედაც ხშირად ვარ მოწყენილი. მეც ძალიან მინდა შენთან. დღეს არ შემეძლო. ძალიან ბევრს გკოცნი. იმდენს, რომ მთელი ღამე გვეყოს. “
სიამოვნებისგან გაბადრულმა წარმოიდგინა მისი კოცნა და დამშვიდებულს ჩაეძინა.
დილით გაიღვიძა თუ არა, სანდროს შეშფოთებულ მზერას გადაეყარა.
-კას... კარგად ხარ?
კასანდრა გიჟივით წამოიწია. მის ნახვას არ ელოდა.
-სა...სანრო. მე... კი. კი. რა? რა მოხდა?
-კას ძილში ტიროდი. თვალებიდან ცრემლები მოგდიოდა. ორი საათის წინ მოვედი. შენი გაღვიძება არ მინდოდა და უცებ ტირილი დაიწყე. ცუდი სიზმარი ნახე?
კასანდრა გაშტერებული მიჩერებოდა ბიჭს:
-არ... არ მახსოვს... მართლა არ ვიცი.
სანდრომ თვალები დახუჭა და თავი დაუქნია.
-ჰო.
-შეგეშინდა?
-ძალიან, კას. ისე, რომ მძინარე ჩაგიხუტე და დამშვიდდი. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ.
გოგონას გაეღიმა და ბიჭს მოეხვია.
-მადლობა, სანდრო. ყველაფრისთვის მადლობა.
-ვიცი, გუშინდელზე რომ მიბრაზდები.
კასანდრას ახლაღა გაახსენდა გუშინდელი ამბავი.
-არა, სანდრო! არც მახსოვდა. არაუშავს, სულ ჩემთან ხომ არ იქნები.
-ჩემი მეგობარი ძალიან ცუდად იყო და საავადმყოფოში ველოდებოდი. ხომ იცი, აუცილებლად დავრჩებოდი შენთან.
კასანდრა თავს უქნევდა.
-არაფერია. არაუშავს. ახლა როგორ არის?
-კარგად. ღამით გამოვიდა ექიმი და გვითხრა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებაო. 10 წუთით ვნახეთ და მერე მამამისმა სახლებში გამოგვყარა.
კასანდრამ გაუღიმა და მის ლოყაზე მიდებულ სანდროს ხელს ნაზად აკოცა.
სანდრომ თვალები დახუჭა.
-მე... გავალ. ჩაიცვი და მოემზადე. სადმე წავიდეთ.
ბედნიერმა დაუქნია თავი და ბიჭის ხელს ხელი გაუშვა.
ხუთ წუთში სანდრო დაბრუნდა და უკვე გამზადებულ კასანდრას მიუახლოვდა.
-რომელზე უნდა წახვიდე რეპეტიციაზე?
კასანდრამ თავი გააქნია.
-არ ვიცი, საფიამ უნდა მითხრას.
კასანდრამ ტელეფონი ამოიღო და საფიას ნომერი აკრიფა.
-საფ, რას შვრები?
-არაფერს, კას. დარბაზში შევირბინე პროგრამებზე და კაბა მივიტანე. არ ვიცი, ასე ადრე რატომ მომთხოვეს. გრაფიკებიც მოსაწესრიგებელია.
-საფ, დღეს რეპეტიცია გვაქვს?
-მოიცა...
წამიერი დუმილის შემდეგ საფიამ თითქოს შორიდან უპასუხა:
-კი. ხუთზე. სასურველია, ცოტათი ადრე მოხვიდე. იმ ბიჭს გადაეცი, ოთხისკენ მოგიყვანოს.
კასანდრას გაეცინა.
-შენ საიდან...
-მე მოვაცილე შენს ნომრამდე, მეგობარო. აბა, შენ იცი. დამირეკე სანამ მოხვალ, თორემ დარბაზი კი არა, ლაბირინთია ნამდვილი!
-კარგი, დროებით.
სანდრო გაბადრული ადევნებდა კასანდრას მოუსვენრობას თავს.
მისი სახე ხელებში მოიქცია და ჰკითხა:
-აბა?
-მოკლედ, ხუთზე მაქვს რეპეტიცია, მაგრამ საფიამ მთხოვა, იქნებ ოთხზე მივიდე.
სანდროს თვალები გაუბრწყინდა.
-არ არის პრობლემა! ჩვენ მანამდე კუს ტბაზე ავალთ.
-კუს ტბა?
-ჰოო. თბილად უნდა იყო, ცივა იქ. მითუმეტეს ახლა. მერე ლისის ტბაზე წავალთ, მერე ლოპოტაზე.
კასანდრას გაეცინა.
-ყაზბეგში არ წავალთ?
სანდროს თვალები აენთო.
-გინდა?
-ძალიან.
-ხოდა, წავალთ. მოკლედ, ახლა თერთმეტი საათია. დრო გვაქვს. წავედით.
კასანდრამ ყელზე შარფი მოიხვია და სანდროს გაჰყვა.
მანქანაში ჩასხდნენ და გოგონას ბიჭის სურნელი უცებ დაეტაკა.
მოულოდნელი სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭა.
გზაში სანდროს ხელს ნაზად ეფერებოდა გოგონა.
-კას, ხელები სულ ცივი რატომ გაქვს?
სიცილით ჰკითხა ამ უცნაური ფაქტით გაკვირვებულმა სანდრომ.
კასანდრას უხერხულად გაეღიმა და ხელები ისევ კალთაში ჩაიდო.
სანდრო ლამის წამოხტა მძღოლის სავარძლიდან.
-არა, არა! მომკიდე ხელები. ისე გკითხე, არ მაწუხებ. მომეცი, ლამაზო. გაითბე.
კასანდრას გულში სითბო ეღვრებოდა ბიჭის სიტყვებზე.
სანდრომ თვითონ ჩაავლო თავისი უსაშველოდ ცხელი ხელები გოგონას თითებზე და მიეფერა.
-თან არ მინდა, გაცივდე.
მანქანაში ჩართული გამათბობლის მიუხედავად, კასანდრას ცხვირი და ტუჩები ერთიანად აწითლებული ჰქონდა.
-კას... სულ გაიყინე.
კასანდრას გაეღიმა.
-მალე მივიდეთ, ჩაი მინდა.
სანდრომ გაუღიმა და სიჩქარეს მოუმატა.
კუს ტბა ძალიან მოეწონა კასანდრას. მაგრამ სციოდა და სანდროს ხელს ხელებს არაფრით უშვებდა. ბიჭსაც მეტი არაფერი უნდოდა!
მიუხედავად ივნისის პირველი რიცხვებისა, საშინელი წვიმა და სიცივე იყო.
ერთ-ერთ მყუდრო კაფეში დასხდნენ და მიმტანს ორი ჩაის მოტანა სთხოვეს. სანდრო უყურებდა კასანდრას, რომელიც ტბის ცქერით ტკბებოდა.
-ძალიან ლამაზია აქაურობა.
-ჰო...
გოგოსთვის თვალისმოუშორებლად ჩაილაპარაკა და ისევ ტბის ხედის მონუსხულს მიაჩერდა.
დაინახა, შესამჩნევლად როგორ გააკანკალა პლედში გახვეულს და სასწრაფოდ მის გვერდით გადაჯდა.
-რაო, პატარავ. არ მინდა, რომ გაგყინო. თუ გინდა წავიდეთ.
კასანდრამ სასწრაფოდ გააქნია თავი.
-არა, არა! მომწონს აქაურობა. ძალიან კარგი ადგილია.
ნელა გადაიწია ბიჭისკენ და მის მკერდს თავი მიადო.
-შენ არ გცივა, სანდრო?
-არა...
-იქნებ, მაინც დაიფარო ეს პლედი...
-კაი, ჰო.
იძულებით მოიხვია ზურგზე პლედი და გოგონას ხელები მოხერხებულად მოხვია.
კასანდრას ჩუმად ჩაეცინა.
-საერთოდ აღარ მცივა...
სანდრომ გოგოს სახე ხელებში მოიქცია და თვალის უპეები დაუკოცნა მომღიმარს.
-ძალიან ლამაზი ხარ... უსაშველოდ ლამაზი.
კასანდრას გაეღიმა, თვალები სულ აუციმციმდა.
თავი მკერდზე უფრო კომფორტულად მიაყრდნო და უკვე მოტანილ ჩაის ჭიქას დასწვდა.
ბიჭის თბილ სხეულზე მიხუტებული ჩაის ჩუმად სვამდა და ფიქრობდა. თვალები ნელ-ნელა დაეხუჭა და ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო შუბლზე.
-შენ ძლიერი ხარ კასანდრა. ამ ყველაფერზე ძლიერი ხარ.
ამ სიტყვებმა მეორედ უშველეს სევდაში გახვეულს.
ბევრჯერ უფიქრია თავის ცხოვრებაზე, მაგრამ ყოველთვის თვლიდა, რომ ხალხი უფრო მეტად წვალობდა და მეტ გასაჭირში იყო. თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ ბევრი მის ტკივილს ვერ გაიგებდა.
ხშირად შეუკავებია თავი როიალისგან შორს მყოფს, ემოციების გამოვლენისგან და ამას მოჰყოლია სრული ანშლაგი მის კონცერტზე. ტაშისგან ხელებატკიებული აუდიტორია და მისი სახელი საფრანგეთის წამყვანი გაზეთების პირველ გვერდზე.
-სანდრო, იცი? ხანდახან მინდა, აღარ ვსუნთქავდე. უბრალოდ მინდა, ცოტა ხნით სუნთქვა შევწყვიტო. იმიტომ, კი არა, რომ სხვისი რეაქცია მაინტერესებს. უბრალოდ, ვფიქრობ, რა მოხდებოდა. მაგრამ, ფიქრსაც ვერ ვბედავ ამაზე დიდხანს. თამარს ასეთ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბედნიერი თუ არა, უბედური რომ არ ვიყო.
სანდრომ გაუღიმა და საფეთქელზე ნაზად აკოცა. ნაზად ეფერებოდა იმავე ადგილას:
-არ უნდა დასუსტდე. ძლიერი უნდა იყო და ირგვლივ ყველას აძლიერებდე. მაშინ იქნები ბედნიერი.
-შენ ბედნიერი ხარ?
-მე? მე უბედნიერესი ვარ. მყავს ჯანმრთელი ოჯახი, კასანდრა ფაბრონი და ბინისმაგვარი მანქანა, სადაც ძილიც შეიძლება.
კასანდრას გაეცინა.
-შენთან საუბარი რომ მიყვარს, გითხარი?
-მგონი კი. მაგრამ კიდევ მოვისმენდი.
კასანდრამ ნელა აკოცა ტუჩთან ახლოს.
-მე რომ ვუკრავ, რას გრძნობ ხოლმე?
-არ ვიცი, ამას რა ქვია. მაგრამ შენი გულში ჩაკვრა მინდა, შენი დამშვიდება მინდა, რომ აღარ იტირო. მთვარის სონატა რომ მოვისმინე, მეგონა გული გამისკდებოდა ისე ცუდად იყავი. და იმ პირველი ნაწარმოების მერე კულისებში რა გაგიკეთეს?
-საფიამ წყალი დამალევინა და დამამშვიდებელი დამალევინა. არაფრით არ მინდოდა კონცერტზე დამამშვიდებლის დალევა, მაგრამ პანიკაში ჩავარდნას მერჩივნა.
-რატომ არ გინდოდა?
-ეს მხოლოდ კონცერტი არ არის, სანდრო. ეს გამოფენაა. ტკივილის გამოფენა და ჩემს სანახავად კი არ უნდა დადგე სათვალით შეიარაღებული, უნდა გამომყვე და მე ჩემი ფეხით მოგიყვან ჩემს გულამდე, ჩემამდე.
სანდრო დამუნჯებული უყურებდა გოგონას და ვერაფერზე ფიქრობდა მისი ნათქვამის გარდა.
-გამოგყევი. კიდევ გამოგყვები.
კასანდრამ გაუღიმა და ბიჭს ხელზე ხელი დაადო.
-ჰო, მეც ეგ მინდა.

***
რეპეტიცია კონსერვატორიის დარბაზში ჰქონდათ, სადაც უკვე მისულიყო ელა.
კასანდრას დანახვაზე მისკენ გამოიქცა და გადაეხვია.
-bonjooour! როგორ ხარ?
კასანდრას უნებურად გაეღიმა გოგონას თბილ და ბავშვურ ქცევაზე.
-ciao! კარგად, შენ როგორ ხარ, ელა?
-მშვენივრად. ლაკრიმოზას გამო ცოტა დავისტრესე, უკვე სამჯერ მოვუსმინე ზედიზედ, მაგრამ ჩემი აზრით ყველაფერი გამოვა.
-იმედია.
კასანდრა მოსამზადებლად კულისებში შევიდა. თვალები დახუჭა. ხელები ისე გაავარჯიშა, თითქოს ცეკვავდა. ნოტებს ხელი დაავლო და კულისებიდან გადიოდა, როცა უკან მოატრიალეს და ლოყაზე ტუჩები მიაკრეს.
გოგონას გაეღიმა.
-სანდრო... ისე ნუ იზამ, რომ სულ გავშტერდე.
ბიჭს გაეცინა და ყელზე მიაკრო ტუჩები.
-აბა, შენ იცი. მე შენთან ვარ.
კასანდრა ინსტრუმენტს მიუახლოვდა:
-გამარჯობა, ლამაზო.
ჩუმად ჩაილაპარაკა ფრანგულად და გაეღიმა.
როიალს მიუჯდა და ნელა დაუსვა თითი კლავიშებს.
მის წინ გუნდი იდგა, რომლის წინ მთელი თავისი გრაციით —ელა ფოლიერო დამდგარიყო და ხმას ავარჯიშებდა.
კასანდრამ მათი ყურადღების მისაქცევად ხელი აღმართა და თავი დაუკრა.
ელამ თვალი ჩაუკრა და მსმენელთა რიგებისკენ მიტრიალდა სადაც კონცერტის ორგანიზატორები და მუსიკოსები ისხდნენ.
-ვიწყებთ! ყველა ადგილზე! კულისებში სიჩუმე! დათო, ადგილზე, თუ შეიძლება!
მაღალი, გამხდარი მამაკაცი სადირიჟორო პულტს მიუახლოვდა და ჩაახველა.
-დავიწყეთ!
კასანდრამ თავი დაუქნია დირიჟორს და საწყის ნოტებს დაუთმო გზა.
სანდრო აღელვებული ადევნებდა ამ სანახაობას თვალს. კასანდრას ხმადაბალ ნოტებს ყველა ფრთხილი მზერით ისმენდა, ხოლო როცა გუნდის ხმა როიალის ხმას შეერწყა გოგონამ კლავიშებს მეტი ძალა შეჰმატა.
და ელა... ელას ხმამ კონსერვატორიის დარბაზი მთლიანად მოიცვა.
-ოჰ... -მხოლოდ ამის ჩალაპარაკება მოასწრო იქ მყოფი მუსიკოსებიდან ყველაზე მწვავე კრიტიკოსმა, სანამ თვალებს დახუჭავდა და გოგონას ხმას ბოლომდე გაჰყვებოდა.
დირიჟორი მითითებებს აძლევდა ორკესტრის წევრებს.
მევიოლინეები ფრთხილად, ნაზად შეერივნენ როიალის ბობოქარ მელოდიას.
კასანდრა ნახევარი ტანით გადახრილიყო და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა, როგორც ყოველთვის.
ვიოლინოსა და როიალის ხმებმა თითქოს დიალოგი გააბეს, რომელსაც პიანისტის ძალის დახმარებით უფრო მეტი ძლიერება შეჰმატებოდა.
კასანდრა სანდროსგან ზურგით იჯდა და ბიჭი მის ემოციებს ვერ ხედავდა, მაგრამ მხრებში ოდნავ მოხრილი, აცახცახებული სხეულის შემხედვარე მშვენივრად ხვდებოდა, რომ როიალთაც მჯდომიც არ იყო მასთან შედარებით კარგ დღეში.
ნაწარმოები თითქოსდა კასანდრას ჯინაზე, ზანტად მიიწევდა წინ.
გოგონა თავს აქნევდა, თითქოს კლავიშებს უფრო და უფრო მეტი ძალით აწვებოდა.
ელას ხმა კი ზარივით ისმოდა დარბაზში და ხმამაღალი ნოტებით ტიროდა.
მისი ყველა ბგერიდან ჩანდა, რამდენად ახლოს მიჰქონდა თითოეული ნოტი გულთან. ვიოლინოს სევდიან ხმასთან გარეული მისი ტრაგიზმი კი მსმენელისთვის სულისშემძვრელი იყო.
ბოლო აკორდები აიღო თუ არა, დარბაზში მუსიკოსების აპლოდისმენტების ხმა გაისმა.
კასანდრა სწრაფად წამოდგა ფეხზე და კულისებში შევარდა.
თითქოს რაღაცას ეძებსო, გიჟივით ათვალიერებდა იქაურობას. მერე, ამოისუნთქა. ერთ-ერთ ჩაბნელებულ ოთახში შევარდა და კარი სასწრაფოდ მოიხურა.
სანდრო თვალებგაფართოებული ადევნებდა ამ სანახაობას თვალს. ის იყო, კარის გაღება დააპირა, წინ ელა რომ გადაუდგა.
-არ გინდა. მე შევალ.
სანდრომ კბილებში გამოსცრა:
-უკან დაიხიე.
კარი ფრთხილად გამოაღო და შიგნით შეძვრა.
კასანდრა კუთხეში ჩამჯდარიყო და ჩურჩულებდა.
-ღმერთო, გთხოვ. ახლოს გყავდეს. გთხოვ, იზრუნე მასზე. გთხოვ, გიყვარდეს. რადგან შეუძლებელია, არ შეგიყვარდეს.
მაშინვე მიხვდა, რომ ღმერთს ევედრებოდა. თუმცა ვერ მიხვდა, რას.
ჩუმად მიუჯდა გვერდით.
კასანდრამ მისი იქ ყოფნა მაინც იგრძნო და თვალები გაახილა.
-სანდრო...
ბიჭმა მხარზე მოხვია ხელი გოგონას.
-არ ინერვიულო. ყველაფერი კარგადაა. საოცარი იყო. ყველაფერი.
კასანდრამ გაუღიმა: - მართლა?
სანდრომ თავი დაუქნია.
-სხვანაირად არ შეიძლებოდა.
კასანდრა მისკენ გადაიხარა და თავი მხარზე დაადო:
-ძალიან მინდა, რომ მოგწონდეს. ძალიან მინდა, მოგწონდე.
გაეღიმა.
-მომწონს. და შენც მომწონხარ, კას...



დიდი ბოდიში.
დაკარგვის გამო.
უბრალოდ, ასე გამოვიდა.
იმედია, მოგეწონებათ.
თქვენი მარიკუნა. :))



№1  offline წევრი დარინა

მიყვარს მე ეს იატორია დარამდენიც არ უნდა დააგვიანოპრეტენზიაც კი არ მაქვს, ისეთი ჰარმონიული და თბილი წყვილია სულ მინდა რომ მათი სიყვარულით გამათბონ. ველოდები შემდეგ უთბილეს და უგემრიელეს თავს, მაგარი გოგო ხარ შენი წერის სტილიდანაც ჩანს ეს მიხარია რომ წერ. წარმატებები.

 


№2  offline წევრი Kalina

დარინა
მიყვარს მე ეს იატორია დარამდენიც არ უნდა დააგვიანოპრეტენზიაც კი არ მაქვს, ისეთი ჰარმონიული და თბილი წყვილია სულ მინდა რომ მათი სიყვარულით გამათბონ. ველოდები შემდეგ უთბილეს და უგემრიელეს თავს, მაგარი გოგო ხარ შენი წერის სტილიდანაც ჩანს ეს მიხარია რომ წერ. წარმატებები.

უღრმესი მადლობა შენ!♥️ ძალიან გამახარე♥️ ხელის მოტეხილობის გამო რეაბილიტაციას გავდივარ ჯერაც და მართლა მიჭირს წერა ♥️ ვცდილობ ყველანაირად,
ძალიან მიყვარხარ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent