შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lacrimosa [6]


2-09-2018, 22:30
ავტორი Kalina
ნანახია 5 141

თითქოს უჭირდა საქართველოს დატოვება.
იქნებ, სანდროს გამო...
იქნებ, რამე სხვა იყო მიზეზი.
როგორც სთხოვა, ისე მოიქცა. აეროპორტში მის გასაცილებლად არ მოვიდა. საფია და კასანდრა მარტო მიემგზავრებოდნენ.
თვითმფრინავში არაფრით გაეკარა ძილი.
,,ნეტა არ ამეკრძალა მისთვის მოსვლა, უფრო გამიხარდებოდა.”
საფია გაკვირვებული უყურებდა მომღიმარ მეგობარს და თვითონაც ეშმაკურად ეღიმებოდა.
-კასანდრა. გაგეხევა პირი მალე.
კასანდრას გაეცინა.
-რატომ?
-ასეთზე ვისზე ფიქრობ, რომ ერთი წამით არ გამომხედე.
კასანდრამ ეშმაკური ღიმილით გახედა საფიას.
-შენი აზრით?
-როგორც ჩემი თვალები და მეხსიერება მკარნახობენ, იმ სიმპატიური მევიოლინის ძმაზე ფიქრობ, ხომ?
სანდროს ხსენებაზე გოგონამ თვალები დახუჭა და გაეცინა.
საფიამ პირი სიცილით დააღო:
-ამას უყურე! შე ჩუმჩუმელა!
კასანდრა იცინოდა.
-კარგი, ნუ აზვიადებ. უბრალოდ, ძალიან კარგი ბიჭია.
საფიამ ირონიულად დაურთო:
-ხო, ძალიან კარგი ბიჭი, რომელზე ფიქრიც არ შეგიწყვეტავს მთელი ეს დრო, მასთან ერთად დადიხარ, ერთ ოთახში გეძინათ...
-ცალ-ცალკე, საფია! ნუ ცდილობ ჩემს გარყვნილად წარმოჩენას!
კასანდრამ სიცილით აუქნია თითი მეგობარს.
საფიას ეცინებოდა:
-გცემ! რაებს მიმალავ ხოლმე?!
-იცი, როგორი თბილია...
საფიას გაეღიმა.
-კარგი ბიჭი ჩანს.
-საუკეთესო! საფია, წარმოიდგინე: იმ სტატიაზე ეგონა, რომ მასზე ვიყავი გაბრაზებული, თითქოს მან გამოაქვეყნა ეს ყველაფერი, წავიდა, ბექას შეყვარებული ააწიოკა და პირდაპირ სასტუმროს ნომერთან მომაყენა, რომ სიმართლე აეხსნა! სხვა არც კი გაიმართლებდა თავს, მან კი...
საფია თავს უქნევდა:
-როგორც ჩანს, არც თვითონაა გულგრილი შენს მიმართ. მაგრამ... როგორ გააგრძელებთ ურთიერთობას?
-არ ვიცი. ახლა დედას ვჭირდები. მითხრა, რომ ჩამოხვალ, ტბაზე წავიდეთო.
საფიას თვალები ისევ გაუფართოვდა:
-კას, გცემ! ტბაზე მიდიხარ და მე არ მეუბნები ხომ? ძალიანაც კარგი! ხოდა, შენს განრიგებს შენ მიხედე, დაივიწყე მე რომ გყავარ! უნამუსო გოგო ეს!
ორივე იცინოდა.
-საფიაა... შენ ჩემზე მაგარი დრამის დედოფალი ხარ! გეუბნებოდი, აბა რას ვაპირებდი შენი აზრით?
-კას, გაკოცა უკვე?
კასანდრამ თავი ღიმილით გააქნია.
-სულ მკოცნის, მაგრამ... ჯერ არა. ერთხელ ვუთხარი, არასდროს მყოლია შეყვარებულითქო და ყველაზე ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა. მეფერება სულ, მაგრამ ზღვარს არასოდეს გადადის.
საფია თავს უქნევდა.
-ძალიან თბილი ჩახუტება აქვს...
საფიას გაეცინა.
-ნეტავ შენი თავი დაგანახა, როცა მასზე ლაპარაკობ. მგონი, გიყვარს...
კასანდრამ მკაცრი მზერით გახედა:
-არ მიყვარს ამ სიტყვის ასე ტრიალი. არ მიყვარს, უბრალოდ მასთან კარგად ვარ.
საფიას ჩაეღიმა:
-ენდობი?
-რათქმაუნდა.
საფიამ მხრები აიჩეჩა.
-წესით, მხოლოდ ეგაა საჭირო შეყვარებისთვის.
კასანდრას გაეღიმა.
-ალბათ.
არც შემდეგ მიეკარა ძილი.

***
თამარი ამ დროისთვის საავადმყოფოდან უკვე გამოწერილი ჰყავდათ და სახლში ისვენებდა. ჟერარდი წამით არ შორდებოდა და თავს ევლებოდა.
ჟერარდმა თამარი უნივერსიტეტში გაიცნო. თამარი ლამაზი ქალი იყო ახალგაზრდობაშიც და მერეც. ჟერარდს დანახვისთანავე მოსწონებია ქართველი და გაცნობის პირველივე დღესვე პაემანზე დაპატიჟა. თურმე, პირველი პაემნის შემდეგ, ჟერარდს შემთხვევით თამარის შარფი გაჰყოლია.
,,მისი სურნელი ჰქონდაო”, ამბობდა ჟერარდი და დღემდე შემონახულ შარფს ხელში მოიქცევდა ხოლმე ამ ამბის მოყოლისას.
როცა შარფზე ქალის სურნელი გამოილია, უკან მხოლოდ მაშინ დაუბრუნებია. ერთი კვირის შემდეგ ისევ ,,შემთხვევით” გამოიყოლა იმავე შარფი და ასე აგრძელებდა ჟერარდი ქალის სურნელით გაჟღენთილი ნაჭრის ჩახუტებას და ყოველ ღამე ჩაძინებას.
ცოლობა სამ წელიწადში სთხოვა. საგანგებოდ ჩააკითხა თბილისში მცხოვრებ თამარს და ქალის მშობლებს მისი ხელი სთხოვა. უკვე 25 წლისები იყვნენ და თვლიდნენ, რომ ცხოვრებაზე საკმაოდ ბევრი რამ იცოდნენ. მალევე გადმოვიდნენ საფრანგეთში საცხოვრებლად. თამარს უჭირდა საქართველოს დატოვება, მაგრამ ჟერარდი ძალიან უყვარდა. იცოდა, რა წრეშიც ტრიალებდა მისი ქმარი და რა ცნობილიც იყო და ამ რეპუტაციას ვერ მოუსპობდა, მიუხედავად იმისა, რომ ჟერარდს არაერთხელ მოსვლია აზრად საფრანგეთიდან ისევ თბილისში გადასვლა, მაგრამ საკმაოდ მცირე ხანში თამარმაც იშოვა საკმაოდ პრესტიჟული სამსახური და მოქალაქეობაც მალევე დაუმტკიცეს. კასანდრაც მალევე გაჩნდა. მისი დაბადება წყვილისთვის ახალი დასაწყისი იყო. ჟერარდი სახლში ბევრად ადრე ბრუნდებოდა, რომ ცოლს პატარა კასანდრას დაბანასა და დაძინებაში მიხმარებოდა.
თუმცა, კასანდრა არასოდეს ყოფილა ჭირვეული ბავშვი. პატარაობიდანვე ჩუმი ბავშვი იყო და ყველა ფიქრობდა, რომ ლაპარაკს გვიან დაიწყებდა. თუმცა, მალევე დაიწყო სიტყვების წარმოთქმა ერთდროულად ორ ენაზე.
დედა და maman(დედა ფრ.) , მამა და papa(მამა ფრ.). მიუხედავად ენებს შორის სხვაობისა, პატარა კასანდრას ეს ორი ენა არასოდეს ეშლებოდა ერთმანეთში. თუ ხვდებოდა, რომ რომელიმე სიტყვას ვერ იხსენებდა ჩუმდებოდა და აღარაფერს ამბობდა.
ფორტეპიანოს პედაგოგთან რომ შეიყვანეს, პირველ კლასში იყო და ორ ენაზე საუბრობდა.
თამარი არაფრით ეშვებოდა კასანდრას. როგორც კი შენიშნავდა, რომ ქართული სიტყვა ავიწყდებოდა, მაშინვე ახსენებდა და ათასჯერ ამეორებინებდა, რომ არ დავიწყებოდა.
ათი წელი სწავლობდა ფორტეპიანოს ხელოვნებას და ამ ათი წლის განმავლობაში უამრავჯერ გამოსულა კონცერტზე.
პირველ კონცერტზე, 9 წლის გოგონას შიშისგან სიცხემ აუწია და პირველად აურია ერთმანეთში ქართული და ფრანგული ნერვიულობისგან. ქართული ენა ჟერარდს უკვე მშვენივრად ესმოდა, მან კასანდრასთან ერთად ისწავლა ქართული და გოგონას თხოვნასაც მარტივად მიხვდა. პირგამომშრალი და ერთიანად აწითლებული გოგონა ცივ წყალს ითხოვდა.
13 წლის კასანდრას კონცერტზე კი მოხდა ის, რამაც თამარი მთელი გულით აატირა.
წითური, ხუჭუჭა ბიჭი, რომელიც სევდიან მელოდიას ასრულებდა ინსტრუმენტზე და ტუჩებიც სატირლად დაებრიცა. მაშინვე გადასჩურჩულა აცრემლებულმა თამარმა ჟერარდს:
-პატარა ბიჭი მინდა მყავდეს, ჟერარდ. ასეთივე კულულებით და შენსავით ლამაზი თვალებით, ძვირფასო.
ჟერარდს ჩაეცინა, ცოლს მხარზე ხელი მოხვია და ჩასჩურჩულა:
-გვეყოლება ძვირფასო, აუცილებლად გვეყოლება.
და იმავე წელს გაჩნდა ნოა.
ოქროსფერთმიანი, კულულა ნოა.
ყველაფერი იყო კასანდრასთვის ოჯახის ახალი წევრი.
პატარაობიდანვე უყვარდა ბიჭს მუსიკა. ორი წლის ნოა კასანდრას ოთახში შერჩეულ თავის საყვარელ სავარძელში ჩაეშვებოდა და დის შემოქმედებას უმენდა. საათობით შეეძლო მუსიკის მოსმენა და როცა კასანდრას იმ ოთახში ძმის არსებობა გაახსენდებოდა, პატარა ნოა უკვე ჩაძინებული ხვდებოდა.
კასანდრას დიდი მონდომების მიუხედავად სიმღერა არ გამოსდიოდა, მაგრამ თამარზე უკეთ შეეძლო ძმის დაძინება რამდენიმე წუთში.
სამი წლის ნოა დის ოთახში ჩუმად შეიპარებოდა და მუცელზე ხუჭუჭა თავს დაადებდა, გაიტრუნებოდა და მაშინვე ძილს მიეცემოდა.
თამარი გაოცებული იყო და-ძმის კავშირით და ხელს მუდმივად უწყობდა უფრო მეტად დაახლოებაში.
მიუხედავად თამარის უამრავი მცდელობისა, ბიჭი ჯიუტად საუბრობდა ფრანგულად და ქართული არც ერთი სიტყვა არ ესმოდა. ყველას გასაკვირად, ნოას პირველი სიტყვა იყო ,,კასა”. თითქოს ეზარებოდა კასანდრას სრული სახელის წარმოთქმა, ბოლომდე თავის შერქმეულ ,,კასას” ეძახდა.
5 წლის რომ გახდა, პირველად წაიყვანეს თან კასანდრას კონცერტზე. საათობით მუსიკის მოსმენას შეჩვეული ნოა სამი საათის განმავლობაში არ განძრეულა ადგილიდან, მხოლოდ კასანდრას ნომრის შემდეგ წამოვარდა ფეხზე და ხმამაღლა დასჭექა: -Cassa, je t’aime! (კასა, მიყვარხარ!)
გოგონამ ადგილზე მცქმუტავ ძმას, რომელსაც კულულები ზემოთ-ქვემოთ უხტოდა გაუცინა და კულისებში შევიდა.
7 წლის ნოა უკვე ორჯერ იყო ნამყოფი თბილისში. იცოდა, რომ აქ დედას სახლი იყო. მუდამ იქ რჩებოდნენ და თავისი ოთახიც ჰქონდა უკვე.
თბილისში ყოფნისას მუდამ ერთობოდნენ. განსაკუთრებით მთაწმინდის პარკი უყვარდა ბიჭს. ატრაქციონების მოვლის შემდეგ არაფრის თავი აღარ ჰქონდა და მხოლოდ ძილი თუ შეეძლო.
თითქმის რვა წლის იყო, თბილისში მესამედ რომ ჩამოვიდნენ. სამი დღე მხიარულებაში გაატარეს. თუმცა, მთაწმინდის პარკამდე ვერაფრით მიაღწიეს.
მეოთხე დღეს ნოა საშინელ ხასიათზე იყო. მთელი დღე ჭირვეულობდა. თამარი და კასანდრა დილიდან თავს ევლებოდნენ, რომ როგორმე ხასიათზე მოეყვანათ.
მარჯანიშვილზე იყვნენ. ნოა ნაყინს ჭამდა. კასანდრა გაცხარებული საუბრობდა ტელეფონზე. თამარს ერთი ხელი ნოასთვის ჩაეჭიდებინა, მეორეთი ჩანთა მოჰქონდა.
-კასანდრა, თამარი შვილს მოუტრიალდა —მკერავთან გადავდივარ, ნოას გიტოვებ, ცხელა იქ, ვერ მოისვენებს. კასანდრა, მისმენ?
კასანდრამ თავი დაუქნია და ნოას ხელი ჩასჭიდა.
თამარმა ბიჭს ოქროსფერ თმაზე ხელი გადაუსვა და გზაზე გადავიდა.
ბიჭმა თავისი თბილი, ყავისფერი თვალებით ამოხედა დას და გაუღიმა.
კასანდრამ ტელეფონი გათიშა და ძმას ნაყინით დასვრილი პირი მოსწმინდა.
ნოამ თავისუფლებით ისარგებლა, უცებ წამოიყვირა: ,,ქაღალდს გადავაგდებო” და გზაზე გადაირბინა.
მეორე ბოლომდე გადარბენა ვერ მოასწრო.
კასანდრას კივილმა მთელი მარჯანიშვილი შეძრა.
სწრაფი სიჩქარით მოძრავი ჯიპი ისეთი ინერციით დაეჯახა ბიჭს, რომ ბავშვის უგონო სხეული ერთ მეტრში გადაისროლა.
კასანდრა კიოდა. გიჟივით გადაკვეთა გზა და ძმის თავი, რომლიდანაც სისხლი მოჟონავდა, კალთაში ჩაიდო.
ხმამაღლა მოთქვამდა. ქვაფენილზე თავით დაცემულს მთელი სახე დასერილი ჰქონდა.
კასანდრა არაადამიანურად ღრიალებდა, დახმარებას ითხოვდა.
მანქანის მძღოლმა მანქანა ისევ უზარმაზარი სიჩქარით გააქროლა ქვაფენილიან გზაზე.
ნოა სუსტი ხმით ბურტყუნებდა. არ იცოდა, ეტირა თუ არა.
შოკში ჩავარდნილ კასანდრას ტელეფონი გზის მეორე მხარეს დავარდნოდა.
დამხმარე არავინ ჩანდა.
გამვლელები დანანებით ბურტყუნებდნენ, საწყალი ბავშვი მარტო გზაზე ვინ გადმოუშვაო.
კასანდრა კივილისგან ჩახლეჩილი ხმით ქართულად ემუდარებოდა ხალხს:
-გემუდარებით, დამეხმარეთ... დარეკეთ სასწრაფოში. მიკვდება, ძმა მიკვდება, გესმის?!
რამდენიმე ადამიანი მოგროვდა მის გვერდით.
ორი ბიჭი იქვე ჩუმად ჩურჩულებდა. ერთმანეთს გადახედეს და გოგონას ბავშვის საავადმყოფოში თავად წაყვანა შესთავაზეს.
ნოა ჩურჩულით ეხვეწებოდა, არ დამტოვო კასაო.
ბიჭებმა ფრთხილად აიყვანეს ნოა და იქვე მდგარი მანქანის უკანა სავარძელში ჩააწვინეს.
-დედაჩემი... მას ვინმემ უთხარით... სამკერვალოშია. გთხოვთ.
ერთ-ერთი ბიჭი მანქანიდან გადახტა და სამკერვალოსკენ გაიქცა.
კასანდრა მთელი გზა ეფერებოდა ნოას და უმეორებდა, რომ მალე ყველაფერი დამთავრდებოდა, რომ არ შეშინებოდა.
გზის ნახევარიც არ ექნებოდათ გავლილი, ნოამ თვალები რომ დახუჭა.
კასანდრამ შეშფოთებისგან ტირილი შეწყვიტა:
-არა... არა, ნოა. თვალები გაახილე, არ შეიძლება დახუჭვა, გაახილე! ნოა, გეხვეწები ნუ მაშინებ! თვალები გაახილე, გთხოვ!
ნოას არ ესმოდა.
აღარაფერი ესმოდა.
-ნოა... ჩემო ბიჭო, ჩემო პატარა, თვალები გაახილე, გემუდარები. ვაიმე...
მოსთქვამდა გოგონა.
საჭესთან მჯდომი მთელი ძალით ჩაჰფრენოდა საჭეს და რაც შეეძლო სწრაფად მიაქროლებდა მანქანას.
-ჩემო პატარა... გეხვეწები, ნოა, გეხვეწები...
მძღოლი ხვდებოდა, რაც ხდებოდა. ისიც იცოდა, რა ელოდა ბავშვს. ხვდებოდა და თვალები ცრემლით ავსებოდა. მაგრამ გოგონას მაინც მოთმინებით ამშვიდებდა:
-კარგად იქნება... ყველაფერი კარგად იქნება, გოგონა. ნუ გეშინია.
კასანდრას ტირილისგან ხმა ბოლომდე ჩავარდნოდა.
საავადმყოფოს შესასვლელში ექიმები სანახაობამ შეაძრწუნა. მხოლოდ ამ სანახაობას მიჩვეული ექიმი გამოვარდა საკაცით ხელში და ბიჭი ზედ დააწვინა.
ორმეტრიან საკაცეზე ნოას სუსტი, გამხდარი სხეული იმდენად უმწეოდ მოეჩვენა კასანდრას, რომ ყელში მოწოლილი ქვითინი ვერაფრით შეიკავა.

***
ნახევარი საათიც არ იყო გასული, იმავე ექიმი რომ გამოვიდა რეანიმაციიდან და კართან გახევებულ კასანდრას მამა-შვილურად რომ გადაეხვია.
არაადამიანურად იღრიალა და ექიმის ხალათმა მისი გოდება ჩაახშო.
-დამშვიდდი, შვილო... უნდა გაუძლო, უნდა გაძლო. იმ ლამაზ ანგელოზს ენდომებოდა, რომ გაგეგრძელებინა.
პალატასთან ახლადმოსულმა თამარმა ამ სურათს რომ მოჰკრა თვალი, ოხვრით ჩაეშვა კედლის ძირში.
ისევ იქ მყოფმა ბიჭებმა წამოაყენეს ქალი და ცივი წყალი მიაწოდეს.
კასანდრა ხაოდა, ექიმს არ უშვებდა.
ექიმი მოთმინებით უსვამდა ზურგზე ხელს და მის დამშვიდებას ცდილობდა:
-უნდა განაგრძო. ყველაფერი კარგად იქნება.
კასანდრას სხეულში ძალა გამოეცალა.
გულწასული პალატაში შეიყვანეს.
რომ გამოფხიზლდა, პირველად თამარი იკითხა.
ქალი შვილის უკვე გაციებულ სხეულს ედგა თავზე და წამით არ შორდებოდა.

***
-კას, ჩახვედი?
-ჰო. მომენატრე.
ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა.
-მეც მომენატრე, კას. გელოდები.
-მალე ჩაგეხუტები, თბილო.
ბიჭს ამ უცნაურად ლამაზ სახელზე გაეცინა და ღიმილით უპასუხა:
-დედას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
-მადლობა, სანდრო.
-მანდ უკვე ღამე იქნება, კას. ღამე მშვიდობის. ალბათ მანდ ღამით ვერ მოვალ, მაგრამ... თუ არ დაგეძინა, შეგიძლია დამირეკო.
კასანდრას გაეცინა.
-აუცილებლად. შენც ტკბილი ძილი. Au revoir(ნახვამდის).

კასანდრამ ტელეფონი ღიმილით გათიშა და კარზე დააკაკუნა. კარი ჟერარდმა გაუღო, რომელსაც გაცისკროვნებული ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე.
-ჩემო ნიჭიერო, ჩემო ფერია...
შვილი ღიმილით ჩაიკრა გულში ქალიშვილი და სახლში შეუძღვა. საფია გადაკოცნა, რომელმაც მათთან დარჩენაზე ცივი უარი განაცხადა. ,,ახლა ოჯახი ერთად უნდა იყოთ, ზედმეტი ხალხი საჭირო არ არისო.” და მაშინვე დაემშვიდობა ოჯახის წევრებს.
კასანდრას ცრემლები მოადგა დედამისის დანახვაზე. ქალს სახეზე არაფერი ეტყობოდა სულის ტკივილის გარდა.
-დედა, როგორ ხარ?
თამარმა გაჭირვებით გაუღიმა და ხელი ხელზე მოუჭირა:
-მე კარგად ვარ, ჩემო სილამაზევ, ჟერარდს უყურებ? სულ გადაირია. გვერდიდან არ მშორდება. აქამდე თუ ვუყვარდი, ახლა მგონი ჩემი ფეტიში აქვს. დამადებს ხელზე თავს და გეგონება, მეთაყვანება.
კასანდრას გაეცინა და მამას გახედა, რომელიც ღიმილით მიყრდნობოდა კარს.
-არა, ერთი მაგას ჰკითხე, თვალები როგორ უბრწყინდება, რამეს რომ ვუსრულებ!
თამარს გაეცინა.
კასანდრას თვალებზე ცრემლი ადგებოდა მშობლების სიყვარულზე.
დედის მოფერებით გული რომ იჯერა, თავის ოთახში შევიდა და ტირილით გული მოიოხა. შემდეგ, სანდროს დაურეკა.
თითქოს ინსტიქტურად.
სანდრომ მაშინვე უპასუხა და გოგონას გაეღიმა.
-პატარავ, როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-შენი ხმა არ მომწონს. ვიდეოს არ ჩართავ?
-მმმ...
-გთხოვ.
მის თხოვნას ვერ უარყოფდა.
ვიდეო ჩართო და მხოლოდ ნახევარი სახე გამოაჩინა ეკრანზე.
-კას... იტირე?
-ჰო.
-რატომ?
-არ ვიცი, სანდრო. გულს მიკლავს დედას ასე დანახვა. არაფერს მაგრძნობინებს, მაგრამ მე ხომ ჩემითაც ვგრძნობ ყველაფერს. განა, ვერ ვხვდები, როგორ სტკივა?
სანდროს სახე დაუსევდიანდა.
-კას, ყველაფერი კარგად იქნება. გჯერა ჩემი?
აცრემლებულმა კასანდრამ თავი დაუქნია.
სანდრო დაღონდა.
-გეხვეწები, ნუ ტირი. იცოდე, ფეხით ჩამოვალ მანდ.
-ნეტავ.
-კას...
კასანდრას გაეღიმა.
-ისედაც ხომ მენატრები, დღეს ბექამ მთელ შენს რეპერტუარს მასმენინა მთელი დღე.
-აი, ვის ვენატრები სინამდვილეში!
სანდრომ შეურაცხყოფილი სახე მიიღო:
-ეგრე, ხომ? კარგი, კასანდრა. კარგად იყავი. ვისაც ენატრები, იმას დაურეკე.
-არა, არა! სანდრო!
სანდრო იღიმოდა:
-ვთიშააავ...
კასანდრა დასევდიანდა.
-არა, არ გამითიშო... შენ რომც არ გენატრებოდე, მე მენატრები.
სანდრომ გოგონას გულუბრყვილო სიტყვებს ვერ გაუძლო და ბალიშში თავჩარგულმა უცხო ხმაზე დაიყმუვლა.
-ბევრს გკოცნი.
-ამ მომენტში ყველაზე მეტად ეგ მინდა.
-ააა! ნუ მაიძულებ, რომ ეკრანს ვაკოცო! ყველაზე მეტად მეზიზღება!
კასანდრას გაეცინა.
-ჩემს გამოც არ იზამდი ამას?
სანდრომ ტანჯული სახე მიიღო.
-ამისთვის არ დაგენანები?
კასანდრამ თავი სიცილით გააქნია.
-ხოოო, კარგი!
გოგონამ ხმაურიანი კოცნის ხმა გაიგო და თვალები დახუჭა.
დაიჭირა წამი, რომელიც სურდა და თვალები ისევ გაახილა. სანდროს მომღიმარ მზერას გადააწყდა.
-შენნაირი არავინაა, ფაბრონ.
სიხარულისგან გული ლამის ამოუვარდა ამ სიტყვების გაგონებისას.
-ღმერთო, როგორ მახარებ ნებისმიერი გზით.
-ღმერთს არა, მე მესაუბრე თუ შეიძლება.
-რა სულელი ხარ!
-არ იძინებ? მანდ მგონი უკვე სამი საათია.
-ორია. და ჰო, დაძინებას ვაპირებ.
-ტკბილი სიზმრები. იმედია, მე დაგესიზმრები და მანდაც ბევრს გაკოცებ.
კასანდრას გაეღიმა და მშვიდობიანი ღამე უსურვა ბიჭს.

ამდენი სითბოთი დატვირთულს რამდენიმე წამში ჩაეძინა.


მგონი, ძალიან პატარა გამოვიდა, მაგრამ ასე თუ ისე, ინფორმაციული.
იმედია მოგეწონებათ.
თქვენი მარიკუნა. :)



№1  offline წევრი კეროლაინი

კარგიააა❤️❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Kalina

fotoxelovneba
კარგიააა❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა♥️♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent