შემდეგ ჰელოუინამდე [ ნაწილი.2 ]
_ რაა? ამას სერიოზულად ამბობ? _ სულაც აღარ მეხუმრებოდა. _ აჰამ _ უემოციოდ წარმოთქვა და თავისი მაგიური გამოხედვით ადგილზე გამაქვავა. ალბათ, დიდი ხანი ამუღამებდა ასეთ გამოხედვებსა და სრულ უემოციობას. _ ჰო აბა რა, დროის გასატარებლად და გასართობად სულების გამოძახება უმაგრესი იდეაა. მითუმეტეს, დედაჩემი უახლოესი სამი დღის მანძილზე არ დაბრუნდება და მერე, სახლში ჩამოსულს , კაიფში ჩარჩენილი არაო და გაგიჟებული მაინც დავხვდები _ წარმოსახვებმა შემომიტიეს და გაჩუმებას ვეღარ ვახერხებდი. _ ნუ გეშინია _ საბამ მხარი გამკრა და თვალი ჩამიკრა. აჰ, არ მინდოდა ვინმეს თვალში მშიშარა და ბუზღუნა ვყოფილიყავი. _ აბა ეგეთების არ მჯერაო? _ უემოციო სახეზე ღიმილმა გადაურბინა და შავი თვალები სიხარულით აენთო. _ მოდი სადღეგრძელო შევსვათ, სულებს გაუმარჯოთ _ ჩაიფხუკუნა მეგიმ და ლუდის ქილა სამივეს სათითაოდ მოგვიჭახუნა. _ ჯერ საამისოდ ადრეა _ უცნაურად საუბარს განაგრძობდა ზოი. _ ვის სულს ვიძახებთ ზოი, ბებიაშენის? _ ჩემს გვერდით მჯდომი საბა, სიცილის გარეშე ცდილობდა დიალოგის წამოწყებას. _ არა, ამჯერად ბებიაჩემის სული ჩემთვის საჭირო ინფორმაციას ვერ მომაწვდის _ სიტყვა დაასრულა თუ არა, სასმელი მოიყუდა და ერთ ამოსუნთქვაში ჩაცალა. _ რა ინფორმაციაა ასეთი? _ ჩაეძია და თან ინტერესიანი სახით მეც გადმომხედა. _ გარკვეული რიტუალისთვის შელოცვა მჭირდება, დიდხანს ვეძებდი და ვერსად მივაგენი. მხოლოდ იმის გარკვევა შევძელი, ვის უნდა მივმართო დახმარებისთვის, რომ სწორი მისამართი მომცეს. მოკლედ, ამას თქვენ მაინც ვერ გაიგებთ. _ მედიდურად გაიჯგიმა, თითქოს ამ ყველაფრით ამაყობდა და დანარჩენი, რაც შემდეგ მოხდებოდა, მხოლოდ მის ხელთ იყო. _ ძალიან კარგადაც გავიგებთ. თუ სწორად მივხვდი, როგორც შენ ეძახი შელოცვა გჭირდება ხომ? ამიტომ ეძებ, არა უფრო სწორად, იპოვე ის, ვინც ასე ვთქვათ დაგაკვალიანებს და მისამართს მოგცემს, სადაც შეგეძლება საჭირო შელოცვის მოპოვება ხო? _ მეგი გულმოდგინედ ცდილობდა სიტუაციის არსში ჩაწვდომას. _ მმმ, დაახლოებით, მოკლედ რომ გითხრა, ჯეკის სულს უნდა მოვუხმოთ, რომელიც აქეთა მხარეს გადმოვა და სალემში, ინკვიზიციის დროს ჩამომხჩვალი სანდერსონების ქალიშვილების სამყოფელს მიგვასწავლის. _ სრული სერიოზულობით დაამთავრა წინადადება და ყბა გაოგნებისგან ჩამომივარდა, პირი იმხელაზე დავაღე. _ არა, ეს უკვე მეტისმეტია. თქვენ რა, ჰელოუინის განწყობას იქმნით და ჩემი გამასხარავება მოილაპარაკეთ? _ ზოის არაადეკვატურ, ჩემთვის მიუღებელ ლაპარაკზე ისტერიკები მეწყებოდა. ამას კიდევ დანარჩენების შეკითხვები და დაინტერესებაც ემატებოდა. _ კარგი რა, რას ამბობ _ ჩემი სიტყვებით განაწყენებულმა საბამ ,ახლოს მოიწია და ხელი გადამხვია, გამახსენდა რომ მისი ლამაზი თვალების დანახვა ყოველთვის სიმშვიდეს მგვრიდა. _ ჯანდაბა, წყნარად ვარ, ეს ჯეკი ვინღაა? _ ახლა უკვე, სურვილი მიჩნდებოდა ამ დიდ თამაშში მეც ჩავრთულიყავი და მშიშარა მუდოსავით არ გამეფუჭებინა ოთხეულის შეხვედრა. _ უცნაურია, ჰელოუინისთვის ემზადებით, წვეულებებზეც კი დადიხართ და არ იცით ვინ არის ჯეკი?_ ისე თქვა უცნაურიო, გეგონება თავისი ქცევები და მოყოლილი ამბები, ყოველდღიური და ჩვეული რამ იყო. _ ოჰ, დიდი ამბავი რა, მაგის არცოდნა გართობასა და მხიარულებაში ნამდვილად არ გვიშლის ხელს _ ცხვირი აიბზუა მეგიმ და მარილიანი მიწისთხილის კნატუნი განაგრძო. _ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი გოგრის კვეთის ტრადიციას უკავშირდება არა? _ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ საბას ამგვარი რაღაცები აინტერესებდა. _ აჰამ და ძველი ირლანდიიდან მოდის _ ახალი ქილა აიღო და ყოველგვარი წვალების გარეშე გახსნა, თითქოს რაღაც შეულოცაო. _ ბოლო - ბოლო, მოგვიყვები თუ არა ჯეკზე? _ მოთმინება აღარ მყოფნიდა, ვგრძნობდი როგორ მეკიდებოდა ნელ-ნელა სასმელი და ხასიათზე მოვდიოდი. _ რა მოუთმენლობაა _ ლუდი მოსვა და თხრობა დაიწყო _ ლეგენდის თანახმად ქურდმა, რომელსაც ჯეკი ერქვა, მისი სულის წასართმევად მასთან მისული ეშმაკი გააცურა და ხელცარიელი გააბრუნა უკან. გავიდა დრო და გარდაცვალების შემდეგ, ჯეკი ჩადენილი ცოდვების გამო სმოთხეში არ შეუშვეს. ხოლო ეშმაკმა, ძველი წყენის გამო მასთან მისული უკან გააბრუნა. ამიტომაც იგი, იძულებული გახდა დედამიწაზე ეხეტიალა სამუდამოდ. გზის გასაკვლევად მას მხოლოდ ეშმაკის მიერ მიცემული, მბჟუტავი ნაკვერჩხალი ჰქონდა. ამიტომ ჯეკმა ნაკვერჩხალი გამოფუღრულ ბოლოკში ჩასვა. ნაკეთობა იმდენად საშიში შესახედავი იყო, რომ ადამიანებმა მას მიბაძეს და მსგავსი ბოლოკები, ბოროტი სულების შესაშინებლად სახლის გარშემო დაალაგეს. დროთა განმავლობაში ბოლოკი, გოგრამ ჩაანაცვლა, რადგან ის, უფრო ადვილი დასამუშავებელი იყო. _ ანუ, სწორად გავარტყი, გოგრებთან მართლა ყოფილა კავშირში _ გაეხარდა და თავისთვის მობუტბუტე მეგის გახედა. _ კი, მაგრამ მასთან სულის წასართმევად მისული ეშმაკი როგორ მოატყუა? _ საკუთარ თავთან საუბარი დაასრულა და ხმამაღლა ალაპარაკდა. _ კარგი შეკითხვაა, ამაზე პასუხი არავინ იცის _ ჩაფიქრდა და თვალები მოჭუტა, თითქოს რაღაც ეჭვებშიაო. _ და ის ქალიშვილები ვინები არიან? _ როგორც ჩანს მეგის ზოის მონათხრობზე ეფიქრა და ახლა, ისტორიას ანალიზს უკეთებდა. _ სანდერსონები, სალემში ინკვიზიციის დროს მცხოვრები, ყველაზე ძლიერი ჯადოქრები იყვნენ _ სიამაყით დაახასიათა უცნობი, გაურკვეველი არსებები. _ ჯეკის გამოძახებას როგორ აპირებ? _ საბას ინტერესიან სახეზე სიცილი დასთამაშებდა. _ მარტოს არ შემიძლია ასეთი სულის გამოძახება, ასე რომ თქვენი დახმარება მჭირდება. _ ჩემ სახლში, ამგვარი უაზრობების და რაღაცა გაურკვეველი მაგიების გაკეთებას არ ვაპირებ _ ასეთი რაღაცებისთვის მხად არ ვიყავი. თავში ათასგვარი ფიქრი მიტრიალებდა. წლების წინ, ერთ დროს წაკითხული რაღაც სტატიაც კი გამახსენდა მსგავს თემაზე. შეძრწუნებული ჟურნალისტი გამაფრთხილებლად წერდა, რომ ამგვარი ქმედება სხვას აღარ გაემეორებინა. როგორც მისი ნაწერიდან შევიტყვე, მიტოვებულ სახლში ახალგაზრდების გაფატრული სხეულები ეპოვათ, რომლებიც ღამით, სულის გამოსაძახებლად შეკრებილიყვნენ. _ მგონი, ელეს ეშინია_ ჩემსკენ სწრაფი მოძრაობით გამოიწია ზოი და თვალები დამიქაჩა. მისმა ამგვარმა მოძრაობამ, საშინელი ფიქრებიდან გამომარკვია და შიშისგან ადგილზე შევხტი. _ თქვენ რა გენაღვლებათ, სახლებში წახვალთ, მეგი კი რჩება მაგრამ... _ ხოდა, ჩვენც დავრჩებით. აი ნახავ, არც არაფერი მოხდება _ გააქტიურდა საბა და ჩემს დამშვიდებას შეეცადა. _ ნუ გეშინია, ეს უამრავჯერ გამიკეთებია. როცა ინფორმაციას მივიღებ, სულს მადლობას გადავუხდით და უკან გავუხმობთ._ გამხნევებას ცდილობდა, მაგრამ იმას კი ვერ მიმხვდარიყო, რომ მისი ასეთი საუბარი და ქცევები, კიდევ უფრო დიდ შიშს მგვრიდა. როგორც ჩანს, ისევ მე ვიყავი პატარა ქვეშაფსიას როლში. არა, უკვე საკმარისი იყო. _ კარგი, თანახმა ვარ, გამოვუძახოთ ჯეკს _ სახელის დასაბრუნებლად, მსხვერპლის გარება იყო საჭირო. როგორც კი წინადადება დავასრულე, ზოი ჩანთას ეცა და იქიდან წითელი ფერის სანთლების ამოლაგებას შეუდგა. როცა ოთხი სანთელი მოვითვალე, მივხვდი რომ ყველაფერი წინასწარ დაეგეგმა. იმედს ვიტოვებდი, გამოძახებულ სულს ჩვენს თავებს მსხვერპლად არ შესწირავდა და ერთად გატარებული, მეგობრობის წლების გამო მაინც წავიდოდა დათმობაზე. _ ახლა რა უნდა ვქნათ?_ მეგი, ზოის პატარა, ერთგული ფინიასავით მისჩერებოდა და მის ყოველ მოძრაობას დიდი ინტერესით აკვირდებოდა. _ ეგრე ისხედით როგორც ხართ, თქვენ არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ. უბრალოდ როცა გეტყვით ერთმანეთს ხელს ჩაჰკიდებთ და ჩუმად იქნებით. _ ოთხი სანთელი ერთმანეთზე შავი ძაფით გადააბა და შუაში, ლუდის ქილაზე მიაყუდა. _ სულ ესაა?_ მეგონა ანბანიანი დაფა გვექნებოდა, ზედ კი და არა ეწერებოდა, მერე სულს მოვუხმობდით და შეკითხვებს დავუსვამდით. _ ისე ლაპარაკობდა, გეგონება დიდი მცოდნე ყოფილიყო. _ რა იყო, ინტერნეტში სულის გამოძახება დაგუგლე?_ გაეცინა საბას. _ ეგ ყველაფერი, ფილმებში და სულელურ საიტებზეა. მე, ნამდვილი ინფორმაცია მჭირდება _ ზოის სიტყვებზე დენმა დამარტყა. არა, ნამდვილი სიგიჟე იყო. ალბათ, წლების მერე ღიმილიანი სახეებით გავიხსენებდით, რა თქმა უნდა, თუ ცოცხლები გადავრჩებოდით და ჩვენც იმ ბავშვებივით აფატრულებს არ გვიპოვიდნენ. _ მზად ხართ? შუქების ჩაქრობა მოგვიწევს, მარტო სანთლები უნდა ენთოს _ ისეთი გახარებული ჩანდა. _ ჰო, აბა რა ყველაფრისთვის მზად ვარ _ შინაგან მღელვარებას ვერაფერს ვუხერხებდი და ადგილზე ვირწეოდი. _ ერთი, ორი სამი, ახლა შუქებს ვაქრობ და სანთელს ავანთებ. _ მბჟუტავ სინათლეზე შიშმა კიდევ უფრო მეტად ამიტანა. _ უფ, განა რა უნდა მოხდეს _ მგონი თავს ხმამაღლა ვიწყნარებდი. _ არაფერი _ მომღიმარმა საბამ ხელი ჩამჭიდა, ოთხივემ ხელები ჩავჭიდეთ და ერთდროულად მივაჩერდით ზოის, რომელსაც თვალები დაეხუჭა და ღრმად სუნთქავდა. _ მალე დაიწყება?_ მოთმინება მეწურებოდა, მინდოდა შუქები ამენთო. _ ჩშშშ_ ხელზე მომქაჩა მეგიმ და გაინაბა,ნეტა როდის აქეთ გამხდარიყო მაგიის მიმდევარი. ზოიმ ნელ-ნელა თვალები გაახილა და რაღაც გაურკვეველი ფრაზების ბურტყუნი დაიწყო. _ ალბათ, შელოცვას კითხულობს _ ჩაილაპარაკა საბამ და მალევე გაჩუმდა. ვცდილობდი ზოის ბუტბუტიდან რაიმე ნაცნობი სიტყვა მაინც ჩამეჭირა, მაგრამ ამაოდ. რაც უფრო მეტად აჩქარებდა სიტყვების წარმოთქმას, მით მეტად უფართოვდებოდა თვალები და მალე თეთრი გარსიღა დარჩა, თვალები სადღაც უკან გადაემალა. ვერ ვხვდებოდი თავისით ხდებოდა თუ თამაშობდა და შოუს ნაწილი იყო. Lemuria, Lemuria lervos _ რაღაც სიტყვების დაჭერა მაინც შევძელი და შევეცადე დამემახსოვრებინა. საშინელი არაფერი ხდებოდა, მაგრამ თვითონ ეს რიტუალი, თუ რაც იყო და უშუქობა მაშინებდა. _ ლემურია _ გავიმეორე კიდევ ერთხელ გაგებული და შევცბი. ზოიმ ხელი გვიშვა, თვალები ერთიანად გაუშავდა, მის წინ დადებულ ბებიამისის დანატოვრად წოდებულ ალქაჯების წიგნს დასწვდა, თვალის დახამხამებაში გადაშალა და წერა დაიწყო. _ ვაი _ აღმომხდა შეშინებულს და კანკალმა ამიტანა. ზოი, შეპყრობილ ალქაჯს ჰგავდა,სანახაობა კი სიკეთის მომტანად არ მეჩვენებოდა. _ ზოი _ მინდოდა შევხებოდი, მაგრამ წესებისგან გადახვევას ისევ ასე ჯდომა და სხვებთან ერთად ლოდინი ვამჯობინე. _ ცოტაც_ როგორც ჩანს მეგიც დამფრთხალიყო, საბა კი გაშტერებული უყურებდა ზოის და ხელს ძლიერად მიჭერდა. _ ზოი _ კიდევ ერთხელ დავუძახე და ბავშვებს აკანკალებულმა გადავხედე. _ ამას თქვენც ხედავთ? _ შავი თმები თითქოს ემუხტებოდა და ღერა ღერა ეწეოდა მაღლა, ჭერისკენ და ეს მოვლენა მანამდე გაგრძელდა, სანამ მთელი თმა ზემოთ არ აეწია და ადგილზე არ გაუქვავდა. _ ზოიიიიი _ ჩემმა ყვირილმა მთელი კორპუსი მოიარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.