შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოდა სახლი.


11-11-2018, 13:19
ნანახია 1 682

სოფლის გადაღმა პატარა დასახლება იყო, თუმცა იქაურები სოფლის გულს უწოდებდნენ. ალბათ იმიტომ, რომ მასზედ მშვიდი ადგილი გარშემო არსად მოიძებნებოდა. ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი სკოლის დამთავრების შემდგომ ქალაქისკენ მირბოდა, ამიტომ უბანში იშვიათად თუ გაიგებდით ჩვეულ ჟივილ-ხივილსა და მათთვის დამახასიათებელ ხმაურს. ალბათ აქ ყოფნა მოსაწყენია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ამიტომაც არ გავყევი სხვებს უკან.ქალაქურ ქაოსს, ბებიასთან ერთად დარჩენა და ოდა სახლში ცხოვრება ვარჩიე. თანაც სოფელში იმდენი საქმეა, რომ ნაშუადღევს გვარიანად დაღლილი ძლივსღა მივათრევ ხოლმე ფეხებს სახლისკენ. როგორც არ უნდა მოვინდომო ბებიაზე ადრე მაინც ვერასდროს ვიღვიძებ. უთენია უკვე საქონელიც გაყვანილი ჰყავს სანახიროდ და დარჩენილ დროს პაპის დანატოვარ დიდებულ ვენახს შვილივით დასტრიალებს. პაპაჩემისთვის მთელი მისი სიმდიდრე ჩვენს მიწაზე გაშენებული ვენახი იყო. ბებიაც შეძლებისდაგვარად, ოდნავ წელში მოხრილი ვაზის ძირებში წამოსულ ბალახს სულ ხელით გლეჯდა ხოლმე. საოცრად უთქმელი იყო და ზედმეტად არაფერზე შემაწუხებდა. მის ამ თავშეკავებულობაზე სულ მეცინებოდა და მუდამ უკან დავდევდი: - მითხარი მე რით დაგეხმარო თქო ვეუბნებოდი მას. შენ იყავი ბებია კარგად. ამის ძალა ახლაც შემწევს ბებია გენაცვალოს, შენ ეგრე ნუ მიყურებ! -გამომხედავდა ხოლმე თავისი ლურჯი თვალებით, რომელსაც აშკარად დატყობოდა მთელი ის ტრაგედიები რაც კი ოდესმე უნახავს. ძლიერი იყო, საკმაოდ ძლიერი. ამ ხნის ქალი ერთს არ დაიწუწუნებდა და არც მეზობლებთან დაიჩივლებდა რამეზე. სოფელში ყველა იცნობდა და ტკბილ ბებოსაც კი ეძახდნენ, რადგან მისი სახლიდან ნაწყენი კაცი არ გასულა. ყველას თავზე ევლებოდა, ეფერებოდა და რასაც სახლში გამოაცხობდა, ხაჭაპური იქნებოდა თუ სხვა რამ - ხელისგულზე დაილაგებდა და სხვებთან მიჰქონდა. თუ სოფლად ვინმე გულიანად შემაქებდა, ბებია მშვიდად გაუღიმებდა, თუმცა ერთი ტკბილი სიტყვაც არ დაცდებოდა ჩემზე.
დედა მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მამას არც არასდროს მოუკითხია ჩემი არსებობა. ბებია მზრდიდა ბავშვობიდან, ხოლო თუ პაპაჩემზე მკითხავთ გეტყვით, რომ მისგან მხოლოდ დიდი და ძლიერი ხელები ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში. მისი რკინისებრი ხმა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დღემდე ღრმად ჩამესმის. მე და ბებია ყოველ დღე გადავდივართ სასაფლაოზე, რომელიც ჩვენი სახლიდან არც ისე შორსაა. ცხადია სულ ხელით ვასუფთავებთ იქაურობას, ხოლო მოგვიანებით ის მარტო რჩება სასაფლაოზე მე კიდევ გასასვლელში მორჩილად ვუცდი სანამ დაასრულებს მათთან საუბარს. დიახ! არ მოგესმათ. დედაჩემსა და პაპაჩემს ესაუბრება. დღემდე არ ვიცი რაზე, მაგრამ ასეა. შინ მისულები, ჩვენს ძველ და ბებერ სახლში ბუხარს მივუსხდებოდით და შეგვეძლო საათობით გველაპარაკა ათასგვარ თემაზე. ერთხელაც ზამთრის ცივ დღეებში ბუხართან ვისხედით, როდესაც ბებიას საუბრისას შევატყე, რომ ჩვეულებრივზე მეტად ღელავდა.

-არ ივარგებს ბებია ასე... -მითხრა მან. -ქალაქში უნდა წახვიდე.
-გაისად წავალ- მოკლედ ვუპასუხე.
-რას ეიჩემე ეს გაისად? ბოვშვებიდან შენღა დარჩი აქ. არ ივაგებს თქო ბებია არა. მთლა მოჯამაგირედ ხო არ უნდა დაუდგე ყველას?! უნდა წახვიდე, უნდა ისწავლო. აპა რავა, მისდღემჩი აქ ხო არ იქნები?
-ეგება სახლს რამე მოუხერხო.
-სახლი ძველია უკვე. აქანე რამეს ახალს თუ ააშენებს კაცი. იმიზეზებ შენ ბებია რაღაცეებს. მანახვე ერთი შენი ტოლა ვინაა დარჩენილი აქ?
-ქემაინც ვიცოდე შენ რას ეიჩემე ჩემი წასვლა. აქ რავა დაგტოვო ბებია?
-მე ნუ მომჩერებიხარ თქო, ნიკო. მე ჩემს მკვდრებსა ასე ვერ დავტოვებ. შენი საქმე კი აქ ფაფხურია. კი დევიკუნტები ორღობეში მარა მაინც ჯანზედა ვარ. მეტი შეგიძლია ჩემო ბიჭო. ცოდვა ხარ აქანე, რო დარჩე.
-ყველას უყვარვარ და ყველას ვჭირდები. რა ეშველება აქაურობას ბოლო ახალგაზრდაც, რომ გადეიკიდებს გუდანაბდს და წავა?
-სოდოურელი წესია მერე ეგ? რაღა შენ უნდა დარჩე აქ. დამეჩაგრები ბებია და მაგი მაშინებს. ისემც არ ოუდგა ამ ცხოვრებას გვერდები რაც დალხენილი ვყოფილვარ ოდისმე. შენ მზესღა ვფიცულობ ჩემო, ნიკო. ნუ გაწვალდები ჩემსავით და ნუ მოაკლევინებ შრომაში აქოურებს შენ თავს.
-გოგია ხო იცი, გოგია?
-აბა გოგია?
-ცაბუს ბიჭი. დიდი ამბებითა და სიხარულით, რო გეისტუმრეს თბილისში სასწავლებლად ...
-მერა და რა, რომ გეისტუმრეს?-ჩამეძია ბებია.
-ახლა, ცაბუ ხოა საწოლად ჩავარდნილი?!
-ეგ რახანია ბებია უკვე ეგრეა.
-მერე და წროულს დასდო პატივი და უნახია ცაბუ. თავიანთი მშობლებს, რო დაივიწყებს კაცი მაგ შენი ქალაქის გამო ის რა კაცია?! მაშინათვე უნდა ჩამოსულიყო რავარც მაგ ამბავს გაიგებდა, მარა არა. გოუცვნია თავისნაირები და აყოლია იმათ. ეგაა შენს კერას, რომ მოწყდები და მოყირჭებული რო გაქვს ყველაფერი. ახლა ხო გეიძუნძღა შერცხვენილი ქალაქისკენ. არაფერი არაა იქ კაი. აქანე კი ამ ხალხის დახმარება ჩემთვის ყველაფერია.
-ნიკო, შენ ცაბუს ბოვშვივით რო არ გამაცუცრაკებ კი ვიცი ბებია. მაგას აქნობამდეც სჩვეოდა ტყვილები.
-ეგ მეც ქე ვიცი, მარა ცოდვაა ეს სოფელი უჩემოდ. -ვუთხარი ბებიას.
-რას ჯიუტობ ნეტავ ვიცოდე?!
-გაიასად წავალ ბებია შენი ჭირიმე, გაისად.
-გაისამდე მაცოცხლოს ღმერთმა -უკმაყოფილოდ მუხლებზე დაირტყა ხელი. -როდისაა ეგ შენი გაისად ბიჭო?
-ეს ზამთარიც მიილია თითქმის. მერე გაზაფული -ზაფხულსაც ამეიძღვანიებს და კი მოვიდა შენი სექტემბერიც. აი ხეს, რო პირველი ფოთოლი მოწყდება იმ დილითვე წავალ ბებია ქალაქში, მარა შენც თან წაგიყვან.
-რა მინდა ბიჭო მადანე? - გაოცებული თვალებით მიყურებდა. - ჭალაში რო იყავ მზეს ხო არ დოუვლია შენთვის უშნოდ?
-სექტემბრამდე დროა. ახლა შენ რავარც იცი ბებია შენებურად ხაჭაპურები დააპიწკინე.
-მასხრობს ბიჭი. კაი ბებია კაი. იცოდე დავიხსომე ყოველი სიტყვა! - გაბრაზებამ მალევე გადაურა, თუმცა სულ ასეთი იყო ბებია. უცებ გამიბრაზდებოდა ხოლმე რაღაცაზე, მაგრამ მეორე წუთს ისაც აღარ ახსოვდა რაზე ბრაზობდა. ვცდილობდი რაც შეიძლება მეტ ხანს შემოვრჩენილიყავი სოფელს, რადგან სოფელი ახალგაზდის გარეშე მართლა საცოდაობა იქნებოდა. ბებიას კი სულ სხვა ფიქრები ჰქონდა. სწავლა მიზეზი იყო საუბრის მე ხომ ვიცი. უნდოდა ქალაქში წავსულიყავი და რაც შეიძლება მალე დავოჯახებულიყავი, რათა შვილთაშვილს მოსწრებოდა. აკი ხომ გითხარით სოფლად მხოლოდ მეღა შემოვრჩი, რომელსაც აქაურობა არ მიუტოვებია.

***

-ღმერთმა დაგლოცოს, ნიკო.
-კიდევ სადმე ხომ არ არის რამე, ძია ვანო?
-ჩამოდი სანამ ბებია მოსულა თვარა გადამდგავს ამ სახლიანად.
-სულ ეგაა. -რის ვაი-ვაგლახით ჩამოვძვერი მეზობლის სახურავიდან, რომელიც სიძველისგან აქა-იქ დაზიანებული იყო და წვიმის ჩასვლისა ეშინოდა.
-იმე­რეთ­ში ერთი ქე­ი­ფი, ხონთქრის ას წყა­ლო­ბას უდ­რი­სო, ხომ გაგიგია?-მითხრა ჩამოსვლისას ძია ვანომ.
-ასე უთენია რა დამალევინებს ძია ვანო?!
-ქინდილობ ბიჭო?- ულვაშებზე ხელი კოხტად გაისვა. -მე ისეთი გაპიპინებული ღვინო მეგულება ჩემთან მარანში, რომ მაგაზე ახლა უარი სიშტერეა. იმერული სუფრა და ქეიფი არასდროს ყოფილა მარტო ღვინის სმაში გაჯიბრების ასპარეზი ძია გენაცვალოს. ეს იყო სხარტი სიტყვა-პასუხის, სიყვარულის, ზრდილობის, ურთიერთპატივისცემის, რაინდული თავდაჭერილობის, ერისა და მამულისადმი ერთგულების დემონსტრაცია. -მხარზედ ხელი მომხვია და თავისკენ წამიყვანა. რაც იცოდა ვერ დაუკარგავს კაცი. განსხვავებული მიდგომა ჰქონდა და ყოველთვის ეხერხებოდა ადამიანის მარტივად დაყოლიება. მარანში შესასვლისას კი, როდესაც ნაცნობ ბოთლს მიაგნო კმაყოფილებისგან მგონი ულვაშებიც ერთიანად აუთამაშდა.
-ციცქავ, ციცქავ. აი ესაა ღვინო. თან საკმაო დაძველებით. ციცქას 20 წელზე მეტ ხანს უნდა ინახავდე, რადგან მაგის მერეა რაცაა. მის მერე იწყებს აყვავების საუკეთესო ხანას.
-დავლიოთ მაშინ.-თანხმობის ნიშნად თავი დაუკარი. -მაგრამ რას ავღნიშნავთ?
-გუშინ, იქანე რო მინდოდა ასვლა, მაღლა და რო დავეძნეყვე გვარიანად, მარა მაინც რო გადავრჩი აი მაგის დავლიოთ ბიძია. -ხომ ვამბობდი პასუხი ყოველთვის მზად ჰქონდა.
პატარა სუფრაც უცებ გაიშალა. როგორც იციან ხოლმე ჩვენებურად, იმერული ყველი, მჭადი, ბაღში ახლად მოკრეფილი კიტრი და პომიდორი და ეგაა. მივუსხედით მე და ძია ვანო სუფრას და კარგა ხანს ვსაუბრობდით სოფლის დღევანდელობაზე. ამან სადამდეც არ უნდა მიგვიყვანოს, ერთი რამ უტყუარია... მთაში ცხოვრებას არაფერი სჯობს. ის გამორჩეულია თავისი მკაცრი კლიმატით, თავისი კუთხური ტრადიციებითა და ხალხით. მგონია, რომ მხოლოდ აქაა შემორჩენილი ქართული ინდივიდუალიზმის ყოველი ფრაგმენტი. ძია ვანო კი მოიღუშება ხოლმე, რომ დაიცალა სოფელი ახალგაზრდებისგანო, მაგრამ მჯერა, რომ ეს დროებითია. თუ მთის მიმართ სიყვარული გულწრფელია მაშინ ყველანი უკან დაუბრუნდებიან, რაოდენ ღირებულ საქმესაც არ უნდა აკეთებდნენ ქალაქში, რადგან აქ არის და იქნება ის, რასაც სხვაგან ვერ ნახავ. აი... თუნდაც ძია ვანოსნაირ კარგ მოსაუბრე ადამიანს სად შეხვდები სხვაგან?! ეს კიდევ არაფერია. გუშინ ჩვენი სოფლის უხუცეს წევრთან პაპა ვალიკოსთან ვიყავი, რომელსაც ეზო გავუსუფთავე ფოთლებისგან და სიძველისგან შელახული ხის კიბეებსაც ცოტა ხელი შევავლე. მის ძმასაც მიტო პაპასაც გავყევი ერთხანს ტყეში შეშის მოსაგროვებლად და შინ კარგა დატვირთულებიც დავბრუნდით. ხან ვის ეზოში ვაშენებ ღობეს და ხან ვისთან ვემზადებით რთველისთვის, რას გაიგებთ?! ბაბუააა ჩვენთან მიღებულიო მეუბნებიან ხოლმე, მაგრამ მე მაინც პაპას ვეძახი ყველას. აი პაპა კი სულ სხვა რამეს მეუბნებოდა ხოლმე ვიდრე ბებია. ხანდისხან ნოდარ დუმბაძის სიტყვებსაც კი მოიშველიებდა, საღამო ხანს მარტონი, რომ ვრჩებოდით ჩვენს ოდა სახლში. "ეს ოდა არ მიმიტოვო, ბაბუა, და ღადარი არ გამიციოო"...


***

-მოვსპობ მაგ უვარგისს, მაგას. რას დამსგავსებიხარ ბებია? -შინ მისულს ბებიამაც არ დაყოვნა და ერთიანად დამაყარა ქოთები.
-ნუ დეიწყებ ბებია ახლა...
-მაგ ვაჟბატონს ღვინის დალევა უნდოდა და წეებრიწიალა კიდოც.
-ხოდა მეც ცოტა დავლიე. -ვუთხარი მას.
-ეგაა... ბებია ცოტა?!
-ხვალიზა ვილაპარაკოთ.
-ხვალე არ ვიცი მე. უთენიათვე ააგროვებ ბარგს და წახვალ აქედან?
-რასაა რო ამბობ, ბებია?
-რო გადმოვარდნილიყავი იქიდან ბებია მერე მე რა მექნა?
-...
-არ ივარგებს თქო ასე, არა.
-ხო მიდი, ბოცოსთან გამიშვი ქალაქში და ის უარესად გამალოთებს.
-მოიხედე შენ აქეთ. ბოცოს მასე ნუ უყურებ. მაგას ქე ესმის ბებიას ნათქვამი და რო ვეტყვი ღვინო მოისპოს თქვა, მაშინათვე გააქრობს სახლიდან.
-ესეიგი ხვალე ხო?!
-უთენიათვე ბებია გენაცვალოს. მამლის ყივილსაც რო არ დოუცდი აი მაშინ.
-შენ რავა იქნები უჩემოდ მერე?
-ჩემზე განიცდი კიდო ბებია?! მე შენი კარგად ყოფნა რო მინდა იმიტო ავიჩემე ეს ყველაფერი.
-რო მიყვარხარ და აქანე რო არ მინდა დაგტოვო მაგაზე გეუბნები.
-ბებია გენაცვალოს. მეც ქე რო მიყვარხარ იმიტო ჩავკირკიტებივარ ამ ქალაქს. აბა უშენოდ ერთი დღეც ნუ გამითენოს ღმერთმა.
-კაი ბებია, კაი. -ძლიერად მოვეხვიე და შუბლზედ ვაკოცე- უთენია წავალ.
-შენმა მზემ ჩემო, ნიკო ასე სჯობია.


***


-ბიჭი წამოგეზარდა, ბიჭი -ახმაურდა სოფელი, როდესაც სახლისკენ მომავალი ბებია დაინახეს -კაცია უკვე- ხელით ჩემზე ანიშნეს.
-რას შობი? -ამომძახა ქვევიდან. -ფრთხილად ბებია შენი ჭირიმე.
-სახურავი შევაკეთე. ვერ ხედავ ბებია მთელი სოფელი რომ აქანეა. აპა... რა გეგონა მასე წევიდოდი ქალაქში რო ამას ასე დაგიტოვებდი?!
-შენმამ მზემ, ნიკო ნელა ჩამოდი.
-რა ბიჭი გყოლია ხედავ?! -უთხრა ძია ვანომ ბებიას.
-ამას დამიდეხეთ!-შეუტია ბებიამ.- სიტუაციაა იმნაირი რო არ გამოვა ახლა რაიმეს თქმა, მარა მოვიცლი შენთვისაც ერთხელ რა იქნება.
-კაი რა ბებია. რო გვიყვარს ეს ბოვშვი მეც და აქანე მყოფ ყველას იმიტომაც დავლიეთ გუშინ.
-დალევა იყო ბიჭო ეეგ, ბოვშვს ფერი აღარ ედო სახეზე. საღამოს რომ შემობანცალდა ეზოში კინაღამ გავთავდი ქალი ამის შემყურე. ღვინო მაშინაა კაი როცა შეირგებ. აცხონოს ღმერთმა ჩემი ქმრის სული. ის ცუდს არაფერს იტყოდა.
-კარგი ბებია გაანებე თავი ამ პატიოსან კაცს. შენ ის მითხარი სახურავი რავა მოგეწონა?
-ყველაფერი კარგია რასაც გულით გააკეთებ ჩემო, ნიკო -ძლიერად მაკოცა ისე, როგორც ბებიამ იცოდა.
-ოქრო ბიჭია ჩვენი ნიკო. -გააგრძელა ძია ვანომ -აწი გოროდში რო წავა მერე აღარ ინერვიულებ ვინმემ არ გამოაპრუტუნოსო...
-უი, უი, ისემც არ გამითენდეს ხვალიდნელი დღე რავარც მე ამაზე ნერვიულობას მოვრჩებოდე.
-შაბათ-კვირას აქანე ვარ ბებია და ნელ-ბელა მივხედავ კიდო ჩევნს ოდა სახლს. თან ეს კაი ხალხიც გვერდში დაგვიდგებიან ვიცი.- ვუთხარი მე.
-გაიხარეთ ხალხო -მათკენ მიბრუნდა -ღმერთმა დაგლოცოთ, მარა ახლა ასე დაშლა არ ივარგებს. მოით, მოით ხელად გამოგიცხობთ რაიმეს. -სახლში შეიპატიჟა ბებიამ ყველა, ჩვენთან კი შინ მიპატიჟებაზე უარს არავინ იტყოდა. მითუმეტეს, როდესაც ამ ხნის ქალი გეპატიჟება. თან სოფლად საჭმელების კეთებაში ბებიაზე კარგი ხელი არავის ჰქონდა და ეს იცოდნენ კიდეც. იმ საღამოს კარგა ხანს შემოვრჩით. ისე დიდი ხანია რაც ჩვენს სახლში ამდენ ადამიანს თავი ერთად არ მოუყრია. კარგადაც ვიცინეთ და ვიმღერეთ კიდეც. არც ის მახსოვს როდის ვნახე ბებია ბოლოს ასე გახარებული და ბედნიერი . ერთხანს ყველამ დაივიწყა, რომ სოფლად უკანასკნელი ახალგაზრდაც ქალაქისკენ მიდიოდა და თითქოს ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც უწინ, როდესაც ყოველ სახლში ჩახჩახებდა შუქი და ყოველ სახლში იგრძნობოდა სიცოცხლე.
დღის მიწურულს ძია ვანო და ბებიაც შერიგდნენ.



***

გამთენიისას ახალი ამბავი სოფელში ელვის სისწრაფით გავრცელდა. გარდიგარდმო სახლები დაცარიელებულიყო და ყველანი გარეთ იყვნენ გამოსულები. ხალხი მეზობელი სოფლებიდანაც კი მოედინებოდნენ. "ნიკო აღარა გვყავს ხალხო, ჩვენი ნიკო მომკვდარა..." სახეს იხოკავდნენ ქალები. სოფელმა სუნთქვა შეწყვიტა. სოფლის გული და იმედი გამთენიისას იპოვეს გარდაცვლილი. "ოქრო ბიჭი მოგვიკვდა ხალხო, ნიკო აღარ გვყავს, ნიკო". დღემდე არავინ იცის ზუსტად რა მოხდა. ისე არეულა ერთმანეთში ჭორ-მართალი. ზოგი ამბობს, რომ მეზობელთან იყო გადასული დასამშვიდობებლად რა დროსაც თოფი აუღია და საბედისწეროდ გავარდნია კიდეც. ზოგი იმისაც, რომ მდინარეში მოუსურვებია წასვლამდე გაცურვა, თუმცა ძლიერ დინებას ვეღარ გაუძლოო და ფსკერისკენ დაეშვაო. აი... ბებიასთვის კი ის ალბათ სამუდამოდ წავიდა ქალაქში საიდანაც ცაბუს შვილივით უკან აღარ დაბრუნებულა. ასე იყო თუ ისე, ახალგაზრდა ნიკო დაიღუპა. იქაურობა ასეთი ცარიელი არასოდეს ყოფილა. სოფლის გადაღმა პატარა დასახლება იყო, თუმცა იქაურები სოფლის გულს უწოდებდნენ აკი თავიდანვე ვთქვი. ოქრო ბიჭი, ნიკო მართლაც სოფლის გული ყოფილა და თურმე ის აცოცხლებდა ირგვლივ ყველაფერს. ვერც ფოთლის ჩამოვარდნას მოესწრო და ვერც გაისად მოსულ სექტემბერს. არც ბებია ცდილობდა ტყუილად მის გაშვებას ქალაქში. გრძნობდა ალბათ რაც მოელოდა საწყალ ბიჭს მაგრამ მაინც ვერ მოასწრო. ამდენი ტრაგედიის მერე გასაკვირიც კი იქნებოდა, რომ წინასწარ არ ეგრძნო რაიმე. ნაშუადღევს ხშირად შენიშნავთ ბებიას სასაფლაოსკენ მიმავალს თუ როგორ ჩამოთხელებია სახე და როგორ დასტყობია თვალებ ქვეშ კარგად ჩამჯდარი სიშავე. ნიკოს საფლავს ფოთლებს გაადააცლის ხოლმე და შეუძლია საათობით ელაპარაკოს თავის შვილიშვილს. "რამდენი გსდიე ბებია გენაცვალოს, რამდენი?" ჩურჩულით აღმოხდება ხოლმე მის ბაგეებს და რის ვაი-ვაგლახით ისევ უკან ბრუნდება თავისი ცარიელი ოდა სახლისკენ. რატომ არგუნა ღმერთმა ასეთი ხვედრი ბებიას რას გაიგებ?! ან რატომ წაართვა სოფელს ნიკო, არც ამაზეა პასუხი. ზევიდან მხოლოდ სიჩუმეა და სხვა არაფერი. თუ ღმერთს თავისთვის საუკეთესოები უნდა მაშინ რა ეშველება სამყაროს თუ არსად აღარ იქნება ერთი ნიკოსნაირი ოქრო ბიჭი?
ვინ იცის?!
ვინ იცის?!



-დასასრული-




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent