საზამთროს მურაბა / ნაწილი 2 (სრულად)
- გიორგი, ნუ ეწევი სახლში, რა. გითხარი ცხრაასხუთჯერ და ხო შეიძლება, ერთხელ შეიგნო? - აბაზანიდან გამოსულს პირდაპირ სიგარეტის კვამლი მომხვდა ნესტოებში. - რატო ღუნავ ტვინს დილიდან, ბაბუ? - სპეციალურად გატყლარჭა სიტყვები, მოვიდა და შუბლზე მაკოცა. - იმიტო, ბაბუ, რო მახველებს ამ სიგარეტის სუნზე და რა მოხდება რო ფანჯარასთან მაინც მოწიო? - კაი, ხო, კაი, - ხელები აწია და სამზარეულოს ღია ფანჯარაში გააბოლა. - კაი არ უნდა მაგას, გიორგი. რამდენჯერ გთხოვე, ხო? ელემენტარულია. კაი მე ფეხებზე გკიდივარ, ლილიკო მაინც არ გეცოდება, ამხელა ქალს ნიკოტინს რო ასუნთქებ? - აუ, აადუღა, - დაუშტვინა გიორგიმ, - დაწყნარდი, ხო. საერთოდ აღარ მოვწევ. - აი ესე უღმერთოდ სიმპათიური რომ არ იყო, როცა ეწევი, მაგაზეც შეიძლება დაფიქრება, - ვამბობდი უკვე სამზარეულოს კედელს მიყრდნობილი, - მაგრამ რა ვქნა არანორმალურად რო გიხდება? ვსველდები ძაან ჩვეულებრივად შენ რო სიგარეტს ეწევი, ნაგავო შე. - მართლა, ტო? - გამომხედა გაოგნებულმა გიორგიმ. - მართლა. - ეხლაც? - მთელი ტანით ჩემკენ მოტრიალდა და რაღაცისთვის მოემზადა. - ეხლა არა იმიტომ, რომ ცანცარებ. ოთახში შევბრუნდი და თვალის კუთხით დავინახე, როგორ გადააგდო სიგარეტის ნამწვი გიორგიმ ეზოში. მერე უკან მომყვა და თმიდან პირსახოცი მომხსნა. უნდა გაემშრალებინა. ასე იცოდა ხოლმე. - კარგი, გული ამერევა ეგრე, გიორგი, რა არი... - დავიწუწუნე და თავის განთავისუფლება ვცადე. მაშინვე გაჩერდა და ფრთხილ მოძრაობებზე გადავიდა. ვგრძნობდი, როგორ მიახლოვდებოდა. - არ ჩამეხუტო. არ გაბედო და არ ჩამეხუტო იცოდე, გიორგი, ჭკუიდან გადავალ! რა თქმა უნდა, ამაო აღმოჩნდა ჩემი ყველა ცდა. უკვე მის მხრებს ვგრძნობდი. იმ წუთას გავიგე ლილის ხმა და დავიყვირე: - ლილიკო, უთხარი რა ამ დესპოტს რამე. არ მცალია, მეჩქარება... - შეეშვი, გიორგი, რა დაგემართა, - დატუქსა ლილიმაც, მაგრამ არც ამან გაჭრა. - კიდე მე ვარ, ბიჭო, დესპოტი? ტიპი შიშველი მიდგას წინ და არ ჩამეხუტოო მეუბნება, - თქვა და კისერში მაკოცა. - შიშველი არ ვარ, ჯერ ერთი. ხალათი მაცვია. მერე მეორე, მეჩქარება-მეთქი, ქართული არ გესმის შენ? - სად გეჩქარება, გოგო, რვა საათია, - როგორც იქნა შემეშვა და ახლა წინ დამიდგა. - რვა არ არის, ცხრის ნახევარია. ათზე სამინისტროში უნდა ვიყო. მომზადება ხო მინდა, რაებს მახსნევინებ შენ ავად ხო არ ხარ? - ებიჯო, უზნაძეზე არ არი ეგ შენი განათლების სამინისტრო? ხუთ წუთში იქ ხარ. - გიორგი, დაიჯვი, ძალიან გთხოვ. პირველი დღეა და ნორმალურად არ მივიდე? - აუჰ, დაიწყო მუშაობა და შეგვცემს ეხლა... - ენა გამომიყო და დაიმალა. - მუშაობა არ დამიწყია, სტაჟირებაა. რა არიფი, სოფლელი ნათესავივით იქცევი. - გამაბანძა, - ტუჩი გადმობურცა და საძინებელში შევიდა. მე ამასობაში ლილიკომ თმა დამვარცხნა თავისი ძველი, ხის, კბილებიანი სავარცხლით. ეს ჩვენი უძვირფასესი რიტუალი იყო. უცებ ოთახიდან გიორგიმ ჩემი ზოლიანი კაბა გამოაფრიალა და მითხრა: - ეს ჩაიცვი, რა... - რატო მაინცდამაინც ეგ? - გიხდება ძაან, დეგენერატკა. - სხვა არ მიხდება? - ფუ, ეს რა ბანძი დაიბადე, ტო? „აღარ გიყვარვარ“ გამიჩითა როჟამ. გამეცინა და ვუთხარი: - კაი, ჩავიცვამ მაგას, დადე მანდ საწოლზე. ცოტა ხანში თმა გავიკეთე, დავმაკიაჟდი, გამოვიპრანჭე და გამოვეფინე ოთახში მთელი ჩემი დიდებულებით. - რა ლამაზია ნახე, პროსტა, ლილი... - გიორგიმ ლილის შეხედა და უთხრა და ეს იყო ყველაზე, ყველაზე თბილი და ნამდვლი კომპლიმენტი ჩემთვის. ისე იმოქმედა ამის მოსმენამ, ცოტა ხანს ვერც გავინძერი. სარკესთან ვიდექი და მაკიაჟის უკანაკსნელ დეტალებს ვასწორებდი. გიორგის ვკითხე: - შენ არ მიდიხარ დღეს უნივერსიტეტში? - პირველზე მაქვს ლათინური და ბიჭო ეს მერვე კორპუსი რას გავს რაარი? ჩემი ერთი ბებერი ნათესავი მუზეუმს ეძახდა „მუზეიმს“ ხოდა იმენა „მუზეიმია“. - გადადი აბა ილიაში, - ვუთხარი ღიმილით. - აუუ, რაღა თსუ-ელი ....ფემინისტკა და რაღა ეს, ტო. გინდ ერთი გადაგიკიდებია, გინდ მეორე. - ბიჭო, ეს დედააფეთქებული, შენ მაინც ხო იცოდი, სად მოდიოდი? ჩვენც ვიცით, რო არ არი ეს თსუ ისეთი ბრწყინვალე და გადასარევი მარა ნუ რა ვქნათ? ტვინი ნუ გატყანით ამ მარადუკმაყოფილო ....სტუდენტებმა სასწაულის მოლოდინით. ჩაგებარებინა მაშინ ფრიუნიში და ივლიდი გაპრიალებულ აუდიტორიებში გაპრიალებული როჟით. ტვინი არ წაიღეს მართლა? - ვქოთქოთებდი და თან სამაჯურს ვიკრავდი, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე. ვერც შევამჩნიე, ისე მომიახლოვდა გიორგი და ხელის ერთი მარტივი მოძრაობით შეკრა სამაჯური. მერე მითხრა: - შიზიკი აზრზე ხარ, რა არი? აი ეგ ხარ შენ. - იდიოტო, - მაინც გამეცინა. - და აი შენ რო იგინები მაგაზე მაგარი არაფერი არ არსებობს ვააააბშე. - იი, რო ვბრაზდები საყვარელიც ხო არ ვარ შემთხვევით? - ეგ გითხარი მე, შე განუვითარებელო? - გამომხედა აღშფოთებით. - რაღა უკლდა, გაფიცებ? - საყვარელი ხარ როცა ბრაზდები რა, თავის თავში დარწმუნებული სამგორელი თესლაბიჭა კი არ ვარ. - სამგორი რა შუაშია, კი მაგრამ? იცი ვაბშე სად არი? - რავი, ტო, კარგად კი ჩაჯდა... - მიპასუხა უცოდველი ბავშვის ხმით და ისე გამეცინა, მთელი ეზო ზანზარებდა. ეზოში რომ ჩავედი, ზევიდან გიორგიმ დამიძახა. რომ ავხედე, მიყვარხარო დაიყვირა ძალიან ხმამაღლა. ჰოდა ეს „მიყვარხარ“ მიმყვა სამინისტრომდე. იქ სიტუაცია იმაზე არაფრისმაქნისი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. პრინციპში, მთელ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იყო იქაც კედლებში გამჯდარი: არაფერი. არავინ არაფერს არ აკეთებდა. არავის არაფერი საქმე არ ჰქონდა. ვიჯექი და ხალხს ვათვალიერებდი ჩემს ოთახში. უფრო სწორედ, ეს მათი ოთახი იყო. პირდაპირი მნიშვნელობით არაფერი მიკეთებია მთელი დღის განმავლობაში, ისე დავბრუნდი სახლში. სვამდნენ. გიორგი, სანდრო, ზაზუკა და ირაკლი ისხდნენ და სვამდნენ. - რას აღნიშნავთ, მათხოვრებო? - მივედი და გიორგის ჩანგლით პირდაპირ თეფშიდან შევჭამე რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის სალათი. - შენს სამსახურში გასვლას. რას უნდა აღვნიშნავდეთ, რა კითხვებია? - მიპასუხა გიორგიმ. - როგორ დამცინის ეს დეგენერატი ბავშვი შეხედე რა, - შევიცხადე და აბაზაში შევედი. *** - განგრეული პახმელია მაქვს, გვანცა, შემეშვი, - ამოიღმუვლა გიორგიმ მეორე დილით, როცა მისი გაღვიძება ვცადე. - რამე ქვიზი არ გაქვს დღეს? - მეღადავება... - ნახუი, რა, - ვუთხარი სიცილით და ოთახის კარი გამოვიხურე. ჯერ უნივერსიტეტში წავედი, მერე სამინისტროში. საღამოს ჩემებთან გავიარე სახლში. - რას შვებით, დედა? - მკითხა დედაჩემმა, როცა როგორღაც მოვრჩი ჭამა-სმას. - რავიცი, დე. ვცხოვრობთ. - ეს რა პასუხია, გვანცა? - მარტივი და გენიალური. - გვანცი, მისმინე, არ მინდა, ეგ ბიჭი შენი გასაზრდელი გახდეს.... - მეათასედ მეუბნები ამას, დედა. გავიგე. - არც მამაშენს მოსწონს მაინცდამაინც, იქ რომ ცხოვრობ. - მე მინდა გიორგისთან ერთად ცხოვრება. - ვიცი, რომ გინდა. რომ არ გინდოდეს, ხომ არ იცხოვრებდი... - იცი, მაგრამ არ გესმის, დედა. დედაჩემი გაჩუმდა. მერე მამა შემოვიდა სამზარეულოში და გადამკოცნა. არაფერი უთქვამს, ისე დაჯდა მაგიდასთან. - მამა... - რაც გინდა, ის ქენი, - ბავშვობიდან მეზიზღებოდა ეს პასუხი. ავდექი და წამოვედი. საშინელ ხასიათზე მივედი სახლში. არ მინდოდა, რამე დამტყობოდა, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე. გიორგი იწვა და რაღაცას კითხულობდა. არაფერი მითქვამს, ისე შევედი აბაზანაში. რომ გამოვედი, ოთახისკენ მიმავალს დამეწია გიორგის ხმა: - გვანცა, რამე მოხდა? არაფერიო არ მითხრა, დებილი კი არ ვარ. არაფერი მიპაუხია. ნახევრად სველი მივუწექი გვერდით და თვალები დავხუჭე. - რა გჭირს, დებილო? - მკითხა. ცხვირზე მომიჭირა თითები და სანამ ხველება არ დამაწყებინა, არ ამომასუნთქა. - იდიოტო! - ვუთხარი ხმამაღლა და სახეზე ხელები ავიფარე. - როგორც იქნა, მომაქციე ყურადღება. სახლში გითხრეს რამე? არაფერი ვუპასუხე. ზემოდან მომექცა, ნელ-ნელა მომაცილა თითები სახიდან და დახუჭულ თვალებზე მაკოცა. - შენ ხო გინდა ჩემთან? - მკითხა ჩუმად. - მინდა, - ვუთხარი მხოლოდ ტუჩების მოძრაობით, უხმოდ. მერე ყელთან ვგრძნობდი მის სუნთქვას. ჩემს მხარზე ედო თავი და პაზლის ფიგურასავით ავსებდა სივრცეს ჩემს ლოყასა და მხარს შორის. ძალიან ნელა სუნთქავდა. მაშინ ვიცოდი, რომ მარტო მასთან მინდოდა ყოფნა. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი ეს იყო: მასთან უნდა ვყოფილიყავი. არაფერზე ფიქრი არ მინდოდა მაშინ. საერთოდ არაფერზე. - გიორგი, არ დაიძინო მასე, - ვუთხარი მერე ჩუმად, მთელი სხეული რომ დამიბუჟდა. თავი აწია და ისევ ზემოდან დამაცქერდა. - არ იყო მოწყენილი, რა... - მითხრა ღიმილით. - არ ვიქნები, - მეც გამეცინა. - მე არ გაგიშვებ აქედან. - არ გამიშვებ? - არ გაგიშვებ. - როგორ არ გამიშვებ? - აი, ასე. აბა ადექი და წადი, თუ მაგარი ხარ, - მითხრა და დამეჯღანა. - ვაფრენ შენზე, - ვუთხარი მერე ჩურჩულით. - ასეთ რამეებს კი არ მეტყვის ხმამაღლა. ნახუიო კარგად მომაძახე დილით... - თქვა და მოიწყინა. - მასხარა ხარ ჩვეულებრივი, - ვერ ვსუნთქავდი, ისე მეცინებოდა, - ადექი, გავბრტყელდი. *** ვსწავლობდი. ვმუშაობდი და ვცხოვრობდი ლილიკოსთან და გიორგისთან. ყველაფერი ძალიან კარგად იყო, მაგრამ მეშინოდა. ყოველთვის მეშინია, როცა ყველაფერი ძალიან კარგად არის. მაშინაც ასე იყო. ერთ დღეს სახლში დაბრუნებულმა საშინელი სუნი ვიგრძენი. სუნი ვერ ვიცანი, მაგრამ რაღაც მიგრძნო გულმა. მისაღებში არავინ ჩანდა. ჩვენს საძინებელში რომ შევედი, მთელი ოთახი კვამლით იყო სავსე. ბიჭები ძირს ეყარნენ გამოშტერებული სახეებით და თვითონაც არ ესმოდათ, რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ იცინოდნენ. გავშეშდი, ვერაფერი ვთქვი. ვერც კი შემამჩნიეს. - თქვენ ნორმალურები ხართ? - ნერვიულობისგან ხმის ნაცვლად ხავილი ამოვუშვი ყელიდან. - ვუუაა, გვანცა მოსულა, - შემომცინა სანდრომ. - ლილი სად არის, გიორგი? - აზზე არ ვარ, გვანც, შენთავსვფიცავარ, - მიპასუხა სიცილით. - დაახვევთ? - თვალი მოვავლე მთელ ოთახს და ისეთი ხმით ვთქვი, თვითონაც გამიკვირდა. ბიჭებს არანორმალური სიცილი აუტყდათ. კინაღამ შევიშალე და კივილით გავაგრძელე: - რა გაცინებთ, ბიჭო, სუ გამოსირდით? ძლივს გავყარე სახლიდან რეგვენი დეგენერატები. მერე სახლი გავანიავე, რომ ლილის არაფერი ეგრძნო და დასაძინებლად დავწექი. არ ვიცი, გიორგი როგორ ან როდის მოვიდა სახლში. - ადექი, დაგაგვიანდება, გვანცა! - ძლივს გამაღვიძა დილით ნაცნობმა ხმამ. არ მიპასუხია. არაფერი მიპასუხია. ისე გავედი სახლიდან, თვალით კონტაქტიც კი არ გვქონია. საღამოს ერთად ვიჯექით მაგიდასთან და ვუთხარი: - გიორგი, კიდევ ერთხელ გააკეთებ ამას ამ სახლში და არ ვიცი, რას ვიზამ. - აუ, გვანცა... - საერთოდ არ მინდა შენი გამზრდელ-დამრიგებელი ვიყო. არც ნერვები მაქვს ამის და არც სურვილი. არ გაბედოთ და ლილის სახლში არ მოწიოთ არასდროს. - გავიგე. ბოდიში. - ბოდიში რა შუაშია, გიორგი. - რა არის შუაში მაშინ, შენ მითხარი და იმას გეტყვი. - ტყუილად იბუტები, რა. - არ ვიბუტები, რა გინდა. - იბუტები. - რამე ცუდად გითხარით გუშინ? - მკითხა და თვალებში შემომხედა. - რა დებილი ხარ, - უნებურად გამეცინა, - თავს ისე ნუ მაჩვენებ, თითქოს გტუქსავ, რა. არ არის ეგრე. - გაბრაზდი? - გავბრაზდი კი. - ხოდა, მაპატიე. - უბავშვესი ბავშვი ხარ, გიორგი. ავდექი და ცარიელი ჭიქა ავაცალე მაგიდიდან. *** ერთ დღეს კიდევ მოვიდა სახლში საშინლად დაბოლილი. თვალები სულ დაწითლებული ჰქონდა. - ლილის ასე არ დაენახო, გიორგი, - ვუთხარი, სანამ ლილი სამზარეულოდან გამოვიდოდა. - ჰა? - მკითხა არაადეკვატურად ხმამაღლა. - ჰა კი არა, შეენძრიე ოთახში, ლილიმ არ გნახოს. - ლილი ჯიგარია, ბიჭო. - გიორგი, ადექი. როგორც იქნა, შევიდა ოთახში. ლილის მივეხმარე ცოტა ხნით და მერე მეც საძინებელში შევედი. - გიორგი, რატო ეწევი ამდენს? - ვკითხე მოწყენილი ხმით. - შენ არ გინდა, გვანც? - არ მინდა. - აუ რატო, გვანცი? პოტენციალი გაქვს და გაფრინდებოდი ცოტას. - აი ეხლა დაახვიე აქედან... - ერთხელ, რა. მარტო ერთხელ. - არ მინდა, გიორგი. ნერვებს ნუ მიშლი. - იცი... იცი, როგორ ასწორებ მოწეულზე... აი ძააააააააააააან ასწორებ, გვანცა. ისე ხო ასწორებ და აი ეხლა ვაააააააააბშე ასწორეებ! - გიორგი, გაეთრიე! - მაინც მეცინებოდა. - წყალი მინდა, ე! მთელი ღამე ასე ბოდავდა რაღაცებს და იცინოდა გიჟივით. ძალიან, ძალიან ხშირად ეწეოდა. სახლში აღარ მოუწევია, მაგრამ მაინც ძალიან ბევრს და ხშირად ეწეოდა ბიჭებთან ერთად. მერე მოდიოდა სახლში თვალებდაწითლებული და მიყვებოდა, როგორ ასწორებდა და როგორ ვუსწორდებოდი მოწეულზე. ბოლოს უკვე აღარაფერს ვეუბნებოდი. რაც მოუნდებოდა, ის უნდა ეკეთებინა. მე ხომ მისი მშობელი არ ვიყავი. მე უბრალოდ ის არ მინდოდა, ლილიკოს ენერვიულა. მეტი არაფერი. გიორგიზე არ ვნერვიულობდი. ვიცოდი, ზედმეტს არასდროს გააკეთებდა. ერთ დღეს ოთახში გიჟივით შემოვარდა და შეშინებული ხმით მითხრა: - ცუდადაა, გვანც... თიკაა ცუდად. თიკა სანდროს შეყვარებული იყო. - რა მოუვიდა, გიორგი, გააფრინე? - არ ვიცი. ვეწეოდით, ვიცინოდით, ვჭამდით და... - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, ვერ სუნთქავდა, - ამან უცებ გონება დაკარგა, გვანც... რამე რომ დაემართოს? რო მოკვდეს, გვანც? - რაებს ლაპარაკობ, გიორგი, ხო არ გაგიჟდი, - მე თვითონაც ძალიან შემეშინდა. - სასწრაფო მოვიდა და წაიყვანეს, გვანც... ფერი არ ედო საერთოდ, გვანცი. ვაბშე, - ხმა უკანკალებდა გიორგის. - კარგად იქნება. აუცილებლად კარგად იქნება. - ჰო? - კი. უეჭველი. სანდრო რას შვება? - სანდრო გაყვა. ეგრევე გამოვედით ყველანი. ეგრევე. საერთოდ არაფერი არ მახსოვს, რას ვაკეთებდით. მალე ჩვენც საავადმყოფოში ვიყავით. თიკას გადასხმები გაუკეთეს და გამოკეთდა. - გვანცა, რამე რომ დამართნოდა? - ბოდავდა. მთელი ღამე ბოდავდა შეშინებული გიორგი. ასეთი შეშინებული არასდროს მინახავს, - ან შენ რომ მოგეწია და შენ დაგმართნოდა რამე, გვანც? - გიორგი, ნუ ფიქრობ სისულელეებზე. გეხვეწები. გიორგი.... - ჩემი ბრალია. მე ჩავიხვიე იმ დღეს, მოვწიოთ-მეთქი. - გიორგი, აიეხლა გაგინებ, - უკვე ვბრაზდებოდი. - გვანცა, ხო კარგად იქნება? - კარგად იქნება კი არა, კარგად არის, გიროგი. იქ არ იყავი? - ბიჭო... - გიორგი, გაჩუმდი და დაიძინე. თიკას ამბის მერე საერთოდ აღარ მოუწევია, მაგრამ ძალიან ხშირად ძალიან მოიწყენდა ხოლმე. არაფერს ვეკითხებოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც არ იყო რიგზე. ერთხელ, გვიან ღამით გამეღვიძა და საწოლში არ დამხვდა. აივანზე რომ გავედი, დავინახე, მხოლოდ ჯინსის შარვალი ეცვა და ეწეოდა. - შედი, შეგცივდება, - არც გამოუხედავს, ისე მითხრა. - არ შემცივდება. - შედი. მოვწევ და შემოვალ. ისეთი ხმა ჰქონდა, დამჯდარი, თითქოს ნისლიანი. თითები დამიბუჟდა სიამოვნებისგან. - გახსოვს რა გითხარი, შიშველი რომ ეწევი, რა მემართება-მეთქი? - გამომხედა და ჩაიცინა, - ახლა გავგიჟდები, - ღრმა სუნთქვას ამოვაყოლე სიტყვები და თითები მოვიფშვნიტე. - მოდი ჩემთან, - მითხრა ისევ იმ ხმით და კინაღამ გონება დავკარგე. თითებით მეხებოდა სახეზე და მკლავებზე და ტანზე ეკალი მაყრიდა. ვერ ვსუნთქავდი. ისე მინდოდა, მეკოცნა. ის კი ახლოს არ მოდიოდა. იდგა და მიყურებდა სახეზე, თითქოს ზეპირად არ იცოდა ყველა ნაკვთი. მერე ძალიან ნელა მაკოცა. ძალიან ნელა, მაგრამ ძალიან მძაფრად, მთელი გრძნობით, მთელი სურვილით მკოცნიდა და ვერ ვერეოდი. ვიხრჩობოდი მის სურვილში. ვერ ვამყოფინე ჩემი სურვილი და კინაღამ შევიშალე რაღაც მომენტში ხელებით რომ ვერაფერს ჩავეჭიდე. არაფერი ეცვა. მერე ყელთან იყო, მერე მხრებზე, მერე ლავიწის ძვალთან, მერე მკედრზე... ყველგან იყო ნელ-ნელა. გიორგი იყო. და ვიყავი მე. და იყო ჩემთან, ჩემამდე, ჩემით და ჩემში. თავიდან ბოლომდე. ასერთი პროცენტით ჩემი იყო მაშინ. მთლიანად ჩემი იყო და ამაზე საშინლად სასიამოვნო გრძნობა არ არსებობდა მაშინ. კივილამდე მსიამოვნებდა ყოველი შეხება, გიორგის ყველა ამოსუნთქვა, რომელსაც მე კანზე ვგრძნობდი. სიგიჟეს ჰგავდა ყველაფერი. სასწაული იყო. სახელდარქმეული, მოხდენილი სასწაული. - გიორგი, მიყვარხარ, - ვთქვი მერე აბსოლუტურ სიჩუმეში. ჩემს მუცელზე რომ ედო თავი და თმაზე ვეფერებოდი. - რა თქვი, გვანცა? - არ განძრეულა, ისე იკითხა. - მიყვარხარ-მეთქი, - გავიმეორე და ისევ გამაჟრჟოლა. მერე ადგა. მერე თვალებში სანამ არ ჩამხედა, ვერ ამოისუნთქა. - მიყვარხარ, გიორგი. მიყვარხარ. მიყვარხარ. მიყვარხარ. ისტერიულად ვიმეორებდი ერთ სიტყვას და ცრემლები მომდიოდა. ძალიან მაგრად მეხვეოდა, მიხუტებდა პატარა ბავშვივით და არ მქონდა მე მაშინ სხვა თავშესაფარი. გიორგი იყო ყველაფერი. დანარჩენს არ ჰქონდა მნიშვნელობა. არაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა. *** მეორე დილით, შაბათი იყო, ალადებს ვაცხობდით მე, ლილი და გიორგი. ვკვდებოდით სიცილით მე და ლილი იმაზე, როგორც ცდილობდა, თანაბარ ზომაზე დაესხა ცომი ტაფაზე. შე პერფექციონისტო ტრაკო-მეთქი, დავცინოდი. - აი ნახეთ პროსტა უმაგრესი თუ არ გამომივიდეს. შემეხვეწებით, - იბუტებოდა გიორგი. - გამოგივა, გიორგი, შენ რა არ გამოგივა, ის თქვი, ბებია. - ბე, მურაბები დაითრიე, ხო? - გასცა განკარგულება და ტაფას მიუბრუნდა. - დავითრევ, ბებო, დავითრევ, რას ვიზამ აბა. ჩაბჟირებამდე ვიცინე ლილიკოზე. მერე ზარის ხმა გაისმა. გიორგი ცომს ასხამდა ტაფაზე, ლილიკო მურაბებს ეძებდა საკუჭნაოში. მე მივედი წინსაფრით, ბლინის ამოსატრიალებლით ხელში და ისე გავაღე კარი. ზღურბლზე წაბლისფერთმიანი საშინელვარცხნილობიანი ქალი იდგა, უზარმაზარი, მრგვალი მზის სათვალეებით და წითელი ტუჩსაცხით. - გამარჯობა, - ამოთქვა ჩემი დანახვით აშკარად გაოცებულმა. - გამარჯობა, - ვუპასუხე მეც. - შენ ვინ ხარ? - იკითხა და სათვალე მოიხსნა. - ვინ გნებავთ? - საერთოდ არ ვაპირებდი, ამ თავხედი ქალისთვის ამეხსნა, ვინ ვიყავი. - ამ სახლში ჩემი შვილი ცხოვრობდა, როგორც მახსოვს, - მითხრა საშინელი ტონით. მივხვდი, ეს ქალი გიორგის დედა იყო. „აუ, გვანცა, მიმეწვა კინაღამ, ამომიტრიალე, რა...“ - მოდიოდა წუწუნით სამზარეულოდან გიორგი, სტუმარი რომ დაინახა და გაშეშდა. - გიორგი... - გაიტყლარწა ქალი კარში და საშინლად გაიღიმა. - ირინა... ირინა, რა გინდა აქ? - გიორგიმ არ იცოდა, რა უნდა ეთქვა. - გიო, როგორ მომენატრე, დე... - ნაძალადევი გრაციოზულობით შემოგოგმანდა სახლში და გიორგის გადაეხვია. ის კი გახევებული იდგა. ალადიკები დაიწვებოდა, რომ არ მიმეხედა. - შენთან ჩამოვედი, გიო, - უხსნიდა მერე დედამისი გიორგის. - ახლა, ირინა? - ჰო, რა მოხდა? - არაფერი. არაფერი არ მოხდა. მალე ცხრამეტის გავხდები უბრალოდ. მეტი არაფერი. მაგიდას ვშლიდი. თითქმის ყველაფერი მესმოდა, რასაც ლაპარაკობდნენ. - ვინ არი ეს გოგო, გიორგი? - მიყვარს ეგ გოგო, ირინა. - და წინსაფრით და სპორტულებით რატომ დადის შენს სახლში? - აქ ცხოვრობს და იმიტომ. საშინელი დუმილი ჩამოწვა. სახეზე ეწერა ირინას ყველაფერი. იმ წამიდან მის უშუალო მტრად ვიქეცი. რა თქმა უნდა, გაურკვეველი მიზეზით. ვერაფრით ვერ გაიგო, რა კავშირი იყო „მიყვარსსა“ და „აქ ცხოვრობს“ შორის. განრისხდა, გაცოფდა... - ცოლი მოიყვანე, დედა? - მხოლოდ ეს იკითხა მზერაგაშეშებულმა. - არა, ირინა. შეიძლება ადამიანი ისე გიყვარდეს, რომ ცოლი არ იყოს. - სუფრა გაშლილია, გიორგი, - ვთქვი ჩუმად. ახლოს მოვიდა გიორგი და ჩუმად მითხრა, არ ინერვიულოო. ჩემ გვერდით იჯდა. ძალით დასმულ კითხვებს მოკლედ პასუხობდა გიორგი და ვგრძნობდი, როგორც ცდილობდა, ჩემამდე არ მოეშვა ის საშინელი მუხტი. თვითონ უმკლავდებოდა. თვითონ შეეძლო. მე ვერ შევძლებდი. საშინლად დამთრგუნველი იყო ირინა. ვერც კი ვხვდებოდი, რას ცდილობდა, რაში მეცილებოდა პირველივე წუთიდან. ვერ ვხვდებოდი. არ მესმოდა. - გვანც, არ აყვე რა ირინას, ჩემს თავს გაფიცებ. - არა, გიორგი. - ცოტა ისე შეიძლება გელაპარაკოს, რო გეწყინოს, მარა არ აყვე, დაიკიდე, გეხვეწები. კაი? - კაი, - გამეღიმა. - მიყვარხარ ძაან. აი ამის გამო მიღირდა ყველაფრის ატანა. არანაირი ირინა არაფერს ნიშნავდა, თუ გიორგი მეტყოდა ძაან მიყვარხარო. ჭკუიდან მშლიდა ეს ბიჭი. აბსოლუტურად არ ვექვემდებარებოდი კონტროლს. არც მე და არც სიტუაცია იქ, სადაც გიორგი იყო. ირინა ვერ აურევდა ამ უკონტროლობას. მე იმ დომხალში მიყვარდა გიორგი. იქ, იტალიურ ეზოში, პლეხანოვზე, ლილიკოს გემრიელ სახლში, ჩემი მშობლების სახლიდან შორს. მიყვარდა და დამთავრდა. - გიორგი, საქმე მაქვს შენთან, - შემოვიდა ერთხელ ირინა ჩვენს ოთახში. - შემოდი და მითხარი. - ცალკე. - არა, ირინა. თუ რამე გინდა, აქ მითხარი. თუ არა და ვმეცადინეობთ ჩვენ. მთელი ბრაზი ერთ მზერაში ჩაატია და ჩემზე გადმოანთხია. მერე ოთახში შემოვიდა და კარი მიხურა. - მოკლედ, კანადაში უნდა წამოხვიდე. - რაო? - ხმამაღლა გაეცინა გიორგის. - იქ ისწავლი. კანადაში. - ეს მარტომ მოიფიქრე, დედა, თუ ძვირფასიც გეხმარებოდა? - ერთადერთხელ მიმართა ასე ჩამოსვლის დღიდან და ისიც საშინელი ირონიით. - გიორგი, წესიერად ილაპარაკე. - არ გვცალია, ირინა. ირინას სახეზე ფერი გადაუვიდა. ასე პირდაპირ, ასე ხისტად ალბათ არასდროს მიუმართავს გიორგის. ოთახიდან გავიდა. - ძალიან უხეშობ, გიორგი, - ვუთხარი მერე მე ფრთხილად, - არ შეიძლება ასე. - შეიძლება, გვანცა. აი, სხვანაირად არ შეიძლება. - დედაა მაინც. - დედა რო იყოს, არ წავიდოდა, გვანც. დაიკიდე, ნუ ნერვიულობ შენ ამაზე. მეხუთასედ მეუბნება ესეთ რაღაცას. არც ერთხელ არ გასვლია და არც ახლა გაუვა. - რო ატკინო, არ მინდა. - არ ეტკინება, - მითხრა და გამიღიმა. - რა იცი? - არ სტკივა, გვანცი, ამ ქალს არაფერი არ სტკივა საკუთარი თავის გარდა. - აუ, გიორგი... - ვერ ვიჯერებდი, რომ ასე შეეძლო ლაპარაკი, მაგრამ ძალიან, ძალიან ნაწყენი და ნატკენი იყო და მესმოდა მისი. ბოლომდე მესმოდა. *** ყოველ ჯერზე ცდილობდა, ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინა. აუტანელი იყო უკვე ამ ქალის საქციელი, მაგრამ საბედნიეროდ ის ლილიკოსთან არ ცხოვრობდა და მთელი დღე არ მიწევდა მისი გაძლება. როგორღაც შეეგუა, რომ გიორგისთან „ცალკე“ საუბარი აღარ გამოუვიდოდა და მე ყურადღება საერთოდ არ მომაქცია, ისე დაიწყო ლაპარაკი ერთხელ. მისი ჩამოსვლიდან ერთ კვირაზე მეტი იყო გასული. - გიო, დე, გადმოდი წერეთლის სახლში, რა. დიდია ის უფრო, უკეთესად იქნები იქ. - არ მინდა. - ყველაფერია იმ სახლში, დედა, ხო იცი, არა? - ვიცი, მაგრამ არ მინდა. - როდემდე უნდა იცხოვრო ამ სოროში, ერთი მითხარი, რა... კინაღამ გული გამისკდა. კიდევ კარგი, ლილიკო არ ისმენდა ამ სიტყვებს. - რა თქვი? - ბრაზი ახრჩობდა გიორგის. - ხო, აი როდემდე უნდა იცხოვრო აი ამ ძველ, საშინელ სახლში? - ფუ... - ამიხსენი. უბრალოდ ამიხსენი, რა გაჩერებს აქ? - არ ჩერდებოდა. საშინელი ღვარძლი ისმოდა მის ხმაში და ავკანკალდი, გიორგის ხმა რომ გავიგე. ვიგრძენი, როგორ ცდილობდა, ღრიალი არ დაეწყო. - ირინა, წადი აქედან. - რა? - რამე ვერ გაიგე? - პირდაპირ თვალებში შეხედა და აგრძნობინა, რომ აღარაფრის თქმის უფლება არ ჰქონდა. წავიდა ირინა. გიორგი საძინებელში შევიდა და პირქვე დაემხო ლოგინზე. ძალაგამოცლილი იყო. ასეთი არასდროს მინახავს. მაშინ მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება საშინელების ატანა უწევდა და ზედმეტად ბევრი იყო მისი ასაკისთვის ეს საშინელება. მივედი და გვერდით მივუწექი. იდაყვში მოხრილი ხელის ქვეშ შევძვერი და ძალიან, ძალიან ძლიერად ჩავეხუტე. შეშლამდე მტკიოდა მისი ამ მდგომარეობაში ყურება. - რატოა ასეთი, გვანცა? - მკითხა მოგუდული ხმით. - გიპასუხო? - მიპასუხე, - მძიმედ სუნთქავდა. - შეიძლება, ეშინია. შეიძლება, ნანობს და ცდილობს, რაღაცები გამოასწოროს და იბრძვის. ოღონდ აგრესიულად იბრძვის იმიტომ, რომ ჰგონია, სხვანაირად ვერაფრით მოიგებს. ინსტინქტი აქვს. შვილი ხარ და დედაა. არ შეიძლება, რაღაცა არ აიძულებდეს შენამდე მოსვლას, ხვდები? უბრალოდ, ტიპაჟია ისეთი, დამარცხების აღიარება არ შეუძლია. ვერ იტყვის, რომ შეცდა. ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა ვერ იტყვის. ჰოდა, აგრესია რჩება ერთადერთ ვარიანტად. ყველას მიმართ აგრესია, ვისთანაც ახლოს ხარ. - შენ რომ რამე დაგიშავოს, გვანცა, შენ თავს ვფიცავარ... - არაფერს არ დამიშავებს, გიორგი, - გავაწყვეტინე დაწყებული. - ზოგჯერ მგონია, რომ მარტო შენ მყავხარ. - აუ, აუ, - თვალები ცრემლებით ამევსო, - ნუ ამბობ ეგრე. გული მისკდება. - არ დამტოვო, რა... - ყველაფერს მირჩევნიხარ. ძალიან სავსე იყო ეს ამბავი. ვიცოდი. ვიცოდი, რომ ასე დალაგებულად ვერ გავძლებდით დიდხანს. ვიცოდი, რომ რაღაც მოხდებოდა. ყოველთვის ვიცოდი. რაღაცა გახეთქავდა და დაარღვევდა ყველაფერს. აუტანლად შემეშინდა. *** ლილიკო ცდილობდა, ყოველ მოსვლაზე რაც შეეძლო, თბილად მოპყრობოდა ირინას. ლილის უბრალოდ სხვანაირად არ შეეძლო. გიორგი კი იმ დღის მერე თითქმის არ ელაპარაკებოდა დედამისს. არადა, შეეძლო. რაღაცები რომ დაეთმო ირინას, შეიძლებოდა რამის აწყობა. რაღაც მინიმალურის მაინც და მერე მოხდებოდა რაღაცები თავისით. მაგრამ ამას არაფრით აკეთებდა. იდგა თავის პირველად არჩეულ გზაზე და ჯიუტად არ უხვევდა არსად. ვერ ვგრძნობდი, რომ უყვარდა. გამორიცხულია, დედას შვილი უყვარდეს და ასე იქცეოდეს. რაღაც ვალდებულებას უფრო ჰგავდა ირინას დამოკიდებულება გიორგისადმი. სინდისის ქენჯნა აწუხებდა და უნდოდა, საკუთარ თავთან თუ არ ვიცი, ვისთან გაესწორებინა ანგარიში. გიორგი ამის უფლებას არ მისცემდა. ერთხელ ჩემთან გავედი სახლში და დედას მოვუყევი. - გიორგის დედა ჩამოვიდა. - მერე? - მერე, საშინელი ქალია. - არ მითხრა, რომ რამე პრობლემას გიქმნის, გვანცა... - გაგიჟდა დედაჩემი. - არა, არა. არა, დედა. მე რა პრობლემა უნდა შემიქმნას. გიორგისთან აქვს ისევ ის პრობლემები, რაც ყოველთვის ჰქონდა. - შენ გაიჭყლიტები მანდ, იცოდე. - კარგი რა, დედა. - აი, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა. - ყოველთვის ამძაფრებ ყველაფერს შენ, დედა. - არაფერს არ ვამძაფრებ. აი,ნახე, ეგრე თუ არ იქნება. მაგის მეტი რა ვიცი, გვანცა, მთელი ცხოვრებაა, მაგის მეტს არაფერს ვუყურებ. თან უფროსი ხარ, პროსტა ერთად ცხოვრობთ და თან საშინელი ქალიაო მეუბნები. იცოდე, თავი არ დაიღუპო უაზრო ახირების გამო. - რა არის უაზრო ახირება, დედა? - ისე მეტკინა, ხმა ძლივს ამოვიღე, - გიორგია უაზრო ახირება? - მაიამ არაფერი მითხრა, - მიპასუხე, შენ გიორგი ჩემი უაზრო ახირება გგონია? ნახევარი წელია ლამის ერთად ვცხოვრობთ და უაზრო ახირებაა? - მორჩი, რა, გვანცა. - არ მოვრჩები, დედა. ერთხელ ხო შეიძლება გავარკვიოთ ეს საკითხი ბოლომდე? რახან ცოლად არ მივყვები, უაზროა ესეიგი? და უაზრო ახირების გამო შემიძლია სახლიდან გადავიდე ვიღაცასთან საცხოვრებლად? პირველივე შემხვედრს გავეკიდე თუ რას ნიშნავს უაზრო ახირება? - სერიოზული ურთიერთობა არ გაქვთ. - გასაგებია, - ხმა გამებზარა. ვერაფერი ვეღარ ვთქვი. - ნუ გწყინს, გვანცა. შენთვის ვამბობ მე. არ გაგრძელდება ეს ურთიერთობა, შენც ხო იცი? ბავშვია. - თურმა რა ყოფილა... - ბავშვია, გვანცა, და ტყუილად ნუ იკბინები. პატარა ბავშვია. ბებოს გაზრდილი პატარა, სკოლის მოსწავლე. - კიდე? - ვნადგურდებოდი, - მიდი, მიდი, გააგრძელე. რაღაცები ამოსაღები გქონია. მითხარი ბარემ. - სტაბილური ურთიერთობა გჭირდება, გვანცა. ისეთი, რომლის დანგრევის არ შეგეშინდება. - ჰო? კიდე რა მჭირდება? - ტონი შეარჩიე! - გაბრაზდა დედაჩემი, - იცი, რასაც გეუბნები და თავს ნუ იშტერებ. - ცოლად რო გავყვე, სტაბილური იქნება ურთიერთობა? - ცოლად გაყოლა არაფერ შუაშია, გვანცა. მთელი ცხობრება ისე უნდა ზარდო, როგორც ახლა ზრდი. - ვის ვზრდი? - ვიღაცის ძიძა რატო უნდა იყო, არ მესმის, როცა შეიძლება ვინმე აქეთ ზრუნავდეს შენზე. ასეთი სიდებილეც არ შეიძლება, რა. - დედა, ჭკუიდან მშლი. - დაფიქრდი და მიხვდები. - აი ახლა რომ გავიდე სახლიდან და ვიღაც 35 წლის სრულად უზრუნველყოფილ ბიზნესმენს გავყვე, ბედნიერი იქნები? საკმარისად დიდი იქნება თუ ორმოცზე მეტის უნდა იყოს? მითხარი, რა კრიტერიუმით შევარჩიო, მე ვერ ვხვდები ჯერ თურმე. - გვანცა, დაწყნარდი. მაინც არაფერს მიგონებ, რასაც გეუბნები და რა აზრი აქვს. - არ მჯერა, რასაც მეუბნები, დედა. პროსტა ვერ ვიჯერებ. ავდექი და წამოვედი. განადგურებული ვიყავი. დანგრეული. საშინელებაა, როცა არ ესმით, რას გრძნობ, მაგრამ უფრო დიდი საშინელება ის არის, ვერასდროს რომ ვერ გაიგებენ და მუდმივად ბრძოლა მოგიწევს რაღაცისთვის, რასაც მათთვის აზრი არ აქვს. ვერ დავანახე, რომ უზომოდ ბედნიერი ვიყავი გიორგისთან. საკუთარ დედას ვერ დავანახე ეს და სხვას როგორ დავუმტკიცებდი. ჰო, აქ, ჩვენთან მაშინ ბედნიერებას დამტკიცება სჭირდებოდა. - გიორგი, სად ხარ? - გაუცნობიერებალდ ავკრიფე ნომერი. - ლექცია მაქვს. რა ხდება, გვანც? რა ხმა გაქვს? - მნახავ? - ბევრი ლაპარაკის ძალა არ მქონდა. მერე ნაბიჯების ხმა გავიგე, ალბათ აუდიტორიიდან გავიდა. - სახლში ხარ? სად ხარ, მითხარი, რა გჭირს? - გავგიჟდები, რო არ გნახო. მეორე კორპუსთან ვიქნები 15 წუთში. მთელი სხეული მიკანკალებდა. ვერ ვუშვებდი გონებამდე ყველაფერს, რაც დედაჩემმა მითხრა. საბოლოოდ გავაფრენდი. მთელი ძალით ჩავეხუტე. მისმა არომატმა რომ გამივსო ფილტვები, ყველაფერი დალაგდა თითქოს. მისი ხელები რომ ვიგრძენი გარშემო, ყველაფერმა აზრი დაკარგა. დეკემბერი იყო, საშინლად ციოდა. პირველი კორპუსის უკან, ეკლესიის ეზოში ვისხედით და გაუჩერებლად მომდიოდა ცრემლები. - რატო გვიჯდება ამდენად ერთმანეთი, გიორგი? - მე ყველაფრად მიღირხარ, გვანც. - აღარ შემიძლია. მართლა. - რა გავაკეთო, გვანც, მითხარი და ყველაფერს, ვაბშე ყველაფერს ვიზამ, ოღონდ შენ არ იტირო. - არ ვიცი, გიორგი. სად წავიდე, არ ვიცი. რატო არ მთავრდება? - იმიტომ, რომ არ არის ადვილი. - პატარააო, უაზრობააო, არ ღირსო, არასტაბილურიაო, დაინგრევაო... საზიზღრობები მითხრა. - არ დაუჯერო, გვანცი. შენ არ დაუჯერო მთავარია. - არ ცვლის ეგ არაფერს, გიორგი. ვერ ცვლის. იაზრებ? ვერაფერს ვერ ვშვები, ისე მანგრევს. - როგორ არ ცვლის. რო არ ცვლიდეს, რო გჯეროდეს, ახლა აქ არ იჯდებოდი. ჩემთან იყავი და ვერავინ ვერაფერს ვერ გიზამს. - მიყვარხარ, რა. - გული მისკდება, ეგრე რო კანკალებ, გვანცა. არავის არ უნდა ქონდეს მაგის უფლება. აი იმენა არავის. ესე როგორ კანკალებ პროსტა... - ხელებს მიჭერდა და ცდილობდა, გავეთბე. - რა ვქნათ, გიორგი? - ვიცხოვროთ, გვანც. - როგორ ვიცხოვროთ? - ერთად ვიცხოვროთ, გვანცი. დანარჩენი პოხუი რა. *** ეწეოდა და ვუყურებდი. ჩუმად. სხვა არაფერი შემეძლო. უბრალოდ ბედნიერი ვიყავი და სხვას ვერაფერს ვთხოვდი საკუთარ თავს. რომ ვიაზრებდი, როგორი მარტივი იყო თავიდან ყველაფერი, გული მეკუმშებოდა. სეირნობები, დებილობები, ლილიკოს მურაბები... ეს იყო ყველაფერი. დათოს ჩამოსვლის ამბავიც კი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ახლა მჭირდა. საშინლად მიჭირდა ყველაფრის ატანა, მაგრამ გიორგი იყო ჩემთან. ამას ვგრძნობდი და ეს იყო მთავარი. - კიდე მოწიე, რა, - ვუთხარი, სიგარეტი საფერფლეში რომ ჩააქრო. - კიბო უნდა გამიჩალიჩო? - მკითხა და კიდევ ერთი ღერი ამოაძვრინა ყუთიდან ტუჩებით. - უიმე, რა დებილი ხარ, - მაინც გამეცინა, - შენ რო რამე დაგემართოს, გიორგი... - მე რა უნდა დამემართოს, გვანცი, ღადაობ? არ გრცხვენია მაინც? - შევიშლები. - აი ყველაზე, ყველაზე, ყველაზე მეტად გამიმართლა ვაბშე, შენ რო იშლები ჩემ გამო. მარტო ჩემზე რო იშლები, გვანცი, რა მემართება იცი? - რა გემართება? - მინდება რო შეგჭამო. - ოჰო! - ცვეტში გეუბნები. აი, ეხლა მოვალ და გიკბენ. - მიკბინე, რას მაშინებ, - ვიწვევდი, - ოღონდ ეგ ღერი მოწიე ჯერ ბოლომდე. - პროსტა რას გიზამ, არ იცი, - სიგარეტს ექაჩებოდა და ისე მეუბნებოდა. - რას მიზამ, რას? - გადაგსანსლავ. - ფრთხილად ქენი. - ნუ მასწავლი შენ. - აი ვის ეჭიმები, ერთი ვიცოდე... - თვალებში ვუყურებდი. - აუ პროსტა... - არ დაიძრა ადგილიდან, სანამ არ მოწევ მაგას. - ძაან დაგენძრა, - მეორე ღერიც ჩააქრო და ისეთი სიცილი ამიტყდა, კინაღამ გავიგუდე, - რა გაცინებს, იდიოტკა შე... იმდენი მაწვალა, იმდენი, შეშლამდე... კბილებს მიჭერდა და ვერ ვიჯერებდი, რასაც აკეთებდა. გაუჩერებლად ვიცინოდი. - ისე მინდიხარ, არაფერი არ მყოფნის. პირველად მითხრა ასეთი რაღაც. სადღაც შიგნიდან ამოუშვა ეს სიტყვები და მთელ სხეულზე თანაბრად მომედო. გავბრუვდი. - ჭკუიდან მშლი. - მართლა. - რანაირად ხარ ასეთი. - არ ვიცი, გვანც. ცვეტში არ ვიცი, რას მმართებ. ჩემს ყელში თავჩარგული ლაპარაკობდა და ყველაფერი იყო ჩემთვის ის წუთები. - ახლა თუ არ მაკოცებ, მოვკვდები. ძალიან გულწრფელი იყო. ყველა ქმედებაში, ყველა სურვილში ძალიან სუფთა იყო და ვგიჟდებოდი ამაზე. სულის შეხუთვამდე მიყვარდა. ვერც კი ვიჯერებდი, იმდენად მიყვარდა. მერე კარზე იყო ზარი. მერე ირინა იყო და დარღვეული იდილია იყო მერე. დედამიწაზე დაბრუნება იყო. მიწაზე დანარცხება. - არ გავიდეთ. - დაგვიძახებს მაინც. - დაიკიდე. არ ადგე. ვიწექი და მთელი სხეული მეჭიმებოდა. გრძნობდა გიორგი. - ჩუ ჩუ, დაწყნარდი, რა. გეხვეწები. აი ნახე. მე ვარ შენთან გვანცი. მე ვარ და გეფერები. ყველგან მე ვარ. არ იფიქრო არაფერზე. მთელი სამყარო დაიკიდე ამ კედელს იქით. ლილიკოს ელაპარაკებოდა ირინა. ძილბურანში მესმოდა ყველაფერი. - ამ გოგოს ბრალია ყველაფერი. ეგ რომ არ იყოს, წამომყვებოდა. - აბა რას ამბობ, ირინა. გვანცა რა შუაშია?! - აბა ვინ არის შუაში? ტვინი გადაუტრიალა ჩემს შვილს. - უნდა ნახო, ერთმანეთი როგორ უყვართ. გიჟდება გიორგი. - რა დროს მაგის სიყვარულია, მითხარი ერთი? უნდა წამოვიდეს. აზრზე მოვა, ცხოვრებას აიწყობს. მერე მოიყვანს ცოლად ვინმე შესაფერის გოგოს, დედად რომ არ ეკუთვნის ისეთს და... გული ცუდად გამიხდა. ვგრძნობდი, როგორ მაფარებდა ხელებს ყურებზე ინსტინქტურად გიორგი და მიხუტებდა, ბოლომდე, როგორც შეეძლო, რომ არ გამეგონა ის, რაც მესმოდა. ცრემლები თავისით მომდიოდა. ვერ ვტირი-მეთქი, მთელი ცხოვრება ვიძახდი და მაშინ ერთიანად ავინაზღაურე. საშინელი, აუტანელი ნევროზი მქონდა და თავს ვერ ვაკონტროლებდი, ისე ვიწყებდი ტირილს. - თვითონ რომ გადაწყვიტოს, ხო არ ჯობია, დედი? - როგორც ყოველთვის, თბილი იყო ლილიკო. - რა უნდა გადაწყვიტოს, ლილი, თვითონ? პატარაა ჯერ. - რა ვიცი, ირინა. დამოუკიდებელი ბავშვი იყო ყოველთვის, - სიმშვიდეს ინარჩუნებდა ლილი. - არ მაინტერესებს. თვრამეტი წლის ღლაპის დამოუკიდებლობა არ გამიგია მე. გიორგი ადგა. აუტანლად შემცივდა, მკლავები რომ მომაშორა. არ გახვიდე-მეთქი ვუთხარი, მაგრამ არ მომისმინა, კარი მძიმედ გააღო და მისაღებში გავიდა. - რო დამტოვე და წახვედი, მაშინ არ ვიყავი პატარა, ირინა? - შენ არ წამომყევი... - გამზადებული პასუხი დაახვედრა ქალმა. - რა თქვი? სად არ წამოგყევი? ზურას რო ჩაუწექი და კანადაში დაახვიე, მაშინ არ წამოგყევი? სად უნდა წამოგყოლოდი? - არ შემეძლო სხვანაირად. - რა არ შეგეძლო? ხმას როგორ იღებ, პროსტა. ვაბშე არ გრცხვენია? - რისი გიორგი? - რისი კი არა, მამაჩემის როგორ არ გრცხვენია? ლილის როგორ არ გრცხვენია მისი თანდასწრებით რაებს ლაპარაკობ? - შენთვის მინდა მე, გიორგი, უზრუნველყოფილი ცხოვრება. მეტი არაფერი. - აი, ეხლა ამასხავს, იცოდე. - გიორგი... - გაისმა ლილის აკანკალებული ხმა და იქ როგორ არ მოვკვდი, არ ვიცი. - ლილი... - ვიგრძენი, როგორ ჩამოიშალა გიორგი, - აუ, ლილი... მაპატიე რა. ლილი, გეხვეწები, მაპატიე. არანაირი ხმა აღარ ისმოდა. საკუთარი გულისცემა მესმოდა მხოლოდ და მინდოდა, აღარც ის გამეგონა. ვერ ვიტანდი არსებობას ასე. როცა ყველას, ვინც მიყვარდა, რაღაც სტკიოდა აუტანლად და მე ვერაფერს ვაკეთებდი. როცა უსამართლობის მეტს ვერაფერს ვხედავდი და როცა ჩვენი სიყვარულიც ვერ შველოდა იმას, რასაც გიორგის ცხოვრება უკეთებდა. გული მერეოდა ყველაფერზე. მერე კარის ხმა გავიგე. ირინა წავიდა. ვერ ავდექი. მოძრაობის უნარი მქონდა დაკარგული. მერე გიორგი მომიწვა უკნიდან და ყურში მითხრა ჩუმად: - მაპატიე, რა. *** - ვერ ვიტან ესე რო გტკივა. - მე გავუძლებ. - გული მისკდება. - წავიდეთ, გინდა? - სად წავიდეთ? - სადმე წავიდეთ ცოტა ხნით. ან ბევრით. - არ ვიცი. აგერევა სიტუაცია უნივერსიტეტში. - ისედაც არეული მაქვს ყველაფერი. - რო წავალთ, მაგით არაფერს ეშველება, ხო იცი. - ....ზე . შენთან მინდა. - ჩემთან იქნები. - ყველაფრის , შენ თუ კარგად არ იქნები, გვანცა. *** იმ დღის მერე თითქმის ერთი კვირა აღარ გამოჩენილა ირინა. შედარებით ჩავდექით ფორმაში ყველა: მეც, გიორგიც და... ლილიც. ლილისთვისაც ძალიან ძნელი იყო. ძალიან, ძალიან ძნელი, მაგრამ ლილიკო ძლიერი ქალი იყო. ისევ საშინელება იყო სამინისტროში სტაჟირება. ყოველდღე აბსოლუტურად უფუნქციოდ ჯდომა ჭკუიდან მშლიდა. არადა, სხვანაირადაც არ შეიძლებოდა და ეს კიდევ უარესი იყო. ერთ საღამოს, სამინისტროდან რომ გამოვედი საშინლად დაღლილი და ნერვებმოშლილი, დათო დავინახე. მოვიდა და მომესალმა. - აქ რა გინდა, გვანცი? - საშინლად მომხვდა სახელი. - სტაჟირება... - ძალიან ვცდილობდი, ბოლომდე ყინული არ ვყოფილიყავი. - ვა, კარგი ძალიან... ვერაფრით ვხვდებოდი, რანაირად შეეძლო, ასეთი ყოფილიყო. ნაცნობი არომატი მიღიტინებდა ცხვირში და უცნაურ შეგრძნებას მიტოვებდა. იმდენად, იმდენად შორი მომეჩვენა ის დრო, ეს არომატი რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო, თითქოს ჩემი ცხოვრებიდან საერთოდ არ ყოფილიყო. იმ წუთას მეგონა, რომ დათო ვიღაც სხვისი ცხოვრების ნაწილი იყო და არა - ჩემი, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ერთად მივდიოდით და ვიგრძენი, რომ რაღაც უნდა მეთქვა. არადა, რა საშინელებაა, როცა ამდენად არაფერი გაქვს ადამიანთან საერთო. აღარაფერი. - როდის ჩამოხვედი? - დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამ კითხვას დავუსვამდი თუ რამე ამაზე სულელურს. - ორი კვირაა. გამიკვირდა, ჩვენთან რომ ვერ გნახე თავიდან. მერე დედაშენს ვკითხე და გადავიდაო მითხრა. - ჰო, გადავედი. - გათხოვდი, გვანცი? თავიდან ვიფიქრე, რომ უნდა გამელანძღა. მერე... მერე საშინელი სიცილი ამიტყდა. აი, იცით როგორი სიცილი? არანორმალური, შეშლამდე მისული სიცილი. ვიდექი და ვიცინოდი ხმამაღლა, თავშეკავების გარეშე. ვიცინოდი კივილამდე და შემეშინდა, ტირილში არ გადამსვლოდა ეს სიცილი. დათოს სახეზე გამომეტყველებას გაოცება აღარ ერქვა. ვიგრძენი, როგორ ვერ მიტანდა მაშინ. - წავედი მე, - ვუთხარი და პასტერზე ავუხვიე. აღარ იყო გაძლებადი უკვე ეს ისტერიკა. - დათო ჩამოსულა. - აი, ეგღა გვაკლდა, რა... არანორმალურად გამეცინა. - რა .... უნდა? - მკითხა გიორგიმაც სიცილით. - ვსიო, გიორგი მორჩა. აი, მეტი რა უნდა გითხრა აქ? აღარაფერი იყო სათქმელი. ეს იყო გიორგი. თავიდან ბოლომდე. *** 5 თებერვლისთვის ორივეს ყველა გამოცდა დამთავრებული გვქონდა, ბაკურიანში მივდივართო, რომ გამომიცხადა გიორგიმ. - არ მაინტერესებს ვაბშე არავინ და არაფერი. არც უნივერსიტეტი, არც სტაჟირება... - მოვრჩი ამ სტაჟირებას, დაწყნარდი. - ხოდა ძაან კაი. ჩაალაგე, მივდივართ. - მერე ლილიკო? - ლილიკომ გურიაში წავალ ჩემს დასთან, ისედაც ამდენი ხანია, მეხვეწებიანო. - ეე, მართლა? - მართლა. დროზე ჩაალაგე. ბევრი არაფერი არ გინდა, პრანჭვა-ტყლარჭვა არ დამიწყო იქ. ვიბომჟავებთ და ჩამოვალთ. - კაი, ღადაობ? - გა ინ ძე რი, გვანცა! - დედაშენი წავიდა, გიორგი? - არ ვიცი. - რას ქვია, არ იცი? - არ ვიცი. ან წავიდა ან არ წავიდა. რა მნიშვნელობა აქვს? ჩაალაგე გვანცა, დაღამდა, ტო... საათნახევარში რანაირად მოვემზადე, მე თვითონ არ ვიცი, მაგრამ მალევე გავედით. მაშინაც TRUST ისმოდა მანქანაში და ის დღე გამახსენდა. - აი, ჩაი როგორ დამალევინე, არ შეგრცხვა? - სამარცხვინო რა არი ჩაის დალევაში, გიორგი? - უფრო გამისერიოზულე ხოლმე, გვანც, ხოიცი, როგორ მიყვარს... - ფუ, იდიოტო. ვიცინოდით და არ გვახსოვდა მაშინ არაფერი. თბილისში დავტოვეთ ყველა სანერვიულო და ერთმანეთით გავივსეთ ფილტვები. ეს იყო მთავარი. მთელი გზა ღლიცინში გავატარეთ და როგორღაც ჩავედით ბაკურიანში. ციოდა. ძალიან. - აი, რა დებილობაა ეს თოვლი მაინც, - დავიწუწუნე, გადათეთრებულ ეზოს რომ შევხედე, სადაც ჩვენი კოტეჯი იდგა. - რა? - გაოცებულმა გამომხედა გიორგიმ და ჩემოდანი გადმოიტანა საბარგულიდან, - შენ გიჟი ხარ, გოგო? - რატო? - აბა, რას გამოქანდი? - წავიდეთო და... - ვახ ჩემი, რა დებილი ხარ. - დებილი შენ ხარ, - გავიბუტე ბავშვივით. - შედი სახლში და შენი ხმა არ გავიგო პროსტა. ერთი კვირა აქედან არ გაინძრევი. საერთოდ არ გამცინებია, ისე შევედი პატარა ხის კოტეჯში. იქ იმაზე მეტად თბილოდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. მართლა არ მიყვარდა ზამთრის კურორტები იმიტომ, რომ სიცივეს ვერ ვიტან. წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ უნდა დაისვენო მაშინ, როცა გცივა. ზამთარში კი სულ ცივა. მით უმეტეს, მთაში. როგორღაც დავლაგდით. მერე ვჭამეთ. დავწექით და დილამდე გვეძინა. დილით გავისეირნეთ. გავიყინე, როგორც ყოველთვის. ვიწუწუნე, ამ ტალახიან თოვლში სეირნობა რა პონტია ვითომ-მეთქი და დავბრუნდით სახლში. მერე საჭმელს რომ ვჭამდით, გიორგის ვუთხარი: - რა გვეშველება, გიორგი? - რა გვაქ საშველი, გვანც? - კაი, ხო იცი, რაზეც გელაპარაკები... - აი, წავა და დავლაგდებით, რა. - არ წავა. - წავა, რას იზამს აბა. - რომ არ წავიდეს? - აბა რა უნდა ქნას, გვანცა? - დარჩება თბილისში, გიორგი. რა პრობლემაა? - ვისთან დარჩება? - კარგი რა, გიორგი... - ვერ გაჩერდება აქ, გვანცა. მე ხო ვიცი. ვერ ქაჩავს აქ. - რაღაცისთვის არის ჩამოსული გიორგი. სანამ არ მიიღებს ამ რაღაცას, არ წავა. წამსვლელი რომ იყოს, აქამდე წავიდოდა. - მომისმინე, გვანცა: ირინა ვერ მიტანს. იცი, ეს რას ნიშნავს? დედაჩემი ვერ მიტანს. ვერასდროს მიტანდა. ბავშვობიდან ლევანი იყო ყველაფერი. მამაჩემს აბოდებდა ჩემზე. ირინა ისე მექცეოდა, თითქოს მამაჩემის ვიყავი. მაშინ მამა რო მოკვდა, ვერც გავიაზრე, ისე ავიჩემე ლილიკოსთან დარჩენა. პროსტა ძაან შემეშინდა ირინასი. აი შემეშინდა, გესმის? საკუთარი დედის შემეშინდა. - ვაიმე... - ჰო. აი, ეგეთია. ეგეთია და არაფრის ღირსი არ არი ეგ ქალი ჩემგან. საერთოდ არაფრის. ვერც მიიღებს. ვერ წარმოიდგენ, ისე , რისთვისაა ჩამოსული. - მთელი ცხოვრება ხო ვერ დაიკიდებ, გიორგი? - მე - ვერა, თვითონ დამიკიდებს. და შენ რატო არ გკიდია, გვანცა? აქ რისთვის წამოვედით, ისევ იმ საზიზღრობაზე რო გველაპარაკა? კაი რა, გვანც... - მე პროსტა არ მინდა, ცუდად იყო. მეტი არაფერი. - არ ვარ, შენ რო მყავხარ. გამეღიმა. ერთ დღეს, ეზოში იმდენი ვიგუნდავეთ, კინაღამ მოვკვდი. ყოველთვის დებილი ვიყავი მსგავს რაღაცებში. აქაც ბოლომდე დამამარცხა. ბოლოს არაფრის ძალა რომ არ მქონდა, პირდაპირ თოვლში გავიშხლართე გულაღმა. - ჰაჰ, - დამადგა თავზე გიორგი, კიდევ ერთი გუნდით, - დამნებდი? - შემეშვი, გიორგი... - ვერ ვსუნთქავდი ნორმალურად. - დამნებდი-მეთქი თუ არა? - არ მეტყობა? - რას კისრულობ? - აი ეხლა ჩაი დამალევინე და მერე რასაც გინდა, იმას ვიკისრებ. - ვუაიმე, შეგცივდა, შტერო? - მითხრა სიცილით და ხელი გამომიწოდა, - ადექი, გაცივდები... - ჰოდა, ვიღაცვიღაცები ამბობენ, მაგ ბიჭს ზრდიო... ამაყენა თუ არა, ჩავეხუტე. ცხელი სუნთქვა მომხვდა გაყინულ სახეზე და თვალები უნებლიედ დამეხუჭა. - წამო, - მითხრა ყურში და ერთად შევედით სახლში. შენ გამოიცვალე, მე ჩაის დავადგამო მითხრა და ოთახში შემაგდო წიხლით. სანამ მე გამოვედი, მაგიდაზე ფიესტა მოეწყო. - ოჰო! - იმენა ვიზრუნე, ხო? გამეცინა. მივედი და ვაკოცე. იქვე კედელზე მიმაყუდა და ამოსუნთქვის საშუალება არ მომცა. არც მქონდა სურვილი. იქამდე მკოცნიდა გაუჩერებლად, სანამ ჩაიდანმა სტვენა არ დაიწყო. იძულებული გახდა, გაჩერებულიყო. ჩაიდანი რომ გამორთო, შემომხედა: - ახლა რომ მითხრა, ჩაი მინდაო, ისე დაგახრჩობ, ოტელოც გამო....ვდეს და დეზდემონაც. არანორმალურად გამეცინა, მაგრამ ამოსუნთქვაც არ მაცადა ნორმალურად, ისე მაკოცა. ასეთი არასდროს ყოფილა. ძალიან სწრაფად მხდიდა ტანსაცმელს და ერთი წამით არ მოუშორებია ტუჩები ჩემთვის. ასე მეგონა, ვერასდროს ავივსებოდი ბოლომდე მისით. არ დადგებოდა ეს მომენტი არასდროს ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის, ყველა ასეთი აქტი უკლებლივ უკმარისობის შეგრძნებას დამიტოვებდა. მე ზუსტად ვიცოდი, რას ნიშნავდა ის, ჩემი შეჭმა რომ უნდოდა. იმდენად გაგიჟებამდე მინდოდა, ყველანაირად შევმძვრალიყავით ერთმანეთში, ამაზეც თანახმა ვიყავი, დაუფიქრებლად. მერე ვიწექით ლოგინში და ვლაპარაკობდით. - ჩაი რო მოგიჟმოტე? - ხო, აი შე უსინდისო... - მოგიტანო, გინდა? - ეხლა აქედან ადგები და გვერდით კოტეჯში რო კახელი ულვაშიანი კაცი ჩითავს, მაგას ვაკოცებ შენ თვალწინ. - რა თქვი? - შენს თავს ვფიცავარ. - რითი დამემუქრა ტიპი ნახე პროსტა. - რა იყო, ვერ ვიზამ? - რას, გოგო? - ვერ ვაკოცებ მახოს? - სახელიც რო იცის... - ხო, მგონი მახო ქვია. - მახო არა მიხო. - ერთი ხუია, რამ გაყო... - ცოლი ყავს მაგას. ისე გამეცინა, ძლივს ამოვისუნთქე. - მერე რა. ყავდეს. - გააფრინე? - აი, ეხლა აქედან ადგები და გამკეთებელი ვარ. შენი თავი დავიფიცე, გიორგი. ადგა. აი ასე უბრალოდ, ხელი გამიშვა და ადგა. - რას აკეთებ? - მიდი აბა. აი ეზოში დგას. თან მარტოა. მიდი და აკოცე. პროტესტის გარეშე ავდექი საწოლიდან. ფეხსაცმელი და ქურთუკი ჩავიცვი და კარიდან გიორგის დავუძახე: - არ მოდიხარ? - ა, დაჟე უჩემოდ გინდა ჩაატარო ამბავი, ხო? საღოლ, გვანც... - შენი თავი მაქვს დაფიცებული. ვიგრძენი, როგორ გააჟრჟოლა. - მოიცა, ე, დებილო. სად მიდიხარ? - არ არსებობს. დაგიფიცე და გავაკეთებ. - გვანცა... - არ არსებობს-მეთქი. წამოხვალ თუ მარტო გავიდე? მივედი ახმახ მიხოსთან თუ მახოსთან. მკლავზე დავეჯაჯგურე, მოვატრიალე და მობოდიშების გარეშე ვაკოცე. ამაზე საზიზღარი შეგრძნება არ მქონია არასდროს ჩემს ცხოვრებაში. გაოცებული მიყურებდა მერე მიხომახო. ხმა ვერ ამოიღო. ან რა უნდა ეთქვა? პირდაპირ აბაზანაში შევედი და ძალიან დიდი ხანი არც გამოვსულვარ. - გვანცა... - მეძახდა კარის მეორე მხრიდან გიორგი. ხმას არ ვცემდი, - აუ რა ვარ, ტო. ჩვეულებრივი .... ვარ. ცვეტში. გვანცა მაპატიე, რა. გვანც, გამიღე კარი. დიდხანს, ძალიან დიდიხანს გაუჩერებლად მელაპარაკებოდა. ცრემლები მომდიოდა. ვკანკალებდი. მერე საკეტი გადავატრიალე. შემოვიდა. შემოვიდა და ტანსაცმლიანად დადგა დუშის ქვეშ. ჩამეხუტა, მთელი ძალით. მაპატიეო გაიძახდა. - ჩემი ბრალია. დებილი ვარ. - კაი, რა, გვანც... - რამ მათქმევინა ესეთი ....ობა მაინც, - გამეცინა ისტერიულად. - როგორ მოიფიქრე? - .... ვარ, გეუბნები... - მართლა რა დებილი ხარ, მარა მეც რო მეგონა რო ღადაობდი? - მაკოცე ეხლა, გიორგი, თორე შეიძლება ვენები გადავიჭრა. მის ტუჩებს ნუშის გემო ჰქონდა. ცახცახებდა როცა მკოცნიდა. ხელები ჩემს სახეზე ჰქონდა შემოხვეული და თითქოს ბოდიშს მიხდიდა. არმოსახდელ ბოდიშს. სამაგიეროდ ძალიან ბევრი ვიცინეთ ამ ამბავზე მერე. სახე თუ დაინახეო. სელაპს რო დაემსგავსაო. გამო....ვდაო. ბევრი ვიცინეთ. მეორე დღეს პარკში ვისხედით, დედაჩემმა რომ დარეკა. - რო წაბრძანდი, არ უნდა გეთქვა? - პირველივე წინადადება საყვედური იყო. - ბოლოს როდის დამირეკე საერთოდ გახსოვს, დედა? - როდის წახვედი? - ხუთში, საღამოს. - მერე მე ვიღაც შენი სადედამთილოსგან უნდა ვიგებდე, რო ბაკურიანში ხარ წაწკაპუნებული? - თავზარი დამეცა. - რა თქვი? - აქ იყო მოსული ის ირინა თუ ვიღაც. ფუ, რა ამაზრზენი ქალია... - თავს ვერ იკავებდა დედაჩემი. - რას იძახი, დედა? - გაგონილის დაჯერება არ მინდოდა. - ჩამოდი გვანცა, რა. ჩამოდი და წამოდი მაგ სახლიდან. - რა გითხრა ირინამ? - არ გაგახარებენ, დედა, მანდ. წამოდი, რა. - რა გითხრა ირინამ, დე? - ხმა ამიკანკალდა. - ერთმანეთის შესაფერისები არ არიან და მე მგონი, თქვენც უნდა გაწყობდეთ, რომ ერთად აღარ იყვნენო. აი, ეს მითხრა. - ფული არ შემოგთავაზა? - ჩამეცინა, - ბოზანდარა ქალი... - მთელი არსება ზიზღით მქონდა სავსე. - წამოდი-მეთქი. ხო გითხარი. აი, ხო გეუბნებოდი. არ გეუბნებოდი? - ახლა თავიდან არ დაიწყო, დედა... - ხო გეუბნებოდი შენ მანდ არ მიგიღებენ-მეთქი. ხო გეუბნებოდი, შენ გაიჭყლიტები მაგ ამბავში-მეთქი. შენ საერთოდ რა შუაში ხარ, ხო ? - რა მნიშვნელობა აქვს, რას მეუბნებოდი, დედა, არ დაიღალე? - ჩამოდი. - კარგად, დედა. მთლიანად მოშლილს მიყურებდა გიორგი და ელოდებოდა, როდის დავასრულებდი ლაპარაკს. - მომეცი ტელეფონი... - გიორგი, კარგი რა. ცანცარის თავი მაქვს ახლა? - მომეცი, გვანცა, ტელეფონი, - გამომართვა ძალით, - რატო გაქვს ჩართული ვაბშე? - აბა რა ვქნა, გიორგი? - გათიშე ეს დედააფეთქებული. ხო შეიძლება, რო გამორთო? მობილურს ჯერ ელემენტი ამოაცალა, მერე ბარათი ამოიღო, შეინახა და ტელეფონი სადღაც მოისროლა. - რას აკეთებ, გიორგი? - ახალს ვიყიდით, თბილისში რო ჩავალთ. - გიორგი, რა გააკეთე? რა ხდება, საერთოდ ვერ იაზრებ, ხო? ორი წლის ბავშვი ხარ? - გვანცა, მე მინდა რომ ეს ორი დღე ვიყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ჩავალთ და იმ გველს ტყავს გავაძრობ, ოღონდ ეხლა შენ დაწყნარდი, კაი? არაფერში არ გჭირდება ეს ტელეფონი ეხლა. არ გეპასუხა და ნერვებიც არ მოგეშლებოდა. - გაურბიხარ და აზრი არ აქვს ესეთ საქციელს. - არ გავურბივარ მარა აქედან რა ჩემი .... ვქნა, გვანცა? ჩავიდეთ, გინდა? წავიდეთ? - არა... - ხოდა აბა აქედან ნერვები მომეტყვნება თუ არა, არსებითი მნიშვნელობა აქვს? ჩავალთ და მივხედავ მაგ ამბავს. მოდი ეხლა ჩემთან. სახლში რომ მივედით, საწოლზე წამოვწექი და გაუაზრებლად დავიწყე ტირილი. ცხოვრებაში არ მიტირია იმდენი, რამდენიც იმ პერიოდში ვიტირე. ნერვები არ მივარგოდა არაფრად. საერთოდ არაფრის ძალა აღარ მქონდა. *** ორ დღეში წამოვედით. მამაშვიდებდა გიორგი. როგორც შეეძლო, მამშვიდებდა, მაგრამ ატანა აღარ მქონდა უკვე არაფრის. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. სახლში რომ მივედით, ლილიკოსთან ერთად ირინა და ვიღაც გოგო დაგვხვდნენ. ლილიკო წამოდგა მაშინვე, ორივეს გადაგვეხვია. იმდენი ხანი მეხუტებოდა, კინაღამ გავიგუდე და მივხვდი, როგორ მენატრებოდა ლილიკო. აი, მერე უკვე არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მგონი ჩუმად ვთქვი გამარჯობა. მერე ხმა აღარ ამომიღია. ვიდექი და ვერ ვინძრეოდი. - ვა, ნათია... - გიორგის ხმა იყო. - გიო, ნახე ვინ მოვიდა შენთან, - გაიტყლარწა ირინა. - როგორ ხარ? - რაღაც გაუგებარი ემოციით ლაპარაკობდა გიორგი. - კარგად, გიო, შენ? - იღიმოდა. ის გოგო იღიმოდა. ვიღაც გოგო იჯდა და გიორგის უღიმოდა. - რავი, დავიღალე ძაან. ბოდიში, რა... ხელი მომკიდა მხარზე და ჩვენს ოთახში შევედით. გაბრუებული ვერაფერს ვიაზრებდი. ვერც ის ვკითხე, ვინ არის ეს გოგო-მეთქი. გიორგის ისეთი დაღლილობა ეწერა სახეზე, სხვას ვერაფერს გამოხატავდა. - დავიბან მე, ხო? - ვუთხარი ჩუმად. ასე მეგონა, ნებისმიერ ზედმეტ ბგერას შეეძლო დაენგრია. თვალებით მითხრა რაღაც. მივედი და ლოყაზე ვაკოცე. ჩამეხუტა. შხაპის ქვეშ ვიდექი და ვფიქრობდი. მისაღებ გადაწყვეტილებებს ვიღებდი. აზრებს ვალაგებდი. რაღაც უნდა გამეკეთებინა. აბაზანიდან რომ გამოვედი, გიორგი მისაღებში იჯდა ირინასთან და იმ გოგოსთან ერთად. ლაპარაკობდნენ. როგორც აღმოჩნდა, ეს გოგო ახლა ილიაში სწავლობდა. მგონი, კლასელები იყვნენ, ან რაღაც მსგავსი. მოკლედ, ძველი ნაცნობები. ირინა აღფრთოვანებას ვერ მალავდა რატომღაც. გიორგის არანაირი ემოცია არ ეტყობოდა ხმაზე. აშაკარად იპრანჭებოდა ეს გოგო. ვცდილობდი, არ შემემჩნია. არ გავჩერებულვარ ოთახში, ლილიკოსთან შევედი სამზარეულოში. რაღაცას ამზადებდა. - ლილი, რას შვები? - უი, გვანცა, შენ ხარ, ბებია? საჭმელს ვაკეთებ, ბე, მოშიებულები იქნებით. - აუ, ჰო, ძაან დავიღალეთ. - როგორ დაისვენეთ, ბები? - ძაან კარგად, ლილიკო. ისეთი მაგარი იყო... - ირინა გაგიჟდა, რო გაიგო, ბე, - ჩუმად, ფრთხილად მითხრა ლილიმ, - გადაირია, რო ვუთხარი ერთად წავიდნენ-მეთქი. - რამ გააგიჟა, კი მაგრამ? - ხო იცი, რანაირი ქალია... - არ ვიცი, ლილიკო, რა. ასე ხო არ შეიძლება?! - დამშვიდდი, გვანცა, შენ არ ინერვიულო და ყველაფერი კარგად იქნება. - იქნებ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, ლილი? იქნებ უნდა დავთმო? - თქვენ მთავარია ერთმანეთი გიყვარდეთ, ბებია. - გავგიჟდე შეიძლება. ასე მგონია, დედა-შვილს შორის ვდგავარ და იცი, რა საშინელებაა? - შენ რა შუაში ხარ, ბებია... - აბა რა ხდება მაშინ, ლილი? ვერ ხედავ, რა დღეშია გიორგი? - რა დღეში ვარ, გვანც? - ზურგიდან გავიგე გიორგის ხმა. მოვიდა და უკნიდან ჩამეხუტა. - ცუდად ხარ, გიორგი. - ოდესმე თუ აახვევს ეს კრეტინკა ნათია აქედან... - ჩუ, ბებია, რას ლაპარაკობ? - გააჩუმა ლილიკომ, - სირცხვილია. ვახშამზე არ უნდა დაგვეწვიოს? - ვახშამზე არა იმაზე. ირინამ მოიყვანა? - ხო, ბებია, ერთად მოვიდნენ. - და რატო? - გიორგიმ სიგარეტს მოუკიდა, - ხო არ შეგცივდებათ, ფანჯარა რო გავაღო? - არ ვიცი, გზაში შემხვდაო. ჩაიზე დაუპატიჟია. - თავის სახლში ვერ დაპატიჟა მერე? - ბრაზობდა გიორგი. - კარგი, გიორგი, რა. რა მოხდა მერე? - ლილი მშვიდი იყო ისევ. - რა მოხდა და იცის, რომ არ მევასება ბავშვობიდან ეს გოგო. ეგ მაინც ხო იცის? - ნუ ბრაზობ, გიორგი. არ შეიძლება. დედაა მაინც. ვახშამზე მაინც დარჩა ნათია. ჩემ წინ იჯდა, ირინას გვერდით და თვალს არ მაშორებდა. - შენ სად სწავლობ? - ღიმილით მკითხა და მაშინ გავიფიქრე, რომ ეს გოგო ძალიან ჰგავდა ირინას. - თსუ-ში, - ვუთხარი მშვიდად. - ფაკულტეტი? - სოც-პოლი. - ვა, კაია ძაან. შენც პირველ კურსზე ხარ? - ვითომ არ იცოდა, რომელ კურსზე ვიყავი. - არა, მესამეზე, - პირდაპირ თვალებში შევხედე. - აა, - ძალით გაიოცა, - ალბათ გიოს ეხმარები ხო ყველაფერში... - რა ყველაფერში? - რავი, აი, უნივერსიტეტში შენ უკვე ყველაფერი გეცოდინება... - რატო, პატარა ბავშვია? - არა, პატარა ბავშვი რა შუაშია. - აბა რა არი შუაში? რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გიორგიმ გააჩერა: - ბოლომდე ნუ გაიბანძებ თავს, კაი, ნათი? მეგობრული რჩევაა, - უთხრა გიორგიმ ღიმილით და დავინახე, სახე როგორ მოენგრა ჩემ წინ მჯდარ ნათიას. ცოტა ხანში წავიდნენ. მკვდარივით დამეძინა იმ დღეს. მეორე დღეს სახლში წავედი ჩემებთან. ყველაფერი ისევ ისე დამხვდა იქ. ისევ მეხვეწებოდა დედაჩემი, სახლში დავბრუნებულიყავი. მეუბნებოდა, საშინელებას დაგმართებს ის ქალიო. დამმართებს კი არა, უკვე დამმართა, ამაზე უარესი რა უნდა მიქნას-მეთქი ვუთხარი და წამოვედი. ჰო, უარესი რა უნდა ექნა, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი. იმ დღეს, სახლში რომ მოვდიოდი, დავინახე როგორ ელაპარაკებოდა ეზოში გიორგი ნათიას. კინაღამ გავაფრინე. ისევ ისე უცინოდა ნათია. გიორგი ზურგით იდგა. ვერ ვხედავდი. გვერდით რომ ჩავუარე, ძალიან უხეშად გააწყვეტინა გიორგიმ სიტყვა იმ წიკვინა გოგოს და გამომყვა. - აუ, ისე მომენატრე, გვანცა, რო არ იცი... - ორი საათით ვიყავი გასული, გიორგი, - გამეცინა. - მერე რა, ტო? სიგიჟემდე მომენატრე. - წამო, რამე ვჭამოთ, რა. - აუ, ლილიკო არ არი სახლში და მგონი არ გაუკეთებია არაფერი. წამო, მაკდონალდსები გავიგდოთ. ფეხით გავუყევით აღმაშენებელს. - ეხლა ის დღე გამახსენდა, პიცა რო ვჭამეთ პირველად. არა, რა იყო ეგ საქციელი ვითომ? - რა იყო? - აი „დომინოში“ რო არ მოხვედი და მერე რო მომწერე, მე არ დაგელოდები დიდხანსო. - აბა რა უნდა მექნა, გიორგი? - უნდა მოსულიყავი. - სად? - „დომინოში“. - კაი, რა... - რა კაი რა... დაიფასა თავი გოიმივით. - რა შუაშია ეგ? - აჰა, ისევ გაასერიოზულა. ვგიჟდები შენზე პროსტა. - ძაან მიყვარხარ, გიორგი, რა. ძალიან. - შენ რო არ იყო, გვანცი, მე სად ვიქნებოდი ნეტა ეხლა. - ნათიასთან, - ვთქვი ძალიან სწრაფად და ქუჩას გავხედე. - რა თქვი? - ხმა წაერთვა გიორგის. - ერთად იყავით? - რახან დავიწყე, ბარემ უნდა მეთქვა. - ხო. მეექვსე კლასში. - აა... - აი, ესეთ მომენტში როგორ შეგიძლია ყველაფრის გაფუჭება? - ძალიან ცუდად ვარ, გიორგი. - ვიცი, გვანცა, და მე ვცდილობ რო აღარ იყო და შენ კიდე პირიქით, რაც დასაგრუზი არ არი, იმაზეც იგრუზები. ცოტა ....ობაა შენ გარშემო ეხლა ნათიაც რო არ დაიმატო? - აბა, რატო მოდის შენთან? - იდიოტკაა და იმიტომ. - მაინც წავუგოიმე... - ჩავილაპარაკე და გამეცინა. გაჩერდა და ისე ძლიერად ჩამეხუტა, ძლივს ამოვისუნთქე. მერე ჩემს ხელებს დახედა და თქვა: - ნუ გეშინიათ, რა. მეორედ. უკვე მეორედ და მაშინდელი შიში ამ შიშთან ვერაფრით მოვიდოდა. თითქმის ყოველდღე მოდიოდა ნათია გიორგისთან. მეც კი შევწუხდი გიორგის სიცივით ნათიას მიმართ. ის კი არაფერს იმჩნევდა. მოდიოდა მილიონი აბსურდული მიზეზით და აღარ მიდიოდა. გიორგი ცდილობდა, ძალიან უხეში არ ყოფილიყო. მერე ერთხელ ძალიან ეჩხუბა. აი, ასე, ამოუვიდა ყელში და ეჩხუბა და დაამთავრა. *** ჩემი ჯერი დადგა. „გაზაფხულია გარეთ, ვემშვიდობებით მარტს. ჩემი გული კი მალე გადაუფრენს ქალაქს. მოვალ იქ სადაც შენ ელი ამ სიყვარულს. დღე იქნება თუ ღამე, შენთან დავტოვებ სულს.“ ზარი გაისმა. ირინა იყო. საშინელება მიგრძნო გულმა. იქ, მაშინ რაღაც უნდა გადაწყვეტილიყო. - მარტო ხარ? - მკითხა და სახლში შემოვიდა. - დიახ. - ძალიან კარგი. უნდა ვილაპარაკოთ. - რაზე უნდა ვილაპარაკოთ? - გამორთე ეს მუსიკა თუ შეიძლება. რამხელაზე აღრიალებ... ხმას ბოლომდე დავუწიე. - დალევთ რამეს? - ყავა გამიკეთე. ხელის კანკალით დავასხი ყავა და გავიტანე ოთახში. ჯერ დალეული არ ჰქონდა, საშინელი ხმით რომ მითხრა: - რა საშინელებაა ეს. შაქარი საერთოდ არ ჩაგიყრია? ამდენის მოთმენა არ შეიძლებოდა. - როგორც წესი, შაქარს მე თვითონ არ ვყრი ხოლმე. საშაქრე ცხვირწინ გიდევთ. - თავხედი ხარ. - შეურაცხყოფას მაყენებთ. - დამსახურებულს. - რაღაცაზე ლაპარაკი გინდოდათ. სანამ სურვილი საერთოდ დამიკარგავს, იქნებ დაიწყოთ. - უნდა წახვიდე. - სად უნდა წავიდე? - რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, აქედან წახვიდე. - რატომ? - გიორგის უნდა დაშორდე. სხვა არაფერი მაინტერესებს ამ ეტაპზე. - და ეს რატომ გაინტერესებთ? - შენი ბრალია, მე და ჩემს შვილს ურთიერთობა რომ არ გვეწყობა. - დარწუმენული ხართ? - რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. - მე სანამ ვიქნებოდი, იქამდე ვის აბრალებდით მაგას? - წესიერად მელაპარაკე. - თქვენ ვერ გადაწყვეტთ გიორგის ნაცვლად... - არც ვაპირებ, გიორგის ნაცვლად გადავწყვიტო. დროთა განმავლობაში, თვითონაც მიხვდებოდა, რომ არაფერში სჭირდები. მე უბრალოდ მოვლენებს ვაჩქარებ. - კარგი. მე წავალ. თქვენ ეს რას მოგცემთ? - ეს შენ არ გეხება. - თქვენ ხომ გეხებათ? ჩემი ყოფნაარყოფნით თქვენ შორის სიცარიელე ვერ ამოივსება, ირინა. გიორგის დედა სჭირდებოდა. მთელი ცხოვრება სჭირდებოდა დედა. თქვენ არასდროს ყოფილხართ მასთან. - შენი განსასჯელი არ არის ეს. - მე არავის არ განვსჯი. წავალ. წავალ და ნახავთ, რომ უარეს შედეგს მიიღებთ. მე გიორგი მიყვარს. ისე მიყვარს, თქვენ რომ ვერასდროს წარმოიდგენთ. - დღესვე უნდა წახვიდე აქედან. გიორგის დედა ჰყავს უკვე. - გიორგის არასდროს ჰყოლია დედა, - დავინახე, როგორ მოაწვა სისხლი სახეზე. - საზიზღარი გოგო ხარ. - კომპლექსიანი ქალი ხართ, რომელმაც საკუთარი ოჯახი რაღაც არარსებულზე გაცვალა და ახლა ჩემთან ჯიბრით ცდილობთ დაიბრუნოთ ის, რაც თქვენი სისასტიკით დაკარგეთ. გიორგის სიძულვილის უნარი რომ ჰქონდეს, ალბათ პირველი იქნებოდით, ვისაც შეიძულებდა. მე თქვენგან განსხვავებით, შეუგნებელი ისტერიჩკა არ ვარ და თქვენ შორის არასდროს ჩავდგები. წავალ. მე წავალ და მერე აღარავინ გეყოლებათ, ვისაც რამეს დააბრალებთ. მერე ყველაფერი გამოჩნდება, - გაუჩერებლად ვლაპარაკობდი. - გაეთრიე აქედან! - სახეზე ფერი არ ედო ირინას. - შეიყვარეთ. - გაეთრიე-მეთქი. - უთხარით, რომ გიყვართ. ეს სჭირდება გიორგის. მეტი არაფერი. მაგრამ თქვენ სიყვარული არ შეგიძლიათ. - საღამოს რომ მოვალ, აქ აღარ დამხვდე. როგორც კი წავიდა, ჩალაგება დავიწყე. სახლში ვერაფრით წავიდოდი. ვერ ავიტანდი ნიშნისმოგებით ლაპარაკს. რომ მეუბნებოდნენ, რომ მაფრთხილებდნენ, რომ იცოდნენ.... ბოლო ჩემოდანი შევკარი, გიორგი რომ შემოვიდა ოთახში. - რას აკეთებ, გვანცა? - მივდივარ, გიორგი. - რა? - ჰო. არ შემიძლია. არ შემიძლია, რა. ხელს გიშლით. იქნებ როგორმე დალაგდეთ, მე თუ არ ვიქნები. - რა სისულელეს იძახი... - არ ვიძახი სისულელეს. შანსი უნდა მისცე. არ მინდა, ყველაფერი გავაფუჭო. - აბა, არ წავალო, გვანცა? აბა, არასდროს დაგტოვებო? - არ გტოვებ, გიორგი. შენ არ გტოვებ. უბრალოდ, აქედან მიდვივარ. ასე აჯობებს. დამიჯერე. - ვერ დაგიჯერებ. - გიორგი... - არ არსებობს, გვანცა. არ მჯერა. როგორ ბედავ და მიდიხარ? აქ როგორ მტოვებ? - არ გტოვებ, გიორგი. შენთან ვიქნები, ოღონდ ორი ეზოს იქით. - რა? - გალინასთან ვიქნები ცოტა ხნით. - არა. არა. არა! - კი, გიორგი. ესე ჯობია. - არა. მიღალატე. დამტოვე. მიმატოვე. ყველაზე მთავარ მომენტში მიმატოვე, გვანცა. ცრემლები წამომივიდა. - არ მიმიტოვებიხარ, გიორგი. - და რისი გულისთვის, პროსტა? მაინც გაიტანა თავისი? მაინც დანებდი? - არა, არა. არ არი ეგრე. - ეგრეა. რა უსინდისოდ იქცევი პროსტა ვერ იაზრებ. - გიორგი, ვერ წარმოიდგენ, ისე მიყვარხარ. - აბა რატომ მიდიხარ მაშინ? - რო დამთავრდეს იმიტომ. ერთხელ ხო უნდა დამთავრდეს? - რა უნდა დამთავრდეს? - ტკივილი, გიორგი. - დაუსრულებელი ტკივილი ის იქნება, ახლა თუ წახვალ. - არა, გიორგი. რომ ვრჩები, ის არის დაუსრულებელი ტკივილი. დაელაპარაკე დედაშენს. - ირინას ნუ მიხსენებ საერთოდ. - ძალიან გთხოვ. ჩემი ხათრით. მოუსმინე... - საერთოდ არ გაინტერესებს, როგორ ვიქნები, ხო? - არ მოხვალ ხოლმე ჩემთან? გაჩუმდა. არაფერი მითხრა. ხმა არ ამოიღო. ჩემოდნები ავიღე და გავედი. არ დამმშვიდობებია. მუსიკას აუწია. „გაზაფხულია გარეთ. რატომ არა ხარ აქ?“ *** ბებიაჩემთან გადავედი. გადავედი და დაიწყო ყველაზე საშინელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. არ იყო გიორგი. არსად არ იყო. მთელი დღე მეძინა. არ ვჭამდი, ოთახიდან არ გავდიოდი. გაგიჟდა გალინა. მერე როგორღაც გავიაზრე, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა. ვხვდებოდი, რომ ასე ყველაფერი წყალში ჩამეყრებოდა. ერთ დღესაც ავდექი, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი და უნივერსიტეტში წავედი. ვერაფრით ვერ დავუბრუნდი გარემომცველ სამყაროს. სრულიად გაბრუებული დავდიოდი, ვიჯექი ლექციებზე და არავის არაფერს ვუხსნიდი. მექანიკურად ვასრულებდი მიღებულ დავალებებს და შედეგით ნაკლებად ვინტერესდებოდი. მენატრებოდა. ან არც იყო ეს მონატრება. შეუძლებელია, ამას მონატრება ერქვას. არაადამიანურ ტკივილს განვიცდიდი. ყოველ გახსენებაზე ისტერიულად მეტირებოდა. მერე, ტირილი უკვე ფიზიკურად რომ აღარ შემეძლო, უბრალოდ ამაკანკალებდა ხოლმე, ნერვებისგან და დამშვიდება უზარმაზარ ძალისხმევად მიჯდებოდა. ვიცოდი, რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით და ადრე თუ გვიან, სადღაც გადავეყრებოდი. ვიცოდი და მეშინოდა. მეშინოდა იმიტომ, რომ სინამდვილეში, მინდოდა თვითონ მოსულიყო. მოსულიყო ჩემთან. ჩემთან მოსულიყო და დაესრულებინა ჩვენი უერთმანეთობა. წერტილი დაესვა ამ სამყაროს წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. მოსულიყო და ეთქვა, რაღაც ეთქვა. თუნდაც ის ეთქვა, რომ აღარ ვუყვარდი, მაგრამ მოსულიყო. მერე, გიორგის ვერა, მაგრამ ლილიკოს შევხვდი შემთხვევით. ისეთი სიყვარულით გადამეხვია, კინაღამ გული გამისკდა მონატრებისგან. - როგორ ხარ, გვანცი? - მომიკითხა ლილიკომ ჩვეული სითბოთი. - რა ვიცი, ლილიკო, აბა. შენ როგორ ხარ? - რაც შენ წახვედი, ბებია, ჩაქრა მთელი სახლი, იცი? ცრემლი მომადგა. ლილიმ გააგრძელა: - უსიტყვოდ დადის გიორგი მთელი დღეები ხმას არ იღებს. არ ვიცი, რა ეშველება, ბებია. თან რამდენი ხანია უკვე. ის კი ისევ ისეა, როგორც იმ დღეს, როცა წახვედი. - არ შემეძლო, ლილი, სხვანაირად. - ვიცი, გვანცა, ვიცი. იმის მერე საერთოდ არ ეკონტაქტება ირინას. ის კი ყოველდღე მოდის. სულ სხვადასხვა მიზეზით. მოდის, მაგრამ უშედეგოდ. - მაინც არ დაელაპარაკა? - რას ამბობ? სამუდამოდ უარი აქვს ნათქვამი. თან, უსიტყვოდ. გეფიცები, ერთი სიტყვა არ უთქვამს იმ ქალისთვის ამდენი ხანია. - ღმერთო, რა გავაკეთო? - ამოვიოხრე გულდაწყვეტილმა, - ვგიჟდები, ლილი. მართლა არ ვიცი, რა უნდა ვქნა. ამ ქალს ადამიანურად ლაპარაკი არ შეუძლია? ხომ ვთხოვე, დაელაპარაკეთ-მეთქი. - შენ თხოვე? - გაოგნება ისმოდა ლილიკოს ხმაში. - ჰო, რაღაც მსგავსი, მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერი გამოვიდა. - უნდა დაბრუნდე, გვანცი. - როგორ დავბრუნდე, ლილიკო, აბა? თვითონ თუ არ უნდა, მე ვისთან დაბრუნდე? - აბა რა უნდა, ბე? - გაეღიმა ლილიკოს, - შენც ხომ იცი, რომ შენ გარდა არავინ და არაფერი არ უნდა, გვანცი... მთელი დღე რეტდასხმულივით დავდიოდი იმ დღეს. აბსოლუტურად არაადეკვატურს, არაფერზე ფიქრი არ შემეძლო. სუპერმარკეტში ჯერ კონსულტანტს დავეჯახე, მერე წყლის ბოთლების შეკვრას. სახლამდე მივაღწიე თუ არა, ძალიან, ძალიან ბევრი ვიტირე და ჩამეძინა. გამოსავალი არ ჩანდა. გამოსავალი მხოლოდ მასში იყო. *** რამდენიმე დღეში, უნივერსიტეტიდან მომავალმა, ნაცნობი ხმა გავიგე. - გვანცა! - მანქანის ჩაწეული ფანჯრიდან ირინა მეძახდა და სიცივემ მთელ ტანში გამიარა. გავჩერდი, მაგრამ არაფერი მითქვამს. - მადლობა, - გაგონილმა გამაქვავა, ხმა ვერ ამოვიღე, - და ეცადე, ბედნიერი იყოს. *** მესიზმრება, როგორ მოდიხარ ჩემთან ძალიან ახლოს. ისე ახლოს, რომ შენს თვალებში საკუთარ თავს ვხედავ. იცინი. ისე, როგორც იცინოდი ყოველთვის, როცა მთელი არსებით მაწვალებდი ხოლმე და მე ვერ გიტანდი. იცინი იმიტომ, რომ იცი, რამდენად მიყვარხარ სინამდვილეში. თვალებში მზის სხივები გეღვრება და მე თმაში ვგრძნობ შენს თითებს. ჩურჩულით მეუბნები რაღაცას. რაღაცას, რაც არ ისმის, მაგრამ იგრძნობა. ვითვლი შენთან ყოფნის წამებს, ისე, თითქოს უკანასკნელი იყოს. ვითვლი და ვგრძნობ, როგორ მიხშირდება სუნთქვა. ვგრძნობ, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი. ნელ-ნელა ვიაზრებ, რომ ეს ყველაფერი არ არის რეალობა და რომ სინამდვილეში ცივ უშენობაში ვცხოვრობ. ტირილით მეღვიძება. - ბე, საზამთროს მურაბა გაქვს? - სლუკუნით ვუთხარი ბებოს, რომელსაც ჩემს ღნავილზე შეშინებულს გაეღვიძა. - საზამთროც მაქვს, ბებო და კაკალიც. რომელი გინდა? ორივე მურაბა წინ მედო მაგიდაზე და ცრემლები მომდიოდა. ვერაფერს ვხედავდი, არაფერი მესმოდა. კივილი მინდოდა. ისე მენატრებოდა. გაფრენამდე. არანორმალურად. ვკვდებოდი. ჯერ ხელები ამიკანკალდა. მერე მთლიანად ვკანკალებდი, გაუჩერებლად. რატომ იყო ასეთი მტკივნეული ყველაფერი? ხმით ვტიროდი. ვქვითინებდი. მერე კაკლის მურაბისკენ წავიღე ხელი. სიგარეტის სუნი ვიგრძენი წამიერად. მერე უფრო მძაფრად. ნუ ეწევი, გიორგი, სახლში-მეთქი უნდა მეთქვა მექანიკურად, რომ ზურგიდან გავიგე ხმა: - ეგ არ გინდა, რა, გვანც, - გიორგის ხმა იყო. კინაღამ გული გამისკდა, - საზამთრო დაითრიე. „გჯეროდეს და გადავრჩებით ერთად მე და შენ. მე და შენ.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.