იყალთოელი ბიჭები ,,გვირაბი'' (ნაწილი 15)
ბროწეულების მხრიდან ჭოტმა სამჯერ დაიძახა. ლენამ თავი ასწია და ოთახი მოათვალიერა. დეიდა კედლისაკენ გადაბრუნებულიყო და ისე ეძინა, ხოლო საბანქვეშ არხეინად გაშოტილი პაპა მადიანად ხვრინავდა. გოგომ, როგორც გოგიამ ასწავლა, ტახტიდან მუთაქა აიღო და, თავის საბანქვეშ ჩადო, ფრთხილად გადაიცვა კაბა და კარისაკენ წავიდა. ჭოტმა კვლავ სამჯერ დაიძახა. ლენამ რაზა ასწია. რაზამ ჩხაკუნი მოიღო. გოგო კარებს აეკრა და გაშეშდა. პაპას ჩუჩუნი არ გაუღია. დეიდამ საბანი მჭიდროდ ამოიჭუჭკნა და კვლავ მიყუჩდა. გოგო ფრთხილად გამოვიდა გარეთ. ალმასა კუდის ქნევით მიესალმა და დაედევნა. გოგომ ძაღლი უკანვე გააბრუნა.ეზო გადაჭრა და შედგა. მთვარის ნალევი მკრთალად ანათებდა იქაურობას. შესცივდა. პალტო შეიკრა და ხეთა ჩრდილებს დააკვირდა შავად დაებნელებინათ ხევში ჩასასვლელი. შეშინდა: განა სიგიჟე არ არის ახლა ძველ აკადემიაში წასვლა? ვინ იცის, მთელი გზა და იქაურობა მგლებით არის სავსე? შინ კი თბილა და კარები ჩაკეტილია ხომ არ ჯობია, უკან დაბრუნდეს? ჭოტმა კიდევ სამჯერ დაიძახა. გოგომ გამხმარი ხისკენ გაიხედა. ხის ტანს უცებ ვიღაცა მოსწყდა და მთვარიანში გამოვიდა. გოგომ შიშისგან უკან დაიხია და კინაღამ შეჰკივლა. -შენა ხარ, გოგი? -გოგია არა, სამოთხის ვარდი, თუ მოდიხარ, წამოდი, რა ფეხი გაიდგი და ადგილიდან აღარ იძვრები. -შენ ხარ, ვახტანგ? -მე ვარ, მაშ ვინ ეშმაკი და ქაჯია. ხმამაღლა ნურაფერს ამბობ და ჩრდილში შემოდი. ბიჭმა ხელი ჩაჰკიდა და თითქმის ძალისძალად გაიყოლია ხევისკენ. გოგო შიშით თრთოდა და ხელის ცეცებით მიჰყვებოდა ხეივანს. გასცდნენ დაბურულ ხეებს, ძირს ჩავიდნენ. რიყე ნაცრისფრად ქათქათებდა მკრთალ შუქზე და გოგოსაც ცოტა გულზე მოეშვა. -გოგია რა იქნა, ვახტანგ? აკი ის უნდა მოსულიყო? -რაო, იწყინა მეგზურმა, ის ჩემზე კარგად აჯავრებს ჭოტსა? -მე არ ვიცი, ჭოტები როგორ კივიან. შენ სანდროს მსგავსად იძახი. -სანდროს მსგავსად! სანდრომ ჩემგან ისწავლა ჭოტების დაჯავრება. -მერე, სად არიან ისინი? -ჯახხუნაანთ კაკალქვეშ. თოკებსა და იარაღს ამოწმებენ. თვითონ არ ინებეს წამოსვლა და მე გამომგზავნეს. ჰა, რას იგრიხები, გამოადგი ფეხები, თორემ დავაგვიანებთ. -გზაზე ქვებია, ვახტანგ, ფეხებში მედება. -ქვები კი არ გედება, შენ ედებიქვებს... არა, მაშ, გოგრა არ უნდა? რა ეშმაკად მოგათრევენ იქ, კაცმა რომ თქვას? -რა ვიცი, შემპირდნენ, წაგიყვანთო, და მეც მოვდივარ. გროზნას ბაღის თავზე გამავალ ორღობეში გავიდნენ. -ნელა, ვახტანგ, აქ ძალიან ბნელა. -ბნელა და, შე დალოცვილო, შინ სინათლეში ვერ დაჯექი? -წინ იარე, თორემ არაფერი ჩანს. -წინ ვიარო, შენც მზეთუნახავი მნახე, გზა გაგინათო. არა, რომ აგიღია თავი და მოდიხარ, იცი სად მივდივართ? -როგორ არ ვიცი, ღვთაების გალავანში უნდა შევიდეთ. -შევიდეთ! შენც ისე ამბობ, თითქოს შუადღისას მიდიოდე და წინ დაფა-ზურნა მიგიძღოდეს. -ნუ მეჩხუბები, ვახტანგ, მე ხომ ჩემი ნებით არ მოვდივარ? -არა, კაბის კალთები დაგახიეთ, ჩქარა წამოდიო! -მითხრეს და მოვდივარ. -ჰოდა, ვინც გითხრა, იმანვე გათრიოს. გოგო შედგა გამწყრალი. -მე არავის თრევა არ მჭირდება, თუ არ გინდოდა, რად წამოხვედი დასაძახებლად? გარდა ამისა, ვინ მოგიტანათ გვირაბის გასაღები? -ნუ ყვირი, ლენა. -ჩემი ნებაა და ვიყვირებ. -ნუ ყვირი, ლენა, თორემ ბებიაჩემსა ჰქონდეს ცხონება, მე შენ უკან გაგაბრუნო. -მე ბებიაშენთან არაფერი მესაქმება და შენთან არც მოვდივარ, მითხარი, ბიჭები სად არიან. და მე თვითონ მივალ. -ჰმ! მივა! შენმა მზემ, შენც კაკო კაკო ყაჩაღის გული გაქვს, რომ ჯახუნაანთ კაკლამდე მიხვიდე. -აი, ნახავ, თუ არ მივალ. -კარგი, აბა, წადი. ვახტანგი უკან გამობრუნდა. კვრინჩხებს მოეფარა და თან ფეხის ხმას ისე ოსტატურად დაუწყო მინელება, რომ გოგომ დაიჯერა, კარგა მანძილზე გამშორდაო. -ვახტანგ, ვახტანგ! დაბრუნდი, ვახტანგ! ბიჭი კიდევ აწვალებდა, მაგრამ შეეშინდა, თანამგზავრი არ აყვირებულიყო. თანაც მალევე უნდა მისულიყო დანიშნულ ადგილას. გამობრუნდა და მაჯაში ხელი ჩაავლო. -ანდე, ხომ გითხარი, შეგეშინდება-მეთქი? ჯერ სადა ხარ? აბა, ჩიჩქანას ავუყვეთ და სასაფლაოზე გავიდეთ, გული ისე გადაგიტრიალდება, როგორც პაპაშენის გასაღები გვირაბის კლიტეში. -ვახტანგ, ნუ მაშინებ. -მე არ გაშინებ. აი, შენ თვითონ ნახავ. მთელი გზა და ჯაგები ალქაჯებითა და ეშმაკებით არის სავსე. -მართლა, ვახტანგ? -მართლაო? თითოს იმოდენა კლანჭები აქვს, უტარო ნამგალი გეგონება. -მერე, ეშმაკები ხომ არ არსებობენ, ვახტანგ? -ჰო, ყველგან არ არიან. სასაფლაოზე კი უნახავთ. -არა სტყუი, ვახტანგ? -ვტყუი კი არა, ზოგიერთებს კუდები აქვთ ისეთი, რომ მეცხვარის შოლტივით ატყლაშუნებენ. -ვაიმეე! მართლა, ვახტანგ? მაშ, უკან გავბრუნდეთ? -რაღა დროისია? უკან ახლა ორღობე, ალბათ, გაჭედილია ალქაჯებით. უცებ ვეება კაკლის ჩრდილიდან ვიღაც გამოვიდა. გოგო აიბუზა, ბიჭს მიეკრა და კანკალით იკითხა: -ეშმაკია? -არც იმაზე წმინდაა. ვერ იცან ჩვენი ,,ბატონის'' ,,მარჯვენა ხელი''? ლენამ გაიხარა. -გოგია ყოფილა. -სადა ხართ აქამდის? გაუწყრა ეფრემას ბიჭი. -შენღა მაკლდი, განა! ანდე, ვერა ხედავ, ძლივს მოვიყვანე? გზაში სულ ჭინკები და აქლემები ელანდებოდა. -ჩქარა შემოდით ჩრდილში! ჩქარა, მერე მიბრუნდა და ჩუმად გასძახა: აბა, დავიძრათ, სანდრო. და როდესაც ბიჭების მთლი გუნდი გამოიშალა, ლენას გულზე მოეშვა და შიშიც ერთბაშად გაუქრა. -უი, ყველანი აქა ყოფილხართ, გაუხარდა, საით უნდა წავიდეთ? -ხრამ-ხრამ წავალთ, ჯურულიანთ ბაღჩის გვერძე ავალთ მაღლა, შაშვიანთ უბანში მიმავალ გზას გადავჭრით და ჩიჩქანის ხევს ავუყვებით. შენ რატომ დაიგვიანე ასე? -უფრო ადრე ვერ მოვახერხე გამოსვლა შინიდან. ვახტანგი კი მთელი გზა მაშინებდა: გვირაბამდის გზა სულ ეშმაკებით არის სავსე და სად მოეთრევიო. ხომ შემპირდი, სანდრო, წაყვანას, რატომ მაყვედრი? ბიჭმა გაიცინა. -მე არაფერი არავისთვის არ დამიყვედრებია. სნაიპერი კი გუშინწინ მაგრად გავჯორე სიმინდში წამოუსვლელობისათვის და იმაზეა აღრენილი. -კიდეც იმიტომ გამიბრაზდა: სად მოეთრევი ამ შუაღამისას, შინ დაჯექიო, სასაფლაოზე ეშმაკი უნახავთო. ეშმაკი ხომ არ არსებობს, მაშ, როგორ ნახეს, სანდრო? -ტყუის, უნდოდა შეეშინებინე და შინ დაებრუნებინე, დილას აქეთ მეჩხუბება, რას აიკვიატე ეგ გოგოო. -სანდრო, შენც გინდა, რომ არ წამოვიდე? -შენი ნებაა, ლენა, მე შენ შეგპირდი, რომ წაგიყვანდი, მაშასადამე, უნდა წაგიყვანო. -ჰოდა. მე იმასთან ხომ არ მოვდივარ, რომ მიწყრება? შენთან მოვდივარ. -კარგი, ლენა, ნუღარა გწყინს, ვახტანგი ცუდი ბიჭი არ არის, ცოტა თავისნათქვამა და ჯიუტია, თორემ ყოჩაღია, სანდრო უცებ შეჩერდა და ჩუმად გასძახა: მანდ ფრთხილად, ბიჭებო, ჩახრამულია და არ გადაცვივდეთ. -შენ მაგ ქალბატონს მოუარე, ჩვენზე ნუ დარდობ. უშენოდაც შეგვიძლია იოლად წასვლა. სანდრომ ჩუმად ჩაიხითხითა. -ხედავ, ძალიან გაჯავრებულია! შენ ნურაფერი გეწყინება ლენა. -რატომ არ უნდა მეწყინოს? მე არ მეშინია და ეგ კიდევ მაშინებს, აი. შენ ნახე, ბაში-აჩუკის გამოქვაბულში რომ წაგიყვანს გივი, ვივლი თუ არა ყველაზე წინ. როდის მივდივართ, სანდრო? სანდრო ყოყმანობდა, მერე ერთბაშად თითქოს რაღაცა დაასკვნაო, უთხრა: -ლენა, შენ ჩვენს რგოლში ითვლები... ჰოდა, რასაც ჩვენ ვამბობთ ერთმანეთში და არ ვმალავთ, შენც უნდა იცოდე. მხოლოდ თუ საჭირო არ არის, არავისთან არ უნდა წამოროშო, გესმის? -მესმის, სანდრო. -ხომ გვაძლევ სიტყვას? -კარგი, მაშ, გეტყვი, რომ ბაში-აჩუკუს გამოქვაბულში რომ წავსულიყავით, იქიდან თავგატეხილი ან ხელნაღძობი მაინც დაბრუნდებოდი. -რათა, სანდრო? შეშინდა გოგო. -იმიტომ, ლენა, რომ ნიკოს უნდოდა, იქ აესწრო და ქვები დაეგორებინა. -მერე, რად უნდოდა ქვები? -უნდოდა, რომ მერე გივისთვის ბრალი დაედო, რაზმს ვერ უვლიო... -მერე? -მერე ისა, რომ ისევ ნიკოს ნებავდა რაზმის ხელში ჩაგდება. -რატომ, სანდრო? აკი ის ყურსაც არ იბერტყავდა მაგაზე? -ახლა იბერტყავს, ჩვენი ხელში ჩაგდება უნდოდა და მაშინ სამაგიეროს გადაგვიხდიდა ,,კანონიერ'' ფარგლებში მსხალზე მიბსმისათვის, აი, რატომ. -მერე, მაგიტომ აღარ მივდივართ გამოქვაბულში? ნიკოსი შეგეშინდათ? -შეგვეშინდა? ზიზღით დაიჯღანა ბიჭი, გივის რა ვუთხრა. რომ გაზაფხულისთვის გადადო წასვლა, თორემ ჩვენ კიდეც მოვიფიქრეთ, რა უნდა გვექნა მაგ დროს. -რა უნდა გექნათ, სანდრო? -რა და, ნიკოსთვის უნდა აგვესწრო, ბუჩქებში ჩავსაფრებოდით, დაგვეჭირა, დაგვეკრა წნელებით საკაცეზე და შუამთაში თქვენთან ჩამოგვეტანა. ლენამ არ მოუწონა. -არ ვარგა, სანდრო. რა არის, სულ შეკვრაზე და დაბმა-დაკვრაზე რომ გიჭირავთ თვალი? რაც უნდა იყოს, თქვენზე უფროსია. -უფროსია და მოგვწყდეს თავიდან, ჩვენ რას გვეჯიბრება? მაგან მარტო ფეხბურთი იცის კარგად. აბა, ჩვენ რომ მაგისი ტოლები ვიქნებით, ნახე, როგორი ბურთის თამაში გვეცოდინება. ეგ რა არის? გივი გვწრთვნის. ჰოდა, არც იმაზე ნაკლებად იცის ბურთის თამაში. აი, ნახავ, ლენა, გაზაფხულზე აწყურის სკოლას უნდა შეგვაჯიბროს. ნურსად ნუ იტყვი, ლენა, აწყურის სკოლას, რვაწლიანი სკოლაა და ბიჭებიც ჩვენზე დიდები იქნებიან, მაგრამ აქ საქმე სიდიდეზე კი არ არის. საქმე წვრთნაზეა. იმათი ნაკრები იქნება, ჩვენი კი მთელი რგოლი, მარტო ჩვენი რგოლიმ ლენა მიხვდი? ბუჩუკურთელის რგოლი! ოღონდ ჩვენ უნდა კარგად ვიმეცადინოთ. -მაინც მოეშვით ნიკოს. ჩვენ კი მოვეშვებით, მაგრამ ის არ გვეშვება. ჰოდა, ნახავ, თუ როდისმე არ მოგვიწევს საკაცეზე მაგისი დაკვრა. -ნუ, სანდრო, არ გინდათ, ეგეც ტყუილი იქნება, რომ ქვების დაგორებას აპირებს. -ტყუილიაო? სნაიპერმა თავისი ყურით გაიგინა. -სად გაიგონა? -სადა და, ნიკო თავიანთ ვენახში ელაპარაკებოდა ბახსოლიანთ გიორგის. -გიორგის? მერედა გიორგიმ მოუწონა ეგა? -არა, გიორგი კარგი ბიჭია, თურმე, გაუწყრა კიდევაც. -მერე, ვახტანგმა როგორ გაიგონა? სანდრომ უამბო ვახტანგის თავგადასავალი ნიკოს ბებიასთან. გოგო სიცილით იგუდებოდა. წინ მიმავალნი შედგნენ და იკითხეს: -რა გაქვთ სახითხითო? დროზე გადმოდგით ფეხი. -მოვდივართ, ჰო მოვდივართ... მერე მაგათი ვენახის თავზე გადმოერბინა ლუკას ბიჭს, იქ ლაპარაკი გაეგონა, მობრუნებულიყო, ყური დაეგდო და ეცნო ხმაზე. იმ საღამოთივე მოთხრა ყველაფერი ჩვენ ჯერ ვითათბირეთ. როგორ უნდა მოგვევლო მაგისათვის, მერე გუშინწინ გადავწყვიტეთ, გივისთვის გვეთქვა. გუშინ ვუთხარით და ბევრი იცინა. აღარ მივდივართ ახლა, გაზაფხულისთვის გადავდეთ. ხრამის პირას, საიდანაც კაკლის ხეები და სასაფლაო იწყებოდა, შეჩერდნენ და გოგიას გაგზავნილ მზვერავებს დაელოდნენ. მზვერავები მალე დაბრუნდნენ გზა თავისუფალი იყო, კიბე ბლის ქვეშ მიტანილი. ლენა უკვე თრთოდა და გოგიასთვის ჩაევლო ხელი. -გცივა? ეკითხება ბიჭი. -არა. -მაშ, რატომ კანკალებ? -არა ვკანკალებ. ცოტა შემცივდასავით. -აი, მალე გადავალთ გალავანში და იქ ნიავი აღარ იქნება. პაპაშენი მართლა შინ არის წასული? -ჰო, შინ არის, სძინავს. -აქედან მოვუვლით, მანდ სასაფლაოს ქვა და შამბიანია. ბიჭებს კიბე ბლისთვის გამოებათ და გალავანში ჩასაშვებად ამზადებდნენ. ხის ძირას შეიკრიბნენ ყველანი. სანდრომ ჯიბეში გასაღები მოისინჯა და ხელი მაგრად მოუჭირა, როგორც იყო ეღირსა გვირაბის მოჩხრეკას. კიბე ჩაუშვეს და დაიწყეს გალავანს შიგნით ჩასვლა. -აქაც მე გამიხდი სათრევი, იღრინებოდა სნაიპერო და თან კიბეზე ჩამავალ ლენას ხან ერთ ფეხს უჭერდა, ხან მეორეს. გოგიას კი ხელში ხელი ჩაევლი და ამხნევებდა. -ნუ გეშინია, ლენა გინდაც საფეხურზე ფეხი დაგიცდეს, მაინც არ ჩავარდები. მაღლიდან მე გიჭერ და დაბლიდან ლუკას ბიჭი. გოგო ძაგძაგებდა და ნელა ინაცვლებდა ფეხს. ბოლოს ყველანი გალავნს შიგნით მოგროვდნენ. -აბა, ბიჭებო, ახლა გუშაგი დავაყენოთ გალავანზე და ჩავიდეთ გვირაბში. ვინ დადგება? არავინ უპასუხა. -მოდი, სანდრო, ისევ ისიმი დადგნენ, ვინც მაშინ იყვნენ. -არ ივარგებს, მაშინ ავთო და სოსო იდგნენ. ახლა ცოტა უფრო მარჯვე უნდა იყოს. -მაშინ კაჭაანთ ვახტანგი იყოს, სომაღლე, გაგიხარია, კარგი აქვს და კაკლებს ზევიდანაც გადახედავს. -შენ დადექი, სნაიპერო, თუ კარგია, მე გვირაბში უნდა ჩავიდე. -შენ მერეც მოესწრები, ხახაბო, იქ ჩასვლას, ღმერთმა აცხონოს, ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე: ,,წინა კაცი იკანა კაცის ხიდიაო'' თუმცა, ხიდად შენ უფრო ივარგებ. -შენა, ლუკას ბიჭო, ფეხები რომ მატყლის სატყეპელას მიგიგგავს, ჩემზე ნაკლები ხარ? -ღმერთმა დამოფაროს, მე შენ მუხლებამდის ვერც კი მოგწვდები. -აბა, ჯაჯღანს თავი დაანებეთ. არა უშავს, ვახტანგ, ჯერ შენ დადექი, მერე სნაიპერი ამოვა და შეგცვლის. შენ და ავთო იყავით. გვირაბის ჩასასვლელშიც უნდა დავაყენოთ გუშაგები. მერე იქიდან სხვები ამოვლენ, თქვენ შეცვლით და ჩამოხვალთ ჩვენთან. როგორც იყო დაითანხმეს ბიჭები. გვირაბის სახურავთან უფრო დიდი დავა გაიმართა, არავის უნდოდა მაღლა დარჩენა. საყდრის კარი დახურეს და სანთლები აანთეს. სანდრომ ვეღარ მოითმინა და ჯიბიდან გასაღები დააძრო! გაიხსნა კლიტე და სახურავს მიცვივდნენ. ახადეს, მაგრამ უკანვე მიაწყდნენ, რადგან საშინელი ნესტის სუნი და დახშული ჰაერი ამოვარდა იქიდან. -ცოტა ხანს გააღეთ კარები, ბიჭებო, ჰაერი გაიწმინდის. რამდენიმე წუთს იყო საყდრის კარი ღია, მერე დახურეს და გვირაბის პირს შემოუმწკრივდნენ. თვალშეუდგამი სიბნელე შემოჰყურებდათ დაბლიდან. ახლა უკვე ბევრმა მოიწადინა ზევით გუშაგად დარჩენა. ლენა კუთხეში მიიკუნჭა და ცახცახი დაიწყო. -მე ვერ ჩამოვალ, წავიდეთ შინ, ნურც თქვენ ჩახვალთ, წავიდეთ შინ. სანდრომ წარბები შეჰყარა. -გაჩუმდი, ლენა, შენი ჭუჭყუნიღა გვაკლია? -მოაბი სვეტს თოკი, გოგი, და გვირავში ჩაუშვი. -შუნ წავიდეთ, სანდრო. -ჯერ გვირაბში უნდა ჩავიდეთ, ლენა, და მერე შინ წავალთ. -მაშ, მე წავალ თვითონ. -წადი, არავინ დაგიჭერს. -მარტო ვერ წავალ, სანდრო. ვაიმე, როგორი სიბნელეა ქვევით. წავიდეთ, სანდრო, გეხვეწები, წავიდეთ და მერე თქვენ წამოდით მარტო. -ანდე, ხომ გითხარი, ნუ გვინდა მაგისი თრევა მეთქი, უსიამოვნოდ გააპუჭყა გვერძე მრელაშვილმა, ულოლიავე ახლა შინაც მიაცილე, რომ სადმე ასანთის ღერს ფეხი არ წამოჰკრას. -კარგი, ნუ სლუკუნებ, ლენა, გაწყრა გოგია, აქ რომ მოდიოდი, რატომ ადრე არ ფიქრობდი, რომ გვირაბში ელექტრონი ჯერ არ გაუყვანიათ იყალთოელებს. -გამაცილეთ, ბიჭებო, სახლამდე გამაცილეთ, მგონი, ახლა დეიდაჩემი მეძებს, ვაიმე! პაპაჩემი გადაირევა. -ახლა აქ, უკაცრაული პასუხია რადიო ნუ გაგვიმართე. სნაიპერს გაუხარდა: -გამოთიშე, ვანო. -გარეთ გავიყვანო. -ჰო, გარეთ გავიდეთ, გარეთ მინდა. -მოეშვი, ვანო, კარგი, ლენა, შენ ზევით დარჩი გუშაგებთან. ან ენუქიშვილები იქნებიან. ნუ გეშინია, ჩვენ მალე ამოვალთ. აბა, ბიჭებო, ვინ გაგვიძღვება წინ? -კარგი, სანდრო, ოღონდ მალე ამოდით და მე აქ ვიქნები. გარეთ, კარებთან დავდგები, იქ ისე არა ბნელა. -როგორც გინდა, ლენა, ოღონდ ნუღარ ისლუკუნებ. აბა, ბიჭებო, ვინ მიდის წინ? ვაჟკაცების რაზმი შეიშმუშნა და ფეხი არ მოიცვალა ძველი ფილაქნიდან. ისინი შეზარა სიბნელემ და შენობის უკაცურობამ. რგოლის ხელმძღვანელმა თვალი მოავლო ალიცლიცებული სანთლების შუქზე შემკრთალ სახეებს და გაიღიმა. -კიდევ კარგი, ლენა გარეთ გავიდა და არ გიყურებთ. სნაიპერი გაწყრა. -ახლა ქადაგად დაეცი ერთი. რას ეხვეწები? მე მივდივარ. -მოიცა, ვახტანგ, შენ ბოლოს ჩამოდი. აბა, ვინ მიდის წინ? ბიჭები დაიწვნენ სირცხვილით. გოგია გამოეყო ჯგუფს, ალექსის ხელიდან გამოჰგლიჯა მისივე ნახელავი თოფი და ჩასასვლელს მიუახლოვდა. ბერძენაშვილმა მიხედა სვეტზე მიყუდებულ სანდროს და მიჰყვა გოგიას. სხვებიც დაიძრნენ უკვე, მაგრამ ყველა შეაჩერა ხელმძღვანელმა. -მეთაური მუდამ წინ უნდა იყოს. პირველი მე მივდივარ. სნაიპერი, როგორც ვთქვი, ბოლოში იქნება. დანარჩენები მე მომყეთ. სანდრომ იძრო ქამრიდან დამბაჩა, შეაყენა ფეხზე, ჯიბის ფარანი აანთო, ხალათის ღილზე ჩამოიკიდა. მარცხენა ხელი თოკს ჩაავლო და ნესტიან კიბეს ჩაჰყვა. ბიჭები ანთებული სანთლებით ნელ-ნელა მიჰყვებოდნენ უკან და ჩასასვლელში ინთქმებოდნენ. ბოლოს ჩასასვლელთან სნაიპერი დარჩა. მან სანთელი ასწია მაღლა და საყდარი დაათვალიერა. კედლებიდან და სახატეებიდან იმზირებოდნენ ლამაზფრთიანი ანგელოზები, რომელთაც ხელში გრძელტარიანი შუბები და ცეცხლის ხმლები ეჭირათ. მრელაშვილმა ღიმილით მოათვალიერა ისინი, მათგან ყველაზე ლამაზს თვაკი ჩაუკრა და შემდეგ ისიც გვირაბში გაუჩინარდა. კიბე ნესტისაგან გალიპულიყო, დიდი სიფრთხილე იყო საჭირო, რომ ვინმეს ფეხი არ დასცდენოდა და სადღაც უფსკრულში არ დაქანებულიყო. -ფრთხილად! ხშირად ისმოდა წინამძღოლის ხმა და მიმყოლებს ამხნევებდა. მეგზურმა მიაღწია კიბის დასასრულს, ხელი შეუშვა თოკს და ფარანი ააშუქა ზევით. ბიჭები საჩურჩხლე ძაფზე მეჩხერად ასხმული ნიგვზებივით ეკიდნენ გრძელ თოკზე და დიდი სიფთხილით ეშვებოდნენ ძირს. მალე რაზმი მეთაურს შეუერთდა და დიდი სირცხვილით მოავლო ირგვლივ. მეწინავემ თავისი ფარანი სიბნელეში მიატარ-მოატარა. საკმაოდ ფართო ტალანი სიგანით ათიოდე მეტრი იქნებოდა, ხოლო სიგრძეს კარგად ვერ გაარჩევდით, რადგან სინათლის ალი და ფარნის შუქი ბოლომდე ვერა სწვდებოდა. კიბის დასასრულიდან იწყებოდა ქვიტკირის კედელი. იგი ზოგან მეტრი და ზოგან მეტრ-ნახევრის სიმაღლეზე აზიდულიყო იატაკიდან, ხოლო აქეთ-იქით კარგა სიღრმის ორმოები მისდევდა ორივე მხარეს. ბიჭები ნერწყვის ყლაპვით უგდებდნენ ყურს სიბნელეს, მაგრამ ერთმანეთის სუნთქვის მეტი არა ესმოდათ რა. წარბშეყრილი გასცქეროდა მეთაური შუაზე მიმავალ ქვიტკირის დასასრულს. ბოლოს გაისმა მისი ხმა, ეს ხმა უცნაური ექოთი გაიმეორა მთელმა ტალანმა და ტანზე ბუსუსები დააყარა უშიშარ ბიჭებს. -ეტყობა, ეს კედელი ბილიკივით გასდევს ამ გამოქვაბულს და შემდეგ იწყება გვირაბი. გოგი, შენ ჩემთან მოდი. თოფი მოამზადე!... ფრთხილად ივლით!.. შარაგზასავით განიერია ეს კედელი, მაგრამ სიბნელეში საშიშია მაინც ფეხის დაცდენა. რაზმი ფეხათრევით მიჰყვებოდა წინ მიმავალსა და მის ,,მარჯვენა ხელსა'' ერთადერთი სნაიპერი იყო, წინ გაშვებას რომ იხვეწებოდა, მაგრამ ,,საქმის დროს'' მკაცრმა მეთაურმა უბრძანა, კიბის ძირს გუშაგი დაეყენებინა და თვითონ რაზმის ზურგი დაეცვა რამე მოსალოდნელი შემთხვევვისაგან. რაზმი ნელა მიიწევდა წინ. ბილიკის აქეთ-იქით ორმოები უფრო ღრმავდებოდნენ, უფრო ბნელდებოდნენ და უფრო და უფრო პირქუშნი ხდებოდნენ. განსაკუთრებით არაფერი მოჩანდა. ღამურებსაც კი მიეტოვებინათ ეს სიბნელით, საფრთხითა და სიჩუმით სავსე უზარმაზარი ტალანი. სნაიპერს რაღაცა ცივი ხაოიანი გაუსრიალდა ფეხებში. მან ზიზღით გააფურთხა და მკვახედ შეიგინა. დაანათა ძირს სანთელი, მაგრამ ვერაფერი შეამჩნია. ინანა, ფეხთ რატომ გავიხადეო, და მეთაურის კითხვაზე უპასუხა: არაფერია, რაღაც მომეჩვენაო. ზევით აწეული სანთლებით, თვალებდაჭყეტილი მიაბიჯებდა მთელიი რგოლი და მზად იყო ყოველგვარი მოსალოდნელი ხიფათისათვის. უცებ სიბმელე გათავდა და ფარნის გრძლად გაწვდილი შუქუ ქვიტკირის რუხ კედელს მიებჯინა. გაკვირდნენ მეწინავენი: რა უნდა იყოსო. უფრო დიდი სიფრთხილით დაიწყეს მიახლოება. კედელი უფრო და უფრო ნათლად ჩნდებოდა და ბილიკის ბოლოს კეტავდა. ბიჭებმა მიაღწიეს კედლის ძირამდე და შეჩერდნენ. კედელს სინესტისაგან აქა-იქ ბათქაში ასცვივნიდა. აქედან ორმოები მოშორებით იყო და თავისუფლად შეიძლებოდა კედლის გასწვრივ სიარული ტალანის კითხეებამდე. განცვიფრებული შეჰყურებდა რაზმი კედელს და მეთაურზე არანაკლებ უკვირდა, რომ გვირაბის არსებობა ზღაპარი გამოდგა. სანდრო უკვე ნანობდა, რომ ბიჭებიც მოაცდინა და თვითონაც ძილი დაიფრთხო. გოგია მელასავით დასუნსულებდა კედლის ირგვლივ და ჰაერს ყნოსავდა. მრელაშვილი დაკვირვებული კაცივით სინჯავდა ,, ამ დასანგრევს; რომელიც მოულოდნელად გადაეღობა წინ ,,ექსპედიციას,, მეთაური დაფიქრებული ჩამოჯდა ბილიკზე და რაზმს მიუბრუნდა: -ტყუილად გვიწვალია, ბიჭებო! ეტყობა, ეს გამოქვაბულია თუ რაღაც ეშმაკი, ამ კედლით დამთავრდა, ხოლო გვირაბი, ალბათ, აქ ჩასასვლელია. ბილიკი აქ წყდება და ისღა დაგვრჩენია, რაც არის, ის მაინც დავათვალიეროთ. ათიოდე წუთი და, გოგია უკვე ამრეზილი იყო. -რა მძიმე ჰაერია! აქ აირწინაღი უნდა ატაროს კაცმა, თანაც ცივა თითქოს. მაშ, აქ თავდება ეს გვირაბია თუ რაღაც ჯანდაბა? დასწყევლოს ეშმაკმა, ეს რანაირი ყოფილა. -გოგი, გოგი! აბა, მოდი აქ, გოგი! გოგიამ მიირბინა ვახტანგთან. -რა იყო, ლუკას ბიჭო? -აბა, აქ უყურე, ეს რა უნდა იყოს? -რა უნდა იყოს? კედელია და შიგ ქვებია გამოჩრილი. -ალბათ, ამ ადგილას ცუდი კალატოზი აშენებდა. -ვითომ კალატოზის ბრალი უნდა იყოს? თითქოს წყალიც ჟონავსო. ალბათ, სინესტემ ჩამოყარა კირი მაგ ქვებიდან. რაზმის მეთაურმა რომ შეამჩნია, ,,თავისი თანაშემწე და ქაჯის ნატეხი.. მრელაშვილი რაღაცას ჩაჯკირკიტებდნენ, დაინტერესდა და მათქენ გასწია. -ხომ არაფერს მიაგენით, ბიჭებო? -არაფერია, ალბათ, აქ თხელი კედელია და მიწიდან წყალი ჟონავს. ჰოდა, გოგიას ვეუბნები, გამოჩრილ ქვებზე სანთლები დავამაგროთ და ხელში ჭერა აღარ დაგვჭირდება-მეთქი. -აბა, გაიწი იქით, ოჰო! ხედავთ, რა წვრილი ქვით არის ნაშენი? -წვრილი რად არის? აბა, დააკვირდი, მაღლა და დაბლა რამოდენა ლოდები უდევს. -მართლაც საკვირველია, რაღა ამ ლოდებშუა არის ეს წვრილი ქვები. თანაც როგორ ჩაშავებულია წყლისაგან. სანდრო მუხლებზე დაეცა და ახლოდან დააკვირდა კედელს. ეტყობა, დიდი ხანი არ არის, რაც კირი აგლეჯია ამ ადგილს, თორემ ეს ორმო წყლით უნდა იყოს სავსე. ორმოშიც კი გუბეც არ დგას. -ვინ იცის, იქნებ ჟონავს ძირში> -ვინ იცის? ეგეც არ არის საკვირველი. აქ კი რაღაც დაკუთხულივით ჩანს კედელი. აბა, სნაიპერო, შენი ფხაასხმული ხანჯალი მათხოვე. რა მაღალი კედელი სცოდნიათ წინათ, წყალიც კი ატანს შიგ. მუხლებზე დამდგარმა ბიჭმა იმდენი უღირღიტა ხანჯლის წვერი, რომ ზედ არ მიაფშვნიტა. ბოლოს, როგორც იყო, ერთი ქვა მოაძრო და ორმოში ისროლა. -ბიჭოს! რა ადვილად გამოსძვრა! აფსუს სად არის ავთოს შამფური! იქნებ გამოგვენგრია ეს ადგილი. საინტერესოა, რამსისქე იქნება. -მაგაზე ადვილი რა არის? ახლავე აქ გავაჩენ შამფურს, შენ ოღონდ ეგ ფარანი მათხოვე. სანდრომ ახედა ლუკას ბიჭს და გაკვირდა. -რა ეშმაკად დაგიხდია ფეხთ სნაიპერო? -რა ვიცი, იქნებ საჭირო იყოს-მეთქი. ფეხშიშველა კი, გინდა ამ კედლის თავამდის ავალ, თუკი სადმე ფრჩხილი მოვკიდე. -ნამდვილი კატა ხარ, აჰა, ფარანი და გაიქეცი. სანამ მრელაშვილი შამფურს მოიტანდა, სანდრომ ერთი ქვა კიდევ გამოაძრო, ხოლო როდესაც შამფური მოიტანეს, საქმე უფრო სწრაფად წავიდა წინ. დიდხანს ჩხირკედელაობდნენ ბიჭები, დიდხანს რიგრიგობით უღირღიტებდნენ ხანჯალს, შამფურს და თუ ,,ხმალს,, და, როგორც იყო, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აქ განჯინა ან თახჩა უნდა იყოსო. ამ აზრს ისიც ამტკიცებდა, რომ გამონანგრევს ზემოდან და გვერდებიდან ბრტყელი, მთლიანი ქვები ჩნდენოდა. დაუღალავად მიეძალნენ შამფურსა და ხანჯალს და იქამდე უჩხიკინეს, ერთ ადგილას უკანასკნელი ქვა გამოაძრეს. და, აი საკვირველება- კედლის ხვრელიდან მიწის მაგიერ სიბნელემ შემოანათა სახეში, რომელსაც ფარნის შუქიც ვერ გასწვდა. გაოგნებული ბიჭები უკან მიაწყდნენ. რაღაცამ ცივად დასუსხა ხელებზე და სახეზე. სიბნელიდანაც ისეთი საშინელი ბუტბუტი და შიშინ-სისინი მოესმათ, რომ თავზე ბალანი აებურძგათ. -ბიჭებო, უკან დაიწით! მოდი, სნაიპერო! მარჯვედ იყავით, ბიჭებო! მოდი, სნაიპერო! ამ დროს შორს, ტალანის კიბის ძირას დარჩენილი გუშაგის სტვენაც გაისმა. სტვენის ხმა შეუერთდა კედლიდან გამოსულ ხმიანობას, მიაწყდა ტალანის კედლებს, უკან დაბრუნებული საშინლად აზუზუნდა ყურებში და უგულადესნიც კი დააბნია და არია. -უკან, ბიჭებო!. ფრთხილად, ბიჭებო!. მარჯვედ, ბიჭებო! არ შეშინდეთ ბიჭებო, არაფერია, ახლავე გავალთ!. და კიბისკენ პირშექცეულ ბიჭებს სამი კაცი ,, ვაჟკაცურად'' იცავდა, თუმცა მათ სახეებზედაც ასახულიყო შიში და გაუგებრობა. ბიჭები ტორტმანით გარბოდნენ ბილიკზე. სამი ბიჭი ცახცახით მაგრამ მაინც ნელა იხევდა უკან: სხეულდაძაბული, თვალებგადმოკარკლული, ,,იარაღმომარჯვებული'' ფარნის შუქს არ აშორებდა პატარა ნახვრეტს, სადაც მხოლოდ მუშტი შეეტეოდა. ბოლოს ესეც დაიკარგა სიბნელეში, მაგრამ თავზარდამცემი სისინ-შიშინი და ვიღაცის გაჯავრებული ბუზღუნი მაინც თან სდევდათ. როგორც იყო ყველანი კიბესთან მიცვივდნენ, ხარატიშვილს ეცნენ. -რა იყო, რწყილავ, რატომ დაუსტვინე? -არ ვიცი, ყვირილი გავიგონე და.. ამიტომ დავუსტვინე. კიბესთან ჩოჩქოლი ატყდა. -არაფერია, ბიჭებო!. აბა, ზევით! ფრთხილად ადით! არაფერია აქ საშიში, ბიჭებო!.. ფრთხილად სნაიპერო! გარეთ გამოცვივნილი ბიჭები კიბისკენ გარბოდნენ. საყდრის კარებიდან გუშაგები ,,მოისხნენ'' და გაქცეულებს გაჰყვნენ. ლენა უკვე ტიროდა და შველას ითხოვდა. უკანასკნელად სანდრო და სნაიპერი ამოვიდნენ, ამოათრიეს თოკი, სასწრაფოდ დახურეს სახურავი და ზედ დაასხდნენ. ვახტანგმა კლიტე მოძებნა, სანდრომ გასაღები გაუყარა და დაკეტა. -თოკი არ დაგავიწყდეს, სანდრო. -არა, მოვხსენი უკვე. -გავიქცეთ, სანდრო. -გავიქცეთ. და გაიქცნენ. გალავანზე ყველა გადასულიყო, გოგიასა და ლენას გარდა. ლენა ღრიალებდა. გოგია ბურდღუნებდა და კიბეზე ასვლას შველოდა. გოგო ვერ ადიოდა. სნაიპერი და სანდრო მიეშველნენ. როგორც იყო, გადავიდნენ. კიბის მოხსნა არ გახსენებიათ. -ხომ გითხარი, ჩემი სათრევი იქნები-მეთქი? და სნაიპერი რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მიარბენინებდა ლენას. მეორე მხრიდან გოგიას ჩაევლო ხელი. სანდრო უკან მისდევდათ. რძის საყდრიდან გადაიხედეს სოფლისაკენ. შორს, სადღაც, გაქცეული ბიჭების ლანდები მოჩანდა. თვითონაც დაეშვნენ თავქვე. ჯურულიანთ ბაღჩასთან შეჩერდნენ ოთხნი გულამოვარდნილნი. ბიჭები წყრებოდნენ. გოგომ ტირილი შეანელა. აქედან იწყებოდა სოფელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.