შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიდრე თოვა გადაიღებს... (სრულად)


28-12-2018, 21:04
ავტორი K. I.
ნანახია 22 583

ვიდრე თოვა გადაიღებს...

შუაღამე იყო. დღით გადაღლილი ქალაქი დადუმებულიყო და ღრმად მისცემოდა ძილს. გარეთ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, თითქოს გაყინულ ქუჩებს და შეციებულ ადამიანებს პირი შეეკრათ და ერთად ისვენებდნენ. დეკემბრის სუსხიან ამინდს სოლოლაკის ძველი უბანი მთებიდან წამოსულ ნისლში გაეხვია. ლადო ასათიანის ქუჩაზე, თბილისური ეზოს ერთი ბინიდან შუქი ოდნავ გამოკრთოდა. სამზარეულოში ორი ოცდათხუთმეტ წლამდე მამაკაცი მაგიდასთან იჯდა და ცხარედ კამათობდა:
-პირდაპირ გეუბნები, დიდ რისკზე მიდიხარ, გეგა.
-ვიცი, დავით. სარისკო საქმეა, მაგრამ ლუკას სიცოცხლეს მხოლოდ ასე შევუნარჩუნებ. მეტი გამოსავალი აღარ დარჩა.
-იქ მუშაობას როდის იწყებ?
-ორშაბათიდან.
-რა ვიცი, მაინც გაფრთხილებ, თუმცა შენი მდგომარეობაც კარგად მესმის.
-შენ ხომ იცი, უკან დასახევი გზა რომ მქონდეს, ამას არ გავაკეთებდი.
-ვიცი, მეგობარო.
-მაშინ ნუ გამამტყუნებ.
-არც გამტყუნებ, უბრალოდ მინდა, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონო და საბოლოო გადაწყვეტილება ისე მიიღო.
-ლუკას გულისთვის... მხოლოდ მისთვის... -მამაკაცმა ეს სიტყვები წარმოთქვა და არყის მორიგი ჭიქა უცბად გადაკრა.
მერე ჰოლისკენ დაიძრა და დუტის ქურთუკს დაუწყო ძებნა.
-სად მიდიხარ? დარჩი.
- ლუკასთან მივდივარ, ამაღამ მასთან დავრჩები და დედაჩემს სახლში გავუშვებ.
დავითს აღარაფერი უთქვამს, ტაქსი გამოიძახა და მეგობარი გარეთ გააცილა. გეგამ მძიმედ ამოისუნთქა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსკენ აიღო გეზი.
მედიკამენტების სუნით გაჟღენთილი ნაცნობი დერეფნები სწრაფი ნაბიჯებით გაიარა და ერთ-ერთ პალატას მიადგა:
-მოხვედი, შვილო? -უძილო თვალები მიაპყრო ახალგაზრდა მამაკაცს დედამისმა.
-როგორ არის ბავშვი?
-როგორ იქნება? ისევ ისე,-ქალმა სინანულით დახარა თვალები.
გეგა მძინარე და გამხდარი ბავშვის გაფითრებულ სახეს დააცქერდა და ფრთხილად მოუთათუნა ლოყაზე ხელი. მერე მისი პატარა თითები ხელში მოიქცია და დიდხანს ეფერებოდა. ხან თმაზე გადაუსვა ხელი, ხან შუბლზე აკოცა, ხან კი ჩაფიქრებული და სევდიანი თვალებით გაიხედებოდა ხოლმე საავადმყოფოს ფანჯრიდან და დროდადრო ჩუმად გმინავდა.
-წადი, დედა. ამაღამ მე დავრჩები ლუკასთან,- გახედა ქალს და იქვე მდგარ სავარძელში მოთავსდა.
-კარგი, შვილო. წყალს გადავივლებ, ტანსაცმელს გამოვიცვლი და ხვალ შუადღისთვის აქ ვიქნები.
მამაკაცმა ქალს თავი დაუკრა და მკრთალად გაუღიმა. შუახნის ქალბატონი შვილს დაემშვიდობა, პატარა ლუკას საბანი გაუსწორა და პალატიდან გავიდა.

***
გაგუების ოჯახში წინა საახალწლო განწყობა სუფევდა. ქალბატონ ლელას ქალაქის საუკეთესო მაღაზიებში ულამაზესი საახალწლო დეკორაციები ეყიდა. ახლა მხოლოდ ანას და ნიას ელოდებოდა, თუ როდის მოიცლიდნენ და მასთან ერთად მორთავდნენ უზარმაზარ სახლს. ყოველ წელს, ტრადიციისამებრ ბუნებრივ ნაძვის ხეს ყიდულობდნენ, ფიქრობდნენ, რომ ნამდვილ ხეს არაფერი შეედრებოდა და კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენდა ახალ წელს.
ოჯახის უფროსი ბატონი ზვიადი, ძალიან დაკავებული ბიზნესმენი გახლდათ და თითქმის დღე და ღამეს ასწორებდა, რომ მის კომპანიას ბაზარზე კონკურენციისთვის გაეძლო და უფრო მეტიც, მომხმარებელი ყოველთვის გაენებივრებინა უკეთესი მომსახურების სერვისით და ფასებით. არასოდეს ერეოდა სახლის მოწყობაში და ეს საქმე ერთპიროვნულად მეუღლის საზრუნავი გაეხადა.
- მოხვედი, ანა? -სიხარულით შეეგება ქალბატონი ლელა აბიტურიენტ შვილს და ეშმაკურად გააპარა თვალები ახლად ნაყიდი საახალწლო დეკორაციებისკენ.
-ოჰო, რა კარგი რაღაცები გიყიდია. სად შეიძინე? -ინტერესით ათვალიერებდა ანა საახალწლო ნივთებს.
-ზოგი სად და ზოგი სად,-მთელი დღეა საყიდლებზე დავდივარ.
-როგორც ყოველთვის, გემოვნება არ გღალატობს.
-ნია სად არის?
-სკოლაში სპექტაკლს დგავენ ინგლისურად და რეპეტიციაზე დატოვა მასწავლებელმა. ერთ საათში მოვა, ახლახან ველაპარაკე.
-აჰ, მართალი ხარ, რეპეტიცია აქვს, დილით მითხრა და დამავიწყდა. მაშინ დაველოდოთ და როცა მოვა, საერთო ძალებით და გემოვნებით მოვრთოთ სახლი.
-დედა, რაო მამამ, ის ახალი მძღოლი როდის უნდა მოვიდეს?
- ცოტაც მოითმინეთ და ორშაბათიდან დაიწყებს მუშაობას.
-იაგო ბიძია აღარ იმუშავებს, არა?
-აბა, როგორ? ბათუმში მიდის საცხოვრებლად.
-გასაგებია. წავალ, ჩემს ოთახში დავისვენებ და ნია რომ დაბრუნდება, ჩამოვალ და მოგეხმარებით.
-არ გშია?
-არა, თეოსთან ერთად პიცერიაში ვიყავი.
-მოერიდე რა ანა, ამ პიცერიებს. ძალიან ასუქებს,-თვალები დაუჭყიტა გამწყრალმა ქალმა.
-შენსავით სულ მოდელის ტანზე და დიეტაზე ვერ ვიქნები, დედა,-თვალები გადაატრიალა ანამ.
-გასკდი მაშინ ჭამით და იარე გასიებულმა საახალწლოდ დასაკლავი გოჭივით.
-დედა!
-კარგი, მე მითქვამს და შენი თავის შენ იცი.
-არ მაკლია თაყვანისმცემლები.
-ჰოდა, ნელ-ნელა შემოგაკლდებიან.
-დედა!
-გაფრთხილებ და უნდა გაითვალისწინო! არ არის რეკომენდირებული ჯანმრთელობისთვის თითქმის ყოველ დღე პიცერიაში ჯდომა!
-ოჰ, ლელა, ოჰ! არ იცვლები რა,-გაბუტულმა აირბინა საძინებლისკენ მიმავალი კიბეები ანამ და კარი მიიჯახუნა.
-გოგო, მე რაღა შემცვლის? -მიაძახა ქალმა და სიბრაზით თავი გაიქნია.
ცოტა ხანში ნიაც მოვიდა და ვახშმის შემდეგ სახლის მორთვას შეუდგნენ.
-ნიაკო, რაო მასწავლებელმა და რეჟისორმა, ვისი როლი გარგუნეს?
-ერთ-ერთი დიდგვაროვანი ქალბატონის.
-შემახსენე რომელ სპექტაკლს დგამთ? -თან საქმეს არ ცდებოდა ქალბატონი ლელა და საახალწლო დეკორაციების მორიგ ყუთს დაუწყო გახსნა.
-„მაკნატუნას“.
ანა ხმას არ იღებდა, ჩუმად მუშაობდა და ნაძვის ხეს ოქროსფერ ბაფთებს ამაგრებდა.
-შენ რა, ენა გადაყლაპე, ანა?
-რა გინდა, დედა? შენგან განსხვავებით მთელი დღეა, ვმეცადინეობ და დაღლილი ვარ.
-ნუ მეტლიკინები! ამ ბოლო დროს ცუდად შემაჩვიე ენა.
-ღმერთო, რა დავაშავე? -თვალები გადაატრიალა ანამ.
-რა მოხდა? რაღაცაზე ხარ აღრენილი, -ჩუმად გადაულაპარაკა ნიამ თავის დას.
-რატომ თავს არ დამანებებთ? -მობეზრებული სახით გადახედა დას ანამ.
-კარგად გიცნობ, ამაღამ საინტერესო საუბარი გველის,-თვალი ჩაუკრა გოგონამ და გაერიდა.
რამდენიმე საათში გაგუების სახლი საახალწლო ზღაპარს დაემსგავსა. მისის და მისტერ კლაუსები, თოვლის კაცები, სანტას ირმები, საახალწლო სოფელი, გირლიანდებით მორთული კიბეები, წინდებით გაწყობილი ბუხარი და რა თქმა უნდა, უზარმაზარი ნაძვის ხე, რომელიც ათასფერი შუქით აბდღვიალებულიყო.
-ახლა კი მართლა გვარიანად მოვიქანცე, -მთქნარება აუტყდა ქალბატონ ლელას.
-წავედი, ძალიან მეძინება,-თქვა უხასიათოდ მყოფმა ანამ და ნელი ნაბიჯებით აუყვა კიბეებს.
-მეც დავიძინებ, ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე,-მოიმიზეზა ნიამ და თავის დას გაჰყვა.
ქალბატონი ლელა ცოტა ხანს კიდევ დარჩა მისაღებ ოთახში, იქაურობა მოაწესრიგა და რომ გაიგო, მეუღლეს კიდევ კარგა ხანს შეაგვიანდებოდა, ახალი წიგნით ხელში ისიც გაუყვა საძინებლის გზას.

***
-ანა, რა გჭირს?-ცნობისმოყვარე მზერა შეავლო გოგონამ თავის დას.
-არაფერი.
-არაფერი თუ ყველაფერი?
-ჰო, ყველაფერი,-ბრაზს პირდაპირ თვალებიდან აფრქვევდა ანა.
-მაინც?
-მაინც ის, რომ ვგრძნობ, ამ ბოლო დროს ვატო ჩემს მიმართ გაცივდა.
-საიდან დაასკვენი?
-დღეს, დედას ვუთხარი, რომ პიცერიაში თეოსთან ერთად ვიყავი. სინამდვილეში, ვატომ დამპატიჟა და შევამჩნიე, ისე აღარ იქცეოდა, როგორც ადრე.
-რას გულისხმობ?
-როგორ აგიხსნა, თითქოს მისი ყურადღება და სითბო დავკარგე. აღარ ვუყვარვარ და ამას ვგრძნობ,-გულისტკენით აღნიშნა ანამ და მაგიდაზე ნაპოვნ უჯრებიან ფურცელს ჭადრაკისებურად დაუწყო გაფერადება.
-მერე რა პრობლემაა? შენ ხომ ის არ გიყვარს? იქნებ ისიც მიხვდა, რომ აზრი არ აქვს ურთიერთობის გაგრძელებას?
-საიდან მოიტანე, რომ არ მიყვარს?
-გატყობ.
-როგორ?
-რატომ ხარ მასთან? იქნებ უბრალოდ გინდა, რომ მეგობრებს უთხრა, როგორი სიმპათიური შეყვარებული გყავს?
-ნია, ცდები. მართალია, თავიდან არ მომწონდა და ვატყუებდი, მაგრამ ახლა, ვატო ჩემთვის სულერთი არ არის.
-არა, ანა, უბრალოდ შეეჩვიე და გგონია, რომ ეს სიყვარულია. იცი რას გირჩევ?
-რას?
-დაშორდი.
-რაკი შენ იტყვი. მიყვარს-მეთქი, არ გესმის?
-არ მესმის.
-ოჰ!-ხელები გაშალა ანამ.
-გამაგიჟებ შენ რა. ხან გიყვარს, ხან არ გიყვარს, თვითონაც არ იცი რა გინდა.
- ორ დღეში მთელი სამეგობრო ბაკურიანში მივდივართ, ისიც იქ იქნება. ვნახოთ, კიდევ დავაკვირდები მასაც და ჩემს თავსაც და მერე მივიღებ საუკეთესო გადაწყვეტილებას.
-ამას უყურე რა. როდის დაგეგმეთ? მეც მინდა იქ,-აბუზღუნდა ნია.
-ვერ წაგიყვან. ჯერ პატარა ხარ, სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან რა უნდა გააკეთო?
-შენი თავი ძალიან დიდი გგონია? არც ისეთი პატარა ვარ. მხოლოდ ორი წლით ხარ ჩემზე უფროსი. აქ მარტომ რა გავაკეთო? მოვიწყენ.
-კარგი რა, ნიაკო. სულ სამი დღით მივდივარ, ახალ წლამდე ჩამოვალ. ახლა არ ატყდე რა, თორემ ძლივს დავითანხმე ლელა და ზვიადი, არ გადაიფიქრონ.
ნიამ ცხვირი ჩამოუშვა. მერე თბილი პიჟამო გადაიცვა და გამრუსხული სახე საბანში დამალა. ცოტა ხანში მთქნარებაც აუტყდა და როგორც იქნა, ჩაეძინა. ანა კი მოუსვენრად წრიალებდა, მისი გონება ათასგვარ ფიქრს შეეპყრო.

***
საავადმყოფოს ფანჯრებში დილის მზემ შეანათა და პატარა ბიჭუნას სხივებით სახეზე ელამუნებოდა.
-გაიღვიძე, მამი? -გეგამ თბილად გაუღიმა ბავშვს.
გაფითრებული სახით შეჰყურებდა ბიჭუნა მამაკაცს და თავს უკრავდა, ხმა არ ამოუღია.
-ყველაფერი კარგად იქნება, მამი, აი, ნახავ,-ამხნევებდა შვილს გეგა.
მოულოდნელად პალატაში კლოუნი შევიდა და ისეთი მაღალი ხმით დაიწყო სიმღერა, ლამის ჭერი ჩამოიღო. ლუკამ ნაცნობ კლოუნს გაუცინა და ხელი დაუქნია:
-ჯამბაზი რონალდი მოვიდა,- შეჰყვირა და საწოლიდან წამოდგომა მოინდომა.
გეგა შვილს მიეხმარა და ახალგაზრდა ჯამბაზს თავადაც მიესალმა.
-გამარჯობა, მეგობარო. როგორ ხარ?-ხელი ჩამოართვა ნაცნობ ბავშვს რონალდმა.
-კარგად,-მხიარულად უპასუხა პატარამ.
-აბა, რა ვითამაშოთ დღეს?
-ბუშტები გავბეროთ,-უპასუხა ლუკამ.
ბუშტები გაბერეს, იმღერეს, იცეკვეს და შეძლებისდაგვარად გეგაც აიყოლიეს. წამებში გამხიარულდა სევდიანი პალატა. ლუკას ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა. რონალდი დაახლოებით ათ წუთს დარჩა ბავშვთან და შემდეგ მომდევნო ოთახში, მორიგ პალატაში გადაინაცვლა. ამასობაში ნინო ბებიაც გამოჩნდა.
-აბა, რას აკეთებთ, ონავრებო?- ჰკითხა შვილს და შვილიშვილს და პარკიდან ლუკას საყვარელი ხილი ამოალაგა.
ანანასის და ფორთოხლის დანახვაზე ლუკას თვალები აუციმციმდა.
-რონალდი გვყავდა და კარგად გავერთეთ, არა ლუკა?-გადახედა შვილს მამაკაცმა.
ბავშვმა ღიმილიანი სახით ახედა მამამისს და მერე ბებიას დაწვრილებით უამბო კლოუნის ვიზიტის შესახებ. ვიდრე ბიჭუნა და ნინო საუბარში იყვნენ გართულნი, გეგამ მობილურზე ბანკიდან ტექსტური შეტყობინება მიიღო, სადაც ეწერა, რომ მის ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური რაოდენობის თანხა დაირიცხა. მამაკაცმა ქალს ბავშვთან საუბარი გააწყვეტინა:
-დედა, ცოტა ხნით უნდა წავიდე.
-სად მიდიხარ?
-მალე დავბრუნდები. საქმეები მაქვს მოსაგვარებელი.
-კარგი, ღმერთი შენკენ.
მამაკაცმა ბავშვს აკოცა და სასწრაფოდ პალატა დატოვა.
ლუკას ექიმის კაბინეტის წინ პაციენტების რიგი იდგა. როგორც იქნა, გეგას რიგმა მოუწია და ოთახში შევიდა:
-ქალბატონო, რუსუდან, ბავშვის ოპერაციის თანხა მოვიძიეთ.
-ოჰ, მოსალოცად გქონიათ საქმე. ძალიან კარგი. რაც შეიძლება, მალე მოვამზადებ ყველა საჭირო საბუთს საფრანგეთისთვის და ყველაფერს გაგატანთ.
-მადლობა. როდის შემოგიაროთ?
-ზეგ დილით.
-კარგი, შევთანხმდით.
ექიმთან საუბრის შემდეგ ბანკში გაიქცა და საფრანგეთში საავადმყოფოს მხრიდან წინასწარ მითითებულ ანგარიშზე თანხა გადარიცხა. შემდეგ ბილეთები დედამისის და ლუკას სახელზე დაჯავშნა, რამდენიმე საათში საავადმყოფოში დაბრუნდა და ნინოს ახალი ამბავი ახარა:
-გეგა, ეს თანხა საიდან იშოვე, შვილო?
-დედა, ორშაბათიდან ერთ მდიდარ ოჯახში ვიწყებ მუშაობას. ბატონი ზვიადი საკმაოდ შეძლებული პიროვნებაა, სამსახურში მძღოლად ამიყვანა და ლუკასთვის სამკურნალო თანხის ნაწილი წინასწარ გადამიხადა,-იცრუა მამაკაცმა.
-დაუჯერებელია. ნუთუ კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები? შენს სამსახურებს რას უპირებ?
-სამწუხაროდ, სატრენაჟორო დარბაზში ინსტრუქტორობასაც და წყალბურთის გუნდის მწვრთნელობასაც თავს ვანებებ. ახალ სამსახურთან ვერ შევათავსებ.
-საფრანგეთში წამოხვალ?
-არ ვიცი, ვნახოთ. თუ ისე მოხდა, რომ თქვენთან ერთად წამოსვლას ვერ მოვახერხებ, ოპერაციისთვის აუცილებლად ჩამოვალ. ექიმმა თქვა, რომ ოპერაციამდე, ბავშვს წინასწარ მკურნალობის პერიოდი სჭირდება.
-ჰო, ასეა.
-ნუ გეშინია, სულ მალე, მისი გული ისე დაიწყებს მუშაობას, სპორტზეც მივიყვანთ და ჩემპიონ ბიჭსაც გავზრდით.
-ღმერთმა გისმინოს,-ნინოს იმედიანად გაეღიმა, თუმცა შვილის ნაამბობმა თანხის მოძიებასთან დაკავშირებით ძალიან დააეჭვა და სახეზე მოუსვენრობა დაეტყო.

***
-ანა, ყველაფერი ჩაალაგე? ხომ არაფერი გრჩება?
-ნუ ღელავ, დედა. ყველაფერი რიგზეა.
-ვინ წაგიყვანთ? რა გადაწყდა ბოლოსდაბოლოს?
-მე და თეოს თავისი ძმა წაგვიყვანს. დანარჩენები ვატოს მანქანით მიდიან.
- თეოს ძმაც მოდის, მე კი განდეგილივით უნდა ვიყო აქ,-საუბარში ჩაერთო გაბუტული ნია.
-ნია, ისევ ნუ დაიწყე ახლა!-თვალები აატრიალა ანამ და ფანჯრიდან გარეთ გაიხედა, რომ მანქანის მოსვლა არ გამორჩენოდა.
-დედიკო, ჭკუით იყავი, იცოდე!
-ჰო, დედა, ჰო.
-თბილად ჩაიცვი და თავი არ გაიციო!
-არის, ქალბატონო, ლელა,-ანამ ჯარისკაცივით საფეთქელთან მიიტანა ოთხი თითი და გაეცინა.
-თხილამურებზე ფრთხილად იყავი, რამე არ მოიტეხო. ახალი ნასწავლი გაქვს და სხვებს არ მიბაძო და არ გაეჯიბრო.
-კარგი, დედა,-ღრმად ამოისუნთქა ანამ და ლელას საწყალი თვალებით გადახედა,- აღარ დაამთავრებო?
-ანა, ... კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა ქალბატონ ლელას, მაგრამ აღარ დასცალდა.
ნიკას მანქანაც მოვიდა და პატარა ჩემოდნით ხელში, სწრაფად გავარდა გარეთ. მეგობრები რომ დაინახა, სახე შეეცვალა და გამხიარულდა. დედამ და დამ გააცილეს და ცოტათი დაღონებულები შებრუნდნენ სახლში.
-ნიაკო, ჩაის ხომ არ დალევ დედა?
-არა, ჩემს ოთახში შევალ და გაკვეთილებს ვიმეცადინებ.
-რა იყო, ანას წასვლა ხომ არ გეწყინა?
-არა, საიდან მოიტანე?
-აბა, რა ხდება? მეჩვენება, თუ ცუდ ხასიათზე ხარ?
-არაფერი, -გოგონა ცდილობდა, რომ დედამისისთვის სიმართლე არ გაემხილა და წყენა დაემალა.
-კარგი, თუ ჩემთან ერთად ჩაი არ გინდა, მაშინ წადი, იმეცადინე,-მხრები აიჩეჩა ქალბატონმა ლელამ და სამზარეულოში შევიდა.
გაბრაზებული ნია ოთახში ავიდა და კარი მთელი ძალით მიიჯახუნა. მერე მობილური ხელში აიღო და ანას მიწერა:
-ასეც ვიცოდი, ვატო არ გიყვარს.
-ისევ დაიწყე?-მალე მოუვიდა საპასუხო მესიჯი.
-აბა, იმის მანქანით რატომ არ წახვედი?
-რა მნიშვნელობა ჰქონდა?
-არ იცი, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ანა?
-აზვიადებ.
-ჰო, კარგი. ეგრე იყოს,-ბოლოჯერაც შეეპასუხა და მობილური უხასიათოდ მიაგდო.

***
ბაკურიანში თოვლს ყველაფერი გადაეთეთრებინა. დათოვლილი ნაძვები, მთები და გორები ისეთ ლამაზ სანახაობას ქმნიდნენ, რთული იყო, იქაურობით არ მონუსხულიყავი. მართალია სიცივე ძვლებამდე ატანდა, მაგრამ ზამთრის კურორტისთვის სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. მეგობრებმა ნაქირავებ, თანამედროვე, ახლად აშენებულ სახლში თავის ნივთები შეზიდეს და თხილამურებზე სასრიალოდ გადაწყვიტეს წასვლა. ვატო ანასთან ერთად გაუყვა გზას, თეო სალომესთან ერთად, ხოლო ნიკამ ლილესთან არჩია განმარტოვება.
-რა გჭირს, ანა? მეჩვენება, თუ უხასიათოდ ხარ?
-მე? -შეიცხადა ანამ, უბრალოდ ჩავფიქრდი, ყურადღებას ნუ მომაქცევ. კარგი თოვლია, არა? მიყვარს, როცა ფეხს რომ ადგამ, ასე ჭრაჭუნობს.
-ხომ არ გეშინია?
-რის უნდა მეშინოდეს?
-თხილამურებით სრიალის. გინდა, დაგეხმარო?
-ჰეჰ, როგორ მიყურებ? შარშან ისე კარგად ვისწავლე, გამოცდილ მოთხილამურეებსაც კი შურდათ,-წაიტრაბახა გოგონამ და თავადვე გაეცინა წამოროშილ სისულელეზე.
-არა, მართლა, მითხარი, არ მოგერიდოს.
-არ მომერიდება, ვატო,-ბიჭს თვალებში ჩახედა და გაუღიმა.
-აუ, რა ცივა,-უკნიდან შეციებული თეო და სალომე დაეწიათ წყვილს.
-არაუშავს, გოგოებო, თხილამურებზე სრიალის დროს უცებ გათბებით,-დაამშვიდა ვატომ გოგოები,-თეო, ნიკა სად არის?-თვალი გააპარა უკან ჩამორჩენილი წყვილისკენ.
-ნიკა ახლა ნეტარებაშია, თავი დაანებეთ, მოვლენ,-თვალი ჩაუკრა ვატოს თეომ.
ახალგაზრდებმა თხილამურებზე ისრიალეს, ბევრი იგუნდავეს, ერთმანეთს თოვლიც ბევრი აჭამეს და რამდენიმე საათში სახლის გზას მხიარულად დაადგნენ.
-ახლა, ბუხარი ავაგიზგიზოთ, მის წინ დავსხდეთ, მწვადები შევწვათ, სუფრა გავშალოთ, წითელი ღვინოც მივაყოლოთ, ნიკა თავის გიტარითურთ მოვიხმოთ, ავამღეროთ და დარი დარალე,-გეგმავდა საღამოს ვატო.
-ოჰო, მშვენიერი აზრია,-ჟრიამულით შეეხმიანენ გვერდიგვერდ, თოვლში ფრთხილად მომავალი მეგობრები.
-ანა, შენ რას იტყვი, როგორი აზრია?-გადახედა ვატომ ხელჩაკიდებულ გოგონას.
-კარგი აზრია, მომწონს,-დაეთანხმა და ძალით გაუღიმა ბიჭს.
-მგონი რაღაც გაწუხებს და არ ამბობ,-ვატომ დაკვირვებით დაუწყო გოგონას ყურება.
-რას გადამეკიდეთ ყველა? ძალიან კარგად ვარ,-შუბლი შეკრა ანამ.
-თ? ესე იგი სხვებმაც შეამჩნიეს, არა?
-რა გინდა, ვატო? კარგად ვარ-მეთქი,-უპასუხა გოგონამ, თვალი მოარიდა და მზერა სხვა რაღაცისკენ გადაიტანა.
-ვერ მომატყუებ, ანა,-ბიჭმა ხელები მკლავებში ჩაავლო და თვალებში ჩახედა.
-ვატო, ყველაფერი რიგზეა. ჩემზე ტყუილად ღელავ.
-ჰო? აბა, შევამოწმოთ.
-როგორ?
-იცი, როგორც. ხელთათმანი მოიძრო და თბილი ხელები ანას გაყინულ ლოყებზე ნაზად ჩაატარა, მერე ნიკაპს შეეხო და ანას ტუჩებისკენ საკოცნელად გადაიხარა.
გოგონა არ გაუძალიანდა, თვალები დახუჭა და ბიჭს აჰყვა.
-რა გემრიელი ტუჩები გაქვს,-გაუღიმა შეყვარებულს და გაყინულ და აწითლებულ ცხვირის წვერზე აკოცა.
-შენც,-უპასუხა ანამ და ბიჭს თბილად გაუცინა.
-მეგობრებს ჩამოვრჩით, ფეხს უნდა ავუჩქაროთ, თორემ უკვე ბინდდება და ტემპერატურაც იკლებს. მეშინია, არ გამეყინო.
-ჩემზე მზრუნველი ვატო,-ჩაეცინა გოგონას და ნაბიჯებს აუჩქარა, -აუ, რა ლამაზია აქაურობა. ასე რომ არ ყინავდეს, შენთან ერთად, მთელი ღამე მთავარის შუქზე აბრჭყვიალებულ თოვლში ვისეირნებდი და არ დავიღლებოდი.
-ჩემი რომანტიკოსი,- ბიჭმა გოგონას ცხვირზე საჩვენებელი თითი მოუთათუნა და გაუღიმა. სხვათაშორის, ამაღამ თოვაა გამოცხადებული, რომ გავიღვიძებთ, კიდევ უფრო დიდი თოვლი დაგვხვდება.
-ჰოდა, მითუმეტეს, რა ლამაზი იქნებოდა თოვაში ხეტიალი საყვარელ ადამიანთან ერთად.
-ანა, ახლა სახლში მივიდეთ და გპირდები, ისე გაერთობი, საერთოდ აღარ გაგახსენდება თოვლი და თოვა.
-როცა თოვა დაიწყება, ცოტა ხანს ხომ არ ვისეირნოთ? გპირდები, სანამ გავითოშებით, სახლში შემოვალთ.
-მაინც რომ არ იშლის.
-ჰო თუ არა?-ეშმაკურად გახედა გოგონამ შეყვარებულს.
-კარგი, ცოტა ხანს გავისეირნოთ.
-იცოდე, პირობა პირობაა და შეგახსენებ.
-Ok, baby,-თვალი ჩაუკრა ვატომ.

***
გეგა საავადმყოფოდან დამშვიდებული, ახალი იმედებით წამოვიდა. სახლში წასვლა და მარტო ყოფნა არ უნდოდა. მობილური ჯიბიდან ამოიღო და თათას ნომერი აკრიფა:
-თათული, როგორ ხარ?
-სად დაიკარგე?
-მომენატრე.
-მერე? საიდან გავიგო?-ქალის ხმაში წყენა იგრძნობოდა.
-გცალია? ამოვალ.
-შენ ოღონდ მოდი და დროს როგორმე გამოვნახავ.
საუბარი აღარ გაუგრძელებია, მანქანა ადგილიდან დაძრა და მონატრებულ ქალთან წავიდა.
-თვალებს არ ვუჯერებ,- ღიმილით გაუღო კარები ქალმა.
-კარგი რა, ხომ იცი, რომ ყოველთვის მახსოვხარ? მოგენატრე?- გეგამ საყვარელ ქალს თმები გვერდზე გადაუწია, ყელზე ხელით მოეფერა და მის სექსუალურ ტუჩებს დაეწაფა.
-მერე და როგორ მომენატრე,-ვნებიანად აღმოხდა ქალს.
მამაკაცმა გაუღიმა და ნაცნობ ბინაში თავისუფლად შეაჭრა:
-პირდაპირ საძინებელში თუ რამე საინტერესოთი გამიმასპინძლდები?
-მოიცადე, სად გეჩქარება? დაგავიწყდა? პრელუდიების მოყვარული გოგო ვარ,-გაეცინა ქალს.
-ჩემი გადარეული.
-შენ კი ჩემი,-თათამ მაისურით მიიზიდა მამაკაცი და მთელს სხეულზე, გრძნობით ააყოლა ცხელი ტუჩები.

***
ცოტა ხანში, ვატო და ანა სახლში შევიდნენ და მეგობრებს შეუერთდნენ ბუხრის ანთებასა და სუფრის გაწყობაში. ზოგი ბოციდან ჭურჭელში ღვინოს ასხამდა, ზოგი ეზოდან მთელი ღამის მარაგ შეშას ეზიდებოდა, ზოგი თეფშებს, ჭიქებს და დანა-ჩანგალს მაგიდაზე აწყობდა და ასე შემდეგ. ყველას გადანაწილებული ჰქონდა თავის მოვალეობა და მხიარული საღამოსთვის ემზადებოდა.
-თოვაც დაწყებულა, -ფანჯარაში გაიხედა ანამ და სიხარულით სახე გაებადრა.
-ვაჰ, რა ლამაზად თოვს,-გვერდით აეტუზა ვატოც და წელზე მოჰხვია ხელები.
-მოდით, ახლა სუფრას მივუსხდეთ, მწვადი მზად არის, რომანტიკულ სიტუაციას მერეც შეიქმნით,-ეშმაკურად გადახედა წყვილს ნიკამ და თვალი ჩაუკრა ლილეს.
-მოვდივართ,-ერთხმად გასძახეს და მაგიდას მიუსხდნენ.
თბილი სახლი, ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი, სუფრა, წითელი ღვინო, ანეგდოტები, სასაცილო ამბების გახსენება, საახალწლო სიმღერები -სხვა კიდევ რა უნდა მოუხდეს ახალ წელს? არც არაფერი. იმ დღეს ყველა ბედნიერი იყო. მოგვიანებით კი ნიკამ სანტა-კლაუსის ფორმა გადაიცვა და ლილესთან ერთად, რომელიც ფიფქიას ფორმაში გამოწყობილიყო, მეგობრებისთვის საჩუქრების დარიგებას შეუდგა. მათი სიურპრიზი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
-ჰე, ახლა, გახსენით საჩუქრები, თორემ ოფლში გავიწურე ისე დამცხა ამ კოსტუმში,-ხარხარებდა ნიკა.
-ჩვენ ხომ ევროპელები ვართ? ევროპელები კი მაშინვე ხსნიან საჩუქრებს,-მიეხმარა სიტყვაში ლილეც.
სალომემ ჭიქა, თეომ სურნელოვანი სანთლები, ანამ და ვატომ ერთად გადაღებული და საახალწლოდ მოხატულ ჩარჩოში ჩასმული სურათი, ლილემ ციგურების ფორმის ნაძვის ხის სათამაშო და ნიკამ საყვარელი ლუდის წარწერიანი ბოკალი მიიღო. ნიკას და ლილეს დანარჩენებიც აჰყვნენ და საჩუქრები ერთმანეთში გაცვალეს.
-შენ არაფერს მჩუქნი? -გამრუსხულმა შეხედა ანამ შეყვარებულს.
-მშვიდად პატარავ, -ვატომ გოგონას ხელი მოჰკიდა და ოთახში აიყვანა.
-აბა, თვალები დახუჭე, ანა.
-რას აპირებ? -აღელვებით შეხედა გოგონამ ბიჭს.
-ცოტა ხანში გაიგებ.
ანა ვატოს სურვილს დაემორჩილა და თვალები დახუჭა. ბიჭმა ჯიბიდან ანასთვის ნაყიდი კულონი ამოიღო და ფრთხილად გაუკეთა ყელზე.
-შეგიძლია, თვალები გაახილო.
გოგონამ ხელის თითები კულონისკენ წაიღო და დახედა.
-ოქროსგან დამზადებული, თვლებით გაწყობილი ანგელოზი თავის ძეწკვთან ერთად. რა ლამაზია,-გაუღიმა ვატოს და ჩაეხუტა.
-არ მაკოცებ?
-აუცილებლად, -ანამ ბედნიერი თვალები ბიჭს შეანათა და ნაზად აკოცა.
-ამას ვეღარ გავუძლებ,-ვატომ თვალები დახუჭა და ანა უფრო მეტად მიიკრო გულზე. მერე ნელი ნაბიჯებით და კოცნით საწოლისკენ გაიტყუა და გადააწვინა. ფრთხილად დაუკოცნა სახე და ხელი მკერდისკენ გააპარა:
-სასწაული, თაბრუსდამხვევი კანის სურნელი გაქვს,-უჩურჩულა ბიჭმა.
ვატოს გახშირებული სუნთქვა და გულის ცემა ანას თავგზას ურევდა, ძლივს გამოერკვა და ბიჭს მოფერება შეაწყვეტინა:
-ქვევით უნდა ჩავიდეთ, ვატო.
-ქვევით რა გვინდა? ვიყოთ რა ცოტა ხანს.
- არ გამოვა, მეგობრები გველოდებიან.
-ანა!
-ვატო!
-კარგი, ჰო,-ღრმად ამოისუნთქა ვნებამორეულმა მამაკაცმა და საწოლიდან წამოდგა.
-სად დაიკარგეთ, ტო? -ეჭვის თვალით შეხედეს მეგობრებმა დაბრუნებულ წყვილს.
- საჩუქარი გადმომცა,-კულონზე ხელი წაივლო ანამ და ყველას აჩვენა.
-ვაჰ, რა ლამაზია,-მივარდა თეო და ხელში შეათვალიერა.
მოწონებული საჩუქრის გამო, ვატოს სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაჰკრა. მერე ყველა ბუხარს შემოუსხდა და საახალწლო სიმღერები გააგრძელეს.
დაახლოებით პირველი საათი იყო დაწყებული, როდესაც ძილმორეული და ღვინისგან გაბრუებული მეგობრები დასაძინებლად ოთახებში გადანაწილდნენ.

***
შუაღამეს ანას საშინელი თავის ტკივილით გაეღვიძა. ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა, რომ მეგობრები არ გაეღვიძებინა და ბორჯომის დასალევად სამზარეულოსკენ წავიდა. შუქი აანთო და დაუჯერებელი და ყოვლად წარმოუდგენელი სცენის მოწმე გახდა. სექსით დაკავებულ ვატოს და სალომეს წააწყდა. ანა ადგილზევე გაიყინა, მთელ ტანში ტკივილმა დაუარა, თითქოს ძარღვებში სისხლიც კი გაუჩერდა.
-თქვენ?.. -ნერვიულობისგან ნიკაპი აუკანკალდა, მხოლოდ ამ სიტყვის თქმა მოახერხა და მუხლებში ჩაიკეცა.
ვატომ სასწრაფოდ გადაიცვა ტანსაცმელი და ანას მივარდა, რომ ფეხზე წამოეყენებინა.
-ხელი არ შემახო, -იდაყვი აუკრა ბიჭს გოგონამ.
-ანა, უნდა დაგელაპარაკო. ყველაფერს აგიხსნი.
-ერთი სიტყვა არ გავიგონო! ხმა არ ამოიღო! ახლა ვერაფერს ამიხსნი,-თავზარდაცემულმა ძლივს ამოსთქვა სიტყვები, თავი მუხლებში ჩარგო და თვალებიდან წამოსული ცრემლების დამალვას შეეცადა.
-ადექი, ანა,-უნდა დაგელაპარაკო.
-გარეწარო!-ზიზღით და ცრემლიანი თვალებით ახედა გოგონამ შეყვარებულს.
მერე თავისით წამოდგომო მოახერხა და სალომეს ხმამაღლა მიმართა:
-აქედან გაეთრიე უსირცხვილო და მოღალატე არსებავ, ადამიანსაც ვერ გიწოდებს კაცი, არასოდეს დამენახო!
-ანა!-აღელვებული ვატო ცდილობდა გოგონას ყურადღება მიექცია, რომ როგორმე დალაპარაკებოდა და დაეწყნარებინა.
-რა ანა? გითხარი, რომ ხმა არ ამოიღო-მეთქი!-იღრიალა გოგონამ და მაგიდაზე მდგარი ჭიქები და თეფშები მთელი ძალით კედელს შეანარცხა.
მოულოდნელად ატეხილ ხმაურზე მძინარე მეგობრებს გაეღვიძათ და მისაღებ ოთახში ჩავიდნენ.
-აქ რა ხდება? -გაოცებული სახით იკითხა ნიკამ.
-ვატოს სალომესთან სექსის დროს წავასწარი. იცნობდეთ, თქვენს წინაშე ორი მოღალატე, არაადამიანი დგას,-ვატოსკენ და სალომესკენ თითი გაიშვირა და სასოწარკვეთილი ტახტზე ჩამოჯდა.
ნიკამ ორივეს გადახედა და ჩუმად, მიმიკურად ჰკითხა, მართალს ამბობს თუ არაო? არცერთს არაფერი უთქვამს, ორივე შერცხვენილი სახით იყურებოდა, ისედაც ყველაფერი ცხადი იყო.
-აუფ!.. ლილემ თავი გაიქნია და თეოს ისეთი თვალებით შეხედა, ეტყობოდა, რომ აშკარად არ ელოდებოდა ასეთ რამეს.
არც თეო იყო კმაყოფილი, გაურკვეველი თვალებით იყურებოდა.
ანამ მობილური მოძებნა, მამამისს გადაურეკა, მისამართი ჩააწერინა და სთხოვა, რომ სასწრაფოდ მითითებულ მისამართზე მძღოლი გამოეგზავნა. მერე მაცივრისკენ წავიდა, ერთი ბოთლი არაყი გამოიღო და მოწყურებულივით ნახევარი ბოთლი გამოცალა.
-რას აკეთებ? -მივარდა ნიკა და სცადა, ბოთლი როგორმე ხელიდან გამოეგლიჯა მეგობრისთვის.
-არ შემაჩერო, ნიკა. არ გაბედო და არ შემაჩერო!- საბრალო სახით შეხედა მეგობარს და ისევ მიიტანა ბოთლი პირთან.
-ანა, არ გინდა!
-მინდა!
-ანა, მართალს ამბობს, ნიკა,- ლილეც დაეთანხმა, მაგრამ ანას უკვე აღარაფერი ესმოდა.

***
ღამის 02:00 საათი იყო, როდესაც გეგას მობილურზე ზარის ხმა გაისმა.
-არ უპასუხო რა,- ვნების ალში გახვეული თათა საყვარელ მამაკაცს კოცნიდა და თავისკენ ითრევდა.
-ვნახავ, ვინ არის,-ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დასწვდა.
ნაცნობი სახელის და გვარის გამოჩენამ ცოტა არ იყოს, გააკვირვა და მაშინვე უპასუხა.
-დიახ, ბატონო ზვიად.
-გეგა, ბოდიშს ვიხდი, რომ ასეთ დროს ვრეკავ. ალბათ, გაგაღვიძე, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობაა, სხვა შემთხვევაში არ შეგაწუხებდი.
-დიახ, გისმენთ.
-ჩემი გოგონა ბაკურიანშია, რაღაც შეემთხვა და ვინმე უნდა წავიდეს, რომ იქიდან წამოიყვანოს.
-ასეთ დროს?
-დიახ და რაც შეიძლება სწრაფად.
-ხომ მშვიდობაა?
-მეგობრებთან ერთად არის, ძალიან აღელვებულია. მე საზღვარგარეთ ვარ და რამდენიმე წუთში უცხოელ პარტნიორებს ვხვდები, დროც არ მაქვს, რომ დაველაპარაკო და წესიერად გამოვკითხო, რა მოხდა. მგონი იჩხუბეს.
-გასაგებია.
-გეგა, ვიცი, რომ შენი სამუშაო დღე ხვალ დილით იწყება, მაგრამ ამ ღამეს უცნობს ნამდვილად ვერ ვანდობ ჩემს შვილს.
-კარგი, დაგეხმარებით.
-მადლობა და გადამეხადოს.
-დროებით,-ტელეფონი გათიშა, ტანსაცმელს დასწვდა და ჩაცმა დაიწყო.
-სად მიდიხარ?-გაკვირვებული სახით შეხედა თათამ პარტნიორს.
-გადაუდებელი საქმე გამოჩნდა.
-ასეთ დროს?
-ჰო,-მამაკაცს მეტი აღარაფერი უთქვამს, ქალს აკოცა, თმა შეისწორა, ქურთუკი მოიცვა და კარი გაიხურა.

***
ბაკურიანში თოვამ უმატა. ტყე დადუმებულიყო. უზარმაზარი მუხები ამაყად იდგნენ და მედიდურად გადმოჰყურებდნენ თეთრად გადაპენტილ ხეებს. ზამთრის ღამეში ყინვას თითქოს ისე გაეყინა, არც კი ირხეოდნენ. აქა-იქ ეზოებიდან ძაღლების ყეფა ისმოდა. სახლებიდან ბუხრის და შეშის ღუმელების საკვამურებიდან ჯერ კიდევ გამოდიოდა კვამლი და ჰაერში ნამწვის სუნი ტრიალებდა. რამდენიმე სახლის ფანჯრიდან შუქი ისევ გამოდიოდა. ერთ-ერთიდან კი ხმაური არ ცხრებოდა.
-ჩემმა შეყვარებულმა და საუკეთესო მეგობარმა ერთ დღეში მასწავლეს როგორ უნდა მძულდეს ადამიანი. ხოდა მინდა, ორივემ კარგად იცოდეთ, მე თქვენზე გული მერევა!- არყის მორიგი ყლუპი მოსვა ანამ და ფეხი ისე აერია, ლილეს შეეჯახა.
სალომემ შექმნილ სიტუაციას ვეღარ გაუძლო, კიბეები აირბინა და ოთახში შევარდა. თეო უკან გაჰყვა:
-ის, რომ მიქარე და შეგეშალა, ამაზე სასაუბროდ არ შემოვსულვარ. იმედია, თავადაც კარგად აცნობიერებ დანაშაულს, მაგრამ მეგობარი ასე ძალიან არ გიყვარდეს, საერთოდ არ სცემდე პატივს და ერთ სახლში, მის შეყვარებულთან ერთად ჟ..აობდე, მეტისმეტი ხომ არ არის?
-ვატოს ანა არ უყვარს და ამ დღეებში ამ თემაზე აპირებდა მასთან საუბარს.
-შენ რა იცი, უყვარს თუ არა? დარწმუნებული ხარ? იქნებ შენ გიყენებს და ანა ნამდვილად უყვარს?
-შეუძლებელია.
-მაგასაც ვნახავთ, რა არის შეუძლებელი და რა არა, ყველაფერი გაირკვევა. აი, შენ როგორ უნდა შეხედო ანას თვალებში? დავიჯერო, არ შეგრცხვება?
-ვატო სიყვარულს მეფიცებოდა.
-როდის? როცა დათვრა და ქალი მოუნდა? ნუ გამაცინე.
-არა, მანამდეც, სანამ აქ ჩამოვიდოდით.
-ჰმ, არ ვიცი, დანარჩენი მეგობრები რას იზავენ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, მე შენ ვეღარ გენდობი,-ეს უთხრა, ამაზრზენად შეხედა და კარი გაიჯახუნა თეომ. მერე მისაღებ ოთახში ჩავიდა და ვატოს სთხოვა, რომ გვერდზე გაჰყოლოდა:
-სალომე ამბობს, რომ თქვენი ურთიერთობა დღეს არ დაწყებულა, ვატო. ასეა, თუ იტყუება?
-ახლა არაფრის მოყოლის თავი არ მაქვს თეო, მერე დაგელაპარაკები, გთხოვ.
-მხოლოდ ერთი სიტყვა მითხარი, კი თუ არა?
-კიც და არაც.
-როგორ გავიგო?
-როგორც გინდა, ისე გაიგე. ახლა არაფერზე ფიქრის თავი არ მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ რამენაირად ანა უნდა დავიბრუნო.
-კი, მაგრამ ანა გაპატიებს? შენ როგორ ფიქრობ?
-უნდა მაპატიოს.
-კაი ერთი, ნამუსგარეცხილივით რომ მოექეცი, ამას თუ ხვდები ?
ამასობაში ნიკაც მივიდა მათთან და საუბარში ჩაერთო:
-ვატო, რა ხდება? წესიერად ამიხსენი.
-ნუ შევცდი და შეცდომა დავუშვი, აუცილებლად უნდა გამოვასწორო.
-სად დაუშვი შეცდომა? ანასთან თუ სალომესთან? რომელი მათგანი გიყვარს?
-თავგზა მაქვს არეული, ყველაფერს დავალაგებ.
-გამაგებინე რა თამაშს თამაშობ?
თეომ ბიჭები მიატოვა და ანასთან და ლილესთან წავიდა. გოგონას ნერვიულობისგან და ტირილისგან თვალები დასწითლებოდა. საუბრის თავიც აღარ ჰქონდა.
-ანა, იმედი მაქვს, ყველაფერი გაირკვევა, ასე ნუ ხარ რა, გული მიკვდება ასეთ დღეში რომ გხედავ,- აწყნარებდა ლილე.
-რა გაირკვევა, ლილე? უკვე გაირკვა, რომ არამზადა და ნაბი*ჭვარი შეყვარებული მყავს,-თვალებს ლულავდა უკვე კარგად გამომთვრალი გოგონა.
-წამოდი, დაისვენე, საძინებელში შეგიყვან.
-არსად არ წამოვალ, სახლში მივდივარ.
-ახლა სად წახვალ?
-ვინც უნდა წამიყვანოს, უკვე გზაშია, -მამაჩემმა მომწერა.
ლილემ მხრები აიჩეჩა და თეოს აღელვებულმა გადახედა. თეომ ანიშნა, თავი დაანებეო, იცოდა, რომ მეგობარს აზრს ვეღარ შეაცვლევინებდნენ.

***
ბაკურიანში ძლიერ ბარდნიდა. ხილვადობა არ იყო და ამის გამო, გზაში რამდენიმე მანქანა გაჩერებულიყო, მძღოლები წასვლას ვერ რისკავდნენ. მიუხედავად ასეთი ამინდისა, ტოიოტას მარკის შავი ჯიპი ნელ-ნელა მიუყვებოდა ბაკურიანში ასასვლელ გზებს. რამდენჯერმე საბურავები თოვლზე მოუცურდა, მაგრამ ჯიუტი ხასიათის წყალობით, მაინც წინ მიიწევდა. როგორც კი სასურველ მისამართს მიუახლოვდა, მობილურზე ანას დაურეკა:
-ანა ხართ?
-დიახ,-მოკლედ უპასუხა ანამ.
-დაახლოებით ათ წუთში უკვე სახლთან ვიქნები.
-კარგი, გარეთ დაგხვდებით, -უთხრა გოგონამ და გაუთიშა.
მერე საძინებლისკენ დაიძრა, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა და ჩემოდანი დაბლა ჩაეტანა. ყველაფერში თეო და ლილე დაეხმარნენ.
-ესე იგი, დღეს არ მომისმენ? -ვატო მკლავში სწვდა გარეთ მიმავალ ანას.
-წადი შენი!..
-ყოჩაღ!
-კიდევ მე „ყოჩაღ?!“ მადლობა თქვი, რომ თავი შევიკავე და ბოღმა სასმელში ჩავკალი, თორემ რის ღირსიც ხარ, შენც კარგად იცი. „დავაი“ ახლა და შენი სიფათის ყურებით გულს ნუღარ მირევ.
-ანა, მოიცადე, გაგაცილებთ. გოგოებთან ერთად, ნიკაც ეზოში გავიდა.
-ყველა სახლში შევიდეს, არავის გაცილება არ მჭირდება!
-რატომ ასე აგრესიულად?
-არ გეწყინოთ, დღეს მაპატიეთ. არაა საჭირო გაცილება. სახლში შედით რა. პატარა ბავშვივით ნუ მექცევით.
-საიდან მოიტანე, რომ ბავშვივით გექცევით? -განაწყენდა ნიკა.
-ნიკა, არ გინდა რა. ახლა არ დაიწყო.
-სიმართლე გითხრა, ვერ მიგიხვდი შენს ახირებას, მაგრამ რაკი ასე გსურს, როგორც შენ გინდა, -მხრები აიჩეჩა და დანარჩენებს ანიშნა, შინ შევიდეთო.
ყველა სახლში შევიდა.
ანამ სუფთა, ჟანგბადით სავსე ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ერთი ყლუპი არაყი ისევ მოსვა.
-ახალი წელიც ასეთი უნდა ინატრო, -ბურტყუნებდა თავისთვის და ბოთლს შესცქეროდა.
მოულოდნელად, თოვლზე ფეხი აუსრიალდა და ბოძს ბოთლით შეეჯახა.
-ფრთხილად! -ხელი შეაშველა ვიღაცამ და ფეხზე წამოაყენა.
ანამ თავზე წამომდგარი მაღალი, მხარბეჭიანი და სიმპათიური სახის მამაკაცი რომ დაინახა, შესცინა და უთხრა:
-ვაჰ! მზეჭაბუკი გაიჩითა!
ეს სიტყვები მოულოდნელი აღმოჩნდა მამაკაცისთვის. ადრე არავის მოეხსენებინა ასე და გაეღიმა.
-უკაცრავად, აღმაშენებლის ქუჩა ეს არის ხომ? “Lovely House”-ს ვეძებ.
-ნამდვილი ხარ თუ მეჩვენება?
-არა, ფიფქებს ჩამოვყევი ციდან.
-მეც არ გამიკვირდა? ესე იგი თოვლის ბიჭი ყოფილხარ. არა, მოიცა, ეგ როგორ? ფიფქია ხომ გოგოა? ეე, მაგას ძმაც ჰყავს? აა, გასაგებია. შენ უთუოდ მისი ძმა იქნები.
-გოგონა, ძალიან მეჩქარება. იქნებ პასუხი გამცეთ, რაც გკითხეთ.
-და რა მკითხე? აბა, შემახსენე.
-ეჰ,-თავი გააქნია მამაკაცმა, მობილური ჯიბიდან ამოიღო და ანას ტელეფონის ნომერზე დარეკა, თან მთვრალს მიუბრუნდა და უთხრა: -მაგდენი არ უნდა დაგელია.
-შენღა მაკლდი დამრიგებლად და კიდეც გაიჩითე ციდან.
ამასობაში ანას ქურთუკის ჯიბიდან მობილურმა დარეკა. გოგონამ რის ვაივაგლახით ამოიღო ტელეფონი და უპასუხა:
-ანა, ცოტა ხნის წინ გესაუბრეთ.
-დიახ,-უპასუხა გოგონამ.
გაოცებულმა მამაკაცმა გოგონასკენ მოიხედა:
-მოიცადე, ანა გაგუა თქვენ ხართ?
-არა, ფიფქია ვარ,-თითი აუწია და დასცინა მამაკაცს.
ანას კიდევ ერთხელ დაერღვა ბალანსი, თავი ვერ შეიკავა და მამაკაცს შეეჯახა. მერე ნელ-ნელა მისი დახმარებით მუხლებში გაიმართა და ცისფერ და ღრმა თვალებში ჩახედა, თანდათან მზერა მისი ტუჩებისკენ გადაიტანა და თამამად აკოცა. გოგონას ქმედებაზე გეგა ძლივს გამოერკვა სიტუაციიდან:
-ეს რა იყო, ანა?
ანამ მამაკაცის სახეზე ნაზად მოსეირნე თითები ფრთხილად მოაშორა და უპასუხა:
-შეგამოწმე.
-რაში შემამოწმე?
-ნამდვილი იყავი, თუ მართლა თოვლის ბიჭი.
-და მერე რა დაადგინე?
-ნამდვილი ყოფილხარ.
-ყოჩაღ! კარგი გოგო ხარ. ახლა კი მანქანას ახლოს მოვაყენებ, შენს ბარგს ჩავაწყობთ და წავალთ, თორემ გარეთ ძალიან ცივა, გავიყინებით.
-მოდი რა, ვისეირნოთ, გთხოვ.
-არ გამოვა.
-დღეს ჩემი შეყვარებული შემპირდა, რომ ჩემთან ერთად ისეირნებდა. მერე უარი მითხრა. შენ მაინც ნუ მაწყენინებ.
-უფ!..-ღრმად ამოიოხრა გეგამ და მობეზრებული თვალებით გადახედა გოგონას.
-რა დავაშავე? ამ ლაწირაკი გოგოს ჭკუაზე უნდა ვიარო მთელი ღამე? ვყოფილიყავი თათასთან. აფსუს, რა ქალი მივატოვე. მეც ვარ რა, რას ვპასუხობდი სატელეფონო ზარს? დამეჯერებინა მისთვის. ხომ ვიწვებოდი მასთან ერთად თბილად, საბნის ქვეშ გახვეული?-საკუთარ თავზე ბრაზობდა მამაკაცი.
-ჰა, რას იტყვი? -არ ეშვებოდა გოგონა.
-კარგი, ბარგი მანქანაში შევინახოთ და ცოტა გავისეირნოთ.
-აი, ეს პასუხი კი მართლაც მომწონს,-კმაყოფილი სახით ახედა მაღალ მამაკაცს ანამ.
ახლად დადებული თოვლი გარე განათებების შუქის ფონზე ლამაზად ბრჭყვიალებდა. გეგამ გოგონას ხელი ჩაჰკიდა და მოკლე და ფრთხილი ნაბიჯებით დათოვლილ გზას გაუყვნენ:
-აბა, მითხარი. რატომ მოისურვე თბილისში წასვლა მაინცდამაინც ამაღამ? მოხდა რამე?
-არ მკითხო,-ხელი ჩაიქნია გოგონამ და ისევ წაბარბაცდა.
-ფრთხილად, ანა, ფრთხილად!-ისევ მიეშველა მამაკაცი და ორივე მაჯაზე წაავლო ხელი,-მოიცადე, ეს რა არის? გაკვირვებული უყურებდა ხელის გულს გეგა, როდესაც გოგონას ხელზე სისხლი დაინახა. მერე მაჯა დაუთვალიერა და ჭრილობა ნახა.
-იცი, რომ ხელი გაქვს გაჭრილი?
-მართლა?
-ჰო, უკან უნდა დავბრუნდეთ. მანქანაში რაღაცას ვიპოვი.
გოგონა უხმოდ დაემორჩილა. ვიდრე მანქანასთან მივიდოდნენ, გეგამ ვეღარ მოითმინა და შეწუხებული სახით ჰკითხა:
-კი, მაგრამ ან არ გეწვის, ან არ გტკივა? ასე რანაირად არ იმჩნევდი, ვერ ვხვდები.
-ეს ტკივილი იმასთან შედარებით არაფერია, როგორც დღეს ვატომ გული მატკინა.
-ვატო ვინ არის?
-ჩემი შეყვარებული.
გეგამ თავი გაიქნია, ღრმად ამოისუნთქა და მანქანის კარი გამოაღო, რომ რამე ეპოვა. ვიდრე სახვევს ეძებდა, ანას მეგობრებიც გამოვიდნენ. აინტერესებდათ, მოაკითხა თუ არა მძღოლმა გოგონას და გადაამოწმეს. როდესაც მთვარალი მეგობრის მაჯის ამბავი შეიტყვეს, თეო სახლში შევარდა, სამედიცინო ყუთს მიაგნო და სასწრაფოდ გამოარბენინა:
-ეს როგორ მოახერხე, ანა? მიხვდი, რატომ არ გვინდოდა, მარტო დაგვეტოვებინე?
-ახლა არ დაიწყო, თეო!
-თოვლზე ფეხი აუსხლტა და არყის ბოთლით ამ ბოძს დაეჯახა. ალბათ, მაშინ გაეჭრა,-აუხსნა მეგობრებს გეგამ.
-ნიკა, მოდი რა, მობილური მომინათეთ, ნატეხები არ ჰქონდეს ჭრილობაში,-სთხოვა თავის ძმას.
მობილური გეგამაც მიაშველა. საბედნიეროდ ჭრილობა ღრმა არ გამოდგა, გაუსუფთავეს და ბინტით შეუხვიეს. მერე ორივეს მშვიდობიანი მგზავრობა უსურვეს და დაემშვიდობნენ. თბილისისკენ მიმავალმა გეგამ მანქანაში რადიო ჩართო. როგორც კი ანამ “Formidable”-ს მელოდია გაიგონა, ხმამაღლა აჰყვა:
-აი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა. დღეიდან კიდევ უფრო შემიყვარდა, ზუსტად აღწერს ჩემს მდგომარეობას. Formidable Ooooh... -გადარეულივით ღრიალებდა.
-ნუ გახეთქე ყურის ბარაბნები, ცოტა ხმას დაუწიე!-გეგამ შენიშვნა მისცა.
-დღეს მაპატიე, ხვალიდან აღარ ვიზამ,- გაუღიმა მამაკაცს,-ჰო, მართლა, რა ჰქვია ამ მზეჭაბუკს? -სახესთან თითი მიუტანა, შენ გეკითხებიო.
-გეგა დამიძახე,-მკრთალად გააპო ბაგეები მამაკაცმა.
-ამ სიმღერის კლიპი გინახავს?
-დიახ.
-ჰოდა, Stromae გალეწილი მთვრალი, ბრიუსელის ქუჩებში გულმოკლული რომ დადის, აი ეგეთ დღეში ვარ მეც... -თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
გეგამ რადიოს დაუწია და ერთჯერადი ცხვირსახოცების შეკვრა მიაწოდა:
-ცრემლები მოიწმინდე და აბა, მომიყევი, რა მოხდა? რატომ გაქვს გული ნატკენი?
-დღეს, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა და შეყვარებულმა ერთი „ვედრო“ განავალი თავზე ჩამომაცალეს.
-რა?
-გადატანითი მნიშვნელობით.
-ანუ?
-ვატომ ჩემს თვალწინ სალომე გაჟ.მა.
-ეგ როგორ?
-შუაღამისას, სამზარეულოში წავასწარი.
-აუფ, არ მოგსვლია კარგი ამბავი,- თქვა და ჩუმად გაეღიმა მამაკაცს.
-არც იმათ, სხვათაშორის!
-ნუ, ჰო, თავისთავად. ახლა რას აპირებ?
-შენ გგონია, ვიცი?
-რაო, რა თქვა შენმა შეყვარებულმა?
-შენ გგონია დაველაპარაკე?
-რატომ?
-არ მქონდა სურვილი. თავის მართლების და ბლა, ბლა, ბლა-ს მოსმენის ნერვები არ მაქვს. აუ, მოდი რა, რადიოს ხმა აუწიე. ვგიჟდები ამ სიმღერაზე. დღეს არანაირი ვატო და სალომე, ორივეს ჯანდაბამდე გზა ჰქონია.
-კარგი,-გეგამ რადიოს ხმა აუწია და კმაყოფილ ანას გადახედა.
გოგონამ ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ტუჩებში მოიქცია, მოუკიდა და მხიარულად აჰყვა სიმღერას:
„გამოვა ეს საღამო ყველაზე მაგარი,
იმიტომ, რომ მე და შენია,
იცოდე ამაღამ მაგრად ჩაგეხუტები,
იმიტომ, რომ ახალი წელია.

ერთი ღამე გულმა რამე თუ გაგიბედა,
იცოდე თუ გაგიბედა,
ესე იგი სიყვარულები დაგებედა,
ერთი რამე დაგებედა.

თუ გინდა, რომ მთელი ღამე ერთად ვიაროთ,
თუ გინდა, არ გაგვიაროს,
მაშინ დაუჯერე გული რასაც ბაასობს,
მიგანდობს, თვითონ აგვავსობს.

გამოვა ეს საღამო ყველაზე მაგარი,
იმიტომ, რომ მე და შენია.
იცოდე ამაღამ მაგრად ჩაგეხუტები,
იმიტომ რომ ახალი წელია.“

-ანა! -გეგა ცდილობდა სიმღერაში გართული გოგონას ყურადღება დაემსახურებინა.
ანა ისევ მღეროდა.
-ანა!
გოგონა ბოლომდე სიმღერაში ჩაკარგულიყო.
მოთმინებადაკარგულმა გეგამ რადიოს ხმას დაუწია:
-ანა! არ გესმის?!
-ხმას აუწიე, რა.
-ჯერ მომისმინე და მერე ავუწევ! სიგარეტს ჩემს მანქანაში არ ეწევიან!
-რატომ?
-ჯერ ერთი იმიტომ, რომ იშვიათად ვეწევი და მეორე იმიტომ, რომ საშინელ სუნს ტოვებს მანქანაში.
-ვაი! ბოდიში. მხოლოდ ამ ერთ ღერს მოვწევ და მეტს აღარ ვიზავ.
-ელაპარაკე ახლა ამას,-თავი გაიქნია გეგამ.
-ჰო, მელაპარაკე,-თავი დაუქნია ანამ და რადიოს ხმას თავად აუწია. მერე ვითომც არაფერი, ისევ გაიქანა ტუჩისკენ სიგარეტი და თამბაქოს კვამლი შეისუნთქა.
-რა დავაშავე?-კბილებში გამოსცრა გაწბილებულმა მამაკაცმა.
-აუფ! გული მერევა. გააჩერე რა,-უცნაურად დაიჯღანა გოგონა.
გეგამ სასწრაფოდ გააჩერა მანქანა, გოგონას მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა და შუბლი ააწევინა.
-ჩემს ბედს რა ვუთხარი?! ამის სანიტრობაღა მაკლდა,-თავისთვის ფიქრობდა გამწარებული გეგა.
როგორც იქნა, გოგონა თავის საქმეს მორჩა და მანქანისკენ თვალებამღვრეული გაჰყვა მამაკაცს.
-სხვათაშორის, ეს სიგარეტმა დაგმართა, რომ იცოდე!-უსაყვედურა ნერვებაშლილმა.
-ჰო, კარგი, გითხარი, რომ აღარ მოვწევ-თქო, შემარგე რა!
-კიდევ აქეთ გადმოდიხარ იერიშზე?
-მოდი ახლა გაჩუმდი და მეც გავჩუმდები. არაფრის თავი აღარ მაქვს,-ძლივს ლუღლუღებდა ანა.
მერე მანქანამდე როგორღაც მილასლასდა და როგორც კი ჩაჯდა, ძალიან მალე ჩაეძინა. გეგამ მძინარეს შეხედა და შვებით ამოისუნთქა:
-კიდევ კარგი, თორემ რა გაუძლებდა ამას თბილისამდე?
გამოცდილმა მძღოლმა გზაში ფრთხილად იარა, ყოველგვარი ექსცეზების გარეშე. უკვე მცხეთას სცდებოდა, როდესაც ანას მამას ტელეფონის ნომერზე დაურეკა, მაგრამ როგორც ჩანს, გათიშული ჰქონდა, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერაფრით დაუკავშირდა, რომ სახლის ზუსტი მისამართი დაედგინა. ახსოვდა მხოლოდ ის, რომ ოჯახი დიღომში, კერძო სახლში ცხოვრობდა:
-ანა, გაიღვიძე ერთი წუთით,-მხარზე ხელი მოკიდა და შეაჯანჯღარა.
-ჰმ,-ზურგი აქცია და ძილი გააგრძელა.
-ანა, სად ცხოვრობ? მისამართი მჭირდება, უკვე თითქმის მოვედით.
გოგონა საგონებელში ვერ ჩააგდო.
-უფ!.. ამის დედაც! გოგო, გაიღვიძე და გამაგებინე სად წავიდე?!
ცოტა ხანში მიხვდა, რომ ანასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და ისევ ზვიადისთან სცადა დაკავშირება, მაგრამ ამაოდ.
-ანრის რომ დავურეკო, იმას კი ეცოდინება, მაგრამ დილის 04:00 საათია, რა გავაკეთო?-ჩაფიქრდა მამაკაცი.
ბოლოს, ფიქრისგან დაიღალა და ავტომანქანა მთაწმინდის მიმართულებით, სწრაფად გააქროლა. ნახევარ საათში ამაღლების ქუჩაზე, ერთ-ერთი იტალიური ეზოს სახლში, ხელში აყვანილი გოგონათი სახლის კართან იდგა:
-ანა, კარები უნდა გავაღო და ცოტა ხანს ფეხზე დადექი.
ანას არანაირი რეაქცია ჰქონდა.
-ჰმ! ასეთი ძილით გეძინოს?! მსგავსიც არაფერი მინახავს!-ცოფებს ყრიდა გეგა.
ბოლოს კედელთან მიაყუდა და ვიდრე კარები გააღო და მიიხედა, მთვრალი გოგონა ძირს ჩაკეცილი დახვდა. ისევ ხელში აიყვანა, მისაღებ ოთახში ტახტზე წამოაწვინა, ფეხსაცმელები და ქურთუკი გახადა, გადასაფარებელი მიაფარა და თავად საძინებელ ოთახში შევიდა. საწოლზე წამოწვა, თვალები დახუჭა და დაღლილმა წარმოთქვა:
-ყველაზე უცნაური ღამე ჩემს ცხოვრებაში,- მერე გვერდზე გადაბრუნდა და ძილმა წაიღო.

***
დილით როგორც კი თვალები გაახილა, უცხო გარემომ გაგუა დააბნია და შეცბუნებული წამოხტა.
-ოჰ, გაიღვიძა მზეთუნახავმა. დილა მშვიდობისა! -ფინჯანი ყავით დაადგა გეგა გოგონას.
-თქვენ ვინ ხართ?
-ვეღარ მცნობ, არა? არადა, გუშინ ზედმეტად კარგად გამიცანი და გამითამამდი კიდეც.
-აქ რა მინდა?
-დაწყნარდი, არაფერს დაგიშავებ. დღეიდან თქვენი ოჯახის ახალი მძღოლი ვარ, გეგა მაჩაბელი.
-აქ თქვენ მომიყვანეთ?
-სხვა გზა არ მქონდა, ვერ გაგაღვიძე, რომ ჩემთვის სახლის მისამართი გეთქვა, -მხრები აიჩეჩა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო, -ყავას შენც ხომ არ დალევდი?
-არა, გმადლობთ. ჩვენთან მუშაობა უნდა დაგეწყოთ და მისამართი არ იცოდით?
-დღეს დილით უნდა მოეწერა ჩემთვის მამაშენს. სხვათაშორის, რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე და მისამართი მითხრა. ასე, რომ საჭირო აღარ არის, უკვე ყველაფერი ვიცი. შენს გაღვიძებას ველოდებოდი.
-აჰ, გასაგებია. წავიდეთ მაშინ,-დაბნეული საუბრობდა გოგონა.
-შენი ქურთუკი და ფეხსაცმელი შემოსასვლელშია, იქ იპოვი. მე გასაღებს ავიღებ და გამოვალ.
-დიახ,-მხრებაწურული გავიდა ჰოლისკენ და როგორც კი ქურთუკი და ფეხსაცმელი დაინახა, სასწრაფოდ დაიწყო ჩაცმა.
მანქანაში გოგონას არაფერი უთქვამს, ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა. გეგაც ჩუმად იყო. მათი დუმილი ანას დედის ზარმა დაარღვია:
-ანა, როგორ ხარ?
-თბილისში ვარ, დედა. სახლში მოვდივარ.
-ესე იგი, მოგაკითხა და წამოგიყვანა ხომ ახალმა მძღოლმა?
-კი, მომაკითხა და მშვიდობით ჩამოვედით. არ ინერვიულო, მალე ვიქნებით.
საუბრის დამთავრების შემდეგ გეგა ანას მიუბრუნდა:
-სიმართლე რატომ არ უთხარი? შეგრცხვა?
-ზედმეტ კითხვებს და თავის ტკივილს გავექეცი. ისედაც ლამისაა გამისკდეს.
-მანქანა ხომ არ გავაჩერო? ბორჯომი ან სხვა მინერალური წყალი არ გინდა?
-არა, იყოს. სადაც არის, სახლში მივალთ.
- როგორი მორცხვი ყოფილხარ, გუშინ ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებდი.
ანამ პასუხი არ გასცა, სირცხვილისგან წამოწითლდა და მძღოლისთვის აღარც შეუხედავს, მობილურზე მეგობრებისგან გამოგზავნილ ტექსტურ შეტყობინებებს დაუწყო კითხვა. ვიდრე გოგონა მათთვის პასუხების მიწერას დაასრულებდა, ავტომანქანა ერთ-ერთ სახლთან გაჩერდა.
-ეს არის ხომ თქვენი სახლი?
-დიახ,-უპასუხა გოგონამ და მანქანიდან გადავიდა.
ვიდრე გეგა საბარგულიდან ჩემოდანს ამოიღებდა, ანა უხერხულად მიუახლოვდა, ჩაახველა და ჰკითხა:
-შეიძლება, გავიგო, რა უთხარით მამაჩემს?
-სიმართლე.
-რა?-სახე შეეშალა გოგონას.
-რომ ნასვამი იყავი, გზაში ცუდად გახდი და გული აგერია, მანქანაში ჩაგეძინა, ვერც მას ვუკავშირდებოდი, ვერც შენ გაგაღვიძე და ბოლოს სახლში წაგიყვანე.
-ვაი, არა!-თვალები დაბლა დახარა სასოწარკვეთილმა და ხმაში შიში შეეპარა.
-ანა, ვერ მოვატყუებდი, გამიგე.
-გაბრაზდა?
- მგონი არა, მაგრამ მე რომ სხვა გზა არ დამიტოვეთ, ის ვიცი.
ანამ სახეზე ხელები აიფარა და სახლში თავდახრილი შევიდა.
-ანა, მოხვედი, დედიკო? -ღიმილით შეეგება ლელა.
-დედა, ახლა არაფერი მკითხო, გთხოვ.
-რამე მოხდა?
-თავის ტკივილის წამალი მომეცი, რა.
-მამაშენმა მითხრა, რომ მეგობრებს გიჩხუბიათ.
-ჰო, დაახლოებით ასე იყო. ძალიან ცუდად ვარ, დედა. დავიძინებ და მერე ვისაუბროთ, ჰო?
-კარგი, დაისვენე და მომიყევი რა მოხდა, თორემ გამისკდა გული.
-არ გაგისკდეს და არ ინერვიულო. უკვე ყველაფერი დამთავრდა, ჩავლილი ამბავია,-მხოლოდ ეს თქვა და საძინებელში ავიდა.
გეგამ ჩემოდანი მისაღებ ოთახში დატოვა, ლელას თავი წარმოუდგინა და დღის განრიგი ჰკითხა. ქალმა ყველაფერი აუხსნა. წინა ღამის უძინარი მამაკაცი მუშაობას მაინც ენერგიულად შეუდგა და ნიას სკოლაში მიაკითხა.
საღამო ხანი იყო, როდესაც ნია კერძო რეპეტიტორებთან მეცადინეობის შემდეგ სახლში დაბრუნდა. საძინებელში შესვლისას, ანას არ მოელოდებოდა და ცოტა არ იყოს, გაუკვირდა.
-როდის ჩამოხვედი?
-დღეს დილით.
-ახალი მძღოლი გვყავს.
-ვიცი, მაგან ჩამომიყვანა ბაკურიანიდან.
-არ მეტყვი, რა მოხდა?
-მძღოლმა რამე ხომ არ გითხრა?
-არაფერი. ძირითადად ჩუმად იყო. რამე უნდა ეთქვა?
-არა.
-აბა, რატომ მეკითხები?
-ისე.
-ისე არ შემეკითხებოდი, კარგად გიცნობ, ანა. მომიყევი, რა მოხდა?
-ვატოს დავშორდი.
-რა? რატომ?
-ასე იყო საჭირო.
-ანა, რაღაცას მალავ. ჩვენ ხომ ერთმანეთის მესაიდუმლოები ვართ? არავის არაფერს ვეტყვი.
-კარგი, კარები დახურე და აქ მოდი, ყველაფერს გიამბობ.
ნიამ კარები დახურა, ანას საწოლზე ჩამოჯდა და მოუთმენლად ელოდებოდა ახალი ამბის გაგებას.
-მოკლედ, გუშინ ღამე, როცა ყველას ეძინა, ვატოს და სალომეს სამზარეულოში სექსის დროს წავასწარი.
-არ არსებობს.
-ასეა.
-ესე იგი, რომ ამბობდი, ჩემს მიმართ გაცივდაო, მართალი ყოფილხარ.
-ჰო.
-ახლა რას აპირებ?
-რას უნდა ვაპირებდე? გავაგრძელებ ცხოვრებას, ნიაკო,-სევდიანად გაეღიმა ანას,-ვისაც მე არ ვუყვარვარ, ჩემთან დარჩენას ვერ ვაიძულებ, მაგრამ ყველაზე მეტად იცი რა მწყინს?
-რა?
-ხომ შეიძლებოდა, რომ ვატო მოსულიყო, აეხსნა ყველაფერი, დამშორებოდა და რაც უნდოდა, მერე ის გაეკეთებინა. მატყუებდა და მეც რომ ვტყუვდებოდი, ამას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს.
-არ ტყუვდებოდი. გული ხომ გიგრძნობდა, რომ შენს მიმართ შეიცვალა?
-ეგ ჰო, მაგრამ მეგობრების წინ, ასე რომ მომექცა, ყველაზე მეტად ამაზე მეშლება ნერვები. კარგი, რაც არის, არის. მთავარია, გავიგე, რომ ვატო და სალომე მისტერ და მისის ნაგავია და ამ ტიტულში ვერავინ შეეცილება. შენ ის მითხარი, ეს ახალი მძღოლი როგორ მოგწონს?
-ნორმალური პიროვნება ჩანს. უკვე მეორეჯერ მეკითხები. რა იყო, გულში ხომ არ ჩაგივარდა?
-არა, გაგიჟდი?
-რა ვიცი, არანორმალურად სიმპათიური კი არის.
-ეგ ჰო, ვერ დაუკარგავ.
-არა, მითხარი რა, რატომ ამახვილებ ყურადღებას ახალ მძღოლზე?
-არ ვამახვილებ.
-ჰაა, ხომ არ მოგწონს? -თვალი ჩაუკრა ნიამ და გაეცინა.
-გაჩერდი, არავინ გაგიგოს და მართალი არ ეგონოს.
-კარგი, აღარაფერს ვამბობ.
-გოგოებო, ვახშამი მზად არის და ჩამოდით,-ასძახა ლელამ შვილებს.
მოშიებულმა გოგონებმა ლელას გამზადებულ სადილს გემრიელად მოულხინეს.
-ანა, აღარ იტყვი, რა მოხდა ბაკურიანში?
-არაფერი დედა, მე და ვატომ ვიჩხუბეთ და აღარ მინდოდა იქ დარჩენა და მისი ყურება. სულ ეს იყო.
- რატომ იჩხუბეთ?
-სალომეს გამო.
-სალომე რა შუაშია?
-თავშია.
-გამაგებინე, რა ხდება?
-არაფერი. სალომესთან და ვატოსთან ძველებური ურთიერთობა აღარ მექნება, სულ ეს არის.
-რაზე წაკინკლავდით?
-ვიჩხუბეთ, დედა, არ წავკინკლავებულვართ.
-ვერაფერს გაგიგებთ კაცი,-გაბრაზდა ლელა, როცა კონკრეტული პასუხი ვერ მოისმინა.

***
-აბა, როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ, გეგა ?
-კარგად, ანრი.
-რა ხდება ოჯახში?
-ზვიადი საზღვარგარეთ არის.
-ეგ ვიცი.
-მაშინ რა გაინტერესებს?
-ოჯახში რა ხდება?
-არაფერი. გუშინ ანა ბაკურიანიდან წამოვიყვანე, ნია დღეს სკოლიდან გამოვიყვანე, მერე კერძო მასწავლებლებთან მყავდა და ცოტა ხნის წინ მივიყვანე და დავტოვე სახლში.
-სახლში ვინმე ხომ არ მისულა?
-არავინ შემინიშნავს.
-კარგი, დრო აღარ მაქვს, დაგემშვიდობები.
-დროებით.
მაჩაბელმა ტელეფონი გათიშა და ავტომობილის სავარძელს მთელი ტანით მიეყრდნო, თავი გადასწია და საკუთარ ფიქრებში წავიდა. ცოტა ხანში მობილურის ზარმა გამოაფხიზლა:
-გისმენ, დედა.
-გეგა, ხვალ უკვე საავადმყოფოდან გვწერენ.
-დამირეკე და თუ მეცლება, მე წამოგიყვანთ, თუ არა, ტაქსით წამოდით და საღამოს სახლში შეგხვდებით.
-შენ რას შვები, როგორ ჩაიარა პირველმა დღემ?
-ნორმალურად.
-კარგი, შვილო, აღარ მოგაცდენ. ხვალ დაგირეკავ.
-ერთი წუთით, ლუკას გადაეცი ტელეფონი.
ნინომ ბავშვს მიაწოდა მობილური.
-მამა,-ბავშვმა გახარებული ხმით მიმართა.
-რაო, ლუკა, მაშ ხვალ გწერენ, ბიჭო?
-ჰო,-კმაყოფილება იგრძნობოდა ბავშვის ხმაში.
-რაო რუსუდან ექიმმა, ჩვენი პაციენტი აღარ ხარ და აწი ფრანგები მოგხედავენო?
ბავშვი ჩუმად იღიმებოდა და თავს უკრავდა მამამისს, ვითომ გეგა იქიდან რამეს მიხვდებოდა.
-ლუკა, სად დაიკარგე? რატომ არ მპასუხობ?
-როდის მოხვალ?
-ხვალ მოვალ, მამი.
-შენ წაგვიყვან?
-თუ მოვახერხე და სამსახურიდან გამოვძვერი კი, თუ არა, მაშინ საღამოს გნახავ და შენს საყვარელ ხილსაც მოგიტან.
-აუ, რა მაგარია.
-კიდევ რა გიყიდო?
-ახალი დინოზავრები.
-შენ და შენი დინოზავრები. კარგი, აუცილებლად გაგახარებ. მანამდე კი აბა, შენ იცი.
-კარგი.
-გაკოცე.
მამამისთან საუბრის შემდეგ ბავშვი ძალიან გამხიარულდა, გეგას გონება კი ისევ მძიმე ფიქრებს დაუბრუნდა:
-ძნელია, ჩემს მდგომარეობაში ვინმემ თავი წარმოიდგინოს. ეს იმას უფრო ჰგავს, არჩევანს სიკვდილსა და სიკვდილს შორის აკეთებდე. ლუკას სიკვდილს, ისევ ჩემი სიკვდილი სჯობს. ასე უფრო მშვიდად ვიქნები,-თავს ამხნევებდა მაჩაბელი.

***
დილის 8:30 საათზე გოგონები უკვე გეგას ავტომობილში ისხდნენ და სკოლისკენ მიდიოდნენ. ანას ხმა არ ამოუღია, ნიამ კი აიკლო მანქანა. ხან მეგობრებს დაურეკა, ხან რადიოსადგურები აურია, ხან სცადა, ანა საუბარში აეყოლიებინა... ანამ რამდენჯერმე, ფარულად შეხედა გეგას, მაგრამ იმდენჯერვე დაიჭირა მამაკაცმა მისი მზერა სარკიდან და ამ ფაქტმა კიდევ უფრო ჩაკეტა გოგონა. სკოლასთან მისულმა გეგამ გოგონებს ჰკითხა:
-რომელ საათზე მოგაკითხოთ?
ნიამ უთხრა, რომ გენერალური რეპეტიციის გამო, საღამომდე სკოლიდან გასვლას ვერ მოახერხებდა.
-შენ, ანა? -ცისფერი თვალები შეანათა გოგონას და მზერა არ მოშორა.
-ამას განგებ აკეთებს, რომ გამაგიჟოს,-გაიფიქრა ანამ და სხეულში გააკანკალა,-მე ... მე არ ვიცი, დაგირეკავთ,-უცბად უპასუხა, ისე, რომ თვალებში არც შეუხედავს და მანქანიდან ისკუპა.
თავგზააბნეული ანა მთელი გაკვეთილი გეგაზე ფიქრობდა:
- ნეტა იმ ღამეს რა მოხდა? როგორ მაინტერესებს, ვკითხო და ვერ ვუბედავ. ვინ იცის, რამდენი უაზრობა წამოვროშე. ღმერთო ჩემო, როგორ მცხვენია მის წინაშე ჩემი საქციელის. მართლა ამერია გული? აჰ? თუ მომატყუა? არა, რატომ მომატყუებდა? ჯანდაბა, არაფერი მახსოვს. ასე როგორ დავთვერი, რომ მის სახლში გამეღვიძა? -მის ფიქრებში იყო გოგონა და ქართულის მასწავლებლის ახსნილი მასალა ოდნავადაც ვერ სწვდებოდა მის გონებას.
ფიქრებში გართული ლილეს ტექსტურმა შეტყობინებამ გამოაფხიზლა:
-ჩვენ უკვე თბილისში ვართ, გუშინ საღამოს ჩამოვედით.
-რატომ არ დარჩით? მალე წამოსულხართ.
-ყველას ჩაგვშხამდა და იმიტომ.
-ჩემი ბრალი არ არის.
-არც გადანაშაულებთ.
-ჩემი წამოსვლის შემდეგ, მოხდა კიდევ რამე?
-როდის შეიძლება, გნახო?
-ხვალ საღამოს შევხვდეთ სადმე და ვილაპარაკოთ, დღეს დაკავებული ვარ. სკოლის შემდეგ უნარ ჩვევების მასწავლებელთან მივდივარ და დიდხანს მომიწევს იქ დარჩენა,-მხოლოდ ეს მისწერა და მასწავლებლის განრისხებული მზერა რომ შენიშნა, ბოდიში მოიხადა და ჯიბეში ჩააბრუნა ტელეფონი.
შუადღე ახლოვდებოდა, როდესაც გეგამ ლუკა და დედამისი საავადმყოფოდან გამოიყვანა. ბავშვს ახალი სათამაშოებით ეთამაშებოდა, როდესაც ანამ დაურეკა:
-გამარჯობა, გეგა, ანა ვარ.
-დიახ.
-როგორ ხართ?
-არამიშავს.
-მეც კარგად,-უაზროდ წამოსცდა და რომ გააცნობიერა, რომ ეს არ უნდა ეთქვა, სასწრაფოდ მიაყარა თავის სათქმელი,- ორმოცდახუთ წუთში ბოლო გაკვეთილი მიმთავრდება და მერე ვაკეში ვართ გასასვლელები, უნარ-ჩვევების მასწავლებელთან.
გეგას დაბნეული გოგონას სიტყვებზე გაეღიმა:
-გასაგებია. წამოვალ მაშინ.
-დიახ, მადლობა,-ტელეფონი გათიშა და თავი მერხზე დადებულ მკლავებში ჩარგო,-რა ჯანდაბა მჭირს? ასე რატომ მეუხერხულება მასთან საუბრის?..
ორმოცდახუთ წუთში საკლასო ოთახის ფანჯრიდან გაიხედა და გეგას მანქანას რომ მოჰკრა თვალი, გული უცნაურად აუკანკალდა, ყელზე მობჯენილი ნერწყვი გადაყლაპა და შენობიდან ისე გავიდა, არავინ და აღარაფერი შეუნიშნავს. სწრაფად გამოაღო კარები და უკანა სავარძელზე მოთავსდა:
-აბა, საით? -მამაკაცმა სარკიდან გამჭოლი მზერა ესროლა და პასუხს დაელოდა.
-რა უნდა ამ კაცს ჩემგან? ასე რატომ მიყურებს? თუ ვიცოდე რა მემართება, უნამუსო ვიყო, -მუხლები აუკანკალდა ანას და ძლივს ამოილუღლუღა, კეკელიძის ქუჩაზე წავიდეთო.
მანქანა გეგას სუნამოს სუნით გაჟღენთილიყო. Blue De Chanel -ის სურნელი ისე დამათრობლად მოქმედებდა გოგონაზე, კიდევ მეტად უბნევდა თავგზას.
-რომელი ნომერია? -სერიოზულად იკითხა მამაკაცმა.
-ჰა? რა, რომელი ნომერია?
-კეკელიძის რომელი ნომერი გვინდა?
-აჰ, ჰო... დამავიწყდა. თვალით ვცნობ კორპუსს და რომ მივუახლოვდებით, გეტყვით.
რამდენიმეხნიანი სიჩუმის შემდეგ ისევ მამაკაცმა დაიწყო:
-არაფერს მეტყვი?
-მე?
-ჰო, აბა? შენს მეტი, სხვა მანქანაში არავინ მყავს.
-რა უნდა ვთქვა?
-როგორ ჩაიარა დღემ სკოლაში?
-კარგად.
-მეგობრები როგორ გყავს?
-კარგად.
-სულ ასეთი სიტყვაძუნწი ხარ?
-უცხოებთან კი,-სახეზე გაწითლებულმა გოგონამ რაღაც წამოროშა და ტუჩზე იკბინა.
-ჰო? ბაკურიანში საპირისპიროს მიმტკიცებდი.
-ნეტავ მიწა გასკდეს და ჩამიტანოს, რა იქნება? -გაიფიქრა და როგორც იქნა, გეგას შეხედა და ჰკითხა: -რა მოხდა ბაკურიანში?
-არ გახსოვს?
-არა,-ძლივს ამოთქვა.
-სხვა თუ არაფერი, მღეროდი მაინც.
-რას ვმღეროდი?
-სიმღერებს.
-მეთამაშება ამის დედაც!.. ალბათ, მატყობს, რომ თავგზას მირევს და ამაზე კაიფობს,-გულში გაიფიქრა.
-ცუდად არ მღერი,-გააგრძელა გეგამ.
-ჰო?
-დიახ. როგორც ჩანს, სასმელი მხნეობას გგმატებს და უფრო თამამი ხარ ხოლმე.
-რა გინდათ, რომ მითხრათ? ესე იგი მორცხვი ვარ?
გეგას გაეღიმა.
-მიპასუხეთ!
-დიახ.
-არ ვარ ეგეთი.
-რა ვიცი, შენი და უფრო გაბედული გოგო ჩანს.
-არ ვარ ეგეთი-მეთქი!-აღელდა ანა.
-კარგი, იმედია, ვცდები.
-ჰოდა, ცდები.
-ანერვიულდი?
-არა.
-აბა, სახეზე რატომ გაწითლდი?
-თავს მომაკვლევინებს, ეს ვინ არის? დროზე მივაღწიოთ მასწავლებლამდე, თორემ ვეღარ გავუძლებ ამდენს, გული უკვე ყელში მებჯინება, -თავის თავს ელაპარაკებოდა ანა.
-არ გაქვს პასუხი?
-მაქვს.
-აბა?
-მცხელა.
-ესე იგი, გცხელა. არადა, მანქანის გამათბობელი არ მაქვს ჩართული, რატომღაც დამვიწყებია.
-მაინც მცხელა,-ჯიუტად პასუხობდა გოგონა.
-მართლა?
-რატომ არ გჯერა? მცხელა.
-კარგი, ჰო, ნუ ჩაიხვიე, მჯერა.
-აი, მოვედით. ეს კორპუსია, გამიჩერე.
-დაწყნარდი, გაგიჩერებ,-გაეცინა გეგას.
როგორც კი ავტომანქანა გაჩერდა, ანამ სწრაფად ისკუპა მანქანიდან, გულამომჯდარი შევარდა სადარბაზოში, ლიფტის გვერდით კედელს აეკრა, თვალები დახუჭა და თავის ხშირ სუნთქვას ყური დაუგდო.
-დაწყნარდი, ანა, რა გჭირს? ასეთი არასოდეს არაფერი მოგსვლია,-საკუთარ თავს ამშვიდებდა გოგონა.
-ანა, ცუდად ხომ არ ხარ?-ნაცნობი ხმა მოესმა გოგონას და თითქოს ცივი წყალი გადაასხეს, მაშინვე თვალები გაახილა. გეგას დანახვაზე ამომჯდარი გული კიდევ უფრო ამოუჯდა საგულედან.
-აქ რა გინდა?
-უკან გამოგყევი, რაღაც უცნაურად აღელვებული მომეჩვენე.
-გთხოვ, აქ მაინც დამანებე თავი,-ფიქრობდა და საწყალი თვალებით შესცქეროდა ახალგაზრდა მამაკაცს. მერე ძლივს მოიკრიბა ძალა და წაიბუტბუტა:-კარგად ვარ.
-კარგი, მითხარი როდის მოგაკითხო?
-მოგწერთ.
-ადი მაშინ მასწავლებელთან და ნუღარ აგვიანებ.
ანა კედელს მოშორდა, ლიფტის ღილაკს ხელი დააჭირა და როგორც კი კარები გაიხსნა, კაბინაში ისე შევარდა, უკან აღარ მოუხედავს.
გეგამ თავი გაიქნია, ჩაეცინა და მანქანას დაუბრუნდა. ცოტა ხანს მაღაზიებში გაიარა, შვილს დინოზავრების მორიგი კოლექცია შეუძინა, რომ საღამოს მხიარული წუთები ეჩუქებინა მისთვის, მერე საპილმენეში ციმბირული რეცეპტით მომზადებული, საყვარელი საჭმელი შეუკვეთა და ამასობაში, ორი საათი და ნახევარი ისე გავიდა, ვერც გაიგო.
მეცადინეობის დამთავრებამდე, რამდენიმე წუთით ადრე ანამ მძღოლს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა:
-დაახლოებით ათ-თხუთმეტ წუთში მოდით.
-მალე ვიქნები : ) -მაშინვე მიუვიდა პასუხი.
მასწავლებლისგან როგორც კი წამოვიდა, ლიფტში ძალა მოიკრიბა, ღრმად ჩაისუნთქა და საკუთარ თავს შეუძახა:
- მართალია, იმ ბიჭს რომ ვუყურებ, მეტყველების უნარს ვკარგავ, მაგრამ ეს კომპლექსი დღესვე უნდა მოვიხსნა. მიდი, ანა, ყველაფერი გამოგივა და ბენტერასავით ნუ იქცევი!-სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ლიფტის კარები გაიღო და მომღიმარი გეგაც გამოჩნდა. -ვაიმე!-ისე შეჰყვირა, ვიღაცას ეგონებოდა, მონსტრი დაინახა, ნამდვილად არ ელოდებოდა , რომ იქ გეგა იდგებოდა,-აქ რა გინდათ?
-რა იყო, აკრძალული მაქვს?
-არა, არა! ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ არ არის საჭირო, სადარბაზოში მიცდიდეთ, სულ ეს არის.
-კარგი, ამის შემდეგ მანქანის გასაჩერებელ ადგილს სადაც ვიპოვი, იქ გავაჩერებ ხოლმე და არც მანქანიდან გადმოსვლით შევიწუხებ თავს. როგორც გინდა, ისე მომაგენი.
-რა?
-რაც გაიგე,-მხრები აიჩეჩა გეგამ.
-არა, მომაკითხე. ასე უფრო კარგი იქნება.
-ჰო?
-ჰო.
-მაშინ შევთანხმდით. გამომყევი, დიდი ხნის ბზრიალ-ტრიალის შემდეგ, როგორც იქნა, პარალელურ ქუჩაზე ვნახე ადგილი და მანქანა იქ გავაჩერე.
გოგონა სიცივისგან მოიბუზა და გეგას სწრაფი ნაბიჯებით უკან გაჰყვა.

***
მეორე დღეს, შეთანხმებისამებრ მეგობრები პიცერიაში ელოდებოდნენ ანას. რამდენიმე წუთში გოგონაც გამოჩნდა.
-ანა, როგორ ხარ? -მაგიდიდან წამოხტა ლილე და გადაეხვია.
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს.
-თეო, რას შვები?- მეგობარს გაუღიმა და გადაკოცნა. მერე თბილი კაშნე მოიხსნა, ქურთუკი გაიხადა და იქვე, თავისუფალ სკამზე გადაკიდა.
-იმ ამბების მერე როგორ ვიქნები? -კითხვითვე უპასუხა თეომ.
-უფ! -ამოიოხრა ანამ,-რა შეუკვეთეთ?
-პიცა „მარგარიტა“ და „პეპერონი“. რა ვიცი, გინდა კიდევ რამე? სალათასაც შევუკვეთავთ, თუ მოისურვებ.
-არა, საკმარისია,-ხელი ასწია ანამ.
-აბა, მოგვიყევი, როგორ იმგზავრეთ შენ და შენმა ზესიმპათიურმა მძღოლმა?
-ჰა? ზესიმპათიური მძღოლი? -რაღაცნაირად არ ესიამოვნა თეოს სიტყვები ანას.
-ჰო, რა იყო? არ არის, თუ?
-არა, არ არის.
-რა არ არის გოგო? იმ ღამეს, როცა მოგაკითხა, დავინახე თუ არა, ლამის ფეხები მომეკვეთა.
-თქვენ ის მითხარით, რა მოხდა, როცა წამოვედი?-საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა ანამ.
-არც არაფერი. სალომე ოთახიდან აღარ გამოსულა და დილით ვატომ წამოიყვანა თბილისში, ხოლო ჩვენ ნიკას მანქანით წამოვედით,-საუბარში ჩაერთო ლილე.
-ვატოს არაფერი უთქვამს?
-ისეთი არაფერი. შენზე ამბობდა, მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიბრუნოვო,-უპასუხა თეომ.
-მოშორდეს, რა,-სახე შეეცვალა ანას.
-უნდა დაელაპარაკო და მოუსმინო. ასე გაურკვევლობაში როდემდე უნდა იყო? -არ ეშვებოდა თეო.
-გუშინ დამირეკა და გავუთიშე. თავის მართლება რომ დაიწყოს, კიდევ უფრო უნდა მომეშალოს ნერვები და თავზე დავამსხვრიო რამე ან თვითონ უნდა შემოვაწყვიტო სადმე, ამიტომ მირჩევნია, ჯერ დავმშვიდდე და ცხელ გულზე არაფერი მოვიმოქმედო.
-ჰო, მაგრამ აუცილებლად რომ უნდა შეხვდე, ხომ იცი?
-ეგ ვიცი, ლილე.
-ახლა რას აპირებ?
-რა უნდა დავაპირო? ცხოვრება არც ვატოთი იწყება და არც მაგით მთავრდება. ვაგრძელებ ცხოვრებას. ვისაც არ უნდივარ, კარგად იყოს.
-გაარკვიე ჯერ, იქნებ უნდიხარ.
-ლილე, მოდი ასე ვთქვათ, იქნებ მე აღარ მინდა?!
-ეგ სხვა თემაა,-საუბარს შეუერთდა თეო.
-ჰოდა, შემეშვით გოგოებო და მაჭამეთ პიცა,-გაეღიმა ანას და საწრუპით „პეპსი“ დალია. მერე „მარგარიტას“ ერთ ნაჭერს დასწვდა და ისეთი სიამოვნებით შეექცა, მის შემხედვარეს, დანაყრებულს კაცსაც ნერწყვი მოადგებოდა.
-კარგი, ახლა შენს ახალ მძღოლზე მიამბე,- ისევ იმ თემას დაუბრუნდა თეო.
-რა გაინტერესებს?
-ცოლ-შვილიანია?
-არ ვიცი.
-რა ჰქვია?
-გეგა.
-საიდან გაჩითეთ?
-არც ეგ ვიცი, მგონი, მამაჩემმა გაჩითა.
-ისეთი ჩამოყალიბებული, მამაკაცური და სერიოზულია, რომ შემოგხედავს გაგაკანკალებს.
ამ სიტყვებზე ანას ლუკმა გაეჩხირა ყელში, გამაგრილებელი სასმელი მიაყოლა და თეოს შეუბღვირა:
-ჩემს მძღოლს თავი დაანებე!
-რა იყო, ეჭვიანობ?
-თეო!
-მგონი ეჭვიანობ.
-არა, ღმერთმანი, უბრალოდ შეეშვი!
-შენ ის გამიგე, ცოლი ჰყავს თუ არა და მერე მე ვიცი.
-არაფერი იცი, შენ და წყნარად იყავი!-გაუჯავრდა ანა.
გოგონას აჭარხლებული და გაბრაზებული სახე რომ დაინახა, თეოს სიცილი წასკდა.

***
საღამოს ნია პოპ-კორნით ხელში, მისაღებ ოთახში დედასთან ერთად ფილმის ყურებას შეუდგა. ანა კი საძინებელში ავიდა და მეცადინეობა დაიწყო:
-რა მემართება? რატომ არ ამომდის გეგას სახე გონებიდან? იქნებ იმიტომ, იმის გაგება მკლავს, რა ჩავიდინე იმ ღამეს? ნეტა, ასეთი რა ვუთხარი, რომ წარამარა მახსენებს, იმ ღამეს ასეთი სიტყვაძუნწი და მორცხვი არ იყავიო? არა, რაც იყო, იყო. დროა, ის ავადსახსენებელი ღამე დავივიწყო,- საგონებელში იყო ანა.
როგორც იქნა, გეგაზე ფიქრი თავიდან ამოიგდო და დავალებების შესრულება დაიწყო, რომ პირველი სართულიდან მამამისის ხმა გაიგონა. სწრაფად დატოვა ოთახი და მისაღებში ჩავიდა:
-ზვიად, რატომ არ დარეკე, რომ მოდიოდი? -სიხარულით მივარდა ლელა ზვიადს და ჩაეხუტა.
-ოჰ, ხომ იცი, რომ არ მიყვარს განსაკუთრებული დახვედრები. სულ რაღაც ერთი კვირით ვიყავი.
-მოაგვარე, რაზეც წახვედი?
-ჰეჰ, როგორ ფიქრობ?-კმაყოფილი სახით შეხედა ცოლს მამაკაცმა.
მერე გოგონებისკენ წავიდა და ჩაეხუტა:
-აბა, ხომ არ მოიწყინეს ჩემმა გოგოებმა უჩემოდ?
-ცოტა,-უპასუხა ნიამ.
-ანა, შენ?
-როგორ ფიქრობ?-სიყვარულით შესცინა გოგონამ მამას.
-საჩუქრები ჩამოგიტანეთ.
-ოჰო, რომელი ჩემოდნით დავიწყოთ?-ეშმაკური ღიმილით გადახედა ლელამ ქმარს.
-რომლითაც გინდათ,-ჩაეცინა მამაკაცს.
საჩუქრების განაწილების შემდეგ, კიდევ ერთი რაღაც ახარა ზვიადიმ ოჯახის წევრებს, ახალ წელს მთელი ოჯახი შვეიცარიაში შეხვდებოდა.

***
-აი, მეც მოვედი,-დაღლილი, მაგრამ ლუკასთვის მაინც მხიარული შევიდა გეგა სახლში და საჩუქარი ზურგს უკან დამალა.
-მამა, უკან რას მალავ?
-ოჰ, საიდუმლოა.
ბავშვი ტახტიდან წამოდგა და მამისკენ ბედნიერი სახით დაიძრა. ლუკაც ჯიუტად არ შორდებოდა და მხიარულად აჰყვა თამაშში მამამისს. ხან ერთი მხრიდან მიუდგებოდა, რომ მისთვის განკუთვნილი საჩუქარი წაერთმია, ხან მეორედან. გეგამ იქამდე იტრიალა, სანამ თაბრუ არ დაეხვა. ბოლოს, მაინც დანებდა და გამოუჩინა.
-ე, ტირანოზავრები, მფრინავი დინოზავრები და ხვლიკმენჯები,-აღტაცებული ათვალიერებდა კოლექციას პატარა ბიჭუნა.
-აბა ეს რომელი დინოზავრია? -გეგამ ერთ-ერთი დინოზავრი ხელში აიღო და გამომცდელის თვალებით დააკვირდა, რას იტყვისო.
-ბრონტოზავრი,-არ დაიბნა ლუკა.
-სად ბინადრობდა?
-ეგ უკვე არ ვიცი.
-აბა, მოდი, ამ წიგნში გავეცნოთ ინფორმაციას. მე წაგიკითხავ.
-წიგნიც მიყიდე?
-დიახ, ბატონო ლუკა. აქ დინოზავრების სახეობებზე თითქმის ყველაფერი წერია.
-აუ, რა კარგია,-თვალები უბრწყინავდა ბავშვს.
გეგამ ლუკა ხელში აიყვანა, კალთაში ჩაისვა და ბრონტოზავრის შესახებ ინფორმაციის ძებნას შეუდგა. მალე მიაგნო საჭირო გვერდს და კითხვა დაიწყო. ცოტა ხანში, სმენისგან დაღლილ პატარას ძილი მოერია, მამას ჩაეხუტა და ღრმა ძილს მიეცა. მაჩაბელმა საძინებელში შეიყვანა, გვერდით მიიწვინა და ჩახუტებულებს დილამდე ტკბილად ეძინათ.

***
მეორე დღეს, ნია დილიდანვე ფაციფუცობდა. „მაკნატუნის“ ერთ-ერთი პერსონაჟის ტექსტს იმეორებდა, რომ არ დავიწყებოდა და სადღესასწაულო კოსტუმს აწესრიგებდა. ქალბატონი ლელა და ანაც სპექტაკლზე დასასწრებად ემზადებოდნენ. გეგა დათქმულ დროს უკვე სახლთან მისულიყო და გაგუებს უცდიდა. მალე სამივე გამოჩნდა.
-დილა მშვიდობისა, გეგა,-მიესალმა ოჯახის ყველაზე პატარა წევრი მძღოლს და პირველი ჩასკუპდა მანქანაში.
-ოჰ, დილა მშვიდობისა, ქალბატონო. ლამაზად გამოიყურები,-შეაქო გეგამ.
-მადლობა. შენც ხომ დაესწრები ჩემს სპექტაკლს?
-მე? არ ვიცი.
-რას ჰქვია, არ იცი? აუცილებლად წამოდი, თორემ მეწყინება.
-ამოდით, გეგა, გაახარებთ ნიაკოს,-მხარი აუბა შვილს ლელამ.
-კარგი მაშინ, რაკი ასეა, არ გაწყენინებ და დავესწრები.
-ვაშა! გპირდები, რომ ისიამოვნებ, თუ იმ დონდლო ბაჩანამ არ გააფუჭა ყველაფერი.
-ვინ?-სიცილი წასკდა გეგას.
-წესიერად ილაპარაკე, ნია,-შენიშვნა მისცა დედამ შვილს.
-მართლა დონდლოა, დედა. ტექსტს ვერ იმახსოვრებს, სულ ავიწყდება. ანა, დამეთანხმე, ჰო, ასეა? შენც ხომ დაესწარი ერთხელ რეპეტიციას?
-კი, მახსოვს ის ბიჭი,-ჩაეცინა ანას.
ნიამ თავის ტიკტიკით და კისკისით ყველა გაამხიარულა.
სპექტაკლის დაწყების წინ, ჩაბნელებულ დარბაზში სცენაზე წითელი ფარდა დაშვებულიყო და პროჟექტორების მკრთალი შუქი პირდაპირ სახეში ანათებდა რეჟისორს და ინგლისურის მასწავლებელს, რომლებიც სპეციალური სიტყვით მაყურებლის წინაშე გამოვიდნენ:
-მოგესალმებით ყველას და დიდ მადლობას მოგახსენებთ თითოეულ სტუმარს აქ მობრძანებისთვის. დღეს, თქვენ იხილავთ მეათე ბ კლასის მიერ მომზადებულ ზამთრის ჯადოსნურ ზღაპარს „მაკნატუნას“, რომელიც გერმანელი მწერლის, ჰოფმანის საავტორო ნაწარმოებს ეკუთვნის,-სიტყვა დაასრულა მასწავლებელმა და განზე გადგა.
-მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო. რასაც თქვენ დღეს იხილავთ, ორ თვეში დადგმული სპექტაკლია, ამიტომ გთხოვთ, ძალიან მკაცრად ნუ განსჯით ჩვენს მოსწავლეებს, რადგან ძალიან მოინდომეს, რომ თქვენთვის საშობაო და საახალწლო განწყობა შეექმნათ. მაშ, ასე, ვიწყებთ,-გაიღიმა რეჟისორმა და ფარდის აწევას დაელოდა, რომ მოსწავლეებთან კულისებში შესულიყო.
მოულოდნელად, კარი გაიღო და ჩაბნელებულ დარბაზში დღის შუქმა თვალისმომჭრელად შემოანათა. ძალაუნებურად, დაგვიანებულმა სტუმარმა დამსწრეების ყურადღება დაიმსახურა. ბოდიში მოიხადა და უკანა რიგებისკენ წავიდა.
-ნეტა, საიდან მეცნობა ეს ტიპი? ძალიან ნაცნობი ვიზუალი და სიარულის მანერა აქვს,-უცნაური შეგრძნება დაეუფლა გეგას.
მერე ფიქრებს მოსწყდა და მთელი გონებით სპექტაკლს მიადევნა თვალი, თუმცა ნაცნობი უცნობის მიმართ ინტერესი გულში მაინც ხინჯად ჩარჩა.
წარმოდგენამ არაჩვეულებრივად ჩაიარა და თითოეულმა მონაწილემ კარგად გაართვა თავის როლს თავი. საბოლოო ჯამში, ყველა კმაყოფილი დარჩა. დირექტორმა და სასწავლო ნაწილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს პედაგოგს და რეჟისორს საუცხოო დადგმის მომზადებისთვის, ხოლო მოსწავლეებს საოცარი, სასიამოვნო და სახალისო მომენტებისთვის და მომავალი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
დარბაზი განათდა. სტუმრებმა იქაურობის დატოვება დაიწყეს. გეგა უცნობი პიროვნების ძებნას შეუდგა, მაგრამ ვერსად მოჰკრა თვალი. როგორც ჩანს, ადრე წასულიყო.

***
31 დეკემბრის დილა გაგუების და მაჩაბლების ოჯახისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. გაგუები ციურიხში, ხოლო მაჩაბლები პარიზში გაფრინდნენ. გეგას ერთკვირიანი შვებულება კარგად დაემთხვა ლუკას გამგზავრების თარიღს და შვილი ქალბატონ ნინოსთან ერთად, თავად ჩაიყვანა საფრანგეთში. სამედიცინო დაწესებულებაში ბავშვის საბუთებს კიდევ ერთხელ, დაწვრილებით გაეცნენ და გადაწყვიტეს, ოპერაციამდე რამდენიმე კვირიანი სარეაბილიტაციო კურსი დაენიშნათ, რომ ორგანიზმი სათანადოდ მოეძლიერებინათ რთული ოპერაციისთვის. მედპერსონალის მიერ უამრავი შემოწმება და დანარჩენი პროცედურები უკვე გულისგამაწყალებელ პროცესებად იქცა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ მაჩაბლებს. საგულდაგულო შემოწმების შემდეგ, ექიმი არც ისე დიდ იმედს აძლევდა ლუკას მამას და ბებიას. დაახლოებით 40%-იანი შანსი იყო, რომ პატარა გამოჯანმრთელებულიყო და მის გულს ნორმალურად ფუნქციონირება დაეწყო, თუმცა აფრთხილებდნენ, რომ ყველაფრის კარგად დასრულების შემთხვევაშიც, ოპერაციის შემდგომ, მაინც საჭირო გახდებოდა გამუდმებული კონტროლი ექიმისგან.
გაგუების ოჯახი ციურიხის ცენტრში, ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში დაბინავდა და ბედნიერი დღეები დაიყენა. საახალწლო სოფლები, გამოფენა-გაყიდვები, უგემრიელესი და საუცხოოდ შეფუთული ნუგბარი, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ტყეში მოეჭრათ და თვალისმომჭრელად, ათასობით ფერადი ნათურით გაებრწყინებინათ და მოერთოთ, ზღაპრის გმირები, მისის და მისტერ კლაუსები, ასობით მოსიარულე ელფი და ქუჩის მუსიკოსები საახალწლო განწყობას უქმნიდნენ როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც. წამოსვლის წინ, ორი დღით შვეიცარიის ალპებსაც ესტუმრნენ და ზღაპრული დროსტარების შემდეგ დადებითი ენერგიით და ემოციით აღვსილნი დაუბრუნდნენ საქართველოს.

***
8 იანვარს მაჩაბელმა ჩვეული რეჟიმით განაგრძო სამსახური. დილით არცერთი და წასულა სკოლაში, ზამთრის არდადეგები ჰქონდათ. სამაგიეროდ, დღის ორი საათიდან რომ ატყდა კერძო გაკვეთილებზე წასვლის ფაციფუცი, საღამოს რვა საათამდე აღარ დამთავრებულა. პირველად ანა გამოვიდა სახლიდან, ბიოლოგიის მასწავლებელთან ეჩქარებოდა:
-მოგესალმებით, ანა,- თავისებური ღიმილიანი მზერით შეხედა გეგამ გოგონას.
-გამარჯობა,-მიესალმა და ფანჯარაში გაიხედა.
-აბა, როგორ ჩაიარა საახალწლო მოგზაურობამ?
-კარგად.
-მოგეწონა შვეიცარია?
-დიახ.
-კონკრეტულად რა მოგეწონა?
-ყველაფერი.
-როგორი მოკლე და ზოგადი პასუხებია. ჩემთან ლაპარაკის ხასიათზე არ ხარ?
ანამ მხრები აიჩეჩა. მაჩაბელისთვის აღარ შეუხედავს, მობილურში ჩარგო თავი და თამაში დაიწყო. აღარც გეგას შეუწუხებია, მიხვდა, რომ გოგონას საუბარი არ სურდა.

***
ვიდრე გეგა გაგუების სახლში ნიას ტანვარჯიშზე მისაყვანად გაბრუნდა, ანამ შეტყობინება გაუგზავნა, რომ საათნახევრის შემდეგ მიეკითხა მისთვის. როგორც კი ანას მასწავლებლის საცხოვრებელ კორპუსს მიუახლოვდა, დაინახა, აღელვებული ესაუბრებოდა გარეთ მყოფი გოგონა ახალგაზრდა ბიჭს. ავტომანქანა იქვე, ოდნავ მოშორებით გააჩერა და იქიდან აკვირდებოდა მოვლენებს.
-ანა, მოგიწევს ჩემი მოსმენა,-ძალას ატანდა ახალგაზრდა, რომ გაგუა სალაპარაკოდ გასჩერებოდა.
-აქედან წადი! -მკაცრი თვალებით მიმართა გოგონამ.
-გინდა ეს თუ არა, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ...
-რა უნდა ვიცოდე? გეკითხები, რა უნდა ვიცოდე?- ყვირილზე გადავიდა ანა,-ის, რომ ჩემი შეყვარებული ნაძირალაა და უსინდისო? თუ ის, რომ მასთან ერთად, ჩემი მეგობარიც არანაკლებ ნამუსგარეცხილია?! მადლობა, უკვე ვიცი და ერთხელ და სამუდამოდ, ორივემ დაახვიეთ ჩემი ცხოვრებიდან! ყელში ამოვიდა უკვე შენი მომისმინე. არ მოგისმენ, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს. ხომ გაიგე? კარგად გაიგე? მეზიზღები. ესეც ხომ გაიგე?
გოგონამ აკანკალებული ხელით ქურთუკის ჯიბიდან მობილური ამოიღო და გეგას ტექსტური შეტყობინება მისწერა:
-სად ხარ? დამიმთავრდა გაკვეთილი და გარეთ ვდგავარ, გელოდები.
როგორც კი მაჩაბელმა ტელეფონის ეკრანს დახედა, ისევ დაკვირვებით განაგრძო წყვილის თვალიერება:
-ეს ბიჭი ვინ უნდა იყოს? -შეეცადა, შეუმჩნევლად გადაეღო სურათი მისთვის.
-ანა, უნდა შემირიგდე, სალომე არ მიყვარს. უბრალოდ თავ-გზა ამებნა, შევცდი, ტო.
-მატყუებ.
-არ გატყუებ, მართლა შევცდი. ვის არ მოსვლია? ამის გამო, მთელი ამდენი ხნის ურთიერთობას წყალში ყრი?
-უკვე გადავყარე,-ზიზღით უთხრა გოგონამ და ზურგი აქცია.
-ანა,-მაჯაში წაავლო ხელი ბიჭმა და მისკენ მიახედა.
-თავი დამანებე, ვატო. უკვე ამაზრზენი და ძალიან მოსაბეზრებელი ხდები. არ გაპატიებ-მეთქი!
როგორც კი საუკეთესო კადრი დაიჭირა, მაშინვე შეეშვა სურათების გადაღებას და დათვალიერებას მაჩაბელი, მანქანიდან გადავიდა და ქუჩა გადაკვეთა. დანახვისთანავე ანა გეგასკენ გაიქცა და მაშინ, როცა ამას მამაკაცი ყველაზე ნაკლებად ელოდებოდა, ჩაეხუტა და ტუჩებზე ნაზად დაეწება.
-გეგა, ამყევი, გთხოვ,-მხოლოდ ეს ამოილუღლუღა ათრთოლებულმა გოგონამ, თბილად გაუღიმა და მამაკაცის ალერსი განაგრძო. მაჩაბელი დაემორჩილა.
გაოგნებული უყურებდა ვატო გეგას და ანას. მერე მიუახლოვდა და ტაშის კვრით გამოაფხიზლა ორივე:
-ვაუ, როგორი გულისამაჩუყებელი მომენტის მომსწრე გავხდი. უკეთესზე ვერც კი ვიოცნებებდი.
-ჰო? -მორცხვად შეხედა მაჩაბელს ანამ და მისი სუნამოს სუნით გაბრუებული მიუბრუნდა ვატოს:-ახლა ხომ ყველაფერი გაიგე და დაინახე? მეც ახალი შეყვარებული მყავს და ვატო ჭელიძე წარსულს ჩაბარდა.
- რასაც ახლა ვუყურებ, არ მჯერა, ანა.
-უნდა დაიჯერო, რადგან ეს სიმართლეა, ხელკავი გაუყარა მაჩაბელს გოგონამ და გვერდულად მიეკრო.
-თუ ეს მამაკაცი შეგიყვარდა, ამდენს რაღას მალაპარაკებ და მახვეწნინებ? ვერ მეტყოდი?
-მინდოდა, საკუთარი თვალებით გენახა, როგორი ბედნიერი ვარ. შენც ხომ იგივე გააკეთე? დამანახე, რომ სხვა გოგონა იწვევს შენში ვნებებსაც და ცხელი ღამეების სურვილსაც.
-მოიცადე, აქ რა ხდება? -საუბარში ჩაერთო გეგა.
-არაფერი, ძველ ურთიერთობას საბოლოოდ წერტილს ვუსვამ,-ძალით გაუღიმა ანამ და ბედნიერი სახე მიიღო, რომ ვატო წარმოთქმული სიტყვების სიმართლეში დაერწმუნებინა.
-ანა, ყველაფერს ამიხსნი!- დაბნეული შეყვარებულის როლის თამაში დაიყო მაჩაბელმა.
-ასახსნელი არაფერია, საყვარელო. ვატო უკვე წასვლას აპირებს. ასე არ არის? -გაგუამ აპილპილებულ ახალგაზრდას გადახედა და კმაყოფილი სახით წელში გაიმართა.
ბიჭმა სიმწრისგან კბილები გააღრჭიალა და ადგილს მოსწყდა. როგორც კი მათი თვალთახედვის არეალს მიეფარა, მაჩაბელი ანას შეუბრუნდა:
-გადაირიე?
-მაპატიე,-სახე აუწითლდა ანას.
-რა სპექტაკლებს დგამ? დილით სიტყვებს ძლივს გართმევდი პირიდან და ახლა ჩემთან ზასაობ?
-ძალიან გთხოვ, მაპატიო. სხვა გზა არ დამიტოვა, ისე ვერ მოვიშორებდი.
-ანა, ყოველთვის არსებობს გამოსავალი. არ იყო საჭირო ეს მარაზმი.
-შენ ამას მარაზმს უწოდებ?-ხმა აუკანკალდა გოგონას და ძლივს გაბედა, რომ გეგასთვის შეეხედა.
-ჰო! პატარა ბავშვივით იქცევი! ძალიან არ მომეწონა, რაც გააკეთე.
-მადლობა, რომ თავი არ გაიგიჟე და იქვე არ თქვი, რომ ვცრუობდი.
-არაფრის, მაგრამ მეტჯერ ასეთი უაზრობის გაკეთებას გიკრძალავ!
-ეს უაზრობა იყო?
-ჰო!-მოკლედ მოუჭრა მაჩაბელმა, მერე გოგონას ხელი მოკიდა და გზის მეორე მხარეს, მანქანის ავტოსადგომისკენ გადაიყვანა.
გზაში არცერთს არაფერი უთქვამს. ნიას გაუარეს და მათემატიკაზე წაიყვანეს, მერე გეგამ ანა სახლში მიიყვანა და თავად გაგუების ყველაზე პატარა წევრის გამოსაყვანად, ისევ უკან მოუწია გაბრუნება.
სახეაწითლებული ანა სახლში შურდულივით შევარდა და მაშინვე საძინებლისკენ აიღო გეზი:
-მოხვედი, ანა?
-არა, დედა. ჩემს აჩრდილს ხედავ, გელანდები.
-რა ლაპარაკია?!- გაუწყრა ლელა.
-არაფერი, დაივიწყე,-ისე აირბინა კიბეები, ვერც კი იგრძნო, რომ ორ საფეხურს ერთად ახტებოდა.
მერე საძინებელში შევარდა და საწოლზე გაიშოტა.
დიდი ხანი ეძახდა ანას დედამისი და სთხოვდა, რომ კარი გაეღო, მაგრამ გოგონას არაფერი ესმოდა:
-ღმერთო, მიშველე. ოღონდ ახლა გადამარჩინე, გთხოვ,-სირცხვილისგან იწვოდა ანა,- ვიცი, ეს არ უნდა ჩამედინა, მაგრამ მეც არ ვიცი რა დამემართა, ჩემდა უნებურად მოხდა ყველაფერი. ერთად მივენდე გონების და გულის კარნახს და აი, რა გამომივიდა. გეგაც გავაბრაზე და ვატოც. რა სისულელეებს სჩადიხარ, ანა?! სულ გამოშტერდი, ხომ?!-თავს საყვედურობდა გოგონა და სირცხვილის გრძნობა კიდევ უფრო მეტად აწუხებდა,- როგორ უნდა შევხედო თვალებში გეგას? ვინ იცის, რას ფიქრობს ჩემზე,-ნერვიულობისგან თითებს უჭერდა ბალიშს და მასში სახეს მალავდა.
-ანა, კარი გააღე, მეტს ნუღარ მალაპარაკებ,- მკაცრი ტონი იგრძნობოდა ლელას სიტყვებში.
ქალბატონ ლელას მართლა ერთი სიტყვაც აღარ უთქვამს, განუწყვეტელ ბრაგუნს მოჰყვა კარებზე. მოსვენებადაკარგული ანა საწოლიდან წამოდგა და კარი გააღო:
-რა ხდება? -გაბრაზებული შევარდა ქალი ოთახში?
-ვატოს ვეჩხუბე.
-მერე მე რა შუაში ვარ? სულ დაკარგე დედის პატივისცემა?
-დედა, ცუდ ხასიათზე ვარ.
-ეგ არ გამართლებს! თავხედი ხარ, ანა და მეტი არაფერი! სხვაზე გაბრაზებულმა ბოღმა დედაზე არ უნდა ანთხიო!
-მართალი ხარ, მაპატიე.
-ქვევით ჩამოდი, ვახშამი მზადაა. იქ დაგელაპარაკები დანარჩენზე,-თვალები დაუბრიალა ლელამ და ოთახის კარი გაიჯახუნა.
ცოტა ხანში, ანამ და დედამისმა რამდენიმე წუთის წინ მომხდარზე ისაუბრეს. რა თქმა უნდა, შვილმა დაუმალა, რომ მძღოლს აკოცა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ვატოს მოატყუა, მაჩაბელი ჩემი ახალი შეყვარებულიაო, მისთვის არ დაუმალავს. ლელა შვილის მიერ ჩადენილმა საქციელმა ძალიან გააღიზიანა და წყობიდან გამოიყვანა. საყვედურებით და რჩევებით ისეთ დღეში ჩააგდო, იმ დღეს მის მდგომარეობაში ყოფნას, ბევრი არ ისურვებდა.

***
საღამოს მაჩაბელი გაგუების ოჯახს დაემშვიდობა. გეგას ხმა როგორც კი გაიგო, ანას საძინებელში გულმა ფრთხიალი დაუწყო, ცდუნებას ვეღარ გაუძლო და იმ დროს, როცა მამაკაცი ეზოდან გარეთ უნდა გასულიყო, გოგონა ფანჯარასთან ფრთხილად მივიდა, ფარდა ოდნავ გადაწია და თვალი მიადევნა მაჩაბელს. თითქოს ისიც რაღაცას გრძნობდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. ერთ წამს გაჩერდა, მერე უცბად შემოტრიალდა და ანას საძინებელს შეხედა. გოგონას შიშისგან გული შეეკუმშა, იქაურობას სწრაფად გაეცალა და კედელს აეკრო. სუნთქვაც კი შეწყვიტა, ვითომ ამით რამეს გამოაპარებდა და დაემალებოდა გამოცდილ მამაკაცს. ფარდა რომ შეირხა, გეგას ეშმაკურად გაეღიმა, თავი გააქნია და იქაურობა კარგ ხასიათზე დატოვა. დიდხანს დარჩა კედელზე ატუზული ანა და საკუთარ გულის ცემას განაბული უგდებდა ყურს. ოთახში ნია შემოვიდა:
-ანა, რას აკეთებ? -გაოცებულმა შეხედა კედელზე ლავაშივით გაკრულ ანას, რომელსაც თვალები დაეხუჭა და გახშირებული სუნთქვისგან მკერდი სწრაფი რიტმით ზევით და ქვევით უმოძრავებდა.
ნიას ხმამ კიდევ უფრო გაუხეთქა გული ანას, მაგრამ უცებ მოეგო გონს:
-ვვარჯიშობდი და გული ამიჩქარდა, ცოტას ვისვენებდი,-გონებაარეულმა უპასუხა დას და სააბაზანოში შევარდა, რომ სახეზე ცივი წყალი შეესხა და გამოფხიზლებულიყო.
-ამ ბოლო დროს, რაღაც უცნაურად იქცევი,-უთხრა აბაზანიდან ახლად გამოსულ დას ნიამ.
-რას გულისხმობ?
-დაბნეული ხარ.
-გეჩვენება. ალბათ, ამდენი მეცადინეობისგან დავიღალე.
-მეცადინეობა არაფერ შუაშია.
-შენი აზრით, რა არის შუაში?-გაუწყრა ანა გოგონას.
-გგონია, ვერაფერს ვამჩნევ?
-ნია, რაზე მელაპარაკები?
-ჰმ, ჯერ არაფერს ვიტყვი. კიდევ დაგაკვირდები.
-არა, მითხარი.
-გეგა მოგწონს, ხომ?
-საიდან მოიტანე?-საბრალო თვალებით შეხედა დას ანამ.
-გეტყობა.
-საიდან?
-როცა მანქანაში ვართ, არ იხსნები და თავისუფლად არასოდეს ლაპარაკობ. რაც არ უნდა გკითხოს, ან იბნევი, ან ბლუყუნებ, ან კიდევ საერთოდ ენა გაქვს ჩავარდნილი. იმაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, იმ დღეს რომ რაღაც გკითხა და შენ სხვა რაღაც უპასუხე.
-ჩუმად იყავი, აღარაფერი გააგრძელო, ნია,-ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო და საწყლად შეხედა დას.
-მართალი ვარ?
-ჰო, მგონი მართალი ხარ. რაღაც ჯანდაბა მჭირს, როცა გეგას ვხედავ, მუხლები თავისთავად კანკალს მიწყებს, მეტყველების უნარს ვკარგავ და გონება მერევა.
-გახსოვს, ადრე რომ გითხარი, ხომ არ მოგწონს-მეთქი?
-მახსოვს.
-მაშინვე შეგატყე, რომ რაღაც ვერ იყო კარგად.
-არავის არაფერი უთხრა, გთხოვ. ჩვენ ხომ მესაიდუმლეები ვართ?
-კარგი, გპირდები.
აღელვებული ანა გოგონას ისე ჩაეხუტა, ნიამ ძლივს დაიხსნა თავი მისგან.

***
როგორც კი მაჩაბელი მანქანაში ჩაჯდა, ანრის ნომერი აკრიფა და მანქანა დაძრა:
-როგორ ხარ?
-არამიშავს. შენ როგორ ხარ?
-ნორმალურად. დღეს ანა ვიღაც ბიჭთან კამათობდა. არ ვიცი ვინ არის, იმედია გავარკვევ. მანამდე კი სურათებს გამოგიგზავნი. შეიძლება იცნობდე კიდეც.
-კარგი. სხვა რა ხდება?
-ჯერჯერობით არაფერი.
-ფხიზლად იყავი, არაფერი გამოგეპაროს.
-დიახ,-ღრმად ამოისუნთქა გეგამ და ბრაზისგან სიჩქარეს მოუმატა.
-დროებით.
-დროებით.
ანრიმ სურათების ნახვის შემდეგ მაჩაბელს გზაში მესიჯი წამოაწია:
-ეს ვატოა, ანას შეყვარებული. შავი ზღვის უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.
-აჰ, გასაგებია. ანამ მიამბო, რომ ბაკურიანში მეგობართან უღალატა და ამის გამო, აღარ ურიგდება.
-მშვენიერია. ეგ ბიჭი მაინც უნდა ჩამოგვეშორებინა მისთვის, ჩვენი გასაკეთებელი თავადვე გააკეთა.
-კარგი, საჭესთან ვზივარ, პატრული ჩემს უკან მოძრაობს.
-მაგ ბიჭს თვალი ადევნე და არ დაუშვა, რომ შერიგდნენ. ერთი ფულზე გადარეული მამლაყინწაა. დანარჩენზე მერე დაგელაპარაკები.
მაჩაბელმა მობილური ჯიბეში ჩაიდო და აღარაფერი უპასუხა. მისი შავი მანქანა სოლოლაკის ერთ-ერთ პატარა და ვიწრო ქუჩაზე გაჩერდა. სწრაფად აირბინა ძველებური სტილის, მარმარილოს კიბეები სადარბაზოში და დიდ ხის კარებთან გაჩერდა:
-მოხვედი? -მაცდური თვალები შეანათა ქალმა მამაკაცს, რომელსაც ზარის ხმაზე უცბად ხალათი მოეცვა და ისე გამოსულიყო კარის გასაღებად.
ქალის ულამაზესი მწვანე თვალები, მხრებზე აქა-იქ, უსწორმასწოროდ ჩამოყრილი თმები, გადაღეღილი მკერდი, წითელი პერანგი, რომელსაც ხალათი მხოლოდ ნახევრად ფარავდა და ქალის თხელი და სიფრიფანა ტანი მაჩაბელს ერთი შეხედვისთანავე აკარგვინებდა თავს და ყოველთვის ვნებამორეული, მოწყურებულივით აცხრებოდა ნაცნობ სხეულს.
-მომენატრე,-მხოლოდ ეს უთხრა და ნაცნობ ტუჩებს დაეწაფა, რომ ის გემო შეეგრძნო, რაც ძალიან მონატრებოდა.
-ო, მართლა როგორ მოგნატრებივარ, -ხანგრძლივი კოცნისგან თავი დაიხსნა ქალმა და მამაკაცს ყავა შესთავაზა.
-სიამოვნებით დავლევ,-სამზარეულოში შეჰყვა მამაკაცი.
თათასთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა მაჩაბელს. რამდენიმეწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა კი ორივესთვის კომფორტის და სიმშვიდის წყარო იყო. გრძნობა, რომელიც ერთმანეთის მიმართ არასოდეს ნელდებოდა, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდებოდა და საინტერესო თავგადასავლებით სავსე გორგალს ემსგავსებოდა. ერთმანეთის გარეშე არცერთს შეეძლო და ორივემ იცოდა, რომ ერთ დღესაც, დიდი ალბათობით, მათი სიყვარული ერთობლივი ცხოვრების ოფიციალურ სტატუსს შეიძენდა, მაგრამ ჯერ არ ჩქარობდნენ, რაღაც აბრკოლებდათ.
ქალმა ფინჯანი ყავა მაგიდაზე წინ დაუდო მაჩაბელს და გვერდით მიუჯდა:
-როგორ არის ბავშვი?
-მკურნალობის კურსს გადის, ოპერაციისთვის ამზადებენ.
-როდის იგეგმება ოპერაცია?
-ორ კვირაში.
-ნინო იქ დარჩა?
-კი, დედაჩემი ადგას თავზე.
-ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. აი, ნახავ წინ ბევრი ლამაზი დღე გელის ლუკასთან გასატარებლად,-ქალმა თბილად გაუღიმა და მამაკაცისკენ გადაიხარა.
მერე მის ყელში ჩარგო თავი და საყვარელი მამაკაცის კანის სურნელი შეისუნთქა. თანადათან ნაზი კოცნით აუყვა ნაცნობ ადგილებს და მისი სურვილით შეპყრობილი კალთაში ჩაუჯდა. მერე ფეხები სხეულზე მოჰხვია და სვიტრი გახადა. გრძელი თითები დაკუნთულ მკერდზე გადაატარა და ტუჩები ტუჩებს შეურწყა. თათას ვნებით გაბრუებულმა გეგამ ქალი ხელში აიტაცა და საძინებლისკენ, ნელ-ნელა კოცნით წაიყვანა. შემდეგ საწოლზე გადააწვინა და ტანსაცმლისგან დაუწყო გათავისუფლება. ქალის მუცლის პრესს ვნებააწყვეტილივით დაუწყო კოცნა და იქიდან მკერდისკენ აიჭრა. სულ მალე, თათაც აჰყვა გაგიჟებულ პარტნიორს და რამდენიმე წუთში სიამოვნებისგან მინიჭებული ხმები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
სექსის შემდეგ თათა პარტნიორის ტუჩებს ისევ დააცხრა და გული რომ იჯერა, ნაზად ჩარჩურჩულა:
-აბა, როგორი ვნების ქარიშხალი დავატრიალეთ?
-ისეთი ქალი ხარ, მალე ერთ ადგილს მომაგლეჯინებ,-თავის სიტყვებზე თავადვე ჩაეცინა მაჩაბელს და სიამოვნებისგან გათიშულმა და ძილმორეულმა თვალები მილულა.

***
ნიას დაბადების დღე ახლოვდებოდა. გაგუები გოგონას თექვსმეტი წლის იუბილესთვის განსხვავებულად ემზადებოდნენ. „Sweet Sixteen” -ასე უწოდეს წვეულებას და რესტორნის მორთვა წინასწარ, დიზაინერს დაავალეს. აბსოლუტურად ყველა მის მეგობარს და ოჯახის ახლობელს წინასწარ გაეგზავნა მოსაწვევი ბარათი. ასე, რომ სტუმრების სიაც უკვე განსაზღვრული იყო:
- კაბას სად უკვეთავ და როგორ სტილში ირჩევ? -ეკითხებოდა ანა წვეულების საკითხებით გართულ გოგონას.
-მამიდა მიგზავნის ამერიკიდან. ერთად ავარჩიეთ კაბაც და ფეხსაცმელიც.
-როგორია?
-თეთრი თვლებით გაწყობილი ცისფერი კაბაა.
-სურათი არ გაქვს? მაჩვენე.
-არა, საიდუმლოა.
-კარგი რა, ნიაკო. მე ხომ არაფერს გიმალავ.
-არა.
-ნუ ჯიუტობ, პრინცესა.
-This is gonna be the best day of my life! -წაიმღერა ნიამ და ეშმაკურად გადახედა დას.
-ტორტი?
-სამ სართულიან ტორტს ვუკვეთავთ. სულ თეთრი იქნება, ხოლო თითოეული მათგანი კი გემოთი განსხვავებული.
-საღამო ვის მიჰყავს?
-ერთ-ერთ წამყვანს რომელიღაც დაბადების დღის ცენტრიდან. ამაზე დედამ იზრუნა.
-მოკლედ ყველაფერი მოგვარებული ყოფილა.
-პროგრამაა ჩამოსაწერი. ამ დღეებში წამყვანს შევხვდები და ერთად დავგეგმავთ.
-არ გინდა, რომ რამეში მოგეხმარო?
-არა.
-კარგი, როგორც გინდა,-მხრები აიჩეჩა ანამ და ოთახიდან გავიდა.
ქვევიდან გაიგონა, ზვიადი და გეგა რაღაცაზე საუბრობდნენ. იქვე, კედელთან აისვეტა და საუბარს ყური დაუგდო:
-მაშ, სამი დღით გინდა, რომ საფრანგეთში გადაფრინდე, არა?
-დიახ.
-რამე სერიოზულია? რატომ ასე სასწრაფოდ?
-დიახ, მნიშვნელოვანია. უბრალოდ ახლა ვერ გეტყვით.
-გასაგებია. რომელ დღეებზეა საუბარი? ნიაკოს დაბადების დღეს ხომ არ ემთხვევა?
-არა, ნიაკოს დაბადების დღის შემდეგ წავალ, 18,19 და 20 იანვარი უწევს.
-კარგია, თორემ შენი თავი ძალიან დაგვაკლდებოდა. უამრავი საქმე იქნება.
-დიახ, ვიცი.
-მოკლედ შევთანხმდით.
-კი, ბატონო, -თავი დაუკრა მაჩაბელმა, მერე დაემშვიდობა, ხელი ჩამოართვა და სახლი დატოვა.
როგორც კი კარების დაკეტვის ხმა გაიგონა, ანა კიბეებზე ნელ-ნელა დაეშვა:
-ნეტა რა ხდება? რატომ მიდის საფრანგეთში? ასეთი რა საქმე აქვს? ან რატომ განვიცდი ასე ყველაფერს, რაც გეგას უკავშირდება? ვითომ მომწონს? იქნებ მიყვარს კიდეც? ასეთი ასაკის ადამიანი რატომ მიმღვრევს გონებას? ასეთი რა დავინახე ამ პიროვნებაში, რომ ღამეებს მასზე ფიქრში ვტეხავ? თუ მართლა შემიყვარდა, ეს როგორ მოხდა? მე ხომ მასზე თითქმის არაფერი ვიცი? რით ავხსნა, რომ მის დანახვაზე მუხლები და ხმა კანკალს მიწყებს, გულს კი ბაგაბუგი გაუდის? რატომ ვიბნევი ბრინჯივით როცა მელაპარაკება? -არ ასვენებდნენ ფიქრები ანას.

***
სახლში დაღონებული სახით შევიდა. თავადაც არ იცოდა რატომ, მაგრამ თავს საშინლად და ძალიან მარტო გრძნობდა. ბავშვის საძინებელში შეიხედა და უწესრიგოდ მიმობნეულ დინოზავრებს გაუღიმა. მერე ცარიელი ოთახის კარი გამოხურა და ტახტზე ჩამოჯდა. ბოლო დროს, მოუსვენრობა და სულიერი ფორიაქი დასჩემდა. სიგარეტის მოწევასაც მოუხშირა. ცივი კედლები კიდევ უფრო მეტად ხვევდნენ სიმარტოვისა და სიცარიელის ბურუსში. ტელევიზორი ჩართო, მაგრამ აღარც ის დაეხმარა, ყურადღება სხვა თემაზე გადაეტანა. მოწყენილობა კიდევ მეტად ეძალებოდა. ბოლოს ერთი ამოიოხრა, ტახტიდან წამოდგა და ნელა გაუყვა საძინებლისკენ. საწოლზე მთელი ძალით დაენარცხა და თვალები დახუჭა. დაახლოებით ნახევარ საათში უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო. მარტო ყოფნას ვეღარ გაუძლო, საწოლიდან წამოდგა, ქურთუკი მოიცვა და სახლიდან გავიდა.
სასაფლაოზე ძალიან ბნელოდა, მაგრამ არც სიბნელე და არც იანვრის ყინვა აშინებდა მამაკაცს. შეუპოვრად დადიოდა საფლავებს შორის და ერთი პიროვნების სამუდამო განსასვენებელს ეძებდა. არც ისე დიდი ხნის ძებნის შემდეგ სასურველ ადგილს მიადგა და გაჩერდა. როცა დარწმუნდა, რომ მის სამარესთან იდგა, იქვე, ფრთხილად ჩამოჯდა და ქვაზე გაკეთებულ წარწერას მიაშტერდა:
-ნუცა, იცი, როგორ მომენატრე?.. არ ვიცი სად ხარ, რას გრძნობ და ჩემი გესმის თუ არა, მაგრამ უშენოდ ძალიან მიჭირს. ასე მარტოობისთვის რატომ გამიმეტე? ლუკას თავი მაჩუქე და თავად დამტოვე, ისე რომ სულ არ შეგრცხვა ხომ? ახლა ისიც სიკვდილს ებრძვის. ნუთუ ამაშიც შენი ხელი ურევია? ისიც გინდა, წამართვა და სულ მარტო დამტოვო? ოდნავადაც არ გებრალები? ექიმები მისი გადარჩენის ორმოც პროცენტს იძლევიან. გესმის ეს რას ნიშნავს? ჩვენი შვილის, ჩვენი სიყვარულის ნაყოფის ყოფნა -არყოფნის საკითხი დგას და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წყალწაღებულივით ხავსს ვეჭიდები. გეხვეწები, ნუცა, ძალიან გეხვეწები, რომ ჩვენი შვილის გადარჩენაში დამეხმარო. ლამის არის ვულკანივით ავდუღდე, გავსკდე და საკუთარი სხეულიდან გაცხელებული ლავასავით გადმოვიფრქვე. ვიბრძვი, რომ ჩვენი პატარას სიცოცხლე გადავარჩინო, ძალიან ვიბრძვი. ამისთვის ეშმაკსაც კი მივყიდე სული... ჯაშუში გავხდი და იმ ოჯახს, სადაც მუშაობა დავიწყე, უკანასკნელი ნაძირალასავით ვექცევი. მთელი ოჯახის ამბები გარეთ გამაქვს და ისიც კი არ ვიცი, რეალურად ვის სჭირდება ჩემგან მიწოდებული ინფორმაცია და რა საზიზღრობას უგეგმავს იმ ოჯახს. ეს მაწუხებს ნუცა, ძალიან მაწუხებს, გესმის? მინდა ვიღრიალო, მაგრამ ვერც ამას ვაკეთებ. ამის ძალაც აღარ მაქვს. გთხოვ, დამეხმარო, ლუკა გადამირჩინო და შენთან არ წაიყვანო. მაშინ ოდნავ მაინც მექნება გამართლება და ვიტყვი, რომ ღირდა ამ ყველაფრის გაკეთება, რასაც ახლა ჩავდივარ. იცოდე, თუ ჩვენს შვილს რამე მოუვა, არ გაპატიებ! ჩავთვლი, რომ ძალიან ეგოისტი ყოფილხარ. საკუთარ თავს დავაჯერებ, რომ ჩვენი სიყვარული საბოლოოდ დასრულდა და სამუდამოდ დაგივიწყებ. აქ აღარასოდეს მოგაკითხავ!
ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა გეგა ნუცას საფლავზე. რაც სიბნელეში თვალს მოხვდა, გამხმარი ბალახისგან გაწმინდა და მერე დაღონებული, დარდიანი თვალებით დატოვა იქაურობა. მიდიოდა და გრძნობდა, რომ ღამის სიცივე და სიცარიელე ისევ უკან მისდევდა, ისევ მჭიდროდ და მთელი ძალით ეხუტებოდა და ვერაფრით იხსნიდა მისი მარწუხებისგან თავს.

***
ნიას დაბადების დღე მართლაც განსაკუთრებულ დღესასწაულს დაემსგავსა. ყველაფერი ზღაპარში მიმდინარე მოვლენებს ჰგავდა. სადღესასწაულო კაბებში გამოწყობილი უამრავი სტუმარი, დიზაინერებისგან თეთრი და ლურჯი ყვავილებით მორთული დარბაზი, წამყვანი...-უკვე ყველაფერი მზად იყო, რომ საღამო დაწყებულიყო. მხოლოდ ერთი დეტალი აკლდა ყველაფერს -სამსართულიანი ტორტი, რომლის მოსატანად ანა და გეგა წასულიყვნენ და საცობის გამო, ჯერ ადგილამდეც ვერ მიეღწიათ:
-ღმერთო ჩემო, ამიკლო ნიამ ზარებით,-ღელავდა ანა.
-მეც მოთმინების ძაფი მიწყდება უკვე, მაგრამ ამ მანქანებს ვერ გადავაფრინდებით.
-აუ, რა ვქნათ?
-დამშვიდდი რა, შენი ფორიაქი კიდევ უფრო მიშლის ნერვებს.
-რა?
-ჰო, ასეა.
-ხმის ამოღებას მიკრძალავ?
-ხმის ამოღებას არ გიკრძალავ, მაგრამ რა ვქნა?! შენც ხომ ხედავ, არა?
-მგონი ნერვები გღალატობს,-გაიმრუსხა ანა.
-ანა, მომისმინე, ასე ყოველ წამს არ შეიძლება „უნდა ვიჩქაროთ!“-ამის ძახილი. მეც ვიცი, რომ დროულად უნდა მივიდეთ, ვიცი, რომ გვაგვიანდება, მაგრამ შენც ხედავ რა სიტუაციაშიც ვართ, ხომ? -მაჩაბელი შეეცადა, რომ ტონი შეერბილებინა გოგონასთან.
ანას მას შემდეგ აღარაფერი უთქვამს.
-გაიბუტე?
ისევ დუმილი...
-ანა, შეგიძლია, ამიხსნა ხმას რატომ არ მცემ?
გოგონა კვლავ არ პასუხობდა.
ამასობაში, საცხობს მიუახლოვდნენ. ანამ სასწრაფოდ გააღო მანქანის კარი და მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე როგორც შეძლო, ჩქარი ნაბიჯებით წავიდა ტორტების მაღაზიისკენ. თეთრი წულეთი და ვერცხლისფერი ქსოვილით შეკერილ მოკლე კაბაში გამოწყობილი ანა იმდენად მიმზიდველად და მშვენივრად გამოიყურებოდა, რამდენიმემ ქუჩაში თვალი გააყოლა. გეგა მანქანიდან გადმოვიდა და უკან გაჰყვა გოგონას:
-არ ირბინო! ორი წუთი იქით იქნება თუ აქეთ, არ აქვს მნიშვნელობა.
-იქნებ აქვს?-ხმას აუწია ანამ და ნაწყენი სახით შეხედა მაჩაბელს.
-რატომ ასეთი ტონით? მაინცდამაინც გინდა, წაიქცე და მთელი ქუჩა შენ გიყურებდეს?
-არ წავიქცევი!
-ჯიუტიც ყოფილხარ.
-ჰო, შეიძლება.
როგორც კი ანა საცხობის მაღაზიაში შევიდა, მაშინვე იცნეს. შესანიშნავად გამოიყურებიო, -ნაცნობმა კონდიტერმა შეაქო და იქ მომუშავეებთან და გეგასთან ერთად, დიდი ძალისხმევით, სამსართულიანი ტორტის მანქანაში ჩასადებად მთელი თხუთმეტი წუთი დახარჯა, რომ მაქსიმალურად დაუზიანებლად მიეღწია დანიშნულების ადგილამდე.
-ასე ჩუმად უნდა იჯდე? -კიდევ ერთხელ სცადა მაჩაბელმა, რომ გაბუტული ანა შემოერიგებინა.
-რა უნდა ვთქვა?
-ან გაიცინე, ან რაღაც თქვი, ან ისევ ვიჩხუბოთ ბოლო ბოლო.
-არაფერი მაქვს შენთან საჩხუბარი.
-არც სალაპარაკო?
-არა.
-გაიღიმე მაინც.
გოგონას რეაქცია არ ჰქონდა.
-კარგი, როგორც ჩანს, არ ხარ ხასიათზე.
რამდენიმე წუთში რესტორანს მიადგნენ. ტორტის გადატანაში რამდენიმე კაცი დაეხმარა მაჩაბელს. ანა კი უკვე დიდი ხნის შესული იყო დარბაზში და სტუმრებს ესალმებოდა.
-სად ხარ აქამდე?! ყველა შენს გამოჩენას ველოდებოდით,-საყვედურებით აავსო ლელამ ანა.
-საცობში. ხომ მოგწერე, არა?
-ცოტა ადრე რომ გასულიყავი, არ შეიძლებოდა? იზოზინე და ამის ბრალია.
-წასულიყავით თქვენ და თავად მოგეტანათ. ნუ შემჭამეთ საყვედურებით!
-კარგი, ამის დრო არ არის ახლა! შეაწყვეტინა ზვიადიმ მეუღლეს.
წამყვანს ანიშნეს, რომ საღამო დაეწყო. თავდაპირველად, ნიას ოჯახის წევრები წარუდგინა მოსულ სტუმრებს, შემდეგ იუბილარის ახლო მეგობრები და ბოლოს იუბილარიც გამოჩნდა. არაჩვეულებრივი იყო გაგუების პატარა წევრი. გრძელი, გაშლილი კაბა და ლამაზად დავარცხნილი თმა იმდენად ამშვენებდა, დისნეის პერსონაჟების პრინცესების რიგებიდან ერთ-ერთს მაინც მიამსგავსებდით. მისი გამოჩენისთანავე დარბაზში ტაში არ ცხრებოდა. მისულ სტუმრებს მიესალმა და მამამისს გადახედა. ბედნიერი ზვიადიც მიუახლოვდა და გვერდით დაუდგა შვილს. ფოტოგრაფს ამ ლამაზი მომენტის კადრად აღბეჭდვა არ გამორჩენია.
-უსაყვარლესი და უმშვენიერესია დედას სიხარული,-სახე გაებადრა ლელას შვილის დანახვაზე.
-დილიდანვე სალონში ჯდომას ტყუილად არ ჩაუვლია,-დაეთანხმა ანაც.
-ისედაც ლამაზია ჩვენი გოგო, სულაც არ სჭირდება სალონი,-ღიმილი არ შორდებოდა ლელას.
ანა აღარ აჰყვა, ლიმონათით სავსე ჭიქას ხელი დაავლო და დიდი ყლუპი მოსვა.
-შენ რა გჭირს, რას იკბინები?
-მე? -გაკვირვებული სახით შეხედა ანამ დედამისს.
-ჰო, შენ. გგონია რამეს გამომაპარებ? ყველაფერი სახეზე გაწერია.
-გეჩვენება.
-არაფერი მეჩვენება,- კიდევ უნდოდა ლელას საუბარი გაეგრძელებინა, მაგრამ წამყვანმა შვილის და მამის ერთობლივი ცეკვა გამოაცხადა და ძალაუნებურად, ყურადღება მათზე გადაიტანა.
ყველა მონუსხული უყურებდა მამა-შვილის ვალსს, რომლისთვისაც ზვიადი და ნია წინა დღეს თითქმის მთელი დღე მეცადინეობდნენ. არავინ ელოდებოდა წვეულების ასეთი სახით გახსნას და ეს სიურპრიზი იქ მყოფთათვის ლამაზ მოულოდნელობად იქცა. ცეკვის განმავლობაში არ ცხრებოდა ფოტო-ვიდეო გადაღებები.
რესტორნის გარეთ ნაცნობი ლანდი გამოჩნდა. გეგა მაჩაბელი სიგარეტს ეწეოდა, როდესაც უცნობი შენიშნა.
-ის არის. მაშინაც ეს პიროვნება დაესწრო ნიას სპექტაკლს. იგივე ქურთუკი და სიარულის მანერა, მაგრამ სახეს მალავს. ვინ უნდა იყოს? -უკან გაჰყვა უცნობს, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ მიუსწრო. უცხო მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა და რესტორნის ტერიტორიას დიდი სიჩქარით მოსწყდა.
მაჩაბელი დარბაზში შებრუნდა და იქაურობას თვალი მოავლო. საღამო ისე მიმდინარეობდა, როგორც დაგეგმილი იყო. ანას შეხედა და როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ გაგუების ყველა წევრი თავს კარგად გრძნობდა, მშვიდად წავიდა თავის მაგიდისკენ და ადგილი დაიკავა.
ნიას და მამის ცეკვის დასრულებისთანავე აპლოდისმენტები ატყდა. შემდეგ იუბილარი სიტყვით გამოვიდა და ორივე მშობელს საკმაოდ ემოციური ტექსტი მიუძღვნა:
„არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო თითოეულ სტუმარს აქ მოსვლისთვის და არ ვუთხრა, რომ მე თქვენ ეს დღე გამილამაზეთ. რა თქმა უნდა, რომ არა დედაჩემი და მამაჩემი, საღამო არ შედგებოდა, ამიტომ განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ორივეს მიმართ, რომ ასეთი ბედნიერი წუთები მაჩუქეს. ზოგისთვის ისინი შეიძლება ნათესავები, მეგობრები, საქმის პარტნიორები იყვნენ, მაგრამ არავინ იცის როგორები არიან ისინი მშობლების ამპლუაში. დიდი სურვილი მაქვს, ერთი მოგონება გაგიზიაროთ:
ერთ დღეს, მამიკო სახლში დაღლილი და სიცხიანი შემოვიდა. დედაჩემს ცხელი ჩაის მომზადება სთხოვა, თავად ტელევიზორი ჩართო და გადაწყვიტა, ცოტა ხნით დაესვენა. პატარა ნიასთვის მისი დაღლილობა არაფერს ნიშნავდა. მამამისს მივარდა, კალთაში ჩაუჯდა და ორი დღის წინ, დაბადების დღეზე მორთმეული საჩუქრის, ბარბის სახლის აწყობა სთხოვა.
-ახლა არა რა, ნიაკო,-მისავათებულმა შემომხედა.
-მე ახლა მინდა,-ჭირვეულობა დავიწყე.
-დავეხმაროთ რა, მთელი ორი დღეა გვეხვეწება, -მომეფერა დედა.
შეუძლოდ მყოფმა მამამ ღიმილით გადმომხედა, მერე დედაჩემი დასახმარებლად მიიხმო და იმ დღეს შვიდი წლის გოგონას გული ორივემ სიხარულით აავსეს. ესეც არ ვაკმარე. რამდენიმე წუთში ავიჩემე, რომ ჩემი ფილმის დრო იწყებოდა, ვითომ მთავარ როლში მე გამოვდიოდი და „მძინარე მზეთუნახავის“ მულტფილმი ორივეს ძალით ვაყურებინე. ვატყობდი, რომ სიცხისგან მოთენთილ მამაჩემს არაფრის თავი ჰქონდა, მაგრამ რამდენჯერაც დედაჩემის კალთაში ბედნიერად მოკალათებული მას შევხედავდი, იმდენჯერვე თბილად გამიღიმებდა და ცერა თითით მანიშნებდა, რომ ძალიან კარგი მულტფილმიაო. მულტფილმი რომ დასასრულს მიუახლოვდა, ერთხელ კიდევ შევხედე და ჩაძინებული მამაჩემი რომ დავინახე, გული შემიწუხდა, მთავარ მომენტს გამოტოვებს-მეთქი და ისე შევანჯღრიე, ლამის გული გავუხეთქე: -რა დროს ძილია, შეხედე, ავრორას ჯადო უნდა მოხსნას პრინცმა-თქო. შეშინებულმა მამაჩემმა ისეთი სახე მიიღო, მე და დედას სიცილისგან აღარ შეგვეძლო. მახსოვს, გამოფხიზლებულმა ბოლო წუთამდე უყურა მულტფილმს და დასრულების შემდეგ რაც მითხრა, არასოდეს დამავიწყდება: თქვენს საძინებელში პრინცესებიანი ფარდები, სკოლის ნივთებზეც პრინცესები, საწოლის ზეწრებზე პრინცესები, სათამაშოებიც პრინცესული, მისაღებ ოთახშიც სულ პრინცესებია მოღავებული და მათზეა მულტფილმები ჩართული. რა ბედნიერი კაცი ვარ, პრინცესების სახლში ვცხოვრობ. ეს სახლი ისე მომწონს, იმედი მაქვს, სულ კარგად მოვიქცევი და აქედან არ გამაგდებენო.
მიწვეულმა სტუმრებმა სიცილი ატეხეს. ზვიადი და ლელაც ხარხარებდნენ. შემდეგი ტექსტი ანას ეკუთვნოდა, სადაც არანაკლები სითბო ჩააქსოვა თავის დისადმი მიძღვნილ სიტყვებში. მერე ბებიების და ბაბუების ჯერი დადგა და ბოლოს, საყვარელ მეგობრებზეც გაიხსენა კურიოზები და ასე მიეფერა იქ მყოფებს.
იუბილარის სიტყვიერი გამოსვლის შემდეგ, ცეკვების დრო დადგა. ანა კი ჩუმად წამოდგა და ისე, რომ არავის შეემჩნია, სადღაც დაიკარგა. მაჩაბელის თვალს ანას გაუჩინარების ამბავი არ გამოჰპარვია. ჯერ შენობაში ეძება, შემდეგ გარეთ გავიდა და სიბნელეში მარტოდ მჯდარ გოგონას თავზე დაადგა:
-აქ რას აკეთებ? არ გცივა?
-არა.
-რაღაც არ მგონია, მთელი სხეულით კანკალებ,
-არ მცივა-მეთქი,-გაუწყრა გოგონა.
- სიტყვებსაც კი ვერ აბამ ერთმანეთს, კბილები გიკაწკაწებს.
-რაო? -სიცილი წასკდა ანას.
-ოჰ, ძლივს არ გაიცინა? ასე რა. სიცილი გიხდება, ანა,-გაფრთხილების ნიშნად, თითი აუწია გოგონას.
-რატომ მომძებნე?
-რატომ მოგძებნე?
-ჰო.
-მოიცადე, გავიხსენო. მგონი, თქვენს ოჯახში ვმუშაობ და შენი და ნიაკოს უსაფრთხოება ნაწილობრივ მეც მევალება.
-შენ ხომ დაცვის თანამშრომელი არ ხარ?
-მადლობა, რომ შემახსენე. კი, ვიცი, მძღოლი ვარ.
-მერე?
-რა მერე? გინდა, წავიდე?
-არა, დარჩი,-ტუჩები აუკანკალდა ანას.
გეგამ ქურთუკი გაიხადა და გოგონას შემოასხა.
-აბა, არ მეტყვი რა გაწუხებს? რატომ გამოიპარე შენი დის დაბადების დღიდან?
-არ გამოვპარვულვარ. სუფთა ჰაერზე გამოვედი.
-უცნაური გოგო ხარ.
-რატომ ვარ უცნაური?
-კაცმა რომ გკითხოს, სიცივეს ვერ იტან და ახლა, უბრალოდ სუფთა ჰაერზე გამოხვედი?
-რომ გავიყინებოდი, შემოვიდოდი.
-ჰაჰაჰაჰ, გაყინული თუ შეძლებდი გადაადგილებას, მაშინ კი.
-ნუ დამცინი.
-კარგი, არ დაგცინი. ხმას აღარ ამოვიღებ. აი, ეს მინდა, რომ საჩუქრად გადმოგცე და იმედი მაქვს, რომ გუნებას გამოგიკეთებს,- მაჩაბელმა საფრანგეთში ნაყიდი Stromae-ს ალბომი გაუწოდა და ანას რეაქციას დაელოდა.
გოგონამ სასწრაფოდ გახსნა საჩუქარი და საყვარელი მომღერლის 2013 წლის ალბომი რომ დაინახა, სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა.
-ვაუ! Stromae-ს ალბომი მისი ხელმოწერით.
-ჰო, ახალ წელს შევიძინე. ვიცი გიყვარს, ჰოდა აიღე, დღეიდან შენია.
-შენც გიყვარს? -ჩუმად წარმოთქვა ანამ.
გეგამ თვალებში ჩახედა, გაუღიმა და თავი დაუქნია. ანამ ალბომი გულზე მიიკრა, მერე გონებაში ერთმა აზრმა გაუელვა, სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაუარა, ადგილიდან წამოხტა და დარბაზში შეიჭრა.
-სად გარბიხარ? -მიაძახა მაჩაბელმა, მაგრამ გოგონას აღარაფერი ესმოდა.
გარეთ დარჩენილმა მამაკაცმა კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
დარბაზში შესულმა ანამ „DJ” მოძებნა და საყვარელი მომღერლის ალბომიდან სიმღერა „Tous Les Memes” ჩართვა სთხოვა. ვიდრე სიმღერა დაიწყებოდა, ფეხსაცმელი გაიხადა და გონება და სხეული ცეკვისთვის შეამზადა. ნაცნობი მელოდია ჯერ დაბალი ხმით აჟღერდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ახმაურდა და ანაც აჰყვა მელოდიას. მომხიბვლელმა გოგონამ იმდენად ლამაზად და გრძნობით დაიწყო ცეკვა, მთელი დარბაზი გაისუსა და მხოლოდ მას უყურებდა. გეგა გარედან ადევნებდა თვალს ანას და ვეღარ უძლებდა მის ცხელ ცეკვას, რომელიც თითქოს მასაც იწვევდა, რომ კიდევ უფრო დიდი ცეცხლი დაენთოთ დარბაზში. მაჩაბელმა ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი მოისროლა და შენობაში შეიჭრა. როგორც კი ანამ დაინახა, ისეთი მზერით შეხედა, მამაკაცს კიდევ მეტად მოუნდა, რომ ცეკვაში აჰყოლოდა. ერთხანს შედგა, გოგონას თვალები გაუსწორა და მისკენ დაიძრა. გეგას მამაკაცური მზერა ანას ცელავდა, მაგრამ არაფრით არ შეეძლო, რომ გაჩერებულიყო. არცერთი თვალს არ წყვეტდა ერთმანეთს, ორივე ბოლომდე იხარჯებოდა და წარსულში ნასწავლი თანამედროვე ცეკვების ილეთებს მაქსიმალურად „Tous Les Memes”-ში ხარჯავდა.
-ოპა,-პირი დააღო ნიამ.
-ანას შეხედე, აღარ ხუმრობს,-დაამატა მის გვერდით მდგომმა ბებიამ,-ვინ არის შვილო ეს ბიჭი?
-ჩვენი ახალი მძღოლია.
-ყოჩაღ! რა კარგად ცეკვავს. როგორი სიმპათიურია.
-ბებია!
-რა ბებია? შეხედე რა ვაჟკაცია,-გაეღიმა მოხდენილად ჩაცმულ მოხუცს და ტუჩები მოპრუწა.
-ზვიადიმ და ლელამ არ გაგიგონ!
-გაიგონონ მერე. ტყუილს ვამბობ რამეს? შეხედე როგორ ცეკვავენ. ამათ ქართული ცეკვაც ძალიან მოუხდებოდათ,-ოცნებებში წავიდა მოხუცი.
-მართლა არ ველოდებოდი,-თვალები გაუფართოვდა ნიას,- კარგად ცეკვავენ.
ანა და გეგა მთელი გრძნობებით ცეკვავდნენ და თითოეულ დეტალში აქსოვდნენ ყველაფერს. იმ ყველაფერს, რაც მათ ცეკვას იდეალურს ხდიდა. არაფერს ამბობდნენ, მხოლოდ თვალებით სჭამდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათი ქცევა ბევრ რამეზე მეტყველებდა...
თეთრი, კუბოკრული პერანგი ეცვა გეგას და შავი ჯინსი. მოცეკვავე წყვილის გარეგნობა, მათი შარმი და ფრანგულ სიტყვებზე აყოლილი სხეულები ყველას ჯადოსავით ეკიდებოდა. მხოლოდ ლელა იყო უცნაურად აფორიაქებული, მაგრამ ცდილობდა, არაფერი შეემჩნია.
სიმღერა ძალიან ხმამაღალი ტაშის ფონზე დამთავრდა. წყვილი პირისპირ გაჩერდა და ისევ ვერ წყვეტდნენ თვალებს. ერთმანეთის გულის ცემა ეყურებოდათ. მერე სტუმრებს თავი დაუკრეს და მათთვის განკუთვნილი მაგიდები მოძებნეს.
ტორტის გაჭრის დროც დადგა. ჩაბნელებულ დარბაზში, სანთლების წინ, ნიამ სურვილი ჩაიფიქრა და სული შეუბერა. სანამ ტორტის ნაჭრებს მიმტანები სტუმრებს ურიგებდნენ, იუბილარმა დასამშვიდობებელი ტექსტი გადაიკითხა და პროგრამის მიხედვით, დაახლოებით ნახევარ საათში იქ მყოფებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
- ძვირფასო სტუმრებო, კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა მობრძანებისთვის და ჩემთან ერთად ბედნიერი წუთების გაზიარებისთვის.
საღამომ შესანიშნავად ჩაიარა. კმაყოფილმა სტუმრებმა გაგუების ოჯახს დაპატიჟებისთვის მადლობა გადაუხადეს და ნელ-ნელა წასვლა დაიწყეს, თუმცა ისე მოეწონათ, პროგრამა რომ არ დამთავრებულიყო, ალბათ, ისევ დარჩებოდნენ.

***
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი მგზავრი ირეოდა. მაჩაბელი ფრენის რეისამდე საათნახევრით ადრე მივიდა. ყველა საჭირო კონტროლი გაიარა და თვითმფრინავში შესვლას ელოდებოდა. მობილურზე რამდენჯერმე ტექსტური შეტყობინებების ხმა გაისმა. უმალვე გახსნა და ნიას დაბადების დღეზე გადაღებულ ცეკვის სურათებს რომ გადააწყდა, ჩუმად გაეღიმა.
-ანა, ანა!-ღრმად ამოისუნთქა და მობილური ჯიბეში ჩააბრუნა.
-კარგად ცეკვავ!- ღიმილის ნიშანი მოაყოლა ტექსტს გოგონამ.
-შენც არაგიშავს,-თვალი ჩაუკრა სიმბოლოთი მამაკაცმა.
-არამიშავს?
-ჰო.
-მადლობა, რომ ეგ მაინც მომწერე.
-არაფრის.
-უხ, შენი,-თავისთვის ჩაილაპარაკა გამწარებულმა ანამ, მაგრამ აღარაფერი მიუწერია.
მალე ჩასხდომაც გამოცხადდა. გეგამ ზურგჩანთა მხარზე გადაიკიდა, თვითმფრინავში შევიდა და თავის ადგილი დაიკავა. მამაკაცის გონება მხოლოდ ლუკაზე ფიქრს დაეკავებინა. იმ მომენტში მხოლოდ ამ პატარა ბიჭუნას შეეძლო, რომ გეგას გული კიდეც გაეხარებინა და კიდეც მოეკლა.

***
გეგას გარეშე გატარებული წუთები საუკუნედ ეჩვენებოდა ანას. ბოლო დროს მოუსვენრობა დასჩემდა. სულ ფანჯარასთან იდგა და ეზოს გაჰყურებდა. უნდოდა, რომ რაც შეიძლებოდა, მალე შემოეღო მაჩაბელს კარები და მისი გული კვლავინდებურად აეძგერებინა:
-ანა, შენთან სალაპარაკო მაქვს.
-რა თემაზე, ნიაკო?
-გეგაზე.
-რა მოხდა?
-სიმართლე მითხარი, არავის ვეტყვი. შეგიყვარდა, არა?
თავდაპირველად, ანამ ისეთი სახე მიიღო, უნდოდა შეეცხადებინა, მაგრამ იცოდა თავის დის ხასიათი, რომ მასთან დამალვას აზრი არ ჰქონდა და გადაიფიქრა:
-ჰო, ნიაკო. არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ მაჩაბელმა ჩემი გულის და გონების სრული ოკუპაცია მოახდინა.
-მან თუ იცის ეს?
-არ ვიცი.
-მე მგონია, რომ იცის, მაგრამ არ იმჩნევს.
-ჰო?
-საიდან დაასკვენი?
-გინდა კიდევ უფრო მეტი სიმართლე გითხრა?
-აბა?
-ჩემი აზრით, მასაც მოსწონხარ, მაგრამ არ უნდა, რომ გამოგიტყდეს. რაღაც აბრკოლებს და გერიდება.
-მართლა ასე ფიქრობ?
-კი, ასე ვფიქრობ.
-მაშინ ისიც მითხარი, რას გიგრძნობს გული? როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა?
-როგორ გაგრძელდება? ჯერ ის მითხარი, დაიწყო რომ?.. -ენა გამოუყო ნიამ ანას.
-უხ, შენი,- გოგონამ აქა-იქ, საწოლზე მიმობნეული ბალიშები დაუშინა თავის დას.
-კარგი, გეყოფა,-სიცილისგან ჩაბჟირდა ნია.
ანა არ ჩერდებოდა.
-დაამთავრე, ანა!
-მითხარი და გავჩერდები.
-გეტყვი,-დაყრილი ბალიშებიდან თავი ამოსწია ნიამ და დაიწყო: -მოკლედ, ჩემი აზრი ასეთია, თუ გეგამ სიყვარული აგიხსნა და თქვენს შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო, ასაკობრივი სხვაობის გამო, ზვიადი და ლელა წინააღმდეგობას გაგიწევენ.
-რა?
-რაც გაიგე.
-და ზვიადის და ლელას აზრი რომ არ გავითვალისწინო?
-ო, თუ ასეთი გაბედული ხარ, რომ დედ-მამას თავზე გადაახტე, მაშინ არ ვიცი. ალბათ, გაჰყვები გეგას, მერე მშობლებს შემოირიგებთ, მერე შვილები გეყოლებათ, მერე მათზე ზრუნვას მრავალ წელს შეალევთ, მერე დაბერდებით და ბოლოს მოკვდებით.
-ნია!
-რა ნია? ტყუილს ვამბობ?
-რა დროს სიკვდილზე საუბარია, გოგო?
-აბა, მკითხავი არ ვარ, რომ ის რას გეტყვის და შენ რას ეტყვი ეგ გამოვიცნო და მაგ ბალიშს ხელი გაუშვი, თორემ მეც მაქვს ხელები და მიზანში ამოღებაც არაჩვეულებრივად გამომდის,-გადაიკისკისა გოგონამ.
ანამ მაინც ესროლა. არც პატარა გაგუა ჩამორჩა და ოთახში ბალიშების ისეთი რბოლა გაიმართა, თეთრი ბუმბული აქეთ-იქით დაფრინავდა და ძირს თოვლივით ხვავდებოდა.

***
პალატებიდან გამოსული აპარატების ხმა ოპერაციის დამთავრების მოლოდინში მყოფ გეგასთვის ტვინის უჯრედებზე ისე მოქმედებდა, ცოტაც და ალბათ ყველას ერთიანად დაამტვრევდა. ნერვიულად დააბიჯებდა საოპერაციოსთან და ხანდახან გადახედავდა ხოლმე დედამისსაც, რომელიც ერთ-ერთ სკამზე მოთავსებულიყო, ლოცვის წიგნი ხელში ეკავა, ჩუმად კითხულობდა და წმინდანებს ავედრებდა ლუკას სიცოცხლეს. წამები წუთებად, წუთები საათებად, საათები კი გაუსაძლის დროდ ქცეულიყო.
საკმაოდ ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ როგორც იქნა, ქირურგი გამოჩნდა. ბავშვის მამის პირისპირ დადგა, დაღონებული სახით შეხედა და სევდიანი თვალები ძლივს გაუსწორა:
-ძალიან ვწუხვარ. ვიცოდი, რომ ძალიან სუსტი გული ჰქონდა და ამას ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია და აპარატურაზე აღბეჭდილი მასალაც გვიდასტურებდა, მაგრამ სამწუხაროდ, იმაზე ბევრად სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით.
-არა! -იღრიალა მაჩაბელმა და მთელი სხეული ადგილზევე გაეყინა.
-რა მოხდა, შვილო?- გულგახეთქილი წამოდგა სკამიდან ქალბატონი ნინო და შვილთან მივიდა,-რაო, რას ამბობს ექიმი?
-ლუკა დავკარგეთ, დედა,-ცრემლები ჩაუდგა მაჩაბელს თვალებში.
-რას ბოდავთ?-იკივლა თავზარდაცემულმა ქალმა და ხან ქირურგს, ხან თავის შვილს გაოგნებული უყურებდა.
ქირურგმა თავი დახარა და ამით გამოხატა ოჯახის მიმართ თავის წუხილი. გეგა დედამისს მივარდა და ჩაეხუტა:
-რა გვეშველება? ლუკას გარეშე როგორ ვიცხოვროთ, შვილო? -გულდათუთქული მოსთქვამდა ქალბატონი ნინო და ცრემლებით გეგას მხრებს ასველებდა.
გაფითრებული და აკანკალებული მამაკაცი ყრუდ გმინავდა.

***
სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, ლუკა მაჩაბელის ცხედარი საქართველოს საკონსულოს დახმარებით სამშობლოში გადაასვენეს. დასაფლავების დღეს უამრავი ხალხი მივიდა. გეგას მეგობრები და მათ შორის თათაც, ერთი წუთით არ მოშორებიან გვერდიდან, ყველანაირად მხარში დაუდგნენ.
ლუკას დაკრძალვის შემდეგ გეგამ მობილური გამორთო და ყველასგან შორს, ყაზბეგის რაიონის სოფელ ფხელშეში, მეგობრის ოჯახის მიერ მიტოვებულ სახლში დაიდო ბინა. ერთი კვირის მანძილზე ყველანაირ კომუნიკაციას მოსწყდა, მხოლოდ მთებში და მდინარე თერგის ხეობაში პოულობდა მსუბუქ შვებას. დილიდან საღამომდე მთის კალთიდან მოღრიალე თერგის მოძრაობას ადევნებდა თვალს და ცდილობდა, სიცოცხლით სავსე და ჩქარი დინების წყლისთვის გაეყოლებინა დარდები.

***
გაგუების ოჯახი ყოველ დღე ელოდებოდა მაჩაბელის გამოჩენას. იცოდნენ, რომ პირადი პრობლემების გამო, ჯერ ვერ მოახერხებდა მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ რეალური მიზეზი ყველასთვის უცნობი იყო. დროებით მისი შემცვლელი მიიღეს, მაგრამ გეგასგან განსხვავებით, ძალიან წუწუნა იყო და თვალი სულ სამსახურიდან სხვაგან გაძვრომაზე ეჭირა. ერთი სიტყვით, უკმაყოფილო გაგუები იმ იმედით, რომ ძველ მძღოლს დაიბრუნებდნენ, მაჩაბელის მობილურზე დარეკვას არ წყვეტდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ყოველი მცდელობისას მისი ტელეფონი გამორთული იყო.
-გული მიგრძნობს, რომ ძალიან ცუდი ამბავი შეემთხვა გეგას,-თვალცრემლიანი, დიდი გულისტკივილით ამბობდა ანა.
-დამშვიდდი, მოვა და ყველაფერს გავიგებთ. ხომ თქვა, რომ დროებით დაგვტოვა და ისევ დაგვიბრუნდება?-აწყნარებდა ნია დას.
-რატომ არ გვპასუხობს? მამაც ბევრჯერ ურეკავს, დედაც, მეც და სულ გამორთული აქვს, ვერცერთხელ დავუკავშირდით.
- არ გპასუხობს კი არა, ესე იგი, არავისთან საუბარი სურს.
-რა განსხვავებაა?
-დააცადეთ კაცს, იქნებ მართლა რა შეემთხვა?
-ვიცი, რომ კარგი არაფერი და იცი რა მემართება?
-რა?
-ვგრძნობ, რომ შიგნიდან ნელ-ნელა ვიშლები, ნიაკო. იცი როგორ განვიცდი და მტკივა?
-გაგიჟდი, გოგო?
-ჰო, გავგიჟდი.
-რამ გადაგრია თხუთმეტი წლით დიდ მამაკაცზე? სულ შეიშალე შენ.
-ჰა? ოცდათორმეტი წლის არის? საიდან იცი?
-ვიცი, ერთხელ ვკითხე და მითხრა.
-ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, ნია? მიყვარს.
-უჰ, ანა, უჰ!-მუშტი შეკრა ნიამ.
ანამ თავი დახარა და ცრემლები წამოუვიდა. ნიამ ერთჯერადი ცხვირსახოცების შეკვრა ესროლა.

***
-გეგა!-ძლივს მიაწვდინა ვიღაცამ ხმა თერგის მიერ ჩამოტანილი დიდი ლოდების ხეთქვის ცქერით გართულ მამაკაცს.
უხასიათოდ გაიხედა მაჩაბელმა და ჰორიზონტზე ქალის სილუეტი დალანდა. თავს ძალა დაატანა და წამოდგა, რომ გზაზე მომავალი უკეთესად დაენახა.
ქალმა ნაბიჯებს აუჩქარა და ნელ-ნელა მამაკაცს მიუახლოვდა:
-გეგა! აი, სად ყოფილხარ. იცი რამდენი ხანია, გეძებ?
-რატომ, თათა? -დაბალი ხმით ჰკითხა ქალს.
-ჰა? არ მესმის, ცოტა ხმამაღლა ილაპარაკე,-ცდილობდა, მდინარის ხმაში მამაკაცის სიტყვები გაერჩია.
-რატომ მეძებ?-ხმას აუწია მაჩაბელმა.
-რას ჰქვია, რატომ? შენ სულ აქ ყოფნას აპირებ?
-უარს არ ვიტყოდი.
-გეგა, ასე არ შეიძლება, საყვარელო. ძალიან ცუდად ექცევი შენს თავს.
-იქნებ იმსახურებს?
-გეგა, შენ ყველაფერი გააკეთე ლუკას გადასარჩენად, მაგრამ მაინც ისე მოხდა, როგორც თავიდან იყო მის წიგნში დაწერილი.
-ხომ შეიძლებოდა, რომ ის წიგნი ასე პატარა არ აღმოჩენილიყო?
- ჩვენ ხომ ყველა საკუთარი ცხოვრების მწერლები ვართ? ზოგის ნაწარმოები მოკლე ჩანახატია, ზოგის საშუალო მოცულობის მოთხრობაა, ზოგისაც კი დიდი წიგნი. აი, სხვა საქმეა, ვინ როგორს დაწერს. შეიძლება, ვიღაცის დიდ წიგნს ერთი ადამიანის დაწერილმა პატარა, სასიამოვნო, დამაფიქრებელმა და ღრმა ტექსტის ჩანახატმა აჯობოს, ან მოთხრობამ. ყველაფერი ავტორზეა დამოკიდებული. ასეა სიცოცხლეც. ზოგი ცოტა ხანს ცოცხლობს, მაგრამ იმდენად აზრიანად, რომ გინდა, არ გინდა, თავს გამახსოვრებინებს. პატარა ლუკა ანგელოზი იყო. ჰოდა, როგორ შეიძლება, ანგელოზს ჩვენთვის ცუდი ნაწარმოები შეექმნა? ის ყოველთვის ლამაზად მოგვაგონდება და სულ იცოცხლებს ჩვენს გულებში.
მაჩაბელმა ყელზე მოწოლილი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და თვალცრემლიანმა შეხედა მის წინ მდგარ საყვარელ ქალს:
-თათა, ძალიან ცუდად ვარ!
-ვიცი, გეგა, ვიცი საყვარელო, მაგრამ ეს ტკივილი როგორღაც უნდა დაძლიო. უნდა იპოვო შენს ღრუბლებს ამოფარებული მზე და სიცოცხლე გააგრძელო,-ჩაეხუტა ქალი და დიდხანს აღარ მოშორებია მაჩაბელს.
მერე როგორც იქნა, დაარწმუნა და მდინარის ხეობიდან სოფელში დააბრუნა:
-გეგა, ხვალ თბილისში უნდა წავიდეთ.
-არ მინდა.
-ასე არ გამოვა.
-უნდა მაპატიოთ.
-კარგი, შენი თავი არ გეცოდება, მაგრამ რას უპირებ მეგობრებს, დედას, მე?..
-თავი დამანებე,-თავს აქნევდა მაჩაბელი.
-ყველაფერი გამოგივა, გეგა. მე დაგეხმარები.
-თათა,-სევდიანი თვალებით შეხედა ქალს მამაკაცმა.
-ბავშვობიდან გიცნობ, ვიცი ძალიან ძლიერი ხარ და დამიჯერე, გადალახავ.

***
მეორე დილას თათას ავტომანქანა გეგასთან ერთად მიუყვებოდა თბილისისკენ მიმავალ ყაზბეგის ვიწრო გზებს.
კვირა დღე იყო. გაგუების ოჯახის უმცროსი წევრები საყიდლებზე წასულიყვნენ და ჯერ პეკინის ქუჩაზე, შემდეგ რუსთაველის გამზირზე მაღაზიიდან მაღაზიაში გადადიოდნენ. როგორც კი მორჩნენ, გეგას შემცვლელს დაურეკეს, რომ მიეკითხა, მაგრამ საბოლოოდ, მძღოლის ლოდინში მოთმინებადაკარგულმა ანამ თეოს დაურეკა:
-თეო, სად ხარ?
-ქალაქში.
-რუსთაველის გამზირთან ახლოს ხარ?
-შანიძის ქუჩაზე ვარ.
-აუ, გეხვეწები რა, გამოგვიარე და წაგვიყვანე, თორემ ჩვენი იდიოტი მძღოლი უკვე ერთი საათია გვატყუებს, ხუთ წუთში მოგაკითხავთო.
-კარგი, მოვდივარ. ათი წუთი არც მინდა, დამელოდეთ.
ანამ ტელეფონი გათიშა და ახალი მძღოლის ლანძღვა განაგრძო. რამდენიმე წუთში ნიას სახე შეეცვალა და აღელვებულ დას სიტყვა გააწყვეტინა:
-ე, მოიცადე. ეს გეგა არ არის? -თითით ანიშნა BMW-ს მარკის მანქანაში მყოფ მამაკაცზე.
-კი, ეგ არის, ნიაკო,-ანა გაკვირვებული უყურებდა უცნობ ქალთან მყოფ მამაკაცს.
ამასობაში, თეოს მანქანაც მოადგათ. დებმა მის მანქანაში ისკუპეს და მეგობარი არც კი მოუკითხავთ, ორივემ თითით ანიშნეს, სასწრაფოდ ჩვენს წინ მიმავალ თეთრ BMW-ს დაედევნეო. თავად კი თავები ქვევით დახარეს და დაიმალნენ. გაოგნებული მძღოლი გაგუების თხოვნას ასრულებდა:
-არ მეტყვით, რა ხდება?
-გეხვეწები, კვალი არ დაკარგო. მაგ მანქანას გაყევი. აგიხსნით ყველაფერს, ოღონდ ახლა მაგის დრო არ არის.
თეო გაზის პედალს მიაწვა.
რამდენიმე ხანში ავტომობილი სოლოლაკში, ერთ-ერთ ძველ შენობასთან გაჩერდა და ყველამ ნათლად დაინახა, რომ თათა გეგასთან ერთად სადარბაზოში შევიდა:
-ეს გეგა არ არის?- ანას შეხედა თეომ.
-კი, ის არის,-დაეთანხმა ანა.
-ესე იგი, თბილისშია.
-ასე გამოდის,- დაეთანხმა ნია.
-რა გეგმა გვაქვს?
-თეო, უნდა დამეხმარო.
-როგორ?
-უნდა ვუთვალთვალოთ და დავადგინოთ ეს ქალი ვინ არის,-სიბრაზისგან ბრდღვინავდა ანა.
-ვთქვათ და დავადგინეთ, რომ გეგას ცოლი ჰყავს. მერე?
-დარწმუნებული ხარ, რომ გეგას ცოლია?
-ვთქვათ არის.
-ვარაუდებით ვერ ვიმსჯელებთ, თეო. ჯერ სიმართლე უნდა გავიგოთ. ყველაფერი მაინტერესებს მათზე.
-ჰო, არ იქნება ეს ასე მარტივი, ანა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ აქ 24/7-ზე ვერ ვიდგები. ფიზიკურად შეუძლებელია.
-რაღაც უნდა მოვიფიქროთ. შენ და ლილემ რომ შეცვალოთ ერთმანეთი?
-რომ დაგვინახოს, მერე სად მივდივართ?
-სათვალეები გაიკეთეთ, პარიკი, ასაკიანი ქალებივით ჩაიცვით. ყველაფერი იღონეთ და დამეხმარეთ, გთხოვთ. სულ ორი-სამი დღე დაგვჭირდება, მეტი არა.
-გოგო, შენ გეგა თორმეტი წლის ბავშვი ხომ არ გგონია?-შეუბრუნდა ნია თავის დას.
-მაგას რატომ ამბობ?
-არც ისეთი სულელია, რომ „ბაბუშკების“ ფორმაში სასაცილოდ გამოწყობილი ორი მასზე მოთვალთვალე გოგო ვერ შენიშნოს. აი, რომ გაგიგოთ, მერე სად მიდიხართ?
-რატომ უნდა გაგვიგოს? მაქსიმალურად ბუნებრივად გააკეთებენ ყველაფერს.
-აი, ლილე რომ მოხუცი ან დამა ქალის ფორმაში გამოეწყობა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნით და სათვალეებით დაუწყებს გეგას და იმ ქალს უკან დევნას, ხომ წარმოგიდგენიათ რა სასაცილო იქნება?-ახარხარდა ნია.
-აბა, მგონი, რაც დაიბადა კედები არ გაუხდია და უცებ, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე დამა ქალივით გამოაწყობ, რა სანახავი იქნება,-აჰყვა თეოც.
-და ქარი რომ ამოვარდეს და პარიკი გასტაცოს,-აკისკისდა ნია,-უკვე წარმოვიდგინე, როგორ მისდევს ჰაერში ატაცებულ პარიკს ლილე. აჰაჰაჰ,-სიცილისგან ცრემლებს ძლივს იკავებდა ნია.
-იცინეთ, იცინეთ,-ამოიოხრა ანამ.

***
დიდი ხნის ორჭოფობის შემდეგ თეო და ლილე დათანხმდნენ ანას წინადადებას.

***
ვიდრე თათა სადილს გაამზადებდა, მაჩაბელი ტყავის სავარძელში მოთავსდა, თავი უკან გადაწია და ღრმად ამოისუნთქა. ცდილობდა, მწარე რეალობისთვის გონება ცოტა ხნით მაინც მოეწყვიტა და შეეცადა, ფიქრებით ბავშვობის ლამაზ მოგონებებში წასულიყო:
დაინახა დედ-მამას გამოპარული უბნის მეგობრები, რომლებიც დიდი თოვლისგან აღტაცებულები, ღამის საათებში კოჯრის ქუჩის ქვაფენილ აღმართზე, ციგით სრიალებდნენ. ახლაც ცხადად, ყურებში ჩაესმოდა მათი ყიჟინა, ხედავდა ციდან მოფარფატე ფიფქებს და დათოვლილ ქუჩებს. ხედავდა თოვლის კაცუნებით გაწყობილ, ლურჯქუდიან და ხელთათმანიან გოგონასაც, რომელსაც ალბათ, დედის ხელით მოქსოვილები ეცვა და ირგვლივ მყოფებს თავს აწონებდა. დათა და გიორგი ხან თხელი ფანერის ფირფიტაზე გაწვებოდნენ და გამაყრუებელი შეძახილებით იკლებდნენ იქაურობას, ხან რომელიღაც ბავშვს ციგას სთხოვდნენ და ზედ, ერთად შემომსხდრები ცდილობდნენ, გეგას დასწეოდნენ, დაჯახებოდნენ და ამოყირავებული მეგობრის სახის დანახვაზე გულიანად ეცინათ. ცხადად წარმოუდგა სცენა, როდესაც მის ნაცვლად, დებს დაეჯახნენ, გადააყირავეს და სუსანა დეიდას სარდაფის ჩასასვლელ კიბეებზე ჩაყარეს. ხედავდა ატირებულ, თოვლის კაცუნებით დამშვენებულ ერთ-ერთ დას, რომელიც მხარზე ხელს იკიდებდა და გულსაკლავად ტიროდა. მოულოდნელად, ფანჯარა გაიღო და აგერ, უბნის ჭორიკანა სომეხი ქალი, დოინჯშემორტყმული სუსანაც გამოჩნდა:
-ბიჩებო, თქვენ ახლა დიდხანს უნდა ამიშალოთ ნერვები თუ თქვენით წავიდა აქედან სახლებში? აი, ეს გოგო რაღას ატირეთ? არ გრცხვენიათ? ბიჩები ხართ თუ ჩმორები? ადგა ახლა და წავიდა ყველანი სახლებში. ესენი ვინ არიან ვაა, პატრონი არა გყავთ შვილო? ახალი წლებია და მოდიხართ, ფანჯრებთან დიმაუშკებს თუ ხლაპუშკებს მიგდებთ. ვაა, გამოვიხედები, მგონია ნაპალეონის ჯარი მოდის, თურმე უბნის ბიჩები მამაძაღლობენ. ახლა კიდე ესა, მამინდომეს აქ ციგაობა-გუნდაობა. მოსვენება აღარა მაქვს კაცო, დამაძინეთ რაღა. ვაი!- ხელებს შლიდა გაწიწმატებული ქალი.
გეგა და მისი მეგობრები ატირებულ პატარა გოგონას მიუახლოვდნენ და მაჩაბელმა ჰკითხა:
-რა გქვია შენ?
-თათა,-ღნავილით ამოსთქვა მრგვალლოყებიანმა გოგონამ.
-ძალიან გტკივა მკლავი, თათა?
-კი.
-სად ცხოვრობ? წამოდი, სახლამდე მიგიყვანთ,-ბიჭმა ატირებულ გოგონას დას ციგა გამოართვა და მეგობრებს ანიშნა, რომ ბოდიში მოუხადეთო.
-აუ, თათა, არ გვინდოდა, შემთხვევით მოგვივიდა. გვაპატიე რა,-დაიწყო დათამ.
-ჰო, დედას გეფიცები, ჩვენი მეგობრისკენ მოვსრიალებდით და თქვენ დაგეჯახეთ,-თავი იმართლა გიორგიმაც.
თათა ძლივს იკავებდა ცრემლებს, ეტყობოდა, რომ ძალიან სტკიოდა.
-გეგა, სადილი მზად არის, მოდი,-მოგონებებიდან გამოაფხიზლა თათამ.
მაჩაბელმა თვალები გაახილა და თათას გაუღიმა.
-რაო?- თბილად შეხედა ქალმა.
-გახსოვს, ეკას და შენ დათა და გიორგი რომ დაგეჯახათ და ციგით დეიდა სუსანას სარდაფის ჩასასვლელში რომ ჩაგაგდოთ?
-მაგას რა დამავიწყებს. მთელი ღამე ვღმუოდი ტკივილისგან, ხელი რომ მომტეხეს. რამ გაგახსენა?
-რა ვიცი, გამახსენდა,-ჩაეცინა მაჩაბელს.
-მოდი წარსულს შეეშვი და მომავალზე ვილაპარაკოთ. რას აპირებ? როგორ გააგრძელებ ცხოვრებას?
-კარგი კითხვაა. ჯერ არ ვიცი.
-მოდი, ჭამე და დაისვენე, ძალიან დაღლილი ხარ.
-მიდიხარ სადმე?
-ჯერ არა, მაგრამ ცოტა ხანში უნივერსიტეტში უნდა გავიდე, მერე ცეკვის გაკვეთილი მაქვს ჩასატარებელი.
-საღამოს დათასთან მივდივარ, არ იჩქარო. მე არაფერი მიჭირს.
-კარგი,- აკოცა თათამ და აბაზანაში შევიდა, რომ თავი მოეწესრიგებინა და სამსახურში წასულიყო.

***
საღამოს, მაჩაბელი დათას ეწვია.
-რას შვები ბიჭო, როგორ ხარ?
-რა ვიცი, როგორ ვიქნები?
-სად ხარ ახლა? რას აპირებ ტო, საერთოდ?
-იმ ხალხს უნდა დავუკავშირდე და რამენაირად უნდა წამოვიდე გაგუების სახლიდან. აღარ მინდა მძღოლობა და ბავშვების დევნა.
-მხოლოდ მძღოლი რომ ყოფილიყავი მაგ სახლში, რაღა გვიჭირდა?-მწარედ ჩაიცინა დათამ.
-რა ვქნა ტო, მჭირდებოდა ეს დედამოტ..ული ფული, დავით. ვითომ არ იცი!
-შენ რა გგონია, ეგენი ასე იოლად დაგანებებენ თავს? 40 000 ევრო ცოტა ფული ხომ არ არის?
- და რა გინდა, რომ თქვა? კინო ახლა იწყება?
-ბიჭო, მომისმინე ერთი წუთით! კაცი, რომელსაც ერთხელაც არ შეხვედრილხარ, ამხელა ფულს გირიცხავს და თავისი თანაშემწის მეშვეობით გეკონტაქტება. როგორ ფიქრობ, ბავშვების კატაობაში გადაგიხადა ეგ ფული?! ძმრად ამოგადენს, იცოდე! მაგისგან ასე იოლად თავს ვერ დააღწევ!
-დაველაპარაკები და გავარკვევ.
-რაზე დაელაპარაკები?
-დაიღუპა ბავშვი, აწი სულ ფეხებზე მკ*იდია, იმ ვიღაც ყ.ეს გაგუების ოჯახის ამბები ეცოდინება, თუ არა.
-შენ გკიდია, იმას არ ჰკიდია. ჩადო შენში თანხა და მოგთხოვს ამოღებას და რომ იცოდე, სამართლიანადაც!
-ვიცი, ტო, ვიცი ეს დედააფეთქებული, რომ იოლი არ იქნება მაგ ხალხის შუა გზაში მიტოვება, ექვსი თვე ვერ შევძლებ პირით ბო*ზობას.
-ამიტომ გაფრთხილებდი.
-დავლიოთ, რა. ძალიან ცუდად ვარ.
აფორიაქებულმა დათამ ამოიხვნეშა და კარადიდან არყის ჭიქები ჩამოაწყო მაგიდაზე. მერე მაცივრიდან საჭმელი და არყის ბოთლი გამოიღო და საუბარი განაგრძეს:
-თათა როგორ არის?
-კარგად, რა უჭირს?
-არაფერს აპირებთ?
-ჯერ რას დავაპირებ, თუ ძმა ხარ?
-რატომ? ნუცას ამბების შემდეგ წლებია, უკვე ერთად ხართ.
-რა ვიცი. ძალიან შევეჩვიე და კარგად ვარ მასთან, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ ის არ არის, ვინც მჭირდება.
-ატრა*კებ ახლა, რა. მშვენიერი წყვილი ხართ. გოგოს უყვარხარ და ყველაფერში გვერდში გიდგას.
-ეგ, ჰო, მაგრამ თითქოს რაღაც მაკლია, რაც ბოლომდე ვერ ავსებს ჩვენს ურთიერთობას.
-რა გაკლია შე ჩემა? გული მიგრძნობს, იდეალურის ძებნაში ამოგხდება სული. ახლა, როგორც ყოველთვის, ისე გჭირდება საყვარელი ქალი და ოჯახი.
-ჰო, ვნახოთ, დავით, ვნახოთ. ჯერ ეს მთავარი ამბავი მაქვს მოსაგვარებელი.
-არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ეგ უნდა მოაგვარო, თორემ ისეთ ქაქში გაგხვევენ, გონზეც ვერ მოხვალ. რაც დრო გავა, უფრო უარესი მოხდება. ჩემი მტერი ჩავარდა მაგათნაირების ხელში.

***
სამი დღის განმავლობაში, თეოს და ლილეს თვალი არ მოუცილებიათ გეგასთვის და თათასთვის. უამრავი ინფორმაცია გაიგეს, ვიდეო ჩანაწერები და სურათები დააგროვეს და ხელთ არსებული მასალის შესაჯერებლად შეკრებასაც გეგმავდნენ.
-აუ, ანა, თუ ოდესმე გაპატიო ჩემი ფუფალასავით გამოწყობა და წვიმიან ამინდში ქოლგით დგომა, მე მოვკვდე რა,-თავბედს იწყევლიდა ლილე და კედელს ამოფარებული, უკანასკნელ ფოტოს უღებდა ქუჩაში თათასთან ერთად გამოსულ მაჩაბელს.
როგორც კი თათას ავტომანქანა დაიძრა და ამაღლების ქუჩიდან ლადო ასათიანის ქუჩისკენ გადაკვეთა, ლილემ ქოლგა დაკეცა და ტაქსი გააჩერა. მძღოლს მისამართი უთხრა და ჯიბიდან მობილური ამოიღო:
-მოვდივარ, უკვე ტაქსში ვზივარ და მალე ვიქნები.
-კარგი, ანაც გზაშია. გელოდებით,-უპასუხა თეომ და ტელეფონი გაუთიშა.
მერე სამზარეულოში გავიდა და მაცივარი შეამოწმა, რომ მშიერ მეგობრებს რაღაცით გამასპინძლებოდა.
ცოტა ხანში, ანაც გამოჩნდა:
-თეო, მიშველე რამე, თორემ აზროვნების უნარი დავკარგე, ისე მშია.
-კიევური კოტლეტები მაქვს და უცებ შეგიწვავთ.
-შენ გაიხარე,-ნერწყვი გადაყლაპა ანამ და ქურთუკი შესასვლელის კარადაში დატოვა.
მერე სამზარეულოში შევიდა და მაგიდასთან ჩამოჯდა.
-რას მიყურებ?-გაეცინა თეოს.
-ჩემი ინფორმაციის საბადო ხარ, აბა ვის შევხედო სხვას, თუ არა შენ და იმ მეორე გადარეულს, რომლის ქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნის ხმა უკვე კიბეებზე ისმის.
ანას სიტყვები არ ჰქონდა დამთავრებული, მართლაც გაისმა კარზე ზარი და ლილე შემოკაკუნდა.
-ამას უყურე, რას ჰგავს,-სიცილი ვერ შეიკავა ანამ, როცა მაღალ ქუსლებზე შემდგარი ლილე ქერა თმით, ხაკისფერი, გრძელი პალტოთი და ძველი სტილის სათვალეებით დაინახა.
-ეს დენიკინის დროინდელი ქვედაბოლო ვის მოპარე, ლილე?-სიცილისგან თავს ვეღარ იკავებდა თეოც.
-ბებიაჩემს,-სერიოზული სახით შეხედა მეგობარს და პარიკი მოიგლიჯა, - რა გაცინებს? შენ არ იყავი, ჭაღარა ქალის პარიკით რომ დანავარდობდი სოლოლაკის ქუჩებში?
-აუ, არ თქვა.
-რა არ ვთქვა? რას გავდა, ანა, რომ დაგენახა, გული გაგისკდებოდა,-დასცინოდა თეოს.
-მოდი, ახლა ლაზღანდარობას მოვრჩეთ, ვჭამოთ, სული მოვითქვათ და საქმეს მივხედოთ. სერიოზული სალაპარაკო გვაქვს,- გააჩერა მეგობრები თეომ და ტაფაზე შესაწვავად დადებული კოტლეტები მეორე მხარეს გადააბრუნა.
ცოტა ხანში, გოგონები ფინჯანი ყავით ხელში ისხდნენ მისაღებ ოთახში და ჟურნალების მაგიდაზე გაშლილ ფოტოებს უყურებდნენ:
-ესე იგი, გეგას საყვარელი ჰყავს,-ტუჩზე იკბინა ჩაფიქრებულმა ანამ და თვალებში სევდა ჩაუდგა.
-თათა დვალი, ჰიპ-ჰოპის ცეკვის მასწავლებელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.
-აი, თურმე რატომ იცეკვა გეგამ ნიაკოს დაბადების დღეზე ასე კარგად. ის ქალი, გარდა იმისა, რომ ვნებიან ღამეებს ჩუქნის, ხანდახან ცეკვასაც ასწავლის ხოლმე,-მწარედ ჩაიცინა ანამ.
-ხუმრობას მორჩი და გავაგრძელოთ,-სერიოზული სახით შეხედა თეომ.
-კიდევ რას მეტყვით?
-გეგა, მისი მეგობარი დათა და თათა ერთ უბანში, სხვადასხვა ქუჩებზე ცხოვრობენ. დათაც იცნობს იმ ქალს. ერთხელ მიაკითხა მის მისამართზე გეგას და თათასთან თანდასწრებით, ქუჩაში რაღაც გადასცა. თავად მაჩაბელი, დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს, სხვა არავინ ჰყავს სახლში.
-გასაგებია. გამოდის, რომ მე არანაირი შანსი არ მაქვს გეგასთან ურთიერთობაში?
-ეგ არ ვიცი,-მხრები აიჩეჩა ლილემ.
ანამ სახეზე ხელები აიფარა და მძიმედ ამოისუნთქა.
-რის გაკეთებას აპირებ, ანა?
-თქვენი აზრით, რა უნდა გავაკეთო? დაველოდები მის გამოჩენას. ისიც არ ვიცი, რატომ მიატოვა სამსახური.
თეომ ლილეს მხარი ჰკრა და თვალებით ანიშნა, მთავარი ვუთხრათო.
-მოკლედ, ანა, გეგას ცოლიც ჰყავდა და შვილიც.
-ჰყავდა? ეგ რას ნიშნავს?
-ლუკა მაჩაბელი სულ ახლახან, ორი კვირის წინ გარდაიცვალა. ცოლი კი ოთხი წლით ადრე. როცა გეგა საბურთალოს სასაფლაოზე ავიდა, ფეხდაფეხ მივყევი ჩუმად და ქვაზე დაფიქსირებული წარწერებით მივხვდი, ვინც იყვნენ.
-იქნებ სხვები არიან? მაგალითად, ნათესავები?-შეწუხებული სახე მიიღო გოგონამ.
-არ ვიცი, შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ დიდი ალბათობით ასეა. აბა, რატომ უნდა დაკარგულიყო ამდენი ხნით და მიეტოვებინა სამსახური?- ჩაფიქრდა თეო.
-საგონებელში ჩამაგდეთ. ნეტა, სულ არ წამოგვეწყო ეს დეტექტივობანას თამაში, უფრო მშვიდად ვიქნებოდი,-ძალიან მოიწყინა ანამ.
-კარგი, ვერაფერს შევცვლით. ახლა, მთავარია, დაწყნარდე და დაელოდო მოვლენების განვითარებას, -ხელი მოჰკიდა ლილემ და შეეცადა, მეგობარი ენუგეშებინა.

***
მაჩაბელმა როგორც იქნა, მობილური ჩართო და ეკრანზე უამრავი შეტყობინება, რომ დაინახა, სახე უცნაურად დაემანჭა. ვიდრე მათ კითხულობდა, უცნობი ნომრიდან დაურეკეს:
-გისმენთ.
-სად ხარ? როდემდე უნდა გქონდეს ტელეფონი გათიშული?-მკაცრი ტონით დაუწყო ანრიმ საუბარი.
-შენი პრეტენზიების მოსმენას ნაღდად არ ვაპირებ. გითხარი რაც შემემთხვა და ძაღლი არ დამიკარგავს, შვილი დავკარგე და სულ ყლ.ზე მკი*დია თქვენი ჯაშუშობა. ჰო, გაიგეთ?!
-ძალიან ხომ არ ბლატაობ, შენ? ხომ არ გინდა, გაგიყენოთ შენი შვილის გზას შე ახვარო, აჰ?!
-ფეხებზე მკი*დია რას მიზავთ, გაიგე?
-მომისმინე ერთი წუთი, ფული რომ გჭირდებოდა, ხომ მოგეცით? ხომ დათანხმდი ჩვენს პირობებს?
-მერე?
-რა მერე? ხვალიდან არ დაუბრუნდები სამსახურს და ...
-ტონს დაუწიე და წესიერად ილაპარაკე! ჰო, გაიგე?! აი, შენნაირების კიდევ საერთოდ არ მეშინია. ესეც ხომ გაიგე?
-დაგბრიდავ!
-შენთან საქმე აღარ მაქვს, პირდაპირ იმ პიროვნებასთან შეხვედრას ვითხოვ, ვინც ეს თანხა გადაიხადა და ვისზეც ვმუშაობ!
-შენ ჩემთან გაქვს საქმე!
-შენთან დავამთავრე უკვე ლაპარაკი. პირდაპირ გამიყვან „კანალზე“, თუ არა, თქვენთან მომუშავე ყურმოჭრილი მონის დედა მოვტ..ან! წადი და ასე გადაეცი შენს უფროსს.
-ბიჭო, შენ არ იცი, ვისთან გაქვს საქმე, თორემ ასე არ იჭიკჭიკებდი.
-მოკლედ, „გლავნი“ ვინც გყავთ, იმას დამალაპარაკე, თუ არა, ჩემი ფეხი არ იქნება გაგუების სახლში,-ეს უთხრა მაჩაბელმა და ტელეფონი გათიშა.

***
ერთ საათში, სხვა ნომრიდან ისევ დაურეკეს მაჩაბელს.
-ალო.
-ნახევარ საათში ვერცხლისფერი სედანი მოგაკითხავს სადაც ვხვდებით ხოლმე. ჩაჯექი მანქანაში და ვისთანაც ასე ძალიან გინდა საუბარი, იმასთან მიგიყვანს.
-ახლა კარგად მომისმინე, არც ისეთი იდიოტი ვარ, საკუთარი ხელით გამოვიჭრა ყელი. ნახევარ საათში რესტორან „პურის სახლში“ დაგელოდებით. დანარჩენზე იქ ვისაუბრებთ.
-ცეცხლს ეთამაშები, მაჩაბელო!
მაჩაბელმა არ უპასუხა, ტელეფონი გათიშა და გეზი რესტორნისკენ აიღო.

***
დახვეწილი გემოვნებით მოწყობილი დარბაზი, მაგიდებთან მსხდომი ცნობისმოყვარე ტურისტები, რომლებიც ქართული გარემოთი მოხიბლულნი წარამარა აპარებდნენ თვალს თონისკენ, გემოვნებიანი მუსიკა,-ყველაფერი ჰქონდა რესტორანს, რომელიც ისეთ ატმოსფეროს ქმნიდა, ნებისმიერ სტუმარს მიიზიდავდა როგორც ადგილმდებარეობით, ასევე ქართულ-ევროპული სტილით და სამზარეულოთი.
თეთრი ბლუზებით და შავი შარვლებით ემსახურებოდნენ სტუმრებს მიმტანები და ჩვეულ ღიმილს არ იშურებდნენ მათთვის.
მოულოდნელად ორი მამაკაცი გამოჩნდა. ერთი მაღალი, შავი თმით, ოდნავ მოშვებული წვერით, შინდისფერი ჯემპრით და ლურჯი ჯინსით. მეორე საშუალო ტანის, ქერა თმით და შავი თვალებით, რომელიც მუქი ფერის ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. მაღალმა დარბაზს გადახედა, მაგიდა შეარჩია და პირდაპირ წავიდა. მეორეც მას გაჰყვა.
ამასობაში, რესტორნის წინ გეგა მაჩაბლის ავტომანქანაც გამოჩნდა. თამამად გადავიდა და შენობაში შეაჭრა. მაღალი, სპორტული აღნაგობის, მუქი ყავისფერი თმის ახალგაზრდა დინჯად და მოხდენილად მიაბიჯებდა. მოკლე, შავი პალტო, ნაცრისფერი ჯემპრი და შავი ჯინსი ამშვენებდა მის სხეულს. ერთხანს შეჩერდა, უცებ მოავლო მრავალრიცხოვან დარბაზს თვალი და ნაცნობი სახის და უცნობის დანახვისთანავე იქით აიღო გეზი, რომელ მაგიდასთანაც ისხდნენ.
-გამარჯობა,-სერიოზული სახით მიესალმა გეგა ორივეს და მაგიდასთან დაჯდა.
-რას შეუკვეთავთ, ბატონო გეგა?-ბოროტი მზერა შეავლო ანრის გვერდზე მჯდომმა.
-წესით მე უნდა ვსვამდე ამ კითხვას, თქვენი აქ მოწვევა ჩემი იდეა იყო, არა?- თვალები გაუსწორა უცნობ მამაკაცს და რამდენიმე წამში სახე შეეცვალა, იცნო, ვინც იყო.
-ჯიბეს გაუფრთხილდი, მაჩაბელო.
-ჩემს ჯიბეს თავად მივხედავ, მზრუნველები არ სჭირდება და მოვრჩეთ ახლა ამ არაფრისმომცემ საუბარს და საქმეზე გადავიდეთ.
ის ნაბიჭ*ვარია. ის არის! ჩემი მეუღლის მკვლელი. იმ ღამეს ამ ნაძირალამ დაარტყა ორსულ ნუცას მანქანა. ამის ცივ მზერას და არაკაცურ საქციელს რა დამავიწყებს? ფუ, ამის დედაც! როგორ კურდღელივით გაიქცა და მარტო შემატოვა მომაკვდავ ცოლს,-გონებაში ფიქრობდა გეგა და ცოტა აკლდა, რომ მაგიდა არ აეტრიალებინა და მისთვის სახე არ გაელამაზებინა,-ეს ახვარია, რომელიც გაგუების ოჯახს უთვალთვალებს. ნეტა ვინ არის და რა აქვს ჩაფიქრებული?-კითხვები არ ასვენებდა.
-სხვისი დასაპატიჟებელი არაფერი მჭირს და სხვათაშორის, არც მე მოვსულვარ შენთან სალაზღანდარაოდ. ანრიმ მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრა გსურდა. აბა, გისმენ!
-კარგი, რა გაეწყობა,-მიმტანს მინერალური წყალი სთხოვა და უცნობს მიუბრუნდა:- როგორ მოგმართოთ?
-ზაქარია.
-კეთილი, ზაქარია. რეალური პასუხი მჭირდება. რატომ ვმუშაობ გაგუებთან და რა მიზანს ემსახურება იმ ოჯახიდან გამოსული ინფორმაციის თქვენთან მოტანა?
-იმისთვის, რომ ხელი გვეჭიროს მოვლენათა პულსზე.
- პატარა ბავშვი ხომ არ გგონივართ, ან შემთხვევით, სულელს ხომ არ მამსგავსებთ? რა გაქვთ ჩაფიქრებული?
- აი, შენ ეგ უკვე აღარ გეხება. გააკეთე რაც გასაკეთებელია და როგორც მოვილაპარაკეთ, ექვს თვეში თავისუფალი იქნები ჩვენგან.
-არც მაგის ჩიტი ვარ, ეგ დაგიჯეროთ. რისთვის მიყენებთ? რას უპირებთ იმ ოჯახს?
-რას ბლატაობ, მაჩაბელო? -საუბარში ჩაერთო ანრი.
-აკი გითხარი, შენთან საქმე არა მაქვს-მეთქი?-მკაცრი ტონით უთხრა ანრის და თვალები ისევ მეორეს გაუსწორა,-ვინ ხარ და რა გინდა გაგუების ოჯახისგან?
-გითხარი, მხოლოდ ჩემი საქმეა-თქო. შენ უბრალოდ დაქირავებული ხარ და იმას ასრულებ, რაზეც თავიდან შევთანხმდით,-კბილებში გამოსცრა ზაქარიამ.
-რომ გითხრა, ფეხებზე მკიდ*იხარ-მეთქი?
-შენ ცოტა წესიერად ილაპარაკე!
-რომ არ ვილაპარაკო? რას მიზავ?
-აქვე დაგაჭედებდი ტყვიას, ისე რომ ხელიც არ ამიკანკალდებოდა.
-მიდი!
-რა?
-მიდი, გელოდები!
-რა გინდა, მაჩაბელო? რატომ მიწვევ ან რის მიღწევას ცდილობ?
-ან მეტყვი ვინ ხარ, ან არადა, შენთან საქმეს ვწყვეტ.
-ასე იოლი არ არის ჩემთან საქმის გაწყვეტა.
-დასაკარგი არაფერი მაქვს. ასე, რომ მოგიწევს ჩემთან შენს გეგმებზე საუბარი.
ზაქარიამ ზიზღნარევი მზერით შეხედა, მერე სკამის ზურგს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა. ეტყობოდა, რომ ფიქრობდა, უღირდა თუ არა მაჩაბლისთვის საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ისიც იცოდა, რომ გეგას სახით არაჩვეულებრივი ინფორმატორი ჰყავდა. გარდა ამისა, იმდენად მნიშვნელოვანი იყო გაგუების ოჯახიდან გამოტანილი ინფორმაცია, არც მაჩაბელთან პირისპირ შეხვედრაზე თქვა უარი, ამიტომ ამჯერადაც ისევ რისკზე უნდა წასულიყო, უკან ვეღარ დაიხევდა:
-ესპანეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ვარ, ზაქარია ბონეტი. საქართველოში იშვიათად ჩამოვდივარ. ბარსელონაში ვცხოვრობ. ზვიად გაგუა ჩემი კოზირია. რაც მეტ ინფორმაციას გავიგებ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე, მით უფრო ბევრი ნული მიემატება ჩემს საბანკო ანგარიშებს. მე ჩემს საქმეს გავაკეთებ და მერე ისე გავქრები აქედან, ვეღარავინ მიხილავს.
-აი, მე კი დიდი ხანია, შენთან მაქვს ანგარიში გასასწორებელი, ნაბიჭვ*არო! მგონი, აჯობებს გაგუებთან დავბრუნდე და ის ოჯახი შენგან გადავარჩინო. ნაღდად არ გაქვს კარგი ამბავი ჩაფიქრებული. ამასობაში ისეთ მახეს დაგიგებ, წრუწუნასავით გაებმები. აი, მერე კი ჩემი შურისძიების დღეც დადგება და თავისუფლად ამოვისუნთქავ!-ფიქრობდა მაჩაბელი, ბოღმა ახრჩობდა და თავს ძლივს იკავებდა, რომ ბონეტისთვის არაფერი ეკადრებინა. მერე ფიქრებიდან გამოერკვა და ზაქარიას შეხედა:
-ერთი პირობით გავაგრძელებ შენთან თანამშრომლობას.
-პირობებსაც მიყენებ?-ჩაეცინა ბონეტს.
-შენი გადასაწყვეტია, ან დამთანხმდები, ან არა!
-გისმენ.
-თუ გინდა, რომ შენთან თანამშრომლობა გავაგრძელო, დღეიდან ყოველგვარი შუამავლების გარეშე, პირდაპირი კავშირი მექნება შენთან,-სიტყვის დასრულებისთანავე, მაჩაბელმა ანრის გადახედა.
-გასაგებია. რაკი გადავწყვიტე და შენთან შეხვედრას დავთანხმდი, მეც ასე ვფიქრობ, რომ შუამავალი აღარ გვჭირდება.
-ჩემს ანგარიშზე ბავშვის ოპერაციის შემდგომი მკურნალობის თანხა რომ უნდა დარიცხულიყო, ეგ საქმე როდის მოგვარდება?
-ხვალ დილით.
-ძალიან კარგი. მე დღეს საღამოს მოვაგვარებ გაგუების ოჯახში დაბრუნების ამბავს და ხვალ დილიდან გავაგრძელებ მუშაობას.
-შევთანხმდით.
-ჰო, კიდევ ერთი. რომელ ნომერზე ვიკონტაქტოთ?
-თავად დაგირეკავ.
-მაშინ სალაპარაკოც აღარაფერია, დროებით,- სწრაფად წამოდგა მაჩაბელი და რესტორანი დატოვა.
-ამას თავი ვინ ჰგონია?-შეუბრუნდა ბონეტი გვერდზე მჯდომს.
-ცოტა ხანიც მოითმინე და მალე მოვიშორებთ. დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია, მიჰყვება გაგუებს,-გაიკრიჭა ანრი.
-სულს ამოვართმევ!
- ჯერ მამიკოს, მერე მის მოდელ ცოლუკას და შენი ნახევარდების გასაღებაზე ვიზრუნოთ და ამის მოშორებას არაფერი უდგას წინ. მოთმინება გმართებს, ძმაო.
-როგორ მინდა, საკუთარი ხელით დავაჭირო პულტს ხელი და დავტკბე იმის ყურებით, როგორ აიწევიან ცაში გაგუები. პირველ რიგში კი ის ნაგავი მამაჩემი, რომელსაც თავის დროზე, გვარის მოცემაც კი დაენანა ჩემთვის,-ცოფებს ჰყრიდა შინდისფერჯემპრიანი.
-სიმშვიდე, ზაქარია! სიმშვიდე შეინარჩუნე! ცოტაც და გეგას დახმარებით, სათანადოდ მოვემზადებით.

***
დაახლოებით ორმოცი წუთი ელოდებოდა მაჩაბელი, როდის გამოვიდოდნენ რესტორნიდან ზაქარია და ანრი. შემდეგ რესტორანში მომუშავე მენეჯერის წყალობით, მათი წასვლის ამბავი გაიგო და უკან შებრუნდა. მაგიდის ქვეშ, წებვადი ლენტით საუბრის დროს მიმაგრებული ტელეფონი გამოიღო, ჩამწერი გამორთო და ჩუმად დატოვა იქაურობა. სახლში მისულმა რამდენჯერმე მოუსმინა ჩანაწერს და სიმწრისგან გამოსცრა:
-შე ახვარო! მკვლელი რომ ხარ ვიცი, მაგრამ ამ დონეზე თუ დაეშვი, რომ ქონების მისასაკუთრებლად შენი დების სიკვდილსაც არ დაეძებ, ცოცხლად უნდა გაგატყავოს კაცმა!
მერე ზვიად გაგუას ტელეფონის ნომერი აკრიფა და სამსახურში დაბრუნების საქმე მოაგვარა.

***
-დილა მშვიდობისა, გეგა,- ნია გახარებული მიესალმა დაბრუნებულ მაჩაბელს და მანქანაში ჩასკუპდა.
-დილა მშვიდობისა, პატარა ქალბატონო. ანა არ მოდის?
-მოდის. როგორც მამა იტყოდა, ჯერ ზოზინობს,-გადაიკისკისა.
-რაო? ასე დაგცინით ხოლმე ზვიადი? -გაეღიმა გეგას.
-თუ იმას დაცინვა ჰქვია, მაშინ ჰო. ვერ იტანს ლოდინს და სულ ბუზღუნის ზენიტშია,-ჩუმად გაანდო, თითქოს არ უნდოდა, ვინმეს გაეგო.
-დილა მშვიდობისა, -მიესალმა ანა გეგას და მანქანაში ჩაჯდა.
-დილა მშვიდობისა,- ღიმილით გახედა გეგამ.
ანამ ყურსასმენები ამოიღო, ტელეფონს დაუმაგრა და სიმღერების მოსმენა დაიწყო.
-აბა, წავიდეთ?- მძღოლმა გაგუების პატარა წევრს გადახედა და მანქანა დაძრა.
როგორც ყოველთვის, ნია არ ისვენებდა. ჯერ რადიოსადგურებს ჩამოუარა, მერე მეგობრებს დაურეკა, შემდეგ კი გეგას შემცვლელი მძღოლის ამბების მოყოლაზე გადავიდა:
-აი, არ მესმის, რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს, რომ ზოოპარკში ლომებს, ვეფხვებს, დათვებს, მგლებს, ტურებს, აფთრებს და კიდევ რა ვიცი, ათას გადარეულ, გალიაში გამოკეტილ ნადირს შეუვარდე?
-საიდან მოიტანე ახლა ეს, ნია?
-იმ მძღოლს ორი თითი არ ჰქონდა. ამბობდა, ზოოპარკის თანამშრომელი ვიყავიო და თურმე დათვს მოუჭამია მისთვის თითები.
- რას ამბობ? არაფრით იცავდა თავს, კაცო? -გაიკვირვა გეგამ.
-ყველაზე ნაკლებად იმ ცხოველისგან ველოდებოდი თავდასხმასო,-ამბობდა.
-ვაჰ! რას არ გაიგებ.
-ამ სულელმა დაინახა თუ არა, იმ კაცს ორი თითი არ ჰქონდა, მაშინვე ჰკითხა, ხელზე რა გჭირსო?-საუბარში ჩაერთო ანა.
-ოჰ, ქალბატონო. ამოიღე ხმა? მეგონა მუსიკას უსმენდი,-გადახედა თავის დას ნიამ.
-დავამთავრე და შემოგიერთდით.
-რას იზამ, ნიაკო. ზოგი ცირკში ჟონგლიორობს, ზოგიც აკრობატობს, ზოგიც ზოოპარკში უვლის ცხოველებს და ა.შ. შენ ვინ გინდა, გამოხვიდე?-შეხედა გეგამ.
-მე ჯერ ვერ ჩამოვყალიბებულვარ. ისე, ყველაზე მეტად ჟურნალისტიკა მომწონს.
-ლაპარაკი კი გიყვარს, -გაეცინა გეგას.
-შენ, ანა? სად აბარებ?
ანამ პასუხის გაცემა დააპირა თუ არა, მაშინვე საუბარში ჩაერია ნია:
-გინდა, გითხრა ეს ქალბატონი ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინ რაზე ოცნებობდა, გეგა?
-აბა?
-კოსმონავტობაზე.
-მართალია, ანა?-გაეღიმა გეგას.
-თუ დამაცდი, საუბარს, კარგი იქნება, ნიაკო,-გოგონამ თვალები დაუჭყიტა თავის დას.
-მაგის გამო, ნუ იკამათებთ, გოგოებო,-მაჩაბელი შეეცადა, სიტუაცია განემუხტა.
-სამედიცინო უნივერსიტეტში ვაბარებ, სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე.
-მე კი ის არ მესმის, რატომ უნდა გინდოდეს მთელი დღის განმავლობაში ყბადაღებული ხალხის ყურება.
-ანა, გაეცი პასუხი.
-მაცდი?
-ჩუმად ვარ,-ხელები გაშალა ნიამ.
-ჩემთვის ეგ ყბადაღებული ხალხი რიგითი პაციენტები გახლავთ, ბატონო გეგა, რომელთაც კბილის ტკივილი აწუხებთ და ექიმის დახმარება სჭირდებათ.
-რა მოგიხაზა,-თავის ქნევით გადახედა ნიაკომ მაჩაბელს.
-ჰო, ქალბატონო, ანა? -მამაკაცმა ეშმაკურად გახედა სარკიდან უკან მჯდომს.
-ჰო,-გოგონამ თვალები გაუსწორა სარკიდან მომზირალს.
-აი, მოვედით კიდეც, -მანქანა გააჩერა სკოლის წინ მაჩაბელმა,- როგორც ადრე ვაკეთებდით ხოლმე, მომწერეთ ვის როდის მოგაკითხოთ.
-კარგი, -დაეთანხმა ნია და ავტომობილიდან გადავიდა.
ანას არაფერი უთქვამს, უხმოდ წავიდა სკოლისკენ.

***
შუადღეზე ანას კერძო რეპეტიტორთან უწევდა წასვლა. მაჩაბელს მისთვის აღარც უკითხავს, კარგად ახსოვდა ანას განრიგი და საბურთალოს მიმართულებით აიღო გეზი.
-თუ ბიოლოგიის მასწავლებელთან მიგყავარ, მაშინ გირჩევ, გზიდან გადაუხვიო!
-რატომ?-მამაკაცმა გაკვირვებული სახით შეხედა ანას.
-ჯვრის მონასტრისკენ წადი.
-რა ხდება? მე და შენ ექსკურსიაზე მივდივართ?
-გეგა, ხუმრობას თავი დაანებე და სადაც გეუბნები, იქ წავიდეთ.
-ო, როგორი მკაცრი ხართ, პატარა ქალბატონო.
-ჰმ!-ღრმად ამოისუნთქა ანამ.
-მომისმინე, ანა. როგორ ფიქრობ, რისთვის დამიქირავა მამაშენმა? აქეთ-იქით თქვენს ნებაზე გატაროთ, თუ საჭიროებისამებრ?
-ო, თქვენც როგორი მკაცრი ხართ, ბატონო გეგა.
-მასწავლებელთან წახვალ და გაკვეთილს არ გააცდენ!
-არ წავალ!
-დავინახავთ!-გზა გააგრძელა გეგამ.
-შენთან საუბარი მინდა.
-ჰო? რასთან დაკავშირებით?
-მანქანაში არ მინდა საუბარი.
-ადგილს რა მნიშვნელობა აქვს?
-ალბათ, აქვს, გეგა.
ამასობაში მაჩაბლის მანქანა ანას მასწავლებლის კორპუსს მიუახლოვდა.
-გითხარი, რომ დღეს გაკვეთილს ვაცდენ.
-არ გააცდენ!
-რა უფლებით მეუბნები მაგას?
-თავს უფლებას ვაძლევ, რომ სისულელეებზე საუბარი შეგაწყვეტინო.
-სისულელე ხარ, გეგა?
-რა?
-შენ სისულელე ხარ?
-ეგ რა შუაშია?
-მე შენზე მინდა დაგელაპარაკო.
-ჩემზე?
-დიახ,-წყნარად თქვა ანამ და თავი დახარა.
-ანა, მოდი, ახლა წადი მასწავლებელთან და გპირდები, რომ საღამოს მე და შენ ვისაუბრებთ.
-მართლა?
-დიახ, მართლა.
-კარგი,-გოგონამ მკრთალად გაიღიმა, მანქანის კარი გააღო და სადარბაზოსკენ აიღო გეზი.

***
საღამოს, მაშინ როდესაც ყველას ეძინა, ანა სახლიდან გაიპარა და როგორც მაჩაბელმა უთხრა, ქუჩის მოსახვევთან დადგა და ლოდინი დაუწყო. სულ მალე, გეგას ავტომანქანაც გამოჩნდა:
-აბა, როგორ ხარ?
-ცოტას ვღელავ.
-პირველად გაეპარე მშობლებს და ნამუსმა შეგაწუხა?
-შეიძლება ასეც ითქვას.
-კარგი, სად გინდა, რომ წავიდეთ?
-არ ვიცი.
-მაშინ ერთ ლამაზ ადგილას წაგიყვან, -გაუღიმა გეგამ და რიყის მიმართულებით აიღო გეზი.
ღამის თბილისი საოცრად ბრწყინავდა. ანას თვალებში და გონებაში ულამაზესად იქარგებოდა ზამთრის ქალაქი. მტკვარი ზედმეტად წყნარი ეჩვენებოდა. თითქოს გაჩერებულიყო და არ იძვროდა. გეგამ მანქანა რესტორნის წინ გააჩერა:
-შეჭამ რამეს?-რესტორანზე თითით ანიშნა, რომ შევიდეთო.
-არა, გთხოვ, არაფერი მინდა.
-არც დალევ?
-დალევა დროებით ავუკრძალე საკუთარ თავს,-გაეღიმა ანას.
-აბა, რა ვქნათ?
-მშვიდობის ხიდზე გავისეირნოთ.
-კარგი, -მხრები აიჩეჩა გეგამ. პალტოს საყელოები ყელთან აიწია, კაშნე გაისწორა და გოგონას ხელი მოჰკიდა.
საუბარს განგებ არ იწყებდა გეგა, ანასგან ელოდებოდა სიტყვას, მაგრამ ის რატომღაც აგვიანებდა, ნერვიულობდა და ვერაფერს ამბობდა. მამაკაცმა დაინახა, რომ გოგონა ღელავდა და მისთვის დაძაბულობა რომ მოეხსნა, დილამდელი თემა წამოსწია:
-ესე იგი, კოსმონავტი გინდოდა, რომ გამოსულიყავი.
-დიახ და თანაც ძალიან მინდოდა.
-პირველად შემხვდა გოგო, რომელსაც ეს პროფესია აინტერესებდა. გაფიცებ, როგორ შეგიყვარდა?
-ბავშვობაში ერთ ფილმს ვუყურე და მას შემდეგ დავინტერესდი.
-კერძოდ რამ დაგაინტერესა?
-შენც გაინტერესებს, გეგა?
-მე პროფესიით ფიზიკოსი ვარ. ასტრო-ფიზიკა და კოსმოსი ყოველთვის მაინტერესებდა.
-ნამდვილად?-გაუხარდა ანას.
-ხომ არ მოგატყუებ?
-მაშინ გეტყვი, რომ ორბიტა, შავი ხვრელი, დედამიწის გრავიტაციული ველი, მასში მოძრავი სინათლე, მისი სიჩქარე, ზოგადად, დროის განზომილებები და მომავალში მოგზაურობა ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის ობიექტი და დღემდე ასეა.
-ჰო?
-დიახ,-თავი დაუქნია ანამ. სიამოვნებით გავუშვებდი ერთ პიროვნებას იქ, მერე ასაკით დავეწეოდი და როცა ჩამოვიდოდა...
-რას გააკეთებდი?
-კარგი, არაფერი, დაივიწყე. შენ რატომ გაყევი სპორტს და ნამდვილი პროფესია რად მიატოვე?
-ფიზიკას რომ გავყოლოდი, საქართველოს პირობებში, მაქსიმუმ პროფესორობისთვის ან მასწავლებლობისთვის მიმეღწია. მე კი არცერთი მინდოდა და არც მეორე. კვლევებს სათანადო ხელშეწყობა არ აქვს. შენი გამოგონებების პროექტები თუ საზღვარგარეთ არ გაიტანე, აქ დიდად არავინ დაგიფინანსებს. იქ წასვლა, მუშაობა და დამკვიდრება კი არასოდეს მინდოდა, ამიტომ გავყევი სპორტს და ფიზიკოსობა დროებით დავივიწყე.
-საინტერესო იქნებოდა გეგა მასწავლებელი.
-ჰო, კლასის ჟურნალი და ხელში ხის ჯოხი პირდაპირ ზედ დამაკვდებოდნენ,-გაეღიმა გეგას.
-არცერთ გაკვეთილს არ გაგიცდენდი.
-რა წყალობაა, ღმერთმანი,-მაჩაბელმა სიცილისგან თავი ვერ შეიკავა,-კარგი, მოდი მთავარ თემაზე გადავიდეთ სასაუბროდ. რის თქმას აპირებდი, ანა?
-მე ვიცი ვინც ხარ.
მამაკაცს სახეზე ელდა ეცა:
-მოიცადე, ვერ მიგიხვდი.
-ვიცი, რომ შვილი გყავდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაკარგე და არც მეუღლე გყავს, ისიც გარდაიცვალა.
-მერე?
-მერე ის, რომ...
-გისმენ.
-ასე ნუ მიყურებ, თორემ სათქმელი მავიწყდება.
-როგორ გიყურებ? -მიუახლოვდა მამაკაცი და სახე უფრო ახლოს მიუტანა გოგონას.
ანა მის გახშირებულ სუნთქვას გრძნობდა. თავი დახარა, ხვდებოდა, ვეღარ უძლებდა. მამაკაცმა ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და თავი ააწევინა. ნაზად წაიღო მისი სახისკენ ხელები, ლოყებზე ჩამოშვებული თმები გადაუწია და სახე მის ხელებში მოიქცია.
-უცნაურად მიყურებ,-ამოილუღლუღა ანამ.
-ანა.
-გეგა.
-ანა.
-გეგა.
-რატომ არ ისვენებ პატარავ?-ტუჩებზე ცერა თითი გადაატარა და თბილად შეხედა.
-არ მოგასვენებ.
-რა?-გაეღიმა და თავს ძალა დაატანა, რომ გოგონას დაშორებოდა, თუმცა არ ეთმობოდა.
-ვერც მე ვისვენებ და არც შენ მოგასვენებ.
გეგას ჩაეცინა.
-საზიზღარი ხარ,-გააგრძელა ანამ.
-მე ვარ საზიზღარი?
-ჰო,-თავი დაუქნია.
-რატომ?
-შენ თვითონაც იცი რატომ.
-ოჰ, ანა, ანა,-მამაკაცი ხიდის მოაჯირს დაეყრდნო და მტკვარს გადახედა. მერე ცოტა ხნით ჩაფიქრდა და ფიქრებს რომ მოსწყდა, მის გვერდით მყოფ გოგონას შეხედა, რომელსაც მაჩაბლისთვის მიებაძა და მშვიდ მდინარეს დაშტერებოდა:- იცი, რომელი საათია?-მაჯის საათზე დაიხედა გეგამ.
-არ ვიცი და არც მაინტერესებს.
-ო, ეგეთები არ იყოს, პატარავ.
-პატარას ნუ მეძახი.
-აბა, რა დაგიძახო? დიდი ხარ?
-შენ რა, ამ სიტყვებით შენს ასაკს უსვავ ხაზს?
-შენზე ბევრად დიდი ვარ, ანა.
-მნიშვნელობა არ აქვს.
-ნუთუ?
-ჰო.
-დარწმუნებული ხარ?
-სავსებით.
-იქნებ შენი ასაკი რაღაცებს გატყუებს და ჯერ ვერ ხვდები?
-ბევრი ასაკით დიდი იდიოტიც მინახავს.
-ანუ?
-ანუ ის, რომ პატარა ასაკი იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი საღად ვერ აზროვნებდეს და არ იცოდეს რა უნდა.
-მე შენთვის ეგ არ მიკადრებია. უბრალოდ არ მინდა, რომ შეცდე და მერე ინანო.
-არ ვინანებ.
-მართლა?
გოგონამ მღელვარებას უმატა და მთელი სხეულით აცახცახდა:
-გეგა, შეგიძლია ჩამეხუტო?
მაჩაბელს გაეღიმა:
-მიწვევ?
-რაც გინდა ის დაარქვი. ჩამეხუტე, გთხოვ.
მამაკაცი მისკენ გადაიხარა და ანა გულზე მიიკრა. დიდხანს იდგნენ მშვიდობის ხიდზე გრძნობაარეული და თვალებდახუჭული წყვილი. მაჩაბელი მაქსიმალურად ცდილობდა, თავი შეეკავებინა და მისთვის არ ეკოცნა. ბოლოს, ისევ გეგა გამოერკვა სიტუაციიდან და ანა დაარწმუნა, რომ სახლში წასვლის დრო იყო.

***
როგორც კი ირიჟრაჟა, გეგას მაღვიძარამ 06:30 საათზე დარეკა. ცოტა ხნით კიდევ გაწელა საწოლში ყოფნა და მისმა წრიპინმა რომ აღარ მოასვენა, დაღლილი სახით წამოდგა. შხაპი მიიღო. თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ჯემპრი და შავი შარვალი ჩაიცვა და ვაკის მიმართულებით წავიდა. ფალიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ შენობასთან გაჩერდა და სასწრაფოდ ტელეფონის ნომერი აკრიფა:
-გისმენთ,-ვიღაცამ ჯერ კიდევ ნამძინარევი, ბოხი ხმით უპასუხა.
-გამარჯობა. გეგა მაჩაბელი ვარ, მოვედი.
-3214 -ამ ღილაკებს დააჭირეთ და პირველ სადარბაზოში შემობრძანდით. მე-2 სართული, ბინა 6.
-კეთილი.
მაჩაბელი მითითებებს მიჰყვა, სადარბაზოში შევიდა და ზარი ბინა 6-ის კარებზე დარეკა. კარი შუახნის მამაკაცმა გაუღო. სათვალე ცხირის წვერზე დაეკოსა, თხელი მაისური და სპორტული შარვალი უცბად ჩაეცვა, ოდნავ შევერცხლილი თმები გადაევარცხნა და ახალ კლიენტს ინტერესით უღიმოდა. მაჩაბელს ხელით ანიშნა, რომელ ოთახში შესულიყო და თავადაც უკან გაჰყვა.
ოთახის კედლები თაროებით და კარადებით დატვირთულიყო. სადაც არ უნდა გაგეხედათ, ყველაგან წიგნები ეწყო. სამუშაო მაგიდა სავსე იყო დახვავებული საბუთებით, კალმებით, მარკერებით და უბრალო ფანქრებით. კომპიუტერის მაგიდის ზევით მდებარე თაროები ბაინდერებით გადატვირთულიყო.
-თქვენ ბატონო პავლე ბრძანდებით, ხომ?
-დიახ, გახლავართ. აბა, გისმენთ. რამ მოგიყვანათ?-კომფორტულად მოთავსდა ტყავის სავარძელში და ახლადმოსულს თვალებში შეაჩერდა.
-ერთი პიროვნების შესახებ მინდა, ყველაფერი დაწვრილებით გავიგო.
-ვინ არის?
-ზაქარია ბონეტი. საქართველოს და ესპანეთის ორმაგი მოქალაქეა. აქ იშვიათად ჩამოდის. აქვს ინტერესი, ბიზნესმენი ზვიად გაგუას ოჯახი გაანადგუროს.
-თქვენ საიდან იცით, რის ინტერესი აქვს?
-ჯაშუშად დამიქირავა. ჩემი წყალობით ცდილობს, ოჯახზე აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მოიძიოს. შეისწავლოს თითოეული პიროვნების ცხოვრება, სუსტი და ძლიერი წერტილები და საჭირო დროს, საჭირო ადგილას მახვილი ჩაასოს.
-სად ცხოვრობს?
-არ ვიცი.
-ტელეფონის ნომერი თუ იცი?
-დიახ. ახლავე გეტყვით,-გეგამ ჯიბიდან მობილური ამოიღო და ვისაც წინა ღამეს ესაუბრა, მათ ნომრებს დააცქერდა.
-აი, ეს არის,-როგორც კი მოძებნა, უკარნახა.
-ესე იგი, ესპანეთში ცხოვრობს?
-დიახ.
-რომელ ქალაქში?
მაჩაბელმა თვალები დააწვრილა და შეეცადა რესტორან „პურის სახლში“ შეხვედრის დეტალები გონებაში ნათლად აღედგინა.
-საუბრის დროს, ბარსელონა ახსენა.
-კარგი, გასაგებია. კიდევ დამატებით, რამე ინფორმაციას ხომ არ მეტყვით?
მაჩაბელმა ზაქარიას გარეგნული მხარე აუღწერა.
-საინტერესოა,-ჩაფიქრდა დეტექტივი და მის წინ დაგროვილ ფურცლებზე თითები ნერვიულად აათამაშა.
-თქვენ რა ინტერესი გაქვთ?
-გარდა იმისა, რომ ჩემი სიცოცხლის და გაგუების ოჯახის გადარჩენა მინდა, ის ჩემი ცოლის მკვლელიც არის, რომელსაც პოლიცია და მე დიდი ხანი ვეძებდით და ვერაფრით ვპოულობდით. თითქოს სადღაც აორთქლდა. ახლა მინდა, რომ მის წარსულ ცოდვას ამ ოჯახის წინაშე დაგეგმილი ავაზაკური გეგმაც ოფიციალური დოკუმენტაციის წარდგენით დავუმატო და პოლიციის წყალობით იქ გავუშვა, სადაც დიდი ხანია, ელოდებიან.
-პოლიციას რა მასალა აქვს ამ პიროვნების წარსული ცოდვის შესახებ?
-მხოლოდ ვიდეო-კამერით ამოღებული კადრები. სამწუხაროდ, მანქანის ნომრით ვერ მიაგნეს, სხვის სახელზე და გვარზე დაფიქსირებული ავტომანქანით მოძრაობდა. ის პიროვნება კი ფაქტობრივად არ არსებობს. ყალბი პირადობის მოწმობით ჰქონდა გაფორმებული.
-უყურე შენ, დიდი ოხერის ერთი ყოფილა ეს ზაქარია. კარგი, ამ საქმეს დღეიდან მივხედავ, მაგრამ მომიწევს, ესპანეთთანაც დავამყარო კავშირი, ამიტომ ამ პიროვნების შესწავლა იოლი არ იქნება. წინასწარ გაფრთხილებთ, საქმის სირთულიდან გამომდინარე, ანაზღაურებაც შესაბამისად მოგიწევთ.
-კი, ბატონო,-თავი დაუქნია გეგამ.
-ჩემთან კითხვა ხომ არ გაქვთ ან კიდევ რამე ხომ არ გინდათ, დაამატოთ?
-ჰო, მართლა, ბოლოს რომ შევხვდი, საუბრის დროს, ისე, რომ მას და ანრის არ შეემჩნია, წებვადი ლენტით, მაგიდის ქვეშ ტელეფონი დავამაგრე და ჩამწერი ჩავრთე. ეს კი მისი და თავის თანამზრახველის ხმა გახლავთ. სამომავლო გეგმაზე საუბრობენ. მაჩაბელმა ჩანაწერი ჩართო და დეტექტივს მოასმენინა.
-ჰმ! -ღრმად ჩაფიქრდა ბატონი პავლე,-გეგა, ეს მასალა კარგად შეინახე. აუცილებლად გამოგვადგება. რაც შეეხება დანარჩენს, დრო დაგვჭირდება ამ პიროვნების შესასწავლად და პოლიციისთვის გადაცემისთვის.
-რამდენი ხანია საჭირო?
-ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ მინიმუმ 2-3 თვე მაინც. მანამდე კი ყველანაირად თავგზა უნდა აუბნიო და საშუალება არ მისცე, რომ ჩაფიქრებული განახორციელოს.
-რა თქმა უნდა.
-ძალიან კარგი, შევთანხმდით. თანხის ეტაპობრივ გადახდის გრაფიკს კი მეილზე გადმოგიგზავნით.
-დროებით,-ხელი ჩამოართვა მაჩაბელმა და დეტექტივის ბინა დატოვა.

***
-ანა, დარწმუნებული ხარ, რომ რასაც ახლა აკეთებ, სწორი გადაწყვეტილებაა?-აღელვებული ელაპარაკებოდა თეო ანას.
-დარწმუნებული რომ არ ვიყო, ამას არ დავაპირებდი.
-გირჩევ, ჭკუას მოუხმო.
-თეო, ძალიან გთხოვ, ჭკუის დარიგებას მორჩი და თათასთან წამიყვანე,-დაიჟინა ანამ.
-კარგი, მაგრამ თუ გეგასთან პრობლემები შეგექმნება, მე არ დამაბრალო, რომ არ გამიფრთხილებიხარ!
-მუქარას მორჩი და გაზის პედალს მიაწექი.
-არ გემუქრები, უბრალოდ მინდა, საღი გონებით იმოქმედო.
-სავსებით საღ გონებაზე ვარ.
-ეჭვი მეპარება,-ცდილობდა საწინააღმდეგოში დაერწმუნებინა მეგობარი თეოს.
-თეო, დარიგებას მორჩი, გთხოვ.
-კარგი, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ რაღაცას მოახდენ.
-წავიდეთ, კარგი?
თეომ მხრები აიჩეჩა, ღრმად ამოისუნთქა და მანქანა სოლოლაკის მიმართულებით დაძრა. რამდენიმე წუთში, ანა უკვე თათას საცხოვრებელი სახლის კიბეებზე ადიოდა და გონებაში აწყობდა სათქმელს. როგორც კი თეთრ ხის კარებს მიუახლოვდა, ზარი დარეკა და ცდილობდა, შინაგანი შფოთვა როგორმე გადაელახა. რამდენიმე წამში კარები გაიღო და უცნობი გოგონას დანახვაზე, ქალს გაკვირვება დაეტყო:
-თათა დვალი აქ ცხოვრობს?-ძალა მოიკრიბა გოგონამ და მის წინ მყოფ, მოხდენილად გამოწყობილ ქალს თვალი შეავლო.
-დიახ, მე გახლავართ.
-თქვენთან სასაუბროდ მოვედი.
-შეიძლება გავიგო, ვინ ხართ და რა თემასთან დაკავშირებით გსურთ ჩემთან საუბარი?
-ანა გაგუა ვარ, გეგა მაჩაბელზე სასაუბროდ მოვედი.
-გეგას დაემართა რამე?
-არა. შეიძლება, შემოვიდე?
-მობრძანდით,-ქალმა გოგონა მისაღებ ოთახში შეიპატიჟა.
თათამ გაურკვეველი და ცნობისმოყვარე მზერა შეავლო გოგონას და დივანზე ჩამოჯდა:
-დაბრძანდით,-ხელით ანიშნა სავარძლისკენ.
ანა ჩამოჯდა.
-აბა, გისმენთ.
-მე და გეგას ერთმანეთი გვიყვარს და მინდა, რომ გზიდან ჩამოეცალოთ.
-ბატონო?-მკაცრი ტონით და ცივი მზერით წარმოთქვა ქალმა სიტყვები.
-დიახ,-მოკლედ უპასუხა ანამ და თვალები გაუსწორა.
-ესე იგი, გინდა თქვა, რომ გეგას შენ შეუყვარდი?-ამრეზით ახედა თათამ.
-რა, ასე რთული გასაცნობიერებელია?
-მოიცადე,-წარბი ასწია ქალმა,-რამდენი წლის ხარ?
-ჩვიდმეტის.
-და გინდა თქვა, რომ შენნაირმა ღლაპმა ოცდათორმეტი წლის კაცს თავი დააკარგვინა?
-დიახ.
-ნეტა, თუ ხვდები, რას როშავ?-ჩაეცინა ქალს.
- დავიჯერო, სასაცილო რამე გითხარით?
-ძალიან.
-სიტყვაზე უნდა მენდოთ.
-ვერ გენდობი.
-რატომ?
-შემახსენე ვინ ხარ?
-ანა გაგუა.
-გეგას საიდან იცნობ?
-ჩვენს ოჯახში მუშაობს.
-მძღოლად, ხომ?
-დიახ.
-მოდი ასეთ კითხვას დაგისვამ:-თავად გეგამ თუ იცის, რომ აქ ხარ?
-არა.
-რას მეუბნები, მართლა?
-თქვენ რა, დამცინით?
-არ უნდა დაგცინო?-ცინიკურად გაეღიმა ქალს.
-მე მხოლოდ ის მინდა, რომ გეგას თავი დაანებოთ.
-მომისმინე ახლა, „ძეტკა“, ვიდრე ასეთ სისულელეებს დააბრეხვებ, ჯერ თვეობით იფიქრე და მერე დაელაპარაკე ხოლმე შენზე ასაკით უფროსებს. ახლა მაგ სავარძლიდან აბრძანდი და სანამ დროა, იქ წადი, საიდანაც მოსულხარ.
-ასე რატომ მელაპარაკებით?
-რაღაც არ მახსენდება, ანა გაგუასთან ლაპარაკისას სიტყვების შერჩევაზე რომელიმე შეთანხმებაზე ხელი მომეწეროს,-მკაცრად შეხედა თათამ გოგონას.
-ცინიკოსი ხართ.
-ო, რას მელაპარაკები?
-რაც გაიგეთ.
-იცი, რომ შენნაირები აუდიტორიაში მისხედან და ინტერესით მისმენენ, რომ რამე საინტერესო არ გამორჩეთ?
-ეგ რა შუაშია?
-აი, ხომ ხედავ? იმასაც ვერ ხვდები, ეს სიტყვები რატომ გითხარი. ძალიან პატარა ხარ, რომ ჩემნაირებს რაღაც მოსთხოვო. ახლა კი, როგორც გითხარი, აქედან მიბრძანდი და მეტჯერ აღარ გამომეცხადო, „ძეტკა“.
-მე ჩემი გითხარით, თქვენთვის კი უკეთესი იქნება, თუ გაითვალისწინებთ.
-ჩემთვის უკეთესი რა არის და რა არა, ამას მე ვწყვეტ და არა ანა გაგუა.
გაბრაზებულმა ანამ ჩანთას ხელი დაავლო და წასვლა დააპირა. შემთხვევით, თვალი მოჰკრა კედელზე დაკიდებულ სურათებს. წამით შეჩერდა და თვალი შეავლო. ჩარჩოში ჩასმული სურათები თათას ცეკვის სცენებს ასახავდა. ზოგი კონკურსებზე იყო გადაღებული. ზოგიც სხვადასხვა ღონისძიებებზე.
-კარგად ცეკვავთ, ვერაფერს იტყვი,-ანას მწარედ ჩაეცინა, მერე ზიზღით გადახედა და შესასვლელის გზას გაუყვა.
თათას არც გაუცილებია. სამზარეულოში გავიდა და სიგარეტს მოუკიდა.

***
მეორე დილით, გაბრაზებული გეგა დების წასაყვანად სახლის გარეთ იცდიდა. როგორც ყოველთვის, პირველი ნია გამოჩნდა. პირმცინარი სახით ჩაჯდა მანქანაში და მაჩაბელს მიესალმა. რამდენიმე წუთში ანაც გამოვიდა:
-დილა მშვიდობისა.
-დილა მშვიდობისა,-მკაცრი ტონით მიესალმა მამაკაცი.
-ღმერთო ჩემო, ალბათ, უკვე იმ ქალმა ყველაფერი ჩაუკაკლა,-გულმა უჩვეულოდ დაუწყო ცემა ანას.
მთელი გზა მაჩაბელს ხმა არ ამოუღია, ისე მიიყვანა გოგოები სკოლაში და დატოვა. შუადღისთვის ანას მიაკითხა. გოგონამ მანქანაში ჩაჯდომისთანავე ტელეფონი აიღო და თამაში დაიწყო.
-წინ გადმოდი, სალაპარაკო მაქვს,-შუბლი შეკრა მაჩაბელმა.
-ღმერთო, ახლა უნდა მიშველო,-თავისთვის ჩაიბუტბუტა ანამ და გეგას მოთხოვნას დაემორჩილა.
-სად იყავი გუშინ?
-რა მოხდა?
-კიდევ მე მეკითხები, რა მოხდა, ანა?
-ჰო. მოხდა რამე?
-გეკითხები და მიპასუხე, სად იყავი გუშინ?
-თათასთან.
-მასთან რა გინდოდა?
-ყველაფერი გითხრა, ხომ?
-მე რა მითხრა, შენი საქმე არ არის. მომიყევი, რა ჩაიდინე?
ანამ ყელზე მოწოლილი ნერწყვი გადაყლაპა და დაიწყო:
-ვიცი, რომ საყვარელი გყავს.
-მერე?!
-ვთხოვე, რომ დაგშორდეს.
-შენ ვინ ხარ, რომ თავს ამდენის უფლებას აძლევ?
-არავინ ვარ?
-ჩემს პირად ცხოვრებაში ასე რომ ერეოდე, მგონი შენთვის სერიოზული მიზეზი არ მომიცია. ასეა, ანა?
ანამ თავი დახარა.
-შენ გეკითხები.
-დიახ.
-მერე? ეს რატომ გააკეთე?
-გეგა, დავიჯერო, ვერ ხვდები ეს რატომ გავაკეთე?
-ანა, კიდევ ერთხელ გიმეორებ და კარგად დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები: -მე შენთვის არანაირი მიზეზი არ მომიცია, რომ ასეთი სისულელე გაგეკეთებინა. რატომ მოატყუე, რომ ერთმანეთი გვიყვარს?
ანამ თვალები დახუჭა და ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა. საშინელი მოსასმენი იყო საყვარელი მამაკაცისგან ეს სიტყვები. მერე ძალა მოიკრიბა და ძლივს, ჩუმად წარმოთქვა:
-იმიტომ, რომ მე ასე მგონია.
-რა გგონია?
-მე ამას ვგრძნობ. რატომ არ გინდა, რომ ჩვენს სიყვარულს სიგიჟის უფლება მისცე?
-ანა, მომისმინე ძალიან კარგად და რასაც ახლა გეტყვი, დაიმახსოვრე: -არასოდეს გადახვიდე ზღვარს ურთიერთობაში. ყოველ წამს მიმტკიცებ, რომ პატარა ხარ.
-არ ვარ პატარა.
-პატარა ხარ, ანა და ამას რომ გეუბნები, ნერვები ნუ გეშლება. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი თათასთან მისვლით. თანაც, ვერ წარმოიდგენ როგორი.
-ჰო, მიდი, გადმოანთხიე კიდევ რაც გულში დაგრჩა.
-კიდევ მე მსაყვედურობ?-წარბი აუწია მაჩაბელმა გოგონას.
ანას ხმა აღარ ამოუღია. აღარც მაჩაბელს უთქვამს რამე, მანქანა დაქოქა და გოგონა მასწავლებელთან მიიყვანა.

***
თვე ისე გავიდა, გეგა ყველანაირად ერიდებოდა ანას. თავად გოგონა დასჯილი ბავშვივით გრძნობდა თავს. ნიასთან და მეგობრებთან აღიარებდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც ყოველგვარი გონივრული საქციელისგან შორს იყო.
ზაქარიამ ახალი დავალების შესრულება დაავალა გეგას- ზვიად გაგუას თმის ღერის ნებისმიერი ხერხით ხელში ჩაგდება.
-ის ნაძირალა, როგორც ჩანს წინასწარ ზრუნავს დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე. ალბათ, უნდა, რომ ვიდრე მამამისს მოკლავს, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ხელში ეჭიროს,-ეუბნებოდა დათას მაჩაბელი.
-თუ მაინც მოახერხა და გაგუების ოჯახი ამოხოცა, სანამ მემკვიდრეობა დაუმტკიცდება, საკმაოდ დიდი დრო უნდა. ასე, ერთ და ორ თვეში ეგ ამბავი არ მოგვარდება.
-ეგ ჰო, თავისთავად.
-ასე, რომ ვერ ვხვდები, რატომ ჩქარობს, რომ გაგუას შვილობა დაამტკიცოს.
-მაგას ვერ გავიგებთ.
-კარგი, შენ ის მითხარი, თათასთან დაკავშირებით რა ხდება?
-რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე და საბოლოოდ დავშორდი.
-გაგიჟდი, გეგა?
-ჰო, გავგიჟდი.
-ბიჭო, პატარა ბავშვის გამო დაშორდი, ტო? წესიერად ისიც არ იცი, უყვარხარ, თუ არა.
-ანას რომც არ ვუყვარდე, მე ხომ ვიცი, რომ მიყვარს. თათას კი ვერ მოვატყუებდი. უბრალოდ არ იმსახურებდა ამას ჩემგან.
-რა გითხრა თათამ?
-სხვათაშორის, ძალიან ღირსეულად შეხვდა სიმართლეს. თქვა, რომ არც მას უნდა იმ მამაკაცთან ურთიერთობა, ვისაც მხოლოდ ფიზიკურად მიიზიდავს.
-მე გეუბნები შენ, თათა ძალიან კარგი ადამიანია.
-ეგ მეც ვიცი, დავით, მაგრამ მასთან ურთიერთობა რომ გამეგრძელებინა, პირველ რიგში, ჩემს თავთან არ ვიქნებოდი მართალი.
-გაფიცებ, ანასთან რა საერთო ნახე?
-ეგ რომ ვიცოდე, კარგი იქნებოდა,-გაეღიმა გეგას.
-ახლა რას აპირებ?
-ჯერ არაფერს. არ მინდა, რომ შევცდე. კიდევ დავაკვირდები და საბოლოოდ რომ დავრწმუნდები, გეგა მაჩაბელი მისთვის ბევრს ნიშნავს, მერე გამოვუტყდები სიყვარულში.
-ასე მარტივი იქნება თქვენი ურთიერთობის აგება?
-ო, კარგი კითხვაა. რა თქმა უნდა, არ იქნება, მაგრამ ანამ უკვე ბევრჯერ დამანახა, რომ ჯიუტი ხასიათის წყალობით, ბოლომდე თავისი გააქვს. ასე, რომ ვერავინ გადაარწმუნებს ვერაფერში.
-კარგი, შენი საქმის შენ იცი. რა არჩევანიც არ უნდა გააკეთო, თუ ის გაგაბედნიერებს, შენს გვერდით ვარ.
-მადლობა, დავით,-მადლიერების ნიშნად, მაჩაბელმა მხარზე დაარტყა ხელი მეგობარს.

***
ერთ დღეს, ლელა და ზვიადი ნათესავის ქორწილში წასასვლელად ემზადებოდნენ. როგორც კი სახლი დატოვეს, გეგამ დრო იხელთა და ჩუმად შევიდა:
-სრული ბედნიერებისთვის ზვიადის თმის ღერზე დევნაღა მაკლდა, -საკუთარ თავზე ბრაზობდა მამაკაცი და ლელას და ზვიადის საძინებელს ეძებდა.
სახლში სიმშვიდე იყო. გეგა დარწმუნებული იყო, რომ გოგოები ოთახში იყვნენ და მეცადინეობდნენ. ფეხაკრეფით დადიოდა, რომ დებს არ გაეგოთ, რაღაცაში არ დაეჭვებულიყვნენ და გამოსულიყვნენ. ლელას და ზვიადის ოთახის კარები გააღო და საწოლისკენ წავიდა.
-წესით ბალიშზე უნდა იყოს. თუ ვერ ვიპოვი, მერე სააბაზანოში შევალ, სავარცხელზეც შეიძლება, რომ მის თმას წავაწყდე,-ფიქრობდა მამაკაცი და ფრთხილად ქექავდა გაგუების საწოლს.
-შენი დედაც, ზაქარია ბონეტ! ვერაფერი ვიპოვე,-გაწბილდა მაჩაბელი და სწრაფად გამოაღო სააბაზანოს კარი.
-აააჰ...,-შეჰკივლა აბაზანაში მყოფმა ანამ, როდესაც გეგა დაინახა და პირსახოცს დაუწყო ძებნა.
-ჯანდაბა, ანა, აქ რას აკეთებ?
-მგონი, მაგ კითხვას მე უნდა გისვამდე.
-შენი ნახვა მინდოდა და გეძებდი,-უცბად მოიფიქრა მაჩაბელმა.
ანამ კივილი გააგრძელა.
-წყნარად!-პირზე ხელი ააფარა მამაკაცმა,-საერთოდ არ გიყურებ, გვერდზე გავიხედები და არსად შეგეხები. პირსახოცი მიაწოდა და საშუალება მისცა, რომ ტანზე შემოეხვია,-ანა, ახლა ხელს გაგიშვებ და პირობა მომეცი, რომ არ იკივლებ და არც არავის ეტყვი რამეს.
შეშინებულმა გოგონამ თავი დაუქნია. მაჩაბელმა ხელი გაუშვა.
-ეს დედაჩემის და მამაჩემის სააბაზანოა, გეგა. აქ რა გინდოდა?
-მართლა? წყლის ხმა გავიგონე და შემოვედი. მეგონა, შენი სააბაზანო იყო. არ მეგონა, თუ გახდილს გნახავდი. თუ ეს მშობლების სააბაზანოა, მაშინ შენ რაღა გინდოდა აქ?
-ჩვენს აბაზანაში რაღაც გაფუჭდა და შესაკეთებელია,-დაბალ ხმაზე ლუღლუღებდა გოგონა.
ამასობაში, მაჩაბელმა სავარცხლებს მოჰკრა თვალი.
-ეს შენი მშობლების სავარცხლებია?
-დიახ,-თავი დაუქნია სირცხვილისგან გაწითლებულმა ანამ.
მაჩაბელმა ერთ-ერთი სავარცხელი ხელში შეათამაშა და ისევ უკან დააბრუნა. მერე ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სააბაზანოდან გასვლა დააპირა.
-და ჩემი ნახვა რატომ გინდოდა?-მიაძახა ანამ.
გეგა შედგა, მერე გოგონასკენ შებრუნდა, თვალი ჩაუკრა და უთხრა:
-მერე გეტყვი, არაფერია საჩქარო. ახლა გავალ და ჩაიცვი.
-გული კი გამიხეთქე და...,-შეშინებული თვალები გაყოლა ანამ.

***
იმ ღამეს, მაჩაბელი ზაქარიას შეხვდა და სავარცხლიდან აღებული მოკლე თმის ღერი გადასცა:
-დარწმუნებული ხარ, რომ მისია?-დაკვირვებით შეათვალიერა ღერი ბონეტიმ.
-ჭაღარა და მოკლე თმა მხოლოდ ზვიადის აქვს იმ სახლში.
-გასაგებია.
გეგამ ზიზღნარევი მზერა შეავლო და დიდხანს სალაპარაკოდ არც გაუჩერდა, მანქანა დაქოქა და იქაურობას გაეცალა.

***
მეორე დილით მხოლოდ ნიაკო გამოვიდა სახლიდან და მძღოლს მოწყენილმა უთხრა:
-წავედით, დღეს ანა სკოლაში არ მოდის.
-რატომ?-გაუკვირდა გეგას.
-გუშინ ღამე ცუდად გახდა და დედამ და მამამ ინფექციურ საავადმყოფოში წაიყვანეს.
-რა მოუვიდა?-სახე შეეცვალა მამაკაცს, მღელვარება დაეტყო.
-მსუნაგია, შებოლილი თევზი ჭამა და მოიწამლა.
-მართლა? ძალიან ცუდად იყო?
-ჰო, საშინლად.
-ეგ არ არის კარგი ამბავი.
-თან დღეს დაბადების დღე აქვს. ბედი არ გინდა? იუბილარი საავადმყოფოში აღმოჩნდა.
-არაუშავს, მთავარია, გამოჯანმრთელდეს,-ჩაილაპარაკა გეგამ.
რთული იყო, ყურადღება მოეკრიბა და საცობებით სავსე ქალაქში განწყობაშეცვლილ მაჩაბელს საჭე ემართა. გოგონა სკოლამდე ისე მიიყვანა, ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მისი გონება მხოლოდ ანაზე ფიქრს შეეპყრო. იქიდან წამოსვლისას, ფიქრებიდან ნაცნობი დეტექტივის ზარმა გამოიყვანა:
-გეგა, როგორ ხარ?
-არამიშავს. თავად?
-კარგად, მადლობა, როცა მოიცლი, გამომიარე. გამოძიება წინ წავიდა, მინდა ყველაფრის საქმის კურსში იყო, -მოკლედ უთხრა ბატონმა პავლემ და ტელეფონი გათიშა.
იმ წამს, ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩაბლისთვის ანას გამოჯანმრთელება იყო. მთელი დღე გეგმავდა, რომ გოგონა პალატაში დაემარტოხელებინა და მასთან მისულიყო.
ნაცნობი ექიმის წყალობით, ღამის ორ საათზე გაგუას პალატაში შეაღწია. გოგონა მარტო იყო. ვენაში დამაგრებული ნემსებიდან კი ორგანიზმის მოსაძლიერებელი სითხე წვეთ-წვეთობით შედიოდა მის სხეულში. ანას დანახვისას, მაჩაბელს სახეზე ღიმილმა გადაუარა და მძინარე პაციენტს მიუახლოვდა. დასუსტებულ გოგონას სახეზე მიტკლისფერი ედო. ლოყები ნახევრად, გრძელი თმით დაჰფარვოდა და გაფერმკრთალებული ტუჩები გამოშრობოდა. გეგამ თმა გადაუწია და ბალიში შეუსწორა. გოგონას გაეღვიძა და მის დანახვაზე შეკრთა:
-გეგა?-ტკივილით სავსე თვალებით შეხედა მამაკაცს.
-ჰო, შენს სანახავად მოვედი.
-დედა წავიდა?-გოგონამ პალატას თვალი შეავლო.
-დაახლოებით ნახევარი საათის წინ.
-შენც გნახა?
-არა, მე არ დავუნახივარ,-თბილად გაუღიმა და მისი ხელი თითებში მოიქცია.
-ისევ სალაპარაკოდ მოხვედი?
-დაბადების დღის მოსალოცად!
-შენ საიდან გაიგე?
-კარგი ჩიტი მყავს, ახალი ამბებით მამარაგებს ხოლმე,-გაეცინა მამაკაცს.
-ნიაკომ გითხრა, არა?
გეგამ ისევ გაუღიმა:
-რა გინდა, რომ დაბადების დღისთვის გაჩუქო? აბა, მოიფიქრე და მითხარი.
ანამ სუსტი სხეული ნელა წამოსწია და ბალიშს ზურგით მიეყრდნო. მერე საყვარელ მამაკაცს შეხედა და უთხრა:
-მატერიალური არაფერი.
-არამატერიალური?
-მინდა, რომ მაპატიო. ვიცი, რომ ცუდად მოგექეცი. ვაღიარებ, ჩემი მხრიდან დაუფიქრებელი საქციელი იყო. აი, რა იქნები ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი. არ შემიძლია, როცა ჩემზე გაბრაზებულს გხედავ.
-უკვე გაპატიე,-გოგონას ხელი ტუჩებთან მიიტანა და თითებზე ნაზად აკოცა.
-მართლა მაპატიებ და აღარ გამიბრაზდები?-თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა გოგონას.
-ანა, შენ რა, ტირი?
გეგას სიტყვებზე ტირილს უმატა გოგონამ.
-კარგი რა, ცრემლები არ გვინდა. თან, დღეს იუბილარი ხარ და ყველაზე ბედნიერი უნდა იყო,-მამაკაცი შეეცადა, გულაჩუყებული ანა დაეწყნარებინა,-გინდა ერთი რაღაც გითხრა?
ატირებულმა გოგონამ თავი დაუქნია.
-როცა გამოჯანმრთელდები, ჩაფიქრებული მაქვს, რომ მე და შენ მოტოციკლით გავისეირნოთ და მერე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბროთ. აბა, რას იტყვი?
-თანახმა ვარ,-ცრემლები მოიწმინდა ანამ.
-აი, ასეთი უკვე მომწონხარ. მტირალა ანა არ მიყვარს.
გოგონას მკრთალად გაეღიმა.
-რაო ექიმმა, აქ რამდენ ხანს დარჩები?
-გადასხმებს მიკეთებენ. ალბათ, სამ-ოთხ დღეში გამწერენ.
-მშვენიერია. მაშინ გამოჯანმრთელდი და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, კარგი?
-კარგი.
-ახლა დაგტოვებ და აბა, შენ იცი. როგორც მოვილაპარაკეთ, ისე მოვიქცეთ.
გეგამ გოგონას ლოყაზე აკოცა და პალატა დატოვა.

***
რამდენიმე დღეში ანა საავადმყოფოდან გამოწერეს. სხეული ჯერ კიდევ დასუსტებული ჰქონდა და სრული გამოჯანმრთელებისთვის გარკვეული პერიოდი ესაჭიროებოდა. გეგა შესაფერის დროს უცდიდა, რომ დალაპარაკებოდა.
ერთ დღეს, როცა კარგად მოსაღამოვდა და ანა თავის ოთახში მეცადინეობდა, მობილურზე მესიჯის წკარუნი მოესმა:
-მზად ხარ, ამაღამ მოტოციკლით გავისეირნოთ?
-მზად ვარ,-გამოეხმაურა გოგონა.
-მაშინ ღამის 12:00 საათზე, როდესაც ყველა დაიძინებს, ქუჩის კუთხეში დაგელოდები.
-კარგი.
-ვის ემესიჯები?- დაინტერესდა ნიაკო.
-არავის.
-არავის? შეიძლება, გავიგო ეგ „არავინ“ ვინ არის? -ეშმაკურად გადახედა ანას თავის დამ.
-კარგი, ჰო. შენ მაინც ვერაფერს მოგატყუებს კაცი. ამაღამ გეგას უნდა შევხვდე.
-რა?-ისტერიულად იყვირა ნიამ.
-რაც გაიგე.
-ვაიმე, გული. ესე იგი, შეგირიგდა?
-დიახ,-კმაყოფილი სახით თქვა ანამ.
-ო, მაშინ ახალი ამბების სამყაროში შევდივართ.
ანას გაეცინა და გოგონას ანიშნა, ცოტა ჩუმად ილაპარაკეო. მერე წამოდგა და მომზადება დაიწყო.
თორმეტი საათი ხდებოდა. ანა წასასვლელად მოემზადა:
-ნიაკო, არავის არაფერს ეტყვი. გასაგებია?
-ერთი პირობით.
-რა პირობით?
-ხვალ „ადიდასის“ წითელ მაისურს და კედებს მათხოვებ.
-ამან თუ გამორჩენა არ ნახა, ისე არ შეუძლია,-თავისთვის ჩაილაპარაკა ანამ.
-კი თუ არა?
ანა ფიქრობდა და პასუხს აჭიანურებდა, არ უყვარდა, როცა ნიაკო დაუდევრად ექცეოდა მის ტანსაცმელს.
-კარგი, წავედი ზვიადისთან და ლელასთან,-ადგილიდან წამოდგა, ეშმაკურად გადახედა თავის დას და მის რეაქციას დააკვირდა.
-მოდი აქ, მაიმუნო! იცოდე, ენას ამოგაძრობ!-თვითონვე გაეცინა ანას თავის მუქარაზე,-ჩაიცვი, ოღონდ გაუფრთხილდი და როგორც იცი ხოლმე, პატარა ბავშვივით არ ჭამო და მთელი სკოლის ბუფეტი ზედ არ დაამჩნიო.
-ძალიან კარგი. შეგიძლია, წახვიდე,-ნია კმაყოფილი სახით დაუბრუნდა თავის ადგილს, ფეხი ფეხზე გადაიდო და ტერფები აათამაშა.

***
ანამ კარგად დაათვალიერა საცხოვრებელი ქუჩა და როცა დარწმუნდა, რომ გარეთ არავინ იყო, თამამად წავიდა იმ ადგილისკენ, სადაც სავარაუდოდ გეგა ელოდებოდა. ანას დანახვაზე, მოტოციკლზე შემომჯდარ მაჩაბელს გაეღიმა და გოგონა გადაკოცნა. Blue De Chanel-ის სურნელმა ისევ თაბრუ დაახვია გაგუას. მამაკაცმა მისთვის განკუთვნილი ჩაფხუტი მიაწოდა და უთხრა:
-ეს დაიხურე, უკან დაჯექი და ხელები წელზე შემომხვიე. ხომ არ გეშინია?
-არა,-თავი გაიქნია ანამ.
-ძალიან კარგი. წავიდეთ მაშინ, ჰო?
გოგონამ თავი დაუქნია, ჩაფხუტი დაიხურა და მაჩაბლის უკან დაჯდა. გეგამ ძრავა აამუშავა. რამდენიმე წუთში, მოტოციკლი დიდი სისწრაფით მიაპობდა ცენტრალურ ქუჩას.
მაჩაბელი გამოცდილი მძღოლი იყო. ბევრ მოტორბოლაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, საკმაოდ კარგი წარმოდგენებიც ჰქონდა გამართული და როგორც მოწინავე ბაიკერს, არაერთი პრიზიც მიეღო. ახლაც, ქალაქში მოძრავ ავტომობილებს მოხერხებულად უქცევდა გვერდს, ისე, რომ სვლაც არ შეუნელებია. შემდეგ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ერთ ადგილს გაუსწორდა, მოტოციკლი გააჩერა და ანას მიუბრუნდა:
-გადმოდი.
ანამ ჩაფხუტი მოიხადა და მოტოციკლიდან გადავიდა. გეგამ ხელი ჩაკიდა:
-გავისეირნოთ თუ სადმე ჩამოვსხდეთ?
-ჩემთვის სულ ერთია.
-მაშინ გავისეირნოთ, თორემ ცოტა ცივა.
გოგონა დათანხმდა.
-როცა რაღაც მაწუხებს და ვერავის ვეუბნები, საკუთარ თავთან რომ განვმარტოვდე, აქ ხშირად ამოვდივარ ხოლმე. არ ვიცი როგორ აგიხსნა, მაგრამ მიყვარს, როცა ახალი განცდებით ვივსები და რაც მაწუხებს, დროებით უკან ვიტოვებ.
-ახლაც რაღაც გაწუხებს? აქ რატომ მომიყვანე?
-ჰო, ახლაც რაღაც მაწუხებს და რომ არ მოგატყუო, დიდხანს ვფიქრობდი, ეს ნაბიჯი გადამედგა, თუ არა და საერთოდ, ღირდა რისკად? რატომღაც მგონია, რომ რასაც ვფიქრობ, სწორია, ანა.
-რას ფიქრობ, გეგა?
-როცა პირველად ბაკურიანიდან წამოგიყვანე, მართალია ძალიან გავბრაზდი, რადგან ჩემი მოსავლელი გახდი, მაგრამ გარკვეული დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ იმ ღამეს, ჩემს მანქანაში ის ადამიანი იჯდა, რომელიც დღეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
ანა გაირინდა. მამაკაცი საყვარელი ადამიანის სახეს აკვირდებოდა და გამალებით უსმენდა მის სუნთქვას, რომელიც ღამის სიჩუმეში ზედმეტად ხმამაღლა ისმინებოდა. მერე, როგორც იქნა, დუმილი გოგონამ დაარღვია:
-სულ მინდოდა, იმ ღამეზე მეკითხა და ვერ ვბედავდი, გეგა. გეხვეწები, მომიყვე, რა მოხდა?
-ცუღლუტობდი და ჩემს ტვინს ჭამდი.
-როგორ ვჭამდი ტვინს?
-ულუფებით მიირთმევდი.
-რას ვაკეთებდი?-გაეცინა ანას.
-ჯერ წაიქეცი და არყის ბოთლით ხელი გაიჭერი, მერე მზეჭაბუკი მიწოდე, მერე თოვლის ბიჭუნა თუ ფიფქიას ძმა, მერე გასეირნება მომინდომე, არადა, იმდენი ალკოჰოლი გქონდა მიღებული, ძლივს დადიოდი. მანქანაში Formidable-ს ღრიალებდი, გულიც აგერია, მერე საგონებელში ვერ ჩაგაგდე, რომ ჩემთვის სახლის მისამართი გეთქვა და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო?
-ღმერთო, რა სირცხვილია. სახეზე ხელები აიფარა ანამ. მამაჩემს მართლა მოუყევი ეს ყველაფერი?
გეგას მკრთალად გაეღიმა:
-არაფერი მითქვამს. მოვიმიზეზე, რომ ქარბუქის და მოყინული გზების გამო, გვიან ჩავედი და შესაბამისად, შენც გვიან ჩამოგიყვანე. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ღრმად ჩაგეძინა და მას იმიტომ ვურეკავდი, მისამართი ეთქვა ჩემთვის, თუ სად მიმეყვანე. როგორ დაიჯერე, რომ ამდენ სისულელეს ვეტყოდი?
-მეც არ ვთქვი, რატომ არაფერი მითხრეს ან ლელამ ან ზვიადიმ-მეთქი?
-გადარეული ბავშვი ხარ.
-ბავშვი არ ვარ.
-ოჰ, დიდი ხანია, სრულწლოვანი გახდი?
-ექვსი დღის წინ.
-ექვსი დღეა, დიდი გოგო ხარ და ბავშვობა წარსულს ჩაბარდა?
-მე მანამდეც დიდი ვიყავი.
-ჰო? -მაჩაბელმა სახე ახლოს მიუტანა ანას.
-ჰო.
ახლა კი ნამდვილად წავიქცევი. უნდა ვუთხრა, რომ სადმე ჩამოვსხდეთ, თორემ მასთან ახლოს ყოფნას ვეღარ ვუძლებ,- ფიქრობდა ანა.
-რა გჭირს, ანა?-ჩურჩულით მიმართა გოგონას მაჩაბელმა.
გოგონას გააკანკალა და მუცელში პეპლებმა დაუწყეს ფარფატი:
-სადმე ჩამოვსხდეთ, თორემ სიარულისგან დამცხა,-მოიმიზეზა გაგუამ.
გეგამ გოგონას წელზე ხელი მოჰხვია და თავისკენ მიიზიდა. ანამ ყელს მობჯენილი ნერწყვი გადაყლაპა და მღელვარებისგან თვალები დახუჭა. მამაკაცმა ათრთოლებული სხეული იგრძნო:
-ანა, შემომხედე!-მომთხოვნი ტონით უთხრა მაჩაბელმა.
ანამ თვალები გაახილა.
-ჩემი გეშინია?
-არა,-ძლივს ამოთქვა გოგონამ.
-აბა, რატომ ცახცახებ?-ხელებით სახეზე მიეფერა.
-არ ვიცი, ვერ ავხსნი.
-ჩემი სულელი გოგო ხარ,-გაეღიმა მაჩაბელს და გოგონას ყვრიმალებთან მიუტანა ტუჩები. შემდეგ ნელა გაუყვა ტუჩებისკენ და ნაზად დააკრო ბაგეები.
-ვატოსაც ხომ უკოცნია ჩემთვის? ასეთი ელეთმელეთი არ მომდიოდა. რას მიკეთებს, რომ ჭკუიდან გადავყავარ?-გაიფიქრა გოგონამ და მამაკაცს კოცნაში აჰყვა.
ორივესთვის რთული აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს მოსწყვეტოდნენ. მაჩაბელი სულ უფრო ძლიერ იხუტებდა ანას თხელ სხეულს და ახალი სიყვარულის გემოს შეიგრძნობდა:
-ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც წარმომედგინე,-ეჩურჩულებოდა ჭკუადაკარგული გეგა და სახის თითოეულ ნაკვთს ამბორით უფარავდა.
გრძნობააშლილი ანა საყვარელ მამაკაცს ცხადად ეხებოდა, მის სითბოს და სურნელს შეიგრძნობდა და რაც იმ წამს ხდებოდა, ვერ დაეჯერებინა. გეგასთან კოცნის მომენტი, რომელზეც ბევრჯერ უოცნებია და სიზმრებშიც არაერთხელ ენახა, ახლა უკვე სინამდვილე იყო. მერე ძლივს გამოერკვა, თვალები გაახილა, აჩქარებული სუნთქვით სათქმელს თავი მოუყარა და ჰკითხა:
-ცოტა ხნის წინ მითხარი, რომ როცა რაღაც გაწუხებს, ყოველთვის აქ მოდიხარ, ასეა?
გეგამ ვნებაავსებული თვალებით შეხედა და თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია..
-ახლა აღარაფერი გაწუხებს?
მამაკაცმა თბილად გაუღიმა და უარის ნიშნად თავი გააქნია.
-რას გრძნობ, გეგა?
-ბედნიერება ვიპოვე, -დაბალი ხმით უპასუხა მამაკაცმა,-შენ რას გრძნობ, ანა?
-მეც იგივეს.
მამაკაცმა ვეღარ მოითმინა და ანას პასუხით კმაყოფილი ისევ მის ბაგეებს დაეწაფა.

***
-მინდა, ჩემი არჩევანით სხვა, უფრო მყუდრო, გიჟი, ცელქი, მხიარული, თბილი გარემო შევიქმნა, სწორედ ისეთი, რომელზეც ვოცნებობდი. ასეთი რამ წარსულში მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ერთმა არამზადამ ხუხულასავით დამინგრია. დღეს კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სამყარო, რომელშიც გინდა, იცხოვრო, შენში უნდა შექმნა და იქ მხოლოდ ის ადამიანები შეუშვა, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ იქ ყოფნას.
-დღეს ძალიან ფილოსოფოსობ, გეგა,-გაეცინა დათას.
-ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნეტარების ფრთები შემასხეს.
-გეტყობა. პატარა ბიჭივით ხარ აცუნდრუკებული,-დასცინოდა მეგობარი.
დათას სიტყვაზე თავად გეგასაც ჩაეცინა.
-კარგი, გოგო თანახმაა. როდის აპირებთ, რომ მის მშობლებს გაუხეთქოთ გული?
-ორ თვეში გამოცდები ეწყება. არ მინდა, რამეზე ზედმეტად ინერვიულოს. ჩააბარებს და მერე დავგეგმავთ, როგორ და რანაირად შევატყობინებთ.
-ესე იგი, სექტემბრამდე თავს იკავებთ?
-ჰო, ასე უფრო უკეთესი იქნება.
-დედაშენი რას ამბობს?
-რა უნდა თქვას? თანახმაა,-მხრები აიჩეჩა გეგამ.
-სამსახური?
-არა მგონია, ძველ სამსახურებში დავბრუნდე. საკუთარ სატრენაჟორო დარბაზს გავხსნი და ვამუშავებ.
-ძალიან კარგია. მოკლედ, მიხარია, ასეთს რომ გხედავ, -ეცინებოდა დათას,-როდის უნდა გამაცნო ანა?
-მალე, დავით, მალე. მეჯვარე შენ იქნები.
-ბაზარი არ არის,-იკრიჭებოდა დათა,-ჰო, მართალა, ზაქარიასთან რა ხდება?
-ერთი მაგის ნაბი*ჭვარი დედაც!-სახე შეეცვალა გეგას.
-ვერაფერს ხვდება, რომ ატყუებ და არასწორ ინფორმაციას აწვდი?
-ჯერ ვერა, მენდობა.
-დნმ-ის ანალიზზე რა პასუხი მოვიდა?
-ზვიადის ბიოლოგიური შვილია.
-მოკლედ, გაგუების ოჯახი ბომბზე ზის და რომ არა შენ, აქამდე ცაში ასწევდა ეგ ახვარი.
-დეტექტივის გამოძიების დასრულებას ველოდები, დავით. როგორც კი დოკუმენტები ხელში ჩამივარდება, ყველა ჩემს ხელთ არსებულ მასალასთან და იმ ჩანაწერებთან ერთად, რაც მასთან საუბრისას ჩუმად გამიკეთებია, პოლიციაში წავალ და მაგ ნაძირალას ერთი წუთით აღარ დავტოვებ გარეთ.
შუა საუბარში იყვნენ გართულები, როდესაც გეგას დეტექტივმა დაურეკა და აცნობა, რომ ზაქარია ბონეტის შესახებ გამოძიება დაასრულა და მასთან შეხვედრა უნდოდა, რომ ყველაფერი ეთქვა და დოკუმენტაციაც გადაეცა. გეგა მეგობარს დაემშვიდობა და ბატონი პავლეს საცხოვრებელი ბინის მისამართისკენ დაიძრა.
დაახლოებით ოც წუთში გეგა დეტექტივთან იყო და მოუთმენლად ელოდებოდა ბონეტის შესახებ დადგენილ ინფორმაციას. ბატონმა პავლემ დოკუმენტები და სურათები წინ დაიდო, სავარძელში მოიკალათა, სათვალეები მოირგო და მაჩაბელს შეხედა:
-დავიწყოთ იმით, რომ ზაქარია ბონეტის დედა, მაია თალაკვაძე ზვიად გაგუას თანაკურსელი იყო. ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთობის შედეგად, შვილი შეეძინათ. ბავშვი ორთაჭალის სამშობიარო სახლში დაიბადა. ზვიადის დედა მანანა გაგუა, სასტიკი წინააღმდეგი იყო, რომ პირველ კურსელ შვილს სახლში ცოლი მიეყვანა. როგორც ჩანს, მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი, სარძლოს ცუდი რეპუტაციის მქონე მშობლები და ძმა არ მოსწონდა.
-გასაგებია.
-მოკლედ, მაია თალაკვაძემ თავის გვარით გამოიყვანა ზაქარია სამშობიაროდან და მარტომ გაზარდა. ზვიადის შემდეგ, კიდევ რამდენიმე მამაკაცთან ჰქონდა სასიყვარულო კავშირები და მოკლედ, დიდი აწეწილი ცხოვრების ქალი იყო. 2005 წელს ესპანეთში წავიდა და რესტორანში დაიწყო მუშაობა. 2007 წელს ვიღაც სასტუმროთა ქსელის მეპატრონე, მდიდარი კაცი გაიცნო სახელად კარლს ბონეტი და ცოლად გაჰყვა. მისი საეჭვო სიკვდილის შემდეგ მთელი ქონება მაიას მიუსაკუთრებია. ამის შემდეგ თავის შვილიც, რომელიც თბილისში, ისნის რაიონში აკოჰოლიკ ბაბუასთან და კრიმინალური წარსულის ბიძასთან იზრდებოდა, ესპანეთში წაიყვანა.
2007 წლის შემდეგ, როგორც დედა, ასევე შვილიც ყოველ წელს ჩამოდიოდნენ საქართველოში და ოჯახის წევრებს სტუმრობდნენ. დიდხანს არასოდროს გაჩერებულან. მალე ბრუნდებოდნენ უკან. როდესაც შენი მეუღლე დაიღუპა, ზაქარია ჯერ კიდევ თალაკვაძის გვარზე იყო. აი, საქართველოს საზღვრის კვეთის დამამტკიცებელი საბუთიც,-დოკუმენტი გაუწოდა დეტექტივმა.
მაჩაბელმა ზიზღით დახედა საბუთს და კბილებიდან გამოსცრა:-ნაგავი!
დეტექტივმა საუბარი გააგრძელა:
-ეს ზვიად გაგუას თმის ღერიდან აღებული დნმ-ის ანალიზის პასუხია, რომლითაც ზაქარიას სურს, რომ მამის სიკვდილის შემდეგ მისი დიდძალი ქონება მიისაკუთროს.
-ჰო, -შუბლზე მოიკიდა ხელი მაჩაბელმა და სერიოზული სახით დააცქერდა,-კარგია, რომ მეორე თმის ღერი ჩვენთვის წამოვიღე.
-მოკლედ, ყველანაირი მაკომპრომიტირებელი მასალა ხელში გიჭირავს. ახლა, რაც დარჩა, უკვე შენი გასაკეთებელია. მოკიდე დანარჩენ მასალას ხელი და პოლიციას მიაკითხე.
-დრო აღარ ითმენს, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა ვიმოქმედო,-დაეთანხმა მაჩაბელი, მერე დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის ნაწილი დაუტოვა და დეტექტივს დაემშვიდობა.

***
-ჩემი გოგოც მოსულა, -თბილად გაუღიმა მაჩაბელმა სკოლიდან გამოსულ ანას და საკოცნელად ტუჩებზე დააცხრა.
-გეგა, რამდენჯერ გითხარი, რომ სკოლასთან თავი შეიკავო ხოლმე,-უსაყვედურა ანამ.
-კარგი, მართალი ხარ, მაგრამ ისეთი ტკბილი ხარ, ვეღარ ვითმენ,-გაეცინა მამაკაცს,-ხომ არ დაიღალე ან ხომ არ მოგშივდა, პატარავ?
-ისევ პატარა ახსენე? ჩაგცხებ ახლა რამეს,-გაეცინა ანას.
-ვის ეუბნები მაგას, გოგო?-ხელები გაუკავა გეგამ.
-გეგა, გამიშვი, მტკივა,-აკივლდა ანა.
-რა გეგა? მიდი აბა, გელოდები, მაჩვენე რისი თავი გაქვს?-დასცინოდა მაჩაბელი გოგონას.
-აუ, მართლა მტკივა, ხელები გამიშვი.
-ჰო, კარგი, ოღონდ ვიდრე იბლატავებ, გაიხსენე ხოლმე, რომ არაფრის თავიც არ გაქვს,-ხელი გაუშვა მაჩაბელმა და მანქანა დაქოქა.
-საზიზღარო!-მიაძახა გოგონამ და ენა გამოუყო.
-ვის უყოფ ენას, გოგო? გავაჩერო ახლა მანქანა?
-ვაი, არა!-აკისკისდა ანა.
მაჩაბელმა ანა მასწავლებელთან დატოვა და დაპირდა, რომ ორ საათში მიაკითხავდა. ცოტა ხანი იყო გასული, როდესაც ვიღაც ქალმა აღელვებული ხმით დაურეკა:
-გეგა მაჩაბელი ბრძანდებით?
-დიახ.
-მე პავლე მიროტაძის მეუღლე გახლავართ. ჩემი მეუღლის დაჟინებული თხოვნით გირეკავთ. არ ვიცი როგორ, მაგრამ ზაქარიამ შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ მაკომპრომიტირებელ მასალას აგროვებდით. ახლახან იყო ჩვენს სახლში და პავლეს მის შესახებ მოპოვებული დოკუმენტაცია მოსთხოვა. როდესაც ნახა, რომ საბუთები ბინაში აღარ იყო, მიხვდა, რომ ყველაფერი თქვენ გაქვთ. ჩემი ქმარი სასიკვდილოდ გაიმეტა და ძლივს მივუსწარი, რომ გადამერჩინა. ახლა საოპერაციოში შეჰყავთ. სავარაუდოდ თქვენ გეძებენ. მგონი, გაგუების ოჯახისკენ წავიდნენ, დროზე თუ არ იმოქმედებთ, ძალიან ცუდი ამბავი დატრიალდება.
-კარგი, დიდი მადლობა. თქვენს მეუღლეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,-მაჩაბელმა ტელეფონი აღელვებული ხმით გათიშა და ზვიადის მობილურზე დარეკა.
-ზვიდ, გამარჯობა, გეგა ვარ. სად ხართ?
-სახლში ვარ. ხომ მშვიდობაა? რა ხმა გაქვს?
-სასწრაფოდ ტაქსი გამოიძახეთ და ყველა ოჯახის წევრმა სახლი დატოვოს!
-რატომ? რა ხდება?-გაოგნებული ეკითხებოდა მძღოლს.
-თქვენი ოჯახის ლიკვიდაციაა დაგეგმილი. სახლს დროზე თუ არ დატოვებთ, არ მინდა, გავიფიქრო რა მოხდება. აეროპორტში წადით, თქვენს მანქანაში არ ჩაჯდეთ, საშიშია. პირველივე თვითმფრინავის რეისზე დაჯექით და ნებისმიერი მიმართულებით გაფრინდით. მე ანასთან მივდივარ, მასწავლებელთან მყავს დატოვებული, იმასაც გამოვიყვან და აეროპორტში შევხვდებით. სადაც არ უნდა ჩახვიდეთ, მერე იქიდან დამიკავშირდებით და აგიხსნით რაც მოხდა. მანამდე კი ყველაფერს მოვაგვარებ და გპირდებით, რომ დამნაშავეებს ციხეში ჩავსვამ. ოღონდ ახლა წადით, აქაურობას გაეცალეთ.
-დაზუსტებით იცი? ვინ არიან? რა უნდათ?
-ახლა ამის დრო არ არის. სიტყვაზე მენდეთ და დროულად იმოქმედეთ!-გეგამ ტელეფონი გათიშა და ანასთან წავიდა.
-შე ბოზ*იშვილო, კვალში ჩამიდექი, არა? ღრიალებდა გეგა და უკონტროლო სიჩქარით მიჰყავდა ავტომანქანა.
ოც წუთში გასავლელი გზა ათ წუთში დაფარა და კეკელიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსთან გააჩერა. მერე მანქანიდან სწრაფად გადავიდა და შენობაში შეაჭრა. ანას მასწავლებელს ბოდიში მოუხადა და გოგონა შუა გაკვეთილიდან გამოიყვანა. გაკვირვებული ანას სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა:
-ანა, ჩემო სიცოცხლე. ახლა, კარგად მომისმინე. არ აღელდე და რასაც გეტყვი, დამიჯერე:- რაღაც გაუთვალისწინებელი ამბავი მოხდა, ამიტომ აეროპორტში წაგიყვან, მთელი ოჯახი რამდენიმე დღით საზღვარგარეთ გაფრინდებით და მალე ისევ ჩამოხვალთ.
-რა ხდება, გეგა?- გოგონას თვალებში შიში ჩაუდგა.
-ერთი წუთი არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად დასრულდება. ხომ მენდობი?
-აჰამ,-თავი დაუქნია ანამ.
-მე აქ ყველაფერს მოვაგვარებ და მერე დაგირეკავთ და გეტყვით, როდის შეიძლება თქვენი დაბრუნება თბილისში. კარგი?
-კარგი.
მაჩაბელმა გოგონას აკოცა, მთელი ძალით მიიხუტა გულზე და საუბარი განაგრძო:
-შენი ოჯახის წევრები უკვე აეროპორტში იქნებიან. ჩვენც იქ უნდა მივიდეთ და რაც შეიძლება, უნდა ვიჩქაროთ! ახლა ხელს ჩამკიდებ და სადარბაზოდან გავრბივართ.
-ღმერთო ჩემო, რა ხდება?-სლუკუნებდა ანა.
-ამის დრო არ არის, წავედით!-მამაკაცმა გოგონა სადარბაზოდან გაიყვანა და უკვე ქუჩის მეორე მხარეზე გადადიოდნენ, როცა თეთრი ფერის მანქანა მათ წინ გაჩერდა. წყვილმა შეიარაღებულ უცნობს მოჰკრა თვალი, რომელიც ბოროტი მზერით, მიზანში იღებდა ორივეს.
-არა!-იღრიალა მაჩაბელმა და ანას მთელი სხეულით გადაეფარა.
ბოროტმოქმედმა მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა და ადგილიდან მიიმალა. ანამ გეგას სისხლით გაწითლებულ და ძირს დაგდებულ სხეულს რომ დახედა, მისი განწირული ხმა მთელ ქუჩას ეყურებოდა:
-სასწრაფო დახმარებას დაურეკოს ვიღაცამ!-შეურაცხადივით კიოდა ანა. მერე ჩაიმუხლა და გეგას დახუჭულ თვალებს, რომ შეხედა, გაწყვეტილი სიტყვებით, ძლივს აბავდა სათქმელს თავს: -გეგა, თვალები გაახილე, გთხოვ. გეხვეწები, არ დამტოვო რა. უშენოდ ვერ გავძლებ, საყვარელო. იცოდე მეც მოვკვდები, გეგა,-ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები გოგონას და მამაკაცის სახეს ეწვეთებოდა.
ამასობაში, ქუჩაზე მიმავალი მანქანების მძღოლები, იქ მომუშავეები და მაცხოვრებლები, ყველა შემთხვევის ადგილას შეკრებილიყვნენ და აღშფოთებულები უყურებდნენ მომაკვდავ მაჩაბელს.
მამაკაცმა თვალები ნახევრად გაახილა და წაილუღლუღა:
-ჩემი მანქანის სავარძლის ქვეშ დოკუმენტებია, დათა ნახე და დანარჩენი იმან იცის. მიყვარხარ, პატარავ!-ძლივს გაუღიმა და ღიმილი სახეზე შეეყინა.
-გეგა, ეს არ გააკეთო, იცოდე! არ წახვიდე, გეგა! არ წახვიდე ძალიან გთხოვ, გეგა! გემუდარები, ნუ მიმატოვებ! აწიე ეს დაფლეთილი სხეული და აქედან წავიდეთ, გთხოვ,- გულსაკლავად ტიროდა ანა და აკანკალებული თითებით მის სახეს ფრთხილად ეფერებოდა.
ერთ-ერთი მამაკაცი მაჩაბელის სხეულს მიუახლოვდა და პულსი გაუსინჯა. მერე თავი დანანებით გაიქნია და წამოდგა.
სასწრაფოც მალე გამოჩნდა. გეგას სისხლში დათხვრილი ანა ფეხზე წამოაყენეს და მამაკაცი გასინჯეს. მაჩაბელს პულსი უკვე აღარ ესინჯებოდა.
ქუჩაში მარტოდ დარჩენილი, თავზარდაცემული ანა გეგას მობილურში დათას ტელეფონის ნომერს ეძებდა. სწრაფად აკრიფა ნომერი და მის პასუხს დაელოდა:
-ჰო, გეგა,-გაისმა დათას ხმა.
-გეგა არ ვარ, ანა გაგუა ვარ, მისი შეყვარებული. დათა, შენს მეგობარს ესროლეს,-ქვითინებდა გოგონა.
-რა?- წამოიყვირა დათამ.
-ვიღაცები რამდენიმე წუთის წინ ქუჩაში გვესროდნენ. გეგა დაჭრეს.
-შენ სად ხარ?
-შემთხვევის ადგილას. აქ გეგას მანქანაა, დათა. იქნებ გამოხვიდე და საავადმყოფოში წამომყვე. შენი მეგობარი სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.
-მისამართი მომწერე, ახლავე გამოვდივარ,-ეს თქვა და ტელეფონი გათიშა დათამ.
ანამ სასწრაფოდ მისწერა მისამართი დათას. რამდენიმე წუთში, მამაკაცი მითითებულ მისამართზე იყო.

***
სამწუხაროდ, ექიმებმა გეგა ვერ გადაარჩინეს. საავადმყოფოში გადაყვანისას, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. ყველასთვის მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა მისი სიკვდილი. მაჩაბლის იმ ქვეყნად წასვლამ ძალიან ბევრს ატკინა გული და დაკრძალვის დღესაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ნია და მეგობრები ანას არცერთი წუთით ტოვებდნენ მარტო. მხარში ედგნენ და შეძლებისდაგვარად ანუგეშებდნენ.
გარდაცვლილის დედა რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება მოუხდათ. გეგას მეგობრები მასაც მაქსიმალურად ეხმარებოდნენ საშინელ ამბავთან გამკლავებაში, თუმცა თავადაც ძალიან უჭირდათ.
სასაფლაოდან ცოცხალმკვდარი მოდიოდა ანა გაგუა. გვერდში ნია, თეო, ნიკა და ლილე ედგნენ. წინ, მოულოდნელად თათა დვალი გადაუდგათ. გოგონას დარდისგან და ტკივილით გამორეცხილ თვალებში ჩახედა და უთხრა:
-ვიცი, რასაც განიცდი. დამიჯერე, დღევანდელი დღე არც ჩემთვის არის ადვილად გადასატანი. ჩვენ ორივეს ერთი მამაკაცი გვიყვარდა, რომელმაც ბოლომდე ღირსეულად იცხოვრა. არ მახსენდება, რომ გეგას სადმე რამე შეშლოდა. ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერებოდა. ალბათ, სწორედ ამ თვისებებით შეგვიყვარდა. მჯერა, არაერთი მოგონება დაგრჩება მასზე და ისინი ცხოვრების ბოლომდე გაგტანჯავენ. ჰო, მეც ბევრი კარგი მოგონება დამიტოვა, მაგრამ რა ვქნათ? ამ ტკივილს როგორმე უნდა მოვერიოთ. იცი? სიმართლე გითხრა, მაშინ, როცა ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა არჩევანი შენზე გააკეთა, გული დამწყდა, მაგრამ გავუგე და მის არჩევანსაც პატივი ვეცი. თუ ოდესმე რამეში დახმარება დაგჭირდეს, გეგას რჩეულისთვის ჩემი კარები ყოველთვის ღია იქნება,-თათამ თვალიდან წამოსული ცრემლი სასწრაფოდ შეიმშრალა, რომ არავის დაენახა და წასვლა დააპირა.
-მადლობა,-დაბალი ხმით უთხრა ანამ.
ქალმა თავი დაუკრა და იქაურობას გაეცალა.

***
დათამ გეგას ბოლო სურვილი აასრულა და მისი დაღუპვის დღესვე მიიტანა პოლიციაში ზაქარია ბონეტის საწინააღმდეგოდ შეკრებილი სამხილები. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, დამნაშავე თავის თანამზრახველთან ერთად საქართველო-თურქეთის საზღვარზე დააკავეს. მოსამართლემ ბონეტს თორმეტი, ხოლო ანრის სხვა დანაშაულებების გათვალისწინების მიხედვით, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ზვიად გაგუამ მისი და დანარჩენი ოჯახის წევრების გადარჩენისთვის, მადლიერების ნიშნად, გეგას დედას ცხოვრების ბოლომდე ფინანსური დახმარება აღუთქვა.

***
ოთხი წლის შემდეგ...
ბაკურიანში ისევ ბარდნიდა. ქარი გულსაკლავად ზუზუნებდა და ფანჯრის მინებს ისე აწვებოდა, ცოტაც და ოთახში შეამსხვრევდა. ჩაძინებულ ანას სახეზე შფოთვა ეტყობოდა. ცოტა ხანში, შეშინებულმა გაიღვიძა. მთელს სხეულში უცნაურმა განცდამ დაუარა. საწოლიდან წამოდგა, ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა და კიბეებზე დაეშვა. ფანჯარასთან მივიდა და დიდხანს იყურებოდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა... ძალიან შესცივდა და სიცივეს რომ ვეღარ მოერია, ბუხარს გახედა და დაინახა, რომ უკანასკნელი ნაკვერჩხალიც ქრებოდა. სული შეუბერა, გააღვივა და შეშის ნაჭერი დაამატა. ხმელ ხეს ალი უცებ მოეკიდა და აგიზგიზდა. მერე სამზარეულოში შევიდა და ყავის მომზადებას შეუდგა. ჭურჭლის ხმაურზე ოთახიდან ლილე გამოვიდა.
-რომელი ხარ მანდ, სამზარეულოში?
-მე ვარ, ლილე,-უპასუხა ანამ.
-რას აკეთებ?
-ყავას ვადუღებ.
-მეც მინდა, შემოგიერთდები,-ხალათი შემოიცვა და ქვევით ჩავიდა.
-აი, რა გინდა, რას დამდევ? წადი, შენს ქმარს მიხედე,-გაეცინა ანას.
-არ აკლია ნიკას ჩემი ყურადღება,-გაეცინა ლილესაც,-შენ ის მითხარი, ამ შუაღამისას რატომ არ გძინავს?
-სიზმარი ვნახე და ვეღარ დავიძინე.
-მანდ რა ხდება?-ოთახიდან თავი გამოყო ნამძინარევმა თეომ.
-ოჰ, შეიკრიბა „სასტავი“. მოდი, ყავა დაგალევინოთ,-ხელი დაუქნია მულს ლილემ.
ცოტა ხანში თეოც შემოუერთდათ:
-არ ხართ თქვენ კარგად, რა ყავა მომინდომეთ ღამის ორ საათზე? -თვალებს იფშვნეტდა თეო.
ანამ გოგოებს ფინჯნებში ყავა დაუსხა და მიაწოდა. მერე ჩაფიქრებულმა ფანჯრიდან გაიხედა და აღნიშნა:
-ქარიც ჩადგა.
-რას ამბობდი? სიზმარი ვნახეო?-შეახსენა ლილემ.
-ჰო, გეგა ვნახე. ჩემი სახლის კართან მანქანით მოვიდა, შემოსვლა ვთხოვე და იუარა, მიზეზად დაღლა მოიდო. ასე მითხრა, მეჩქარება, მელოდებიან და მალე უნდა დავბრუნდეო. გამიხარდა მისი ნახვა, თუმცა ძველებურად აღარ ავღელვებულვარ და აღარც გული შემკუმშვია. ადრინდელივით მეხუმრებოდა. მერე უცებ სახე მოეღუშა და მითხრა: -ვეღარ გავუძელი ამდენ ბოროტებას და გაღმა გავინაპირეო... საჩუქარი გადმომცა და დამემშვიდობა. გული დამწყდა, რომ წავიდა და ისევ სიცარიელეში დამტოვა. სახლს გავხედე, თუმცა აღარ შევბრუნებულვარ, ან რად მინდოდა? ვინ მელოდებოდა? უკან გავეკიდე და დიდხანს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე...
ანამ ცრემლები ვეღარ შეიკავა, წამოდგა, გოგოებს მოუბოდიშა და ყავის ჭიქით გარეთ გავიდა. ლილეს უკან უნდოდა, რომ გაჰყოლოდა. თეომ ხელით შეაჩერა:
-თავი დაანებე, ვიდრე ანას მოგონებებს ასე ცივად ათოვს, ვერასოდეს დაივიწყებს გეგას. გაუშვი, გულს მოიოხებს და შემოვა.
ანამ ღრმად ჩაისუნთქა ბაკურიანის ჰაერი და ზეცას ახედა. უხვად ბარდნიდა. თოვლის ფანტელები სახეზე ეფინებოდნენ. დამძიმებულ გულს ვერაფერს უხერხებდა და დათოვლილ ლოყებზე ცრემლები თავისით იკვალავდნენ გზას. უნდოდა, ყავის ჭიქა ძირს დაედგა და თოვლის გუნდა შეეკრა, რომ სიმწრისგან შორს ესროლა. ოდნავ დაიხარა და ფეხი აუსრიალდა:
-ფრთხილად, გოგონი,-ხელი მიაშველა ვიღაცამ და ფეხზე წამოაყენა.
ანამ უცნობ მამაკაცს ახედა და მისგან წამოსული სურნელით გაოგნებულმა სიტყვები ძლივს წარმოთქვა:
-Blue De Chanel?
-ჰო, ჩემი საყვარელი სუნამოა,-ჩაეცინა მამაკაცს.
-ჩემი და გეგასიც,-ძლივს ამოილუღლუღა და ცისფერ თვალებში შეშლილივით ჩახედა.
-ჩემი სახელი საიდან იცით?
-შენც გეგა გქვია?
-ჰო,-გაკვირვებული დააცქერდა უცნაურად მომზირალ ანას უცნობი.
ანამ ცრემლები მოიწმინდა და ჭიქისგან გაჭრილი ხელით სისხლის კვალი თვალის უპეებთან დაეტყო.
-თქვენ რა, ხელი გაიჭერით?- აღელვებულმა მამაკაცმა ხელი წაავლო გოგონას.
-ოჰ, არა, ოღონდ ეს არა,-კიდევ უფრო ატირდა ანა,-აქ საიდან გაჩნდით?
-დამსვენებელი ვარ. აი ამ სახლში ვცხოვრობ,-თითი გაიშვირა ერთ-ერთი სახლისკენ მამაკაცმა.
-დავიჯერო, თოვა შეწყდა?-თავისდაუნებურად წამოსცდა სიტყვები გოგონას და თავს ატყობდა, რომ გონებას ჰკარგავდა.
-რა გითხრათ, ისევ ბარდნის. ვიდრე თოვა გადაიღებს, სასეირნოდ გამოვედი. მიყვარს, როცა ღამის წყნარ ბაკურიანს ასე ლამაზად ათოვს...
უცნობ მამაკაცს სიტყვები არ ჰქონდა დამთავრებული, რომ გოგონას გულწასული სხეული ხელებში იგრძნო.


დასასრული



№1  offline წევრი აბლაბუდა

ვკითხულობდი ისტორიას, დასაწყის კარგად იყო დაწერილი, მაგრამ დასასრილი იყო ნაჩქარევი და მიფუჩეჩებული, ჩემი აზრით უაზროს დაასრულე რა საჭირო იყო გეგას სიკვდილი, მეც მიფუჩეჩებით წავიკითხე ბოლო

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

აბლაბუდა
ვკითხულობდი ისტორიას, დასაწყის კარგად იყო დაწერილი, მაგრამ დასასრილი იყო ნაჩქარევი და მიფუჩეჩებული, ჩემი აზრით უაზროს დაასრულე რა საჭირო იყო გეგას სიკვდილი, მეც მიფუჩეჩებით წავიკითხე ბოლო


არ ვიცი, რას უწოდებ შენ მიფუჩეჩებას, მაგრამ მთელი ღამე გავათენე დასასრულის დასაწერად და თვეების განმავლობაში კი ეს ისტორია ჩემს გონებაში მწიფდებოდა. მადლობა შენი აზრის დაფიქსირებისთვის. მაინც საინტერესო იყო, თუმცა ჩემი აზრით, არალოგიკური :)))
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გეგას სიკვდილი საერთოდ რატომ დაუშვი ვერ ვხვდები.... ამიტომ არ მიყვარს ასეთი ისტორიების კითხვა... იშვიათად ვრისკავ ხოლმე დაწყებას და როგორც ყოველთვის არც ამჟამად არ გამიმართლდა იმედები და ცუდად დასრულდა -_-

 


№4  offline ახალბედა მწერალი K. I.

სალანდერი
აუ ქეთი, მე ხომ იცი როგორ მეკეტება ასეთ დასასრულებზე, აი ჩემია რა, სულ ჩემია. . . (ეს რომ არ მეთქვა თავიდან არ შემეძლო, ახლა უფრო დეტალურად)
ესე იგი დავიწყოთ პერსონაჟებით.
გეგა იყო ძალიან კაი ტიპი რა, აი როგორც ვთქვი ისეთი რა, მართალი, გულწრფელი და სერიოზული. თან ისეთი მოტიპო რა. . .
ანა ბავშვური იყო და ბავშვებმა ყველაზე გულწრფელი სიყვარული იციან.
ეს ბონეტი რაღაც ტრაგიკული პერსონაჟია, დედის და მამის მსხვერპლი. უხ როგორ ვერ ვიტან ეგეთ ქალებს, შვილების ფსიქიკას რომ ძალიან დიდ უარყოფით კვალს ამჩნევენ თორე სხვა ყველაფერს "გავუგებ". ეს ზვიადი კიდე საცემია.
დანარჩენები როგორც მე ვიტყოდი პაიკები იყვნენ რა.
ჩემი საყვარელი პერსონაჟი არის თათა! ქალი ეშხი, ქალი სერიოზულობა, ქალი შეგნება, ქალი გაგება, ირონია, ცეცხლი ვნება და საოცრება. . . გავაფანატე.
მიუხედავად იმისა რომ გეგა ანას წყვილში რაღაც ქიმია იყო აშკარად, მივხვდი რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე,ზუსტად ამიტომ გითხარი გუშინ გენდობი და მოგყვები მეთქი, შეუძლებელია, შენნაირმა ავტორმა ზუსტად არ იცოდეს მისი პერსონაჟებისთვის როგორი ბოლო იქნება იდეალური. ჩემი აზრით ძალიან ზუსტად შეარჩიე რა, იმაზე ზუსტად ვიდრე წარმომედგინა, თან შენგან ასეთ დასასრულს არ ველოდი,ვიცი რომ არ გიყვარს დიდად და ჰო, ზუსტად იმიტომ მომწონხარ რომ ვერაფერსაც ვერ ველოდები დიდად დარწმუნებული. გამოუცნობი ხარ. მიუხედავად იმისა რომ ძალიან შენი სტილი და მანერა გაქვს, არასდროს არაფრით ჰგავს შენი ისტორიები ერთმანეთს.
გაფასებ, როგორც ავტორს, ძალიან მაღალ დონეს რომ დებ ყოველთვის იმისთვის.
მადლობა სიამოვნებისთვის და რა თქმა უნდა სულ დაველოდები შენს გამოჩენას. ❤


ოი, სალანდერ! შენ ვერ წარმოიდგენ გეგა როგორ მეტკინა. ჰო, სწორად აღნიშნე, რომ ასეთი დასასრული არ მიყვარს და არსად არ მაქვს. უბრალოდ, მოხდა ის, რაც მოხდა. მივყევი შინაგან გრძნობებს, ალღოს, ყველაფერს ერთად და ასეთ დასასრულამდე მივედი. თან ვწერდი, თან ვტიროდი. რა სიგიჟეა წერის დროს ტირილი, მაგრამ ჰო, როცა მთელი შინაგანი სამყაროთი სადღაც ხარ ჩაფლული და ბოლომდე აკოწიწებ და იყვარებ პერსონაჟებს და მერე რაღაც ემართებათ, განიცდი და ტირი.
მადლობა, რომ არ დაიზარე და შენი სრულყოფილი აზრი გამიზიარე. მადლობა, რომ ჩემთან ხარ და ყველაფრისთვის მადლობა. ბედნიერი ვარ, რომ შენნაირი მკითხველი მყავს, რომელიც არასოდეს არის რეალობას მოწყვეტილი შეფასებისას ❤️❤️❤️

ანი ანი
გეგას სიკვდილი საერთოდ რატომ დაუშვი ვერ ვხვდები.... ამიტომ არ მიყვარს ასეთი ისტორიების კითხვა... იშვიათად ვრისკავ ხოლმე დაწყებას და როგორც ყოველთვის არც ამჟამად არ გამიმართლდა იმედები და ცუდად დასრულდა -_-


მწერლებსაც ძალიან გვიჭირს ჩვენი შექმნილი და ნაკოწიწები პერსონაჟების დაკარგვა, მაგრამ ასე გამოვიდა.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5  offline წევრი qetulaa

ძალიან რეალური ისტორია, ლოგიკური დასასრულით, ცხოვრება ზგაპარი არაა რომ სულ ბედნიერი ბოლო ჰქონდეს, საოცრად პატიოსანი დასამარტლიანი გეგა, ასეტების სიცოცხლე ყოველთვის ხანმოკლეაა, ზოგისთვის წუტისოფელი ფიესტაა, მავანისთვის კი რამოდენიმე გაელვება, მიყვარსსჰენი გამართული ისტორიების კიტხვა, რასაც ამ კომენტარზე ვერ ვიტყვი, ბავშვი მიჭირავს ცალი ხელიტ. მალე დაგვიბრუნდი ქეთ, ბედნიერიახალი ცელი გქონოდეს

 


№6  offline ახალბედა მწერალი K. I.

qetulaa
ძალიან რეალური ისტორია, ლოგიკური დასასრულით, ცხოვრება ზგაპარი არაა რომ სულ ბედნიერი ბოლო ჰქონდეს, საოცრად პატიოსანი დასამარტლიანი გეგა, ასეტების სიცოცხლე ყოველთვის ხანმოკლეაა, ზოგისთვის წუტისოფელი ფიესტაა, მავანისთვის კი რამოდენიმე გაელვება, მიყვარსსჰენი გამართული ისტორიების კიტხვა, რასაც ამ კომენტარზე ვერ ვიტყვი, ბავშვი მიჭირავს ცალი ხელიტ. მალე დაგვიბრუნდი ქეთ, ბედნიერიახალი ცელი გქონოდეს


ქეთი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ შენი ძვირფასი დრო დამითმე, იმისთვის რომ მოიწონე, იმისთვის, რომ გმირები შეიყვარე, იმისთვის, რომ ნაწარმოები მიიღე ისეთი, როგორიც არის. მეც ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებ და ვნახოთ, მუზამ თუ არ მიღალატა, ალბათ, ისევ შეგახსენებთ თავს kissing_heart kissing_heart
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№7  offline წევრი Kitket

ძალიან მომწონდა ეს ისტორია და ყოველ დღე ველოდი როდის დაიდებოდა, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი,განა იმიტომ რომ გეგა მოკლეს? არა ეგ არაფერ შუაში არ არის, ზუსტად ეგ დასასრული სჭირდებოდა ამ ურთიერთობას, უბრალოდ ძალიან ნაჩქარევად დაწერილი მგონია,ასე მეგონა მოგსდევდა ვიღაც და უცებ უცებ წერდი რომ მოგესწრო ყველაფრის დაწერა,ძალიან დააჩქარე მოვლენები,მაშინ როცა შეგეძლო უფრო ემოციურად დაგეწერა,ასე კარგად რომ დაიწყებ ასე არ უნდა დაასრულო,იმდენად მიყვარდა ეს მოთხრობა გული დამწყდა,ასე მგონია მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერე, არ მინდა საწყენად მიიღო,გაფასებ როგორც მწერალს და შენ მოთხრობებსაც სულ ვკითხულობ, ვიცი,შენია მოთხრობა და როგორც გინდა ისე დაწერ,მაგრამ ჩემი აზრიც რომ არ მეთქვა არ შემეძლო

 


№8  offline წევრი სიბილა

ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიით. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არაფერია აქ მიფუჩეჩებული.საწყენიცაა, ამის თქმა.კი, ტრაგიკულია ამბავი, მაგრამ ყველაფერი იყო რეალური და ლოგიკური.და, მეტიც:მივესალმები ასეთ დასასრულს. გმადლობთ, რომ დაწერეთ და წაგვაკითხეთ. საერთოდაც, რაც წავიკითხე, ყველაფერი მომეწონა თქვენი, ქეთი.

 


№9  offline ახალბედა მწერალი K. I.

Kitket
ძალიან მომწონდა ეს ისტორია და ყოველ დღე ველოდი როდის დაიდებოდა, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი,განა იმიტომ რომ გეგა მოკლეს? არა ეგ არაფერ შუაში არ არის, ზუსტად ეგ დასასრული სჭირდებოდა ამ ურთიერთობას, უბრალოდ ძალიან ნაჩქარევად დაწერილი მგონია,ასე მეგონა მოგსდევდა ვიღაც და უცებ უცებ წერდი რომ მოგესწრო ყველაფრის დაწერა,ძალიან დააჩქარე მოვლენები,მაშინ როცა შეგეძლო უფრო ემოციურად დაგეწერა,ასე კარგად რომ დაიწყებ ასე არ უნდა დაასრულო,იმდენად მიყვარდა ეს მოთხრობა გული დამწყდა,ასე მგონია მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერე, არ მინდა საწყენად მიიღო,გაფასებ როგორც მწერალს და შენ მოთხრობებსაც სულ ვკითხულობ, ვიცი,შენია მოთხრობა და როგორც გინდა ისე დაწერ,მაგრამ ჩემი აზრიც რომ არ მეთქვა არ შემეძლო


დიდი მადლობა შეფასებისთვის. მკითხველის აზრი ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ კარგი იქნება, თუ იმასაც მეტყვი რა მომენტში იგრძენი, რომ ნაჩქარევად და მოვალეობის მიზნით დავწერე?

სიბილა
ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიით. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არაფერია აქ მიფუჩეჩებული.საწყენიცაა, ამის თქმა.კი, ტრაგიკულია ამბავი, მაგრამ ყველაფერი იყო რეალური და ლოგიკური.და, მეტიც:მივესალმები ასეთ დასასრულს. გმადლობთ, რომ დაწერეთ და წაგვაკითხეთ. საერთოდაც, რაც წავიკითხე, ყველაფერი მომეწონა თქვენი, ქეთი.


უღრმესი მადლობა ❤️ ჰო, რა გავაკეთო? ზოგს მოეწონება, ზოგს არა. ეს ბუნებრივიც არის. მიხარია, რომ შენი შთაბეჭდილება გამიზიარე, ძალიან გამახარე ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№10  offline მოდერი Tamta.k

ქეთიი შენ საოცრება ხარ! აი სრულად რომ წავიკითხე გამიკვირდა რადგან ეხლა იწყებოდა ანას და გეგას ისტორია, თუმცა წავიკითზე თუ არა მივხვდი რომ რაღაც სასწაული ჩაიდინე. გეგას რენკარნაცია? აი დასასრულზე გავგიჟდი, ზოგადად არ მიყვარს "ცუდი" დასასრული რადგან მთელი დღე ამაზე უნდა ვფიქრობდე და ცუდ ხასიათზე ვიყო მაგრამ... ეს არ იყო ცუდი დასასრული. გეგამ ანა და არა მარტო ანა მისი ოჯახი გადაარჩინა. გეგას ბევრლი აკრიტიკებდა თუმცა ის საერთოდ არ იყო ამის ღირსი, შენ მისი სახით ძლიერი, შეუპოვარი და მამაცი პერსონაჟი შექმენი. მიყვარს როდესაც ისტირიაზე ისე ვლაპარაკობ როგორც სინამდვილეზე, ამ ისტორიამ მე მართლა რეალურ სამყაროში მაგრძნოვია თავი. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ შენი დამსაახურებაა, რომ ესე კარგად აღწერ და მკითხველთან მოგაქვს ყოველი სიტყვა, ადგილი. გარემო თუ დეტალი.
მიხარია რომ ანას ისევ ეყოლება ცხოვრევის თანამგზავრი რომელსაც გეგა ქვია და Blue de chanel- ის სურნელით კვლავ გააბრუებს.
მადლობა ქეთი ასეთი ისტორიისთვის, მოხარია რომ შენი ისტორია წავიკითხ❤️ მალე დაგვიბრუნდი...
სანამ თოვა შეწყდებოდეს...

 


№11  offline ახალბედა მწერალი K. I.

Tamta.k
ქეთიი შენ საოცრება ხარ! აი სრულად რომ წავიკითხე გამიკვირდა რადგან ეხლა იწყებოდა ანას და გეგას ისტორია, თუმცა წავიკითზე თუ არა მივხვდი რომ რაღაც სასწაული ჩაიდინე. გეგას რენკარნაცია? აი დასასრულზე გავგიჟდი, ზოგადად არ მიყვარს "ცუდი" დასასრული რადგან მთელი დღე ამაზე უნდა ვფიქრობდე და ცუდ ხასიათზე ვიყო მაგრამ... ეს არ იყო ცუდი დასასრული. გეგამ ანა და არა მარტო ანა მისი ოჯახი გადაარჩინა. გეგას ბევრლი აკრიტიკებდა თუმცა ის საერთოდ არ იყო ამის ღირსი, შენ მისი სახით ძლიერი, შეუპოვარი და მამაცი პერსონაჟი შექმენი. მიყვარს როდესაც ისტირიაზე ისე ვლაპარაკობ როგორც სინამდვილეზე, ამ ისტორიამ მე მართლა რეალურ სამყაროში მაგრძნოვია თავი. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ შენი დამსაახურებაა, რომ ესე კარგად აღწერ და მკითხველთან მოგაქვს ყოველი სიტყვა, ადგილი. გარემო თუ დეტალი.
მიხარია რომ ანას ისევ ეყოლება ცხოვრევის თანამგზავრი რომელსაც გეგა ქვია და Blue de chanel- ის სურნელით კვლავ გააბრუებს.
მადლობა ქეთი ასეთი ისტორიისთვის, მოხარია რომ შენი ისტორია წავიკითხ❤️ მალე დაგვიბრუნდი...
სანამ თოვა შეწყდებოდეს...


თამთა, არ ვიცი ვინ ხარ, როგორი ხარ, რამდენი წლის ხარ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ღრმა პიროვნება ხარ. როგორ გითხრა? თითოეულ შენს სიტყვას ემჩნევა, რას განიცდი და როგორ აღიქვამ. უზარმაზარი მადლობა შენ, რომ ჩემთან ერთად შეიყვარე ეს ისტორია და დასასრულიც შემიფასე. არავის აღუნიშნავს გეგას რეინკარნაცია. აი, შენ კი არ გამოგრჩა ❤️ მეძვირფასება ასეთი მკითხველი ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№12  offline წევრი -ლილუ

მოვედი წავიკითხე...
კიდევ წავიკითხე...
მერე ისევ წავიკითხე...
გ ა მ ა ფ რ ე ' ნ ი ნ ე....
რაც შეეხება პერსონაჟებს...
გეგა აი როგორი ტიპი იყო იცი...
განსხვავებულად მისეული აი სულ არავის,რომ არ გავდა...
დამაცარიელა მისმა სიკვდილმა...
რალურად მეტკინა უ'გეგაობა...
ანა ყველაზე წმინდა სიყვარულით სავსე ბავშვი...
თათა ქალი საოცრება ჩვეულებრივად...(ყველაზე ტიპი)
დანარჩენები უბრალოდ შემავსებლები იყვნენ ამ ისტორიაში...
გამოგივიდა დასასრული,რომელიც დასაწყისად იქცა...
მე ხომ გითხარი სხვა დონის და ლეველის მწერალი ხართქო...
არავის რომ არ გავხარ...(სულსულ ქეთი,რომ ხარ)
ყოველფერში იგრძნობა შენი უ'მაღლესი წერის დონე...
ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ქართველ მწერალთა შორის(და არამარტო)
ბევრი წერე...
სულ წერე...
მე სულ წაგიკითხავ...

 


№13  offline ახალბედა მწერალი K. I.

-ლილუ
მოვედი წავიკითხე...
კიდევ წავიკითხე...
მერე ისევ წავიკითხე...
გ ა მ ა ფ რ ე ' ნ ი ნ ე....
რაც შეეხება პერსონაჟებს...
გეგა აი როგორი ტიპი იყო იცი...
განსხვავებულად მისეული აი სულ არავის,რომ არ გავდა...
დამაცარიელა მისმა სიკვდილმა...
რალურად მეტკინა უ'გეგაობა...
ანა ყველაზე წმინდა სიყვარულით სავსე ბავშვი...
თათა ქალი საოცრება ჩვეულებრივად...(ყველაზე ტიპი)
დანარჩენები უბრალოდ შემავსებლები იყვნენ ამ ისტორიაში...
გამოგივიდა დასასრული,რომელიც დასაწყისად იქცა...
მე ხომ გითხარი სხვა დონის და ლეველის მწერალი ხართქო...
არავის რომ არ გავხარ...(სულსულ ქეთი,რომ ხარ)
ყოველფერში იგრძნობა შენი უ'მაღლესი წერის დონე...
ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ქართველ მწერალთა შორის(და არამარტო)
ბევრი წერე...
სულ წერე...
მე სულ წაგიკითხავ...


ოჰ, ლილე, ლილე. გამაგიჟებ მე შენ ❤️ დავწვი ალადები იმდენჯერ გადავიკითხე შენი თბილი კომენტარი და დავრჩი ბოლომდე გაღიმებული, საუზმის გარეშე laughing
უდავოდ ძალიან კარგი მკითხველი ხარ, გეტყობა და მიხარია, რომ ასეთი კარგი მკითხველი ჩემს შემოქმედებას კითხულობს და იწონებს ❤️❤️❤️
უღრმესი მადლობა შენი სიყვარულისთვის ❤️
შეუძლებელია, ეს არ დაინახო შენს სიტყვებში ❤️
რაც შეეხება პერსონაჟებს, ჰო, ყველაფერში გეთანხმები. აი, ეს სამი (გეგა, ანა და თათა)-სამივე ჩემია, ძალიან ჩემი და ამიტომ დავაბრუნე გეგა ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№14  offline ახალბედა მწერალი K. I.

სოფიო-სოფიო
ჰო,ქეთევან მეც აქ ვარ????როგორ ველოდი დასასრულს ხო ვერც ვიტყვი????დავინახე სრულადო და როგორ გამიხარდა ეგ სხვა თემაა კიდევ????❤როცა წავიკითხე და როგორ ვისიამოვნე,ეს სხვაა კიდევ????❤
კიდევ ერთი გამართული ისტორია გვაჩუქე,ცოტა მძიმე სიუჟეტით,მაგრამ იმედის მომცემი დასასრულით.❤


სოფიო, ჩემო ერთგულო გოგო, ❤️დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№15  offline წევრი Kitket

აი თუნდაც თათადან ანაზე გადასვლის მომენტი, მინდოდა თათას და გეგას დიალოგი,მინდოდა გეგა რომელიც თავის თავს გამოუტყდებოდა და მიხვდებოდა რომ ანა უყვარს, კი გეგას თბილი საქციელი,მისი გამოხედვები,ღიმილი რომელიც ანასგან იყო გამოწვეული,მიგვახვედრებდა ყველაფერზე,მაგრამ უფრო ლამაზი და ემოციური იქნებოდა თუ გვაჩვენებდი როდის და რასიტუაციაში მიხვდა გეგა ამ ყველაფერს, საწყენად მართლა არ მითქვამს არაფერი, გითხარი უბრალოდ რა არ მომეწონა,მაგრამ არ მინდოდა ამით შენი გაღიზიანება, ჯგუფშიც ვნახე შენი პოსტი,არ ვიცი ვინ რას გიწერს და როგორ ცდილობს სხვადასხვა ექაუნთით შენს გაღიზიანებას,მაგრამ მე არაფერ შუაში არ ვარ:დდ მეც ქეთი მქვია,ერთი წელია რაც ვკითხულობ აქ ისტორიებს და შენი ისტორიებიც წამიკითხავს,აქაც განვმეორდები,რომ გაფასებ როგორც მწერალს,მომწონს შენი მოთხრობები და შენს გასაბრაზებლად და გასაღიზიანებლად არ მითქვამს განზრახ არაფერი

 


№16  offline ახალბედა მწერალი K. I.

Kitket
აი თუნდაც თათადან ანაზე გადასვლის მომენტი, მინდოდა თათას და გეგას დიალოგი,მინდოდა გეგა რომელიც თავის თავს გამოუტყდებოდა და მიხვდებოდა რომ ანა უყვარს, კი გეგას თბილი საქციელი,მისი გამოხედვები,ღიმილი რომელიც ანასგან იყო გამოწვეული,მიგვახვედრებდა ყველაფერზე,მაგრამ უფრო ლამაზი და ემოციური იქნებოდა თუ გვაჩვენებდი როდის და რასიტუაციაში მიხვდა გეგა ამ ყველაფერს, საწყენად მართლა არ მითქვამს არაფერი, გითხარი უბრალოდ რა არ მომეწონა,მაგრამ არ მინდოდა ამით შენი გაღიზიანება, ჯგუფშიც ვნახე შენი პოსტი,არ ვიცი ვინ რას გიწერს და როგორ ცდილობს სხვადასხვა ექაუნთით შენს გაღიზიანებას,მაგრამ მე არაფერ შუაში არ ვარ:დდ მეც ქეთი მქვია,ერთი წელია რაც ვკითხულობ აქ ისტორიებს და შენი ისტორიებიც წამიკითხავს,აქაც განვმეორდები,რომ გაფასებ როგორც მწერალს,მომწონს შენი მოთხრობები და შენს გასაბრაზებლად და გასაღიზიანებლად არ მითქვამს განზრახ არაფერი


ყველას თავის წერის სტილი და გადმოცემის უნარი აქვს. რაც შეეხება ჩემს გაღიზიანებას და ჯგუფში დაწერილ პოსტს, აქ არ ვაპირებ მასზე საუბარს.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

ლოგიკურად დააასრულე

 


№18  offline ახალბედა მწერალი K. I.

terooo
ლოგიკურად დააასრულე


❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№19  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ეს ისტორია რატომ ან რანაირად გამომეპარა არ ვიცი. ალბათ, ჩემი რეჟიმის ბრალია. ქეთი, ძალიან მომეწონა. ყველა პერსონაჟს სიღრმე, ერთი ხაზი, რომელიც სინამდვილეში მრავალ ამბად იშლება. წერის მანერაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკია. მოკლედ ძალიან ვისიამოვნე და დიდი მადლობა ამისათვის შენ <3
პ.ს. დასასრული იყო საოცარი. არა იმიტომ, რომ მოულოდნელი იყო, არამედ იმიტომ, რომ საოცრად იყო გაცმოდემული.

 


№20  offline ახალბედა მწერალი K. I.

lukakhati
ეს ისტორია რატომ ან რანაირად გამომეპარა არ ვიცი. ალბათ, ჩემი რეჟიმის ბრალია. ქეთი, ძალიან მომეწონა. ყველა პერსონაჟს სიღრმე, ერთი ხაზი, რომელიც სინამდვილეში მრავალ ამბად იშლება. წერის მანერაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკია. მოკლედ ძალიან ვისიამოვნე და დიდი მადლობა ამისათვის შენ <3
პ.ს. დასასრული იყო საოცარი. არა იმიტომ, რომ მოულოდნელი იყო, არამედ იმიტომ, რომ საოცრად იყო გაცმოდემული.


ძალიან დიდი მადლობა, ლუკა. იცი, რომ ძალიან გაფასებ და შენი კომენტარიც ყოველთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩემთვის ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№21 სტუმარი სტუმარი ლილე

უჰ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
სასიამოვნო და მძაფრი ემოციებით სავსე იყო.
წარმატებები საყვარელო ❤️

 


№22  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ლილე
უჰ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
სასიამოვნო და მძაფრი ემოციებით სავსე იყო.
წარმატებები საყვარელო ❤️

დიდი მადლობა, ჩემო კარგო heart_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№23 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Auu guli damwyda gegize, sayvareli vigac iyo, gegis sizmris sachuqaria axali gegi iyo, megona ertad iqnebodnen bolomde ???? saintereso ki iqneba am istoriis gagrdzeleba axal gegistan ertad????

 


№24  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი Mariamimari
Auu guli damwyda gegize, sayvareli vigac iyo, gegis sizmris sachuqaria axali gegi iyo, megona ertad iqnebodnen bolomde ???? saintereso ki iqneba am istoriis gagrdzeleba axal gegistan ertad????


ჰო, ეს რაღაც ახლის დასაწყისია. დასასრული, რომელსაც ახლის დასაწყისი ანაცვლებს -ასეთია ამ ამბის დასასრული და ასეთია ზოგჯერ ცხოვრებაც... blush
მადლობა, რომ წაიკითხე და შენი აზრი გამიზიარე kissing_heart
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№25 სტუმარი pcxk

ქეთი იმერლიშვილი
Kitket
აი თუნდაც თათადან ანაზე გადასვლის მომენტი, მინდოდა თათას და გეგას დიალოგი,მინდოდა გეგა რომელიც თავის თავს გამოუტყდებოდა და მიხვდებოდა რომ ანა უყვარს, კი გეგას თბილი საქციელი,მისი გამოხედვები,ღიმილი რომელიც ანასგან იყო გამოწვეული,მიგვახვედრებდა ყველაფერზე,მაგრამ უფრო ლამაზი და ემოციური იქნებოდა თუ გვაჩვენებდი როდის და რასიტუაციაში მიხვდა გეგა ამ ყველაფერს, საწყენად მართლა არ მითქვამს არაფერი, გითხარი უბრალოდ რა არ მომეწონა,მაგრამ არ მინდოდა ამით შენი გაღიზიანება, ჯგუფშიც ვნახე შენი პოსტი,არ ვიცი ვინ რას გიწერს და როგორ ცდილობს სხვადასხვა ექაუნთით შენს გაღიზიანებას,მაგრამ მე არაფერ შუაში არ ვარ:დდ მეც ქეთი მქვია,ერთი წელია რაც ვკითხულობ აქ ისტორიებს და შენი ისტორიებიც წამიკითხავს,აქაც განვმეორდები,რომ გაფასებ როგორც მწერალს,მომწონს შენი მოთხრობები და შენს გასაბრაზებლად და გასაღიზიანებლად არ მითქვამს განზრახ არაფერი


ყველას თავის წერის სტილი და გადმოცემის უნარი აქვს. რაც შეეხება ჩემს გაღიზიანებას და ჯგუფში დაწერილ პოსტს, აქ არ ვაპირებ მასზე საუბარს.


ანუ თუ არ მომეწონება , მხოლოდ იმიტომ არ დავაფიქსირო აზრი რომ არ გაღიზიანდეთ? გოგონამ ძალიან მსუბუქად აგიხსნათ რა არ მოსწონს და ეს რომ არ შეიცავ ლანძღვის ან აგრესიის მატარებელ ხასიათს. ცოტა თბილად შეგეძლოთ გეპასუხათ. საერთოდ არ ვკითხულობ თქვენს ნაწარმოებს, ყოველთვის რაღაცნაირ "მე ვარ" პოზიციით გამოდიხართ სიტყვით. თითქოს ყველაზე მეტად აქტიურობთ კიდეც, ყველა კითხვაზე რა წავიკითხოს მხოლოდ თქვენ ისტორიებს ლინკავთ. კი შეიძლება წერის სტილის არჩევა თქვენი საქმეა მხოლოდ, მაგრამ თუ წერთ უკმაყოფილო კომენტარებისთვისაც უნდა იყოთ მზად. თუ ჩვენ რა გაგვეგება და რასაც გვიდებთ სამადლოდ, ის უნდა შევირგოთ )

 


№26  offline ახალბედა მწერალი K. I.

pcxk
ქეთი იმერლიშვილი
Kitket
აი თუნდაც თათადან ანაზე გადასვლის მომენტი, მინდოდა თათას და გეგას დიალოგი,მინდოდა გეგა რომელიც თავის თავს გამოუტყდებოდა და მიხვდებოდა რომ ანა უყვარს, კი გეგას თბილი საქციელი,მისი გამოხედვები,ღიმილი რომელიც ანასგან იყო გამოწვეული,მიგვახვედრებდა ყველაფერზე,მაგრამ უფრო ლამაზი და ემოციური იქნებოდა თუ გვაჩვენებდი როდის და რასიტუაციაში მიხვდა გეგა ამ ყველაფერს, საწყენად მართლა არ მითქვამს არაფერი, გითხარი უბრალოდ რა არ მომეწონა,მაგრამ არ მინდოდა ამით შენი გაღიზიანება, ჯგუფშიც ვნახე შენი პოსტი,არ ვიცი ვინ რას გიწერს და როგორ ცდილობს სხვადასხვა ექაუნთით შენს გაღიზიანებას,მაგრამ მე არაფერ შუაში არ ვარ:დდ მეც ქეთი მქვია,ერთი წელია რაც ვკითხულობ აქ ისტორიებს და შენი ისტორიებიც წამიკითხავს,აქაც განვმეორდები,რომ გაფასებ როგორც მწერალს,მომწონს შენი მოთხრობები და შენს გასაბრაზებლად და გასაღიზიანებლად არ მითქვამს განზრახ არაფერი


ყველას თავის წერის სტილი და გადმოცემის უნარი აქვს. რაც შეეხება ჩემს გაღიზიანებას და ჯგუფში დაწერილ პოსტს, აქ არ ვაპირებ მასზე საუბარს.


ანუ თუ არ მომეწონება , მხოლოდ იმიტომ არ დავაფიქსირო აზრი რომ არ გაღიზიანდეთ? გოგონამ ძალიან მსუბუქად აგიხსნათ რა არ მოსწონს და ეს რომ არ შეიცავ ლანძღვის ან აგრესიის მატარებელ ხასიათს. ცოტა თბილად შეგეძლოთ გეპასუხათ. საერთოდ არ ვკითხულობ თქვენს ნაწარმოებს, ყოველთვის რაღაცნაირ "მე ვარ" პოზიციით გამოდიხართ სიტყვით. თითქოს ყველაზე მეტად აქტიურობთ კიდეც, ყველა კითხვაზე რა წავიკითხოს მხოლოდ თქვენ ისტორიებს ლინკავთ. კი შეიძლება წერის სტილის არჩევა თქვენი საქმეა მხოლოდ, მაგრამ თუ წერთ უკმაყოფილო კომენტარებისთვისაც უნდა იყოთ მზად. თუ ჩვენ რა გაგვეგება და რასაც გვიდებთ სამადლოდ, ის უნდა შევირგოთ )

რა იყო ახლა ეს?..
აქ თითოეული მკითხველის გადასაწყვეტია, რას წაიკითხავს და მის არჩევანსაც პატივს ვცემ. არ ვიცი თქვენი გაღიზიანება რამ გამოიწვია, მაგრამ ვიდრე ნაწარმოები თავებად იტვირთებოდა, ეს პიროვნება მიზანმიმართულად უკეთებდა შავ პიარს და მისი ლექსიკით ნაცნობი ამოვიცანი და რომ მეწყინა, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანებაც. თქვენ არ იცით პრეისტორია და რაც სრულად ატვირთული ნაწარმოების კომენტარებში დაინახეთ, გთხოვთ, იმით ნუ განსჯით ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№27 სტუმარი სტუმარი ლალი

ქეთი ეს რა იყო დამთავრება არ მინდოდა და ბოლოს მეც დავმთავრდი.ამ შუაღისას რას მერჩოდი რომ ვტირივარ.უმაგრესია❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent