შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,ვალდებულება,, (ნაწილი 16)


3-01-2019, 12:39
ნანახია 1 242

ტყის პირას მდგარ საბძელში მიმავალ მრელაშვილს დააგვიანდა, რადგან რაზმის ყოფილ ხელმძღვანელს გადაეყარა.
ნიკომ დაინახა თუ არა მისკენ მიმავალი ბიჭი, გზა გადაუღობა და, ვიდრე სნაიპერი რამეს მოიფიქრებდა, უკვე ჩაბღუჭული ჰყავდა.
-ხომ მოგიგდე ხელში, ლუკას ბიჭო! შენც იმ საღამოს იერიშის მონაწილე ხარ, თუ არა ვცდები.
სნაიპერმა დაუბღვირა.
-შენ ტუტუცი ხომ არ გადაჰყლაპე? რომელი საღამო, რის საღამო.
ნიკო დაეჭვდა ,,იქნებ მართლა ბინდში მომეჩვენა და კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ ესეც იმათ ,,ამქარს'' ეკუთვნისო, და ხელი უფრო მაგრად ჩასჭიდა.
გაბრაზდა ვახტანგი და გაიწია.
-გამიშვი, ერთი შენი! რა ყაჩაღივით მიხვდები გზაში?
ნიკომ წამოარტყა.
-ნუ იგინები!
-შენ ვინა გკითხავს ჩემს შეგინებას?
-ხმა არ ამოიღო, თორემ მოგკლავ.
-შენ რომელი ჩემი მომკლავი ხარ, შე...
-ნუ იგინები, გალეულო, თორემ...
-შენ რომ დაგინახავ, მაშინვე გინების ხასიათზე ვდგები.
-ხმას ნუ იღებ-მეთქი!
-რაკი ეგრე გინდა, ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ გუნებაში მაინც შეგაგინებ.
ნიკომ ერთი კიდევ უთაქა და გაუშვა ეს ,,გაუსწორებელი ელემენტი.
სნაიპერმა რომ დაატყო, სანამ ნიკო დამეწევა, საბძლამდე მივასწრებო, ერთი ასეთი შეაგინა, თვითონვე დარჩა აღტაცებული. თანაც ცაცია ხელით გაისროლა ქვა შიგ ფეხში მოარტყა და აკოჭლებული ნიკო შორს ჩამოიტოვა.
სნაიპერის დაგვიანებამ ბიჭების რისხვა გამოიწვია.
-სად იყავი აქამდის?
ვახტანგმა ნიკოს მისამართით გააგზავნა გინება.
-არსენასავით გადამიდგა გზაში.
სანდრომ დაიყვირა:
-დაჯექი და აღარ გავიგონო შენი გინება.
გაკვირდა ლუკას ბიჭი.
-ბიჭოს, შენ ეს რამდენი ხანია, რაღაც სხვანაირად უკრავ! გინება ხომ შენი მოგონილია?
-ჰოდა ჩემს მოგონილს მევე ვკრძალავ. დაჯექი და მომისმინე! აბა, ბიჭებო, გარშემო შემომეხვიეთ, რომ შუქი არ გავიდეს გარეთ. წაიკითხე, გოგი!
გოგია გაწვა ნამჯაზე, ქაღალდის ფურცელი წინ დაიდო და ჯიბის ფარნის შუქზე კითხვა დაიწყო.

ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ა

,,სანდრო ბუჩუკურთელის რგოლი და ვისაც რგოლთან ამხანაგობა და მეგობრობა უნდა, ვალდებულებას ვკისრულობთ, რომ:
1. ნებადაურთველად არ შევიდეთ სხვის ბაღ-ბოსტანში.
2. მშობლებსა და უფროსებს გავუგონოთ და მასწავლებლები აღარ გავაჯავროთ.
3. ვიყოთ ერთ-ერთი საგნობრივი წრის წევრი და ცუდი ნიშნები აღარ მივიღოთ.
4. პატარებს არა ვცემოთ და თუ დავინახეთ, ვინმე სცემს, მივეშველოთ,,
სნაიპერმა ასანთი გაჰკრა და პაპიროსის მოკიდებას აპირებდა, რომ სანდრომ ჩაუქრო ასანთი, პირიდან წაჰგლიჯა პაპიროსი, მოსრისა, გადააგდო და გოგიას უთხრა, კითხვა განეგრძო.
გოგიამ განაგრძო:
5.არ ვიცრუოთ, პაპიროსი არ მოვწიოთ.
ვინც ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, გარიცხულ იქნეს რგოლიდან.
-აკი თვითნებურად გარიცხვა არ შეიძლებაო? შეაწყვეტინა ლუკას ბიჭმა. ან ეს რაღა ჯანდაბაა, ხომ გვაქვს ,,მოსწავლეთა წესები?
სანდრო დაფიქრდა.
-ეგ ადგილი უნდა შევასწოროთ, გოგი. სნაიპერი მართალია. ხოლო რაც შეეხება ,,მოსწავლეთა წესებს'' ვიცით, მაგრამ ესეც უნდა დაემატოს.
-კარგი, შევასწოროთ.
მერე ისევ განაგრძო:
-ვინც ამ ვალდებულებას დაარღვევს, ჩვენი რგოლის წევრმა არ გაიკაროს ის მოწაფე ახლოს. რომ კვდებოდეს, არ იამხანაგოს იმასთან. ზედაც არ შეხედოს.
გოგიამ დაამთავრა კითხვა და ფურცელი სანდროს გადააწოდა.
სანდრომ თავისი გვარი მოაწერა და შემდეგ ისევ გოგიას გადასცა. გოგიამაც მოაწერა ხელი და თვალიაშვილს გადააწოდა. ასე იმოგზაურა ამ ფურცელმა სნაიპერამდე, ხოლო სნაიპერმა დახედა ჯიბის ფარნის შუქზე რვეულის ფურცელს და სერგოს უკანვე დაუბრუნა:
-უჩემოდაც კარგია ეს ფურცელი, მე ხელს ვერ მოვაწერ.
ბიჭებმა გაიკვირვეს.
-ჩვენ ეს ფურცელი შენს მოსვლამდე შევადგინეთ, შევთანხმდით და შევადგინეთ. ვისი ბრალია, შენ რომ დააგვიანე?
მრელაშვილი ზიზღით დაიღრიჯა.
-ხახაბოო! ნამდვილი ხახაბო ხარ! მაგიტომ კი არ ვამბობ უარს, რომ მე არ ვესწრებოდი მაგის შედგენას.
-აბა, მაშ, რატომ არ აწერ?
-იმიტომ, რომ.. იმიტომ, რომ მაინც შევიგინები.
-რატომ უნდა შეიგინო, როცა აქა წერია, რომ არ შევიგინებიო?
-ჰოოდა, მაგიტომ ვერ მოვაწერ.
-არ მოაწერ? გაბრაზდა სანდრო.
-ვერა!
-მაშ, კარგი! შენ არც ჩემი რგოლის წევრი ყოფილხარ და არც ჩემი რგოლის წევრებთან გქონია საქმე. რა მაქვს შესახვეწი? ეს ბიჭები ყველაფერს შეასრულებენ, რაც იკისრეს. აი, ავთო, ვახტანგი, სერგო და სოსოც ჩვენთან იქნებიან და ბრალი შენი, რომ მარტო უნდა იყო. წადი, სადაც გინდა შაშიაშვილ კაკოსთან წადი, მაგრამ ვერც იმასთან მიხვალ, რადგან ვერა ხართ ერთმანეთთან კარგად. ზალიკოც ახლოს არ გაგიკარებს მოინანია თავისი დანაშაული და მალე ისიც ჩვენთან იქნება. ბიჭებო! დღეიდან მრელაშვილ ვახტანგს, ლუკას ბიჭს, ეკრძალება ამ საბძელში შემოსვლა და ჩვენთან ახლოს ყოფნა, ვერც ჩვენს საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას და ვერც ჩვენი რგოლის შეკრებას დაესწრება. მთელი რგოლისა და ჩვენთან მყოფი სხვა პიონერების მოთხოვნით, ახლავე დატოვოს სნაიპერმა საბძელი!
ბიჭებს დაენანათ ცქვიტი სნაიპერის მოშორება, მაგრამ რგოლის ავტორიტეტის შელახვას ბედთან შერიგება ამჯობინეს და ერთხმად მოთხოვეს საბძლის დატოვება.
თავზარი დაეცა ლუკას ბიჭს, როდესაც გაიგო, რომ ეს დავიდარაბა მასხრობა არ ყოფილა. და, აჰა, სინამდვილემ შეაჭყიტა თვალებში. უშიშარმა ბიჭმა უცბად წარმოადგინა თავი მარტო: ამხანაგებისგან (და მერე როგორი ამხანაგებისაგან) მიტოვებული, გოგოების ანაბარად დარჩენილი.. გული შეეკუმშა და ძლივს წამოიკნავლა:
-კარგი, არ მოვწევ პაპიროსს.
გოგია აიმრიზა.
-პაპიროსს რომ არ მოსწევ, ეს ნაღდია, მაგრამ გინებას რას უშვრები?
-რა ვუყო, განა მე მინდა!
-არ შეიძლება! შეუბრალებლად დაასკვნა სანდრომ. არ შეიძლება. მარტო ეგ კი არა, ამ გაზაფხულის პირას ექიმს რომ მამალი მოუკალი, სულ ჩვენს ღობესთან ყიოდაო, სამაგიერო უნდა მიუყვანო და ბოდიშიც მოუხადო.
აღარ იცოდა მრელაშვილმა, რა გზას დასდგომოდა. ბიჭების მოშორება წარმოუდგენელი რამ იყო. არადა, ხელი რომ მოაწეროს და მერე გინება წამოსცდეს სადმე? აფსუს, რა ბიჭები არიან! არა, არა, ისევ უნდა დათმოს. ან რა არის გინებაში კარგი? პატრონი მოუკვდა ყველანაირ გინებას. ამათთან სიკვდილი ურჩევნია.
და ძლივს ამოღერღა ხორხიდან:
-მოიტათ, მომეცით ეგ სატიალე...
ვახტანგმა კარგა ხანს უცქირა ბნელში და, როდესაც ქაღალდს ფარნის საიდუმლო შუქი დაეცა, ხელი მოაწერა.
-ახლა, ბიჭებო! დაიწყო სანდრომ, რაკი ხათაბალას მორჩა, დღეს უნდა მოვათავოთ ყველა საქმე, რაც კი საბძელთან არის დაკავშირებული. რადგან დღეის იქით აქ აღარ შევიკრიბებით, ბიჭებში დრტვინვა გაისმა.
-რატომ?
-ჩუმად, მოისმინეთ! გაწყრა გოგია.
-დღეის იქით ჩვენ საჩუმათო და დასამალი არაფერი გვექნება. მთელი ჩვენი ავლადიდება, რაც ამ ნამჯაში გვაქვს, უნდა დავუბრუნოთ პატრონს.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ის ჩვენ არ გვეკუთვნის, ის გროზნასია. ჩვენ არ გვინდა სხვისი ნაცოდვილარი და ნაშრომი, ჩვენს სკოლას აქვს ნაკვეთი და იქ შეგვიძლია საკუთარი ბაღის გაშენებაც. შარშან და წელს კარტოფილი და სიმინდი ედგა ჩვენს სკოლას. წელს ავდგეთ და ნამყენი ჩავყაროთ! როგორი იქნება, სნაიპერო, შენს დარგულ ხეზე რომ ახვალ და იქიდან გადმოიხედავ?
სნაიპერი დაეჭვებით შეიშმუშნა და იკითხა:
-იმოდენა კი გაიზრდება.
-რას არ გაიზრდება! მოვრწყავთ, ძირებს ჩვენვე გამოვუბარავთ, ჩვენვე გავსხლავთ ჩვენვე დავკრეფთ.
ბიჭებმა უფრო ახლოს მოიწიეს და ნაზირ-ვეზირებივით შემოუსხდნენ შუაში შაჰინშაჰივით ჩამჯდარ რგოლის ხელმძღვანელს.
-ახლა კი ერთი სასიხარულო ამბავი უნდა გითხრათ.
-აბა, აბა! წააქეზეს ბიჭებმა.
-აი, რა: ლენას ვუთხარი, რომ მათი ვაშლი ჩვენ დავკრიფეთ და იმანაც გვაპატია ეს საშინელი დანაშაული.. მაგრამ როგორც ვთქვით, ვაშლი უკანვე უნდა დავაბრუნოთ.
-ეგ რაღა სასიხარულოა! ვეღარ მოითმინა სნაიპერმა.
-ლენამ გვაპატია, რომ არ დავუბრუნოთ, ვერსად მივიტანთ, მაშინვე დაეთანხმა მრელაშვილი.
-გროზნას ჩვენ ისეთი რამ უნდა გავუკეთოთ, რომ ეგეც გვაპატიოს და გვირაბშიც დღისით ჩაგვიშვას.
-ეგ კარგად მოგიფიქრებია, მაგრამ ისეთი რა უნდა გავუკეთოთ?
-ჰო, აბა, რა უნდა გავუკეთოთ?
-გროზნას პური არ აკლია და წყალი!
-სასმელი საჭმელი!
-ჩასაცმელი და დასახური.
-ისეთი რა უნდა გავუკეთოთ?
-აი, რა: ლენას პაპის ქათმები ღამით ხმელ ხეზე სხედან..
-ნედლ ხეზე დავაჩვიოთ? ჩაიხითხითა მრელაშვილმა.
-რას სულელობ, სნაიპერო? საქათმე უნდა დავუდგათ.
-რაო, საქათმეო? ჩვენ რომელი დურგლები და კალატოზები ვართ?
-რა კალატოზობა უნდა? ბოძები ჩავსვათ და მსხვილი წკეპლით შემოვწნათ. ჩვენი საქათმეები როგორაც არის. მიხვდა ლუარსაბი.
-მართლა, როგორც ჩვენი საქათმეებია. ზევიდან შალაფა დავაფაროთ!
-აი, საქმე! კარგადაც გავერთობით.
-მართალია, გვეყო, რაც ხუხულებს ვაშენებდით! ახლა ნამდვილი სახლი ავაშენოთ.
-სახლი არა, დარბაზი! ქათმებს საქათმეც ეყოფათ.
-დავუდგათ, კარგი გოგოა, არც დაგვაბეზღა მაშინ და ქამრებიც დაგვიბრუნა.
-დავუდგათ, მაგისი რჯულიც არ იყოს.
-მაგრამ ჩვენს დადგმულ საქათმეში მებაღის ქათმები იკადრებენ შესვლას?
-როგორ არ იკადრებენ: ქათმებმა რა იციან, რომ გროზნასები არიან?
-ნუ ვეტყვით.
-სანამ შიგ არ შევრეკავთ, არ გავაგებინოთ.
-კარგით, სულ ყველაფერზე ხომ არ ვიმასხრებთ?
-ჰოოდა, დავდგათ.
-სწორი გითხრათ, კარგი სახალისოა.
-კი მაგრამ, ამ არამკითხეებს გროზნა კინწისკვრით არ გამოგერეკავს?
-მართლა, დაღონდნენ ბიწები, ეგ კი დაგვავიწყდა.
-რაზე გამოგვრეკავს? კი არ გაუხარდება?
-გაუხარდება, მაგრამ ითაკილებს და არ იკისრებს.
სანდრომ ისევ გააჩუმა ბიჭები.
-მის ვაშლს როცა ვიპარავდით, გავაგებინეთ რამე?
-მაშ, არ გავაგებინოთ?
-ეე, რა ჩვენი გაგება უნდა, თვითონ ვერ დაინახავს?
-მაშ, რა უნდა ვუყოთ?
-აი რა, ამ ერთ კვირაში ლენა, მისი დეიდა და პაპა თბილისში მიდიან. ლენას ხომ იცით, დედა ჰყავს გარდაცვლილი. ჰოდა ძეგლი უნდა დაუდგან.
-რომელი პოეტი ის იყო, ძეგლი დაუდგან?
სანდროს ეწყინა.
-ასეთ დროს ხუმრობა სად გაგიგონია სნაიპერო!
-თბილისში წავლენ, მაშა?
-ჰო, ერთ სამ დღეს მაინც დარჩებიან, ჩვენ კიდევ მგლებივით ბიჭები ვართ, ხელად ვეტაკებით და ერთ საქათმეს რა დიდი საქმე უნდა? როგორ ვერ დავდგამთ!
ბიჭებს შექება მოეწონათ, ისევ აყაყანდნენ.
-დავდგამთ, მაშ!
-სამ დღეში თუნდაც შვიდსართულიან საქათმეს დავდგამთ.
-ლიფტი არ დავაყოლოთ?
-შვიდსართულიანი რად უნდათ? ბელეტაჟი იყოს.
-მოდით, ბიჭებო, სინათლეც გავიყვანოთ. რაკი ვაკეთებთ, გავაკეთოთ, აი, ლუკას ბიჭმა იცის მაგის ჩხირკედელაობა.
-სინათლე რად უნდათ? უკაცრაული პასუხია. რომანების კითხვას ხომ არ დაიწყებენ ქათმები?
-რომანები! ვითომ შენც გესმის რამე რომანებისა! გაუგია სადღაც. აი, თვითონ სანდრო და გოგია მივუჩინოთ, ლექსების წერას ასწავლიან.
ბიჭები ახარხარდნენ.
გოგია გაბრაზდა.
-შენ ყველაფერს სამასხროდ ნუ ხდი, ლუკას ბიჭო, თორემ ერთხელ მიგიმუშტავ მაგ ცხვირს.
-ნელა, ეფრემას ბიჭო, ხელი არ გეტკინოს.
ბიჭები გაიტრუნენ.
-კარგით, კარგით, აბა, ჰა, დაესიეთ ერთმანეთს... მაშ, ასე: დღეის შემდეგ ჩვენ კლასშივე შევიკრიბებით ხოლმე.
-ერთი რამ უნდა გკითხო, სანდრო.
-რა გინდა ვახტანგ?
-აი, ამაზე მინდა გკითხო, სასაგნო წრეებია თუ რაღაცა, რა წრეებია, სად უნდა ვიყოთ, რა უნდა გავაკეთოთ იქა?
-ეს წრეები, მრელაშვილო, ჩვემ რომ საგნებს ვსწავლობთ, იმის წრეებია. აი, მაგალითად, გოგიას გეოგრაფიის წრეში უნდა ჩაწერა, მე რუსულის წრეში ჩავეწერე, ბერძენაანთ ვანია ისტორიის წრეში, კიდევ არის სხვა წრეებიც, რომელშიც შენ გინდა, იმაში ჩაეწერები.
-ყველა სხვადასხვა წრეში უნდა ვიყოთ?
-არა, კაცო. რომელშიც შენ გაინტერესებს. აი, მაგალითად, მე რუსულის შესწავლა მინდა და ამ წრეში ჩავეწერე.
-აი, მაგალითად, მე არითმეტიკაში მიჭირს, რომ ჩავეწერო, ვისწავლი?
ბიჭებმა გაიცინეს.
-სნაიპერო, დღეს ნიკოს კარგად შეუნჯღრევიხარ, რომ შენს ჭკუაზე აღარა ხარ. თუ არ იმეცადინებ, წრემ რა უნდა გიშველოს?
-შენა, კნუწო? შენც ვითომ დიდი ფილოსოფოსი მყავხარ, გახსოვს, ერთხელ მე გიყვანდი მაგალითებს?
-აბა, ახლაც გამომიყვანე, თუ ბიჭი ხარ.
-კარგით, კარგით! ვისაც სად უნდა, იქ იაროს.
-ახლა დავიშალოთ?
-ახლა დავიშალოთ.
რგოლის უკანასკნელი შეკრება სოფლის განაპირას, ძველ საბძელში, დაშლილად იქნა გამოცხადებული.
-და როგორც კი მიჩუმდა წასული ბიჭების ფეხის ხმა, საბძელს ერთი ლანდი კიდევ მოსწყდა და ღამეს შეერია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent