იყალთოელი ბიჭები ,,თათბირი,, (ნაწილი 16)
იმ ღამის შემდეგ რაღაც დაღვრემილნი დადიოდნენ სკოლაში ბიჭები. ერთმანეთს დამდურებულებივით ერიდებოდნენ და კლასშიაც ისე წყნარად ისხდნენ, მასწავლებლები გაოცებულნი იყვნენ. ლენაც დაბღვერილი იცქირებოდა და გოგოებთან ხანგრძლივ ურთიერთობასა და ყოფნას გაურბოდა. მხოლოდ რგოლის ხელმძღვანელი, ,,მისი მარჯვენა ხელი'' და მრელაშვილი თუ გადაუგდებდნენ ერთმანეთს ორიოდე სიტყვას, თორემ დანარჩენნი განცალკავებას ცდილობდნენ. ლენამ იცოდა, რომ არავისთან არ უნდა დაეძრა კრინტი, და ჩაციებულ ლილისა და დალის უნდილი ხუმრობით იცილებდა თავიდან. გივი შემცბარი იყო და პარასკევისათვის რაზმის შეკრება დანიშნა. ბუჩუკურთელის რგოლი შეჩოჩქოლდა: გადაწყვიტა, რაზმის შეკრებისთვის დაესწრო ერთი-ორი დღით და რგოლის შეკრება მოიწვია. გოგოებიდან მხოლოს ლენა დაესწრო. შეკრება სკოლაშივე ჩატარდა, გაკვეთილების შემდეგ. გოგიამ, ჩვეულებრივ, სია ამოიკითხა და დაჯდა. შემდეგ რგოლის ხელმძღვანელი ადგა. -გვირაბზე გვექნება საუბარი, ბიჭებო. ბიჭებმა ერთმანეთ გადახედეს და მერე ლენა შეათვალიერეს. -ბაფთა მოიძვრე, უკაცრაული პასუხია, ხომ ხედავ, რომ ამის შემდეგ შენც ბიჭი ხარ? სნაიპერის გარდა ყველამ გაიცინა. -თქვენ ახლა იღრიჯებით და ჩიჩქანის ფერდაზე რომ მსუბუქად გამორბოდით, ის აღარაფერი იყო? იმ წყეულ გვირაბში თქვენ წამოიყვანეთ და სათრევი მე გამიხადეთ. ბიჭებმა უმალ მოსხიპეს სიცილი. ლენა აიბუზა. -კარგი ახლა, ვახტანგ, რაც იყო, იყო. კაცს რომ სიკეთეს უზამ, კი არ უნდა დააყვედრო. -მე არც ვაყვედრი, გოგი. მე იმას ვამბობ, რომ თავქუდმოგლეჯილები რომ გამორბოდნენ, რას ფიქრობდნენ? იქნებ უკან დარჩენილებს როგორ გვიჭირდა, იქნებ რა გვემართებოდა, ერთხელ მაინც არ უნდა მოეხედათ უკან? ალექსიმ რაღაც წაილუღლუღა, ხარატიშვილმა ქვეშ-ქვეშ გამოიხედა, ხოლო ვახტანგ დედაბრიშვილი საკლასო ოთახის ჭერით დაინტერესდა. სხვებმაც თვალები აარიდეს. მხოლოდ ბერძენაშვილმა იწყინა.-ჩვენ წინ ვიყავით და წინ იმიტომ გამოვრბოდით, შენ უკან იყავი და იმიტომ ჩამოგვრჩი, თორემ სირბილში ვინ გაგასწრებს. ბიჭები გამოცოცხლდნენ. სნაიპერი ისე დაიჯღანა, რომ, ეტყობოდა, რაღაც უგემური რამის თქმას აპირებდა, მაგრამ სანდრომ დაასწრო და წამოდგა. -ნუ იჩხუბებთ, ბიჭებო, იმ ღამეს ყველანი გამოვიქეცით. მერე რა, რომ ზოგი წინ გარბოდა და ზოგი უკან? ვინც როგორ შესძლო, ისე გამოიქცა. ბიჭები წელში გაიმართნენ. -მაგრამ, განაგრძო რგოლის ხელმძღვანელმა, ხომ ვიცოდით, რომ ამხანაგი სწორედ ამ დროს არ უნდა მიატოვოთ გასაჭირში? ბიჭები წელში მოიკაკვნენ. თქვენ თვითონ დამეთანხმეთ ლენას წამოყვანაზე, მერე კი გოგო უკან დატოვეთ და თქვენ წინ გამოიქეცით! ბიჭებმა ყურები ჩამოყარეს. -გაუშვი, სანდრო, ნუღარ ელაპარაკები. რაც უთხარი, ეგეც საკმარისია ამათთვის. ლენა კი ჩვენს რგოლში დავტოვოთ ნამდვილად, რადგან ეგ ამათზე უკან გამორბოდა და გზაშიც დუდუკით არ მოგვაწყინა, ლუკას ბიჭმა გოგოს გადახედა. ლენა ჩუმად იჯდა, ნაწნავის ბოლო ხელში დაეჭირა და კბილებით წიწკნიდა. -კარგიტ, ბიჭებო, რაც იყო, იყო, გაიცინა სანდრომ, მოდი, ახლა გამოვტყდეთ, იყალთოში წინ რომელი ჩავიდა. ბიჭებმა უნდილად გაიღიმეს, ერთმანეთს გადახედეს და ბოლოს ყველას თვალი აყლაყუდას მიებჯინა. ვახტანგი აიფხორა. -ახლა, რა ყველა მე მიყურებთ, ჩემზე წინ თუჯიშვილი გარბოდა. -მე გავრბოში შენზე წინ? გაიკვირვა ავთომ, მე და თვალიაშვილი ერთად გავიქეცით დარეჯანაანთ ნაყანობისკენ. -მე შენთან არცა ვყოფილვარ, იწყინა ალექსიმ, მე და ზაზანაშვილი ჯურულიანთ კარზე გავცვივდით. ხარატიშვილმა გაიცინა. -ისე როგორ შეგეშინდა, ავთო, რომ ვეღარ მიცანი? ალექსი კი არა, მე ვიყავი. -შენ, ვანო, ხომ არ ჩამორჩი ამათ? ბიჭები ნელ-ნელა ხუმრობის გუნებაზე მოვიდნენ. -ჯერ წინ გავრბოდი, მეგონა, ვერც ვინმე გამასწრებს-მეთქი, მაგრამ ბოლოს, უკაცრაული პასუხია, ხახაბო არ წამომეწია!? წამომეწია კი არა, პა-პა-პა-პა, ბიჭებო! რო გადაყარა კენჭები, მე მეგონა, ეგ არის, აქედან პირდაპირ გიგილაანთ აბრიას სახლს გადაახტება მეთქი. ბიჭები ახითხითდნენ. ლენამაც გამოიდარა. -ჩვენ რომ გამოვიქეცით, გამოსაქცევი გვქონდა, მაგრამ ვინც დარაჯად იდგა საყდართან და გალავანთან, ისინი რაღაზე გარბოდნენ? სერგომ წარბებქვევიდან გადახედა თავის ძმას და ავთოს. -რა ვიცი, როგორც კი გვირაბიდან ამოცვივდნენ ლეო და ლუარსაბი, გულგახეთქილებმა დაგვჭყივლეს: გაიქეცითო! და თვითონაც გაიქცნენ. ჩვენცა ვტქვით: რაკი ესენი გარბიან, ალბათ, საჭიროა გაქცევაო, და გავიქეცით. -ლენა რატომღაა მიატოვეთ? -როდის მივატოვეთ? უხერხულად შეიშმუშნა სერგო, ჩვენ გვეგონა, რომ უკან მოგვდევდა. -ჩვენ რას გვაბრალებთ? იწყინა ავთომ, პირველად თქვენ გამოიქეცით. გულები ჩვენ კი არა, ჯერ თქვენ დაგისკდათ და მერე ჩვენ გაგვიხეთქეთ. -ახლა, რა იყო იმ ცარიელ გვირაბში, ეგრე რომ გამოგაჭენათ? გამოცოცხლდა ვახტანგი. -ერთი იქა ყოფილიყავ, ხახაბო, და ვნახავდით, თუ ნახევარ წუთს მაინც გაჩერდებოდი. -კარგი ცარიელი ყოფილა, ჩემმა მზემ, ის ხმაური დღესაც ყურებში მიდგას. სნაიპერმა ახედა სანდროს და იკითხა: -რა უნდა ყოფილიყო, ბუჩუკურთელო, რომ ბუტბუტებდა და სისინებდა იმ კედელს იქით? ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი. -არ ვიცი, ვახტანგ. მთელ დღესა და მეორე ღამესაც ვფიქრობდი და ვერ მივხვდი, რაც უნდა ყოფილიყო. ახლაც: დავდივარ, გაკვეთილზე ვზივარ თუ ლოგინში ვწევარ, სულ ის მაგონდება და ვერაფერი გამიგია. ერთი რამ კი ცხადია: იმ კედელს იქით არის რაღაც, გვირაბის ან იმ მიწისქვეშა ოთახოს მსგავსი, ჩვენ რომ ვიყავით. -რას ამბობ, სანდრო, იმ კედელს იქით კიდევ არის რამე? -მე მგონია, არის, ლეო, და ვფიქრობ, ქვა რომ გამოვაძრეთ, იქიდან არის შესასვლელი. -ნუთუ მართლა არის რამე იმ კედელს იქით? -როგორ არ იქნება, ალექს, პაპაჩემი ამბობდა: თურდოს გამოქვაბულამდის გადის გვირაბიო. -ისევ პაპაშენი! ხახაბო, ალბათ, ვერც კი ხვდებოდი, რომ პაპაშემი გატყუებდა, თორემ სად გაგიგია, დათვი შვინდსა კრეფდეს და უბეში იყრიდეს? ჩხავანა იქნებოდი პატარაობისას, აი იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ორი მეტრის სიგრძე იყავ, და მაგ ზღაპრებით გაჩუმებდა. ახლა ორი საჟენი ხარ და აღარ უნდა გჯეროდეს პაპაშენისა. -ახლა, რა იყო, ლუკას ბიჭო, რომ დაგისხომებია? წამომცდა. გვირაბზე ლი პაპაჩემი კი არა, მთელი სოფელი ლაპარაკობს, რომ თურდოს გამოქვაბულამდე მიდისო. -თუ მიდის, კედელი რატომღაა? -შეიძლება კედელი მერე ამოაშენეს. -ბიჭებო, როდის ამოაშენეს, როდის არა, მე ეგ არ მაფიქრებინებს, საინტერესო ის არის, რა იყო იქ, რომ გულები დაგვიხეთქა? -შენ, მართლაც, გული ვეღარა გაქვს საგულეს, თვალიაშვილო. რა უნდა ყოფილიყო? ალბათ, გველი იყო: ნესტიან ადგილებში უყვარს დაბუდება. -მართალი ხარ, სნაიპერო, ხომ გესმოდათ, როგორ სისინ-შიშინი გაჰქონდა და თან გაბრაზებული ბუტბუტებდა. -თუ მართლა გველი იყო, კარგა დიდი უნდა ყოფილიყო ძმაო. -დიდი გველები იციან ნესტიან ადგილებში. ჭიან-ტბაში ამბობენ დიდ გველს. კაცებს უნახავთ: ურმის ღერძის სიმსხო ყოფილა. -მეც გამიგია, ბიჭებო. -მოჰყვებით ზღაპრებს, რაა! რამდენჯერ ვყოფილვარ იქ და ბუერები მომიჭრია. რატომ მე არ შემხვდა? მარტო მაჯის სიმსხო გველი მოკლა მამაჩემმა. ღონიერი კი ყოფილა ეგ სატიალე: თხილის ბუჩქს შემოეხვია და სულ ლაწუნი აუყენა. მერე მამაჩემმა დაადო შიგ წელში შვინდის ჯოხი და წელი მოსწყვიტა. -არ შეგეშინდა, გოგი? -რისა უნდა შემშინებოდა? ხელში წალდი მეჭირა და მამაჩემიც იქ იყო. ლენა შეშინდა. -მაშ, გვირაბში გველი იქნებოდა, ბიჭებო? -გველი უნდა ყოფილიყო, იმან იცის სისინი. -უიმე! რაზე მეც ჩამოვიდოდი! -იქ ჩამოსულიყავი და კაი დროს გაატარებდი, ცერად გადახედა სნაიპერმა. აჰყევი ფეხის ხმას და წამოჩერჩეტდი. ლენა გაიტრუნა. -ლენა ყოჩაღი გოგოა, ვახტანგ, ტყუილად უწყრები. სხვა მაგის ადგილას იქვე გათავდებოდა შიშით. მაგან კი ცოტა წაუტირა და, სოფელში რომ შემოვედით, სულ გაჩუმდა. გოგომ მადლიერი თვალით გადახედა რგოლის ხელმძღვანელს. -გარდა მაგისა, ლილიც კარგი გოგო ყოფილა და ჩვენ არ ვიცოდით. -ეგ საიდანღა დაასკვენი ჭკუის კოლოფო! -ნიკო ლენამა და ლილიმ ახსნეს მსხლიდან, ქამრებიც მაგათ წამოიღეს და ლილის კრინტი არავისთან დაუძრავს ამაზე, ხომ მართალია, ლენა? -მართალია, სანდრო, მე დავაფიცე და იმანაც სიტყვა არ გატეხა. -აი, ხედავთ, ბიჭებო? მიუბრუნდა იქ მსხდომთ ორატორი, ლილი ჩვენს რგოლში უნდა დავტოვოთ. -ჰო! აყვირდნენ უცებ ბიჭები. მაშ, ზალიკოც უნდა დავაბრუნოთ, რადგან ძალიან ხელმარჯვედ გრეხდა ულოს და არც ჩალის ჭრაში ჩამოგვრჩა. გოგიამ და ვანომ ერთმანეთს გადახედეს. სნაიპერმა თვალი მოწკურა და მოლოდინით მიაჩერდა ბუჩუკურთელს. სანდრო მცირე ხანს ჩაფიქრდა. -მაგაზე ჯერ ნურაფერს ვიტყვით, ბიჭებო, ჯერ კიდევ დავიცადოთ. -რაღას უნდა ვუცადოთ, სანდრო? დააბრუნე და ეგ იქნება. -არა, ლენა, ჯერ ვნახოთ. მას შემდეგ აღარაფერი ცუდი არ წამოსცდენია ჩვენზე, მაგრამ ჯერ ვაცალოთ ცოტა კიდევ. -გვირაბში აღარ ჩავიდეთ? ბიჭების უმრავლესობამ შიშნაკრავად გადახედა ლუკას ბიჭს. სანდრომ გაიღიმა. -რაო, ვახტანგ, გინდა, ზუსტად დაადგინო, რამდენ წუთში ჩამოხვალ სირბილით იქიდან სოფლის თავამდე? სხვებმაც ჩუმად ჩაიქირქილეს. -მაგასა ჰგონია, რომ კიდევ გამოასწრებს. სნაიპერი აიქოჩრა. -ჰაი, თქვე ქეციანებო, თქვენა. აქ გულადად ყაყანებთ და იქ ქორდაცემული ქათმებივით გაიფანტენით. -დაიცა, ვახტანგ, გინდათ, ბიჭებო, კიდევ წავიდეთ გვირაბში? უმრავლესობამ თვალი აარიდა რგოლის ხელმძღვანელს. -მაშ, კარგით, ჯერ ნუ წავალთ. სხვა საქმეებიც ბევრია. გივის ვუთხრათ თუ არა რამე ამ ამბავზე? -არა, არ გვინდა. -ნურაფერს ვეტყვით. -ჯერ ნუ გავაგებინებთ. -კარგით, ბიჭებო, ჯერ ნუ გავაგებინებთ, რაზმის შეკრებაზეც ნურავინ დავძრავთ ხმას ამ ამბავზე. შენა, ლენა, ლილისთვოს ხომ არაფერი გითქვამს ან პაპაშენს ხომ არაფერი გაუგია? -არა, სანდრო, არც პაპაჩემს გაუგია, არც ლილისთვის მითქვამს და, თუ საჭიროა, არც ვეტყვი. -ჰო, ნუ ეტყვი. მაშ, ხმას არ ვიღებთ, ბიჭებო! -ვდუმვართ. გოგია გაიღრიჭა. -ჰო, გიგილაანთ ქათმებივით თუ გავჩუმდით, კარგია. მთელი რგოლი ახარხარდა, რადგან გიგილაანთ ეზო სკოლასთან ახლოსო იყო და ბავშვებს ყურები წაღებული ჰქონდაღ მამლების ყივილითა და ქათმების გნიას-კაკანით. -არა, გიგილაანთ ქათმებივით არა, ლენას პაპის ქათმებივით. -ახლა ჩვენს ქათმებს გადასწვდით! გაწყრა ლენა. -ნუ გწყინს, ლენა, ისინი შენსავით ჭკვიანები არიან და იმიტომ ვახსენებთ, მოუქათინაურა სნაიპერმა. -კარგით, ბიჭებო, ახლა წავიდეთ და ხმას ნურსად დავძრავთ. -ეგრე იყოს, წავიდეთ. სანდროსთან გოგია მივიდა და ყურში ისე უჩურჩულა, ლენას არ გაეგო. -ხვალ საღამოს ძველ საბძელში ლენაც იქნება? -ძველი საბძელი სალენაო არ არის. ზოგიერთ რამეს უჩემოდაც უნდა მიხვდე ხოლმე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.