შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,საპატიო დავალება'' (ნაწილი 20)


6-01-2019, 00:20
ნანახია 1 030

მრელაშვილს სამასწავლებლოში გამოუძახეს. გაკვირვებულმა და შეშფოთებულმა ვახტანგმა მეგობრების ჯგუფი გაარღვია და მეორე სართულზე ასასვლელი კიბისაკენ გაემართა.
ბიჭები სახტად დარჩნენ.
-ნეტავ რატომ დაუძახეს სნაიპერს?
-ალბათ, რაღაცა გააკეთა, რაც ჯერ ჩვენ არ ვიცით.
-მაშ, რატომ არ გვითხრა?
-ყველაფერს ხომ არ იტყვის?
-იქნებ ცუდი არაფერია, ბიჭებო, წინასწარ გულს რაზე ვიხეთქავთ.
კიბეზე მიმავალი სნაიპერი კი აქეთ-იქით იცქირებოდა და ცდილობდა, ლენასათვის მოეკრა თვალი.
ალბათ, მან დააბეზღა მასწავლებელთან პაპიროსის მოწევისათვის. ვაი, ერთი სადმე ჩაიგდოს ხელში და ნახავს, იმ ლამაზ ნაწნავებში როგორ ქორივით ჩააფრინდება და ნაბურჯღალს ქარს გაატანს. ბრიყვი, სულელი, ჩეჩეტი, ფუ! გაწყდა გოგოების სინსილა! სულ სხვების ბეზღებაში არიან. მაგრამ ზალიკომაც ხომ დააბეზღა, როცა ექიმის მამალი მოკლა ორღობეში? ის ხომ ბიჭია? ეჰ, როცა ღამით გვირაბში ჩასასვლელად მიდიოდნენ, რატომ მაშინ არ აურია გზა და სულ ბარდებში აძვრინა, რომ ერთიანად დახეოდა ის კოკობზიკა კაბა და ლოყებიც დაკაწროდა გემრიელად! არა, არა, თუ დღეს გადარჩა, მერე ახლოს აღარ გაეკარება პაპიროსს. კიდევ კარგი, რომ ბიჭებთან არაფერი უთქვამს.
ვახტანგმა სამასწავლებლოს კარები შეაღო და შეჩერდა.
ოთახში საქმის მწარმოებელი და არითმეტიკის მასწავლებელი დაინახა. საქმის მწარმოებელი რაღაცას იწერდა რვეულში, ხოლო კლასის ხელმძღვანელს საკლასო ჟურნალი გადაეშალა და საჩვენებელ თითს აყოლებდა ყოველი გვარის გასწვრივ.
მასწავლებელმა თავი ასწია და კარებში შეჩერებული ბიჭი რომ დაინახა, თავისთან მოიხმო.
-მოდი აქ, ვახტანგ.
ბიჭი მივიდა.
-რისთვის დაგიბარა დორექტორმა?
-დირექტორმა დამიბარა? შეიცხადა ბიჭმა, დირექტორმა თუ თქვენ?
-ერთმაც და მეორემაც. ძალიან გემდურებიან მასწავლებლები, ვახტანგ, ცუდად სწავლობსო.
ბიჭს გულზე მოეშვა.
მეტი არაფერი? მარტო ეს არის? უჰ! ეგონა კი, უარესი რა იქნებოდა.
-ვერ ვასწრებ, მასწავლებელო.
-რატომ ვერ ასწრებ მერე?
-იმიტომ, რომ. იმიტომ რომ. ძნელია, პატივცემულო მასწავლებელო.
-მაშ, შენი აზრით, იმ ჩაქუჩის რახუნზე უფრო ძნელია, შენ რომ სამჭედლოში გაქვს ხოლმე?
ბიჭმა თავი ჩაღუნა და მერე ქვეშ-ქვეშ გამოხედა მასწავლებელს.
-აი, რა, ვახტანგმა, პირველ მეოთხედში ცუდი ნიშნები გქონდა და მეორეში მაინც უნდა ეცადო, რომ გამოასწორო, თორემ შეიძლება იმავე კლასში დაგტოვონ და ჩამორჩე ამხანაგებს. მართალია, კარგია, რომ სხვა საქმეებსაც აკეთებდე, მაგრამ პირველ რიგში გაკვეთილები უნდა დაამზადო. მერე დედასაც უნდა გაუგონო. აბა, გაიხსენე: შარშან შენ უკანასკნელი გაფრთხილება გქონდა და იმ პირობით გადაგიყვანეს მეხუთე კლასში, რომ ისწავლიდი. მერე, სად არის შენი დაპირება? იმეცადინე და მეცადინეობის შემდეგ რაც მოგესურვება, ის გააკეთე. განა მჭედლობა ცუდია? მაგრამ ჯერ უნდა ისწავლო. აი, დაამთავრე საშუალო სასწავლებელი და, თუ მაინცდამაინც მჭედელი გინდა იყო, მერეც მოასწრებ. წადი ახლა, ჩაუჯექი საგნებს დღეიდან არც ერთმა მასწავლებელმა არ მითხრას, რომ შენ გაკვეთილზე ვერ უპასუხე.
ბიჭოს! სულ ეს არის? შეხტა სიხარულით ლუკას ბიჭი, მე კი მეგონა, შავ დღეს დამაყრიდნენ. ალბათ, ლენას არაფერი უთქვამს პაპიროსზე. არა, ძმაო, რაც მართალია, მართალია, მაგისთანა კარგი გოგო ჩვენს სკოლაში არ არის. ღამეც რა გულიანად მოდიოდა აკადემიის გალავანში გადასასვლელად! ყოცაღ, ლენა!
ის იყო კარები გამოაღო გარეთ გასასვლელად რომ, მასწავლებელმა კვლავ დაუძახა.
-დაიცა, ვახტანგ, სულ დამავიწყდა, რომ დირექტორი გეძახდა. შედი, კაბინეტში გელოდება.
ვახტანგს ფერი წაუვიდა.
ახლა კი გავები! ეს სულ ლენას ოინებია. ნამდვილად უთხრა ყველაფერი და დირექტორმაც იმიტომ დამიბარა. ფუჰ! გაწყდა მაგათი სინსილა! მაინც ამ ლენაზე უხეირო და ლაყაფა, ალბათ, მთელი სკოლის გოგოებშიც არ იქნება. მშიშარა! აკადემიის გალავნიდან ისე გამორბოდი, რომ კინაღამ მეც გამასწრო. დაიცა ჩაგიგდო სადმე ხელში!
ვახტანგმა მოკრძალებით შეაღო დირექტორის კაბინეტის კარი.
-ოო! მრელაშვილს ვახლავართ! წამოდგა დირექტორი, რადიომიმღები გამოთიშა და ბიჭი თავისთან მიიწვია, მოდი სალამში, კაცო, და უნდილად გაწვდილი ხელი მაგრად ჩამოართვა.
სნაიპერი დაიბნა.
ეს რა ამბავია? მოეჩვენა, თუ მართლა ხელი ჩამოართვეს? აკი დირექტორი ბრაზიანიაო! არა, აქ რაღაც სხვა ამბავია, ცოტა სიფრთხილე უნდა.
მორჩილად გაჩერდა მაგიდასთან.
დირექტორმა სკამი გამოსწია.
-დაჯექი, კაცო, რა ფეხზე დგახარ.
-არა უშავს, ვიდგები, პატივცემულო დირექტორო.
-დაჯექი, დაჯექი, აი, ხედავ? ჩვენებს კიდევ წაუგიათ, გაშლილი გაზეთი გადაუდო დირექტორმა. არ წაგიკითხავს გუშინდელ ფეხბურთზე?
ბიჭმა თავი გაიქნია.
-ოჰო! ჰაიკვირვა, აკი მითხრეს, რომ ფეხბურთი ძალიან გიყვარს და თვითონაც კარგად თამაშობ. ამბობენ, ბუჩუკურთელმა ჩამოაყალიბა თავისი რგოლის წევრებიდან გუნდიო. მართალია?
-მართალია, ძლივს ამოღერღა.
-და შენც თამაშობ იმ გუნდში.
-დიახ.
-ყოჩაღ! ყოჩაღ! საკვირველია, როგორ ასწრებ გაკვეთილების მომზადებას და ფეხბურთის თამაშსაც?
ბიჭი შეაშფოთა ამ კითხვამ.
კიდევ გაკვეთილები! რას გადაეკიდნენ დღეს?
-ჯერ გაკვეთილებს მოვყვებით ხოლმე თამაშის წინ და მერე ვთამაშობთ.
-ყოჩაღ, ყოჩაღ, იმეორებდა კვლავ დირექტორი. ბუჩუკურთელიც ამზადებს ხოლმე შენსავით გაკვეთილებს?
-მაშა, ისიც ამზადებს. ჩვენ ყველანი ვამზადებთ, მთელი ბიჭები.
-აბა, გაიქეცი და სანდროსაც დამიძახე.
-სანდრო არ მოსულა დღეს სკოლაში.
-რატომ?
-ბებიასთვის წამლები უნდა მოიტანოს თელავიდან.
-მერე, აფთიაქი აქაც ხომ გვაქვს, სოფელში?
-ის წამალი აქ არა ყოფილა.
-მერე, დაეთხოვა მასწავლებელს?
-არ ვიცი, პატივცემულო დირექტორო.
დირექტორმა წყენის ნიშნად თავი გაიქნია.
-ეს კი ცუდია, თუ არ დაეთხოვა და ისე წავიდა. ახლა, აი, მე შენ რას გეტყვი, ვახტანგ. დღეს ბაზერაანთ მიხა იყო აქა დაა.
დირექტორი მცირე ხანს შეჩერდა და ბიჭს მზერა შეაპარა.
მრელაშვილი ამ სახელის ხსენებაზე გაფითრდა.
მოსაუბრემ თითქოს ვერაფერი შამჩნიაო, ისე განაგრძო:
-ბაზერაანთ მიხა იყო დღეს აქა და მითხრა: ჩამი ვენახის თავზე დადიან თქვენი მოწაფეები და ყოველ გავლაზე ვენახში თითო ვაზს მიჭრიანო.
ბიჭს მხრებში ჩაუძვრა კისერი და ნიკაპი მკერდზე ჩამოუვარდა: ახლა კი გათავდა ყველაფერი. დიდი ეშმაკი კი ყოფილა ეს დირექტორი! ფეხბურთით დაიწყო და ბაზერაანთ მიხათი დაამთავრა. მაინც რას გადაეკიდა ეს მიხა? ცხენს ძუა შემიჭრაო? ძალიან კარგადაც! გაატიალა მთელი ბაღჩა და ბოსტანი. რამდენჯერ უთხრა დედამისმა, შენი საქონელი შენს ეზოში გყავდეს, აქეთ ნუ უშვებო, მაგრამ აბაა! განა გაიგო? როცა მამამისი ბრუნდება ცხვრის ფერმიდან, აღარ ეგულება, თავს მიანებებს ხომე და მარტო ცხენს რა პატრონზე მეტი ჭკუა უნდა მოჰკითხო? ჰოდა, ვახტანგმაც დაიჭირა და ძუა შეაჭრა. მოუხდა კიდევაც: ახლა იმის შიშით, ფაფარიც არ შემიკრიჭონო, აღარსად უშვებს. ბიჭს კი გადაეკიდა და ერთხელ ლაზათიანადაც მიტყიპა. მას შემდეგ ძაღლის ნაკბენივით დაიხსომა ვახტანგმა ეს ცემა და მისი მოქიშპის ვენახის თავში ყოველ გავლაზე თითო ვაზსა ჭრის. აი, გუშინაც..
-რაზე ჩაფიქრდი, ვახტანგ?
-ჰა? ბიჭი შეკრთა და გამოერკვა.
-მეც ბევრი ვიფიქრე, განაგრძო დირექტორმა, მეც ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერაფრით ვერ მივხვდი, ვინ უნდა იყოს. ვერც მიხამ დაასახელა. ალბათ, თვალი ვერ მოჰკრა.
-რაო? ყური ცქვიტა სნაიპერმა. ვერც მიხამ მოჰკრა თვალიო? როგორ, განა მიხა არ იყო, გუშინ საავადმყოფოს ეზომდე რომ სდია ჭიგოთი? განა ის არ მიჰკიოდა: დამაცა, ლუკას ბიჭო, ფინთად აგინთებ გვერდებს, თუ დაგეწიეო?! კიდევ კარგი, ვერ დაეწია. რა ეშველებოდა, ასეთი სირბილი რომ არ იცოდეს? მაინც რაღა ვაზის ჭრის დროს მოატანა? ჰმ, იქვე ყოფილიყო, თივის ბულულს ამოფარებული.
-ჰოდა, აი, მარტო შენ კი არა, მთელი დღეა ვფიქრობ და ვერ გამიგია, ვინ არის ისეთი მოწაფე ჩვენს სკოლაში, რომელსაც ვერ შეუგნია, თუ რა დიდ ზარალს აყენებს ჩვენ სოფელს, სახელმწიფოსა და სკოლასაც სახელს უტეხს. განა შეიძლება გაშენებული ვაზის მოჭრა? რამდენი შრომაა დახარჯული თითო ვაზზე და მის მოვლაზე, იმას კი, ვიღაცაა, უნდა, რომ ჩვენს სოფელში შეცოტავდეს ვაზი და ვენახებითაც ნაკლები ვიყოთ სხვაზე. ხოლო ჩვენს მოწაფეებზე უნდა იფიქრონ, რომ ბრიყვები და სულელები არიან.
დირექტორი კვლავ გაჩერდა, შემცბარსა და დაბნეულ ბიჭს შეხედა. ერთხანს უცქირა, როდესაც წარბებქვევიდან გამოპარებული მისი მზერა დაიჭირა, უთხრა:
-ახლა იცი, რა მინდა გითხრა, ვახტანგ?
-რა უნდა მითხრათ, პატივცემულო დირექტორო? ბიჭი ლარივით გაიჭიმა.
-შენ უნდა წახვიდე და გამიგო, ვინ არის ის მოსწავლე, რომელიც ასე უდიერად ექცევა ვაზსა და ჩვენი სკოლის სახელს ტალახში სვრის.
სნაიპერს ფერფური წაუვიდა, მაგრამ იყოჩაღა და არა შეიმჩნია რა.
-ახლა წადი და არავის უთხრა, თუ ჩემთან იყავი, თორემ, თუ გაიგეს, მიხვდებიან და დაგიმალავენ, არავის გეტყვის თავის სიავკაცეს.
ბიჭმა უღიმღამოდ იკითხა: ,,მაშ, წავიდეო?'' და როცა პასუხი მიიღო, გამობრუნდა და კაბინეტიდან გავიდა.
უგერგილოდ მიიხურა სამასწავლებლოს კარები.
ვახტანგი კიბის თავთან შეჩერდა და ჩაფიქრდა.
როგორ? მიხა აქ იყო და დირექტორს არ უთხრა, რომ ის იყო მისი ვენახის მკაფავი? მიხა ხომ იმდენჯერ შეჰპირდა, თქვენს დირექტორს ვეტყვიო, რამდენჯერაც ბებიამისი (ღმერთმა აცხონოს) ბურნუთის შემდეგ ცხვირს აცემინებდა. არა, აქ რაღაცა ამბავია. ნამდვილად მიხა მიხვდა, რომ თუ სკოლაში იტყოდა, გარიცხვა არ ასცდებოდა ბიჭს. ჰოდა, აი, დაინდო და არ თქვა. დაენანა, ნამდვილად დაენანა.. თვითონ კი, ჰოი, ღმერთმა დასწყევლოს მისი გაჩენა (როგორც ხანდახან ნიკოს ბებია იტყვის ხოლმე)! თვითონ კი მიადგა და მის ვაზებს დაუწყო ჩეხა! არა, შენგან კაცი არ გამოვა, ლუკას ბიჭო, არა! მეორე-მესამე კლასელივით ბრიყვულად ირჯები.
ვახტანგმა კიბე ჩამოათავა და უკანასკნელ საფეხურზე შედგა. ჰო მაგრამ, თუ მიხამ არაფერი თქვა ჩემზე, მაშ დამნაშავის მოსაძებნად რაღა მე ამომირჩიე? ჰაა! ფრთხილად, მრელაშვილო, აქ რაღაცა ამბავია! მაგრამ რა ამბავი უნდა იყოს? ეტყობა, დირექტორის ყურამდე არ მისულა ჩემი ,,კაიკაცობის'' ამბავი, ჰოოო! ეს უკვე სხვა საქმეა, ეს კი სხვა საქმეა.
სნაიპერი კლასისაკენ გაემართა, მაგრამ კარებთან ისევ შეჩერდა.
უთხრას თუ არა მეგობრებს რამე?
ფუჰQ სანდროს რაღა დღეს მოუნდა თელავში წასვლა?
მაშ, რა თქვას?
-არა, არ უნდა თქვას. ჯერ უნდა მოიფიქროს. ეშმაკმა დასწყევლოს, ეს რა დაავალეს? ახლა დაეხვევიან ბიჭები და მაინც გამოსტყუებენ სათქმელს. საჭიროა სიმტკიცე და დუმული. ჯერ კარგად უნდა მოიფიქროს, როგორ მოიქცეს. მოიმიზეზებს რამეს, სკოლაში დარჩება, მერე, ბიჭები რომ წავლენ, თვითონ ძველი საბძლისაკენ გასწევს, იქ ნამჯაზე წამოწვება და იფიქრე, რამდენიც გნებავს. მართალია, სანდრომ აკრძალა საბძელში შესვლა, მაგრამ ვინ გაიგებს? ბურდელაურზე გადაივლის და ისე შევა შიგ. ძეხორციელი ვერ დაინახავს.
მაშასადამე, მხოლოდ მას დაავალეს.
მაშასადამე, იმდენი მოწაფიდა მხოლოდ ის გამოარჩიეს.
მაშასადამე, მას ენდობიან.
შაა-ბაშ, მრელაშვილო!
და ამაყად კისერმოღერილმა არხეინად შეაღო კლასის კარი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent