შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,მარანი მიწისქვეშ (ნაწილი 23)


10-01-2019, 00:15
ნანახია 8 889

აკადემიის გალავნის ჭიშკარზე დააკაკუნეს.
გროზნამ კარი გააღო.
კარებთან ოთხი კაცი იდგა.
მებაღე სტუმრებს შიგნით შეუძღვა.
სტუმრები ნაცნობები გახლდნენ: ორ მათგანს გივისა და ბახსოლიანს ორლულიანი თოფები გადაეკიდათ, ხოლო ორნი ჩვენი განუყრელი მეგობრები სანდრო და გოგია იყვნენ. ბიჭებს მხარზე ძალაყინები გაედოთ.
თუ გინდოდათ ძველი მებაღისათვის გესიამოვნებინათ, მისი საცდელი ნაკვეთი უნდა დაგეთვალიერებინათ, რომელიც იქვე, გალავნის შიგნით მდებარეობდა. ჩვენმა ექსპედიციამ ეს იცოდა და ამიტომ პირდაპირ იქით გასწია.
ნაკვეთი პატარ-პატარა კვლებად იყო დაყოფილი და მავთულით შემოღობილი, ნასიამოვნები გროზნა შიგ შეუძღვა.
-ესენი ახალი ჯიშის თუთის ხეებია, ბრტყელი ფოთოლი აქვთ და კარგი ზრდა, ესენი წლევანდელი ნამყენია პანტა მაჟალოს საძირეებზე დამყნობილი. აქეთ ანტონოვკებია, იქით ალექსანდროვკა პირველი და მეორე, ეს შაფრანები და ეს გოგრაბლები. გალავნის ძირას კი მაისისა და გვიანურა ბლებია.
ბიჭებმა ყველაფერი მოუწონეს და მერე სთხოვეს: გვირაბში შეგვიშვიო.
გვირაბს სახურავი ახადეს და ფერიცვალების საყდრის ერთ სვეტს თოკი გამოაბეს.
-ფრთხილად ჩადით, შვილი, კიბე ნესტიანია. ან ეს ბალღები რაღას აგიტორღიალებიათ? არსად ჩაცვივდნენ. უცებ გროზნა შედგა და გაკვირდა, ეს რაღაა, ძალაყინები რაღად გინდოდათ? ბახსოლიანმა პატარებზე ანიშნა.
-მაგათ გვირაბში კედელი გამოუთხრიათ და ამბობენ, კედელს იქითაც გვირაბიაო.
აკადემიის მომვლელი სახტად დარჩა.
-ვის გამოუთხრია, სად გამოუთხრია, ბიჭო!
-ანდე მაგათ, ანდე! შიგ ჩასულან და გამოუთხრიათ.
-სად ჩასულან, როგორ ჩასულან?
-როგორ და, როგორც ჩვენ ჩავალთ.
-როდის ჩავიდნენ, რატომ მე ვერ დავინახე?
-მაშ, სწორედ შენ დაგენახვებოდნენ! ღამე ყოფილან.
-ღამე? რას ამბობ, ბიჭო, მე დღისით ვერ ჩავსულვარ და ესენი ღამე იყვნენ? აქ რაღაც ავი სულები უნდა ბუდობდნენ.
-ჰმ! მაგათ გული შიგნიდანა აქვთ პიონერები ვართო.
-დახე, დახე, ამ ღმერთგამწყრალებს! როდის იყავით, ბიჭო?
-ამ ორიოდე კვირის წინ, განაცხადეს ცოტა არ იყოს დარცხვენილმა ბიჭებმა.
-ორნი იყავით?
-არა, ჩემი რგოლი და ოთხივე სხვა. აი, მაშინ.. შენ რომ სანთლებიანი ეშმაკები გეგონა, დიმიტრი პაპავ.
-რას ამბობთ, ბიჭებო. ისინი თქვენ იყავით?
-ჩვენ ვიყავით.
-ძროხა რომ მგლისგან შეჭმას გადაარჩინეს?
-ჰო, ისინი.
გაკვირვებულმა მებაღემ გაღიმებული სტუმრები მოათვალიერა და მერე ისევ გვირაბში შეპარულებს დააკვირდა, ცოტა ხანს უცქირა და ხელი ჩაიქნია.
-კიდეც არ გამიკვირდა, ვინ აწვალა ეგრე კლიტე-მეთქი? აი, თქვე ყაჩაღებო! ვეღარ მითხარით? გასაღებს მევე მოქცემდით.
-გვეგონა, გაგვიწყრებოდი, დიმიტრი პაპავ, თავი იმართლეს ,,ყაჩაღებმა'' ერთხელ ხომ გამოგვრეკე?
-არაფერს არ გაგიწყრებით, მითხარით და მევე გაგიღებთ. ეს გვირაბი იმისთვის არის, რომ ხალხმა დაათვალიეროს. მაშინ კი გამაჯავრეს და გუნებაზე არ ვიყავი. ერთი-ორჯერ მეც გავაღე, მინდოდა ჩასასვლელი გამეკეთებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი და თავი დავანებე. მას შემდეგ შიგ არავინ არ ჩასულა და დახე, ამათ მეორეც გამოუთხრიათ! არა მგონია, იქ იყოს რამე, შეიძლება ბნელში მოეჩვენათ. ან როგორ ჩავიდნენ შიგ, რომ არსად არ გადაცვივდნენ? მეორედ აღარ ჩამეპაროთ, თორემ თუ გაგიგეთ.
ბიჭებს დაინტერესებული მებაღეც ჩაჰყვა გვირაბში და მთელი შემადგენლობა დიდი სიფრთხილით მიიყვანა ტალანის ბოლოს, ქვიტკირის კედელთან. განცვიფრებული უფროსები სიფრთხილით ათვალიერებდნენ იქაურობას და ჯიბის ფარნების შუქს ორმოებში და კუთხეებში დაატარებდნენ.
ტალანის დასასრულს იქ მყოფნი პირველად შეაკრთო კედლის იქიდან გამომდინარე უცნაურმა ბუტბუტ-სისინმა. თოფმომარჯვებულნი მიუახლოვდნენ ხვრელს.
-წყლის ხმა უნდა იყოს, ჩემი აზრით. ჰა, რას იტყვი, დიმიტრი პაპავ, აი, ხვრელშიაც გამოდის უკვე.
მებაღე გამონგრეულ კედელს ათვალიერებდა და თან ყურს უგდებდა ხმაურს.
-მეც ეგრე მგონია, შვილი, წყალი უნდა იყოს. მიწიდან ამოდის, ალბათ, და იმიტომ ბუყბუყებს. დასწყევლოთ ეშმაკმა, რამ აფიქრებინათ აქ გამონგრევა? თან ჩაიჩოქა და კედელს დაუწყო სინჯვა.
-დახე, დახე, გიორგი! შენ როგორ გგონია, ეს ადგილი ამ კედელზე გვიან არ უნდა იყოს აშენებული?
-მეც ეგრე ვფიქრობ, კედელში ხვრელი ყოფილა დატანებული, ალბათ, აქედან შედიოდნენ შიგნით და მერე რაღაც მიზეზით ამოუქოლავთ.
-მოანგრიე, გიორგი და შევიდეთ შიგნით.
მთელ საათს უბაგუნებდნენ ძალაყინებს და ისე კარგად გაწმინდეს ამოშენებული ხვრელი, რომ თავისუფლად შეიძლებოდა შიგ შეძრომა.
ხმაურმა იმატა.
კედლის იქით გივი და ბახსოლიანი გავიდნენ თოფებითა და ხალათის ღილზე ჩამოკიდებული ფარნებით. მცირე ხნის შემდეგ დანარჩენებიც შეიწვიეს.
საოცარი ძალით ასხამდა წყალი მიწიდან და ბიჭებს სახეში სცემდა წინწკლებს.
საიდუმლოებით მოცულ ,,დარბაზში'' მოხვედრილი ბიჭები ყურს უგდებდნენ შორეულ კუთხეებში გაურკვეველ ჩუჩუნს და წყლის ხმაურს.
ეს დარბაზი უზარმაზარი ჩანდა: სამხრეთით, ქვიტკირის კედელთან, რაღაც აუზისმაგვარი ჰქონდა. ამან მიიზიდა ექსპედიციის ყურადღება, ახლოს მივიდნენ და დააკვირდნენ.
-როგორც ეტყობა, აქ წყალი ყოფილა გამოყვანილი. აი, ხედავ, გივი, აუხია თუ რაღაც მისი მსგავსი.
-ნამდვილად აუზი ჩანს, მხოლოდ მიწით არის ამოვსებული. ბახსოლიანმა დანა ამოიღო და ჩიჩქნა დაუწყო.
განცვიფრებული ათვალიერებდა იქაურობას დიმიტრი. რამდენიმე ხანია ამ ადგილს იცნობდა, თითქმის ოცდაათი წელი გადიოდა, რაც აქ დაესახლა, და აზრად არ მოსვლია, თუ ამ კედელს აქეთ უფრო უცნაურს წააწყდებოდა. განსაკუთრებით აკვირვებდა კედლის ძირას ამოხეთქილი წყალი, რომელიც, როგორც ჩანდა, მიწის სიღრმიდან ამოდიოდა.
-აქ, ძირზე, მილია წყლისა, შესძახა გიორგიმ და იქვე ძალაყინით მდგარი გივიც დააჩოქა. კიდევ კარგა ხანს ჩიჩქნეს და საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ აუზის სიგრძეს წყლის მილები ჭრიდა და შიგ გამავალი წყალი სადღაც ქვევით მიექანებოდა. ნამდვილად აქედან გამოდის უკვდავების წყარო, პირდაპირ იქით მიდის ეს მილები, დანარჩენთ იქით გაუძღვა, სადაც წყალი მაღლა სცემდა ბუტბუტითა და შიშინ-სისინით. აი, უყურეთ, დიმიტრი პაპა ამბობს, მიწიდან ამოდისო, მაგრამ ნახე, თუ იმ მილებში გამავალი წყალი არ იყოს, და წყლის გარშემო დაიწყო ჩიჩქნა.
უცებ მებაღე აყვირდა:
-ნელა, ბიჭო, ხედავ, მილი გამოჩნდა!
ბახსლოლიანმა კიდევ ჩაიმუხლა და ფრთხილად გადაწმინდა მილზე მიწა.
-აი, ხომ გითხარით, გაიჯგიმა აღმომჩენი, ეს იქიდან მოდის, მილი გატეხილა და ეს წყალიც, ეტყობა, ნაწილი მაღლა ამოდის, ხოლო ნაწილი ქვევით მიდის უკვდავების წყაროსკენ.
-გივი, გივი! აბა, აქ, გივი. აი, რა ვიპოვე, ხედავ, ჯამებია და ესეც სურა. ორივე გატეხილია. ფუჰ! ჭიაყელა მიჰკრობია ზედ. აი, ნახე.
ბიჭებს პატარა თახჩისათვის მიეგნოთ და შიგ ფათურობდნენ.
პიონერხელმძღვანელმა ყურადღებით დაუწყო სინჯვა ძველი საუკუნეების ნაშთებს.
-ეს უბრალო ნატეხები არ არის, ხედავ, მოლურჯოცისფერი ზოლები გასდევს. ასეთი ჭურჭლის კეთება დღესაც იციან იყალთოში.
ბიჭები ისე გულდასმით უსმენდნენ პიონერხელმძღვანელს. ვერც კი შეამჩნიეს, ძველი მებაღე თავგადახდილ ქვევრში როგორ ჩავარდა და კინაღამ ფეხი მოიტეხა.
ბახსოლიანს თან ზევით ამოჰყავდა გროზნა, თან საყვედურობდა:
-მოიცა, დიმიტრი პაპავ, ერთად ვიაროთ, შენ ფარანი არაგაქვს და შეიძლება კიდევ სადმე სხვაგან ჩაეშვა.
მებაღე ბურტყუნით ირწმუნებოდა: ფეხი ღვინოში ჩავყავიო. ფარნიანებმა ბევრი უკირკიტეს, ბევრი უტრიალეს და შიგ ცოტაოდენი წყლის მეტი ვერაფერი აღმოაჩინეს.
ბიჭებმა რაკი გაიგეს, დარბაზში ქვევრი აღმოჩნდაო, სურა და მისი ნატეხი თახჩაში მიყარეს და იქით გაქანდნენ.
-თ აქ გიჟი ცხოვრობდა, მარტო ამ ქვევრს ჩააგდებდა, ხოლო თუ ჭკვიანები იყვნენ, სხვებიც იქნება, განაცხადა ბახსოლიანმა და ერთ ადგილას ძალაყინი დაჰკრა.
დაკვრის ადგილმა გუგუნისმაგვარი ხმა გამოსცა.
-ქვევრია აქაც! აყვირა გიორგი.
მართლაც, მოზრდილი ქვევრი იყო და ზედ დიდი სიპი ეფარა. ქვევრი ცარიელი აღმოჩნდა მოხუც მებაღეს სულ დაეკარგა იმედი, რომ რაღაცას ,,გაჰკრავდა აქ კბილსა'' როგორც თვითონ ამბობდა.
-ტარხუნაზე ასულს ტოტი მომიტყდეს და ძირს ბრაგვანი გამცვივდეს, თუ აქ მთელი მარანი არ იყოს! აბა, მიდი, გივი, შენც დასცხე! და გაფიცხებული გიორგი ნესტიან მიწას ჩხვლეტდა ქაქანით:
-კიდევ ქვევრია! აი, აჰა, გეუბნებით, ქვევრია-მეთქი!
მართლაც. ახალმა ქვევრმა დააღო პირი სარქველის ახდისას. არც აქ გამოჩნდა ღვინო.
ამაოდ აფურთხებდა გროზნა, ამაოდ სწყევლიდა იქიდან ,,ნუნუას'' ამომხაპავს და მის გაუმაძღრობას, ქვევრები იყო, ნაგრამ ღვინო არ ჩანდა.
-ამ აკადემიის გარშემო ფერდობები, გორაკები და ახოები მაშინ ვენახებით ყოფილა დაფარული და ღვინო ბლომად იქნებოდა. მართალია, აქ დაწურული ღვინო გვირაბით წმინდა შიოს გამოქვაბულებში გაჰქონდათ, მაგრამ იგრე როგორ ამოცალეს, რომ შიგ წვეთი აღარ დატოვეს?
-ეგ კი არ არის საკვირველი, დიმიტრი პაპავ, საკვირველი ისაა, თუ აქ გვირაბი იყო, მაშინ საიდან გაიტანდნენ წმინდა შიოს კლდემდის?
-რა ვიცი, შვილო, მამა-პაპას ეგრე გადმოუცია ჩვენთვის. თუმცა, მეც არა მჯეროდა, თუ იმ კედელს აქეთ რამე იქნებოდა, მაგრამ ხომ ნახე, აღმოცნდა. ვინ იცის, იქნებ ამათ იქით იწყება გვირაბი?
-ძალიან შორსაა აქედან შიოს კლდის გამოქვაბულები. ახლაც კი გაძნელდება იქამდე გვირამდის გაყვანა და შიგ გავლა. აქ რომ გვირაბი იყოს, ეს კედელი აღარ იქნებოდა. ჰა, გიორგი, შენ რას იტყოდი?
-მეც ეგრე მგონია, გივი, აქ, ალბათ, მარანია და ამ ხვრელით შემოდიოდნენ შიგ, მერე კი რატომღაც ამოუქოლავთ. რას იტყვი, იმ დახშულ ადგილას საიდან უნდა იყოს ამდენი ჰაერი?
-არ ვიცი, ძმაო. ერთი რამ კი ცხადია: საიდანღაც შემოდის ჰაერი. მე ვფიქრობ, წყლის ნაწილმა, რომელიც გატეხილი მილიდან ამოდის, სადმე მიწაში გაიკვლია გზა და იმ ხევში ჩადის, რომელიც რძის საყდრის დაღმართის გასწვრივ ეშვება.
-ასე რომ იყოს, განა აქამდე ვერავინ შეამჩნევდა?
-არა მგომია, რადგან მთელი ხევი გაუვალი მაყვლის ბარდებით არის დაფარული ზამთარ- ზაფხულ.
-წყალი რად უნდოდათ აქ?
გროზნამ გაიკვირვა.
-წყალი, შვილო, ყველგან საჭიროა. ამოდენა ქვევრებს დარეცხვა არ უნდოდა? ან იქნებ, შიშიანობის დროს გალავნის გარეთ რომ ვერ გადიოდნენ, ამ წყალს იყენებდნენ ჩვენი პაპები სასმელად?
-მაშ, რატომ მიდის მილებით სადღაც ხომ ხედავ, აუზში მილებია.
მოხუცი მებაღე დაფიქრდა.
-მე მგონი, ეგ ის წყალია, ჩვენ რომ უკვდავების წყაროს ვეძახით.
-მეც ეგრე მგონია. აბა, ერთი კიდევ კარგად დავხედო.
ნათხარზე გადავლისას ბახსოლიანს ფეხი გაუსხლტა და მობუყბუყე წყალში ჩაჯდა.
ბიჭებმა ხელი სტაცეს და წამოაყენეს.
ბახსოლიანი თან შარვალს იწურავდა, თან უგემურად იფურთხებოდა.
უეცრად გივიმ ხარხარი შეწყვიტა და მერე თავისი ჯიბის ფარანი და დაჭყეტილი თვალები წყალს დაანათა.
ყინულივით ცივი და კამკამა წყალი სცემდა მიწის ქვეშიდან და ოდითგანვე გაჭროლ კალაპოტში ლაღად მილიკლიკებდა.
-ბიჭებო! დაიძახა ვარდუაშვილმა. ეს რა აღმოვაჩინეთ, ბიჭებო!
იქ მყოფებმა განცვიფრებული თვალები მოავლეს ირგვლივ და უფრო მეტად გაოცდნენ, როცა ვერაფერს შეხედეს საყურადღებოს.
-რა მოხდა? იკითხა ბახსოლიანმა.
-წყალი გიორგი! ნამდვილი წყალი!
-რა წყალი, რომელი წყალი, ხომ არ შეიშალე? უკანასკნელად გაწურა შარვალი გიორგიმ.
-სუფთა წყალი, კამკამა წყალი, ცივი წყალი! მიაყოლა ზედიზედ ვარდუაშვილმა.
-ჭიქა ორი შაური, ჭიქა ორი შაური. ვის გინდათ!
-შენ ხუმრობ, გიორგი, და საქმე ლი საცეკვაოდ გვაქვს.
-რომელი გინდა: ,,განდაგან'' თუ ,,ხორუმი'' ბახსოლიანი გამოსველებული შარვლით დაიგრიხა.
გივის ფარანი დაენათებინა წყლისათვის, ჩაცუცქულიყო, იდაყვები მუხლის თავზე დაეყრდნო და სახე ღიმილს გაეპო.
-თქვენი ჭირიმე, ბიჭებო! ეს რა ვეფხვები მყავს, კაცო! წამოხტა რაზმის ხელმძღვანელი, გაშტერებული ეფრემას ბიჭი დაიჭირა და ჩაკოცნა. ვაშაა! ახლა იყალთოს თავზე საღვრელად ექნება სასმელი წყალი! ვაშაა!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent