შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,დანაშაულზე დასწრება,, (ნაწილი 19)


5-01-2019, 00:24
ნანახია 1 021

სნაიპერმა სანდროს რჩევა დაიჯერა და მებაღის სახლისაკენ გასწია.
შორიდან დაიძახა.
არავინ გამოხმაურებია.
კიდევ დაიძახა.
უეცრად საიდანღაც გამომტყვრალი ძაღლი ღრენით გამოექანა ხევში ჩასასვლელისაკენ.
ვახტანგმა ჯერ უკანვე გამობრუნება დააპირა, რიყეში, რათა იქ ქვები აეკრიფა და თავდამსხმელს ღირსეულად დახვედროდა, მაგრამ რაკი ვერ ჩაასწრებდა, ნეკერჩხალზე ასვლა გადაწყვიტა.
დროულიც იყო: მოვარდნილი ალმასა ხეს შეეტოტა და ფეხსაცმლამდე მისწვდა.
ბიჭი ნაჩვევი იყო ძაღლებთან ჩხუბს და მაინცდამაინც არ შეშინებია. ხეს მაგრად შემოხვეულმა რამდენჯერმე გაიქნია ფეხი და ძლივს გამოგლიჯა პირიდან. მერე აცოცდა ზევით და ერთ ტოტზე მოხერხებულად ჩამოჯდა.
ძაღლიც დაცუცქდა იქვე, ზევით ცხვირაწეული შეჰყურებდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ იყეფებოდა.
ვახტანგმა კიდევ დაიძახა:
-ლენა! დაყრუვდი, გოგო?!
ძაღლი ძლიერ აყეფდა.
ბიჭმა ძირს ჩამოიხედა და გამარჯვებულის უზრუნველი ღიმილით უთხრა:
-რა გინდა, ტურების საჭ,ელო? ვითომ შენც ძაღლი ხარ, რაღა. ფუი, შენს ძაღლობას რა ვუთხრა! ისე მოგპარეს ვაშლი, რომ შენ ჩუჩუნიც არა ჰქენი. ფუი! ძაღლი ვიყო ეგრე გადავყრუვდე?! ენა გამოუყო და დაეჯღანა.
ძაღლს ეწყინა, წამოხტა და ხეს ყეფით შეეტოტა, მაგრამ მიხვდა. რომ ვერ მისწვდებოდა, და იქვე დაყუნტდა.
-დიდხანს იჯდები მანდ? შეეკითხა ვახტანგი.
ძაღლმა შეჰყეფა.
-კარგი, მეც არ ჩამოვალ, ვნახოთ, არ მოგწყინდება? ტოტს გადაალაჯა, ხეს ზურგით არხეინად მიეყუდა და აღიღინდა:

ქუჩუქი ღონიერია
ფეხს გადააწვდენს ველებსა
ისე მივბეგვავ ალმასას
ვეღარ ანძრევდეს ყურებსაა! ჰეეეე!

უცებ გაჩუმდა და ძაღლს ჩამოჰხედა.
-უუ, შე საცოდავო, ყურებიც არა გაქვს! ანდე, დაუჭრიათ.
ძაღლმა შეჰყმუვლა და უკანა ფეხებით მიწა მოფხოჭნა.
-გიცხონდა პატრონი, ერთი ძალიან გაფხუკიანდი. არა, გიხდება, რომ ამოდენა ბანჯგვლი გადევს ზედ? გროზნა რომ ფერმის გამგედ იყოს, მატყლის დამზადების გეგმას რა ადრე შეასრულებდა!
უეცრად ძაღლმა ყეფა შეწყვიტა, აწკმუტუნდა და კუდის ქნევითა და გრეხით ხის მეორე მხარეს გადაინაცვლა.
ვახტანგი ზურგისაკენ მიბრუნდა და ძირს ჩაიხედა.
ნეკერჩხლის ქვეშ მებაღე იდგა და ხელმოჩრდილივით ზევით იყურებოდა.
-არიქა, დიმიტრი პაპავ, მიშველე, თორემ ლამის შემჭამოს თქვენმა ალმასამ. მერე ენა მოიჩლიქა: რა გინდა, ტუგრი, მე ხომ არაფერი დამიშავებია შენთვის. ლამაზი და კარგი მაინც არ იყო. რა კარგი ყურები და ბეწვი აქვს. ნუ, ტუგრი, ნუ ბრაზობ.
-რაო, რაო? მაშ, ფერმის გამგედ უნდა ვიყო? გააგრძელა გროზნამ და მარცხენა მხარზე გადებული წერაქვი მუქარით ჩამოიღო ძირს, აბა, დაბლა ჩამოდი, თუ მაგ თანამდებობას დავჯერდები.
ვახტანგი შეკრთა და, ძირს ჩამოსვლის ნაცვლად, ერთი ტოტით ზევით აიწია. თან გაიფიქრა: ახლაც ნასვამი ჩანს ეს ბებერი. ნეტავ სადა შოულობს ყოველდღე, ანდა რატომ არ სწყინდება?
-არ ჩამოდიხარ? იკითხა მებაღემ.
-რაღაც ხალისი არა მაქვს, უპასუხა ხეზე მჯდომმა.
-მაშ, მე გაგახალისებ. მოხუცი მიბრუნდა და დაიძახა: ლენავ, გოგო, ლენავ! მოიტა ერთი, ნაჯახი გამომიტა... რამდენი ხანია მინდოდა ამ გამხმარი ნეკერჩხლის მოჭრა და ყოველთვის მავიწყდებოდა. გაგიხარიან მე შენ ჩამოგსვამ, მანდ ბერი ქედანივით რომ ზიხარ და ღუღუნებ.
ახლა კი შეშფოთდა ვახტანგი.
-რა გინდა, პაპავ?
-არაფერი, შვილო, ნაჯახი მინდა.
-რად გინდა, ნაჯახი, პაპავ?
-აი, გამომიტანოს და მანდედან დაინახავ, რისთვის მინდა.
-ლენა შინ არ არის.
-შენ რა იცი?
-ვიცი.
გროზნა შეყოყმანდა.
-მართლა არ არის?
-მართლა არ არის.
-ალმას, აქ იყავ და ეს მლივი არ ჩამოუშვა ძირს.
გროზნა გაბრუნდა სახლისაკენ ნაჯახის მოსატანად.
ლუკას ბიჭი ძაღლს დაეჭყანა:
-და-და-და-და, რასა ჰგავხარ ძაღლო!
გროზნამ მოიხედა.
ვახტანგნა ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ძაღლს.
-ნამდვილი მზეთუნახავი ხარ, მზეთუნახავი.
სახლში მცირე ხნის ფათურის შემდეგ მებაღე უკანვე გამობრუნდა.
-ახლა გამახსენდა, რომ ნაჯახი გუშინ წავიღე ბიძაშენთან დასაფოლადებლად.
-ჰო, მე ვუთხარი: კარგი ფოლადი გაუკეთე-მეთქი, ბიძაჩემო, ხომ იცი, დიმიტრი პაპასია-მეთქი!
-დამაცადე მანდ, ჯახუნაანთა გადავალ და იმათ გამოვართმევ. მეტი რა გზა ჰქონდა ვახტანგს, უნდა მოეცადა.
-კარგი დაგიცდი.
-უცებ ვახტანგი ტოტზე შედგა და გასძახა:
-ნუ წახვალ, დიმიტრი პაპავ.
გროზნამ მოუხედა.
-ჩამოდიხარ?
-არა.
-არა და გაჩვენებ შენ სეირს..
-დიმიტრი პაპავ.
-რა იყო.
-ნაჯახი არ გინდა.
-ვითომ რატომაო!
-ხერხი მოიტანე.
-ხერხი? გროზნა ჩაფიქრდა, დამცინი, არა? ხერხითაც შეიძლება, დაასკვნა ბოლოს და სახლისკენ გასწია.
გროზნამ ბირდაბირი გამოიტანა და ხის ძირს მიადგა.
-აი ,შე მლივო, შენა! შენგან არი ბაღის ღობე დაჭეჭყილი და ის ვაშლი გაკრეფილი. ახლა ხომ ჩემს ხელში ხარ.
ხერხი ხტოდა და ნაჭდევიდან ვარდებოდა. ბევრი ეწვალა, ბევრი უარა გარშემო, მაგრამ პირი ვერ მოაკიდებინა.
ვახტანგმა იცოდა, რომ ჯერჯერობით საფრთხე არ მოელოდა. იჯდა და არხეინად ღიღინებდა.

ცულს მოვიტან ცუნცულასა
ხელეჩოს და წალდუნასა
ხესაც მოვჭრი ხის ძირსაცა
შენც შეგჭამ და ალმასასაც

გროზნა შედგა და სახელოთი ოფლიანი შუბლი მოიწმინდა.
-რაო, გიჭირს, დიმიტრი პაპავ?
-მიჭირს, გამოტყდა გროზნა.
-ეგრეა, ბრძნულად დაასკვნა ხეზე მჯდომმა, ერთი კაცი პურის ჭამაშიაც არ ვარგაო.
-აბა, მაშ, რა ვქნა, შვილო, დაეთანხმა ძირს მდგომი, ჩემი დღენი სულ ეგრე მარტოხელა ვარ. ახლაც ის გოგო არ ჩამოსულიყო, რა ეყრებოდა ჩემს ყოფნაში.
-ლენა ძალიან ყოჩაღი გოგოა, სულ ხუთიანები ჰყავს.
-მასწავლებლებიც ემადლიერებიან.
-ჰო, ძალიან.
სიჩუმე ჩამოვარდა.
გროზნამ ხეზე მჯდომს ახედა.
ვახტანგმა მისი მზერა დაიჭირა, მერე გამოცდილი კაცივით ხეს შეავლო თვალი და ტანზე მოწონებით დაჰკრა ხელი.
-ჰე, რა შეშას დაჰყრის ეს ნეკერჩხალი! ტყეში წასვლა აღარ დაგჭირდება, დიმიტრი პაპავ.
-ჰო, ხმელი შეშა იქნება, დაეთანხმა მებაღე.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
მხოლოდ ძაღლი იცქირებოდა ავი თვალით ხისკენ.
ვახტანგმა უცებ საგრძნობლად გადმოიწია, ძირს გადმოიხედა როცა ხის ქვეშ მჯდომმაც ზევით აიხედა, წარბი შეკრა და განგებისად გაიკვირვა:
-აღარა სჭრი, დიმიტრი პაპავ?
გროზნამ ხელი ჩაიქნია.
-ხერხი ვერ მივუყენე.
-ეე, ეგრეა, აი, ისევ თუ მე არ მოგეშველე, მარტოკამ რა უნდა ჰქნა, შე ბეცავო, შენა.
ვახტანგმა ძირს ჩამოიწია, ხის ტანს მოეხვია და ზედ დაცურდა.
წუთიც და, განცვიფრებული ძაღლისა და მისი პატრონის წინ იდგა.
ბიჭმა ხერხი აიღო და განახერხში ჩადო.
-აბა, შენ მანდედან გასწიე, დიმიტრი პაპავ.
გროზნა გაოცებით წამოდგა, ერთხანს ბიჭს უცქირა და მერე ხერხის სახელურს უნებურად წაავლო ხელი.
შემცბარი ძაღლი ახლოს დაცუცქდა და ხერხს აქეთ-იქით დაუწყო თვალის გაყოლება.
ნახევარზე რომ მიაჭრეს, შეისვენეს. მერე ისევ მიეძალნენ და ორმოციოდე წუთში ძირს დასცეს გამხმარი ნეკერჩხალი.
-ეგრეა, სად ერთი კაცი და სად ორი!
-შენ გაიხარე, შვილო. გადანაჭერზე ჩამოჯდა გროზნა და სიმთვრალისაგან დაბრეცილი თვალებით თამბაქოს ქისაში ჩაიხედა.
ჩიბუხი გააწყო და მოუკიდა.
ვახტანგმა ტუჩები ააწკლაპუნა.
-მოიტა, მომაწევინე, დიმიტრი პაპავ.
მებაღემ ჯერ გაიკვირვა და მერე ქისა მიაწოდა.
-მოსწიე.
ვახტანგმა საიდანღაც გაზეთის ნახევი ამოაძვრინა, თამბაქო გაახვია და გააბოლა.
-კაი თამბაქო ყოფილა.
-ძალიან კარგია, კვერი დაჰკრა პატრონმა.
-რა ღონე გქონია, დიმიტრი პაპავ. მე მეგონა, დაბერდა-მეთქი.
-რას შვრები, ვახტანგ? დასძახა ვიღაცამ თავზე.
ზევით აიხედა და წარბებშეყრილი ლენა დაინახა.
-რას შვრები, ვახტანგ? გაიმეორა გოგომ, გადააგდე ამ წუთში!
ბიჭს ლოყებზე ალმური ავარდა, პაპიროსის ნამწვი შორს გადაისროლა და საცოდავად დაიჭყანა.
-ბიჭებს ნუ ეტყვი, ლენა.
-ვინ ბიჭებს? ბიჭებთან მე რა მესაქმება?
-უჰ, ლენა, მე ყოველთვის ვამბობდი: ლენასთანა გოგო მთელ სოფელში და ქალაქშიც არ იქნება-მეთქი.
-ბიჭები საჭირო არ არიან. მე ამას რგოლის შეკრებაზე ვიტყვი.
სნაიპერს ელდა ეცა.
-რას ამბობ, ლენა, რგოლიდან გამრიცხავენ.
-შენ იმ რგოლში არცა ხარ და ვერც გაგრიცხავენ. მე ძალიან კარგად ვიცი, ,,ვალდებულებაზე'' ხელი გაქვს მოწერილი და სიტყვა კი არ უნდა გაგეტეხა.
უშიშარი ბიჭი მოიბუზა.
-ჩემი ბრალი არ არის, პაპაშენმა შემაცდინა, ლენა.
გროზნამ ყური ცქვიტა.
-რაო, მე შეგაცდინე? აი, შე მლივო, შენა! მებაღემ ტოტი შეატეხა ხეს, მე შეგაცდინე თუ შენ შემაცდინე?
ბიჭი ფიცხლად წამოხტა და ხევში ჩავარდა.
ძაღლი გამოეკიდა, მაგრამ ქვის ყუმბარებმა უკანვე გამოაბრუნეს.
-სად მირბიხარ, ვახტანგ?
-ეზოში არ მაყენებთ და მა რა ვქნა?
-წამოდი ახლა, დავიწყოთ მეცადინეობა და თავის მართლებას ხვალაც მოასწრებ შეკრებაზე.
-მაშ, უეჭველად იტყვი?
-უეჭველად ვიტყვი.
-მართლა ამბობ?
-მართლა.
-მაშ, არც შენთან მეცადინეობა მინდა და არც შენი დახმარება, შენ დიდი ვერაგი ვინმე ყოფილხარ. ჯერ სახლში დაიმალე და მერე თავზე წამადექი, არა?
-ლილისთან ვიყავი და ახლა იქიდან მოვედი.
-ძალიან კარგად ვიცი, რაცა ბრძანდებით შენ და შენი პაპა. ვაი, მაშინ რად გამოგაცილე და, ერთი, მგლებმა თუ ქაჯებმა არ შეგჭამეს!
-შენი პაპაო? კიდევ მე გადმომწვდი? აბა, მანდ დამიცადე!
ვახტანგს რა დააცდევინებდა? გაჭენდა რიყეზე და ეზოში გაოცებული ლენა დატოვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent