შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ იპოვი გზას (ნაწილი მეორე)


20-02-2019, 23:56
ავტორი ანაკონდა
ნანახია 1 553

დარბაზში ხმამაღალი მუსიკა ჟღერდა. დიდი ხნის მერე შეგროვებული სტუდენტობა უერთმანეთოდ გატარებულ დროს მხიარულად ინაზღაურებდა. ჯგუფებად იდგნენ, ზოგი ცეკვავდა, ზოგი რაღაც ამბებს ყვებოდა და დანარჩენებს ამხიარულებდა.
თეკლა თინანოს ელაპარაკებოდა. კურსელს მას მერე დაუმეგობრდა, რაც მერიემთან იჩხუბა წლების წინ, თუმცა არც თინანო აღმოჩნდა მისი განუყრელი დაქალი. უნივერსიტეტის მერე ერთმანეთს ერთხელაც აღარ შეხვედროდნენ. თავიდან თეკლა ხშირად იჩენდა ინიციატივას, მერე მიხვდა, რომ გოგონა უბრალოდ თავს არიდებდა და შეეშვა. გული დასწყდა, მაგრამ შეეგუა.
თინანო თავისი შვილის ამბავს უყვებოდა. თეკლა ცდილობდა, მაქსიმალურად გულისყურით მოესმინა პატარა ერეკლეს ანცობების შესახებ, თუმცა კონცენტრირება უძნელდებოდა. ხშირ-ხშირად აპარებდა მზერას კარისკენ, რომლის მიღმაც ჯერ ყოფილი მეგობარი და მერე მოქმედი შეყვარებული გაუჩინარდნენ. ტელეფონს რომ მეათასედ მაინც დახედა, მობეზრდა და, როცა, როგორც იქნა, თინანოსგანაც თავი დაიხსნა, აივანს მიაშურა. სიგარეტს მოუკიდა და ჰორიზონტს გახედა. კიდევ ერთხელ სცადა გაბრიელთან დაკავშირება. ავტომოპასუხე ირთვებოდა. უნებურად ერეოდა მძიმე, უსიამოვნო ფიქრები ქალის გონებას.
იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც გაბრიელთან ცხოვრობდა, არასოდეს გასჩენია ეჭვი. სამსახურის შემდეგ მამაკაცი ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა სახლში. ქალი მისთვის სიამოვნებით ფუსფუსებდა სამზარეულოში. ხანდახან ეჩვენებოდა, რომ გაბრიელი ბოლომდე არ იხსნებოდა მასთან, თუმცა ამაზე საუბარს ერიდებოდა. რა მნიშვნელობა აქვს, რა ხდებოდა ჩემამდე, ახლა აქაა და ეს სრულიად საკმარისიაო, ფიქრობდა ხოლმე დილაობით, როცა ბიჭი სამსახურამდე მიაცილებდა და მერე ტოვებდა. თეკლას მოსწონდა მათი მშვიდი თანაცხოვრება. ზოგჯერ ეგონა, რომ რაღაც აკლდათ, რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახალი დღე თენდებოდა და მის ეჭვებს უბრალოდ აქრობდა. გაბრიელი დინჯი, მშვიდი ნაბიჯებით მიუყვებოდა ცხოვრების გზას მის გვერდით. დიახ, მის გვერდით! სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ქალისთვის. ყოველდღე ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ასეთი სანდო, საიმედო ცხოვრების მეგზური აჩუქა.
ქალაქის თავზე ალაგ-ალაგ ბჟუტავდნენ ვარსკვლავები. უყურებდა, როგორ ქრებოდა ჰაერში ბოლო ნაპასის ნაკვალევი. ნამწვი იქვე საფერფლეში ჩააგდო და მეორეს მოუკიდა. საოცრად ამშვიდებდა აქ დგომა და მოწევა მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან სციოდა. ცოტა ხანში მხრებზე სასიამოვნო სითბო მოედო. პლედი მოახურეს. ღიმილით შებრუნდა ,,სტუმრისაკენ“. შოთაც უღიმოდა.
_ რას დამდგარხარ აქ ამდენ ხანს, ვერ ხედავ, რომ ყინავს? _ ღიმილითვე უსაყვედურა გოგოს.
_ გმადლობ, შოთი, ფიქრებს გავყევი და ვერც შევამჩნიე, როგორ გავიდა დრო, _ თეკლა ისევ მოაჯირისკენ შებრუნდა და მჭიდროდ მოიხვია პლედი.
სწავლისას შოთასთან მეგობრობდა. როცა შეამჩნია, რომ ბიჭი მისთვის თავის მოწონებას ცდილობდა, მაშინვე მკაფიოდ მიანიშნა, რომ სხვა უყვარდა თავად. მას მერე არასოდეს შეუწუხებია შოთას. სოციალურ ქსელში ზოგიერთ დღესასწაულს ულოცავდა და შორიდან მოიკითხავდა ხოლმე ხანდახან. ეს მას მერეც გრძელდებოდა, როცა შეიტყო, რომ გოგო გაბრიელთან გადაბარგდა. მიულოცა კიდეც და თეკლა დარწმუნდა, რომ ბიჭს დროებითმა გატაცებამ გადაუარა. ამან გაახარა კიდეც. სულაც არ სურდა, ვინმე მის გამო დატანჯულიყო. თან შოთა მართლა მოსწონდა, როგორც ადამიანი.
_ გაბრიელი სად გაქრა? _ დაარღვია დუმილი ბიჭმა და თეკლაც უსიამოვნოდ დააბრუნა სტუდენტობისდროინდელი მოგონებებიდან რეალობაში.
_ რაღაც საქმე ჰქონდა და მალე დაბრუნდება, წესით
_ მართლა, მერიემთან ყველაფერი მოაგვარე? შევამჩნიე, საუბრობდით...
_ ამდენი ხნის მერე მგონი ერთმანეთზე ნაწყენი არცერთი აღარ უნდა ვიყოთ, გავიზარდეთ, ბოლოსდაბოლოს, _ჩაეცინა ქალს.
_ მიხარია.
_ ჰო.
ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ამან თეკლა გააბეზრა. პლედი მოიხსნა და იქვე, პლასტმასის სავარძელზე, ჩამოდო. აივნის კარისკენ დაიძრა.
_ თეკლა! _ შოთას ხმაზე რატომღაც გააჟრჟოლა გოგოს. უცნაური ტონით ეძახდა.
_ ჰო, შოთი, _ მოუბრუნდა თბილი ღიმილით.
_ ბედნიერი ხარ?
კითხვამ ჯერ შეაკრთო, მერე რატომღაც განარისხა თეკლა.
_ ეს რა კითხვაა?
_ კითხვაა, რა.
_ ჰოდა, სულელური კითხვაა.
_ თუმცა ყველაზე სულელურ კითხვებსაც აქვს პასუხები.
_ უაზრობად მეჩვენება, კარგი რა, _ სცადა ისევ ხუმრობაში გაეტარებინა ბიჭის ნათქვამი.
_ თეკლა, ბედნიერი ხარ? _ მოაჯირს მოყრდნობილი შოთა თითქოს ბურღავდა შავი თვალებით.
_ რატომ არ უნდა ვიყო? _ ბოლოს ძლივს დაიმორჩილა ხმა.
_ ესე იგი, ბედნიერი ხარ?
_ ვარ, შოთა, ვარ. მგონი, ბევრი დალიე და ახლა სისულელეებს მეკითხები. ცივა და უნდა შევიდე, გაბრიელიც მალე დაბრუნდება, _ ქოთქოთით გაძვრა შუშის კარს მიღმა. ბიჭი არ განძრეულა. უხმოდ უყურებდა ადგილს, სადაც ცოტა ხნის წინ თეკლა იდგა.
შეცბუნებული თეკლა მეგობრებს შეერია. ცოტა ხანში, როგორც იქნა, გაბრიელმაც დარეკა. წამით გოგოს ბრაზი მოერია, მაგრამ მშვიდად უპასუხა ზარს. ბიჭი სახლში ელოდა. ეს კიდევ უფრო გაუკვირდა ქალს. ყურმილი დაკიდა და კურსელებს დაემშვიდობა. შოთა არ ჩანდა. მასზე ჯერ კიდევ ბრაზობდა, თუმცა თავადაც არ იცოდა, რატომ. ძალიანაც კარგი, თუ აქ არააო, გაიფიქრა ბოლოს და გასასვლელისკენ დაიძრა. ტაქსი უკვე გარეთ უცდიდა. ჩაჯდომამდე კიდევ ერთხელ გაიხედა შენობისკენ. შოთა ჯერაც აივანზე იდგა. წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. თეკლას მოეჩვენა, რომ ბიჭი რაღაცის თქმას ცდილობდა მისთვის. თავი სწრაფად გააქნია უაზრო ფიქრების გასაქრობად და მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა.
გზა თითქოს გაიწელა. კიბეზე ასვლისას გოგონა უსიამოვნო გრძნობებმა შეიპყრო. მთელი ტანით ხვდებოდა, რომ რაღაც არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო, თუმცა ზუსტად არ ესმოდა _ რა. გასაღების ძებნაში ხუთი წუთი დაკარგა და მერეღა აღმოაჩინა, რომ გაბრიელს კარი არც ჩაეკეტა. ოთახში მძიმედ შეაბიჯა. ბიჭი სავარძელში იჯდა და ეწეოდა. თეკლამ იცოდა, რომ მოწევა კარგა ხნის წინ ექიმმა აუკრძალა და ისიც შეეშვა. ამ სცენის დანახვისას საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ წინ რაღაც ძალიან ცუდი ელოდა. ბიჭს დააკვირდა და გული მოეწურა: გაბრიელი ცუდად იყო, ძალიან ცუდად. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა. ოდნავ შეეხო წვერწამოზრდილ სახეზე, ხელი ლოყაზე ნაზად დაუსვა და თითქმის ჩამწყდარი ხმით იკითხა:
_ რა მოხდა, გაბრიელ?
ბიჭი დუმდა და თეკლას გონებაში ეს დუმილი საათებად გაიწელა.
_ თუ შეძლებ, მაპატიე, თეკლა. თუ არ მაპატიებ, ამასაც გავიგებ, უბრალოდ ვეღარაფერს დაგიმალავ.
ქალს გული გაეყინა. ფეხზე წამოიჭრა.
_ მიღალატე, არა? სხვასთან იყავი, ჰო?_ ბოლთის ცემა დაიწყო. _ ვგრძნობდი, ბოლო დროს რაღაც ხდებოდა, რაღაც ვერ იყო რიგზე. ეს რატომ.. როგორ.. ნუთუ არ შეიძლებოდა სხვაგვარად, ჯანდაბა!_ უკვე ხმასაც ვეღარ აკონტროლებდა.
გაბრიელი წამოდგა და შეჩერება აიძულა.
_ ჯერ უნდა მომისმინო, არასოდეს მიღალატია შენთვის!
თეკლამ იგრძნო, რომ ერთადერთი რაც ახლა უნდოდა ის იყო, რომ საერთოდაც აღარ მოესმინა ბიჭისთვის. უბრალოდ საწოლში ჩამძვრალიყო, დაეძინა და როცა გაიღვიძებდა, ეს ყველაფერი კოშმარი აღმოჩენილიყო.
_ ახლა რაც უნდა მითხრა.. ამის მერე ძველებურად აღარაფერი იქნება, ჰო? ვმთავრდებით.._ ბურტყუნებდა გოგო, გაბრიელს ზედაც აღარ უყურებდა.
კაცის თვალები ტკივილით იყო სავსე. არასოდეს სდომებია ამ ქალისთვის დარტყმის მიყენება, არასოდეს სდომებია, გული გაეტეხა მისთვის, მაგრამ მერიემთან რომც არაფერი გამოსვლოდა, რომც არასოდეს ყოფილიყვნენ ერთად, თეკლას გვერდით ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა. თეკლას დროებითი ურთიერთობა არ ეყოფოდა, უკვე დრო იყო, რომ უბრალოდ თანაცხოვრება ქორწინებად ექციათ და გაბრიელი ამას ვერასოდეს მისცემდა. ვერც თეკლას და ვერც სხვას. უბრალოდ არ შეეძლო.
_ თეკო..
_ ასე ნუ მეძახი!
_ გთხოვ, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, _ დივნისკენ წაიყვანა, ჩამოსხდნენ. _ ძალიან გრძელი ამბავია და ვეცდები, რომ ძალიან მოკლედ გიამბო. უნივერსიტეტის პერიოდში ერთ გოგოს ვხვდებოდი. ძალიან მიყვარდა ეს გოგო. მერე რატომღაც ჩემთან დაშორება გადაწყვიტა და მეც არ გავკიდებივარ. გამიჭირდა, მაგრამ ასე ვამჯობინე. ახლა გავიგე, რომ ეს გოგო ცუდადაა და ჩემი დახმარება სჭირდება. და, როცა ვნახე, მივხვდი, რომ.. მივხვდი, რომ მის გარეშე არ შემიძლია, თეკო.. არაკაცივით გექცევი და, რომ შემეძლოს, ყველაფერს ვიღონებდი ამის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ არ შემიძლია. ამის მერე უბრალოდ შემიზიზღებ და მართალიც იქნები. ვერ გთხოვ, მოერიე-მეთქი ამას, თუმცა მინდა, რომ მოერიო, რადგან იმსახურებ ადამიანს, რომელსაც ეყვარები ისე, როგორც მე.. როგორც მე ის მიყვარს. შენთან გატარებული დღეები ჩემი ცხოვრების შესანიშნავი ნაწილი იქნება ყოველთვის და გამიხარდება, თუ ოდესმე ისე შევძლებთ ურთიერთობას, რომ დღევანდელი საღამოს მერე დაბადებული წყენა აღარ გქონდეს. მაპატიე, თეკო, ვერ მოგატყუებ, არასოდეს მომიტყუებიხარ და ამას ვერც ახლა ვიზამ.
თეკლა არ ინძრეოდა. ბიჭს თვალს არ აშორებდა. მერე ფეხზე წამოდგა, ოთახის შუაგულში შედგა და მშვიდად თქვა :
_ კარგი. წადი!
გაბრიელი გაოგნდა. ამ სიმშვიდემ შეაშფოთა და აღაფრთოვანა კიდეც. ბოლოს გადაწყვიტა, რომ თუ უაზროდ შეეცდებოდა მის დამშვიდებას, უბრალოდ უფრო მეტად ატკენდა და ოთახში შევიდა. ბარგი უკვე გაემზადებინა. დროებით მეგობართან აპირებდა დარჩენას. გაშეშებულ ქალს მიუახლოვდა, შუბლზე აკოცა, კარიდან ერთხელ კიდევ გახედა ყოფილ საყვარელს და სახლი დატოვა.
თეკლა კიდევ ხუთ წუთს იდგა ასე. მერე სამზარეულოში გავიდა, ყავა მოიმზადა და საწოლში ჩაწვა. კარგა ხნის წინ დაწყებული რომანი გადაშალა და კითხვა განაგრძო.


მერიემმა თვალები ძლივძლივობით გაახილა. თავიდან ვერ მიხვდა, სად იყო. სცადა გაეხსენებინა, აქ როგორ აღმოჩნდა. კურსელებთან ერთად იყო, მერე წამოვიდა, მერე.. გაბრიელი.. ჰო, გაბრიელი. ეჰ.. ღრმად ამოიოხრა ქალმა. ბოლო რაც ახსოვდა, ის იყო, ვის დავიწყებასაც წლებია, ცდილობდა. ექვსი წლის წინ, როცა დედის ავადმყოფობის გამო საფრანგეთში მიმავალს აეროპორტში ეხვეოდა, წამითაც არ უფიქრია, თუ ამდენი ხნით ვეღარ ნახავდა, მით უფრო არ უფიქრია, თუ დაშორდებოდა, თან ისე.. მაგრამ ყველაფერი აირია. პარიზში ჩასულმა აღმოაჩინა, რომ დედამისის გადასარჩენად მთელი იქაური და თბილისური ქონების გაყიდვაც კი არ ეყოფოდა, აღარ იცოდა, რა ექნა. დედას ამშვიდებდა, სამსახურს ვიშოვი და გიმკურნალებო. შეუძლებელს შეძლებდა, ოღონდ მას ეცოცხლა. ორივემ მშვენივრად იცოდა, რომ ასეთ სამსახურს ვერსად ნახავდა. ერთ დღესაც კი ქუჩაში კინაღამ გაიტანა მდიდრულმა მანქანამ, ეს იყო მისი ხსნაცა და სამუდამო ჯოჯოხეთის დასაწყისიც.
ფიქრები კარის ხმამ გააწყვეტინა. გაბრიელის დანახვას არ ელოდა, საწოლში აფართხალდა, წამოიწია და მექანიკურად შეისწორა თმა. ბიჭს გულში გაეღიმა ამის დანახვისას.
_ დილა მშვიდობისა!
_ აქ რას აკეთებ?
_ მშვიდობიან დილას გისურვებ, _ მხრები აიჩეჩა.
_ დამცინი?
_ სულ რატომ მეჩხუბები? თითქოს მე მიმეტოვებინე ექვსი წლის წინ._ მაინც წაკბინა, პარკები იქვე მაგიდაზე დააწყო და დინჯად შეუდგა ამოლაგებას.
_ გაბრიელ, ასე ნუ იქცევი!
_ როგორ ვიქცევი?
_ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა!
_ და რა მოხდა?
_ გაბრიელ!
ბიჭმა საქმიანობა შეწყვიტა. სკამი მიაჩოჩა აფოფრილი მერიემი საწოლთან, წინ ჩამოუჯდა და ისე ჩახედა თვალებში, გოგომ წამით სუნთქვა შეწყვიტა.
_ იცი, აქ რატომ მოხვდი? ნერვიულობის გამო. ასე თუ გააგრძელებ, აქ მოგიწევს დარჩენა. ნამდვილად არ შევეცდები, ექიმი დავარწმუნო იმაში, რომ გაგწეროს.
მერიემი კიდევ აპირებდა გაპროტესტებას, მაგრამ ოთახში მედდა შემოვიდა.
_ ცოტა ხნით დაგვტოვეთ, თუ შეიძლება. თქვენს მეუღლეს კიდევ ერთი მედიკამენტი უნდა მივცეთ გაწერამდე, _ გაუღიმა გაბრიელს.
_ მეუღლეს??
_ ახლავე დაგტოვებთ, მშვიდად იყავი, ძვირფასო, გარეთ ვიქნები, _ მერიემის აღშფოთებულ სახეს ყურადღება არ მიაქცია, ლოყაზე აკოცა გოგოს და პალატა დატოვა.

შუადღისას ექიმმა დანიშნულება მისცათ და საავადმყოფოდან ერთად გამოვიდნენ.
_ წამო, ახლა აქვე ცხელი ყავა დავლიოთ და მერე სახლამდეც გაგიყვან, _ ხელზე ოდნავ შეეხო გაბრიელი. მერიემს წინააღდმეგობა აღარ გაუწევია. ჯობდა ახლა დალაპარაკებოდა და ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ გაერკვიათ, თან თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობდა.
კაფეში სითბო და ყავის სასიამოვნო სურნელი დახვდათ. ორი კაპუჩინო შეუკვეთეს. კუთხის მყუდრო მაგიდასთან მივიდნენ. მერიემისთვის სკამის გამოწევაც არ დავიწყებია. გოგოს თვალს არ აცილებდა. უძილობისგან თავს უკვე ცუდად გრძნობდა, მაგრამ ესმოდა, რომ ახლა ბევრი რამ წყდებოდა, სასწორზე იდო ყველაფერი, რაც უღირდა და მთელი ძალით ებრძოდა დაღლილობას.
მერიემმა ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო:
_ გაბრიელ, უბრალოდ მინდა, რომ მისმინო და არ გამაწყვეტინო, კარგი? მესმის, რომ მარტოს ვერ დამტოვებდი, როცა ცუდად გავხდი, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი მოგვარდა და შენი აქ ყოფნის საჭიროება აღარ არსებობს. გვერდით ადამიანი გყავს, რომელსაც, სავარაუდოდ, არ მოეწონება, რომ იცოდეს, ამდენ დროს ატარებ ყოფილ.. ყოფილთან ერთად. ნურაფერს გავართულებთ, კარგი? ყველაფერი დიდი ხნის წინ დამთავრდა და..
_ არაფერიც არ დამთავრებულა! _ მოთმინების ფიალა აევსო კაცს. _ ეს შენ ეცადე, ისე მოგეწყო, თითქოს დამთავრდა. სინამდვილეში არაფერი დასრულებულა და ეს ორივემ ვიცით. მე არ ვიცი, რა ჯანდაბა მოხდა იმ საფრანგეთში, მაგრამ თუ მეტყვი, გავიგებ. თუ არ მეტყვი, ამასაც შევეგუები, მაგრამ ჩემგან თავს ასე მარტივად ვეღარ დაიხსნი.
_ ვერაფერს მაიძულებ!
_ არც გაიძულებ, ვხედავ, რომ თავადაც გრძნობ რაღაცას და..
_ აშკარად უნდა ეწვიო ოფთალმოლოგს.
_ უადგილოა შენი ირონია, მერიემ, ნუ ცდილობ თემის სერიოზულობა ამით გადაფარო.
_ არაფერს ვცდილობ, გითხარი, რომ ყველაფერი დიდი ხნის წინ დამთავრდა და ახლა უბრალოდ უაზრობაა ამაზე ლაპარაკიც კი.
_ თეკლას დავშორდი.
_ რა?
_ ასე ჯობდა.
_ ეს.. ჩემ გამო? ეს როგორ ჩაიდინე? _ ერთიანად გაწითლდა გოგო _ გეგონა ამით, რა გეგონა ამით, ეს რატომ ქენი?
_ იმიტომ, რომ ასე იყო სწორი, ეს დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა და შენ არც კი გეხება, უბრალოდ დროში დაემთხვა.
_ ბოდავ!
_ რაც გინდა, ის თქვი, მინდა, რომ ვილაპარაკოთ, შენ ჩხუბობ, მაგრამ ვერ ვხვდები, რას ებრძვი.
_ დავიღალე, სახლში მინდა.
_ რისი გეშინია, მერიემ?
_ შიში რა შუაშია? _ კითხვამ შეაკრთო, ეს გაბრიელმაც იგრძნო და მისი ხელი ხელში მოიქცია.
_ მითხარი, რისი გეშინია, მოვერევით, გესმის? მარტო არ ხარ, მე აქ ვარ და არსად წასვლას აღარ ვაპირებ. უბრალოდ უნდა მომიყვე, მერიემ, რატომ გეშინია?

ველოდები შეფასებებს <3 მიხარია, რომ კითხულობთ.



№1  offline წევრი Rania

Zalian sainteresoaa. Gelidebii
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი დარინა

მიუხედავად იმისა რომ თეკლას ატკინა გაბრიელი მაინც მომწონს, საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლა რომ გადაწყვიტა კარგია, ვნახოთ მერიემი რას გააკეთებს იმედია სიმართლეს მოუყვება და ერთად ყველაფერს შეძლებენ.

 


№3  offline წევრი ანაკონდა

Rania
Zalian sainteresoaa. Gelidebii

❤❤❤

დარინა
მიუხედავად იმისა რომ თეკლას ატკინა გაბრიელი მაინც მომწონს, საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლა რომ გადაწყვიტა კარგია, ვნახოთ მერიემი რას გააკეთებს იმედია სიმართლეს მოუყვება და ერთად ყველაფერს შეძლებენ.

იმედია, წარმოდგენა არა მაქვს, რა მოხდება, ისეთი განვითარებით წავიდა, რომ არც ველოდი :დდ ❤

 


№4  offline წევრი n.k.

tekla mecodeba .ar imsaxurebs gabrielisgan amas .imedia mixvdeba

 


№5  offline წევრი ანაკონდა

n.k.
tekla mecodeba .ar imsaxurebs gabrielisgan amas .imedia mixvdeba

მიხარია, რომ გაინტერესებს. ვნახოთ, რა იქნება ❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

თეკლას არც უნდა ჰქონოდა დიდი იმედები გაბრიელთან. მან ხომ თავიდანვე იცოდა გაბრიელის გრძნობების შესახებ, უბრალოდ არ აღიარებდა. ასე რომ არც შემცოდებია.
მე მერიემი მაფიქრებს. როგორც ჩანს მას ვიღაც ძალიან ძალიან სასტიკად მოექცა და სჯობს გაბრიელთან უფრო გახსნილი იყოს, ამ ბიჭზე მეტად ვინ გაუგებს რო?

 


№7  offline წევრი ანაკონდა

Chikochiko
თეკლას არც უნდა ჰქონოდა დიდი იმედები გაბრიელთან. მან ხომ თავიდანვე იცოდა გაბრიელის გრძნობების შესახებ, უბრალოდ არ აღიარებდა. ასე რომ არც შემცოდებია.
მე მერიემი მაფიქრებს. როგორც ჩანს მას ვიღაც ძალიან ძალიან სასტიკად მოექცა და სჯობს გაბრიელთან უფრო გახსნილი იყოს, ამ ბიჭზე მეტად ვინ გაუგებს რო?

როგორ მომწონს, რომ გაინტერესებს პერსონაჟების ბედი. მეც მაინტერესებს :დდ ❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი tea

interesit velodebi gagrdzelebas...momwons dzalian..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent