რჩეული (თავი მეოთხე)ლიწინ-ლიწინი მოისმოდა ბრძოლის ველიდან. მთვარის შუქი დაჰფენოდა ციხე-სიმაგრის ველს. კარიბჭესთან დაუღალავად იბრძოდნენ ჭაბუკი მეომრები, ომში ნაცადი ყმაწვილები, შევერცხლილი, ახოვანი მოხუცებულნი. ქორულაკის ციხეს თუ ჩამოანგრევდნენ, უთუო იყო იმავე საღამოს დაიპატრონებდნენ მთელს სამხრეთს. ექვსი ციხის კლიტეთა ასხმა უკვე ხელთ ეპყრა სპასალარს, ქორულაკი მეშვიდე იყო და მთელი სამხრეთის გული. სწორედ ამ ციხეში წარმოიშვა აჯანყების პირველი ნაშთები, ჩურჩულითა და შიშით-პირველად, შემდგომში კი სიდიადითა და სიმამაცით, ხმამაღლა ნთქმული და სწორედ ამავე ციხეში ჩაკვდებოდა იგი სულ ბოლოდ. უტევდა მეფის ლაშქარი სამხრეთელებს, ალ-ჰაქიმის ჯარმა რა შეიცნო გულგანგმირული ვაჟკაცების ცხედრები, პირაღმა მწოლი, უბრძანა ათასეულის მთავრას, ჩაჰკეტეო ციხის კარები. გადარაზეს გოდოლი და სამხრეთელები შეიკეტნენ შიგნით. ბრძოლაში ნაცადი სამიოდე დიაცი ჩამოატარეს, ჭრილობებს სინჯავდნენ პირახვეულნი და სამკურნალო ბალახებით უამებდნენ. სისხლმდინარ სხეულს ჯაჭვის პერანგებით ჰმალავდნენ და იკურთხებოდნენ, ვინ ყოფილაო ეს ურჯულო, სპასალარი ახალი მეფისაო. დომენიკო ბანაკს შებრუნდა, ომებში შევერცხლილი მეფის მხედართმთავრები და სპასალარი იდგნენ, იყვნენ წვრილ ლაშქართა მეთაურები და ერთხმად ბჭობდნენ, როგორ ავიღოთო ქორულაკის ციხეი?! როგორ მოვაქციოთო ჩვენსას სამხრეთის გული. ბინდი გაფანტა პირველმა სხივებმა, მამლის ყივილი მოისმოდა შორის გზიდანა. ალ-ჰაქიმის ლაშქარი დაუძლურებულიყო სრულად, მაცნე გამოეგზავნა მეფის წულისთვის, მოგვიტევეთო აჯანყება ჩვენი. მაცნე - ალექსანდრე გახდათ, ალ-ჰაქიმის უფროსი ვაჟი, მემატიანე. მუხლზე დაემხო სპასალარის წინაშე და ლოცვით ადიდა მეფეი. პასუხი არ გაატანა ქორულაკის ციხეში სპასალარმა და ალიონის პირველ გასაყარს, ლოდსატყორცნები დაუშინა ციხე-სიმაგრეს. ჩაილეწა მაგრად ნაშენები ციხის კედლები და დასტიროდა დანაკარგს სამხრეთის მზე. ქონგურებზე ყმაწვილი მეომრები აფრინა ალ-ჰაქიმმა, დაილოცოსო მეფეი ჩვენი. პატიებას სთხოვდნენ უფლისწულს, დომენიკოს. მიუბრუნდა დომენიკო სპასალარს-ბათუს და წარბშეუხრელად შეჰკითხა, რა ვუყოთო ახლა, ამ ბრბოსო? -მემატიანე გამოუშვან, სასახლეში წავასხამთ მას და ყველა აზნაურის ჭაბუკ-ასულსა, ალ-ჰაქიმსა და მის მიმდევრებს კი, თვალები უნდა ამოვუშანთოთ უთუოდ, რომ მეორედ ვეღარ შეჰბედონ სასახლეს ურჩობა. საღამომდე გათავებული იყო სამხრეთის აჯანყება. თვალები დასთხარეს ალ-ჰაქიმსა და სხვა დიდებულებს, ალექსანდრე-მემატიანე და სხვათა შთამომავალნი კი ტყვედ წაასხეს სასახლეში და მეფეს მიჰგვარეს. *** გამარჯვებულებს აღსანიშნავი ნადიმი დაახვედრა მეფემ სასახლეში, ბრძენთაბრძენი ბაიბალა ეჯდა მხარ მარცხნივ, მარჯვნით კი დაი მეფისა, სოფია-ელენე მისჯდომოდა. მშვენიერი პირ-სახე გამოეჩინა მორცხვად და თოვლივით თეთრი ლოყები აღაჟღაჟებოდა. დიდგვაროვნები და აზნაურები მისხდომოდნენ სუფრას და გემრიელად ილუკმებოდნენ. დრო და დრო ლუდს მოიპარავდნენ ხოლმე ჩუმად. ღვინოს ეტანებოდა უფლისწული, ომიდან ახლად მობრუნდებული და სევდა ჩამდგარი თვალებით ათვალიერებდა დარბაზს, მისი გულის მიჯნურის ხილვა ეწადდა, მაგრამ ვერ ჰკადრებდა მეფეს სუფრის დატოვებას. სპასალარი ბათუ, სუფრის მეორე ბოლოს შემოსჯდომოდა. უღიმღამოდ ღეჭავდა შემწვარი ბატის ფრთას და წამდაუწუმ მეფის მარჯვნით გაურბოდა თვალი. ერთი სული ჰქონდა გათავებულიყო პურის ჭამა, რომ მარტოს მოეხელთებინა მეფის და და მონატრებული მკლავებში მოექცია. დარბაზის კარი გაიღო და უჩუმრად შემოვიდა მეფის დის ერთგული მონა-სელმა. სახე გასთეთრებოდა და თავსაბურავიდან ჩამოვარდნოდა რამოდენიმე კულული. თვალები დასიებულ, დაწითლებული ძლივს ერჩოდა ფხიზლად ყოფნას. კაბის კიდენი ტალახში ჰქონდა მოსვრილი და ლოყა დახოკილი. ფეხზე წამოიჭრა დომენიკო, რა იხილა გულის სწორი ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ მაშინვე მამის მახვილი თვალისკენ გააპარა მზერა, ადგილს დაუბრუნდა და ისე გაფითრდა, მხოლოდ მხრების მოძრაობით მოაგონებდა კაცს, ცოცხალიაო! სელმა მეფის დას მიეჭრა და ყურში უჩურჩულა რაღაც. გადაფითრდა ასული, თითქოს სიცოცხლის სხივი ამოაცალესო სხეულიდან. წამს მხოლოდ სუფრის ბოლოში დაბრძანებულ სპასალარს გაჰხედა - ბათუს, რომელიც მას მიშტერებოდა ათასი მგზნებარე ცეცხლით სავსე. ფეხზე წამოდგა, ბოდიში ითხოვა და უმალ დატოვა დარბაზი. მეფემ დომენიკოს გადახედა, გაარკვიეო რა მოსვლია სოფიე-ელენეს, მომახსენეო უმალ. გაუხარდა უფლისწულს მეფის ეს ბრძანება და ზე წამოიჭრა, გადაჰკვეთა დარბაზი და უკან აედვენა ასულთ. მამიდის კართან შეჩერდა უმალ, ერთხანს ხმას მიაყურადა და ვერაფერი რომ ვერ გაიგო, მოურიდებლად შეხსნა იგი და ოთახში გულ ავარდნილი შევიდა. აივნის კიდეს მისხდომოდნენ სოფია-ელენე და სელმა, გულამოსკვნილი ტიროდნენ ორთავენი და ეხუტებოდნენ ერთურთს. ლოყებდახოკილი მონა გულში იკრავდა მეფის დას, ისიც ჩვილი ბავშვივით მინდობოდა მას და ცრემლდანამული ქვითინებდა. ვაი დედაო, შესძახებდა ჟამიდან-ჟამზე. თავს წამოადგათ დომენიკო ორთავეს, ჯერ კიდევ ომ გამოვლილი, ჯაჭვის პერანგი და მახვილი ემოსა. რა მოხდაო, მოურიდებლად შეჰკითხა მამიდას და ცრემლდანამული სახე მოსწმინდა. თვალი კი მაინც გულის სწორისაკენ გაურბოდა. ცრემლ-მდინარი თვალებით მორცხვად, რომ უყურებდა. თავს ხელში იცემდა და ლოყებს იხოკავდა. ტკივილითა და დარდით გასცრიცვოდა სახე და მაინც ასეთი თვალწარმტაცი იყო. -ძიძია მიუბარებიათ მიწას, დომი, ძიძია ჩემი! -მგლოვიარემ შეჰხედა ძმიშვილს და მის გამოხედვაში, ცრემლებად ჩამოიღვინთა დარდი. -ჩემი გამზრდელი, ჩემი მშვენიერი, ძიძია! -თავში ხელის ცემას მოჰყვა სოფია-ელენე. მთელი ღამე ვერ აწყნარებდნენ მეფის დას. მწუხრის მოახლოებულს სასახლის მკურნალმა ექიმმა დამამშვიდებელი ბალახების ნაყენი დაალევინა და მთელი ღამე ბალრივით განაბულს ეძინა ასულს, სიზმარში ძიძია ეახლა, თავშალი ეკავა ხელში და უქნევდა. შორ გზაზე მივდივარო, გასძახოდა. ახლა შენი გზის ტვირთი, მხრებზე შენვე უნდა ატაროო! შეშფოთებული, ბორგავდა სელმა გვერდით ოთახში. არა იცოდა, უფლისწული, რომ სდარაჯობდა მის სასთუმალს და აბრეშუმივით ნაზ კულულებზე ეფერებოდა. იზიარებდა წუხილს მიჯნურისას და მის ყოველ გადმოგორებულ ცრემლზე გული ათას ნაწილად ეფლითებოდა. ბალღობის ტკბილი წლები, სიმწრით უსერავდნენ გულს მგლოვიარეს და დარდის უსაშველო ტალღებში იქცევდნენ. მოიარა ბავშობის წლები, მიწას მიაბარა აღმზრდელი დედის სხეული. დარდს წაერთვა მისი თვალების ვარსკვლავები. ერთ თვეს შეიცადა ბალღობა გამოვლილ სოფელში, წარსულის აჩრდილებს კვალად დასდევდა და სიხარულის შებრუნებას ცდილობდა გულისათვის. მეფე ესტუმრა მაისის გაზაფხულის ბოლო თვეს. თან ახლდა დედოფალი და უფლისწული. მცირე ლაშქარი და სპასალარი - ბათუ. ნადიმობისას ყველა ამჩნევდა სოფია-ელენეს უგუნებობას, დარდით სავსე თვალები დაეხარა და ჟამიდან ჟამზე ცრემლით ევსებოდა, უჩუმრად იწმენდდა თავშლის კიდით აწყლიანებულ თვალებს და უღიმღამოდ იძიძგნებოდა. მეფემ დის დარდი შეატყო და დარბაზიდან ხალხი მალევე დაითხოვა. რიდით გახედა სპასალარმა მეფის დას და რა კი შეატყო არავინ უყურებდა ფეხ და ფეხ აედევნა რჩეულს. ცივ, გამოყრუებულ დარბაზში შეუძღვა ასული სპასალარს და რა კი კარი გამოკეტა ბათუმ, მობრუნდა და საყვარლის მკლავებში ჩაესვენა წამსვე. სახეს უკოცნიდა სპასალარი მიჯნნურს, ეფერებოდა და სიზმარში ეგონა თავი. დარდობდა, წამი გაივლის გამეღვიძებაო ამ ოცნებიდან. მოთქვამდა სპასალარის მკლავებში მომწყვდეული ასული. მონატრებისა და გლოვის წუხილს. უთვალავ მარგალიტებად მოედინებოდნენ ცრემლები მისი თვალებიდან. მომენატრეო ბათუ, შეჰბედა ეთქვა ასულს და წამსვე გაისმა ხმა საზარელი. დამაქცეველი. „კარი გააღეთო!“ მძვინვარებდა უფლისწულის ბრძანება. ----------------------
ეს თავი დაგვიანებული და პატარაა, თუმცა ყველა სიტყვა დიდხანს ნაფიქრი და რჩეულია, გულის კარს თუ გაუღებ ისტორიას, ის ისე გშთანთქავს და მის ნაწილად გაქცევს ვერც კი მიხვდები! -დომენიკოს პერსონაჟზე რა აზრის ხართ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.