მზარეულის დღიური 12
კორპუსთან ჩამომსვა. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია. მანქანის ხმა სიჩუმეს არღვევდა და უხერხულობის შეგრძნებას ცოტათი მაინც ფანტავდა. გადმოსვლისას მხოლოდ შევხედე, მიყურებდა და თვალს ვერ მისწორებდა. თავი დავუქნიე, სიტყვა მაშინაც არ ამოვიდა ყელიდან. მანქანიდან გადმოვედი და უკან არც მომიხედავს ისე შევედი სადარბაზოში. ტელეფონს მაშინღა მოვკიდე ხელი 38 გამოტოვებული ზარი და 75 წაუკითხავი ესემესი. ვატო ძალიან ვანერვიულე, ამიტომ პირდაპირ მის კართან მივედი და დავაკაკუნე. კარი შეშფოთებულმა გამიღო. -მართა, სად დაიკარგე? - კარებშივე ჩამეხუტა და მთელი სახე დამიკოცნა - კარგად ხარ? რა მოგივიდა? სად გქონდა ტელეფონი? - კითხვები არ წყდებოდა, პირიქით, ემატებოდა და ემატებოდა. -თუკი სახლში შემომიშვებ ყველაფერს მოგიყვები - მაშინვე განზე გადგა და ადგილი გამითავისუფლა შესასვლელად. ჩანთა შემოსასვლელში მივკიდე და მისაღებისკენ წავედი - ლევანმა მომიტაცა - ძლივს გასაგონად ვუთხარი, თითქოს არ მინდოდა გაეგო და საიდუმლოდ ვიტოვებდი. ვატოს ფერი დაეკარგა, წაბარბაცდა და სკამზე ძლივს დაჯდა. უფრო ხმამაღლა გამეორება მთხოვა. -ორშაბათს სანამ უნივერსიტეტში წავიდოდი მანქანით მომაკითხა და სადღაც მიტოვებულ სოფელში ამომაყოფინა თავი. მიმტკიცებდა მიყვარხარ და ჩემი ცოლი უნდა გახდეო - ვატო უფრო და უფრო იძაბებოდა - ძალიან შემეშინდა, ვატო. ის არანორმალურია, ფსიქიკურად აღარაა ჯანსაღად. სილაც კი მიწილადა ლოყაში და არც ისე იხევდა უკან. -ისევ გიყვარს? - მისი კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო უნებლიედ გამეცინა -ვატო, გეუბნები, რომ ადამიანმა ჩემზე იძალადა, გამიტაცა, დამარტყა. გეუბნები, რომ მძულს და შენ რა კითხვას მისვამ აზრზე თუ ხარ? - გავბრაზდი და ფეხზე წამოვენთე, წასასვლელად მოვემზადე და კარისკენ წავიწიე. -მეშინია - ყურთან ჩამჩურჩულა ვატომ - შენი დაკარგვის მეშინია, მე შენ ძალიან შეგიყვარე. შევიყვარე შენი ღიმილი, თვალები, გამოხედვა, სუნიც კი და ახლა, როდესაც შენ უარი მითხარი ქორწინებაზე, გამოჩნდა ბიჭი, რომელიც შენი საქმრო იყო. ჩემთვის მარტივი გადასატანი არ არის ეს ამბავი. ორი რამის გააზრება მიწევს. ერთი, შენ მოგიტაცეს და ვიღაც ვიგინდარამ ჩემს საყვარელ ქალზე ხელი ასწია და მეორე, შენს ცხოვრებაში პირდაპირ თუ ირიბად, ცუდად თუ კარგად ისევ გამოჩნდა ბიჭი, რომელიც გიყვარდა. -მე აღარ ვბრუნდები მასთან, ვინც ერთხელ უკვე მივატოვე - ჩანთა ავიღე და დამშვიდობების გარეშე გავედი ვატოს სახლიდან. *** დავიკარგე. ფიქრებმა მთლიანად მოიცვა ჩემი სხეული. იმის მაგივრად, რომ ვატო მომხვეოდა, გულში ჩავეკარი და ეთქვა თუ როგორ ინერვიულა, იქეთ გამანერვიულა და ამხელა სტრესის გადატანის შემდეგ კიდევ უფრო დამძაბა. იქნებ მე ველოდი სხვანაირად, იქნებ მეგონა, რომ ვატო ჩემს დაკარგვას სხვა მნიშვნელობას შესძენდა და ყველაზე მთავარს აღმოაჩენდა - ჩემ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. დასკვნა ვერ გამოვიტანე და ფიქრითაც თავი ტყუილად ავიტკიე. ორი დღის ნერვიულობას კიდევ რაიმეს ზემოდან დამატება არ მჭირდებოდა, შევწექი ლოგინში და დავიძინე. ჩემმა ტრამვებმა ძილზე გავლენა ვერ იქონიეს, დიდი ხნის განმავლობაში პირველად მეძინა ასე მშვიდად, თუმცა ვატოსთან ერთად ძილს ნამდვილად ვერ სჯობდა. თორმეტ საათზე ძლივს გავახილე თვალები და ფანჯარაში გავიხედე. უკვე ეტყობოდა, რომ გარეთ საშინელი სიცხე იყო, ამიტომ საკუთარ თავს განტვირთვის დღე მოვუწყვე. ჩავედი მაღაზიაში, ვიყიდე ბევრი ნაყინი და ყურძნის სალათისთვის საჭირო ინგრედიენტები: მწვანე და შავი ყურძენი, 60 გრამი კრემ-ყველი, თაფლი, არაჟანი და ვანილი. მომზადების წესი უმარტივესი და უსწრაფესია, შესაძლოა სწორედ ეს გახდა მიზეზი ამ სალათის მომზადებისა, რადგან დროის მაქსიმალურად გამოყენებას ვცდილობდი მხოლოდ და მხოლოდ დასვენებისთვის. ყურძენი დიდ თასში მოათავსეთ. კრემ–ყველი, არაჟანი, თაფლი და ვანილი ერთად კარგად აურიეთ. მოასხით ყურძენს და კარგად ამოურიეთ. ჭამამდე აუცილებლად შედგით მაცივარში, რადგან ეს გემოზე საგრძნობლად იმოქმედებს. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. მთელი არსებით მეგონა, რომ კარის გამოღებისას ვატო დამხვდებოდა, თუმცა ელენე აღმოჩნდა. -ეს ფურცელი კარში იყო - კონვერტი მომაწოდა ელენემ - უდროო დროს ხომ არ მოვედი? -არა, ძვირფასო - შევიპატიჟე და კონვერტი ტუმბოზე დავდე. ეს უკვე რიგით მეშვიდე წერილი იყო, რაც იმ კვირაში მივიღე. უკვე მერამდენე დღეა ჩემი კორპუსის თავმჯდომარე მთხოვს ჩემთვის უცნობი თანხის გადახდას, თითქოსდა რაღაც გაარემონტეს. მე კი ურცხვად არ ვიხდიდი მას - იმდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ მთელი საღამო მომიწევს შენი აქ დატოვება, მანამდე კი შემიძლია ყურძნის სალათი და ნაყინი შემოგთავაზო. -ყურძნის სალათი? - სახე მოებრიცა ელენეს - არა, მადლობა. მე ნაყინს დავჯერდები ამჯერად, თუმცა შენი ამბების მოყოლა გზაში მოგიწევს, რადგან საპატარძლო კაბის შერჩევაში უნდა დამეხმარო. -რაა ? - კინაღამ მაცივრიდან გამოღებული ნაყინი იატაკზე გადავახტუნე - უკვე ქორწილია? ალიმ არ თქვა ოთხ თვეშიო? -ქორწილი კი ოთხ თვეშია, მაგრამ ალის დედა, ჰიურემ ჰანიმი მთხოვს შევარჩიო და ხათრს ვერ ვუტეხ. მითხრა რომელი კაბაც შენ მოგეწონება ის ვიყიდოთ, ფულზე არ გქონდეს დარდი, მთავარია შენ მოგეწონოსო, თუმცა მაინც არ მინდა ძალიან ძვირიანი კაბა ვაყიდინო. -თურქეთში იხდით? - ელენეს ამბებს მთლიანად ჩამორჩენილი ვიყავი ჩემი თავგადასავლების გამო, ამიტომ არ ვიცოდი როგორ და რა ვითარებაში აპირებდნენ ქორწილის გადახდას. ეს კი იდეალური შანსი იყო მეგობრისთვის გული არ დამეწყვიტა და მთელი დღე მისთვის დამეთმო ჩემი დრამების გარეშე. -ორ ქორწილს ვიხდით, მართა და მეჯვარე ორივეგან შენ ხარ - გაბადრული სახით მახარა ახალი ამბავი - ვერც ჩემს ნათესავებს წავიყვან იზმირში და ვერც ალის ნათესავებს ჩამოვიყვათ აქ, ამიტომ გადავწყვიტეთ ორი ქორწილი გადავიხადოთ და არცერთ მხარეს დავწყვიტოთ გული. -დედაშენი რას ამბობს, ხომ არ შეუცვლია აზრი? -არა, გაგიკვირდება და ძალიან კარგად მიიღო ალი, ერთად ვმსჯელობთ ხოლმე რა და როგორ აჯობებს. ისე, ძალიან კი გამიკვირდა მისი ეს გადაწყვეტილება. დედაჩემი რადიკალურად შეიცვალა ჩემი გაპარვის შემდეგ, არადა მეგონა სახლში აღარ შემიშვებდა, თუმცა ეს ჩემი მხრიდან სარისკო გადაწყვეტილება იყო. -დედაშენს რომ ეთქვა ან მე ამირჩიე ან ალიო, რას იზამდი? -ალის ავირჩევდი. დედა ერთია, ის ვერ დამკარგავდა. გავიდოდა თვეები, შეიძლება წელიც კი, მაგრამ ის მაპატიებდა. მუცლით შვილის ტარება ხომ მხოლოდ ვალდებულება არ არის, მაშინ განსაკუთრებული კავშირი ყალიბდება დედა-შვილს შორის და სწორედ ამ კავშირს ვერ გაწყვეტდა დედაჩემი. ნამდვილ სიყვარულს კი მეორედ ან შეხვდები ან არა, ამიტომ სიყვარულს ავირჩევდი და გულის სიღრმეში დედაჩემიც იამაყებდა ამით. *** ელენემ ათობით კაბა მოიზომა. თეთრი კაბა ძალიან უხდებოდა ჩემს მეგობარს, ის ყველაზე განსაკუთრებული პატარძალი იყო. ჩემს ქორწილს ყოველთვის ატმის ყვავილისფერ ტონებში წარმოვიდგენდი. კაბაც მოვარდისფრო მინდოდა ხოლმე. ლევანთან ქორწილიც ასე იყო დაგეგმილი. კაბის ესკიზიც და ტექსტურაც უკვე მზად იყო და თარგების აჭრაც დაწყებული, როდესაც ის ამბავი მოხდა. ცალკე რვეულიც კი მქონდა აღებული, სადაც ქორწილის შესახებ ყველაფერს ვინიშვანდი, თუმცა იმ დღის შემდეგ ლევანის ნივთებთან ერთად რვეულიც სანაგვეზე მოვისროლე. -მინდა ძალიან ლამაზი ვიყო - პატარა ბავშვივით მოიწყინა ელენემ და ტუჩი ჩამოაგდო - ასე მგონია არცერთი კაბა არ მიხდებათქო და მეშინია, რომ ვერაფერს ავარჩევ. -ეგ წინასაქორწინო ღელვა და შფოთვაა, არ იდარდო. ყველაზე ლამაზ კაბასაც მოიხდენ და ყველაზე ლამაზი პატარძალიც იქნები, აი ნახავ - გავამხნევე და თეთრი კაბების დათვალიერება მეც დავიწყე, იქნებ ჩემს თვალს რომელიმე კაბა მოხვედროდა. ვატომ ცოლობა ფაქტობრივად ორჯერ მთხოვა და ორივეჯერ უარით გავისტუმრე. ჩემი გატაცების შემდეგ კი ის გადაწყვეტილება, რომელიც ვატოს უნდა მიეღო, მე მივიღე - მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. -ელენე, იმ დღეს, როდესაც დედაშენთან მივდიოდით ვატომ ცოლობა მთხოვა, თუმცა მაშინ უარი ვუთხარი. ხომ გესმის, გატეხილი გულის შემდეგ ქორწინებამ შემაშინა. შემდეგ ფასანაურში მითხრა კიდევ და მაშინაც უარის თქმამ მომიწია, თუმცა ახლა ვხვდები, რომ მე მინდა მისი ცოლი გავხდე, ჩავიცვა თეთრი კაბა და საკურთხეველთან მასთან ერთად ვიდგე. იქნებ დროა მეც ვიფიქრო შეუღლებაზე, იქნებ სულაც არ არის ჩემი გადაწყვეტილება ნაადრევი და დაუფიქრებელი. იქნებ ამდენმა ფიქრმა ჩვენ შორის სიყვარული კი არ გააძლიეროს, პირიქით გაანელოს. -კაცებს ლოდინი არ უყვართთქო ჯერ კიდევ თურქეთში გითხარი. თუკი ვატომ ცოლობა შემოგთავაზა, ესეიგი მას ნაფიქრი აქვს ამ საკითხზე, გაანალიზებული აქვს ყველა ის პასუხისმგებლობა, რაც ქორწინებას მოსდევს თან. აცნობირებს როგორც ქმრის, ისე მამის როლს და მზად არის დარჩენილი ცხოვრება შენთან ერთად, შენს სიყვარულში გაატაროს. ამაზე დიდი გამოვლინება რაღა გინდა სიყვარულის. ეს ხომ ბოლო აკორდია, რასაც ახალ ეტაპზე გადაყავხარ და ორი სხეულიდან ერთი ოჯახი იქმნება. აბა რა გინდა, შვიდი წელი იაროთ, როგორც შეყვარებულებმა, შემდეგ დაინიშნოთ, კიდევ სამი წელი იყოთ დანიშნულები და შემდეგ შეუღლდეთ? ალის გადაწყვეტილებამ თავიდან როგორ გამაცოფა, გახსოვს? თუმცა შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ მისი სიყვარული სერიოზული და ნაფიქრი იყო. ორი თვე იმაზე ცოტაა, ვიდრე გგონია. რომელიმე ჩემმა ნათესავმა, რომ იცოდეს სიმართლე, ალბათ საკუთარი ხელებით დამახრჩობდა. სწორედ ამიტომ ვინახავთ ამ საიდუმლოს და ღმერთმა ნუ ქნას ოდესმე გამჟღავნდეს. -მგონი დროა ჩემთვისაც შევარჩიო თეთრი კაბა - ხელში კაბა ავიღე, გულზე ავიკარი და ისე დავბზრიალდი - როგორც კი საშუალება მომეცემა მაშინვე ვეტყვი ვატოს, რომ თანახმა ვარ ქორწინებაზე. -თუმცა ის არ უთხრა ეს გადაწყვეტილება საქორწინო კაბების ნახვამ მიმაღებინაო, თორე იფიქრებს, რომ არასერიოზულად ფიქრობ ამ თემაზე და კიდევ ერთი, არ დაეოლოდო კიდევ როდის გეტყვის, თუკი ორჯერ უარი უთხარი, რა გგონია ყოველ დღე აიტანს შენს უარებს? პირდაპირ უთხარი, რომ მზად ხარ მასთან ერთად თანაცხოვრებისთვის. *** ელენეს სიტყვებმა მხნეობა შემმატეს. ეს გოგო ანგელოზად მოვლენილიყო ჩემს ცხოვრებაში. მისი ძალა და ენთუზიაზმი მთლიანად გადმოდიოდა ჩემზე და ურთიერთობებზე აისახებოდა. ელენე ყოველთვის საჭირო მომენტში ჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარებოდა. ცხოვრებაში ყველას გვჭირდება ადამიანი, რომელიც ბიძგს მოგვცემს მორიდებისას, მაშინ, როდესაც ნაბიჯის გადადგმა გიჭირს. ელენეს ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა. ყველაზე კარგად შეეძლო ხელი ეკრა შენთვის და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაეგდე, რა თქმა უნდა, შენი თანხმობის შემდეგ. სახლამდე ჩემს გადაწყვეტილებაზე კიდევ უფრო მეტი ვიფიქრე. ფიქრმა ისე გამართო, რომ ლამის ჩემი სახლის გაჩერებას გავცდი. მარკეტში შევირბინე და ორი ბოთლი წითელი ღვინო ვიყიდე. ასევე ხელთ სუშის მასალა და დამატებით ინგრედიენტი წამოვიღე წარმოსახვითი კერძის გასაკეთებლად. სუშის გაკეთება ნამდვილად არ არის მარტივი და არც იაფი სიამოვნება. სუშის გასაკეთებლად თქვენ დაგჭირდებათ • სუშის ბრინჯი • ბრინჯის ძმარი • შაქარი • მარილი • წყალმცენარე ნორი (რაც თბილისში რთული საპოვნელია, თუმცა ჩემს მაღაზიაში ის იყიდებოდა) • ორაგულის ფილე • კიტრი • ავოკადო მაღალ ტემპერატურაზე ქვაბში მოათავსეთ ბრინჯი და 1 ½ ჭიქა ცივი წყალი. დააფარეთ და აადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით, ან ბრინჯის მოხარშვამდე და წყლის შეწოვამდე. გადმოდგით გაზქურიდან და გააჩერეთ 5 წუთით. ბრინჯი და ძმარი თასში მოათავსეთ და კარგად აურიეთ. ბოლომდე გააგრილეთ და თან მუდმივად ურიეთ.1 ცალი ნორის ფურცელი პრიალა მხრით ქვემოთ სპეციალურ ბამბუკის დასაფენზე მოათავსეთ. ბრინჯის ნაზავი და დანარჩენი ინგრედიენტები 4 თანაბარ ნაწილად გაყავით. სველი ხელებით ბრინჯის ნაზავის ¼ ნაწილი ნორის ფურცელზე გადაიტანეთ და 3 სმ სიგანეზე კიდეები ცარიელი დატოვეთ. ბრინჯზე, თქვენკენ, სიგრძეზე დაჭრილი ავოკადოს ¼ ნაწილი დაალაგეთ. ¼ დაქუცმაცებული ორაგულის ფილე, სიგრძეზე დაჭრილი კიტრის მეოთხედი ნაწილი ავოკადოს გვერდით მოათავსეთ. ბამბუკის დასაფენით სუში მჭირდოდ გადაახვიეთ. გაიმეორეთ მსგავსად დარჩენილი ინგრედიენტებით.თითოეული ხვეულა 4 ნაწილად დაჭერით. შემოახვიეთ შესაფუთი ცელოფანი და აუცილებლად მიითვით სოიოს სოუსთან ერთად. სუშის მომზადებას ორმოცი წუთი მაინც მოვუნდი და დრო მთლიანად გამეპარა. ამიტომ საჭირო იყო მარტვივი და რაც მთავარია სწრაფი კერძი, რადგან დრო საკუთარი თავისთვისაც დამრჩენოდა. ყველაზე მარტივი თუმცა ეფექტური სპაგეტი არის ხოლმე ამ დროს და მეც არ დავაყოვნე. სასწრაფოდ შემოვდგი წყლით სავსე ქვაბი გაზქურაზე, მე კი საძინებელში შევედი ტანსაცმლის ასარჩევად. *** მუქი მწვანე ატლასის კაბა, წვრილი ბრეტელით, წინ თამამად ჩახსნილი გულით, უკან კი მთლიანად ამოღებული ზურგით. კაბა მთლიანად ჩემს სხეულს მიუყვებოდა და ჰაეროვნების შეგრძნებას მიტოვებდა. ფეხზე შავი წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი და კოჭზე წვრილი ჯაჭვი შევარჩიე. თავს ყველაზე სექსუალურ ქალად ვგრძნობდი. ვატოს მანქანა ეზოში ეყენა, ამიტომ წინასწარ არ შემიმზადებია მოსალოდნელი შეხვედრისთვის. ყველა კერძი ლამაზად დავალაგე თეთრ თეფშებზე და მაგიდაზე განვათავსე. სატელეფონო ზარამდე სანთლები ავანთე და ტელეფონიც მოვიმარჯვე ხელში. „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“ პირველი სიტყვის სათმელად გამზადებული სახე გამიშეშდა. ავტომოპასუხემ ჩემი გეგმები ჩაშალა. „შეიძლება სხვას ელაპარაკება“ - დავიმშვიდე თავი, რადგან ეფექტის გაფუჭება მის კართან მისვლით არ მინდოდა. კვლავ დავრეკე. ისევ ავტომოპასუხე ჩაირთო და უკვე იპყრობდნენ ჩემს გონებას დაუნდობელი აზრები. თავი ხელში მალევე ავიყვანე და აკანკალებული სხეულით ჩავედი ვატოს სართულზე. დავაკაკუნე. არავინ გამიღო. კვლავ დავაკაკუნე და ისევ არავინ გამოსულა ჩემთან შესახვედრად. ცოტა ხნით გავჩუმდი და ყური დავუგდე, ვატოს სახლიდან არანაირი ხმა არ გამოდიოდა. ეზოში ჩავედი. მანქანა კვლავ ადგილზე იდგა, თუმცა ვატო არსად ჩანდა. ჯერ ექვსი საათი იყო, ამიტომ სახლში ავბრუნდი და ლოდინი დავიწყე. ყოველ ათ წუთში ერთხელ კი ნომერზე ვურეკავდი, საიდანაც ჩაწერილი ხმა ყოველ ჯერზე ერთი და იმავე სიტყვებით მპასუხობდა. ნერვიულობამ მთელი სხეული მოიცვა. დასამშვიდებლად ერთი ჭიქა ღვინო დავლიე და მაგიდასთან დავჯექი. რვა საათისთვის ყველა სანთელი ჩამოღვენთილიყო, მეც სათითაოდ ჩავაქვრე თითოეული მათგანი და ისევ ვატოს კარზე დაკაკუნება გადავწყვიტე. კვლავ აუტანელი სიჩუმე და არანაირი შეტყობინება ვატოს მხრიდან. მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ ვატოს მთელი დღის განმავლობაში არ მოეწერა. კიდევ ერთი ჭიქა წითელი ღვინო და ჩემს ტვინს ათასი ფიქრი უტრიალებდა ირგვლივ. ყველაზე ცუდ ვარიანტად კი ლევანი განიხილებოდა. თუკი მან ჩემი მოტაცება და სოფლის სახლში გამომწყვდევა იკადრა, ვატოს რატომ არ წაიყვანდა სადმე? ამით ხომ რეალურ მოწინააღმდეგეს მოიშორებდა თავიდან, ამიტომ ლევანს დავურეკე. -ლევან, სად ხარ? - თავიდანვე არ მინდოდა ვატოს გაუჩინარების ამბავი მიმეხალა, გადავწყვიტე გამომეტეხა და ისე გამეგო სიმართლე. -მართა? - ისე დაიბნა ჩემი ზარით, რომ მივხვდი, ვატო მას არ ჰყავდა. -ხო, მე ვარ - სასწრაფოდ ტყუილი მესაჭიროებოდა - ჩემი ბლოკნოტი დავკარგე და შენს მანქანაში ხომ არ გადმოვარდა ჩანთიდან? - ღმერთო, რა უსუსური ტყუილია, თუმცა იმ მომენტში საუკეთესოდ მეჩვენა. -არა, გუშინ გავრეცხე მანქანა და იქ არაფერი ყოფილა, ვწუხვარ. -კარგი, მადლობა და ნახვამდის - მოკლედ მოვუჭერი და მაშინვე გავუთიშე. ღამის ორი საათი ისე მოვიდა ვერც გავიგე. თავიდან დრო თითქოს არ გადიოდა, ბოლოს კი ისე გაიპარა, ვერც დავეწიე. კვლავ გამორთული ტელეფონი და უპასუხოდ დატოვეული კაკუნი მის კარზე. საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი და პიჟამოები ჩავიცვი. *** სუფრა ავალაგე. ყველაფერი თავის ადგილას მივინახე და ტანსაცმელიც ნაზად შევკიდე კარადაში. მაკიაჟიც საგულდაგულოდ მოვიშორე და ლოგინიც გავამზადე დასაწოლად, როდესაც ტუმბოზე დადებული კონვერტი მომხვდა თვალში. კორპუსის თავმჯდომარის ლანძღვის წაკითხვის ნერვები არ მქონდა, თუმცა მაინც გავხსენი და ლოგინში შეწოლამდე წავიკითხე. სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა. კონვერტი ხელიდან გამივარდა და იატაკზე მასთან ერთად დავეცი. გულში საშინელი წვა ვიგრძენი, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ტკივილმა მთელი სხეული მოიცვა და პირიდან არაადამიანური ხმა ამოვუშვი. წამით ყველაფერი ჩაბნელდა ჩემ ირგვლივ, აუტანელმა ტკივილმა გულის არეში სუნთქვაც კი დამიხშო. ვიჯექი ჩემი საძინებლის იატაკზე და ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. ვიჯექი გაუნძრევლად და მეშინოდა ჩემი შეტოკებით რაიმე ცვლილება არ მომეხდინა სამყაროზე. კიდევ ერთხელ ავიღე ხელში ჩაჭმუჭნული წერილი და კვლავ ის არაადამიაური ხმა აღმოხდა ჩემს ყელს. „შენი ცხოვრება აბობოქრებულ ზღვას ჰგავს, მე კი ამ ტალღებში ვკვდები. მე არ მაქვს ძალა მივყვე შენს უჩვეულო დინებას. მშვიდობით. ვატო.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.