შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბლაბუდა (თავი მესამე)


20-03-2019, 15:48
ავტორი murachashvili
ნანახია 4 675

ქალბატონი ელენე უკვე გონს იყო მოსული, შუბლშეკრული უმზერდა პლასტირით მკლავზე მიმაგრებულ პეპელას, რომელსაც წვრილი მილით გადასხმის აპარატიდან ბლანტი სითხე უერთდებოდა. ვაღიარებ, საავადმყოფოს კვალობაზე, საკმაოდ კომფორტულ ოთახში მოეთავსებინათ, კედელზე პლაზმური ტელევიზორი მიემაგრებინათ და, რომ არა იქვე დამონტაჟებული სამედიცინო აპარატურა, ერთი შეხედვით სასტუმროს ნომერიც კი მეგონებოდა.
- აი, ეს მესმის! - გაოცება ვერ დავმალე პალატის შემხედვარემ.
თუმცა მისი სამყოფით აღტაცება არ დამაცადა, ნემსებით დაჩხვლეტილი მკლავები გადმოაბრუნა და უკმაყოფილო სახით დამანახა.
- დავიჯერო ვენის პოვნა ასეთი ძნელია?! - ახლაღა შევნიშნე მკლავზე საკმაოდ მოზრდილი სისხლჩაქცევა.
- რამდენადაც მე ვიცი, რთულია, ბევრ გამოცდილ ექთანსაც უჭირს. - პერსონალის დაცვა ვცადე.
- შეიძლება, მაგრამ კაპილარები საკმაოდ ზემოთ მაქვს. აი ნახე, მშვენივრად ჩანს. - ისევ დამანახა მაჯები.
- სხვა პრობლემა ნუ გექნებათ და მერწმუნეთ ეგ ყველაზე მარტივად გაივლის! - იქვე მდგომი სკამი ახლოს მივწიე და ლოგინთან ჩამოვუჯექი.
- გაივლის, ყველაფერი გაივლის! - ისეთი ჯიბრით წარმოთქვა თითქოს ვიღაცას ემუქრებოდა.
- ვაღიარებ, ცოტა არ იყოსდა შეგვაშინეთ, ახლა როგორ გრძნობთ თავს? - ინტერესით ჩავეკითხე.
- მრავლობითში რატომ საუბრობთ, კიდევ გაიგო ვინმემ ჩემი ცუდად ყოფნის შესახებ?
- არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი, მაგრამ სასწრაფო იგვიანებდა და თქვენი ტელეფონით უკანასკნელად დარეკილ ზარზე დავრეკე.
- და?... - ხმა დაეძაბა ქალს.
- აქ იმ მამაკაცმა მოგვიყვანა.
- შაკომ?!
- არ ვიცი, სახელი არ მიკითხავს. - ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რატომ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ.
- გაიგო? - მუცელზე ხელები ისე დაილაგა, მივხვდი ნაყოფზე მეკითხებოდა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. გაფითრდა, ტუჩები აუკანკალდა, თვალები ცრემლებით აევსო, თუმცა თავის შეკავება მაინც შეძლო.
- ქალბატონო ელენე, იმედია მაგ ბავშვის არსებობა თქვენ მაინც გიხარიათ! - არ მინდოდა, მაგრამ გაღიზიანება მაინც შემეტყო.
- არ ვიცი.
გაოცებულმა დავხედე მწოლიარეს. გულწრფელი ჩანდა და ამან უფრო დამზაფრა, შემეცოდა ჯერ კიდევ დაუბადებელი პატარა, რომლის არსებობა არც დედას უხაროდა და არც მამას.
- თქვენ ხომ მომავალი დედა ხართ?! - აღშფოთება გამერია ხმაში.
- არ გინდა, ძალიან გთხოვ. არ დამიწყო ეხლა ლექციის კითხვა! - უცებ იფეთქა - ისედაც ვიცი.... მართალა არ გაუმართლა და უპასუხისმგებლო მშობლები ჰყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიცოცხლეს წავართმევ საკუთარ შვილს. თუმცა კარგი იქნებოდა ამის შესახებ შაკოს არ სცოდნოდა.
- მამას დაუმალავდით? - ისევ აღვშფოთდი მე.
- დიახ, დავუმალავდი. მხოლოდ შაკოს კი არა, ნებისმიერს, ვინც ჩემი შვილის მოშორებას მაიძულებდა! - თვალებში ველური რისხვა ჩაუდგა, თითქოს მართლა ართმევდნენ შვილს.
- ვერაფერი ვერ გავიგე, თან მისი არსებობა არ გსურთ, თან გააფთრებული იცავთ?!... - გულწრფელად დავიბენი.
- შენ კი არა, მეც ვერ გამიგია საკუთარი თავის,- ტკივილით გაეღიმა ქალს - ავირიე, დავიბენი, ასე მგონია სადღაც ჩიხში ვარ მოქცეული და გამოსავალი არ არსებობს. - ამდენი ხნის ნაგროვებ ცრემლებს ახლაღა მისცა გზა.
- ქალბატონო ელენე! - იმდენად გულწრფელი იყო მისი ტკივილი, რომ ცრემლები მეც მომეძალა. - არ შემიცოდო, ოღონდ არ შემიცოდო! - მყისვე შეეცვალა ხმა.
ავირიე, ვერ ვიგებდი რა სჭირდა ამ ქალს, მინდოდა მისი ტკივილი ოდნავ მაინც დამეამებინა, მაგრამ როგორ?!
ჩემდა გასაკვირად, მისმა სისუსტემ სულ რამდენიმე წუთს გასტანა. ხელისგულებით მოიწმინდა ცრემლებით დანამული სახე. ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.
- დედას გეფიცებით, დამაბნიეთ. მინდა როგორმე დაგეხმაროთ, მაგრამ ისიც არ ვიცი რა გჭირთ.
- უკვე დამეხმარეთ, - მის მზერაში იმხელა მადლიერება დავინახე, რომ უხერხულად შევიშმუშნე - ემოციებს დიდად ვერ გამოვხატავ, განსაკუთრებით სითბოს, მაგრამ მინდა იცოდეთ ამას არასოდეს დაგივიწყებთ.
- მადლობის გადასახდელად არ დაგხმარებივართ, არც რაიმეს ველი. - განაწყენებული შემოვბრუნდი პალატიდან გამოსასვლელად.
- ვიცი, თუმცა მოვა დრო და მე თუ ვერა, ეს პატარა მაინც გადაიხდის თქვენს ვალს. - მტკიცედ ჟღერდა მისი ხმა.
კართან მისული, ისევ შევბრუნდი. ყურადღებით დავაკვირდი მწოლიარეს.
- ასე ძალიან გსურთ ჩემი ვალიდან ამოსვლა?!
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. მის მზერაში აღარ იყო სასოწარკვეთილება, სულ რამდენიმე წუთში მოეხერხებინა გარდასახვა, ახლა ისევ მებრძოლი, მიზანსწრაფული ქალი მიმზერდა.
- მაშინ უბრალოდ მომიყევით.
- ვერ მიგიხვდი?!
- მიამბეთ, რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში ისეთი, ასე რომ იმოქმედა? - სიტყვა თვითმკვლელობა განგებ არ ვახსენე.
- მართლა გსურთ ჩემი ამბის მოსმენა? - თანხმობის ნიშნად, ამჯერად მე დავუქნიე თავი - პატარა ამბავი ნამდვილად არაა, დრო გაქვთ?
- რას-რას და დროის დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდი! - ისევ კომფორტულად მოვთავსდი სავარძელში და მოსასმენად მოვემზადე.
- დარწმუნებული ხარ? - ღიმილი გაეპარა ხმაში.
- რა თქმა უნდა. თუმცა ახლავე გაფრთხილებთ, თუ ამბავი მომეწონა სიუჟეტად გამოვიყენებ. - სიცილით დავემუქრე.
- მწერალი ხარ?
- ვცდილობ.
- აი, თურმე რატომ ხარ ასეთი ცნობისმოყვარე! იმედია სახელს მაინც შეცვლი? - ღიმილი გაეპარა ხმაში.
- თავისთავად.
- არ ვიცი, ჩემი ამბავი, რამდენად გამოდგება რომანის სიუჟეტად, თუმცა მე მაინც გიამბობ. თუნდაც იმისთვის, რომ უბრალოდ მომისმინო, გაგებას არ გთხოვ, ან რა უფლებით, როცა მეც კი არ მესმის საკუთარი თავის. არც შეცოდება მსურს და არც დახმარება, უბრალოდ მინდა რომ მომისმინო. თუ გნებავს განმსაჯე, გამკიცხე, მისაყვედურე, მაგრამ ჯერ დამასრულებინე და დასკვნები შემდეგ გააკეთე.
ჩემს ცხოვრებაში შაკოს არსებობის შესახებ დღემდე არავისთვის მითქვამს, უახლოესმა მეგობრებმაც კი არ იციან. არადა, მეგონა მათთან დასამალი არაფერი მქონდა. უბრალოდ ვიცი, რომ ვერ გამიგებდნენ, ვერ მაპატიებენ. ისინი სულ სხვა ელენეს იცნობენ, ძლიერს, მხიარულს, იქნებ ზოგჯერ მკაცრსაც კი, მაგრამ მებრძოლს. არადა, რეალურად სულაც არ ვყოფილვარ ასეთი. გგონია საყვედურების მეშინია? არა, მე ჩემი სიმართლე მაქვს, რომელიც მხოლოდ ჩემია, მტკივნეული, მწარე, მაგრამ მაინც ჩემეული, რეალობა სადაც სუსტიც ვარ, მგრძნობიარეც, უთავმოყვარეოც და პატივაყრილიც.
- ქალბატონო ელენე, - მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არც თუ დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ყოველ შემთხვევში მისი ფიზიკური შეხედულებიდან, ნამდვილად ასე ჩანდა, შენობით მაინც ვერ მივმართავდი, ქონდა ამ ქალს რაღაც ისეთი, რაც მაიძულებდა მის მიმართ პატივისცემა გამომეჩინა - რატომ მაინც და მაინც მე?
- არ ვიცი, უბრალოდ ახლა რომ არ მოვყვე, რომ არ ამოვთქვა, ვიცი ვეღარ დავიტევ, მომისმენ?
შეწინააღმდეგება აზრადაც არ მომსვლია. სმენად ქცეული ცნობისმოყვარე თვალებით მივაჩერდი.
- მართალია უკვე იცი, მაგრამ მაინც დავაკონკრეტებ, ელენე ახვლედიანი, აწ უკვე მოსამართლე, თუმცა სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ ერთ-ერთ კომპანიაში იურისტად ვმუშაობდი. თუმცა ვიდრე ამ ეტაპამდე მოვალ, ორიოდე სიტყვას ჩემ ცხოვრებაზეც გეტყვი. თითქოს სულ ვიცოდი სად გადიოდა ზღვარი სწორსა და არასწორს შორის, ვცდილობდი საკუთარი გადაწყვეტილებებით არავინ დამეზიანებინა, მთელი ცხოვრება ვითვალისწინებდი ახლობლების, ოჯახისწევრების აზრს. ვიქცეოდი ისე როგორც სწორი იყო, მართებული. ისე, რომ ჩემით ეამაყათ და მინდა აღვნიშნო, რომ ამაყობდნენ კიდეც.
ვიყავი დამჯერი შვილი, სანიმუშო მოსწავლე, შემდეგ ერთგული მეუღლე. უნივერსიტეტი დამთავრებული არც მქონდა ადვოკატად რომ დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში. მიუხედავად პატარა ასაკისა, მალე უნივერსიტეტშიც მიმიწვიეს უფროს მასწავლებლად. თითქმის ჩემივე ასაკის სტუდენტებს ვუკითხავდი ლექციებს სადაგადასახადო და სამოქალაქო სამართალში. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგიური გამოცდილებით დიდად ვერ დავიკვეხნიდი, ჩემსდა გასახარად სტუდენტებთან ურთიერთობა არ მიჭირდა, ერთმანეთთან საკმაოდ კარგი, მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა, თუმცა ისიც კარგად ქონდათ გააზრებული, რომ მიუხედავად მეგობრული დამოკდებულებისა, გამოცდაზე ნიშანს ცოდნის გარეშე ვერავინ მიიღებდა. ვფიქრობ, სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ არც ლექციებს მიცდენდნენ და გამოცდებსაც უპრობლემოდ მაბარებდნენ.
ოცი წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. დღემდე მიკვირს რა დაინახა ჩემში ქალური ჩემმა მეუღლემ. არ ჩათვალო, რომ უშნო ვიყავი, მაგრამ იმდენად თხელი და კაფანდარა გახლდი, ნამდვილად რთული იყო ჩემი ქალად აღქმა. დიდი სასიყვარულო გამოცდილებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი, ფაქტობრივად ის იყო ჩემი პირველი და ერთად-ერთი სიყვარული. თუმცა მაინც ხშირად მიფიქრია, მას ბევრად მეტად ვუყვარდი, ვიდრე მე.
ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი იდეალურად გვქონდა. ხშირად ვყოფილვართ გზისგასაყარზე, მაგრამ არჩევანი მაინც ერთმანეთის სასარგებლოდ გაგვიკეთებია. საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე სამსახურში მკაცრი, ვცდილობდი შინ თბილი და მოსიყვარულე ვყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად ვახერხებდი, თუმცა გულწრფელად მჯეროდა, რომ მთლად იდეალური თუ არა, სრულყოფილთან მიახლოებული ოჯახი ნამდვილად მქონდა.

როგორც იტყოდნენ, ვიყავი ჭკვიანი, შემდგარი, ფეხზე დამდგარი, მყავდა ყველასთვის სასურველი თუ არა, ქალების უმეტესობისთვის მისაღები მეუღლე, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემზე გიჟდებოდა, მაგრამ მაინც გვაკლდა რაღაც.
მიუხედავად სურვილისა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო, მქონდა ერთი ძალიან დიდი პრობლემა. ქორწინებიდან სულ რაღაც ორიოდე თვეში მეუღლის შეშფოთებული სანათესაოს დასამშვიდებლად და კითხვაზე პასუხის გასაცემად, რატომ არ ვრჩებოდი ორსულად, გამოკვლევები ჩავიტარე. ვიცი სასაცილოდ მოგეჩვენება, რამდენიმე თვის გათხოვილი რა გამოკვლევებს იტარებდიო, მაგრამ ფაქტია ანალიზებს შედეგად უშვილობის დიაგნოზი მოჰყვა. დიახ, არ გაგიკვირდეს, ჯერ კიდევ წლების წინ გამომიცხადეს რომ შვილი არ გამიჩნდებოდა. ალბათ, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს რამხელა დარტყმა იქნებოდა ეს ჩემთვის, თითქოს ჩემი სადარდებელი არ მყოფნიდა, აღნიშნული დიაგნოზის დასმას მოჰყვა ქმრის ოჯახთან ურთიერთობის გაფუჭება.
ვერ ვიტანდი დაძაბულობას, მუდმივ კომფლიქტს, რამდენიმეჯერ წამოვედი კიდევაც ჩემებთან, თუმცა მეუღლე არ მეშვებოდა, ვაღიარებ მეც ვერ ვთმობდი, მრავალგზის ხვეწნის შემდეგ ისევ უკან ვბრუნდებოდი. თუმცა დღითი-დღე მატულობდა ოჯახში დაძაბულობა. მეუღლის სანათესაო არ იშურებდა რჩევა-დარიგებებს, როგორ უნდა გაეჩინა ჩემი მეუღლისთვის ბავშვი სხვა ქალს, შენ წარმოიდგინე, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს არ იყო გავრცელებული, არც სუროგატი დედების პოვნა უჭირდათ და არც საკუთარი შვილებით მოვაჭრე ოჯახების.
ალბათ გაგიკვირდება, მაგრამ ცივსისხლიანი კრიმინალივით ვიყავი ჩართული შვილების პროცესში, განვიხილავდი სხვადასხვა ხერხებით როგორ უნდა ამერიდებინა თავი წლობით მშვილებელთა რიგში დგომისაგან, თანახმა ვიყავი გადამეხადა საკმაოდ სოლიდური თანხა ნებისმიერი ქალისთვის, ვინც ჩემს მეუღლეს შვილს გაუჩენდა. ერთად ვარჩევდით პოტენციურ დედებს, განვიხილავდი მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, გენეტიკურ დაავადებებს.
გიკვირს?! მეც მიკვირს, მაგრამ ფაქტია, ჩემთვის ვყიდულობდი შვილს, ოჯახისთვის კი - სიმშვიდეს. იყო დღეები როცა მეგონა, რომ ამაზე მეტი ტკივილი აღარ არსებობდა. მეუღლის მხრიდან იყო ღალატიც, შინ მოყვანილი მანდილოსნები, რასაც ღალატის ნაცვლად შვილის გაჩენის სურვილი ეწოდებოდა და მეც ვიყავი, მუდამ ჩუმი და მშვიდი ელენე, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ეს ქალები კინწისკვრით გამეგდო სახლიდან ყავას უდუღებდა და მლიქვნელი ღიმილით ტკბილეულით უმასპინძლდებოდა.
თუმცა მანდილოსნები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მაგრამ არცერთი მათგანი არ რჩებოდა ორსულად. არ იფიქრო, რომ ეს ყველაფერი იოლი ასატანი იყო, რა თქმა უნდა ვეჭვიანობდი, მრავლად მქონდა ტირილში გათენებული ღამეები, ცრემლებით დანამული ბალიშის პირები და ამოღამებული თვალები. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიღირდა. გამამტყუნებ ალბათ, მეტყვი რომ თავმოყვარეობა არ მქონდა. იქნებ ასეც იყო, მაგრამ რაც უფრო მიუწვდომლად მეჩვენებოდა, უფრო მეტად მინდოდა შვილის ყოლა, მაჟრიალებდა, სხეულში ჟრუანტელი მივლიდა ბავშვების დანახვაზე. ოცნებად მქონდა ქცეული ჩემს ოჯახშიც ერბინა პატარას. არ ვიცი, ვერ აღვწერ იმ ემოციას, მე რომ მეუფლებოდა ორსული ქალის დანახვისას. ეს იმდენად დიდი სურვილი იყო, რომ მზად ვიყავი ყველაფერზე დამეხუჭა თვალები, ოღონ ერთ დღესაც ოცნება ამესრულებინა.
თურმე ნებისმიერ წამებას აქვს დასასრული, როგორც იქნა შეისმინა ღმერთმა ჩემი ვედრება და ჩემი ქმრის ერთ-ერთი მეგობარი ქალი დარჩა ორსულად.
ქალბატონი რეგისტრატურაში ჩემი პირადობის მოწმობით გავატარეთ. სამედიცინო დოკუმენტებში ორსულის გრაფაში ელენე ახვლედიანი მივუთითეთ. ქალბატონი საცხოვრებლად ჩვენთან გადავიყვანე, ცხრა თვე ერთი დღით არ მოვშორებივარ გვერდიდან. მკაცრად ვაკონტროლებდი მისი კვების რაციონს, ექიმის ნებისმიერ დანიშნულებას, არ გამომრჩენია არც ერთი ანალიზი. დედას გეფიცებით, ერთი დღითაც კი არ მიფიქრია, რომ პატარა, რომელსაც მუცლით ატარებდა ჩემი შვილი არ იყო. ჯერ კიდევ დაბადებამდე მთელი გულით მიყვარდა ჩემი ვაჟი.
- ბიჭი გაჩნდა?
- მერედა როგორი ბიჭი. ისეთი ლამაზი იყო, ორმოცდაათი სანტიმენტრი, ოთხ კილომდე, ცისფერთვალება, წითელი ლოყებით. ბავშვები რომც არ გყვარებოდა, ძალით მოგანდომებდა მოფერებას. სახელად ნიკოლოზი დავარქვით. მართალია მე არ გამიჩენია, მაგრამ ოცდახუთი წლის ასაკში მაინც მეღირსა დედობა.
თითქოს ყველაფერი დალაგდა, შინ პატარა გვყავდა, რომელზეც ვგიჟდებოდით. ისევ დათბა ურთიერთობები ოჯახის წევრებთანაც. უცნაური ის იყო, რომ რაც უფრო იზრდებოდა ბავშვი, ფიზიკურად მე მემსგავსებოდა. იმდენად დიდი იყო მსგავსება, რომ მალე ყველას მიავიწყდა ბიოლოგიური დედის არსებობაც. რაც მთავარია მყავდა ჩემი ცხოვრების აზრი, შვილი. მისით ვიღვიძები და მისით ვიძინებდი. დავივიწყე პირადი ინტერესები და მთელი არსებით ბავშვზე გადავერთე, ჯერ საბავშვო ბაღი, შემდეგ სკოლა, რეპეტიტორები, სპორტი, მისი წრეებზე ტარება, პარალელურად მიწევდა ამ ყველაფერთან სამსახურის შეთავსებაც. ყოვეგვარი შელამაზების გარეშე ვიტყვი, რომ საკმაოდ დატვირთული გრაფიკით მიწევდა ცხოვრება.

სამწუხაროდ ვეღარ ვიტყოდი, რომ მე და ჩემ მეუღლეს ერთმანეთი ისევ ისე მძაფრად გვიყვარდა, ცუდი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვქონდა, მაგრამ აღმოვაჩინე რომ წლებთან ერთად ჩვენი ურთიერთობა უფრო მეგობრულში გადასულიყო. ერთმანეთს ვენდობოდით, ვაფასებდით, მაგრამ აღარ გვქონდა ის ცეცხლი, რაც თავიდან ასე მხიბლავდა და მიზიდავდა. თავისთავად ცხადია აღნიშნული ისე მივიღეთ, როგორც გარდაუვალი, ამისგან პრობლემა არც ერთს არ შეგვიქმნია.
ერთი შეხედვით ნამდვილად იდეალური ოჯახი ვიყავით, ერთად-ერთი პრობლემა რაც ჩემს ოჯახში გვქონდა, ჩემი მეუღლის დროებით უმუშევრობა გახლდათ. თუმცა მთელი არსებით მინდოდა დამეჯერებინა, რომ ადრე თუ გვიან ესეც დალაგდებოდა. სამწუხაროდ არ გამიმართლა, მისი უმუშევრობა დროებითის ნაცვლად წლობით გაგრძელდა და გრძელდება კიდეც. თავიდან ვაპროტესტებდი, შენ წარმოიდგინე ვჩხუბობდი კიდეც, თუმცა შემდეგ შევეგუე. რომ გითხრა ჩემი შემოსავალი მყოფნიდაო დამიჯერებ?
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
- არც მყოფნიდა. ნელ-ნელა ვისწავლე ხელმომჭირნედ ცხოვრება, უარი ვთქვი თითქმის ყველა სიამოვნებაზე. აღარ დავდიოდი აღარც დაბადების დღეებზე, აღარც სამეგობროს შეხვედრებზე. ნელ-ნელა ჩამოვშორდი ყველას. მაგრამ სხვა გზა ფიზიკურად არ მქონდა. გგონია დიდი სამეგობროს წრე მქონდა? არა სულ სამნი ვიყავით. ისინიც ბავშვობიდან, სტუდენტობიდან მოვყვებოდით ერთმანეთს, შემდეგ ერთმანეთს დავუნათესავდით, ერთმანეთის მეჯვარეებმა ბავშვებიც მოვნათლეთ და ჩვენი მეგობრობა ბევრად უფრო მჭიდრო კავშირით, ნათელ-მირონობითაც დავაკავშირეთ. ვიცი რომ ჩემი გაუცხოვების არ ესმოდათ. ხშირად მსაყვედურობდნენ, რომ იმდენად მოუცლელი ვიყავი, მათთან მისასვლელადაც ვერ ვიცლიდი.
ჩემი მეუღლეც თავისკანტურით ეთანმხებოდა, რომ დაკავებული ვიყავი და სახლშიც დასაძინებლად მივდიოდი.
პრინციპში იყო ამაში სიმართლის მარცვალიც, მაგრამ ვინ-ვინ და მე მაინც ხომ ვიცოდი, რომ ისევ ძველებურად მიყვარდა ორივე, ისევ ისე მძაფრად მინდოდა მათთან კონტაქტი და როცა ამას ვერ ვახერხებდი, უსაზღვროდ მტკიოდა გული.
რა თქმა უნდა მენატრებოდნენ, ძალიანაც მაკლდნენ, მაგრამ როგორი საღიარებელი იყო, რომ საკუთარი ნათლულისთვის საჩუქრის ყიდვაც არ შემეძლო?
მეგობრებში გართობას ვინ ჩიოდა, იცი რამდენჯერ ვყოფილვარ ისე, რომ ჯიბეში ლარიც არ მდებია? ამ დროს დაურეკავს ჩემ შვილს და უთქვამს:
- დე, მე რომ შოკოლადი მიყვარს, მომიტან?
იცი რა არის მსგავსი კითხვის მოსმენა მშობლისთვის? თითქოს მდუღარეს გადამასხამდნენ. წარმომიდგებოდა მისი დიდრონი, მოლოდინით სავსე თვალები, როგორ მომაჩერდებოდა ხელებში და მოუთმენლად მკითხავდა:
- დე, მომიტანე?
ვერ გეტყვი, რამდენჯერ მიტირია მსგავსი უწყინარი კითხვის გამო. შემდეგ წამოვმდგარვარ, იმ უკანასკნელი ლარით მისთვის სასურველი ტკბილეული შემიძენია და სამსახურიდან სახლში ფეხით წავსულვარ.
მიუხედავად ასეთი გაჭირვებისა, არ ვამბობდი, არ ვამხელდი, შენ წარმოიდგინე მეუღლესაც კი იშვითი გამონაკლისების გარდა არ ვეუბნებოდი საყვედურს. ვისესხებდი, ჩავასესხებდი, მქონდა რამდენიმე საკრედიტო ბარათი, რომლიდანაც თანხები შემქონდა და გამქონდა, მოკლედ წრეზე ვატრიალებდი.
მქონდა ერთი დიდი რვეული, სადაც შეტანილი მქონდა ჩემი ბანკის კრედიტების გადახდის გრაფიკები, რომ არ დამვიწყებოდა გადახდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცუდად თუ კარგად, როგორღაც მაინც ვახერხებდი სიტუაციიდან გამოძრომას.
მოკლედ, ჩემი ცხოვრება ერთი ჩვეულებრივი ქალის ცხოვრებისგან არაფრით განსხვავდებოდა. დილით ვდგებოდი, ვამზადებდი სადილს, ვწესრიგდებოდი და კისრისტეხით გავრბოდი სამსახურში, სადაც მერწმუნე არავის ახსოვდა ჩემი სუსტი სქესი. მთელი დღე დაძაბული, წუთითაც ვერ ვისვენებდი.
შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი, ისევ საქმე, სარეცხი, ლაგება და ისევ და ისევ დაუსრულებელი საფიქრალი: - ხვალ რა ვჭამოთ?!
ვიზოგავდი თითოეულ ლარს, თეთრს. შევიცვალე, თუმცა წინანდელი ელენებსგან ერთი რამ მაინც შემომრჩა. ბუნებით პრანჭიკელას, ყოველთვის მიყვარდა ფორმაში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ თავს ვერ მივცემდი სალონებში სიარულის ფუფუნებას, ვერც თანხის სხვადასხვა ბრენდების მაღაზიებში ხარჯვას მოვახერებდი, როგორღაც მაინც ვახერხებდი ფორმაში ყოფნასაც და კარგად ჩაცმასაც. ფეხით მქონდა მოტყავებული მეორადი ტანისამოსის მაღაზიები. ვრეცხავდი, ვასუფთავებდი და ქუჩაში ისეთ ფორმაში გავდიოდი, ჩემისთანა უპრობლემო და ბედნიერი არავინ გეგონებოდა.
ამდენ შრომას ერთი პლიუსი მაინც ჰქონდა. საკმაოდ დამსახურებულად ნელ-ნელა წინ მივიწევდი. საკუთარ პროფესიაში ვიყავი ერთ-ერთი წარმატებული ქალი, პატივს მცემდნენ, ჩემ აზრს ითვალისწინებდნენ.
ამდენი პრობლემების ფონზე დღითი-დღე სულ უფრო და უფრო ვიღლებოდი, მიჭირდა დადებითი განწყობის შენარჩუნებაც, თანდათან გამიქრა სახიდან ღიმილიც და ნელ-ნელა ერთ საკუთარ თავში ჩაკეტილ, პრობლემურ, მელანქოლიურ ქალად ჩამოვყალიბდი. ნელ-ნელა დამავიწყდა, როგორი იყო ლაღად ღიმილი, ბედნიერებისგან უდარდელი სიცილი, ჩაიფერფლა, ჩაქრა და ჩაკვდა ერთ დროს მუდამ მომღიმარი ელენე და მისი ადგილი ცივმა, ერთმა ეჭვიანმა და დაკომპლექსებულმა ქალმა დაიკავა.
ასე გავიდა წლები. ჩემი ვაჟი ახლა ოცი წლისაა, ბავშვობიდანვე შევნიშნეთ მისი ფეხბურთისადმი სიყვარული და კარგადაც თამაშობდა, მიუხედავად სპორტით გატაცებისა სკოლაშიც წარჩინებით სწავლობდა, დამამთავრებელ კლასში მყოფმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება მოინდომა.
ათასობით კანდიდატიდან 80 მოსწავლე უნდა შეერჩიათ და სხვადასხვა სკოლებსა და კოლეჯებში გადაენაწილებინათ. შერჩევა სამ ტურად ტარდებოდა, პირველ ტურში ენის ცოდნას ამოწმებდნენ, მეორე ტურში კანდიდატის ზოგად ცოდნის დონეს. აი, მესამე ტურში კი მოსწავლის პირადი უნარები ფასდებოდა. ყველაზე ბუნდოვნად შერჩევის სწორედ ეს ნაწილი მეჩვენებოდა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავსი პროგრამების ფარგლებში მავანთა თვალის ასახვევად ტარდებოდა შესარჩევი ტურები და თავიდანვე განსაზღვრული იყო გამარჯვებულთა ვინაობა. თუმცა ვაჟისთვის მონაწილეობის მიღებაზე უარი მაინც არ მითქვამს, სხვა თუ არაფერი გამოცდილებას მაინც ხომ მიიღებდა. შენ წარმოიდგინე, მიუხედავად იმისა, რომ აზრდაც არ დამიშვია, იმის მინიმალური შესაძლებლობაც კი, რომ შეიძლება გაემარჯვა, განაცხადის შესატანად საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებაში თავადვე დავეხმარე და ყოველ ტურზე გულმოდგინედაც ვგულშემატკვრობდი.
მართალია გამარჯვებისთვის მთელი მონდომებით იბრძოდა, მაგრამ ზუსტად ვიცი ფინალში გასვლის იმედი არც მას ჰქონდა. თურმე ვცდებოდით. დღემდე მახსოვს მისი სახე, როცა ერთ საღამოს დაურეკეს და გაცვლით პროგრამაში გამარჯვება მოულოცეს.
- მეხუმრებით, - ერთიანად ცახცახებდა ემოციისგან - არა, ნამდვილად მეხუმრებით...
ოპერატორი რაღაცას უხსნიდა, თუმცა აღარ უსმენდა. ტელეფონი გამოვართვი. ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელიც პროგრამის კოორდინატორად გამეცნო, ამჯერად მე მომილოცა შვილის წარმატება. ასევე შემატყობინა, რომ კოლეჯი, რომელიც ნიკას იწვევდა დამატებით სამედიცინო გამოკვლევის, რამდენიმე ანალიზისა და აცრის ჩატარებას ითხოვდა, ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას კი ანკეტაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გვიგზავნიდნენ.
-არ მჯერა, გადაირევიან ბავშვები!
ემოციებით დატვირთული ნიკოლოზი ნოუთბუქიანად მის ოთაში გავარდა. ვხედავდი ბედნიერებისგან გაბადრული წერდა სოციალურ ქსელში მეგობრებს. სულ რამდენიმე წამში ვიდეო ზარის ხმაც გავიგონე, მისი ოთახიდან ბავშვების ისეთი ემოციური ხმები გამოდიოდა, თითქოს მთელი კლასი იქ იჯდა. მისთვის ხელის შეშლა არც კი მიიფქრია, ღიმილით გამოვიხურე კარი.
ვერ გეტყვი ეს რა ემოცია იყო, წესით ხომ უნდა გამხარებოდა შვილის წარმატება, მაგრამ პირიქით დამემართა, იმის გააზრებამ, ჩვენგან შორს ყოფნა მოუწევდა ერთიანად გამახევა. მიიღე რაც გინდოდა, ახლა ხომ მოისვენე?!. - გააფთრებული დამეტაკა მოულოდნელად დედამთილი.
- ვერ გავიგე?!
- ვერ მოინელე, ვერ აპატიე!
- უკაცრავად?! - საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი.
- ამდენი წლის შემდეგაც კი ვერ შეიყვარე, საკუთარ შვილად არ მიიღე. იმდენი ქენი გასაქცევად გაიხადე საქმე. თან სად ამერიკაში! - ცრემლებს იწმენდდა ქალი.
მსგავსი აბსურდული ბრალდებით გაოგნებული ჩემს მეუღლეს ვუმზერდი, მისგან ველოდი დახმარებას, მაგრამ ჩემსდა გასაკვირად ისიც შუბლშეკრული მიმზერდა.



№1  offline წევრი Rania

Vaime. Jer ra istoriaaa. Darcmunebuli var cin uareswbi gvelodebaa. Saocrad kargia anaa. Moutmenlad velodebi gagrzelebass
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი დარინა

აი ნამდვილად არ ველოდი ისტორიის ასეტ განვითარებას, ძალიან მომეწონა აი ზუსტად შენეული ვერაფერს რომ ვერ განჭვრიტავ წინასწარ, რაღაც მომენტში შემეცოდა კიდევაც ელენე მე მის ადგილზე ამდენს ვერ გავუძლებდი მითუმეტეს ქმრის ღალატს, ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი, მგონი ბავშვს ქმრისგან არ ელოდება, ამიტომ თქვა ყველასგან დავიცავოო.

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Rania
Vaime. Jer ra istoriaaa. Darcmunebuli var cin uareswbi gvelodebaa. Saocrad kargia anaa. Moutmenlad velodebi gagrzelebass

უზომოდ მიხარია თქვენი კომენარების ხილვა kissing_heart ვნახოთ რამდენად საინტერესო პერსონაჟი იქნება ჩვენი ელენე

დარინა
აი ნამდვილად არ ველოდი ისტორიის ასეტ განვითარებას, ძალიან მომეწონა აი ზუსტად შენეული ვერაფერს რომ ვერ განჭვრიტავ წინასწარ, რაღაც მომენტში შემეცოდა კიდევაც ელენე მე მის ადგილზე ამდენს ვერ გავუძლებდი მითუმეტეს ქმრის ღალატს, ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი, მგონი ბავშვს ქმრისგან არ ელოდება, ამიტომ თქვა ყველასგან დავიცავოო.

ყველაზე მეტად თავებად ოსტორიის დადებისას ზუსტად ეს მიყვარს, როცა ცდილობთ გამოიცნოთ წინასწარ რა იქნება შემდეგ თავებში. ვნახოთ, რამდენად შეძლებს ელენე თქვენი სიმპატიის დამსახურებას და მართლა იქნება თუ არა ისეთი იდეალური თავად რომ ყვება.

 


№4 აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან საინტერესოდ წარიმართა ელენესთან დიალოგი, ცოტა გაუგებრობაში ვარ, ამ ბავშვის მამა ვინ არის, ძალიან მომწონს, იმედია მალ-მალე შემოგვთავაზებ ახალ თავებს და გაგვახარებ :)

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ablabudaa
ძალიან საინტერესოდ წარიმართა ელენესთან დიალოგი, ცოტა გაუგებრობაში ვარ, ამ ბავშვის მამა ვინ არის, ძალიან მომწონს, იმედია მალ-მალე შემოგვთავაზებ ახალ თავებს და გაგვახარებ :)

ჯერჯერობით ეხლა ვეცნობით ელენეს. იმედია მოვახერხებ თქვენვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემას.

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

Რა საინტერესო და საოცარი ქალია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent