შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეინკარნაცია


23-03-2019, 17:08
ავტორი omexi
ნანახია 1 024

სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ-747“ ატლანტიკის ოკეანის თავზე მიფრინავდა, მისი შუქფარები ნაირფერად ციმციმებდნენ და ღამეულ ცაზე მკრთალ კვალს ტოვებდნენ. ფრენისთვის შეუფერებელი ამინდი იდგა, შტორმი აქოჩრილ ურჩხულს ამსგავსებდა ოკეანეს, ძლიერი ქარი კი აკვანივით არწევდა ხომალდს.
გოგა მჭედლიშვილი „ლეპტოპს“ ჩასჩერებოდა, მონიტორზე ახალგაზრდა ქალის გამოსახულება ცახცახებდა, ხმა კი წყვეტილად ისმოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ძლიერი Wi-fi დანადგარი იყო დამონტაჟებული, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ინტერნეტი წამდაუწუმ იჭედებოდა, ამიტომ Online-ში, Skype-თი საუბარი ჭირდა.
- როგორახარ ნატა? - ღმერთმა იცის უკვე მერამდენედ ეკითხებოდა გოგა მეუღლეს.
- არა მიშავს, არ იდარდო. ჩემებიც და შენებიც ჩემთან არიან, ხომ იცი არაფერს გამიჭირვებენ.
- ვიცი, - გოგამ მონიტორს თითი გადაუსვა, - ვერ წარმოიდგენ, როგორ მინდა ახლა შენს გვერდით ყოფნა.
- შენს სიახლოვეს აქედანაც ვგრძნობ, - ქალის სახე მონიტორიდან გაქრა. ჯერ სამშობიაროს თეთრად შეღებილი პალატა, მერე კი ცისფერ ხალათში გახვეული გაბერილი მუცელი გამოჩნდა, - დააკვირდი როგორ ბორგავს შენი ბიჭი, - კომპიუტერიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ გაისმა ქალის ხმა.
გოგამ სახე მონიტორთან მიიტანა და შეამჩნია ფეხმძიმე მეუღლის მუცელი ტალღისებურად რომ ირხეოდა, მომძლავრებული ნაყოფი გარეთ გამოსვლას ლამობდა.
- ექიმები რას ამბობენ? - ხმადაბლა იკითხა მამაკაცმა, - როდის დაგეწყება სპაზმები?
- ალბათ განთიადისას. უკვე საშინლად მტკივა მუცელი, - ქალმა თვალები დახუჭა, თუმცა სახეზე ტკივილის ნაცვლად კმაყოფილება აღებეჭდა, - დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ცხოვრებაში.
გოგამ თავი ჩაქინდრა. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი დღეა, მათ პატარა ოჯახს პირველი შვილი შეემატება. ყოველთვის უნდოდა მეუღლის მშობიარობას დასწრებოდა, მის თავთან ჩაცუცქულიყო, ხელი-ხელზე ჩაეჭიდა და ტკივილი შეემსუბუქბინა. მაგრამ ...
გული ტკიოდა მის გვერდით, რომ არ იყო. თითქმის მთელი ცხოვრება ზღვაში გაატარა. სულ ქვედა საფეხურიდან, გემბანის მეზღვაურიდან დაიწყო, გემბანს ხეხავდა და შავ სამუშაოს ასრულებდა. თუმცა მისმა მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო, დააწინაურეს. ჯერ ბოცმანი გახდა, მერე კაპიტნის მესამე თანაშემწე. გარკვეული ტრეინინგების გავლის შემდეგ კი კაპიტნის უფროსი თანაშემწის თანამდებობა მიიღო.
გოგამ მისი მომავალი მეუღლე შემთხვევით გაიცნო, რეისიდან დაბრუნებული მოულოდნელად გადაეყარა ბათუმის პლაჟზე მოსეირნეს, რომელიც სანაპიროზე გამორიყულ მიდიებს აგროვებდა. მოგვიანებით ნატამ აუხსნა, რომ მიდიები პატარა სამეცნიერო ნაშრომისათვის სჭირდებოდა.
ნატა მალაკოლოგ-კონხიოლოგი გახლდათ, მოლუსკებს სწავლობდა, თუმცა გოგასგან განსხვავებით მისი სამუშაო აკადემიური იყო, სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა და ახალგაზრდა თაობას ათასგვარი ჯიშის ნიჟარიან, რბილტანიან თუ თავსახსრიან წყლის ბინადრებზე უყვებოდა.
ერთი ნახვით შეუყვარდა და მანამ არ მოეშვა სანამ ცოლობაზე არ დაითანხმა. ზუსტად ხუთი თვის შემდეგ დაოჯახდნენ, ახალდაქორწინებულებმა თაფლობის თვე ჩინეთში გაატარეს.
სწორედ ამ დღის შემდეგ დაავადდა გოგა მალაკოლოგიით. სადაც არ უნდა ყოფილიყო, რომელ მხარეში ნატასთვის ყოველთვის ჩამოჰყავდა სხვადასხვა ჯიშის მოლუსკები. ერთ-ერთი რეისის დროს კი როცა მისი ხომადი მალაიზიის კუნძულებისკენ მიცურავდა. გოგამ ადგილობრივ მარგალიტის მაძიებლებთან ერთად ანდამანტის ზღვაში მცხოვრები Cristaria plikata-ს კლასის უშველებელი მარგალიტის მოლუსკი დაიჭირა, ადგილობრივები მას დიდი დაკბილური ნიჟარის გამო „მამლის ბიბილოს“ ეძახდნენ.
ნატა აღაფრთოვანა მოლუსკმა, არასოდეს იშორებდა თავიდან, ყოველთვის თან დაატარებდა, ცდილობდა ხელოვნურად მარგალიტიც გაეზარდა, მართალია არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ იმედს არ კარგავდა. მან Cristaria plikata-ზე რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ ანდამანტის ზღვაში მცხოვრები მარგალიტის მოლუსკებზე ნაშრომიც კი დაწერა.
ორი წლის შეუღლებულნი იყვნენ, ნატა რომ დაფეხმძიმდა. გოგა სულმოუთქმელი ელოდა ამ დღეს, თუმცა რეისში წასვლა მოუწია და ფეხმძიმე მეუღლე, აუარება მოლუსკებთან ერთად მარტო დატოვა თბილისში. ის სამუშაო კონტრაქტის ამოწურვამდე თვეებს, დღეებს და წუთებს ითვლიდა, რათა მალე დაბრუნებულიყო საქართველოში და ფეხმძიმე მეუღლე გაეხარებინა.
მისი და მკურნალი ექიმის გამოთვლით ნატას მშობიარობას აუცილებლად ჩაუსწრებდა, მაგრამ მოუოდნელმა ტკივილებმა, ნაყოფის ნაადრევი მომზადება გამოიწვია.
სატვირთო გემი არგენტინის სანაპიროს უახლოვდებოდა, როდესაც ძმამ გიორგიმ დაურეკა და ახალი ამბავი ამცნო, ერთის მხრივ ეს ცუდი სიახლე არ იყო, თუმცა გოგა ძალიან ანერვიულდა და კაპიტნიდან ერთკვირიანი შვებულება აიღო. დასატვირთად გამზადებული ხომალდი ბუენოს-აირესის საზღვაო პორტში მიატოვა და საქართველოსკენ გამოეშურა.
საქართველომდე პირდაპირი რეისით ვერ ჩაფრინდებოდა, ჯერ სტამბულის აეროპორტში უნდა ჩასულიყო, იქ კი სტამბული-თბილისის რესიზე გადაჯდებოდა. მგზავრობა დამღლელი იქნებოდა, სამაგიეროდ ხვალ დილისთვის უკვე მეუღლეს ჩაიკრავდა გულში.
- რამ ჩაგაფიქრა გოგა? - ფიქრებიდან ნატას შორეულმა ხმამ გამოიყვანა.
მონიტორს დახედა და საყვარელ მეუღლეს სახეში შეჰღიმა.
- შენთვის სუვენირი მომაქვს, - ჯიბეები მოიქექა და პატარა ვარდისფერი მარგალიტი ამიიღო, კამერის წინ რამდენჯერმე შეატრიალა, მეუღლეს კარგად რომ დაენახა და დაუმატა, - ჩემი ხელით დავიჭირე წითელ ზღვაში, მთელი საათი დავეძებდი მარჯნის პოლიპებსა და რუხ რიფებს შორის.
- რა ლამაზია, - ქალს თვალები აღფრთოვანებისგან გაუბრწყინდა. - ძალიან მიყვარხარ. ერთი სული მაქვს როდის გნახავ. იცი ჩვენი გიგანტი მოლუსკი თან მაქვს წამოყვანილი. - ნატამ კამერა მიაბრუნა.
მონიტორზე მკვეთრად გამოჩნდა ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდაზე ოვალურ აკვარიუმში ჩასვენებული Cristaria plikata-ს კლასის მოლუსკი, რომელიც უშველებელი დაკბილული იასამნისფერი ნიჟარით მართლაც მამლის ბიბილოს წააგავდა.
- მეც მიყვარხარ. - დანახულმა სურათმა გოგა გაამხიარულა, - მახსოვს ეგ მოლუსკი ძლივს გამოვსტაცე ხელიდან მოხუც მეთევზეს, რომელიც ჩემთან ერთად თევზაობდა. გემისკენ რომ მიმქონდა იმ მოხუცმა გული და სული გამოაყოლა თან. - გოგამ თვალი მხიარულად ჩაუკრა მეუღლეს.
- მე ძალიან მომწონს, - ნატამ აკვარიუმს გახედა, - ლამაზი ნიჟარა აქვს.
მოულოდნელად თვითმფრინავი შეძაგძაგდა. გოგამ ილუმინატორში გაიხედა, წვიმა ჰორიზონტალურად ასხამდა, მძიმედ მოქუფრულ ღრუბლებში კი ალაგ-ალაგ გაიკლაკნებოდა ელვა. ის მეზღვაური იყო და ბევრად უფრო ძლიერ შტორმსაც შესწრებია, მაგრამ ქარიშხალი ჰაერში სულ სხვაგვარად მოქმედებს ადამიანზე.
- რა ხდება ძვირფასო? დაძაბული სახე გაქვს, - იკითხა ნატამ.
- არაფერი, - გოგამ კვლავ მონიტორს ჩახედა, - უკვე ოთხი საათია მოვფრინავ, კიდევ ოთხიც და სტამბულში ვიქნები. იქედან კი თბილისამდე ერთი საათის გზაა დარჩენილი. შეიძლება შენს მშობიარობასაც მოვუსწრო.
ქალმა გაიღიმა.
- მშობიარობას თუ ვერ მოუსწრებ სანანებელ არაფერი გექნება, რადგან შენს ვაჟკაცს ჩაგახუტებ. - ნატამ თვალები მორცხვად დახარა და ხმადაბლა დაუმატა, - ნეტა როგორი იქნება?
- შენსავით ლამაზი, - გოგამ თვალებში ჩახედა მეუღლეს, - რა დავარქვათ?
- თორნიკე,
- მამაჩემის საპატიცემულოდ? - გოგამ გაიღიმა, - ძალიან კარგი გოგო ხარ, მენატრები.
თვითმფრინავი კვლავ შეძაგძაგდა, ელვისებურად ჩაქანდა ქვემოთ. გოგა უეცრად ამჩატდა, იგრძნო როგორ იკლო მიზიდუობის ძალამ. ხომალდის სალონში პანიკამ დაისადგურა, ანერვიულებული მგზავრები ილუმინატორებს მიაწყდნენ, ზოგი ტიროდა, ზოგი ლოცულობდა. გარეთ კი ქარიშხალი მძვინვარებდა.
- პატივცემულო მგზავრებო, გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ხომალდი ჰაერის ტურბოლენტურ დინებაში მოხდა, საგანგაში არაფერია, თუმცა თავი სამაგრებით დაიმაგრეთ და საჭიროების შემთხვევაში ჟანგბადის ნიღბები გამოიყენეთ. - კაპიტანმა სამ ენაზე აუწყა მგზავრებს.
გოგამ თავთან დაკიდებულ ნიღბებს ახედა. რატომღაც ჰოლივუდური ფილმი კატასტროფა გაახსენდა, სადაც ჟანგბადის ნიღბების გამოჩენის შემდეგ თვითმფრინავი ყოველთვის ფეთქდებოდა. ავმა წინათგრძნობამ გაუარა გულში.
„ლეპტოპს“ დახედა, ინტერნეტი ისევ გამორთულიყო, მონიტორზე მისი მეუღლის გამოსახულება გაშეშებულიყო. გოგამ Skype თავიდან ჩართო, ცოტა ხანი იდროვა, მერე სწრაფად აკრიბა მოკლე ტექსტური შეტყობინება და გააგზავნა.
... „ელემენტი ჯდება, ჩემზე არ იდარდო, მალე გნახავთ, ორთავე ძალიან მიყვარხართ“ ...
შემდეგ ყველაფერი ელვისებურად მოხდა, მარცხენა ტურბორეაქტიულ ძრავს მეხი დაეცა, ხომალდი შეძაგძაგდა, ალმოდებული ძრავი აფეთქდა, მარცხენა ფრთა შუაში გადატყდა. თვითმფრინავი ჩიკორასავით დაბზრიალდა, მოწყვეტილი ვერხვის ფოთოლივით შეფარფატდა და წვერით გადაეშვა ოკეანესკენ.
მგზავრებს თავზე ჩემოდნები გადმოეყარათ, ყველა შეშინებული ყვიროდა, შველას ითხოვდა, მაგრამ შველა არსაიდან იყო.
გოგას ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა, იატაკი ჯერ გვერდზე, შემდეგ კი თავს ზემოთ მოექცა, „ლეპტოპი“ ხელიდან გაუვარდა. მიხვდა, რომ მისი დრო მოსულიყო, ცოლ-შვილის უნახავად ემშვიდობებოდა სიცოცხლეს. თვალები დახუჭა და ნატას სახესთან ერთად პატარა შავგვრემანი ბიჭის სახე წარმოუდგა თვალწინ, ბიჭი ბუნჩულა ვარდისფერ ხელებს მისკენ იშვერდა და უღიმოდა.
- ღმერთო დიდხანს აცოცხლე ორთავე. გადააფარე შენი კალთა და უბედურებას მოარიდე. - ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ილუმინატორიდან მოახლოებულ ოკეანეს გახედა.
„ბოინგ-747“ გვერდულად დაენარცხა აბობოქრებულ ტალღებს, ცოტა ხანი ნარ-ნარად ირწეოდა ზედ, შემდეგ უშველებელი ტალღა გადაემხო ზემოდან.
ხომალდი შიშინით გადაიხარა და ბუყ-ბუყით ჩაიძირა ატლანტიკის ოკეანეში.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ნატამ ნარკოზიდან დამძიმებული თვალები გაახილა. სამშობიაროს პალატა მოათვალიერა, უკვე საკმაოდ გათენებულიყო, მთელ ოთახში მზის კაშკაშა შუქი აღწევდა. უეცრად მკერდზე თბილი სხეულის შეხება იგრძნო, სულში ჯერარგანუცდელი სითბო ჩაეღვარა, საბანი გადასწია და მიხუტებულ ჩვილს ნაზად მიეფერა.
გონება დაძაბა. გაიხსენა, როგორ მიჰყავდათ საოპერაციოში, ნარკოზისგან სანახევროდ გაბრუებული. შემდეგ კი ყველაფერი უკუნმა მოიცვა.
- გოგა? - მისუსტებული ხმით იკითხა. ოთახი ერთხელ კიდევ მოათვალიერა. საწოლთან მიდგმულ ტუმბოზე დადებულ „ლეპტოპს“ გადაწვდა.
... „ელემენტი ჯდება, ჩემზე არ იდარდო, მალე გნახავთ, ორთავე ძალიან მიყვარხართ“ ...
ლურჯი ასოებით ციმციმებდა შეტყობინება Skype-ში.
ოთახში მედდა შემოვიდა, ნატას შეჰღიმა.
- როგორახართ? - მზრუნველად ჰკითხა.
როდესაც დადებითი პასუხი მიიღო. ქალს საბანი შეუსწორა.
- ბავშვი ჯანმრთელია, საკეისრო ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა, - იქვე მაგიდაზე დადგმულ აკვარიუმს გახედა და დაუმატა, - დღეს თქვენი მოლუსკი სხვანაირია, ფერი იცვალა და იასამნისფერი ნიჟარა წითლად დაეზოლა.
ნატამ თავი ძლივს წამოსწია. ოვალურ აკვარიუმში მოთავსებულ Cristaria plikata-ს გახედა, რომელსაც უშველებელი დაკბილული ნიჟარა ფართედ გაეღო და მის სიღრმეში მზის შუქზე პატარა ვარდისფერი მარგალიტი ბზინავდა.



№1  offline წევრი Rania

Zalian magariaaa. Arachveulebrivad certt. Yochagg. Imedia momdevnoc male iqnebaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი omexi

Rania
Zalian magariaaa. Arachveulebrivad certt. Yochagg. Imedia momdevnoc male iqnebaaaa

მადლობა დადებითი შეფასებისთვის. რა თქმა უნდა იქნება, რადგანაც დღეში მხოლოდ ერთის დადების საშუალება მაქვს, ხვალ დავდებ.

 


№3 სტუმარი .

საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent