წარმატებული ჟურნალისტის საიდუმლო
ყოველთვის მეგონა, რომ არაფრის მეშინოდა, როგორც ყოველი ქართველი მამაკაცი შიშზე ღიმილით ვსაუბრობდი. არ ვიხსენებდი იმ დროს როცა ხუთი წლის ბიჭუკელას სიბნელე მაფრთხობდა, თავს იმით ვინუგეშებდი, რომ უკვე გავიზარდე, სიბნელის შიში კი ბავშვობასთან ერთად წარსულს ჩაბარდა-თქო. მართალი გითხრათ დღევანდელი რეალობა უფრო საშიშია ადამიანისათვის, ვიდრე ბავშვობის დროინდელი „მონსტრები“. თავი უშიშარ ადამიანად მას შემდეგ ჩავთვალე, როცა ერთ-ერთი ბანკის კრედიტოფიცერმა 22% (პროცენტში) დამიმტკიცა სესხი. ხუმრობა იქეთ იყო, უმჯობესია ამბის თხრობას შევუდგე. ისტორია რომელსაც ახლა მოისმენთ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი როდია. ის რეალურად გადამხდა თავს და ჩემი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა. პატარა პროვინციულ გაზეთში ვმუშაობ, ხელფასი დაბალი მაქვს, სამაგიეროდ ენთუზიაზმით ვარ სავსე. დავეხეტები მთელი დღე ქალაქის ქუჩებში და იმედი მაქვს სადმე საინტერესოს გადავაწყდები, რომლიდანაც სენსაციურ სტატიას გამოვაცხობ. სენსაციების რა მოგახსენოთ, მაგრამ დროს უქმად ნამდვილად ვკარგავ. არც ოჯახი მყავს, არადა უკვე ისეთ ასაკში ვარ დროა ოჯახის შექმნაზე ვიფიქრო. შეიძლება ნორმალურ ადამიანს ჩემი ცხოვრება საშინელებად მოეჩვენოს და მართალიც იქნება, ზოგჯერ მეც მეზიზღება ჩემებური ყოფა. ქვეყნიდან წასვლაზეც ბევრჯერ მიფიქრია, თუმცა ვერასოდეს მოვაბი თავი. ალბათ პატრიოტი ვარ. ღარიბ-ღატაკი და ყველასთვის უჩინარი პატრიოტი. ზუსტად მახსოვს იმ დღეს 15 ივნისი იყო, რედაქციაში შეწუხებული რესპოდენტი შემოვიდა. შავი, მოუვლელი წვერით დაფარული დაღლილი სახე ჰქონდა, ძველი გაცრეცილი ჯინსები და გახუნებული ნაცრისფერი პერანგი ეცვა. კარებთან ჩუმად აიტუზა და მავედრებელი თვალებით შემომხედა, დაჯდომა შევთავაზე და მისი პრობლემით დავინტერესდი. - უნდა დამეხმაროთ უფროსო, - სასოწარკვეთილი ტონით თქვა და პლასთმასის სკამზე ხვნეშით დაჯდა. - გისმენთ, - ინტერესით ვუთხარი და ამბის მოსასმენად გავემზადე. - მთელი ცხოვრება პატიოსანი შრომით ვარჩენდი ოჯახს, - აკანკალებული ხმით დაიწყო რესპოდენტმა, - არავისთან არ მივსულვარ დახმარების სათხოვნელად ახლა კი იძულებული ვარ თქვენ მოგმართოთ. - რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? - მხრები ავიჩეჩე. - ჩემი ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი და ინვალიდი მეუღლე მყავს. ერთოთახიანი სახლიც ჩემი ხელით ავაშენე ფანერისა და შიფერისაგან, ქალაქის განაპირას. გუშინწინ კი ვიღაც ტრაქტორით მომადგა და ჩემი ნაოფლარის დანგრევა დააპირა. არ დავანებე, მერე დამემუქრა: მოგკლავო. რესპოდენტს ხმა აუთრთოლდა. ფეხზე წამოვდექი და ხელი ბეჭზე მოვუთათუნე, შემეცოდა დაბეჩავებული და განადგურებული ჩანდა. - ნუ ნერვიულობთ ბატონო ... თქვენი სახელი თუ შეიძლება. - ჯემალი. - ბატონო ჯემალ, პირველ რიგში პოლიციას მიმათეთ, - ვურჩიე. - უკვე მივმართე. მათ კი მითხრეს, რომ უკანონოდ ვცხოვრობ სხვის მიწაზე. - გასაგებია, - რესპოდენტს მივაცქერდი, რომელიც ცრემლს იწმენდდა. - მე მხოლოდ სტატიის დაწერა შემიძლია. - შევთავაზე, - თქვენი პრობლემის შესახებ საზოგადოებას მოვუთხრობ. მკითხველი წაიკითხავს, გულთან მიიტანს, მერე კი ვინ იცის რა მოხდება. - დიდი მადლობა, - სახე გაებადრა ჯემალის, - მეც მაგის თხოვნა მინდოდა თქვენთვის. იქნებ მეშველოს რამე. - ჯიბეები მოიქექა, ოთხად გაკეცილი გაყვითლებული ფურცელი მაგიდაზე დადო და ხმადაბლა დაუმატა, - ეს ჩემი მისამართია. ფურცელი გავშალე და ბატიფეხურად მიწერილ ასოებს თვალი გადავავლე. - საღამოთი აუცილებლად გესტუმრებით. რესპოდენტი თავის დაკვრით დამემშვიდობა, ხელი მეგობრულად ჩამომართვა და ოთახიდან გავიდა. მის თვალებში იმედი დავინახე, ამიტომ ძალიან მომინდა დავხმარებოდი და ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა მისი მძიმე მდგომარეობა. რედაქციაში ბევრი საქმე არ იყო, მხოლოდ ერთი სტატია მქონდა დასასრულებელი. თუმცა საღამოს შვიდ საათამდე მაინც დავრჩი, შემდეგ ციფრული ფოტოაპარატი და დიქტოფონი ავიღე. რედაქციის კარი გამოვხურე და დღევანდელი რესპოდენტის მიერ დატოვებული მისამართისაკენ გავუტიე. სახლი მართლაც ქალაქის განაპირას იდგა, მის გვერდით მხოლოდ ძველი, ნახევრადანგრეული ქარხანა წამოჭიმულიყო, რომელიც ჩამავალი მზის ფონზე, მრისხანედ გარინდებულ ციხე-სიმაგრეს წააგავდა. ქოხი ფანერიდან გახლდათ შეჭედილი, პატარა იყო, დაბალჭერიანი, ფანჯრების ნაცვლად ორი ბურთისხელა ხვრელი დაეტოვებინათ, საიდანაც სანთლის შუქი გამოდიოდა. - ალბათ ელექტროენერგიაც არა აქვთ საცოდავებს, - ჩემთვის ჩავიბურტყუნე და ფანერის კარზე დავაკაკუნე. კარი პატარა, კიკინებიანმა გოგონამ გამიღო, ჭვარტლით გამურული სახე ჰქონდა და დიდრონი შავი თვალები. - მამა, მამა სტუმალია. - ენამოჩლეფით გასძახა მშობლებს. ჯემალი ღიმილით შემომეგება. სახლში შემიპატიჟა და დანჯღრეულ სკამზე დაჯდომა შემთავაზა. ჩემს თვალწინ საშინელი სურათი გადაშლილიყო, ოთახის შუაგულში პატარა მაგიდაზე დანთებული ჭრაქი ირგვლივ შავ კვამლს აყენებდა, გაჭვარტლურ ოთახში კი ძლივს ჩანდა იატაკზე დაგებული ქვეშაგებელი, რომელზეც ოთხი ბავშვი გოჭებივით გაწოლილიყვნენ. ოთახის განაპირას ფიცრებიდან ხელდახელ შეჭედილ ბორბლებიან სავარძელში ქალი იჯდა, ფერმკრთალი სახე მოღრეცოდა, თვალებით ერთ წერტილს მისჩერებოდა, ის ერთი შეხედვით ადამიანს კი არა ბოსტნეულს უფრო წააგავდა. უნებურად ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და სურათების გადაღება დავიწყე, გადავიღე ერთმანეთზე გადაწოლილი ტიტილიკანა ბავშვები და ჯემალის უმოძრაოდ მჯდარი მეუღლე, რომელსაც ფოტოაპარატის თვალისმომჭრელ „ფლეშ“ ნათებაზე თვალიც არ დაუხამხამებია. მართალი გითხრათ მაშინ პირველად შემეშინდა და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ჩემი ცხოვრება ჯემალისგან განსხვავებით მოულოდნელი ბედნიერი სიურპრიზებით მაინც იყო აღსავსე. ისე გავერთე სურათების გადაღებით, რომ ყურადღებაც არ მიმიქცევია პატარა გოგონას ძახილზე. - მამა, მამა სტუმალია. შემდეგ კეფაში მტკივნეული ჩხვლეტა ვიგრძენი, უკან მივტრიალდი. ზურგს უკან ჯემალი მედგა ხელში კი ცარიელი შპრიცი ეჭირა. უეცრად მუხლები მომეკვეთა, თვალთ დამიბნელდა, ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალ-ღონე, ის იყო წავიქცეოდი კიდეც, რომ ჯემალი მეცა, ხელები იღლიებში ამომდო და სკამზე დამსვა. პირველად ვერ გავერკვიე რა ხდებოდა, გაოცებული აქეთ-იქეთ ვაცეცებდი თვალებს, ვცდილობდი წამომდგარიყავი, მაგრამ სხეული არ მემორჩილებოდა. თვალწინ ყველაფერი ირწეოდა, შემდეგ ჯემალის მოუვლელი წვერით გაბურძგნული სახე მომიახლოვდა. - მაპატიე ძმაო, მაგრამ ხომ ხედავ უკანალში ვცხოვრობ. შვილები მშიერი დამიწყდება, რამე თუ არ ვიღონე. - მან ხელით იატაკზე დაგებული ლოგინისკენ მიმანიშნა, - იმათმა კი ათი ათასი დოლარი შემომთავაზეს თუკი ჯანმრთელ მამაკაცს მოვუყვანდი. - ხრინწიანი ხმით მითხრა და საზიზღრად გაიცინა. ჯემალის სიტყვები მესმოდა, მაგრამ პასუხის გაცემა არ შემეძლო. სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ ისევ ის მშიშარა ბიჭუკელა ვარ, რომელსაც სიბნელის ეშინოდა. თავიდან-ფეხებამდე ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, განძრევა ვცადე, მაგრამ ნარკოტიკი, რომელიც ჯემალიმ გამიკეთა ამის საშუალებას არ მაძლევდა. შემდეგ კარზე დააკაკუნეს. ჯემალიმ გააღო. ოთახში ორი ადამიანი შემოვიდა ქალი და მამაკაცი. ორთავე შავ სამოსში იყო გამოწყობილი, ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, საოცრად ფერმკრთალი სახე და თეთრი თმა ჰქონდათ. - ეს არის? - იდუმალი ხმთ იკითხა მამაკაცმა. ჯემალიმ თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია. - ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაა. - დაუმატა მან. თითქოსდა ოთახში სიომ ჩაიქროლაო, ჭრაქის ალი აცახცახდა, ჩემს ცხვირწინ კი მოულოდნელად ქალის სახე გაჩნდა, ის ისე სწრაფად მოვიდა, რომ თვალის მოკვრაც ვერ მოვასწარი. ქალი უფერული თვალებით ინტერესით მაკვირდებოდა, შემდეგ ყელზე მისუნა, იქ სადაც საძილე არტერია ფეთქავდა და მომნუსხველი ხმით ჩაილაპარაკა. - შესანიშნავი ექსპონატია. - კარგად იმუშავე მსახურო, - შავოსანმა მამაკაცმა, ჯემალს ზიზღით გადახედა, - აი შენი გასამრჯელო, - ფულის შეკვრა მაგიდაზე დააგდო, რომელსაც ხარბად დააცხრა ჯემალი. - ახლა კი დაიკარგე აქედან შენი საცოდავი ოჯახიანად, - ამჯერად ქალმა მიმართა ჯემალს, - თუკი ოდესმე დაგვჭირდები თავად დაგიკავშირდებით. ჯემალმა ფაცხა-ფუცხით წამოყარა ლეიბზე მიწოლილი ბავშვები, ბოსტნეულად გადაქცეულ მეუღლეს კალთაში ჩაუჯინა და ბორბლებიანი სავარძელი ჭრიალ-ჭრიალით გააგორა ოთახიდან. შიშის პანიკური შეტევა მქონდა, ალბათ რომ შემძლებოდა ხმამაღლა დავიღრიალებდი, მაგრამ უცნობი ნარკოტიკის ზემოქმედებით, ყველა კიდური გამშეშებოდა, თავი მარჯვენა ბეჭზე გადამეგდო და შეშინებული თვალებით მივსჩერებოდი შავოსნებს, ერთადერთი რისი გაკეთებაც შემეძლო მხოლოდ მათი მზერა იყო. ქალი ისევ მომიახლოვდა. დამაკვირდა, ყელზე თითები ნაზად ჩამომისვა და შავოსან მამაკაცს უცხო ენაზე მიმართა. - Voi începe ori[1] შემდეგ ჩემსკენ მოტრიალდა, თვალები უცნაური მოწითალო ფერით ანთებოდა, შუაგაპობილი ტუჩებიდან კი წაწვეტებული ღოჯები მოუჩანდა. ვამპირების არასოდეს მჯეროდა, მაგრამ იმ წუთას პირველი რაც თავში მომივიდა ის იყო, რომ ვამპირის მსხვერპლი გავხდი, ჯემალიმ ოსტატურად შემომიტყუათ მათ მიერ დაგებულ ხაფანგში. შეშინებული ალბათ ავკანკალდებოდი კიდურები პარალიზებული რომ არ მქონოდა. შავოსანი ქალი შუაგაპობილი ტუჩებით კისერზე შემეხო, ჯერ მისი კოცნა ვიგრძენი, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, მერე კი წვეტიანი ღოჯები მტკივნეულად ჩამესო, საძილე არტერიიდან სისხლმა იფეთქა. ქალი მოწყურებული დაეწაფა ჩემს სისხლს, თან ხელები ისე მჭიდროდ შემომხვია, რომ ლამის სუნთქვა შემეკრა. არ ვიცი სისხლის გამოშვებამ იმოქმედა თუ ნარკოტიკს გაუვიდა მოქმედების ვადა, მაგრამ სხეულში ძალის მომატება ვიგრძენი. მივხვდი კვლავ შემიძლია მოძრაობა, ჩემში სიცოცხლის წყურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ყელზე ჩაფრენილ ქალს ხელი მძლავრად ვკარი. შეშინებულს ერთიორად მომმატებოდა ძალა, ქალი ბუმბულივით გავიქნიე, ის პატარა მაგიდას მტკივნეულად დაენარცხა. უეცრად შავოსანი მამაკაცი ელვისებურად გაჩნდა ჩემთან, თვალწინ გაკრთა მისი ჩაყვითლებული ღოჯები. შეშინებულმა უკან დავიხიე, სკამი გადავაყირავე, იატაკზე გავხოხდი, ვცდილობდი რამე იარაღი მეპოვა, თუმცა ერთადერთი რაც ხელში შემრჩა ჩემი Canon-ის ფოტოაპარატი იყო, რომელიც სქელი ლენტით ყელზე მქონდა ჩამოკიდებული. მამაკაცს ფოტოაპარატი სახეში ვსთხლიშე, ის წინააღმდეგობის გაწევას არ ელოდა, თითქოსდა შეცბა, გონზე მოსვლა არ ვაცალე, ფეხზე წამოვდექი და აპარატი მეორეჯერ ვხეთქე. სწორედ ამ დროს ფოტოაპარატის „ფლეშ“ ნათება აინთო, წამით გაბრწყინდა ოთახი, კბილებდაკრეჭილმა ვამპირმა ხმამაღლა დაიღრიალა და დაბრმავებულ თვალებზე ხელი აიფარა. უეცრად ერთბაშად გამახსენდა ყველაფერი რაც კი ოდესმე ვამპირებზე მქონდა გაგონილი თუ წაკითხული. „ნიორი, ნაკურთხი წყალი, ვერცხლის ტყვიები, ხის სოლი, მზის სხივები“. საუბედუროდ ახლა ვერცერთს ვიშოვიდი. ამიტომ ისევ ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და „ფლეშ“ ნათებით ამჯერად ქალი ვამპირი დავაბრმავე, რომელიც შეშლილი სახით მოჰქროდა ჩემსკენ. შემდეგ თავქუდმოგლეჯილი გავვარდი ოთახდან. შიშისაგან არც დაღლილობას ვგრძნობდი და არც კისრიდან წამოსულ სისხლს ვაქცევდი ყურადღებას. ქოხთან ახალთახალი Chrysler-ი იდგა. მანქანაში მოვკალათდი, ძრავი დავქოქე და ქალაქისკენ გავაქროლე. ********** იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ქოხში გადახდენილმა თავგადასავლმა პარანოია მომგვარა, მეშინოდა ვამპირის ნაკბენს სავალალო შედეგი არ გამოეღო, პოლიციაში მისვლა აზრადაც არ მომსვლია - რა უნდა მეთქვა? მაინც არავინ დამიჯერებდა, შეიძლება პირიქით გადარეულად ჩავეთვალე. მთელი კვირა სახლში ვიყავი გამოკეტილი და ველოდი, როდის გარდავისახებოდი მისტიურ „მონსტრად“, მაგრამ ტრანსფორმაცია არ მომხდარა, შეიძლება არანაირ ვამპირს არ შევხვედრივარ და ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო? იქნებ ვიღაც შეშლილმა უცხოელებმა, ბოროტად იხუმრეს? მოკლედ ასეთი უსუსური არგუმენტებით ვიიმედებდი თავს, მაგრამ ფოტოაპარატის ფლეშ-მეხსიერებაში ჩაბეჭდილი რამდენიმე ფოტო, სადაც თვალებდაქაჩული და კბილებდაკრეჭილი ვამპირი ქალი იყო გამოსახული, ფანტომურ იმედებს საბოლოოდ აცამტვერებდა. „მონსტრები“ ნამდვილად არსებობდნენ. აზრზე მოსვლას რამდენიმე თვე მოვანდომე, როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არც ვამპირად გარდავისახებოდი და არც სისხლისმსმელი „ნოსფერატუ“ მდევნიდა კვალდაკვალ, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი. როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, სამსახურში გამოვცხადდი და ჟურნალისტის საინტერესო, მომთაბარე საქმიანობას შევუდექი. იმ ამბის შემდეგ ლამის ნახევარი წელი გავიდა, მე კი დღემდე ვიმკი ფსიქიკაზე მიყენებულ ტრავმას, ქოხში გადატანილმა საშინელებამ უკვალოდ როდი ჩაიარა, სომნიფობია ჩამომიყალიბდა - ძილის შიში. ვცდილობ არ დავიძინო, რადგან სიზმარში ყოველთვის შავოსან ვამპირ ქალს ვხედავ, რომელიც მორიგ მსხვერპლს სწოვს სისხლს, შემდეგ მაცდუნებლად მიღიმის და მეძახის. - tu ești unul dintre noi[2]. რა თქმა უნდა მის სიტყვებს ვერ ვხვდები, სამაგიეროდ ყელზე ქალის მხურვალე კოცნას ვგრძნობ და ოფლში გახვითქულს ყვირილით მეღვიძება. ბოლო ხანია საკუთარ თავს ვერ ვცნობ, სულ სხვა ადამიანი ვარ. არ გეგონოთ, რომ ტრანსფორმაცია განვიცადე ან ღოჯები ამომივიდა, უბრალოდ ბევრად მხნედ გამოვიყურები, იშვიათად ვიღლები და ვამჩნევ, ქალებიც უფრო ინტერესდებიან ჩემით. სომნიფობია - კარიერის გაკეთებაშიც დამეხმარა, ჩემი რუბრიკა შევქმენი, რომელსაც „ღამის ქალაქი“ დავარქვი, უძილობიდან შეწუხებული ღამ-ღამობით ქუჩებში დავეხეტები, მძინარე ქალაქს ვაყურადებ და პატარა პროვინციული გაზეთისთვის სკანდალურ მასალას ვაგროვებ. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთ რამეს მივხვდი, ვამპირის კოცნა ალბათ ადამიანის რეალურ ბუნებას ააშკარავებს, როცა თვალებანთებულმა ვამპირმა ქალმა, ღოჯები საძილე არტერიაში ჩამასო, მაშინ ჩემი სულის სიღრმეში მიძინებულმა სისხლისმსმელმა მხეცმა კი არა, პირიქით კეთილშობილმა გმირმა გაიღვიძა. ალბათ მკითხავთ - საიდან მივედი ამ დასკვნამდე? როცა ქალაქის ბობოქარ ღამის ცხოვრებაში ჩავები, ბევრ უსამართლობას გადავაწყდი: - ქურდობა, ყაჩაღობა, გაუპატიურება, წესისამებრ როგორც კი ჩვეულებრივი მოქალაქე იძინებს, სულ სხვა ძალები გამოდიან ასპარეზზე, ბევრჯერ შევსწრებივარ კრიმინალურ გარჩევებს, თავს გმირად ნამდვილად არ ვთვლი, მაგრამ ვერც იმას ვუყურებ თუ როგორ ანგრევენ: - ქურდ-ბაცაცები, ხულიგნები და სუტენიორები, საუკუნეების განმავლობაში მისხალ-მისხალ აგებულ ჩემს ქალაქს. მაგრამ მე რა შემიძლია? მხოლოდ ერთი, ბოროტმოქმედების სიხლი დავლიო და ამ გზით გავათავისუფლო ჩემი ქალაქი დაავადებული ფენისგან. როცა მსხვერპლს ვკლავ, მუდამ მზადყოფნაში მაქვს ჩემი ერთგული Canon-ის ფოტოაპარატი, ყოველთვის დეტალურად ვასურათებ შემთხვევის ადგილს და პირველი ვწერ სკანდალურ სტატიას, უცნობ გმირზე, რომელიც კრიმინალს ებრძვის. ამიტომ ჩემი შურიანი კოლეგები „სიკვდილის მაცნეს“ მეძახიან. მე კი ვფიქრობ, რომ წარმატებული ჟურნალისტი ვარ. [1] Voi începe ori - (რუმინული) ჯერ მე დავიწყებ. [2] tu ești unul dintre noi - (რუმინული) შენ ერთი ჩვენგანი ხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.