ზოი. თავი 3
- ზოი, მოვედი! — გაისმა ბოხი ხმა. მისაღებში მაღალი, უცნაური გამომეტყველების მქონე ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა და ბუხართან ყველაზე ახლოს მდგარ სავარძელში კომფორტულად მოკალათდა. - მათე, ბევრი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი, მანამდე კი რამე დავლიოთ, თორემ, ალბათ, გამიჭირდება გულის გადაშლა; —უთხრა ზოიმ ღიმილით. მეგობრის თვალებზე შენიშნა როგორ გაუფართოვდა გუგები და ოდნავ შეკრთა. მათე ბარათაშვილს 25 წელი შეუსრულდა, ბოლო 7 წელი ოჯახისგან განმარტოებით აგრძელებს ცხოვრებას. ადრეულ ასაკში ცოლიც კი მოიყვანა, მაგრამ მალევე უცნაურად განქორწინდა. უამრავი კითხვის ნიშანი გაუჩინა მათ ახლობლებს ამან, მაგრამ პასუხი არც ერთ მათგანს არ გასცემია. მათე ადამიანების სულიერი გაპარტახების დიდოსტატი და ზოის განუყრელი მეგობარი გახლდათ. მან ზოის შესახებ ყველაფერი იცოდა; რაღაც ისეთი ძალა ჰქონდა, რომლის მეშვეობით სხვებს აიძულებდა ყველაზე ღრმად მიმალული საიდუმლოებებიც კი გაემხილათ. ზოიც ამ ძალის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მათე ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ლექტორები მუდამ განცვიფრებულნი იყვნენ მისით. გარშემომყოფები გრძნობდნენ, რომ რაღაც მისტიური გააჩნდა ამ არსებას. ახალ გაცნობილ ადამიანებზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა უყვარდა და ეს შესანიშნავად გამოსდიოდა. მისი ნაცნობებისთვის რომ გეთხოვათ დაგვიხასიათეთო, ყველა მათგანი სხვადასხვა პიროვნებაზე დაიწყებდა ლაპარაკს, მაგრამ ერთი რამ კი მუდამ იდენტური იყო მათ მიერ აღწერილში. საუკეთესო გარდასახვა პიროვნული გარდასახვაა, რომლის დროსაც ვიზუალი, აღნაგობა მეორეხარისხოვანი და უცვლელი ხდება. ამიტომაც გარეგნობა გახლდათ ის, რაც აერთიანებდა ყველა იმას, ვინც მათე იყო სხვათა გადმოსახედიდან. სასტუმრო ოთახში ბუხართან მშვიდად იჯდა და მეგობარს უცდიდა. უყვარდა ზოისთან მისვლა; უყვარდა ამ ოთახში ჯდომა და ტკბობა იმ სითეთრით, რომლითაც ეს ოთახი იამაყებდა ცოცხალი საგანი რომ ყოფილიყო. თუმცა ამ სახლში ისედაც ცხოვრობდა ამგვარი არსება და არც სიამაყის დეფიციტს განიცდიდა იმისათვის, რომ ოჯახის ყველა დანარჩენი წევრის ნაცვლად შთანთქმულიყო აღნიშნული გრძნობით. იმდენად იყო ეს ადამიანი სიამაყით აღსავსე, რომ მისი სახიდან სხვა არც არაფერი გამოსჭვიოდა. ალბათ, გარკვეულწილად ამიტომაც სძულდა ზოის იგი. არადა ამ ქალმა 24 წელი შეალია ზოის მოვლა-პატრონობას და დღემდე ამას აგრძელებს, მაგრამ ვერსად გაექცევა იმას, რომ ქალიშვილში მისი არსებობა ზიზღს აღძრავს. - ამის მეტი ვერაფერი ვნახე;—გულდაწყვეტით თქვა ზოიმ— 1998 წლის მუკუზანია. რას იტყვი, დავლიოთ? - 19 წლიანი დაძველებით ყოფილა და, მგონი, ცუდი არ უნდა იყოს;— მათემ მხრები აიჩეჩა. - მართალია, წეღან რომ გითხარი რამე უნდა დავლიო-მეთქი, ღვინოს არ ვგულისხმობდი, მაგრამ არაუშავს! იყოს ეს... - ხომ, სხვა გზა არ გაქვს. - მარტო მე კი არა, შენც არ გაქვს სხვა გზა. ზოიმ ბოთლი იქვე მდგარ ჟურნალების მაგიდაზე დადგა და მეგობარი კვლავ მარტო დატოვა; ჭიქების მოსატანად გავიდა. მათე ზის თეთრ სასტუმრო ოთახში. მისაღებს თეთრი ჭაღი ამშვენებს, რომელიც თავისი გრანდიოზული დიზაინით დიასახლისის სნობიზმზე და კაპრიზულობაზე მიუთითებს. ოთახის წინა მხარეს რკალის ფორმა აქვს და მთლიანად შუშაბანდს წარმოადგენს. მისაღები მაღალჭერიანია და ნებისმიერი იქ მყოფი მსხვერპლი ხდება იმ შტაბეჭდილებებისა, რომელთაც მისი სივრცულობა და დეტალების ორიგინალურად გადაწყვეტის ეგზოტიკურობა იწვევს. უზარმაზარი ჭაღის ციაგი გამოსახულიყო ღვინით სავსე ბოთლზე, რომელიც მალე დაიცლებოდა ამ ბლანტი სითხისგნ და ამის შემდეგ თითქოს ულამაზო შეიქნებოდა კაშკაშა სინათლის ანარეკლი; მას ღვინის მიერ შექმნილი მუქი ფონი მიატოვებდა და ისიც ეულად განაგრძობდა არსებობას, მაგრამ წარსული შთამბეჭდაობის დაბრუნებას კი ვეღარასოდეს შეძლებდა. მეორე სართულიდან კიბეებზე მკვირცხლი და რიტმული ნაბიჯებით ჩამოვიდა ოჯახის უფროსი. მათეს დანახვამ აშკარა სიხარული მოჰგვარა და ვიდრე სტუმარი მის მოსვლას შეამჩნევდა ხალისიანად შესძახა: - შეხედეთ, ვინ მოსულა! მათე ბატონო, მინდა გითხრათ, რომ თქვენმა ვიზიტმა ძალზედ გამახარა. ხომ იცით, როგორ მიყვარს თქვენთან ბაასი. რა ბედნიერი ვარ, რომ ვიცი, დღევანდელ საღამოს სასიამოვნოდ გავატარებ. - აჰ! ირაკლი ძია, მეც გამიხარდა თქვენი ნახვა. ისე კი, გამოგიტყდებით, იმდენად არ მოველოდი ვინმეს გამოჩენას, რომ, ვაღიარებ, ცოტა შემეშინდა კიდეც. მათე ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამოართვა ოთახში შემოსულს. - როგორც ჩანს, რაღაცას აღნიშნავთ, ხომ? - არა, ირაკლი ძია; — თქვა მათემ და გრძელ, ჭაღარა თმიან მოხუცს გაკვირვებით შეხედა. ირაკლის ამ მზერაში შეუმჩნეველი არ დარჩა გაკვირვებისა და ამ გაკვირვების გამო გამოწვეული დაბნეულობის ნაპერწკალი და მათეს ღვინოზე მიუთითა. რა თქმა უნდა, ცინიკური ღიმილიც არ დავიწყებია, რომელიც მხოლოდ მაშინ დასთამაშებდა სახეზე, როცა სხვებს სისუსტის გამოჩენაში გამოიჭერდა. "ნეტავ, იცოდეს როგორ ვხალისობ, როცა უფლებას ვაძლევ ასე მიღიმოდეს, რეალურად კი არ იცოდეს, რომ ყალბი იყო ჩემი სიტყვები, გამომეტყველება, ქცევა, რის გამოც დამცინის"- გაიფიქრა მათემ, რომელიც სიამოვნებას ღებულობდა მის წინ მდგარი ადამიანის მიერ მანკიერების გამოვლინებისგან. მათეს არარაობების გულში დაცინვა უყვარდა და ამისთვის არც მცირეოდენ დამცირებას ერიდებოდა. თუმცა კი, რათა ბოლოს ამ არარაობებისთვის დაემტკიცებინა, რომ ყველაფერს განგებ აკეთებდა, ამის სამხილებს აუცილებლად ტოვებდა. - მამა?!— უნებურად აღმოხდა ზოის, როცა ჭიქები მოიტანა;— არ ვიცოდი აქ თუ იყავი, შენთვისაც მოვიტან. - ჩემო პრინცესა, ღვინო კიდევ წამოიღე. ვშიშობ, მხოლოდ ერთი ბოთლი საკმარისი არ იქნება. კვლავ ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ზოი წავიდა, უკან ჭიქითა და ღვინის ბოთლით დაბრუნდა. ჭიქები ღვინით აავსო და მამის გვერდით დაჯდა დივანზე, რომელმაც მხატვრის საჩუქარი იმსხვერპლა. გაახსენდა, რომ მეგობართან საუბარს აპირებდა და, თუ აქამდე მამამისი მასში არავითარ ნეგატიურს არ აღძრავდა, ახლა მთელი არსებით სურდა მისი გაქრობა. ახლაღა დაიბრუნა ჩვეული ზიზღნარევი გამომეტყველება და ამან ირაკლი, ცოტა არ იყოს, შეაკრთო, უმცა იმდენად მიჩვეული იყო ამგვარ გარემოში ცხოვრებას, რომ ეს რეფლექსი უმალ მისცა დავიწყებას. მათეს ვითომდა სისუსტის გამოვლენა ჯერ კიდევ ახსოვდა და ცდილობდა ჭაბუკი მახეში გაება, რათა კიდევ ერთხელ დამტკბარიყო თვითკმაყოფილების განცდით. - დღეს ახალგაზრდები ძალიან გამოუცდელები და დილედანტები არიან აბსოლუტურად ყველაფერში. ყოველთვის შეიძლება გამოუძებნოთ ისეთი რამ, რაც სასაცილოს ხდის მათ. აი, ჩვენი თაობა კი ნამდვილად არა ჰგავს ამ უკანასკნელთ. მუდამ ვაკონტროლებდით ხოლმე ჩვენ თავებს. საუბრისას მათეს უყურებდა, რომელიც ასევე თვალს არ აშორებდა და ხვდებოდა ამ სიტყვების დაფარულ მნიშვნელობას, ამიტომ ღიმილს ვერ იკავებდა. - ვერ ვხვდები რა საჭიროა ასეთი დაძაბულობა. მე ვაღმერთებ თავისუფლებას და მირჩევნია მოდუნებით ვიცხოვრო, თუნდ ამის გამო ვინმეს ჩემი დაცინვის საბაბი მივცე. თუმცა აღნიშნული დამცინებს, მაგრამ ჩემი დასკვნა, რომ ის ზნედაცემული უბადრუკი არსებაა, ჩემი აზრით, მისთვის ბევრად დამამცირებელი იქნება. - გეთანხმები, ზოი;— თქვა მათემ, შემდეგ ირაკლის მიუბრუნდა: - და მგონია, რომ თქვენი თაობის ასეთი თავდაჭერილობა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუისა და თავის მოტყუების ნაყოფია. ასე რომ, მაპატიეთ, მაგრამ ვფიქრობ, ასეთები უფრო სასაცილონი ხართ. თუმცა ვიდრე თავად თქვენ გვეტყვით, რომ ჩვენზე თვალთმაქცები მაინც არ ყოფილხართ, ამას მე თვითონ დაგიდასტურებთ. ეს დასტური, როგორც ხედავთ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ სიტყვიერია, მაგრამ ახლო მომავალში მათ პრაქტიკულ განხორციელებაზეც მიგითითებთ და მერწმუნეთ, შინაგანად გაოგნებული დარჩებით, თუმცა გარეგნულად არაფერს შეიმჩნევთ; ამას გარდა, სურვილი აღგეძრებათ არ დაიჯეროთ ის;— მათე გამანადგურებელი მზერით უყურებდა ირაკლის და დროგამოშვებით ზოის ღიმილით გადახედავდა ხოლმე. ჩანდა მოხუცს ვერ გაეგო რას ამბობდნენ ასე თვითდაჯერებით მათეს ბაგეები, ამიტომ ირონიულად განაგრძო: - ვაფასებ იმ თავდაჯერებულობას, რაც ასე ჭარბად გაქვთ ახალგაზრდებს, მაგრამ ყოველგვარი მსჯელობა მაშინაა ბასრი, თუ იგი არგუმენტებითაა გამყარებული. თქვენ ორი კი არგუმენტების გარეშე შემოდიხართ ჩემთან დისკუსიაში. ამიტომ, მე თავს გამარჯვებულად ვთვლი. ზოიმ მათეს გადახედა, რომელიც რაღაცის თქმას აპირებდა და ანიშნა, რომ აქ დაესვა წერტილი ამ კამათისთვის. საბოლოოდ, ირაკლი კალანდაძე გამარჯვებულად სცნეს. მაგრამ მარცხით გამოწვეული განცდა, რომელიც ყველა ადამიანს ეუფლება, ზოისთვისაც და მათესთვისაც უცხო იყო, რამაც ირაკლის აფიქრებინა, ახალგაზრდებს კიდევ ის უბედურება სჭირთ, რომ უჭირთ შედეგების გაცნობიერებაო. მათემ ღვინით სავსე ჭიქა ხელში აიღო და სადღეგრძელო თქვა. "გაუმარჯოს" - შესძახა ბოლოს სამივემ და ჭიქებში მოიისფრო სიცარიელემ დაისადგურა. ნახევარი საათის შემდეგ ირაკლისთან მოხუცებული და ჯმუხი კაცი მივიდა რაღაც საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ირაკლი "ყველაზე დიად საქმედ" მოიხსენიებდა ხოლმე. სტუმარს მალევე შემოჰყვა ზოის დედაც. იგი ახალგაზრდებისაკენ გაეშურა და ღვინის დანახვისთანავე წყენით უსაყვედურა არა ზოის, არამედ მათეს, რატომ არ შემატყობინეთ და არ დამელოდეთო. ზოიმ უხერხულად იგრძნო თავი იმის გამო, რომ დედამისის სიტყვების ადრესატი მათე აღმოჩნდა. თავის მართლებას მოჰყვა წინასწარ არ დაგვიგეგმავსო. -ელენე დეიდა, ცუდი არ იქნება მოგვიანებით მაინც თუ შემოგვიერთდებით;— უთხრა მათემ. ირაკლი სტუმარს კაბინეტში შეუძღვა სათათბიროდ და დარჩენილებს დაუბარა მალე დაგიბრუნდებითო. ელენეც თავის საძინებელში ავიდა გამოსაცვლელად და თავის მოსაწესრიგებლად. ზოიმ ზიზღის თვალი გააყოლა მშობლებს. საზურგეს მიეყრდნო და მდუმარებას მიეცა. მათე უყურებდა და ხედავდა როგორ ასხივებდა სიძულვილს მის წინ მჯდომი ულამაზესი არსება. თქვა: - მითხარი, რომ ბევრი რამ გქონდა მოსაყოლი... - დიახ, გითხარი და აუცილებლად მოგიყვები. მგონია, რომ შვებას ვიგრძნობ შენთან საუბრის მერე. აქ ვერ დაგელაპარაკები. ვიცი, ახლა რასაც შემოგთავაზებ დიდად არ მოგეწონება, მაგრამ მოგიწევს დამთანხმდე. მოდი, აქედან გავიპაროთ და სადმე კაფეში დავსხდეთ; იქ დაგელაპარაკები. მათეს არ შეეძლო უარი ეთქვა. ელენე დაბრუნდა სასტუმრო ოთახში და იქ აღარავინ დახვდა; ღვინო დაისხა, ჩამოჯდა და თითქოს ცხელ ყავას სვამსო, ჭურჭლიდან სითხე ნება-ნება მოწრუპა. მალე ირაკლიც გამოჩნდა, რომელსაც ფეხდაფეხ მოყვებოდა ჯმუხი კაცი. დაჟინებული და თითქმის მბრძანებლურ ტონში გადასული თხოვნის მიუხედავად სტუმარი არ დარჩა. მისაღებში შექმნილმა სურათმა ირაკლის კიდევ ერთხელ მისცა ცინიზმით შეპყრობის საბაბი და მხოლოდ ესღა აღმოხდა: - თავხედი ახალგაზრდები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.