შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილმისჯილი - თავი 3


29-03-2019, 01:53
ავტორი omexi
ნანახია 972

საერთოდ ნეიროტროპული ნარკოტიკის მოქმედების დრო, მხოლოდ თხუთმეტი წუთით შემოიფარგლებოდა. რადგან ტუსაღს `განსაწმენდელიდან~ სიკვდილამდე, რა თქმა უნდა `ბაროკამერის~ გავლით, მხოლოდ თხუთმეტი წუთის სავალი მანძილი ჰქონდა დარჩენილი, ამიტომაც კოლონიის წარმომადგენლობა ზედმეტ ფინანსებს არ ხარჯავდა, რატომ უნდა შეეშხაპუნებინათ მეტი დოზა საცოდავი ტუსაღის ორგანიზმში, როდესაც სულ თხუთმეტ წუთში უნდა მომკვდარიყო? რატომ უნდა დახარჯულიყვნენ ზედმეტად იდელი მეციხოვნენი, როცა მათი ხარჯი არც არავის არგებდა, პირიქით, ფუჭად გაფლანგული სიკეთე იქნებოდა?
სწორედ ამ ეკონომიის წყალობა იყო, რომ რომას ნარკოტიკისგან გაჟღენთილ გონებას, თხუთმეტ წუთში, ისევ დაუბრუნდა რეალობის შეცნობის უნარი, პირველი, რაც მან აღიქვა, ეს უშველებელი, თეთრად შეღებილი ოთახი იყო, სადაც ის და უტყვი ზედამხედველი იდგნენ და რაღაცას ელოდნენ.
_ გთხოვთ წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი ბარათი, _ თეთრ ოთახში ექოდ გაისმა ავტომატის მჭახე ხმა, რამაც რომა ცოტა არ იყოს გააოცა.
ზედამხედველი მექანიკურად შეინძრა, მკერდზე მიმაგრებული პლასტმასის ფირფიტა მოიხსნა, კედელზე მიმონტაჟებულ აპარატში ჩააცურა და დაელოდა, სანამ სუსტი ტკაცანი გაისმოდა. უცნობმა აპარატმა, ტკაცანთან ერთად პირადობის დამადასტურებელი ბარათის იდენტირება მოახდინა.
თეთრ ოთახში უხმაუროდ გაიღო ოსტატურად შენიღბული კარი, ზემოდან კი ავტომატის გამოკვეთილი სიტყვები მოისმა.
_ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება DBB-A სექტორში.
რომა წამით გაშრა, ბევრი რამ სმენოდა ამ სექტორის შესახებ, იცოდა, რომ ის ყველაზე იდუმალი განყოფილება იყო, კოლონია `იდა-1~-ის ბაზაზე არსებული ლაბორატორიისა, იცოდა რომ აქ განსაკუთრებით შერჩეული სწავლულები, სრულიად მზის სისტემის მასშტაბის ექსპერიმენტებს ატარებდნენ... მაგრამ რა დარჩენოდა მას DBB-A სექტორში?... ზედამხედველმა, რომას ეჭვებით გაჟღენთილი აზრების დასრულება არ დაანება, პროგრამირებული, არაადამიანური მოძრაობით კარისკენ ანიშნა, დაელოდა, სანამ ზღურბლს გადააბიჯებდა და აჩრდილივით აედევნა უკან.
მეორე ოთახი, სადაც რომამ შეაბიჯა, თეთრად იყო შეღებილი, უფანჯრო გახლდათ, მის ერთადერთ სამკაულს კი უზარმაზარი მრგვალი მაგიდა და ბუმბულა, ხავერდოვანი სავარძლები წარმოადგენდნენ.
_ აქ დაელოდეთ! _ ზურსუკან მდგომმა ზედამხედველმა მოკლედ ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა. თეთრი კარი ავტომატურად დაიკეტა.
_ მოიცა სად მიდიხართ! _ რომა ზედამხედველს დაედევნა, მაგრამ კარი უბოდიშოდ მიეხურა ცხვირწინ.
გუმანით ხვდებოდა, რომ ეს ოთახი `ბაროკამერა~ არ იყო, რადგან კოლონიის წარმომადგენლები ამ სასიკვდილო აპარატს, ლაბორატორიის გასაიდუმლოებულ სექტორში არ მოათავსებდნენ. თუმცა `იდა-1~-ის არცერთ ტუსაღს წარმოდგენა არ ჰქონდა `ბაროკამერის~ ადგილსამყოფელის შესახებ.
რომა გაურკვევლობას მოეცვა, `ბაროკამერა~ თავისუფლად შეიძლებოდა DBB-A სექტორში ყოფლილიყო მოთავსებული... რა იყო აქ დაუშვებელი? არაფერი... მაგრამ ლაშხი ვერაფრით ამსგავსებდა ამ თეთრ ოთახს სასიკვდილო დანადგარს, თუმცა `ბაროკამერა~ შიგნიდან არასოდეს დაუთვალიერებია და არც მის გარეგან ფორმაზე ჰქონდა წარმოდგენა, არც რომელიმე ტუსაღს მოუყოლია მისთვის `ბაროკამერის~ ინტერიერის შესახებ, რადგან ჯერჯერობით `ბაროკამერაში~ შესული პატიმრებიდან, არცერთი არ გამობრუნებულა უკან.
ის სადღაც სხვაგან იმყოფებოდა, რადგან ხელმომჭირნე იდელი მეციხოვნენი, სიკვდილმისჯილთათვის კომფორტის შექმნის მიზნით `ბაროკამერაში~ ხავერდოვან, მდიდრულ სავარძლებს არ დაალაგებდნენ. _ `ნეტა რა ხდება? ნუთუ ისევ გადადეს სასჯელის აღსრულება?~ _ რომას უპასუხოდ დარჩენილი კითხვები აღარ ასვენებდნენ.
_ ალბათ, ისევ ჩემმა იდუმალმა მფარველმა ანგელოზმა გამოიჩინა გულისხმიერება, _ ივარაუდა მან, _ სიცოცხლე გაუხანგრძლივა საცოდავ სიკვდილმისჯილს, _ ხმადაბლა დაუმატა და სახეზე ჩამოყრილი გრძელი, სველი თმა უკან გადაივარცხნა.
ნელი ნაბიჯით გაიარა მთელი ოთახი, რამდენიმე წუთით უაზროდ სცემდა ბოლთას და ფიქრობდა, ვერ გაერკვია, ვის უნდა დალოდებოდა ამ ჩუმ, უკაცურ ოთახში, ნუთუ მისმა უჩინარმა დამცველმა, ბოლოს და ბოლოს გამოჩენა იკადრა? ძალიან კარგი, მაშ, შანსი მიეცემა პირადად გაიცნოს, ამაყად წარუდგეს და უთხრას, რომ ის უბრალო სიკვდილმისჯილია, ადამიანი, რომელიც ყველამ და ყველაფერმა დაივიწყა, შუბლი შეჭმუხნა და ეჭვიანად გაიფიქრა: _ `იქნებ ეს ყოველივე იდელ მეციხოვნეთა ჩვეულებრივი ტაქტიკაა, გართულებების გარეშე მიიყვანონ დამნაშავე `ბაროკამერამდე~.
_ ახლა კი ვხვდები რატომ არ ბრუნდებიან `ბაროკამერიდან~ პატიმრები... თუკი ეს ოთახი `ბაროკამერაა~... არც მე ვიუკადრისებდი აქ დარჩენას, _ თავისებური ირონიით ჩაილაპარაკა რომამ.
შემდეგ, ერთ-ერთ სავარძელში მძიმედ ჩაეშვა და ერთხელ კიდევ მოათვალიერა ოთახი.
თუკი მართლა `ბაროკამერაში~ იმყოფება, მაშინ ალბათ ისიც აქ დარჩება სამუდამოდ, თუმცა ავტომატური დამლაგებლები, სასჯელის აღსრულების შემდეგ, მისი გვამის ნარჩენებს, სანაგვეში გადაუძახებენ, მაგრამ მისი ორგანიზმის რაღაც უმცირესი ნაწილაკი მაინც დამკვიდრდება სამუდამოდ `ბაროკამერაში~, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლოს და ბოლოს, მისი ტანჯული სული ხომ სწორედ ამ დაწყევლილი ადგილიდან გადასახლდება იმიერ სამყაროში.
რომა მიხვდა, რომ მარტოობამ და არაადამიანურმა დაძაბულობამ თავისი გაიტანა, ფიქრებით შორს გაიტაცა, ამიტომ აბეზარი აზრები თავიდან მოიშორა და სავარძელში უფრო მოხეხებულად მოეწყო, რათა დალოდებოდა... ან სიკვდილის მოსვლას, მაღალი ატმოსფერული წნევის სახით, ან მისთვის უცხო გადამრჩენელს, რომელიც სწორედ დღეს აპირებდა თავისი საიდუმლოების გამომზეურებას.



ოთახში სამნი შემოვიდნენ, მკვეთრი და თავდაჯერებული ნაბიჯებით. პირველი `ბელზებელი~ იყო _ ციხის უფროსი, ისე ეს დაბალი, მსუქანი, სრულად გამელოტებული კაცი სულაც არ შეეფერებოდა თავის მრისხანე მეტსახელს. ის შავ, მკაცრ კოსტიუმში იყო გამოწყობილი და გადმოკარკლულ თვალებს, ქამელეონივით ატრიალებდა.
მეორე სუსტი, მაღალი, ჭაღარათმიანი მოხუცი გახლდათ, გრძელ, კეხიან ცხვირზე დაკოსებული პატარა სათვალითა და სქელი, გადმობრუნებული ტუჩებით, თეთრი, დაჭმუჭნილი ხალათი ეცვა და ყოველ ჟესტზე ნერვიულად ცქმუტავდა.
მესამე კი ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი, მხარბეჭიანი, ჩაფსკვნილი მამაკაცი იყო, საუცხოოდ დაყენებული ჭაღარაშერეული ულვაშით და ნაღვლიანი შავი თვალებით. ეს უკანასკნელი რომამ დანახვისთანავე შეიცნო, სწრაფი რეაგირების საპლანეტაშორისო ქვეგანაყოფის `ბოლიდის~ გენერალი ჰანც ჰაული გახლდათ. რომას არმიაში სამსახურის დროს ბედნიერება ჰქონდა ერთხელ შეხვედროდა ამ ღირსეულ ადამიანს, საეჭვოა, ის შეხვედრა ბატონ გენერალს დამახსოვრებოდა.
რომა ლაშხი ნელა წამოდგა და ოთახში შემოსულთ მიაცქერდა, _ `ნუთუ ჩემი სასიკვდილო აგონიის საყურებლად მოვიდნენ?~ _ გაუელვა.
_ იჯექით... იჯექით, ჭაბუკო, _ ფეხზე მდგარ რომას ჭაღარა მოხუცმა ნერვიული ხმით მიმართა.
რომა უაზროდ მიაცქერდა მათ და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
_ ნომერი 612-ღO, _ ციხის უფროსმა ცივი ხმით წარუდგინა მომხვდურებს რომა, შემდეგ ტუსაღი თავიდან-ფეხებამდე აათვალიერა, უბიდან პაწაწინა ელექტრონული ცნობარი ამოიღო, მის აკიაფებულ ეკრანს დახედა და განაგრძო, _ განზრახ მკვლელობა, ძლიერი ემოციური შეტევის შედეგი, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით... საინტერესოა... _ `ბელზებელი~ რომასკენ მიტრიალდა, ისეთივე საზიზღარი ხმა ჰქონდა, როგორიც მის მეტსახელს შეეფერებოდა, _ გამოდის, რომ თქვენ შინ დაბრუნებულმა, საკუთარი მეუღლე საყვარელთან შეისწარით, რამაც თქვენს ფსიქიკაზე კატასტროფულად იმოქმედა, ამიტომ მკვლელობის ინსტიქტებით შეპყრობილმა, მსხვილკალიბრიანი იარაღით ჯერ მეუღლე განგმირეთ, შემდეგ კი საყვარელი ერთიანად დაცხრილეთ ფეთქებადი ჭურვებით ისე, რომ მისგან სისხლიანი ხორცის გროვა დატოვეთ. მე, როგორც მამაკაცი არ გამტყუნებთ, მაგრამ როგორც სამართალდამცავი... _ `ბელზებელმა~ აქ მნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა და წვრილი, ცისფერი თვალები ნემსებივით ჩაარჭო რომას.
ლაშხი სევდამ მოიცვა, დაამწუხრა ცოდვით სავსე წარსულის გახსენებამ, აღელვებულმა გრძელი თმა კინაღამ დაიწიწკნა, ფეხზე წამოხტა და ხმის კანკალით ჩაილაპარაკა.
_ ვერ წარმომიდგენია, რატომ მიყვებით ამას.
`ბელზებელი~ წამით ინტერესით მიაცქერდა თვალებში.
_ ტუსღი ნომერი 612-ღO, _ წარმოსთქვა და კვლავ აპარატის ანთებულ ეკრანს დააცქერდა, _ საარქივო ცნობარი აღნიშნავს, რომ განათლებული პიროვნება ხართ, თან სამხედრო სამსახურში შესაშური კარიერა გქონდათ გაკეთებული... ასე რომ... რომ არა ის უსიამოვნო მოვლენა, ალბათ დიდი მომავალი გელოდათ.
რომა ლაშხმა ზიზღით აარიდა მზერა ციხის უფროსს, დანარჩენ ორ მამაკაცს გადახედა, რომლებიც უკვე ოსტატურად მოკალათებულიყვნენ სავარძლებში და საუბარს აყურადებდნენ.
_ განაჩენი, _ ისევ მომაბეზრებელი ტონით წარმოსთქვა `ბელზებელმა~, _ სასჯელის უმაღლესი ზომა... სიკვდილი... თითქმის, შეუწყნარებელია სრულიად მზის სისტემის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ თქვენ კანონდამცველების თვალში მკვლელი ხართ, საზოგადოების დაავადებული უჯრედი, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ლიკვიდირებული უნდა იქნეს.
_ მერედა, რაღას უცდით, ეშმაკმა წაიღოს თქვენი თავი! _ მოულოდნელად დაიღრიალა რომამ, _ აღასრულეთ განაჩენი და მოვრჩეთ კომედიას, _ გაცოფებული მიაცქედა სამთავეს.
_ ტემპერამენტით ქოლერიკი, იმპულსური, ფეთქებადი ხასიათის, _ ჭაღარა მოხუცმა თითქმის თავისთვის ჩაიჩურჩულა, თავისებურად შეაფასა პატიმარი.
`ბელზებელი~ კი ნელა მიუახლობდა რომას.
_ შენ გაგიმართლა ტუსაღო, _ მრავალმნიშვნელოვნად წარმოსთქვა მან, _ მე თუ მკითხავ თქვენისთანა არამზადები სასიცოცხლო არ არიან, დიდის სიამოვნებით შეგაგდებდი `ბაროკამერაში~ და დიდის სიამოვნები გაგჭყლიტავდი სასიკვდილოდ, მაგრამ შენ დღეიდან მზის სისტემის არმიას ეკუთვნი, თავდაცვის სამინისტრომ იდაზე ორი წარმომადგენელი გამოგზავნა, _ ის უკან მჯდომი მამაკაცებისკენ მიტრიალდა, ჭაღარა მოხუცისაკენ ხელი გაიშვირა და წარმოსთქვა, _ გაიცანი ეს დოქტორი გორდონ პენია... ეს კი...
_ ჩვენ, უკვე ვიცნობთ ერთმანეთს, _ გენერალმა ბოხი ხმით შეაწყვეტინა ციხის უფროსს.
რომა წამით დაიბნა, ვერ წარმოედგინა თუ გაიხსენებდნენ, ამიტომ მხრები სასაცილოდ აიჩეჩა და უაზროდ ჩაიბურტყუნა.
_ ნუთუ გახსოვართ, გენერალო?
_ რა თქმა უნდა მახსოვხართ პოლკოვნიკო, _ გენერალი ჰაული მძიმედ წამოდგა სავარძლიდან და პატიმარს ხელი მეგობრულად ჩამოართვა, _ მეთვრამეტე საპლანეტაშორისო მოტომსროლელი ბრიგადის პოლკოვნიკი რომა ლაშხი, თუ არ ვცდები თქვენს მიერ სატურნზე განხორციელებულმა აგრესორთა ლიკვიდირების ოპერაციამ, თავდაცვის სამინისტრო აღფრთოვანებაში მოიყვანა.
_ ალბათ ოპერაცია `ტორნადო~ გაქვთ მხედველობაში, _ თქვა ლაშხმა და დაფიქრებულმა შუბლი მოჭმუხნა, შემდეგ ჯარისკაცივით წელში გაიჯგიმა და გადაჭრით დაამატა, _ მაშინ ჩემმა ბიჭებმა იყოჩაღეს.
_ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, _ თავის კანტუნით ჩაილაპარაკა გენერალმა, _ მეთვრამეტე ბრიგადა ყოველთვის გამოირჩეოდა რაღაცით, _ ის ხვნეშით ჩაეშვა სავარძელში, წამით იყუჩა, შემდეგ კი განაგრძო, _ არმიას სჭირდება თქვენისთანა ჯარისკაცები პოლკოვნიკო.
რომა მოჭუტული თვალებით მიაცქერდა სავარძელში ჩასვენებულ გენერალ ჰაულს, თითქოსდა ცდილობდა გამჭოლი მზერით თავიდან ფეხებამდე შეესწავლა ეს ადამიანი.
_ მაგრამ ერთი წლის წინ ასე არ ფიქრობდა თავდაცვის სამინისტრო, _ რომამ ეჭვით წარმოსთქვა, _ მაშინ ყველამ დამივიწყა, სამხედრო ტრიბუნალმა უვარგის ჯარისკაცად მაღიარა, ლამის დეზერტირობაც კი მომაწერა, სამხედრო პროკურატურამ კი ჩემი საქმის გამოძიებაც აღარ იკადრა, ისე გადასცა მასალები სრულიად მზის სისტემის ფედერალურ სასამართლოს.
_ აქ კი ცდებით, პოლკოვნიკო, _ გენერალმა ხელი შემართა, _ თავდაცვის სამინისტრომ უბრალოდ საზოგადოების აზრი გაითვალისწინა, მას რომ მაშინ თქვენი დაცვა ეკისრა, დამიჯერეთ, დღემდე ენაჭარტალა ჟურნალისტების ყბიდან ვერ ამოვიდოდა. ის თქვენ საიდუმლოდ გმფარველობდათ, სწორედ მათი წყალობა იყო, რომ განაჩენის აღსრულება ასე დაუმთავრებლად გაიწელა. არმიას არასოდეს დავიწყებიხართ, უბრალოდ თქვენ ერთი მისიის აღსასრულებლად გინახავდნენ.
აი, თურმე, ვინ ყოფილა მისი ძლევამოსილი და იდუმალი მფარველი... სრულიად მზის სისტემის თავდაცვის სამინისტრო... რომა ფიქრებში წასული იკვნეტდა ტუჩებს, ვერ გაერკვია რა ხდებოდა მის თავს.
_ თავდაცვის სამინისტრომ, თავისი მფარველობით, საბოლოოდ გამანადგურა, _ რომა სავარძელში მოწყვეტით ჩაჯდა, _ გაუთავებელმა სიკვდილის ლოდინმა ერთიანად გამასავათა, მე უკვე ჯარისკაცი არა ვარ, გენერალო, პატიმარი ვარ, სიკვდილმისჯილი, გადავეჩვიე არმიულ დისციპლინას, ბრძანებების მიღებას, ბრძანების შესრულებაც მივივიწყე, სიცოცხლესთან განშორება ვისწავლე, _ რომამ გამომცდელად მოავლო თვალი ოთახში მყოფთ, _ მე უკვე ცოცხალი ადამიანიც აღარა ვარ, ჩემი ცოდვილი სული დიდი ხანია მოკვდა ნომერ 3492-ე საკანში.
_ შეეშვით სისულელეებს, პოლკოვნიკო, _ გენერალმა ხმას მბრძანებლური და მკაცრი ტონი მისცა, _ მისია, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ დაგაკისრათ, დამიჯერეთ, თქვენს დამნაშავეობრივ წარსულს სისხლიან ლაქას ჩამოაცლის.
_ ვერ გავიგე, რისი თქმა გსურთ გენერალო, _ რომა ნერვიულად აწრიალდა სავარძელში.
გენერალი ჰაული სავარძლიდან სანახევროდ წამოიწია, რომასკენ გადაიხარა და დამარცვლით წარმოსთქვა.
_ პოლკოვნიკო, თქვენ პატარა ექსპერიმენტში უნდა მიიღოთ მონაწილეობა.
ლაშხი მოულოდნელობისგან შეტოკდა. რა თქმა უნდა პატარა ექსპერიმენტი, აბა სხვა რისთვის მოიყვანდნენ DBB-A სექტორში. რომა ყველაფერს იფიქრებდა, მაგრამ ასეთ რამეს ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუმცა სმენოდა გასაიდუმლოე-ბული ექსპერიმენტების შესახებ, რომლებსაც სიკვდილმისჯილ პატიმრებზე ატარებდნენ, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ის?... აი, თურმე რისთვის ინახავდნენ ამდენი ხანი... მუხთალი ბედი, მართლაც რომ არაჩვეულებრივ სიურპრიზებს უმზადებდა.
_ მაგრამ მე ხომ ექსპერიმენტალური ბაჭია არა ვარ, _ უმწეოდ გააპროტესტა ლაშხმა.
_ სამაგიეროდ მკაცრი რეჟიმის კოლონია `იდა-1~-ის სიკვდილმისჯილი ტუსაღი ხარ, ნომერი 612-ღO, _ ცივად შეახსენა `ბელზებელმა~ _ შენს კისერზე კი ზუსტად დღეს უნდა დაეშვას მართლმსაჯულების მახვილი, _ ციხის უფროსმა მკვეთრი მოძრაობით შეისწორა მკაცრი, შავი პიჯაკის გატკიცინებული საყელო, _ ასე, რომ მეტი გამოსავალი არა გაქვს, ტუსაღო, მხოლოდ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებით შეგიძლია სიცოცხე შეინარჩუნო.
რომა დააფიქრა ამ საზიზღარი კაცის სიტყვებმა, მიხვდა რომ ნამდვილად არჩევანის წინაშე ახლა იდგა. ამდაგვარი წინადადება მისთვის ადრე, რომ შეეთავაზებინათ, საკუთარი დანაშაულით აღშფოთებული, ალბათ ამაყად განაცხადებდა უარს, ასეთ სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებდა, მაგრამ ახლა ის სხვანაირი გამხდარიყო, `იდა-1~-ის აყროლებულ საკანში გატარებულმა ტანჯვითა და სიკვდილის მოლოდინით აღსავსე წელმა, სულ სხვა ადამიანად აქცია, ადამიანად რომელსაც სიცოცხლე უყვარს, სურს სიცოცხლე. დინჯად მიაცქერდა ჰაულს და მოკლედ იკითხა.
_ რა უნდა გავაკეთო?
_ ახლა კი მომწონს თქვენი შემართება პოლკოვნიკო, _ გენერალმა ჭაღარა ულვაში თითებით ჩამოივარცხნა და თავი ამაყად აიქნია, _ უნდა ავღნიშნო, რომ ტყვეობის ერთ წელს საერთოდ არ შეუცვლია თქვენი ხასიათი. ხოლო რაც შეეხება ექსპერიმენტს, დაგაიმედებთ, საგანგაშო არაფერია. უბრალოდ, თუმცა აჯობებს ყველაფერი დოქტორ პენმა აგიხსნათ, _ გენერალი ჰაული ჭაღარათმიან მამაკაცს მიუბრუნდა და მოკრძალებით მიმართა, _ გთხოვთ დოქტორო.
მოხუცი თავის ნერვიული დაქნევით გამოეპასუხა, სავარძლიდან ელნაკრავივით წამოხტა და აღელვებულმა დაიწყო.
_ ეს კაცობრიობისთვის უდიდესი ექსპერიმენტია ბატონებო... ქრონომეტრული ტრანსპორტაციის ერთ-ერთი სახეა... როდესაც ადამიანი ან სხვა ცოცოხალი ორგანიზმი, მიკროლეპტონური ველით გარშემორტყმული, მატერიის უმცირეს ნაწილაკებად გარდაისახება და ძლიერი ჰიპერპორტატული იმპულსებით ქრონომეტრიულ ტრანსპორტაციას ახდენს, რათა გარკვეული...
_ ერთი წუთით დოქტორ პენ, _ `ბელზებელმა~ თვალებანთებულ მოხუცს სიტყვა შეაწყვეტინა, _ თუ შეიძლება ეს გაუგებარი, მეცნიერული ტერმინების წყება, ადამიანისათვის გასაგებ ენაზე გადმოგვითარგმნოთ, რადგან როგორც მე დავასკვენი, თქვენებური ახსნა თქვენს გარდა ვერავინ გაიგო. ასე არ არის გენერალო?
ციხის უფროსი გადმოკარკლული თვალებით მიაჩერდა გენერალ ჰაულს, რომელმაც მისი შეკითხვის საპასუხოდ, მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
_ როგორც მოგეხსენებათ _ შეწყვეტილი საუბარი განაგრძო დოქტორმა, _ საყოველთაოდ მიღებული შეხედუ-ლების თანახმად, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი ერთ მთლიანობაში არსებობს, ამ თეორიის სისწორეზე უკვე აღარც დაობენ, ჩვენ კი ქრონომეტრული ტრანსპორტაციის დახმარებით მოვახერხებთ იმ ბარიერის დარღვევას, რომელიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს ერთმანეთისგან აცალკავებს, _ დოქტორ Gგორდონ პენი ერთხანს გაჩუმდა, სათითაოდ მოავლო მზერა ოთახში მყოფ მამაკაცებს, შემდეგ კი დამარცვლით დაუმატა, _ ე.ი. ბატონებო, ქრონომეტრიული ტრანსპორტაცია გახლავთ ადამიანის ორგანიზმის გარკვეულ დროსა და სივრცეში გადაადგილება.
ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. რომას ძალიან უცნაური შეგრძნება დაეუფლა, ხვდებოდა, რომ მისი ცხოვრება მართლაც მკვეთრად იცვლიდა მიმართულებას. ლაშხი დაკვირვებით ათვალიერებდა ოთახში მყოფ მამაკაცებს: დოქტორ პენი ნასიამოვნები სახით წმენდდა სათვალეს, გენერალი ჰაული იდუმალი გამომეტყველებით ისრესდა უხეშ, ოთკუთხედ ნიკაპს, `ბელზებელი~ კი ბნედიანივით ატრიალებდა გაოცებულ თვალებს.
_ მხედველობაში დროში გადაადგილება გაქვთ? წარსულში, მომავალში? _ გაურკვევლად იკითხა `ბელზებელმა~ და კითხვით აღსავსე თვალებით მიაცქერდა დოქტორ პენს, როდესაც ჭაღარათმიანმა მოხუცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ციხის უფროსმა მხრები გაოცებით აიჩეჩა და ურწმუნოდ იყვირა, _ ეს შეუძლებელია!
_ პირველად თქვენსავით ფიქრობდნენ მზის სისტემის უდიდესი სწავლულები, მაგრამ ბოლოს ყველაფერი აღიარეს, _ გენერალი ჰაული თითების ტკაცუნს მოჰყვა, _ ამ აღმოჩენას თითქმის წელიწადია ფლობს მზის სისტემის თავდაცვის სამინისტრო, მისი მოქმედების მთავარი პრინციპი შემთხვევით აღმოაჩინა სამხედრო ხომალდ `მირაჟის~ ფიზიკოს-ატომისტმა, ხომალდის სამხედრო მანევრირების დროს, ამიტომ ის არმიის საკუთრებს წარმოადგენს, ჯერ-ჯერობით სახელმწიფო საიდუმლოების დონემდეა აყვანილი. ამჟამად სამხედრო ლაბორატორიებში, ცერარაზე და მელიპომენაზე მუშაობენ მისი გამოუკვლეველი მხარეების ასათვისებლად, აქ, იდაზეც, კოლონიის ლაბორატორიაშიც, კერძოდ DBB-A სექტორში ტრანსპორტაციის სრულყოფას ახდენენ და ვაღიარებ, გარკვეულ შედეგსაც მიაღწიეს.
რომა აშკარად გაფითრდა, მკვეთრად წამოხტა სავარძლიდან.
_ გენერალო, ნუთუ თქვენ დაუშვებთ...
_ სდექ, პოლკოვნიკო! _ გენერალმა ჰაულმა ყვირილით შეაწყვეტინა სიტყვა რომა ლაშხს, _ როგორც გატყობ ამ ერთი წლის განმავლობაში შენ ჯარისკაცის მთავარი ღირსება _ სიმამაცე დაკარგე, _ ის მრისხანედ მიაჩერდა რომას, _ ალბათ, გეშინია ექსპერიმენტის შემდეგ შენი ცოდვილი სხეულის უმცირესი ნაწილაკები სამუდამოდ დაკარგულნი არ აღმოჩნდნენ დროსა და სივრცეში? ასეთი რამ არ მოხდება პოლკოვნიკო, ჩვენ პირველად როდი ვახდენთ ქრონომეტრიულ ტრანსპორტაციას, არა, პოლკოვნიკო, მზის სისტემის არმიამ საკმაოდ კარგად აითვისა ეს პროცესი. თავდაცვის სამინისტრომ განსაკუთრებული სწრაფი რეაგირების ქრონო-ბატალიონიც კი შექმნა, სპეციალურად გაწვრთნილი ჯარისკაცებით, რომელთაც წამის უმცირეს მინაკვეთში გარკვეულ სივრცეში ან გარკვეულ დროში შეუძლიათ ტრანსპორტაცია, მაგალითად, მათ შეუძლიათ პირდაპირ დედამიწიდან გაჩნდნენ მარსზე, მისი კოლონირების პირველ ხანებში, ან მთვარეზე იმ დროს, როდესაც პირველმა ადამიანმა დაადგა იქ ფეხი.
_ ტრანსპორტაციის პროცესი საშიშროებას არ წარმოადგენს ჭაბუკო, _ დოქტორ პენი რომასკენ მიტრიალდა, _ პირველ რიგში ტრანსპორტირებად პირს მიკროლეპტონური ველით დაიცავენ, რათა დროში გადაადგილებისას განვითარებულმა, ბოლომდე შეუსწავლელმა ფიზიკურმა ან ანტიფიზიკურმა მოვლენებმა ცოცხალი ორგანიზმის დაზიანება არ გამოიწვიოს, შემდეგ კი ჰიპერპორტატული იმპულსებით დროსა და სივრცეში გადაისვრიან, აღსანიშნავია ისიც: რომ ჩვენ ჯერ-ჯერობით მხოლოდ წარსულის დალაშქვრის ძალა შეგვწევს, მომავალი კი ქრონომეტრიული ტრანსპორტაციისათვის მიუწვდომელია.
რომა დაფიქრებული ისრესდა საფეთქლებს, შემდეგ თავი დანანებით გადააქნია და ხმადაბლა იკითხა.
_ მაინც ვერ გავიგე, რის გაკეთებას მოითხოვთ ჩემგან?
_ ექსპერიმენტი, რომლის განხორციელებაც ჩვენ გვსურს, მკვეთრად არის დაკავშირებული თქვენს წარსულთან, _ დოქტორ პენი სავარძლის საზურგეში ღრმად ჩაეფლო, _ ამ ექსპერიმენტით ქრონომეტრიულ ტარანსპორტაციას კიდევ ერთ ღირსეულ თვისებას დავუმატებთ. წარმატების შემთხვევაში მისი დახმარებით შეგვეძლება შევცვალოთ გარკვეული პიროვნებების ან თვით მსოფლიოს ამჟამინდელი რეალობა, მნიშვნელოვანი ისტორიული ან ოჯახური მოვლენების აღმოფხვრით.
_ ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია? _ რომამ მექანიკურად იკითხა.
_ თეორიულად, შესაძლებელია, _ დოქტორი პენი სავარძლიდან წამოდგა, _ პრაქტიკულად კი მის შემოწმებას ახლანდელი ექსპერიმენტით ვაპირებთ.
_ თუკი, ექსპერიმენტი წარმატებით განხორციელდა და ჩვენი ვარაუდები დადასტურდა, _ გენერალმა გულზე ხელები დაიკრიფა, _ მაშინ დედამიწელ კანონდამცველებს ქრონომეტრიული ტრანსპორტაციის სახით ახალი ეფექტური საშუალება გამოუჩნდებათ დამნაშავეობასთან საბრძოლევე-ლად. მაგალითად: ისინი სულ ადვილად აღუდგებიან წინ ტერორისტების განზრახვას ააფეთქონ კოსმოსური სადგური, თუკი ქრონობატალიონს გარკვეული ხნით წარსულში გადაისვრიან იმ დრომდე, სანამ ტერორისტები საგდურის დანაღმვას მოასწრებდნენ, ანდა თავიდან აიცილებენ შეშლილი სერიული მკვლელის თარეშს, თუკი თავიანთ წარმომადგენელს მკვლელის ბავშვობის ხანაში გაუშვებენ და... _ გენერალი აქ წამით დადუმდა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და გადაჭრით დაუმატა, _ ალბათ, გამიგებთ რის თქმასაც ვაპირებ, ბატონებო.
_ ეს ხომ უტოპია, ბატონებო, _ `ბელზებელმა~ ნერვულად აიქნია ხელი, _ ფუჭი ოცნებაა, ჩემი აზრით, ექსპერიმენტი არ გაამართლებს და ეს მკვლელი, _ ციხის უფროსი რომასკენ მიტრიალდა, _ ტყუილა გადაურჩება `ბაროკამერას~.
რომა მტრულად მიაცქერდა `ბელზებელს~, მას როგორც უმეტეს იდელ პატიმარს, ძალიან სძულდა ეს ადამიანი. შემდეგ გენერლისკენ მიტრიალდა და ბედს შერიგებული ადამიანის ტონით იკითხა.
_ რა მევალება?
გენერალმა გაიღიმა.
_ თქვენ, პოლკოვნიკო წარსულში გადაგისვრიან, ზუსტად იმ დროში, როდესაც თქვენმა წარსულმა პიროვნებამ დანაშაული ჩაიდინა, თქვენი დავალება სულ ადვილი იქნება, უნდა შეაჩეროთ მოვლენათა განვითარება, თქვენს წარსულს არ უნდა მისცეთ საშუალება ჩაიდინოს დანაშაული.
გენერალი, რომას გამომცდელად ჩააშტერდა თვალებში, მისი დაჟინებული მზერიდან აფორიაქებულმა ტუსაღმა თავიც კი დახარა.
_ მაგრამ, რატომ მაინცდამაინც მე? _ ნაღვლიანად იკითხა, _ რამდენადაც ვიცი ამ კოლონიაში ჩემს გარდა, ლამის 500 ათასი პატიმარი იხდის სასჯელს.
_ თავდაცვის სამინისტრომ თქვენ ექსპერიმენტისთვის ზედგამოჭრილ პიროვნებად ჩაგთვალათ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თქვენი განმეორებით შეჭრა წარსულში დროის პულსს არ დაარღვევს, მეორეც, თუკი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, თქვენი ამჟამინდელი რეალობა უკეთესობისკენ შეიცვლება, მზის სისტემის არმია თქვენი სახით ბრწყინვალე ჯარისკაცს დაიბრუნებს და კიდევ ერთი, ეს არის სამხედრო სასამართლოს საბოლოო განაჩენი, თქვენ თავისუფალი ხართ პოლკოვნიკო, ექსპერიმენტის წარმატების ან თუნდაც წარუმატებლობის შემთხვევაში, საშუალება მოგეცემათ, ახალი ცხოვრება დაიწყოთ წარსულში.
რომა თვალებგაფართოებული მისჩერებოდა გენერალს, ძალიან ეძნელებოდა ყოველივეს დაჯერება, მაგრამ მაინც სჯეროდა, მთელი სულითა და გულით უნდოდა დაეჯერებინა. ბოლოს და ბოლოს, აუხდა, რაზეც ოცნებობდა #3492 საკანში გამოკეტილი, აუხდა ყველაზე ფანტასტიკური ოცნება, შეეძლო წარსული დაებრუნებინა, შეეცვალა დღევანდელი რეალობა, თავიდან დაეწყო ყოველივე ახალ რეალობაში, ბედნიერება დაებრუნებინა კლარასთვის.
რომას სურდა ისევ ჩახვეოდა მის უბადრუკ წარსულს, მოფერებოდა და გაეხსენებინა, გაეხსენებინა ესოდენ ნანატრი ხანა. ისევ ეხილა მშვენიერი კლარიტა, სიცოცხლე შეენარჩუნებინა მისთვის, მას ბევრი რამ უნდა გაეკეთებინა. უნდა შეეცვალა ცოდვილი წარსული და ის დათანხმდა... დათანხმდა ეკისრა ექსპერიმენტარული ბაჭიის როლი.



№1  offline წევრი Rania

Ho agvnisgne rom uprognozoa aseti janris gagrzelwbq tqo. Molodins gadaacharbebt. Ar momcyindeba agvnishno rom saocrad ceert. Zalian magari sccenari iqneboda filmistvisss. Au momdevno rodis iqnebaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი omexi

Rania
Ho agvnisgne rom uprognozoa aseti janris gagrzelwbq tqo. Molodins gadaacharbebt. Ar momcyindeba agvnishno rom saocrad ceert. Zalian magari sccenari iqneboda filmistvisss. Au momdevno rodis iqnebaaa

მადლობა. ფანტასტიკური ნაწარმოებები იმით გამოირჩევა, რომ ფინალი არაპროგნოზირებადი და განსხვავებულია. დასასრულს ხვალ დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent