ერკე მიდასი - მეტრო (თავი 10)
დილამ აახილა თვალი და რასტი უმცროსმაც მაშინვე გამოიღვიძა. მზის სხივები დასთამაშებდნენ სახეზე და მის ტკივილს ამძაფრებდნენ. ტახტის თავთან მდებარე ტუმბოზე ცხელი სადილი დახვდა, სიჩუმეს მიაყურადა, რათა გაეგო კიდევ ვინმეს თუ ეღვიძა, თუმცა ხმა არსაიდან ირხეოდა. მხოლოდ შორიდან ელექტრო მატარებლის გუგუნი არღვევდა დილის ჰარმონიას და ჩაის ქარხანა, რომელიც არც ისე შორს იყო სახლიდან. თავი უსკდებოდა. ტუმბოდან სინი აიღო, მაგიდაზე გადაიტანა და გემრიელად შეექცა ცხელ ბორშსა და კოტლეტებს, სინზე ტყემალიც დაედოთ პატარა ჭიქით. კარგა ხანია, თითქმის ოცდახუთი წელი გავიდა, რაც ასე არ უსაუზმია და ნამდვილად მიხვდა ვისი ხელიც ერია ამ საქმეში, თუმცა ჩუმად იყო. ნახევრად მძინარე მდგომარეობაში კაირას ქალიშვილი შერა გამოვიდა ოთახში და სააბაზანოსკენ დაიძრა. ისე მიესალმა არც კი შეუხედავს მისთვის, უაზროდ გასტანა ოც წუთს და კვლავ, ამჯერად კუნტრუშით, გამოიქცა გოგონა და ღამის პერანგში გამოწყობილი, სიცოცხლით სავსე, სრულიად შეცვლილი რასტის მკერდზე აეკრო. -ელიოოს, როგორ გეძინა? - თვალებს ნაბავდა პატარა ბოცვერივით და გამომწვევად აკვირდებოდა მის სხეულს. შეცბა ყმაწვილი. ვერ გაეგო როგორ უნდა მოქცეულიყო. აშკარად მის მოხიბვლას ცდილობდა, მისივე შვილი და გულს უწვრილებდა მისი საქციელი. -გადასარევად. - მოკლედ მოუჭრა და ხელით მოიშორა. -შენ არ მკითხავ, როგორ მეძინა? - ეწყინა შერას. „განგებ მიიღო ასეთი გამომეტყველება. როგორ არ შეცვლილა. საოცარია. ასე ცდილობდა დავეთანხმებინე.“ ფიქრობდა თავისთვის. „გამოდის ჩემზე ხუთი-ექვსი წლით დიდი უნდა იყოს. რა მარაზმია. შვილი უფროსი მამაზე.“ -შენ როგორ გეძინა? - უხალისოდ გაიმეორა რასტიმაც. დონის სიტყვები უკლავდა გულს, უკვე ათიათასჯერ დაეცა ნაჯახი, როცა მან თქვა რომ ნაკლები სიყვარული გამოავლინა ბოლო დღეს ოჯახის მიმართ. თითქოს აგვიანდებოდა, მერამდენედ ინანა, რომ იმ დღეს ძლიერ არ მოეფერა ცოლს, ალერსიანად არ უთხრა როგორ აგიჟებდა მისი არსებობა, ჰაერში რომ არ აიტაცა ორი პატარა ტყვიამფრქვევი და მხარზე არ დაისვა, სიყვარულით რომ არ უთხრა კიდევ შევხვდებით პატარაო და ისე უამრავჯერ არ მოიხედა უკან, სანამ კარში გავიდოდა. მაშინ ხომ აღარ ეგონებოდათ, რომ გაიქცა, მაშინ ხომ არ ეგონებოდათ, რომ ოჯახი წინასწარ დაგეგმილად მიატოვა და ასე არ ატკენდა გულს საყვარელ ადამიანებს. თუმცა კვლავ შეეძლოთ ბოროტ ენებს რაიმე გამოსავალი მოენახათ და თავგზა აერიათ მათთვის, შესძულებოდათ და სამარადჟამოდ უარეყოთ შვილებს მამა, ცოლს კი საყვარელი, ერთადერთი მეუღლე. იქნებ ნამდვილად გათხოვილიყო კიდეც მეორედ, მაგრამ მას ახლაც შეეძლო, რატომ დაელოდა და რატომ არ განაგრძო ცხოვრება... ოცდახუთი წელი, მთელი საუკუნეა წყვილისთვის, მთელი ათასწლეულია სიყვარულისთვის და სიკვდილის ზარია პატარა, საოცარი, ჯერ სამყაროს ახალი თვალით შემყურე შვილებისთვის. -ძალიან მაგრად! - თვალები ააფახულა შერამ. - რადგან ვიცოდი, შენ იწექი გვერდით ოთახში. -ღმერთო.. -ფრაზის დასრულება ვერც მოასწრო, ისე ეძგერა გოგონა და მარდად აკოცა. შეშფოთებულმა გაახილა თვალი, მეორედ. გულზე მოეშვა. -რა კოშმარი იყო! - მაშინვე ტუმბოს შეხედა, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა. - კოშმარშიც კი, როგორ ზუსტად იყო ყოველი დეტალი ამ სახლის. სატანა დამეპატრონა? - ჩაიჩურჩულა თავისთვის და ხელები თვალებზე აიფარა სიმწრისგან. გულმა ბოგინი დაუწყო და მსწრაფლად წამოვარდა თავისი სამყოფელიდან, სადაც ფეხებგაშოტილს ეძინა და სააბაზანოში შევიდა. წყალი გადაივლო, გასუფთავდა, იქვე დაკიდებულ პირსახოცით აიმშრალა ტანი და ყველაზე ხელსაყრელი, მისთვის რაც იყო, დროებით დონის ლურჯი პერანგი და ყავისფერი სპორტული შარვალი ჩაიცვა, რომელიც ზუსტად მოერგო. - როგორ გაზრდილა ჩემი ვაჟკაცი. - თავისთვის ჩაილაპარაკა და გადაწყვიტა, როცა ნახავდა ბოდიშსაც მოუხდიდა. სარკეში გაბურძგნულ მის თავს შეხედა და გულისამრევად დაიჭყანა. - ვბერდები თუ მეჩვენება ეს ოცდაშვიდი წლის კაცი? სააბაზანოდან გამოსულს გზად შერა შეხვდა, მაცივართან ჩაემუხლა და თავისთვის რაღაცას ეძებდა. - როგორ მიდის შენი სამუშაო დღე ძამიკო? - აუხედავად ჰკითხა მამაკაცს. - სამსახურში არ უნდა იყო? - გაოგნებულმა აჰხედა და მოულოდნელობისგან გახევდა. - უი, შემაშინეთ. -მაპატიე, აბაზანა მივიღე და დროებით ვითხოვე დონის ტანსაცმელი. იმედია ცუდად არ მიიღებს და გამიგებს. - ზედმეტად შეწუხებული სახე ჰქონდა და შერას სიცილიც მოჰგვარა, გახალისდა რასტიც. მხოლოდ ამის შემდეგ თქვა: - მოგკლავს. -უი, რას ამბობ. - კვლავ იგივე გამომეტყველებაში დამალა, მისი ნამდვილი რეალური სახე და შვილს ზევიდან შეხედა. - მაშინ სჯობს მის დაბრუნებამდე გავრეცხო და გავაშრო ჩემი ტანსაცმელი. -ჩემი ძმა მამის გაუჩინარების შემდეგ ძალიან შეიცვალა. - დაიწყო შერამ, ფეხზე წამოდგა სასურველის პოვნის შემდეგ და შემთხვევით წამომდგარ კაცს შეეჯახა. სიზმარი სიცხადით დაუდგა თვალწინ და შუბლი შეჭმუხნა. - ძლიერ უყვარდა, მის სიყვარულში მეც კი მეცილებოდა, ეჭვიანობდა, მეჩხუბებოდა, რომ მას მეტად უყვარდა და სულ ფიქრობდა, რომ არ შეიძლებოდა ერთი პიროვნება ორ, სამს და უამრავ ადამიანს თანაბრად ყვარებოდა, ასე ყველა ვერ გაიყოფდა მის სიყვარულს. სჯეროდა რომ ერთ ადამიანსაც არ შეეძლო თანაბრად ყვარებოდა ყველა და სისულელედ მიაჩნდა მუშკეტერების ფრაზაც. ასეთი იყო ბავშვობაში, უმამობა კი ძნელად გადაიტანა ნამდვილად. რა თქმა უნდა არ მოგკლავთ, მაგრამ არც მოეწონება, თუმცა ნუ ღელავთ. შეტევაზე გადმოსვლის უფლებას და ნებას არ მივცემთ. -იმედი მაქვს. - ამრეზით აღუთქვა წინააღმდეგობა დონის ქმედებას. - გაგებით მოვეკიდები თქვენს თანადგომას. მადლობა. -გშიათ? კოტლეტებს შეგიწვავთ. მის გონებაში ხელახალი დიდგორის ბრძოლა დაიწყო და მტერი უკვე საომრად ემზადებოდა, როცა ორასი ბერად მოსილი მამაკაცი მოწინააღმდეგეთა ჯარიდან სამშვიდობო მისიით გაემართა მტრისკენ. გულმა უარესი ტკივილი განიცადა, ვიდრე ხანჯლით, შუბით ან ისრით განგმირვა იყო და ბრძოლის ველზე უსასოდ დაცემული სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა კაირაზე ფიქრში. -არა, გმადლობთ. კოტლეტები არ მიყვარს. დღეს მაინც. - ამ დროს გამომწვევი მზერა ესროლეს და ისარივით ისიც გულში მოარტყეს. თუმცა კიდევ ერთი ჭრილობა ელოდა, უფრო ღრმა და მწვავე, ვიდრე მზერა იყო. როცა ოთახიდან გადიოდა შერა, მას დაუძახა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა შორიდან. - არა, ასე ინფარქტს მივიღებ. - გულზე შიშნარევად დაიდო ხელი. - რაც დიდგორში ვერ დამაკლეს, ეს პატარა მწველი, ჩემი ცქნაფა შვილი იზამს. მაინც რატომ არ შეიძლება ვუთხრა მათ სიმართლე? შემიძულონ, თუნდაც სახლიდან გამაგდონ, თუნდაც მომკლან და თვალები დამთხარონ! ჩემს თავთან ხომ გულწრფელი და ალალი ვიქნები. მე ხომ შემეძლება ვთქვა, რომ ეს ნამდვილად მოხდა, მაგრამ ჩემი ბრალი ნამდვილად არ იყო... ჩემი სურვილი არ იყო ოჯახის მიტოვება. -არ დაგიჯერებენ. - შეცბუნებისგან შეხტა, როცა მხარზე ხელის შეხება იგრძნო. მამამისი იყო. -დავაჯერებ. - მტკიცედ გადაეწყვიტა. -შენი რეაქცია გაიხსენე, როცა მე სიმართლე გითხარი. - დანანებით და გულისწყვეტით მიუტრიალდა, ამასობაში კი სანამ საკუთარი შვილი უპასუხებდა საკვებს დაუწყო ძებნა. რასტის ყველაფერი დაუტრიალდა გონებაში. - შენი მოკვლა ვცადე. - თითქოსდა აღიარებით ჩვენებას აწერდა ხელს ისეთი სიფრთხილით ამოილაპარაკა. -ხო, ჩემი მოკვლა სცადე. ახლა კი გამოიცანი რა რეაქცია ექნებათ შენ შვილებს, ამას რომ გაიგებენ. კაირაც შესაძლოა სხვა რამეს ფიქრობს, მაგრამ შენ, როგორც ახლადგაცნობილს, ვიღაც ტიპს, რომელსაც ორი ტყვია გაქვს მიღებული და თან გახლავს ასევე ჭრილობების მქონე მამაკაცი, ნამდვილად არ გამიკვირდებოდა, რომ ამ კითხვაზე გულწრფელი პასუხი არ მოეცა შენთვის. განსაკუთრებით კი დონი რა დღეში ჩაგაგდებს. ხო მართლა, ეს ვისი ტანსაცმელია? -დონის. -ოჰო, მაშ უკვე შარში ყოფილხარ. - თვალი ჩაუკრა, მისი კეფა ხელებში მოიქცია, თავისკენ მოაწევინა შვილს თავი და შუბლზე მამის მზრუნველობით აკოცა. -დიდი ხანია მამიკოს სითბო არ მიგრძვნია. - რასტიმაც თვალი ჩაუკრა ალმაცერად მოღიმარს და გვერდზე გასწია. - შესაძლოა მართალიც იყო. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს უფრო გაამწვავებს სიტუაციას, თან ბოლომდე ვერ დავმალავ სიმართლეს. ალბათ ჯერ მხოლოდ კაირას უნდა ვუთხრა. -წარმატებებს გისურვებ. - მაცივარში ისე დაიწყო ქექვა, თითქოს მისი სახლი ყოფილიყოს, ცალი ყურით კი შვილს უსმენდა. - თუმცა კარგად დაფიქრდი. მე მქონდა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ მივდიოდი შენს უფროს მესთან, მიუხედავად იმისა, რომ ნაპოვნი მყავდი. სარკეში არ ჩაგიხედავს ვგონებ ხომ? -რას გულისხმობ? -ვინ დაგიჯერებს აქ რასტი, ბოდიში ელიოს, აქ საშიშია ჩვენი ნამდვილი სახელის გაჟღერებაც კი, ვინ დაგიჯერებს როცა მათ ეტყვი, რომ იმ საბედისწერო დღეს მეტროში ჩაჯექი, შენს საყვარელ ოჯახზე ფიქრით ირთობდი თავს და ერთი სული გქონდა უკვე, როდის ნახავდი მათ საღამოს და უეცრად თვალი რომ გაახილე ოცდახუთი წლის შემდეგ ამოყავი თავი. ვინ დაგიჯერებს, ვინ? გარდა ამისა სარკეში ჩაიხედე და კარგად დააკვირდი შენს თავს. -წეღანაც ჩავიხედე სააბაზანოში, რა ხდება არ მეტყვი? -შენ შეიძლება საერთოდ არ შეცვლილხარ, მაგრამ დროში მოგზაურობა ადამიანს მეტ-ნაკლებად ცვლის. არ შეცვლილხარ მხოლოდ შენი თავისთვის, სარკეშიც კი ვერ აღიქვამ განსხვავებას თურმე, თუმცა დროთა განმავლობაში შენ ნახავ როგორ შეიცვალე და როგორ გხედავენ სხვები. მე გამონაკლისი ვარ და ვფიქრობ ხვდები რატომაც. - ძებნა წარმატებით დაასრულა რასტი უფროსმა. - ოიჰ, კოტლეტები ყოფილა, შენი საყვარელი სასუსნავები, შევწვათ? -არ მინდა ეს კოტლეტი, გაიგეთ, არა! - დადუმდა და მის ნათქვამზე დაფიქრდა. - არაფერი არ მინდა. მხოლოდ სიკვდილი, ასე ნამდვილად ასრულდება მათი სურვილი. -დროის მექანიზმს ჯერ ვერვინ გაუგო, დღევანდელ დროშიც კი მისტიურ ფენომენად ითვლება და ჩვენ რას გავუგებთ. - ხელი ჩაიქნია და მაცივრიდან სასუსნავი გამოიღო, რომ შესაწვავად მოემზადებინა. კაირამაც გაიღვიძა და სამზარეულოში გამოვიდა. სტუმარს რომ შეხედა მისი შვილის ტანსაცმელში საოცრად მიამგვანა და უყოყმანოდ გადაეხვია, ისე თითქოს მას ეხუტებოდეს. რასტიმ იგრძნო როგორ გაუხურდა მთელი სხეული, როგორ აეწვა გული და გახეთქვის მოლოდინში, ნათქვამი საგრძნობლად ხმამაღლა გამოუვიდა: - აღარ მინდა სიკვდილი. -ჰა? - მაშინვე უკან გახტა ქალი და დარცხვენილმა თავი ჩაღუნა. - დონი მეგონე. როგორ გავხარ! -შერასაც ის ვეგონე. გულწრფელად ბოდიშს გიხდით, არ მინდოდა ასე გამოსულიყო, ჩემი ტანსაცმელი სისხლით იყო სულ დასვრილი და ამიტომ ვითხოვე, მხოლოდ ამიტომ გპირდებით დღესვე დავაბრუნებ. -არა, გეცვას. თან ძალიან გიხდება. - საგრძნობლად გაწითლდა კაირა. - ცოტა ხანში გაგირეცხავ ტანსაცმელს და რომ გაშრება მერე აქვე დაგიდებ. - ხელით ტახტზე მიანიშნა და სიტყვები არ ჰყოფნიდა მისი საქციელი აეხსნა, ან უბრალოდ კიდევ რამე ეთქვა. -ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ შეგვიფარეთ ქალბატონო კაირა... -გთხოვ, ქალბატონოს გარეშე, თორემ თავი ძალზედ დაჩაჩანაკებული მგონია. -რას ამბობთ! თქვენ ყველაზე ლამაზი ქალი ხართ, ვინც ოდესმე შემხვედრია. - სიტყვების დროულად შეჩერება არ გამოუვიდა, სათქმელი პირიდან მისდაუნებურად ამოვიდა და მასვე ძალიან ესიამოვნა სიმართლის თქმით რომ დაიწყო დილა. -იცით, ჩემი მეუღლეც ასე მეუბნებოდა ხოლმე. კაირა, ყველაზე ლამაზი ქალი ხარ, ვინც ოდესმე მინახავს და შემხვედრია, შენ ხარ ჩემი თვალის სინათლეო. - სარი გაისწორა და სამზარეულოში მოფუსფუსე რასტი უფროსთან მივიდა. - აბა უფროსო, რას იქმთ? -კოტლეტს ისურვებთ? -რა თქმა უნდა. - თავი გვერდზე გადაიგდო და თვალები კვლავ რასტისკენ გააპარა, რომელიც უალერსოდ დატოვებულ მამრ ხარს ჰგავდა, გაშტერებული თვალებით და უმოძრაო მდგომარეობაში, როგორც ქანდაკება. რასტი უყურებდა როგორ საუზმობდნენ მამამისი და მისი რძალი, როგორ ტკბილად შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში და გულში ლახვარშესობილი, მარტო იჯდა სავარძელზე, მარტო ივანებდა საკუთარ ფიქრებში და მარტო გრძნობდა სივრცის უმოქმედობას, დროის განუზომლობას და უბედურ მის ყოფას, რაც თავს დასტეხოდა. იხსენებდა უკვე მერამდენედ თავის ბავშვობას, იმ პერიოდს როცა მამა აღარ ჰყავდა. როგორი სიძულვილის გრძნობით იყო სავსე, როგორ აღიზიანებდა ყოველივე მის ირგვლივ მხტომარე, როგორ აგიჟებდა ის ფაქტიც, რომ სხვებს მოსიყვარულე მამები ჰყავდათ, არასდროს რომ არ დატოვებდნენ შვილებს, საკუთარი ამხანაგებისგან მამაზე საუბრებსაც გაურბოდა და ყოველ ჩქამში მარტო ყოფნის სურვილით სულდგმულობდა. სურვილით, რომ ერთ დღეს სადაც არ უნდა ენახა იგი შური ეძია, და იქამდე ეტანჯა, სანამ არ მიხვდებოდა რა გაუკეთა მას. თვალს არ აშორებდა მათ მოძრაობებს, მიხვრა-მოხვრებს და სიგიჟის კვალს დადევნებული ვერ ივიწყებდა წინარე საუბარს მამასთან. მართლაც, რა მოხდებოდა რომ გაეგოთ სიმართლე? დონის ზიზღის შეგრძნება რით უნდა გაექარწ....ბინა? როგორ უნდა მოესპო მის გულში დამალული ბობოქრობა, რომელიც საკუთარში ვერ მოსპო, ვერ გააცამტვერა და მამის მბრწყინავ თვალებს კვლავ სიმძაფრით უცქერდა. შერამ დედის თხოვნით სიამოვნებით გარეცხა რასტის ტანსაცმელი და გარეთ მზის ცხელ გულზე დაკიდა გასაშრობად. ყოველი მისი მზერა ცხელ აღტყინებულ ისრებს ჰგავდა, პირდაპირ გულისთვის გამზადებულს, რასაც თვალს ძლივს არიდებდა. სიტყვები მისთვის მჩქეფარე ვულკანივით იფრქვეოდა, მოძრაობები კი მის მამობრივ სულისკვეთებას ნულამდე იყვანდა. ცდილობდა ხმა ნაკლებად ამოეღო, საღამომდე მარტო მჯდომმა გასტანა, მაგრამ ესმოდა როგორ საუბრობდა რასტი უფროსი კაირასთან და გული შურისძიების წყურვილით ხელახლა ევსებოდა. დრომ ნელა გასტანა, საღამოს დონიც დაბრუნდა შინ და დაინახა მის ტანსაცმელში გამოწყობილი უცნობი, არაფერი თქვა, მაგრამ სასწრაფოდ შევიდა თავის ოთახში, იარაღი გამოიტანა და მამაკაცის თვალებს გაუსწორა. -გაიხადე. - ზიზღით უკვდავყოფდა მზერას. -დონი, - შეშინებული კაირა მისკენ გაიჭრა და ხელით სცადა იარაღის წართმევა. - დონი, ეს არ გააკეთო. -გაიხადე! - მბრძანებლურად შეიცვალა მისი ზიზღიანი მუდარა. -ღმერთო ჩემო... - შერას ძმის დანახვაზე სიცილის ტალღამ გადაუარა. - ელიოს, ხომ გითხარი მოგკლავს-მეთქი. - სიცილს ვერ იკავებდა. - ამ პლასტმასის სათამაშო იარაღით. -გეყოფა შერა! - მართლაც დააკვირდა რასტი იარაღს, რომელიც ნამდვილს ერთი-ერთზე ჰგავდა, თუმცა მასალა რკინა არ იყო. ამის თქმა იყო და დონიმ მაშინვე მაჯა გადაუტრიალა, ხელი მაგრად წაავლო და ოთახში გაიყვანა. - გესმის? გაიხადე! -შვილო, ჩვენ მივეცით ეს ტანსაცმელი, რადგან სისხლით დასვრილ ტანსაცმლით ვერ დავსვით სასაუზმოდ. რა გემართება? - შეშფოთებულმა კაირამ უკვე დაჟინებული სასოწარკვეთილი ხმით დაასრულა. კარი შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი დონის, შიგნით ვერ შედიოდნენ, შერაც კი შეშინებული გაჰყვიროდა ძმას გაენთავისუფლებინა, რასტი უფროსი კი მშვიდად იდგა, ხმას არ იღებდა. როგორც არ იღებდა ხმას დონის წინ მდგარი რასტი, რადგანაც თუ სიკვდილი ეწერა, ერჩივნა მისი ხელით მომკვდარიყო. სიგიჟე აღტყინებულად ედებოდა მის მთლიან გარემოცვას და თვალები დახუჭა. უეცრად ჩუმად ჩაიხითხითა დონიმ. რასტის მიუახლოვდა და ხელი დაადო. რასტი გაოგნებული უყურებდა. -არ აპირებ ჩემს მოკვლას? - ჩაეკითხა. -არა, რა თქმა უნდა. - გაეცინა დონის. - ეს ტანსაცმელი ისედაც არ მიყვარდა, შეგიძლია დაიტოვო. გიხდება კიდეც. - ღიმილი ისეთი იშვიათი იყო მის სახეზე, რასტიმ თითქმის პირველად იხილა გულწრფელი ღიმილი, ეს საოცარი ფენომენი. - დედაჩემის და ჩემი დის გაგიჟება მინდოდა. მაპატიე. -არაუშავს, ვის არ მოსვლია. ნუ იფიქრებ ამაზე. - რასტის უნებურად გაეღიმა, ისე რომ ვერც გაიაზრა თუ იღიმოდა. - თუმცა გთხოვ ერთ რამეს, შენ ოჯახს ასე არასდროს მოექცე. შენ არასდროს იცი რა მოხდება ხვალ, როგორ ბედს გიმზადებს მომავალი და სჯობს, რომ სულ შენთან იყოლიო ისინი, მოეფერო და ტკბილად იცხოვრო მათთან, სანამ ამის შესაძლებლობა გაქვს. -მადლობა მამა. - მხარზე ხელი დაარტყა და კარის გასაღებად გაიწია, როცა რასტიმ ხელი დაუჭირა და მოაბრუნა. -მამა? -ჰო... მამა. -ვაიმე... - ცრემლები წასკდა რასტის და გულაჩუყებულმა მზერა დონის გულს მიაპყრო. -კარგი, ზედმეტს ნუ განიცდი. რაც გამოჩნდი, ცდილობ მამობრივ მზრუნველობას მაზიარო, თუმცა მეგობარო, მინდა გითხრა, რომ განგებამ ის გააკეთა, რაც საჭიროდ ჩათვალა ჩემთვის. აღმოჩნდა, რომ მამა საერთოდ არც მჭირვებია, მაგრამ ვაფასებ შენს ნამოქმედარს, შენს საუბარს. ცრემლები შეიშრო, თუმცა ამ სიტყვების მოსმენისთანავე უფრო მეტად გაიჟღინთა მისი ემოციები და თვალები დაენამა. როცა კარი გააღო კაირამ და შერამ ეს სიკვდილის შიშის ცრემლებად მიიჩნიეს, ზეწარი ზურგზე მოახურეს, ევლებოდნენ და ზრუნავდნენ მასზე, როგორც მათ საყვარელ ადამიანზე, მაგრამ არავინ უწყოდა რა ხდებოდა მის გულს. არავინ უწყოდა როგორ იტანჯებოდა მისი ეული გონება მარტოსული ტრფობით, უპასუხო სიყვარულის ტრფობით და უიმედო მომავლის შიშით. ყველაფერმა ერთმანეთში არევა დაიწყო, რამდენიმე წუთზე მეტს ვერც გასტანა მათ მკლავებში, მათ მზრუნველობის შემყურე, როცა იცოდა, რომ არ იცოდნენ ვისზე ზრუნავდნენ, არ იცოდნენ ვინ იდგა მათ წინ და რატომ უყურებდა ასეთი მზრუნველი და მოსიყვარულე, მაგრამ დატანჯული თვალებით. სხვა ისტორია აუწყეს, სხვა რამ იცოდნენ მასზე და ბევრად დიდი ტანჯვის მიზეზი კი თავად იყვნენ. უბრალოდ, ადგა და სახლიდან გავიდა. ქუჩებს გაუყვა, უყურებდა გამვლელების მოღიმარ სახეებს, თუმც რა აბედნიერებდათ არც კი იცოდა, უცქერდა მათ დატანჯულ და გაუბედურებულ მზერას და სტკიოდა მათი ტკივილი. ფიქრი შეწყვიტა. სიმართლის აკვანს ვერასდროს მიაგნებდა, ვერც ოჯახს დაიბრუნებდა ისეთს, როგორიც სწყუროდა. ვერ შეალამაზებდა მათ ღაწვებს ღიმილის პეწით და ვერ დაუჩოქებდა, ვერ ჩაიკრავდა გულში, ვერ ეტყოდა - მიყვარხარ. მზე ახლა ჩადიოდა. უშველებელი დისკო ნელა მიიზლაზნებოდა დასამალად და ბნელდებოდა. რაღაც მოესმა, თითქოს ვიღაც იძახდა, მაგრამ ყურადღებას აღარაფერს აქცევდა. მისი ამბავი იმდენად დასრულებულიყო, როგორც სიცოცხლე, როგორც მთელი გალაქტიკის ყოფიერება. ერთხანს გაჩერდა. ზეცაში აიხედა და საკუთარ ფიქრებში მას კითხვა დაუსვა: „ღმერთო აქ ხარ? ნამდვილად აქ ხარ? აღარაფრის მწამს.“ ვარსკვლავებს უყურებდა, აკრთობდა მათი სიკაშკაშე, ბინდბუნდში ძლივს გაირჩეოდა ორიონის თანავარსკვლავედი, ბავშვობაში მეზღაპრისგან მოსმენილი ჰქონდა, რომ ცაზე გაკრიალებული, უწვერო კაცის სახის ნაკვთებში ორიონის ნისლეული იმალებოდა, რომელსაც ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამდა. ზოგი მას ადამიანის სახეს აძლევდა, ზოგი კი სხვადასხვა საგნებს, ბავშვობაშივე ნაცნობ ზღაპრულ არსებებს ადარებდა, თუმცა მეცნიერთა აზრების შეჯერების შემდეგ მას ბალერინის კაბა უწოდეს. ამ ფიქრებში მინდორზე გადავიდა, უკაცრიელი ჩანდა ადგილი, სადაც არც სახლები და არც ადამიანები არ მოძრაობდნენ. საკმაოდ ბნელოდა კიდეც, თუმცა გზას დაკვირვებით არც უყურებდა, მხოლოდ ცაში იყურებოდა და ამ თანავარსკვლავედის მიღმა ვიღაცის სახეს აკვირდებოდა, ვიღაცას, ვინც პირდაპირ მას უყურებდა. წამით მოეჩვენა, რომ ის ადგილები, რომლებიც მას თვალებად ჰქონდა წარმოდგენილი გამოძრავდა და გარკვევით დაინახა როგორ ჩაუკრა თვალი ვარსკვლავმა ზეციდან. „ნუთუ მომეჩვენა?“ - გადაულაპარაკა საკუთარ თავს. უფრო მეტად დააშტერდა. რომ შესძლებოდა და ჭოგრიტიც ჰქონოდა, უფრო ახლოდან შეხედავდა ვარსკვლავებს, ან აფრინდებოდა და ხელით შეეხებოდა მათ. ცალი ფეხი სიცარიელეზე დააბიჯა და იგრძნო, რომ ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ვერ დაიჯერა, ნუთუ უნდა გავფრინდეო, მაგრამ როცა ძირს დაიხედა და მის წინ უფსკრული დაინახა ძლივს შეიმაგრა თავი, ცალი ფეხით კი უკვე ჰაერში გაკავებული დაუცურდა და შეტორტმანდა. მიწა ფეხ ქვეშ გამოეცალა და ჩავარდა. მოასწრო და ხელით მყარ ნიადაგს მოეჭიდა, ძლივს ამოითრია სხეული და მის მახლობლად შეუდრეკელად დაჯდა. ორიონის სარტყელს მიაშტერდა და გული საგულეში აღარ ეტეოდა ისე ძლიერ უფეთქავდა. ლამის გაგლეჯდა და გაცამტვერდებოდა, მისი ტკივილი კი სამუდამო განსასვენებელს ჰპოვებდა, თუმცა არც იცოდა რისთვის უნდა ემზადა, რას უნდა დალოდებოდა ამ წუთისოფელში. მორიგ სასწაულს? უნდა ეცადა მასაც თოთხმეტი წელი, სანამ შვილი თავად არ მიაგნებდა მომავალში გადასროლილი? და ასე როდემდე გაგრძელდებოდა? დაუსრულებლად? რომელ თაობამდე. რომელ საუკუნემდე. წყვდიადი ახლოს იყო, გრძნობდა რასტი და გულში ხიჭვები ესობოდნენ მტკივნეულად. გრძნობდა კიდევ სხვა რამეს, რომ ვერასდროს დაიბრუნებდა ოჯახს და მუდმივად ტკივილში იცხოვრებდა. -რატომ უნდა ვიცხოვრო? რად მინდა ისეთი სიცოცხლე, სადაც ასე მარტო ვიქნები. ჩემი არავის ესმის. მამაჩემსაც კი. თუმცა დღემდე არ ვიცი ნამდვილად მამაჩემია თუ არა, ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა. ჩემთვის საუკუნედ ტოლფასი, კიდევ უფრო საუკუნეებად იზრდება როცა ჩემი საყვარელი ადამიანებისგან გულგრილ გამოხედვას ვიღებ. როცა მათგან ვეღარ ვიღებ სითბოს, ვერც სიყვარულს და მზრუნველობას, როგორც ოჯახის წევრს შეეფერება. ვეზიზღები. ღმერთო, ჩემ შვილს ვეზიზღები... ამაზე დიდი ტკივილი რა უნდა იყოს მშობლისთვის. რატომ გააკეთე ეს? რატომ გამწირე? ბოლოს ღრიალით მიმართა უფალს და სასოწარკვეთილი ფეხზე წამოიჭრა. ხელები გაშალა უსასოობისგან გადაღლილმა და სიცოცხლის დასრულება გადაწყვიტა. - უნდა მორჩეს ჩემი განსაცდელი. უნდა მორჩეს ყველაფერი გესმის? - ხმა ძლივს ამოუდიოდა ყელიდან. -არა! - ასევე ღრიალისმიერი ხმა მისწვდა მის ყურს, თუმცა გვიანი იყო. რასტი ღრმა უძირო უფსკრულში გადაეშვა და სანამ მიწას ბოლომდე მოშორდებოდა ხელის წავლება იგრძნო ზურგში, გაჭირვებული სუნთქვები მიაწვა მის ყელს. მამაკაცის სხეულის ჩახუტების სიმხურვალე იგრძნო. ვიღაც მის გადარჩენას ლამობდა, თუმცა ვერ უშველა და საბოლოოდ მისმა სიმძიმემ გადასწონა. ამჯერად ერთი სხეულის ნაცვლად, ორი სხეული გადაეშვა უფსკრულში და რასტიმ იმ სიბნელეში, ხელის ცეცებითაც კი იცნო, რომ ეს დონი იყო. პ.ს. .... ესეც თქვენ... დასასრულს კიდევ ერთი თავით მიუახლოვდა. ტკბილი სასუსნავი კიდევ წინ გაქვთ. პატივისცემით, თქვენი ერკე მიდასი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.